ემანუელ კანტი, მიშეფ ფუკო და შარლ ბოდლერი განმანათლებლობის შესახებ

ემანუელ კანტი, მიშეფ ფუკო და შარლ ბოდლერი განმანათლებლობის შესახებ

მარიამ ჯგუშია – ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ბაკალავრი 2007-10.  ფილოსოფიის ბაკალავრი 2014-18.  მაგისტრატურა „შუასაუკუნეების კვლევები“ 2019, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

„განმანათლებლობა ეს არის ადამიანის გონების გამოსვლა უმწიფრობის ხანიდან, რომელიც მისივე ბრალია.“ „sapere aude“ – „გაბედე საკუთარი განსჯის გამოყენება“ ეს არის განმანათლებლობის ძირითადი ფრაზა, ძირითადი დევიზი, რასაც კანტი გვთავაზობს.  განმანათლებლობის მოწინააღმდეგე და ხელისშემშლელ ფაქტორებად კანტმა სილაჩრე და სიზარმაცე წარმოადგინა.  ასევე ის აყენებს საკითხს მთელი ცხოვრება უმწიფრად დანრჩენის შესაძლებლობაზე,  ეს კი ნიშნავს სხვისი ზედამხედველობის ქვეშ დარჩენას, სხვისი გავლენის ქვეშ დარჩენას. „თუ მაქვს წიგნი, რომელიც განსჯას შემიცვლის, მოძღვარი, რომელიც სინდისის მაგივრობას გამიწევს, ექიმი, რომელიც დიეტას ჩემ მაგიერ განსაზღვრავს, და ა.შ. მაშინ მე ძალისხმევა აღარ მჭირდება.“ (იმანუელ კანტი. „რა არის განმანათლებლობა“).  კანტი ამბობს, რომ უმწიფრობიდან გამოსვლა ძნელია, თუმცა სავალდებულო. ყველა ადამიანი, რომელიც გათავისუფლდება უმწიფრობის უღელისგან, ვალდებულია ნათელი მოჰფინოს და ირგვლივაც გაავრცელოს ის ჭეშმარიტება, რომელსაც ეზიარა. აქ პლატონის გამოქვაბულის მითის პარალელიც შეგვიძლია მოვიყვანოთ, სადაც გამოქვაბულში მყოფი დაბმული ადამიანებიდან ერთი ეზიარება ჭეშმარიტებას, ანუ იხილავს სინათლეს. პლატონი მას ავალდებულებს ეს ჭეშმარიტება სხვებსაც გაუზიაროს.

 

ახლა ვნახოთ, რას ამბობს ფუკო კანტის უმწიფრობიდან გამოსვლაზე, ანუ განმანათლებლობაზე. „განმანათლებლობა, ეს არის ინდივიდუალობის ემანსიპაცია და განვითარება თანამედროვე ესთეტიკაში, რომელიც მიმართულია იზოლაციისა და გაუცხოების გადალახვისკენ.“ (ანიტა სეპა. „ფუკოს განმანათლებლობა და თვითესტეტიკა“).

 

ფუკოს ნაშრომის მიხედვით, სადაც ის კანტის კვალდაკვალ სვამს საკითხს განმანათლებლობის რაობის შესახებ,  საბოლოო ჯამში ის არ უარყობს კანტის ნაშრომს,  მიუხედავად ბევრი უარმყოფელი წინადადებისა თუ შინაარსისა. რაღაც მეთოდებით, თითქოს ფუკო გვთავაზობს ამ ტექსტის თანამედროვე გააზრებას, ანუ ინტერპრეტაციას თანამედროვეობასთან კონტექსტში, რაც  ბოდლერის „დენდიზმთან“ პარალელურად არის განხილული და თავად ფუკოს „თვითესთეტიკასთან“. ახლა ვნახოთ, თუ როგორ, რა მეთოდებით და  როგორი ლოგიკური ბმით უკავშირდება კანტის განმანათლებლობა, ფუკოს თვითესთეტიკა და  ბოდლერის „დენდი“ და თანამედროვეობა ერთმანეთს.

 

ანიტა სეპას ანალიზში ვკითხულობთ: „ფუკოს ბოლოდროინდელ ნაშრომებში  განმანათლებლობაზე თეორიიდან ფუკო იტოვებს სუბიექტის რაციონალური ავტონომიის იდეას და ათავსებს ესთეტიკის შესახებ საკუთარი თეორიის ცენტრში.“ შეიძლება მარტივად ვთქვათ, რომ ფუკოსა და კანტს საერთო სწორედ ადამიანის გონების, ანუ რაციოს თავისუფლების პრინციპი  აქვს.  რაციოს თვითგათავისუფლების პროცესი, რაც უკავშირდება კრიტიკას, ფუკოს მტკიცებით კი, – „განმანათლებლობა არის კრიტიკის ერა“.

 

კანტის მიხედვით, ინდივიდი უნდა გათავისუფლდეს „უმწიფრობისგან“, რაც მისივე ბრალია. ეს გათავისუფლება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნიშნავს სხვისი ზეგავლენიდან გათავისუფლებას, ანუ საკუთარ გონებაზე მუშაობას, საკუთარი და განსხავებული, დამოუკიდებელი, შეხედულებების ჩამოყალიბებას, თვითკრიტიკულობას და მუდამ კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას საკუთარი კომფორტული მდგომარეობისა, როგორც საშიშროებას უმწიფრობის ხანაში კვლავ  შესვლისა, როდესაც სიზარმაცე გიპყრობს და ვერც ამჩნევ როგორ მორჩილებ სხვას, ან ექცევი ზეგავლენის ქვეშ.  ფუკოს თვითესთეტიკის ცნებაც დაახლოებით ამას გულისხმობს და ეს მოსაზრება ამ მხრივ უკავშირდება კანტის გონების გათავისუფლებას „way out“. ფუკოსთვის, განსჯის მრავალფეროვნება აუცილებელია ინდივიდის ავტონომიის ფორმირებაში. ეს  გულისხმობს ინდივიდის აბსოლუტურ დამოუკიდებლობას, ყველანაირი გავლენისგან გათავისუფლებას, ხოლო ბოდლერის „თანამედროვეობასთან“ მიმართებაში თუკი განვიხილავთ ფუკოს „თვითესთეტიკასა“ და კანტის „გამოსვლას“  ბოდლერთან შევხვდებით „დენდიზმის“ მაგალითს, სადაც ახალგაზრდა დენდი საკუთარი თავისგან ხელოვნების ნიმუშის შექმნას ცდილობს და ის ამ გზით თავისუფლდება ნებისმიერი სხვა რამის გავლენისაგან.

 

რას ნიშნავს დენდიზმი?  „ბოდლერისეული გაგებით იყო თანამედროვე, ნიშნავს არ მიიღო საკუთარი თავი, როგორც ერთ-ერთი წარმავალი. იყო თანამედროვე, ნიშნავს კონკრეტულ ესთეტურობასა და აქტიურ ფორმირებას საკუთარი თავისა.“ (ანიტა სეპა „ფუკოს განმანათლებლობა და თვითესთეტიკა“) აქედან გამომდინარე, ბოდლერისეული დენდიზმი ნიშნავს საკუთარი თავის მიღებას, როგორც ერთგვარად რთული ავტონომიური, კომპლექსური სუბიექტისა. თავად ბოდლერის თანამედროვეობა საკმაოდ რთულად აქვს განსაზღვრული ანიტა სეპას. ის ახსენებს ბოდლერისეულ აწმყოს, როგორც  აწმყოს აწმყოში. რაც გულისხმობს აწმყოს თავისი სრულიად უეცარი თვისებებით, რომელსაც ბედად უწერია მომავალში იქცეს სიძველედ, რომელიც თავის თავში შეიცავს მარადისობის ელემენტებს. ბოდლერისეული ანალიზი თანამედროვეობისა შეიცავს ელემენტებს, რომლებიც შეგვიძლია მივუსადაგოთ   თანამედროვეობის სხვა და სხვა ისტორიულ ფაზებს.

 

ფუკო ბოდლერთან ორ  მნიშვნელოვან თემას პოულობს, თვითესთეტიკისა და განმანათლებლობის გააზრების მხრივ, რომელშიც არსებობს უწყვეტი აწმყო (მნიშვნელოვანია მხოლოდ აწმყო და არა წარსული ან მომავალი).  ეს თემები შემდეგნაირად დავახასიათოთ: პირველი, ეს არის დროის წყვეტადობის პროცესი ბოდლერისეული გაგებით,  სადაც ის გულისხმობს გარკვეულ წყვეტას ტრადიციებისაგან და სიახლის შეგრძნებას, მეორე – „თვითხელოვნება“ რომელიც ისევ და ისევ უკავშირდება ფუკოს თვითესთეტიკას.

 

ვნახოთ, როგორ ახასიათებს ბოდლერი დენდის – „დენდი ანუ თანამედროვე არტისტი, არის ნაწილობრივ შეთხზული და ნაწილობრივ  ნამდვილი.  ეს არის ინდივიდი, რომელიც ცდილობს გაითავისოს თანამედროვე მშვენიერების იდეა, დაიკმაყოფილოს ვნებები, იგრძნოს და იფიქროს. [..] ბოდლერისათვის დენდიზმი არის სპეციფიურად თანამედროვე მიდგომის მაგალითი. ადამიანი თავის სხეულს, ქცევას, ვნებებს, ემოციას და არსებობას აქცევს ხელოვნების ნიმუშად.“  (ანიტა სეპა „ფუკოს განმანათლებლობა და  თვითესთეტიკა“).

 

ამ ყოველივეს საერთო კანტის „უმწიფრობიდან გამოსვლაშიც“ შეგვიძლია მოვუძებნოთ. ვფიქრობ,  ბოდლერის თანამედროვე არტისტი და უმწიფრობის უღელგადაგდებული ადამიანი ერთმანეთს გვანან, იმდენად რამდენადაც, ბოდლერის „დენდი“ არის ადამიანი, რომელიც ცდილობს თავიდან შექმნას საკუთარი თავი, გამოიგონოს რაღაც ახალი, გათავისუფლდეს და გამოვიდეს თანამედროვე დროის, სოციუმის, ისტორიის ლიმიტებიდან და შექმნას სრულიად ახალი ადამიანი.  „დენდი“ არის საუკეთესო მაგალითი  საზოგადოების და ოფიციალური კულტურისგან ადამიანის განცალკევების, ეგზისტენციალური გზის.  „დენდი“ არის მეამბოხე,  ის ცდილობს გააცნობიეროს ის შეზღუდვები, რომელსაც საზოგადოება უწესებს მას და გაემიჯნოს ამ ყოველივეს. შესაბამისად, კანტის „უმწიფრობიდან გამოსვლაც“ დაახლოებით იმავეს მიგვანიშნებს. ეს არის ადამიანის გათავისუფლება სხვათა გავლენისგან იქნება ეს კულტურული, სოციალური თუ ისტორიული გავლენა. 

 

დავუბრუნდეთ ფუკოს და დროის ლიმიტებს, ისტორიულ კონტექსტს, რომელსაც ფუკო ერთ-ერთ მთავარ საკითხად აყენებს. ფუკოსთვის „განმანათლებლობის“ ფილოსოფიის მთავარი საკითხი არ არის განსჯა, არამედ ეს არის მცდელობა მოვახდინოთ რეაგირება ჩვენს ისტორიულ რეალობაზე და რაც მთავარია კრიტიკულად და კრეატიულად. ფუკო მოითხოვს საკუთარ თავზე მუდმივ მუშაობას, რაც განისაზღვრება ჩვენი კრიტიკული პასუხით დროზე და გარემოცვაზე. აწმყოს ონტოლოგიის ფუკოსეული ორი ურთიერთგანსხვავებული და თან დაკავშირებული საკითხი სწორედ ეს გახლავთ, პირველი მუშაობა საკუთარ თავზე, (რაც შეგვიძლია კანტთანაც დავაკავშიროთ როგორც „უმწიფრობიდან გამოსვლის“ მცდელობა), და მეორე  – კრიტიკა.  ფუკოსთვის აწმყოს ონტოლოგის სამი ღერძი არსებობს: ცოდნა, ეთიკა, და ძალაუფლება. ეს სამი კომპონენტი დაგვეხმარება ვუპასუხოთ კითხვებს:  – „ვინ ვართ ჩვენ?“ და „რა არის ჩვენი ერა?“

 

აქ შემოდის ძირითადი საკითხი – ფუკოს დამოკიდებულება დროსთან, როგორც ისტორიასთან, ვინაიდან აწმყო  იმ წამიდან რა წამიდანაც ეს სიტყვა ვახსენეთ – უკვე წარსულია. დრო ქმნის ისტორიას, ადამიანი კი  ყოველთვის ექცევა ისტორიის ჭრილში და მისი ერთგავრი ნაწილი ხდება.  „რა არის დღეს?“  „ის რაც არის როგორ და რატომ  შეიძლება აღარ იყოს, ის რაც არისს?“ ფუკო  მოითხოვს, რომ ყველა კრიტიკა და აზროვნება აანალიზებდეს თავისუფლებას, როგორც მტკიცეს და ამავდროულად, დროში შეზღუდულს, რაც იგივე ტრანსფორმაციის ადგილია ფუკოსთვის.

 

„ეს სამუშაო ასევე შეგვიძლია აღვწეროთ, როგორც ძალაუფლების მეტაფიზიკა, იმდენად რამდენადაც ის წარმოგვიდგენს მცდელობას,  ნათელვყოთ რაციონალობის  რომელი ფორმები  იღებს მონაწილეობას დომინაციის პროცესში და როგორ გამოიყენება ცოდნა, როგორც ძალაუფლების ერთ-ერთი ხერხი. ფუკოს მიხედვით სწორედ ესეთი ანალიზი მიმდინარეობს ინდივიდში.“ (ანიტა სეპა „ფუკოს განმანათლებლობა და თვითესთეტიკა“).

 

ფუკოსთვის, ინდივიდი რომელიც აცნობიერებს საკუთარ თავისუფლებას, შედგება  შემდეგი კომპონენტებისგან: პირველ რიგში უნდა ჰქონდეს სურვილი თვალი გაუსწოროს იმ ფაქტს, რომ ინდივიდუალური სუბიექტის მოქმედება არ ეფუძვნება უნივერსალურ და არაისტორიულ თეორიებს, იმაზე მეტად ვიდრე საზოგადოების. ფუკო მოითხოვს აქტიურ მოძრაობას ინდივიდის მხრიდან.  ახლა შევადაროთ ეს მოცემულობა კანტს, – კანტისთვის განმანათლებლობა და ავტონომია ნიშნავს  განსჯის სწორად გამოყენებას, რომელიც განსაზღვრავს იმ მომენტს, როდესაც ადამიანთა მოდგმა ამას გამოიყენებს ავტორიტეტებთან დაუმორჩილებლად.

 

ფუკოსეული „ავტონომიის“ მიზანია ადამიანმა უარი განაცხადოს დაემორჩილოს ინდივიდუალიზაციის მმართველობას და მუდმივად დასვას კითხვა საკუთარ თავთან ურთიერთობაში, მიმართებაში. ის რაც ბუნებრივად ეჩვენება საკუთარ იდენტობაში, იქნებ საჭიროების თანამედროვე ლიმიტებშია მოქცეული.   ფუკოს მუდმივად  საკუთარ თავთან კითხვების დასმისა და ძიების პროცესი  ვფიქრობ დიდი პარალელია კანტის  „განმანათლებლობის“ ერთგვარი პროცესისა. შესაძლოა, უმწიფრობიდან გამოსვლა სწორედ ფუკოსეული კითხვიდან იღებს სათავეს, წინააღმდეგ შემთხევვაში, ვგულისხმობ, შეკითხვის,  დაეჭვების გარეშე ადამიანი შეუძლებელია გამოვიდეს კომფორტის ზონიდან, რასაც კანტი სილაჩრედ და სიზარმაცედ მოიხსენიებს.

 

ფუკო და ბოდლერი თავიანთ თეორიებში, ვფიქრობ, ერთგვარ პლატფორმას ამზადებენ „უმწიფრობიდან გამოსვლისთვის“, ვინაიდან „განმანათლებლობას“ სჭირდება ერთგვარი შესავალი იმისთვის, რომ ადამიანმა იგრძნოს  სიზარმაცე და სილაჩრე და დაიწყოს აქედან გაცნობიერებული გამოსვლა,  იგივე „way out“.

 

ფუკოსთვის სუბიექტი ავტონომიურია იმდენად, რამდენადაც, მას აქვს  განსჯისა და კრიტიკულად აზროვნების უნარი, თუმცა ყოველივე ამას არ აქვს ისტორიული ღირებულება, რადგან ის ყოველთვის კონტექსტუალურია და ისტორიულად განპირობებული.

 

რომ შევაჯამოთ,  ფუკოს, კანტსა და ბოდლერს საერთო თავისუფლების ერთგვარი გაგება აქვთ. შეგვიძლია, ამ თავისუფლებას აზროვნებაც ვუწოდოთ, რადგან, რაღაც კუთხით აზროვნებას სწორედ გათავისუფლებული ადამიანი იწყებს. ძირითადი განსხვავება კანტსა და ფუკოსთან არის ის, რომ,  ფუკოს მიხედვით, ეს აზროვნების თავისუფლება  დროისა და სიტუაციის ლიმიტებით არის შეზღუდული. თავად კანტი, მის ამ მცირე ზომის ნაშრომში მეტ ყურადღებას უთმობს თავად ამ განმანათლებლობის იდეას და უმწიფრობიდან გამოსვლას. კანტის „პასუხი კითხვაზე თუ რა არის განმანათლებლობა“ ყურადღება გამახვილებულია საკუთარი სისუსტის დაძლევაზე, სისუსტე კი – კომფორმიზმია. შეეგუო იმ ყოფას რა ყოფაც რეალურად სხვებმა შეგიქმნეს, იგივე სოციუმმა სადაც ცხოვრობ, მღვდელმა რელიგია მოგაწოდა, მწერალმა წიგნი წაგაკითხა, ექიმმა – დანიშნულება. კანტი ამ ყველაფერში ეძებს თავად პიროვნების ადგილს. ადამიანი სწორედ მაშინ გამოდის უმწიფრობიდან, როდესაც ის საკუთარ არჩევანს პირველად აკეთებს და ეს არჩევანი არის განსხვავებული, განსხვავებული სხვათა შეხედულებებისაგან. ემანუელ კანტი ავალდებულებს ადამიანს, რომ  მან გადააგდოს უმწიფრობის უღელი. ფუკო ძირითად აქცენტს ისტორიასა და გარემოცვაზე აკეთებს, მისი აზრით, ადამიანის ცნობიერება ისტორიის, კულტურისა და გარემოცვის შედეგია. თუმცაღა ის ეთანხმება კანტს და მის თეორიას განავრცობს თავის ნაშრომში „რა არის განმანათლებლობა“, რომ ადამიანი მუდმივად უნდა ცდილობდეს კითხვების დასმას, მუდმივად უნდა იყოს ძიების პროცესში. ფუკოსთვის გაჩერება იმ რეალობის მიღებაა რაშიც ცხოვრობ. ფუკოს „WAY OUT“-ი მოძრაობაა, დინამიკა და არა სტატიკა. 

 

 

 

       

 

 

 

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

       1) ემანუელ კანტი „პასუხი კითხვაზე თუ რა არის განმანათლებლობა“. 

        2) მიშელ ფუკო „რა არის განმანათლებლობა“. 

        3) ანიტა სეპა „ფუკოს განმანათლებლობა და თვითესთეტიკა“. 


კომენტარები