მთარგმნელის წინასიტყვაობა წიგნიდან – ბჰაგავად გიტა.
ინდოეთი არა მხოლოდ ქვეყნის სახელწოდებაა, არამედ დედამიწის ერთ-ერთი უძველესი და მრავალფეროვანი ცივილიზაციის სახელი.
თანამედროვე ინდოეთში თოთხმეტამდე მარტო ლიტერატურული ენა და ამდენივე თვითმყოფადი, მრავალფეროვანი და უხვმწვერვალიანი ლიტერატურაა. აქ უძველესი დროიდან არსებობს ექვსი მხოლოდ ორთოდოქსული რელიგიურ-ფილოსოფიური სისტემა; და მაინც გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ „ბჰაგავად გიტა“ ინდური პოეზიის, ფილოსოფიისა და რელიგიური აზრის (ეს ცნებები კი ინდოეთში არასოდეს ყოფილა ერთმანეთისგან გამიჯნული) ერთ-ერთი უდიდესი ძეგლია; და სწორედ იმიტომ, რომ მასში ჰარმონიულადაა შერწყმული რელიგიური თეორია და პრაქტიკა, ფილოსოფია და პოეზია, „გიტას“ პოეტური თარგმანის გაკეთება თარგმანის ხელოვნებაში მიუღწეველ ამოცანადაა მიჩნეული. ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სანსკრიტოლოგი და „გიტას“ მთარგმნელი, აკადემიკოსი ბორის სმირნოვი აღნიშნავს, რომ „პრაქტიკამ უარყო „გიტას“ მეტრული საზომით თარგმნის ცდა“, რადგან „მეტრულ საზომში მოქცეულმა „გიტას“ ტექსტმა არ შეიძლება შინაარსობრივი სახეცვლილება არ განიცადოს, რაც დაუშვებელია ისეთი ხასიათის ნაწარმოებისთვის, რომლის თითოეული სიტყვა მნიშვნელოვანი აზრის მატარებელია და მისი უმცირესი ნიუანსის გადმოსაცემად არის დამუშავებული“. პოეტური თარგმანის უარყოფით მხარედ სმირნოვი ზეაღმატებულ, პათეტიკურ ტონსაც მიიჩნევს, რაც „გიტასთვის“ სრულიად შეუფერებელია და რასაც, მისი აზრით, შეუძლებელია მთარგმნელი გაექცეს, თუმცა იქვე მიუთითებს, რომ „გიტას“ უკვე არსებული თარგმანების ნაკლი ის არის, რომ „მათი უმეტესობა მეცნიერულ-ფილოლოგიური ხასიათისაა“. ჯავაჰარლალ ნერუ1 შენიშნავს, რომ „ამ თარგმანებს ორიგინალის პოეტური და ენობრივი ბრწყინვალება აკლიათ და ამიტომ სანსკრიტული2 ტექსტის ღირსებას და ძალმოსილებას სრულად ვერ გადმოსცემენ“. რადჰაკრიშნანის3 აზრით, „თარგმანს ის გარემოება აძნელებს, რომ „გიტა“, ისევე, როგორც „უპანიშადები“4, სახელგანთქმულ ლიტერატურულ ძეგლსაც წარმოადგენს და დიდი ფილოსოფიური სისტემის გამოხატვის საშუალებასაც“. სმირნოვი ძალზე ზუსტად ხსნის „გიტას“ თარგმნის სირთულეს: „როგორც შეუძლებელია პლატონის დიალოგების ბწკარედის ენით თარგმნა, იმის მაგივრად, რომ ამ ნაწარმოების მხატვრული ფორმა შესაბამისად გადმოიცეს; როგორც შეუძლებელია ბერძნული ტრაგედიების პოეტური ფორმის გადმოცემისას დავიწყებული იქნეს მათი ღრმა ფილოსოფიური შინაარსი, ასევე „გიტას“ თარგმნისას შეუძლებელია მისი არსის რომელიმე მხარეს მიეცეს უპირატესობა. რადგან „გიტას“ მხატვრული მხარე ისეთივე არსებითია, როგორც ფილოსოფიური. მისი მთარგმნელის ამოცანა შეიძლება „ღვთაებრივი კომედიის“ მთარმგმნელის ამოცანას შევადაროთ. ორივე შემთხვევაში მთარმგმნელს მკაცრად მოეთხოვება დედანში გამოვლენილ ფილოსოფიურ და მხატვრულ შინაარსს შორის წონასწორობის შენარჩუნება“. ისევ სმირნოვს რომ დავესესხოთ, გიტას მთარგმნელს თანაბრად მოეთხოვება როგორც მეცნიერულობა, ისე მხატვრული თარგმანი.
ამ სირთულის დაძლევა სმირნოვმა, ისევე, როგორც „გიტას~ ბევრმა სხვა მთარგმნელმა5, მისი თავისუფალი ლექსით თარგმნით სცადა, რასაც, რა თქმა უნდა, თავისი გამართლება მოეძებნება6, მაგრამ თავისუფალი ლექსი, მიუხედავად იმისა, რომ პროზაულ თარგმანზე უფრო პოეტურად ჟღერს, მეტრული საზომის ლექსს მაინც ვერ ცვლის, რადგან მოკლებულია მის მუსიკალურობას, რის გამოც მკითხველზე ზემოქმედების ძალას კარგავს. შემთხვევითი არ არის, რომ „ბჰაგავად გიტა“ სწორედ კლასიკური და არა თავისუფალი ლექსის ფორმითაა დაწერილი, ყოველი ლიტერატურული თარგმანი კი, რაც არ უნდა ვთქვათ, ორიგინალის მხატვრულ სიმაღლეს უნდა უახლოვდებოდეს. როგორც რუსი მთარგმნელი, ფიოდოროვი მახვილგონივრულად შენიშნავს, „პროზად ნათარგმნი ლექსი ოპერის ან პიესის სცენაზე დეკორაციისა და თეატრალური კოსტუმების გარეშე დადგმას ჰგავს“. „რომც დავუშვათ, რომ სიტყვების მნიშვნელობას და მათი სქოლასტიკური ძალის ხარისხს ზუსტად გადმოსცემს“, სავსებით სამართლიანად აღნიშნავს ის, „პროზაული თარგმანი მაინც გარდაუვალად არღვევს ლექსისთვის ჩვეულ აზრობრივ პროპორციებს, ისე, რომ სიტყვების შინაარსი რომც შენარჩუნდეს, მათი მნიშვნელობა და როლი მაინც იცვლება. რიტმული თარგმანის მომხრეები იმასაც მიუთითებენ, რომ ლექსი პროზისგან არა მხოლოდ რიტმული ფორმით განსხვავდება, არამედ თავისებური აზრობრივი ტონით, პოეტური სახიერების ხერხებით, მეტაფორის გამოყენებით და თავისებური ენობრივი ხასიათითაც.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, „ბჰაგავად გიტას“ პოეტურად თარგმნა მეცადა. ამასთან ერთად ჩემი მიზანი იყო მაქსიმალურად ზუსტად გადმომეცა ორიგინალის ყველა აზრობრივი ნიუანსი. ამ მიზნით თარგმანი ბილინგვურ ვერსიებზე დაყრდნობით, სანსკრიტული ტექსტის თითოეული სიტყვის ეტიმოლოგიურ-სემანტიკური და ფილოსოფიური კვლევის საფუძველზე შევასრულე.
„გიტას“ მთარგმნელი მრავალი სირთულის წინაშე დგება. აქ მასში არა მხოლოდ თითოეულ სიტყვას, მათ შორის განლაგებასაც კი დიდი დატვირთვა აქვს. ამას გარდა სანსკრიტისთვის, ამ საგანგებოდ რელიგიურ-მეცნიერული მიზნებისთვის დამუშავებული ენისთვის დამახასიათებელი და ორგანული აზრის გამოხატვის მანერა, წინადადების წყობა და ფილოსოფიური ნიუანსების წარმოჩენის ხერხები სრულიად უცხო და არაბუნებრივია ქართული ენისთვის. ამიტომ სადაც იძულებილი ვიყავი, სიტყვა-სიტყვითი თარგმანიდან ოდნავ მაინც (რა თქმა უნდა, აზრის დაურღვევლად) გადამეხვია, ზუსტი ტექსტი ყველგან მივუთითე სქოლიოში. იქვე არის განმარტებული ყველა სიტყვა, ტერმინი და პასაჟი, რომელმაც შეიძლება რაიმე დაბნეულობა გამოიწვიოს.
ორიგინალში უხვადაა ქართული ენისთვის უცხო ჟღერადობის სახელები და ეპითეტები, რომლებიც ყველაზე პროზაულ თარგმანებსაც კი ამძიმებს. თუმცა ინდოელები ამბობენ, რომ „გიტაში“ არაფერია შემთხვევითი, მათ შორის არც ეპითეტები. მაგალითად, კრიშნა სწორედ მაშინ უწოდებს არჯუნას „ბჰარატას შთამომავალთაგან უძლიერესს“, როცა მას „სრულყოფილების და სიბრძნის მტრის“ – მისივე მიწიერი სურვილების წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდებს. ამით ის ცდილობს არჯუნაში კშატრიას (მეომრის) პატივმოყვარეობა და გვაროვნული სიამაყე გააღვიძოს და მისივე სულიერი წინსვლის სამსახურში ჩააყენოს. ამიტომ ყველა საკუთარი სახელი თუ ეპითეტი, რომელიც პოეტური ქსოვილის შენარჩუნების მიზნით თარგმანში გამოტოვებულია, მოხსენიებულია სქოლიოში.
შენიშვნები:
1. ჯავაჰარლალ ნერუ – ინდოეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მაჰატმა განდის თანამებრძოლი, ინდოეთის პრემიერ მინისტრი, მრავალი წიგნის ავტორი (აქ და ქვემოთ ყველა შენიშვნა მთარგმნელისაა, ლ. რ.).
2. სანსკრიტი – (სამსკრტა – დამუშავებული, სრულქმნილი) ძველი ინდური ენა. სალაპარაკო ენებისგან, პრაკრიტებისგან განსხვავებით სანსკრიტი სწავლულთა ენა იყო და `წმინდა ენად“ ითვლებოდა. მასზე შეიქმნა ინდური რელიგიური ლიტერატურა, ეპიკური პოემები, კლასიკური დრამები, პოლიტიკური, სამხედრო და მრავალი სახის სამეცნიერო ტრაქტატები. სანსკრიტის ალფავიტს დევანაგარი („ღვთაებრივი“) ეწოდება. სანსკრიტზე აისახა არიელთა და მანამდელი ინდური ფილოსოფიური, მეცნიერული და რელიგიური აზრის განვითარება. ჰინდუებმა ამ ენაზე რთული და დიფერენცირებული ტერმინოლოგია შექმნეს: ნატიფი ფიზიოლოგიის, აგრეთვე ფსიქიკური და სულიერი პროცესებისა და ცნობიერების მდგომარეობათა უზუსტესად დამუშავებულ სახელწოდებებს (მაგ.: კარმა, ჩაკრა, მანდალა, იოგა, სამადჰი...) არც ერთ ევროპულ ენაზე ანალოგი არ მოეძებნება.
3. სარვეპალ რადჰაკრიშნანი – ინდოელი ფილოსოფოსი, მრავალი ლიტერატურული და ფილოსოფიური შრომის ავტორი და მსოფლიოს მრავალი უნივერსიტეტის დოქტორი; 1962-67 წლებში ინდოეთის პრეზიდენტი.
4. „უპანიშადები“ – ვედური ეპოქის ფილოსოფიურ-მისტიური ტრაქტატები. იხ. „ვედები“, განმ. 2.45.
5. ასევე თავისუფალ ლექსს მიმართავს ქართულ ენაზე „გიტას“ პირველი მთარგმნელი, თამაზ ჩხენკელი; ქრისტოფერ აიშერვუდისა და სვამი პრაბჰავანენდას თარგმანში თავისუფალ ლექსს პროზაული თარგმანი ენაცვლება, ინგლისურ ენაზე „გიტას“ ერთ-ერთი ყველაზე პოეტური თარგმანის ავტორი, სერ ედვინ არნოლდი კი გარითმული და თავისუფალი ლექსის ნაზავს გვთავაზობს, თუმცა მისი თარგმანი სიზუსტით არ გამოირჩევა.
6. „გიტას“ სტროფი, ანუ შლოკა ორი თექვსმეტმარცვლიანი სტრიქონისგან შედგება, რომლებიც, თავის მხრივ ორ რვამარცვლიან ნახევარსტრიქონადაა დაყოფილი. ყოველი სტრქონი დასრულებულ აზრს იტევს, მეორე სტრიქონი კი პირველში განვითარებულ აზრს აგრძელებს. შლოკაში მარცვალთა ფიქსირებული რაოდენობაა, თუმცა არაა ფიქსირებული მახვილი. რიტმი აქ მარცვალთა ჟღერადობის ხანგრძლივობაზე და რაოდენობაზეა დამოკიდებული, რის ხარჯზეც იქმნება მუსიკალური ტაქტი. ჰინდურ რელიგიურ ტრადიციაში მიღებულია შლოკების დამღერებით წარმოთქმა, რაც გარკვეულ მუსიკალურ დროში უნდა ეტეოდეს. იმის საილუსტრციოდ, თუ რამდენად განსხვავდება სანსკრიტული ენა და აქედან გამომდინარე მისი პოეტიკა ყველა სხვა ენისგან, საკმარისია აღვნიშნოთ, რომ სანსკრიტულ სიტყვებში ევროპელის ყური მახვილს იქ აღიქვამს, სადაც ის სინამდვილეში არ არის, რადგან მისი აღქმა სიტყვის სიგრძეს მახვილთა განლაგებასთან აკავშირებს. აქედან გამომდინარე, სანსკრიტული ლექსის ნებისმიერ ენაზე თარგმნა მხოლოდ პირობითადაა შესაძლებელი. სწორედ სანსკრიტული ენისა და პოეტიკის თავისებურებებმა მიიყვანა სმირნოვი თავისუფალ ლექსამდე, როგორც მასთან ყველაზე უფრო ახლოს მდგომ ფორმამდე, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ლექსის კლასიკური ფორმის შენარჩუნებაა, რადგან „გიტა“ სანსკრიტული ლექსის სწორედ ყველაზე სრულყოფილი, კლასიკური (და არა რომელიმე სხვა) ფორმითაა დაწერილი.
კომენტარები