კარმა

კარმა

ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი სადჰგურუს წიგნიდან – „შინაგანი ინჟინერია“.

 

„კარმა“ სიტყვასიტყვით აღნიშნავს „მოქმედებას“. მოქმედება არსებობს სამი სახის. მოქმედებას ადგილი აქვს სამ საფეხურზე: სხეულის, გონებისა და ენერგიის დონეებზე. ყოველივე, რასაც აკეთებთ სხეულის, გონების ანდაც ენერგიის მეშვეობით, უთუოდ ტოვებს საკუთარ ნარჩენს. ეს უკანასკნელი აყალიბებს თავის ნიმუშს (პატერნი), რომელიც თქვენთანვე რჩება. როცა აგროვებთ დიდი ოდენობის შთაბეჭდილებებს, ისინი თანდათან ფორმირდება თქვენს მიდრეკილებებად; და შედეგად ხდებით მექანიკური სათამაშოს მსგავსი ნივთი, თქვენი ნიმუშის მონა, წარსულის მარიონეტი.

 

კარმა ჰგავს ძველ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ქვეცნობიერად შეადგინეთ თქვენი თავისათვის. თითოეული მოქმედება რაღაცას წერს თქვენს პროგრამულ უზრუნველყოფაში. როცა წერთ გარკვეული გვარის პროგრამულ უზრუნველყოფას, თქვენი მთლიანი სისტემა შესაბამისად ფუნქციონირებს. წარსულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გონებაში ყალიბდება გარკვეული ნიმუშები და ისინი გამუდმებით მეორდება. გამომდინარე აქედან, ყოფა-ცხოვრება ხდება ციკლური.

 

საკუთრივ აღნიშნული მიზეზით მეორდება თქვენს ყოფიერებაში მსგავსი პატერნები. მათში არსებობს რამდენიმე ნაირსახეობა, თუმც არსობრივად ისინი ყველანი ერთნაირია, ერთგვაროვანი, რომლებიც მეორდება თაობიდან თაობამდე. გარკვეული დროის შემდგომ ეს განმეორებადობა შესაძლოა, შეუქცევადი გახდეს. ყურადსაღებია, დავინახოთ ის, რომ მოცემული ნიმუშები გვმართავს შიგნიდან და არა გარე მხრიდან. არავინ გაკონტროლებთ გარედან. სწორედ თქვენი შინაგანი დესპოტი გმართავთ გამუდმებით. შესაძლოა, ფიქრობთ, რომ დღევანდელ დღეს ახალი დღეა, გარემოებები შეიცვალა, თუმც შინაგანად კვლავ და კვლავ ერთსა და იმავეს განიცდით. შესაბამისად, რაც მეტად იცვლება ვითარებები, მით მეტად უცვლელი რჩება არა ფიზიკურ, არამედ განცდის საფეხურზე. თქვენ უიმედოდ გაიჭედეთ კარმულ ბორბალში.

 

თავისუფლება უკვე ცარიელი სიტყვაა, რამეთუ თქვენი ფიქრები თუ გრძნობები, ყოფიერების თქვენეული გააზრება და გაგება, ჯდომის, დგომისა თუ მოძრაობის მანერებიც კი – ეს ყველაფერი განპირობებულია თქვენი წარსული გამოცდილებებით. თქვენი დაბადების მომენტისთანავე თქვენმა მშობლებმა, ოჯახმა, განათლებამ, მეგობრებმა, ადგილებმა, სადაც გიცხოვრიათ და გიმოგზაურიათ – განსაზღვრა ყოველივე თქვენ შესახებ. კარმა დაშიფრულია ყოფა-ცხოვრების ყველა სპექტრში. ის კოდირებულია მენტალურ მეხსიერებაში, ფიზიკური სხეულის ფუნდამენტებში, ქიმიასა და თავად ენერგიაშიც. ყოველივე ჩამოთვლილი განასახიერებს სარეზერვო სისტემას. თუნდაც დაკარგოთ სხეული და გონება, კარმას ბოლოს და ბოლოს მაინც არ დაკარგავთ, რადგან თქვენი სარეზერვო სისტემები ძალზე ეფექტურად მუშაობს.

 

რასაც კი პიროვნებად მიიჩნევთ – თვისებებისა თუ მიდრეკილებათა ერთობლიობა, რომელსაც თავადვე წარმოადგენთ – გახლავთ რეზულტატი იმ ინფორმაციისა, ქვეცნობიერად რომ დააგროვეთ და შეაკოწიწეთ. აღნიშნულ მიდრეკილებებს ტრადიციულად „ვასანა“ ეწოდება. უკანასკნელი სიტყვასიტყვით აღნიშნავს „სუნს“. ნაგვის ყუთიდან ხომ მასში არსებული ნაგვის სუნი ამოვა... თქვენი „სუნიც“ თქვენკენ მოიზიდავს შესაბამის ყოფაცხოვრებისეულ ვითარებებს.

 

დავუშვათ, რომ დღევანდელ დღეს ნაგვის ყუთში გახლავთ დამპალი თევზი. შესაძლოა, გაყროლებთ კიდეც მისი სუნი, თუმც მრავალ სხვა ქმნილებას მოცემული სუნი შესანიშნავად იზიდავს. ხვალ თუკი ნაგვის ყუთში ყვავილები აღმოჩნდება, მას განსხვავებული სუნი ექნება და ამჯერად სხვა არსებებს მიიზიდავს.

 

ოცდაათი წლის წინ, როცა პირველად გავემგზავრე სამხრეთის ქალაქ კოამბატორში, სტუმრად დავრჩი ერთ-ერთი ექიმის სახლში. ის გულღია კაცი იყო და თავის ოჯახში მომხდარი შემთხვევის შესახებ მომიყვა. მისი ოჯახი ინდოეთის სანაპირო რეგიონიდან გახლდათ, ხოლო მისი უფროსი ქალიშვილი – თევზის დიდი მოყვარული. იგი სწავლობდა ჩრდილოეთში მდებარე დერადუნის მთიან რეგიონში, სადაც ვერ იღებდა თევზს საჭმელად, ხოლო როცა არდადეგებზე სახლში ბრუნდებოდა, თევზის ჭამა ყოველდღიურად სურდა. ექიმის ცოლი ვეგეტარიანელი იყო, თუმც შვილისათვის მაინც ამზადებდა თევზის კერძებს. ქვეყნის ამ ნაწილში მიირთმევენ პატარა გამხმარ თევზებს. ამ თევზებს საშინელ სუნი ასდის. თუკი ისინი სატვირთო მანქანით გადააქვთ, თქვენ მათგან რამდენიმე კილომეტრით დაშორებას ინატრებთ, ანდაც ახლოს ჩავლისას სუნთქვას უცილობლად შეიკავებთ. ამ თევზის სახლში მომზადება საკმაოდ კარგი სტრატეგია არის მეზობლების თავიდან მოსაცილებლად! ექიმის ქალიშვილს სურდა, რომ საკუთრივ მოცემული თევზი მოემზადებინათ ყოველდღიურად.

 

როცა იმ გამხმარ თევზს წვავდნენ, იმგვარი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ იფიქრებდით, თითქოს ეს-ეს არის, მთლიანი სახლი აირით შეწამლესო. ასეთ სუნს მკვდრის წამოყენება შეუძლია! დედა სამზარეულოში შევიდა, რათა მზარეულებისათვის ინსტრუქციები მიეცა თევზის შეწვის შესახებ, თუმც, როგორც კი ტაფიდან თევზის სუნი ამოვიდა, მყისვე გარეთ გამოვარდა, ვინაიდან იმ სუნის ატანა აღარ შეეძლო. ამავდროულად სუნმა თავის საძინებელში მყოფ ქალიშვილამდეც მიაღწია და ისიც მაშინვე გარეთ გამოვარდა. დედა და ქალიშვილი ურთიერთს თავებით შეეჯახნენ და შედეგად დედამ ცხვირი გაიტეხა!

 

ეს შემთხვევა მოვიყვანე არა როგორც დაჯილდოების ანდაც დასჯის მაგალითისათვის, არამედ იმ შესაძლო შედეგების ილუსტრირებისათვის, რომლებიც ძლიერ მიჯაჭვულობასა და ზიზღს მოჰყვება. როცა ისინი ბატონობენ ყოფა-ცხოვრებაში, გარკვეული კატასტროფები გარდაუვალია. „სუნები“, ანდაც მიდრეკილებები იქმნება უზარმაზარ დაგროვებულ შთაბეჭდილებათა შედეგად, რომელსაც იწვევს თქვენი ფიზიკური, მენტალური და ენერგიული აქტები. რასაც პიროვნებას უწოდებთ, გახლავთ ოდენ აღნიშნულ მიდრეკილებათა გამოვლინება.

 

თუკი დღესდღეობით რაიმეს თქვენებურად აკეთებთ, ხოლო ვინმე დაგეკითხებათ, თუ რატომ აკეთებთ მაინცდამაინც ასე და არა სხვაგვარად, თქვენ ხშირად უპასუხებთ: „ასეთია ჩემი ბუნება. რატომ არ შემიძლია, ვაკეთო ის, რაც მინდა?“ მოცემული როდია თქვენი ბუნება... როდი აკეთებთ იმას, რაც გინდათ?! ეს თქვენი მიდრეკილებები მარტოოდენ გახდა კომპულსიური. ეს თქვენი უღელია, პროგრამული უზრუნველყოფის მსგავსი, რომელსაც თავად წერთ ქვეცნობიერად. როცა დაამთავრებთ აღნიშნული პროგრამის შედგენას, ეს იმგვარად გამოჩნდება, რომ ყოფა-ცხოვრებაში მხოლოდ ერთი გზა დაგრჩენიათ გასავლელი და რომ თქვენი ხვედრი უკვე წინასწარ ყოფილა გარკვეული. თუმცა სულიერი პროცესი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, ცნობიერად გადავწეროთ – ხელთავიდან დავწეროთ – ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფა.

 

ინდოეთში „კარმა“ ფართოდ გავრცელებული სიტყვაა. თუკი პიროვნება გამოხატავს რაიმე გვარის კომპულსიურ ქცევას, ხალხი მყისვე იტყვის: „ოჰ, ეს მისი კარმაა“. მოცემული გულისხმობს იმას, რომ ეს სწორედ მისი შემოქმედებაა. გამოცდილების სიტკბოება და სიმწარე სულაც არ გამომდინარეობს შემთხვევისაგან, არამედ იქიდან, თუ რა სახით აღიქვამთ და რეაგირებთ მასზე. რაც ერთისათვის მწარე გამოცდილებაა, მეორისათვის შესაძლოა, ნეტარება გახლდეთ.

 

ერთხელ ერთი დამწუხრებული კაცი საფლავთან იჯდა, მწარედ ტიროდა და თავს საფლავის ქვას ურტყამდა. „რაოდენ აზრსმოკლებული გახდა ჩემი ყოფა-ცხოვრება. მას შემდეგ, რაც წახვედი, ჩემი სხეული მძორია მხოლოდ. შენ რომ ცოცხალი იყო, ბედი ამგვარი სასტიკი რომ არ ყოფილიყო, რომ არ დაგეტოვებინე, ჩემი ყოფა-ცხოვრება საერთოდ სხვანაირი იქნებოდა!“ – მოთქვამდა იგი.

 

მისი სიტყვები გაიგო ვინმე მღვდელმა და უთხრა მას: „როგორც მივხვდი, აქ განსვენებული პიროვნება ძალზე მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის“.

 

„ვერც კი წარმოიდგენთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი!“ – მიუგო კაცმა და უფრო ხმამაღლა ატირდა. „ის ჩემი ცოლის პირველი ქმარი გახლდათ!“

 

თქვენი ყოფა-ცხოვრების ხარისხს მუდამ განსაზღვრავს ის, თუ რანაირად აღიქვამთ ამ ცხოვრებას, და არა ის, თუ რას გთავაზობთ იგი. 

 

ყურადსაღებია, გვახსოვდეს, რომ კარმა როდია უარყოფითი სიტყვა... ის სძენს სტაბილურობას და აძლევს ფორმას ყოფა-ცხოვრებას. ყოველ მომენტში თქვენი ხუთი გრძნობის ორგანოს მეშვეობით შთაბეჭდილებები ნიაღვრად მოედინება თქვენს სისტემაში და ინახება იქ. არაფერია ცუდი შენახულ ინფორმაციაში. ის ძალზე სასარგებლოა თქვენი თვითგადარჩენისათვის. მოცემული ინფორმაცია რომ წაშალოთ, თქვენ არ გეცოდინებათ, რაგვარად გაუმკლავდეთ ყოფა-ცხოვრების უმარტივეს სპექტრსაც კი. სპირიტუალური პროცესი არ ცდილობს კარმულ შთაბეჭდილებათა საცავის განადგურებას, არამედ გეხმარებათ მათ გაცნობიერებასა და მცირე სივრცის შექმნაში, რომელიც მათგან განცალკევების საშუალებას მოგცემთ.

 

ასე და ამრიგად, თქვენი პროგრამული უზრუნველყოფა როდია თავისთავად სირთულე... ის სირთულედ იქცევა მაშინ, როცა ის თქვენი ყოფა-ცხოვრების განმსაზღვრელ ფაქტორად გარდაიქმნება. კარგ და ცუდ კარმაზე საუბარი იგივეა, რაც კარგ და ცუდ მონობაზე საუბარი. ამგვარი რამ არ არსებობს. კარმა მხოლოდ თქვენი შემოქმედებაა. მოცემული არც ცუდია და არც კარგი. ესაა პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც შესაძლოა, სასარგებლო გახდეს, თუკი მისგან თავისუფალი ბრძანდებით. სულიერი პროცესი მიმართულია იმისაკენ, რომ შეასუსტოს კარმის ჩაჭიდების არეალი. როგორიც არ უნდა გახლდეთ წარსული კარმის ბუნება, ადამიანს გააჩნია საკმარისი ცნობიერება იმისათვის, რომ სრული პასუხისმგებლობა აიღოს მოცემული მომენტის კარმულ სახეზე.

 

ნებისმიერი გვარის ტრანსფორმაცია ანდაც რაიმე ტიპის წინსვლა ყოფა-ცხოვრებაში შესაძლებელია მხოლოდ კარმის ციკლური პატერნების დარღვევით. ყოველივე ციკლური ითხოვს მუდმივ მოძრაობას, თუმც რეალურად მას არსად მივყავართ. თუკი სენსიტიური ხართ ყოფიერების მიმართ, ამას ადრევე აცნობიერებთ. თუკი ნაკლებად სენსიტიური ბრძანდებით, ეს გაცნობიერება ასაკთან ერთად მოდის. შესაძლოა, იმგვარად ჩანდეს, რომ ყოველივე ისე მიდის, როგორც თქვენ გინდათ; შესაძლოა, თქვენს პროფესიულ საქმიანობას წარმატება ახლდეს თან, კაპიტალი იზრდება, ოჯახი ყვავის – თუმც ამით რეალურად ვერაფერს აღწევთ. რაც მეტად მალე მიაღწევთ წარმატებას, მით მეტად მალე გააცნობიერებთ ამას. როცა რისამე უკმარისობას განიცდით, ფიქრობთ, რომ თქვენი ოცნებების ახდენის შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება. თუმცაღა, თუკი ყოველივე, რაზედაც ოცნებობდით, ადრევე სრულდება, თქვენ აცნობიერებთ, რომ – თუმც ყოველივე იმგვარად ხდება, როგორც მოელოდით – ყოფიერება მაინც განუხორციელებლობის შეგრძნებას ტოვებს და სურვილები არსად არ ქრება.

 

სანამ არ დაარღვევთ აღნიშნულ ციკლს, ყოფა-ცხოვრებაში რეალური არჩევანი არ გექნებათ. ზოგჯერ გეუფლებათ შეგრძნება, რომ რაღაც გარღვევა განახორციელეთ. მომდევნო სამი დღე თითქოს ყოველივე შეიცვალა, ყოველივე შესანიშნავადაა, თუმც მეოთხე დღეს ისევ ჩვეულ კალაპოტს უბრუნდებით. ამგვარი რამ ხომ მრავალჯერ გადაგხდენიათ თავს? ეს იმის გამო ხდება, რომ – როცა კი კარმის ჩაჭიდების სფეროში იმყოფებით – არ ფლობთ ფიქრის, გრძნობის, მოქმედებისა თუ, რაც მთავარია, გამოცდილების მიღების თავისუფლებას.

 

ამავდროულად კარმის თავიდან არიდებაც არ გახლავთ გამოსავალი. ამან შესაძლოა, მოგცეთ გარკვეული ბალანსი და სტაბილურობა ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუმც დროთა განმავლობაში მოცემული გფიტავთ და გაკარგვინებთ ყოფა-ცხოვრების ხალისს. ეს კი ძალზე უარყოფითი კარმაა. ყოფა-ცხოვრების უარყოფას, დათრგუნვას ანდაც თავის არიდებას თან ახლავს მეტი მონობა, ვიდრე თავისუფლება. სურვილი – „მე არ მინდა კარმა“ – თავისთავად დიდი კარმაა.

 

ცხოვრების პროცესი თავად გახლავთ კარმის დამრღვევი. თუკი თქვენი ყოფა-ცხოვრების თითოეულ წამს ცნობიერად იცხოვრებთ, ამით გააუქმებთ თქვენი პირადი კარმის საკმაოდ დიდ ნაწილს. როცა იღებთ ყოველივეს, რაც ყოფა-ცხოვრების გზაზე შეგხვდებათ, და სიცოცხლის თითოეულ სუნთქვას განიცდით უღრმესი ინტენსივობით, ყოველგვარი ფიქრისა თუ ემოციის გაფანტვის, ყოველგვარი ფსიქოლოგიური დრამის გარეშე, თავისუფლდებით თავად სიკვდილისა და სიცოცხლის პროცესისაგან. თქვენ უკვე არა მარტო ცოცხალი ბრძანდებით, არამედ თავადვე წარმოადგენთ სიცოცხლეს.

 

იოგა გთავაზობთ არა მარტო თქვენი კარმისაგან დისტანცირების საშუალებას, არამედ თავად კარმის წყაროსაგან განთავისუფლებასაც... ის გთავაზობთ არჩევანს თქვენი ყოფიერების თითოეულ მომენტში – გახდეთ მსხვერპლი, მაყურებელი თუ წარმმართველი საკუთარი ყოფა-ცხოვრებისა. გარკვეული ოდენობის პრაქტიკისა და ძალისხმევის შემდგომ ჩვენ ყველას შეგვიძლია, შევადგინოთ ჩვენთვის სიხარულისა და კეთილდღეობის მომნიჭებელი პროგრამული უზრუნველყოფა.

 

 

 

 

 

 

 


კომენტარები