კონტინენტური და ბრიტანული ფილოსოფია

კონტინენტური და ბრიტანული ფილოსოფია

ბერტრან არტურ უილიამ რასელი (1872-1970) – ბრიტანელი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მათემატიკოსი, საზოგადო მოღვაწე, პაგუოშის კონფერენციების ერთ-ერთი დამაარსებელი, ლოგიციზმის, ნეოპოზიტივიზმის და „ნეიტრალური მონიზმის“ წარმომადგენელი.

 

ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი ბერტრან რასელის წიგნიდან – „დასავლური ფილოსოფიის ისტორია (თანამედროვე ფილოსოფია)“.

 

განვიხილოთ ორი ფილოსოფიური სკოლის განსხვავებები, რომლებიც უხეშად შეგვიძლია დავყოთ კონტინენტურ და ბრიტანულ ფილოსოფიად.


უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს განსხვავება მეთოდში. ბრიტანული ფილოსოფია უფრო დეტალური და ეტაპობრივია, ვიდრე კონტინენტური. როდესაც ის რაიმე ზოგად პრინციპს ასახელებს, მათ ინდუქციურად ამტკიცებს მისი სხვადასხვაგვარი გამოყენების განხილვის გზით. ამგვარად, ჰიუმი, მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ არ არსებობს იდეა წინამორბედი შთაბეჭდილების გარეშე, მყისვე გადადის მომდევნო შეპასუხების განხილვაზე: წარმოდგინეთ, რომ ფერის ორ ტონს ხედავთ, რომელიც მსგავსი, მაგრამ არაიგივეობრივია და ასევე წარმოიდგინეთ, რომ არასოდეს გინახავთ ფერის ტონი, რომელიც ამ ორის საშუალოა. მაინც შეძლებდით მის წარმოდგენას? ის არ წყვეტს საკითხს და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მისი ზოგადი პრინციპის საწინააღმდეგოა, არ იქნება ფატალური მისთვის, რადგან მისი პრინციპი არის ემპირიული და არა ლოგიკური. ამის საპირისპიროდ, როდესაც ლაიბნიცი თავისი მონადოლოგიის ჩამოყალიბებას ცდილობს, ის, ზოგადად, შემდეგს ამტკიცებს: ის, რაც რთულია, მარტივი ნაწილებისგან უნდა შედგებოდეს; ის, რაც მარტივია, ვერ იქნება განფენილი; შესაბამისად, ყველაფერი შედგება ნაწილებისგან, რომლებიც არ არის განფენილი. მაგრამ ის, რაც განფენილი არ არის, არ წარმოადგენს მატერიას. შესაბამისად, საგანთა სასრული შემადგენელი ნაწილები არ არის მატერიალური და, თუ მატერიალური არ არის, მაშინ მენტალურია. შესაბამისად, მაგიდა მართლაც წარმოადგენს სულთა თავყრილობას.


განსხვავება მეთოდში აქ შეიძლება ასე დავახასიათოთ: ლოკთან ან ჰიუმთან შედარებით მოკრძალებული დასკვნა გამოტანილია მრავალი ფაქტის ფართო მიმოხილვიდან მაშინ, როდესაც ლაიბნიცთან დედუქციის უზარმაზარი შენობა დგას ლოგიკურ პრინციპზე, როგორც პირამიდა ქინძისთავის წვერზე. ლაიბნიცთან თუ პრინციპი სრულიად მართებული, ხოლო დასკვნა ჭეშმარიტია, ყველაფერი კარგად არის, მაგრამ სტრუქტურა არამდგრადია და ოდნავი ნიავი ნებისმიერი მხრიდან მას ნანგრევებად აქცევს. ლოკთან ან ჰიუმთან, პირიქით, პირამიდის ფუძე განხილული ფაქტების მყარ ნიადაგზე დგას, წვერი კი ზევით არის და არა ქვევით. შესაბამისად, წონასწორობა მდგრადია, ქარის მონაბერი კი კატასტროფას ვერ გამოიწვევს. ეს განსხვავება მეთოდში მას შემდეგაც არსებობდა, რაც კანტმა თავის მოძღვრებაში ემპირიული ფილოსოფიის რაღაც ნაწილის ჩართვა გადაწყვიტა. ერთი მხრივ, დეკარტიდან ჰეგელამდე, მეორე მხრივ კი, ლოკიდან ჯონ სტიუარტ მილამდე ის უცვლელი რჩება.


განსხვავება მეთოდში დაკავშირებულია სხვა მრავალ განსხვავებასთან. მოდით, პირველ რიგში, მეტაფიზიკა განვიხილოთ.


დეკარტმა ღმერთის არსებობის მეტაფიზიკური მტკიცებულებები შემოგვთავაზა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი კენტერბერის არქიეპისკოპოსის, წმ. ანსელმის მიერ არის გამოყვანილი XI საუკუნეში. სპინოზას ჰყავდა პანთეისტი ღმერთი, რომელიც ორთოდოქსებისთვის საერთოდ არ წარმოადგენდა ღმერთს. როგორც არ უნდა ყოფილიყო, სპინოზას არგუმენტები არსებითად მეტაფიზიკური იყო, ხოლო მათ ფესვებს (თუმცა, შესაძლოა, ის თავად ვერ აცნობიერებდა ამას) ვხვდებით დოქტრინაში, რომ ყოველ წინადადებას უნდა გააჩნდეს ქვემდებარე და შემასმენელი. ლაიბნიცის მეტაფიზიკასაც იგივე წყარო გააჩნდა.


ლოკთან ფილოსოფიური მიმართულება, რომელსაც მან დაუდო სათავე, ჯერ კიდევ სრულად განვითარებული არ არის. ის დეკარტის არგუმენტებს ღმერთის არსებობის შესახებ მართებულად მიიჩნევს. ბერკლიმ სრულიად ახალი არგუმენტი შექმნა, მაგრამ ჰიუმმა, ვისთანაც ახალი ფილოსოფია სისრულეს აღწევს, სრულად უარყო მეტაფიზიკა და ამტკიცებდა, რომ ვერაფერი იქნება აღმოჩენილი იმ საგნების შესახებ განსჯით, რომლებთანაც მეტაფიზიკას აქვს საქმე. ეს თვალსაზრისი ემპირიულ სკოლაში იყო ფესვგადგმული, როდესაც ერთგვარად მოდიფიცირებულ საპირისპირო თვალსაზრისს კანტი და მისი მოწაფეები იცავდნენ.


ორ სკოლას შორის ეთიკაშიც მსგავსი დაყოფა არსებობს.


ლოკს, როგორც ვიხილეთ, სწამდა, რომ სიამოვნება სიკეთე იყო და ეს შეხედულება იყო გაბატონებული ემპირიკოსებს შორის XVIII-XIX საუკუნეების განმავლობაში. მათ ოპონენტებს, პირიქით, სძულდათ სიამოვნება, როგორც სიმდაბლე და ეთიკის სხვა, ერთი შეხედვით უფრო ამაღლებული სისტემები ჰქონდათ. ჰობსი აფასებდა ძალას და სპინოზაც გარკვეულწილად ეთანხმებოდა მას. სპინოზას აქვს ეთიკის შესახებ ორი შეურიგებელი თვალსაზრისი – ერთი ჰობსის, მეორე კი ის, რომ სიკეთე ღმერთთან მისტიკურ კავშირში მდგომარეობს. ლაიბნიცს რაიმე მნიშვნელოვანი წვლილი ეთიკაში არ შეუტანია, მაგრამ კანტმა ეთიკა უმთავრესად აქცია და თავისი მეტაფიზიკა ეთიკური წანამძღვრებიდან გამოიყვანა. კანტის ეთიკა მნიშვნელოვანია, რადგან ის არის ანტიუტილიტარისტული, a priori და, როგორც იტყვიან, „კეთილშობილი“.


კანტი ამბობს, რომ თუ თქვენ სიკეთეს იჩენთ თქვენი ძმის მიმართ, რადგან გიყვართ ის, თქვენ მორალური ღირსება არ გაგაჩნიათ. მოქმედებას მორალური ღირსება მხოლოდ მაშინ აქვს, როდესაც მის შესრულებას მორალური კანონი ავალდებულებს. თუმცა სიამოვნება სიკეთე არ არის, მიუხედავად ამისა, – ასე მიაჩნია კანტს, – მაინც უსამართლობაა, რომ სათნო იტანჯებოდეს. ვინაიდან ასეთი რამ ხშირად ხდება ამქვეყნად, უნდა არსებობდეს სხვა ქვეყანა, სადაც მათ მიეზღვებოდათ სიკვდილის შემდეგ და უნდა არსებობდეს ღმერთი, რომელიც უზრუნველყოფდა სამართალს მომავალ ცხოვრებაში. ის უარყოფს ყველა ძველ არგუმენტს ღმერთისა და უკვდავების სასარგებლოდ, მაგრამ თავის ეთიკურ არგუმენტს ეჭვშეუვალად მიიჩნევს.


თავად კანტი იყო ადამიანი, რომლის შეხედულება პრაქტიკულ საქმეებზე სიკეთით აღსავსე და ადამიანური იყო, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით მათ უმრავლესობაზე, რომლებიც უარყოფდნენ ბედნიერებას, როგორც სიკეთეს. ეთიკის ნაირსახეობა, რომელსაც „კეთილშობილი“ ეწოდება, ნაკლებად არის დაკავშირებული სამყაროს გაუმჯობესების მცდელობასთან, ვიდრე უფრო მიწიერი თვალსაზრისი, რომ ჩვენ ადამიანთა გაბედნიერებისკენ უნდა ვისწრაფოდეთ. ეს არ არის გასაკვირი. ბედნიერების სიძულვილი უფრო იოლი მაშინაა, როდესაც ბედნიერება სხვისია და არა საკუთარი. ჩვეულებრივ, ბედნიერებას გმირობის რაღაც ფორმა ანაცვლებს. ეს არაცნობიერ გამოსავალს აძლევს ძალაუფლებისკენ სწრაფვას და ქმნის მრავალ საბაბს სისასტიკისთვის. ასე ხდებოდა რომანტიკოსთა შემთხვევაში. ამან გამოიწვია ისეთი ვნებების შეწყნარება, როგორიც არის სიძულვილი და შურისძიება. ამ მიმართებით ტიპურნი არიან ბაირონის გმირები, რომლებიც არასოდეს წარმოადგენენ სანიმუშო ქცევის ადამიანებს. ადამიანები, რომლებმაც ყველაზე მეტი გააკეთეს ადამიანთა გაბედნიერებისთვის, როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი იყვნენ, ვინც ბედნიერებას მნიშვნელოვნად მიიჩნევდა და არა ისინი, ვისაც სძულდა იგი რაღაც უფრო „ამაღლებულთან“ შედარებით. უფრო მეტიც, ადამიანის ეთიკა, ჩვეულებრივ, მის ხასიათს ასახავს, კეთილგანწყობა კი იწვევს ზოგადი ბედნიერების სურვილს. ამგვარად, ადამიანები, რომლებიც ბედნიერებას ცხოვრების მიზნად მიიჩნევდნენ, უფრო კეთილგანწყობილები იყვნენ, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც სხვა მიზნებს ქადაგებდნენ და ხშირად არაცნობიერად ექცეოდნენ სისასტიკის, ან ძალაუფლების სიყვარულის გავლენის ქვეშ.


ეს ეთიკური განსხვავებები, ჩვეულებრივ, თუმცა არა ყოველთვის, პოლიტიკურ განსხვავებებთანაა დაკავშირებული. როგორც ვიხილეთ, ლოკი გაუბედავია თავის შეხედულებებში და სრულებით არ არის ავტორიტარული. ის ცდილობს, რომ ყველა საკითხი თავისუფალი განხილვის გზით გადაწყდეს. როგორც მის, ისე მისი მიმდევრების შემთხვევაში შედეგი იყო რეფორმის (თუმცა თანდათანობითი რეფორმის) რწმენა. ვინაიდან მათი აზროვნების სისტემა ექსპერიმენტს გულისხმობდა და მრავალი განსხვავებული საკითხის ცალკეული კვლევის შედეგი იყო, ბუნებრივია, რომ მათი პოლიტიკური შეხედულებებიც იმავე ხასიათის იყო. ისინი იბრძოდნენ მსხვილი, ერთიანი პროგრამების წინააღმდეგ და უპირატესობას თითოეული საკითხის ცალკეულად განხილვას ანიჭებდნენ. პოლიტიკაში, ისევე, როგორც ფილოსოფიაში, ისინი ცდისა და ექსპერიმენტის მომხრეები იყვნენ. მეორე მხრივ, მათ ოპონენტებს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ შეძლებდნენ „საგანთა ამ უსუსური სქემის სრულად გაგებას“, კიდევ უფრო მეტად სურდათ, „ნაწილებად დაეშალათ იგი და შემდეგ საკუთარი სურვილისამებრ გადაედნოთ“. ამის გაკეთება მათ შეეძლოთ როგორც რევოლუციონერებს, ან ადამიანებს, რომლებსაც უკვე არსებული ძალაუფლების გაზრდა სურთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი არ ერიდებოდნენ ძალადობას დიადი მიზნებისკენ სწრაფვაში და გმობდნენ მშვიდობის სიყვარულს, როგორც სიმდაბლეს.


ლოკისა და მისი მიმდევრების დიდი პოლიტიკური ნაკლი, თანამედროვე გადმოსახედიდან, მათ მიერ საკუთრების თაყვანისცემაა. მაგრამ ისინი, ვინც მათ ამის გამო აკრიტიკებს, ამას აკეთებს იმ კლასების ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებსაც მეტი ზიანი მოჰქონდათ, ვიდრე კაპიტალისტებს (მაგალითად, მონარქები, არისტოკრატები და სამხედრო ფენა). არისტოკრატი მიწათმფლობელი, რომელიც შემოსავალს ძალისხმევის დახარჯვის გარეშე და უხსოვარი დროის ადათის შესაბამისად იღებს, საკუთარ თავს მომხვეჭელად არ მიიჩნევს და არც სხვები მიიჩნევენ მას ასეთად, ვინც მიმზიდველი საბურვლის იქით არ იყურება. ბიზნესმენი კი, პირიქით, ცნობიერად ისწრაფვის სიმდიდრისკენ, ხოლო ვიდრე მისი საქმიანობა მეტ-ნაკლებ სიახლეს წარმოადგენდა, ის იწვევდა ისეთ უკმაყოფილებას, რომელსაც არ განიცდიდნენ მიწათმფლობელის ჯენტლმენური გამომძალველობისადმი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთი იყო საქმის ვითარება საშუალო კლასის მწერლებისა და მათი მკითხველების შემთხვევაში. მაგრამ ასე არ იყო გლეხების შემთხვევაში, როგორც ეს საფრანგეთისა და რუსეთის რევოლუციებმა აჩვენა. გლეხები უსიტყვონი არიან.


ლოკის სკოლის ოპონენტთა უმრავლესობა აღფრთოვანებაში მოდიოდა ომით, რაც ჰეროიკული იყო და კომფორტისა და სიმშვიდის სიძულვილს გულისხმობდა. ისინი კი, ვინც უტილიტარისტული ეთიკა შეითვისა, პირიქით, ომების უმრავლესობას უგუნურებად მიიჩნევდნენ. ამან კვლავ, სულ მცირე, XIX საუკუნეში, გამოიწვია მათი გაერთიანება კაპიტალისტებთან, რომლებსაც არ მოსწონდათ ომები, რადგან ისინი ვაჭრობას უშლიდა ხელს. რასაკვირველია, კაპიტალისტთა მოტივი წმინდა წყლის ეგოიზმი იყო, მაგრამ ამან განაპირობა ზოგად ინტერესებთან უფრო მეტად შეთანხმებული შეხედულებები, ვიდრე მილიტარისტებისა და მათი იდეოლოგების თვალსაზრისი იყო. მართალია ისიც, რომ კაპიტალისტების დამოკიდებულება ომების მიმართ ცვალებადი გახლდათ. ინგლისის ომები XVIII საუკუნეში, გარდა ამერიკის ომისა, მთლიანობაში მომგებიანი იყო და მას ბიზნესმენები მხარს უჭერდნენ. მაგრამ XIX საუკუნის განმავლობაში, გარდა უკანასკნელი წლებისა, ისინი მშვიდობის მხარეს იყვნენ. თანამედროვე ეპოქაში მსხვილი ბიზნესი ყველგან იმდენად მჭიდრო ურთიერთობაშია ეროვნულ სახელმწიფოსთან, რომ მდგომარეობა ძირეულად არის შეცვლილი. მაგრამ როგორც ინგლისში, ისე, ამერიკაში, მსხვილი ბიზნესი დღესაც კი არ იწონებს ომს.


რასაკვირველია, განათლებული ეგოიზმი მოტივთა შორის ყველაზე ამაღლებული არ არის, მაგრამ ისინი, ვინც მას გმობენ, ხშირად, შეგნებულად თუ შეუგნებლად, მას გაცილებით უარესი მოტივებით ანაცვლებენ, როგორებიცაა: სიძულვილი, შური და ძალაუფლების სიყვარული. მთლიანობაში, სკოლამ, რომელიც თავის წარმოშობას ლოკს უნდა უმადლოდეს და რომელიც განათლებულ ეგოიზმს ქადაგებდა, უფრო მეტი გააკეთა ადამიანთა ბედნიერების ზრდისთვის და ნაკლები – ადამიანთა ტანჯვის მატებისთვის, ვიდრე იმ სკოლებმა, რომლებსაც სძულდა ლოკი ჰეროიზმისა და საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვის სასარგებლოდ. მე არ მავიწყდება ადრეული ინდუსტრიალიზმის საშინელებები, მაგრამ საბოლოოდ ისინი თვით სისტემის მიერ იქნა შერბილებული. მათ მე ვუპირისპირებ რუსულ ბატონყმობას, ომის ბოროტებასა და ამის შედეგად მიღებულ შიშსა და სიძულვილს, ისევე, როგორც იმათ გარდაუვალ ობსკურანტიზმს, რომლებიც ძველი სისტემების შენარჩუნებას ცდილობენ მაშინ, როდესაც მათ სიცოცხლისუნარიანობა უკვე დაკარგული აქვთ.

 

 

 

 

 

 

 


კომენტარები