ცნობიერებაში სიკვდილის განცდის პროცესი

ცნობიერებაში სიკვდილის განცდის პროცესი

ამონარიდი გიორგი გურჯიევის წიგნიდან – ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის

 

შეუძლია თუ არა ადამიანმა ნამდვილად დახატოს თავისთვის და, ასე ვთქვათ, „განიცადოს“ ცნობიერებაში თავისი საკუთარი სიკვდილის პროცესი?

 

არა! საკუთარი სიკვდილისა და ამ პროცესის განცდას ადამიანი ვერასოდეს, როგორც არ უნდა სურდეს, ვერ წარმოიდგენს.

 

თანამედროვე ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია წარმოიდგინოს სხვისი სიკვდილი, თუმცა ესეც კი არასრულად. მას შეუძლია წარმოიდგინოს, მაგალითად, რომ ვინმე მისტერ სმიტი თეატრიდან გამოდის, ქუჩაზე გადადის, ავტომობილის ქვეშ ხვდება და სასიკვდილოდ გაჭყლეტილი აღმოჩნდება.

 

ანდა ქარის მიერ მოგლეჯილი ფირნიში შემთხვევით იქ გამავალ მისტერ ჯონსს თავზე ეცემა და ადგილზე კლავს.

 

ან რომ მისტერ ბრაუნი მოიწამლა, როცა ძველი კიბოები შეჭამა, და რადგან არავის შეუძლია მისი გადარჩენა, ამიტომ მეორე დღეს კვდება.

 

ყოველ ადამიანს შეუძლია ეს ყველაფერი ადვილად წარმოიდგინოს. მაგრამ შეუძლია თუ არა ჩვეულებრივ ადამიანს წარმოიდგინოს ისეთივე შესაძლებლობა თავისთვის, როგორსაც მისტერ სმიტისთვის, მისტერ ჯონისა და მისტერ ბრაუნისთვის უშვებს, და იგრძნოს და განიცადოს მთელი სასოწარკვეთილება იმისგან, რომ ეს ყველაფერი შეიძლება თვითონ დაემართოს?

 

გარდა გარდაუვალი სიკვდილის მტანჯველი ფაქტისა, რომელიც მათ არ ასცდება, ადამიანებს ჩვეულებრივ ცხოვრებაში, განსაკუთრებით ბოლო დროს, აქვთ მრავალი სხვა მსგავსი რამ, რომელთა განცდის შესაძლებლობის მარტო რეალურმა წარმოდგენამაც კი ენით აუწერელი ტანჯვების გრძნობა უნდა გამოიწვიოს.

 

ასეთ თანამედროვე ადამიანებს, რომლებსაც უკვე მთლიანად დაკარგული აქვთ მომავლის რამენაირი რეალური ობიექტური იმედის ქონის შესაძლებლობა (ანუ იმათ, ვისაც თავიანთ საპასუხისმგებლო ცხოვრებაში არასოდეს არაფერი „დაუთესავთ“ და, შესაბამისად, მომავალში „მოსამკელიც“ არაფერი აქვთ), რომ შეემეცნათ თავიანთი სიკვდილის გარდაუვალობა, ამის მარტო განცდისგან ჩამოიხრჩობდნენ თავს.

 

ხსენებული ორგანოს თვისებების შედეგთა ადამიანთა ფსიქეაზე მოქმედების თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი წყალობით თანამედროვე ადამიანთა უმრავლესობას (ამ სამტვინიანი არსებებისა, რომლებზედაც ჩვენი შემოქმედისშემოქმედის მთელი იმედები და მოლოდინები იყო დამყარებული, როგორც უმაღლეს მიზანთა შესაძლო მსახურებზე) არ უჩნდება ამ ნამდვილი საშინელებების შემეცნება, და, გარდა ამისა, ეს თავისებურება იმის შესაძლებლობას აძლევს მათ, რომ წყნარად ატარონ თავიანთი არსებობა, შეუცნობლად შეასრულონ წინასწარ განსაზღვრული, მაგრამ მხოლოდ როცა ბუნების უახლოეს უშუალო მიზნებს ემსახურებიან, რამდენადაც ამასობაში მათ, თავიანთი შეუფერებელი არანორმალური ცხოვრების გამო, უმაღლესი მიზნებისათვის მსახურების ყოველგვარი შესაძლებლობა დაკარგეს.

 

ამ შედეგთა წყალობით, ამ ადამიანთა ფსიქეაში არა მარტო არ ჩნდება ამ საშინელებების შემეცნება, არამედ თვითდამშვიდების მიზნით ისინი იგონებენ კიდეც ყოველგვარ ფანტასტიკურ, მაგრამ მათი გულუბრყვილო ლოგიკისთვის დამაჯერებელ, ახსნებს იმისა, რასაც ისინი ნამდვილად აცნობიერებენ, ასევე იმისას, რასაც ისინი სრულიად არ აცნობიერებენ.

 

ასე, მაგალითად, გადაწყვეტა საკითხისა ჩვენი უუნარობის შესახებ – ნამდვილად ვაცნობიერებდეთ მრავალ შესაძლო ჭეშმარიტ საშინელებას, კერძოდ საკუთარი სიკვდილის საშინელებას, ასე ვთქვათ, „დღის მწვავე საკითხი“ რომ გამხდარიყო (რაც ადამიანთა თანამედროვე ცხოვრების ზოგიერთ საკითხს ემართება), მაშინ, სავარაუდოდ, თანამედროვე ადამიანები, ჩვეულებრივი მოკვდავნიც და ე.წ. „მეცნიერებიც“, დარწმუნებით შემოგვთავაზებდნენ იმ გადაწყვეტილებას, რომელშიაც ერთი წამითაც არ შეეპარებოდათ ეჭვი, და, როგორც იტყვიან, გაცხარებით დაიწყებდნენ მტკიცებას, რომ სინამდვილეში ასეთი საშინელების მიერ გამოწვეული განცდებისაგან ადამიანებს მათი საკუთარი „ნება“ შველის.

 

მაგრამ თუ ამას დავუშვებთ, მაშინ რატომ არ გვიცავს ეს სავარაუდო ნება წვრილმანი შიშებისგან, რომლებსაც ყოველ ნაბიჯზე განვიცდით?

 

რომ გააცნობიეროთ და გაიგოთ ის, რასაც ახლა ვამბობ მთელი ჩემი არსებით, და არამარტო ჩემი, ასე ვთქვათ, „აზრთა ხეტიალით“, რომელიც, ჩვენი შთამომავლების საუბედუროდ თანამედროვე ადამიანთა გავრცელებული თვისება გახდა, წარმოიდგინეთ შემდეგი რამ.

 

დღეს, ლექციის შემდეგ, თქვენ სახლში ბრუნდებით, ტანსაცმელს იხდით და ლოგინში წვებით, მაგრამ სწორედ იმ მომენტში, როცა საბანს იფარებთ, ბალიშის ქვეშიდან თაგვი გამოძვრება, თქვენს სხეულზე გადაირბენს და საბნის ნაკეცებში იმალება.

 

გულწრფელად აღიარეთ, განა ასეთ შესაძლებლობაზე მარტო გაფიქრებაც კი ჟრჟოლას არ მოგგვრით?

ხომ ასეა?

 

ახლა კი, თუ შეიძლება, ეცადეთ იფიქროთ ასეთ შესაძლო შემთხვევაზე თქვენ მიმართ მხოლოდ თქვენი აზროვნებით, გამონაკლისის სახით ყოველგვარი, ასე ვთქვათ, თქვენში ფესვგადგმული „სუბიექტური ემოციურობის“ გარეშე, და თვითონ გაოცდებით, როგორი რეაგირებაა ამ ყველაფრის მიმართ.

 

რა არის ამაში საშინელი?

 

ეს მხოლოდ ჩვეულებრივი სახლის თაგვია, ყველაზე უფრო უვნებელი და უწყინარი ცხოველია.

 

და აი, გეკითხებით, როგორ უნდა ავხსნათ ყოველივე თქმული იმ ნების მიერ, რომელიც, ვითომ ყოველ ადამიანს აქვს?

 

როგორ უნდა შევათავსოთ ის, რომ ადამიანს თავზარი ეცემა პატარა მფრთხალი, ქმნილებებს შორის ყველაზე უფრო მშიშარა, თაგვისგან, ასევე ათასობით ასეთივე უმნიშვნელო წვრილმანებისგან, რომლებიც, შესაძლოა, არასოდეს გადახდება თავს, და, მიუხედავად ამისა, მაინც თავზარს არ სცემს საკუთარი სიკვდილის გარდაუვალობა?

 

ყოველ შემთხვევაში, ასეთი აშკარა წინააღმდეგობის ახსნა განთქმული ადამიანური ნების მოქმედებით შეუძლებელია.

 

როდესაც ეს წინააღმდეგობა განიხილება ღიად, ყოველგვარი წინასწარ შექმნილი ცუდი აზრის გარეშე, ანუ ყოველგვარი მზა გაგების გარეშე, რომელი გაგებებიც სხვადასხვა ე.წ. „ავტორიტეტის“ (რომლებიც ასეთები გახდნენ, უმრავლეს შემთხვევაში, ადამიანთა გულუბრყვილობისა და „ჯოგური ინსტინქტის“ გამო და ჩვენს აზროვნებაში გაჩენილი არანორმალური აღზრდის შედეგების გამო) ბრძნობებიდნ არის ნასესხები, ცხადი ხდება, რომ ეს საშინელებები, რომლებისგანაც ადამიანს არ უჩნდება, როგორც უკვე ვთქვით, თავის ჩამოხრჩობის იმპულსი, თვითონ ბუნების მიერ არის დაშვებული იმდენად, რამდენადაც ჩვენი ჩვეულებრივი არსებობის პროცესისთვის არის აუცილებელი.

 

და, მართლაც, მათ გარეშე, ამ, ობიექტური მნიშვნელობით, როგორც იტყვიან, „რწყილის ნაკბენთა“ გარეშე, რომლებიც თუმცა „წარმოუდგენელ საშინელებად“ გვეჩვენება, ჩვენში საერთოდ არავითარი განცდები არ იქნებოდა, არც სიხარულის, არც უბედურების, არც იმედის, არც გულგატეხილობის და ა.შ., ასევე არ გვექნებოდა საზრუნავი, სტიმულები, მისწრაფებები და, საერთოდ, ყოველგვარი იმპულსი, რომლებიც მოქმედებისკენ, რაიმეს მიღწევისკენ, რაიმე მიზნისკენ მისწრაფებისკენ გვიბიძგებს.

 

სწორედ ეს ავტომატური, შეიძლება ითქვას, „ბავშვური განცდები“, რომლებიც ჩვეულებრივ ადამიანში ჩნდება და მიმდინარეობს, ერთი მხრივ, მის ცხოვრებას შეადგენს და ეხმარება, მეორე მხრივ კი, იმის შესაძლებლობასა და დროს არ აძლევს, რომ მან რეალობა დაინახოს და იგრძნოს.

 

ჩვეულებრივ თანამედროვე ადამიანს რომ მისცემოდა იმის შესაძლებლობა, რომ გაეცნობიერებინა და ხსომებოდა, მხოლოდ აზრობრივად მაინც, რომ გარკვეულ ცნობილ რიცხვში, მაგალითად, ხვალ, ერთი კვირის, თვის ან წლის, ან ორი წლის შემდეგაც კი, ის მოკვდება, და უთუოდ მოკვდება, მაშინ რაღა რჩება იმ ყველაფრისგან, რაც მანამდე მის მთელ ცხოვრებას ავსებდა და შეადგენდა?

 

ყველაფერი თავის აზრსა და მნიშვნელოვნობას დაკარგავდა მისთვის. რა მნიშვნელობა ექნებოდა მაშინ მისთვის გუშინ მიღებულ ორდენს მსახურებისთვის, რომელიც მას ასე ახარებდა, ან ახლახან შენიშნული „იმედის მომცემ მზერას ქალისა“, რომელიც დიდი ხანია მისი მუდმივი და დაუჯილდოებელი სურვილის ობიექტი იყო, ან დილის ყავასთან ერთად გაზეთს, ან მეზობლის მოკრძალებულ სალამს კიბეზე, ან თეატრს საღამოს, დასვენებასა და ძილს, ყველა მის საყვარელ საგანს – რა ღირებულება ექნება მაშინ ამ ყველაფერს?

 

ამ საგნებს ის მნიშვნელობა აღარ ექნებოდა, რომელიც მანამდე ეძლეოდა, თუ ადამიანს ეცოდინებოდა კიდეც, რომ სიკვდილი მას მხოლოდ ხუთი თუ ექვსი წლის შემდეგ მოაკითხავს.

 

მოკლედ რომ ვთქვათ, საკუთარი სიკვდილისთვის, როგორც იტყვიან, „პირდაპირ“ ყურება ჩვეულებრივ ადამიანს არ შეუძლია და არ მართებს – ასე ვთქვათ, „საამისო ძალა არ შესწევს“, და მას კითხვა გაუჩნდებოდა: „მაშ რატომ უნდა ვიცხოვროთ, ვიშრომოთ და ვიტანჯოთ?“

 

სწორედ იმისთვის, რომ ასეთი კითხვა არ გაჩნდეს, დიადმა ბუნებამ, დარწმუნდა რა იგი, რომ ადამიანთა უმრავლესობის საერთო თანდასწრებებში უკვე შეწყვიტა არსებობა ღირსეული გამოვლენების ფაქტორებმა, რომელი გამოვლენებიც სამტვინიან არსებებს შეეფერებათ, საბედნიეროდ, ბრძნულად დაიცვა ისინი, როდესაც მათში იმ უღირსი, სამტვინიანი არსებებისთვის შეუფერებელი, თვისებების სხვადასხვა შედეგის გაჩენა დაუშვა, რომელ თვისებებსაც საჭირო რეალიზაციის არარსებობის დროს, მოაქვს ის, რომ ისინი რეალობას ვერ აღიქვამენ და ვერ აცნობიერებენ.

 

და დიადი ბუნება იძულებული იყო შესწყობოდა ასეთ, ობიექტური მნიშვნელობით, არანორმალურობას იმის გამო, რომ, თვითონ ადამიანების მიერ დამყარებული მათი ჩვეულებრივი ცხოვრების პირობების გამო, ზოგადკოსმოსური მიზნებისთვის აუცილებელი მათი გამოსხივებების ხარისხის გაუარესება დაჟინებით მოითხოვდა (წონასწორობის დაცვისთვის) ამ ცხოვრებების გაჩენისა და არსებობის რაოდენობის გაზრდას.

 

აქედან გამოდის, რომ ცხოვრება ადამიანებს ეძლევა არა თვითონ მათთვის, არამედ ცხოვრება აუცილებელია ხსენებული უმაღლესი კოსმოსური მიზნებისთვის, რის გამოც დიადი ბუნება ამ ცხოვრებას იცავს ისე, რომ იგი მეტ-ნაკლებად გასაძლისი ფორმით მიედინებოდეს, და ზრუნავს იმაზე, რომ ეს ცხოვრება უდროოდ არ შეწყდეს.

 

 


კომენტარები