ბრბოზე ზემოქმედება ხატების მეშვეობით

ბრბოზე ზემოქმედება ხატების მეშვეობით

გუსტავ ლე ბონი – ფრანგი ენციკლოპედისტი, რომლის ინტერესთა სფეროები მოიცავდა ფსიქოლოგიას, ანთროპოლოგიას, სოციოლოგიას, მედიცინას, ფიზიკას. 

 

ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი გუსტავ ლე ბონის წიგნიდან – „მასების ფსიქოლოგია“. 

 

... ვსწავლობდით რა ბრბოს წარმოსახვას, ჩვენ ვიხილეთ, რომ მასზე ძალიან ადვილია ზემოქმედების მოხდენა, განსაკუთრებით ხატების მეშვეობით. ასეთი ხატები ყოველთვის არ გვაქვს ხელთ, მაგრამ მათი მოხმობა შესაძლებელია სიტყვებისა და ფორმულების ოსტატურად გამოყენების გზით. ოსტატურად დამუშავებული ფორმულები მართლაც იძენენ იმ მაგიურ ძალას, რომელსაც მას ოდესღაც მაგიის ადეპტები მიაწერდნენ. მათ ძალუძთ ბრბოს სულში ყველაზე ბობოქარი გრიგალი აღძრან, მაგრამ მისი დაოკებაც შეუძლიათ.

 

ხეოფსისაზე მაღალი პირამიდის აგებაა შესაძლებელი იმ ადამიანთა ძვლებით, რომლებიც სიტყვებისა და ფორმულების მსხვერპლად იქცნენ.

 

სიტყვათა ძალმოსილება მათ მიერ მოხმობილ ხატებთან მჭიდრო კავშირში იმყოფება და სრულიად არ არის დამოკიდებული მათ რეალურ მნიშვნელობაზე. ხშირად სიტყვები, რომლებსაც ყოვლად გაურკვეველი აზრი აქვთ, ბრბოზე უდიდეს გავლენას ახდენენ.

 

ასეთია, მაგალითად, შემდეგი ცნებები: დემოკრატია, სოციალიზმი, თანასწორობა, ძმობა და ა.შ. – ეს იმდენად განუსაზღვრელი ტერმინებია, რომ სქელტანიან ტომებშიც კი ვერ ხერხდება მათი აზრის განმარტება. იმავდროულად, ისინი უდავოდ შეიცავენ მაგიურ ძალას, თითქოს მართლაც მათში იყოს დაფარული ყველა პრობლემის გადაწყვეტის გასაღები. ისინი წარმოადგენენ სინთეზს ყველა გაუცნობიერებელი სწრაფვისა და მათი რეალიზაციის იმედს. ვერც საღი აზრითა და ვერც დარწმუნებით იბრძოლებთ კონკრეტული სიტყვებისა და ფორმულების წინააღმდეგ. მათ ბრბოს წინაშე მოწიწებით წარმოთქვამენ, სახეთა გამომეტყველება კი მყისიერად მოკრძალებული ხდება და ისინი თავებს ხრიან.

 

მრავალი უმზერს მათ, როგორც ბუნების, ზებუნებრივ ძალებს. ისინი სულში გრანდიოზულ და ამაღელვებელ ხატებს იწვევენ, მათი გარემომცველი განუსაზღვრელობა კი მხოლოდ ზრდის მათ იდუმალ ძალმოსილებას. ისინი სამლოცველოს უკან მიმალულ იდუმალ ღვთაებებს წარმოადგენენ, რომლებსაც მორწმუნენი მოწიწებით მიმართავენ.

 

ხატები, გამოწვეული სიტყვების მიერ, მიუხედავად მათი აზრისა, დროისა და ერების მიხედვით იცვლება, თუმცა თავად ფორმულები უცვლელი რჩება. ზოგ სიტყვას დროებით უკავშირდება ყველასათვის ცნობილი ხატები, რომლებსაც ისინი იწვევენ.

 

ასეთი შემთხვევისას სიტყვა თამაშობს ზარის როლს, რომელიც მათ გამოჩენას იწვევს.

 

ყველა სიტყვა და ფორმულა არ ფლობს ხატების გამოწვევის უნარს. ისეც ხდება, რომ სიტყვები, რომლებიც ადრე ხატებს იწვევდნენ, ცვდება და უკვე ვეღარაფერს აღვიძებს გონებაში. ასეთ დროს ისინი ცარიელ ბგერებად იქცევიან, რომელთა ერთადერთი სარგებელი იმაში მდგომარეობს, რომ ფიქრის ვალდებულება აარიდოს მათ, ვინც მათ იყენებს.

 

გაგვაჩნია რა ასეთი ფორმულებისა და ახალგაზრდობისას დასწავლილი ზოგადი ფრაზების მცირე მარაგი, ჩვენ ყველაფერი გაგვაჩნია საიმისოდ, რომ განვვლოთ ცხოვრება მსჯელობით, თავის დაღლის გარეშე.

 

მოცემული ენის ლექსიკონში შემავალი სიტყვები საუკუნეთა განმავლობაში ძალიან მდოვრედ იცვლება, მაგრამ უწყვეტად იცვლება ხატები, რომლებსაც ისინი იწვევენ, და აზრი, რომელსაც მათ ანიჭებენ. ამიტომაც გამოვთქვი აზრი, რომ რომელიმე ენაზე არსებული გამოთქმის ზუსტი თარგმანი, განსაკუთრებით თუ საქმე გადაშენებულ ერს ეხება, – შეუძლებელი რამაა. სინამდვილეში, რას ვაკეთებთ ჩვენ, მაგალითად, როდესაც ლათინური, ბერძნული ან სანსკრიტული ცნების ნაცვლად ფრანგულ ტერმინს ვიყენებთ, ან ვცდილობთ გავიგოთ წიგნი, რომელიც ჩვენ მშობლიურ ენაზეა დაწერილი ორი ან სამი საუკუნის წინ? ჩვენს გონებაში თანამედროვე ყოფის მიერ ჩამოყალიბებული ხატებითა და იდეებით ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვანაცვლებთ იმ ცნებებსა და ხატებს, რომლებიც სრულებით არ ჰგვანან ჩვენსას და ძველი ყოფის გავლენით იქნა ჩამოყალიბებული მენტალობაში ერებისა, რომლებიც არსებობის სრულიად განსხვავებულ პირობებში იმყოფებოდნენ. როდესაც რევოლუციონერები ძველ ბერძნებსა და რომაელებს ბაძავდნენ, ნუთუ იმ აზრს არ ანიჭებდნენ მათ სიტყვებს, რომელიც ამ უკანასკნელთ არასოდეს ჰქონიათ? რა მსგავსება შეიძლება იყოს, მაგალითად, ძველი ბერძნების ინსტიტუტებსა და მათ შორის, რომლებიც დღეს ატარებენ ანალოგურ სახელწოდებებს? რას წარმოადგენდა იმ დროს რესპუბლიკა, თუ არა ინსტიტუტს, რომელიც საკუთარი არსით არისტოკრატიული იყო, თავყრილობას წვრილი დესპოტებისა, რომლებიც აბსოლუტურ მორჩილებაში მყოფ მონებზე ბატონობდნენ? ეს კომუნალური არისტოკრატიები, რომლებიც მონობას ეფუძნებოდნენ, მის გარეშე ერთ წუთსაც ვერ გაძლებდნენ.

 

სიტყვა „თავისუფლება“? ნუთუ შესაძლებელია, რომ მისი მნიშვნელობა იგივე ყოფილიყო, რაც ახლაა, იმ ეპოქაში, როდესაც თავისუფლად აზროვნების დაშვების შესაძლებლობაც კი წარმოუდგენელი იყო და არ არსებობდა უფრო დიადი და იშვიათი დანაშაული, ვიდრე ღმერთების, კანონებისა და სახელმწიფოს ადათებზე საუბარი? სიტყვა „სამშობლო“ კი, მაგალითად, რომელიმე ათენელის ან სპარტელის მენტალობაში მხოლოდ ათენის ან სპარტის კულტთან ასოცირდებოდა და არა მთელ საბერძნეთთან, რომელიც ერთმანეთის  მოქიშპე ქალაქებისგან შედგებოდა.

 

რა დატვირთვა ჰქონდა იმავე სიტყვას „სამშობლო“ ძველ გალებთან, რომლებიც მოპაექრე ტომებად იყვნენ დაყოფილნი, განსხვავდებოდნენ რა ერთმანეთისგან ეროვნების, ენისა და რელიგიის მიხედვით, რომლებიც ასე ადვილად დაამარცხა კეისარმა, რადგან ყოველთვის ჰყავდა მათ შორის მოკავშირეები? მხოლოდ რომმა მისცა გალებს სამშობლო, მიანიჭა რა მათ პოლიტიკური და რელიგიური ერთიანობა. ასეთ სიღრმეში რომ არ წავიდეთ, ჩვენ ვხედავთ, რომ სულ რაღაც ორი საუკუნის წინათაც კი სიტყვა „სამშობლო“ სრულიად სხვაგვარად ცნობიერდებოდა, ვიდრე დღეს, მაგალითად ისეთი ფრანგი არისტოკრატების მიერ, როგორიც კონდე იყო, ვინაც უცხოელებთან დაამყარა კავშირი საკუთარი მეფის წინააღმდეგ. და, ნუთუ განსხვავებული აზრი არ ჰქონდა იმავე სიტყვას ემიგრანტებისთვის, ვინც ფიქრობდა, რომ ღირსების კანონებს ემორჩილებოდა, იბრძოდა რა საფრანგეთის წინააღმდეგ?  მათი თვალსაზრისით ისინი, რასაკვირველია, ემორჩილებოდნენ ამ კანონებს, რადგან ფეოდალური კანონი ვასალს მის მბრძანებელს და არა მიწას აბამს და, შესაბამისად, სადაც მბრძანებელია, იქაა ჭეშმარიტი სამშობლოც.

 

მრავალია ისეთი სიტყვა, რომელთა მნიშვნელობა მსგავსი გზით შეიცვალა, მათ საწყის მნიშვნელობამდე მისვლა კი სრულებით არ არის იოლი. სამართლიანად შენიშნავენ, რომ ბევრი უნდა წაიკითხო, სანამ იმის გაცნობიერებას შეძლებ, თუ რას ნიშნავდა წინაპრებისთვის ისეთი სიტყვები, როგორიც მეფე და სამეფო გვარია. უფრო რთული ცნებების შესახებ რაღა უნდა ვთქვათ?

 

ამგვარად, სიტყვების მნიშვნელობა ცვალებადი და დროებითია და ეპოქისა და ერის მიხედვით იცვლება. თუ ჩვენ ამ სიტყვებით გვსურს ბრბოზე ზემოქმედება, უპირველეს ყოვლისა ის უნდა ვიცოდეთ, რა მნიშვნელობა აქვთ მათ მოცემულ მომენტში, და არა ის, თუ რას გულისხმობდნენ ისინი ოდესღაც ან გულისხმობენ ინდივიდებისთვის, ვისაც განსხვავებული მენტალური ორგანიზაცია გააჩნია.

 

ამგვარად, როდესაც მრავალი პოლიტიკური მოლაპარაკებისა და რელიგიურ აღმსარებლობათა ცვლილების შემდეგ ბრბოში ღრმა ანტიპათია ჩნდება კონკრეტული სიტყვების მიერ გამოწვეული ხატებისადმი, სახელმწიფო მოღვაწის უპირველესი ვალდებულება ლექსიკის შეცვლა უნდა იყოს. ამასთან ერთად, რასაკვირველია, ის არ უნდა შეეხოს საგანთა არსს, რადგან ეს უკანასკნელი მჭიდროდ არის დაკავშირებული ერის მემკვიდრეობით ბუნებას, რათა მათი ცვლილება გახდეს შესაძლებელი.

 

ტოკვილმა გონივრულად მიაქცია ყურადღება იმას, რომ საკონსულოებისა და იმპერიების შრომა ძირითადად იმაში მდგომარეობდა, რომ წარსულ ინსტიტუტთა უმრავლესობა ახალი სიტყვებით შეემოსა, ანუ ის სიტყვები, რომლებიც ბრბოში არასასიამოვნო ხატებს იწვევდნენ, შეეცვალა სხვებით, რომელთა სიახლე ხელს უშლიდა ამ ხატების გამოჩენას. ასე მოხდა, მაგალითად, გადასახადების სახელწოდების შეცვლა, თუმცა გადასახადი და მოსაკრებელი არსებითად ერთი და იგივეა.

 

ამდენად, სახელმწიფო მოღვაწის მთავარი ვალდებულება პოპულარული ან ნეიტრალური სახელწოდებების მინიჭება უნდა იყოს იმ საგნებისა და მოვლენებისთვის, რომლებსაც ბრბო უწინდელი სახელწოდებებით ვეღარ იტანს. სიტყვის ძალა იმდენად დიდია, რომ საკმარისია ნატიფი სახელწოდება მოიგონოთ ყველაზე ამაზრზენი მოვლენისთვის, რომ ბრბო მყისიერად მიიღებს მას. ტენი სამართლიანად შენიშნავს, რომ, სახელდობრ ძმობისა და თავისუფლების – იმ დროს უკიდურესად პოპულარული ცნებების – გამოყენებით შეძლეს იაკობინელებმა „დაჰომეის ღირსი დესპოტიზმის და ინკვიზიციის ღირსი სასამართლოს დანერგვა და ორგანიზება ადამიანთა ჰეკატომბებისა, რომლებიც მექსიკის ჰეკატომბებს მოგვაგონებენ.“ მბრძანებელთა, ისევე, როგორც ადვოკატთა ხელოვნება სწორედ სიტყვებთან მოპყრობაში გამოიხატება.

 

ამ ხელოვნების ძირითადი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ერთსა და იმავე საზოგადოებაში, მაგრამ განსხვავებულ სოციალურ ფენაში, ერთსა და იმავე სიტყვას ხშირად განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. გარეგნულად ამ ფენებში ერთსა და იმავე სიტყვებს იყენებენ, მაგრამ მათ არასდროს აქვთ ერთი და იგივე მნიშვნელობა.

 

წინამორბედ მაგალითებში ჩვენ დრო აღვნიშნეთ, როგორც სიტყვათა შინაარსის ცვლილების მთავარი ფაქტორი. თუ, აქ ჩვენ ეროვნებასაც დავამატებთ, დავინახავთ, რომ ერთსა და იმავე ეპოქაში თანაბრად ცივილიზებულ, მაგრამ განსხვავებულ ერებთან ერთი და იგივე სიტყვები სხვადასხვა იდეის მატარებლები არიან. ამ განსხვავებათა გაცნობიერება რთულია მრავალრიცხოვანი მოგზაურობის გარეშე, ამიტომ ამ საკითხზე აღარ შევჩერდები. მხოლოდ იმის აღნიშვნით შემოვიფარგლები, რომ ბრბოს მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებად სიტყვებს სხვადასხვა ხალხებთან განსხვავებული მნიშვნელობა აქვთ. ასეთებს მიეკუთვნება, მაგალითად, „დემოკრატია“ და „სოციალიზმი“, რომლებიც ფრიად პოპულარულია დღეს. სინამდვილეში ეს სიტყვები სრულიად საპირისპირო ხატებს შობენ რომანულ და ანგლოსაქსონურ ბრბოებში. ლათინელებთან სიტყვა „დემოკრატია“ უმთავრესად ნიშნავს ინდივიდის ნებისა და ინიციატივის გაქრობას თემთა ნებასა და ინციატივასთან შედარებით, რომლებსაც სახელმწიფო წარმოადგენს. სახელმწიფოს ეკისრება სულ უფრო მეტად ყველაფრის ხელმძღვანელობის, ცენტრალიზებისა და მონოპოლიზების ვალდებულება, სახელმწიფოს მიმართავს გამუდმებით ყველა პარტია უკლებლივ – რადიკალები, სოციალისტები, მონარქისტები. ანგლოსაქსებთან ამერიკაში იგივე სიტყვა „დემოკრატია“, პირიქით, ნიშნავს ნებისა და ინდივიდის მაქსიმალურად განვითარებას და სახელმწიფოს შეძლებისდაგვარად ჩამოშორებას, რომელსაც არაფრის მართვას ანდობენ, სახალხო განათლების ჩათვლით. მას მხოლოდ პოლიცია, ჯარი და დიპლომატიური ურთიერთობები რჩება.

 

ამგვარად, იგივე სიტყვა, რომელიც ერთ ხალხში ნებისა და ინდივიდუალური ინიციატივის აღმოფხვრისა და სახელმწიფოს გაბატონების მნიშვნელობას იძენს, მეორესთან სულ სხვა აზრის მატარებელია და სწორედ ინდივიდუალური ნების და ინიციატივის ჭარბ განვითარებასა და საქმეთაგან სახელმწიფოს ჩამოშორებას გულისხმობს.

 

 

 

 

 

 


კომენტარები