ნიცშეს მოძღვრება ახალ ადამიანზე და თანამედროვეობა

ნიცშეს მოძღვრება ახალ ადამიანზე და თანამედროვეობა

*ეს მოხსენება მიწვევით წავიკითხე ფილოსოფიის ინსტიტუტში 2007 წლის 10 აპრილს. იქ იყო მაშინდელი ფილოსოფიის ინსტიტუტის მთელი შემადგენლობა. მოხსენება ვერ იქნა გაგებული და მის გარშემო ვერ გაიმართა დისკუსია. გამოვიდა შეაყარე კედელს ცერცვი. მოხსენება აქამდე არ გამომიქვეყნებია ჩემს ბლოგში. ის საკმაოდ შევამცირე. შვებას მგვრის ის, რომ ყველა ჩემი ანტილიბერალური ნამსჯელი, რასაც სხვადასხვა წლებში გამოვთქვამდი, სწორი აღმოჩნდა. (სექტ. 2018 წ.) – ავტორი, გოჩა გვასალია

 

იხ. სტატიის წყარო

 

იხ. ავტორის წიგნი

პატივცემულო კოლეგებო, ეს მცირე მოხსენება არ დავამძიმე ნიცშესეული ციტატებითა და ნიცშეს შემსწავლელ მკვლევართა დამოწმებებით. მოხსენება მიზნად ისახავს დიალოგსა და აქ დაყენებული საკითხების ერთობლივ განხილვას. ესაა შემამზადებელი განსჯა. ესაა მხოლოდ  დასაწყისი. ფილოსოფიის ინსტიტუტი სწორედ იმ ადგილად მიმაჩნია, სადაც ასეთ საკითხებზე კოლეგების საფუძვლიანი მსჯელობა იქნება შესაძლებელი. მადლობა ყველას ჩემი აქ მოწვევისათვის. სადღეისოდ ნიცშეს ხშირად მიმართავენ ქართველი ლიბერალი ეპიგონები და მათი ნამსჯელით ისე ჩანს, რომ ნიცშე იყო ტოტალიტარიზმის კრიტიკოსი, ლიბერალიზმის წინამორბედი და მისი ერთ-ერთი იდეური მამათაგანი. მეორე ფილოსოფოსი, ვისაც ლიბერალი კოგნიტარიები ხშირად მიმართავენ, არის ჰაიდეგერი, რომელიც ასევე ლიბერალიზმის განაშუქშია ინტერპრეტირებული. ეს დიდი ცდომილებაა. ნიცშეც და ჰაიდეგერიც იყვნენ ანტილიბერალური ნაკადის წარმომადგენელნი დასავლურ ფილოსოფიაში.

 

დღეისათვის ფილოსოფოსი მსჯელობას უნდა იწყებდეს იმით, რომ ლიბერალიზმმა ვერ გადაწყვიტა ზნეობრივი ცხოვრების პრობლემა. ლიბერალიზმი გვპირდებოდა, რომ ის ჰარმონიულ საზოგადოებას შექმნიდა და ადამიანის სრულყოფისათვის ყველა პირობას შექმნიდა. ვხედავთ იმას, რომ მთელი სისტემა თერიომორფულია, ანტიქრისტიანულია. მხოლოდ იმის თქმა, რომ სოციუმი დეჰუმანიზებული და ექსტრემისტულად მარკეტიზებულია, არაა საკმარისი. საბაზრო ეკონომიკის მიღწევები, ტექნიკური პროგრესი, მოსახმარის სიუხვე და კონსიუმერიზმის საყოველთაო ხელმისაწვდომობა მოწოდებულია ამის გამართლებისათვის. ანთროპტოზისის (ადამიანის სიკვდილი) შემდეგ ჰორიზონტზე გამოიკვეთა ბიომექანოიდის, სმარტ-მელიორიზებული (პროგრამულად გაუმჯობესებული), აუგმენტირებული homo sapiens-ის და რობოტული გონების სილუეტი. ესაა კომპიუტერული ევგენიკა.

 

ლიბერალურმა სისტემამ ვერ შექმნა ახალი ადამიანი. ყურადღება გადატანილია ახალ-ახალი ტექნიკური მიღწევების შექმნაზე. ამით უნდა გამართლდეს ჰუმანიტარულ სარბიელზე განცდილი მარცხი. ლიბერალური სისტემა ცდილობს, რომ საკუთარი ნაკლოვანებანი გაამართლოს ტექნიკურ პროგრესზე მითითებით. მიმაჩნია, რომ ესაა ნეოტექნოკრატიზმის ტრენდი დასავლურ ჰუმანიტარისტიკაში.  XIX-ის  80-იან წლებში ადამიანის გონებას ხოტბას აღუვლენდნენ და ის ევოლუციის უმაღლეს მიღწევად და სამყაროს გვირგვინად მიიჩნეოდა. ნიცშემ თავისი ირონიით გაკილა ევროპული პროგრესიზმი. მისთვის ადამიანი ევოლუციის ჩიხია. მან ფილოსოფიას მიზნად დაუსახა ახალი ადამიანის, იუბერმენშის შექმნა. ნიცშემ როგორც ფრანგი ათეისტების მემკვიდრემ ახალი ადამიანის შექმნა დაუკავშირა ქრისტიანობის უარყოფასა და ღმერთის სიკვდილის იდეას. ნიცშესეული ანთროპოდიცეა ეს ფილოსოფიური ევგენიკაა, სადაც მთლად ნათელი არაა, რაზე დაყრდნობით არის შესაძლებელი ზეკაცის მოვლინება. ამის მიუხედავად ნიცშესეული იუბერმენშის საკითხი ინარჩუნებდა უდიდეს აქტუალობას მთელი XX საუკუნის მანძილზე და ასეთადვე შთება ის XXI საუკუნეში.

 

შეცდომაა, როდესაც ნიცშესეული ზეკაცის იდეა 1945 წლის შემდეგ უარიყო ნაციზმის დანაშაულებებზე მითითებით. იუბერმენშის გაკილვა არასოდეს ყოფილა დამაჯერებელი 1950-80-იან წლებში. ახალი ადამიანის შექმნის იდეა უძველესია და ის მითოსიდან მომდინარეობს. ყოველი პოლიტიკური სისტემა ცდილობდა ახალი ადამიანის შექმნას. არ არსებობს სოციალური პროექტივიზმი და უტოპია homo novus-ის იდეის გარეშე. ლიბერალ-კაპიტალიზმის უტოპია ახალი ადამიანის შექმნას ცდილობს ადამიანის უფლებებზე დაყრდნობით. უკვე დროა ითქვას, რომ მან ვერ შექმნა ახალი ადამიანი. ასევე გადამეტებული იყო 90-იანი წლების დამდეგიდან მომდინარე საუბარი ინფორმაციულ ერასა და ერთიან პლანეტარულ ცნობიერებაზე. ნიცშე იყო არა მხოლოდ ლიბერალიზმის კრიტიკოსი. ის იყო დასავლეთის კულტურის კრიტიკოსი, რომელმაც განჭვრიტა ევროპის კატასტროფა, ადამიანის კრიზისი და ყველა ღირებულების უარყოფა. საკითხი უფრო ღრმაა, ვიდრე ლიბერალთა მცდარი და გაჭიანურებული საუბარი ტოტალიტარულ სისტემებზე.

 

ლიბერალებმა საკუთარი სისუსტე დაფარეს ბოლშევიზმზე მეტად გაწელილი, თეატრალური ლაპარაკით. ფაქტობრივად, მათ ხელში კრიტიციზმი გადაიქცა იდეოლოგიად. მათ სურთ წარმოაჩინონ, რომ სწორედ ახლა დამდგარა ის იდეალური კეთილჟამობა, რასაც აქამდე არავინ მოსწრებია. დასავლელი სოციალ-ლიბერალები და საბაზრო ნეოკონსერვატორები ამტკიცებენ, რომ ფუკუიამასეული უკანასკნელი ადამიანი არის მსოფლიო ისტორიის ის რჩეული ახალი ადამიანი ვინც დაასრულა ისტორია და დასაბამი დაუდო პლანეტარულ ლიბერალურ ეპოქას. ეს ახალი ადამიანი ახალ მსოფლიო წესრიგს, ლიბერალურ კოსმოსს წარმოადგენს. სინამდვილეში ლიბერალური ახალი ადამიანი ნიცშესეული უკანასკნელი ადამიანია, ის უნტერმენშია, რომლის გამოც ნიცშე განგაშს ტეხდა.

 

რა არის ეს ლიბერალი ახალი ადამიანი, რომელზეც ამდენს საუბრობდნენ გასული საუკუნის 90-იანი წლების დამდეგიდან? არის თუ არა ეს ახალი საფეხური ადამიანის ევოლუციაში? ჩვენ არაფერი გვიხილავს ისეთი, რომ შეიძლებოდეს მსჯელობა ახალ ადამიანსა და ახალ ცნობიერებაზე. თანამედროვე კულტურა არის მხოლოდ გამართლება და დაფარვა იმისა, რომ ადამიანმა ვერ შეძლო ცნობიერების ახალ საფეხურზე ასვლა. ახალ ცნობიერებასა და ინფორმაციულ საზოგადოებაზე საუბარი ძალზე გადამეტებული და ნატყუარი იყო.

 

ნიცშეთი ჩვენი აღტაცება და გატაცება გაუაზრებელია. ჩვენ გვინდა ვიყოთ ლიბერალებიც, ეკლესიური ქრისტიანებიც და თან ნიცშეანელებად ვაჩვენებთ თავს. თუ ნიცშეს ვეთანხმებით იმაში, რომ უნდა დაიძლიოს ადამიანი და ფუძე ჩაეყაროს ადამიანის ახალ სახეობას, მაშინ როგორ უნდა იქნეს მოძიებული არსებულ კულტურაში საამისო გზა? რა არის სადღეისოდ კულტურა? როგორია კულტუროსანი და  კულტურტრეგერი ადამიანი? რა შეიძლება იყოს ტელეოლოგია პოსტმოდერნული უმიზნობის და უკიდურესი ფრაგმენტაციის დროს?

 

ტექნიკური პროგრესი კვლავ და კვლავ აყენებს ადამიანის ბიოლოგიური სახეობის გაუმჯობესების იმ საკითხს, რომელიც მითოსური დროიდან მომდინარეობს და ყოველთვის არსებობს ყველა დროის კულტურაში. თანამედროვე გენური ინჟინერია და მის მიერ დასახული ამოცანა სხვა არა არის რა, თუ არა ევგენიკა. ნიცშეს ფილოსოფიური იმპერატივის გათვალისწინებით ნაციონალ-სოციალისტები ერთობ ბრუტალურად და დიდი თავგანწირვით  ცდილობდნენ გაერღვიათ ადამიანის ევოლუციური შეზღუდულობა და გზა გაეკვლიათ ახალი სახეობის შექმნისაკენ. ამ მიზნის მისაღწევად ნაცისტებმა მიმართეს ძველგერმანული ტომების წარმართულ რიტუალებს, ირმინიზმს, ეზოთერისტთა და ალქიმიკოსთა სწავლებებს და ტიბეტურ მაგიასაც კი. სწორედ ამის გამო ევგენიკა დღემდე შერისხული რჩება  და თავად ამ ტერმინის გამოყენებასაც გაურბიან. ევგენიკის პრობლემის მისაჩუმათებლად ითქმოდა დენაციფიკაციის დროიდან, რომ ნაცისტებმა გააყალბეს ნიცშეს ფილოსოფია. კი მაგრამ, როდესაც ახლანდელი ლიბერალები ნიცშეს მიმართავენ, მათ როდის გაარკვიეს რა გააყალბეს ნაცისტებმა ნიცშეს ფილოსოფიაში? ლიბერალები ამ კითხვას არასოდეს აყენებენ. როდის აქეთ გახდა ნიცშე ლიბერალი? კონკრეტულად რა იზიდავთ ლიბერალებს ნიცშეს ფილოსოფიაში? ნიცშე იყო ნონკონფორმიზმის, ჯანყიერობის და კრიტიციზმის ეტალონი დასავლურ ფილოსოფიაში. ნიცშეთი აღტაცებული ლიბერალები კი იყვნენ და არიან კონფორმიზმის, სერვილიზმის და ეპიგონობის ეტალონი. ეს მათ მიჩქმალეს ნიცშესეული რესენტიმენტული ადამიანის და შინაგანი სიბილწის (innere Besudelung) საკითხი. რას გულისხმობენ, როდესაც წარმოაჩენენ საკუთარ აღტაცებას ნიცშეთი? წარმართები არიან? ქრისტიანობის უარმყოფელნი არიან? სრულყოფის საღვაწოში დგანან და ზეკაცობას ესწრაფიან? არსებული კულტურის რადიკალური კრიტიკოსები არიან? არაფერიც არ არიან. თუ ეს ასეა და მაშ რაღას ნიშნავს ნიცშეთი მათი აღტაცება? რამ აღიტაცა ისინი და თუ რაიმემ აღიტაცა, რაღად შთებიან კონფორმისტებად და რესენტიმენტულ ტიპაჟებად?

 

პოსტმოდერნის მიერ ნიცშეს ცალკეულ დებულებათა გამოყენება არის გაცილებით უარესი გაყალბება, ვიდრე ნაცისტების მიერ ნიცშეს გამოყენება. პოსტმოდერნი ლიბერალიზმის პოლიტიკურ იდოლოგიად და საბაზრო ექსტრემიზმის გამართლებად იქცა. პოსტმოდერნმა დაადასტურა ქრისტიანობის სიკვდილი. ქრისტიანობა გაანადგურა საბაზრო ფუნდამენტალიზმმა და ნეოლიბერალიზმმა. ქრისტიანობა მოკვდა როგორც დიდი ორგანიზაცია. ახლა ქრისტიანობა შესაძლებელია მხოლოდ მცირე თემებში, სადაც მოყვასნი ერთმანეთს იცნობენ და შესაძლებელია საუბარი ქრისტეს სწავლებაზე. ნიცშესეული უკანასკნელი ადამიანი არის ქრისტიანობის მკვლელი. ის არის რესენტიმენტული მდაბიორი, რომლის აღზევების გამო ნიცშემ სამერმისო საფრთხე განჭვრიტა. ფრენსის ფუკუიამამ უკანასკნელი ადამიანის ცნება ნიცშეს ფილოსოფიიდან აიღო. უკანასკნელი ადამიანი ლიბერალიზმის მარადიული მედროშე და ისტორიის დამასრულებელი ახალი ადამიანი უნდა ყოფილიყო. ისტორია არ დასრულდა ლიბერალიზმით. ლიბერალიზმი დადგა დიდი დამარცხების შესაძლებლობის წინაშე. პოსტმოდერნი არაა ის ფილოსოფია, რომელიც დიდხანს გაატანს და რაიმე კვალს დატოვებს აზროვნების ისტორიაში. პოსტმოდერნს ლიბერალიზმის დამარცხებამდე წარხვეტს დროის ქროლა. ეს ახლაა, რომ პოსტმოდერნი ჭეშმარიტ ფილოსოფიად და თავისუფალი ლიბერალი ინდივიდის სწრაფვასთან სრულ შესაბამისობაში მყოფ მოძღვრებად საღდება. მიუხედავად ტერმინთა და ცნებათა სიმდიდრისა, მიუხედავად ვეება სოფისტური კასკადებისა, პოსტმოდერნი გაცილებით სუსტია, ვიდრე პირონიზმი, ვიდრე სოფისტიკა მთლიანად, ვიდრე კინიკოსთა ფილოსოფია, ვიდრე სქოლასტიკური ნომინალიზმი. პოსტმოდერნი ესაა გამარჯვების უღირსალი უკანასკნელი ადამიანის, უნტერმენშის ყიჟინა, რომელსაც მიაჩნია, რომ მისი დღე გათენდა, ისტორია მან დაასრულა და ახალი ადამიანის ერაც მან დაიწყო.

 

როგორ შეიძლება განხორციელდეს ადამიანის დაძლევა, რაზეც ნიცშე ასე იმპერატიულად მოგვიწოდებს? საერთოდ რა აზრი აქვს ადამიანის დაძლევაზე, ვერტიკალურ ზეაღსვლასა და სრულყოფაზე საუბარს იქ, სადაც ფრაივესის პრინციპი (ადამიანის უფლებები) უზენაეს ღირებულებად და ერთადერთ ორიენტირად მიიჩნევა? არა უბრალოდ კონფორმიზმისა და თვითცენზურის, არამედ შინაგანი მონობის პრობლემა ისევ ისე მწვავედ დგას. ეს საკითხი ჯერ კიდევ ანტიკური ფილოსოფიიდანაა ცნობილი. შინაგანი მონობის პრობლემა ვერ გადაჭრეს ვერც პროტესტანტულმა ერესებმა, ვერც ანტიმონარქისტულმა რევოლუციებმა, ვერც მებრძოლმა ათეიზმმა, ვერც ლიბერალურმა პლურალიზმმა. ფრაივესის პრინციპი სულაც არაა ის მეთოდი, რომლითაც დაიძლევა შინაგანი მონობა. ისეთი გარემოა, რომ აკადემიურ წრეებშიც კი საკითხის დაყენება შინაგან მონობაზე დაძრახული და მიუღებელია. იგულისხმება, რომ ადამიანი იბადება თავისუფალ არსებად და საკუთარი აზრის მქონე მოაზროვნედ. ეს არაა სწორი მსჯელობა და მეტად მცდარი პრეზუმპციაა. შინაგანი მონობა არ უკავშირდება პოლიტიკურ სისტემას. ეს გარეგნულად ჩანს ასე, რომ პოლიტიკური სისტემის ხარვეზები წარმოშობს მონას და  იმონებს უმრავლესობას. ეს სუპრაფორმაციული საკითხია. გაურკვევლობა და მცდარი ნამსჯელი ამ საკითხის გაგებაში იფარება ისეთი სიტყვების ხშირი გამოყენებით, როგორიცაა „ზომბი“, „რობოტი“ (გოლემური არსების აზრით), „ცოცხალი მკვდარი“, ზომბებისა და რობოტების არსებობა კი უკავშირდება პოლიტიკური სისტემის ნაკლოვანებებს. აი, აქ ჩნდება ლიბერალური სპეკულაციები.

 

პლურალიზმის დამკვიდრების მიუხედავად საქართველოში აქამდე არაა და არც იქნება ისეთი გარემო, რომ ფილოსოფოსთა წრეში ამ საკითხებზე იმსჯელო და რაღაც დასკვნა გამოიტანო. გადავავლოთ თვალი წინა წლების ფილოსოფიურ ცხოვრებას და ვფიქრობ, რომ აქ შეკრებილ მსმენელთა მცირე ნაწილი მაინც ამაში დამეთანხმება. ქართული ფილოსოფიური დისკურსი ვერ გასცდა ეპიგონობასა და იდეოლოგიურ მაქინატორობას. საკითხის შეცნობას ყოველთვის აკლია თანმიმდევრულობა. საკმარისი დრო გავიდა, რომ ქართულ ფილოსოფიაში ხელშესახები ტრენდი შექმნილიყო. ვხედავთ უგზოობას და დეზორიენტაციას.

 

ვიმეორებ, რომ ეს მოხსენება მხოლოდ საკითხის დაყენებას ისახავს მიზნად და შემამზადებელ საქმეს ასრულებს. მოხარული ვიქნები, თუ რამდენიმე კოლეგა მაინც ამიბამს მხარს და აქ ნაჩვენებ დისკურსის გეზს გაჰყვება.


კომენტარები