ბაქარ ქავთარაძე – სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი თეოლოგიაში.
საიტზე ასევე შეგიძლიათ იხილოთ ავტორის წიგნი „თომა აქვინელის 5 არგუმენტი თეისტური ფილოსოფიის სასარგებლოდ“.
რა არის ფილოსოფია და რატომ არის, რომ თვით ეს კითხვა ყოველთვის დაისმის და ის დღემდე არ კარგავს აქტუალობას? სანამ ამ კითხვას პასუხს გავცემთ, მანამდე ვაცნობიერებთ, რომ თვით ამ კითხვით ფილოსოფიურ არენაზე აღმოვჩნდებით, რადგან ეს კითხვა უკვე ფილოსოფიურია1 და მასზე პასუხის გაცემის დროს საკუთარ გონებას უნდა დავეყრდნოთ და არაფერ სხვას. ამიტომ, თვით სიტყვა ფილოსოფია, განუმარტავი დარჩება, თუ ისევ ფილოსოფიურ აზროვნებას, ანუ საკუთარ გონებაზე დამყარებულ კვლევა-ძიებას არ განვახორციელებთ.
ფილოსოფია არის ბერძნული სიტყვა (φιλοσοφία) რაც ნიშნავს სიბრძნის სიყვარულს. ეს ტერმინი პირველად გამოიყენა ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსმა და მათემატიკოსმა პითაგორამ (570-495).2 ტირანის შეკითხვაზე არის თუ არა ის (პითაგორა) ბრძენი? პითაგორამ უპასუხა: „მე არ ვარ ბრძენი, არამედ მხოლოდ ფილოსოფოსი“.3 როგორც ფილოსოფოსი, დიმიტრი გუსევი (1969) აღნიშნავს, ამ პასუხში, პითაგორამ გამოხატა მთელი ანტიკური ფილოსოფიის არსი.4 ფილოსოფოსის დანიშნულება სწორედ ისაა, რომ ის იყოს ბრძენი, ანუ იცოდეს აბსოლუტურად ყველაფერი, მაგრამ, ეს ადამიანისთვის შეუძლებელია.5 ამიტომ, რჩება ერთადერთი გზა, ადამიანმა შეიყვაროს სიბრძნე და ისწრაფვოს იმ მიზნისკენ, რომ გახდეს ბრძენი, რასაც თავად სიტყვა ფილოსოფია გამოხატავს. ასევე აუცილებელია, ვიცოდეთ, რომ სიტყვა ფილოსოფოსი პითაგორას შემდეგ დაამკვიდრეს ჰერაკლიტე ეფესელმა (520-460) და პლატონმა (428-348).6
ფილოსოფია არის საკუთარ გონებაზე დაყრდნობით განხორციელებული კვლევა-ძიება, რომლის მიზანიც არის, მივაღწიოთ სიბრძნეს, ანუ ჭეშმარიტ ცოდნას. თუმცა აღსანიშნავია, რომ ყოველ ცოდნას არ ეწოდება და ვერც ვუწოდებთ სიბრძნეს. რაიმე ცოდნა, რომ სიბრძნედ იწოდებოდეს, ის უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს – თავად ეს ცოდნა უნდა იყოს გამორჩეული იმ ინფორმაციით, რომელსაც ის შეიცავს, ან უნდა იყოს გამორჩეული ის მეთოდი, რომლის დახმარებითაც ამ ცოდნას მივაღწიეთ.7 სიტყვა ფილოსოფია, ორივე ამ მეთოდს აერთიანებს თავის თავში. ამიტომ, ფილოსოფია არის ყოფიერების შემეცნების განსაკუთრებული ფორმა, რომელიც მთლიანად ადამიანურ გონებას ემყარება და არა ავტორიტეტს.8 (ფილოსოფოსს მანამდე სჯერა ადამიანური გონების შესაძლებლობის, რომ მას შეუძლია სიბრძნის, ანუ ჭეშმარიტი ცოდნის მოპოვება, სანამ აზროვნებას დაიწყებდეს.), შესაბამისად, ფილოსოფია არსებითად არის ადამიანური გონებისადმი რწმენა.9
ჩვენ, შესაძლოა დიდი ხანი გავაგრძელოთ ფილოსოფიაზე საუბარი და მრავალი აკადემიური განმარტება მოვიტანოთ ამ სიტყვის. სინამდვილეში, საქმის ვითარება იმაზე უფრო მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. თუ რა არის ფილოსოფია, ეს შეიძლება დადგენილ იქნას მარტივი დაკვირვებიდან. თუ ჩვენ ვცდილობთ გავიაზროთ ჩვენი თავი, ან ჩვენს ირგვლივ არსებული საგნები და მათი სუბსტანცია (საგნის არსი, ანუ ბუნება) და აქციდენცია (საგნის არაძირეული, ანუ მეორადი თვისება) შევიმეცნოთ, რაც ნიშნავს იმას, რომ გავარკვიოთ ამ საგნების პირველმიზეზები და საბოლოო მიზანი, მაშინ ჩვენ ვფილოსოფოსობთ.10 სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ნებისმიერი საკითხის სიღრმისეული განხილვა და მასზე ჩაფიქრება არის ფილოსოფია, რამდენადაც მოაზროვნე ადამიანი ცდილობს, რომ ამ დროს ჭეშმარიტ ცოდნას მიწვდეს, რადგან აზროვნების დაწყებამდე მოიაზრებს, რომ ის არ ფლობს ამ ცოდნას, ანუ სიბრძნეს. ამიტომ, ფილოსოფოსი, აზროვნების დაწყებამდე აღიარებს, რომ ის არ არის ბრძენი, არამედ მხოლოდ სიბრძნის მოყვარული. სწორედ, ასე ფიქრობდნენ ძველ საბერძნეთში, სადაც პირველად წარმოიშვა ფილოსოფია. ისინი ფიქრობდნენ, რომ ნამდვილ სიბრძნეს, ანუ ცოდნას, მხოლოდ ღმერთები ფლობდნენ, ხოლო, ადამიანს მხოლოდ ის შეუძლია, რომ უყვარდეს სიბრძნე და მისკენ ისწრაფვოს.11
ჩვენ ასევე შეგვიძლია ფილოსოფიის, ერთ მნიშვნელოვან ასპექტზე გავამახვილოთ ყურადღება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფილოსოფიაში. ამ შემთხვევაში საუბარია არგუმენტებზე და ამ ფორმით საკუთარი პოზიციის დასაბუთებაზე. პროფესორ გურამ თევზაძის (1932-2018) სიტყვებით თუ ვიტყვით, „ფილოსოფია არის დასაბუთებული მსოფლმხედველობის აგების ცდა“.12 ეს არის სიტყვა ფილოსოფიის შესანიშნავი განმარტება, რომელიც კარგად გამოხატავს ფილოსოფიის არსს. ფილოსოფოსი, სწორედ რომ დასაბუთებული მსოფლმხედველობის აგებას ცდილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის საკუთარ შეხედულებებს სხვადასხვა საკითხზე, არგუმენტებით ამაგრებს, რომ მისი აზრების სისწორეში დაგვარწმუნოს. სწორედ, ფილოსოფიის ამგვარი განმარტების გამო ითვლება პირველ ფილოსოფოსად ძველი ბერძენი მოაზროვნე თალესი (625-546). ის იყო პირველი მოაზროვნე, რომელიც შეეცადა, რომ საკუთარი აზრები არგუმენტირებულად დაესაბუთებინა და ამ ფორმით დაერწმუნებინა საზოგადოება საკუთარი აზრების სისწორეში. ამ ფორმით განხორციელებულმა აზროვნებამ, კი კაცობრიობა მითოსური აზროვნებიდან გამოიყვანა და ის ახალ სიმაღლეზე აიყვანა. მითოსური აზროვნება ნიშნავს იმ მდგომარეობას, როდესაც რაიმე დებულებები და ამბები მიღებულია აპრიორულად და რწმენით, რამდენადაც ის წმინდა გადმოცემებია, რომლებშიც ეჭვის შეტანა არ შეიძლება. თუ შენ რაიმე მითში ეჭვს შეიტან, შენ უკვე აღარ ეკუთვნი იმ კულტურას, რომელშიც ეს მითებია აღიარებული. ასევე, მითში არ ისმის კითხვა რატომ? თალესმა კი სწორედ ეს კითხვა დასვა. რატომ უნდა იყოს სწორი ეს დებულება და არა სხვა? ამ კითხვას, რომ პასუხი გასცე, სხვა გზა არ გრჩება, რომ არგუმენტები მოიყვანო, რომლებიც შენი დებულების სისწორეს დაამტკიცებს. ამიტომ, თალესმა და მის კვალდაკვალ ანტიკურმა ფილოსოფიამ (ძვ.წ.VI-ახ.წ.V), არგუმენტებზე დამყარებული დებულებებით და ამ ფორმით განხორციელებული აზროვნებით, მითები დაანგრია13 და ამით აზროვნების ახალ ფორმას ჩაუყარა საფუძველი. ამიტომ, სავსებით სწორად არის წოდებული ფილოსოფია პირველ მეცნიერებად, რადგან ფილოსოფია იყო პირველი დარგი, რომელმაც არგუმენტებზე დამყარებული მსოფლმხედველობის აგება დაიწყო და ამ ფორმით განხორციელებული აზროვნება ასწავლა ადამიანებს.
თუმცა, დღემდე არსებობენ მოაზროვნეები, რომლებიც უარყოფენ ფილოსოფიის მნიშვნელობას და აცხადებენ, რომ ფილოსოფია საერთოდ არ არის საჭირო. ძირითადად არსებობს ორი მთავარი არგუმენტი, რომელიც ფილოსოფიის უარსაყოფად არის შემუშავებული. ამიტომ, სანამ ამ თავს დავასრულებთ, აუცილებელია, რომ ეს ორი არგუმენტი და მისი გაბათილება მოკლედ განვიხილოთ.
პირველი არგუმენტის არსი, რომელიც ფილოსოფიის მნიშვნელობის უარსაყოფად არის მიმართული შემდეგნაირად გამოიყურება. ფილოსოფია წარმოიშვა ძვ.წ VI საუკუნეში საბერძნეთში. ის თავდაპირველად მართლაც მნიშვნელოვანი დარგი იყო, რადგან მან მითიური აზროვნებიდან გამოიყვანა კაცობრიობა და არგუმენტირებულად მსჯელობა ასწავლა ადამიანებს. მაგრამ, შუა საუკუნეების შემდგომ მეცნიერება ძალიან განვითარდა.14 შესაბამისად, შუა საუკუნეების შემდეგ მეცნიერება დაიყო მრავალ დარგად. თითოეულ ამ დარგს აქვს კონკრეტული ობიექტი, რომელსაც ის იკვლევს. მაგალითად: ბიოლოგია იკვლევს ცოცხალი არსებების ანთროპოლოგიურ აგებულებას, ასტრონომია, პლანეტების აგებულებას, მათ ცვლილებას და სხვა საგნებისადმი მიმართებას, ფიზიკა იკვლევს მატერიის ცვლილების კანონებს, ანუ ის იკვლევს, თუ რატომ იცვლება მატერია ასეთი ფორმით და არა სხვა ფორმით და ა.შ.15
ამიტომ, მთელი ყოფიერების კვლევა გადანაწილდა მეცნიერების სხვადასხვა დარგებზე. შესაბამისად, ფილოსოფიას აღარ დარჩა საკვლევი ობიექტი. შესაბამისად, ფილოსოფია აღარ არის საჭირო, რადგან ის მეფე ლირის მდგომარეობაში დარჩა, რომელმაც მთელი ქონება შვილებს დაურიგა და თვითონ აღარაფერი დარჩა.16
მეორე არგუმენტი კი უფრო ძლიერად გამოიყურება და მისი არსი შემდეგში მდგომარეობს - ფილოსოფიაში არ არსებობს ერთი პასუხი ყველაზე ფუნდამენტურ საკითხებზე, რომელსაც ყველა ფილოსოფოსი დაეთანხმება. თუ ჩვენ ვიკითხავთ რა არის სამყაროს საწყისი? ერთი ფილოსოფოსი გვიპასუხებს წყალს, მეორე ჰაერს, მესამე ცეცხლს, მეოთხე მატერიას, მეხუთე იდეას, მეექვსე ატომს, და ა.შ. ჩვენ თუ ვიკითხავთ არის თუ არა სამყარო მარადიული? პლატონიკოსები და არისტოტელიკოსები გვიპასუხებენ, რომ სამყარო არის მარადიული. ხოლო, თეისტური ფილოსოფიის წარმომადგენლები, გვიპასუხებენ, რომ სამყარო გარკვეული დროის წინ ღმერთმა შექმნა.17 ამიტომ, ფილოსოფოსები ყველაზე ფუნდამენტურ საკითხებზეც ვერ თანხმდებიან და ვერ მიდიან ერთ პასუხამდე.18 ხოლო, ჩვენ კარგად ვიცით, რომ რაიმე დარგი იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც მას შეუძლია მოგვაწოდოს ერთი კონკრეტული პასუხი, რომელიმე საკითხზე. ამიტომ, ფილოსოფია არ არის საჭირო, რადგან ის ვერცერთ ფუნდამენტურ საკითხზე ვერ გვაძლევს ერთ კონკრეტულ პასუხს, რომელსაც ყველა ფილოსოფოსი დაეთანხმებოდა.
მოდი, დავიწყოთ პირველი არგუმენტის განხილვით, რომელიც ამბობს, რომ ფილოსოფიამ მეცნიერების დარგებს გადაუნაწილა, ყოფიერების სხვადასხვა ასპექტების კვლევა და თავად აღარ დარჩა საკვლევი ობიექტი. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ეს არგუმენტი გარკვეული თვალსაზრისით სწორია. თუმცა, მისი სისწორე, რომ დავინახოთ, საჭიროა მოკლე ისტორიული რაკურსი გავაკეთოთ. ფილოსოფიის წარმოშობის პირველ ეტაპზე, ფილოსოფოსები დაინტერესებული იყვნენ ძირითადად ერთი საკითხით. კერძოდ, წინასოკრატელ ფილოსოფოსებს აინტერესებდათ, თუ რა იყო სამყაროს საწყისი. მართალია, სოკრატემ (460-399) ფილოსოფოსთა მთელი ყურადღება, რომელიც კოსმოსზე იყო მიპყრობილი, ადამიანზე გადაიტანა, თუმცა, სოკრატეს შემდეგ პლატონმა (427-347), არისტოტელემ (384-322), სტოიკოსებმა და ნეოპლატონიკოსებმა ისევ კოსმოს მიაპყრეს ყურადღება და მისი, როგორც მთელის, ასევე ნაწილების ფილოსოფიური კვლევა დაიწყეს. ამიტომ, ანტიკური ფილოსოფიაში ფილოსოფოსთა მთავარი კვლევის ობიექტი იყო კოსმოსი, ანუ მისი, როგორც მთელის, ასევე შინაგანი სტრუქტურის სიღრმისეული კვლევა.19 თუმცა, მრავალი საუკუნე გავიდა და შუა საუკუნეების შემდეგ, მეცნიერული პინციპების ჩამოყალიბება მოხდა და მეცნიერული მეთოდოლოგიით სამყაროს კვლევა დაიწყო.
ახლა ჩვენ გვაქვს მეცნიერების ერთ-ერთი დარგი ფიზიკა, რომელიც სხვა მეცნიერულ დარგებთან ერთად (ასტროფიზიკა, ასტრონომია) მეცნიერული მეთოდოლოგიით შეისწავლის სამყაროს უზოგადეს კანონებს20 და თავად სამყაროს სხვადასხვა ასპექტებს, ამიტომ, დღეს არავის აინტერესებს, თუ რა მოსაზრებები ჰქონდათ, ან აქვთ ფილოსოფოსებს სამყაროსა და მისი უზოგადესი კანონების შესახებ. თუმცა, ამ არგუმენტის საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ ფილოსოფიის მიზანი არ არის რაიმე ერთი კონკრეტული ობიექტის შესახებ (კოსმოსი) უცდომელი პოზიცია ჩამოაყალიბოს. ფილოსოფიის მიზანი სულ სხვა რამეში მდგომარეობს. მისი მიზანია, გვასწავლოს სწორად, ანუ ყველა ლოგიკის კანონის დაცვით განვახორციელოთ აზროვნება და საკუთარი პოზიცია არგუმენტირებულად დავამტკიცოთ. ამიტომ, ფილოსოფია არ იკვლევს რაიმე კონკრეტულ ობიექტს, რომ მის შესახებ უცდომელი პოზიცია შეიმუშავოს. ფილოსოფიის მიზანი არც არის ეს. მისი მიზანია, გამოიკვლიოს თავად ის, თუ როგორ ვაზროვნებთ და როგორ ვანხორციელებთ რაიმე ობიექტის კვლევას, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილოსოფია, განიხილავს იმ სირთულეებს, რაც რაიმე საკითხის გადაჭრისას, ან საგნის კვლევისას წამოიჭრება და ცდილობს, მათი რაციონალური მეთოდებით გადაჭრას.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ფილოსოფიამ შეიმუშვა მთელი რიგი პრინციპები, რომლის დახმარებითაც არათუ ჩვეულებრივი ადამიანი ახორციელებს აზროვნებას, არამედ ამ პრინციპების დახმარებით თავად მეცნიერებიც აზროვნებენ. ამ პრინციპებიდან აღსანიშნავია კაუზალობის პრინციპი,21 რომელიც პლატონისა22 და არისტოტელეს23 შექმნილია და ნეოპლატონიკოსმა ფილოსოფოსებმა პლოტინემ (205-270)24 და პროკლე დიადოხოსმა (412-485)25 დახვეწეს. კაუზალობის პრინციპი კი არის ის ძირითადი მეთოდი, რომლის დახმარებითაც მეცნიერები ყოფიერების აღწერას ახდენენ.26 კაუზალობის პრინციპი ნიშნავს, კოსმოსის, როგორც მთლიაონობის და მასში არსებული ფენომენების და საგნების ახსნას მიზეზობრივად. მაგალითად: თუ რომელიმე ვასკვლავი ჩაქრა, მეცნიერი იწყებს ამ მოვლენის მიზეზის ძიებას, რადგან ის კვლევის დაწყებამდე მოიაზრებს, რომ სამყაროში მომხდარ მოვლენებს მიზეზი გააჩნიათ. ამ მეთოდით სამყაროს აღწერა კი კაუზალობის პრინციპს ეფუძნება. თუ სამყარო წარმოიშვა 13.8 მილიარდინ წლის წინ, როგორც ამას დიდი აფეთქების თეორია გვეუბნება, მაშინ ამ მოვლენასაც მიზეზი უნდა ჰქონოდა. შესაბამისად, კაუზალობის პრინციპი ნიშნავს, რომ კოსმოსში მომხდარ ყოველ მოვლენას მიზეზი გააჩნია. ხოლო, მეცნიერება ეს არის საგნების და მოვლენების მიზეზების ძიება.27 ამიტომ, მეცნიერების ყველა დარგი კაუზალობის პრინციპს ეფუძნება28 და მისგან გამომდინარეობს, ხოლო, კაუზალობის პრინციპი და ამ მეთოდით ყოფიერების აღწერა ფილოსოფოსების შექმნილია. ამიტომ, ფილოსოფიის როლი მეცნიერების განვითარებაში უდიდესია. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მეცნიერება ყოფიერების სხვადასხვა ასპექტების კვლევა გადაინაწილა, არ ნიშნავს იმას, რომ ფილოსოფია უსაგნოდ დარჩა. ფილოსოფიას არც ჰქონდა და აქვს რაიმე ერთი კონკრეტული ობიექტი, რომელსაც ის იკვლევს, მისი მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ის იკვლევს თავად აზროვნების პროცეს და ქმნის იმ ძირითად მეთოდებს, რომლის დახმარებითაც ადამიანი სწორად აზროვნებას ახორციელებს.
ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ფილოსოფიამ შექმნა კაუზალობის პრიცნიპი, რომელსაც მეცნიერების ყველა დარგი იყენებს. ასევე, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ფილოსოფიამ და კონკრეტულად არისტოტელემ შექმნა ლოგიკა, როგორც სწორად განხორციელებული აზროვნების ხელოვნება, ისევე როგორც მან შექმნა ინდუქციის მეთოდი, რომელიც ასევე უმნიშვნელოვანესია მეცნიერებისთვის.29 ამიტომ, ფილოსოფიამ შექმნა ის ძირითადი მეთოდები, რომლის დახმარებითაც ადამიანები და მათ შორის მეცნიერები, სამყაროში არსებული მოვლენების და ფენომენების კვლევას ახორციელებენ. შესაბამისად, ის განაცხადი, რომ ფილოსოფია არ არის საჭირო, რადგან მეცნიერებამ ყველა საკითხის კველვა აიღო თავის თავზე, არათუ არასწორი დებულებაა, არამედ საკითხის არასწორად დაყენებაა. ფილოსოფია არც ცდილობს, რომ მეცნიერება ჩაანაცვლოს. საჭიროა არსებობდეს, როგორც მეცნიერება, ასევე ფილოსოფია. საჭიროა, მათ შორის იყოს მჭიდრო კავშირი და თანამშრომლობა. ამიტომ, არავითარი დაპირისპირება არ არის ფილოსოფიასა და მეცნიერებას შორის. ეს დაპირისპირება მართლაც ხელოვნურია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მრავალი ის მეთოდი, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში ადამიანი საკითხის მეცნიერულ კვლევას ახორციელებას, ფილოსოფიის შექმნილია, როგორც უკვე აღინიშნა. ეს მეთოდებია, კაუზალობის პრინციპი, ლოგიკის კანონები (საკმაო საფუძვლის, იგივეობის, გამორიცხული მესამის, წინააღმდეგობის შეუძლებლობის კანონები) ინდუქციის მეთოდი და რაც მთავარია საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად დასაბუთება.
ასევე აღსანიშნავია, რომ ფილოსოფიური პრინციპია, რომ რაიმე დებულება მანამდე არის ჭეშმარიტი, სანამ მისი არგუმენტირებულად უარყოფა არ მოხდება. ეს პრინციპი მეცნიერებაშიც არის და მასში მნიშვნელოვანი როლი უკავია. ამიტომ, რაიმე თეორიას მეცნიერული სწორედ იმ შემთხვევაში ეწოდება, თუ მისი უარყოფაა შესაძლებელი. ამიტომ, ფილოსოფიამ შექმნა ის ნიადაგი, რომელზეც მეცნიერებაა დაშენებული და მეცნიერება დღემდე იყენებს ფილოსოფიის მიერ შექმნილ მეთოდებს და მათი დახმარებით ახორციელებს საკუთარ მეცნიერულ კვლევას. ამიტომ, ფილოსოფია არათუ ეწინააღმდეგება მეცნიერებას და მით უფრო აღარაა საჭიროა, არამედ ის ძალიან მნიშვნელოვანი დარგია და ის მეცნიერების განვითარებას უწყობს ხელს.
რაც შეეხება მეორე არგუმენტს, რომელიც ამბობს, რომ ფილოსოფიას ვერ გვაწვდის ერთ კონკრეტულ პასუხს ყველაზე ფუნდამენტურ საკითხებზე. სანამ ამ არგუმენტის სუსტ წერტილებს ვაჩვენებთ, მანამდე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მართლაც ასეა, რადგან ფილოსოფიის წარმოშობიდან დღემდე, არ არსებობს რაიმე ერთი კონკრეტული პოზიცია კონკრეტულ საკითხზე, ან ფილოსოფიური სისტემა, რომელსაც ყველა ფილოსოფოსი აღიარებდა. ფილოსოფიაში არსებული ეს ვითარება კი ძალიან მარტივად აიხსნება. თუ ფილოსოფიაში იარსებებდა რაიმე ერთი კონკრეტული პასუხი რაიმე საკითხზე, ან იარსებებდა ფილოსოფიური სისტემა, რომელსაც ყველა ფილოსოფოსი აღიარებდა, მაშინ ის არც იქნებოდა ფილოსოფია. ამის მიზეზი ისაა, რომ ფილოსოფოსისთვის არ არსებობს არანაირი ავტორიტეტი, გარდა საკუთარი გონებისა. შესაბამისად, თუ ყველა ფილოსოფოსი აღიარებდა საკითხის რაიმე ერთ კონკრეტულ გადაწყვეტას, ან რაიმე ფილოფოსიურ სისტემას, მაშინ გაუქმდებოდა სწორედ ეს მთავარი პრინციპი. ამ შემთხვევაში, ფილოსოფოსი იტყოდა, რომ ეს საკითხი ასეთნაირად უნდა გადაწყდეს, რადგან ეს განაცხადა ავტორიტეტმა. მაგრამ, ყველა ფილოსოფოსმა რომელიმე ავტორიტეტი თუ აღიარა, გარდა საკუთარი გონებისა და მას უცდომელობის სტატუსი მიაკუთვნა, ის აღარც იქნება ფილოსოფია. ამიტომ, ფილოსოფიისგან არც უნდა მოველოდოთ, კონკრეტულ პასუხებს რაიმე საკითხზე, რომელსაც ყველა ფილოსოფოსი დაეთანხმება. ფილოსოფოსთა ეს შეუთანხმებლობა ფუნდამენტურ საკითხებზე, მომდინარეობს თავად ფილოსოფიის ბუნებიდან. შესაბამისად, არც არის გასაკვირი, რომ ფილოსოფია ვერ გვაწვდის ერთ კონკრეტულ პასუხს რაიმე საკითხზე. ასეთ კონკრეტულ პასუხს ფილოსოფიისგან არც უნდა მოველოდოთ, თუ ფილოსოფიის არსს ვაცნობიერებთ. მაგრამ, თუ ფილოსოფია არ გვაწვდის ერთ კონკრეტულ პასუხს რაიმე საკითხზე, სამაგიეროდ ის გვასწავლის იმ ფუნდამენტურ მეთოდებს, რომლის დახმარებითაც ამ საკითხის სიღრმისეულ კვლევას ვახორციელებთ.
როგორც ვნახეთ, ფილოსოფიამ ორივე არგუმენტი გააბათილა, რომელიც მის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამიტომ, ფილოსოფია არის უმნიშვნელოვანესი დარგი, რომელიც არასოდეს დაკარგავს აქტუალობას, სანამ ადამიანი საკუთარი თავის და მის წინაშე გადაშლილი სამყაროს სიღრმისეულ კვლევას არ შეწყვეტს. სწორედ ასეთ განმარტებას აძლევს ფილოსოფიას ამერიკელი ფილოსოფოსი კარლოს ალვინ პლანტინგა (1932) რომლის აზრითაც „ფილოსოფია არის ნებისმიერი საკითხის სიღრმისეული განხილვა“.30 ამიტომ, მანამდე იარსებებს ფილოსოფია და ის ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, სანამ ადამიანი არ შეწყვეტს საკუთარი თავის და მის ირგვლივ არსებული ფენომენების და საგნების სიღრმისეულ გააზრებას. ხოლო, დიდი ვარაუდით, ადამიანი ამას, არასდროს შეწყვეტს, რადგან ადამიანს არ შეუძლია, რომ არ იაზროვნოს და მარადიულ საკითხებს არ ჩაუფიქრდეს. ამიტომ, ფილოსოფია ყოველთვის იარსებებს დედამიწაზე, რადგან ადამიანი მისი ცხოველთან ანთროპოლოგიური მსგავსებისგან დამოუკიდებლად, არის ის არსება, რომელსაც არ აკმაყოფილებს ძვირფასი საკვები და კომფორტი. ადამიანს უფრო მეტი უნდა. ადამიანის დაჟინებული მოთხოვნაა, გაარკვიოს რატომ არსებობს თავად ის და რატომ არსებობს სამყარო? რა არის ჩვენ ირგვლივ არსებული საგნების პირველ საფუძველი? რატომ არსებობს რაღაც და არა არაფერი? რა არის ცხოვრების საზრისი? ეს და სხვა მარადიული კითხვები, ყოველთვის აწუხებდა კაცობრიობას და მათზე პასუხის გაცემა უმნიშვნელოვანესი იყო და არის ადამიანისთვის. ამ ურთულეს კითხვებზე პასუხის გაცემა კი შეუძლებელია, თუ ფილოსოფიურ აზროვნებას, ანუ საკუთარ გონებაზე დამყარებულ კვლევა-ძიებას არ მივმართავთ. ამიტომ, რადგან ადამიანი ამ კითხვებზე პასუხების ძიებას არასდროს შეწყვეტს, ის არც ფილოსოფიურ აზროვნებას შეწყვეტს, რადგან ფილოსოფია არის მარადიულ კითხვებზე პასუხის გაცემის ხელოვნება, რომელიც მთლიანად ადამიანური გონების ავტონომიურობას ემყარება. ამიტომ, თუ ვინმე მაინც დასვამს კითხვას: და რა საჭიროა ფილოსოფია? ამ კითხვას შემდეგნაირად უნდა უპასუხოთ, როგორც ამას ფილოსოფოსი ივან მარტინი გვასწავლის: „სწორედ ამგვარი უადგილო, მცდარი კითხვების ასაცილებლადაა ის საჭირო“.31
განმარტებები:
1.Paul Kleinman, Philosophy 101: From Plato and Socrates to Ethics and Metaphysics, an Essential Primer on the History of Thought, „Adams Media“, USA, 2013, გვ. 5.
2.შათირიშვილი ზაზა – „ჭვრეტითი ცხოვრება, (საუბრები ფილოსოფიაზე)“, გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგი“, თბილისი, 2017, გვ. 185.
3.When the king met pythagoras he the king explained to, https://www.coursehero.com/file/p4jtj0t/When-the-King-met-Pythagoras-he-the-King-explained-to-Pythagoras-his-intention/ 3.2019, 4:45.
4.Гусев Д.А., Краткая история философии. Издательство НЦ ЭНАС, МОСКВА, 2003, გვ. 7.
5.Гусев Д.А., Краткая история философии. Издательство НЦ ЭНАС, МОСКВА, 2003, გვ. 7.
6.სერგი ავალიანი, კახა ქეცბაია – „ფილოსოფია ყველასთვის“, გამომცემლობა „Carpe Diem“, თბილისი, 2014, გვ. 5.
7.ავგუსტ ბრუნერი – „ფილოსოფიის ძირითადი საკითხები“, მთ. ვიქტორ რცხილაძე, სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი, თბილისი, 2010, გვ. 10.
8.კვარაცხელია ნაპო – „ფილოსოფიური განაზრებანი“, გამომცემლობა „Carpe Diem“, თბილისი,2017, გვ. 177.
9.ხასაია ზურაბ – „ვეფხისტყაოსანი და ფაუსტი“, გამომცემლობა „Carpe Diem“ თბილისი, 2018, გვ. 36.
10.Alistair J. Sinclair, What is Philosophy?: An Introduction, „Dunedin Academic Press“, Great Britain, 2008, გვ. 1.
11.ხასაია ზურაბ – „ფილოსოფიის სისტემური კურსი“, გამომცემლობა „Carpe Diem“, თბილისი, 2015, გვ. 3.
12.თევზაძე გურამ – „ანტიკური ფილოსოფია“, გამომცემლობა „Carpe Diem“, თბილისი, 2015, გვ. 11.
13.რატცინგერი იოზეფ – „შესავალი ქრისტიანობაში“, მთ. ვაჟა ვარდიძე, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივესტიტეტი, თბილისი, 2010, გვ. 166.
14,რასელი ბერტრან – „ახალი დროის ფილოსოფია“, მთ. კახმეგ კუდავა, გამომცემლობა „ინტელექტი“, თბილისი, 2017, გვ. 8.
15.What is physics? Let's think about what physics is and what topics are covered in an introductory physics course.. https://www.khanacademy.org/science/physics/one-dimensional-motion/introduction-to-physics-tutorial/a/what-is-physics,
16.„ფილოსოფიის შესავალი“ – გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2015, გვ. 44.
17.засл. профессор Алексей Ильич Осипов, Путь разума в поисках истины, Глава IX. Происхождение мира, https://azbyka.ru/otechnik/Aleksej_Osipov/put-razuma-v-poiskah-istiny/9_2,
18.ქვაჩახია ვენორი – „ფილოსოფიის შესავალი“, „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, თბილისი 1983, გვ. 12.
19.Geizler Norman, A history of western philosophy volume 1: ancient and medieval, „bastion books“ USA, 2016, გვ. 3.
20.დ. ღონღაძე – „ზოგადი ფიზიკის კურსი I ნაწილი“; გამომცემლობა „განათლება“ თბილისი 1976, გვ .3.
21.Norman L. Geisler, Peter Bocchino, Unshakable Foundations: Contemporary Answers to Crucial Questions about the Christian Faith, Bethany House Publishers; Signed By Author edition, USA, 2000, გვ. 73-74.
22.LAWS By Plato Translated By Benjamin Jowett, წიგნი. X https://www.gutenberg.org/files/1750/1750-h/1750-h.htm 27.2019, 5:43.
23.Metaphysics By Aristotle Written 350 B.C.E Translated by W. D. Ross წიგნი. XII თავი. 1–6. http://classics.mit.edu/Aristotle/metaphysics.html 27, 2019, 4:43, Physics By Aristotle Written 350 B.C.E Translated by R. P. Hardie and R. K. Gaye, წიგნი. VIII, თავი. 4–6;, http://classics.mit.edu/Aristotle/physics.html 2.28.2019, 3:15.
24.Plotinus THE SIX ENNEADS COMPLETE Translated by Stephen MacKenna and B. S. Page., THE FIFTH ENNEAD:FOURTH TRACTATE. HOW THE SECONDARIES RISE FROM THE FIRST: AND ON THE ONE. https://www.ellopos.net/elpenor/greek-texts/ancient-greece/plotinus/default.asp 27.2019, 5:34.
25.პროკლე დიადოხოსი – „თეოლოგიის საფუძვლები“, მთ, დენიზა სუმბაზე, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1986, ნაწილი 2, თავი.11, გვ. 163-164.
26.Norman L. Geisler, Peter Bocchino, Unshakable Foundations: Contemporary Answers to Crucial Questions about the Christian Faith, Bethany House Publishers; Signed By Author edition, USA, 2000, გვ. 74.
27.Frank Turek, Stealing from god, „Nvpress“, USA, 2014, გვ. 12.
28.Turek Frank, Stealing from god, „Nvpress“, USA, 2014, გვ. 1.
29.ოსმანოვი ზაზა – „სამყაროს შემეცნება და ღმერთის იდეა“, http://www.orthodoxtheology.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A6%E1%83%9B 11. 12:23.
30.Peter S Williams, A Faithful Guide to Philosophy: A Christian Introduction to the Love of Wisdom, „Paternoster“ Croydon, 2013, გვ. 1.
31.მარტინი ივან – „ფილოსოფიის ისტორია“, მთ. მარიკა სააკაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, თბილისი, 2008, გვ. 4.
კომენტარები