მეგრელთა შესახებ

მეგრელთა შესახებ

*წერილი შემცირებული სახით პირველად გამოქვეყნდა გაზეთში „მერიდიანი 44“  (30 ოქტ. – 1 ნოემბ., 2000 წ.). – ავტორი, გოჩა გვასალია.

 

იხ. სტატიის წყარო

 

იხ. ავტორის წიგნი

მეგრელთა საკითხმა წინ წამოიწია სამოქალაქო ომის დროიდან. ქართველთა საზოგადოება მუდამ საკუთარი შეცდომების მძიმე შედეგებს აწყდება. ამ შედეგების მიხედვით საკითხზე მსჯელობა ძალზე ნეგატიურ ხასიათს იძენს და საკითხს მიეწერება ის თვისებები, რომელიც მას სინამდვილეში არა აქვს.

 

პოლემიკა, რომელმაც მოიცვა ყველა ფენა და აკადემიური ტრიბუნიდან განსახილველი გახდა, ეხება იმას, არიან თუ არა მეგრელნი ქართველები. სამოქალაქო ომის დროს თბილისში გაისმოდა ბრალდებები მეგრელთა მიმართ და გახელებულთ მათი ამოწყვეტის სურვილიც კი გამოუთქვამთ. ამავე დროს, ხელისუფალნი, გრძნობდნენ რა შექმნილი ვითარების სიმძიმეს, თავის მართლების მიზნით აღნიშნავდნენ საკუთარ მეგრულ წარმოშობას და მეგრელ ნათესავთა ყოლას. ვითარების გამოსწორების მიზნით ხელისუფლებამ ხელმძღვანელი კადრების შერჩევისას, მეგრული წარმოშობის პირები დანიშნა თანამდებობებზე. მრავალგზის აღინიშნა სამეგრელოს საქართველოსაგან განუყოფლობაზე, მაგრამ პოლემიკის სიმწვავე ამით არ აღმოიფხვრა. სამეგრელოსთან დაკავშირებულ ნებისმიერ მოვლენას მოჰყვება ხოლმე მეგრელთა ძაგების კიდევ ერთი ტალღა. აკაკი ელიავას დაღუპვის დროს, ტელევიზიით უჩვენეს გულმოსული მეგრელი ახალგაზრდა, რომელმაც თქვა, რომ ან ჩვენ, ან ეგენი. ე. ი. ან მეგრელები, ან ქართველები. ამ ფაქტზე მითითებით მეგრული სეპარატიზმის არსებობა ვერ დამტკიცდება. ასე შეიძლება ფეხის ხმას აყოლილი ქართლელი ან კახელი გლეხკაცის ჩვენება, რომელიც მეგრელებს ლანძღავს.

 

სამოქალაქო ომის პერიპეტიები გადაიზარდა ტომობრივ სიძულვილში. მეგრელი სალანძღავ სიტყვად აქციეს და პოლიტიკურ ვიგინდარათა წყებამ დაიწყო სამეგრელოს უდიერად მოხსენიება. სამოქალაქო ომმა განაახლა საქართველოს ძველი წყლული – ტრაიბალიზმი. საბჭოთა უნივერსალიზმის მიერ ქართული ტრაიბალიზმის გამოვლინების შესაძლებლობანი მინიმუმამდე იყო დაყვანილი.  კავკასიაში რუსეთის  შემოსვლამდე საქართველო მოქიშპე სამთავროებისაგან შედგებოდა და ის რუსულმა ხიშტმა გააერთიანა. საქართველოს პროვინციებს შორის დიდი განსხვავებულობა ვერ შეამცირა ხანგრძლივი დროით მიმდინარე მეტისაციამ. ერთ მცირე ქვეყანაში არსებობს სამი ენა – ქართული, მეგრული და სვანური. აქედან მხოლოდ პირველს აქვს სალიტერატურო, ზედიალექტური ენის სტატუსი. ეს არ მომხდარა იმის გამო, რომ ქართლ-კახეთის სამეფო მეგრულსა და სვანურს ხელს უშლიდა. ქართული იყო ის ენა, რომელზეც წმინდა წერილი ითარგმნა. იმ დროს, როდესაც განათლებულობის კრიტერიუმი იყო საღვთო წერილისა და ეკლესიის მამათა შრომების ცოდნა, ბიბლიის ქართულად თარგმნა ძალზე ბევრს ნიშნავდა. არაფრის მომცემი არ არის ისტორიაში იმ მიზნით ქექვა, რომ ქართველთა და მეგრელთა შორის მტრობის რაღაც ფაქტები იქნეს აღმოჩენილი. პოლემიკა მეგრელთა ქართველობის შესახებ ძალზე პოლიტიზებული გახდა იმის გამო, რომ სამეგრელო გამსახურდიას უჭერდა მხარს. ვთქვათ, პრეზიდენტი ყოფილიყო კახელი და სამოქალაქო ომი გაშლილიყო კახეთში. ადვილი წარმოსადგენია, როგორ გალანძღავდნენ კახელებს. მათ თათრებად მოიხსენიებდნენ და იმასაც ბოროტად გაიხსენებდნენ, რომ ქართლ-კახეთს ძველი დროიდანვე ახლო ურთიერთობა ჰქონდა სპარსელებთან. კახელთა ქართველობას საქილიკოდ  გახდიდნენ. ვთქვათ, პრეზიდენტი სვანი ყოფილიყო და სვანეთი მისი მხარდამჭერი სამოქალაქო ომში. სვანებსაც დაუწუნებდნენ ქართველობას და დაიწყებოდა ქილიკი.  საქართველოში მუდამ არის იმისი საფრთხე, რომ პოლიტიკურ ბრძოლას ეროვნული ერთიანობა შეეწიროს. თუ მხედველობაში გვექნება ქართული ცნობიერების დიდი მისწრაფება დამცინაობისაკენ, აღარ იქნება გასაკვირი ის უაზრობანი, რაც მეგრელებსა და მათ წარმომავლობაზე ითქვა. არჩილ ჯორჯაძე წერდა, რომ „…ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვნებათა ღელვას და ფუქსავატ გრძნობიერებათა ფარფაშს ხშირად, ძალიან ხშირად თავდაჭერილობის და წინდახედულობის ადგილი უჭირავს. აქ აზრი გრძნობის ალშია გახვეული, აქ ყოველისავე სიტყვას ნაპერწკლის ძალა აქვს და რადგან ჩვენი ცხოვრების ეკლიანი გზა ადვილად მოსაკიდებელ მასალით, ბურბუშელებით არის მოფენილი, ადვილად წარმოიდგენთ, რატომ არის, რომ მთელი ქართული სამწერლო ასპარეზი ასე უცნაურად არის გაბრუებული რაღაც კორიანტელით, ასე არა ბუნებრივად არის გაჩირაღდნებული, რაღაც მჭვარტლიან სინათლით, რომელიც, ეჭვს გარეშეა, აზრის სინათლე არ არის, არამედ აპრიალებული ბურბუშელას სინათლეა“.

 

ქართველთა აზროვნების ამგვარი ხასიათის გამო ეთნიკური კუთვნილების აღმნიშვნელი სიტყვა „მეგრელი“ პუბლიცისტურ ევფემიზმად იქცა. ოსებთან ომის დროს საძაგებელ სიტყვად იყო ქცეული სიტყვა „სკვითები“. ოსები სკვითურ-სარმატული წარმოშობისანი არიან და ანტიკურ ავტორებთანაც კი დაიწყეს იმის ძებნა, იყო თუ არა ნათქვამი რაიმე უარყოფითი სკვითებზე. ასევე სალანძღავად გახდა დღეს სიტყვები „აფსუა“, „აფშილი“, „აბაზგი“. აფხაზებს დასცინოდნენ მრავალი წელი. ასევე დასცინეს ჩეჩნებს და სხვა ჩრდილოკავკასიელებს. ეთნიკური კუთვნილების დაცინვა ქართველთა ეთნოცენტრიზმსა და ქსენოფობიას ყველაზე მკაფიოდ წარმოაჩენს. ასე იყო უწინ სალანძღავად ქცეული სპარსელი, ბიზანტიელი, თურქი. დღეს – რუსი და სლავი. ძალზე ცუდი ჩვევაა სომხების გამუდმებული დაცინვა და ოპონენტისათვის სომხობის დაბრალება. სომხეთსა და საქართველოს შორის ძველი დროიდანვე კულტურული და პოლიტიკური მეტოქეობა მიმდინარეობდა. სომხურ წყაროებში საქართველოზე გაცილებით მეტი ცნობებია, ვიდრე ქართულ წყაროებში. ორივე ხალხი უძველესი დროიდანვე გვერდიგვერდ ცხოვრებამ დაანათესავა და სომხურ-ქართული მეტისაციის შედეგად გაჩენილ ადამიანს, რომელიც თავს კულტურული კუთვნილების მიხედვით ქართველად თვლის, არავინ უნდა დასცინოს. ჩვენ არაფრით მეტი არა ვართ სომხებზე, აზერბაიჯანელებზე და ქართველთა მათზე კულტურული აღმატებულება პირობითია და წარსულს გატანებული. თუ ძველი ქართველები მათზე მეტნი იყვნენ, ეს აწმყოს არაფერს ჰმატებს.  

 

ქართული კულტურის ისტორია კოლხეთიდან იწყება. შუა საუკუნეებში გაერთიანებული სამეფოს შექმნაში აფხაზებმა დიდი როლი შეასრულეს. აფხაზეთის ომის დროს ქირდვით ისიც აღუნიშნავთ, რომ მეგრელები და აფხაზები ერთი მოდგმის ხალხი არიან და ამაში გულისხმობდნენ მათ გაწყვეტას. მეგრელთა ქირდვისათვის მიუთითებენ სულხან-საბას „სიტყვის კონაზე“, სადაც ნათქვამია მეგრელთა მრუდ ლაპარაკზე და დანართში აღნიშნულია: „ესე არს მეგრელთა და მისთანათა ავენოანთა ლაპარაკი“. ამ დროს მარტო მეგრელებს ექცევა ყურადღება და არა იმას, რომ აღნიშნულია „მეგრელთა და მისთანათა“. ეს მისთანანი კი შეიძლება ყოფილიყვნენ ცუდად მოქართულე ლაზები, გურულები, სვანები. მეგრელთათვის არ უნდა იყოს საწყენი, რომ სულხან-საბამ მათ ლაპარაკს ავენოვნება უწოდა. მეცნიერმა კაცმა, ქართლისათვის დამაშვრალმა სულხან-საბამ ქართულად ლაპარაკი დაუწუნა მეგრელებს. არც სულხან-საბამ იცოდა მეგრული, რომ მას ამ ენაზე მეცნიერულად რაღაც ეთქვა, არც მასთან მოლაპარაკე მეგრელებს ეცოდინებოდათ საკმარისი ქართული, რადგან სამეგრელო ამ დროს ჩამორჩენილი და გავერანებული მხარე იყო და მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა მაშინდელი კულტურის ცენტრთან – ქართლ-კახეთის სამეფოსთან. მაშინ კი არა, დღესაც მრავალმა მეგრელმა ცუდად იცის ქართული წალენჯიხაში, სენაკში, ჩხოროწყუში. სამეგრელოსა და სვანეთში არიან ძველი თაობის ადამიანები, რომელთაც ქართული არ იციან. ცუდად მოქართულენი საქართველოს ყველა კუთხეში არიან. სულხან-საბას მაშინ რომ მოესმინა ხევსურთა, მთიულთა ან თუშთა ლაპარაკი, რას იტყოდა? დღეს სალიტერატურო ქართულით მოლაპარაკე ადამიანი ვერ გაიგებს მთიულის ან თუშის მეტყველებას, ვიდრე ყურს არ მიაჩვევს.  

 

ქართული კულტურის სისუსტის მაჩვენებელია, რომ ბევრ მეგრელს  თბილისი არ უნახავს და თუ თბილისში ჩამოდიოდა, უცხოსავით იყო. ასეთი მეგრელი ამ დროს რუსეთის ქალაქებში თავს შინაურულად გრძნობდა, რადგან მთელი რუსეთი რამდენჯერმე მოვლილი ჰქონდა. ქართულმა კულტურამ სრულად ვერ შეძლო გამხდარიყო ისეთი, რომ ფოთიდან ყვარელამდე მთელი ერის მტკიცედ შემაკავშირებელი ყოფილიყო და აღმოეფხვრა კუთხეთაშორისი უცხოობა. ქართული კულტურის სისუსტისგან მოდის, რომ საქართველოში მცხოვრები მრავალი ათასი სომხისა თუ აზერბაიჯანელისათვის ეს კულტურა არ არის მიმზიდველი და არ ახდენს მათზე გავლენას, მიუხედავად იმისა, რომ მათი მრავალი თაობა ცხოვრობს უკვე ქვეყანაში. კულტურის სისუსტის გამოა, რომ ეთნიკური კუთვნილების ღირებულება სძალავს კულტურული კუთვნილების ღირებულებას და ამის გამო, მაგალითად, ეროვნების რეკვიზიტზე კამათმა აბსურდული სახე მიიღო. საქართველო ვერასოდეს მივა იმ შეგნებამდე, რომ კავკასიელის ცნება ერთდროულად საერთო ეთნიკური კუთვნილებისა და კულტურული კუთვნილების აღმნიშვნელი იყოს, როგორც ეს არის რუსეთში, საფრანგეთში, ამერიკაში და სხვაგან. კავკასიურ ერთიანობას საფუძველი დავით აღმაშენებელმა ჩაუყარა, მაგრამ ბაგრატიონთა შორის მისი საქმის გამგრძელებელი აღარ გამოჩენილა.

 

ქართული კულტურის სისუსტე წინაპართა დაუდევრობის გარდა იმანაც განაპირობა, რომ ის ექცეოდა უფრო ძლიერი და განვითარებული ანტიკური, სპარსული, ბიზანტიური კულტურების გავლენის ქვეშ. თუ დასავლეთ საქართველოში ანტიკურ და შემდგომ ბიზანტიურ კულტურებს ჰქონდათ გავლენა, აღმოსავლეთ საქართველოში წარმართულ-სპარსული და ისლამურ-სპარსული კულტურების გავლენა მძლავრობდა. ჯერ კიდევ ქრისტიანობამდე დასავლეთ საქართველოში გავრცელებული იყო ბერძნული და ლათინური სახელები. ქართული იმიტომ იქცა კოინედ, რომ სწორედ ქართლ-კახეთის სამეფოში, მრავალი უბედურების მიუხედავად,  იქნა გაწეული დიდი სალიტერატურო შრომა. სალიტერატურო, მწიგნობრული ქართულის გავლენა იმერეთსაც ნაკლებად სწვდებოდა, ხოლო სამეგრელოსა და მაღალმთიან სვანეთში საერთოდ ვერ აღწევდა. სამეგრელოც და სვანეთიც მრავალი საუკუნე გავერანებული პროვინციები იყო. ვერც მეგრული, ვერც სვანური დამწერლობისა და ლიტერატურული ძეგლების მქონე ენებად ვერ იქცნენ. კულტურის განვითარებას ღია სივრცე უწყობს ხელს. მეგრელები ძველი დროიდანვე ზღვისპირეთის ხალხი იყო, მაგრამ ზღვაზე გაუსვლელი. ასევე არიან აფხაზებიც. საზღვაო სივრცემ ვერ მოახდინა კოლხური კულტურის განვითარება. კოლხებმა ვერც ბერძნებისგან ისწავლეს ზღვაოსნობა. ელინიზებული კოლხური კულტურა ანტიკური დროის კუთვნილებად დარჩა და ჟამთასვლაში ჩაიკარგა.

 

ქართველებმა კი არ დაიპყრეს სამეგრელო და მას ენა წაართვეს, როგორც ამას ბევრი მეგრელი იმტკიცება, არამედ სამეგრელოს და მთლიანად კოლხეთს დავით აღმაშენებლის იმპერიამდე დიდი ხნით ადრე დაკარგული ჰქონდა კულტურულ-ისტორიული ინიციატივა. არც მეგრელთათვის, არც სვანთათვის საწყენი არ უნდა იყოს ის, რომ მათი ენებიდან სალიტერატურო ქართულში არაა სიტყვები შესული. ეს იმიტომ, რომ ძველად იყო არა ენების ურთიერთგავლენა, არამედ ქართულის დომინაცია და ცალმხრივი გავლენა მეგრულსა და სვანურ ენებზე. მეგრული და სვანური ენები არ მონაწილეობდნენ ქართული კოინე-დიალექტოსის ჩამოყალიბებაში. პირიქით,  ქართული ენა შეიჭრა მეგრულშიც და სვანურშიც.  ქართული კოინეს ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანეს სპარსულმა, არაბულმა, ოსურმა, სომხურმა და თურქულმა ენებმა. ბიზანტიური ბერძნულის წვლილი უფრო ნაკლებია.

 

კოლხეთი ანტიკურ დროში იყო დიდი სამეფო. შემდგომ იბერიამ იგდო ხელთ საერთო ქართული პოლიტიკის სადავეები. დაიწყო კოლხეთის ქრისტიანიზაციაც და ქართველიზაციაც. იბერია არ ებრძოდა კოლხეთს. გაქრისტიანებული იბერია ებრძოდა წარმართობას კოლხეთში. სამეგრელოც და სვანეთიც იმერეთის სამეფოში შედიოდნენ XV ასწლეულში და მხოლოდ XVI–XVII ასწლეულებში ჩამოყალიბდნენ ოდიშის, გურიის, აფხაზეეთისა და სვანეთის დამოუკიდებელი სამთავროები. ამან განაცხოველა ტომობრივი უცხოობა. მეგრელთა დაშორებამ იბერიისაგან გამოიწვია მათი გაუცხოება არა მხოლოდ ქართლ-კახეთის ქართველთაგან, არამედ იმერელთაგანაც. ოდიში იქცა მივარდნილ კუთხედ და მის დაცემას ვერ შეაჩერებდა სამეგრელოს მთავართა კეთილშობილება. ეს საამისოდ საკმარისი არ იყო. კულტურულ-ისტორიული ინიციატივა ლიხსაქეთა საქართველოს ხელში იყო. ბიზანტიის დაცემამ და თურქული იმპერიის შექმნამ დასავლეთ საქართველოს გავერანება უფრო გააძლიერა. ქართლსა და კახეთს სპარსეთთან ურთიერთობა XVIII ასწლეულის ბოლომდე ჰქონდათ და 1830-იან წლებამდე ქართლ-კახეთში კიდევ იპოვებოდნენ სპარსული ორიენტაციის მომხრე თავადები. აღსანიშნავია ისიც, რომ სპარსელები თურქებზე მაღლა იდგნენ და ამის გამო თურქულ კულტურაში მთელი პლასტებია სპარსული.

 

დაწყებული XV ასწლეულიდან ვიდრე  XIX ასწლეულამდე, როცა ილიას თაოსნობით კულტურტრეგერული მოძრაობა დაიწყო, დასავლეთ საქართველოში – იმერეთის სამეფოში, ოდიშის, გურიისა და სვანეთის სათავადოებში ქართულენოვანი კულტურული ღირებულებანი არ შექმნილა. ქართულ ენაზე კი არა, არამედ მეგრულ და სვანურ ენებზეც არაფერი შექმნილა. ვერც იმერულმა და გურულმა დიალექტებმა შეძლეს დასავლეთ საქართველოს კოინე-დიალექტოსად ქცეულიყვნენ და შეექმნათ ლიტერატურული ძეგლები.

 

ქართლსა და კახეთში სპარსეთთან ინტენსიურმა კულტურულმა ურთიერთობამ განაპირობა ის, რომ სალიტერატურო ქართული ენის ლექსიკის ნახევარი არაბიზმებისა და სპარსიზმებისაგან შედგება. ეს ბუნებრივია, რადგან არაბული და სპარსული კულტურები ქართულ კულტურაზე ბევრად განვითარებული იყო. ლათინური ენა მრავალი ევროპული ენის საფუძვლად იქცა და ამ ენათა ლექსიკის დიდი ნაწილი ლათინიზმებისაგან შედგება. ეს იმიტომ მოხდა, რომ ევროპაში მაშინ სხვა კულტურა არ ყოფილა, გარდა ქრისტიან ბარბაროსთაგან იავარქმნილი ანტიკური კულტურისა. ქრისტიანობამ კი ევროპაში თავისი კულტურის ბრწყინვალებას მხოლოდ რენესანსის ეპოქიდან მიაღწია. მანამდე კულტურა ევროპელმა ჯვაროსნებმა არაბებისაგან ისწავლეს და ჯვაროსნული ომების შემდეგ თანდათან შეიტანეს ევროპაში. ამ ომების შემდეგ ამოძრავდა ათასი წლის განმავლობაში ბარბაროსობაში მყოფი ევროპა.

 

XVI–XVIII  ასწლეულებში ქართლ-კახეთში სპარსული საიმპერიო პროტექციისა და სპარსული კულტურის გავლენამ იბერიას კულტურული თვალსაზრისით ბევრი შესძინა. იბერიისა და სპარსეთის ურთიერთობა უფრო ინტენსიური იყო, ვიდრე დასავლეთ საქართველოსი და თურქეთისა, ქართლ-კახეთის არისტოკრატია სპარსულის მცოდნე იყო და სამეფო კარზე მისი ცოდნა განათლებულობას ნიშნავდა. დასავლეთ საქართველოს არისტოკრატიამ კი თურქულ კულტურაზე არაფერი უწყოდა. კუთხეთაშორისი ურთიერთობის ენად დასავლეთ საქართველოში ქართულის იმერული დიალექტი იყო. ლაზეთი ბნელ პროვინციად რჩებოდა. ტაო-კლარჯეთელი ლაზი თურქეთში თავისი ველურობითა და უკულტურობით გამოირჩეოდა. თურქთა შორის ლაზი ისეთივე სასაცილოდ აგდებული იყო, როგორც რუსეთში ჩუქჩა.

 

უთუოდ აღსანიშნავია წმინდა სისხლის ქართველობაზე კამათის უსაფუძვლობა. მეფეები არ ყოფილან წმინდა სისხლის ქართველები და შეუძლებელია საქართველოს რომელიმე პროვინციის მცხოვრებნი, თვით ქართლის მთიანეთის მცხოვრებნი ყოფილიყვნენ წმინდასისხლიანი ქართველები. არისტოკრატები და სამეფო დინასტიები მთელ მსოფლიოში ყოველთვის შერეული სისხლისანი იყვნენ. არისტოკრატიული კეთილშობილების იდეამ არ იცის სამშობლო და ეროვნება და მასზე მაღლა დგას ყოველთვის. არც ისაა სწორი, რომ თუ ბარის ქართველობა შერეული სისხლისაა, მთიანეთის ქართველობა, მაგალითად, ხევსურები ან თუშები შეურეველი სისხლისანი არიან. მთაში საკმაოდ არიან ქართულ-ოსური და ქართულ-ვაინახური წარმოშობის ადამიანები.

 

კამათი იმაზე კი არ უნდა იყოს, თუ ვინ არის სუფთა სისხლის ქართველი, არამედ იმაზე, თუ რატომ განისაზღვრება ქართველობა ეთნიკური და არა კულტურული კუთვნილების მიხედვით. კამათი მეგრელთა ქართველობაზე სწორედ ამ ცდომილების მიხედვით მიმდინარეობს. მეგრელები და ასევე სვანები კულტურული კუთვნილების მიხედვით არიან ქართველები და სხვანაირად შეუძლებელია იყოს. მათ წარმომავლობაზე (პელაზგები, შუმერები) კი ისტორიოგრაფიამ უნდა იმსჯელოს და არ მოხდეს ამისი პოლიტიზება. ყველა კუთხის მცხოვრებთ მიუძღვით ბრალი იმაში, რომ საქართველოს ისტორია ასეთი სირცხვილიანი და მარცხიანია. ქვეყნის წარსულთან მოპყრობა ძალზე საფრთხილო საქმეა, რადგან საქართველოს პროვინციებში მუდამ ერთმანეთს სდებენ ბრალს ქვეყნის დაქცევაში. მიმდინარე პოლიტიკას არ უნდა გადაჰყვეს ძლივს მიღწეული საერთო ქართული შეგნება. სამოქალაქო ომის დროს მეგრელები ლიხისაქეთა ქართველებს სდებდნენ ბრალს ქვეყნის დაქცევაში. თბილისში კი გამსახურდიას მომხრე მეგრელებს აგინებდნენ და ქვეყნის გავერანება მათ ბრალდებოდათ. საქართველოს ისტორია უნიათობისა და ერთმანეთის მოტყუების ისტორიაა. ერთმანეთის დადანაშაულება მხოლოდ აღრმავებს ტრაიბალიზმს და აწმყოს უფრო სავალალოდ ხდის. ქართველთა ნაციად ჩამოყალიბების პროცესს მხოლოდ წინა ასწლეულში ჩაეყარა საფუძველი. აზრი საქართველოს 3 000-წლოვან უწყვეტ სახელმწიფოებრიობაზე მხოლოდ კომპენსატორული პროპაგანდისტული ბლეფია.

 

XIX  ასწლეული არის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენელთა ასპარეზზე გამოსვლის პერიოდი. ამ დროიდან კოლხური მოდგმის მოღვაწეებმა ქართული კულტურისათვის ბევრი რამ გააკეთეს. რუსული საიმპერიო პროტექციით შეიქმნა კულტურული ერთობა, რომელმაც ამერ-იმერთა ნაციად ფორმირების პროცესს ჩაუყარა საფუძველი. შეიქმნა იბერიულ-კოლხური კულტურული სინთეზი. მოდერნის დროის საქართველოს ისტორიაში ეს არის კულტურათა სინთეზის ერთადერთი შემთხვევა. ეს კულტურული ერთობა პოლიტიკანთა ნალაყბევის გამო დაირღვა. ევრისტიკულად ძნელი ასახსნელია, რატომ მოხდა, რომ დღეს დასავლეთ საქართველოს წარმომადგენელნი, დაწყებული XIX ასწლეულიდან, საზოგადოებრივი ასპარეზის წინა პლანზე დგანან, ხოლო ქართლისა და კახეთის, ასევე ქართლის მთიანეთის წარმომადგენლებმა უკანა პლანზე დაიწიეს.

 

თუ საკამათოა ის, რომ მეგრელები არ არიან ქართველები, ეს საკამათოდ ხდის ყველა კუთხის წარმომადგენელთა ქართველობას. ასე თვით ქართლელების ქართველობაც საკამათო გახდება. საბჭოთა დროში მიღწეული იბერიულ-კოლხური კულტურული სინთეზის დარღვევა ვერც დასავლეთ და ვერც აღმოსავლეთ საქართველოს ვერ შეაძლებინებს არათუ უფრო მეტის შექმნას, არამედ მიღწეულის შენარჩუნებასაც. საუნივერსიტეტო და აკადემიური კლასი, რომელსაც სხვაზე მეტი მოეკითხება, წინ უნდა აღუდგეს ქართველთა ბრბოს მოძალებას, რომელიც თავისი სიბრიყვისა და უვიცობის გამო ტომობრივ ქიშპს აღვივებს. არ უნდა იყოს საკამათო ის, რომ საქართველოს დაერქვას იბერია ან სხვა რამ. იბერია საქართველოს ისედაც ჰქვია. სახელის შეცვლა კი არაა მნიშვნელოვანი, არამედ კულტურული ერთობის შენარჩუნება.        


კომენტარები