იაკობ თოდუა – მენეჯმენტის ფაკულტეტი 2013-2017, ეროვნული თავდაცვის აკადემია. საჰაერო იერიშის კურსი 2017, ვესტ პოინტის სამხედრო აკადემია. საზენიტო-სარაკეტო სისტემები, 2017-2018, კრწანისის სასწავლო ცენტრი.
უწყვეტმა წვიმიანმა ამინდებმა სოფლის ჭა პირამდე ამოავსო. მოღრუბლულ ამინდებს ისეთი ნალექის წარმოქმნა შეუძლიათ, რომელიც ადამიანს შვებას ჰგვრის. ღრუბლებში გამოსახულ ნიშანს ხომ ბევრი ომიც გადაურჩენია?! არსებობს თქმულებები ცაში ჯვრის, ცეცხლის რკალის ან რაიმე სიტყვის გამოსახვაზე. აი, წარმოვიდგინოთ მცირერიცხოვანი ლაშქარი. წინა ხაზში გამორჩეული მეომრები დგანან, წყობა ხაზისებურია და ფლანგებს ეტლიანი ცხენები ამაგრებენ. ირგვლივ ისეთი მტვერი ტრიალებს, რომ შუაში მდგომი მეომრები იბნევიან, ბოლოში – ორჭოფობენ და მათი შინაგანი წინააღმდეგობის მიზეზი მაცდური იმედია. ხომ შეუძლიათ, რომ ბრძოლის უკიდურეს ფაზაში, დაფეთებული ცხენების ჭიხვინისა და დაჭრილი მეომრების ოხვრით შექმნილ ქაოსში გაიქცნენ?! ლაშქრის წინ მთავარსარდლები დგანან. პირად დაცვაში გახვეული მეფე სიტყვით გამოსვლისათვის ემზადება. მეომრებს წინ სისხლიანი ომი ელოდებათ, ეს გარდაუვალია! მტერი მრავალრიცხოვანია, მძლავრი აღჭურვილობა აქვს და ბევრი ცხენი ჰყავს. (დააკვირდით, მრავალრიცხოვანი ლაშქარი ერთ სიტყვაში მოვაქციე და მტერი ვუწოდე). ისინი იმდენად მიზანმიმართულები არიან, იმდენად უნდათ იმ მოწინააღმდეგის განადგურება, რომლის გადმოსახედიდანაც მე ვყვები, რომ მართლაც ერთი სიტყვით აღსანიშნავ სიმრავლეში ერთიანდებიან. მტერი ძლიერია, გამარჯვების შანსი ძალიან დაბალია და მეფის სიტყვებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ის ცხენიდან ჩამოდის, დაწყობილი ლაშქრის წინა რიგებს უახლოვდება და მიმართავს. მისი ხმა დამაჯერებელია, თუმცა უკან არ ისმის. ბოლოში მდგომმა მეომრებმა იციან, რომ მეფე საუბრობს, ყვირიან, შეძახილებით პასუხობენ, მაგრამ არაფერი ესმით. ისინი წინა ხაზიდან წამოსული ემოციების ტალღას ჰყვებიან და ასე გამოხატავენ ბრძოლის ჟინს. მეფე აგრძელებს... მას სურს, რომ ლაშქარი გააფთრებულ მხეცს დაამსგავსოს, უნდა ისე გააერთიანოს, როგორც მისი მტერია მთლიანი. მეომრებს თავგანწირვისკენ მოუწოდებს, თუმცა რაღაც აკლია. ბრძოლის გადადებაც კი უნდა. მის გამოსვლას რაღაც აშკარად სჭირდება და სწორედ ამ დროს, იცვლება ამინდი. ღრუბლები თითქოს უფრო სწრაფად მოძრაობენ, და აჰა ნიშანიც! (ცაში გამოისახა ან ჯვარი ან ცეცხლის რკალი და შეიძლება რაიმე სიტყვაც კი. და მეფემაც შენიშნა. ღრუბლის უბრალო ფორმა ზეციურ მინიშნებად გარდაიქმნა.) ლაშქარს იმედი მიეცა და ამ იმედის წყალობით დაარბიეს მტრის ქალაქები.
ამინდს შეუძლია ღრუბლებში ისეთი თვალები გამოკვეთოს, რომლებიც ხამხამებენ, შეიძლება ისეთი ცხოველიც გამოისახოს, რომელიც პირს ამოძრავებს. ვამბობ, ამინდს შეუძლია-მეთქი, მაგრამ ამინდი ადამიანური თვისების მქონე მოვლენა როდია?! მაშ რატომ ვსაუბრობ მასზე ისეთი სიტყვებით თითქოს პიროვნება, ანუ ვიღაც სულიერი იყოს?! როგორ გადმოვცეთ სხვანაირად ის აზრი, რომ სოფლის ჭის პირამდე ამოვსება ამინდის დამსახურებით მოხდა?! მომიტევეთ, მაგრამ მე ასე ვერ ვიტყვი, ვერც იმას ვიტყვი, რომ უწყვეტი წვიმიანი ამინდების გამო სოფლის ჭა პირამდე ამოივსო. ალბათ, გიკვირთ ჩემი წერის ასეთი ფორმა, ამ გაკვირვების გასაგებად კი თხრობას განვაგრძობ. უწყვეტმა წვიმიანმა ამინდებმა სოფლის ჭა პირამდე ამოავსეს. ჭიდან წყლის ამოსატანმა ლითონის ჭურჭელმა [რუს. ведро] კი თავისი ფუნქცია დაკარგა, სოფელში, სადაც, ადამიანებს სახლებში დაჟანგული ლურსმნები აქვთ შენახული. ეს ყველაფერი საკმაოდ შემზარავი იყო, ამოვსებული ჭა ბოღმისგან სავსე ადამიანს დაემგვანა. რამოდენიმე დღეში გამოიდარა და ჭას კვლავ სიღრმე დაუბრუნდა. სოფლის მაცხოვრებლებმა ლითონის ჭურჭლები ამოასუფთავეს, ძირში წარმოქმნილი ნადები ამორეცხეს და წყლის ამოტანაც დაიწყეს. ამინდი იმდენად გამოსწორდა, რომ ქვეწარმავლები სიცხისგან შეწუხდნენ. ერთ-ერთმა შავმა გველმა კი ჭას მიაშურა. მას თავი ყვითელი ჰქონდა და ნაცვალი კანის ნაფლეთები ტანზე შერჩენოდა. გველი ლითონის ჭურჭელში ჩაცურდა, მაგრამ იქიდან მალევე ამოსრიალდა. მერე ჭის ზედაპირზე აცურდა. ამ დროს მცხუნვარე მზის სხივები იქვე მიყუდებულ ლითონის ნაჭრისგან აირეკლა და თვალმოჭრილი გველი ჭაში ჩავარდა. ჰაერში რამოდენიმეჯერ დაიკლაკნა და ბოლოს სუფთა წყლის ზედაპირზე დაეცა. იქ საკმაოდ გრილოდა, ბნელოდა კიდეც, სწორედ ამიტომ უყვარდათ სოფლის მაცხოვრებლებს ჭის წყალი. გველმა ბევრჯერ სცადა ამოსვლა, თუმცა შუა ნაწილსაც ვერ ამოსცდა, სველ ქვებზე სრიალებდა და უკან ვარდებოდა. ამასობაში მზემ უფრო დააჭირა. ერთ-ერთ ოჯახს ცოტა ხნის წინ ესადილა და გაზანტებულები ჩრდილში ისხდნენ. ისინი ბავშვის შეკივლების ხმამ გამოაღვიძა. ოჯახის უფროსი თავის ცოლთან ერთად ჭას მიუახლოვდა, იქ მდგომი ბავშვი დაამშვიდეს. მამაკაცმა გადაწყვიტა გველი ლითონის ჭურჭლით ამოეყვანა. ბევრჯერ სცადა, მაგრამ ქვეწარმავალი ერთ ადგილას არ ჩერდებოდა. ქალმა მამაკაცი გააჩერა. ჭაში ჩაიხედა, თვალები დახუჭა და ბუტბუტით რაღაც სიტყვები წარმოსთქვა. ბგერებმა თავისებური ექო შექმნეს. დაგრძელებულმა დაბოლოებებმა მისტიური ხასიათი მიიღეს. ხმოვნები თითქოს სველ ქვებზე დალაგდნენ და მერე ერთბაშად, წკაპა-წკუპით ჩაცვივდნენ წყალში. როცა ქალმა თვალები გაახილა, გველი გაჩერებული იყო. მამაკაცმა ის ლითონის ჭურჭლით ამოიყვანა და მიწაზე დააგდო, როგორც რაიმე მექანიზმის მწყობრიდან გამოსული რეზინი. სანამ გონს მოვიდოდა, ბარით შუაზე გაჭრეს. ორ ნაწილად გაყოფილი ქვეწარმავალი მალევე გამოფხიზლდა და მისმა ორივე ნაწილმა ცალ-ცალკე დაიწყო ფეთქვა.
ამ ნაწერში, ამინდი სოფლის ჭას პირამდე ავსებს, ხმოვნები სველ ქვებზე ლაგდებიან, ნაწილი ფეთქავს და ეს ყველაფერი ხდება ორი მიზეზით. პირველის თანახმად, ენა იმდენად შეზღუდულია, რომ მას არ შეუძლია განასხვავოს ერთი ფერის ათასობით მოდულაცია.1 ადამიანი მეტყველებს, მაგრამ საგანს აპიროვნებს. დავწეროთ ასეთი წინადადება და ბევრს გავიგებთ. „მზემ ყინული გაადნო“, აქ აშკარად მზემ იმოქმედა ყინულზე, რის შედეგადაც ის გადნა. ე.ი., შედეგზე მეტად მზის აქტივობა იკვეთება, ადამიანი კი მეტყველებით ვერ ასხვავებს სულიერსა და უსულოს მოქმედებას. ამ უკანასკნელი პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია. მეორე მიზეზი თვით საგნის ბუნებაშია. სტატიკურ2 ნივთშიც შეიძლება ისეთი პროცესი მიმდინარეობდეს, რომელიც საკმარისად სულიერად გვეჩვენოს. განსხვავება, სულიერსა და არასულიერის მოქმედებას შორის მიზნობრიობაა. მზეს არ შეუძლია არ იმოქმედოს ისე, როგორც მოქმედებს ხოლმე, ის თავისთავად, თავის თავშივე მოქმედებს ასე. ყოველ არასულიერ ელემენტს გააჩნია მუშაობის ზოგადი ფორმა და არც ერთ მათგანს არ ძალუძს დამოუკიდებლად შეცვალოს თავისი ფუნქციონირების წესი, ეს მხოლოდ ადამიანს ძალუძს, თუმცა მიზნობრიობა ჩვენი უპირატესობა არ არის, ეს ჩვენი პრობლემაა, რადგან ადამიანის ფუნქცია ამ სამყაროში ორმნიშვნელოვანია, ის ხან მიზნობრივად და ხანაც მუშაობის ზოგადი წესით, რომელიც დღემდე ამოუცნობია, მოქმედებს. ჩვენთვის უკიდურესად რთულია იმის გაგება, თუ რა უნდა გავაკეთოთ და შესაბამისად ვერ ვწვდებით მომენტს, როცა სააწინააღმდეგოდ ვმოქმედებთ. აქ გადმოცემული ყოველი აზრის ყალიბი თვით სიტყვებითაა შექმნილი. წარსულიც სიტყვებითაა აღბეჭდილი და სამყაროს ისტორიაც, ძირითადად, სიტყვებშია შენახული. თუკი, ოდნავ მაინც ვგრძნობთ მეტყველების დაბალ სიზუსტეს, მაშინ უფრო ღრმად შევიჭრებით ისტორიის ისეთ ნაწილებში, რომელთაც შესაძლოა საერთოდაც არ უარსებიათ. საბოლოო ჯამში კი მივალთ ერთ დამაფიქრებელ აზრამდე: – „ადამიანის პრობლემა იყო და არის არა მარტო ის, რომ რაღაცას ვერ ხედავს, ვერ ამჩნევს ან ვერ გებულობს, არამედ ის, რომ გაცილებით მეტს ხედავს, მეტს ამჩნევს და მეტს გებულობს, თუმცა იმასთან შედარებით, ვიდრე ნამდვილად არის. ამ მხრივ, ისტორია უფრო და უფრო საეჭვო ხდება, რადგან ჩვენთვის იმის ცოდნაც კი საეჭვოა, რაც მოხდა გუშინ“.
განმარტებები:
1. მოდულაცია – (ლათ. Modulatio – სიმწყობრე) ერთი ტონალობიდან მეორეზე გადასვლა.
2. სტატიკური – (ბერძნ. statikē) მოსვენებითი, წონასწორობის მდგომარეობა.
კომენტარები