იულიუს ევოლას „ომის მეტაფიზიკის“ ძირითადი საკითხები

იულიუს ევოლას „ომის მეტაფიზიკის“ ძირითადი საკითხები

ლუკა ბაკურაძე – სტუდენტი, ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი.

 

წინასიტყვაობა იულიუს ევოლას წიგნიდან: ომის მეტაფიზიკა

 

 

იულიუს ევოლა დაიბადა 1898 წელს რომში. ის იყო: პოეტი, მხატვარი, ესეისტი, კრიტიკოსი, ეზოტერიკოსი და ფილოსოფოსი. მისი შეხედულებები ეხმიანება: ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიას, ტრადიციონალიზმს, ჰეროიზმს, არისტოკრატიულ ფაშიზმსა და რასიალიზმს. ახალგაზრდა ევოლა დადაისტური მიმდინარეობის მხატვარი იყო, მისი თქმით ეს მიმდინარეობა გახლდათ იარაღი გაბატონებულ რაციონალიზმზე გასალაშქრებლად. ამავდროულად, აქტიურად კითხულობდა ბუდისტურ ლიტერატურას და იმდენად შეჰყვა აღმოსავლურ აზროვნებას, რომ ამან თვითმკვლელობის მცდელობამდეც კი მიიყვანა. წარუმატებელი მცდელობის შემდეგ დაიწყო აღმოსავლური და დასავლური ეზოტერული სამყაროსა და ლიტერატურის შესწავლა; პარალელურად კითხულობდა ფილოსოფიასა და მხატვრულ ლიტერატურას. მასზე დიდი გავლენა მოახდინა: ფრიდრიხ ნიცშემ, რენე გენონმა, გერმანულმა იდეალიზმმა, წარმართულმა წარმოდგენებმა და რელიგიურმა წმინდა წიგნებმა. 


იტალიელი ფილოსოფოსის წიგნები ძირითადად რელიგიური, ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური ნაწარმოებების ისტორიული და პოლიტიკური ფაქტების განხილვით, ამასთანავე, სპირიტუალიზმზე არსებული წყაროების მიმოხილვით არის სავსე. ის მკაფიოდ აკრიტიკებს: ეგალიტარიანიზმს, დემოკრატიას, დემოკრატიის პირობებში არსებულ თანასწორობასა და უფლებებს, ლიბერალიზმს, სოციალიზმს, მარქსიზმს, კომუნიზმს – ამავდროულად, ეხება ხელოვნებისა და ეთიკის სფეროებს; ხაზს უსვამს: მხატვრულ ლიტერატურაში, მუსიკაში, მხატვრობასა და სხვა სფეროებში რეგრესირების ნიშნებს; მკაცრად აკრიტიკებს მასკულტურას და მორალს, რაც მასებისთვის არის განკუთვნილი. 


იულიუს ევოლას ფილოსოფიური მოდელი ტრადიციონალისტური, ანტი-ლიბერალური და სპირიტუალურია. ალბათ, ეს არის მიზეზი იმის, რომ ის დღემდე არ კარგავს აქტუალურობას ფილოსოფიითა და პოლიტიკით დაინტერესებულ ადამიანებში. მეოცე საუკუნეში მოღვაწე იტალიელი იმდროინდელ სამყაროს უჯანყდებოდა თავისი აზროვნების ფორმით (იხ. წიგნი „აჯანყდი თანამედროვე სამყაროს წინააღმდეგ“), დღეს კი მისი აზრები ბევრად უფრო რადიკალურად, უხეშად და თანამედროვე სტანდარტებისთვის შეუფერებლად მოგეჩვენებათ. თანამედროვე ლიბერალური აკადემიური წრეებისთვის ევოლა ტაბუირებული თემაა და რთულია რომელიმე არსებულ უნივერსიტეტებში ევროპის, თუ ამერიკის მაშტაბით მასზე რაიმე სახის ლექციები, ან განხილვები მოისმინოთ. ამის მიზეზი, გარდა იმისა, რაც ზემოთ აღვწერე, მისი ანტი-სემიტური დამოკიდებულებებიც არის. 

 

მეტაფიზიკა და ომის მნიშვნელობა ადამიანისთვის 
იულიუს ევოლა პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა, ამიტომ მან კარგად იცოდა რას ნიშნავს იარაღით ბრძოლა მტრის წინააღმდეგ. მისივე თქმით, ამ ომში ის არასწორ მხარეს იმყოფებოდა, რადგან გერმანელების წინააღმდეგ მოუწია ბრძოლა, მაგრამ ეს წამით არ ცვლის იმ შეგრძნებებსა და ომის არსთან წვდომის ფენომენს, რაც ამ პროცესს ახლავს თან. 


„ომის მეტაფიზიკა“ სწორედ ომის არსზე, მის გავლენაზე ეგზისტენციალურ არსთან მიმართებაში და ადამიანის პოტენციალის გამოვლენაზე მოგვითხრობს. 


მეტაფიზიკა ნიშნავს მატერიალურის მიღმა არსებულ სამყაროს, რაც იდეების სამყაროს, ობიექტურ რეალობას, ზე-მგრძნობელობას და მსგავს აბსტრაქტულ ნიშნებს აერთიანებს. მოცემული ტერმინი არისტოტელეს წიგნიდან „მეტაფიზიკა“ იღებს სათავეს, თუმცა არსებობრივად და მნიშვნელობით ეს უკანასკნელი დასავლურ ფილოსოფიაში პლატონით იწყება. პლატონის დიალოგებში იდეათა სამყაროა მხოლოდ რეალური, მატერიალური კი წარმავალი და მოჩვენებითია. იულიუს ევოლა დასავლური ფილოსოფიის წარმომადგენელია, მიუხედავად იმისა, რომ მასზე დიდი გავლენა აქვს აღმოსავლურ ფილოსოფიასა და რელიგიებს. მისი დიალექტიკური მოდელი დასავლურია და მეთოდები აზროვნების იმ კანონზომიერებას მიჰყვება რაც მის წინამორბედ ფილოსოფოსებს ახასიათებდათ. ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ წიგნს „ომის მეტაფიზიკა“ ჰქვია. მეტაფიზიკა ამ კონტექსტში საკითხის ღრმა და აბსოლუტურ მნიშვნელობას უსვამს ხაზს. მოცემულ ავტორს ამავე სტილში აქვს დაწერილი სხვა საკითხებზეც, როგორიც არის ეროსი/სიყვარული, რასა, ჰეროიზმი და ა.შ. დასავლურ ფილოსოფიაში მსგავსი სახელწოდების წიგნებიდან შეგვიძლია გავიხსენოთ გერმანელი ფილოსოფოსის – არტურ შოპენჰაუერის – „სქესური სიყვარულის მეტაფიზიკა“, სადაც მოთხრობილია ღრმა შინაარსები ქალ-ვაჟური ურთიერთობის. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ წიგნის მთავარი ლაიტმოტივი ომის მნიშვნელობის მრავალმხრივი განხილვაა.


ნაწარმოების პირველ თავში საუბარია რა პერსპექტივებს უსახავს ომი ადამიანს. ბრძოლის ველი სილაჩრის და სიმამაცის, სისუსტისა და სიძლიერის, კეთილშობილებისა და ბოროტების, სულმდაბლობისა და სიქველის გამოვლინების არეალია. ადამიანი თავისუფალია ფრონტზე, ის თავად წყვეტს რომელი შეგრძნება აიტაცებს მის ყოფიერებას. ეს მომენტი საშუალებას იძლევა მთელი ცხოვრების მღელვარება ერთ ეპიზოდში გაერთიანდეს და ადამიანი მოიცვას ჰეროიკულმა გზნებამ – აღტკინებამ და მაღლასვლამ, ან დამცრობამ და დაცემამ. 


მნიშვნელოვანია, ომის პროცესში ის ეგზისტენციალური ნიშნები, რაც ვლინდება კონკრეტულ მომენტებში. წამიერად შინაარსს იძენს ყოფიერება, როცა სიცოცხლე დათმობის საფრთხის ქვეშაა, ამ მომენტში მონოტონური და დროში გაწელილი არსებობა წამიერი ტრიუმფით იცვლება და ყველაფერი რაც ირგვლივ არის უფრო ღირებული ხდება, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მოცემულობა რომელიც იქნება პირდაპირი ანტიპოდია მატერიალური არსებობის სტრუქტურის, ამდენად პირდაპირ უკავშირდება ყოფიერება წამიერად სპირიტუალურ წერტილებს. 


ევოლა არ ეწევა ხოცვა-ჟლეტის პროპაგანდირებას, მისთვის არათუ სისხლი და ადამიანების მიერ ერთმანეთის მიმართ განხორციელებული ძალადობა, არამედ პროცესის ზე-მნიშვნელობაა ესთეტიკური. ომებს გარდა ეგზისტენციალური როლისა, რა თქმა უნდა, მეტი ლეგიტიმაციაც აქვს და სჭირდება კიდეც, რადგან მხოლოდ ეგზისტენციალური მნიშვნელობა ვერ იქნება კაცობრიობის სისხლში ხელების ამოსვრის მიზეზი. 


ომების წარმოება მაშინ არის ლეგიტიმური, როცა არსებობს სახელმწიფოსა თუ რაიმე სახის გაერთიანებაში ბუნებრივი წესრიგი. ეს მოიცავს საზოგადოების დაყოფას იერარქიულად, თუმცა არა კლასობრივად, როგორც ეს სოციალიზმშია, ან ეკონომიკურად, როგორც ეს კაპიტალიზმშია. მოცემული დაყოფა არც დემოკრატიის პირობებში არსებული მეტად ფასადური ეგალიტარული სენტიმენტებით განისაზღვრება. ევოლას მიერ გამოყენებული ტერმინი კორელაციაშია ტრადიციულ სამყაროსთან, უფრო სწორედ კი ტრადიციული სამყაროსგან არის ნაკარნახევი. „ვეფხვის მორჯულება“ – მისივე წიგნი გვიხსნის რა არის ტრადიციული სამყარო, რთულია ამ ტერმინის მოკლე განმარტება, თუმცა ნახევრად გასაგები მაინც რომ გავხადოთ – ეს ნიშნავს ობიექტურ ყოფიერებას, ტრადიციულ არსებობას, რაც ადამიანის შინაგანი მგრძნობელობით აღიქმება. ტრადიციული ადამიანი ეწოდება ადამიანს, რომელიც შეიმეცნებს ამ სამყაროს. სწორედ ეს მოცემულობა გვაუწყებს ობიექტურ დაყოფაზე საზოგადოებაში, რაც ოთხ ნაწილად ქსაქსავს სოციუმს, ესენია: მონები, ბურჟუაზიული საშუალო კლასი, მეომარი არისტოკრატია და სულიერი, წმინდა ავტორიტეტის მატარებლები. პირველი სამი კასტა, ალბათ, მარტივად გასაგებია, მეოთხე კასტა კი ისე არ უნდა გავიგოთ, როგორც ერთი შეხედვით ჩანს ... ეს უკანასკნელნი არ წარმოადგენენ პაპებსა და პატრიარქებს, არამედ ესენი არიან სულიერი ლიდერები რასის, ეთნოსისა, თუ სახელმწიფოში გაერთიანებული ხალხის. 


კასტები, განსხვავებით თანამედროვე სისტემებში არსებული კლასებისგან, არ განისაზღვრებიან ეკონომიკური, თუ სხვა სახის მოცემულობებით. კასტებს განსაზღვრავს თავისი შინაგანი სიქველე და ყველა მათგანს აქვს დამახასიათებელი ნიშანი, რაც გამოარჩევს სხვებისგან. თანამედროვე სამყაროში კი არაბუნებრივი სისტემები შობს არაბუნებრივ დანაწილებებს; აქიდან გამომდინარე იქმნება კონფლიქტები და დაპირისპირებები სახელმწიფოებს შორის, რომელიც მხოლოდ ეკონომიკური ძალაუფლებისა, თუ სხვა მდაბალი მიზნებით არის ნაკარნახევი. თანამედროვე ბურჟუაზიული საზოგადოებები და სახელმწიფოების ლიდერები არიან ვაჭართა კასტა, რომლებსაც არ შეუძლიათ შეიცნონ სამყაროს ის ობიექტური და უნივერსალური მოცემულობები რაზეც ავტორი წიგნში გვესაუბრება. 

 

რომაელები, სკანდინავიელები და ქრისტიანები 
უკვე ვისაუბრეთ კასტათა დაყოფასა და სოციალურ იერარქიაზე, ასევე უნდა ვისაუბროთ დასავლურ ცივილიზაციაში არსებული ჯგუფების თავისებურებებზე. იულიუს ევოლა გამოყოფს სამ ადამიანთა ჯგუფს – რომაელებს, სკანდინავიელებსა და ქრისტიანებს. ამ ჯგუფებს თავისი დადებითი და უარყოფითი ნიშნები ჰქონდათ, ცხადია, მაგრამ ევოლას არათუ ეს, არამედ მათი მიდგომები აინტერესებს ომთან დაკავშირებით. 


რომი საერთოდაც არ იყო ათეისტური, ან სეკულარული სახელმწიფო/რესპუბლიკა, როგორც ეს ბევრს ჰგონია. რომაელთა ბრძოლა ქრისტიანობის წინააღმდეგ ბევრს ესახება, როგორც ბრძოლა ათეისტური ხედვების – თეისტური ხედვების წინააღმდეგ. რეალურად, რომის პრინციპები საკმაოდ რელიგიური და სპირიტუალური მნიშვნელობებით დატვირთული გახლდათ. მათი ჟინი ბრძოლისკენ ბევრჯერ ყოფილა განპირობებული რელიგიური ნიშნების აღმოჩენითა, თუ მათი ღმერთებისათვის პატივის მიგების მიზნით. გამარჯვებული ჯარისკაცები გამარჯვებასაც ისე იღებდნენ, როგორც ბედისწერას, სადაც თავგანწირვით ემორჩილებოდნენ ღმერთთა განგებას (აქ იკითხება ძველბერძნული პოლითეისტური გავლენები). ამდენად, გამარჯვების საზეიმო ქმედებებიც ძირეულად კავშირში იყო ღმერთებისადმი პატივის მისაგები რიტუალებითა, თუ სხვა სახის გამოვლინებებით. 


სკანდინავიური მითოსი ხოტბას ასხამს ბრძოლას და სავარაუდოა; რომ არა ბრძოლის მათეული გაგება და ამის ასეთ ფორმებში გამოსახვა, როგორც ისინი გამოსახავენ, საერთოდ არ იქნებოდა სკანდინავიური მითოსი საინტერესო, ან რამეთი გამორჩეული სხვა მითოლოგიებისგან. მათი რწმენით, ომი სუბსტანციურ მნიშვნელობას იძენს, ამ პროცესის დროს კი სიკვდილი უმაღლეს დონემდეა საკრალიზირებული. ბრძოლისას სიკვდილი არათუ სენტიმენტალური – ჰეროიკული დასასრულია ვიკინგისთვის – არამედ აუცილებლობა, რომელსაც გვერდს ვერ აუვლის. ამ რწმენებით მოღვაწე ადამიანი შინაგან ლეგიტიმაციას გრძნობს, როცა მტერს ებრძვის. სისასტიკესა, თუ სიმამაცეში – მისი გზნება გაორმაგებულია და გმირულ თვისებებს იძენს. მითოსის ამ კატეგორიაში, სამოთხისეული მოცემულობაც ბრძოლასთან და მარადიულ სისხლისღვრასთან, ამავდროულად კი გამარჯვებასა და ღრეობასთან ასოცირდება. 


ქრისტიანობა, როგორც თავისთავად რელიგია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაციფისტურია და რასობრივი, თუ ეთნიკური ელემენტებისგანაც მეტწილად დაცლილია, მაგრამ ის ფორმა, რა ფორმაშიც ევროპამ ქრისტიანობა მიიღო – სახეცვლილია. ევროპული ქრისტიანობა იძენს ეთნიკურ ელემენტებს რიგ სახელმწიფოებში და ხდება პოლიტიკური, თუ გეოპოლიტიკური დაპირისპირებების მიზეზიც (ან შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური მიზეზებით იქნა გამოყენებული რელიგიები, რათა დაპირისპირებულიყო ორი მხარე შუა საუკუნეებში). 


ავტორი ვრცლად საუბრობს ჯვაროსნულ ლაშქრობებზე და მის მნიშვნელობაზე, არა როგორც პოლიტიკურ მოვლენაზე, სადაც ორი ცივილიზაცია იბრძოდა, არამედ ეგზისტენციალურ როლზე, რაც ამ მოვლენამ იქონია. იტალიელი ფილოსოფოსისთვის ეს ლაშქრობები არ არის განაზრებული, როგორც ეკონომიკური მიზეზების გამო წარმოქმნილი ხელოვნური დაპირისპირება და არც სხვა მიზეზებზე საუბრობს, რაზეც ხშირად აპელირებენ ხოლმე ისტორიკოსები. მოცემული ურთიერთდაპირისპირების მიზეზი რეალურად იყო ქრისტიანების ბრძოლა „წმინდა მიწისთვის“ და ღვთაებრივი ყოფიერებისთვის. ეს ცნებები არ უნდა გავიგოთ, როგორც თეოლოგები აღიქვამენ მას, ან სასულიერო პირები, რომლებსაც ესმით ქრისტიანული რელიგია მეტად, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს – არამედ ტერმინები უნდა აღვიქვათ ისე, როგორც აღიქვამდნენ ამას ჯვაროსნები. ჯვაროსანი რაინდების უმეტესობას არ გააჩნდა თეოლოგიური განათლება და სიმართლე ითქვას – არც ქრისტიანული წარმოდგენებით იყო მთლიანად შემოფარგლული მათი ცნობიერება. მათ ჰქონდათ რწმენა, რაც მეტწილად სუბიექტური იყო, მაგრამ აღწევდა იმ შრეებში, რომელიც აბსოლუტური და მარადიულია ადამიანის ცნობიერსა და არაცნობიერში. ომმა მისცა საშუალება მათ, რომ გამოღვიძებულიყო მათში მიძინებული რაინდობის კოდექსი. ამას, ცხადია, თან ახლდა ქრისტიანული რწმენაც, მაგრამ მეტწილად მთავარ ფაქტორს თამაშობდა – ბრძოლა ბარბაროსების, უწმინდურებისა და მტრის მიმართ (როგორც ამას თავად აღიქვამდნენ). 


საკითხის უკეთ გასაგებად, ავტორს მოჰყავს ცნობილი ჯვაროსნული ლაშქრობების ისტორიკოსის – კუგლერის ციტატა: 
„ეს არ ყოფილა უბრალოდ ბრძოლა ამქვეყნიურ სამეფოთა მოსაპოვებლად, არამედ ეს იყო ბრძოლა ზეციური სამეფოსათვის: ჯვაროსნული მსვლე­ლობები არ ყოფილა ადამიანთა საქმე, არამედ, უფრო მეტად, ღმერთისა – ამიტომაც, მათზე არ უნდა ვიმსჯელოთ იმგვარად, როგორადაც სხვა ადამიანური ისტორიული მოვლენების შე­სახებ ვმსჯელობთ“. 


„წმინდა ომის“ ცნება განსაკუთრებით დიდ აღნიშვნას იმსახურებს, რადგან სწორედ ამ ტერმინით ამართლებს ავტორი ორივე მხარეს მყოფი ჯარისკაცების ბრძოლას. რამდენადაც ქრისტიანებისთვის იყო ეს ბრძოლა წმინდა, იმდენად იყო წმინდა პროცესი მუსულმანებისთვისაც. 


„„წმინდა ომმა“, რომელმაც ორი ცივილიზაცია ურთიე­რთის წინააღმდეგ აამხედრა თავიანთი რელიგიების სახე­ლით, ამავე დროს ისინი იმის გააზრებამდე მიიყვანა, რომ, მიუხედავად ორი განსხვავებული რწმენის საწყისებისა, საბო­ლოოდ ისინი იდენტურად, სულიერების მიუკერძოებელი ღი­რებულებით აღიქვამდნენ ომს““ – წერს ევოლა. მოცემულ საკითხზე სამსჯელოდ ყველაზე უკეთ ეს ნაწილი გვაძლევს ფიქრის საშუალებას. 


იტალიელი ფილოსოფოსის აზრით, ადამიანები, რომლებიც ამ ომებს უწოდებენ რელიგიური ფანატიზმის გამოვლინებას, ტყუილ სისხლისღვრასა, თუ ბოროტების/სიძულვილის ფრქვევას – ვერ აცნობიერებენ, რომ ის რასაც ისინი რელიგიურ ფანატიზმს უწოდებენ, შესაძლოა გაცნობიერების და სულიერი გაბრწყინების ის დონე იყოს, რაც არსებობის ტრიუმფს წარმოადგენს. 


ბევრი ფილოსოფოსი, თუ მწერალი ბრძოლის ველს კაცობრიობის დაცემის ყველაზე მაღალ გამოვლინებად აღიქვამს. მათთვის ჰუმანიზმის პერიოდში დამკვიდრებული და განვითარებული აზროვნების ფორმებია მისაღები და ეთიკური თავისებურებებიც, ბუნებრივია მეტად ლიბერალურად აღიქმება. არსებობს ათასობით და ალბათ, ასი ათასობით და კიდევ უფრო მეტი პაციფისტური ლიტერატურა. ამის მიზეზად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამოწვეული დანაკარგის მძაფრი შეგრძნება და გადაღლილი საზოგადოება უნდა მივიჩნიოთ. იულიუს ევოლას წიგნი კი აბსოლუტურად საპირისპიროა ყველაფერი ამის, სწორედ ამიტომ აკრიტიკებს მკაცრად ის გერმანელ მწერალს – ერიხ მარია რემარკს, რომლის შემოქმედებაც ომისგან დაღლილობით, სენტიმენტალიზმითა და პაციფიზმით არის სავსე. 

 

მცირე და დიდი ომი
ზემოთ განვიხილეთ ბრძოლები, სადაც უამრავი სისხლი დაიღვარა, დაიღუპა ძალიან ბევრი ადამიანი, დაინგრა შენობები, განადგურდა მილიონობით რესურსი და ა.შ. ეს უკანასკნელი არის მცირე ომები, მიუხედავად იმ კოლოსალური დანაკარგისა, რაც ამან მოიტანა. ცხადია, პარადოქსულად გვეჩვენება მოცემული წინადადება ერთი შეხედვით, მაგრამ ევოლასთან სულაც არ არის უჩვეულო ეს წარმოდგენა. მეტაფიზიკურად განაზრებული ომის ცნება, არათუ დანაკარგებითა და მონაპოვარით განისაზღვრება, არამედ შინაგანი მნიშვნელობით. ეს მნიშვნელობაა ადამიანის პერსონალური სიქველის აღმოჩენა და ფსიქიკური რეაქციები, რასაც ის განიცდის. 


ხოცვა-ჟლეტა, პოლიტიკური მიზეზებით გამოწვეული დაპირისპირებები, დენთისა და სისხლის სუნი, ტალახი და სანგრები – ეს პატარა ომია. ერთგვარი დროის პერიოდია, რაც გადაგორდება, როცა დრო მოვა – შინაგანი მღელვარება კი მარადიულია. სწორედ ეს სულიერი პაექრობა საკუთარ სიმხდალესთან იწოდება დიდი ომის სახელით. 


თუ საკითხს დიალექტიკურად მივუდგებით, აუცილებლად უნდა იყოს დიდი ომისა და მცირე ომის კვეთის წერტილები სადმე, იქიდან გამომდინარე რასაც წიგნში ვკითხულობთ. ბუნებრივია, არსებობს კვეთის წერტილი და ეს კორელაცია გამოიხატება მცირე ომის მიერ მონიჭებულ შესაძლებლობაში, რომ მისაწვდომი გახდეს ადამიანისთვის დიდი ომის არსებობის ფენომენი. ამდენად, უნდა ითქვას, რომ მცირე მასშტაბის ლეგიტიმურობაც აუცილებელია იმ პროცესის დასაწყებად, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. 

 

დისციპლინა და არმია
ევოლას აზრით, საზოგადოება ისევე უნდა ფუნქციონირებდეს, როგორც არმია. ეს მოიაზრებს სოციუმს, რომელშიც თითოეული ადამიანი დისციპლინირებულია და მათი მომზადება და შემართება გამოხატულია ყოველდღიურ ცხოვრებაში. როდესაც ადამიანი თავს აღიქვამს არმიის ნაწილად, ის თავის თავს აძლევს მნიშვნელობას და გონებას არ აცდის მოდუნების შესაძლებლობას. მოდუნებული ადამიანი ეგზისტენციალურ ჩიხში ექცევა – ამ ჩიხის ფილოსოფიური სახეა მეოცე საუკუნის ეგზისტენციალიზმი („ვეფხვის მორჯულებაში“ ევოლა ვრცლად აღწერს რატომ არის ჟაპ-პოლ სარტრის, ალბერ კამიუს, მარტინ ჰაიდეგერის, კარლ იასპერსის და სხვა ეგზისტენციალისტების აზრი გზა ჩიხისკენ, სადაც მხოლოდ სიბნელე და სიცარიელეა), საპირწონედ ადამიანის ამ ტიპისა – ჩვენ წარმოგვიდგება მებრძოლი სულის პიროვნება. მებრძოლი პიროვნება სიცოცხლის სირთულეს ეგუება, როგორც გარემოს, სადაც უნდა გადარჩეს და მას თუ იმაზე რთული ცხოვრება არგუნა განგებამ, ვიდრე სხვებს, ის არათუ აპათიასა და ნიჰილიზმში გადავარდება, არამედ ამას მიიღებს როგორც გადასალახ სირთულეს. 


ადამიანის მოცემულ ტიპს სპეციფიკურად ესმის მეგობრობა, მორალი, სამშობლოსა და სახელმწიფოს არსი. სახელმწიფოს ტიპი მის ცნობიერებაში ფაშისტურია (ტერმინის იტალიური გაგებით და არა თანამედროვე დეფინიციით). მეგობრობაში ის არ არის სენტიმენტალური, არამედ მომთხოვნია მეგობრისა და საკუთარი თავის მიმართ, რადგან მის ყოფიერებაში ახლო ადამიანი, რომელსაც ენდობა, უნდა იყოს ძლიერი და პრინციპული. ასეთ ურთიერთობაში მიუღებელია ღალატი და სისუსტე. 


ერთი შეხედვით, მოცემულობა ისე გამოიყურება, თითქოს მეომარს არ ესმის სამყაროს ტრაგიკულობა და სიმძიმე, მაგრამ ასე არ არის. გერმანელი ფილოსოფოსის – ფრიდრიხ ნიცშეს შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ზეკაცის ცნებას, რაც ძალიან წააგავს ევოლას მიერ წარმოდგენილ ფსიქოტიპს. ამ ორი ტიპის პროტოტიპს გააჩნია საერთო მახასიათელები – ისინი შეიცნობენ სამყაროს ტრაგედიას და ამ ტრაგედიაში წარმოშობენ საკუთარ პიროვნებას, რომელიც ამარცხებს აბსურდს. განსხვავებით ეგზისტენციალისტი მოაზროვნეებისა, მათი შეხედულებები აბსურდის მიღებას და შეგუებას კი არა – მის დამარცხებას გვასწავლის და გვაძლევს ფაქტობრივ ინსტრუქციას. 


ევოლას მიერ წარმოდგენილი ეთიკური მოდელი ყველაზე ახლოს არის სტოიციზმთან. 


სტოიციზმი და ეპიკურიზმი ძველი ფილოსოფიური დაპირისპირებული მხარეებია და მათი ფუნდამენტალური განმასხვავებელი ნიშანია – დისციპლინა და ჰედონიზმი. სტოიციზმი დისციპლინირებული და ცხოვრების წესზე მორგებული ხედვაა, ეპიკურიზმი კი მეტად ჰედონისტური და წამზე – დროის კონკრეტულ მომენტზე – ორიენტირებული. იტალიელი მოაზროვნის დამოკიდებულება დისციპლინასთან მიმართებაში ისედაც ვიცით და ბუნებრივია იმის დასკვნაც მარტივია, თუ რომელს ემხრობა. ეს მიმდინარეობა ბევრის აზრით, ცივი და მკაცრია; ერთი მხრივ, ალბათ, მართალიც არის, თუ იმ მიდგომებს გავითვალისწინებთ, რაზეც სტოიკოსი სენეკა გვესაუბრება, მაგრამ ისიც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ პრაქტიკულობის თვალსაზრისით სტოიცისტური ცხოვრება ბევრად უფრო შედეგიანია, ვიდრე თავაშვებული და უმიზნო. 

 

მოსაზრება რასაზე
იულიუს ევოლა ულტრა-მემარჯვენე ფილოსოფიას წარმოადგენს, შესაბამისად მისი წარმოდგენები, ალბათ, ნაწილობრივ გასაგებია იდეოლოგიებში გათვითცნობიერებული მკითხველისთვის. რასა მოცემულ წიგნში არა მხოლოდ კანის ფერისა და სისხლის ჯგუფის, დამახასიათებელი ნიშნებისა და კულტურების გამაერთიანებელი, არამედ სულის, ანუ ყოფიერებაში მოცემული ინდივიდუალური და კოლექტიური არსებობის მტკიცებულების განმსაზღვრელიც არის. ავტორის თქმით, რასათა დაცემას არა მხოლოდ სისხლის აღრევა, არამედ მათი რასობრივი სულის დეკადანსი განაპირობებს. 


XX საუკუნეში არსებული და პოპულარული რასობრივი თეორიები დღეს ტაბუდადებული და უარყოფილია და ალბათ, იშვიათად თუ ახსენებს ღიად ამ საკითხებს აკადემიურ სფეროში ვინმე, მაგრამ წიგნის განხილვისას შეუძლებელია გვერდი ავუაროთ იმ ელემენტებს, რასაც ლაიტმოტივი მოიცავს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს თანამედროვე მეცნიერებისა, თუ ფილოსოფოსების მიერ უარყოფილი და უკუგდებული. 


შვეიცარიელი ფსიქოლოგი – კარლ იუნგი, გვთავაზობს ტერმინს – „კოლექტიური არაცნობიერი“. მიუხედავად უამრავი განსხვავებისა, რაც იუნგსა და ევოლას შორის არსებობს, შეუძლებელია გვერდი ავუაროთ თანხვედრებს, რომელიც, შესამჩნევია. ის რასაც ევოლა უწოდებს რასიულ სულს, მოგვაგონებს იუნგის მოცემულ ტერმინს, რადგან ეს ორივე ელემენტი სიმბოლოებითა და ღრმა შინაარსებით გამოიხატება, თუმცა შვეიცარიელი ფსიქოლოგი სიზმრებით ხსნის მეტად ამ ფენომენებს, ევოლა კი კულტურული ჩვეულებებით, მაგრამ ფაქტია რომ არსებობს კორელაციები. თავად ევოლა იუნგს ბევრ რამეში არ ეთანხმებოდა თუმცა კოლექტიური არაცნობიერისა და რასობრივი სულის ცნებების მსგავსება, მაინც საგულისხმო ნიშანია. 


ავტორის აზრით, რასის გადაგვარებისა და დამდაბლებისთვის ყველაზე დიდ სამუშაოს ასრულებს – ჰუმანიზმი, კოსმოპოლიტიზმი, მარქსიზმი, ლიბერალიზმი და დემოკრატია. ჰუმანიზმის მიმღებლური ბუნება, შემგუებლური სისუსტეების მიმართ; კოსმოპოლიტური მითი რასათა და ხალხთა კოლაბორაციის შესახებ; მარქსიზმის ეგალიტარიანული თეორია; ლიბერალიზმისა და დემოკრატიის ცრუ იერარქიული სტრუქტურები ყველანაირად ანადგურებს რასათა გამოღვიძების პერსპექტივებს. 


რასიული სულის გამოღვიძება ხდება მაშინ, როცა ფიზიკური/მატერიალური ომი იწყება და ომი ჰქმნის ობიექტურ იერარქიას, სადაც ლაჩარი და სულმდაბალი ადამიანი თავის ობიექტურ იერარქიულ ნიშნულზე გადაინაცვლებს; მამაცი და ძლიერი კი მაღალ ნიშნულამდე დაწინაურდება. 


მოცემულ ნაწარმოებში, ავტორი წინასწარმეტყველებს შედეგებს, რაც შეიძლება ახალმა მსოფლიო ომმა1 მოიტანოს („ტოტალური ომი“, როგორც ამას იოზეფ გებელსი უწოდებდა) და სავარაუდოა, წიგნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი „აცდენა“ ჭეშმარიტებასთან აქ იკვეთება. მისი აზრით, ეს ომი გამოაღვიძებდა რასობრივ სულს და ააღორძინებდა მეომრულ ეთიკას – მაგრამ ომის შემდეგ რეალური შედეგი სხვა იყო. გერმანიის დამარცხების შემდეგ, ჩვენ ვნახეთ ახალი დღისწესრიგი, რომელიც კიდევ უფრო პაციფისტური, დემოკრატიული, ლიბერალური და მეორე მხრივ კომუნისტური, სოციალისტური, მატერიალისტური გახდა. ომმა არათუ გამოაცოცხლა ის გზნება, რაზეც ევოლა საუბრობდა, არამედ შექმნა კიდევ უფრო ანტი-საომარი განწყობები, ვიდრე პირველმა მსოფლიო ომმა მოიტანა. 


ევოლას მოლოდინები ასეთი იყო: „თუკი მომდევნო მსოფლიო ომი იქნება „ტოტალური ომი“, მაშინ, ამასთანავე ეს იქნება „ტოტალური გამოცდაც“ თანამედროვე მსოფლიოს რასიული ძალებისა. ეჭვგარეშეა, რომ ამათგან ზოგიერთი კრახს განიცდის, ხოლო ზოგიც გამოიღვიძებს და აღზევდება. მეტიც, სამძიმო იქნება ენით აღუწერელი კატასტროფები, თუმცა ეს უკანასკნელი, მეორე მხრივ აუცილებელი გადასახდელი ფასი გახლავთ გმირული მწვერვალებისა და ახალ-ახალი გამოთავისუფლებების – პირველყოფილი ძალებისა, ბნელ საუკუნეებში რომ დაჩლუნგდა. მაგრამ, ასეთია საბედისწერო პირობები ნებისმიერი ახალი მსოფლიოს შექმნისთვის – და ესაა ახალი მსოფლიო, რომელსაც ჩვენ ვეძებთ მომავლისათვის...“


ამ თემებზე საუბრისას ნახსენებია ისევ რემარკი და მისი წიგნი „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“. რემარკი, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე გახლავთ. ორივე მათგანი რამდენადაც თეორიულად, იმდენად პრაქტიკულადაც იცნობდა ბრძოლას და ემპირიულად ჰქონდათ განცდილი ეს პროცესი. 


ევოლას აზრით, რემარკის წიგნი ზედმეტად პაციფისტურია და იქ წარმოდგენილი სიუჟეტი მარცხისა და სისუსტის ხორცშესხმაა, რადგან რემარკმა ვერ შეიცნო ბრძოლის მეტაფიზიკური მნიშვნელობა, მასში მხოლოდ სახელმწიფოებრივი მოვალეობა იკითხებოდა და არა ის უნივერსალური საწყისები, რაზეც ჩვენი საკვლევი წიგნი მოგვითხრობს. 

 

თანამედროვე სახელმწიფოები და ომები მათ შორის
ავტორის აზრით, თანამედროვე სახელმწიფოები არათუ სახელმწიფოები, არამედ საზოგადოებათა გაერთიანებებია, რადგან მათ არ აქვთ ის ლეგიტიმაცია, რაც სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს. სახელმწიფო იტალიელი ფილოსოფოსისთვის ზე-იდეას, შინაარსს წარმოადგენს, რომლის ირგვლივაც საზოგადოება ერთიანდება – თანამედროვეობაში კი ეს გაგებულია, როგორც დემოკრატიული საზოგადოების მიერ შეკრული ერთეული. 


ასეთ ერთეულში არ არსებობს ობიექტური იერარქია და ყველაფერი მხოლოდ ფულით იზომება, შესაბამისად კლასობრივი დაყოფაც ფასადური და ხელოვნურია.


მოცემულ რეალობაში, ბუნებრივია, ომებიც კარგავს სულიერ მნიშვნელობას და მისი მაპროვოცირებელი ნიშნები მხოლოდ მორალურად დაბალი გამოვლინების ელემენტებისგან არის გამოწვეული. ეს მოცემულობა იერარქიისა და კასტური დაყოფის არარსებობამ გამოიწვია. სოციალური დაყოფის ამობრუნება გამოხატულია ვაჭართა კასტის დაწინაურებაში და მეომართა და სულიერ ლიდერთა კასტის უკან დაწევაში. იტალიელი ფილოსოფოსისთვის ვაჭართა კასტა ებრაელთა რასაა და სწორედ მათი ხელი ურევია იმ მსოფლიო ომში, რომელმაც ევროპელებს ერთმანეთი ახოცინა.2 ამ სახის ომების მიზეზი ძირითადად ფინანსური დაწინაურება, კაპიტალი, კოლონიალისტური ზრახვები და სხვა სახის ქვე-მიზეზებია. ამდენად, ომის ესთეტიკის აბსოლუტური ქრობა თანამედროვეობაში იმას უნდა მივაწეროთ, რომ ომი რომელიც ევროპამ გადაიტანა – არ იყო ის მეტაფიზიკური პროცესი, რაზეც ცივილიზაციების გამოღვიძება, რასათა აღტკინება, ან დაცემა დგას. 


ასევე, სულიერი სიქველისგან არის დაცლილი ნებისმიერი ბრძოლა, რომელიც რომელიმე კასტას, მაგალითად, მუშებს მოუწოდებს გამოღვიძებისკენ. ჩვენ წინა თავებში განვიხილეთ იერარქიის უნივერსალური საწყისების ფენომენი და ნიშნები, რაც ამ ყველაფერს ქმნის, ამდენად ისიც მარტივი მისახვედრია, თუ რას ფიქრობს ევოლა მუშათა დაწინაურებაზე. მოცემული სიტუაცია, ალბათ, მოგაგონებთ კარლ მარქსის მოძღვრებას პროლეტარიატთან, მუშათა კლასის განთავისუფლებასთან, ერების კოლაბორაციასთან დაკავშირებით, რაც საბოლოდ ლენინის რევოლუციურ პათოსსა და საბჭოთა კავშირის შექმნაში გამოიხატა. ისტორიის ეს ნაწილი ევოლასთვის ერთ-ერთი ყველაზე მეტად საძულველი მომენტია, რადგან იერარქიული ნიშნების ამდენად აღრევა ძალიან იშვიათია კაცობრიობის არსებობის განმავლობაში და მეტიც – ეს არათუ ევოლუციაა, როგორც ამას მარქსი თვლიდა, არამედ დეგრადაცია და კულტურული დაცემის ყველაზე მკაფიო ნიშანია. 


ის ყველაფერი, რაზეც ავტორი მოცემულ ნაწილში გვესაუბრება, წარმოადგენს ერთგვარ დაპირისპირებას ომის ობიექტურ – მეტაფიზიკური მნიშვნელობის მქონე ცნებისა და ომის გაუფასურებული, მნიშვნელობისგან დაცლილი ცნებისას. ამ ცნების პირველყოფილი მნიშვნელობა არიულ რასაში ოდითგანვე საკრალური იყო. ხორცშესხმა დიდებული მომენტის, რაც გამარჯვებაში გამოიხატებოდა სხვადასხვანაირად ესმოდათ სკანდინავიელებს, ქრისტიანებს, რომაელებსა, თუ სპარსელებს, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ მათი მღელვარება, რომელიც გამარჯვების აღნიშვნაში გამოიხატებოდა, ან იმ სიმბოლურ ნიშნებში, რაზეც წინა თავებში ვისაუბრეთ – ერთგვარ ლეგიტიმაციას აძლევდა უამრავ სისხლისღვრასა და საზარელ ძალადობას. 

 

თანამედროვე ჯარისკაცის სახე
„ომის მეტაფიზიკის“ მიხედვით, თანამედროვე ჯარისკაცი არათუ კასტას და ობიექტურ მოცემულობას, პიროვნების შინაგან ნიშნულს წარმოადგენს, არამედ ჩვეულებრივი მომსახურე პირია სახელმწიფოს საზღვრებში. ის მსახურობს გასამრჯელოსთვის და ასრულებს ბრძანებებს, რასაც ჩინოვნიკები უბრძანებენ. ეს მოცემულობა უდგას თანამედროვე დასავლეთს, გარდა რამდენიმე ქვეყნისა.3


ზემოთ გამოთქმული მოსაზრების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვიმსჯელოთ განსხვავებაზე მეომრული ხასიათის და თანამედროვეობაში პოლიციურ სისტემამდე დაყვანილი ჯარისკაცის მნიშვნელობაზე. რადგან ჯარისკაცი უბრალოდ მომსახურე სფეროს წარმომადგენელია, მას არ აქვს წვდომა იმ ემპირიულ განცდებზე, რაზეც იულიუს ევოლა მოგვითხრობს და გვესაუბრება. ასეთი ჯარისკაცების მიერ აღქმული ყოფიერების მომენტი, როცა ბრძოლას გრძნობდნენ, იმდენად არარაციონალურად აღიქმება, რომ იბადება პაციფისტური მოსაზრებები. დიალექტიკურად თუ შევხედავთ საკითხს, ბუნებრივია, ალბათ, პაციფიზმის პოპულარულობა, რადგან არავის უნდა მოკვდეს ომში, რომელიც იმდენად მატერიალისტურად არის განაზრებული, რომ არ ატარებს რაიმე სახის სპირიტუალურ ან ტრანსცენდენტალურ მნიშვნელობას. 


ბრძოლის მატერიალისტური აღქმა გვაძლევს სურათს, სადაც ვხედავთ მხოლოდ: დანგრეულ შენობებს, დახოცილ ხალხს, ძალადობას, ყოველგვარ ბოროტებასა და უაზროდ დაკარგულ სიცოცხლეებს. ასეთი მსოფლაღქმა აუცილებლად მიიყვანს პაციფისტურ მსჯელობებამდე ადამიანს. 

 

ბოლშევიკების მიერ აღქმული ბრძოლა
იულიუს ევოლას აზრით, იმდენად სძულთ კომუნისტებს ყველაფერი კერძო, ინდივიდუალური და პიროვნული, რომ მათთვის სიცოცხლეც სტატისტიკას წარმოადგენს. 


მათ იმდენად სძულთ კაპიტალიზმი, სიცოცხლის აღქმა მთლიანად ეკონომიკურ ელემენტებამდე დაიყვანეს – აღარ დატოვეს ცნობიერებაში რაიმე ადგილი მეტაფიზიკის; ამდენად, არც რაიმე სახის ირაციონალური მგრძნობელობის და ზე-იდეებისა. დიალექტიკური მატერიალიზმით შევსებული ფსიქე/სული იმდენად ცარიელია, რამდენადაც ჯარისკაცის ის სახე, რაც კაპიტალისტურ ქვეყნებში გვხვდება და ზემოთ აღვწერეთ კიდეც. კომუნისტი ჯარისკაცებისთვის სიცოცხლის დათმობა არაფერს წარმოადგენს, გარდა ინსტინქტური უკმაყოფილებისა, რადგან რაიმე ობიექტურ-მეომრული ნიშანწყალი მათში არ არსებობს. 


ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იულიუს ევოლას მკაფიოდ ანტი-კაპიტალისტურ, ანტი-ლიბერალურ დამოკიდებულებებზე, მაგრამ მისი დამოკიდებულება მარქსისტულ სოციალიზმთან ბევრად უფრო რადიკალურად უკმაყოფილო და კრიტიკით აღსავსეა. 

 

იულიუს ევოლას მოსაზრებები ეგზისტენციალიზმსა და ცხოვრების წესზე
იტალიელი ფილოსოფოსის შემოქმედება მრავალმხრივია და ბევრი კონტექსტია, რისი განხილვაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, მკითხველს „ომის მეტაფიზიკის“ წაკითხვამდე, გამოადგება მოკლე განხილვის წაკითხვა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც ცხოვრების წესისადმი და სიცოცხლის არსისადმი ავტორის დამოკიდებულებაა. 


„უნდა აღინიშნოს იმ ადამიანთა გზა, რომელიც ყოველგვარი ბორკილებისაგან თავისუფალია და ემორჩილება მარტოოდენ საკუთარ კანონებს; ადამიანები, რომლებმაც დაამსხვრიეს ჯაჭვები და ხუნდები სწორედ თავიანთ კანონთა მორჩილებაში... ყველა ზემოჩამოთვლილ ასპექტში ზეკაცი როდი გახლავთ რაღაც „ქერათმიანი ნადირი მსხვერპლისადმი“ და მემკვიდრე რენესანსის ეპოქის დესპოტი მმართველებისა, არამედ იგი არის სულგრძელობისა და დიდსულოვნების მაგალითი, რომელიც მყისვე მზადაა, ვაჟკაცური დახმარება გაუწიოს სხვებს; იგი წარმოადგენს ხატებას სულგრძელობის, სათნოების, კეთილშობილებისა და დიდგულოვნებისა, იგი აღმატებულია საკუთარ ინდივიდუუმზე – ყოველივე ეს გახლავთ პოზიტიური ელემენტები, რომელთაც ტრადიციული ადამიანი თავისთავში ჰქმნის; მაგრამ, ხსენებული ელემენტები გასაგები და მისაწვდომი ხდება მაშინ, როდესაც „სიცოცხლე“ არის „მეტი, ვიდრე სიცოცხლე“, რაც ტრანსცენდენტურობის გავლით მიიღება. სწორედ ესენი წარმოადგენს ღირებულებებს, რომლებსაც მიაღწევენ მხოლოდ ის პიროვნებები, ვისშიც არსებობს რაღაც სხვა, რაღაც მეტი, მეტი, ვიდრე უბრალოდ სიცოცხლე“ – ასე აფასებს ევოლა „ვეფხვის მორჯულებაში“ ნიცშეს ზეკაცის იდეას და ამატებს საკუთარ ნააზრევს ტრანსცენდენტურობასთან მიმართებაში. 


ევოლასთვის ყოველგვარი ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც აქცენტს აკეთებს შეგრძნებებზე – რაც გამოიწვია „ღმერთის კვდომამ“ და მისტირის იმ მოცემულობას, რომ კავშირი დარღვეულია „შინაგან რელიგიასთან“ – სისუსტის და სისულელის ტოლფასია. ასეთი ფილოსოფიური მიმდინარეობაა ეგზისტენციალიზმი, რაც გულისხმობს სიცოცხლის აზრის კვლევა-ძიებას და მიდის დასკვნებამდე, რომ სიცოცხლის აზრი თავად უნდა ვიპოვოთ. ეს დასკვნა რაღაც მხრივ ახლოს არის ზემოთ ხსენებულ თეორიებთან, მაგრამ ძირეულ ცვლილებას ჰბადებს მისი რელატივისტური ბუნება, რაც გამოხატულია ინდივიდუალური არსის პროვოცირებაში. იტალიელი ფილოსოფოსი საუბრობს სარტრზე, იასპერსსა და ჰაიდეგერზე. მისი აზრით, იასპერსი არასწორად იყენებს მეტაფიზიკას და ერთმანეთში ურევს მსჯელობის მეთოდსა და მისტიკას; სარტრი ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებს არჩევანის თავისუფლებას და არსებისა და არსებობის ცნებებს; ჰაიდეგერი იყენებს ტერმინებს, რომლებიც თავად შექმნა და ამ ტერმინების აღრევით ჰბადებს ქაოსს. 


ავტორის აზრით, ეგზისტენციალისტები არიან აკადემიკოსები, რომლებიც ბურჟუაზიული ცხოვრების ტიპით მოიწამლნენ და მხატვრულ იერსახეს ანიჭებენ ფილოსოფიას მხოლოდ იმიტომ, რომ აქტუალობა არ დაკარგონ. ისინი იყენებენ ლიბერალიზმისა და კომუნიზმის მოტივებს რათა შეავსონ საკუთარი ფილოსოფიური მსჯელობები. 


გარდა ამ მიმდინარეობის კონკრეტული სპეციფიკისა, ეგზისტენციალიზმი ვერ ამარცხებს არსებობის წინააღმდეგ არსებულ სიბნელეს. სიცოცხლის განაზრება, როგორც ტანჯვის, სადარდებელის ან თეისტურ ეგზისტენციალიზმში როგორც ვხედავთ, მაგალითად სიორენ კირკეგორთან – არსებობის განაზრებას, როგორც თრთოლისა და შიშის, თანდაყოლილი ცოდვებისა და წამების მოლოდინის, ანდაც ჰაიდეგერისეული მიდგომა – სიცოცხლე სიკვდილისთვის – არაფერია, თუ არა ადამიანური სიქველის არარსებობა. 


იულიუს ევოლა სთავაზობს ადამიანებს ცხოვრების მიმართ საბრძოლო შემართებას, უნივერსალურ არსთან წვდომისთვის ბრძოლასა და ისტორიულ ქმნადობაში ჩაბმას. მისთვის არათუ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არსებული დეპრესია და მომხდარის გამო დარდი, არამედ ახალი გამოწვევების შეფასება და მოძლიერებაა პრიორიტეტული. ევოლა ჰგმობს თეორეტიკოს ფილოსოფოსებს, რადგან მათ არაფრის მიცემა შეუძლიათ ადამიანისთვის, რომელიც დაკარგულია. 


ის საუბრობს რა შედეგებამდე მიიყვანა ინდუსტრიალიზმმა, გაუცხოებულმა ყოფიერებამ, ომებმა და ომებისგან გამოწვეულმა ფსიქიკურმა და ფიზიკურმა ტრავმებმა ადამიანი. თანამედროვე ადამიანს ესაჭიროება კათარზისი და ფიზიკური გაძლიერება – ამისთვის კარგ პირობებს ჰქმნის სპორტული ღონისძიებები და ფიზიკური აქტივობები, მაგრამ ამ უკანასკნელშიც იკითხება რაღაც პრობლემები. 


ცხოვრების სპორტული წესი, რომელიც ამავდროულად ორიენტირებულია კეთილდღეობასა და ფუფუნებაზე, ვერ ჰფენს სულს ისეთ მშვიდობას, რაზეც იტალიელი ფილოსოფოსი გვესაუბრება. იულიუს ევოლას აზრით მიუღებელია, თანამედროვე სამყაროში არსებული შეხედულება, რაც აქცენტირდება მეტად მატერიალურ კეთილდღეობასა და ფუფუნებაზე, ვიდრე სულიერი სამყაროს განვითარებასა და ფსიქეს ნორმალურ მდგომარეობაში ფუნქციონირებაზე. 


ევოლა მკაფიოდ ბიურგერული ცხოვრების კრიტიკაში არ არის გადავარდნილი და არც ბოლომდე აკრიტიკებს ინდუსტრიალიზმს, იმის საპირწონედ, რომ ეს ბუნებასთან აშორებს ადამიანს და ანადგურებს მწვანე სამყაროს. მისი მთავარი სათქმელი ეხმიანება საშიშროებას და ხისტ გარემოს, სადაც ადამიანი უნდა გადარჩეს. მისთვის არასწორია ბუნებასთან დაბრუნების ის ცნებები, რომელიც საუბრობს ადამიანის გამოყოფას ტექნოლოგიებისგან და დაბრუნებას პრიმიტიულ სამყაროში. ზოგადად ბუნებასთან დაბრუნების ცნებაც ავტორისთვის სპეციფიკურ სახეს იძენს. 


ცხოვრების წესი, რომელიც მოითხოვს მუდმივ მზადებას და მოგვიწოდებს კონკრეტული გარემოებისადმი შეუგუებლობისაკენ, თანაბრად ექსტრემალურად თვლის ღამის ქალაქის ცხოვრებასა და ბუნებაში გადარჩენის ფენომენს. 

 

„ომის მეტაფიზიკა“ 
რამდენადაც შესაძლებელი იყო, ლაკონურად მიმოვიხილეთ „ომის მეტაფიზიკა“ და ვისაუბრეთ ნაწარმოების იმ ძირითად აქცენტებზე, რაც წიგნშია მოცემული. თამამად შეიძლება ითქვას – მოცემული ნაწარმოები თანამედროვე სამყაროსთვის მიუღებელი და საძულველიც კია, რადგან ეს წიგნი არის წინააღმდეგობა ყველაფერი იმისა, რასაც დღეს ვხედავთ. 


მორალური რელატივიზმი, მიმღებლობა, პლურალიზმი, ლიბერალიზმი, ჰუმანიზმი, ადამიანთა უფლებები, თანასწორობა და სხვა ეგალიტარიანული მოვლენები იულიუს ევოლასთვის საძულველი და არაფრის მომცემია. თანამედროვე სამყარო, რომელშიც დღეს ვიმყოფებით, სრულ ანტიპოდს წარმოადგენს იმ პლატფორმისა, რასაც ტრადიციული სამყარო ჰქვია და უპირველეს ღირებულებას წარმოადგენს ავტორისთვის. 


ნაწარმოები თანაბრად საინტერესო იქნება, ანტი-ლიბერალური და ლიბერალური განწყობის ადამიანებისთვის, რადგან ორივე ტიპის ადამიანებს შეუძლიათ ინდივიდუალურად აღიქვან საკითხი და დაეთანხმონ, ან არ დაეთანხმონ. მკითხველი თითოეული თავის წაკითხვისას შეხვდება ისტორიულ მაგალითებს, რომელიც ძალიან საინტერესოდ და ანალიტიკურად არის გაანალიზებული; რამდენადაც ფილოსოფიური დისკურსით, იმდენად პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციოლოგიური ხედვითაც.

 

 

 

 

 

 

შენიშვნები:

 

1. იგულისხმება მეორე მსოფლიო ომი.

2. იგულისხმება პირველი მსოფლიო ომი.

3. ნაგულისხმევია ქვეყნები, რომლებიც არ იყვნენ გარკვეული პერიოდი დემოკრატიული, მაგალითად: გერმანია და იტალია.

 

 

 


კომენტარები