რისთვის ვარსებობთ?

რისთვის ვარსებობთ?

რიჩარდ დოქინსი – ბრიტანელი ევოლუციური ბიოლოგი, ეთოლოგი და მწერალი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ახალი კოლეჯის საპატიო წევრი და იმავე უნივერსიტეტის მეცნიერების საზოგადო გააზრების პროფესორი 1995-2008 წლებში. 1976 წელს გამოცემული წიგნით „ეგოისტი გენი“ მოახდინა ევოლუციის გენზე ორიენტირებული ხედვის პოპულარიზაცია. 

 

ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი რიჩარდ დოქინსის წიგნიდან – „ეგოისტი გენი“.

 

 

გონიერი ცივილიზაცია პლანეტაზე თავის სიმწიფეს მაშინ აღწევს, როდესაც პირველად იწყებს საკუთარი არსებობის მიზეზების გარკვევას. თუ ოდესმე, კოსმოსიდან უმაღლესი ქმნილებები დედამიწას ეწვევიან, პირველი შეკითხვა, რომელსაც დასვამენ ჩვენი ცივილიზაციის დონის დასადგენად, იქნება: „მათ უკვე აღმოაჩინეს ევოლუცია?“ სამ მილიარდ წელზე დიდხანს, ცოცხალი ორგანიზმები დედამიწაზე ისე არსებობდნენ, რომ არც კი იცოდნენ ამის მიზეზი, სანამ საბოლოოდ, ერთ-ერთ მათგანს სიმართლემ თვალი არ აუხილა. ეს იყო ჩარლზ დარვინი. სამართლიანობის გამო უნდა ითქვას, რომ სხვათა შეხედულებებშიც იყო სიმართლის მარცვლები, თუმცა სწორედ ჩარლზ დარვინი იყო პირველი, რომელმაც თავი მოუყარა თანმიმდევრულ და ლოგიკურ განსაზღვრებას იმისა, თუ რისთვის ვარსებობთ. დარვინმა შესაძლებლობა მოგვცა, გონივრული პასუხი გაგვეცა ცნობისმოყვარე ბავშვის შეკითხვაზე, რომელიც სათაურად უძღვის ამ თავს. უკვე აღარ გვჭირდება ცრურწმენას მივმართოთ, როდესაც სერიოზულ პრობლემებს ვაწყდებით: აქვს თუ არა სიცოცხლეს აზრი? რისთვის ვარსებობთ? რა არის ადამიანი? ამ შეკითხვებიდან უკანასკნელის დასმის შემდეგ, ცნობილმა ზოოლოგმა, გ. გ. სიმპსონმა განაცხადა შემდეგი: „ვიტყოდი, რომ 1859 წლამდე ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემის ყველა მცდელობა არაფრის მომცემია და უმჯობესი იქნება, თუ მათ სრულებით უგულებელვყოფთ“1.     

 

დღეს, ევოლუციის თეორია ისევე იწვევს ეჭვს, როგორც თეორია დედამიწის მზის გარშემო ბრუნვის შესახებ, თუმცა დარვინისეული რევოლუციის სრული შედეგები ჯერ კიდევ საფუძვლიანად არის გასააზრებელი. უნივერსიტეტებში ზოოლოგიის შემსწავლელთა რიცხვი მცირეა და ისინიც კი, ვინც ირჩევენ მის შესწავლას, ხშირად გადაწყვეტილებას იღებენ საგნის ღრმა ფილოსოფიური მნიშვნელობის გააზრების გარეშე. ფილოსოფია და საგნები, რომლებიც „ჰუმანიტარული მეცნიერებების“ სახელითაა ცნობილი, იმგვარად ისწავლება, თითქოს დარვინი არც არასდროს მოვლენია სამყაროს. ეჭვგარეშეა, დროთა განმავლობაში ამგვარი მიდგომა აუცილებლად შეიცვლება. ეს წიგნი საერთოდ არ ისახავს მიზნად დარვინიზმის პროპაგანდას. სინამდვილეში, ის გამოიკვლევს ევოლუციის თეორიის შედეგებს კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში. ჩემი მიზანია ეგოიზმისა და ალტრუიზმის ბიოლოგიის შესწავლა.    

 

აკადემიური ინტერესის გარდა, აშკარაა აღნიშნული საგნის მნიშვნელობა ადამიანისთვისაც. ის ეხება ჩვენი სოციალური ცხოვრების, სიყვარულისა და სიძულვილის, ბრძოლისა და თანამშრომლობის, ქველმოქმედებისა და პარვის, სიხარბისა და  გულუხვობის ყოველ ასპექტს. ეს ის მოთხოვნებია, რომლებიც შეიძლება წაყენებული ყოფილიყო შემდეგი ნაშრომებისთვის: ლორენცის „აგრესიის შესახებ“, არდრის „სოციალური კონტაქტი“, ეიბლ-ეიბესფელდტის „სიყვარული და სიძულვილი“. ამ წიგნების პრობლემა ისაა, რომ მათი ავტორები საკითხს სრულიად და უაღრესად არასწორად უდგებიან. ისინი ცდებიან, რადგან არასწორად გაიგეს ევოლუციის მიმდინარეობის არსი. არასწორი იყო მათი დაშვება, რომლის მიხედვითაც ევოლუციის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს სახეობების (ან ჯგუფის) კეთილდღეობა და არა ინდივიდუუმის (ან გენის) კეთილდღეობა. პარადოქსია, რომ ეშლი მონტეგიუ აკრიტიკებს ლორენცს, როგორც მეცხრამეტე საუკუნის იმ მოაზროვნეების პირდაპირ მემკვიდრეს, რომლებსაც ბუნება „ველურად და აგრესიულად“ წარმოუდგენიათ. ევოლუციის შესახებ ლორენცის ხედვის ჩემეული გაგებით, იგი მონტეგიუს თანამოაზრეა დიდწილად, ტენისონის ცნობილი ფრაზის შედეგების უარყოფიდან გამომდინარე. ორივესგან განსხვავებით, მიმაჩნია, რომ „ველური და აგრესიული ბუნება“ საუკეთესოდ აღწერს ბუნებრივი გადარჩევის თანამედროვე აღქმას.     

 

ჩემი მოსაზრების თქვენთვის გადმოცემამდე, მოკლედ მსურს ავხსნა, თუ რა სახის არგუმენტს ეყრდნობა ის და რა სახის არგუმენტს – არა. ჩვენთვის რომ ეთქვათ, რომ ადამიანმა იცხოვრა ჩიკაგოს განგსტერების სამყაროში ხანგრძლივად და წარმატებულად, უფლება გვექნებოდა გარკვეული ვარაუდები გამოგვეთქვა იმის შესახებ, თუ როგორ ადამიანზე იყო საუბარი. მოსალოდნელია ვივარაუდოთ, რომ ეს ადამიანი იქნებოდა მტკიცე, სროლისთვის მუდამ მზადმყოფი და ერთგული მეგობრების მიზიდვის უნარიანი. ზემოთ თქმული ვერ იქნებოდა უშეცდომო დასკვნა, მაგრამ თუ იცით მისი წარმატებისა და გარემოპირობების შესახებ, შეგიძლიათ გარკვეული წარმოდგენა იქონიოთ მის ხასიათზე. წინამდებარე წიგნის მთავარი იდეა ისაა, რომ ჩვენ და ყველა სხვა ცხოველი წარმოვადგენთ ჩვენივე გენებისგან შექმნილ მანქანებს. ჩიკაგოელი წარმატებული განგსტერის მსგავსად, ჩვენი გენებიც გადარჩნენ, ზოგიერთ შემთხვევაში გაუძლეს მილიონობით წელს, მაღალი კონკურენციის გარემოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, უფლება გვაქვს გვეგონოს, რომ ჩვენი გენები გარკვეული თვისებებით ხასიათდება. მე დავასაბუთებ, რომ წარმატებული გენის მოსალოდნელ უპირატეს თვისებას დაუნდობელი ეგოიზმი წარმოადგენს. გენის ეგოიზმი, როგორც წესი, ინდივიდუუმის ქცევის ეგოიზმს განაპირობებს. თუმცა, როგორც შემდგომ დავინახავთ, არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რომლებშიც გენს ყველაზე უკეთ შეუძლია მიაღწიოს საკუთარ ეგოისტურ მიზნებს, ალტრუიზმის შეზღუდული ფორმის წახალისებით, ინდივიდუალური ცხოველების დონეზე. „განსაკუთრებული“ და „შეზღუდული“ მნიშვნელოვანი სიტყვებია ამ ბოლო წინადადებაში. როგორც უნდა გვსურდეს საწინააღმდეგოს დაჯერება, სახეობების საყოველთაო სიყვარული და კეთილდღეობა მთლიანობაში წარმოადგენს კონცეფციებს, რომლებიც უბრალოდ უაზრობაა ევოლუციური თვალსაზრისით.

 

აღნიშნულს მივყავარ პირველ პუნქტამდე იმის შესახებ, თუ რას არ წარმოადგენს წინამდებარე წიგნი2. მე არ ვეწევი მორალურობის პროპაგანდას ევოლუციაზე დაყრდნობით. მე ვამბობ, თუ როგორ მიმდინარეობდა ევოლუცია ცოცხალ არსებებში. მე არ ვამბობ, თუ ჩვენ, ადამიანები, როგორ უნდა მოვიქცეთ მორალური თვალსაზრისით. მე ხაზს ვუსვამ ამას, რადგან ვიცი, რომ ამ აღნიშვნის გარეშე შესაძლოა ვერ გამიგონ იმ ადამიანებმა, და ასეთები საკმაოდ ბევრნი არიან, რომლებსაც არ შეუძლიათ განასხვაონ საქმის არსის კონსტატაცია იმის პროპაგანდისგან, თუ რა უნდა ხდებოდეს. ჩემი აზრით, მხოლოდ საყოველთაო დაუნდობელი ეგოიზმის გენურ კანონზე დაფუძნებულ საზოგადოებაში ცხოვრება ძალიან უსიამოვნო იქნებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, როგორიც უნდა იყოს განცდა ამა თუ იმ გარემოების გამო, ის მაინც არასაკმარისი იქნება მათ აღსაკვეთად. ჩემი წიგნის ძირითადი მიზანი მკითხველის დაინტერესებაა, მაგრამ თუ გსურთ მასში მორალის პოვნა, მიიღეთ ის, როგორც გაფრთხილება. გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ, ისევე როგორც მე, გსურთ, შექმნათ საზოგადოება, რომელშიც ინდივიდუუმები ითანამშრომლებენ გულუხვად და უანგაროდ საერთო კეთილდღეობის გამო, დიდ დახმარებას არ უნდა ელოდოთ ბიოლოგიური ბუნებისგან. მოდით, შევეცადოთ ვისწავლოთ გულუხვობა და ალტრუიზმი, რამეთუ ეგოისტებად ვართ დაბადებულნი. მოდით, გავარკვიოთ, თუ საით მიისწრაფვიან ჩვენი ეგოისტი გენები, რადგან ამით შეიძლება მათი განზრახვების განხორციელებისთვის ხელის შეშლის შანსი მოგვეცეს, რაც არც ერთ სხვა სახეობას არ გამოსვლია არასდროს.      

 

სწავლების შესახებ შენიშვნებს უნდა დაერთოს დასკვნა: არასწორი იქნებოდა გვევარაუდა – და ამგვარი ვარაუდი საკმაოდ გავრცელებულია – რომ გენეტიკურად მემკვიდრეობით მიღებული თვისებები, თავიანთი არსით, რაღაც მუდმივს და უცვლელს წარმოადგენს. ჩვენმა გენებმა შესაძლოა გვიბრძანონ ეგოისტობა, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში მათ დავემორჩილოთ. გაცილებით რთული შეიძლება აღმოჩნდეს ალტრუიზმის სწავლა, ვიდრე ეს იქნებოდა იმ შემთხვევაში, გენეტიკურად დაპროგრამებულები რომ ვყოფილიყავით ალტრუიზმზე. ცხოველთა შორის ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელშიც დომინირებს ნასწავლი და მემკვიდრეობით მიღებული კულტურა, გავლენები. ზოგიერთთა აზრით, კულტურა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გენები, მიუხედავად იმისა, ეგოისტურები არიან თუ არა, პრაქტიკულად არანაირი დატვირთვის მატარებლები არ არიან ადამიანური ბუნების გაგების საკითხში. სხვები არ ეთანხმებიან ამ მოსაზრებას. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს პოზიციაზე კამათში, თუ რა განსაზღვრავს ადამიანურ თვისებებს: ბუნება თუ აღზრდა. აღნიშნულს მივყავარ მეორე პუნქტამდე იმის შესახებ, თუ რას არ წარმოადგენს წინამდებარე წიგნი: ის არ იცავს ერთ ან მეორე პოზიციას დავაში: „ბუნება თუ აღზრდა“. რასაკვირველია, მე მაქვს საკუთარი შეხედულება, თუმცა არ ვაპირებ მის გამოხატვას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ის იგულისხმება კულტურის შესახებ შეხედულებაში, რომელსაც წარმოგიდგენთ ბოლო თავში. თუ აღმოჩნდება, რომ გენებს მართლაც საერთოდ არ აქვთ შეხება თანამედროვე ადამიანის ქცევის განსაზღვრასთან, თუ ჩვენ მართლაც უნიკალურები ვართ ამ თვალსაზრისით ცხოველთა შორის, სულ მცირე, მაინც საინტერესოა შევიტყოთ იმ წესის შესახებ, რომლის გამონაკლისიც გავხდით ბოლო პერიოდში. ხოლო თუ ჩვენი სახეობა არც ისე გამორჩეულია, როგორიც გვსურს რომ იყოს, უფრო მეტად მნიშვნელოვანიც კია აღნიშნული წესის შესწავლა. 

 

მესამე პუნქტი იმის შესახებ, თუ რას არ წარმოადგენს წინამდებარე წიგნი, არის ადამიანის ან ცხოველთა სამყაროს სხვა კონკრეტული სახეობის ქცევის დაწვრილებითი დახასიათება. ქცევასთან დაკავშირებულ დეტალებს გამოვიყენებ მხოლოდ ილუსტრაციული მაგალითების რანგში. მე არ ვიტყვი შემდეგს: „თუ დაუკვირდებით პავიანების ქცევას, აღმოაჩენთ, რომ ის ეგოისტურია; შესაბამისად, არსებობს შანსი, რომ ადამიანის ქცევაც ასევე ეგოისტურია“. ჩემი „ჩიკაგოს განგსტერის“ მაგალითის ლოგიკა სავსებით განსხვავებულია. სახელდობრ, ადამიანებმა და პავიანებმა ევოლუცია განიცადეს ბუნებრივი გადარჩევის გავლენით. ბუნებრივი გადარჩევის მიმდინარეობის შესწავლის საფუძველზე მიდიხარ დასკვნამდე, რომ ნებისმიერი არსება, რომელმაც ევოლუცია განიცადა ბუნებრივი გადარჩევის გავლენით, ეგოისტი უნდა იყოს. ამიტომ მოსალოდნელია, რომ როდესაც ვაკვირდებით პავიონების, ადამიანებისა და სხვა ცოცხალი არსებების ქცევას, ვასკვნით, რომ ის ეგოისტია. თუ ჩვენი მოლოდინი მცდარი აღმოჩნდება, თუ დავინახავთ, რომ ადამიანის ქცევა ჭეშმარიტად ალტრუისტულია, ასეთ შემთხვევაში წავაწყდებით რაღაც იდუმალს, რაღაც ისეთს, რასაც ახსნა სჭირდება.

 

სანამ გავაგრძელებდეთ, საჭიროა, ჩამოვაყალიბოთ განსაზღვრება. არსებას, როგორიცაა პავიანი, ალტრუისტულს უწოდებენ, თუ თავისი ქცევით ზრდის სხვა მსგავსი არსების კეთილდღეობას საკუთარის ხარჯზე. ეგოისტურ ქცევას ზუსტად საპირისპირო ეფექტი აქვს. „კეთილდღეობა“ განისაზღვრება როგორც „გადარჩენის შანსები“, მაშინაც კი, თუ სიცოცხლისა და სიკვდილის პერსპექტივაზე გავლენა იმდენად მცირეა, რომ უმნიშვნელოდ გამოიყურება. დარვინის თეორიის თანამედროვე ვერსიის ერთ-ერთი განმაცვიფრებელი შედეგი ისაა, რომ აშკარად ტრივიალურმა მცირე გავლენებმა გადარჩენის ალბათობაზე, შესაძლოა იქონიოს მნიშვნელოვანი გავლენა ევოლუციაზე. აღნიშნულის მიზეზად კი იქცა ამგვარი გავლენების განხორციელება დროის იმდენად უზარმაზარ პერიოდში, რომ ისინი საგრძნობნი განხდნენ.       

 

მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ალტრუიზმისა და ეგოიზმის ზემოთ მოყვანილი განსაზღვრებები ქცევითია და არა სუბიექტური. აქ მე არ მაინტერესებს მოტივების ფსიქოლოგია. არ ვაპირებ ვიკამათო იმის შესახებ, რომ ალტრუისტული ქცევის ადამიანებს „სინამდვილეში“ საიდუმლო ან ქვეცნობიერი ეგოისტი მოტივები ამოძრავებთ. შესაძლოა მათ აქვთ ამგვარი მოტივები და შესაძლოა არც ჰქონდეთ, და შესაძლოა ვერასდროს მივიღოთ პასუხი, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, წინამდებარე წიგნი არ დაწერილა ამის შესახებ. ჩემი განსაზღვრება ეხება მხოლოდ იმას, თუ რამდენად ამცირებს ან ზრდის ქცევის გავლენა სავარაუდო ალტრუისტისა და სავარაუდო ბენეფიციარის გადარჩენის პერსპექტივებს.

 

უკიდურესად რთულია გადარჩენის გრძელვადიან პერსპექტივებზე ქცევის გავლენების დემონსტრირება. პრაქტიკაში, როდესაც განსაზღვრებას ვიყენებთ რეალური ქცევისთვის, მას უნდა დავურთოთ სიტყვა „სავარაუდოდ“. სავარაუდო ალტრუისტული ქცევა იმგვარი ქცევაა, რომელიც, ერთი შეხედვით, ისე გამოიყურება, თითქოს ზრდის (თუმცა ოდნავ) ალტრუისტის სიკვდილის და ბენეფიციარის გადარჩენის შანსს. თუ ყურადღებით დავაკვირდებით, ხშირად აღმოვაჩენთ, რომ სავარაუდო ალტრუისტული ქცევები სინამდვილეში შენიღბული ეგოიზმია. გავიმეორებ: არ ვგულისხმობ, რომ ძირითადი მოტივები ფარულად ეგოისტურია, მაგრამ ქცევის რეალური გავლენები გადარჩენის პერსპექტივებზე იმის საპირისპიროა, რაც თავიდან გვეგონა. 

 

მოვიყვან სავარაუდო ეგოისტური და სავარაუდო ალტრუისტული ქცევის რამდენიმე მაგალითს. რთულია აზროვნების სუბიექტური ჩვევების ჩახშობა, როდესაც საკითხი ეხება ჩვენს საკუთარ სახეობას, ამიტომ შევარჩევ სხვა სახეობებთან დაკავშირებულ მაგალითებს. დავიწყებ ცალკეული ცხოველების ეგოისტური ქცევის რამდენიმე სხვადასხვაგვარი მაგალითით.

 

თოლიები დიდ კოლონიებად ბუდობენ, ბუდეები ერთმანეთისგან სულ რამდენიმე ფუტის დაშორებით არის განლაგებული. ახალგამოჩეკილი ბარტყები პატარები და დაუცველები არიან და მათი გადაყლაპვა ადვილია. ხშირად თოლია იცდის, თუ როდის შებრუნდება მეზობელი ან წავა თევზის დასაჭერად, რათა შემდეგ თავს დაესხას მეზობლის ერთ-ერთ ბარტყს და მთლიანად ჩაყლაპოს. ამით ის იღებს ნოყიერ საკვებს ისე, რომ არც თევზის მოპოვებით იწუხებს თავს და არც საკუთარ ბუდეს ტოვებს დაუცველად.

 

გაცილებით ფართოდ არის ცნობილი მდედრი ჩოქელების მაკაბრული კანიბალიზმი. ჩოქელები მსხვილი მტაცებელი მწერები არიან. ისინი, როგორც წესი, ბუზებითა და სხვა მცირე ზომის მწერებით იკვებებიან, თუმცა თავს ესხმიან თითქმის ყველაფერს, რაც მოძრაობს. შეწყვილებისას, მამრი ფრთხილად ბობღდება მდედრზე, აწვება მას და წყვილდება. თუ მდედრს შანსი მიეცა, მამრს შეჭამს, დაიწყებს თავის მოკბეჩით მამრის მიახლოებისას, ან აბობღებისას, ან განცალკევების შემდეგ. მდედრის მხრიდან უფრო გონივრული იქნებოდა, შეწყვილების დასასრულს დალოდებოდა. თუმცა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ თავის დაკარგვა არ განაპირობებს მამრის დანარჩენი სხეულის მიერ სექსუალური აქტივობის შეწყვეტას. სინამდვილეში, ვინაიდან მწერის თავში განთავსებულია რამდენიმე დამამუხრუჭებელი ნერვული ცენტრი, შესაძლებელია თავის მოჭმით, მდედრი აუმჯობესებს მამრის სექსუალურ აქტივობას3. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნულით მდედრი დამატებით სარგებელს იღებს. მთავარი სარგებელი კი კარგი საკვების მოპოვებაა.

 

შესაძლოა, სიტყვა „ეგოისტი“ რბილად მოგეჩვენოთ კანიბალიზმის ამგვარი უკიდურესი გამოვლინებებისთვის, თუმცა ის კარგად შეესაბამება ჩვენს განსაზღვრებას. სავარაუდოდ, უფრო გაგვიადვილდება სამეფო პინგვინების მხდალი ქცევის გაგება ანტარქტიკაში. ისინი იდგნენ წყლის ნაპირას, ყოყმანობდნენ ჩაყვინთვამდე, რადგან ეშინოდათ სელაპების ლუკმად არ ქცეულიყვნენ. მხოლოდ ერთს რომ ჩაეყვინთა, დანარჩენები შეიტყობდნენ, არის თუ არა ახლოს სელაპი. ბუნებრივია, არავის სურს ზღვის გოჭობა, ამიტომ ისინი იცდიან და ზოგჯერ ცდილობენ უბიძგონ კიდეც ერთმანეთს.      

 

ჩვეულებრივ, ეგოისტური ქცევა შეიძლება უბრალოდ ისეთი რომელიმე ღირებული რესურსის გაზიარებაზე უარის თქმით გამოიხატოს, როგორიცაა საკვები, ტერიტორია ან სექსუალური პარტნიორები. ახლა კი მოვიყვანოთ სავარაუდო ალტრუისტული ქცევის რამდენიმე მაგალითი.

 

დანესტრვა მუშა ფუტკრების საკმაოდ ეფექტური მექანიზმია თაფლის ქურდებისგან თავდასაცავად. თუმცა ფუტკრები, რომლებიც იკბინებიან, კამიკაძე მებრძოლები არიან. კბენისას, როგორც წესი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები ამოიგლიჯება სხეულიდან და ფუტკარი მალევე კვდება. მის თვითმკვლელურ მისიას შეუძლია გადაარჩინოს კოლონიის სასიცოცხლოდ აუცილებელი საკვების მარაგი, რომლითაც თავად ვეღარ ისარგებლებს. ჩვენი განსაზღვრებით, ეს ალტრუისტული ქცევაა. შეგახსენებთ, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ გააზრებულ მოტივებზე. როგორც ამ შემთხვევაში, ასევე ეგოიზმის მაგალითებში, ამგვარი მოტივები შესაძლოა იყოს ან არ იყოს წარმოდგენილი, მაგრამ ისინი შეუსაბამოა ჩვენს განსაზღვრებასთან.

 

მეგობრებისთვის თავის განწირვა აშკარა ალტრუიზმია, თუმცა მათთვის მცირედი რისკის გაწევაც ასევე ჩაითვლება ალტრუიზმად. ბევრი მცირე ზომის ფრინველი, როდესაც ისინი ხედავენ, რომ ქორის მსგავსი მტაცებელი მოფრინავს, გამოსცემენ დამახასიათებელ „განგაშის ბგერას“, რომლის საპასუხოდ, მთელი გუნდი მიმართავს თავდასხმის თავიდან აცილების ზომას. არსებობს ირიბი მტკიცებულება იმისა, რომ ფრინველი, რომელიც გამოსცემს განგაშის ბგერას, თავს განსაკუთრებულ საფრთხეში იგდებს, რადგან საკუთარ თავზე გადმოაქვს მტაცებლის ყურადღება. ეს მხოლოდ მცირედი დამატებითი რისკია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი განსაზღვრებით, ყოველ შემთხვევაში ერთი შეხედვით, ეს შეიძლება დაკვალიფიცირდეს ალტრუისტულ ქცევად.      

 

ცხოველებში ალტრუიზმის ყველაზე გავრცელებული და ყველაზე გამოხატული ქცევები ახასიათებთ მშობლებს, განსაკუთრებით დედებს, შვილების მიმართ. ისინი ახორციელებენ ინკუბირებას ბუდეში ან საკუთარ სხეულში, კვებავენ მათ საკუთარი თავის ხარჯზე, და მიდიან უდიდეს რისკზე მტაცებლებისგან ნაშიერების დასაცავად. მოვიყვანოთ მხოლოდ ერთი კონკრეტული მაგალითი: ბევრი მიწაზე მობუდარი ფრინველი ასრულებს ეგრეთ წოდებული „ყურადღების გადატანის“ მანევრს, როდესაც მტაცებელი, მაგალითად მელია უახლოვდება. მშობელი ფრინველი შორდება ბუდეს კოჭლობით, ერთი ფრთა ისე აქვს აწეული, თითქოს მოტეხილია. იოლი ნადავლის დანახვისას მტაცებელი შორდება ბარტყებიან ბუდეს. საბოლოოდ, მშობელი ფრინველი შეწყვეტს თავის მოკატუნებას და აფრინდება ზუსტად იმ მომენტში, როდესაც მელიამ ის-ისაა უნდა ჩაავლოს კლანჭები. საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით ის დიდი ალბათობით გადაარჩენს ბარტყებს.

 

ამბების მოყოლით არ ვაპირებ რაიმეს მტკიცებას. შერჩეული მაგალითები ვერასდროს იქნება სერიოზული მტკიცებულება ღირებული განზოგადებისთვის. ეს ამბები უბრალოდ ილუსტრაციებია იმისა, თუ რას ვგულისხმობ ინდივიდუუმების დონეზე ალტრუისტულ და ეგოისტურ ქცევაში. ეს წიგნი გვიჩვენებს, თუ როგორ განიმარტება ინდივიდუალური ეგოიზმი და ინდივიდუალური ალტრუიზმი ფუნდამენტური კანონით, რომელსაც მე გენის ეგოიზმს ვუწოდებ. თუმცა თავდაპირველად მომიწევს განვიხილო ალტრუიზმის კონკრეტული მცდარი განმარტება, ვინაიდან ის ფართოდაა გავრცელებული და სკოლებშიც ისწავლება.   

 

ეს განმარტება ეფუძნება ჩემ მიერ ზემოთ აღნიშნულ არასწორ აღქმას, რომლის მიხედვით ცოცხალი არსებები ევოლუციას განიცდიან, რათა იმოქმედონ „სახეობის საკეთილდღეოდ“ ან „ჯგუფის საკეთილდღეოდ“. მარტივად გასაგებია, თუ როგორ აღმოცენდა ეს იდეა ბიოლოგიაში. ცხოველის სიცოცხლის უმეტესი ნაწილი ეძღვნება გამრავლებას, ხოლო შემჩნეული ალტრუისტული ქმედებების ჩამდენნი არიან მშობლები მიერ თავიანთი შთამომავლობის საკეთილდღეოდ. „სახეობის გადარჩენა“ გავრცელებული ევფემიზმია გამრავლებისთვის და ის უდავოდ გამრავლების შედეგს წარმოადგენს. საკმარისია, ოდნავ მეტად მოვუხმოთ ლოგიკას და მივალთ დასკვნამდე, რომ გამრავლების „ფუნქცია“ „სახეობის გადარჩენაა“. აქედან შეიძლება გადაიდგას მხოლოდ ერთი მცდარი ნაბიჯი იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ცხოველები, ჩვეულებრივ, ამგვარად იქცევიან სახეობის გადარჩენის ხელშესაწყობად. როგორც ჩანს, ამას მოსდევს ალტრუიზმი სახეობის სხვა წარმომადგენლების მიმართ.

 

აზრთა ამგვარი წყობის ფორმულირება შესაძლებელია დარვინისეული ბუნდოვანი ტერმინებით. ევოლუცია ხორციელდება ბუნებრივი გადარჩევის გზით, ხოლო ბუნებრივი გადარჩევა ნიშნავს „ყველაზე შეგუებულთა“ დიფერენციალურ გადარჩევას. მაგრამ ვსაუბრობთ ჩვენ ყველაზე შეგუებულ ინდივიდუუმებზე, ყველაზე შეგუებულ რასებზე, ყველაზე შეგუებულ სახეობებზე ან რაიმე სხვაზე? ზოგიერთი მიზნისთვის ეს არ ასრულებს დიდ როლს, მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ალტრუიზმზე, აღნიშნული გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. როდესაც სახეობებს შორის მიმდინარეობს კონკურენცია იმისთვის, რასაც დარვინმა არსებობისთვის ბრძოლა უწოდა, ინდივიდუუმი, როგორც ჩანს, სჯობს განვიხილოთ როგორც პაიკი თამაშში, რომელიც მსხვერპლად უნდა იქნეს გაღებული სახეობის, როგორც მთლიანის, აღმატებული ინტერესისთვის. უფრო თავშეკავებულნი რომ ვიყოთ გამოთქმებში, ჯგუფი, როგორიცაა სახეობა ან პოპულაცია სახეობის ფარგლებში, რომლის ცალკეული წევრები მზად არიან თავი გასწირონ ჯგუფის კეთილდღეობისთვის, ნაკლებად მიდრეკილია გადაშენებისკენ, ვიდრე კონკურენტი ჯგუფი, რომლის ცალკეული წევრები პირველ ადგილზე საკუთარ ეგოისტურ ინტერესებს აყენებენ. შესაბამისად, მსოფლიო შემდგომში ფორმირდება ძირითადად იმ ჯგუფებით, რომლებიც შედგება თავგანწირული ინდივიდუუმებისგან. ეს არის „ჯგუფური გადარჩევის“ თეორია, რომელსაც ევოლუციის თეორიის დეტალებს გაუცნობელი ბიოლოგები, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიიჩნევდნენ ჭეშმარიტებად და რომელიც ღიად არის გადმოცემული ვ. ს. უინ-ედვარდსის ცნობილ წიგნში, ხოლო რობერტ არდრის მიერ პოპულარიზებულია წიგნში „სოციალური კონტაქტი“. ორთოდოქსულ ალტერნატივას, როგორც წესი, „ინდივიდუალურ გადარჩევას“ უწოდებენ, თუმცა, პირადად მე, უპირატესობას ვანიჭებ გენურ გადარჩევაზე მსჯელობას.       

 

„ინდივიდუალური გადარჩევის“ მომხრეს სწრაფი პასუხი დაახლოებით შემდეგი შეიძლება იყოს. ალტრუისტების ჯგუფშიც კი, თითქმის დანამდვილებით იქნება დისიდენტური უმცირესობა, რომელიც უარს განაცხადებს თავის განწირვაზე. თუ ჯგუფში ერთი მაინც მოიძევება დანარჩენების ალტრუიზმით სარგებლობისთვის მზად მყოფი ეგოისტი აჯანყებული, მას, გადარჩენის და შთამომავლობის დატოვების რეალურად მეტი შანსი აქვს, ვიდრე დანარჩენებს. მისი ყოველი შთამომავალი მიდრეკილი იქნება მშობლის ეგოისტური თვისებების მემკვიდრეობით მიღებისკენ. ამ ბუნებრივი გადარჩევის რამდენიმე თაობის შემდეგ, „ალტრუისტულ ჯგუფში“ ეგოისტი ინდივიდუუმების რაოდენობა იქნება ჭარბი და ის ვეღარ გამოირჩევა ეგოისტი ჯგუფისგან. თუნდაც დავუშვათ წარმოუდგენლად მცირე შანსი იმისა, რომ თავდაპირველად აჯანყებულებისგან თავისუფალი წმინდა ალტრუისტული ჯგუფები არსებობს, ასეთ შემთხვევაშიც საკმაოდ რთულია წარმოვიდგინოთ, თუ როგორ შეიძლება ეგოისტი ინდივიდუუმების მიგრაციის შეჩერება მეზობელი ეგოისტი ჯგუფებიდან, ასევე შეჯვარების შეჩერება, რომელიც აბინძურებს ალტრუისტული ჯგუფების სიწმინდეს.   

 

ინდივიდუალური გადარჩევის თეორიის მომხრე აღიარებს, რომ ჯგუფები რეალურად ექვემდებარებიან გადაშენებას და მიუხედავად იმისა, განაგრძობს თუ არა ჯგუფი არსებობას, მასზე შეიძლება გავლენა იქონიოს ჯგუფის ინდივიდუუმების ქცევამ. მან შეიძლება აღიაროს შემდეგიც: მხოლოდ ჯგუფის ინდივიდუუმებს რომ ჰქონდეთ განჭვრეტის ნიჭი, ისინი დაინახავდნენ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მათ საკუთარ ინტერესებში შედის ეგოიზმის დათრგუნვა, მთელი ჯგუფის განადგურებისგან დასაცავად. ბოლო წლებში რამდენჯერ უნდა გაუმეორდეს ეს ბრიტანეთის მშრომელ ხალხს? მაგრამ ჯგუფის გადაშენება ნელი პროცესია ინდივიდუალურ დონეზე ელვისებური სისწრაფით მიმდინარე კონკურენციასთან შედარებით. მაშინაც კი, როდესაც ჯგუფი ნელა და უკან დაუბრუნებლად ეშვება დაღმართზე, ეგოისტი ინდივიდუუმები ხანმოკლე პერიოდით აღწევენ კეთილდღეობას ალტრუისტების ხარჯზე. ბრიტანეთის მოქალაქეებს შესაძლოა ჰქონდეთ ან არ ჰქონდეთ განჭვრეტის უნარი, მაგრამ ევოლუცია ბრმაა მომავლის მიმართ. 

 

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჯგუფური გადარჩევის თეორიას ფართოდ არ უჭერენ მხარს ის პროფესიონალი ბიოლოგები, რომლებსაც ესმით ევოლუცია, მას ნამდვილად აქვს უდიდესი ინტუიციური მიმზიდველობა. ზოოლოგიის სტუდენტებს, სკოლის კედლებიდან ახლახანს გამოსულებს, უკვირთ, როდესაც აღმოაჩენენ, რომ აღნიშნული თეორია სულაც არ ეყრდნობა ორთოდოქსულ თვალსაზრისს. ამის გამო ძნელია მათი დადანაშაულება, რადგან ბიოლოგიის მასწავლებლებისთვის განკუთვნილ ნაფილდის სახელმძღვანელოში ვკითხულობთ შემდეგს: „უმაღლეს ცხოველებში ქცევამ შეიძლება მიიღოს ინდივიდუალური სუიციდის ფორმა სახეობის გადარჩენისთვის“. ამ სახელმძღვანელოს ანონიმური ავტორი უდარდელად უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ შესაძლოა რაღაც სადავო თქვა. ამ მხრივ, ის ნობელის ლაურეატთა შორისაა. კონრად ლორენცი, თავის წიგნში „აგრესიის შესახებ“, წერს „სახეობის შენარჩუნებისკენ“ მიმართული აგრესიული ქცევის ფუნქციებზე, რომელთაგან ერთ-ერთი ისაა, რომ მხოლოდ ყველაზე შეგუებულ არსებებს უნდა შეეძლოთ გამრავლება. აღნიშნული წარმოადგენს შეკრულ წრეზე მოარული არგუმენტის მარგალიტს, თუმცა მსურს ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე: ჯგუფური გადარჩევის იდეამ იმდენად ღრმად გაიდგა ფესვები, რომ ლორენცმა, ისევე როგორც ნაფილდის სახელმძღვანელოს ავტორმა, აშკარად ვერ აღიქვა, რომ მისი მტკიცებები ეწინააღმდეგება ორთოდოქსულ დარვინის თეორიას.

 

ცოტა ხნის წინ წავაწყდი იგივენაირ არაჩვეულებრივ მაგალითს ავსტრალიურ ობობებზე BBC-ს სატელევიზიო, სხვა მხრივ შესანიშნავ პროგრამაში. პროგრამის „ექსპერტმა“ დააფიქსირა, რომ ახალგაზრდა ობობების აბსოლუტური უმრავლესობა ხდება სხვა სახეობების მსხვერპლი, და შემდეგ დააყოლა: „შესაძლოა ესაა მათი არსებობის ნამდვილი მიზანი, ვინაიდან, სახეობის შესანარჩუნებლად მხოლოდ მცირე რაოდენობის გადარჩენაა საჭირო!“   

 

რობერტ არდრიმ, „სოციალურ კონტაქტში“, გამოიყენა ჯგუფური გადარჩევის თეორია, რათა მთლიანი სოციალური წყობისთვის ზოგადი ახსნა მოეძებნა. იგი ადამიანს ნათლად ხედავს, როგორც სახეობას, რომელმაც გადაუხვია ცხოველური სამართლიანობის ბილიკიდან. ყოველ შემთხვევაში, არდრიმ შეძლო საშინაო დავალების შესრულება. მისი გადაწყვეტილება, არ დათანხმებოდა ორთოდოქსულ თეორიას, იყო გააზრებულად მიღებული, რის გამოც მას პატივი უნდა მივაგოთ.

 

ჯგუფური გადარჩევის თეორიის მიმზიდველობის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ის არის, რომ ის სრულყოფილად შეესატყვისება მორალურ და პოლიტიკურ იდეალებს, რომელსაც ჩვენი უმეტესობა იზიარებს. ჩვენ, ინდივიდუალურად, შესაძლოა ხშირად ეგოისტურად ვიქცეოდეთ, მაგრამ ჩვენს ყველაზე იდეალისტურ წუთებში პატივისცემითა და აღფრთოვანებით ვეპყრობით მათ, ვინც სხვათა კეთილდღეობას პირველ ადგილზე აყენებს. თუმცა, საკმაოდ ბუნდოვნად წარმოგვიდგენია, რამდენად ფართოდ გვსურს განვმარტოთ სიტყვა „სხვები“. ხშირად, ჯგუფის შიგნით არსებული ალტრუიზმი ერწყმის ჯგუფებს შორის ურთიერთქმედებისას გამოვლენილ ეგოიზმს. ეს არის ტრედ-იუნონიზმის საფუძველი. სხვა დონეზე, სახელმწიფო წარმოადგენს ჩვენი ალტრუისტული თავგანწირვის ძირითად ბენეფიციარს, და მოსალოდნელია, რომ ახალგაზრდები ინდივიდუალურად გასწირავენ თავს თავიანთი ქვეყნის, როგორც მთლიანის, მეტი დიდებისთვის. უფრო მეტიც, ისინი წაქეზებულნი არიან მოკლან სხვა პირები, რომელთა შესახებ არაფერი იციან გარდა იმისა, რომ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეები არიან (საინტერესოა, რომ მშვიდობის ჟამს მცირე მსხვერპლის გაღებისკენ მოწოდებები, რომლებიც ამცირებენ მათი ცხოვრების ხარისხს, როგორც ჩანს, ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე საომარი მოწოდებები სიცოცხლის გაწირვისკენ).   

 

ბოლო პერიოდში შეიმჩნევა რასიზმისა და პატრიოტიზმის წინააღმდეგ მიმართული რეაქციები, ასევე ტენდენცია იმისა, რომ კაცობრიობა იქცეს ჩვენი ჰუმანური გრძნობების ობიექტად. ჩვენი ალტრუიზმის მიზნის ამგვარ ჰუმანისტურ გაფართოებას მოსდევს საინტერესო შედეგი, რომელიც, როგორც ჩანს, კვლავაც „სახეობის კეთილდღეობის“ ევოლუციურ იდეას აძლიერებს. პოლიტიკურად ლიბერალურ ადამიანებს, რომლებიც, ჩვეულებრივ, ყველაზე დაბეჯითებით ეწევიან სახეობათა ეთიკის პროპაგანდას, დღეს ხშირად სძულთ ისინი, ვინც საკუთარი ალტრუიზმის გაძლიერების უფრო გრძელი გზა განვლო და სხვა სახეობებზეც გაავრცელა. თუ ვიტყვი, რომ დიდი ვეშაპების მკვლელობების პრევენციით უფრო მეტად ვარ დაინტერესებული, ვიდრე ადამიანების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებით, სავარაუდოდ შოკირებულს დავტოვებ ჩემს ზოგიერთ მეგობარს.

 

შეგრძნება იმისა, რომ საკუთარი სახეობის წარმომადგენლები განსაკუთრებულ მორალურ დამოკიდებულებას იმსახურებენ სხვა სახეობების წარმომადგენლებთან შედარებით, ოდითგანვე ღრმად არის გამჯდარი ადამიანში. მშვიდობიან დროს ადამიანების კვლა ძალიან სერიოზულ დანაშაულად განიხილება და როგორც წესი, ისჯება. ერთადერთი, რაც ჩვენი კულტურის მიერ კატეგორიულად არის აკრძალული, კანიბალიზმია (მათ შორის გვამების ჭამაც). თუმცა ჩვენ სიამოვნებით მივირთმევთ სხვა სახეობებს. ბევრ ჩვენგანს შიში იპყრობს, როდესაც ყველაზე საშინელი დამნაშავე ადამიანების სასიკვდილო განაჩენის შესახებ შევიტყობთ, თუმცა, ამავდროულად, სიხარულით ვუჭერთ მხარს საკმაოდ მშვიდობიანი, თუმცა დისკომფორტის შემქმნელი ცხოველების დახოცვას გაუსამართლებლად. მეტიც, ჩვენ ვკლავთ სხვა სახეობის წარმომადგენლებს უბრალოდ გართობისა და დროსტარებისთვის. ადამიანის ჩანასახი, რომელსაც ამებაზე მეტი გრძნობები არ გააჩნია, სარგებლობს გაცილებით მეტი პატივისცემით და სამართლებრივი დაცვით, ვიდრე ზრდასრული შიმპანზე. უნდა აღინიშნოს, რომ შიმპანზე გრძნობს და ფიქრობს, ხოლო უახლესი ექსპერიმენტის შედეგების მიხედვით, უნარი აქვს აითვისოს ადამიანური ენის რომელიმე ფორმაც. ჩანასახი მიეკუთვნება ჩვენს საკუთარ სახეობას და აღნიშნულიდან გამომდინარე, მყისიერად იღებს განსაკუთრებულ პრივილეგიებსა და უფლებებს. არ ვიცი, რამდენად შეიძლება, რიჩარდ რაიდერის ტერმინი რომ გამოვიყენოთ, „სახეობიზმის“ ეთიკის ლოგიკურად გამართლება უფრო მყარად, ვიდრე „რასიზმის“. სამაგიეროდ, ზუსტად ვიცი, რომ ამ ყველაფერს არანაირი საყრდენი არ აქვს ევოლუციურ ბიოლოგიაში.    

 

იმ დონესთან დაკავშირებული გაუგებრობები ადამიანურ ეთიკაში, რომელზეც ალტრუიზმი სასურველია – ოჯახი, სახელმწიფო, რასა, სახეობა ან ყველაფერი ცოცხალი – ირეკლება ბიოლოგიაში პარალელური გაუგებრობების მიერ, იმ დონესთან დაკავშირებით, რომელზეც, ევოლუციური თეორიის თანახმად, მოსალოდნელია ალტრუიზმის გამოვლინება. ჯგუფური გადარჩევის თეორიის მომხრეც კი არ განცვიფრდება, როდესაც აღმოაჩენს მეტოქე ჯგუფების წევრებს შორის მტრობას: ამგვარად ისინი, ტრედ-იუნონისტების ან ჯარისკაცების მსგავსად, ეხმარებიან საკუთარ ჯგუფს შეზღუდული რესურსების მოსაპოვებლად ბრძოლაში. მაგრამ ასეთ შემთხვევაში უნდა დაისვას შეკითხვა: რის საფუძველზე წყვეტს ჯგუფური გადარჩევის თეორიის მომხრე, თუ რომელი დონეა მნიშვნელოვანი? თუ გადარჩევა მიმდინარეობს სახეობის ჯგუფებს შორის და სახეობებს შორის, რატომ არ უნდა მიმდინარეობდეს ის უფრო დიდ დაჯგუფებებს შორის? სახეობები ჯგუფდება გვარებად, გვარები – ოჯახობებად, ხოლო ოჯახობები – კლასებად. ლომები და ანტილოპები მიეკუთვნებიან ძუძუმწოვართა კლასს, ისევე როგორც ჩვენ. უნდა გვქონდეს თუ არა მოლოდინი იმისა, რომ ლომები თავს შეიკავებენ ანტილოპების მოკვლისგან „ძუძუმწოვართა საკეთილდღეოდ“? რა თქმა უნდა, ისინი ფრინველებზე ან ქვეწარმავლებზე უნდა ნადირობდნენ კლასის გადაშენების პრევენციის მიზნით. მაგრამ ასეთ შემთხვევაში რა შეიძლება ითქვას ხერხემლიანთა მთლიანი ტიპის შენარჩუნების საჭიროებაზე?     

 

ჩემთვის ყველაფერი კარგად არის მანამ, სანამ კამათს აბსურდამდე მივიყვან და ვისაუბრებ სირთულეების შესახებ, რომლებსაც ჯგუფური გადარჩევის თეორია აწყდება, თუმცა, ინდივიდუალური ალტრუიზმის აშკარა არსებობა მაინც უნდა აიხსნას. არდრი იმდენად შორს მიდის, რომ ჯგუფურ გადარჩევას ერთადერთ შესაძლო ახსნად მიიჩნევს ისეთი ქცევისთვის, როგორიცაა „სტოტინგი“ ტომსონის ქურციკებში. ეს ენერგიული და ყურადღების გადასატანი ნახტომი მტაცებლის ცხვირწინ ანალოგიურია ფრინველებში განგაშის ბგერის გამოცემისა იმ თვალსაზრისით, რომ ისინი, როგორც ჩანს, აფრთხილებენ სხვა ქურციკებს საფრთხის შესახებ და იმავდროულად, აშკარად საკუთარ თავზე გადმოაქვთ მტაცებლის ყურადღება. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ახსნა მოვუძებნოთ ტომსონის ქურციკების ამგვარ ქცევას და ყველა მსგავს გამოვლინებას, რასაც შევუდგები მომდევნო თავებში.    

 

მაგრამ ჯერ უნდა დავასაბუთო საკუთარი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ევოლუციის განხილვა უმჯობესია ყველაზე დაბალ დონეზე მიმდინარე გადარჩევის პირობებში. ამ მოსაზრებაზე ყველაზე ძლიერი გავლენა იქონია ჯ. ს. უილიამსის შესანიშნავმა წიგნმა „ადაპტაცია და ბუნებრივი გადარჩევა“. მთავარი იდეა, რომელსაც გამოვიყენებ, არის ა. ვეისმანის მიერ პრეგენურ ეპოქაში, საუკუნის დასაწყისში, ჩამოყალიბებული დოქტრინა „ჩანასახური პლაზმის უწყვეტობის“ შესახებ. მე დავასაბუთებ, რომ არც სახეობა, არც ჯგუფი და, მკაცრად რომ ვთქვათ, არც ინდივიდუუმი არ წარმოადგენს გადარჩევის და, შესაბამისად, პირადი ინტერესის ფუნდამენტურ ერთეულს. ფუნდამენტურ ერთეულს წარმოადგენს გენი4 – მემკვიდრეობითობის ერთეული. ზოგიერთ ბიოლოგს ეს მტკიცება შესაძლოა თავიდან ექსტრემალურად მოეჩვენოს. როდესაც მიხვდებიან, თუ რა აზრს ვდებ მასში, ვიმედოვნებ დამეთანხმებიან, რომ ის არსებითად ორთოდოქსულია, მიუხედავად იმისა, რომ გამოხატულია უჩვეულო ფორმით. დასაბუთების გადმოცემას ბევრი დრო სჭირდება და ჩვენ უნდა დავიწყოთ დასაბამიდან, თავად სიცოცხლის აღმოცენებიდან.

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნები:

 

1. 1859 წლამდე ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემის ყველა მცდელობა არაფრის მომცემია

ზოგიერთ ადამიანში, მათ შორის არარელიგიურებშიც, განაწყენება გამოიწვია სიმპსონის ციტატამ. ნამდვილად, როდესაც პირველად წაიკითხავთ ამ ციტატას, ის საშინლად ფილისტურად, მოუქნელად და აუტანლად ჟღერს, და ცოტათი ემსგავსება ჰენრი ფორდის ნაშრომს „ისტორია მეტ-ნაკლებად სისულელეა“. მაგრამ თავი რომ დავანებოთ რელიგიურ პასუხებს (მე მათ შესახებ საკმაოდ ბევრი ვიცი), როდესაც გიწევთ ფიქრი წინარე-დარვინისეულ პასუხებზე ისეთ კითხვებთან დაკავშირებით, როგორიცაა, მაგალითად, „რა არის ადამიანი?“ „აქვს თუ არა სიცოცხლეს აზრი?“ „რისთვის ვარსებობთ?“; შეგიძლიათ, რეალურად, მოიყვანოთ რომელიმე იმ პასუხთაგანი, რომელსაც ამჟამად რაიმე რეალური ღირებულება გააჩნია, გარდა მათი ისტორიული მნიშვნელობებისა? უბრალოდ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა ცდომილება და 1859 წლამდე კითხვებზე გაცემული ყველა პასუხიც მცდარი იყო.

 

2. მე არ ვემხრობი ევოლუციაზე დაფუძნებულ მორალს.

კრიტიკოსებს ზოგჯერ არასწორად ესმით, თითქოს ეგოისტი გენი მომხრე იყოს ეგოიზმის, როგორც პრინციპის, რომლითაც უნდა ვიცხოვროთ! იგივე შეიძლება ითქვას მათზეც, ვინც მხოლოდ წიგნის სათაურს ან პირველ ორ გვერდს კითხულობენ და ფიქრობენ, რომ აქ საუბარია ეგოიზმსა და ცუდ ქცევებზე, როგორც ჩვენი ბუნების განუყოფელ ნაწილზე. ამ შეცდომის დაშვება ადვილია, თუ ფიქრობთ – როგორც ბევრ ადამიანს ეს უსათუოდ ეჩვენება – რომ გენეტიკური „დეტერმინაცია“ მუდმივად რჩება უცვლელი – აბსოლუტური და შეუქცევადი. სინამდვილეში გენები მხოლოდ სტატისტიკური თვალსაზრისით „განსაზღვრავენ“ ქცევას (იხ. აგრეთვე გვ. 46-50). ამის კარგი ანალოგია ფართოდ აღიარებული განზოგადება, რომ „საღამოს წითელი ცა მწყემსის სიხარულის საფუძველია“. შესაძლოა და სტატისტიკური ფაქტიც არის, რომ საღამოს წითელი ცა ხვალინდელი მზიანი დღის საწინდარია, თუმცა ამაზე დიდი ფსონის დადება მაინც არ ღირს. საქმე ისაა, რომ, როგორც ვიცით, ამინდზე გავლენას ახდენს მრავალი სხვადასხვა ფაქტორი. ამინდის ნებისმიერი პროგნოზი შესაძლოა მცდარი აღმოჩნდეს, რადგან ეს მხოლოდ სტატისტიკური პროგნოზია. არ შეიძლება იმის თქმა, რომ საღამოს წითელი ცა შეუქცევად განსაზღვრავს კარგ ამინდს მეორე დღეს და, მით უმეტეს, არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს გენების შემთხვევაშიც ისინი განსაზღვრავენ რაიმეს შეუქცევადად. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც გენების გავლენა არ შეიძლება ადვილად შეიცვალოს სხვა გავლენებით. „გენეტიკური დეტერმინიზმის“ სრულად განხილვისთვის და იმის გასარკვევად, თუ რატომ წარმოიშობა გაუგებრობები, შეგიძლიათ გაეცნოთ გაფართოებული ფენოტიპის მე-2 თავს და ჩემს ნაშრომს სოციობიოლოგია: ახალი ქარიშხალი ჩაის ჭიქაში. მაშინ იმის მტკიცებაშიც კი დამადანაშაულეს, რომ ადამიანები არსებითად ჩიკაგოს განგსტერები არიან! თუმცა ჩიკაგოს განგსტერების ანალოგიის (გვ. 2) არსებითი აზრი ის იყო, რომ:

„ცოდნა იმ სამყაროს შესახებ, რომელშიც ესა თუ ის ადამიანი ჩამოყალიბდა, რაღაცას უსათუოდ მიგანიშნებთ ამ ადამიანზე. ამას არავითარი კავშირი არ ჰქონდა ჩიკაგოელი განგსტერების განსაკუთრებულ თვისებებთან. ასეთივე წარმატებით შემეძლო მომეყვანა ანალოგია ათენეუმში არჩეული ადამიანის ან ინგლისის ეკლესიის მაღალი იერარქიის წარმომადგენლისა. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ანალოგიის საგანი ადამიანები კი არა, გენები იყო“.

მე მიმოვიხილე ეს და სხვა მსგავსი გაუგებრობები ჩემს ნაშრომში ეგოისტი გენების დასაცავად, საიდანაც აღებულია ზემოთ მოყვანილი ციტატა.

უნდა დავამატო, რომ ამ თავში მოცემული პოლიტიკური ასპექტების გამო დღეს ჩემში უხერხულობას იწვევს 1989 წლის სტატიის გადაკითხვა. ამონარიდი ამ სტატიიდან: „რამდენჯერ უნდა განემარტოს ეს [საზოგადოების დესტრუქციის თავიდან აცილების მიზნით ეგოისტური სიხარბისგან თავის შეკავების აუცილებლობა] ბოლო წლების განმავლობაში ბრიტანეთის მშრომელ ხალხს?“ (გვ. 10), – თავს ტორის პარტიის წევრად მაგრძნობინებს. 1975 წელს, როდესაც ეს სტატია დავწერე, სოციალისტური მთავრობა, რომელსაც ხმა მივეცი, უიმედოდ ებრძოდა 23-პროცენტიან ინფლაციას და შეშფოთებული იყო ხელფასების მომატების მოთხოვნების გამო. ზემოთ აღნიშნული ჩემი შენიშვნის მსგავსი რამ შეიძლებოდა მოგესმინათ მაშინდელი ნებისმიერი შრომის მინისტრის გამოსვლიდან. ახლა, როცა დიდ ბრიტანეთს ჰყავს ახალი მემარჯვენე მთავრობა, რომელმაც სისაძაგლე და ეგოიზმი იდეოლოგიის დონემდე აამაღლა, ჩემი სიტყვები თითქოს ერთგვარ საზიზღრობასთან ასოცირდება, რაზედაც ვწუხვარ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე უკან მიმაქვს ჩემი ნათქვამი. ეგოისტურ სიბეცეს მაინც მოაქვს ის არასასურველი შედეგები, რაც ადრე აღვნიშნე. თუ დღეს ვინმე ეგოისტური სიბეცის მაგალითის ძებნას მოისურვებდა ბრიტანეთში, ის ამ ძებნას მუშათა კლასიდან ნამდვილად არ დაიწყებდა. სინამდვილეში, ალბათ აჯობებს სამეცნიერო ნაშრომი საერთოდაც არ დაიტვირთოს პოლიტიკური ასპექტებით, რადგანაც ისტორია ამას გასაოცრად კარგად იმახსოვრებს ხოლმე. პოლიტიკაში კარგად გათვითცნობიერებული 1930-იანი წლების მეცნიერების – ჯ. ბ. ს. ჰალდანისა და ლანსელოტ ჰოგბენის – ნაშრომების რეპუტაცია დღეს მნიშვნელოვნად არის შელახული მათთვის დამახასიათებელი ანაქრონისტული ეკლების გამო. 

 

3. შესაძლებელია თავის მოჭმით, მდედრი აუმჯობესებს მამრის სექსუალურ აქტივობას.

ეს უცნაური ფაქტი მამრობითი სქესის მწერების შესახებ პირველად შევიტყვე კოლეგის სამეცნიერო ლექციაზე, რომელიც ეხებოდა რუისელებს. მან განაცხადა, რომ სურდა მოეშენებინა რუისელები ლაბორატორიაში, თუმცა, მიუხედავად ცდისა, ვერ „დაარწმუნა“ ისინი, შეწყვილებულიყვნენ. ამ დროს წინა რიგში მჯდომმა ენტომოლოგიის პროფესორმა, თითქოს ეს ყოფილიყო ყველაზე ყურადსაღები საკითხი მთელი ლექციიდან, რიხიანად წამოიძახა: „ხომ არ გიცდიათ მათთვის თავები მოგეჭრათ?“

 

4. სელექციის ფუნდამენტურ ერთეულის არ წარმოადგენს სახეობა, არც ჯგუფი და არც ინდივიდი, არამედ გენი. . .

მას შემდეგ, რაც გენეტიკური გადარჩევის შესახებ მანიფესტი დავწერე, პარალელურად დამეუფლა სხვა აზრი იმასთან დაკავშირებით, არსებობდა თუ არა რაიმე სახის უფრო მაღალი დონის გადარჩევის მექანიზმი ევოლუციის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. აქვე უნდა დავძინო, რომ როდესაც ვამბობ „უფრო მაღალ დონეს“, ამაში არ ვგულისხმობ რაიმეს დაკავშირებულს „ჯგუფურ გადარჩევასთან“. მე რაღაც უფრო დახვეწილსა და ბევრად უფრო საინტერესოზე ვსაუბრობ. მიმაჩნია, რომ არა მხოლოდ ზოგიერთ ცალკეულ ორგანიზმს ძალუძს იყოს სხვებზე უკეთესი გადარჩენისთვის ბრძოლაში, არამედ ორგანიზმების მთელი კლასი შეიძლება უკეთესად განვითარდეს ამ მიმართულებით, ვიდრე სხვები. რა თქმა უნდა, განვითარება, რომელზედაც აქ ვსაუბრობთ, იგივე ძველი ევოლუციაა, რომელიც გენეტიკურ გადარჩევას ეყრდნობა. მუტაციები კვლავ პოპულარობით სარგებლობენ იმის გამო, რომ ისინი გავლენას ახდენენ ინდივიდების გადარჩენისთვის ბრძოლისა და რეპროდუქციის პროცესების წარმატებულად წარმართვაზე. თუმცა ემბრიოლოგიურ ჭრილში ახალმა მნიშვნელოვანმა მუტაციებმა ასევე შესაძლოა გახსნან ევოლუციის ახალი კარიბჭეები მილიონობით წლების განმავლობაში. ემბრიოლოგიურ ჭრილში შეიძლება არსებობდეს ერთგვარი უფრო მაღალი დონის გადარჩევის მექანიზმები, რომლებიც ემსახურებიან ევოლუციის მიზნებს: გადარჩევა ევოლუციურობის სასარგებლოდ. ამ ტიპის გადარჩევა შეიძლება იყოს აგრეთვე კუმულაციური და, შესაბამისად, პროგრესულიც, რასაც ვერ ვიტყვით ჯგუფურ გადარჩევაზე. ეს იდეები მოცემულია ჩემს ნაშრომში განვითარებადობის ევოლუცია, რომელიც ძირითადად შთაგონებული იყო კომპიუტერული პროგრამით ბრმა მესაათე (Blind Watchmaker). ეს პროგრამა ევოლუციის ასპექტების სიმულაციას ახდენს.

 


კომენტარები