„შესანიშნავ ადამიანებთან შეხვედრების შესახებ“

„შესანიშნავ ადამიანებთან შეხვედრების შესახებ“

გიორგი გურჯიევი – თეოსოფი, აღმოსავლური ოკულტიზმის მიმდევარი, ქრისტიანული მისტიკურ-ანთროპოლოგისტური მოძღვრების ავტორი.

 

ამონარიდი გახლავთ შესავალი გიორგი გურჯიევის წიგნიდან – „შეხვედრები შესანიშნავ ადამიანებთან“. 

 

იმ დროიდან, როცა ჩემი პირველი წიგნის1 დაწერა დავასრულე, ერთი თვე გავიდა – პერიოდი, რომელიც ჩემი დასვენებისთვის იყო აუცილებელი. როგორც ამ წიგნის ბოლო თავიდან შეგიძლიათ შეიტყოთ, ჩემს თავს სიტყვა მივეცი, რომ ამ თვის განმავლობაში სტრიქონს არ დავწერდი. და თუ მივმართავ კიდეც ლიტერატურულ ხელოვნებას, მხოლოდ იმისთვის, რომ წარმოვთქვა სადღეგრძელო, რომელიც ძველი კალვადოსის2 განსაკუთრებულ თვისებებს აქებს, იმ კალვადოსისა, რომელსაც მე ახლა ღვინოსთან ერთად ვსვამ შატო დიუ პრიერის სარდაფში3, სასმელისა, რომელიც იმ ადამიანებმა დაამზადეს, რომლებმაც იციან, რაშია ცხოვრების ჭეშმარიტი აზრი. 


ჩემი პირველი წიგნის მიმართ მკითხველთა მიერ გამოვლენილი ინტერესით გამხნევებულმა კვლავ ლიტერატურულ შრომას მოვკიდე ხელი. ამჯერად თხრობის უფრო მისაწვდომი ფორმა ავირჩიე, რომელიც ჩემი იდეების აღქმისთვის მომზადებაში დაეხმარება მკითხველს. 


ინტელექტუალური განვითარების ნებისმიერ დონეზე მყოფი თანამედროვე ადამიანის ცნობიერებას უნარი აქვს გარემომცველი სამყარო შეიცნოს მხოლოდ იმ ცალკეული ფაქტების აღქმის საშუალებით, რომლებიც ყოველ ჯერზე შემთხვევით თუ განზრახ არის დამახინჯებული, რაც მასში გარემომცველ სინამდვილეზე მცდარ წარმოდგენას ქმნის. ჭარბი და დამახინჯებული ინფორმაციის ნაკადით გამოწვეულ დისჰარმონიას თანდათან სავალალო შედეგები მოაქვს, რომლებსაც იმ ადამიანებმა დააღწიეს თავი, რომლებმაც ამ მავნე გავლენებისგან თავისი ცნობიერების იზოლირება შეძლეს. თანამედროვე ცივილიზაციის გავლენის მიერ მიყენებული ზიანის მტკიცებულებას ყოველ ათწლედში შემცირებული სიცოცხლის ხანგრძლივობა წარმოადგენს. 


მეორე წიგნში ვაპირებ მკითხველს შვიდი მცნება გავაცნო, რომელთა პოვნა და გაშიფვრაც ჩემი მრავალი ექსპედიციის დროს მხვდა წილად. მათში ჩვენმა შორეულმა წინაპრებმა ჩამოაყალიბეს მათ მიერ შეცნობილი ობიექტური ჭეშმარიტება, რომლის შეფასებაც ჩვენი თანამედროვე ადამიანის ცნობიერებასაც კი შეუძლია. დავიწყებ ჩემ მიერ გაშიფრული ერთი წარწერით, რომელიც იქნება ამოსავალი წერტილი ჩემი თხრობისთვის და ამავე დროს რგოლი, რომელიც წინამდებარე წიგნის ბოლო თავს ამჟამინდელი წიგნის პირველ თავს მიუერთებს. 


ეს უძველესი სიბრძნე ამბობს: „მხოლოდ ის არის ადამიანის წოდების ღირსი, ვინც მისთვის მიბარებული ყველა ცხვრის შენარჩუნება შეძლო და, ამავდროულად, მგლები არ დახოცა“. 


რა თქმა უნდა, „მგლები“ და „ცხვრები“ პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა აღვიქვათ, აქ ისინი გონებისა და გრძნობების სიმბოლოებია. ძველი ხალხები იმ ადამიანს თვლიდნენ ღირსეულად, რომელსაც იმის უნარი ჰქონდა, რომ ადამიანური პიროვნების ამ ორი სხვადასხვაგვარი და მტრული შემადგენლობის „მშვიდობიანი“ თანაარსებობისთვის შეექმნა პირობები. 


საინტერესოა აღინიშნოს, რომ აზიურ ტომებში არსებულ ანდაზებს, გამოცანებსა და იგავებს შორის არის ერთი გამოცანა, რომელშიც ფიგურირებენ მგელი და თხა და რომელიც უკვე ციტირებულ ანდაზას ავსებს. 


ჩვენ წინ ისახება ამოცანა: როგორ უნდა გადავიყვანოთ მდინარეზე მგელი, თხა და კომბოსტო, თუ ნავში მხოლოდ ერთი „მგზავრის“ ჩასმა შეიძლება, და ამასთან აუცილებელია მხედველობაში მივიღოთ, რომ არ შეიძლება მგლის დატოვება თხასთან, და თხის დატოვება კომბოსტოსთან, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები სავალალო იქნება. 


ამ ამოცანის სწორი პასუხი რომ ვიპოვოთ, მხოლოდ საზრიანობა არ არის საკმარისი, ასევე აუცილებელია ადამიანი გამრჯე იყოს, მას ხომ არაერთხელ მოუწევს მდინარეზე გადასვლა. 


როდესაც გუშინ პარკში ამ წიგნის, როგორც მე მას ვუწოდე, „გონების ვარჯიშის“ კითხვას ვამთავრებდი, ვერ შევნიშნე, ღამე როგორ ჩამოწვა, და ფონტენბლოს4 ცნობილმა ცივმა ნისლმა ჩემი ტანსაცმლის ნაკეცებში შეღწევა დაიწყო, ხოლო ნაცრისფერი ფრინველები ჩემს მოტიტვლებულ თავზე სულ უფრო და უფრო ხშირად ტოვებდნენ თავიანთი ცხოველმოქმედების კვალს. შემოქმედის ამ ქმნილებების ასეთი უცერემონიო ქცევით განაწყენებულმა, მათ მაგალითს მივბაძე – არად ჩავაგდე ავტორიტეტთა აზრი და გადავწყვიტე ეს თავი ახალ წიგნში ჩამესვა, მერე კი რაც იქნება, იქნება! 


აქ მე აღვწერე ჩემი არცთუ ისე სასიამოვნო შთაბეჭდილებები თანამედროვე ლიტერატორებთან და, რაც კიდევ უფრო უარესია, თანამედროვე ლიტერატურასთან ურთიერთობებიდან. ამასთან დაკავშირებით მინდოდა ამ თავში ჩამესვა ნაწყვეტი ერთი პატივსაცემი სპარსელი მწერლის გამოსვლიდან. ამ მწერალმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. მაშინ მე სულ ახალგაზრდა ადამიანი ჩავედი სპარსეთში, და ადგილობრივი ინტელიგენციის კრებაზე დასწრება მომიხდა, რომელზედაც თანამედროვე ლიტერატურის მდგომარეობა განიხილებოდა. 


ერთ-ერთი გამომსვლელი უკვე იყო არაახალგაზრდა ინტელიგენტი სპარსელი მწერალი, ინტელიგენტი არა ევროპული, არამედ აზიური გაგებით, ანუ არა მარტო ძალიან განათლებული, არამედ ჰარმონიულად განვითარებული ადამიანი. 


სხვა რამეების გარდა მან თქვა: „დასანანია, რომ თანამედროვე პერიოდი, რომელსაც ევროპულ ცივილიზაციას უწოდებენ, ასეთი უნაყოფო აღმოჩნდა, რომელსაც ჩვენი შთამომავლებისთვის რაიმე სასარგებლოს გადაცემა არ შეუძლია“. 


თანამედროვე მწერლები, იმის ნაცვლად რომ თავიანთი იდეების რაც შეიძლება უფრო ნათლად გამოხატვას ცდილობდნენ, მთელ ყურადღებას უთმობენ იმას, რასაც „სტილის სილამაზე“ ჰქვია. 


და მართლაც, შეიძლება მთელი დღე „სქელი“ წიგნის კითხვას დაუთმოთ და მაინც ვერ ხვდებოდეთ, თუ რისი თქმა უნდოდა ავტორს. და შეიძლება, თუ კიდევ ერთ ან ორ დღეს დაუთმობთ და ბოლომდე წაიკითხავთ, აღმოაჩინოთ, რომ იდეა არაფრად ვარგა, რომ მთელი ინტრიგა იმაში მდგომარეობს, უყვარს თუ არა სმიტს მერი, მერის კი სმიტი. 


ეს ეხება როგორც მხატვრულ, ისე სამეცნიერო ლიტერატურას.


მეცნიერული შრომები, როგორც წესი, შეიცავს ნაკრებს ძველი ჰიპოთეზებისა, რომლებიც ყოველ ჯერზე ახლებურად არის გადაჯგუფ-გადმოჯგუფებული. 


რომანებში უმთავრესად აღიწერება მაღალი გრძნობები, რომლებიც უკვე გადაგვარდა ხალხში, ანდა ისინი მიძღვნილია ყოველგვარი ცოდვის აღწერას, რომლებშიაც ბუნებრივი ადამიანური გრძნობები პოულობს გამოსავალს, რომლებმაც დაკმაყოფილება ვერ მიიღო. 


არის კიდევ წიგნების კატეგორია, რომელიც შეიცავს, როგორც წესი, აღწერას სხვადასხვაგვარი მოგზაურობისა და თავგადასავლისა, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნისა და კონტინენტის ფლორის და ფაუნისა. ასეთი სახის ნაწარმოებებს წერენ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი სახლიდან მხოლოდ იმისთვის გამოდიან, რომ სიგარეტი იყიდონ, და თავიანთ მეტისმეტად საცოდავ წარმოდგენას აწვალებენ, როცა ამ საცოდავ ისტორიებს აცოდვილებენ. ისინი ხშირად სხვა წიგნებიდან მთელ მონაკვეთებს ითვისებენ და ისტორიებს სხვადასხვა სახით ადგენენ. 


მათ არ გააჩნიათ მწერლის ოდნავი პასუხისმგებლობის გაგება; ეს „შემოქმედები“ სტილის სილამაზისკენ ისწრაფვიან, და მათ ნაწარმოებებში არსებული აზრის უკანასკნელ ნარჩენებს სპობენ. 


რა უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ეს, იმ ზიანში, რომელიც ლიტერატურამ მიაყენა კაცობრიობას, მხოლოდ და მხოლოდ თანამედროვე გრამატიკას ვადანაშაულებ. მას თანამედროვე ცივილიზაციის „შეთქმულების“ ერთ-ერთ ყველაზე საშინელ იარაღად ვთვლი, რომელიც საზოგადოების წინააღმდეგ არის მიმართული. 


უმრავლეს ენათა თანამედროვე გრამატიკა ხელოვნურად არის შედგენილი, მაშინ, როცა წინათ გრამატიკა თავად ცხოვრების მიერ ყალიბდებოდა მოცემული ხალხის განვითარების დონეზე დამოკიდებულებით, კლიმატურ პირობებზე, საკვების მოპოვების გავრცელებულ ხერხებზე დამოკიდებულებით.

 
თანამედროვე გრამატიკა კი მწერალს აზრების ზუსტად გამოხატვაში ხელს უშლის, ამგვარად მკითხველი, განსაკუთრებით უცხოელი, ნათქვამის აზრის დაჭერის უკანასკნელ შესაძლებლობას კარგავს. 


ჩემი აზრის განმარტებისთვის მაგალითის სახით მოვიყვან ერთ ეპიზოდს, რომლის მოწმედ ყოფნა მომიხდა. 


როგორც იცით, მხოლოდ ერთი ახლო ნათესავი მყავს, ეს არის ბიძაშვილი მამის მხრიდან, რომელმაც რამდენიმე წლის წინ მემკვიდრეობით ბაქოს მახლობლად მდებარე ნავთობის საბადო მიიღო, და იძულებული იყო იქ დასახლებულიყო. 


იმის გამო, რომ ბიზნესის მართვისა თუ ზედამხედველობის აუცილებლობის გამო ძმისწულს არ შეეძლო ბაქოს მიტოვება, დროდადრო მასთან სანახავად მივდიოდი. 


რაიონი, სადაც ეს საბადო მდებარეობდა, ახლა ეკუთვნის რუსეთს, ქვეყანას, რომელსაც მდიდარი თანამედროვე ლიტერატურა აქვს. 


ქალაქ ბაქოსა და მის შემოგარენში სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ცხოვრობდნენ, რომლებიც თავიანთ ოჯახებში მშობლიურ ენაზე ლაპარაკობდნენ, ერებს შორის ურთიერთობაში კი იძულებულნი იყვნენ რუსული ენა გამოეყენებინათ. 


ბაქოში რომ ჩავდიოდი, სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთან ვურთიერთობდი და ამიტომ, რუსული ენის შესწავლა გადავწყვიტე. 


იმ დროისთვის უკვე მრავალი უცხო ენა ვიცოდი და ეს ამოცანა განსაკუთრებით რთულად არ მეჩვენებოდა. რაღაც დროის შემდეგ შევძელი რუსულად მელაპარაკა საკმაოდ შეუფერხებლად, მაგრამ, რა თქმა უნდა, ადგილობრივ მცხოვრებთა მსგავსად, ძლიერი აქცენტით. 


როგორც ადამიანმა, რომელმაც ფილოლოგიური განათლება მიიღო, უნდა აღვნიშნო, რომ, ბრწყინვალედაც თუ ფლობ უცხო ენას, შეუძლებელია იფიქრო ამ ენაზე, თუკი შენს მშობლიურ ენაზე ლაპარაკსა და ფიქრს გააგრძელებ. 


შესაბამისად, როცა რუსულ ენაზე ავლაპარაკდი, მაინც სპარსულად ფიქრს ვაგრძელებდი, და ჩემს „სპარსულ“ აზრებს მუდამ ვუძებნიდი ეკვივალენტებს რუსულ ენაში. 


გარკვეული აზრის თარგმანის დროს სპარსულიდან რუსულზე ზოგჯერ გაუგებარი სიძნელეები ჩნდებოდა, და ფიქრი დავიწყე იმაზე, რატომ არის ზოგჯერ ასე ძნელი სხვისი ენის სიტყვებით სრულიად უბრალო აზრის გადმოცემა. 


როდესაც ამ პრობლემით დავინტერესდი და აუარება თავისუფალი დრო მქონდა, რუსული ენის და ზოგიერთი თანამედროვე ენის გრამატიკის სწავლა დავიწყე და მალე მივხვდი, რომ ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის დროს სიძნელეები საუბრის შედგენის ხელოვნურ გრამატიკულ წესებშია. ასე ჩამოყალიბდა ჩემში მტკიცე რწმენა, რომ მრავალი ენის გრამატიკის წესები იმ ადამიანთა მიერ დგინდებოდა, რომლებიც მოსახლეობის ძირითად მასასთან შედარებით ინტელექტუალური განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე იდგნენ. 


ამ აზრის დადასტურების მიზნით იმ სიძნელეზე მივუთითებ, რომელიც რუსული ენის შესწავლის დაწყებით ეტაპებზე გამიჩნდა და რომელმაც მაიძულა, რომ უფრო დეტალურად შემესწავლა ეს საკითხი.


მაგრამ, როდესაც რუსული ენის შესწავლით ვიყავი დაკავებული და ვცდილობდი ამ ენაზე ჩამომეყალიბებინა ჩემი აზრები, რომლებიც ცნობიერებაში ჩემს მშობლიურ სპარსულ ენაზე გამიჩნდა, იმ გამოთქმის გამოყენება მოვინდომე, რომელსაც ჩვენ, სპარსელები, ხშირად ვხმარობთ ლაპარაკში – „myan-diaram“, რომელიც ფრანგულ ენაზე ნიშნავს „je dis“, ინგლისურ ენაზე კი ითარგმნება ფრაზით „I say“. ვცდილობდი შესაბამისი გამოთქმის შერჩევას რუსულ ენაში, და დიდხანს ვძაბავდი მეხსიერებას, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგად ვფლობდი ენას, საჭირო ეკვივალენტი ვერ ვიპოვე. არცერთი გამოხატვა, რომელიც იხმარებოდა როგორც უბრალო ადამიანთა შორის, ისე ინტელექტუალურ ელიტაში, არ ერგებოდა. 


როცა ფიასკო განვიცადე, თავიდან ვივარაუდე, რომ რუსული სიტყვებისა და გამოთქმების საკმარის მარაგს არ ვფლობდი, და ჩემს მრავალრიცხოვან ლექსიკონს მივმართე, აგრეთვე კონსულტაცია გავიარე იმ ადამიანებთან, რომლებიც აღიარებულ ავტორიტეტებად ითვლებოდნენ ამ სფეროში. თუმცა აღმოჩნდა, რომ თანამედროვე რუსულ ენაში არ არსებობს სპარსული „myan-diaram“-ის გამოთქმა, მის ნაცვლად იხმარება გამოთქმა „მე ვამბობ“, რომელიც სპარსულ ენაში შეესაბამება „myan-soil-yaran“-ს, ფრანგულ ენაში „Je parle“-ს და ინგლისურ ენაში „I speak“-ს. 


რადგან სპარსელი ხალხის სხვა წარმომადგენლებს გამოსახულებათა აღქმის საერთო სისტემა აქვთ ჩემთან, შეუძლიათ კი მიიღონ ასეთი არაერთფასოვანი სანაცვლო შინაგანი წინააღმდეგობის გარეშე? რა თქმა უნდა, არა. „soil-yaran“ და „diaram“ ან „speak“ და „say“ ხომ ზმნებია, რომლებიც სხვადასხვა მოქმედებას გამოხატავს.


აი, ათასი შესაძლო მაგალითიდან ერთ-ერთი, სიძნელეთა მაჩვენებელი, რომლებიც აზრის სხვა კულტურათა ენაზე გადაყვანის დროს ჩნდება. ეს კულტურები საერთო აღიარებით აყვავების პერიოდში იმყოფება. 


სიტყვებისა და გამოთქმების ეკვივალენტთა არარსებობის გამო (რაც თანამედროვე სალიტერატურო ენებში შეინიშნება), იმ ცივილიზაციათა წარმომადგენლები, რომლებიც სიტყვებს მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობით იყენებენ (როდესაც ისმენენ ან კითხულობენ სიტყვებსა და გამოთქმებს, რომლებიც გადატანითი მნიშვნელობით იხმარება) ავტორის აზრს დამახინჯებული სახით აღიქვამენ. 


ამასთან, სიტყვებს და გამოთქმებს, რომლებიც იმ გაგებათა ფართო არეს აღნიშნავს, რომლებიც უბრალო ადამიანების ცხოვრებასა და მოღვაწეობას განეკუთვნება, უმრავლეს ენაში ზუსტი ეკვივალენტები აქვს. 


რუსულ ენაში იმ გამოთქმის მაგალითს, რომელიც ზუსტად შეესაბამება სპარსულ ვარიანტს, რომელიც ზემოთ მოვიყვანე, დადასტურებას წარმოადგენს ჩემი დასკვნისა, ერთი შეხედვით ზერელესი, რომ ნებისმიერი დახელოვნებული თარგმანი ერთი ენიდან მეორეზე წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ერზაცს – ორიგინალის რაღაც ხელოვნურ მსგავსებას. 


უნდა ითქვას, რომ, როდესაც რუსული ენის, ასევე სხვა თანამედროვე ენების გრამატიკის შესწავლა დავიწყე, ეკვივალენტური გამოთქმების არარსებობის დადგენის მიზნით, ჩავთვალე, რომ ამისათვის მხოლოდ ფილოლოგიური ცოდნა არ არის საკმარისი, და რუსული ენის ისტორიის წარმოშობის შესწავლა დავიწყე.  


ჩემმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ წინათ ეს ენა იმ სიტყვებს შეიცავდა, რომლებიც შეესაბამებოდა კონკრეტულ გაგებებს პრაქტიკული მოღვაწეობის სფეროდან. მაგრამ, დროთა განმავლობაში, როდესაც განვითარების გარკვეულ საფეხურს მიაღწია, იგი უამრავი ფსევდოლიტერატურული მეტიჩრის ექსპერიმენტთა ობიექტი გახდა, ასე რომ მრავალი სიტყვისა და გამოთქმის აზრი დამახინჯდა, ანდა ისინი ხმარებიდანაც კი იყო გამოსული მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არ შეესაბამებოდა მოთხოვნებს, რომლებიც „კულტურული“ ლაპარაკისთვის იყო წაყენებული. მათ შორის აღმოჩნდა ის სიტყვაც, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვპოულობდი და, რომელიც შეესაბამებოდა სპარსულ გაგებას „diaram“ და იმ ხანებში ჟღერდა როგორც: „გადმოვცემ“, „ვამბობ“. 


საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ ეს სიტყვა დღემდე შემორჩა, მაგრამ წინანდელი, პირდაპირი მნიშვნელობით მხოლოდ იმ ადამიანების მიერ იხმარება, რომლებიც, მართალია, რუსული ეროვნების წარმომადგენლები არიან, მაგრამ ქვეყნის კულტურული ცენტრებიდან შორს ცხოვრობენ და, ამგვარად, თანამედროვე ცივილიზაციისგან იზოლირებულნი არიან. 


ხელოვნურად შექმნილი ენობრივი კონსტრუქციები (ახალგაზრდა თაობა იძულებულია, რომ ისინი შეითვისოს), ჩემი აზრით, იმის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს, რომ თანამედროვე ევროპელ ხალხთა შორის მხოლოდ ერთი პრინციპი (კერძოდ აზროვნება) ვითარდება და ნორმალურად ფუნქციონირებს იმ სამი პრინციპიდან, რომლებიც ჯანსაღი ცნობიერების ფორმირებისთვის არის საჭირო. მაგრამ საკუთარი გრძნობებისა და ინსტინქტების გარკვევისა და შეგნების გარეშე, (რაც ყოველი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის აშკარაა) ვერ ჩამოყალიბდება სრულფასოვანი პიროვნება.  


ვაჯამებ ყოველივე ზემოთქმულს თანამედროვე ლიტერატურაზე, და ყველაზე ზუსტად შემიძლია ეს შემდეგი სიტყვებით აღვწერო: „მას სული არა აქვს“. 


თანამედროვე ცივილიზაციამ მოკლა სული ლიტერატურისა, როგორც ყოველივე იმისა, რასაც იგი შეეხო. 


თანამედროვე ცივილიზაციის ასეთი დაუნდობელი კრიტიკული შეფასებისთვის საკმარისზე უფრო მეტი საფუძველი მაქვს, მაშინ როცა ჩვენს დრომდე მოღწეული ანტიკური ლიტერატურის ძეგლები იმას მოწმობს, რომ არსებობს ის, რისი გადმოღებაც შეგვიძლია ანტიკური ლიტერატურიდან, რამეთუ მას შეუძლია სრულფასოვანი, ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ჩამოყალიბებას დაეხმაროს, და იგი თაობიდან თაობას უნდა გადაეცემოდეს.


მე იმ დასკვნამდე მივედი, რომ ძველი ხალხების სიბრძნე, კვინტესენცია მათი იდეებისა, რომლებიც მოკლე და ხელმისაწვდომი გამონათქვამებით არის უკვდავყოფილი, მათი შთამომავლებისთვის ძალიან სასარგებლო შეიძლება იყოს. 


გასული დროის ლიტერატურასა და თანამედროვე ლიტერატურას შორის განსხვავების დასანახად, ძველ ანეკდოტს შეგახსენებთ ორ ბეღურაზე: ერთხელ ტალავრის ქვეშ ორი ბეღურა იჯდა, ბებერი და ახალგაზრდა. ისინი განიხილავდნენ მოვლენას, რომელიც „დღის სენსაცია“ გახდა, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ მოლას მოახლე ქალმა ფანჯრიდან ქუჩაში, სადაც ბეღურების გუნდი იკრიბებოდა, ისეთი რაღაც გადააგდო, რომელიც ერთი შეხედვით გამხმარ ფაფას წააგავდა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ძველი ნეჭა (ჭილობი) აღმოჩნდა. ზოგიერთი ახალგაზრდა გამოუცდელი ბეღურა მას მივარდა. ამ შემთხვევას რომ განიხილავდნენ, ბებერი ბეღურა მოულოდნელად აიფხორა და უკმაყოფილო გრიმასით ფრთის ქვეშ რწყილების ძებნა დაიწყო, რომლებიც მას განუწყვეტლივ თავს აბეზრებდნენ. ერთი რწყილი რომ დაიჭირა, მან ღრმააზროვანი გამომეტყველებით თქვა: „ის დრო აღარ არის ახლა. ადრე ვისხედით ტალავრის ქვეშ, ვთვლემდით. ქვემოთ კი ხმაური, გრიალი იყო. ისეთი სუნი იყო, რომ ნერწყვი გვდიოდა. სული ილხენდა იმის მოლოდინში, როგორ დავეშვებოდით ქვემოთ და გრანდიოზულ ნადიმს მოვიწყობდით. ახლა კი რა გვაქვს?! დიდი ხმაური და ისეთი სიმყრალეა, რომ ძნელია გაუძლო. შედეგად კი ქვაფენილზე ზეთის რამდენიმე წვეთია“. 


ამ საუბარში, როგორც, ალბათ, უკვე მიხვდით, ცხენების ეკიპაჟებზეა ლაპარაკი. ეს უკანასკნელები, რომლებიც გაცილებით მეტ ხმაურს და არასასიამოვნო სუნს ქმნიან, ბეღურების საკვებით უზრუნველყოფის გაგებით სრულიად უსარგებლოა. საკვების გარეშე კი ბეღურასაც არა აქვს საამური ცხოვრება. 


ეს ანეკდოტი მშვენიერ ილუსტრაციას წარმოადგენს ჩემი მტკიცებისა თანამედროვე და წარსულ ცივილიზაციებს შორის განსხვავებაზე. 


ლიტერატურა კაცობრიობის სრულყოფას უნდა ემსახურებოდეს, მაგრამ ამჟამად ამ ფუნქციის შესრულება მას არ შეუძლია, რადგან ის მეტისმეტად ზერელეა, როგორც ანეკდოტშია ბებერ ბეღურაზე, ხმაურზე, ფაციფუცსა და ცუდ სუნზე. 


ნებისმიერ ადამიანს, მოიცილებს რა წინასწარ შექმნილ ცუდ აზრს, შეუძლია შენიშნოს განსხვავება გრძნობების განვითარების ხარისხში იმ ადამიანებს შორის, რომლებიც დაიბადნენ და მთელი ცხოვრება გაატარეს აზიაში და, რომლებიც მკვიდრი ევროპელები არიან. 


მართლაც, ბევრი აღნიშნავს, რომ აზიის თანამედროვე მცხოვრებლებს, რომლებიც თანამედროვე ცივილიზაციისგან იზოლირებულად არსებობდნენ, გრძნობები ევროპელებზე გაცილებით უფრო ძლიერად აქვთ განვითარებული. და რადგან გრძნობები საფუძველს წარმოადგენს ჰარმონიული პიროვნების ჩამოყალიბების დროს, ამიტომ აზიელებს, რომლებსაც, როგორც წესი, ნაკლები ფუნდამენტური ცოდნა აქვთ, თუმცა, ამის მიუხედავად, უფრო სწორი წარმოდგენა აქვთ გარემომცველ სამყაროსა და თავიანთ თავზე, ვიდრე იმათ, ვინც თავს თანამედროვე ცივილიზებული რჩეული საზოგადოების წევრად თვლის. 


ევროპული განათლება დაკვირვების ობიექტის გააზრებაში მდგომარეობს, მაშინ, როდესაც აზიელები ინფორმაციას იღებენ გრძნობების დახმარებით ან ინსტინქტების დახმარებითაც კი.  


აზიური ქვეყნების მაცხოვრებლები პირველ ხანებში ევროპული ლიტერატურით დაინტერესებას ავლენდნენ, მაგრამ, როდესაც მისი ერთობ ზერელე ხასიათი გააცნობიერეს, მათ ამ ინტერესის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგეს და ამჟამად საეჭვოა, რომ ისინი მას კითხულობდნენ. 


ჩემი აზრით, ევროპული ლიტერატურის მიმართ მათ გულგრილ დამოკიდებულებაში მთავარი როლი ისეთმა ლიტერატურულმა ჟანრმა ითამაშა, როგორიცაა რომანი.


პოპულარული ევროპული რომანების უმრავლესობა მიძღვნილია ადამიანთა შორის ურთიერთობებში ჰარმონიის რღვევას, რომელიც მათი სისუსტისა და უნებისყოფობის გამო ხდება და, რომელიც ყოველგვარი სტილისტიკური ხრიკით არის აღწერილი. აზიელები, რომლებიც ჯერ კიდევ ძალიან არ დაშორებიან დედაბუნებას, ურთიერთობების ასეთ მდგომარეობას, როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის, არანორმალურად და უღირსად თვლიან, და განსაკუთრებით უღირსად მამაკაცებისთვის, და ინსტინქტურად მათ ასეთი ადამიანები სძულთ. 


რაც შეეხება სხვა ჟანრებს, ისეთებს, როგორებიცაა სამეცნიერო სტატიები, ნარკვევები და შემეცნებითი ლიტერატურის სხვა ფორმები, აზიური ქვეყნების მცხოვრებლები, იმის გამო, რომ ბუნებასთან უფრო ახლოს დგანან, ქვეცნობიერად გრძნობენ ავტორის მიერ იმის ნამდვილი გაგების სრულ არარსებობას, რაზედაც ის ცოდნის უკმარისობის გამო წერს. 


აი, იმ დროს, როცა აზიელები თანამედროვე ლიტერატურას პრაქტიკულად სრულად უგულებელყოფენ, ევროპის წიგნის მაღაზიების თაროები სიახლეებით არის გადავსებული. 


რა თქმა უნდა, შეიძლება მართებული კითხვა გაჩნდეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევუთანხმოთ ჩემი მტკიცება იმ ფაქტს, რომ აზიის მცხოვრებთა დიდი უმრავლესობა უცოდინარია. 


ამაზე ვუპასუხებ, რომ აზიელების მიერ ევროპული ლიტერატურით დაინტერესების არარსებობის ნამდვილი მიზეზი მაინც ამ ლიტერატურისთვის დამახასიათებელ ნაკლში მდგომარეობს. მე თვითონ არაერთხელ ვყოფილვარ იმის მოწმე, ასობით უცოდინარი ადამიანი როგორ იკრიბებოდა წერა-კითხვის მცოდნე ადამიანის გარშემო, რომ საღმრთო წერილი ან შეჰერეზადას ზღაპრები „ათას ერთი ღამე“ მოესმინათ. 


რა თქმა უნდა, შეიძლება შემედავოთ და თქვათ, რომ ამ ნაწარმოებებში, განსაკუთრებით ზღაპრებში, აღწერილი მოვლენები აღებულია მათი ცხოვრებიდან და ამიტომ არის მსმენელებისთვის გასაგები და საინტერესო. მაგრამ საიდუმლოება იმაშია, რომ ეს ტექსტები, განსაკუთრებით „ათას ერთ ღამეში“, წარმოადგენს ლიტერატურას ამ სიტყვის სრული გაგებით. ყველა მკითხველს და მსმენელს ესმის, რომ ის ყველაფერი, რაც ამ წიგნებშია აღწერილი, ავტორის მიერ არის გამოგონილი, მაგრამ ეს გამონაგონები ძალიან ჰგავს სიმართლეს; ის ეპიზოდებიც კი, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში ვერ მოხდებოდა. მკითხველთა ინტერესი იბადება ავტორის მიერ თავისი პერსონაჟების ფსიქოლოგიაში ფაქიზი შეღწევის შედეგად და იმ მოქმედების განვითარების მიერ არის მხარდაჭერილი, რომელიც რეალურ ცხოვრებაში მომხდარი მოვლენის გარშემოა კონცენტრირებული. 


თანამედროვე ცივილიზაციის მოთხოვნილებებმა წარმოშვა ლიტერატურის ახალი, სრულიად სპეციფიკური სახე – ჟურნალისტიკა. 


ამ ფაქტს გვერდს ვერ ავუვლი, რადგან, ჩემი აზრით, ჟურნალისტიკას ისეთი არაფერი მოაქვს, რაც სრულფასოვანი, ჰარმონიული ცნობიერების განვითარებას დაეხმარებოდა და, ახდენს რა დამღუპველ ზეგავლენას ადამიანთა ურთიერთობებზე, იგი ერთ-ერთ მთავარ ბოროტებას წარმოადგენს თანამედროვე ადამიანთა ცხოვრებაში. 


ლიტერატურის ეს სახე ამჟამად ისე გავრცელდა, რომ ის ფაქტორი ხდება, რომელიც სულ უფრო და უფრო ზრდის თანამედროვე ადამიანთა უნებისყოფობასა და არასრულფასოვნებას. ნების განვითარებადი ატროფია და პასიურობა ადამიანებს მანამდე ხელმისაწვდომ თვითშეცნობას უკარგავს, ისინი საკუთარი თავის გაგებას წყვეტენ, რაც მათ თვითსრულყოფის გზით სვლაში უშლის ხელს. 


მეორე მხრივ, ეს ყოველდღიური ფუქსავატი, არასერიოზული ლიტერატურა იმდენად ცვლის ადამიანთა აზროვნების სახეს, რომ წინათ შეძენილ თვითშეცნობასა და ჰარმონიასაც კი უკარგავს მათ. ამრიგად, იკარგება პირობები, რომლებიც მანამდე ადამიანებს იმის შესაძლებლობას აძლევდა, რომ ცხოვრება მეტ-ნაკლებად ჰარმონიული გაეხადათ, მათი ურთიერთობების სფეროში მაინც. 


საუბედუროდ, სულ უფრო ხშირი და დიდი ტირაჟით გამოცემული გაზეთები და ჟურნალები ასუსტებს ადამიანის უნარს დამოუკიდებლად იაზროვნოს და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღოს, ყველა სახის მოტყუებასა და აბნევას წინააღმდეგობა გაუწიოს, და მისი ცნობიერების დეზორიენტაციას და ადამიანებში უარყოფითი თვისებების სტიმულაციას ახდენს, ისეთების, როგორებიცაა შური, ეჭვიანობა, პირფერობა, სიამაყე და ა.შ. 


იმისათვის, რომ დავასაბუთო ჩემი ურყევი დარწმუნებულობა პერიოდული ბეჭდვითი სიტყვის მიერ კაცობრიობისთვის მიყენებულ ზიანში, რამდენიმე ისტორიას მოგითხრობთ, რომელთა რეალობის დადასტურებაც მე შემიძლია, რადგან შემთხვევით მივიღე მათში მონაწილეობა. 


საკმაოდ ახლო მეგობარი მყავდა, თეირანში მცხოვრები ამერიკელი, რომელმაც, სანამ მოკვდებოდა, ანდერძის ამსრულებლად მაქცია. 


მას ჰყავდა ვაჟიშვილი, უკვე არცთუ ისე ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც შემოსავალს ბიზნესიდან იღებდა და თავის მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად ევროპის ერთ-ერთ დიდ ქალაქში ცხოვრობდა. 


ერთხელ, ვახშმის შემდეგ, მან და მისმა ოჯახის წევრებმა შეუძლოდ იგრძნეს თავი და დილით უკლებლივ ყველა დაიხოცა. რადგან ოჯახის ანდერძის ამსრულებელს წარმოვადგენდი, იძულებული ვიყავი იქ გავმგზავრებულიყავი, სადაც ეს საშინელი ამბავი მოხდა. 


იქ შევიტყვე, რომ იმ უბედური ოჯახის მამა ტრაგედიამდე რამდენიმე დღის განმავლობაში შეუწყვეტლად გაზეთებს კითხულობდა. ამ გამოცემებიდან რამდენიმეში მან წაიკითხა განცხადება მაღაზიის გახსნის შესახებ, რომელშიც იყიდებოდა ძეხვეულობა, რომელიც იწარმოებოდა, როგორც იქ მტკიცდებოდა, განსაკუთრებული ხარისხის მასალისგან სპეციალური ტექნოლოგიით. 


ბოლოს და ბოლოს, ამ რეკლამის მოქმედებით მან იმ მაღაზიას მიაშურა და ძეხვი იყიდა, თუმცა არც თვითონ, არც მისი ოჯახის წევრები მანამდე არ ყოფილან გატაცებული ძეხვეულით, რადგან სომხეთში გაიზარდნენ, სადაც ძეხვს არ ჭამენ. როდესაც ვახშამზე ეს ძეხვი გასინჯეს, ყოველი მათგანი ძლიერ მოიწამლა, რისგანაც ისინი დაიხოცნენ. 


ამ ექსტრაორდინალურმა მოვლენამ ჩემში დაეჭვება გამოიწვია, და, ნათელყოფის მიზნით, კერძო დეტექტივის მომსახურებით ვისარგებლე. 


მე შემდეგი რამის გაგება შევძელი. ერთმა მსხვილმა ფირმამ დაბალ ფასად ძეხვეულის უზარმაზარი პარტია შეიძინა, რომელიც თავდაპირველად სხვა ქვეყანაში გასაგზავნად იყო განკუთვნილი, მაგრამ დატვირთვის დროს დაყოვნების გამო მას უარი ეთქვა. ძეხვის მთელი პარტია რაც შეიძლება სწრაფად რომ მოეშორებინა თავიდან, ამ ფირმამ ფული არ დაიშურა ჟურნალისტებისთვის, რომლებსაც ეს სარეკლამო კამპანია მიანდო. 


აი, სხვა ისტორია:


ბაქოში ჩემი მორიგი ჩასვლის დროს, უსაქმურობის გამო, გაზეთების კითხვამ გამიტაცა, რომლებსაც ჩემი ძმისშვილი იღებდა. მე დამაინტერესა უზარმაზარმა სტატიებმა რამდენიმე გაზეთში. ეს სტატიები ერთ ცნობილ მსახიობ ქალს ეძღვნებოდა. 


მის შესახებ იმდენად ბევრს და ისეთი სიტყვებით წერდნენ, რომ მეც კი, ხნიერმა ადამიანმა, წაკითხულისგან შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა, ყველა დაგეგმილი საქმე გვერდზე გადავდე და, დავარღვიე რა ჩვეული დღის განრიგი, თეატრში წასვლა გადავწყვიტე. 


და როგორ გგონიათ, რა ვნახე იქ? ის რაღაც, რაც გაზეთებში დაწერილს შეესაბამებოდა? – არაფერიც. 


ჩემს ცხოვრებაში მრავალი ასეთი ჟანრის მსახიობი ქალი მინახავს, ცუდიც და კარგიც, და გადაუჭარბებლად შემიძლია ავტორიტეტად ჩავითვალო ამ დარგში. მაგრამ, ჩემი დახვეწილი გემოვნებაც რომ არ მივიღოთ მხედველობაში, ჩვეულებრივი ადამიანის თვალსაზრისით, უნდა ვაღიარო, რომ მთელ ჩემს ცხოვრებაში ამაზე უფრო უნიჭო და მოსაწყენი არაფერი მინახავს. ამ ქალს სამსახიობო ხელოვნებაზე ოდნავი წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. 


ამ ქალმა ჩემზე ისეთი ცუდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ჩემში ალტრუისტსაც რომ გამოეღვიძა, მზარეულის როლსაც კი არ შევთავაზებდი მას. 


როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ერთ-ერთმა ნავთობმწარმოებელმა ჟურნალისტებს დიდი ფული გადაუხადა, და დაჰპირდა, რომ გასამრჯელოს გაუორმაგებდა, თუკი ისინი მისი საყვარლის გამოსვლებზე ანშლაგს უზრუნველყოფდნენ. ეს ქალი ახლო წარსულში ერთი რუსი ინჟინრის მოახლედ მსახურობდა. 


და კიდევ ერთი შემთხვევა – ერთ ძალიან პოპულარულ გერმანულ გაზეთში დროდადრო მხვდებოდა სტატიები, რომლებსაც ცამდე აჰყავდა ერთი მხატვარი კაცი, და ამის წყალობით შემექმნა აზრი, რომ ამ მხატვარს ფენომენალური ნიჭი ჰქონდა. 


ჩემმა ძმისწულმა, რომელმაც ახლახან ბაქოში დიდი სახლი იყიდა, ქორწილის სამზადისის დროს გადაწყვიტა მისი მდიდრულად მოწყობა. რამდენადაც წლის განმავლობაში მის ნავთობის უბნებზე ორჯერ ამოიფრქვა ნავთობი, ამიტომ ჩემს ძმისწულს ვურჩიე ეს ფული საზრიანად დაეხარჯა, და ამ შესანიშნავი მხატვრის მომსახურება აენაზღაურებინა, რომლის შესახებაც მე მხოლოდ კარგი გამიგია, ასევე ეყიდა რამდენიმე ფრესკა, რომელიც სახლის კედლებს დაამშვენებდა. 


ასეთი ხარჯები არა მარტო უკეთესს გახდის სახლის პატრონის რეპუტაციას, არამედ მის შთამომავლებს მომავალში ცნობილი ოსტატის ყალმის მშვენიერი ფრესკებისა და სხვა ნამუშევრების მქონებლებად აქცევს. 


ძმისწულმა შეისმინა ჩემი რჩევა. ის პირადად ეწვია კიდეც ამ ევროპელ სახელგანთქმულ მხატვარს, რომ მისთვის თავისი წინადადება შეეთავაზებინა. მალე მხატვარი ჩამოვიდა, თან წამოიყოლა ასისტენტებისა და მღებავების მთელი ვაგონი და, როგორც მე მეჩვენა, პირადი ჰარამხანაც კი, რა თქმა უნდა, ამ სიტყვის ევროპული გაგებით, და აუჩქარებლად შეუდგა საქმეს. 


ამ სახელგანთქმული მხატვრის შრომის შედეგი იყო ის, რომ ქორწილის დღის გადატანა გახდა საჭირო, რომ სახლი ადრინდელ მდგომარეობაში მოეყვანათ. 


ჟურნალისტებს ჯეროვანი რომ მივუზღო, აღვნიშნავ, რომ მოცემულ შემთხვევაში ისინი ამ ერთობ უფერულ მხატვარს თითქმის უანგაროდ აქებდნენ, ხომ უნდა ეწერათ რაიმეზე, სენსაციები შეექმნათ, მეტისმეტად გაეზვიადებინათ. 


და ბოლო მაგალითის სახით მინდა ერთი გაუგებრობის ისტორია მოვიყვანო, რომელიც თანამედროვე ლიტერატურის მდგომარეობას ახასიათებს:


ერთხელ, ახალგაზრდა ევროპელი წყვილი გავიცანი, რომელსაც მოგზაურობა უყვარდა. აღმოჩნდა, რომ ჩემი ახალგაზრდა მეგობარი ერთი საინტერესო ამოცანით იყო გატაცებული. ყველა ქვეყანაში, სადაც ის ყოფილა, ადამიანის ორგანიზმსა და ფსიქიკაზე ნიკოტინის (რომელსაც თამბაქოს სხვადასხვა სახის ნაწარმი შეიცავდა) გავლენის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა და ანალიზს უკეთებდა. 


როდესაც აზიის მრავალ ქვეყანაში მისთვის საინტერესო პრობლემაზე საკმარისი რაოდენობის აუცილებელი მონაცემი შეაგროვა, იგი ცოლთან ერთად ევროპაში დაბრუნდა, სადაც წიგნის წერა დაიწყო, რომელიც მისი კვლევის შედეგებს შეიცავდა. მაგრამ, რადგან მისმა ახალგაზრდა უზრუნველმა ცოლმა (რომელსაც ეკონომიის არაფერი გაეგებოდა), მოგზაურობის დროს მთელი ფული დახარჯა, ეს ქალი იძულებული გახდა ერთ დიდ გამომცემლობაში სამუშაოდ წასულიყო მემანქანედ. 


ოფისში, სადაც ის ახლა მუშაობდა, ხშირად შედიოდა ერთი მწერალი კაცი, რომელსაც, ახალგაზრდა მომხიბლავი ქალი დანახვისთანავე შეუყვარდა და მისი შეცდენა სცადა. მაგრამ ქმრის ერთგულმა ახალგაზრდა ქალმა ეს მეძიებლობა უკუაგდო და აი, იმ დროს, როცა ახალგაზრდა ქალი მორალურ გამარჯვებას ზეიმობდა, წარუმატებელმა თაყვანისმცემელმა ინტრიგების დახმარებით სამსახურიდან მის გათავისუფლებას მიაღწია. ამ ადამიანის მორალური დონე მთლიანად დასაშვებს ხდიდა შურისძიების ასეთი სახის შესაძლებლობას მისი ვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო. 


იმ დროისთვის ჩემმა ახალგაზრდა მეგობარმა გამოსცა თავისი წიგნი და, იმ ადამიანის მიმართ სიძულვილით აღგზნებულმა, რომელმაც მის ცოლს შეურაცხყოფა მიაყენა, კრიტიკული სტატიების წერა დაიწყო ამ მწერლის წიგნებზე, გააცამტვერა ისინი. თავისას მიაღწია – ავტორის წიგნებზე მოთხოვნილებამ მნიშვნელოვნად იკლო. 


მე ვიცნობდი ერთ მუსიკალურ კრიტიკოსს, რომელიც თავის ცხოვრებაში არცერთ მუსიკალურ ინსტრუმენტს არ მიჰკარებია და ნოტებიც კი არ იცოდა. მას არ შეეძლო განესხვავებინა „დო“ „რე“-საგან, მაგრამ არსებული ვითარების წყალობით მან მუსიკალური კრიტიკოსის საპასუხისმგებლო თანამდებობა დაიკავა. ამრიგად, ის ავტორიტერი გახდა იმ სოლიდური და პოპულარული გაზეთის მკითხველებისთვის, რომელიც ათასობით ადამიანის მუსიკალურ გემოვნებას აყალიბებდა. 


მკითხველებმა ზოგჯერ არ იციან სტატიის ავტორის მოტივები და ჭეშმარიტი შეხედულებები, არ იციან ყველა კულისებსმიღმა ინტრიგა და სარფა, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მიიღწევა. 


ჩემს ხანდაზმულ ასაკში შემიძლია დავამტკიცო, და ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი დამეთანხმება, რომ უაზრობაა ღირებულებათა საკუთარი სისტემის გამომუშავება და გემოვნების ჩამოყალიბება იმ „ინფორმაციაზე“ დაყრდნობით, რომელსაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან ვიღებთ. 


თანამედროვე კულტურის ვარსკვლავები, რომლებსაც მორალისა და ინტელექტის ძალიან დაბალი დონე აქვთ, იმ ბავშვებს ჰგვანან, რომლებიც ცეცხლს ეთამაშებიან და თვითონაც ვერ აფასებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მასობრივ ცნობიერებაზე გავლენის უარყოფით შედეგებს. 


როდესაც ანტიკურ ისტორიას ვსწავლობდი, იმ დასკვნამდე მივედი, რომ უძველესი კულტურის მატარებლები თავიანთ თავს არასოდეს აძლევდნენ იმის ნებას, რაც ამჟამად ნორმას წარმოადგენს. 


ჩემი დასკვნები დაფუძნებულია უტყუარ წყაროებზე, რომლებმაც იმ დროიდან ჩვენამდე მოაღწია, როდესაც ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მძლავრ სახელმწიფოს წარმოადგენდა და ბაბილონი, რომელიც ჩვენს ხალხს ეკუთვნოდა, იმ ეპოქის ერთადერთი კულტურული ცენტრი იყო. 


ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ „პრესა“ იმ ხანებშიც არსებობდა, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო მცირე მოცულობით. 


მაგრამ ანტიკურ სამყაროში ეს საპასუხისმგებლო საქმე ყველაზე განათლებული და ღირსეული ადამიანებისთვის იყო მინდობილი, რომლებმაც ეს პატივი მთელი თავიანთი პატიოსანი ცხოვრებითა და კეთილი საქმეებით დაიმსახურეს. 


სანამ ამ თანამდებობებზე დაიშვებოდნენ, ადამიანები ფიცს დებდნენ, რომ თავიანთი ხალხის კეთილდღეობისთვის იმსახურებდნენ. ახლა კი ნებისმიერ ბიჭუნას შეუძლია იყოს ჟურნალისტი, თუკი ენა უჭრის და ელემენტარული წერა-კითხვის უნარი აქვს. 


მე მსგავსი ტიპის ადამიანები საკმაოდ ახლოს გავიცანი და უფრო მეტად განმიმტკიცდა აზრი მათ შესახებ, როცა სამი-ოთხი თვის განმავლობაში ყოველდღიურად ვესწრებოდი ახალგაზრდა ბაქოელი ჟურნალისტების შეკრებებს. 


ეს შემდეგ გარემოებებში მოხდა: 


ერთხელ, როცა მორიგ ჯერზე ბაქოს ვეწვიე იმ განზრახვით, რომ მთელი ზამთარი ჩემს ძმისწულთან გამეტარებინა, იმის მოწმე გავხდი, როგორ მოვიდა მასთან რამდენიმე ახალგაზრდა, რომ სახლის პირველ სართულზე, სადაც მანამდე რესტორნის მოწყობა იგეგმებოდა, „ლიტერატორთა საზოგადოების“ შეკრებების გამართვის ნებართვა ეთხოვათ. ჩემმა ძმისწულმა მათ თანხმობა მისცა და მეორე დღიდანვე ამ ახალგაზრდებმა ჩვენთან შეკრება დაიწყეს, უმეტესად საღამოობით. 


რამდენადაც უცხო პირებს არ ეკრძალებოდათ მათ შეკრებებზე ყოფნა, ხშირად შევდიოდი მათთან, რადგან საღამოობით თითქმის თავისუფალი ვიყავი. ჩემი ოთახი მათი შეკრების ადგილის გვერდით იყო და სწორედ ამან განაპირობა საკმაოდ ახლო მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება. 


მათი უმრავლესობა ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ქმნილება იყო, გარეგნობით სუსტი და აზიზი. ზოგიერთის სახე ნათლად მოწმობდა იმას, რომ მათი მშობლები ჭარბად იღებდნენ სპირტიან სასმელებს ან სხვა დამღუპველ ჩვეულებებს ფლობდნენ. 


მართალია, მრავალ ევროპულ ქალაქთან შედარებით ბაქო მხოლოდ და მხოლოდ პატარა ქალაქი იყო და ჩვენს სახლში შეკრებილი ადამიანები მხოლოდ კაცუნები იყვნენ, მე მაინც რამდენიმე განზოგადებას გავაკეთებ, რომელიც ნებისმიერ ადგილას მომუშავე მათ კოლეგებს ეხება. როდესაც ევროპაში ვმოგზაურობდი და ამ პროფესიის მრავალ წარმომადგენელთან მჭიდრო ურთიერთობები მქონდა, სულ უფრო და უფრო მეტად მიმყარდებოდა აზრი მათ შესახებ. ისინი ბარდის ერთი პარკის მარცვლებივით ჰგავდნენ ერთმანეთს. 


ერთადერთი განსხვავება მათ შორის იმაში მდგომარეობდა, რამდენად მაღლა ბზეკდნენ ცხვირს, ეს კი მხოლოდ და მხოლოდ იმაზე იყო დამოკიდებული, რომელი გამომცემლობის თანამშრომლები იყვნენ, რამდენად დიდი იყო იმ გაზეთის ან ჟურნალის ტირაჟი, რომლის გვერდებიც მათი უმწეო ოპუსებისთვის5 იყო გადაცემული. იმ ფირმის ცნობადობა და მატერიალური აყვავების დონე, რომელიც ამ გამომცემლობის და, შესაბამისად, მისი თანამშრომლების მფლობელი იყო, განსაზღვრავდა სწორედ მათ მიერ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ხარისხს. 


მრავალი მათგანი რატომღაც პოეტად ითვლებოდა. ჩვენს დროში, თუ ვინმე რევოლუციური სისულელის რამდენიმე სტრიქონს დაწერს, ამის მსგავსს:


მწვანე ვარდები,
საოცარი სილამაზის
წითელი მიმოზები,
როგორც ჩემი ოცნებები


და ა.შ., მაშინვე პოეტის წოდებით აჯილდოებენ მისივე მსგავსი მჯღაბნელები, ზოგიერთები კი სავიზიტო ბარათებსაც კი უკვეთავენ, რომელზეც მათი მფლობელები პოეტებად იწოდებიან. 


თანამედროვე ლიტერატორთა შორის მიღებულია, რომ ყოველ მარჯვე შემთხვევაში ერთმანეთი განადიდონ. 


მგონია, ეს იმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომ ამ ყალბი ავტორიტეტების გავლენის სფერო ძალიან სწრაფად ვრცელდება და ბრბო მაამებლურად ეთაყვანება და შეუკავებლად ეპირფერება ამ არარაობებს, რადაც მათ თვლის ყოველი საღად მოაზროვნე ადამიანი. 


ბაქოში ლიტერატორთა შეკრებებზე, რომელთა შესახებაც მოგიყევით, ამ ადამიანებიდან ერთ-ერთი ამაღლებულ ადგილზე დადგა და დაიწყო ლექსების კითხვა, იმათი მსგავსი, რომელთა ციტირებაც ახლახან მოვახდინე, შემდეგ მოჰყვა იმის შესახებ, ერთ-ერთ ბანკეტზე რას ამბობდა ნასვამი მინისტრი, და ყოველივე ამის მსგავსი ლექსებისა. გამომსვლელმა გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „ტრიბუნაზე ადგილს ვუთმობ თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს მწერალს, მისტერ ამასა და ამას, რომელიც ჩვენს ქალაქს ეწვია და ის იმდენად თავაზიანია, რომ თავისი დასწრებით პატივი სცა ჩვენს მოკრძალებულ შეკრებას და ახლა წილად გვხვდა ბედნიერება რომ მის გამოსვლას მოვუსმინოთ“. 


ამ გამოჩენილმა პიროვნებამ იმპროვიზებულ ტრიბუნაზე ასეთი სიტყვებით დაიწყო გამოსვლა: „ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, ჩემო კოლეგებო, ჩემი თანამოკალმე ესოდენ თავაზიანი იყო, როდესაც ერთ-ერთ უდიდეს მწერლად დამასახელა“. აქ უნდა შევნიშნო, რომ ამ მწერალს არცერთი სიტყვის გაგება არ შეეძლო, რომელიც მისი „თანამოკალმის“ მიერ იყო ნათქვამი, რადგან ოთახში ამ უკანასკნელის სიტყვით გამოსვლის დამთავრების შემდეგ შემოვიდა, როცა მჭიდროდ დახურული კარი გააღო, ამ კედლების ხმაშეუღწევადობა კი ჩემთვის კარგად იყო ცნობილი. 


შემდეგ მან განაგრძო: „სინამდვილეში არც კი ვიმსახურებ პატივს, რომ მასთან ერთად ვიჯდე. თანამედროვეობის უდიდესი მწერალი მე კი არა, ის არის, ჩემი დიდად პატივსაცემი კოლეგა, რომელსაც არა მარტო მთელი რუსეთი იცნობს, არამედ მთელი ცივილიზებული კაცობრიობა სცემს პატივს. ჩვენი შთამომავლები მოწიწებით წარმოთქვამენ მის სახელს და არასოდეს დაივიწყებენ იმას, რაც მან კაცობრიობის სასიკეთოდ გააკეთა. მისი კანონიერი ადგილი ჩვენ შორის კი არა, ოლიმპოელი ღმერთების წრეშია“. 


და მხოლოდ ამ პრეამბულის შემდეგ ჩვენმა „გამოჩენილმა მწერალმა“ წარმოთქვა ყველასთვის უცნობი სისულელე. შემდეგ კი სუფრა გაიშალა, სხვათა შორის ერთობ მოკრძალებული, ორი იაფი ღვინის ბოთლით. სადილის დროს ძეხვისა და თევზის რამდენიმე ნაჭერმა ზოგიერთების ჯიბეებში გადაინაცვლა. უნებლიე მოწმეებს უხერხულად აუხსნეს: „ეს ჩემი ძაღლისთვის. ეს საძაგელი მიეჩვია, რომ რაიმე მთხოვოს, როცა სახლში ვბრუნდები“. 


მეორე დღეს ადგილობრივ გაზეთებში დაწვრილებითი ანგარიში გაჩნდა ამ ლიტერატურული ღონისძიების შესახებ, რომელიც შედგენილი იყო ერთობ თავდაჭერილი სტილითა და ციტატების შინაარსით დამსწრეთა გამოსვლებიდან, მაგრამ ამ ანგარიშში არ იყო ნახსენები არაფერი ვახშმის უბრალოებასა და მაგიდიდან ზოგიერთი პროდუქტის გაქრობაზე. 


ასეთები არიან ეს ადამიანები, რომლებიც მუდამ გვასწავლიან, ჩვენს გემოვნებას და აზროვნების სახეს აყალიბებენ, რომლებსაც შეიძლება ძალიან გულუბრყვილო მკითხველმა დაუჯეროს, რომელმაც არ იცის, სინამდვილეში რას წარმოადგენენ ისინი. 


ევროპის თითქმის ყველა მწერალი და ჟურნალისტი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, გახდა ის, რაც არის, ღირსებების წყალობით კი არა, სისუსტეების წყალობით. 


ჩემი თვალსაზრისით, უეჭველია, რომ თანამედროვე ცივილიზაციის არანორმალურობა ბევრად არის განპირობებული იმ მავნე, დემორალიზებული გავლენით, რომელსაც პერიოდული ბეჭდვითი სიტყვა ახდენს მასობრივ ცნობიერებაზე. 


უზომოდ მაოცებს ის ფაქტი, რომ არცერთი თანამედროვე მთავრობა, რომელიც იმის ნახევარზე მეტს ხარჯავს, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტი ჰქვია, პოლიციაზე, პენიტენციურ სისტემაზე, სამართალწარმოებაზე, ეკლესიაზე, მედიცინაზე და ა.შ., დიდ ხელფასს უხდიდა უზარმაზარი რაოდენობის სახელმწიფო მოსამსახურეს, ისეთებს, როგორებიც არიან ექიმები, მღვდლები, საიდუმლო პოლიციის აგენტები და პროკურორები, ერთადერთი მიზნით – მოსახლეობის მორალური დონე დაიცვას, ერთ ცენტსაც არ დახარჯავს იმაზე, რომ მოსპოს ეს ბოროტება, რომელიც მრავალი დანაშაულისა და უბედურების აშკარა მიზეზია. 


 ასე დაასრულა სიტყვა ამ ბრძენმა კეთილშობილმა სპარსელმა. 


ამ ადამიანის სიტყვები მხოლოდ იმიტომ მოვიყვანე, რომ მათში არსებული აზრი ძალიან სასარგებლო და ჭკუის სასწავლებელია, განსაკუთრებით თანამედროვე ცივილიზაციის იმ თაყვანისმცემლებისთვის, რომლებსაც გულუბრყვილოდ ჰგონიათ, რომ იგი ადამიანის გონების განვითარების გაცილებით უფრო მაღალ დონეზე იმყოფება. ამით მინდა დავასრულო წიგნის შესავალი ნაწილი და ძირითადი ნაწილი დავიწყო.

 
როდესაც პუბლიკაციისთვის განკუთვნილ მასალაზე მუშაობა დავიწყე იმ განზრახვით, რომ მისთვის რაც შეიძლება მეტი სულიერი ფორმა მიმეცა, კარგად ცნობილი მოლა ნასრედინის რჩევა გავიხსენე, რომელიც ასე ჟღერდა: „ყოველ საქმეში ეცადე სასიამოვნო სასარგებლოსთან შეათავსო“. 


რაც შეეხება ჩვენი ბრძენი მასწავლებლის რჩევის მეორე ნაწილს, მასზე დიდი წუხილი არ დამჭირდება, რადგან ის იდეები, რომლებიც ტექსტში ბლომად არის, ამ მიზნის მიღწევას უწყობს ხელს, ხოლო, რაც შეეხება ჩემს საკუთარ კმაყოფილებას, მე მას მაშინ მივიღებ, როცა ტექსტს მოთხრობის ფორმას მივცემ, რაც ჩემს ცხოვრებას უფრო ასატანს გახდის, რამდენადაც ადამიანები მწერლად ჩამთვლიან. 


იმისათვის, რომ გაიგოთ, რას ვგულისხმობ გამოთქმაში „ასატანი ცხოვრება“, უნდა ვთქვა, რომ აზიისა და აფრიკის ქვეყნებში ჩემი მოგზაურობის შემდეგ, რომელმაც ამა თუ იმ მიზეზებით ამჟამად საზოგადოებრივი ყურადღება მიიპყრო, მე დიდი ხნის განმავლობაში „მიღმური სამყაროს“ მოგვად და ექსპერტად ვითვლებოდი. 


ამიტომ, პირველი შემხვედრი თვლიდა რა, რომ სრული უფლ-ება აქვს ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების მიზნით თავი მომაბეზროს, სულელურ კითხვებს მისვამდა მაღალი მატერიების შესახებ, და მაიძულებდა ჩემი პირადი ცხოვრების ესა თუ ის მხარე მისთვის გამეზიარებინა და ჩემს თავგადასავლებზე მომეთხრო შორეულ ქვეყნებში მოგზაურობის დროს. 


როგორი დაღლილიც არ უნდა ვყოფილიყავი, იძულებული ვიყავი რაიმე მეპასუხა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემ მიმართ წყენა და არაკეთილმოსურნე დამოკიდებულება ჩნდებოდა, და შემდგომ ეს ადამიანები მუდამ არასახარბიელოდ მიხსენიებდნენ, და რაიმე უსიამოვნების მოწყობის შემთხვევას ხელიდან არ უშვებდნენ. აი, ამ წიგნისთვის განკუთვნილი მასალის გადახედვისას რატომ გადავწყვიტე გამეფორმებინა ეს მასალა ცალკეული ისტორიების სახით, რომლებიც რაიმე იდეის დადასტურებას მოემსახურებოდა და ირიბად უპასუხებდა იმ კითხვებს, რომლებსაც უფრო მეტად მისვამდნენ. და შედეგად, მექნებოდა რა საქმე დაჭერილი უსინდისო უსაქმურებთან, უბრალოდ წიგნის შესაბამის თავზე მივუთითებდი და ამით მათი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას შევძლებდი. მკითხველისთვის ჩვეული თხრობის ეს სტილი ერთდროულად სულის მოთქმის საშუალებას მაძლევს, მიცავს გონებრივი გადაღლისაგან, რომელიც ცხოვრებისაგან მოცემული მრავალრიცხოვანი ვალდებულების კეთილსინდისიერი შესრულებისას გარდაუვალია. 


შეკითხვები, რომლებსაც უფრო მეტად სხვადასხვა კლასის და განათლების დონის ადამიანები მისვამდნენ, ასეთებია: 


– რომელ შესანიშნავ ადამიანებს შევხვედრივარ? 


– დავინახე თუ არა აღმოსავლეთში რაიმე უჩვეულო და გასაკვირი?


– აქვს თუ არა ადამიანს სული და უკვდავია თუ არა ის? 


– აქვს თუ არა ადამიანს თავისუფალი ნება?


– რა არის ცხოვრება და რატომ არსებობს ტანჯვები?


– მწამს თუ არა ოკულტური და სპირიტუალური მეცნიერებები? 


– რა არის ჰიპნოზი, მაგნეტიზმი და ტელეპათია?


– რატომ დავინტერესდი ამ პრობლემებით?


– რამ მიმიყვანა სისტემის შექმნასთან, რომელიც იმ ინსტიტუტში გამოიყენება, რომელიც ჩემს სახელს ატარებს?

  
ის, თუ როგორ ავაგე მოთხრობა, როცა წიგნის ტექსტი რამდენიმე დამოუკიდებელ თავად დავყავი, ამ შეკითხვებიდან პირველის პასუხს წარმოადგენს, კერძოდ კი: რომელ შესანიშნავ ადამიანებს შევხვედრივარ? წიგნის ყოველ თავში მოვყვები რომელიმე შეხვედრის შესახებ, თავებს გარკვეული თანმიმდევრობით განვალაგებ ისე, რომ აშკარად გამოჩნდება ავტობიოგრაფიული ხაზი, და ერთდროულად უფრო ხშირად დასმულ კითხვებს ვუპასუხებ. 


სანამ გავაგრძელებდე, მინდოდა განმემარტა, რა მესმის გამოთქმაში „შესანიშნავი ადამიანები“, რადგან, კონკრეტულ გაგებათა ყველა განსაზღვრის მსგავსად, იგი უკიდურესად სუბიექტურად აღიქმება. 


მაგალითად, ადამიანს, რომელიც ფოკუსებს უჩვენებს, მრავალნი „შესანიშნავ ადამიანად“ თვლიან, მაგრამ, როდესაც ფოკუსის საიდუმლოს გამოიცნობენ, ასეთად მას აღარ თვლიან.


ჩემი თვალსაზრისის ახსნისთვის ამ გაგების რაც შეიძლება მოკლე განსაზღვრას მოგცემთ. 


ჩემი აზრით, შესანიშნავ ადამიანად შეიძლება მართებულად ჩაითვალოს ის, ვინც გარემოცვიდან გონებისა და ნიჭის წყალობით გამოირჩევა, ვინც თავის აზროვნების სახეს თავს არავის ახვევს და ამავე დროს, სხვა ადამიანთა ნაკლოვანებებისა და სისუსტეების მიმართ მომთმენი და სამართლიანია. 


რადგან პირველი ადამიანი, რომლის გავლენამაც ჩემს ცხოვრებაში ღრმა კვალი დატოვა, მამაჩემი იყო, ამიტომ მისით დავიწყებ. 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნები: 

 

1. ჩემი პირველი წიგნი – იგულისხმება ავტორის წიგნი, „ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის“. წიგნი ქართულ ენაზე პირველად გამოიცა 2021-22 წლებში გამომცემლობა „აქტი“-ს მიერ ოთხ წიგნად.

2. კალვადოსი – ვაშლისგან ან მსხლისგან გამოხდილი არყის ტიპის სასმელი საფრანგეთში.

3. შატო დიუ პრიერი – ღვინის სარდაფი საფრანგეთში.

4. ფონტენბლო – ქალაქი და სასახლე საფრანგეთში. აქ: ქალაქი.

5. ოპუსი – ნაშრომი, ნაწარმოები.

 

 


კომენტარები