შეცდომების ფსიქოლოგია

შეცდომების ფსიქოლოგია

ზიგმუნდ ფროიდი – ავსტრიელი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ნევროლოგი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი.

 

ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი ზიგმუნდ ფროიდის წიგნიდან – „ფსიქოანალიზის შესავალი“. 

 

ჩვენ ვიწყებთ კვლევით და არა ჰიპოთეზებით. ამ მიზნით ჩვენ ავირჩიეთ გარკვეული მოვლენები, რომლებიც ძალიან ხშირია, ძალიან ნაცნობია და რომლებსაც ძალიან მცირე ყურადღება ექცევა და არაფერი აქვს საერთო პათოლოგიებთან იმდენად, რამდენადაც მათ ყოველ ნორმალურ ადამიანში ვხვდებით. მე ვგულისხმობ შეცდომებს1, რომლებსაც ადამიანი უშვებს, მაგალითად, მცდართქმებს, როდესაც ადამიანს რაღაცის თქმა სურს და არასწორ სიტყვას იყენებს; შეცდომებს, დაშვებულს წერის დროს, რომლებიც მან შეიძლება შენიშნოს ან ვერ შენიშნოს; მცდარკითხვის შემთხვევებს, როდესაც ადამიანი ნაბეჭდი ან ნაწერი ტექსტიდან კითხულობს სრულიად განსხვავებულს იმისგან, რაც იქ წერია. მსგავსი მოვლენა ხდება, როდესაც ადამიანს მცდარად ესმის ნათქვამი, თუმცა სმენითი ფუნქციის ორგანულ დარღვევას საქმე არ ეხება. ასეთ მოვლენათა კიდევ ერთი სერია ეფუძნება დავიწყებას, მაგრამ დავიწყებას, რომელიც არის არა პერმანენტული, არამედ დროებითი, როგორც ისეთ დროს, როდესაც ადამიანი ვერ იხსენებს სახელს, რომელიც იცის და რომელსაც გარკვეული დროის შემდეგ გაიხსენებს; როდესაც ავიწყდება განზრახვის შესრულება დროულად, თუმცა მოგვიანებით იხსენებს ანუ, მხოლოდ დროის მცირე შუალედში ავიწყდება. მოვლენათა მესამე კლასი დროით მახასიათებელს მოისაკლისებს, რისი მაგალითიც არის ნივთების გადამალვა ისე, რომ შემდეგ მათი პოვნა ვეღარ ხერხდება და, ასევე, ნივთების დაკარგვის ანალოგიური შემთხვევა. ჩვენ აქ საქმე გვაქვს დავიწყების ფორმასთან, რომელზეც ადამიანი განსხვავებულად რეაგირებს, ვიდრე სხვა შემთხვევებში, დავიწყებასთან, რომელიც გაოცებას ან გაღიზიანებას იწვევს, ნაცვლად იმისა, რომ ის გასაგებად იქნეს მიჩნეული. ამავეს უკავშირდება მცდარ იდეათა მოვლენა, რომელშიც დროითი ასპექტი ასევე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ადამიანს გარკვეული დროის განმავლობაში სწამს რაღაც, რაც მანამდე და მერე იცის, რომ არ შეესაბამება სიმართლეს, და განსხვავებული დასახელების მქონე სხვა მრავალი მოვლენა.


ყველა ამ მოვლენის შინაგანი კავშირი გამოიხატება ერთი და იმავე თავსართის გამოყენებით2. თითქმის ყველა მათგანი არაარსებითია, უმეტესწილად დროებითი ხასიათისაა და ადამიანის ცხოვრებაში არცთუ დიდი მნიშვნელობა აქვს. იშვიათად ხდება, რომ რომელიმე მათგანმა, მაგალითად ისეთმა, როგორიც ნივთების დაკარგვაა, კონკრეტული პრაქტიკული მნიშვნელობა შეიძინოს. ამ მიზეზით ისინი ვერც დიდ ყურადღებას იმსახურებს და მხოლოდ სუსტ ემოციებს იწვევს.


შესაბამისად, სწორედ ამ მოვლენებზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას. მაგრამ თქვენ გაღიზიანებულები შემეწინააღმდეგებით: „გარე სამყაროში იმდენი დიადი საიდუმლოა ისევე, როგორც ფსიქიკური ცხოვრების უფრო მცირე სამყაროში, და იმდენი საოცრება ფსიქიკური დარღვევების სფეროში, რომელიც განმარტებას საჭიროებს, რომ ნამდვილად არასერიოზულად გვეჩვენება შრომისა და დროის გაფლანგვა ასეთ წვრილმანებზე. თუკი თქვენ შეგიძლიათ განგვიმარტოთ, როგორ ხდება, რომ ადამიანს ჯანმრთელი თვალებითა და ყურებით დღის შუქზე ესმის და ხედავს იმას, რაც არ არსებობს, ან თუ რატომ იჯერებს უეცრად ადამიანი, რომ მას დევნის ის, ვინც ამ დრომდე ყველაზე მეტად უყვარდა, ან ყველაზე გენიალური არგუმენტებით იცავს ილუზიას, რომელიც ბავშვისთვისაც კი უაზრობას წარმოადგენს, მაშინ ჩვენ ფსიქოანალიზს სერიოზულად მივუდგებით. მაგრამ, თუ ფსიქოანალიზს იმაზე მეტის გაკეთება არ შეუძლია, ვიდრე იმაში გარკვევაა, თუ რატომ ამბობს მოსაუბრე მცდარ სიტყვას ან რატომ გადამალა დიასახლისმა გასაღები, მაშინ ჩვენ დროს უფრო სასარგებლო საქმიანობას მივუძღვნით“.


ჩემი პასუხი ასეთია: „მოთმინება, ქალბატონებო და ბატონებო! ვფიქრობ, თქვენი კრიტიკა სწორ გზას არ მიუყვება. მართალია, ფსიქოანალიზი ვერ იამაყებს იმით, რომ არასოდეს ყოფილა დაკავებული წვრილმანებით. პირიქით, მისი დაკვირვების ობიექტები ზოგადად იყო ის მარტივი მოვლენები, რომლებსაც სხვა მეცნიერებები გვერდზე ისროდა, როგორც მეტისმეტად უმნიშვნელოს, როგორც მოვლენათა სამყაროს ნარჩენებს. მაგრამ ხომ არ უზავებთ ერთმანეთს თქვენს კრიტიკაში პრობლემების მნიშვნელობას და მათ გარეგნულ სიმკვეთრეს? ნუთუ არ არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი საგნები, რომლებსაც განსაზღვრულ გარემოებებსა და განსაზღვრულ დროს საკუთარი თავის გამჟღავნება მხოლოდ სუსტი ნიშნებით შეუძლია? მე ამ სახის მრავალი მაგალითის მოტანა იოლად შემიძლია. მაგალითად, რა არამკაფიო ნიშნებით ასკვნის ამ აუდიტორიის წევრი ახალგაზრდა მამაკაცი, რომ მან ქალბატონის კეთილგანწყობა დაიმსახურა? ელით თქვენ მკაფიო განცხადებას ან გულში მხურვალედ ჩაკვრას, თუ საკმარისია უბრალოდ მზერა, რთულად შესაჩნევი სხვებისთვის, წამიერი ჟესტი, ხელის ოდნავ უფრო ხანგრძლივი ჩამორთმევა? თუ თქვენ კრიმინალისტი ხართ და მკვლელობის გამოძიებაში იღებთ მონაწილეობას, მართლაც გექნებათ იმის მოლოდინი, რომ მკვლელი თავის ფოტოს და მისამართს დატოვებს დანაშაულის ადგილას, თუ, აუცილებლობიდან გამომდინარე, იძულებული იქნებით ასეთი ადამიანის იქ ყოფნის უფრო სუსტი და ნაკლებად განსაზღვრული მტკიცებულებებით დაკმაყოფილდეთ? შესაბამისად, მოდით, სათანადოდ შევაფასოთ მცირე ნიშნები. შესაძლოა, მათი მეშვეობით უფრო მნიშვნელოვანის კვალზე გავიდეთ. გეთანხმებით იმაში, რომ სამყაროსა და მეცნიერების უფრო დიდი პრობლემები ჩვენი ინტერესის უპირველესი საგანია. მაგრამ, ზოგადად, მცირე სარგებლობა მოაქვს გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას, მიუძღვნათ თავი ამა თუ იმ პრობლემის კვლევას. ხშირად ადამიანმა არც კი იცის, რომელი მიმართულებით გადადგას შემდეგი ნაბიჯი. მეცნიერულ კვლევაში უფრო ნაყოფიერია ძალისხმევის მიმართვა იმისკენ, რაც ამ მომენტში ხდება და რისი კვლევის აშკარა მეთოდიც არსებობს. ადამიანმა, რომელიც ამას საფუძვლიანად აკეთებს, ცრურწმენისა და წინასწარგანწყობის გარეშე, იღბლიანობის შემთხვევაში და იმის წყალობით, რომ ყველა საგანი ერთმანეთთან არის კავშირში (მაშასადამე, მცირეც დიდთან), შესაძლოა, ასეთი მოკრძალებული კვლევითაც აღმოაჩინოს საწყისი წერტილი დიდი პრობლემების შესასწავლად“.


ასეთი იქნებოდა ჩემი პასუხი თქვენი ყურადღების შესანარჩუნებლად ამ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო შეცდომების განხილვაზე, რომლებსაც ნორმალური ადამიანები უშვებენ. ახლა ჩვენ გავესაუბრებით ადამიანს, რომლისთვისაც უცნობია ფსიქოანალიზი და ვკითხავთ, როგორ ახსნის ის ამ მოვლენებს.


ცხადია, მისი პირველი პასუხი იქნება: „ოჰ, მათი განმარტება არც კი ღირს. ეს უბრალო დამთხვევებია“. რას გულისხმობს ის ამით? იმას ხომ არა, რომ არსებობს იმდენად უმნიშვნელო მოვლენები, რომ ისინი საგანთა მიზეზობრივი თანმიმდევრობიდან ამოვარდნილია ან შესაძლოა, იმისგან განსხვავებული რამ იყოს, რასაც წარმოადგენს? თუკი ადამიანი ამგვარად უარყოფს ბუნებრივი მოვლენების განსაზღვრულობას ერთ რომელიმე ადგილში, ის მთელ მეცნიერულ მსოფლხედვას დააკარგვინებს ძალას. მას შესაძლოა, მიუთითონ, თუ რამდენად უფრო თანმიმდევრულია რელიგიური თვალსაზრისი, როდესაც ის ცალსახად ამტკიცებს, რომ „ერთი ბეღურაც არ დავარდება მიწაზე, თუ არ იქნა მამის ნება“. არ მგონია, ჩვენმა მეგობარმა ისურვოს, თავისი პირველი პასუხი ლოგიკურ დასკვნამდე მიიყვანოს. ის გაგვაწყვეტინებს და იტყვის, რომ, თუ ამ საგანს შეისწავლიდა, სავარაუდოდ, ის შეძლებდა განმარტებას. ის იტყვის, რომ ეს არის მსუბუქი ფუნქციური დარღვევის შემთხვევა, არაზუსტი ფსიქიკური აქტი, რომლის მიზეზობრივი ფაქტორების გამოკვეთა შესაძლებელია. ადამიანმა, რომელიც სხვა დროს გამართულად საუბრობს, შესაძლოა, მცდარი სიტყვა წარმოთქვას – შეუძლოდ ყოფნის ან დაღლილობის შემთხვევაში, როდესაც ის აღელვებულია ან როდესაც მისი ყურადღება სხვა რამეზეა ფოკუსირებული. ამ მტკიცებების დასაბუთება არ არის რთული. მცდართქმა სინამდვილეში განსაკუთრებული სიხშირით ხდება, როდესაც ადამიანი დაღლილია, როდესაც თავი სტკივა ან შეუძლოდ არის. ასეთ ვითარებაში საკმაოდ ხშირია საკუთარი სახელების დავიწყება. მრავალი ადამიანისთვის საკუთარი სახელების გახსენების უუნარობა მოახლოებული სისუსტის ნიშანია. ასევე ხშირად ადამიანი მღელვარებისას ურევს სიტყვებს ან ობიექტებს ან სხვა საგნებს ჰკიდებს ხელს. ხოლო განზრახვების დავიწყება ისევე, როგორც მოულოდნელი მოქმედების ჩადენა მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი გაფანტულია, სხვა სიტყვებით, როდესაც ყურადღება სხვა რამეზეა კონცენტრირებული. ასეთი გაფანტულობის ცნობილი მაგალითია პროფესორი Fliegende Blätter-იდან, რომელიც სხვა ქუდს იხურავს, ვინაიდან ფიქრობს პრობლემების შესახებ, რომელთა განხილვა თავის შემდეგ წიგნში სურს. გამოცდილებიდან თითოეული ჩვენგანისთვის არის ცნობილი შემთხვევები, როდესაც ადამიანს ავიწყდება დაგეგმილი განზრახვა ან მიცემული პირობა, რადგან საქმეში ჩაერია განცდა, რომელმაც ღრმა ზემოქმედება მოახდინა ჩვენზე.


ეს ერთდროულად გასაგებიც არის და უდავოც, თუმცა შესაძლოა, იმდენად საინტერესო არ იყოს, როგორი მოლოდინიც გვქონდა. მაგრამ, მოდით, შეცდომების ახსნა განვიხილოთ. პირობები, რომლებიც დასახელებული იყო, როგორც აუცილებელი ამ მოვლენების მოხდენისთვის, იდენტური არ არის. შეუძლოდ ყოფნა და სისხლის მიმოქცევის დარღვევა ფიზიოლოგიურ საფუძველს გვთავაზობს. მღელვარება, დაღლილობა და გაფანტულობა სხვა სახის მოცემულობებია, რომლებსაც შეგვიძლია ფსიქოფიზიოლოგიური ვუწოდოთ. ამ უკანასკნელზე თეორიული მსჯელობა იოლია. დაღლილობა ისევე, როგორც გაფანტულობა და შესაძლოა, ზოგადი მღელვარება, იწვევს ყურადღების გაფანტვას, რისი სავარაუდო შედეგი შეიძლება ის იყოს, რომ მოქმედება საკმარის ყურადღებას ვერ დაიმსახურებს. ამიტომ ასეთი მოქმედების დარღვევა უფრო ადვილი ხდება, ვიდრე ჩვეულებრივის და ის შესაძლოა, არასწორად შესრულდეს. შეუძლოდ ყოფნას ან ნერვული სისტემის ცენტრალური ორგანოსთვის სისხლის მიწოდების ცვლილებას შესაძლოა, იგივე ეფექტი ჰქონდეს იმდენად, რამდენადაც ის განმსაზღვრელ ფაქტორზე, ყურადღების განაწილებაზე, მსგავსად მოქმედებს. შესაბამისად, ყველა ასეთ შემთხვევაში ეს არის ყურადღების განაწილების შედეგის საკითხი, რომელსაც ორგანული ან ფსიქიკური ფაქტორები იწვევს.


მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენი ფსიქოანალიტიკური კვლევისთვის ეს ბევრს არაფერს გვეუბნება. შესაძლოა, ცდუნებამაც კი დაგვძლიოს, მივატოვოთ ეს საგანი. რასაკვირველია, უფრო საგულდაგულო დაკვირვებისას ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ფსიქოლოგიური შეცდომის ახსნა ყურადღების თეორიით ვერ ხერხდება ან, ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი უშუალოდ აქედან არ გამოიყვანება. ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ ასეთი შეცდომები და დავიწყებები ხდება მაშინაც კი, როდესაც ადამიანები არ არიან დაღლილები, გაფანტულები და აღელვებულები და ყოველმხრივ ნორმალურ მდგომარეობაში იმყოფებიან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღელვება, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არ აღიარებენ, მათ მიეწერება. არც მექანიზმია იმდენად მარტივი, რომ მოქმედების წარმატება უზრუნველყოფილი იყოს მისთვის მიპყრობილი ყურადღებით ან მისი შემცირებით საფრთხეში აღმოჩნდეს. არსებობს მრავალი მოქმედება, რომელსაც ადამიანი წმინდად ავტომატურად და მცირე ყურადღების დათმობით ასრულებს, თუმცა კი ისინი საკმაო წარმატებით სრულდება. ქვეითად მოსიარულე, რომელმაც შესაძლოა, არც კი იცოდეს, საით მიდის, მაინც განაგრძობს სწორი გზით სიარულს და დანიშნულების ადგილამდე ისე მიდის, რომ გზიდან არ გადაუხვევს. ყოველ შემთხვევაში, ჩვეულებრივ, ასე ხდება. გამოცდილი პიანისტი კლავიშებს ისე ეხება, რომ მათ შესახებ არ ფიქრობს. რასაკვირველია, მან შესაძლოა, შემთხვევით შეცდომა დაუშვას, მაგრამ ავტომატური დაკვრა რომ შეცდომების ალბათობას ზრდიდეს, სწორედ ვირტუოზები დაუშვებდნენ ყველაზე მეტ შეცდომას, რადგან მათი დაკვრა ვარჯიშის წყალობით მაქსიმალურად ავტომატიზებულია. თუმცა, ამის საპირისპიროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ მრავალი მოქმედება სავსებით წარმატებულია, როდესაც განსაკუთრებით ფოკუსირებული ყურადღების საგანს არ წარმოადგენს და შეცდომები ხდება სწორედ იქ, სადაც ადამიანს ყველაზე მეტად სურს სიზუსტე, სადაც, შესაბამისად, აუცილებელი ყურადღების გაფანტვა ყველაზე ნაკლებად არის დასაშვები. შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ ეს „მღელვარების“ შედეგია, მაგრამ ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არ ახდენს მღელვარება ყურადღების კონცენტრაციის ინტენსიფიცირებას ესოდენ სასურველ მიზანზე. თუ მნიშვნელოვანი სიტყვით გამოსვლისას ან დისკუსიაში ადამიანი იმის საწინააღდეგოს იტყვის, რასაც ფიქრობს, ამის ახსნა რთულად თუ მოხდება ფსიქოფიზიოლოგიური ან ყურადღების თეორიებით.


ამასთანავე, არსებობს ამ შეცდომების თანმხლები მრავალი მცირე მოვლენა, რომელიც გაუგებარია და გასაგებად არ მიიჩნევა ამ განმარტებების საფუძველზე. მაგალითად, როდესაც ადამიანს დროებით ავიწყდება სახელი, ის გაღიზიანებულია, ცდილობს გახსენებას და ამ მცდელობაზე უარს ვერ ამბობს. რატომ ხდება, რომ, მიუხედავად გაღიზიანებისა, ადამიანი ვერ ახერხებს ყურადღების მიმართვას სიტყვისკენ, რომელიც „ენის წვერზე ადგას“ და მყისვე ცნობს მას, როგორც კი დაუსახელებენ? ან სხვა მაგალითი ავიღოთ. არსებობს შემთხვევები, როდესაც შეცდომები მრავლდება, უკავშირდება ერთმანეთს ან ერთმანეთს ანაცვლებს. თავდაპირველად ადამიანს ავიწყდება დანიშნული შეხვედრის შესახებ; შემდეგ, მტკიცე განზრახვით იმისა, რომ არ დაავიწყდეს, ის აღმოაჩენს, რომ შეეშალა შეხვედრის თარიღი ან დრო. ან ადამიანი ცდილობს შემოვლითი გზით გაიხსენოს დავიწყებული სიტყვა და ამ დროს ავიწყდება მეორე სიტყვა, რომელიც პირველის მიგნებაში დაეხმარებოდა. ხოლო თუ ეს ადამიანი მეორე სახელის ძიებას შეუდგება, დაიკარგება მესამე სახელი და ა.შ. საყურადღებოა, რომ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს მცდარბეჭდილის შემთხვევაშიც, რაც, რასაკვირველია, ასოთამწყობის შეცდომად უნდა ჩაითვალოს. როგორც ამბობენ, ასეთი მდგრადი მცდარბეჭდილი შეიპარა სოციალ-დემოკრატთა გაზეთში, რომელშიც კონკრეტული დღესასწაულის გადმოცემისას ნათქვამი იყო: „დამსწრეთა შორის იყო მისი უმაღლესობა, კლოუნ-პრინცი“. მომდევნო დღეს შეცდომის გასწორება სცადეს. გაზეთმა ბოდიში მოიხადა და თქვა: „რასაკვირველია, უნდა წავიკითხოთ ასე: კლოუნ-პრინცი“. ასეთ შემთხვევებში უყვართ საუბარი მბეჭდავის ეშმაკის, საბეჭდი მანქანის ავი სულისა და სხვა მსგავსი რამეების შესახებ. ეს არის ხატოვანი გამოთქმები, რომლებიც, სულ ცოტა, მცდარბეჭდილის ფსიქოფიზიოლოგიურ თეორიას სცდება. 


არ ვიცი, არის თუ არა თქვენთვის ცნობილი ის ფაქტი, რომ ადამიანს ძალუძს მცდართქმის პროვოცირება და გამოწვევა, ასე ვთქვათ, ჩაგონებით. ამის საილუსტრაციოდ ერთი ისტორია გამოდგება: ახალბედა მსახიობს მნიშვნელოვანი როლი მიანდეს „ორლეანელ ქალწულში“, რომელშიც მას მეფისთვის უნდა მოეხსენებინა: „Connétable sheathes his sword“3. მთავარი როლის შემსრულებელმა რეპეტიციის დროს იოხუნჯა ახალბედაზე და რამდენჯერმე უკარნახა: „Comfortable sends back his steed,4,5“ და მიზანს მიაღწია. წარმოდგენისას უიღბლო მსახიობის დებიუტი ამ დამახინჯებული ფრაზით შედგა, თუმცა კი მას აფრთხილებდნენ ამის შესახებ. ან, იქნებ, სწორედ ამიტომაც მოხდა.


შეცდომათა ამ მცირე მახასიათებლებს ყურადღების გადატანის თეორია ვერ ასახავს. მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ მთელი თეორია მცდარია. შესაძლოა, მასში რაღაც არის გამორჩენილი, რისი დამატებითაც თეორია სრულიად დამაკმაყოფილებელი გახდება. მაგრამ მრავალი შეცდომა სხვა მხრიდანაც შეგვიძლია განვიხილოთ.


მოდით, მცდართქმაზე შევჩერდეთ, რადგან ის საუკეთესოდ შეეფერება ჩვენს მიზნებს. თუმცა ასეთივე წარმატებით შეგვეძლო მცდარკითხვის არჩევა. აქამდე ჩვენ მხოლოდ იმას ვიკვლევდით, თუ როდის და რა პირობებში ხდება მცდართქმა და პასუხს მხოლოდ ამ კითხვაზე ვიღებდით. მიუხედავად ამისა, შესაძლოა, სხვა რამით დაინტერესებაც და კითხვა, თუ რატომ ხდება ეს კონკრეტული მცდართქმა და არა სხვა. უნდა განვიხილოთ, თუ რა არის მცდართქმის შედეგი. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ სანამ ამ კითხვას არ უპასუხებთ – იგულისხმება მცდართქმის შედეგის განმარტება – მოვლენის ფსიქოლოგიური ასპექტი შემთხვევად დარჩება, თუნდაც მისი ფიზიოლოგიური ახსნა შესაძლებელი იყოს. როდესაც მე რაღაცას მცდარად ვიტყვი, ცხადია, რომ ამ შეცდომის ათასობით ვარიანტი შეიძლება არსებობდეს და სწორი სიტყვის ადგილას შეიძლება აღმოჩნდეს ათასობით სხვა, რაც გამოიწვევს მართებული სიტყვის უამრავ დამახინჯებას. ახლა კი ვიკითხოთ, რა მაიძულებს მე რაიმე კონკრეტულ შემთხვევაში ეს სპეციფიკური შეცდომა დავუშვა ათასობით შესაძლებლიდან, თუ ეს შემთხვევითობა და თვითნებობაა და ამ კითხვაზე რაციონალური პასუხის პოვნა შეუძლებელია?


ორმა ავტორმა, მერინგერმა და მაიერმა (ფილოლოგმა და ფსიქიატრმა), 1895 წელს მცდართქმის პრობლემის გადაწყვეტა ამ მხრიდან სცადა. მათ შეაგროვეს მაგალითები და თავიდან ისინი წმინდად აღწერილობითი თვალსაზრისით განიხილეს. რასაკვირველია, ეს ჯერ კიდევ არ იძლევა განმარტებას, მაგრამ შესაძლოა, გახსნას გზა მისკენ. დარღვევები, რომლებსაც ფრაზა განიცდიდა მცდართქმის გზით, მათ ასე დააჯგუფეს: სიტყვების გადაადგილება, სიტყვების ნაწილების გადაადგილება, პერსერვაცია, შეერთება და ჩანაცვლება. მე ამ ავტორთა ძირითადი კატეგორიების მაგალითებს შემოგთავაზებთ. გადაადგილების მაგალითი იქნება, თუ ვინმე იტყვის „მილოს ვენერელი“ ნაცვლად „ვენერა მილოსელისა“. მეორე სახის გადაადგილების მაგალითია „მას არ შეუძლია დაცდომის შეშვება“ ნაცვლად ფრაზისა „მას არ შეუძლია შეცდომის დაშვება“. პერსერვაციის მაგალითია ცნობილი უიღბლო სადღეგრძელო: „გთხოვთ, შემომიერთდეთ და დავასლოკინოთ ჩვენი შეფის სადღეგრძელო“6. მცდართქმის ეს სამი ფორმა არცთუ ისე ხშირია. უფრო ხშრად შეხვდებით მცდართქმის ისეთ ფორმებს, როდესაც ხდება მარცვლების შეერთება, მაგალითად, როდესაც ჯენტლმენი ქუჩაში მიმართავს ქალბატონს: „თუ ნებას მომცემთ, ქალბატონო, დიდ სიამოვნებას მომანიჭებდა თქვენი თანხყოფა“7. ცხადია, რომ ნაერთ სიტყვაში სიტყვის „თანხლება“ გვერდით არის სიტყვა „შეურაცხყოფა“ (ფრჩხილებში შეგვიძლია შევნიშნოთ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ქალბატონის კეთილგანწყობით არ სარგებლობდა). ჩანაცვლების მაგალითის სახით მერინგერი და მაიერი ასახელებენ შემდეგს: „მამაკაცი ამბობს: „ნიმუშებს საფოსტო ყუთში ვათავსებ“, ნაცვლად იმისა, რომ თქვას: „ნიმუშებს თერმოსტატში ვათავსებ“8.


განმარტება, რომლის მოცემასაც ეს ავტორები ცდილობენ ამ მაგალითების საფუძველზე, არაადეკვატურია. მათ მიაჩნიათ, რომ სიტყვების ბგერებსა და მარცვლებს განსხვავებული მნიშვნელობა გააჩნია და უფრო მნიშვნელოვანი მარცვლების წარმოქმნამ და აღქმამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს ნაკლებად მნიშვნელოვანს. ცხადია, რომ ამ დასკვნას ისინი აფუძნებენ სიტყვების ნაწილების გადაადგილებისა და პერსერვაციის შემთხვევებზე, რომლებიც არცთუ ისე ხშირია. მცდართქმის სხვა შემთხვევებში ბგერისათვის პრიორიტეტის მინიჭება, თუკი ასეთი საერთოდ არსებობს, არანაირ როლს არ თამაშობს. მცდართქმის ყველაზე ხშირ შემთხვევებში ადამიანი კონკრეტული სიტყვის ნაცვლად ამბობს სხვა სიტყვას, რომელიც ჰგავს პირველს და ასეთ მსგავსებას საკმარის განმარტებად მიიჩნევენ. მაგალითად, პროფესორი შესავალ ლექციაში ამბობს: „მე არ ვარ მიდრეკილი, შევაფასო ჩემი წინამორბედის ღვაწლი“9. სხვა პროფესორი: „ქალთა გენიტალიების შემთხვევაში, მიუხედავად მრავალი ცდუნებისა... უნდა მეთქვა მცდელობისა“10.


თუმცა მცდართქმის ყველაზე გავრცელებული და თვალსაჩინო ფორმაა ზუსტად იმის საპირისპიროს თქმა, რაც ნაგულისხმევი იყო. ასეთ შემთხვევაში საქმე გაცილებით უფრო შორს მიდის, ვიდრე ბგერითი მიმართებები და შედეგების გავლენაა და, ნაცვლად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ საპირისპიროები აშკარად მჭიდროდ არის ერთმანეთს დაკავშირებული და განსაკუთრებით მჭიდროდ – ასოციაციის ფსიქოლოგიაში. არსებობს ამ სახის ისტორიული მაგალითები. ჩვენი წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტმა ერთხელ კრება შემდეგი სიტყვებით გახსნა: „ბატონებო, ვაცხადებ, რომ კვორუმი შეკრებილია და შესაბამისად კრებას დახურულად ვაცხადებ“. 


ვერაგობით საპირისპიროთა მიმართების მსგავსია ნებისმიერი სხვა ზედაპირული ასოციაცია, რომელიც გარკვეულ გარემოებებში შესაძლოა, სრულიად უდროოდ წარმოიშვას. ასეთია, მაგალითად, ამბავი, რომელშიც მოთხრობილია, რომ ჰ. ჰელმჰოლცისა და ცნობილი გამომგონებლისა და მსხვილი მეწარმის, ვ. სიმენსის შვილების ქორწილში სიტყვით გამოსვლა სთხოვეს ცნობილ ფიზიოლოგს, დიუბუა-რეიმონს, რომელმაც თავისი უდავოდ ბრწყინვალე სადღეგრძელო დაასრულა სიტყვებით: „წარმატებას ვუსურვებ ახალ კომპანიას, „სიმენსსა და ჰალსკის!“ რასაკვირველია, ეს ძველი და კარგად ნაცნობი კომპანიის სახელი იყო. ამ ორი სახელის ასოციაციური კავშირი იმდენადვე ახლოა ბერლინის მცხოვრებისთვის, რამდენადაც „ვებერი და ფილდსი“ ამერიკელისთვის.


ამგვარად, ბგერით მიმართებებსა და სიტყვების მსგავსებას ჩვენ სიტყვათა ასოციაციის გავლენაც უნდა დავუმატოთ. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. შემთხვევათა სერიებში მცდართქმის განმარტება წარუმატებელი იქნება, თუ იმ ფრაზას არ გავითვალისწინებთ, რომელიც მანამდე ითქვა ან რომლის თქმაც განზრახული იყო. ეს კი კვლავ პერსერვაციის იმ შემთხვევას წარმოადგენს, რომელსაც მერინგერი ახსენებს, მაგრამ უფრო ხანგრძლივია. უნდა ვაღიარო: მთლიანობაში ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მცდართქმის განმარტებისგან იმდენად შორს ვდგავართ, როგორც არასდროს!


მიუხედავად ამისა, იმედი მაქვს, არ ვცდები, როდესაც ვამბობ, რომ მცდართქმის ამ მაგალითების კვლევისას ყველა ჩვენგანს ჩამოუყალიბდა ახალი შთაბეჭდილება, რომელზეც ღირს შეჩერება. ჩვენ ვცდილობდით დადგენას ზოგადი პირობებისა, რომლებშიც ხდება მცდართქმა ისევე, როგორც გავლენისა, რომელიც მცდართქმიდან გამომდინარე დამახინჯების სახეობას განსაზღვრავს, მაგრამ საერთოდ არ განგვიხილავს თვით მცდართქმის შედეგი, მისი წარმოშობის გათვალისწინების გარეშე. თუ ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ჩვენ საბოლოოდ უნდა გავბედოთ და ვთქვათ: „ზოგიერთ ციტირებულ შემთხვევაში მცდართქმის პროდუქტსაც აქვს აზრი“. რას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ, რომ „აქვს აზრი“? – ჩემი აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ მცდართქმის პროდუქტს თავისთავად აქვს უფლება, იყოს განხილული, როგორც ქმედითი ფსიქიკური აქტი, რომელსაც, თავის მხრივ, აქვს მიზანი, როგორც გამოვლენა, რომელსაც აქვს არსი და მნიშვნელობა. აქამდე ჩვენ გამუდმებით შეცდომების შესახებ ვსაუბრობდით, მაგრამ ახლა ისე ჩანს, თითქოს შეცდომა ნორმალურ მოქმედებას წარმოადგენდეს, თუ იმას არ გავითვალისწინებთ, რომ ის საკუთარ თავს რომელიმე მოსალოდნელი ან განზრახული მოქმედების ადგილას ათავსებდა.


იზოლირებულ შემთხვევებში ქმედითი არსი ცხადი და უტყუარი ჩანს. როდესაც პრეზიდენტი შესავალი სიტყვით წარმომადგენელთა პალატის კრებას დახურულად აცხადებს, ნაცვლად იმისა, რომ გახსნას ის, ჩვენ მომხრე ვართ, მივიჩნიოთ, რომ ამ შეცდომას აზრი აქვს, რადგან ვიცით გარემოებები, რომლებშიც ეს შეცდომა მოხდა. ის კარგს არაფერს ელის კრებისგან და მოხარული იქნება, თუ დაუყოვნებლივ შეწყვეტს მის მუშაობას. ამ არსის ჩვენება, ანუ ამ შეცდომის განმარტება, სირთულეს არ წარმოადგენს. ან ქალბატონის მაგალითი განვიხილოთ, რომელიც მოჩვენებითი აღფრთოვანებით ეუბნება მეორეს: „დარწმუნებული ვარ, ეს მომხიბლავი ქუდი თავად დასვარეთ“11. ვერანაირი მეცნიერული გონებამახვილობა ვერ შეგვიშლის ხელს, ამ მცდართქმაში შემდეგი რამ წავიკითხოთ: „ეს ქუდი გაფუჭებულია“. ან კიდევ ერთი ქალბატონი, რომელიც თავისი ენერგიული განწყობით არის ცნობილი, მოგვითხრობს: „ჩემმა ქმარმა ჰკითხა ექიმს, თუ როგორი დიეტა დაეცვა, მაგრამ ექიმმა უთხრა, რომ მას არანაირი დიეტა არ სჭირდებოდა, მას შეუძლია ჭამოს და დალიოს ის, რაც მე მსურს“. მდართქმა თანმიმდევრული მიზნის უტყუარი გამოხატულებაა.


ქალბატონებო და ბატონებო, თუ აღმოჩნდება, რომ არა მხოლოდ მცდართქმისა და, ზოგადად, შეცდომის რამდენიმე შემთხვევას, არამედ მათ დიდ ნაწილს არსი აქვს, შეცდომათა არსი, რომლის შესახებ ჯერ არაფერი გვითქვამს, გარდაუვლად დაიმსახურებს ჩვენს ინტერესს და ყველა სხვა თვალსაზრისს სამართლიანად უკანა პლანზე გადაიტანს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ ყველა ფიზიოლოგიური და ფსიქოფიზიოლოგიური მდგომარეობის უგულებელყოფას და საკუთარი თავის მიძღვნას შეცდომის აზრის, ანუ არსისა და მიზნის წმინდად ფსიქოლოგიური კვლევისთვის. ამ მიზნით ჩვენ მალე შევუდგებით უფრო ვრცელი მასალის შესწავლას.


მაგრამ სანამ ამ ამოცანის შესრულებას შევუდგებით, მსურს, მოგიწვიოთ, რათა ერთად გავყვეთ აზრის კიდევ ერთ ხაზს. ხშირად მომხდარა, რომ პოეტს მცდართქმა ან რაიმე სხვა შეცდომა პოეტური გამოხატვის საშუალებად უქცევია. თავისთავად ეს ფაქტი იმას ადასტურებს, რომ პოეტი შეცდომას, მაგალითად, მცდართქმას, არსის მქონედ მიიჩნევს, რადგან ის მას განზრახ ქმნის. ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც პოეტი შემთხვევით წერისას შეცდომას უშვებს, შემდეგ კი ამ შეცდომას პერსონაჟის მცდართქმად აქცევს. ამ მცდართქმით მას ჩვენთვის რაღაცის ახსნა სურს, ჩვენ კი უნდა გავარკვიოთ, რა არის ეს, რა სურს მას: იმის ჩვენება, რომ განსახილველი პიროვნება გაფანტულია თუ რომ ის დაღლილია? რასაკვირველია, ჩვენ არ უნდა გადავაჭარბოთ იმ ფაქტის მნიშვნელობა, რომ პოეტმა მცდართქმა თავისი აზრის გამოსახატავად გამოიყენა. მიუხედავად ამისა, სინამდვილეში ეს შეიძლება იყოს ფსიქიკური შემთხვევა ან მას არსი ჰქონდეს მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში, პოეტი კი კვლავაც ინარჩუნებს უფლებას, გამსჭვალოს იგი არსით თავისი მიზნებისთვის. მიუხედავად ამისა, პოეზიაში გამოყენებას რაც შეეხება, არ იქნება გასაკვირი, თუ მეტ ინფორმაციას მცდართქმის შესახებ შევკრებთ პოეტისგან და არა ფილოლოგის ან ფსიქიატრისგან.


მცდართქმის ასეთ მაგალითს ვხვდებით შილერის „ვალენშტაინის“ ტრილოგიაში („პიკოლომინი“, მოქმედება I, სცენა 5). წინამორბედ სცენაში მაქს პიკოლომინი მგზნებარედ გამოდის ჰერცოგის მხარეს და ქვეყნად მშვიდობის შესახებ ოცნებობს, რაც მას მაშინ განუცხადდა, როდესაც ვალენშტაინის ქალიშვილს მიაცილებდა ბანაკში. თავის მამას და იმპერატორის დესპან კვესტენბერგს ის თავზარს სცემს. შემდეგ კი მოდის მეხუთე სცენა:


კვესტენბერგი
ეჰ! ეჰ! და ნუთუ ასე უნდა იყოს?
მეგობარო, მივცემთ უფლებას, დაგვტოვოს
შემცდარმა, მივცემთ უფლებას?
არ ვუხმოთ უკან დაუყოვნებლივ,
არ ავუხილოთ თვალები?

 

ოქტავიო
(გონს მოდის ღრმა ჩაფიქრების შემდეგ)
მან მე ამიხილა თვალები და ახლა
იმაზე მეტს ვხედავ, ვიდრე მსურს.

 

კვესტენბერგი
რას გულიხმობ?

 

ოქტავიო
დასწყევლოს ღმერთმა ეს მოგზაურობა!

 

კვესტენბერგი
რატომ? რაშია საქმე?

 

ოქტავიო
მოდი ახლოს, მეგობარო! ამ ავბედით 
კვალს დაუყოვნებლივ უნდა გავყვე.
თვალები ამეხილა, უკვე ვხედავ. მოდი!
(მიჰყავს კვესტენბერგი)

 

კვესტენბერგი
რატომ? საით?

 

ოქტავიო
(აჩქარებით)
ქალთან.

 

კვესტენბერგი
ვის...

 

ოქტავიო
(აწყვეტინებს)
ჰერცოგთან. წავედით!

 

ოქტავიოს სურდა ეთქვა: „მასთან, ჰერცოგთან“, მაგრამ მცდართქმის გამო ის ამბობს სიტყვას „ქალთან“ და ამით ჩვენ წინაშე, სულ ცოტა, იმას აღიარებს, რომ ომის ახალგაზრდა გმირი მშვიდობის შესახებ ოცნებობს.


კიდევ უფრო შთამბეჭდავი მაგალითი აღმოაჩინა ო. რანკმა12 შექსპირთან. მას ვხვდებით პიესაში „ვენეციელი ვაჭარი“, ცნობილ სცენაში, რომელშიც იღბლიანი შეყვარებული სამიდან ერთ-ერთ ყუთს ირჩევს. ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ თვით რანკის ციტირებას მოვახდენ.


„მცდართქმა, რომელიც შექსპირის „ვენეციელ ვაჭარში“ გვხვდება (მოქმედება III, სურათი II) ძალზედ დელიკატურია პოეტური მოტივაციით და ბრწყინავს ტექნიკური თვალასზრისით. მსგავსად მცდართქმისა „ვალენშტაინიდან“, რომელიც ფროიდს აქვს ციტირებული („ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია“), ის გვიჩვენებს, რომ პოეტებს კარგად ესმით ამ შეცდომების არსი და ვარაუდობენ, რომ აუდიტორი მათ გაიგებს. პორცია, რომელიც, მამის სურვილის თანახმად, იძულებულია ქმრად ის აირჩიოს, ვისაც ბედი არგუნებს, ამ მომენტამდე შემთხვევის წყალობით ახერხებს არასასურველი მთხოვნელებისთვის თავის დაღწევას. საბოლოოდ, როდესაც ბასანიოს სახით სასურველ საქმროს იპოვის, შიშობს, რომ იგიც არასწორ ყუთს აარჩევს. პორციას სურს უთხრას, რომ ბასანიოს შეუძლია, ასეთ შემთხვევაშიც დარწმუნებული იყო ქალის სიყვარულში, მაგრამ ამაში მიცემული ფიცი უშლის ხელს. ამ შინაგანი კონფლიქტით ის ეუბნება სასურველ საქმროს:

 

გემუდარებით, დაიცადოთ ერთი-ორი დღე
და მხოლოდ შემდეგ სცადოთ ბედი. თუ აქ დამარცხდით,
უნდა გამშორდეთ, ამის გამო გთხოვთ, დაიცადოთ.
მე რაღაც გრძნობა მეუბნება, თითქოს არ მსურდეს
თქვენი დაკარგვა. სიყვარული არ არის იგი,
სიძულვილი კი, თქვენც ხომ იცით, მსგავსს არას მირჩევს.
და იმის შიშით, რომ კარგად ვერ გაგაგებინოთ,
(ქალწულებს ენა ხომ არა აქვთ, მათ ფიქრები აქვთ),
დაგატყვევებდით ბედის ცდამდე ორიოდე თვით,
რომელი ყუთი აირჩიოთ, მასაც გეტყოდით,
მაგრამ ამით ხომ ფიცს დავგმობდი, ფიცს კი ვერ გავტეხ,
და ამნაირად იქნებ ჩემი თავი არ გერგოთ.
მაშინ ცოდვიან სინანულსაც მათქმევინებდით,
რომ ეს ფიცი არ დავარღვიე. წყეულიმც იყოს
თქვენი თვალები! მათ გამგმირეს, ორად გამკვეთეს.
ჩემი არსების ნახევარი აწ თქვენ გეკუთვნით,
მისი მეორე ნახევარიც ისევ თქვენია,
ჩემია-მეთქი, მსურდა მეთქვა და თუ ჩემია
ხომ თქვენიც არის – თქვენ გეკუთვნით მთელი არსება13.

 

იმას, რისი მინიშნებაც ქალს სუსტად სურდა ან სულაც სურდა, რომ დაეფარა მამაკაცისგან, კერძოდ კი, იმას, რომ ყუთის არჩევამდეც მისია და უყვარს, ამას პოეტი გრძნობების გასაოცარი ფსიქოლოგიური დელიკატურობით აქცევს ცხადად პორციას მცდართქმით და ამ მხატვრული ხერხით ამშვიდებს, როგორც შეყვარებულის გაუსაძლის გაურკვევლობას, ასევე აუდიტორიის მტანჯველ მღელვარებას არჩევანთან დაკავშირებით“.


ყურადღება მიაქციეთ, რაოდენ ნატიფად არიგებს ერთმანეთთან პორცია ორ განცხადებას, რომელსაც მისი მცდართქმა შეიცავს, როგორ წყვეტს მათ შორის არსებულ წინააღმდეგობას და საბოლოოდ მაინც ახერხებს პირობის დაცვას:

 

და თუ ჩემია
ხომ თქვენიც არის – თქვენ გეკუთვნით მთელი არსება.

 

კიდევ ერთმა მოაზროვნემ, რომელიც შორს დგას მედიცინის სფეროსგან, შემთხვევით გამოავლინა შეცდომების არსი დაკვირვების საშუალებით, რომელმაც განმარტების ჩვენი მცდელობების ანტიციპაცია მოახდინა. ყოველი თქვენგანისთვის ცნობილია ლიხტენბერგის14 (1742-1799) სატირული ნაწარმოებები, რომლის შესახებაც გოეთე შემდეგს ამბობს: „სადაც ის ხუმრობს, იქ პრობლემა იმალება“. არცთუ ისე იშვიათად ხუმრობა პრობლემის გადაწყვეტასაც გვთავაზობს. თავის ხუმრობებსა და სატირულ კომენტარებში ლიხტენბერგი ხშირად აღნიშნავს, იმდენად გულმოდგინედ კითხულობდა ჰომეროსს, რომ სიტყვის Agamemnon ნაცვლად ყოველთვის კითხულობდა სიტყვას angenommen15. ამაში მცდარკითხვის მთელი თეორია მდგომარეობს.


შემდეგ ლექციაზე შევეცდებით გავარკვიოთ, ვეთანხმებით თუ არა პოეტების ფსიქოლოგიური შეცდომების კონცეფციას.

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნები:

 

1. შეცდომების შესწავლა ფროიდის კვლევის ერთ-ერთი ძირითადი თემაა, რომელსაც ეძღვნება სპეციალური ნაშრომი „ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია“. იხ. „ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია“, გამომცემლობა „აქტი“, 2022 წ. მთარგმნელი, ვახტანგ გორგიშელი – მთარგ. შენიშვნა.

2. Fehlleistungen – მთარგ. შენიშვნა.

3. „კონეტაბლი ხმალს ქარქაშში აგებს“ – მთარგ. შენიშვნა.

4. „კომფორტაბლი უკან გზავნის თავის ცხენს“ – მთარგ. შენიშვნა.

5. გერმანულში მართებული გამოთქმაა „der Connetable schickt sein Schwert zurück“. ახალბედამ ჩაგონების შედეგად გამოთქმას ასე უცვალა სახე: „der Komfortabel schickt sein Pferd zurück“ – მთარგ. შენიშვნა.

6. „Aufstoßen“ ნაცვლად სიტყვისა „anstoßen“ – მთარგ. შენიშვნა.

7. „Begleit-digen“ შედგება სიტყვებისგან „begleiten“ [თანხლება] და „beleidigen“ [შეურაცხყოფა] – მთარგ. შენიშვნა.

8. „Briefkasten“ [საფოსტო ყუთი] ნაცვლად სიტყვისა „Brütkasten“ [თერმოსტატი] – მთ-არგ. შენიშვნა.

9. „Geneigt“ [მიდრეკილი] ნაცვლად სიტყვისა „geeignet“ [შესაფერისი] – მთარგ. შენიშვნა.

10. „Versuchungen“ [ცდუნება] ნაცვლად სიტყვისა „Versuche“ [მცდელობა] – მთარგ. შენიშვნა.

11. „Aufgepatz“ [გაფუჭებული] ნაცვლად სიტყვისა „aufgeputz“ [მორთვა] – მთარგ. შენიშვნა.

12. ოტო რანკი (1184-1939) – ავსტრიელი ფსიქოანალიტიკოსი, მწერალი და ფილოსოფოსი – მთარგ. შენიშვნა.

13. უ. შექსპირი, „ვენეციელი ვაჭარი“. უ. შექსპირი, თხზულებათა სრული კრებული 5 ტომად. ტ. 2. თარგმანი ვახტანგ ჭელიძის. თბილისი: ხელოვნება, 1987 – მთარგ. შენიშვნა.

14. გეორგ კრისტოფ ლიხტენბერგი (1742-1799) – გერმანელი ფიზიკოსი და სატირიკოსი, ფროიდის ერთ-ერთი საყვარელი მწერალი – მთარგ. შენიშვნა.

15. Angenommen არის ზმნა, რომელიც ნიშნავს „მიღებას“ – მთარგ. შენიშვნა.

 

 

 


კომენტარები