თემურ თავაძე – ფილოსოფიის მაგისტრის სტუდენტი, ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, არსებობის თავისი წესებით არის მდიდარი და მრავალფუნქციურად სასარგებლო, როგორც თითოეული ადამიანისათვის, ასევე საკუთარი თავისთვის. ის ცოცხალი ორგანიზმია და ადამიანივით შეუძლია განიცადოს ყოველი ტკივილი თუ სიხარული და ამ სასიცოცხლო განცდას ხშირად შევხვდებით მწერლებისა და პოეტების შემოქმედებაში, როგორც სამყაროს საკრალურ ენას.
ღმერთია ამ სამყაროს შემოქმედი. ის თავისი განუსაზღვრელი, უპირობო სიყვარულით ქმნის მას და ამრავალფეროვნებს. თუ დავაკვირდებით, თავად სამყაროში მიმდინარე პროცესებსა და მოვლენებს, როგორც ერთგვარ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, შესაძლებელია ითქვას, რომ დღესაც მოსწონს იგი ღმერთს, როგორც ერთ დროს ბიბლიაში ითქვა: „დაინახა ღმერთმა ყოველივე რაც გააჩინა და აჰა ძალიან კარგი იყო“ (დაბ.1:31). დღესაც ხედავს და იგივეს ფიქრობს სამყაროს მიმართ, რადგან ბიბლიაში შესაქმის თავები არა მარტო, უშუალოდ მოგვითხრობს სამყაროს შექმნაზე არამედ ღმერთის მარადიული სიყვარულის სისავსისაგან გადმოღვრაზე და გონივრულია ვიფიქროთ, რომ ეს ყოველივე – სისავსისაგან გადმოღვრა – დღესაც აქტიური პროცესია, რომლითაც მრავალფეროვნდება თითოეული მცენარე, ცხოველი, ფრინველი, მწერი, ქვეწარმავალი, ჰაერი და თავად სამყარო.
მაქსიმე აღმსარებელი შესაქმის ამ ნაწილს ასე განმარტავს: ყოვლადკმაყოფილმა ღმერთმა ქმნილებანი არმყოფობიდან ყოფად მოიყვანა არა იმიტომ, რომ რატომღაც, ეს მისთვის საჭირო იყო, არამედ იმისთვის, რომ ისინი თავიანთი შესაძლებობისგან გამომდინარე, ღვთიური ნეტარების თანაზიარნი ყოფილიყვნენ და გაეხარათ. თავად ღმერთი ხარობდა თავის საქმეთა გამო, რადგან მათ მხიარულებსა და სიხარულით აღვსებულთ ხედავდა.
სამყარო, რომელშიც ადამიანის მიერ ცოდვით დაცემის მძიმე აქტი განხორციელდა, რის შედეგადაც, სიკვდილს დავექვემდებარეთ, სამყაროს სახე შევცვალეთ და თავად შემოქმედს, ჩვენი სიყვარულით შემქმნელს უმადურად მივუგდეთ მისი ჩვენდამი გაღებული სიყვარულის თავისუფლება, რითაც ხარობდა და დღესაც ხარობს შემოქმედი ჩვენთან ერთად, რადგან სიყვარული მარტოეული განცდა კი არ არის, არამედ მუდმივად სხვასთან თანაზიარება და სხვისადმი პასუხისმგებლობაა.
თეოლოგ ვაჟა ვარდიძის თქმით, „როდესაც ადამიანი სხვისგან მომდინარე მოწოდებას ეხსნება, მის გამოწვევას იღებს და უშუალოდ თავად წარმოდგება პასუხისმგებლად, მაშინ იგი არა მარტო სხვას გადაარჩენს, არამედ მეტიც, ხორციელდება მისი „მე“-ს გარდასახვა და ეთიკური იდენტობის აღდგენა. სხვისთვის ყოფნაში ფუძნდება მისი პიროვნულობა, ყალიბდება მისი „მე“ და ვლინდება საზრისი მისი ეგზისტენციისა. ამ დროს სხვისი სახის საშუალებითაა დანახული ადამიანი უშუალოდ უსასრულოსთან, ღვთის იმ სიტყვის წინაშეა დაყენებული, რაც მისთვის ნიშნავს: „არა კაც ჰკლა“. ამიტომ სხვასთან შეხვედრას სოციალური და ეთიკური შედეგები აქვს: ადამიანი სხვისთვის უნდა გაიხსნას, რათა სხვაში გამოვლენილი უსუსურობა, სულიერი დაუცველობა და მისი გაჭირვება მიიღოს როგორც გამოწვევა, მოწოდება პასუხის გასაცემად“.1
ამ პასუხისმგებლობით შექმნილი სამყარო ჩვენი პირადი ცოდვებით და გაუკუღმართებული ვნებებით – რაც ცოდვის ჩვეულების სიამოვნებისაკენ გვიბიძგებს ხშირად – დავამძიმეთ და შევრყვენით, ვისიძვეთ მის მიმართ და ამით ღმერთის ვერმცნობელობის უფლება მივეცით, უფრო სწორად, რომ ვთქვათ, შემოქმედის შეცნობის უნარი წავართვით.
იოანე ღვთისმეტყველი2 ასე გადმოსცემს ამ საზარელ ფაქტს, როდესაც მაცხოვრის სამყაროში შემოსვლაზე საუბრობს: „სოფელსა შინა იყო და სოფელი მის მიერ შეიქმნა და სოფელმა იგი ვერ იცნა.“ (იოან.1:10)
აი, ამ ვერშეცნობის უნარს, ჩვენ ვაძლევთ სამყაროს ჩვენი ცოდვებით და შედეგად, ხშირად ეს სამყარო ასთმიური შეტევის მტკივნეულ წუთებს განიცდის. პავლე მოციქული3 ბრძანებს: „მთელი ქმნილება ერთიანად წვალობს და გმინავს დღემდე“ (რომ.8:22).
დიოკლიის მიტროპოლიტი კალისტე (უეარი)4 თავის საპატიო სადოქტორო ნაშრომის „შესაქმის მართლმადიდებლური ხედვა“5 ერთ-ერთ თავში ასეთ კითხვას სვამს და იქვე პასუხობს: – „რა შეგვიძლია ვთქვათ გარემოს ამჟამინდელ კრიზისზე, იმ ეკოლოგიურ კატასტროფაზე, რომელიც ჩვენი პლანეტის თითქმის ყველა კუთხიდან გვემუქრება?! როგორც ამერიკელი პოეტი, რობერტ ფრონსტი6 აღნიშნავდა – „კონტინენტის მოსპობას დიდი დრო არ სჭირდება“, მე კი დავამატებდი რომ არც მთელი პლანეტის. პირველყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ამჟამინდელი კრიზისი, სინამდვილეში არ არის გარემოს კრიზისი, არამედ ჩვენში არსებული კრიზისია. საფუძველმდებარე სირთულე შიგნითაა და არა გარეთ, ის ადამიანის გულშია და არა ეკოსისტემაში. ძირითადი პრობლემა ტექნოლოგიური ან ეკონომიური სახის როდია, არამედ სულიერი ხასიათისაა. მიზეზი, რატომაც ატმოსფერო სულ უფრო ბინძურდება, მდინარეები და ტბები იწამლებიან, ტყეები კვდებიან და მწვანე გარემო უდაბნოვდება, ისაა, რომ ადამიანები გავუცხოვდით ღმერთისაგან და ჩვენი ჭეშმარიტი არსისაგან, რის შედეგადაც დავიწყეთ სამყაროსთან მართლზომიერი ურთიერთობა. ეს პრობლემა მხოლოდ ტექნოლოგიების განვითარებითა და დახვეწით ვერ გადაწყდება. აქ საჭიროა მონანიება კოსმიური „მეტანოია“-ს (metanoia) მეშვეობით, ე.ი. ამ ბერძნული სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა, რომ გამოვიყენოთ „აზრის შეცვლის“ გზით. ჩვენ უნდა შევცვალოთ ღმერთის, სამყაროსა და საკუთარი თავის შესახებ აზროვნების ყაიდა.“
არსებობს ფილოსოფიური მეცნიერების ერთ-ერთი დისციპლინა – ეთიკა. პიერო პატროზილოს7 აზრით, ეთიკა იკვლევს, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანის პრაქტიკული ქცევა სიკეთესა და ბოროტების წინაშე, ხოლო მისი საგანია, ადამიანის აქტივობასთან ერთად იმ კრიტერიუმების ძიება, რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს ადამიანის ქცევის შეფასება.
თომა აქვინელი8 ადამიანის საზრისის გაგებისათვის უბრუნდება ღმერთის არისტოტელისეულ იდეებს და მათზე დაყრდნობით ამ მიზნის მიღწევის პირობად ასახელებს არა მხოლოდ ზნეობრივ და ინტელექტუალურ, არამედ აგრეთვე თეოლოგიურ სათნოებებსაც (სარწმუნოება, იმედი, სიყვარული).
იოანე სინელის9 აზრით, მონანიება და ჭეშმარიტი სინანული შობს ადამიანში შემოქმედისადმი რწმენას, იმედსა და სიყვარულს, როგორც ღმერთის, ასევე სამყაროში მისი პიროვნული გამოცხადების მიმართ გადარჩენისათვის.
ქრისტიანობა ის უნივერსალური რწმენის საფუძველია, რომელსაც ძალუძს ყოველი დანგრეულის იავარჰყოფა და გაახლება. ამიტომ, დიოკლიის მიტროპოლიტის ზემოთ აღნიშნული პასუხის უკეთ გაგებისათვის აუცილებელია ითქვას, რომ ჩვენ, არა მხოლოდ, უნდა შევიცვალოთ აზრი ღმერთის, სამყაროსა და საკუთარი თავის შესახებ, არამედ უნდა გავხდეთ ქრისტიანული ეთიკის მატარებელენი და გამტარებელნი, როგორც საზოგადოებაში ასევე გეოპოლიტიკურ არეალში. „ქრისტიანული ეთიკა – ნორმან გეიზლერის10 აზრით – ღვთაებრივ ბრძანებათა პოზიციაა. იგი თავისი შინაგანი ბუნებით არის მითითებითი და არა თვალსაჩინოებითი, იგი მიგვიძღვის იმისკენ თუ რა უნდა იყოს და არა იმისკენ, თუ რა არის.“
ქრისტიანები თავიანთ ეთიკურ მოვალეობებს იპოვიან არა ქრისტიანების სტანდარტებში, არამედ ქრისტიანებისათვის განკუთვნილ სტანდარტში – ბიბლიაში.
ცალსახად, თუ შევხედავთ დღევანდელ დღეს, სამყაროში ყველაფერი მიმართულია მის გადასარჩენად. მსოფლიო კინომატოგრაფიაში ხშირად გვხვდება ისეთი ჟანრის ფილმები, რომლებიც მიუთითებენ ადამიანების მიერ სამყაროს ეკოლოგიური კრიზისისაგან გამოყვანას და გაახლებას, მაგრამ ვფიქრობ, რომ მარტო ეს არ არის სწორი მიმართულება მიზნის მისაღწევად. მთავარი აქ არის ის, რომ თუ ჩვენ ავიღებთ, როგორც სტოიკოსების, ასევე წმინდა მამების დარად ქრისტიანული ეთიკის ცხოვრებისეულ რაკურსს, სამყაროს, რომელიც დღეს ჩვენს მიერ მეტად განწირულია დასაღუპავად, ზევით ნახსენები ქრიასტიანული ეთიკის საშუალებით შევძლებთ დავუბრუნოთ მას ის არსისეული სინატიფე, რაც ცოდვით დაცემამდე ჰქონდა მას და ამ სიხარულით აღვსილნი კვლავ მადლიერების ნიშნად გავიმეორებთ ისრაელის მეფის დავით მეფსალმუნის უკვდავ სიტყვებს: „აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა.“ (ფს.148;1)
შენიშვნები:
1. ვარდიძე ვ. „ფუნდამენტური თეოლოგია“, სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ.2011 ნაწ.| გვ. 53.
2. იოანე ღვთისმეტყველი – ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული ქრისტიანულ რელიგიაში, ასევე მეოთხე სახარების ავტორი.
3. პავლე მოციქული – ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული ქრისტიანულ რელიგიაში, რომელიც 12 მოციქულთაგანი არ იყო.
4. დიოკლიის მიტროპოლიტი კალისტოს უეარი (ერისკაცობაში ტიმოთი უეარი) გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თანამედროვე მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, ასევე არის ოქსფორდის მართლმადიდებელი თეოლოგიის პროფესორი და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.
5. მიტროპოლიტი კალისტოს უეარი, „შესაქმის მართლმადიდებლური ხედვა“, გამომცემლობა „ახალი საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა“.
6. რობერტ ფრონსტი, ერთ-ერთი თვალსაჩინო პოეტი ამერიკის ისტორიაში, რომელიც ოთხჯერ იყო წარდგენილი პულიცერის პრემიაზე.
7. პიერო პეტროზილო, „ქრისტიანობის ლექსიკონი“, სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ.2011
8. თომა აქვინელი, მაღალი შუასაუკუნეების ყველაზე გავლენიანი ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი. დომინიკანელთა ორდენის წევრი. პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი, თომიზმის ფუძემდებელი, რომელიც დღემდე კათოლიციზმის ცენტრალურ ფილოსოფიურ მოძღვრებად ითვლება.
9. იოანე სინელი იგივე კიბისამღწერელი. დაახ. მეექვსე საუკუნის ქრისტიანი მწერალი, იგი უდიდესი ავტორიტეტია ქრისტიანულ სამყაროში. ის არის ავტორი წიგნისა „კლემაქსი“ ანუ „კიბე“, რომელიც განკუთვნილია, როგორც სამონაზვნო გზას შედგომილთათვის და სულიერ წინამძღვართათვის ასევე ქრისტიანული ასკეზისა და მისტიციზმით დაინტერესებულთათვის.
10. ნორმან გეიზლერი (1932-2019), ამერიკელი, ქრისტიანული სისტემური თეოლოგი და ფილოსოფოსი.
კომენტარები