სიყვარულის ნიშნები

სიყვარულის ნიშნები

ხოსე ორტეგა-ი-გასეტი – ესპანელი ფილოსოფოსი და ესსეისტი, პერსპექტივიზმისა და რაციოვიტალიზმის თეორიის წარმომადგენელი. დიდი გავლენა იქონია ფილოსოფიური აზროვნების შემდგომ განვითარებაზე ესპანეთში.

 

ამონარიდი აღებულია ხოსე ორტეგა-ი-გასეტის წიგნიდან – „ეტიუდები სიყვარულზე“.

 

წიგნის დეტალური დათვალიერება.

ვისაუბროთ სიყვარულზე და შევთანხმდეთ, რომ „სასიყვარულო ისტორიებზე“ არ ვილაპარაკებთ. განსხვავებული „სასიყვარულო ისტორიები“, წამდაუწუმ წარმოიშვება მამაკაცებსა და ქალებს შორის და თან სდევს იმ ხარისხით განვითარების გამართულებელი მრავალი გარემოება, რომ „სასიყვარულო ისტორიებს“ შეიძლება უარი ვუთხრათ იმაზე, რომ ნამდვილად ღირდეს ეწოდოს მათ სიყვარული. რა შეიძლება იყოს მკვლევარისათვის უფრო მიმზიდველი, ვიდრე „სასიყვარულო ისტორიების“ ფსიქოლოგია, მთელი თავისი ჭრელი კაზუისტიკით, მაგრამ ჩვენთვის იოლი არ იქნება ყველაფერში გარკვევა, თუკი დასაწყისში არ განვსაზღვრავთ – რა არის სიყვარული თავისთავად, როგორც ასეთი. ამასთანავე, ჩვენ შევავიწროებდით თემას, მისი სიყვარულის განხილვაზე დაყვანით, რომელსაც მამაკაცები და ქალები განიცდიან ერთმანეთის მიმართ. თემა გაცილებით ფართოა. დანტე მიიჩნევდა, რომ სიყვარული ამოძრავებს მზესა და სხვა მნათობებს.


იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თავს შევიკავებთ ესოდენ სამყაროსეული გარემოცვისაგან, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ სიყვარულის გამოვლენის მთელი მრავალფეროვნება. არა მხოლოდ მამაკაცს უყვარს ქალი, არამედ ქალსაც უყვარს მამაკაცი. ჩვენ ასევე გვიყვარს ხელოვნება და მეცნიერება, დედას უყვარს შვილი, ხოლო მორწმუნეს – ღმერთი. ობიექტთა უზღვავი სიმრავლე და სხვადასხვაგვარობა, სიყვარულის კანონებს დამორჩილებული, გვაქცევს წინდახედულად და ნებას არ გვაძლევს დავთვალოთ სიყვარულისათვის დამახასიათებელი ის თავისებურებები და თვისებები, რომელთა არსი, უფრო მეტად, ვინმეს ყოველგვარ სასიყვარულო ობიექტთა ბუნებაშია.


უკანასკნელი ორასი წლის მანძილზე ბევრს ლაპარაკობდნენ სასიყვარულო ისტორიებზე და ცოტას – სიყვარულზე. თუკი ყველა ეპოქა, დაწყებული ბედნიერი ძველი საბერძნეთის დროიდან, ქმნიდა თავის დიდ თეორიებს სამიჯნურო გრძნობებზე, ორი უკანასკნელი ასწლეული მოკლებულია ამას. ანტიკურმა სამყარომ დასაწყისში სხვებზე მეტად უპირატესობა მიაკუთვნა პლატონის დოქტრინას, ხოლო, შემდეგ სტოიკოელებს. შუა საუკუნეებმა აითვისა თომა აქვინელისა და არაბთა თეორიები. მეთვრამეტე საუკუნე გულმოდგინედ სწავლობდა დეკარტესა და სპინოზას სულიერ მღელვარებათა თეორიებს. საქმე ისაა, რომ წარსულში არ იყო არც ერთი დიდი ფილოსოფოსი, რომელთაც სავალდებულოდ არ მიეჩნიათ საკუთარი დოქტრინის შემოთავაზება. ახალ დროში გრძნობათა სისტემატიზაციის ერთი მნიშვნელოვანი მცდელობაც კი არ ყოფილა, მხოლოდ პფენდერისა და შელერის1 უახლესი შრომები აგრძელებენ თემას ღირსეულად. ამასობაში, ჩვენი სულიერი სამყარო ხდება კიდევ უფრო რთული, ხოლო ემოციური განცდები – უმწვავესი.


ამიტომაც, ჩვენ უკვე აღარ შეგვიძლია დავკმაყოფილდეთ აფექტთა ამ ძველი თეორიებით. მაგალითად, ძველბერძნული ტრადიციების ამთვისებელი სიყვარულის ის განსაზღვრება, რომელსაც ჩვენ ვპოულობთ თომა აქვინელთან, აშკარად მცდარია. მისი თვალსაზრისით, სიყვარული და სიძულვილი სურვილის, მიდრეკილების, რაიმესაკენ მისწრაფების ორი გამოვლენაა. სიყვარული – ესაა რაიმე კარგისაკენ და მასში კარგისაკენ სწრაფვა – concupiscible circa bonum; სიძულვილი, ან ანტიმისწრაფება – ესაა უსიამოვნება რაიმე ბოროტისადმი, სწორედ ბოროტებისადმი მასში – concupisobile circa malum. აქ, ჩვენ ვხედავთ ლტოლვათა და სურვილთა აღრევას გრძნობებსა და ემოციებთან, რომლითაც სცოდავდა მთელი ძველი ფსიქოლოგია XVIII საუკუნემდე. აღრევას, რომელიც თავს შეგვახსენებს აღორძინების ეპოქაში, თუმცა უკვე ესთეტიკურ კატეგორიად გარდაქმნილი. ლორენცო მშვენიერი ამტკიცებდა, რომ  l`amore a un apetito di belleza.2


ესაა ის ერთ-ერთი არსებითი განსხვავება, რომელიც გააზრებას საჭიროებს, რათა არ გაგვისხლტეს ის, რაშიც მდგომარეობს სიყვარულის თავისებურება და მისი არსი. ჩვენი სულიერი სამყარო განსაკუთრებულად გულუხვია სასიყვარულო აღტკინებისადმი. გაზვიადებული არ იქნება თუკი მას მივიჩნევთ გულუხვობის, როგორც ასეთის, სიმბოლოდ. სიყვარულისაგან გამომდინარეობს ის, რაც დამახასიათებელია ადამიანისათვის: სურვილები, აზრები, ნებელობითი აქტები, ქცევები. ყოველივე ეს სიყვარულით წარმოშობილი, როგორც მოსავალი თესლით, თავად სიყვარულს არ წარმოადგენს, მაგრამ ადასტურებს მის არსებობას. უდავოა, რომ ასეა თუ ისე, ჩვენ გვიზიდავს ის, რაც გვიყვარს, მაგრამ ასევე ცხადია, რომ ჩვენ გვიზიდავს ისიც, რაც არ გვიყვარს, რაც არ ეხება ჩვენს გრძნობებს. კარგი ღვინო გვიზიდავს, მაგრამ სიყვარულს არ იწვევს. ნარკომანს იზიდავს ნარკოტიკი და იმავდროულად იწვევს ზიზღს მასთან დაკავშირებულ სახიფათო შედეგებისადმი.


მაგრამ, არის კიდევ ერთი, უფრო წონადი და ფაქიზი მიზეზი სიყვარულისა და სურვილის გამიჯვნის. სწორად რომ ვთქვათ, რაიმეს სურვილი ნიშნავს მისწრაფებას მისი დაუფლებისათვის. ამასთანავე, დაუფლების ქვეშ, ასე თუ ისე, იგულისხმება ობიექტის ჩართვა ჩვენს ცხოვრებისეულ სფეროში და მეტ-ნაკლებად ჩვენს ნაწილად გადაქცევა. სწორედ ამიტომ, სურვილი დაკმაყოფილების შემდეგ მაშინვე კვდება, დაუფლება მისთვის სიკვდილია. სიყვარული, პირიქით – ესაა მუდმივი დაუკმაყოფილებლობა. სურვილი პასიურია და მე მსურს, არსებითად, ერთი – რომ სურვილის ობიექტი ჩემკენ მოისწრაფვოდეს. მე ვცოცხლობ ყოველივე არსებულის ჩემკენ მიზიდვის იმედით და პირიქით, სიყვარულში, როგორც ჩვენ კიდევ დავრწმუნდებით, ყველაფერი განმსჭვალულია აქტიური საწყისით. ნაცვლად ობიექტის მოახლოვებისა, სწორედ მე მივისწრაფი ობიექტისაკენ და ვიმყოფები მასში. სასიყვარულო აღტკინებაში ადამიანი თავისი „მესაგან“ დასხლტომილია: შეიძლება, ეს საუკეთესოა ყოველივე იმათ შორის, რაც ბუნებამ მოიგონა, რათა ყველა ჩვენგანს გვქონდეს შესაძლებლობა ჩვენი თავის გადალახვით ვიმოძრაოთ რაღაც სხვაგვარისაკენ. არა ის მოისწრაფვოდეს ჩემკენ, არამედ მე მისკენ.


ნეტარი ავგუსტინე ერთ-ერთია იმ ადამიანთა შორის, რომლის ნაფიქრი სიყვარულზე გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიღრმით. თავისებური სულიერი წყობით, შეიძლება, სიყვარულის უმაღლესი ძალით დაჯილდოებულით, ზოგჯერ ახერხებდა გადაელახა სიყვარულის, როგორც სურვილისა და ლტოლვის გაგება. შთაგონების წუთებში მან თქვა: „Amor meus, pindus mewm; illo feror, quocumgue feror“ – „სიყვარულო ჩემო, ტვირთო ჩემო; მისით სწრაფვული მივდივარ ყველგან, სადაც მივდივარ“. სიყვარული – ესაა საყვარელი ადამიანებისაკენ მიზიდულობა.


სპინოზა შეეცადა შეცდომის თავიდან აცილებას და გვერდზე დატოვა რა მისწრაფება, ეძებდა სასიყვარულო აღტკინებათა და სიძულვილის ემოციურ ახსნას. მისი აზრით, სიყვარული – ესაა სიყვარულის საგნის შეცნობით გამოწვეული სიხარული. სიყვარული რაიმესადმი ან ვინმესადმი – ესაა თითქოსდა, არც მეტი და არც ნაკლები, სიხარული და იმავდროულად შეგნება, რომ ჩვენ გახარებული ვართ ამ რაღაცის ან ვიღაცის წყალობით; და კვლავ, ჩვენ წინაშეა აღრევა სიყვარულსა და მის შესაძლო შედეგებს შორის. განა ვინმეს ეჭვი შეაქვს იმაში, რომ სიყვარულის საგანს შეუძლია სიხარული მოჰგვაროს შეყვარებულს? თუმცა, ასევე სწორია, რომ არსებობს სამწუხარო სიყვარული, როგორც სიკვდილი, გამოუვალი სასიკვდილო ტანჯვა. უფრო მეტიც, ჭეშმარიტი სიყვარული უკეთესად შეიცნობს თავის თავს, თუ გნებავთ, თავის ღირებულებას და თავის მასშტაბებს ტანჯვასა და წამებაში, რაც მას მოაქვს. შეყვარებული ქალისათვის მიჯნურისაგან მიყენებული წყენა ვნებადამცხრალ სიცოცხლეზე უფრო ძვირფასია. პორტუგალიელი მონაზვნის3 მარიანა ალკოფარადოს წერილებში ვხვდებით ამგვარ აღიარებას, მიმართულს მისი მოღალატე მაცდუნებლისადმი: „... იმავდროულად, გულის სიღრმეში თქვენი მადლობელი ვარ იმ სასოწარკვეთილებისათვის, რომლის მიზეზიც თქვენ ხართ და მძაგს სიმშვიდე, რომელშიდაც თქვენ გაცნობამდე ვცხოვრობდი [...] გამოვნახე კარგი საშუალება ყველა ამ ჭირის წინააღმდეგ და სწრაფად გავთავისუფლდებოდი მათგან, რომ უფრო ძლიერად არ მიყვარდეთ თქვენ, მაგრამ, ვაი, ეს რა საშუალებაა?! არა, ვამჯობინებ უფრო მეტად ვიტანჯო, ვიდრე თქვენ დაგივიწყოთ. ვაი, ჩემზეა კი ეს დამოკიდებული?! არ ძალმიძს გავამტყუნო საკუთარი თავი იმაში, რომ თუნდაც ერთი წამითაც მომესურვა არ მყვარებოდით უფრო მეტად; თქვენ უფრო ღირსეული ხართ სიბრალულისათვის, ვიდრე მე და უკეთესია ავიტანო ყველა ის ტანჯვა, რომლისთვისაც განწირული ვარ, ვიდრე დავტკბე უბადრუკი მხიარულებით, რომელსაც განიჭებენ თქვენი ფრანგი საყვარლები“. პირველი წერილი მთავრდებოდა სიტყვებით: „მშვიდობით, გიყვარდეთ ყოველთვის და მაიძულეთ განვიცადო უფრო მეტი წამება.“ განვლო ორმა საუკუნემ და სინიორიტა დე ლესპინასი4 წერდა: „მე თქვენ მიყვარხართ ისე, როგორადაც ღირს სიყვარული, – უიმედოდ.“


სპინოზა ცდებოდა: სიყვარული და სიხარული ერთი და იგივე არაა.5 ის, ვისაც სამშობლო უყვარს, ძალუძს მისთვის სიცოცხლე შესწიროს და მორწმუნეც მიდის მტანჯველი სიკვდილისაკენ; და პირიქით, სიძულვილი და ღვარძლი არცთუ იშვიათად ჰპოვებენ დაკმაყოფილებას თავის თავში და ზარხოშობენ საძულველი კაცის თავსდამტყდარ უბედურებათა ცქერის სიხარულით.


ვითვალისწინებ რა, რომ ეს ცნობილი განსაზღვრებები სრულად არ გვაკმაყოფილებს, ვფიქრობ, ღირს სიყვარულის ანალიზის მცდელობა იმგვარადვე უშუალოდ და ზედმიწევნით, როგორადაც ამას აკეთებს ტყეში დაჭერილ მწერზე ენტომოლოგი. ვიმედოვნებ, რომ მკითხველებს უყვართ ან უყვარდათ ვიღაც ან რაღაც და ახლა ძალუძთ თავიანთი შეგრძნებები მთრთოლვარე პატარა ფრთებად აქციონ და თვალი მიაპყრონ აუჩქარებელ შინაგან ხედვას. ჩამოვთვლი ძირითად ზოგად ნიშნებს ამ მოზუზუნე ფუტკრის, რომელსაც შეუძლია თაფლის შეგროვება და კბენა. მკითხველები თვითონ გადაწყვეტენ თუ რამდენად შეესაბამება ჩემ მიერ მოწოდებული იმას, რაც მათ შეიცნეს საკუთარ თავში ჩაკვირვებისას.


დასაწყისში შევთანხმდეთ, რომ სიყვარულს ნამდვილად ბევრი საერთო აქვს სურვილთან, ვინაიდან მისი ობიექტი – საგანი ან ადამიანი – ზემოქმედებს მასზე აღგმზნებად. მღელვარება, რომლითაც მოცულია ობიექტი, გადაეცემა სულს. ამგვარად, ეს მღელვარება თავისი არსით ცენტრისკენულია: იგი მიმართულია ობიექტიდან ჩვენკენ. რაც შეეხება სიყვარულის გრძნობას, აღგზნება წინ უძღვის მას. მღელვარებათა ისრებით მოყენებული ჭრილობებიდან გამოაღწევს სიყვარული, რომელიც დაუოკებლად მიისწრაფვის ობიექტისკენ, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი აღგზნებისა და ყოველგვარი სურვილის მიმართულებასთან შედარებით, მოძრაობს პირიქით. მისი გზა მიმართულია მოსიყვარულისაგან სატრფოსაკენ, „ჩემგან“ სხვისაკენ, ანუ ცენტრიდანულია. ამ მუდმივ სულიერ სწრაფვაში, ობიექტისკენ მოძრაობაში, ჩემი „მე“-სგან იდუმალი ახლობლისაკენ – სიყვარული და სიძულვილი ერთმანეთს ემსგავსებიან. ქვემოთ საუბარი გვექნება მათ განსხვავებებზე. ამასთანავე, არ უნდა ვიფიქროთ, რომ სიყვარულის საგნისაკენ მისწრაფებაში ჩვენ ვაღწევთ მხოლოდ სიახლოვეს და ერთობლიობას ყოფითი ცხოვრების თვალსაზრისით. ყველა ეს გამოვლინება სიყვარულის შედეგია და მისგან შობილია, თუმცა, მისი არსის გამოსარკვევად არ წარმოადგენს განსაკუთრებულ ინტერესს და ამიტომაც, ანალიზის პროცესში, ვახდენთ მათ სრულ იგნორირებას. ჩემი ფიქრები ეხება სიყვარულის გრძნობას მის სულიერ იდუმალებაში, როგორც შინაგანი ცხოვრების მოვლენას.


ღვთის მოყვარული მიისწრაფვის მისკენ არა სხეულით, მაგრამ მისი სიყვარული ნიშნავს – სწრაფვას მისკენ. სიყვარულში ვივიწყებთ სულიერ სიმშვიდეს, ვკარგავთ გონებას და მთელი ჩვენი გულის წადილი თავმოყრილია შეყვარებულზე. გულის წადილთა მუდმივობა სწორედ რომ არის სიყვარული.


უნდა აღინიშნოს, რომ აზროვნებისა და ნებისყოფითი აქტები მყისიერია. ჩვენ შეგვიძლია შევყოვნდეთ მათ მისადგომებთან, მაგრამ თავად ისინი შენელებას ვერ იტანენ: ყველაფერი თვალის დახამხამებაში ხდება, ისინი ელვისებურია. თუკი მე ვიგებ ფრაზას, ვიგებ მას უცებ, მეყსეულად. რაც შეეხება სიყვარულს, იგი დროში გრძელდება. უყვართ არა დაწილაკებული მოულოდნელობის გაბრწყინებით, რომლებიც აინთებიან და ჩაქრებიან, როგორც ცვალებადი დენის გენერატორში ნაპერწკლები, არამედ საყვარელი ადამიანი უყვართ განუწყვეტლივ. ამით განისაზღვრება კიდევ ერთი თავისებურება ჩვენ მიერ გაანალიზებული გრძნობის: სიყვარული გადმოსჩქეფს, როგორც წყარო გასულიერებული ნივთიერებიდან, როგორც განუწყვეტელი დუღილი. გამოვიყენებ მეტაფორას, რომლითაც ასე გულუხვია ინტუიცია და რომელიც ასე ახლოა ჩვენთვის საინტერესო მოვლენის ბუნებისათვის. შეიძლება ითქვას, რომ სიყვარული გასროლა კი არაა, არამედ გამუდმებული ემანაციაა, სულიერი გამოსხივებაა, გამომდინარე მეტფრისაგან და მიმართული სატრფოსაკენ, დინებაა და არა დარტყმა.


პფენდერი განსაკუთრებული შორსმჭვრეტელობით უსვამდა ხაზს სიყვარულისა და სიძულვილისათვის დამახასიათებელ მდინარებასა და ხანგრძლივობას.


სიყვარული და სიძულვილი ერთნაირად ცენტრიდანულია, აზრებში ორივე მოძრაობს ობიექტისაკენ და ბოლოს, ისინი დენადი და შეუწყვეტელია, – ასეთია მათთვის სამი საერთო ნიშანი თუ თვისება.

ახლა შესაძლებელია განვსაზღვროთ ძირეული განსხვავება სიყვარულსა და სიძულვილს შორის.


მიმართულება მათ ერთი აქვთ, თუკი ისინი ცენტრიდანულია და ადამიანი მათში მიისწრაფვის ობიექტისაკენ, ამასთანავე, ორივე განმსჭვალულია საპირისპირო აზრით და იღწვიან განსხვავებული მიზნებისათვის. სიძულვილში მიისწრაფვიან ობიექტისაკენ, მაგრამ მიისწრაფვიან მისკენ ბოროტებისათვის; და მისი მნიშვნელობა დამანგრეველია. სიყვარულშიც ასევე მიისწრაფვიან ობიექტისაკენ, მაგრამ – სიკეთისათვის.


ფიქრი და სურვილი მოკლებულნი არიან იმას, რასაც, შეიძლება, სულიერი მგზნებარება ვუწოდოთ. იგი ერთნაირად დამახასიათებელია სიყვარულისა და სიძულვილისთვის. განსხვავებით მათემატიკურ ამოცანაზე ჩაფიქრებისაგან, სიყვარულისა და სიძულვილისაგან მომდინარეობს სითბო. ისინი გიზგიზებენ, უფრო მეტიც, მათი სიმხურვალე განსხვავებულია. შემთხვევითი არაა, რომ ყოფით ცხოვრებაში ძალიან მოსწრებულად იტყვიან ერთზე, რომ მას, შეყვარებულს, გული გაუცივდა, ხოლო მეორე კი ჩივის, რომ სატრფო ცივი და უგრძნობელია. გრძნობათა სითბოზე ეს მსჯელობანი, უნებლიეთ, ოდნავ ახდის ფარდას მეტად საინტერესო ფსიქოლოგიურ კანონზომიერებათა სფეროს. ჩვენ შეგვეძლო მივბრუნებოდით მსოფლიო ისტორიის ცალკეულ ასპექტებს, თუ არ ვცდები, დღემდე ყურადება მოკლებულ ეთიკისა და ხელოვნების სფეროს. შეიძლებოდა გვესაუბრა განსხვავებულ დიდ ცივილიზაციათა და კულტურულ ეპოქათა არათანაბარ სიმხურვალეზე, – ძველი საბერძნეთის, ჩინეთის ან XVIII საუკუნის სიცივეზე. შუა საუკუნეებისა და რომანტიზმის სიმხურვალეზე და ა.შ. შეიძლება გველაპარაკა ადამიანთა ურთიერთობაში განსხვავებული სხვადასხვა ადამიანის სულიერი წვის შესახებ: პირველი, რასაც შეიგრძნობს ორი ადამიანი შეხვედრისას, – ესაა თითოეულისათვის დამახასიათებელი ემოციური სიმხურვალე. საბოლოოდ, ჩვენ შეგვეძლო ყურადღება მიგვექცია, რომ სითბოთი, ამა თუ იმ ხარისხით, ხასიათდება განსხვავებული მხატვრული, კერძოდ, ლიტერატურული სტილი, მაგრამ წინდაუხედაობა იქნებოდა გაკვრით შევხებოდით ამგვარ ფართო თემას.


ნუთუ ვერ შევძლებთ მივუახლოვდეთ სიყვარულისა და სიძულვილისათვის დამახასიათებელ ამ სითბოს გაგებას, თუკი ჩვენი ხედვის არეში ხვდება ობიექტი? როგორ ზემოქმედებს მასზე სიყვარული? შორიდან თუ ახლოდან, რაც არ უნდა იყოს სიყვარულის ობიექტი – ქალი თუ ბავშვი, ხელოვნება თუ მეცნიერება, სამშობლო თუ ღმერთი – სიყვარული ზრუნავს მასზე. სურვილი ტკბება იმით, რაც მას სურს, კმაყოფილდება იმით, მაგრამ არ ჯილდოვდება, არაფერს წირავს, არაფერს თმობს. სიყვარულსა და სიძულვილს ერთი წუთით მოსვენება არა აქვთ. პირველი ძირავს ობიექტს, რა მანძილზედაც არ უნდა იყოს, ალერსის, სინაზის, კმაყოფილების ატმოსფეროში – ერთი სიტყვით, ნეტარებაში. სიძულვილიც ძირავს ობიექტს, არანაკლები გზნებით, არასასურველ ატმოსფეროში, ვნებას აყენებს, თავს ატყდება მას, როგორც ცხელი სიროკო, თანდათანობით ამოჭამს და ანგრევს მას. როგორც უკვე ვთქვი, სრულებით არაა საჭირო, რომ ეს ხდებოდეს სინამდვილეში; საუბარია განზრახვაზე, რომლითაც განმსჭვალულია სიძულვილი, იმ ირეალური მოქმედებით, რაც ძევს თვით გრძნობის საფუძველში. ამგვარად, სიყვარული ახვევს სიყვარულის საგანს სითბოსა და კმაყოფილებაში, ხოლო სიძულვილი იღვრება მწველი სიბოროტით.


მათ მოქმედებაში ეს საპირისპირო ზრახვანი თავს იჩენენ სხვაგვარადაც. სიყვარულში ჩვენ თითქოსდა შევერწყმით ობიექტს. რას ნიშნავს შერწყმა? არსებითად, ეს არაა სხეულებრივი შერწყმა და არც საერთოდ სიახლოვე. მაგალითად, ჩვენი მეგობარი (ხარისხის განმსაზღვრელ, სიყვარულისთვის დამახასიათებელ მეგობრობასაც ნუ დავივიწყებთ) ცხოვრობს ჩვენგან შორს და მის შესახებ არაფერი ვიცით. მიუხედავად ამისა, მასთან ჩვენ დაკავშირებული ვართ უხილავი ძაფებით – თითქოსდა ჩვენი სული ყოვლისმომცველი მისწრაფებით გადალახავს მანძილს და სადაც არ უნდა იყოს ის, ჩვენ ვგრძნობთ, რომ იდუმალი სახით დავუკავშირდით მას. რაღაც ამის მსგავსი ხდება, როდესაც მძიმე წუთებში ვეუბნებით ვინმეს: შეგიძლიათ ჩემი იმედი იქონიოთ, მე მთლიანად თქვენს განკარგულებაში ვარ. თქვენი ინტერესები ჩემთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, მიმსახურეთ, როგორც თქვენი თავი; სიძულვილი, პირიქით, მიუხედავად მისი უცვლელი მიმართულებისა სიძულვილის ობიექტისადმი, გვაშორებს ობიექტისაგან იმავე სიმბოლური აზრით – ხსნის რა უფსკრულს ჩვენ შორის, მას ჩვენთვის მიუწვდომელს ხდის. სიყვარული – ესაა გვერდიგვერდ მფეთქავი გულები, ესაა თანხმობა. სიძულვილი – ესაა უთანხმოება, მეტაფიზიკური შუღლი, აბსოლუტური შეუთავსებლობა სიძულვილის საგანთან.


ახლა ჩვენ გვაქვს გარკვეული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რაში მდგომარეობს ეს აქტიურობა, ეს გულმოდგინება, რომელიც ჩვენ, გავბედავ ვიფიქრო, გამოვავლინეთ სიყვარულსა და სიძულვილში და რომელიც არ არის პასიურ ემოციებში, ისეთებში, როგორიცაა სიხარული ან სევდა. ტყუილად როდი ამბობენ: იყო მხიარული, ე.ი. იყო სევდიანი; და ეს, მართლაც სხვა არაფერია, თუ არა მდგომარეობა და არა საქმიანობა, და არა ზრუნვა. სევდიანი, სევდაში მყოფობისას, არის უმოქმედობაში, იმგვარადვე, როგორც მხიარული მხიარულობაში მყოფობისას. სიყვარული კი აზრებში აღწევს ობიექტს და იწყებს თავის უხილავ, მაგრამ ყველა შესაძლებელ საქმიანობასთან შედარებით, წმინდა და ყველაზე უფრო სიცოცხლის მოტრფიალე საქმეს – ამტკიცებს ობიექტის არსებობას. დაფიქრდით იმაზე, თუ რას ნიშნავს ხელოვნების ან სამშობლოს სიყვარული. ეს ნიშნავს მათი არსებობის უფლების გაცნობიერებასა და ყოველწამიერ დადასტურებას. თუმცა, არა ისე, როგორც ამას კანონთა მცოდნე მოსამართლე აკეთებს, რომლის განაჩენი ამიტომაც აუღელვებელია, არამედ ისე, რომ გამამართლებელი განაჩენი იმავდროულად იყოს ძიებაც და შეჯამებაც და პირიქით, გძულდეს – ნიშნავს აზრებში მოკლა სიყვარულის ობიექტი, გაანადგურო იგი შენს გულისთქმაში, სადავო გახადო მზის ქვეშეთში მისი ადგილის უფლება. ვინმეს სიძულვილი ნიშნავს თვით მისი არსებობის ფაქტით გააფთრებას. მისაღებია მხოლოდ მიწის პირისაგან მისი გაქრობა.


ვფიქრობ, რომ სიყვარულსა და სიძულვილს არა აქვთ უფრო არსებითი ნიშანი, ვიდრე ზემოთ აღნიშნული. რაიმეს აუცილებლად სიყვარული ნიშნავს – ჯიუტად მოითხოვდე მის არსებობას, სამყაროს იმგვარი მოწყობის უარყოფას, რომლის დროსაც ეს ობიექტი შეიძლება არც კი იყოს. მაგრამ, დაიმახსოვრეთ, რომ ეს, არსებითად იგივეა, რომ გამუდმებით შთაბერო მასში სიცოცხლე, რამდენადაც ეს ადამიანის გულისთქმას ძალუძს. სიყვარული – ესაა სიცოცხლის მარადიული საჩუქარი, ქმნადობა და გამოზრდა სიყვარულის ობიექტის სულში. სიძულვილი – ესაა განადგურება, მკვლელობა გულის თქმაში; ამასთანავე, განსხვავებით ერთხელ ჩადენილი მკვლელობისაგან, გძულდეს – ნიშნავს ხოცავდე შეუწყვეტლივ, აღგვას პირისაგან მიწისა იმის, ვინც ჩვენ გვძულს.


თუკი ამ მაღალ ნოტზე განვაზოგადებთ იმ თავისებურებებს, რომელიც ჩვენ მიერ იქნა გამოვლენილი, მაშინ მივალთ დასკვნამდე, რომ სიყვარული – ესაა სულის ცენტრიდანული სწრაფვა, რომელიც უწვეტ ნაკადად მიისწრაფვის ობიექტისაკენ და თავს ეხვევა რა მას სითბოთი და სიუხვით, გვაქცევს ჩვენ მასთან ერთად ერთ მთლიანობად და ამტკიცებს მისი არსებობის უდავობას (პფენდერი).

 

 

 

 

 

შენიშვნები და განმარტებები:

 

1. მხედველობაშია მ. შელერის ფილოსოფიური მოღვაწეობის ის პერიოდი, რომელიც დაკავშირებულია კიოლნის უნივერსიტეტში მუშაობასთან. იმყოფებოდა რა გერმანელი ფილოსოფოსის რ. ეიკენის გავლენის ქვეშ, რომელსაც განზრახული ჰქონდა შეექმნა გონის მეტაფიზიკა, შელერი აძლიერებს ე. ჰუსერლის ფენომენოლოგიას აქსიოლოგიური შინაარსით, აღჭურვავს მას სიცოცხლის ფილოსოფიის ანთროპოლოგიური იდეებით და ორიენტირებულია რელიგიური რწმენის მომსახურებისკენ. 20-იან წლებში გამოდის მ.შელერისა და ასევე, ჰუსერლის მიმდევარის ა. პფენდერის ნაშრომები.
2. „სიყვარული – მადაა (მისწრაფებაა) სილამაზისკენ“ (იტალ). ლორენცო მედიჩი – ფლორენციის მმართველი და პოეტი; თავისი ფილოსოფიური შეხედულებებით პლატონიზმთან ახლოს მდგომი, გადმოსცა პოეტური ნაწარმოებების კომენტარებში.
3. ლიტერატურული მისტიფიკაციის მაგალითი. პორტუგალიელი მონაზვნის მარიანა ალკოფარადოს წერილი სინამდვილეში ეკუთვნის ვიკონტ დე გიერაგას, მოლიერის, ბუალოსა და როსინის მეგობრის კალამს. (იხ: გიერაგა. პორტუგალური წერილები).
4. ჟიული ჟანა ელეონორა დე ლესპინასი იყო დალამბერის საყვარელი, მაგრამ ჭეშმარიტი ვნებით ესწრაფოდა გენერალ გიბერისაკენ. გიბერის კანონიერმა ქვრივმა 1809 წელს გამოაქვეყნა მადმუაზელ დე ლესპინასის „წერილები“, რომელიც ეპოქის საინტერესო დოკუმენტს წარმოადგემს.
5. სპინოზა მიიჩნევდა, რომ „სურვილი, გრძნობა, შემეცნება, სიყვარული და სხვა არის განსხვავებული მოდუსები“ ერთადერთი სუბსტანციის, „რომელიც არსებობს თავისთავად და წარმოადგენს ყველა სხვა ატრიბუტის სუბსტანციას“ (მოკლე ტრაქტატი ღმერთზე, ადამიანსა და ბედნიერებაზე).


კომენტარები