ნება / ბედისწერა / არსება / პიროვნება

ნება / ბედისწერა / არსება / პიროვნება

ამონარიდი პეტრე უსპენსკის წიგნიდან წიგნიდან – სასწაულებრივის ჯიებაში.

 

შემდეგ შეხვედრაზე გურჯიევმა საუბარი ნების საკითხით დაიწყო:


– საკუთარი ან სხვისი ნების საკითხი გაცილებით რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ადამიანს არ გააჩნია საკმარისი ნება საკუთარი თავისა და ქმედებების გასაკონტროლებლად, თუმცა მას შესაძლოა გააჩნდეს საკმარისი ნება, რომ სხვისას დაემორჩილოს. მხოლოდ ამ გზით შეუძლია თავი დააღწიოს შემთხვევითობის კანონს. სხვა გზა არ არსებობს... ადრე ვახსენე ადამიანის ცხოვრებაში ბედისწერა და შემთხვევა. ახლა ამ სიტყვებს უფრო დეტალურად განვიხილავთ: ბედისწერა არსებობს, მაგრამ არა ყველასთვის. ადამიანთა უმეტესობა საკუთარ ბედისწერას დაშორებულია და მხოლოდ შემთხვევითობის კანონში ცხოვრობს. ბედისწერა არის პლანეტარული გავლენების შედეგი, რომელიც ადამიანის ტიპებს შეესაბამება. ამ ტიპებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ამასობაში ერთი რამ უნდა გაითავისოთ – ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს ბედისწერა, რომელიც მის ტიპს შეესაბამება, მაგრამ პრაქტიკულად არასოდეს განიცხოვროს ის; ეს ხდება იმ მიზეზით, რომ ბედისწერა ადამიანის მხოლოდ ერთ ნაწილს ეხება, რომელსაც არსება ეწოდება... უნდა გავიგოთ, რომ ადამიანი ორი ნაწილისგან შედგება: პიროვნებისა და არსებისგან. უკანასკნელი ადამიანს ეკუთვნის, ხოლო პირველი – არა. ეს იმას ნიშნავს, რომ პიროვნება გარედან არის შემოსული, საკუთრებას არ წარმოადგენს და ასახავს იმას, რაც ადამიანმა ცხოვრების მანძილზე ისწავლა, რაც დააგროვა მეხსიერებასა და შთაბეჭდილებებში; ყოველი სიტყვით, მოძრაობით, ქმედებითა და მიბაძვით შექმნილი შეგრძნებები – ეს ყველაფერი მისი საკუთარი არ არის და სწორედ ესაა პიროვნება. 


ჩვეულებრივი ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, ადამიანის დაყოფა პიროვნებად და არსებად ძნელად გასაგებია. აღმოვაჩენთ, რომ ფსიქოლოგიაში ასეთი დაყოფა საერთოდ არ არსებობს... პატარა ბავშვს პიროვნება ჯერ არ აქვს. იგი ის არის, რაც სინამდვილეშია, ანუ პატარა ბავშვი მთლიანად მისი არსებაა. თავის ყველა სურვილს, მოწონებას, არმოწონებასა თუ არსების დანარჩენ ასპექტებს ისე გამოხატავს, როგორც არის. თუმცაღა როგორც კი ე.წ. „განათლება“ იწყება, პიროვნება იზრდება. იგი ნაწილობრივ სხვა ადამიანების მიზანმიმართული გავლენით იქმნება, ანუ „განათლებით“, ხოლო ნაწილობრივ თავად ბავშვის მიერ მათდამი უნებლიე მიბაძვით. პიროვნების შექმნაში ასევე დიდ როლს თამაშობს „წინააღმდეგობა“, რომლის დროსაც ბავშვი გარშემომყოფებისგან ცდილობს, დამალოს ის, რაც „მისი საკუთარი“ ან „რეალურია“. 


არსება ჭეშმარიტია. პიროვნება ყალბია. თუმცაღა პიროვნების პროპორციულ ზრდასთან ერთად, არსება უფრო და უფრო იშვიათად და სუსტად ვლინდება, რის შედეგადაც ძალიან ხშირად არსება ჯერ კიდევ ძალიან ადრეულ ასაკში ზრდა-განვითარებას ვეღარ ახერხებს. ხშირად კი უაღრესად „განათლებული“ და ინტელექტუალური ადამიანის არსება ხუთი ან ექვსი წლის ბავშვის დონეზე იმყოფება. ეს იმას გულისხმობს, რომ ყველაფერი, რასაც ამ ადამიანში ვხედავთ, მას არ ეკუთვნის. ასეთ დროს მისი არსება მხოლოდ ინსტინქტებში და უმარტივეს ემოციებში გამოიხატება. თუმცა კი არსებობს შემთხვევები, როცა არსება პიროვნების პარალელურად იზრდება. ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათ გამონაკლისებს წარმოადგენს, განსაკუთრებით თანამედროვე კულტურული ცხოვრების პირობებში. არსების განვითარებას უფრო მეტი შანსი აქვს ისეთ ადამიანებში, რომლებიც ბუნებასთან ახლოს ცხოვრობენ და რთულ პირობებში მუდმივად ებრძვიან საფრთხეებსა თუ გამოწვევებს... თუმცაღა, როგორც წესი, ასეთ ადამიანებს პიროვნება აქვთ განუვითარებელი. ანუ მათ აკლიათ განათლება და კულტურა. კულტურა ქმნის პიროვნებას და ამავდროულად თავად არის პიროვნების პროდუქტი. ვერ ვაცნობიერებთ, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება, რასაც ცივილიზაციას, ხელოვნებას, მეცნიერებას, ფილოსოფიასა და პოლიტიკას ვუწოდებთ, ადამიანში პიროვნებას ქმნის, ანუ ისეთ რაღაცას, რაც მას არ ეკუთვნის... ელემენტი, რომელიც ადამიანში „არა-საკუთარისგან“ განსხვავდება, წარმოადგენს იმას, რომ საკუთარს ადამიანი ვერ დაკარგავს, ხოლო ყველაფერი დანარჩენი შესაძლოა დაიკარგოს, შეიცვალოს ან ხელოვნურად გაქრეს. 


პიროვნებასა და არსებას შორის ურთიერთობის ექსპერიმენტული მეთოდი არსებობს. აღმოსავლურ სკოლებში გვხვდება გზები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია პიროვნების არსებისგან გამიჯვნა. თუ პიროვნება და არსება ადამიანში დროებით გამოიყოფა, ისეთი განცდა იქმნება, თითქოს ადამიანში ორი პიროვნება ჩნდება, რომლებიც განსხვავებული ხმებით ლაპარაკობენ, სრულიად განსხვავებული გემოვნება, მიზნები და ინტერესები გააჩნიათ, ხოლო აქედან ერთ-ერთი მათგანი ხშირად ამტკიცებს, რომ პატარა ბავშვის დონეზე იმყოფება. შემდგომში ექსპერიმენტის გაგრძელება შესაძლებელია იმგვარად, რომ ამ ქმნილებათაგან ერთ-ერთმა დაიძინოს. მსგავსი მეთოდით ექსპერიმენტის თავდაპირველად დაწყებაც შესაძლებელია. ზოგიერთ ნივთიერებას პიროვნების დაძინების საშუალება აქვს, თანაც იმგვარად, რომ არსებაზე გავლენა არ მოახდინოს. გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ ნივთიერების მიღების შედეგად ადამიანში პიროვნება ქრება და მხოლოდ მისი არსება რჩება. ადამიანი ასეთ მომენტში ხვდება, რომ აქამდე არსებული ყველაზე მრავალფეროვანი და ამაღლებული იდეები, სიმპათიები, ანტიპათიები, სიყვარული, სიძულვილი, მიჯაჭვულობები, პატრიოტიზმი, გემოვნება, სურვილები, რწმენა-წარმოდგენები და ჩვევები მასში ცარიელი ხდება. აზრები და ემოციები ქრება. ყველაფერი, რაც ადამიანს აქამდე აღიზიანებდა, ახლა სრულიად გულგრილს ტოვებს. რის გამოც აქამდე სიცოცხლესაც გაიღებდა, ახლა სასაცილოდ და ყურადღების ღირსადაც აღარ ეჩვენება. ერთადერთი, რისი აღმოჩენაც ადამიანს ასეთ დროს საკუთარ თავში შეუძლია, ინსტინქტური მიდრეკილებები და გემოვნების მცირე პორციებია. მას უყვარს ტკბილეული, სითბო, არ უყვარს სიცივე, მუშაობა, ანდაც პირიქით – ფიზიკური მოძრაობის იდეა ხიბლავს. სულ ესაა... ზოგჯერ, თუმცა ძალიან იშვიათად, ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელ მომენტშიც ადამიანში არსება სრულყოფილად ვითარდება და იზრდება. ამ შემთხვევაში არსება აერთიანებს ყველაფერს, რაც ადამიანში სერიოზული და რეალურია... თუმცაღა ეს ძალიან იშვიათად ხდება. როგორც წესი, ადამიანის არსება პრიმიტიული, ველური და ბავშვურია, ან თუნდაც ძალიან სულელური. 


არსებაზე მუშაობა საკუთარ თავზე მუშაობასთან არის დაკავშირებული... სამუშაოში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი დგება, როდესაც ადამიანი საკუთარ თავში პიროვნებისა და არსების გარჩევას იწყებს. ადამიანის ნამდვილი მე, მისი ჭეშმარიტი ინდივიდუალობა, მხოლოდ არსებიდან შეიძლება გაიზარდოს. შეიძლება ითქვას, რომ ინდივიდუალობა არის მოწიფული. თუმცაღა არსების გაზრდისთვის აუცილებელია პიროვნების მხრიდან მუდმივი ზეწოლის შესუსტება, რადგან არსების ზრდაში დაბრკოლებას სწორედ პიროვნება წარმოქმნის... თუ საშუალო ადამიანს ავიღებთ, დავინახავთ, რომ უმეტეს შემთხვევაში მასში აქტიურ ელემენტს პიროვნება განასახიერებს, ხოლო პასიურს – არსება. ადამიანის შინაგანი ზრდა შეუძლებელია, სანამ ეს წესრიგი უცვლელი რჩება. პიროვნება უნდა გახდეს პასიური, ხოლო არსება – აქტიური. ეს შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ ბუფერები განადგურდება ან დასუსტდება, რადგან სწორედ ისინი წარმოადგენს მთავარ იარაღს, რომლის დახმარებითაც არსება პიროვნების დაქვემდებარებაში იმყოფება. 


ყოველივე ეს როდი ნიშნავს იმას, რომ ინდივიდისათვის ყველა გზა დაკეტილია. ფაკირის გზა და ბერის გზა, რომელიც არ საჭიროებს არანაირ ინტელექტუალურ განვითარებას, მისთვის ღიად რჩება. თუმცაღა მეთოდები და საშუალებები, რომლებიც განვითარებული ინტელექტის მქონე ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი, ამგვარი ადამიანისთვის მიუღწეველია. ამრიგად, ევოლუცია ერთნაირად რთულია კულტურული თუ უკულტურო ადამიანისთვის. კულტურული ადამიანი ბუნებისგან შორს ცხოვრობს, არსებობის ბუნებრივი პირობებისგან მოშორებით, სიცოცხლის ხელოვნურ პირობებში, სადაც მისი პიროვნება არსების ხარჯზე ვითარდება. ნაკლებად კულტურული ადამიანი კი უფრო ნორმალურ და ბუნებრივ პირობებში ცხოვრობს, სადაც ადამიანი არსებას პიროვნების ხარჯზე ავითარებს. საკუთარ თავზე მუშაობის წარმატებული დასაწყისი მოითხოვს პიროვნებისა და არსების თანაბარი განვითარების ბედნიერ შემთხვევას. ეს ადამიანს წარმატების ყველაზე დიდ გარანტიას მისცემს. თუ არსება ძალიან განუვითარებელია, ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდია საჭირო; ხოლო სამუშაო უსარგებლო იქნება, თუკი არსება შიგნიდან არის დამპალი და დეფორმირებული გამოუსწორებელი დეფექტების გამო. რისი მიღება შეიძლება პატარა და დეფორმირებული საგნისგან? არც არაფრის... უფრო მეტიც, საკმაოდ ხშირად ისეც ხდება, რომ ადამიანში არსება კვდება, ხოლო მისი პიროვნება და სხეული ჯერ კიდევ ცოცხალია. ადამიანების მნიშვნელოვანი ოდენობა, რომელსაც ქუჩებში ხედავთ, შინაგანად ცარიელია, ანუ რეალურად ისინი უკვე მკვდრები არიან... ჩვენ ბედნიერები ვართ, ვინაიდან არ შეგვიძლია იმის დანახვა, ადამიანთა რაოდენობის რამდენად დიდი ნაწილი დაიარება მკვდარი და რა მართავს მათ მოძრაობებსა თუ ქმედებებს; წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ფაქტის საშინელებისგან შევიშლებოდით... და მართლაც, ადამიანები ხშირად გიჟდებიან, რადგან ისინი ზოგჯერ სათანადო მომზადების გარეშე ახერხებენ ამ ფაქტის დანახვას, ანუ იმას ხედავენ, რაც არ უნდა ნახონ. საფრთხის გარეშე დასანახად თქვენ მომზადებული უნდა იყოთ. თუ ადამიანი, რომელსაც არაფრის გაკეთება შეუძლია, სიმართლეს დაინახავს, აუცილებლად გაგიჟდება; მაგრამ ეს იშვიათად ხდება. ჩვეულებრივ, ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ადამიანი ნაადრევად ვერაფერს ხედავს. პიროვნება მხოლოდ იმას იხილავს, რაც მოსწონს, და დანარჩენ საკითხებში არ ერევა. ეს ერთდროულად კარგიცაა და ცუდიც. კარგია მაშინ, თუ ადამიანს ძილი სურს, ხოლო ცუდია – თუკი გამოღვიძება უნდა. 


– თუ არსება ბედისწერას ექვემდებარება, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შემთხვევითობასთან შედარებით ადამიანისთვის ბედისწერა ყოველთვის უმჯობესია? – იკითხა ვიღაცამ.


– არა, ეს საერთოდ არ ნიშნავს ამას – უპასუხა გურჯიევმა – ბედისწერა შემთხვევას იმ გაგებით სჯობს, რომ მისი გათვალისწინება შესაძლებელია, ანუ თქვენ შეგიძლიათ ის წინასწარ იცოდეთ. შემთხვევითობის დროს წინასწარ ვერაფერი გეცოდინებათ. თუმცაღა ბედისწერა შესაძლოა უსიამოვნო და რთული იყოს. მაგრამ ამ შემთხვევაში ბედისწერისგან იზოლირების საშუალებები არსებობს. ამისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი ზოგადი კანონებისგან თავის დაღწევას მოიცავს. ინდივიდუალური შემთხვევითობის მსგავსად, არსებობს ასევე ზოგადი ან კოლექტიური შემთხვევითობა, ისევე, როგორც ბედისწერისასთან მიმართებით. კოლექტიური შემთხვევები და ბედისწერა ზოგადი კანონებით რეგულირდება. საკუთარი ინდივიდუალობის შესაქმნელად ადამიანი ჯერ უნდა განთავისუფლდეს ზოგადი კანონებისგან. ჩვენ მრავალი ასეთი კანონისგან შეგვიძლია განვთავისუფლდეთ, თუ მოვიშორებთ ბუფერებსა და წარმოსახვას. ეს ყველაფერი პიროვნებისგან განთავისუფლებას უკავშირდება. პიროვნება წარმოსახვით და სიცრუით იკვებება. თუ სიცრუე და წარმოსახვა მცირდება, პიროვნება ძალიან მალე სუსტდება და ადამიანი ბედისწერის კანონის ქვეშ აღმოჩნდება, ან სამუშაოში მასწავლებლის ნებას დაემორჩილება. ნების გამომუშავება ადამიანს შესაძლებლობას მისცემს, გაუძლოს როგორც შემთხვევითობებს, ისე ბედისწერასაც. 

 

 

 

 

 


კომენტარები