გამომცემლობა „აქტის“ ჯიბის წიგნების სერია

გამომცემლობა „აქტის“ ჯიბის წიგნების სერია

null

 

2024 წლის ივლისის თვისთვის სერია მოიცავს 16 წიგნს. კატეგორიები: ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ეზოტერიკა, რელიგია, პოლიტიკა. რამდენიმე წიგნის შესახებ: 

 

1. რუდოლფ შტაინერი / ეგოიზმი ფილოსოფიაში, ასევე გამოცემული სახელწოდებით „ინდივიდუალიზმი ფილოსოფიაში“

 

„ეგოიზმი ფილოსოფიაში“ 1899 წელს დაიწერა. მასში იკვეთება ფილოსოფიური აზროვნებიდან ანთროპოსოფიულზე გადასვლის ნიშნები. შეიძლება, ითქვას, ეს არის ფილოსოფიურ-ანთროპოსოფიული აზროვნების ერთგვარი სინთეზი. ჰარტმანის მიხედვით „ეგოიზმი ფილოსოფიაში“ ანთროპოსოფიაში გადასვლის გარეშე იქნებოდა „არაფილოსოფიის უფსკრულში ჩავარდნა“. ამავე დროს ანთროპოსოფია ამ წიგნის გარეშე უბრალოდ „დასავლურ სულიერ ცხოვრებაში განფესვილი სპირიტუალიზმი“, ხოლო ფილოსოფოსისთვის კურიოზი იქნებოდა. 
წიგნი პირველად ქართულ ენაზე გამოიცა 2017 წელს გამომცემლობა „Cogito“-ს მიერ. წინამდებარე 2024 წლის გამოცემა კი წარმოადგენს შესწორებულ გამოცემას. მთარგმნნელი: ლამარა ბაბლუანი. რედაქტორი: ამირან კვარაცხელია.

 

2. ფრიდრიხ ნიცშე / ანტიქრისტე – წყევლა ქრისტიანობას

 

გამოცემა არის ტექსტის არაბეჭდური გამოცემის შესწორებული და გადამუშავებული ვერსია. არსებული თარგმანი შედარებულ იქნა ფრიდრიხ ნიცშეს თხზულებების აკადემიურ-კრიტიკულ გამოცემასთან (რედაქტორები: ჯ. კოლი, მ. მონტინარი). შესაბამისად, არსებულ თარგმანს დანართის სახით დაემატა „კანონი ქრისტიანობის წინააღმდეგ“, რომელიც თან ერთვის „ანტიქრისტეს“ აკადემიურ გამოცემებს. 
წიგნი პირველად ქართულ ენაზე 2020 წელს გამოიცა გამომცემლობა „აქტის“ მიერ. წინამდებარე 2024 წლის გამოცემა 2020 წლის გამოცემისგან განსხვავებით გამოცემული გახლავთ მთარგმნელისა და რედაქტორის წინასიტყვაობის გარეშე. რაიმე სახის ტერმინოლოგიური ან შინაარსობრივი განსხვავება არ არსებობს გამოცემებს შორის. მთარგმნელი: ვახტანგ გორგიშელი, რედაქტორი: გიორგი თავაძე.

 

3. ფრიდრიხ ნიცშე / დიონისეს დითირამბები

 

„დიონისეს დითირამბები“ კლასიკური მოდერნისტული პოეზიის ცენტრალური ტექსტია, რომლის პოეტიკამ – ავტორის ფილოსოფიასთან ერთადაც და მისგან დამოუკიდებლადაც – უდიდესი გავლენა იქონია XX საუკუნის ევროპულ პოეზიაზე. იგი აღმოჩნდა თვით ნიცშეს შემოქმედების პოეტური შეჯამებაც. სხვადასხვა დროს დაწერილი (პირველი სამ დითირამბს უკვე შეიცავდა „ასე ამბობდა ზარათუშტრა“) და ერთ ციკლად თავმოყრილგადამუშავებული ლექსების ეს კორპუსი „წყლისმსმელმა“ პოეტმა (როგორც ნიცშე თავის თავს უწოდებდა) სულ ბოლოს (სავარაუდოდ 1889 წლის იანვარში) დაასათაურა. შესაბამისად, ეს მისი ხელიდან დასაბეჭდად გამოსული უკანასკნელი მთლიანობაა. დიონისური სულისკვეთებით აღსავსე ამ ლექსების თითოეული სტრიქონი და სიტყვა შექმნილი, დაწერილი და დამზადებულია აპოლონური სიზუსტით და სიბეჯითით. „დიონისეს დითირამბებში“ ენა არა მხოლოდ მეტყველებს, არამედ თავის თავთანაც მეტყველებს და – იმასთანაც, რასაც იგი მას მერე მეტყველებს, როცა ამ ენის/ამ ნიცშეს მიერ ერთადერთ ჭეშმარიტებად ჭეშმარიტების არარსებული სამოთხიდან გამოძევებულადყოფნა და წერა-კითხვით მწარე ტკბობის შესაძლებლობა ცნობიერდება. – მთარგმნელი.
წიგნი პირველად გამოიცა 2022 წელს გამომცემლობა „მერწყულის“ მიერ. წინამდებარე 2024 წლის გამოცემაში არ არის რაიმე სახის ტერმინოლოგიური ან შინაარსობრივი ცვლილებები შეტანილი. მთარგმნელი : დათო ბარბაქაძე.

 

4. ვლადიმირ სოლოვიოვი / ფილოსოფია Ι ხელოვნება

 

გამოცემა აერთიანებს ავტორის ორ ესსეის: 1. „ჭეშმარიტი ფილოსოფიის გზაზე“, 2. „ხელოვნების ზოგადი აზრი“. ესსეიში „ჭეშმარიტი ფილოსოფიის გზაზე“ ავტორის მიერ მისტიკოსისა და ფილოსოფოსის, ლაზარე ფონ ჰელენბახის, ერთ-ერთი ძირითადი ნაწარმოების კრიტიკა უფრო ზოგად ხასიათს იძენს და ფილოსოფიის მიმართულებას განსაზღვრავს – „ადამიანურ გამონაგონთა სფეროდან ღვთიური ჭეშმარიტების სფეროში“. ესსეი „ხელოვნების ზოგადი აზრი“ კი აყალიბებს ავტორის შეხედულებებს მის სისტემაში ესთეტიკის ადგილის შესახებ.

 

5. მარტინ ლუთერი / ქადაგება სიკვდილისთვის მზადების შესახებ

 

ტრაქტატი აღწერს სიკვდილისთვის მზადების რამდენიმე საფეხურს. ავტორი ცდილობს გააძლიეროს, დაიცვას მომაკვდავი სიკვდილის ჟამს სასოწარკვეთილების ცდუნებისაგან. ლუთერი ურჩევს სიკვდილის წინაშე მდგარ ადამიანებს წარმოიდგინონ სამი მოელვარე სურათი – სიცოცხლის, წყალობისა და ზეცის, იმისათვის, რათა განდევნონ ცნობიერებიდან მათი სამი სრულიად საპირისპირო – სიკვდილი, ცოდვა და ჯოჯოხეთი. 

 

6. პაულ ტილიხი / კულტურის თეოლოგია

 

გერმანელ-ამერიკელი ქრისტიანი მოაზროვნე და კულტურის ფილოსოფოსი პაულ ტილიხი (1886-1965) ითვლება XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს თეოლოგად. მისი შემოქმედების მთავარი თემებია ქრისტიანობა და კულტურა, ქრისტიანობის ადგილი თანამედროვე კულტურასა და ადამიანის სულიერ გამოცდილებაში, ევროპელი ერების ისტორიული ბედისწერა სახარების ჭრილში. ამ პრობლემების განხილვისას მკვლევარი ონტოლოგიისა და ანთროპოლოგიის, კულტუროლოგიისა და ფილოსოფიის ისტორიის, ქრისტოლოგიისა და ბიბლიური ჰერმენევტიკის ტერმინებს იშველიებს.
წიგნი შემდეგ კითხვებს უპასუხებს: რა კულტურულ ფორმებს იღებს ქრისტიანობა უკანასკნელ საუკუნეებში და დღეს? როგორ ახდენს ის ზეგავლენას ხელოვანთა შემოქმედებასა და აზროვნებაზე, თანამედროვე კულტურაზე?

 

7. მაჰათმა განდი / ეთიკური რელიგია

 

წიგნში „ეთიკური რელიგია“ განდი საუბრობს მორალზე, როგორც რელიგიათა საფუძველზე, ამტკიცებს, რომ მორალის გარეშე რელიგიას არსებობა არ შეუძლია – მისი თქმით, მორწმუნეა ის, ვინც ნებაყოფლობით იცავს ეთიკურ პრინციპებს. განდი საუბრობს იდეალურ მორალზე, რომელიც მიიღწევა მაშინ, როცა ადამიანი გაუკვალავ ბილიკსაც დაადგება, თუკი იცის, რომ ჭეშმარიტებას მიეახლება. ავტორი ხაზს უსვამს მორალური საქციელის ჭეშმარიტ არსს, რომელიც ადამიანის მხრიდან წინასწარგანზრახულ ქმედებას გულისხმობს და არა მექანიკურ ქცევას.

 

7. მაჰათმა განდი / რას ნიშნავს იესო ჩემთვის

 

წიგნში  ავტორი გვიყვება იმის შესახებ, თუ როგორი დიდი გავლენა იქონია იესო ქრისტემ  მის ცხოვრებასა და რწმენაზე. იგი აღტაცებულია იესოთი, როგორც სულიერი ლიდერით, ფილოსოფოსით. გვიზიარებს, როგორ ესმის ქრისტეს მოძღვრება და რა როლი შეასრულა ქრისტემ მისი არა-ძალადობრივი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.

 

9. ოსვალდ შპენგლერი / გადაწყვეტილებათა წლები

 

წიგნში „გადაწყვეტილებათა წლები“ გაკრიტიკებულია დასავლური ლიბერალიზმი (1933) და მასში ავტორი აღმოაჩენს რუსული ბოლშევიზმის ელემენტებს. ნაშრომი წინასწარმეტყველურად განსჯის მე-2 მსოფლიო ომის წარმოშობის შესაძლებლობებს, მიუთითებს მოსალოდნენ „თეთრ“ და „ფერად“ რევოლუციებზე. ხაზგასმითაა ნაწინასწარმეტყველები ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმების გარდაუვალი წარმოშობა.

 

10. ანი ბეზანტი / ბუდიზმი

 

წინამდებარე წიგნში ავტორი გადმოსცემს ბუდას ცხოვრების გარკვეულ ფრაგმენტებს, თუ რა როლი ითამაშა მან ბუდისტური დოქტრინის ჩამოყალიბებაში, და ამასთანავე აღწერს მსგავსება-განსხვავებებს ბუდიზმსა და ჰინდუიზმს შორის, რის საშუალებითაც მკითხველი ხედავს ავტორისეულ მცდელობას, შეარიგოს ეს ორი რელიგია ერთმანეთს.

 

 


კომენტარები