ერიხ ფრომი – ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, ფსიქოანალიტიკოსი, ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენელი, ნეოფროიდიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი ერიხ ფრომის წიგნიდან – „ადამიანის სული“.
ნარცისიზმის აღწერა დავიწყოთ ორი ექსტრემალური მაგალითით: ახალშობილის „პირველადი ნარცისიზმითა“ და სულით ავადმყოფის ნარცისიზმით. ახალშობილს ჯერ კიდევ არა აქვს ურთიერთობა გარე სამყაროსთან (ფროიდის ტერმინოლოგიით – ჯერ კიდევ არ შემდგარა ობიექტის განსაზღვრება). ეს მდგომარეობა ასევე შეიძლება გამოიხატოს შემდეგნაირად: გარე სამყარო არ არსებობს ახალშობილისათვის, ყოველ შემთხვევაში, მას არ შეუძლია განსხვავება „მე-სა“ და „არა-სი“. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალშობილს არა აქვს „ინტერესი“ (inter-esse – შიგნით ყოფნა) გარე სამყაროსთან. ახალშობილისთვის არსებობს ერთადერთი რელობა, – ესაა მისი საკუთარი თავი: მისი სხეული, სითბოსა და სიცივის ფიზიკური შეგრძნებები, წყურვილები, ძალისა და ფიზიკური კონტაქტის მოთხოვნილებები.
სულით ავადმყოფი იმყოფება იმ მდგომარეობაში, რომელიც არსებითად არ განსხვავდება ახალშობილის მდგომარეობისაგან. მაგრამ, იმ დროს, როდესაც ახალშობილისათვის გარე სამყარო ჯერ კიდევ არ წარმოშობილა, როგორც რეალობა, სულით ავადმყოფისათვის მან უკვე შეწყვიტა არსებობა. მაგალითად, ჰალუცინაციის შემთხვევაში გრძნობის ორგანოები კარგავენ თავის ფუნქციას, რეგისტრაცია მოახდინოს გარე სამყაროში მომხდარის და ახდენს მხოლოდ გარე სამყაროს საგნებზე სენსორული რეაქციის ტიპის სუბიექტური განცდების რეგისტრაციას. ამგვარი მექანიზმი მოქმედებს დევნის მანიის შემთხვევაშიც. სუბიექტური ემოციები, მაგალითად: შიში და ეჭვი, იმდენად ობიექტურდება რომ პარანოიკოსი დარწმუნებულია მის წინააღმდეგ შეთქმულებაში. სწორედ ამით განსხვავდება იგი ნევროტიკოსისაგან: ამ უკანასკნელს შეუძლია იცხოვროს მუდმივ შიშში, რომ ის ძულთ ან დევნიან, ან ამის მსგავსში, მაგრამ ის ყოველთვის იცნობიერებს, რომ საუბარია მხოლოდ მისი შიშების შესახებ. პარანოიკოსთან კი შიში გარდაიქმნება ფაქტში.
ნარცისიზმის განსაკუთრებულ სახეობას, მოსაზღვრეს ნორმასა და სულით ავადმყოფობას შორის, შეიძლება დავაკვირდეთ განსაკუთრებული ძალაუფლების მქონე ადამიანებთან. ეგვიპტის ფარაონები, რომაელი იმპერატორები, ბორჯიების გვარის წარმომადგენლები, ჰიტლერი, სტალინი და ტრუხილო – ყველანი ამჟღავნებს ხასიათის განსაზღვრულ მსგავს ნიშნებს. ისინი ფლობენ აბსოლუტურ ძალაუფლებას, მათ ეკუთვნით საბოლოო სიტყვა, სიცოცხლისა და სიკვდილის ჩათვლით. ძალაუფლება, რომელსაც შეუძლია მთელი მათი სურვილების განხორციელება, უსაზღვრო ჩანს. ისინი ღმერთები არიან და მხოლოდ ავადმყოფობას, ასაკს და სიკვდილს შეუძლია ზიანი მიაყენოს მათ. ადამიანის არსებობის პრობლემის გადაწყვეტას ისინი ჰპოვებენ იმაში, რომ გადააბიჯებენ ამ არსებობის საზღვრებს თავზეხელაღებული ცდების განხორციელებით. ისინი ცდილობენ მოიქცნენ იმგვარად, რომ თითქოსდა არ არსებობს საზღვრები მათი ახირებებისა და ძალაუფლების წყურვილისათვის. მათ სძინავთ ურიცხვ ქალთან, ხოცავენ უთვალავ ადამიანს, ყველგან აშენებენ თავიანთ სასახლეებს და „ეპოტინებიან ვარსკვლავებს“, „სურთ შეუძლებელი“. (ა. კამიუმ დრამაში – „კალიგულა“ ზუსტად აღწერა ძალაუფლებით თრობის მდგომარეობა). ესაა სიგიჟე, თუნდაც ეს იყოს მცდელობა არსებობის პრობლემის, საკუთარი ზეადამიანური ბუნების დაუსაბუთებელი მტკიცების მეშვეობით გადაწყვეტის. ეს იმგვარი უგნურებაა, რომელიც ავლენს ცხოვრების დინების მუდმივი გაღრმავების ტენდენციას. რაც უფრო მეტი ადამიანი ცდილობს გახდეს ღმერთი, მით უფრო იზოლირებული ხდება იგი სხვა ადამიანებისაგან და ეს იზოლირება მით უფრო მზარდი შიშით მოცულს ხდის მას. მას ეჩვენება, რომ ყველა მისი მტერია და რათა, დაძლიოს ეს შიში, მან კიდევ უფრო უნდა განამტკიცოს თავისი ძალაუფლება, თავისი ურცხვობა და თავისი ნარცისიზმი. ცეზარის მანია სხვა არაფერი იყო თუ არა სულიერი ავადმყოფობა, თუკი იგი ძალაუფლების მეშვეობით არ დაუქვემდებარებდა რეალობას თავის ნარცისისტულ ფანტაზიებს. ერთი მხრივ, მან აიძულა ყველა, დათანხმებულიყვნენ, რომ ის ღმერთია, ყველაზე უფრო ძლიერი და ბრძენი, ამის გამო საკუთარი მანია მას ეჩვენებოდა სავსებით დასაბუთებულად. მეორე მხრივ, ის ყველას ძულდა, ცდილობდნენ დაემხოთ და მოეკლათ, რის გამოც მისი პათოლოგიური ეჭვიანობა შეიცავდა რეალობის ელემენტს. გამოდის რომ კავშირი რეალობასთან მთლად არ იყო დაკარგული და მას რჩებოდა მცირე ნარჩენი სულიერი სიჯანსაღის, რომელიც თუმცა შეიძლებოდა იოლად შერყეულიყო.
ფსიქოზი წარმოადგენს აბსოლუტური ნარცისიზმის მდგომარეობას, რომლის გამოც ინდივიდმა გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი გარე სამყაროსთან და შეცვალა იგი საკუთარი პიროვნებით. იგი მთლიანად აღვსილია თავისი თავით და საკუთარი თავი აქცია „ღმერთად და მთელ სამყაროდ“. ამ დასკვნამ ფროიდს შესაძლებლობა მისცა პირველად გაეხსნა გზა ფსიქოზის არსის დინამიკური ახსნისაკენ.
ვინაიდან, ალბათ, ყველა მკითხველი კარგად არ იცნობს ფსიქოზის პრობლემას, აუცილებლად მიმაჩნია ნარცისიზმის აღწერა შევავსო ნევროტიკულ და „ნორმალურ“ პიროვნებებზე დაკვირვებით. საშუალო ადამიანთან ნარცისიზმის ყველაზე უფრო ელემენტარული ფორმა მჟღავნდება საკუთარ სხეულთან დამოკიდებულებაში. ადამიანთა უმრავლესობას მოსწონს საკუთარი სხეული, სახე და ფიგურა და თუკი მათ ვკითხავდით, სურთ თუ არა შეცვლილიყვნენ ვინმეთი, რომელიც მათზე უფრო ლამაზია, ისინი მტკიცე უარით გვიპასუხებდნენ. კიდევ უფრო ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ადამიანთა უმრავლესობისათვის საკუთარი გამონაყოფის სახეობასა და სუნს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს (ზოგიერთი მას სასიამოვნოდაც კი მიიჩნევს), მაშინ როცა სხვათა გამონაყოფისადმი განიცდიან აშკარა ზიზღს. სავსებით ნათელია, რომ ყოველივე ამას არაფერი საერთო არა აქვს ესთეტიკურ ან სხვაგვარი სახის შეფასებასთან, ის რაც საკუთარ სხეულთან კავშირში აღიქმება როგორც სასიამოვნო, სხვის სხეულთან კავშირში აღიქმება უსიამოვნოდ.
ახლა, ყურადღება მივაქციოთ ნარცისიზმის არც თუ ისე ფართოდ გავრცელებულ შემთხვევას. ვიღაც ურეკავს ექიმს და მოითხოვს მისი მიღების თარიღის დანიშვნას. ექიმი ეუბნება, რომ ეს კვირა მას განაწილებული აქვს და თავაზობს მომდევნო კვირაში შეხვედრის დანიშვნას. პაციენტი დაჟინებით მოითხოვს უფრო ადრე შეხვედრას და ახსნის სახით ლაპარაკობს არა იმაზე, თუ რატომაა საჭირო ასეთი სასწრაფო შეხვედრა, როგორც მოსალოდნელი იყო, არამედ განმარტავს, რომ იგი „ხუთი წუთის“ სავალზეა ექიმის კაბინეტიდან. როდესაც, ექიმი პასუხობს, რომ ეს ფაქტი სრულიადაც არ წყვეტს მის პრობლემას, პაციენტი ვერ ამჟღავნებს აღნიშნულის გაგებას და აგრძელებს დაჟინებულად საკუთარი არგუმენტის მოხმობას, მიიჩნევს რა, რომ იგი საკმაო საფუძველია უფრო ადრიანი ვიზიტის დანიშვნისათვის. თუკი ექიმი ფსიქიატრია, მაშინ ის განახორციელებს მნიშვნელოვან დიაგნოსტიკურ დაკვირვებას, სახელდობრ – მას საქმე აქვს განსაკუთრებულად ნარცისისტულ ადამიანთან, ე.ი. მძიმე ავადმყოფთან. დამადასტურებელი საბუთები ზედაპირზე დევს. პაციენტი ვერ ახერხებს ექიმისა და საკუთარი სიტუაციის ერთმანეთისაგან განცალკევებას. თავისი სურვილის გარდა იგი ვერაფერს ვერ ხედავს. მისთვის ექიმი, როგორც დამოუკიდებელი პიროვნება, თავისი განრიგითა და მოთხოვნილებებით, არ არსებობს. ამ პაციენტის ლოგიკური დასკვნა გვაუწყებს: თუკი მისთვის მოსახერხებელია ექიმთან მისვლა, მაშინ ექიმისთვისაც მოსახერხებელი უნდა იყოს მისი მიღება. დიაგნოზი სხვადასხვაგვარი იქნება, თუკი პაციენტი ექიმის პირველი განმარტების შემდეგ შეძლებს პასუხს: „რა თქმა უნდა, მე მესმის თქვენი, ექიმო, გთხოვთ მომიტევოთ, ჩემი მხრივ სისულელე იქნებოდა ამგვარი რამის თქმა“, თუმცა ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს ნარცისისტულ პაციენტთან, რომელიც თავიდანვე ვერ ახერხებს ექიმისა და საკუთარ სიტუაციას შორის განსხვავებას, მაგრამ ამ უკანასკნელის ნარცისიზმი არც თუ იმდენად ინტენსიური და ჯიუტია, როგორც პირველი პაციენტისა. ამგვარ ადამიანს ჯერ კიდევ ძალუძს გაიგოს ნამდვილი სიტუაცია, თუკი მას მიუთითებენ და ის უხერხულად იგრძნობს თავს დაუკვირვებლობის გამო, როდესაც ის ამას გაიგებს; ხოლო, პირველი ტიპის პაციენტი, პირიქით, იგი არავითარ შემთხვევაში არ იქნება დარცხვენილი, დაიწყებს ექიმის კრიტიკას და იტყვის, რომ ექიმი ჩერჩეტია, ვინაიდან არ ესმის ასეთი მარტივი რამ.
მსგავს მოვლენას შეიძლება დავაკვირდეთ ქალზე შეყვარებულ ნარცისისტულ ადამიანთან, რომელსაც ქალი არ პასუხობს სიყვარულით. მას არ სჯერა, რომ არ უყვარს ქალს და იწყებს სიტუაციის ამგვარ ინტერპრეტაციას: „შეუძლებელია, რომ მე მას არ ვუყვარდე, იმ დროს, როდესაც მე იგი ასე ძლიერ მიყვარს“, ან: „მე ვერ შევძლებდი მის ამგვარ ძლიერ სიყვარულს, რომ მასაც არ ვუყვარდე“. შემდეგ, ის ეცდება თავისთვის ახსნას ქალის მხრიდან ზიარი გრძნობის არ არსებობა შემდეგნაირად: „მას გაუცნობიერებლად ვუყვარვარ, მას აშინებს თავისი სიყვარულის სიძლიერე, მას სურს ჩემი გამოცდა, რათა გამაწვალოს“ და ამის მსგავსად, ისევე, როგორც ზემოხსენებულ შემთხვევაში, აქაც არსებითია ის, რომ ნარცისისტულ ადამიანს არ ძალუძს საკუთარი თავი დააყენოს სხვა ადამიანის ადგილზე.
ახლა განვიხილოთ ორი ფენომენი, რომელთაც თითქოსდა, არაფერი საერთო არ გააჩნია ერთმანეთთან და მაინც ორივე აღინიშნება ნარცისიზმით. ვიღაც ქალი ყოველდღიურად, ვარცხნასა და სახის ღებვაში, მრავალ საათს ატარებს სარკის წინ. ის ამას აკეთებს არა მხოლოდ იმიტომ, რომ სახელის მაძიებელია, არამედ იმიტომ, რომ პირდაპირ შეპყრობილია თავისი სხეულითა და თავისი სილამაზით და თავისი სხეული მისთვის წარმოადგენს ერთადერთ მნიშვნელოვან რეალობას. მისი საქციელი გვახსენებს ბერძნული ლეგენდის მშვენიერი ყმაწვილის _ ნარცისის შესახებ, რომელმაც უგულვებელყო ნიმფა ექოს სიყვარული და რომელსაც გული გაუსკდა. ნემეზიდამ (ან აფროდიტემ) დასაჯა იგი იმით, რომ მას შეუყვარდა ტბის ზედაპირიდან სარკისებურად არეკლილი საკუთარი გამოსახულება და დაიღუპა საკუთარი თავით აღტაცებული. ბერძნული ლეგენდა აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ამგვარი სახის „თავის თავზე შეყვარება“ არის წყევლა და რომ ექსტრემალურ ფორმებში იგი იწვევს თვითგანადგურებას. სხვა ქალი (ის შეიძლება იყოს იგივე, მხოლოდ რამდენიმე წლით გვიან) იტანჯება იპოქონდრიით, თუმცა იგი არც კი ცდილობს გალამაზებას, მაგრამ ეს ქალიც, ასევე, სულ დაკავებულია თავისი სხეულით, ვინაიდან ეშინია ავადმყოფობის. რა თქმა უნდა, თითოეულს აქვს თავისი საფუძველი, რათა განსაჯოს ამგვარი სურათის პოზიტიური და ნეგატიური მხარეები. მოცემულ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ორივე ფენომენის უკან იმალება, გარემო სამყაროსადმი ინტერესის გამოვლენის შემზღუდველი, ერთნაირად ნარცისიზმით მოცული პერსონა.
საქმე მსგავსადაა მორალური იპოქონდრიის შემთხვევაშიც. ამ დროს ადამიანი უფრთხის არა ავადმყოფობას ან სიკვდილს, არამედ ეშინია დანაშაულის ჩადენის. ასეთი ადამიანი მუდმივად ფიქრობს იმაზე, თუ რაშია იგი დამნაშავე, რა გააკეთა არასწორად, რა ცოდვები ჩაიდინა და ა.შ. მაშინ როცა, გვერდიდან და საკუთარ თვალშიც, იგი ახდენს განსაკუთრებულად სინდისიერი, მორალური და თვით სხვა ადამიანებზე მზრუნველი კაცის შთაბეჭდილებასაც კი, სინამდვილეში იგი დაკავებულია მხოლოდ საკუთარი სინდისით, იმით, თუ რა შეიძლება თქვან სხვებმა მასზე და ა.შ. ნარცისიზმი, ფიზიკური და მორალური იპოქონდრიის საფუძველში მყოფი, განსხვავდება დიდების მოყვარული ადამიანის ნარცისიზმისაგან მხოლოდ იმით, რომ იგი ნაკლებად შესამჩნევია გამოუცდელი თვალისათვის. ნარცისიზმის ეს სახეობა, რომლის კლასიფიცირება აბრაჰამმა მოახდინა, როგორც ნეგატიური ნარცისიზმი, განსაკუთრებულად ნათლად ჩანს მელანქოლიის მდგომარეობაში. ამგვარი მდგომარეობა ხასიათდება საკუთარი თავის უკმარისობის, არარეალურობისა და თვითბრალდების გრძნობით.
ნარცისისტული ორიენტაციის ნაკლებ გამოხატული ფორმები გვხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. ამას ადასტურებს ერთი მშვენიერი ანეგდოტი. მწერალი ხვდება მეგობარს, დიდხანს და მომაბეზრელად ელაპარაკება მას თავის თავზე და ბოლოს ეუბნება მას: „ასე დიდხანს ვლაპარაკობდი ჩემს შესახებ და ახლა კი მოდი შენზე ვილაპარაკოთ. როგორ მოგწონს ჩემი უკანასკნელი წიგნი?“ ეს ადამიანი იმ ჯგუფის ტიპიური წარმომადგენელია, რომელიც დაკავებულია მხოლოდ საკუთარი თავით და სხვები აინტერესებს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ისინი წარმოადგენენ მისი პერსონის ექოს. თვით მაშინაც კი, როცა ისინი ჩანან როგორც თავაზიანი ადამიანები, მზადმყოფნი სხვისი დახმარებისათვის, ხშირად ამას ისინი აკეთებენ მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი თავი მოსწონთ ამ როლში და მთელ თავის ენერგიას იყენებენ იმისათვის, რათა აღტაცებულნი იყვნენ საკუთარი თავით, ნაცვლად იმისა, რომ საგნებს შეხედონ იმ ადამიანის თვალით, რომელსაც ისინი ეხმარებიან.
რა ნიშან-თვისებებით შეიძლება ნარცისისტული ადამიანის ამოცნობა? არსებობს იოლად ამოსაცნობი ტიპი. მისთვის დამახასიათებელია თვითკმაყოფილების ყველა ნიშან-თვისება. თუკი ის გადმოისვრის რამდენიმე უმნიშვნელო სიტყვას ემჩნევა, რომ მას დარჩა ისეთი გრძნობა, რომ თითქოსდა რაღაც მეტად მნიშვნელოვანი თქვა. ჩვეულებრივ, იგი სრულად არ უსმენს სხვებს და ოდნავ ინტერესდება იმით, თუ რას ლაპარაკობენ ისინი (თუკი ის გონიერია, მაშინ ცდილობს დამალოს ეს, იძლევა შეკითხვებს და იღებს დაინტერესებული მსმენელის სახეს). ნარცისისტული ადამიანი ასევე შეიძლება ამოვიცნოთ ყოველნაირ კრიტიკაზე მეტად მგრძნობიარე რეაქციით. ეს მგრძნობელობა შეიძლება გამოიხატოს იმაში, რომ იგი სადავოდ ხდის კრიტიკის საფუძვლიანობას, რეაგირებს მასზე მრისხანედ ან დეპრესიულად. ბევრ შემთხვევაში ნარცისისტული ორიენტირებულება შეიძლება იმალებოდეს მოკრძალებულ და უსიტყვო ქცევებში; სინამდვილეში, არც თუ იშვიათად, ნარცისისტული ადამიანი მორჩილებას აქცევს თავისი ტკბობის საგნად. როგორადაც არ უნდა გამოიყურებოდეს ნარცისიზმის გამოხატვის განსხვავებული ფორმები, საერთოს ყოველი მათგანისათვის წარმოადგენს გარე სამყაროსადმი ჭეშმარიტი ინტერესის უქონლობა. ზოგჯერ ნარცისისტული ადამიანი შეიძლება დადგინდეს მისი სახის გამომეტყველებით. მასზე შეიძლება შევამჩნიოთ გონიერებისა და ჩაცინების გაელვება, რომელიც ზოგს ანიჭებს თვითკმაყოფილების იერს, ხოლო ზოგიერთს საშუალებას აძლევს გამოიყურებოდნენ ბედნიერებისაგან გაბრწყინებულად, ნდობის გამომწვევად და ბავშვურად. ხშირად, ნარცისიზმი, განსაკუთრებით კი მის ექსტრემალურ ფორმებში, შეიძლება განვსაზღვროთ თვალების განსაკუთრებული ელვარებით, რომელსაც ერთნი წმინდანობის ნიშნად მიიჩნევენ, ხოლო მეორენი – მსუბუქი შეშლილობის ნიშნად. მრავალი ნარცისისტული პიროვნება განუწყვეტლივ ლაპარაკობს, ხშირად ჭამის დროს და ამასთანავე თვითონ ივიწყებენ ჭამას და სხვებსაც აიძულებენ ლოდინს. საზოგადოება და ჭამა არც თუ ისე მნიშვნელოვანია მათთვის, ვიდრე საკუთარი „მე“.
არაა აუცილებელი ნარცისისტულმა ადამიანმა თავისი ნარცისიზმის საგნად აქციოს მთლიანად საკუთარი პიროვნება. ხშირად, იგი ნარცისიზმით ამარაგებს მხოლოდ მის ცალკეულ ასპექტებს, მაგალითად ღირსებას, ინტელიგენტურობას, ფიზიკურ შესაძლებლობებს, მახვილგონიერებას, გარეგნობას (ზოგჯერ, ცალკეული დეტალებითაც კი შემოიფარგლება, მაგალითად, – თმით ან ცხვირით). ზოგჯერ, მისი ნარციზმი შეეხება ისეთ თვისებებს, რომლითაც ნორმალური ადამიანი სრულიადაც არ იამაყებდა. მაგალითად, მოშიშარობითა და საფრთხის წინასწარი განჭვრეტის უნარით. იგი საკუთარ თავს იდენტიფიცირებს თავისი თავის კერძო ასპექტებთან. თუკი მას შევეკითხებით: ვინ არის „იგი“, სწორი პასუხი უნდა იყოს შემდეგნაირი: „იგი“ არის მისი გონება, მისი სახელი, მისი სიმდიდრე, მისი სინდისი და ა.შ. ასევე, სხვადასხვა რელიგიის ყველა კერპი წარმოადგენდა ადამიანის განსხვავებულ კერძო ასპექტებს. ნარცისისტული ადამიანისათვის თითოეული ამ კერძო თვისებათაგანი, რომელიც ქმნის მის თვითობას, შეიძლება იყოს ნარცისიზმის ობიექტი. ვინმე, ვისი თვითობაც წარმოდგენილია მისი ქონებით, სავსებით შეიძლება დაემორჩილოს თავისი სახისა და ღირსების დაკარგვის საშიშროებას, მაგრამ მისი ქონებისადმი დამუქრებული საფრთხე შეიძლება აღმოჩნდეს მისი სიცოცხლისადმი დამუქრებული საფრთხის თანაბარმნიშვნელოვანი. ვიღაცისათვის, ვისი თვითობაც გამოხატულია მის ინტელიგენტურობაში, სისულელის თქმა იქნებოდა იმდენად უხერხული, რომ ამის გამო ის შეიძლება ჩავარდეს ღრმა დეპრესიაში. რაც უფრო ინტენსიურია ნარცისიზმი, მით უფრო ნაკლებად აღიარებს ადამიანი თავის შეცდომებს, მით უფრო ნაკლებად სცნობს სხვების მხრიდან სამართლიან კრიტიკას. იგი გაოცებული იქნება სხვისი სამარცხვინო ქცევით ან იფიქრებს, რომ სხვას არ ჰყოფნის ალღო ან არასაკმარისადაა განათლებული, რათა შეეძლოს რაიმეზე სწორი მსჯელობა (ამასთან დაკავშირებით მახსენდება მეტად მახვილგონიერი, მაგრამ უმაღლესი ხარისხის ნარცისისტული ადამიანი, რომელსაც წარუდგინეს ტესტის შედეგი და რომელიც სრულიადაც არ პასუხობდა საკუთარ თავზე მის იდეალურ წარმოდგენას. მასზე მან ამგვარი სახის რეაგირება მოახდინა: „მებრალება ის ფსიქოლოგი, რომელმაც ეს ტესტირება ჩაატარა ჩემთან, ალბათ, იგი სრულიად შეიშალა“).
გვრჩება დავასახელოთ კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც ახასიათებს ნარცისიზმის ფენომენს. ვინაიდან, ნარცისისტი ადამიანი საკუთარ „თავზე დიდ წარმოდგენას“ აქცევს საკუთარი ნარცისიზმის საგნად, ასევე ექცევა იგი ყველაფერს, რაც დაკავშირებულია მის პიროვნებასთან. მისი იდეა, მისი ცოდნა, მისი სახლი, ასევე მისი ინტერესის სფეროში შემავალი ხალხი, ხდება მისი ნარცისისტული მიდრეკილებათა ობიექტები. როგორც ფროიდმა დაგვანახა, ყველაზე უფრო ხშირ მაგალითს წარმოადგენს, ალბათ, შვილებთან დამოკიდებულების ნარცისიზმი. მრავალ მშობელს მიაჩნია, რომ მათი შვილები უფრო ლამაზები, ინტელიგენტები და გონიერნი არიან, ვიდრე სხვისი შვილები. რაც უფრო ნაკლები შვილი გყავთ, მით უფრო ინტენსიურია ეს ნარცისისტული წინასწარ შეგონება. მშობლიური სიყვარული და განსაკუთრებით დედის სიყვარული ბავშვებისადმი, მეტწილად წარმოადგენს საკუთარი „მე“-ს განვრცობას. ასევე, მოზრდილი კაცისა და ქალის სიყვარული ხშირად ატარებს ნარცისისტულ ნიშანთვისებებს. შეყვარებულმა კაცმა შეიძლება თავისი ნარცისიზმი ქალზე გადაიტანოს, ვინაიდან ქალი ხდება „ეგო“, ის ხშირად აღფრთოვანებულია ქალით და თაყვანს სცემს მას იმ თვისებებისათვის, რომელიც მან გადაიტანა, მიაწერა მას. ქალი ხდება არაჩვეულებრივ თვისებათა მატარებელი მხოლოდ იმიტომ, რომ იგი იქცა თვით მის ნაწილად. ხშირად, ასეთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ყველაფერი, რასაც ის ფლობს, შესანიშნავია და იგი „შეყვარებულია“ თავის ქონებაზე.
ნარცისიზმი წარმოადგენს იმგვარი ინტენსივობის მიდრეკილებას, რომელიც მრავალ ადამიანში უტოლდება სქესობრივ და თავდაცვის ინსტიქტებს. ზოგჯერ, იგი უფრო ძლიერად ვლინდება, ვიდრე ორივე ეს ინსტიქტი. თვით საშუალო ადამიანშიც კი, რომელთანაც ნარცისიზმს არ მიუღწევია ამგვარ ინტენსივობამდე, აგრძელებს არსებობას ნარცისისტული ბირთვი, რომლის, როგორც ჩანს, განადგურება თითქმის შეუძლებელია. თუკი ეს მტკიცებულება სამართლიანია, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნარცისისტულ მიდრეკილებას, ისევე როგორც სქესობრივ და თავდაცვის ინსტიქტებს, აქვს მნიშვნელოვანი ბიოლოგიური ფუნქცია. როგორც კი ეს საკითხი დაისმის, პასუხიც თავისთავად გვებადება. როგორ შეიძლება გადარჩეს ცალკეული ადამიანი, თუკი მისი ფიზიკური მოთხოვნილებები, ინტერესები, სურვილები, არ იქნებოდა დამუხტული ძლიერი ენერგიით? ბიოლოგიურად, გადარჩენის თვალსაზრისით, ადამიანმა საკუთარი თავი უნდა აღიქვას, როგორც რაღაც უფრო მნიშვნელოვნად, ვიდრე მთელი მისი გარემო.თუკი ის ამას არ გააკეთებს, მაშინ საიდან მიიღებს სხვებისაგან დაცვის ენერგიასა და სურვილს, იმუშაოს საკუთარი არსებობის დაცვისათვის, იბრძოლოს საკუთარი ცხოვრებისათვის და მიაღწიოს წარმატებას გარემოსთან ბრძოლაში? იგი ნარცისიზმის გარეშე, ალბათ, წმინდანი იქნებოდა, – მაგრამ, დიდია კი შანსი წმინდანთა გადარჩენისა? ის, რაც მეტად სასურველი იქნებოდა სულიერ-რელიგიური თვალსაზრისით, – რომ საერთოდ არ არსებობდეს ნარცისიზმი, – უაღრესად საშიში იქნებოდა საზოგადოებრივი თვალსაზრისით, რომლის თანახმადაც აუცილებელია სიცოცხლის შენარჩუნება. ტელეოლოგიურად ეს ნიშნავს, რომ ადამიანის ბუნება მნიშვნელოვანწილად მომარაგებული უნდა იყოს ნარცისიზმით, რათა მიეცეს მას გადარჩენის შესაძლებლობა. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია, რადგანაც ცხოველებისაგან განსხვავებით, ბუნებამ ადამიანი ვერ უზრუნველყო კარგად განვითარეული ინსტიქტებით. ცხოველს არა აქვს გადარჩენის „პრობლემა“, ვინაიდან თანდაყოლილი ინსტიქტები ათავისუფლებენ მას გადაწყვეტილების მიღებაზე დაფიქრების აუცილებლობისაგან, იმასთან დაკავშირებით, სურს თუ არა მას თავისი ძალების გამოყენება. ადამიანის ინსტიქტების აპარატის ფუნქციონირებამ მნიშვნელოვანწილად დაკარგა თავისი ქმედითობა, რის გამოც ნარცისიზმი თავის თავზე იღებს მეტად მნიშვნელოვან ბიოლოგიურ ფუნქციას.
თუკი ჩვენ მივიჩნევთ, რომ ნარცისიზმი ასრულებს მნიშვნელოვან ბიოლოგიურ ფუნქციას, ჩვენს წინაშე დაისმის ახალი კითხვა, განა ექსტრემალური ნარცისიზმი არ აქცევს ადამიანს გარშემომყოფთა მიმართ გულგრილად, განა მას არ მიჰყავს ადამიანი სიტუაციამდე, როდესაც მას აღარ ძალუძს, საკუთარ მოთხოვნილებათა დათმობა, თუნდაც ეს აუცილებელი იყოს სხვა ადამიანებთან თანამშრომლობისათვის? განა ნარცისიზმი არ ხდის ადამიანს სოციალურად და ექსტრემალურ შემთხვევებში ნამდვილ სულით ავადმყოფად? ეჭვგარეშეა, რომ ექსტრემალური ინდივიდუალური ნარცისიზმი იქნებოდა მძიმე დაბრკოლება ყოველგვარი სოციალური ცხოვრებისათვის. თუკი ეს მართალია, მაშინ ნარცისიზმი კონფლიქტში უნდა იყოს სიცოცხლის დაცვის პრინციპთან, ვინაიდან ცალკეულ ადამიანს შეუძლია იარსებოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი ერთიანდება საზოგადოების ჯგუფში; საეჭვოა, რომ ვინმემ, ცალკე აღებულმა ადამიანმა შეძლოს დაიცვას თავი ბუნებისაგან მომდინარე საფრთხისაგან, ის ვერ შეძლებს შეასრულოს სხვადასხვა სამუშაო, რომელიც შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ჯგუფურად.
ამგვარად, ჩვენ მივედით პარადოქსულ დასკვნამდე, რომ ნარცისიზმი აუცილებელია სიცოცხლის დაცვისათვის და იმავდროულად იგი წარმოადგენს საფრთხეს მისი შენარჩუნებისათვის. ამ პარადოქსის გადაწყვეტა ორგვარია. ერთი მხრივ, გადარჩენას ემსახურება ოპტიმალური და არა მაქსიმალური ნარცისიზმი. ე.ი., ბიოლოგიური აუცილებლობით ნარცისიზმი შეიძლება შეთავსებულ იქნას სოციალურ თანამშრომლობასთან, მეორე მხრივ, ინდივიდუალური ნარცისიზმი შეიძლება გარდაიქმნას ჯგუფურ ნარცისიზმად და მაშინ გვარი, ერი, რელიგია, რასა და მისთანანი ინდივიდის მაგივრობას გასწევს და იქცევა ნარცისისტულ გატაცებათა ობიექტებად. ამგვარად, ნარცისისტული ენერგია რჩება, მაგრამ, იგი ნაცვლად ცალკეული ადამიანის, სიცოცხლის დაცვისა, გამოიყენება ჯგუფის დაცვის ინტერესებისათვის. ვიდრე შევჩერდებოდე საზოგადოებრივ ნარცისიზმსა და მის სოციოლოგიურ ფუნქციაზე, მსურდა მეთქვა ნარცისისტური პათოლოგიის შესახებ.
ნარცისისტული სიყვარულის მეტად საშიშ შედეგს წარმოადგენს რაციონალური განსჯის დაკარგვა. ნარცისისტული ინტერესის საგანი განიხილება როგორც ღირებულება (კარგი, გონიერი და ა.შ.), მაგრამ არა ობიექტის შეფასების საფუძველზე, არამედ იმ მიზეზით, რომ ლაპარაკია საკუთარი პიროვნების შესახებ ან იმის შესახებ, რაც მისი კუთვნილებაა. ნარცისისტული შეფასება წინასწარ შეგონებაა და არაობიექტურია. ჩვეულებრივ, ამგვარი წინასწარი შეგონება ასე თუ ისე რაციონალიზირდება და ეს რაციონალიზაცია შესაბამისი პირის ინტელიგენტურობისა და დახვეწილობის მიხედვით შეიძლება იყოს მეტნაკლებად მაცდუნებელი. ეს სიმახინჯე ჩვეულებრივ იოლად ამოიცნობა ალკოჰოლიკის ნარცისიზმში. ჩვენს წინაშეა ადამიანი, რომელიც ლაპარაკობს ზედაპირულ და ბანალურ რამეზე, მაგრამ ამას აკეთებს იმგვარი სახით და წარმოთქვამს ისეთი ტონით, რომ თითქოსდა მოგვითხრობს რაღაც არაჩვეულებრივსა და საინტერესოზე. სუბიექტურად იგი სხვებზე თავისი წარმოუდგენელი უპირატესობის ეიფორიულ შეგრძნებებში იმყოფება, სინამდვილეში კი თვითგანდიდების მდგომარეობაშია. ყოველივე ეს სრულიადაც არ ადასტურებს იმას, რომ უმაღლესი ხარისხის, ნარცისისტული ადამიანი მხოლოდ მოსაწყენ რამეზე უნდა ლაპარაკობდეს. თუკი იგი ნიჭიერი და ინტელიგენტურია, მას შეუძლია გამოთქვას საინტერესო აზრები, ხოლო მისი შეხედულება, რომ ეს აზრები ღირებულია, ყოველთვის მცდარი არაა, მაგრამ ნარცისისტული ადამიანი მიდრეკილია იქითკენ, რათა ყველა შემთხვევაში მაღალი შეფასება მისცეს საკუთარ ქმნილებას, თანაც აქ ჭეშმარიტ ღირსებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს („ნეგატიური ნარცისიზმის“ დროს ადგილი აქვს სრულიად საპირისპირო მოვლენას. მოცემულ შემთხვევაში, ადამიანი ვერ აფასებს ყოველივე იმას, რაც მისგან გამომდინარეობს და ამიტომაც მისი შეხედულება ნაკლებ ობიექტურია). ადამიანს რომ შეეძლოს შეცნობა იმისა, თუ რაოდენ დამახინჯებულია მისი ნარცისისტული შეფასება, ეს არცთუ ისეთი უბედურება იქნებოდა და იგი შეძლებდა დაეცინა ნარცისისტულ დამახინჯებებზე. მაგრამ ასეთი რამ იშვიათად ხდება. ჩვეულებრივ, ასეთი ადამიანი დარწმუნებულია, რომ იგი არავითარ შემთხვევაში არ არის წინასწარ შეგონებული და რომ მისი შეფასება ობიექტურია და შეესატყვისება ფაქტებს. ამას კი მისი გონებრივი და შემფასებლური უნარებისათვის მძიმე ზიანი მოაქვს, ვინაიდან მათი ამღვრევა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარი იწყება თვით მასზე ან იმაზე, რაც მას ეკუთვნის. შესაბამისად მახინჯდება შეხედულებები იმ საგნებზე, რომელიც არ შეეხება არც მას და არც მის საკუთრებას. გარე სამყარო (არა – მე) – არასრულფასოვანი, საშიში და ამორალურია. ამგვარად, ნარცისისტული ადამიანი მიდის მოვლენათა კოლოსალურ დამახინჯებამდე. თვით იგი და ყოველივე რაც მას ეკუთვნის გადაჭარბებულად ფასდება. ხოლო ყოველივე, რაც მას არ ეკუთვნის, დაუფასებელია. სავსებით ნათელია, რომ ასეთი მოქმედება ზიანს აყენებს შემფასებლურ უნარებს.
ნარცისიზმში კიდევ უფრო პათოლოგიურ ელემენტს წარმოადგენს ემოციური რეაქცია ნარცისიზმის რომელიმე ობიექტის კრიტიკისადმი. ჩვეულებრივ ადამიანი არ ცხარობს, როდესაც ის, რაც მან თქვა ან გააკეთა, იქცევა კრიტიკის საგნად, თუკი იგი კორექტულია და არ წარმოებს მტრული განზრახვით. ნარცისისტული ადამიანი პირიქით, მისი მისამართით მიმართულ ყოველგვარ კრიტიკაზე რეაგირებს დიდი სიბრაზით. ის მიმართულია იქითკენ, რომ ეს კრიტიკა აღიქვას, როგორც მტრული შეტევა, ვინაიდან თავის ნარცისიზმზე დაფუძნებულს, არ შეუძლია წარმოიდგინოს, რომ ეს კრიტიკა შეიძლება სამართლიანი იყოს. მისი სიბრაზის ინტენსიურობა სავსებით გასაგები ხდება, თუკი გავიხსენებთ, რომ ნარცისისტულ ადამიანს გარე სამყაროსთან კავშირი დაკარგული აქვს, იმყოფება სრულ მარტოობასა და შიშში. მარტოობისა და შიშის გრძნობის კომპენსაციას იგი ახდენს თავისი ნარცისისტული თვითგანდიდებით. თუკი ის არის სამყარო, მაშინ არ არსებობს გარე სამყარო, რომელიც შეძლებდა მასში შიშის აღძვრას და თუკი იგი ყველაფერია, მაშინ ის მარტო არ არის. ამიტომაც, იგი გრძნობს, რომ მთელი მისი არსებობა საფრთხის ქვეშაა, თუკი შეეხებიან მის ნარცისიზმს. თუკი ხიფათისაგან დაცვის მისი ერთადერთი საშუალება – თვითგანდიდება – საფრთხის ქვეშაა, კვლავ წარმოიშვება შიში და იწვევს მის ძლიერ გააფთრებას. ეს გააფთრება ინტენსიურად გამოვლინდება, თუკი მისთვის არ არსებობს საფრთხის შემცირების შესაძლებლობა შესაბამისი საპასუხო ზომების მეშვეობით, მხოლოდ კრიტიკოსის ან საკუთარი თავის განადგურებას შეუძლია დაიფაროს ასეთი ადამიანი მისი ნარცისისტული უსაფრთხოების დაკარგვისაგან.
მის შელახულ ნარცისიზმზე რეაქცია შეიძლება იყოს არა მხოლოდ ფეთქებადი გააფთრება, არამედ, პირიქით, – დეპრესია. ნარცისისტული ადამიანი მოიპოვებს იდენტურობის გრძნობას საკუთარი თავის თვითგანდიდების მეშვეობით. გარე სამყარო მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ვინაიდან მან თვითონ შეძლო გამხდარიყო სამყარო, რომელშიც მან შეიძინა ყოვლისმცოდნეობისა და ყოვლისშემძლეობის გრძნობა. თუკი შეეხებიან მის ნარცისიზმს და იგი გარკვეულ მიზეზთა გამო, მაგალითად, მისი კრიტიკოსის პოზიციისადმი შედარებით საკუთარი პოზიციის სუბიექტური ან ობიექტური სისუსტის გამო, თავის თავს ვერ აძლევს რა გააფთრების შესაძლებლობას, ის ვარდება დეპრესიაში. მას არა აქვს დამოკიდებულება სამყაროსთან და არაა მისით დაინტერესებული, იგი არავინ და არაფერია, ვინაიდან მან არ განავითარა თავისი „მე“, როგორც სამყაროსთან თავისი დამოკიდებულების ცენტრი. თუკი მის ნარცისიზმს შეეხებიან ისე ძლიერად, რომ მას აღარ შეეძლება მისი აღდგენა, მისი „მე“ ინგრევა და ყოველივე ამაზე მის სუბიექტურ რეაქციას წარმოადგენს დეპრესიის გრძნობა. მწუხარებისა და მელანქოლიის ელემენტი, ჩემი შეხედულებით, ეყრდნობა მშვენიერი „მე“-ს შესახებ ნარცისისტულ წარმოდგენაზე, რომელიც მოკვდა და რის გამოც დაღონებულია დეპრესიული პიროვნება.
სწორედ იმიტომ, რომ საკუთარი ნარცისიზმის დაზიანებასთან დაკავშირებით, დეპრესიისკენ მიდრეკილ ადამიანს ეშინია დეპრესიის, იგი ამიტომაც ასე შეუპოვრად ცდილობს მის თავიდან აცილებას. ამისათვის არსებობს სხვადასხვა შესაძლებლობა. ერთ-ერთი მათგანი მდგომარეობს ნარცისიზმის კიდევ უფრო განმტკიცებაში, რათა არანაირმა კრიტიკამ გარედან და არანაირმა შეფერხებამ ვერ შეძლოს ნარცისისტული პოზიციის შერყევა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოცემულ შემთხვევაში, ნარცისიზმის ინტენსივობა ძლიერდება იმისათვის, რათა უკუგდებულ იქნას საფრთხე.
რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ ნარცისისტული ადამიანი ამგვარად ცდილობს თავი დააღწიოს დეპრესიის საფრთხისაგან, რის გამოც მისი სულიერი ავადმყოფობა ძლიერდება და საბოლოოდ იგი ფსიქოზში ვარდება.
მაგრამ, ადამიანისათვის, რომლის ნარცისიზმი საფრთხის წინაშე იმყოფება, არსებობს პრობლემის გადაწყვეტის სხვა ვარიანტი, რომელიც მისთვის უფრო დამაკმაყოფილებელია, ხოლო სხვებისათვის – უფრო სახიფათოა. ის მდგომარეობს სინამდვილის იმგვარი სახით გარდაქმნის მცდელობაში, რომ იგი რამდენადმე შესატყვისი იქნება საკუთარ თავზე მისი ნარცისისტული წარმოდგენებისადმი. ამის მაგალითი შეიძლება იყოს ნარცისისტული გამომგონებელი, რომელმაც მხოლოდ მცირე და მეორეხარისხოვანი რამ აღმოაჩინა და ჰგონია, რომ გამოიგონა მარადიული ძრავი. გაცილებით მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი ყოველგვარი საშუალებებით ცდილობს მიიღოს მოწონება სხვა პიროვნებათა ან მილიონობით ადამიანთა მხრიდან. უკანასკნელი შეეხება პიროვნებებს, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გარანტირებულ აპლოდისმენტები და მილიონობით თანამოქალაქისაგან მოწონება წინ უსწრებს პოტენციური ფსიქოზის აფეთქებას. ამგვარ პიროვნებათა განსაკუთრებულად ცნობილ ნიმუშს წარმოადგენს ჰიტლერი. მასთან ჩვენ საქმე გვაქვს, როგორც ექსტრემალური ნარცისიზმით შეპყრობილ ადამიანთან, რომელიც, ალბათ, დაავადდებოდა მკვეთრად გამოხატული ფსიქოზით, თუკი იგი ვერ შეძლებდა მილიონობით ადამიანთა იძულებით დარწმუნებას იმ სახეში, რომელიც თვითონ შექმნა და სერიოზულად აღექვათ მისი მაღალფარდოვანი ფანტაზიები ათასწლოვანი იმპერიის შესახებ და რომ ვერ მოეხერხებინა სინამდვილის იმგვარი სახით გარდაქმნა, რომ მის მომხრეებს ეს მიეჩნიათ მისი სიმართლის დადასტურებად. მას შემდეგ, რაც ჰიტლერის გეგმები ჩაიფუშა, მას სიცოცხლე თვითმკვლელობით უნდა დაესრულებინა, ვინაიდან საკუთარ თავზე ნარცისისტულ წარმოდგენის ნგრევა სრულიად აუტანელი იყო.
ისტორიაში განდიდების მანიით შეპყრობილი ბევრი ბელადია, რომლებიც თავის ნარცისიზმს წამლობდნენ იმით, რომ გარდაქმნიდნენ სამყაროს თავისებურად, ასეთ ადამიანებს უნდა ეცადათ თავიანთი კრიტიკოსების განადგურება, ვინაიდან გონების ხმა მათთვის წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ისეთი ადამიანების, როგორებიცაა კალიგულა და ნერონი, სტალინი და ჰიტლერი, მოთხოვნილება მდგომარეობს იმაში, რომ მოძებნონ ისინი, რომელთაც სწამთ მათი და მათივე საშუალებით დაიწყონ სინამდვილის იმგვარი სახით გარდაქმნა, რომელიც შეესატყვისება მათ ნარცისიზმს. ყველა მათი კრიტიკოსის ინტენსიური და თავზეხელაღებული განადგურებით ისინი ცდილობდნენ თავიდან აეცდინათ საკუთარი შეშლილობის აფეთქება. ასეთ ადამიანში შეშლილობის ელემენტის არსებობა, პარადოქსული სახით, ხელს უწყობს მათ წარმატებას. ის მათ აცნობებს ურყევობისა და მოურიდებლობის იმ ზომას, რომელიც ასეთ პატივისცემას იწვევს საშუალო ადამიანში. რა თქმა უნდა, სამყაროს შეცვლის ეს მოთხოვნილება და სხვა ადამიანის დაყოლიება მისი იდეებისა და ბოდვითი წარმოდგენების განხორციელებაში მოითხოვს ტალანტსა და უნარებს, რომელიც არ გააჩნია საშუალო ადამიანს, არც ჯანმრთელსა და არც სულით ავადმყოფს.
ნარცისიზმის პათოლოგიაში უნდა განვასხვავოთ მისი ორი ფორმა – კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი. კეთილთვისებიანი ფორმის შემთხვევაში, ნარცისიზმის ობიექტს წარმოადგენს საკუთარი ძალისხმევის შედეგი. ასე, მაგალითად, ვინმე შეიძლება ნარცისისტული სიამაყით იყოს აღვსილი თავისი სადურგლო, მეცნიერული ან გლეხური მუშაობით. იქამდე, ვიდრე მისი ნარცისიზმის საგანს წარმოადგენს რაიმე, რაზედეც მან უნდა იმუშაოს. მისი განსაკუთრებული ინტერესი თავისი სამუშაოსადმი და თავისი მიღწევებისადმი, მუდამ პოულობს საპირწონეს მისი ინტერესისადმი თვით მუშაობის წინ წაწევისა და მასალისადმი, რაზედაც ის მუშაობს. ამგვარად, კეთილთვისებიანი ნარცისიზმის დინამიკა რეგულირდება თავისთავად. ენერგია, რომელიც აქეზებს მუშაობისაკენ, ძირითადად თავისი არსით ნარცისისტულია, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ თვით მუშაობა იწვევს რეალობასთან აუცილებელი ურთიერთობის დაჭერას, ნარცისიზმი თანდათან მცირდება და იმყოფება გარკვეულ საზღვრებში. ეს მექანიზმი შეიძლება გამოგვადგეს იმის ახსნაში, რომ ჩვენ ვხვდებით მრავალ ნარცისისტს და იმავდროულად მაღალი დონის შემოქმედ ადამიანებს.
ავთვისებიანი ნარცისიზმის შემთხვევაში მის საგანს წარმოადგენს არა ის, რასაც ადამიანი აკეთებს ან ქმნის, არამედ ის, რაც მას აქვს. მაგალითად, საკუთარი სხეული, გარეგნობა, ჯანმრთელობა, სიმდიდრე და ა.შ. ნარცისიზმის ეს სახეობა ავთვისებიანია იმიტომ, რომ კორექციის ელემენტი, რომელსაც ჩვენ ვპოულობთ კეთილთვისებიანი ნარცისიზმის ფორმაში, აქ არ არსებობს. თუკი მე „უდიდესი ვარ“, თუკი მე მაქვს გარკვეული ღირსება, მაშინ არ არის აუცილებელი კავშირი მქონდეს გარე სამყაროსთან. ჩემთვის არაა აუცილებელი ძალ-ღონის დაძაბვა. იმ დროს, როდესაც მე ვცდილობ შევინარჩუნო საკუთარი სიდიადის სახე, მე სულ უფრო ვშორდები რეალობას და კიდევ უფრო უნდა გავაძლიერო ნარცისისტული მუხტი, რათა უკეთ დავიცვა თავი ჩემი ნარცისისტულად გაზვიადებული „მე“-ს გამომჟღავნების საფრთხისაგან. ამიტომაც, ავთვისებიანი ნარცისიზმი თავს ვერ იკავებს ჩარჩოებში და მიჰყავს იგი სოლიფსიზმსა და ქსენოფობიამდე. ის, ვინაც ისწავლა თვითონ მიაღწიოს რაიმეს, არ ძალუძს არ აღიაროს, რომ სხვებსაც შეუძლიათ იმგვარადვე მიაღწიონ რაიმეს, თუნდაც ნარცისიზმი არწმუნებდეს ამ ადამიანს, რომ მისი საკუთარი მიღწევა უკეთესია, ვიდრე სხვა ადამიანების. ამასთანავე, ვინც ვერაფერს ვერ მიაღწია – მისთვის მეტად ძნელი იქნება აღიაროს სხვათა მიღწევები და ამ მიზეზთა გამო ის იძულებული იქნება მოახდინოს საკუთარი თავის იზოლირება თავის ნარცისისტულ ბრწყინვალებაში.
აქამდე, ჩვენ აღვწერდით ინდივიდუალური ნარცისიზმის დინამიკას, მისი ფენომენის ბიოლოგიურ ფუნქციასა და პათოლოგიას. ეს აღწერა შესაძლებლობას მოგვცემს გავიგოთ საზოგადოებრივი ნარცისიზმის ფენომენის ის როლი, რომელსაც იგი თამაშობს ძალადობისა და ომის წარმოშობაში.
მომდევნო განსჯის ცენტრს წარმოადგენს პიროვნების ნარცისიზმის გარდაქმნა ჯგუფური ნარცისიზმის ფენომენად. ჩვენი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს დაკვირვება საზოგადოებრივი ნარცისიზმის სოციოლოგიურ ფუნქციაზე, რომელიც ხორციელდება ინდივიდუალური ნარცისიზმის ბიოლოგიური ფუნქციის პარალელურად. ყოველი ორგანიზებული ჯგუფის თვალსაზრისით, რომელსაც სურს გააგრძელოს თავისი არსებობა, აუცილებელია, რომ ჯგუფი იღებდეს ნარცისისტულ ენერგიას თავისი წევრებისაგან. ჯგუფის შემდგომი არსებობა რამდენადმე დამოკიდებულია იმაზე, აღიქმება თუ არა იგი ჯგუფის წევრების მიერ ისევე მნიშვნელოვნად, როგორც საკუთარი ცხოვრება ან უფრო სერიოზულადაც კი, და ამასთანავე, სხვებზე უპირატესობის მათ რწმენაზე თუ არა, თავის სიმართლეზე მაინც. ჯგუფში ამ ნარცისისტული შემადგენლობის გარეშე, ძნელად თუ იარსებებდა მის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ენერგია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა მსხვერპლი.
ჯგუფური ნარცისიზმის დინამიკაში ჩვენ ვაწყდებით მსგავს ფენომენებს, რომელსაც ვხვდებოდით ინდივიდუალური ნარცისიზმის შემთხვევაში. აქაც, შეგვიძლია განვასხვავოთ კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ფორმები. თუკი ჯგუფური ნარცისიზმის მიზანს წარმოადგენს რაღაცის მიღწევა, მაშინ გაჩაღდება იმგვარივე დიალექტიკური პროცესი, რომლის შესახებაც ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ. შემოქმედებითი საქმიანობისადმი მოთხოვნილების განხორციელება უსათუოდ აიძულებს ვიწრო წრის ჯგუფური სოლიფსიზმის საზღვრებიდან გასვლას. თუკი ჯგუფური ნარცისიზმის ობიექტს წარმოადგენს თვით ჯგუფი, თავისი ჩამოყალიბებული ფორმით, თუკი საუბარია მხოლოდ მის ბრწყინვალებასა და დიდებაზე, მის წარსულ მიღწევებსა და მისი წევრების ფიზიკურ კონსტიტუციაზე, მაშინ ზემოხსენებული საპირისპირო ტენდენციები არ განვითარდება და გამუდმებით გაიზრდემა ნარცისისტული ორიენტაცია და მისგან გამომდინარე შედეგები. რა თქმა უნდა, რეალურად ორივე ელემენტი ხშირად ერთმანეთთანაა დაკავშირებული.
სათქმელი დაგვრჩა ჯგუფური ნარცისიზმის კიდევ ერთი სოციოლოგიური ფუნქციის შესახებ. საზოგადოებამ, რომელიც ვერ ფლობს უმრავლესი ან თავისი წევრების მნიშვნელოვანი ნაწილის უზრუნველყოფის საშუალებებს, თუკი მას არ სურს მათში უკმაყოფილების გამოწვევა, მან ამ ადამიანებს ხელი უნდა შეუწყოს ავთვისებიანი ნარცისიზმის დაკმაყოფილებაში. ღარიბი ადამიანებისათვის, სამეურნეო და კულტურული თვალსაზრისით, ჯგუფისადმი კუთვნილების ნარცისისტული სიამაყე წარმოადგენს კმაყოფილების ერთადერთ და ხშირად მეტად ქმედით წყაროს. სწორედ იმიტომ, რომ ცხოვრება მათთვის „უინტერესოა“ და არ აძლევს მათ საკუთარი ინტერესების განვითარების შესაძლებლობას, მათ წრეში შეიძლება განვითარდეს ექსტრემალური ნარცისიზმის ფორმა. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ „მესამე რაიხში“ რასობრივი ნარცისიზმის არსებობა და აგრეთვე მისი არსებობა აშშ სამხრეთ შტატებში. ორივე შემთხვევაში წვრილი ბურჟუაზია იყო და რჩება აღმატებული რასის კუთვნილების გრძნობის კერად. ამ ჩამორჩენილმა – როგორც გერმანიაში, ასევე აშშ სამხრეთ შტატებში, – ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით დაჩაგრულმა კლასმა, თავისი სიტუაციის შეცვლის უსაფუძვლო იმედით (ვინაიდან, იგი წარმოადგენს უფრო ადრეული, გადაშენებული საზოგადოების ფორმის გადმონაშთს), იცის მხოლოდ ერთი კმაყოფილება: უზომოდ გაზვიადებული წარმოდგენა საკუთარ თავზე, როგორც მსოფლიოში ყველაზე უმნიშვნელოვანეს ჯგუფზე, რომელიც სხვა რასობრივ ჯგუფებზე, რომელსაც არასრულფასოვნად მიიჩნევს, თავის უპირატესობას გრძნობს. ამგვარი ჯგუფის წევრები გრძნობენ დაახლოებით შემდეგს: „იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მე ღარიბი და გაუნათლებელი ვარ, მაინც წარმოვადგენ რაღაც მნიშვნელოვანს, ვინაიდან მე მივეკუთვნები მსოფლიოში ყველაზე ჩინებულ ჯგუფს: „მე – თეთრკანიანი ვარ“, ან „მე – არიელი ვარ“.
საზოგადოებრივი ნარცისიზმის შეცნობა რთულია, ვიდრე ინდივიდუალურის. ვთქვათ, რომ ვიღაც ეუბნება ადამიანებს: „მე და ჩემი ოჯახი ყველაზე უფრო შესანიშნავები ვართ დედამიწაზე, მხოლოდ ჩვენ ვართ წმინდები, ინტელიგენტურები, კეთილნი და წესიერნი, ყველა სხვა – ბინძური, სულელი, უღირსი და უპასუხისმგებლოა“. ამ შემთხვევაში, ადამიანთა უმრავლესობა მას, ალბათ, აღიქვამდა როგორც უხეშ, თავშეუკავებელ, შეშლილ ადამიანად. თუკი ფანატიკოსი ორატორი მასობრივ თავყრილობაზე გამოვიდოდა და სიტყვების – „მე“-სა და „ჩემი ოჯახის“ ნაცვლად გამოიყენებდა ისეთ სიტყვას, როგორიცაა ხალხი (რასა, რელიგია, პოლიტიკური პარტია და ა.შ.), მრავალი განადიდებდა მას და აღტაცებული იქნებოდა მისი პატრიოტიზმით, მართლმორწმუნეობითა და ა.შ. სხვა ხალხის ან რელიგიის წარმომადგენელს, პირიქით, გაანაწყენებდა მასზე ამგვარი სიტყვის გამო, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ აფასებენ აშკარად ცუდად. მაგრამ, ჯგუფის შიგნით, სხვებზე ამაღლებულნი, ინდივიდუალური ნარცისიზმით თავს კმაყოფილად გრძნობენ და ვინაიდან მოცემულ მტკიცებულებას ეთანხმება მილიონობით ადამიანი, იგი მათ გონივრული ეჩვენებათ. (მრავალი ადამიანის თვალში „გონივრულია“ ის, რასაც ეთანხმება ეს უმრავლესობა. მათთვის „გონივრულობის“ ცნებას არაფერი საერთო არა აქვს გონებასთან. მათთვის მთავარია მხოლოდ საყოველთაო თანხმობა). იქამდე, ვიდრე ჯგუფს, როგორც მთლიანობას, საზოგადოებრივი ნარცისიზმი აუცილებლად სჭირდება თავისი არსებობის გასაგრძელებლად, იგი ინარჩუნებს და ავითარებს ნარცისისტულ განწყობას და მას ანიჭებს განსაკუთრებული სათნოების კვალიფიკაციას.
ჯგუფი, რომელშიდაც კულტივირებს ასეთი ნარცისიზმი, ისტორიის მსვლელობაში იცვლის თავის სტრუქტურასა და ზომას. პრიმიტიულ ტომებთან ან გვაროვნულ ჯგუფებთან საუბარი შეიძლება მხოლოდ ორი ასეული წევრის შესახებ. აქ, ცალკეული ადამიანი ჯერ კიდევ არ წარმოადგენს „ინდივიდს“, იგი გაერთიანებულია თავის სისხლისმიერ-ნათესაურ ჯგუფთან „პირველადი კავშირების“ მეშვეობით, რომლის გაწყვეტა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. გვაროვნული ნარცისიზმი განმტკიცებულია იმით, რომ მისი წევრები ჯერ კიდევ ვერ ფლობენ გვაროვნული ჯგუფის საზღვრებს გარე ემოციურ არსებობას.
ადამიანის, რასის განვითარების მსვლელობაში ჩვენ საქმე გვაქვს მუდმივად მზარდ სოციალიზაციასთან. თავდაპირველად მცირე, სისხლისმიერ ნათესაობაზე დაფუძნებული ჯგუფი, ადგილს უთმობს უფრო მნიშვნელოვან ჯგუფს, რომელიც ემყარება საერთო ენაზე, საზოგადოებრივ წესრიგზე ან რელიგიაზე. ჯგუფის დიდი ზომები სრულიადაც არ ნიშნავს ნარცისიზმის პათოლოგიურ თვისებათა შემცირებას. როგორც უკვე ვთქვით, ჯგუფური ნარცისიზმი, „თეთრების“ ან „არიელების“, შეიძლება იყოს იმგვარივე ავთვისებიანი, როგორც ცალკეული ადამიანის ექსტრემალური ნარცისიზმი. მთლიანობაში ჩვენ ვამჩნევთ ტენდენციას, რომ სოციალიზაციის პროცესში წარმოშობილ უფრო მნიშვნელოვან ჯგუფებში, თანამშრომლობის მოთხოვნილება სხვადასხვა სახის ადამიანებთან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არ არიან სისხლისმიერი კავშირებით, მოქმედებს ჯგუფის შიგნით ნარცისისტული მუხტის წინააღმდეგ. ამავე ტენდენციას აქვს ძალა და სხვაგვარი მიმართულებაც (ამის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ კეთილთვისებიან ნარცისიზმთან დაკავშირებით). არსებობს ტენდენცია, რომ იმავე ზომით, როგორზედაც დიდი ჯგუფი (ერი, სახელმწიფო ან რელიგიური თემი) ამყარებს იმედს თავის სიამაყეზე, იგი ცდილობს შექმნას რაღაც ღირებული მატერიალურ, ინტელექტუალურ და მხატვრულ სფეროებში და ამ პროცესში ამცირებს ნარცისისტულ მუხტს. რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ისტორია წარმოადგენს დიდი ჯგუფის შიგნით ნარცისიზმისა და მისადმი დაპირისპირებული ძალების უცნაური ნარევის ერთ-ერთ მაგალითს. რომაულ-კათოლიკური ეკლესიის შიგნით ნარცისიზმისადმი წინააღმდეგობის გამწევ ელემენტს მიეკუთვნება, უპირველეს ყოვლისა, შეხედულება „კათოლიკური“ რელიგიის უნივერსალურობის შესახებ, რომელიც არ წარმოადგენს განსაკუთრებული ტომის ან ცალკეული ხალხის რელიგიას. გარდა ამისა, მას მიეკუთვნება იდეა პიროვნულ მორჩილებაზე, რომელიც გამომდინარეობს ერთი ღმერთის იდეიდან და კერპებზე უარის თქმისაგან. ერთი ღმერთის არსებობა გულისხმობს, რომ ადამიანთაგან არავის შეუძლია გახდეს ღმერთი, რომ არც ერთ ადამიანს არ ძალუძს იყოს ყოვლისმცოდნე და ყოვლადძლიერი. ამით მონიშნულია ადამიანის ნარცისისტული თვითთაყვანისცემის მკაფიო საზღვრები. ამასთანავე, ეკლესიამ მაინც ხელი შეუწყო ინტენსიური ნარცისიზმის განვითარებას. რწმენა იმისა, რომ ეკლესიით მოიპოვება ხსნისკენ მიმავალი ერთადერთი გზა, ხოლო რომის პაპი არის დედამიწაზე ქრისტეს წარმომადგენელი, რომელიც ნებას აძლევს ადამიანებს შეიცნონ საკუთარი თავი ამ განსაკუთრებული ინსტიტუტის წევრებად, ამით ხელს უწყობს ინტენსიური ნარცისიზმის განვითარებას. იგივე ხდება ღმერთისადმი მათ დამოკიდებულებაში: ერთი მხრივ, ღმერთის ყოვლისმცოდნეობასა და ყოვლადძლიერებას ადამიანი უნდა მიეყვანა მორჩილებამდე, ხოლო მეორე მხრივ, ის ხშირად ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ღმერთთან და ამ პროცესში განავითარა ნარცისიზმის განსაკუთრებულად მაღალი ხარისხი.
ამგვარივე, გაორებულ ნარცისისტულ და ანტინარცისისტულ ტენდენციებს შეიძლება დავაკვირდეთ ყველა სხვა დიდ რელიგიაში – ბუდიზმში, იუდაიზმში, ისლამსა და პროტესტანტიზმში. კათოლიციზმს ვახსენებ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის წარმოადგენს უფრო ცნობილ მაგალითს, არამედ, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ერთსა და იმავე ისტორიულ პერიოდში, მე-15 და მე-16 საუკუნეებში, იგი ერთდროულად იყო ნოყიერი გარემო, როგორც ჰუმანიზმისათვის, ასევე ძალმომრეობითი და ფანატიკური რელიგიური ნარცისიზმისათვის. ჰუმანისტები; როგორც შიგნით, ასევე ეკლესიის გარეთ, გამოდიოდნენ ჰუმანიზმისათვის, როგორც ქრისტიანობის პირველწყაროსათვის. ნიკოლოზ კუზანელი ქადაგებდა ყველა ადამიანისადმი რელიგიურ შემწყნარებლობას (De pace fidi), მარსელიო ფიჩინო გვასწავლიდა, რომ სიყვარული წარმოადგენს ქვაკუთხედს ყოველგვარი ქმნილებისა (De amore). ერაზმუს როტერდამელი მოითხოვდა საპასუხო შემწყნარებლობასა და ეკლესიის დემოკრატიზაციას. ნონკონფორმისტი თომას მორი იცავდა ადამიანური სოლიდარობისა და უნივერსალიზმის პრინციპს და ამის გამო მოკვდა კიდეც. გილომ პოსტელი, რომელიც თავის კონცეფციას აგებდა ნიკოლოზ კუზანელისა და ერაზმუს როტერდამელის ფუნდამენტზე, ლაპარაკობდა საყოველთაო მშვიდობასა და სამყაროს ერთიანობის შესახებ (De orbis terrae concordia). სიკულომ, ემხრობოდა რა პიკო დელა მირანდოლას, იპოვა შთამაგონებელი სიტყვები, მიმართული ადამიანის ღირსებისადმი, მისი გონებისადმი, სათნოებისა და თვითსრულყოფის უნარებისადმი. ეს ადამიანები, ისევე როგორც მრავალი სხვა, წარმოშობილნი ქრისტიანული ჰუმანიზნის ნიადაგზე, გამოდიოდნენ უნივერსალიზმის, ძმობის, ღირსებისა და გონების გულისათვის. ისინი იბრძოდნენ შემწყნარებლობისა და მშვიდობისათვის.
მათ წინააღმდეგ, ორივე მხრივ (ლუთერისა და კათოლიკური ეკლესიის) იდგა ფანატიზმის ძალები. ჰუმანისტები ცდილობდნენ კატასტროფის თავიდან აცილებას, მაგრამ ფანატიკოსებმა ბოლოსდაბოლოს შეძლეს გამარჯვების მიღწევა. რელიგიურმა დევნამ და ომებმა, რომელმაც თავის უმაღლეს წერტილს მიაღწია გამანადგურებელ ოცდაათწლიან ომში, ჰუმანისტურ განვითარებას მიაყენა იმგვარი დარტყმა, რომლისგანაც ევროპა დღემდე ვერ გასწორებულა (აქვე უნებლიედ გვახსენდება სტალინიზმი, რომელმაც სამი საუკუნის შემდეგ დაანგრია სოციალისტური ჰუმანიზმი). თუკი თვალს გადავავლებთ მე-16-მე-17 საუკუნეების რელიგიურ სიძულვილს, მაშინვე გასაგები ხდება მისი აბსურდულობა. ორივე მხარე გამოდიოდა უფლის სახელით, ქრისტესა და სიყვარულის სახელით, და განსხვავება ჰქონდათ მხოლოდ ცალკეულ პუნქტებში, რომელიც აშკარად ატარებდა დაქვემდებარებულ ხასიათს, რწმენის ზოგად პრინციპებთან შედარებით. მიუხედავად ამისა, ისინი ვერ იტანდნენ ერთმანეთს და თითოეული მხარე მგზნებარედ იყო დარწმუნებული, რომ ჰუმანიზმი მთავრდება მისი რწმენის საზღვრებთან. საკუთარი პოზიციის გადაჭარბებული შეფასების საფუძველსა და ყოველივე იმის სიძულვილში, რაც მისგან გადაიხარა, სხვა არაფერი ძევს, გარდა ნარცისიზმისა; „ჩვენ ღირსი ვართ აღტაცების, „ისინი“ ღირსნი არიან ზიზღისა. „ჩვენ“ კეთილნი ვართ, „ისინი“ კი _ ბოროტნი. ჩვენი საკუთარი მოძღვრების ყოველგვარი კრიტიკა ვერაგი თავდასხმაა, რომელიც არ უნდა დავუშვათ, ხოლო მოპირდაპირე მხარის კრიტიკა კი სხვა ადამიანების ჭეშმარიტებისაკენ დაბრუნების კეთილი მცდელობაა“.
რენესანსის დროიდან, ორივე უდიდესი დაპირისპირებული ძალა, ჯგუფური ნარცისიზმი და ჰუმანიზმი, თავისი საკუთარი გზით ვითარდებოდა. სამწუხაროდ, ჯგუფურმა ნარცისიზმმა ჰუმანიზმი უკან ჩამოიტოვა. თუკი შუა საუკუნეების დასასრულსა და რენესანსის დროს ეგონათ, რომ ევროპაში მომზადდა ნიადაგი პოლიტიკური და რელიგიური ჰუმანიზმისათვის, შემდგომში ეს იმედი არ გამართლდა. გაჩნდა ჯგუფური ნარცისიზმის ახალი ფორმები, რომელიც ბატონობდა მომავალი საუკუნეების განმავლობაში. ჯგუფურმა ნარცისიზმმა მიიღო სრულიად სხვადასხვა ფორმა – რელიგიური, ნაციონალური, რასობრივი და პოლიტიკური. უპირისპირდებიან რა პროტესტანტები კათოლიკებს, ფრანგები გერმანელებს, თეთრკანიანები შავკანიანებს, არიელები არაარიელებს ან კომუნისტები კაპიტალისტებს და რაოდენ განსხვავებულიც არ უნდა იყოს მათი წინააღმდეგობის შინაარსი, ფსიქოლოგიურად ჩვენ მუდამ საქმე გვაქვს ნარცისისტულ ფენომენთან და მისგან გამომდინარე ფანატიზმსა და დესტრუქციულობასთან.
ჯგუფური ნარცისიზმის გაძლიერების კვალდაკვალ მიმდინარეობდა მისი ანტიპოდის – ჰუმანიზნის განვითარება. მე-18-მე-19 საუკუნეებიდან მოყოლებული – სპინოზასაგან, ლეიბნიცისაგან, რუსოსაგან, ჰერდერისაგან, კანტისაგან და დასრულებული გოეთესა და მარქსთან – ინერგებოდა აზრი იმის შესახებ, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ადამიანურობა, რომ ყოველი ცალკეული ადამიანი თავის თავში ატარებს მთელ კაცობრიობას, რომ არ უნდა იყოს პრივილეგირებული ჯგუფები, რომლებიც თავიანთ უფლებებს აფუძნებდნენ ბუნებრივი უპირატესობის პრივილეგიაზე. პირველმა მსოფლიო ომმა ჰუმანიზმს მიაყენა სერიოზული დარტყმა და მიგვიყვანა ჯგუფური ნარცისიზმის ნამდვილ თარეშამდე: პირველ მსოფლიო ომში მონაწილე ყველა ქვეყანაში – ნაციონალურ ისტერიამდე, ჰიტლერულ რასიზმთან, პარტიის სტალინურ გაღმერთებასთან, მუსულმანთა და ინდუისტთა რელიგიურ ფანატიზმთან და დასავლეთში ანტიკომუნისტურ ფანატიზმთან. ჯგუფური ნარცისიზმის ამ განსხვავებულმა გამოვლინებებმა ხელი შეუწყო იმას, რომ მსოფლიო აღმოჩნდა ტოტალური განადგურების ზღვარზე.
დღეს ყველა ქვეყანასა და განსხვავებული იდეოლოგიის წარმომადგენლებში, შეიძლება დავაკვირდეთ აღნიშნული საფრთხისადმი საპასუხო რეაქციას – ჰუმანიზმის აღორძინებას. რადიკალური ჰუმანისტები არიან კათოლიკებსა და პროტესტანტ თეოლოგებს შორის, სოციალისტ და არასოციალისტ ფილოსოფოსებში. რამდენად დიდია საფრთხე ტოტალური განადგურებისა და აღმოჩნდება კი ეფექტური ნეოჰუმანისტთა იდეები და განვითარება, კომუნიკაციის ახალი საშუალებებით, ადამიანთა უფრო მჭიდრო კავშირები იმისათვის, რათა ბოლო მოეღოს ჯგუფური ეგოიზმის გამოვლენას, – აი, ის კითხვები, რომელზედაც პასუხებს შეუძლიათ გადაწყვიტონ კაცობრიობის ბედი.
ჯგუფური ნარცისიზმის მზარდი ინტენსივობა – ამასთანავე შეიძლება ვილაპარაკოთ რელიგიურიდან ნაციონალურისაკენ, რასობრივ და პარტიული ნარევის ნარცისიზმზე – მართლაცდა, მეტად გასაოცარი მოვლენაა. ჯერ ერთი, იგი შესამჩნევია რენესანსის დროიდან ჰუმანისტური იდეების გავრცელებისას და მეორეც, მეცნიერული აზროვნების განვითარებისას, რომელსაც უნდა ამოეძირკვა ნარცისიზმი. მეცნიერული მეთოდი მოითხოვს ობიექტურობასა და რეალიზმს, მსოფლიოს იმგვარ დანახვას, როგორიც ის არის და არა საკუთარი სურვილებისა და შიშის პრიზმაში. ის მოითხოვს სინამდვილის ფაქტებისადმი მორჩილ დამოკიდებულებას და ყოვლადძლიერებისა და ყოვლისმცოდნეობის იმედზე უარის თქმას. კრიტიკულ აზროვნებაზე, ექსპერიმენტსა და დასაბუთებაზე მოთხოვნილება, პრინციპულად სკეპტიკური განწყობა – ესაა მეცნიერული ძალისხმევის ნიშანთვისებანი და სწორედ აზროვნების ეს მეთოდები უწევენ წინააღმდეგობას ნარცისისტულ ორიენტირებულებას. უდავოა, რომ მეცნიერული აზროვნების მეთოდებმა თავისი წვლილი შეიტანა თანამედროვე ნეოჰუმანიზმის განვითარებაში და შემთხვევითი არაა ის, რომ დღეს მრავალი გამოჩენილი ბუნების მკვლევარი ჰუმანისტია, მაგრამ დასავლეთში ადამიანთა დიდი უმრავლესობა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ „შეისწავლიდნენ“ მეცნიერულ მეთოდებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში, სინამდვილეში არასოდეს არ შეხებიან კრიტიკული აზროვნების მეცნიერულ მეთოდებს. თვით ბუნების მკვლევარ პროფესიონალთა უმრავლესობა დარჩა ტექნიკოსებად და არ აქვთ მეცნიერული განწყობა, ხოლო მოსახლეობის დიდი უმრავლესობისათვის მეცნიერულ მეთოდს, რომელსაც მათ ასწავლიდნენ, კიდევ უფრო ნაკლები მნიშვნელობა აქვს. თუკი შეიძლება ითქვას, რომ უფრო მაღალი განათლება გარკვეული ხარისხით აცხრობს და მოდიფიცირებას ახდენს ინდივიდუალური და კოლექტიური ნარცისიზმის, ის მაინც ვერ აფერხებს მრავალ „განათლებულს“ აღტაცებით მიემხროს ნაციონალურ, რასობრივ და პოლიტიკურ მოძრაობებს, რომელშიც, თავის გამოხატულებას ჰპოვებს საზოგადოებრივი ნარცისიზმი.
პირიქით, ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოსდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებმა წარმოქმნეს ნარცისიზმის ახალი ობიექტი – ტექნიკა. ადამიანის ნარცისისტულმა სიამაყემ – იყოს ნივთთა სამყაროს შემქმნელი, რომელზედაც ადრე მას არ შეეძლო ეოცნება, ყოფილიყო რადიოს, ტელევიზიის, ატომური ენერგიის, კოსმოსში გაფრენის გამომგონებელი და მთელი დედამიწის მნგრეველიც – აჩუქა მას ნარცისისტული თვითგანდიდების ახალი ობიექტი. თანამედროვე ისტორიაში ნარცისიზმის პრობლემის კვლევისას უნებლიედ გვახსენდება ფროიდის მტკიცებულება, რომ კოპერნიკმა, დარვინმა და თვითონ მან მიაყენეს ნარცისიზმს ზიანი, შეარყიეს რა ადამიანის რწმენა სამყაროში მისი განსაკუთრებული როლის შესახებ, წაართვეს რა ადამიანს რწმენა იმისა, რომ იგი წარმოადგენს ელემენტარულ და განადგურებას არდამორჩილებულ რეალობას. ამასთანავე, ყოველივე ამან, ვერ მოიტანა ნარცისიზმის მნიშვნელოვანი შემცირება, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. ადამიანმა მასზე მოახდინა რეაგირება თავისი ნარცისიზმის სხვა ობიექტზე გადატანით – თავის ხალხზე, თავის რასაზე, თავის პოლიტიკურ შეხედულებებზე, ტექნიკაზე.
რაც შეეხება საზოგადოებრივი ნარცისიზმის პათოლოგიას, იგი, ისევე როგორც ინდივიდუალური ნარცისიზმის შემთხვევაში, მის ყველაზე უფრო ცხად და ხშირ სიმპტომს წარმოადგენს ობიექტურობისა და გონივრული განსჯის უნარის უკმარისობა. თუკი გამოვიკვლევთ თეთრკანიანის მიერ შავკანიანის ან ნაცისტების მიერ ებრაელთა შეფასებას ეჭვგარეშეა, შესაძლებელი იქნება დავინახოთ აზრის დამახინჯება. მასში არის სიმართლის ნატამალი, მაგრამ მთლიანობაში იგი წარმოადგენს ფალსიფიკაციისა და სიცრუის მოზაიკას. როდესაც, პოლიტიკური აქტები ემყარება ნარცისისტულ თვითგანდიდებაზე, მაშინ ობიექტურობის უკმარისობა ხშირად იწვევს დამანგრეველ შედეგებს. მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, ორ ნათელ მაგალითზე, ჩვენ განვიცადეთ ნაციონალური ნარცისიზმის შედეგები. მრავალი წლის მანძილზე, პირველი მსოფლიო ომის წინ, ოფიციალური დოქტრინა, ფრანგული სტრატეგიისა იუწყებოდა, რომ ფრანგული არმია არ საჭიროებს ძლიერ მძიმე არტილერიას, არც დიდი ოდენობის ტყვიამფრქვევს, ფრანგი ჯარისკაცი თითქოსდა იმ დონეზე ფლობდა წმინდა ფრანგულ ღირსებებს, როგორიცაა ვაჟკაცობა და შემტევი სულისკვეთება, რომ მას სჭირდება მხოლოდ ხიშტი, რათა დაამარცხოს მტერი. სინამდვილეში, ასიათასიბით ფრანგი ჯარისკაცი განადგურებულ იქნა გერმანელთა ტყვიამფრქვევებით და მხოლოდ გერმანელთა სტრატეგიულმა შეცდომებმა, ხოლო მოგვიანებით ამერიკელთა დახმარებამ იხსნა საფრანგეთი დამარცხებისაგან. მეორე მსოფლიო ომში მსგავსი შეცდომა დაუშვა გერმანიამ. ჰიტლერმა, რომელმაც მოახდინა მილიონობით გერმანელის ჯგუფური ნარცისიზმის სტიმულირება, გადაჭარბებულად შეაფასა გერმანიის ძალები და ვერ გაითვალისწინა არა მხოლოდ აშშ სიძლიერე, არამედ რუსული ზამთარიც, როგორც ეს ერთხელ მოუვიდა მეორე ნარცისისტულ მხედართმთავარს – ნაპოლეონს. მიუხედავად თავისი ინტელიგენტურობისა, ჰიტლერს არ შეეძლო ობიექტურად შეეფასებინა სინამდვილე, ვინაიდან გამარჯვებისა და ბატონობის მის სურვილს ჰქონდა მისთვის, უფრო დიდი წონა, ვიდრე შეიარაღებისა და კლიმატის რეალურ შეფასებას.
საზოგადოებრივი ნარცისიზმი, ისევე როგორც ინდივიდუალური ნარცისიზმი, მიისწრაფვის დაკმაყოფილებისაკენ. ერთი მხრივ, დაკმაყოფილების უზრუნველყოფა ხდება საკუთარი ჯგუფის უპირატესობისა და სხვა ჯგუფების არასრულყოფილების საერთო იდეოლოგიის მეშვეობით. რელიგიურ ჯგუფებში დაკმაყოფილება მიიღწევა საკმაოდ იოლად, ვარაუდის საშუალებით, რომ საკუთარი ჯგუფი _ ერთადერთია, რომელსაც სწამს ნამდვილი ღმერთის, და ვინაიდან, საკუთარი ღმერთი მიიჩნევა ერთადერთ ნამდვილ ღმერთად, ყველა სხვა ჯგუფი შედგება გზააბნეული ურჯულოებისაგან. მაგრამ, თუკი ღმერთი არაა ჩაბმული საკუთარი უპირატესობის მოწმედ, მაშინ საზოგადოებრივ ნარცისიზმს სახალხო ნიადაგზე შეუძლია მოიტანოს იმგვარივე შედეგები. თეთრკანიანთა უპირატესობის ნარცისისტული რწმენა, რომელიც ბატონობდა აშშ ზოგიერთ მხარესა და სამხრეთ აფრიკაში, ადასტურებს, რომ საკუთარი უპირატესობისა და სხვა ჯგუფების არასრულფასოვნების გრძნობამ არ იცის საზღვრები. მაგრამ, რომელიმე ჯგუფის ამ ნარცისისტული წარმოდგენის სრული დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია რეალობაში დადასტურება. მანამდე, ვიდრე თეთრკანიანები ალაბამაში ამ სამხრეთ აფრიკაში ფლობენ ძალაუფლებას, ვიდრე ზანგებზე მათი უპირატესობის დემონსტრირება ხდება სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური დეკლარაციების აქტების მეშვეობით, მათი ნარცისისტული თვითდაჯერებისათვის ჯერ კიდევ დამახასიათებელია რეალიზმის ელემენტი, რომელიც ხელოვნურად აკავებს მთელი მათი ნარცისისტული აზროვნების სისტემას. იგივე შეეხება ნაცისტებსაც. ებრაელთა ფიზიკურ განადგურებას მათთვის უნდა გაეწია არიელთა უპირატესობის დასაბუთების მაგივრობა (სადისტისათვის ფაქტი, რომ მას შეუძლია მოკლას ადამიანი, წარმოადგენს იმ მტკიცებულებას, რომ იგი აღემატება მას როგორც მკვლელი). თუკი ნარცისისტული ჯგუფის განკარგულებაში არ არის უმცირესობა, რომლის უმწეობაც საკმარისია იმისათვის, რომ იგი აქციო ნარცისისტული დაკმაყოფილების ობიექტად, მაშინ საზოგადოებრივი ნარცისიზმი იოლად მიჰყავს სამხედრო დაპყრობის სურვილამდე – გზა, რომელსაც 1914 წლამდე დაადგა პანგერმანიზმი და პანსლავიზმი. ორივე შემთხვევაში შესაბამის ერებს განესაზღვრა რჩეულობა, სხვებზე აღმატებულობის როლი, რაც მათ აძლევდა სხვებზე თავდასხმის უფლებას, ვინც არ აღიარებდა ამ აღმატებულებას. ამით მე იმის თქმა კი არ მინდა, რომ პანგერმანიზმისა და პანსლავიზმის მოძრაობათა ნარცისიზმი იყო „საკუთრივ“ მიზეზი პირველი მსოფლიო ომის, მაგრამ მათი ფანატიზმი სავსებით გარკვეულად წარმოადგენდა ფაქტორს, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა მის გაჩაღებაში. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც ომი დაიწყო, მრავალი მთავრობა ცდილობდა ნაციონალური ნარცისიზმის გაღვივებას, როგორც აუცილებელ წინაპირობას ომის წარმატებული წარმართვისათვის.
თუკი ხდება ჯგუფის ნარცისიზმზე შეხება, ჩვენ შევეჯახებით იმავე მრისხანე რეაქციას, რომლის შესახებაც საუბარი გვქონდა ინდივიდუალურ ნარცისიზმთან დაკავშირებით. ისტორიაში მრავალი მაგალითია, როდესაც ჯგუფური ნარცისიზმის სიმბოლოთა ძაგებამ გამოიწვია შეშლილობასთან მოსაზღვრე მძვინვარება. ეროვნული დროშის ჩამორთმევა, ჯგუფის ღმერთის ძაგება, შეურაცხყოფა მათი ხელისუფალის ან ბელადის, აგრეთვე წაგებული ომი ან ტერიტორიების დაკარგვა, ხშირად იწვევს მასებში შურისძიების გრძნობას, რომელიც თავის მხრივ წარმოშობს ახალ ომებს. ნარცისიზმზე მიყენებული ჭრილობები განიკურნება მხოლოდ მაშინ, როდესაც დამნაშავე განადგურებულია და ამით ნარცისიზმზე მიყენებული შეურაცხყოფა ანაზღაურებულია. ინდივიდუალური და ნაციონალური შურისძიება ხშირად ეყრდნობა ნარცისიზმსა და ბოროტმოქმედის განადგურების მეშვეობით ჭრილობის „მოშუშების“ საჭიროებას.
დასასრულს, უნდა გავიხსენოთ, ნარცისისტული პათოლოგიის კიდევ ერთი ელემენტი. ძლიერი ნარცისისტული განწყობის ჯგუფს აუცილებლად უნდა ჰყავდეს ბელადი, რომელთანაც იგი შეძლებდა იდენტიფიცირებას. ბელადი აღაფრთოვანებს ჯგუფს, რომელიც თავის ნარცისიზმს პროეცირებს მასზე. ყოვლისშემძლე ბელადისადმი დამორჩილების აქტში (აქ საუბარია სიმბიოზისა და იდენტიფიკაციის აქტის შესახებ) ინდივიდს გადააქვს მასზე თავისი ნარცისიზმი. რაც უფრო მნიშვნელოვანია ბელადი, მით უფრო მნიშვნელოვანია მისი მიმდევარი. ბელადის სიდიადეში დარწმუნებული ნარცისიზმი, რომლისთვისაც უცხოა დაეჭვება, – არის სწორედ ის, რაც იზიდავს მასზე დამორჩილებულ ნარცისისტულ პიროვნებებს. ნახევრად შეშლილ ბელადს ხშირად აქვს უდიდესი წარმატება იქამდე, ვიდრე ობიექტურობის უკმარისობა, ყოველ დამარცხებაზე მრისხანე რეაქცია და მოთხოვნილება შეინარჩუნოს თავისი ყოვლისშემძლეობის სახე, არ მიიყვანს შეცდომებამდე, რომელიც გამოიწვევს მისი მზის ჩასვენებას. მაგრამ, ყოველთვის არსებობს ნიჭიერი, ნახევრად სულით ავადმყოფი, რომელიც მზად არის დააკმაყოფილოს ნარცისისტული მასების მოთხოვნილებები.
კომენტარები