ბერტრან რასელი – ბრიტანელი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მათემატიკოსი, საზოგადო მოღვაწე, პაგუოშის კონფერენციების ერთ-ერთი დამაარსებელი, ლოგიციზმის, ნეოპოზიტივიზმის და „ნეიტრალური მონიზმის“ წარმომადგენელი.
ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი ბერტრან რასელის წიგნიდან – „ქორწინება და მორალი“.
ყველაფერი, რაც სექსთან არის დაკავშირებული თავის გავლენას ახდენს ადამიანზე მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ ბავშვი, ან მოზარდია და მაშინაც კი, როცა ის მოხუცია. ეს გავლენა სხვადასხვაგვარია, როგორც კარგი, ასევე ცუდი, გარემოებებზე დამოკიდებულებით. ტრადიციული მორალი რაღაცებზე ტაბუს დადებას ჯერ კიდევ მაშინ იწყებს, როცა ადამიანი ბავშვობის ასაკშია. როგორც კი სიარულს იწყებს, მას უკვე ეუბნებიან, რომ თავისი სხეულის გარკვეულ ნაწილებს არ შეეხოს, ჩურჩულით თქვას, როცა ტუალეტი მოუნდება და რომ ეს ფიზიოლოგიური პროცესი ისეთ ადგილას უნდა მოხდეს, სადაც მას ვერავინ დაინახავს. მისი სხეულის გარკვეული ნაწილები რაღაცით განსაკუთრებულია, რაც ბავშვისთვის გაუგებარია და მათ მიმართ მის მომეტებულ ყურადღებას იწვევს. თანდათან, ინტერესდება ინტელექტუალური პრობლემებით, როგორიცაა ის, თუ საიდან ჩნდება ბავშვები. მიიღებს რა თავის კითხვებზე მიკიბულ-მოკიბულ და აშკარად არასწორ პასუხებს, ის ამის შესახებ იწყებს ფიქრს, როცა მარტო რჩება. მე ვიცნობ ისეთ კაცებს, სიბერისგან ჯერ ძალიან შორს მყოფთ, რომელთაც ბავშვობაში სერიოზული ტონით ეუბნებოდნენ, რომ ისინი მოკვდებოდნენ, თუ თავიანთ სასქესო ორგანოს შეეხებოდნენ. საკმაოდ ხშირად, ბავშვებს ათასნაირი სასჯელით ემუქრებოდნენ, მაგალითად, კასტრაციით, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მათ აშინებდნენ ჭკუიდან გადახვალთო. ასეთი აღზრდის შედეგად ბავშვებს დანაშაულის და შიშის გრძნობა უჩნდებოდათ ყველაფრის გამო, რაც სექსთან იყო დაკავშირებული. სექსის ეს ასოციაცია დანაშაულთან და შიშთან დროთა განმავლობაში ქვეცნობიერი ხდებოდა. შესაძლებელი რომ იყოს სტატისტიკურ კვლევას ჩავატარებდი მოწიფულ კაცებს შორის, რომლებიც თვლიან, რომ ასეთ დაშინებას მათზე კვალი არ დაუტოვებია. ყველა მათგანს ერთ შეკითხვას დავუსვამდი: ექნებოდათ თუ არა სექსი სხვის ცოლთან ჭექა-ქუხილის დროს, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა დროს? მე რატომღაც ვფიქრობ, რომ თუ გულზე ხელს დაიდებდნენ გამოკითხულთა ოთხმოცდაათი პროცენტი იტყოდა მეხის დაცემის შემეშინდებოდაო.
თუმცა, სადიზმი და მაზოხიზმი ჩანასახის სახით ყველა ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანშია, თავისი გაუკუღმართებული ფორმით ისინი შედეგია ტრამვისა, რომელიც პიროვნების ფსიქიკას მიადგა. მაზოხისტში ეს იმაში ვლინდება, რომ სქესობრივი აქტისას თავს დამნაშავედ გრძნობს. სადისტს ჰგონია, რომ ტრამვის მიზეზი მაცდური ქალია. სინამდვილეში კი, ეს ტრამვები გვიჩვენებს თუ როგორ ღრმა კვალს ტოვებს ბავშვის ფსიქოლოგიაზე მეტისმეტად მკაცრი მორალური ქადაგებები. აუცილებელია, რომ ყველა, ვინც ბავშვების აღზრდითაა დაკავებული, განსაკუთრებით ყველაზე პატარების აღზრდით, კარგად იყოს გათვითცნობიერებული ბავშვის ფსიქოლოგიის სფეროში.
ბავშვობაში და განსაკუთრებით მოზარდობის პერიოდში, მშობლები და აღმზრდელები ხშირად აწყდებიან ბავშვების ჭირვეულობას, სიჯიუტეს, უხეშობას და ხანდახან არაეთიკურ ქცევას, რაც საერთოდ სრულიად ბუნებრივია, თუ ძალიან შორს არ მიდის. თუმცა, სქესთან დაკავშირებული აკრძალვების დარღვევისას უფროსების მხრიდან სასჯელი შეიძლება ძალიან მკაცრი იქნეს და ბავშვები, რა თქმა უნდა, ამ განსხვავებას გრძნობენ. თუ ბავშვმა საკუჭნაოდან უკითხავად აიღო ხილი, თქვენ შეიძლება გაბრაზდეთ და საყვედური უთხრათ, მაგრამ არ ჩათვლით, რომ ის საშინლად მოიქცა. სულ სხვა საქმეა თუ თქვენ, ძველებური შეხედულებების ადამიანი, მას მასტურბაციისას შეისწრებთ. მაშინ საყვედურს არ დასჯერდებით, თქვენს ხმაში საშინელი აღშფოთება გაიჟღერებს, ისეთი, მას რომ არასოდეს სმენია თქვენგან. თქვენი ტონი, თქვენი აღშფოთება ბავშვზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს და მოზარდი დაიჯერებს, რომ მასტურბაცია მას მართლაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. და მაინც, ის მასტურბაციას არ შეწყვეტს.
ეს ფსიქიკური ტრამვა იქნება ბავშვისათვის, რაც მთელი ცხოვრება გაჰყვება. ამ მომენტიდან, ის თავს ცოდვილად თვლის, მაგრამ კვლავაც აგრძელებს იმის გაკეთებას, რასაც აკეთებდა და თავს იმით ინუგეშებს, რომ ამის შესახებ ვერავინ გაიგებს. თავს ძალიან უბედურად გრძნობს და ცდილობს შური იძიოს, დევნის რა ყველას ვინც მასზე სუსტია. ბავშვობიდანვე ეჩვევა რა მოტყუებას, ის, ბოლოს და ბოლოს, ყალიბდება ფარისევლად, რომელიც დევნის ყველა აზრს და ქმედებას, რასაც არ ეთანხმება და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისმა მშობლებმა ან აღმზრდელებმა შეცდომა დაუშვეს როცა ცდილობდნენ ის ზნეობრივ პიროვნებად აღეზარდათ.
ბავშვის ცხოვრებაში დანაშაულის, შიშის და სირცხვილის გრძნობა არ უნდა დომინირებდეს. მისი ცხოვრება მხიარული, ბედნიერი და სპონტანური უნდა იყოს. ბავშვს არ უნდა ეშინოდეს თავისი იმპულსური სურვილების, ბუნების ფაქტების კვლევის. თავისი ინსტინქტური ცხოვრება სადღაც სიბნელეში არ უნდა ჰქონდეს დამალული. მან არ უნდა ჩამალოს თავისი არაცნობიერის სიღრმეში იმპულსები, რომლებსაც ვერ გააქრობს, რაც უნდა მოინდომოს. თუ გვსურს, რომ ჩვენი ბავშვები გაიზარდნონ და კარგი ადამიანები დადგნენ, ინტელექტუალურად პატიოსნები და უშიშრები, როცა საქმე საზოგადოების ინტერესების დაცვას ეხება, ენერგით სავსენი, როცა საჭიროა მოქმედება და შემწყნარებლები სხვაგვარად მოაზროვნეთა მიმართ, მაშინ ადრეული ბავშვობიდანვე აღზრდის სისტემა ისე უნდა ავაგოთ, რომ ეს შედეგი მიღწეულ იქნას. მაგრამ, ჯერჯერობით აღზრდის სისტემას ბევრი საერთო აქვს იმასთან, მწვრთნელები დათვებს ცეკვას რომ ასწავლიან. ეს ასე ხდება; ძაღლებს გახურებულ რკინის იატაკზე გაჰყავთ და საცეკვაო მუსიკას უკრავენ. დათვი ცდილობს არ დაიწვას და ერთი თათიდან მეორეზე გადადის. ასე აკეთებენ მრავალჯერ და აი, ბოლოს მას არენაზე უშვებენ. ის მუსიკის ფონზე „ცეკვას“ იწყებს, მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად მის თათებქვეშ იატაკი გახურებული არ არის. დაახლოებით ასეთ მეთოდს იყენებენ უფროსები, როცა ამჩნევენ, რომ ბავშვი თავის სასქესო ორგანოს ეხება. ისინი მის დაშინებას იწყებენ და შედეგად, როცა ის უფროსი გახდება „ცეკვას“ განაგრძობს იმ მელოდიის ფონზე, აღმზრდელებმა რომ მიაჩვიეს. რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევაში მისი სექსუალური ცხოვრება ჯანმრთელი და ბედნიერი არ იქნება.
როცა ბავშვი მოზარდობის ასაკში შედის, სქესობრივ საკითხზე ტრადიციული შეხედულებები მას დიდ უსიამოვნებას აყენებს. ბევრი ბიჭი სირცხვილს განიცდის, არ ესმის რა ხდება მის თავს, როცა ღამით პირველად აქვს პოლუცია. გარდა ამისა ისინი საკუთარ თავში აღმოაჩენენ იმპულსურ სურვილებს, რომელთა შესახებ მათ უფროსები აფრთხილებდნენ და რომელთაც საშინლად ცუდი სიტყვებით მოიხსენიებდნენ. მაგრამ, ეს სურვილები იმდენად ძლიერია, რომ დღე და ღამ არ ასვენებს და ამ დროს და ასეთი სურვილებით ატანილნი ოცნებობენ იდეალურ სიყვარულზე, რომელიც მათთვის იგივეა, რაც სექსი. თანახმად მანიჰეის დოქტრინისა რომელმაც ქრისტიანობაზე გავლენა მოახდინა, იდეალური გრძნობები, ოცნებები იდეალურ სიყვარულზე და ხორციელი სურვილები არა მხოლოდ ერთმანეთისგან მთლიანად განცალკევებით არსებობენ, არამედ მუდმივ ბრძოლაში არიან ჩართული ერთმანეთთან. ამ შემთხვევისათვის ერთი ჩემი მეგობარი ინტელექტუალის სიტყვები მინდა მოვიყვანო:
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთ-ერთი არატიპიური მოზარდი ვიყავი, იმდენად დიდი იყო ჩემში უფსკრული ხორციელსა და იდეალურს შორის. შემეძლო საათობით მეკითხა შელის სენტიმენტალური სტრიქონები:
ასე პეპელა ოცნებობს ვარსკვლავებზე,
ასე ღამეს სურს დილას მოეხვიოს.
და უცებ, მე ამ სიმაღლიდან ვეშვებოდი და ვცდილობდი შემეჭვრიტა ოთახში, სადაც მოსამსახურე ქალი იხდიდა. ჩემი სიმაღლეები ილუზორული იყო. მისი დახმარებით მე უბრალოდ ვცდილობდი სექსისადმი ჩემი შიში დამეფარა“.
ყველამ იცის რამდენად ხშირია ნერვოზები მოზარდობის ასაკში, როცა ჩვეულებრივ გაწონასწორებული ყმაწვილი უცებ წონასწორობიდან გამოდის. მარგარეტ მიდი თავის წიგნში – „ინიციაცია სამოაზე“ ამტკიცებს, რომ იმ კუნძულის მოზარდებს შორის ნევროზი საერთოდ უცნობი მოვლენაა და ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ კუნძულზე თავისუფალი სქესობრივი ურთიერთობებია. თუმცა, ქრისტიანი მისიონერების გამოჩენის შემდეგ ეს თავისუფლება რამდენადმე შეზღუდულა.
მის მიდი ესაუბრა მისიის წარმომადგენელ რამდენიმე გოგონას, რომლებიც მისიონერთა სახლში ცხოვრობდნენ და გაირკვა, რომ ყველა ისინი ერთმანეთთან სექსით, ან მასტურბაციით იყვნენ დაკავებული, მაშინ, როცა დანარჩენ გოგონებს ნორმალური სქესობრივი ცხოვრება ჰქონდათ. ჩვენში ყველაზე მეტად ცნობილი ბიჭების სკოლები, ამ თვალსაზრისით მხოლოდ იმით განსხვავდებიან სამოაში მყოფ მისიონერთა სახლებისაგან, რომ ის სახლები უვნებელია ინგლისურმა სკოლამ კი ბავშვის ფსიქიკას შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს, რადგან მას მთელი გულით სჯერა რასაც აღმზრდელები ასწავლიან, სამოანელი გოგონებისთვის კი თეთრკანიანი მისიონერების ქადაგება გართობის საგანია მხოლოდ.
როცა ყმაწვილი ჭაბუკი ხდება, ის კვლავ უსიამოვნებებს აწყდება სექსთან დაკავშირებით, ისეთს, რომელიც შეიძლებოდა არ ყოფილიყო. თუ მას სქესობრივი ურთიერთობა აქამდე არ ჰქონია, იმის აუცილებლობა, რომ თავისი სურვილები აკონტროლოს, მას დაბნეულს და მორიდებულს ხდის და როცა ბოლოს და ბოლოს ის ქორწინდება, თვითკონტროლისგან გათავისუფლებას მხოლოდ იმით ახერხებს, რომ უხეშად და აგრესიულად ექცევა თავის ცოლს და რა თქმა უნდა, კარგავს მას, როგორც პარტნიორს. თუ მეძავებში მიდის მაშინ ნაპრალი სიყვარულის ფიზიკურ და იდეალისტურ ასპექტებს შორის, რომელიც ჯერ კიდევ მოზარდობისას გაჩნდა, კიდევ უფრო ღრმავდება. შედეგად, მისი დამოკიდებულება ქალებთან ან პლატონური ხასიათისაა, ან, როგორც თვითონ ის თვლის, მდაბალი და საზიზღარია. ამას ვენერიული დააადებების რისკიც ემატება. თუ მას თავისივე კლასის გოგონასთან ექნება ურთიერთობა, მაშინ შეიძლება ყველაფერი კარგად წავიდეს, თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი ამ კავშირის დამალვა მოუწევს, რაც მყარი ურთიერთობის ჩამოყალიბებას ხელს შეუშლის. ახალგაზრდებს ნაწილობრივ მათთვის დამახასიათებელი სნობიზმის, ნაწილობრივ კი იმის გამო, რომ არ სურთ ასეთ ასაკში ბავშვები იყოლიონ, დაქორწინების სურვილი არ აქვთ. გარდა ამისა, რამდენადაც განქორწინება რთული პროცედურაა, ადრეული ქორწინება დიდ საფრთხეს შეიცავს: როცა ახალგაზრდები ოცი წლისანი იყვნენ, ისინი თვლიდნენ, რომ იდეალურად შეეფერებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ათი წლის შემდეგ უცებ მიხვდნენ, რომ მათ ცოტა რამ თუ აქვთ საერთო. მუდმივი ურთიერთობა ერთსადაიმავე პარტნიორთან ბევრისთვის რთულ პრობლემად იქცევა, თუ მანამდე მათ ხანმოკლე ურთიერთობების გამოცდილება არ ჰქონიათ. სქესობრივ ურთიერთობას ჯანსაღი თვალით რომ ვუყურებდეთ უნივერსიტეტის სტუდენტების დროებითი ქორწინების წინააღმდეგი არ ვიქნებოდით, იმ პირობით თუ მათ უშვილო ოჯახები ექნებოდათ. ეს დაეხმარებოდა ახალგაზრდებს სექსზე მუდმივი, აკვიატებული ფიქრისგან გათავისუფლებულიყვნენ, რაც ასე უშლით ხელს ნაყოფიერად იმუშაონ. ასეთი ქორწინების შედეგად ისინი ბევრ რამეს შეიტყობდნენ საპირისპირო სქესის შესახებ, ეს ცოდნა კი ფრიად სასურველია თუ ქალი და კაცი იმ განზრახვით ქორწინდება, რომ შვილები იყოლიონ. ასეთი დროებითი ქორწინება ახალგაზრდებს საშუალებას მისცემდა სიყვარულით დამტკბარიყვნენ ტყუილების, რაღაც ხრიკების, მალვის და ვენერიული დაავადების შიშის გარეშე, ყველა იმ საფრთხის გარეშე, რაც მათ ახალგაზრდობას უწამლავს.
ახლა განვიხილოთ საკმაოდ დიდი ჯგუფი ქალებისა, რომლებიც სხვადასხვა გარემოების გამო იძულებულნი არიან გაუთხოვარნი დარჩნენ. ტრადიციული მორალის გამო მათ ტკივილიანი ცხოვრება აქვთ, ხშირად კი ნევროზიც უჩნდებათ. მე, ისევე, როგორც ბევრი სხვა, ვიცნობ გაუთხოვარ ქალებს რომლებიც მკაცრი მორალური ნორმებით ცხოვრობენ და ყველა თვალსაზრისით ღრმა პატივისცემას იმსახურებენ თავიანთი ადამიანური თვისებებით. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ უმეტეს შემთხვევებში საქმე სხვაგვარად არის. ფსიქოლოგია ქალისა, რომელსაც სქესობრივი ურთიერთობა არასოდეს ჰქონია და ქალწული დარჩა, დამძიმებულია შიშის გრძნობით, რაც მოკრძალების და გაუბედაობის გრძნობას ერწყმის და ამავე დროს, ინსტინქტურ, ქვეცნობიერ გრძნობას მტანჯველი შურისა და სიძულვილისა ყველა ნორმალური ადამიანისადმი, რადგან მას თითქოს სურს დასაჯოს ისინი იმისთვის, რომ ის სიამოვნება მიიღეს, რაც თვითონ დააკლდა. მზად ვარ დავიჯერო, რომ შინაბერების უმრავლესობის პოტენციალი მაღალი არ არის. ჩემი აზრი, იმისკენ იხრება, რომ ქალები ინტელექტუალურ განვითარებაში ჩამორჩებიან. სამწუხაროდ ეს ფაქტი ძირითადად იმით არის გამოწვეული, რომ მათ ცნობისმოყვარეობას აბრკოლებს სქესობრივი ურთიერთობის შიში, რაც ფსიქიკაში აქვთ გადასული.
თუმცა, არაფრით არ შეიძლება იმ სიტუაციის გამართლება, როცა ქალები იძულებულნი არიან ქალწულად დარჩნენ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ გათხოვდნენ. მაგრამ, ასეთი სამწუხარო მოვლენა მხოლოდ ჩვენი დროისთვისაა დამახასიათებელი და საერთოდ არ არსებობდა მანამ, სანამ კაცების და ქალების რაოდენობა თითქმის თანაბარი იყო. ეჭვი არ არის, რომ ამ ქალებსაც სურთ ბედნიერები იყვნენ და არ უნდათ, რომ მათმა ცხოვრებამ ამაოდ ჩაიაროს. ეს სერიოზული არგუმენტი გახლავთ საიმისოდ, რომ აუცილებელია ტრადიციული მორალის შეცვლა სქესთა შორის ურთიერთობის საკითხთან დაკავშირებით.
მაგრამ, ქორწინებას, რომელიც სექსის ერთადერთი გამართლებაა ტრადიციული მორალის თვალსაზრისით, კოდექსის მეტისმეტი სიმკაცრე დიდ ზიანს აყენებს. ბავშვობისას და ყრმობისას შეძენილი ნევროზები, შემდეგ გამოცდილება მეძავებთან, ახალგაზრდა ლედისთვის ჩანერგილი ზიზღის გრძნობა სექსის მიმართ, რათა ქორწინებამდე ქალწული დარჩეს – ეს ყველაფერი ქორწინებას უბედურებად აქცევს. როცა ეარშიყებიან, კარგად აღზრდილი გოგონა, რომელსაც ნორმალური სქესობრივი მოთხოვნილება აქვს, ვერ არჩევს აკავშირებს თუ არა ახალგაზრდა კაცთან საერთო ინტერესები და სიმპათიები თუ მისდამი ლტოლვა მხოლოდ სექსუალური მიმზიდველობის შედეგია. ის დაუფიქრებლად მიჰყვება ცოლად პირველივე მამაკაცს, რომელმაც მასში ქალი გააღვიძა და მხოლოდ ძალიან გვიან, როცა სექსუალურ შიმშილს დაიკმაყოფილებს, ქალი ხვდება, რომ ქმართან არაფერი საერთო აღარ აქვს. მათი სქესობრივი აღზრდა ისეთია, რომ გოგონა გაუბედავი და მორცხვია, ბიჭი კი მისი დაუფლების სურვილითაა ატანილი. სქესობრივი ურთიერთობის ნიუანსებში ვერც ერთი ერკვევა და ვერც მეორე. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ქორწინება უიღბლო გამოდგა. არც ერთსა და არც მეორეს არ აკმაყოფილებს ის ურთიერთობა, რომელიც აქვთ. ისინი იმის ახსნასაც კი ვერ ახერხებენ ერთმანეთისთვის თუ რა მოხდა და რატომ არიან უბედურები ქორწინებაში, იმიტომ, რომ ქალი ასეთ რამეებზე ღიად ლაპარაკს მიჩვეული არ არის, კაცს კი ამის შესახებ მხოლოდ მეგობრებთან და მეძავებთან თუ უსაუბრია. თავიანთი ერთობლივი ცხოვრების ყველაზე ინტიმური მომენტები მორცხვობაში, უხერხულობასა და სრულ სიჩუმეში გაატარეს. ცოლი გამოუძინებელი, დაუკმაყოფილებელი წევს და არ იცის რატომ არის ყველაფერი ასე ცუდად. ქმარს გაუელვა აზრმა – ჯერ მხოლოდ წამიერად, შემდეგ კი მას თავიდან ვეღარ იშორებს, რომ მეძავებისგანაც კი მეტი სითბო მოდის მის მიმართ, ვიდრე კანონიერი ცოლისგან. მისთვის შეურაცხმყოფელი იყო ცოლის სიცივე და იმავე წამს, მტანჯველი სიმძიმე დაეუფლა იმ შეგრძნებისგან, რომ მისი აღგზნება ვერ შეძლო. მთელი მათი უბედურების თავი და თავი კი ის არის, რომ მათ ვერ შეძლეს ღიად ელაპარაკათ რაღაც საკითხებზე, რადგან ეს უხამსობად მიაჩნდათ.
თავიდან ბავშვობაში, შემდეგ კი სიყმაწვილესა და სიჭაბუკეში და ბოლოს ქორწინებაში, ძველი მორალი ცდილობდა სიყვარულის გრძნობა დაეგესლა, გაებატონებინა მასზე შიში, ორმხრივი გაუგებრობა, მონანიების გრძნობა და ნერვიული დაძაბულობა. ცდილობდა განეცალკევებინა ხორციელი ლტოლვა იდეალური სიყვარულისკენ სულიერი სწრაფვისაგან, აქცევდა რა პირველს ცხოველურ იმპულსად, მეორეს კი – უბრალოდ კლავდა. ყველაფერი, რასაც ეს მორალი აკეთებდა სიცოცხლის წინააღმდეგ იყო მიმართული, იმიტომ, რომ სიცოცხლის პროცესში სულიერი და ხორციელი ერთმანეთს არ უნდა მტრობდეს. მათ შორის არაფერია შეუთავსებელი, იმიტომ, რომ თითოეული მათგანი მხოლოდ მაშინ ჰყვავის და იძლევა ნაყოფს, როცა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. როცა კაცს და ქალს ერთმანეთი ნამდვილად უყვართ, მათ სიყვარულში ადგილი აღარ არის შიშისათვის იმიტომ, რომ ერთის სული და ხორცი მეორის სულსა და ხორცს ერწყმის, არ უფრთხის რა, რომ სიყვარულის იდეალური მხარე ხორციელს გადასწონის, ან პირიქით, ხორციელი გადასწონის სულიერს. ჭეშმარიტი სიყვარული ხეს ჰგავს – ფესვები ღრმად აქვს მიწაში, ტოტები კი ზეცისკენ ილტვის.
მაგრამ, სიყვარული ვერ გაიზრდება და იყვავილებს ტაბუსა და პირქუში ცრურწმენების გარემოში, იქ სადაც მას ამუნათებენ და აშინებენ. კაცისა და ქალის სიყვარული ერთი მხრივ და მშობლების და ბავშვების სიყვარული მეორე მხრივ, ადამიანთა ემოციური ცხოვრების საფუძვლებს შეადგენს. პირველის დამცირებით ძველი მორალი თავს ისე აჩვენებდა თითქოს მეორეს ამაღლებდა, მაგრამ სინამდვილეში ამას არ შეიძლებოდა მშობლების ბავშვებისადმი სიყვარულისთვის ვნება არ მიეყენებინა იმიტომ რომ დამცირებული იყო თვითონ მშობლების სიყვარული ერთმანეთის მიმართ. სიხარულის და სიყვარულის ატმოსფეროში დაბადებული ბავშვები მშობლების სიყვარულით გამთბარნი იზრდებიან. ისინი ჯანმრთელები, ფიზიკურად ძლიერები, ბუნებასთან ახლონი, უბრალოები, პირდაპირები, სიცოცხლით სავსენი, ნაკლებად ეგოისტურები, ძალიან ნაყოფიერები და წარმატებულები არიან ცხოვრებაში. ყველაფერი სხვაგვარად ხდება როცა ცოლ-ქმარს შორის სიყვარული არ არის და თითოეული მათგანი ცდილობს ის სხვაგან იპოვოს. როცა ერთ-ერთი მათგანი, ან ორივე ერთად, უმწეო ბავშვებში ეძებს იმ თანაგრძნობას და სიყვარულს, რომელიც ქორწინებაში მიუწვდომელი აღმოჩნდა მათთვის. ამით მათ შფოთი და ქაოსი შეაქვთ ბავშვების სულებში და საფუძველს უყრიან მათ მომავალ უბედურებებს და ნევროზებს. სიყვარულის შიში სიცოცხლის შიშს ნიშნავს, ის კი, ვისაც სიცოცხლის ეშინია სამი მეოთხედით უკვე მკვდარია.
კომენტარები