ფრიდრიხ ნიცშე

ფრიდრიხ ნიცშე

ბერტრან რასელი – ბრიტანელი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მათემატიკოსი, საზოგადო მოღვაწე, პაგუოშის კონფერენციების ერთ-ერთი დამაარსებელი, ლოგიციზმის, ნეოპოზიტივიზმის და „ნეიტრალური მონიზმის“ წარმომადგენელი.

ნიცშე სამართლიანად მიიჩნევდა თავს შოპენჰაუერის მიმდევრად, მაგრამ ის ბევრი რამით მაღლა დგას შოპენჰაუერზე, განსაკუთრებით იმით, რომ მისი მოძღვრება თანმიმდევრული და არაწინააღმდეგობრივია. შოპენჰაუერისეული აღმოსავლური თვითუარყოფის ეთიკა ჰარმონიაში არ არის მისსავე ნების ყოვლისშემძლეობის მეტაფიზიკასთან, ნიცშესთვის კი ნება პირველადია არამარტო მეტაფიზიკურ, არამედ ეთიკურ პლანშიც.

 

ნიცშე უფრო ლიტერატურული ყაიდის ფილოსოფოსია, ვიდრე აკადემიური ყაიდის. მას არ შეუქმნია არავითარი ახალი სპეციალური თეორია ონტოლოგიაში თუ ეპისტემოლოგიაში. ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი უპირველესად მისი ეთიკაა, აგრეთვე მისი მძაფრი ისტორიული კრიტიკა.

 

ნიცშეს ძალიან უყვარდა ვაგნერი, მაგრამ ეჩხუბა მას ოპერა „პარსიფალის“ დაწერის შემდეგ, რომელიც, მისი აზრით, მეტისმეტად ქრისტიანული იყო. ჩხუბის მერე ის სასტიკად ლანძღავდა ვაგნერს და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მას ებრაელობა დასწამა. მაგრამ თავისი საერთო მსოფლმხედველობით ნიცშე მაინც ახლოს იყო ვაგნერთან, მის მუსიკალურ ციკლში – „ნიბელუნგების ბეჭედში“ გამოხატულ მსოფლხედვასთან. ნიცშეს ზეკაცი ყოველმხრივ ზიგფრიდის მსგავსია...

 

თავისი თვითცნობიერებით ნიცშე არ ყოფილა რომანტიკოსი; ის ხშირად მკვეთრად აკრიტიკებს რომანტიკოსებს. მაგრამ, ამის მიუხედავად, მისი მსოფლმხედველობა დიდად არის დავალებული რომანტიკოსებისგან: ეს არის ბაირონული ტიპის არისტოკრატული ანარქიზმი და არავის გააკვირვებს, თუ ვიტყვი, რომ ნიცშე აღფრთოვანებული იყო ბაირონით. ნიცშე ცდილობდა, შეეერთებინა ორგვარი ფასეულობანი, რომლებიც ადვილად ვერ უთავსდებიან ერთმანეთს: ერთი მხრივ, მას იზიდავს შეუბრალებლობა, ომი, არისტოკრატული სიამაყე; მეორე მხრივ, მას უყვარს ფილოსოფია, ლიტერატურა, ხელოვნება, განსაკუთრებით მუსიკა. ისტორიულად ეს ფასეულობები აღორძინების ეპოქაში თანაარსებობდნენ... ბუნებრივია ნიცშეს შედარება მაკიაველისთან. ნიცშეს პოლიტიკის ფილოსოფია ანალოგიურია მაკიაველის „მთავარში“ ჩამოყალიბებული პოლიტიკის ფილოსოფიის, თუმცა უფრო ფართოდ არის გააზრებული. როგორც ნიცშეს, ასევე მაკიაველის ეთიკა პოლიტიკური მიზანდასახულობის მქონეა და ხაზგასმულად ანტიქრისტიანულია (ნიცშესი უფრო მეტად). ნაპოლეონი ნიცშესთვის ისეთივე ფიგურა იყო, როგორიც ჩეზარე ბორჯია მაკიაველისთვის – დიდი ადამიანი, რომელიც პატარა მტრებმა დაამარცხეს.

 

რელიგიის და ფილოსოფიის ნიცშესეული კრიტიკა მთლიანად ეთიკური მოტივებით არის ნაკარნახევი. იგი აღტაცებულია ზოგიერთი თვისებით, რომელიც, მისი რწმენით, მხოლოდ არისტოკრატული უმცირესობისთვის შეიძლება იყოს დამახასიათებელი; უმრავლესობა მხოლოდ საშუალება უნდა იყოს უმცირესობის აღზევებისთვის, იგი არ უნდა ეპოტინებოდეს ბედნიერებას და კეთილდღეობას. ჩვეულებრივ, ნიცშე უბრალო ადამიანებს „ნაკლულებად და არასრულფასოვნებად“ იხსენიებს და არ არის იმის წინააღმდეგი, რომ ისინი იტანჯებოდნენ, თუკი ეს დიდი ადამიანის მოვლინებისთვის არის აუცილებელი.

 

ნიცშეს ძალიან უყვარს პარადოქსები და რიგითი მკითხველის გაოგნება. მაგალითად, ის ამბობს, რომ შეცდომაა, ჩვენს მოვალეობად მივიჩნიოთ სიკეთის გამარჯვებისკენ და ბოროტების დამარცხებისკენ სწრაფვა. ეს წმინდა ინგლისური შეხედულებაა, ტიპიური „ბრიყვი ჯონ სტიუარტ მილისთვის“ – ადამიანისთვის, რომლის მიმართაც ნიცშე განსაკუთრებულ ღვარძლს და ზიზღს ამჟღავნებდა. „მე მძულს იმ კაცის ვულგარულობა, რომელიც ამბობს: „რაც სწორია ერთი ადამიანისთვის, ის სხვებისთვისაც სწორია“; „არ გაუკეთო სხვას ის, რაც არ გინდა შენ გაგიკეთონ“. ამ პრინციპების მომარჯვებით დიდი ხალისით დაამყარებდნენ ადამიანურ ურთიერთობას ერთმანეთისთვის სამსახურის გაწევაზე, ისე, რომ ყოველი ჩვენი ქმედება იქნებოდა სხვისი ქმედების ანაზღაურება. ეს ჰიპოთეზა უკიდურესად მდაბალია, რადგან გულისხმობს, რომ ჩემი და შენი ქმედებები ტოლფასია.

 

ჭეშმარიტი სათნოება, ჩვეულებრივისგან განსხვავებით, ყველასთვის არ არის მისაწვდომი, არ არის მომგებიანი, კეთილგონივრული, იგი მის მფლობელს აშორებს სხვა ადამიანებისგან, ზიანის მიმყენებელია დაბლა მდგომთათვის. უმაღლესი ადამიანები უნდა ეომებოდნენ მასებს და ეწინააღმდეგებოდნენ საუკუნის დემოკრატიულ ტენდენციებს, რადგან ყველა სფეროში საშუალო ადამიანები ერთიანდებიან, რათა გაბატონდნენ. ყველაფერი რაც გვანაზებს, გვარბილებს და „ხალხს“ და „ქალს“ წინ წაწევას უადვილებს, საყოველთაო საარჩევნო უფლებას ამკვიდრებს, არის „მდაბალი“ ადამიანების ბატონობა“.

 

მაცდუნებელი იყო რუსო, რომელმაც ქალი საინტერესო გახადა, შემდეგ გამოჩნდა ჰარირტ ბიჩერ-სტოუ თავისი მონებით, შემდეგ მოვიდნენ მუშების და ღარიბების მოსარჩლე სოციალისტები, ყოველივე ამის წინააღმდეგ ბრძოლაა საჭირო... ნიცშე თანალმობას მიიჩნევდა სისუსტედ, რომელიც უნდა დაიძლიოს.

 

ნიცშე გმობს ქრისტიანობას იმის გამო, რომ ის ნერგავს „მონურ მორალს“... ქრისტიანობა ყველაზე ფატალური და დამღუპველი ტყუილია ისტორიაში. არც ერთი თვალსაჩინო პიროვნება არასდროს ყოფილა ქრისტიანულ იდეალს მიახლოებული – გავიხსენოთთ თუნდაც პლუტარქეს „ბიოგრაფიათა“ გმირები. ქრისტიანობის დანაშაულია, რომ მან უარყო ისეთი ფასეულობები, როგორიცაა „სიამაყე, დისტანციის პათოსი, უდიდესი პასუხისმგებლობა, სიცოცხლის დაუოკებელი სიხარული, მშვენიერი მხეცურობა, ომის და დაპყრობის ინსტინქტები, ვნების, შურისგების, რისხვის, გრძნობადობის, რისკის და ცოდნის განდიდება“. ყოველივე ეს თავისთავად კარგია, მაგრამ ქრისტიანობამ ბოროტებად გამოაცხადა, – ამტკიცებს ნიცშე.

 

ქრისტიანობა, მისი ფიქრით, ცდილობს მოათვინიეროს ადამიანის გული, მაგრამ ეს შეცდომაა. გარეულ მხეცს აქვს რაღაც დიდებულება, რომელსაც მოშინაურებისას კარგავს. დამნაშავეები, რომლებთანაც ურთიერთობა ჰქონდა დოსტოევსკის კატორღაში, მასზე უკეთესები იყვნენ, რადგან საკუთარ თავს უფრო სცემდნენ პატივს. ნიცშეს სძაგს ცოდვების მონანიება და გამოსყიდვა... მოვიყვან ნიცშეს აზრს პასკალის შესახებ, რომელიც განსაკუთრებით მკაფიოდ გვიჩვენებს მის უარყოფით დამოკიდებულებას ქრისტიანობისადმი. „რატომ ვებრძვით ქრისტიანობას? იმიტომ, რომ მას სურს დააუძლუროს ძლიერები, გატეხოს ისინი სულიერად, გამოიყენოს მათი დაღლილობის და სისუსტის მომენტები, აქციოს მათი ამაყი თავდაჯერებულობა ღელვად და შფოთვად; ვებრძვით იმის გამო, რომ მან იცის, როგორ მოწამლოს და დაასნებოვნოს უკეთილშობილესი ინსტინქტები და როგორ შეაბრუნოს ძლიერთა ძალა, ძალაუფლების ნება მათსავე წინააღმდეგ, ისე, რომ ძლიერები დაიღუპონ თავისი თავისადმი მეტისმეტი ზიზღისგან, ანუ თვითშეწირვა განახორციელონ – ამის ყველაზე ცნობილი მაგალითი პასკალის ბედია“.

 

ქრისტიანი წმინდანის ადგილას ნიცშეს სურს იხილოს ის, ვისაც „კეთილშობილ“ ადამიანს უწოდებს, ანუ მმართველი არისტოკრატი. „კეთილშობილ“ ადამიანს შეუძლია იყოს სასტიკი და იმის ჩამდენი, რასაც ვულგარული ცნობიერება დანაშაულად აღიქვამს. მას მოვალეობის გრძნობა მარტო თავის თანასწორთა მიმართ აქვს...

 

რა აზრის შეიძლება ვიყოთ ნიცშეს მოძღვრებაზე? რამდენად ქეშმარიტია ის? არის მასში რაიმე ობიექტური სიმართლე, თუ ეს მხოლოდ ავადმყოფის ფანტაზიებია ძალაუფლების თემაზე?

 

არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ ნიცშეს გავლენა უზარმაზარი იყო, მაგრამ ეს გავლენა განიცადეს არა ფილოსოფოსებმა, არამედ ლიტერატორებმა და ხელოვანმა ხალხმა. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მისი წინასწარმეტყველებანი, ჯერჯერობით, უფრო სწორი გამოდგა, ვიდრე ლიბერალების და სოციალისტების პროგნოზები. თუ ნიცშე უბრალოდ ავადმყოფობის სიმპტომია, მაშინ ეს ავადმყოფობა ძალიან გავრცელებულია თანამედროვე სამყაროში. მაგრამ მაინც, ნიცშეში ბევრი რამ არის ისეთი, რაც უნდა უარვყოთ, როგორც განდიდების მანიის გამოვლინება. ის სპინოზაზე წერს: „რაოდენ სიმორცხვეს და ტკივილისადმი გადამეტებულ მგრძნობიარობას ამხელს ავადმყოფი განდეგილის ეს მასკარადი!“ იგივე შეიძლება ითქვას თვით მასზეც. აშკარაა, რომ ოცნებაში მას თავი მეომრად წარმოედგინა და არა პროფესორად, ყველა პიროვნება, ვინც მას აღაფრთოვანებდა, სამხედრო იყო. მისი შეხედულება ქალებზე, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა მამაკაცის შეხედულება, იმის ობიექტივიზაციაა, რასაც ქალების მიმართ განიცდის, ანუ, ცხადია, შიშის. „როცა ქალთან მიდიხარ, მათრახის წაღება არ დაგავიწყდეს!“ – ამბობდა ის, მაგრამ ათიდან ცხრა ქალი მას ამ მათრახს ხელიდან გამოგლეჯდა და მან ეს იცოდა.

 

ამიტომ გაურბოდა ქალებს და თავის გაღიზიანებულ თავმოყვარეობას ბოროტი სენტენციებით იამებდა.

 

ის გმობს ქრისტიანულ სიყვარულს იმის გამო, რომ შიშის ნაყოფად მიაჩნია: მე მეშინია, რომ ესა თუ ის ადამიანი მაწყენინებს, ამიტომ ვარწმუნებ მას, რომ მიყვარს. უფრო ძლიერი და გაბედული რომ ვიყო, არ დავუმალავდი ჩემს ზიზღს, რომელსაც მის მიმართ, რა თქმა უნდა, ვგრძნობ. ნიცშეს არ შეეძლო იმის წარმოდგენა, რომ ადამიანს შეიძლება გულწრფელად უყვარდეს მთელი კაცობრიობა, რადგან თვითონ სიძულვილით და შიშით იყო სავსე, რასაც ვერ ამჟღავნებდა. ქედმაღლური გულგრილობის ნიღბით ფარავდა. მისი „კეთილშობილი“ ადამიანი, როგორიც თვითონ უნდოდა ყოფილიყო, მთლიანად დაცლილია თანალმობისგან, შეუბრალებელია, ეშმაკი და ბოროტია. ის მხოლოდ თავის ძალაუფლებაზე ფიქრობს...

 

ნიცშეს არასდროს მოსვლია თავში აზრად, რომ ძალაუფლებისკენ სწრაფვა, რომლითაც თავის ზეკაცს აღჭურავს, შიშისგან არის წარმოშობილი. ის, ვისაც არ ეშინია სხვების, ვერ ხედავს იმის აუცილებლობას, რომ იბატონოს მათზე. არ ეძებს ტკბობას მუსიკაში და ადამიანების ხოცვა-ჟლეტაში ნერონივით, რომლის გულიც იმავე დროს ამბოხების შიშით თრთის...

 

უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობს ქრისტიანული ეთიკის გარკვეული ტიპი, რომლის მიმართაც ნიცშეს მკაცრი კრიტიკა შეიძლება სამართლიანი იყოს. პასკალის და დოსტოევსკის სათნოებას რაღაც სისაწყლის იერი აქვს. პასკალმა თავისი შესანიშნავი მათემატიკური გონება ღმერთს შეწირა – სისასტიკე, რომელიც მან ღმერთს მიაწერა, სინამდვილეში თვით პასკალის სულიერი წამების კოსმიურად გაფართოებული უკუფენა იყო. დოსტოევსკი ათვალწუნებით უყურებდა ადამიანურ სიამაყეს. მას შეეძლო იმის გულისთვის ჩაიდინა ცოდვა, რომ მოუნანიებინა და აღსარების სიამოვნება განეცადა.

 

არ შევუდგები იმის გამოძიებას, რამდენად უნდა დაბრალდეს ასეთი გონების დაბნელება ქრისტიანობას, მაგრამ ვეთანხმები ნიცშეს, რომ დოსტოევსკის პროსტრაცია საძაგელია. მე იმასაც ვეთანხმები, რომ პირდაპირობა, სიამაყე და გარკვეული თვითდამკვიდრების უნარიც კი საუკეთესო ადამიანური თვისებებია. არ შეიძლება აღფრთოვანებას იწვევდეს სათნოება, რომელიც შიშიდან არის აღმოცენებული.

 

არსებობს ორგვარი წმინდანობა – ბუნებისმიერი და შიშით ნასაზრდოები. ბუნებისმიერი წმინდანი უშუალოა და წრფელად უყვარს კაცობრიობა, ის სიკეთეს აკეთებს იმიტომ, რომ ეს სიხარულს განაცდევინებს. მოშიშარი წმინდანი, პირიქით იმ ადამიანს გავს, რომელიც არ ქურდობს პოლიციის შიშით და რომელსაც მხოლოდ ჯოჯოხეთის ცეცხლის და ადამიანების შურისგების მოლოდინი აკავებს უზნეობისგან. ნიცშეს შეეძლო წარმოედგინა მხოლოდ მეორე ტიპის წმინდანი: ის იმდენად იყო შეპყრობილი შიშით და სიძულვილით, რომ ადამიანებისადმი გულწრფელი სიყვარული შეუძლებლად ესახებოდა. მას ვერაფრით გაეგო, როგორ არ მიაყენებს სხვებს ტანჯვას ზეკაცური უშიშრობით და ჯიუტი სიამაყით აღჭურვილი ადამიანი იმიტომ, რომ არა აქვს ამის სურვილი. ვინ იფიქრებს, რომ ლინკოლნი ჯოჯოხეთში მოხვედრის შიშით იქცეოდა ისე, როგორც იქცეოდა? და მაინც, ნიცშეს თვალთახედვით, ლინკოლნი უბადრუკია, ნაპოლეონი კი დიდი.

 

არსებობს სერიოზული პრაქტიკული არგუმენტები, რომ იმ მიზნების მიღწევის ცდას, რომლებსაც ნიცშე სახავდა, სინამდვილეში მოსალოდნელისგან სრულიად განსხვავებულ შედეგებამდე მივყავართ. შთამომავლობითი არისტოკრატია ჩვენს დროში დისკრედიტირებულია. არისტოკრატიის ერთადერთი პრაქტიკულად შესაძლებელი ფორმა არის ფაშისტური ან ნაცისტური პარტიის ტიპის ორგანიზაცია. იგი, თუნდაც ომში არ დამარცხდეს, უთუოდ მოგვევლინება პოლიციურ სახელმწიფოდ, რომელშიც მმართველები თავიდან ვერ იშორებენ შიშს, რომ მათ ამოხოცავენ, ხოლო გმირები საკონცენტრაციო ბანაკებში არიან გამომწყვდეული. ასეთ საზოგადოებაში ნდობა და პატიოსნება დაბეზღებებით არის შერყეული და ნანატრი ზეკაცთა არისტოკრატია ლაჩრების ხროვად არის – გადაგვარებული.

 

მაგრამ ეს ჩვენი ეპოქის არგუმენტებია, მათ არ ექნებოდა ძალა წარსულში, როცა არისტოკრატული წყობის სამართლიანობა ეჭვს არ იწვევდა. ეგვიპტის ხელისუფლება რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში მართავდა ქვეყანას ნიცშეს პრინციპებით. ამერიკულ და ფრანგულ რევოლუციებამდე თითქმის ყველა დიდი სახელმწიფო არტისტოკრატული იყო. ამიტომ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: გვაქვს თუ არა იმის მყარი საფუძველი, რომ დემოკრატია ვამჯობინოთ მმართველობის ფორმას, რომლის არსებობაც ასე ხანგრძლივი და ნაყოფიერი იყო. ანდა, რაკი ფილოსოფიაზე ვმსჯელობთ და არა პოლიტიკაზე, გვაქვს თუ არა ობიექტური საფუძველი, უარვყოთ ეთიკა, რომლის მეშვეობითაც ნიცშე არისტოკრატიას ამკვიდრებს.

 

ეთიკური საკითხი აქ თანაგრძნობის საკითხია. თანაგრძნობა გამოიხატება იმაში, რომ უბედური ხარ სხვისი ტანჯვის გამო და ეს ადამიანისთვის გარკვეულწილად ბუნებრივია. პატარა ბავშვებს გუნება უფუჭდებათ, როცა სხვა ბავშვების ტირილი ესმით. მაგრამ ეს გრძნობა ადამიანებს სხვადასხვანაირად უვითარდებათ. ზოგი სიამოვნებას პოვებს ადამიანების დატანჯვაში, სხვა, მაგალითად, ბუდა, ხვდება, რომ ვერ იქნება სავსებით ბედნიერი მანამდე, ვიდრე რომელიმე ცოცხალი არსება იტანჯება. ადამიანების უმრავლესობა ემოციურად ყოფს კაცობრიობას მტრებად და მოყვრებად და მოყვრებს თანაუგრძნობს, მტრებს კი – არა. ქრისტიანული და ბუდისტური ეთიკის ემოციური სუბსტანცია უნივერსალურ თანაგრძნობას მოიცავს, ნიცშეს ეთიკა კი თანაგრძნობას სრულიად მოკლებულია.

 

მოდით, დავსვათ კითხვა: თუ დისპუტს მოვაწყობთ ბუდას და ნიცშეს შორის, შეძლებს კი რომელიმე ისეთი არგუმენტის მოყვანას, მიუკერძოებელ მსმენელს რომ მოეწონოს? შეგვიძლია წარმოვისახოთ, რომ ორივე წარდგა უზენაესის წინაშე, სატანის მსგავსად იობის წიგნის პირველ თავში და რჩევებს აძლევენ მას, როგორი სამყარო უნდა შექმნას. რისი თქმა შეუძლია თითოეულ მათგანს?

 

ბუდა კამათს დაიწყებდა საუბრით კეთროვნებზე, უსახლკაროებზე და უბედურებზე; ის ილაპარაკებდა ღატაკებზე, რომლებსაც მუშაობისგან ხელები ტკივათ და მწირი საზრდოთი ძლივს ინარჩუნებენ მბჟუტავ სიცოცხლეს; ილაპარაკებდა ბრძოლებში დაჭრილებზე და მათ ნელ აგონიაზე, ობლებზე, რომლებსაც ცუდად ეპყრობიან სასტიკი მეურვეები და წარჩინებულ, აღზევებულ ადამიანებზეც, რომელთაც მოსალოდნელ კრახზე და სიკვდილზე ფიქრი არ ასვენებთ. ბუდა იტყოდა, რომ ამ უნუგეშო ყოფიდან თავისდახსნის გზაა მოსაძებნი და ასეთ გზად მხოლოდ სიყვარული შეიძლება მოგვევლინოს.

 

ნიცშე მარტო ღმერთის ყოვლისშემძლეობისთვის ანგარიშის გაწევის გამო არ გააწყვეტინებდა ბუდას. როცა ბუდა დაამთავრებდა, ის სადინარს მისცემდა თავის სიტყვიერ კასკადებს: „ადამიანო, შენ უფრო სქელკანიანი უნდა გახდე. რას ზლუქუნებ იმის გამო, რომ უბრალო ხალხი წვალობს, ანდა დიდი ადამიანები იტანჯებიან? უბრალო ხალხის წვალება ჩვეულებრივი და უღიმღამოა, დიდი ადამიანების ტანჯვა კი დიადია და, ამდენად, სინანულს არ უნდა იწვევდეს. შენი იდეალი მთლიანად უარყოფითია – ეს არის ტანჯვის სრული გაქრობა, რაც მხოლოდ არყოფნაშია შესაძლებელი. მე კი პოზიტიური იდეალი მაქვს. მე აღფრთოვანებული ვარ ალკიბიადეთი, ფრიდრიხ მეორით და ნაპოლეონით. ასეთი ადამიანების არსებობა ამართლებს ტანჯვას. ღმერთო, მოგმართავ, როგორც უდიდეს შემოქმედს, მხატვარს, არ დაუშვა, რომ შენი არტისტული ენთუზიაზმი ჩაახშოს ამ უბედური ფსიქოპათის დეგენერატულმა, ლაჩრულმა ლაყბობამ“.

 

ბუდა, რომელმაც ზეცაში ყოფნისას მოასწრო დაუფლებოდა მეცნიერებას, ცოდნის მიმართ აღტაცებით აღსავსე და ადამიანების მიერ მისი არასწორი გამოყენებით დანაღვლიანებული, თავაზიანი სიმშვიდით პასუხობს ნიცშეს; „ცდებით, პროფესორო, თუ ფიქრობთ, რომ ჩემი იდეალი მხოლოდ უარყოფითია. ის მართლაც შეიცავს ნეგატიურ ელემენტს – ტანჯვის გაქრობას, მაგრამ მასში პოზიტიური მომენტებიც საკმაოდაა, არანაკლები, ვიდრე თქვენს მოძღვრებაში. თუმცა ალკიბიადე და ნაპოლეონი მაინცდამაინც არ აღმაფრთოვანებენ, მეც მყავს ჩემი გმირები: იესო რომელიც ასწავლიდა ადამიანებს ყვარებოდაო თავიანთი მტრები; პიროვნებები, რომლებმაც განჭვრიტეს, როგორ შეიძლება ბუნების ძალების მართვა და სარჩოს მოპოვების, შრომის გაადვილება; ექიმები, რომლებმაც მიაგნეს ავადმყოფობათა განკურნების საშუალებებს; პოეტები, არტისტები და მუსიკოსები, ღვთაებრივად შთაგონებულნი და ნეტარნი. სიყვარული, ცოდნა და სილამაზით ტკბობა ნეგაცია არ არის; ეს არის ის, რაც საკმარისია იმისთვის, რომ შინაარსით აღივსოს ყველაზე დიდი ადამიანების ცხოვრება დედამიწაზე“.

 

„– თქვენი სამყარო, – უპასუხებდა ნიცშე, – მაინც მტკნარი იქნებოდა. თქვენ უნდა შეისწავლოთ ჰერაკლიტეს შრომები, რომლებიც სრულად ზეციურ ბიბლიოთეკაში ინახება. თქვენი სიყვარული იგივე სიბრალულია, თანაგრძნობით აღძრული; თქვენი ჭეშმარიტება, პატიოსნად თუ ვილაპარაკებთ, უსიამოვნოა, მისი წვდომა მხოლოდ ტანჯვის გამოვლით შეიძლება; რაც შეეხება სილამაზეს, რა არის მძვინვარე ვეფხვზე უფრო მშვენიერი? ვშიშობ, რომ თუ ღმერთი თქვენს სამყაროს მიანიჭებს უპირატესობას, მოწყენილობისგან ყველანი დავიხოცებით“.

 

„თქვენ შეიძლება მართლაც მოგკლათ მოწყენილობამ, – პასუხობს ბუდა, – იმიტომ, რომ თქვენ გიყვართ ტანჯვა, თქვენი სიცოცხლისმოყვარეობა კი თვალთმაქცობაა. მაგრამ ისინი, ვისაც მართლა უყვარს სიცოცხლე, ისეთი ბედნიერები იქნებოდნენ, როგორიც არავინ შეიძლება იყოს ახლანდელ სამყაროში“.

 

მე პირადად ჩემს მიერ ამგვარად გამოსახულ ბუდას ვეთანხმები. მაგრამ არ ვიცი, როგორ დავამტკიცო მისი სიმართლე ისეთივე მყარი არგუმენტებით, როგორითაც მათემატიკურ ან საბუნებისმეტყველო კამათში საბუთდება დებულებები. ჩემთვის უსიმპათიოა ნიცშე იმიტომ, რომ მას მოსწონს ტანჯვის ცქერა, იმიტომ, რომ მან პატივმოყვარეობა ადამიანის მაღალ მოვალეობად დასახა, იმიტომ, რომ პიროვნებები, რომლებიც მას აღაფრთოვანებენ, კაცისკვლაში დახელოვნებული, განთქმული დამპყრობლები იყვნენ. მაგრამ მე მგონია, რომ ნიცშეს ფილოსოფიის და, საერთოდ, ნებისმიერი უსიამოვნო, მაგრამ შინაგანად მწყობრი ეთიკის საწინააღმდეგო მთავარი არგუმენტი მოიძევება არა ფაქტების, არამედ ემოციების სფეროში.

 

ნიცშეს ეზიზღება საყოველთაო სიყვარული, მე კი იგი ყოველივე იმის მამოძრავებელ ძალად მიმაჩნია, რაც ჩემთვის სამყაროში სასურველია.


კომენტარები