ბერტრან რასელი – ბრიტანელი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მათემატიკოსი, საზოგადო მოღვაწე, პაგუოშის კონფერენციების ერთ-ერთი დამაარსებელი, ლოგიციზმის, ნეოპოზიტივიზმის და „ნეიტრალური მონიზმის“ წარმომადგენელი.
ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი ბერტრან რასელის წიგნიდან – „ქორწინება და მორალი“.
ადამიანთა დიდ უმრავლესობას სიყვარულის გრძნობის მიმართ რამდენადმე უცნაური დამოკიდებულება აქვს: ერთი მხრივ, სიყვარული პოეზიის, რომანების და პიესების მთავარი თემაა, მეორე მხრივ, ის თითქმის მთლიანად იგნორირებულია ცნობილი სოციოლოგების უმრავლესობისაგან და ჯერაც არ ყოფილა შემთხვევა, როცა სიყვარული, როგორც ფაქტორი, გაეთვალისწინებინოთ ეკონომიკური, ან პოლიტიკური რეფორმების შემუშავებისას. მე ასეთი დამოკიდებულება სამართლიანად არ მიმაჩნია და ვთვლი, რომ ეს გრძნობა ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში. ჩემი აზრით, ცუდია ყველა საზოგადოებრივი სისტემა, თუ მასში შესაძლებელია ამ გრძნობის თავისუფალი განვითარებისთვის ხელის შეშლა.
სიყვარული, ამ სიტყვის სწორი გაგებით, სქესთა შორის ნებისმიერ ურთიერთობას კი არ ნიშნავს, არამედ დიდ ემოციურ აღმაფრენას, რომელიც გავლენას ახდენს შეყვარებულების როგორც ფსიქოლოგიაზე, ისე ფიზიოლოგიაზე. ამ ემოციური აღმავლობის ხარისხმა შეიძლება ნებისმიერ სიმაღლეს მიაღწიოს. ასეთი ემოციები „ტრისტან და იზოლდა“-ში გამოხატული, შესაბამისობაშია უამრავი კაცის და ქალის ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან.
ამ ძლიერი ემოციის მხატვრული ფორმით შესაფერისი გამოხატვა იშვიათია, მაგრამ თვით ემოცია, ყოველ შემთხვევაში ევროპაში, ხშირია. თუმცა, ზოგ საზოგადოებაში ის უფრო მეტად არის გამოხატული და ზოგან ნაკლებად. ეს, ჩემი აზრით, დაკავშირებულია არა ეთიკურ თავისებურებებთან, არამედ უფრო ტრადიციებთან და საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან. ჩინეთში სიყვარული იშვიათი მოვლენაა და მის შესახებ ისტორიკოსები მხოლოდ იმ შემთხვევაში ლაპარაკობენ, თუ ცუდ იმპერატორს ბოროტი ხასა ატყუებდა. ჩინური კულტურა ძლიერ ემოციებს არ წაახალისებს. ითვლება, რომ ადამიანი გონების განსჯას უნდა დაექვემდებაროს. ამ მხრივ, ის მეთვრამეტე საუკუნის პირველ ნახევარს მოგვაგონებს. ჩვენ, ვისაც გვაქვს დიდი ფრანგული რევოლუციის, რომანტიკული მოძრაობის და დიდი ომის გამოცდილება, უკვე გავაცნობიერეთ, რომ გონება ჩვენს ცხოვრებაში მბრძანებლის როლს არ ასრულებს, როგორც ამის იმედი ჰქონდათ ანა დედოფლის ხანის მოაზროვნეებს. ფსიქოანალიზის შექმნის პროცესში გონება თვითონ წარმოჩნდა როგორც მოღალატე. თანამედროვე ცხოვრებაში სამი სფერო არსებობს, რომელიც გონების მიღმა დგას, ესენია: რელიგია, ომი და სიყვარული, მაგრამ განსხვავება მათ შორის ის არის, რომ სიყვარული გონებას არ ეწინააღმდეგება. გონიერ ადამიანს შეუძლია დატკბეს სიყვარულით ისე, რომ გონება არ დაკარგოს. მიზეზთა გამო, რომლებიც პირველ თავებში იყო განხილული, თანამედროვე სამყაროში რელიგიასა და სიყვარულს შორის გარკვეული აზრით მტრული დამოკიდებულება არსებობს. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ანტაგონიზმი გადაულახავია. უბრალოდ, ის იმ ფაქტით არის განპირობებული, რომ ქრისტიანული რელიგია ზოგიერთი სხვა რელიგიისაგან განსხვავებით ასკეტიზმს ეფუძნება.
მაგრამ, თანამედროვე სამყაროში სიყვარულს გაცილებით დიდი მტერი ჰყავს, ვიდრე რელიგიაა და ეს არის მუშაობა და ეკონომიკური წარმატება. ხშირად გაიგონებთ, განსაკუთრებით ამერიკაში, რომ სიყვარულმა ხელი არ უნდა შეუშალოს კარიერას და რომ სულელია ადამიანი, რომელიც სიყვარულს კარიერის გაკეთებაში ხელს შეაშლევინებს. თუმცა ამ, ისევე, როგორც სხვა საკითხებში, აუცილებელია ბალანსის დაცვა. სისულელე იქნებოდა, თუმცა, ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება გმირულ საქციელად გამოიყურებოდეს, სიყვარულისთვის კარიერის მთლიანად შეწირვა. მაგრამ, არანაკლები სისულელე იქნება (და ამაში არაფერი გმირული არ არის) სიყვარული მთლიანად კარიერას შესწირო. მიუხედავად ამისა, ასეთი რამ ხდება – და თანაც აუცილებლად – საზოგადოებაში, რომელიც ორგანიზებულია რაც შეიძლება მეტი ფულის შოვნის პრინციპით.
დაუკვირდით ჩვეულებრივი ბიზნესმენის ცხოვრებას, განსაკუთრებით ამერიკაში – სიჭაბუკის დასრულებისთანავე მთელი მისი ფიქრი და ენერგია ფინანსური წარმატების მიღწევისკენაა მიმართული. ყველაფერი დანარჩენი ამასთან შედარებით ფუჭი დროის ფლანგვაა. სანამ ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, ის თავის სქესობრივ მოთხოვნილებებს დროდადრო მეძავების მონახულებით იკმაყოფილებს, ბოლოს ქორწინდება, მაგრამ მთელი მისი ინტერესები სრულიად განსხვავებულია მისი ცოლის ინტერესებისაგან და მათ შორის ნამდვილი ინტიმური კავშირი არასოდეს მყარდება. ის დაღლილი, გვიან ბრუნდება სახლში თავისი ოფისიდან, ადრე დილით კი, როცა ცოლს ჯერ კიდევ სძინავს, სამსახურში მიდის. კვირაობით გოლფს თამაშობს, რათა ფიზიკურად ძლიერი იყოს და წარმატებით აკეთოს ფული. ყველაფერი, რაც ცოლს აინტერესებს, მას ქალურ ამბებად ეჩვენება და არ სურს მისი ინტერესების გაზიარება, თუმცა პრინციპში მათ იწონებს. უკანონო სიყვარულისთვის მას უბრალოდ დრო არა აქვს, ისევე როგორც, ფაქტობრივად, არც კანონიერი სიყვარულისთვის და დროდადრო, ისევ მეძავებს მოინახულებს ხოლმე. მისი ცოლი სექსუალურად ცივი რჩება და ეს ოდნავაც არ არის გასაკვირი, რამდენადაც ქმარს არასოდეს აქვს დრო მასთან სულიერი სიახლოვე ეძებოს. კაცი ქვეცნობიერად დაუკმაყოფილებლობის გრძნობით ცხოვრობს, მაგრამ არ იცის რატომ არის ასე. ეს გრძნობა ავიწყდება მუშაობის დროს, ან მაშინ, როცა სადისტური ყურადღებით ადევნებს თვალს მოკრივეთა ბრძოლას, ან მემარცხენე რადიკალების დევნაში იღებს მონაწილეობას. მისი ცოლი, რომელიც ასევე დაუკმაყოფილებლობის გრძნობას განიცდის, მოწყენილობას ებრძვის, მეორეხარისხოვანი კულტურით იქცევს თავს. რჩება რა თავისი ქმრის ერთგული, ის მონაწილეობას იღებს მათ დევნაში, ვინც კეთილშობილია და სულიერად თავისუფალი. ამდენად, ცოლისა და ქმრის სექსუალური დაუკმაყოფილებლობა კაცობრიობის სიძულვილად იქცევა, რომელიც შენიღბულია როგორც საზოგადოებრივი აზრი და მაღალი მორალი. ეს სამწუხარო რეალობა სექსუალური მოთხოვნილების არასწორი კონცეფციის შედეგია. პავლე მოციქული თვლიდა, რომ ერთადერთი, რაც ქორწინებაში მყოფ ადამიანებს ერთმანეთთან აერთიანებს სქესობრივი ურთიერთობაა და ამ თვალსაზრისს ძირითადად მხარს უჭერს ქრისტიანული მოძღვრება მორალის შესახებ. მორალისტები ისე დააბრმავა სექსისადმი სიძულვილმა, რომ ისინი სქესობრივი ურთიერთობის კარგ მხარეს ვეღარ ხედავდნენ. შედეგი ის გახლდათ, რომ მათ ვინც ახალგაზრდობაში ეს მოძღვრება მიიღო, სიბრმავის გამო თავიანთი საუკეთესო შესაძლებლობების რეალიზაცია უკვე აღარ შეუძლიათ.
სიყვარული გაცილებით მეტია ვიდრე სქესობრივი ურთიერთობა. ის არის მთავარი საშუალება თავი დააღწიო მარტოობას, გრძნობას რომელიც თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში სტანჯავს კაცებისა და ქალების უმრავლესობას. სულის სიღრმეში, ბევრი ადამიანი შიშს განიცდის ამ ცივი სამყაროსა და ბრბოს სისასტიკის წინაშე და თან, ამასთან ერთად, მათ გულებში ცოცხლობს ძლიერი ლტოლვა სინაზისა და სიყვარულისაკენ, რასაც კაცები უხეშობით, სიტლანქით და ხულიგნური გამოხდომებით ფარავენ, ქალები კი ბუზღუნითა და მძიმე ხასიათით. ორმხრივი ვნებიანი სიყვარული, ვიდრე ის გრძელდება, ამ ყველაფერს ბოლოს უღებს. ის ანგრევს ჩვენი ეგოს მყარ გარსს და ახალ მთლიანობას ქმნის, რომელიც სხვა არსებასაც მოიცავს. ბუნებას ადამიანები იმისთვის არ შეუქმნია, რომ ისინი მარტოობაში ცხოვრობდნენ. ეს რომ ასე იყოს, ისინი თავიანთი ბიოლოგიური არსებობის გაგრძელებას ვერ შეძლებდნენ. ამისთვის ხომ ურთიერთკავშირი და ურთიერთდახმარებაა საჭირო. საერთოდ, ჰუმანური, კარგად აღზრდილი ადამიანები სიყვარულის გარეშე სქესობრივ ინსტინქტს ვერ იკმაყოფილებენ, იმიტომ, რომ მისი სრული დაკმაყოფილება მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როცა ერთი ადამიანი მთელი თავისი არსებით, ფიზიკურად და სულიერად შედის მეორესთან ურთიერთობაში. მათ, ვისაც არასოდეს განუცდია ეს ინტიმური გრძნობა, ეს მხურვალე მეგობრობა და ბედნიერი ორმხრივი სიყვარული, დაკარგეს ყველაზე საუკეთესო რამ, რისი მოცემაც კი ცხოვრებას შეუძლია. ქვეცნობიერად და ხანდახან ცნობიერითაც კი, ისინი ამას გრძნობენ და სასოწარკვეთილება, რომელიც სულს უღრღნით, მათში შურის, სისასტიკის გრძნობასა და ტირანული ძალაუფლების სურვილს აჩენს. ამდენად, სოციოლოგს აკისრია ვალდებულება გაარკვიოს იმის შესაძლებლობა თუ როგორ მიუჩინოს სათანადო ადგილი ამ მაღალ გრძნობას, რამდენადაც სიყვარულის გარეშე ცხოვრების განვლის შემთხვევაში ადამიანებს არ შეუძლიათ პრეტენზია ჰქონდეთ მაღალ ღირსებაზე, არ შეუძლიათ განიცადონ ის თბილი, კეთილშობილი გრძნობა დანარჩენი სამყაროს მიმართ, რომლის გარეშეც მთელი მათი საზოგადოებრივი მოღვაწეობა ზიანის გარდა არაფერს მოიტანს.
გარკვეულ პირობებში და დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვნებიან სიყვარულს ბევრი კაცი და ქალი გამოცდის. მათთვის, ვისაც ეს გრძნობა არ განუცდია, ძნელია დაინახონ განსხვავება ვნებიან სიყვარულსა და მშიერ სქესობრივ ინსტინქტს შორის. ასე, მაგალითად, ახალგაზრდა, კარგად აღზრდილმა გოგონამ იცის, რომ სიყვარულის გარეშე არ უნდა აკოცოს. როცა თხოვდება ის ქალიშვილია და ხდება მსხვერპლი (ზუსტად რომ ითქვას, აღმოჩნდება ერთგვარ მახეში) სწრაფწარმავალი და ტრივიალური სექსუალური მიზიდულობის გრძნობისა, რომელსაც ქალი, ვისაც ეს განუცდია ადვილად გაარჩევდა სიყვარულის გრძნობისაგან. უდაოა, რომ უბედური ქორწინებების მიზეზი სწორედ აქ უნდა ვეძიოთ. მაგრამ, მაშინაც, როდესაც სიყვარული ორმხრივია, ის შეიძლება მოიწამლოს თუ შეყვარებულებს გაუჩნდებათ აზრი, რომ მათი ეს გრძნობა ცოდვაა. რა თქმა უნდა, ყველა საფუძველი არსებობს, იმისათვის, რომ ეს აზრი გაუჩნდეთ. მაგალითად, ირლანდიელმა პარნელმა33 უდაოდ სიძვის ცოდვა ჩაიდინა, რამდენადაც ვერ გაამართლა იმედები, რომელსაც ირლანდია მასზე ამყარებდა და მათი აღსრულება მრავალი წლით შეაფერხა მაგრამ, მაშინაც კი, როცა ცოდვას ვერ აცნობიერებენ. ის ზუსტად ისევე წამლავს სიყვარულს. სიყვარულს მხოლოდ მაშინ შეუძლია მოიტანოს ყველაფერი კარგი, რაც მასშია ჩადებული, როცა ის თავისუფალია ყოველგვარი შეზღუდვებისგან, გულწრფელია და გულის სიღრმიდან მოდის.
სიყვარული (თვით ცოლ-ქმარს შორის სიყვარულიც კი), როგორც რაღაც ცოდვასთან დაკავშირებული, რომელიც ტრადიციული აღზრდის პროდუქტია, როგორც კაცის ისევე ქალის ქვეცნობიერში რჩება და შესამჩნევია მათშიც კი, ვისი გონებაც ცრურწმენებისგან თავისუფალია, ზუსტად ისევე, როგორც ტრადიციული შეხედულებების მქონე ადამიანებში. სიყვარულისადმი ასეთი დამოკიდებულების შედეგი სხვადასხვაგვარია: კაცებში ეს იმით გამოიხატება, რომ მათი სასიყვარულო ურთიერთობა უხეში და უსიამოვნოა, რადგან არ შეუძლიათ ნაზი სიტყვებით შეეხონ ქალის გრძნობებს და არც ის იციან, როგორ მივიდნენ თანდათანობით საბოლოო აქტამდე, რაც ძალზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქალმა სიამოვნება მიიღოს. უფრო მეტიც, ხშირად ისინი იმასაც კი ვერ აცნობიერებენ, რომ ქალს სიამოვნების მიღება სჭირდება და თუ ეს არ ხდება ქალი კი არ არის დამნაშავე, არამედ მისი პარტნიორი. ამავე დროს, გარკვეული ნაწილი იმ ქალებისა, რომელთაც ტრადიციული აღზრდა აქვთ მიღებული, ამაყები, ცივები და თავშეკავებულები არიან და ფიზიკურ სიახლოვეზე გადასვლის სურვილი არ აქვთ. მოხერხებულ საყვარელს ალბათ შეუძლია ამ ნაკლოვანებების დაძლევა, მაგრამ კაცს, რომელშიც ისინი აღტაცებას იწვევს, როგორც პატიოსანი ქალის მახასიათებლები, ამის გაკეთება არ შეუძლია. ამდენად, მრავალწლიანი ცოლ-ქმრული ურთიერთობა ძალიან თავშეკავებული რჩება, ისევე, როგორც მეტ-ნაკლებად ფორმალურიც. ჩვენს ბაბუებს თავიანთი ცოლები შიშველი არასოდეს უნახავთ, თვითონ ცოლებს კი ამის გაფიქრებაც კი შეაძრწუნებდათ. ასეთი დამოკიდებულება გაცილებით უფრო ხშირია, ვიდრე ჩვენ შეიძლება გვეგონოს. მათაც კი, ვისაც მეტ-ნაკლებად დაძლეული აქვს ეს ნაკლოვანებები, ძველი თავშეკავებულობიდან რაღაც შემორჩენილი აქვთ.
არის კიდევ ერთი ფსიქოლოგიური გარემოება, რომელიც ხელს უშლის სიყვარულის გრძნობის სრულ განვითარებას თანამედროვე მსოფლიოში. ეს ინდივიდუალობის მთლიანობის დაკარგვის შიშია და მას ბევრი განიცდის. ეს რა თქმა უნდა სისულელეა, სამწუხაროდ ფართოდ გავრცელებული. ინდივიდუალობა არ არის ისეთი რამ, რაც თავისთავად ფასეულია, იმიტომ, რომ სამყაროსთან კონტაქტის წყალობით გამუდმებით მისი განახლება ხდება და თუნდაც ამის გამო ვერ შეინარჩუნებს მთლიანობას. ინდივიდუალობა, რომელიც საკუთარ თავში, როგორც მინის ჭურჭელში ჩაიკეტებოდა, მალე დაჭკნებოდა, მაშინ როცა ინდივიდუალობა სხვა ადამიანებთან ხშირ კონტაქტში სულ უფრო და უფრო მდიდრდება. სიყვარული, ბავშვები და სამუშაო უზარმაზარ შესაძლებლობებს ქმნის ინდივიდის დანარჩენ სამყაროსთან ნაყოფიერი ურთიერთობისათვის. ამათგან, სიყვარული ჩვეულებრივ ქრონოლოგიურად პირველია. გარდა ამისა, ის აუცილებელია იმისთვის, რომ მშობლური სიყვარული გაჩნდეს. ბავშვი ხომ ორივე მშობლის თვისებებს აერთიანებს საკუთარ თავში და თუ ცოლ-ქმარს ერთმანეთი არ უყვართ, თითოეულ მათგანს მხოლოდ საკუთარი თვისებების დანახვა გაუხარდება ბავშვში, მეორე, მშობლის თვისებების დანახვა კი ორივესთვის მტკივნეული იქნება. სამსახური, რა თქმა უნდა, ხშირად არ იძლევა გარე სამყაროსთან ნაყოფიერი კონტაქტის დამყარების შესაძლებლობას. აქ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ღირებულია სამუშაო. ღირებული ის სამუშაო კი ვერ იქნება, რომლის ერთადერთი მოტივი ფულია, არამედ მხოლოდ ის, რომელიც ენთუზიაზმით, ადამიანების სიყვარულით და უბრალოდ თვალსაწიერის გაფართოებისათვის სრულდება. ზოგადად რომ ვთქვათ, სიყვარულს არავითარი ღირებულება არა აქვს, თუ მისი მიზანი მხოლოდ სხეულის დაუფლებაა. ასეთ შემთხვევაში, ის ფულის შოვნის მანიისგან დიდად არ განსხვავდება. იმისათვის, რომ სიყვარული ისეთი ღირებული გახდეს, როგორზეც ჩვენ ვლაპარაკობდით, აუცილებელია ქალმა და კაცმა იგრძნოს საყვარელი ადამიანის ეგოს მნიშვნელობა ისევე, როგორც საკუთარს გრძნობს, ისე გაითავისოს სხვისი გრძნობები და სურვილები, თითქოს საკუთარი იყოს. ამისთვის აუცილებელია, რომ ეგოისტური, როგორც ინსტინქტური ისე გაცნობიერებული, გრძნობა გაფართოვდეს და საკუთარ თავში სხვა პიროვნებაც მოიცვას. მაგრამ, ჩვენს საზოგადოებაში, სადაც მტრობა და საყოველთაო კონკურენციაა გამეფებული და ამასთან ერთად სულელური პიროვნების კულტი, რომელიც თავის წარმოშობას ნაწილობრივ პროტესტანტიზმს, ნაწილობრივ კი რომანტიკულ მოძრაობას უნდა უმადლოდეს, ამ ყველაფრის განხორციელება საკმაოდ რთულია.
თანამედროვე, ემანსიპირებული ადამიანების ხელში სიყვარულს მისი ნამდვილი მნიშვნელობით, რომელზეც ჩვენ ვილაპარაკეთ, ახალი საფრთხე ემუქრება. როცა ადამიანებს მორალური ბარიერები არ აქვთ სქესობრივ აქტთან დაკავშრებით, ისინი ნებისმიერ ტრივიალურ შესაძლებლობას იყენებენ მისი განხორციელებისთვის. მათ უჩნდებათ ჩვევა შეხედონ სექსს, როგორც რაღაც ისეთს, რაშიც არ არის არც ნამდვილი გრძნობა, არც სინაზე, არც სითბო. მათთვის სექსი სიძულვილთანაც კი ასოცირდება. სიყვარულისადმი ასეთი დამოკიდებულების საილუსტრაციოდ შეიძლება მოვიყვანოთ ოლდოს ჰაქსლის რომანებიც, რომელთა გმირებიც პავლე მოციქულის მსგავსად სქესობრივ ურთიერთობას უყურებენ, როგორც ფიზიოლოგიურ აქტს. იმ მაღალი ღირებულების შესახებ, რომელიც სექსს შეიძლება უკავშირდებოდეს, მათ არაფერი იციან. აქედან ასკეტიზმზე გადასასვლელად მხოლოდ ერთი ნაბიჯია. სიყვარულს თავისი იდეალები და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მორალური სტანდარტები აქვს. ეს სტანდარტები სადღაც უკანა პლანზე იქნა გადატანილი და მიიჩქმალა ქრისტიანული სწავლებით და თანამედროვე ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილის აღვირახსნილი სექსუალური ამორალიზმით. სქესობრივ აქტს სიყვარულის გარეშე ღრმა კმაყოფილების გრძნობა არ მოაქვს. მე, ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, მაშინ ხომ ისეთი მაღალი ბარიერების აღმართვა იქნებოდა საჭირო, რომლის გადალახვაც სიყვარულსაც გაუჭირდებოდა. მე უბრალოდ იმას ვგულისხმობდი, რომ სქესობრივი აქტი სიყვარულის გარეშე დიდად ღირებული არ არის და შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ როგორც ექსპერიმენტი სიყვარულისკენ მიმავალ გზაზე.
ამრიგად, როგორც ხედავთ, სიყვარულს სრული უფლება აქვს მოითხოვოს საპატიო ადგილი ეჭიროს ადამიანების ცხოვრებაში. მაგრამ, გარდა ამისა, სიყვარული არაკონტროლირებადი ძალაც არის, რომელსაც შეუძლია კანონის და წესების ყველა საზღვრები დაანგრიოს თავის გზაზე. მანამ, სანამ შეყვარებულებს ბავშვები არ გაუჩნდებათ, ბევრ რამეს არა აქვს მნიშვნელობა. მაგრამ როცა ბავშვები ჩნდება, ყველაფერი იცვლება. სიყვარულს უკვე ის ძალა აღარ აქვს და მოდგმის გაგრძელების ბიოლოგიურ მოთხოვნილებებს უნდა დაუთმოს ადგილი. მეუღლეებს შორის კონფლიქტის შემთხვევაში ძალაში შედის ეთიკური პრინციპი, რომლის თანახმად ბავშვთა ინტერესები სიყვარულის უფლებაზე მაღლა უნდა დადგეს. თუმცა, სქესთა შორის ურთიერთობის გონივრულ ეთიკურ ნორმებს შეუძლიათ მნიშვნელოვანწილად შეარბილონ კონფლიქტი, იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სიყვარული თავისთავად, არამედ ისიც, ბავშვები ხედავდნენ, რომ მშობლებს ერთმანეთი უყვართ. ამიტომ, სასიყვარულო ურთიერთობებში ჩაურევლობა ბავშვების ინტერესების დაცვის პირობით, სქესთა შორის ურთიერთობის ყოველგვარი გონივრული ეთიკის მთავარ მიზნად უნდა იქცეს.
კომენტარები