ანრი ბერგსონი – ფრანგი ფილოსოფოს-იდეალისტი, ინტუივიზმის წარმომადგენელი. საფრანგეთის აკადემიის წევრი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1927). ბერგსონი არის ავტორი თხზულებებისა: „ცნობიერების უშუალო მონაცემები“, „მატერია და მეხსიერება“, „მორალისა და რელიგიის ორი წყარო“, „შემოქმედებითი ევოლუცია“.
ამონარიდი აღებულია ანრი ბერგსონის წიგნიდან – „ცნობიერების უშუალო მონაცემები“.
ჩვეულებრივ, მიიჩნევენ, რომ ცნობიერების, შეგრძნებების, გრძნობების, ვნებებისა თუ ძალისხმევათა მდგომარეობებს ზრდისა და შემცირების უნარი შესწევთ. ზოგიერთი იმასაც კი ამტკიცებს, რომ ერთი შეგრძნება შეიძლება ორჯერ, სამჯერ ან ოთხჯერ უფრო ინტენსიური იყოს მეორე ასეთსავე შეგრძნებაზე. ქვემოთ ჩვენ დაწვრილებით განვიხილავთ ამ თეზისს, რომელიც ფსიქოფიზიკოსებს ეკუთვნის; მაგრამ თვით ფსიქოფიზიკოსების მოწინააღმდეგენიც კი იზიარებენ ამ აზრს: ისინი ყოველი ფეხის ნაბიჯზე იმეორებენ, რომ ესა და ეს შეგრძნება ამა და ამ შეგრძნებაზე უფრო ინტენსიურია, ხოლო ესა და ეს ძალისხმევა – ამა და ამ ძალისხმევაზე უფრო დიდი, და ამრიგად, რაოდენობრივ განსხვავებას ამყარებენ პირწმინდად შინაგან მდგომარეობებს შორის. არც საღი აზრი უფიქრდება ამ მომენტს: ყოველი ჩვენგანი ამბობს, რომ მეტ-ნაკლებად სცხელა, ან მეტ-ნაკლებად მოწყენილია, და ეს სხვაობა „მეტსა“ და „ნაკლებს“ შორის, თვით მაშინაც კი, როცა მას სუბიექტურ ფაქტორთა სფეროზედაც ავრცელებენ, არავის განსაკუთრებულ ყურადღებას არ იპყრობს, მაგრამ ეს საკმაოდ ბუნდოვანი მომენტი და გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა გახლავთ, ვიდრე ჩვეულებრივ ჰგონიათ.
როდესაც ამტკიცებენ, რომ ესა თუ ის რიცხვი მეორე რიცხვს აღემატება, ან ესა თუ ის სხეული მეორე სხეულზე დიდია, ყველას მშვენივრად ესმის, რასაც ამბობენ. რადგან ორსავე შემთხვევაში საქმე ეხება არათანაბარ სივრცეებს, რასაც დაწვრილებით განვიხილავთ ქვემოთ, თანაც, უფრო დიდ სივრცედ მიიჩნევენ იმას, რომელიც მეორე სივრცეს მოიცავს. მაგრამ როგორ უნდა მოიცავდეს უფრო ინტენსიური შეგრძნება ნაკლებ ინტენსიურს? იქნებ ისიც თქვან, თითქოს პირველი მხოლოდ იმ აზრით მოიცავს მეორეს, რომ უფრო ინტენსიური შეგრძნების მისაღწევად აუცილებელია ჯერ იმავე შეგრძნების ნაკლებად ინტენსიური საფეხური გაიარო, და ამიტომაც, ამ შემთხვევაში, ასე თუ ისე, მაინც შეიძლება მთელისა და ნაწილის, მომცველისა და მოცემულის თანაფარდობაზე ილაპარაკო. ასეთია, როგორც ჩანს, ინტენსიური სიდიდის საღი აზრისეული კონცეფცია, მაგრამ მას ვერ მივიჩნევთ ფილოსოფიურ ახსნად, ისე, რომ მანკიერ წრეში არ მოვექცეთ, რადგანაც უეჭველია, რომ ერთი რიცხვი აღემატება მეორეს, თუ რიცხვთა ნატურალურ მწკრივში ამ უკანასკნელს მოსდევს. მაგრამ თუ შესაძლებელი გახდა რიცხვთა მზარდი თანმიმდევრობით განლაგება, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ შორის მთელისა და მის მიერ მოცემული ნაწილის თანაფარდობა არსებობს, და ყველას შეუძლია ზუსტად აგვიხსნას, თუ რა აზრით აღემატება ერთი რიცხვი მეორეს. მაშასადამე, კითხვა ასე დაისმის: როგორ შეიძლება ინტენსიურ მოვლენათა, ანალოგიური მწკრივის შედგენა, თუკი ისინი ერთმანეთზე დადებას არ ექვემდებარებიან, და რა ნიშნის მიხედვით შევიცნობთ, რომ ამ მწკრივის წევრები კი არ მცირდებიან, არამედ იზრდებიან, რასაც, ბოლოს და ბოლოს, შემდეგ კითხვამდე მივყავართ: რატომ ხდება შესაძლებელი ინტენსივობისა და სიდიდის გაიგივება? ჩვეულებრივ, ერთმანეთისაგან განასხვავებენ ორგვარ სიდიდეს: ერთი – ექსტენსიური და გაზომვადი, მეორე კი – ინტენსიური, რომელიც გაზომვას არ ექვემდებარება, თუმცა მაინც შეიძლება ვამტვიცოთ, რომ ინტენსივობის ესა თუ ის ხარისხი ამა თუ იმ ხარისხზე მეტია, ან ნაკლები. მაგრამ ამნაირი განსხვავება პრობლემას კი არ წყვეტს, არამედ მის იგნორირებას ახდენს. რადგანაც ეს განსხვავება იმ ვარაუდზეა დაფუძნებული, რომ ორივე სიდიდეს რაღაც საერთო აქვს, რაკიღა ერთსაც და მეორესაც სიდიდის საერთო სახელს უწოდებენ და, ამასთანავე, თვლიან, რომ ორივეს თანაბრად შეუძლია მატებაცა და კლებაც. მაგრამ რა შეიძლება იყოს საერთო, სიდიდის თვალსაზრისით, ექსტენსიურსა და ინტენსიურს, ვრცეულსა და არავრცეულს შორის? თუ, პირველ შემთხვევაში, უფრო დიდ სიდიდედ ითვლება ის, რომელიც მოიცავს მეორეს, რა სიდიდესა და რაოდენობაზე შეიძლება ვილაპარაკოთ იქ, სადაც არც მთელია და არც მის მიერ მოცული ნაწილი? თუ რომელიმე სიდიდეს შეუძლია კლება ან მატება, თუ მისი უმცირესი ნაწილი, ასე ვთქვათ, უდიდესითაა მოცული, განა ამის შედეგად ის დაყოფადი და, მაშასადამე, ვრცეულიც არ ხდება? და განა ამ შემთხვევაში შეგვიძლია, შინაგანი წინააღმდეგობების გარეშე, ინტენსიურ სიდიდეზე ვილაპარაკოთ? საღი აზრი კი, ფილოსოფოსების კვალდაკვალ, წმინდა ინტენსივობას ვრცეულობის მქონე სიდიდედ აქცევს. და ჩვენ არა მარტო ერთსა და იმავე სიტყვასა ვხმარობთ, არამედ, ინტენსივობის უფრო მაღალ ხარისხზე ვფიქრობთ თუ უფრო დიდ ვრცეულობას ვგულისხმობთ, ორივე შემთხვევაში ერთნაირი შთაბეჭდილებაც გვრჩება. ტერმინები „მეტი“ და „ნაკლები“ ორივე შემთხვევაში ერთნაირ წარმოდგენას იწვევენ ჩვენში. თუ ახლა ჩვენსავე თავს ვკითხავთ, რა არის ეს წარმოდგენა, პასუხად უნდა ითქვას, რომ ცნობიერებაში აღიძვრის მთელისა და მის მიერ მოცული ნაწილის ხატი. ასე მაგალითად, უფრო ინტენსიურ ძალისხმევას ჩვენ წარმოვიდგენთ გორგლად დახვეული გრძელი ძაფისა თუ შეკუმშული ზამბარის სახით, რომელიც გაშლის შემდეგ უფრო მეტ სივრცეს დაიჭერს. ინტენსივობის იდეა და თვით მისი გამომხატველი სიტყვაც უშუალოდ უკავშირდება აწმყოში რაღაც შეკუმშულს და, მაშასადამე, იმას, რაც მომავალში უნდა გაიშალოს, უფრო მეტი ვრცეულობის მქონე გახდეს, მოკლედ, თუ შეიძლება ასე ითქვას, – შეკუმშულ სივრცეს. ამრიგად ჩვენ, როგორც ცანს, ექსტენსიურში გადაგვაქვს ინტენსიური და ინტენსიურობის ორი სხვადასხვა ხარისხის შედარებას ვახდენთ, ან, ყოველ შემთხვევაში, ორი ვრცეული სიდიდის რაოდენობრივი თანაფარდობით მაინც გამოვხატავთ ამას. მაგრამ, ეტყობა, არც ისე ადვილია ამ ოპერაციის არსის განსაზღვრა. გონებაში, რომელიც ერთხელ დაადგა ამ გზას, უშუალოდ აღიძვრის შემდეგი გადაწყვეტილება: რიცხვის, ანუ იმ ობიექტურ და, მაშასადამე, გაზომვად მიზეზთა მეშვეობით განსაზღვროს მათ მიერ გამოწვეული შეგრძნებისა თუ ცნობიერების რომელიღაც სხვა მდგომარეობის ინტენსივობა. ეჭვს გარეშეა, რომ სინათლის უფრო ინტენსიური შეგრძნება იქნება ის შეგრძნება, რომელიც გამოწვეულია, ან შეიძლება, გამოწვეულ იქნეს სინათლის უფრო მეტი წყაროს მეშვეობით, რომლებიც ერთნაირი დისტანციით არიან დაშორებულნი და ერთურთის იდენტურნი არიან. მაგრამ უმეტესწილად ჩვენ ვლაპარაკობთ შედეგთა ინტენსივობის ხარისხზე, ისე, რომ ელემენტარული წარმოდგენაც არა გვაქვს მიზეზის ბუნებასა და, მით უმეტეს, მის სიდიდეზე: ხშირ შემთხევევაში სწორედ შედეგის ინტენსივობას მივყავართ მიზეზთა რიცხვისა და ბუნების შესახებ მეტ-ნაკლები სითამამით ჩამოყალიბებულ ჰიპოთეზამდე, რაც გვაიძულებს შევცვალოთ ჩვენი გრძნობების თავდაპირველი მსჯელობა, რომლებსაც წარმოდგენაც არ ჰქონდათ ამ მიზეზთა მნიშვნელობაზე. ფუჭია იმის მოშველიება, რომ ამ შემთხვევაში ცნობიერების აწინდელ მდგომარეობას ჩვენ ვუდარებთ უწინდელს, როცა მიზეზი აშკარა და ნათელი იყო სწორედ იმ წამს, როცა უშუალოდ განვიცდიდით მის მიერ გამოწვეულ შედეგს. მეტწილად ასეც ვიქცევით, მაგრამ ამ შემთხვევაში აუხსნელი რჩება ინტენსივობის ხარისხთა სხვაობა, რასაც ჩვენ ვამყარებთ უფრო ღრმა რიგის ფსიქოლოგიურ ფაქტებს შორის, რომლებიც ჩვენგანვე იღებენ დასაბამს და არა ამა თუ იმ გარეშე მიზეზისაგან. მეორეს მხრივ, არასოდეს ისე თამამად და კატეგორიულად არ ვმსჯელობთ ამა თუ იმ ფსიქიკური მდგომარეობის ინტენსივობის ხარისხზე, როგორც მაშინ, როცა მოვლენის მხოლოდ სუბიექტურ მხარეს ვეხებით, ან როცა გარეშე მიზეზი, რომელთანაც მას ვაკავშირებთ, ძნელად თუ ევემდებარება გაზომვას. ასე მაგალითად, ჩვენთვის აშკარაა, რომ ტკივილი, რასაც კბილის ამოღებისას განვიცდით, უფრო ინტენსიურია იმ ტკივილზე, რასაც თმის ამოგლეჯისას ვგრძნობთ. ხელოვნების ყველა მოყვარულისათვის ცხადზე უცხადესია, რომ სახელგანთქმული მხატვრის სურათი გაცილებით უფრო ინტენსიურ სიამოვნებას განაცდევინებს, ვიდრე, ვთქვათ, მაღაზიის აბრა. და სულაც არ არის საჭირო შეჭიდულობის ძალის საგანგებო ცოდნა, რათა უყოყმანოდ აღიარო, რომ ფოლადის სამართებლის გატეხა უფრო ადვილია, ვიდრე რკინის კეტის მოხრა. ამრიგად, ინტენსივობის ხარისხთა შედარება უმეტესწილად ისე ხდება, რომ წარმოდგენაც არა გვაქვს მიზეზთა რიცხვზე, მათი მოქმედების თავისებურებასა და მათსავე ვრცეულობაზე.
მართალია, აქ შეიძლებოდა წამოგვეყენებინა კიდევ ერთი, ზემოთ განხილულის ანალოგიური, მაგრამ ცოტა უფრო ნატიფი ჰიპოთეზა როგორც ვიცით, მექანიკური და მეტადრე კინეტიკური თეორიები ცდილობენ სხეულთა ყველა ხილული და გრძნობადი თვისება, მათი ელემენტარული ნაწილაკების მკაცრად განსაზღვრულ მოძრაობათა მეშვეობით ახსნან, და ზოგიერთი მეცნიერი ამთავითვე ჭვრეტს იმ მომენტს, როცა თვისებების, ესე იგი, ჩვენი შეგრძნებების ინტენსიური სხვადასხვაობა მათ მიღმა მიმდინარე ცვლილებებს შორის ექსტენსიურ სხვაობაზე დაიყვანება. ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თუმცა ჯერ კიდევ საფუძვლიანად არ ვიცნობთ ამ თეორიებს, მაგრამ ერთგვარი ბუნდოვანი წინასწარზედვით თითქოს ამთავითვე კვერს ვუკრავთ მათ, რაკიღა უფრო ინტენსიურ ბგერას უფრო ფართო რხევის შედეგად ვსახავთ, ვიბრაციით მოცულ გარემოში რომ ვრცელდება, და როცა ვამბობთ, ესა და ეს ბგერა ამა და ამ ბგერაზე უფრო ინტენსიურიაო, სწორედ ამ უსუსტეს მათემატიკურ თანაფარდობას ვგულისსმობთ, თუმცა ნათლად როდი აღვიქვამთ ამას? მაგრამ ასე შორსაც რომ არ წავიდეთ, ხომ არ შეიძლება თუნდაც პრინციპის სახით დავაფუძნოთ ის დებულება, რომ ცნობიერების ყველა მდგომარეობას შეესაბამება ტვინის შემადგენელი ნივთიერების მოლეკულებისა და ატომების გარკვეული რხევა, და რომ შეგრძნების ინტენსივობა ამ მოლეკულურ მოძრაობათა ამპლიტუდით, სირთულითა და ვრცეულობით განისაზღვრება? ეს უკანასკნელი ჰიპოთეზა შესაძლოა ისევე ახლოა სიმართლესთან, როგორც პირველი, მაგრამ თავისთავად ვერც ის წყვეტს პრობლემას, რადგანაც ადვილი შესაძლებელია, ამა თუ იმ შეგრძნების ინტენსივობა ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მუშაობის შედეგი იყოს, მაგრამ ცნობიერებაში ჩვენ გვეძლევა შეგრძნება და არა ეს მექანიკური მუშაობა. ჩვენ, უმალ, სწორედ შეგრძნების ინტენსივობით ვზომავთ შესრულებული სამუშაოს მეტ-ნაკლებობას. ამრიგად, ინტენსივობა, ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად მაინც, შეგრძნების თვისებად რჩება. და კვლავ მეორდება იგივე კითხვა: რაზე დაყრდნობით ვამტკიცებთ, რომ უკიდურესი ინტენსივობა უდიდესია? რატომ ვფიქრობთ ამ დროს უფრო მეტ ოდენობასა და უფრო მეტ სივრცეზე?
იქნებ პრობლემის სიძნელეს უპირატესად ის განაპირობებს, რომ ჩვენ ერთსა და იმავე სახელს ვუწოდებთ და ერთანაირადვე წარმოვიდგენთ სრულიად სხვადასხვა ინტენსივობებს, ვთქვათ, გრძნობის ინტენსივობას და შეგრძნებისა თუ ძალისხმევის ინტენსივობას. ძალისხმევას თან ახლავს კუნთებისმიერი შეგრძნება, თვით შეგრძნებანი კი დაკავშირებულნი, არიან გარკვეულ ფიზიკურ პირობებთან, რომლებსაც, ალბათ, ანგარიში უნდა გაეწიოს მათი ინტენსივობის განსაზღვრისას, ესენი ცნობიერების მიმდინარე მოვლენებია და, როგორც ქვემოთ დავინახავთ, ყოველთვის მოძრაობისა თუ გარეშე ობიექტის აღქმას უკავშირდებიან. მაგრამ სულის ზოგიერთი მდგომარეობა, მართებულად თუ უმართებულოდ, ჩვენს თვალში თვითკმარი ჩანს: ასეთია, მაგალითად, დიდი სიხარულისა თუ მწუხარების გრძნობა, ვნების განცდა, ესთეტიკური ემოციები. წმინდა ინტენსივობა უფრო მკაფიოდ უნდა იჩენდეს თავს ამ მარტივ შემთხვევებში, რომლებსაც, ეტყობა, არავითარი ექსტენსიური ელემენტი არ ამღვრევს. და მართლაც, ჩვენ დავინახავთ, რომ ეს ინტენსივობა აქ ერთგვარ თვისებასა თუ ნიუანსზე დაიყვანება, რომელიც თავისებურ ელფერს ანიჭებს ფსიქიკურ მდგომარეობათა მეტ-ნაკლებად მნიშენელოვან მასას მარტივი მდგომარეობების ამა თუ იმ ოდენობას, მდგომარეობებისა, ძირითად ემოციას რომ განწონიან.
ასე მაგალითად, ბუნდოვანი სურვილი თანდათანობით მძაფრ ვნებად იქცა. თქვენ დაინახავთ, რა განაპირობებდა თავდაპირველად ამ სურვილის სუსტ ინტენსივობას: ის იზოლირებული და თქვენი დანარჩენი შინაგანი ცხოვრებისაგან თითქოს განკერძოებული გეჩვენებოდათ. მაგრამ ნელ-ნელა მან განწონა თქვენი ფსიქიკის ელემენტთა უმეტესი ნაწილი და, თუ შეიძლება ასე ითქვას, თავისი საკუთარი ელფერი მიანიჭა მათ. და, აი, თქვენ გეჩვენებათ, რომ ახლა უკვე სულ სხვანაირი თვალთახედვით აღიქვამთ სამყაროს. თქვენ ამჩნევთ, რომ იმ მძაფრი ვნების წყალობით, რომელმაც მთელი თქვენი არსება მოიცვა, იგივე საგნები უკვე სხვანაირ შთაბეჭდილებას ახდენენ თქვენზე. ასე გგონიათ, ყველა თქვენი შეგრძნება თუ წარმოდგენა განახლდა და ფერი იცვალა. თქვენ თითქოს ხელახლა იქეცით ბავშვად. რაღაც ამდაგვარს განვიცდით ხოლმე სიზმარში, როცა სრულიად ჩვეულებრივ საგნებსა ვხედავთ, მაგრამ მთელ ზმანებას განწონის ენით უთქმელი და ყოვლად უჩვეულო მუსიკა. ეს იმიტომ, რომ რაც უფრო მეტად ეშვები ცნობიერების სიღრმეში, მით უფრო ნაკლები უფლება გაქვს, განიხილო ფსიქიკური ფაქტები, როგორც სივრცეში თანმიმდევრულად განლაგებული საგნები. როდესაც ამბობენ, რომ ამა და ამ საგანს დიდი ადგილი უჭირავს სულში, ეს მხოლოდ იმასა ნიშნავს, რომ მისმა ხატმა შეცვალა ათასობით აღქმისა თუ მოგონების მთელი ელფერი, და ამ თვალსაზრისით, ის, თუნდაც უხილავად, განწონის მათ. მაგრამ ამნაირი პირწმინდად დინამიური წარმოდგენა ეწინააღმდეგება რაციონალურ ცნობიერებას, რომელსაც უყვარს მკვეთრად გამოკვეთილი სხვადასხვაობა, თავისუფლად რომ ვლინდება სიტყვებში, – და მკაფიო კონტურების მქონე საგნები, მსგავსნი იმ საგნებისა, რომლებსაც სივრცეში ვაკვირდებით. ამნაირი ცნობიერება აუცილებლად ივარაუდებს, რომ ამა და ამ სურვილმა ზრდის შედეგად თანდათანობით განვლო სიდიდის სსვადასხვა საფეხური, მაშინ როდესაც ყოველივე დანარჩენი უცვლელად რჩებოდა სულში: თითქოს კვლავაც შესაძლებელი იყოს სიდიდეზე ილაპარაკო იქ, სადაც არც მრავლობითობაა და არც სივრცე! და როგორც დავინახავთ, რომ ეს ცნობიერება ორგანიზმის მოცემულ წერტილში თავს უყრის კუნთებისმიერ კუმშვათა სულ უფრო და უფრო მეტ რაოდენობას, რაც სხეულის ზედაპირზე ხდება, – რათა თანდათანობით მზარდი ინტენსივობის ძალისხმევა გამოიწვიოს, ზუსტად ასევე, იგივე ცნობიერება განცალკევებით მოახდენს, ნელ-ნელა მზარდი სურვილის სახით, ყველა იმ თანდათანობითი ცვლილების კრისტალიზაციას, რაც თავს იჩენს არსებული ფსიქიკური ფაქტების უთავბოლო მასაში. მაგრამ ეს უფრო თვისების ცვლილებაა, ვიდრე სიდიდისა.
იმედი სწორედ იმიტომ იწვევს ესოდენ ინტენსიურ სიამოვნებას, რომ მომავალი, რომელსაც ჩვენი ნება-სურვილით განვაგებთ, ერთსა და იმავე დროს, ურიცხვი, თანაბრად მომხიბლავი და თანაბრად შესაძლებელი სახით წარმოგვიჩნდება. მაგრამ მათგან ყველაზე სასურველიც რომ განხორციელდეს, ამას აუცილებლად შეეწირება ყველა დანარჩენი, და ჩვენ ძალიან ბევრს წავაგებთ. მომავლის იდეა, შესაძლებლობათა ურიცხვ სიმრავლეს რომ იმარხავს, გაცილებით უფრო ნაყოფიერია, ვიდრე თვით მომავალი. აი, რატომაა, რომ იმედი უფრო მომხიბლავი, ვიდრე ფლობა, სიზმარი კი – უფრო მომნუსხველი, ვიდრე ცხადი.
ვცადოთ განვსაზღვროთ, რაში მდგომარეობს სიხარულისა თუ მწუხარების გრძნობის ინტენსივობა, იმ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა არავითარი ფიზიკური სიმპტომი არ ერწყმის მას. ვნებისა არ იყოს, არც შინაგანი სიხარული გვევლინება იზოლირებულ ფსიქოლოგიურ ფაქტად, რომელსაც თავდაპირველად თითქოს სულის ერთი კუნჭული უჭირავს და თანდათანობით მთელ სულს ედება. თავის ყველაზე დაბალ საფეხურზე ის მოგვაგონებს მომავლისაკენ მიქცეული ცნობიერების მდგომარეობას. შემდეგ, თითქოს ამ მიქცევისა თუ მიზიდულობის შედეგად მათი სიმძიმე შემცირდაო, ჩვენი იდეები და შეგრძნებები თანდათანობით მზარდი სისწრაფით მისდევენ ერთიმეორეს; მოძრაობა გაცილებით ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს ჩვენგან; და ბოლოს, იმ მომენტში, როცა სიხარული თავის აპოგეას აღწევს, ჩვენი აღქმები თუ მოგონებები რაღაც უჩვეულო ელფერს იძენენ, სიცხისა თუ სინათლის შეგრძნების მსგავსს; უჩვეულოს და იმდენად ახალს, რომ ჩვენივე თავის მიმართ მიქცეულთ თითქოს საკუთარი არსებობაც კი განცვიფრებით გვავსებს. ამრიგად, არსებობს პირწმინდად შინაგანი სიხარულის რამდენიმე სპეციფიკური ფორმა და ამდენივე თანმიმდევრული ეტაპი, რომლებიც ჩვენი ფსიქიკური მდგომარეობის მთელი მასის თვისებრივ ცვლილებებს შეესაბამებიან. მაგრამ იმ მდგომარეობათა რიცხვი, რომლებსაც თვითოეული ეს ცვლილება აღწევს, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანია, და თუმცა ჩვენ ნამდვილად არ ვითვლით მათ, მაგრამ მაინც დაბეჯითებით ვიცით, განწონის ჩვენი სიხარული დღევანდელი დღის ყველა შთაბეჭდილებას თუ არც კი ეხება ზოგიერთ მათგანს. ამრიგად, ჩვენ წერტილებით ვავსებთ სიხარულის ორ თანმიმდევრულ ფორმას შორის არსებულ შუალედს, და ერთიდან მეორეზე ამ ეტაპობრივი გადასვლის წყალობით, ასევე გვგონია, საქმე გვაქვს ცვალებადი სიდიდის მქონე ერთი და იმავე გრძნობისათვის ნიშნეული ინტენსივობის ორ სხვადასხვა ხარისხთან. ასევე ადვილად შეიძლება იმის ჩვენებაც, რომ მწუხარების სხვადასხვა სარისხიც თვისებრივ ცვლილებებს შეესაბამება. მწუხარება იწყება წარსულის მიმართ სრული მიქცევითა და ჩვენი შეგრძნებებისა თუ წარმოდგენების გაღარიბებით, თითქოს თვითეული მათგანი მთლიანად იფარგლებოდეს იმ მცირედით, რასაც ამჟამად იძლევა, და თითქოს მომავალი, გარკვეული აზრით, დახურული იყოს ჩვენთვის. რაც შეეხება მწუხარების დასასრულს, ის მთავრდება სრული დათრგუნვილობით, როცა ჩვენ ვესწრაფით არყოფნას, და ყოველი ახალი უბედურება, ბრძოლის ამაოებას რომ გვინერგავს გულში, რაღაცნაირ მტანჯველ სიამოვნებას განგვაცდევინებს.
ყველა ესთეტიკური გრძნობა ძირითადი ემოციის ახალი ელემენტებით თანდათანობითი განწონის კიდევ უფრო განსაცვიფრებელ მაგალითებსა გვთავაზობს, ელემენტებით, რომლებიც თითქოს ზრდიან მის სიდიდეს, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ მის ბუნებას ცვლიან. განვიხილოთ მათ შორის ყველაზე უფრო მარტივი – მომხიბვლელობის გრძნობა. თავდაპირველად ეს სხვა არა არის რა, თუ არა გარეგნულ მოძრაობათა ერთგვარი სიმსუბუქისა და სიკისკასის აღქმა. მაგრამ რაკი მსუბუქი მოძრაობები იმნაირი მოძრაობებია, რომლებიც ამზადებენ ერთმანეთს, ამიტომ ყველაზე მსუბუქი, ბოლოს და ბოლოს, ის მოძრაობები ჩანან, რომელთა წინასწარ ჭვრეტის უნარიც შეგვწევს, და ის პოზები, რომლებიც შეიცავენ და წინასწარ მიგვანიშნებენ მომავალ პოზებს. თუ წყვეტილი მოძრაობანი მოკლებულნი არიან მომხიბვლელობას, მხოლოდ იმიტომ, რომ ყოველი მათგანი თვითმკმარია და წინასწარ არ გვაუწყებს მის მომდევნო მოძრაობას. თუ მომხიბვლელობის გრძნობა მრუდ ხაზებს უპირატესობას ანიჭებს ტეხილთა წინაშე, ეს იმიტომ, რომ მრუდი გამუდმებით იცვლის მიმართულებას, მაგრამ ისე კი, რომ ყოველი ახალი მიმართულება უკვე მონიშნულია წინარე მიმართულებით. ამრიგად, მსუბუქი მოძრაობის აღქმა აქ უშუალოდ ერწყმის თავისებურ ძალმოსილებას, რომლის მეოხებითაც ჩვენ თითქოს ვაჩერებთ დროის დინებას და აწმყოში მომავლის ფლობითა ვტკბებით. მესამე ელემენტი თავს იჩენს მაშინ, როცა მსუბუქი მოძრაობა რიტმს ემორჩილება, ანუ როცა ის სრულდება მუსიკის თანხლებით, ვინაიდან რიტმი და ტაქტი, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ წინასწარვე უკეთ განვსჭვრიტოთ არტისტის მოძრაობანი, იმნაირ განცდას აღგვიძრავენ, თითქოს თვითონ წარვმართავთ ამ მოძრაობას.რაკიღა შეგვიძლია, თითქმის მთლიანად გამოვიცნოთ პოზა, რომელსაც მიიღებს არტისტი, ამიტომაც გვეჩვენება, თითქოს ის, როცა მართლა მიიღებს ამ პოზას, ჩვენს მბრძანებლურ კარნახს ემორჩილება. რიტმის რეგულირება ჩვენს შორის ამყარებს სრულიად უჩვეულო კავშირს, და ტაქტის პერიოდული განმეორება იმ უხილავ ძაფებად წარმოგვიჩნდება, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ ვამოძრავებთ ამ წარმოსახულ თოჯინას. ის წამითაც რომ შეჩერდეს, ჩვენს მოთმინებადაკარგულ ხელს უკვე აღარ შეუძლია თავი შეიკავოს უნებური ჟესტისაგან და თითქოს უბიძგებს ამ თოჯინას, რათა კვლავ განაახლოს მოძრაობა, რომლის რიტმიც მთლიანად დაეუფლა ჩვენს სურვილს, სწრაფვას თუ ნებას. ამრიგად, მომხიბვლელობის გრძნობას შეერწყმის ფიზიკური სიმპათიის თავისებური გრძნობა, და ამ უკანასკნელის ანალიზი დაგანახებთ, რომ ის, თავის მხრივ, გეუფლებათ თქვენ, იმ სულიერი სიმპათიის წყალობით, რომელსაც თვითონვე გინერგავთ შეუმჩნევლად. ეს უკანასკნელი ელემენტი, რომელსაც ერწყმიან ის ელემენტები, გარკვეული აზრით, წინასწარ რომ იუწყებოდნენ მას, – ჩვენ გვიხსნის მომხიბვლელობის გრძნობის წინააღუდგომელ ძალმოსილებას, მის მიერ მოგვრილი სიამოვნება გაუგებარი დარჩებოდა, ეს გრძნობა მხოლოდ ძალისხმევის ეკონომიურობაზე რომ დაიყვანებოდეს, როგორც ჰგონია სპენსერს. მაგრამ მისი არსი, სინამდვილეში, ის გახლავთ, რომ ჩვენ გეგონია, თითქოს ყოველივე უაღრესად მომხიბლავში, გარდა სიმსუბუქისა, რაც მობილურობის სიმბოლოდ გვევლინება, უშუალოდ გამოვყოფთ აგრეთვე მინიშნებას ჩვენსკენ მომართულ შესაძლო მოძრაობასა და პოტენციურ, ან უკვე არსებობისათვის გამოწვეულ სიმპათიაზე. მობილური და ყოველ წამს საიმისოდ მზადმყოფი სიმპათია, რომ ჩვენ გადმოგვეცეს, – აი, რა არის უღრმესი მომხიბვლელობის არსი. ამრიგად, ესთეტიკური გრძნობის ინტენსივობის თანდათან მზარდი ხარისხები აქ სხვადასხვა გრძნობის შესაბამის რაოდენობად იშლება, რომელთაგან თვითეულს ჯერ მხოლოდ წინარე გრძნობა გვაუწყებს, შემდეგ ყოველი მათგანი თვალნათლივ ვლინდება, და ბოლოს,მთლიანად ჩრდილავს მის მაუწყებელ გრძნობას. სწორედ ამ თვისებრივ განვითარების განვმარტავთ რაოდენობრივი ცვლილების აზრით, რადგანაც ჩვენ გვიყვარს სიმარტივე, და ჩვენი ენა მეტისმეტად ტლანქია საიმისოდ, რომ ფსიქოლოგიური ანალიზის მთელი სინატიფე გადმოსცეს.
იმის გასაგებად, თუ რანაირად ხდის დასაშვებს ინტენსივობის სხვადასხვა ხარისხს თვით მშვენიერების გრძნობა, გულმოდგინე ანალიზია საჭირო. იქნებ მშვენიერების გრძნობის განსაზღვრის მთელი სიძნელე უპირატესად იმაზეა დამოკიდებული, რომ ბუნების სიმშვენიერეს ხელოვნებისეული მშვენიერების წინამორბედად თვლიან: ხელოვნება ამ შემთხვევაში მხოლოდ მშვენიერების გამოხატვის საშუალებაა, მშვენიერების არსი კი კვლავ იდუმალებით მოცული რჩება. მაგრამ, ვინ იცის, იქნებ ბუნება მხოლოდ ხელოვნების ცალკეულ ფორმებსა თუ საშუალებებთან რაღაც ბედნიერი დამთხვევის წყალობითაა მშვენიერი, და, გარკვეული აზრით, ხელოვნება წინ უსწრებს ბუნებას? მაგრამ ასე შორსაც რომ არ წავიდეთ, ის მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ უფრო მართებული ჩანს, თავდაპირველად შევისწავლოთ ცნობიერების ქმნილებებში გამოვლენილი მშვენიერება და მხოლოდ შემდეგ შეუმჩნევლად გადავიდეთ იმ თავისებური შემოქმედის ხელოენებაზე, რომელსაც ბუნება ჰქვია სახელად. ამ თვალსაზრისით, მე მგონია, ყველა დაგვეთანხმება, რომ ხელოვნების მიზანია მიაძინოს ჩვენს სულში ურთიერთმბრძოლი ძალები და ამდენად სრულ თვინიერებას გვაზიაროს, რაც გვაიძულებს მთელის არსებით განვიცადოთ იდეა, რომელსაც გვინერგავენ, და ხელოვნებაში, გამოხატულ გრძნობას ჩვენი სიმპათია დავუდასტუროთ. ხელოვნების საშუალებებში შეიძლება უფრო ნატიფი, დახვეწილი და, ასე ვთქვათ, უფრო გასულიერებული სახით მივაკვლიოთ იმავე ხერხებს, რომელთა მეშვეობითაც აღწევენ ჰიპნოზის მდგომარეობას. ასე მაგალითად, მუსიკაში რიტმსა და ტაქტს შეუძლიათ შეაჩერონ ჩვენი იდეებისა თუ შეგრძნებების ნორმალური დინება და აიძულონ ჩვენი ყურადღება ორი მკაცრად ფიქსირებელი წერტილით შემოფარგლოს თავისი რხევა, თანაც, ისეთი ძალი დაეუფლონ მთელ ჩვენს არსებას, რომ თვით კვნესით მთრთოლავი ხმის უღიმღამო მიბაძვაც კი უსაზღვრო სევდით და წუხილით აღავსებს ჩვენს სულს. თუ მუსიკალური ბგერები უფრო მძაფრ შთაბეჭდილებას ახდენენ ჩვენზე, ვიდრე ხმები, რომლებსაც ბუნების წიაღში ვუსმენთ, – მხოლოდ იმიტომ, რომ ბუნება გრძნობების გამოხატვით იფარგლება, მაშინ როდესაც მუსიკა თვითონვე შთაგვაგონებს მათ. საიდან იღებს დასაბამს პოეზიისეული ხიბლი? პოეტის ქმნილებაში, გრძნობა – სახეების, სახეები კი, სიტყვების ყალიბში ექცევა და მორჩილად მისდევს მათ მომნუსხველ რიტმს. როცა ჩვენს თვალწინ ხელახლა ჩაივლიან ეს სახეები, ჩვენის მხრივ, ისეთი განცდა გვეუფლება, რაც მათ ემოციურ ექვივალენტად უნდა ჩაითვალოს. მაგრამ რიტმის გარეშე ეს სახელები ვერ მოახდენდნენ ჩვენზე ესოდენ მძაფრ ზემოქმედებას: რიტმის რეგულარული მოძრაობა თითქოს სათუთად არწევს და უნანავებს წვენს სულს, რომელიც, ზმანებაში დანთქმულივით თავდავიწყებას ეძლევა, რათა პოეტის თანამოაზრედ იქცეს და მისი თვალებით უმზიროს სამყაროს.
კომენტარები