ერიხ ფრომი – ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, ფსიქოანალიტიკოსი, ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენელი, ნეოფროიდიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი ერიხ ფრომის წიგნიდან – „ადამიანის სული“.
ერთნი ადამიანებს ცხვრებად მიიჩნევენ, მეორენი კი ხარბ მგლებად. თავიანთი თვალსაზრისის სასარგებლოდ ორივე მხარეს შეუძლია არგუმენტების მოტანა. მას, ვინც ადამიანებს ცხვრებად მიიჩნევს, შეუძლია მიუთითოს თუნდაც იმაზე, რომ ადამიანები იოლად ასრულებენ სხვა ადამიანთა ბრძანებებს, თვით თავის საზიანოდაც კი. მას შეუძლია დაუმატოს აგრეთვე, რომ ადამიანები ისევ და ისევ მიჰყვებიან თავიანთ ბელადებს იმ საქმეში, რომელიც მათ არაფერს აძლევს, გარდა ნგრევისა, მათ სჯერათ ყოველგვარი უაზრობის, თუკი იგი გადმოიცემა სათანადო დაჟინებითა და განმტკიცებულია ხელისუფალთა ავტორიტეტით – მღვდელთა და მეფეთა პირდაპირი მუქარიდან, მეტნაკლებად უჩინარ მაცდურთა შემპარავ ხმებამდე. გეგონება, რომ ადამიანთა უმრავლესობა, მთვლემარე ბავშვის მსგავსად, ადვილად ემორჩილება ჩაგონებას და მზადაა უნებისყოფოდ მიჰყვეს ყველას, ვინც მას ემუქრება თუ ეპირფერება და საკმაოდ ჯიუტად არწმუნებს მათ. მტკიცე მრწამსის ადამიანი, ბრბოს ზეგავლენის უგულვებელმყოფელი, გამონაკლისია. იგი ხშირად იწვევს მომდევნო თაობათა აღტაცებას, მაგრამ, როგორც წესი, წარმოადგენს ქვეყნის სასაცილოს მის თანამედროვეთა თვალში.
დიდი ინკვიზიტორები და დიქტატორები თავისი ძალაუფლების სისტემას აფუძნებდნენ შეხედულებაზე, რომ ადამიანები ცხვრებია. სწორედ, შეხედულება, რომლის თანახმადაც ადამიანები ცხვრებია და ამიტომაც, საჭიროებენ წინამძღოლებს, მათ ნაცვლად გადაწყვეტილების მიმღებთ, ხშირად ანიჭებდნენ თვით წინამძღოლებს მტკიცე რწმენას, რომ ისინი ასრულებენ სავსებით მორალურ, თუმცა, ზოგჯერ ფრიად ტრაგიკულ მოვალეობას: კისრულობდნენ ხელმძღვანელობას, პასუხისმგებლობისა და თავისუფლების ტვირთს ჩამოხსნიდნენ სხვებს და ადამიანებს აძლევდნენ იმას, რაც მათ სურდათ.
მაგრამ, თუკი ადამიანთა უმრავლესობა ცხვარია, მაშინ რატომ ეწევიან ისინი იმგვარ ცხოვრებას, რომელიც სავსებით საწინააღმდეგოა? კაცობრიობის ისტორია სისხლითაა დაწერილი. ესაა შეუწყვეტელი ძალადობის ისტორია, ვინაიდან ადამიანები თითქმის ყოველთვის იმორჩილებდნენ თავის მსგავსს ძალის მეშვეობით. განა თალაათ-ფაშამ თვითონ მოკლა მილიონი სომეხი? განა, ჰიტლერმა თვითონ დახოცა მილიონობით ებრაელი? განა, სტალინმა თვითონ გაანადგურა მილიონობით თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგე? არა, ეს ადამიანები მარტონი არ იყვნენ. მათ განკარგულებაში იმყოფებოდა ათასობით სხვა ადამიანი, რომლებიც ხოცავდნენ და აწამებდნენ და ამას სჩადიოდნენ არა უბრალო სურვილით, არამედ სიამოვნებითაც კი. განა, ჩვენ ყველგან არ ვაწყდებით ადამიანის არაადამიანურობას – ომის შეუბრალებლად წარმოების, მკვლელობისა და ძალადობის შემთხვევაში, ძლიერთა მიერ სუსტების მოურიდებელი ექსპლოატაციის დროს? მაგრამ, გაწამებულთა და ჩაგრულ არსებათა კვნესა ხშირად ეჯახება სმენადაკარგულ ყურებსა და გამძვინვარებულ გულს! ყოველივე აქედან, ისეთმა მოაზროვნემ, როგორიც ჰობსია, გამოიტანა დასკვნა: „homo nomini lupus est“, – „ადამიანი ადამიანისათვის მგელია“. დღეს, ბევრი ჩვენგანი მიდის იმ დასკვნამდე, რომ ადამიანი დაბადებიდანვე წარმოადგენს ბოროტ და დესტრუქციულ არსებას, რომ იგი გვაგონებს მკვლელს, რომელსაც საყვარელ საქმიანობაზე შეიძლება ხელი ააღებინოს მხოლოდ უფრო ძლიერი მკვლელისადმი შიშმა.
და მაინც, ვერც ერთი მხარის არგუმენტები ვერ გვარწმუნებენ. მართალია, ჩვენ პირადად გვინახავს პოტენციური თუ აშკარა მკვლელები და სადისტები, რომელთაც თავიანთი ურცხვობით შეეძლოთ გატოლებოდნენ კიდეც სტალინსა თუ ჰიტლერს, მაგრამ ესენი მაინც გამონაკლისები იყვნენ. ნუთუ, ჩვენ მართლა უნდა მივიჩნიოთ, რომ თვით ჩვენ და ჩვეულებრივ ადამიანთა უმრავლესობა მხოლოდ ცხვრის ტყავში გახვეული მგელია, რომ ჩვენი ჭეშმარიტი ბუნება თითქოსდა გამომჟღავნდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკუვაგდებთ შეკავების ფაქტორებს, რომელიც ხელს გვიშლიდა აქამდე დავმსგავსებოდით მხეცს?
თუმცა, ძნელია ამაში შედავება, მაგრამ აზრთა ასეთი მდინარება არ შეიძლება სავსებით დამაჯარებლად იქნეს აღიარებული. ყოველდღიურ ცხოვრებაში არის შესაძლებლობა სისასტიკისა და სადიზმის გამოვლენის, თანაც, ხშირად მათი რეალიზება შეიძლება სამაგიეროს გადახდის შიშის გარეშე. მიუხედავად ამისა, მრავალი ამას არ სჩადის და პირიქით, ზიზღით რეაგირებს, როცა ამგვარ მოვლენებს შეეჯახება.
იქნებ, არსებობს ამ გასაოცარ წინააღმდეგობათა სხვაგვარი, უკეთესი ახსნა? შეიძლება, პასუხი მარტივია და მდგომარეობს იმაში, რომ მგლების უმცირესობა ცხვრების უმრავლესობის გვერდით ცხოვრობს? მგლებს სწადიათ კვლა, ცხვრებს სურთ აკეთონ ის, რასაც მათ უბრძანებენ. მგლები აიძულებენ ცხვრებს კვლასა და დახრჩობას, ხოლო ისინი იქცევიან ასე არა მარტო იმიტომ, რომ ეს მათ სიამოვნებას ჰგვრის, არამედ იმიტომ, რომ მათ სურთ მგლებისადმი დამორჩილება. გარდა ამისა, ცხვრების უმრავლესობის მგლებივით მოქმედებისაკენ წაქეზებისათვის მკვლელებმა უნდა მოიგონონ თავიანთი საქმიანობის სამართლიანობისათვის, თავისუფლების დაცვის, რომელსაც თითქოს საშიშროება ემუქრება, ხიშტებით განგმირული ბავშვებისათვის შურისძიების, ნამუსახდილი ქალებისა და შებღალული ღირსების შესახებ ამბები. ეს პასუხი დამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ ამის შემდეგაც ბევრი ეჭვი რჩება. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ არსებობს ორი ადამიანური რასა – მგლები და ცხვრები? გარდა ამისა, წამოიჭრება საკითხი: თუ ეს არაა მათი ბუნებისათვის დამახასიათებელი, მაშინ ცხვრებს ასე იოლად რატომ აცდუნებს მგლების მოქმედება, როცა ძალადობა წარმოდგენილია როგორც მათი წმინდა მოვალეობა? იქნებ, ადამიანის ნიშანდობლივ თვისებას მართლაცდა წარმოადგენს რაღაც მგლური და უმეტესობა აშაკარად არ ამჟღავნებს ამას? შეიძლება, ალტერნატივის შესახებ საერთოდ არც უნდა იყოს ლაპარაკი? იქნებ, ადამიანი ერთდროულად მგელიცაა და ცხვარიც, თუ არც ერთია და არც მეორე?
დღეს, როცა ერები განსაზღვრავენ თავიანთი „მტრების“ წინააღმდეგ მეტად საშიში დამანგრეველი იარაღის გამოყენების შესაძლებლობას და როგორც ჩანს, არ აშინებთ მასობრივი განადგურების დროს საკუთარი თავის დაღუპვაც, ამ კითხვებზე პასუხის გაცემას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. თუკი ჩვენ დარწმუნებული ვიქნებით, რომ ადამიანი დაბადებიდანვე მიდრეკილია ნგრევისაკენ, რომ ძალადობის გამოყენების მოთხოვნილება ღრმად ფესვგამდგარია მის არსებაში, ამან შეიძლება შეასუსტოს ჩვენი წინააღმდეგობა სულ უფრო მზარდი სისასტიკისადმი. რისთვისაა საჭირო მგლებისადმი წინააღმდეგობის გაწევა, თუკი ჩვენ, ყველა რაღაც ხარისხით, მგლები ვართ? საკითხი – ადამიანი მგელია თუ ცხვარი – ესაა მხოლოდ საკითხის გამახვილებული ფორმულირება, რომელიც მეტად ფართო და ზოგადი აზრით მიეკუთვნება დასავლური სამყაროს თეოლოგიური და ფილოსოფიური აზროვნების ფუძემდებლურ პრობლემებს, საკუთრივ: არის თუ არა სინამდვილეში ადამიანი ბოროტი ან მანკიერი, თუ თავისი არსით იგი კეთილია და შეუძლია თვითსრულყოფა? ძველი აღთქმა ადამიანს მისსავე საფუძველში მანკიერად არ მიიჩნევს. ღმერთისადმი ადამისა და ევას დაუმორჩილებლობა არ განიხილება როგორც ცოდვა. ჩვენ ვერსად ვერ ვპოულობთ მითითებებს იმაზე, რომ დაუმორჩილებლობამ დაღუპა ადამიანი. პირიქით, ეს დაუმორჩილებლობა წარმოადგენს იმის წინაპირობას, რომ ადამიანმა გაიცნობიერა თავისი თავი, რომ ის გახდა შემძლე გადაწყვიტოს თავისი საქმეები. ამრიგად, დაუმორჩილებლობის ეს პირველი აქტი, საბოლოო ანგარიშით, წარმოადგენს ადამიანის პირველ ნაბიჯს თავისუფლების გზაზე. გეგონება კიდეც, რომ ეს დაუმორჩილებლობა გათვალისწინებულია ღვთის გეგმით. წინასწარმეტყველთა თანახმად, სწორედ იმის წყალობით, რომ ადამიანი გამოძევებულ იქნა სამოთხიდან, იგი აღმოჩნდა შემძლე თვითონ შეექმნა თავისი ისტორია, განემტკიცებინა თავისი ადამიანური ძალები და სრულიად განვითარებული ინდივიდის სახით მიეღწია სხვა ადამიანებთან და ბუნებასთან ჰარმონიისათვის. ამ ჰარმონიამ დაიკავა წინანდელი ადგილი, რომელშიც ადამიანი ჯერ კიდევ არ იყო ინდივიდი. წინასწარმეტყველთა მესიანური აზრი აშკარად მომდინარეობს იქიდან, რომ ადამიანი თავის საფუძველში უმანკოა და შეიძლება გადარჩენილ იქნას ღვთის წყალობის განსაკუთრებული აქტის გარეშე.
რასაკვირველია, ამით ჯერ კიდევ არაა ნათქვამი, რომ მისი უნარი სიკეთისადმი აუცილებლად გაიმარჯვებს. თუკი ადამიანი სჩადის ბოროტებას, მაშინ იგი თვითონაც უარესი ხდება. ასე, მაგალითად, ფარაონის გული „გააფთრდა“, ვინაიდან იგი მუდამ ბოროტებას სჩადიოდა. იგი გააფთრდა იმდენად, რომ გარკვეულ მომენტში მისთვის შეუძლებელი გახდა ყველაფერი ხელახლა დაეწყო და მოენანიებინა ჩადენილის გამო. ძველი აღთქმა შეიცავს ბოროტმოქმედებათა არანაკლებ მაგალითს, ვიდრე სამართლიან საქმეთა, მაგრამ მასში ერთხელაც არ ხდება გამონაკლისის დაშვება ისეთი ამაღლებული სახეებისათვისაც კი, როგორიცაა დავით მეფე. ძველი აღთქმის თვალსაზრისით ადამიანს ძალუძს კარგიც და ცუდიც, მან არჩევანი უნდა გააკეთოს სიკეთისა და ბოროტებას, ლოცვა-კურთხევასა და წყევლას, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. ღმერთი არასოდეს არ ერევა გადაწყვეტილების მიღებაში. იგი ეხმარება, აგზავნის რა თავის მოციქულებს, წინასწარმეტყველებს, რათა დაარიგოს ადამიანები თუ რანაირად შეუძლიათ მათ ბოროტების გამოცნობა და სიკეთის განხორციელება, რათა გააფრთხილოს ისინი და შეედავოს მათ. მაგრამ, ყოველივე ამის აღსრულების შემდეგ ადამიანი პირისპირ რჩება თავის „ორ ინსტინქტთან“ – სიკეთისა და ბოროტებისაკენ მისწრაფებებთან, ახლა კი, მან თვითონ უნდა გადაწყვიტოს ეს პრობლემა.
ქრისტიანობის განვითარება სხვაგვარად მიმდინარეობდა. ქრისტიანული რწმენის ჩამოყალიბების გზაზე გაჩნდა თვალსაზრისი, რომლის თანახმადაც ადამის დაუმორჩილებლობა იყო ცოდვა, თანაც იმდენად მძიმე, რომ მან დაღუპა თვით ადამისა და ყველა მისი შთამომავლის ბუნება. ადამიანს აღარ შეეძლო საკუთარი ძალებით გათავისუფლებულიყო ამ ბიწიერებისაგან. მხოლოდ ღვთის წყალობას, ქრისტეს გამოცხადებას, ადამიანებისათვის ჯვარცმულს შეუძლია მოსპოს ეს ბიწიერება და იხსნას ისინი ვინც ირწმუნა იგი.
რასაკვირველია, დოგმა პირველი ცოდვის შესახებ არ დარჩენილა უდაო თვით ეკლესიის შიგნით. მას თავს ესხმოდა პელაგია, მაგრამ ვერ მოახერხა გამარჯვების მიღწევა. რენესანსის ხანაში, ჰუმანისტები ცდილობდნენ შეერბილებინათ ეს დოგმა ეკლესიის შიგნით, თუმცა ისინი პირდაპირ არ იბრძოდნენ მის წინააღმდეგ და სადაოდ არ ხდიდნენ მას, როგორც ამას აკეთებდა მრავალი კრიტიკოსი. მართალია, ლუთერი უფრო მტკიცედ იყო დარწმუნებული ადამიანის თანდაყოლილ უნამუსობასა და ბიწიერებაში, მაშინ, როდესაც რენესანსის მოაზროვნეებმა, ხოლო მოგვიანებით განმანათლებლობამ, გაბედა საპირისპირო მიმართულებით შესამჩნევი ნაბიჯის გადადგმა. ეს უკანასკნელნი ამტკიცებდნენ, რომ ადამიანში არსებული ყოველგვარი ბოროტება წარმოადგენს მხოლოდ გარეგანი ვითარების შედეგს და ამიტომაც, სინამდვილეში ადამიანს არა აქვს არჩევანის შესაძლებლობა. ისინი ფიქრობდნენ, რომ აუცილებელია მხოლოდ გარემოების შეცვლა, რომლიდანაც აღმოცენდება ბოროტება, მაშინ ადამიანში არსებული თავდაპირველი სიკეთე გამომჟღავნდება თითქმის ავტომატურად. ამ თვალსაზრისმა გავლენა მოახდინა ასევე მარქსისა და მისი მიმდევრების აზროვნებაზე. ადამიანის პრინციპულ სიკეთეში რწმენა წარმოიშვა რენესანსის დროიდან მოყოლებული უმაგალითო ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესის მსვლელობაში მოპოვებული ახალი თვითშეგნების შემწეობით. დასავლეთის მორალურმა გაკოტრებამ, დაწყებულმა პირველი მსოფლიო ომიდან და დღემდე მოსულმა ჰიტლერითა და სტალინით, კოვენტრითა და ხიროსიმით, დღევანდელ საყოველთაო განადგურების მომზადებასთან, პირიქით, გავლენა მოახდინა იმაზე, რომ კვლავ გაძლიერებულად ხაზი ესმება ადამიანის ცუდისკენ მიდრეკილებას. არსებითად, ეს იყო ჯანსაღი რეაქცია ადამიანის თანდაყოლილი ბოროტების ქმნადობის მიდრეკილების შეუფასებლობაზე. მეორე მხრივ, ძალზე ხშირად ეს წარმოადგენდა იმათი დაცინვის მიზეზს, ვისაც ჯერ კიდევ არ დაეკარგა ადამიანისადმი რწმენა, ამასთან ერთად, მათი თვალსაზრისი ესმოდათ მცდარად, ხოლო ზოგჯერ განზრახ მახინჯდებოდა კიდეც.
ხშირად, მე უმართებულოდ ბრალს მდებდნენ ადამიანში პოტენციურად ჩადებული ბოროტების შეუფასებლობაში. მსურდა ხაზი გამესვა, რომ მე შორსა ვარ ამგვარი სენტიმენტალური ოპტიმიზმისაგან. ის, ვინც ფლობს პრაქტიკოს-ფსიქოანალიტიკოსის ხანგრძლივ გამოცდილებას საეჭვოა, რომ მიდრეკილ იყოს ადამიანში დესტრუქციულ ძალთა შეუფასებლობისაკენ. ის ამ ძალებს მძიმედ დაავადებულ პაციენტებში ხედავს და იცის რაოდენ ძნელია მათი ენერგიის შეჩერება ან კონსტრუქციულ კალაპოტში წარმართვა. ასევე, ისინი ვინც გადაიტანა ბოროტების მოულოდნელი აფეთქება და გამანადგურებელი მძვინვარება პირველი მსოფლიო ომის დასაწყისიდან, საეჭვოა, რომ ვერ შეამჩნიონ ადამიანურობის დესტრუქციულობის ძალა და ინტენსიურობა. მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს საშიშროება, რომ უძლურების გრძნობამ, რომლითაც ამჟამად მოცემულია, როგორც ინტელიგენტი ასევე საშუალო ადამიანი, შეიძლება მიგვიყვანოს იქამდე, რომ ისინი აითვისებენ ახალ ვერსიას ბიწიერებასა და პირველ ცოდვაზე და გამოიყენებენ მას იმ შეხედულების რაციონალიზაციისათვის, რომლის თანახმადაც ომი გარდაუვალია, როგორც ადამიანური ბუნების დესტრუქციულობის შედეგი. ამგვარი თვალსაზრისი, ხშირად თავმომწონე თავისი არაჩვეულებრივი რეალიზმით, წარმოადგენს, ორი მიზეზის გამო, შეცდომას. ჯერ ერთი, დესტრუქციული მისწრაფებების ინტენსიურობა არავითარ შემთხვევაში არ ადასტურებს მათ დაუძლეველობას ან დომინირებასაც კი, მეორეც, ვარაუდი, რომ ომი პირველ რიგში წარმოადგენს ფსიქოლოგიურ ძალთა მოქმედების შედეგს, მცდარია. საზოგადოებრივი და პოლიტიკური პრობლემების ახსნის დროს არ არის საჭირო ვრცლად შევჩერდეთ „ფსიქოლოგიზმის“ მცდარ წანამძღვარზე. ომები წარმოიშობა პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური წინამძღოლების გადაწყვეტილებით მიწების, ბუნებრივი რესურსების მიტაცების ან სავაჭრო პრივილეგიების მიღებისათვის, საკუთარი ქვეყნის რეალური თუ მოჩვენებითი უსაფრთხოების დაცვისათვის ან იმისათვის, რომ აიმაღლონ პიროვნული პრესტიჟი და მოიხვეჭონ დიდება. ეს ხალხი არ განსხვავდება საშუალო ადამიანისაგან: ისინი ეგოისტები არიან და საეჭვოა, რომ მზად იყონ უარი თქვან საკუთარ უპირატესობებზე სხვის სასარგებლოდ, მაგრამ ამასთანავე, ისინი არ გამოირჩევიან არც განსაკუთრებული სიავით, არც განსაკუთრებული სისასტიკით, როდესაც ასეთი ადამიანები, რომლებიც ნორმალურ ცხოვრებაში უფრო ხელს შეუწყობდნენ სიკეთეს, ვიდრე ბოროტებას, მოდიან ხელისუფლებაში, მბრძანებლობენ მილიონობით ადამიანზე და ფლობენ ნგრევის ყველაზე საშიშ იარაღს, მათ შეუძლიათ უდიდესი ზიანის მიყენება. სამოქალაქო ცხოვრებაში ისინი ალბათ, გაანადგურებდნენ კონკურენტებს. ჩვენს ძლიერ და სუვერენულ სახელმწიფოთა სამყაროში (თანაც, „სუვერენული“ ნიშნავს: მორალური კანონებისადმი დაუმორჩილებელს, რომელთაც შეუძლიათ შეზღუდონ სუვერენული სახელმწიფოს თავისუფალი მოქმედება) მათ შეუძლიათ ადამიანური რასის ძირფესვიანი განადგურება. კაცობრიობისათვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს არა მტარვალი ან სადისტი, არამედ განსაკუთრებულ ძალაუფლება მინიჭებული ნორმალური ადამიანი, მაგრამ იმისათვის, რომ მილიონებმა თავიანთი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდონ და გახდნენ მკვლელები, მათ აუცილებელია აღუძრა ისეთი გრძნობები, როგორიცაა სიძულვილი, აღშფოთება, დესტრუქციულობა და შიში. იარაღთან ერთად ეს გრძნობები წარმოადგენს აუცილებელ პირობას ომის წარმოებისათვის, მაგრამ ისინი არ წარმოადგენს ომის მიზეზს, ისევე როგორც ზარბაზნები და ყუმბარები თავისთავად არ წარმოადგენს ომის მიზეზს. ბევრს მიაჩნია, რომ ატომური ომი ამ მხრივ განსხვავდება ტრადიციული ომისაგან. ის, ვინც ღილაკზე თითის დაჭერით ისვრის ატომურ ბომბებს, რომელთაგანაც თითოეულს შეუძლია შეიწიროს ასიათასობით სიცოცხლე, საეჭვოა, რომ განიცდიდეს ისეთივე გრძნობას, როგორსაც ჯარისკაცი, რომელიც კლავს ხიშტით ან ტყვიამფრქვევით, მაგრამ, თუკი ატომური რაკეტის გაშვება ხსენებული პირის ცნობიერებაში განიცდება მხოლოდ როგორც ბრძანების მორჩილად შესრულება, მაინც რჩება კითხვა: ხომ არ უნდა შეიცავდეს მისი პიროვნების უფრო ღრმა შრეები დესტრუქციულ იმპულსებს ან უფრო მცირე ზომით ღრმა გულგრილობას სიცოცხლისადმი, იმისათვის რათა მსგავსი მოქმედება საერთოდ შესაძლებელი გახდეს?
მსურდა შევჩერებულიყავი სამ ფენომენზე, რომელიც დევს, ჩემი აზრით, ადამიანური ორიენტირების ყველაზე უფრო მავნე და საშიშ ფორმათა საფუძველში: მკვდრისადმი სიყვარულში, ფესვგადგმულ ნარცისიზმსა და სიმბიოზურ-ინცესტუალურ ლტოლვებში. ერთად აღებული ისინი წარმოქმნიან „რღვევის სინდრომს“, რომელიც აგულიანებს ადამიანს ანგრიოს ნგრევისათვის და სძულდეს სიძულვილისათვის. მსურდა, ასევე განმეხილა „განვითარების სინდრომი“, რომელიც შედგება ცოცხალისადმი, ადამიანისა და დამოუკიდებლობისადმი სიყვარულისაგან. ამ ორი სინდრომიდან, მხოლოდ მცირეოდენ ადამიანში ჰპოვა ერთ-ერთმა სრული განვითარება. მაგრამ, საეჭვო არაა, რომ ყოველი ადამიანი მოძრაობს განსაზღვრული, მის მიერ არჩეული მიმართულებით: ცოცხალისაკენ ან მკვდრისაკენ, სიკეთისაკენ ან ბოროტებისაკენ.
კომენტარები