ადამიანის არსება საზოგადოდ

ადამიანის არსება საზოგადოდ

ლუდვიგ ფოიერბახი – გერმანელი ფილოსოფოსი-მატერიალისტი, ათეისტი, კომუნისტი და ანთროპოლოგი. ყველაზე მეტად ცნობილი თავისი წიგნით – ქრისტიანობის არსება. განათლება მიიღო ჰაიდელბერგისა და ბერლინის უნივერსიტეტებში.

 

ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი ლუდვიგ ფოიერბახის წიგნიდან – «ქრისტიანობის არსება»

რელიგია დამყარებულია ცხოველისაგან ადამიანის არსებითს განსხვავებაზე, – ცხოველებს რელიგია არა აქვთ. თუმცა ძველი უკრიტიკო ზოოგრაფები, სხვა სანაქებო თვისებებთან ერთად, სპილოს რელიგიურობის მადლსაც მიაწერდნენ; მაგრამ სპილოების რელიგია იგავ-არაკთა სფეროს ეკუთკნის. კიუვიე, ცხოველთა სამყაროს ერთი უდიდესი მცოდნეთაგანი, ემყარება რა საკუთარ დაკვირვებებს, სპილოებს ძაღლზე უფრო მაღალ სულიერ საფეხურზე როდი აყენებს.

 

მაგრამ რაღაა ეს არსებითი განსხვავება ადამიანისა ცხოველისაგან? უმარტივესი და უზოგადესი, აგრეთვე უპოპულარესი პასუხი ამ კითხვაზე ასეთია: ცნობიერება – მაგრამ ცნობიერება მკაცრი აზრგაგებით; რადგან ცნობიერება თვითგრძნობის, გრძნობადი გარჩევა-განსხვავების უნარის, აღქმისა და გარეგან ნივთთა გარკვეულ თვალსაჩინო ნიშანთა მიხედვით განსჯის აზრგაგებით, – ასეთი ცნობიერება ჩვენ არ შეგვიძლია არ მივაწეროთ ცხოველებსაც. ცნობიერება უმკაცრესი აზრგაგებით მხოლოდ იქ არის, სადაც არსებისათვის მისი გვარეობა, მისი არსობა არის საგანი. ცხოველი კი არის თავისი თავის საგანი როგორც ინდივიდუუმი, – ამიტომაც აქვს მას თვითგრძნობა, – მაგრამ არა როგორც გვარეობა; ამიტომაც აკლია მას ცნობიერება, რომლის სახელწოდება ცოდნიდან გამოიყვანება. სადაც ცნობიერებაა, იქ მეცნიერებისადმი უნარიცაა. მეცნიერება გვარეობათა ცნობიერებაა. ცხოვრებაში საქმე გვაქვს ინდივიდებთან, მეცნიერებაში – გვარეობებთან. მაგრამ მხოლოდ იმ არსებას შეუძლია სხვა ნივთები და არსებანი თავის საგნად გაიხადოს მათი არსებითი ბუნებისდა კვალად, რომლისთვისაც თავისი საკუთარი გვარეობა, თავისი არსობა საგანს წარმოადგენს.

 

ამიტომ ცხოველს აქვს მხოლოდ ერთი მარტივი ცხოვრება. ადამიანს კი აქვს ორმაგი ცხოვრება: ცხოველში შინაგანი ცხოვრება და გარეგანი ცხოვრება ერთი და განუყოფელია. ადამიანს კი აქვს შინაგანი და გარეგანი ცხოვრება. ადამიანის შინაგანი ცხოვრება არის ცხოვრება მის გვარეობასთან, მის არსებასთან მიმართებაში. ადამიანი აზროვნობს, ე.ი. ის საუბრობს, ის ლაპარაკობს თავის თავთან. ცხოველს არ შეუძლია შეასრულოს გვარეობითი ფუნქცია მის გარეთმყოფი ინდივიდუუმის გარეშე; ხოლო ადამიანს კი შეუძლია სხვა ინდივიდუუმის გარეშე შეასრულოს გვარეობითი ფუნქცია აზროვნებისა, მეტყველებისა, რადგან აზროვნება და მეტყველება ნამდვილი გვარეობითი ფუნქციებია. თვით ადამიანი ერთსა და იმავე დროს «მე»-ცაა და «შენ»-ც; მას შეუძლია თავისი თავი სხვის ადგილას დასვას სწორედ იმის გამო, რომ მისთვის მისი გვარეობა, მისი არსება და არა მარტო მისი ინდივიდუალობა წარმოადგენს საგანს.

 

ადამიანის არსება, ცხოველისაგან განსხვავებით, არა მარტო საფუძველია რელიგიისა, არამედ საგანიცაა მისი. ხოლო რელიგია არის ცნობიერება დაუსრულებელისა: რელიგია, ამრიგად, არის, და არც შეუძლია სხვა რამე იყოს, თუ არა ადამიანის ცნობიერება მისი, სწორედ არა სასრული, არა შეზღუდული, არამედ დაუსრულებელი არსების შესახებ. ნამდვილ სასრულ არსებას, ცნობიერებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, უშორეულესი მიხვედრილობაც კი არ გააჩნია უსასრულო არსების შესახებ, რადგან არსების საზღვარი ცნობიერების საზღვარიცაა. ცნობიერება მუხლუხისა, რომლის, სიცოცხლე და არსება მცენარის გარკვეული სახეობით შემოიფარგლება, ამ განსაზღვრული სფეროს იქით აღარ ვრცელდება; მართალია ის ამ მცენარეს სხვა მცენარეებისაგან არჩევს, მაგრამ მან ამის მეტი აღარა იცის რა. ასეთ განსაზღვრულ, მაგრამ სწორედ ამ თავისი განსაზღვრულობის გამო შეურყვნელ, შეუმცდარ და უტყუარ ცნობიერებას ამიტომ ჩვენ ცნობიერებას კი აღარ ვუწოდებთ, არამედ ინსტინქტს. ცნობიერება მკაცრი ანუ საკუთრივი აზრგაგებით და ცნობიერება დაუსრულებელისა განუყოფელია; განსაზღვრული ცნობიერება არ არის ცნობიერება; ცნობიერება არსებითად ყოვლისმომცველი, დაუსრულებელი ბუნებისაა. ცნობიერება დაუსრულებელისა სხვა არა არის რა, თუ არა ცნობიერება ცნობიერების დაუსრულებლობისა, ანუ: დაუსრულებელის ცნობიერებაში საკუთარი არსების დაუსრულებლობა ცნობიერებისათვის საგანს წარმოადგენს.

 

მაგრამ რაღაა ადამიანის არსება, რომლის შესახებაც მას ცნობიერება აქვს, ანუ რა შეადგენს გვარეობას, საკუთრივ ადამიანობას ადამიანში?1 გონება, ნება, გული. სრულქმნილ ადამიანს გააჩნია აზროვნების ძალა, ნების ძალა, გრძნობის ძალა. აზროვნების ძალა შუქია შემეცნებისა, ნების ძალა ენერგიაა ხასიათისა, გრძნობისა და გულის ძალა კი სიყვარულია. გონება, სიყვარული, ნების ძალა ადამიანის სრულქმნილობანია, ისინი ადამიანის უმაღლესი უნარიანობანია; ისინი ადამიანის როგორც ადამიანის, აბსოლუტურ არსებასა და მისი არსებობის მიზანს წარმოადგენენ. ადამიანი იმისთვის არსებობს, რომ შეიმეცნოს, რომ უყვარდეს, რომ სურდეს. მაგრამ რა არის გონების მიზანი? – გონება. სიყვარულისა? – სიყვარული. ნებისა? – ნების თავისუფლება. ჩვენ შევიმეცნებთ, რათა შევიმეცნოთ, გვიყვარს, რათა გვიყვარდეს, გვსურს, რათა გვსურდეს, ე.ი. რათა თავისუფალი ვიყოთ. ჭეშმარიტი არსება მოაზროვნე, მოსიყვარულე, მსურველი არსებაა. ჭეშმარიტი, სრულქმნილი, ღვთაებრივი მხოლოდ ის არის, რაც თავისი თავისთვის არის. მაგრამ ასეთია სიყვარული, ასეთია გონება, ასეთია ნება. ღვთაებრივი სამება ადამიანში, ინდივიდუალური  ადამიანის მაღლა, გონების, სიყვარულისა და ნების ერთიანობაა. გონება (წარმოსახვის უნარი, ფანტაზია, წარმოდგენა, მოსაზრება), ნება, სიყვარული ანუ გული ისეთი ძალები როდია, რომლებიც ადამიანს აქვს [როგორც თვისებები] – რადგან იგი უიმათოდ არაფერია, იგი რაც არის, მხოლოდ მათი წყალობით არის. ისინი როგორც დამფუძნებელი ელემენტები მისი არსებისა, რომელიც მას არც აქვს და რომელსაც ის არც ჰქმნის, მისი ამასულდგმულებელი, განმსაზღვრელი, დამმორჩილებელი ძალები არიან – ღვთაებრივი, აბსოლუტური ძალებია, რომელთაც ის ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს.2

 

როგორ შესძლებდა მგრძნობიარე ადამიანი წინ აღსდგომოდა გრძნობას, მოსიყვარულე – სიყვარულს, გონიერი – გონებას? ვის არ განუცდია ბგერათა ყოვლისშემმუსვრელი ძალა? მაგრამ განა ბგერათა ძალა სხვა რა არის, თუ არა გრძნობათა ძალა? მუსიკა ენაა გრძნობისა – ბგერა გამოთქმული გრძნობაა, გრძნობა, რომელსაც სხვასაც გაუზიარებენ. ვის არ განუცდია სიყვარულის ძალა – ან ყოველ შემთხვევაში არ მოუსმენია მის შესახებ? ვინ უფრო ძლიერია? სიყვარული თუ ინდივიდუალური ადამიანი? ადამიანი ფლობს სიყვარულს, თუ, პირიქით, სიყვარული – ადამიანს? როდესაც ადამიანს სიყვარული ამოძრავებს და სიხარულით სდებს თავს სასიკვდილოდ საყვარელი არსებისათვის, ეს სიკვდილის მძლეველი ძალა მისი საკუთარი ინდივიდუალური ძალაა თუ, პირიქით, სიყვარულის ძალა? და ვის არ განუცდია, ვისაც კი ოდესმე ჭეშმარიტად უაზრნია, აზროვნების ძალა, რა თქმა უნდა, წყნარი, უხმაურო ძალა აზროვნებისა? როდესაც შენ ღრმა ფიქრებში ჩაიძირები და ივიწყებ საკუთარ თავსაცა და იმასაც, რაც შენს ირგვლივ არის, მაშინ შენ ეუფლები გონებას თუ, პირიქით, გონება შენ გეუფლება და გშთანთქავს? მეცნიერული აღმაფრენა განა არ არის ულამაზესი ტრიუმფი, რომლითაც გონება შენზე გამარჯვებას ზეიმობს? ცოდნისადმი მისწრაფების ძალა განა არ არის უდავოდ უძლეველი, ყოვლისმძლეველი ძალა? და როდესაც შენ ვნებას თრგუნავ, ჩვეულებას უკუაგდებ, მოკლედ, თვით საკუთარ თავზე გამარჯვებას აღწევ, ეს ძლევამოსილი ძალა შენივე საკუთარი პირადი ძალაა, თვით შენთვის თავისთავად მოფიქრებული, თუ, პირიქით, იგი არის ნების ენერგია, ზნეობრიობის ძალა, რომელიც ძალუმად დაგეუფლება და გულისწყრომით აღგავსებს შენივე საკუთარი თავისა და შენს ინდივიდუალურ უძლურებათა წინააღმდეგ?3

 

ადამიანი უსაგნოდ არაფერია. დიდი, გამოჩენილი ადამიანები – ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩვენ ადამიანის არსებას გადაგვიშლიან, ამ დებულებას თავიანთი ცხოვრებით გვიდასტურებდნენ. მათ მხოლოდ ერთი გაბატონებული ძირითადი ვნება გააჩნდათ: განხორციელება მიზნისა, რომელიც მათი მოღვაწეობის არსებით საგანს შეადგენდა. მაგრამ საგანი, რომელთანაც სუბიექტი არსებითად, აუცილებლად მიმართებაშია, სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი, მაგრამ საგნობრივი არსება ამ სუბიექტისა. თუ იგი, გვარეობის მიხედვით თანაბარი, ხოლო სახეობის მიხედვით განსხვავებული, რამდენიმე ინდივიდის საერთო საგანია, მაშინ ის, ყოველ შემთხვევაში ისე, როგორც ის წარმოადგენს ობიექტს ამ ინდივიდებისათვის მათი განსხვავებისდა მიხედვით, მათი საკუთარი, მაგრამ საგნობრივი არსება არის.

 

ასე, მაგალითად, მზე პლანეტათა საერთო ობიექტია, მაგრამ ისე როგორც ის მერკურის, ვენერას, სატურნის, ურანის საგანია, ასეთი საგანი არაა იგი დედამიწისათვის. თვითეულ პლანეტას თავისი საკუთარი მზე აქვს. მზეს, რამდენადაც და როგორადაც ის ურანს ანათებს და ათბობს, დედამიწისთვის არავითარი ფიზიკური არსებობა არ გააჩნია (მას მხოლოდ ასტრონომიული, მეცნიერული მნიშვნელობა აქვს); და მზეც არა თუ მარტო სხვანაირად მოჩანს, არამედ ის ნამდვილადაც სულ სხვა მზეა ურანზე, ვიდრე დედამიწაზე. ამიტომ დედამიწის მზისადმი მიმართება ამავე დროს დედამიწის თავისთავისადმი მიმართებაა ანუ მიმართება თავისი საკუთარი არსების მიმართ, რადგან იმ სინათლის სიდიდისა და სიძლიერის ზომაა, რომელშიც მზე დედამიწის საგანია, იმ დაშორების ზომაა, რომელიც დედამიწის განსაკუთრებულ ბუნებას დაადგენს. ამიტომ თვითეულ პლანეტას მზის სახით თავისი საკუთარი არსების ანარეკლი გააჩნია.

 

ამიტომ საგანში ადამიანი თავის თავს – ცნობიერჰყოფს: საგნის ცნობიერება ადამიანის თვითცნობიერებაა. საგნიდან შეიმეცნებ შენ ადამიანს; მასში გევლინება შენ მისი არსება: საგანი არის მისი თვალსაჩინო არსება, მისი ჭეშმარიტი, ობიექტური «მე». და ეს არასგზით მხოლოდ გონებითს საგნებზე არ ითქმის, იგი აგრეთვე თვით გრძნობადს საგნებზეც ვრცელდება. ასევე ადამიანისაგან ძალიან დაშორებული საგნებიც, რადგანაც და რამდენადაც ისინი მისი საგნები არიან, ადამიანური არსების გამოცხადებანია. მთვარეც, მზეც, ვარსკვლავებიც ადამიანს მოუწოდებენ: Γνώθι σαυτόν (შეიმეცნე თავი შენი!). ის რომ მათ ხედავს და ხედავს ისე, როგორც ის მათ ხედავს, ეს მისი საკუთარი არსების დადასტურებას წარმოადგენს. ცხოველზე შთაბეჭდილებას ახდენს მხოლოდ მისი სიცოცხლისათვის საჭირო და აუცილებელი სხივი სინათლისა, ადამიანზე კი, პირიქით, უშორეულესი ვარსკვლავის გულგრილი სხივიც კი. მხოლოდ ადამიანს აქვს წმინდა, ინტელექტუალური, უინტერესო, უანგარო სიხარული და აფექტები – მხოლოდ ადამიანი ზეიმობს თეორიულ თვალთადღესასწაულს. თვალი, რომელიც ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უცქერს, იმ უსარგებლო და უზიანო შუქს უმზერს, დედამიწასთან და მის საჭიროებებთან არაფერი საერთო რომ არა აქვს, ამ შუქში ის თავის საკუთარ არსებას, თავის საკუთარ თავდაპირველ წყაროს ხედავს. თვალი ციური ბუნებისაა. ამიტომ მხოლოდ თვალით ამაღლდება ადამიანი დედამიწიდან; ამიტომ იწყება თეორია ზეცაში ცქერით. პირველი ფილოსოფოსები ასტრონომები იყვნენ. ცა მოაგონებს ადამიანს მის დანიშნულებას, იმას, რომ იგი მარტო მოქმედებისათვის კი არაა გაჩენილი, არამედ ჭვრეტისათვისაც.

 

აბსოლუტური არსება, ადამიანის ღმერთი, მისი საკუთარი არსებაა. საგნის ძალა და გავლენა მასზე ამიტომ მისი საკუთარი არსების ძალა და გავლენაა. ამრიგად გრძნობის საგნის ძალა გრძნობის ძალაა, გონების საგნის ძალა თვით გონების ძალაა, ნების საგნის ძალა ნების ძალაა. ადამიანს რომლის არსებას ბგერა განსაზღვრავს, გრძნობა იპყრობს, ყოველ შემთხვევაში, გრძნობა, რომელიც ბგერაში თავის შესატყვის სტიქიას ჰპოვებს. მაგრამ არა ბგერას თვით თავისთვის, არამედ მხოლოდ შინაარსით, აზრითა და გრძნობით მდიდარ ბგერას აქვს ძალა და გავლენა გრძნობაზე. გრძნობა განისაზღვრება მხოლოდ გრძნობით მდიდარი არსებით, ე.ი. თავისი თავით, თავისი საკუთარი არსებით. ასევე ნებაც, ასევე გონებაც. ამიტომ ყოველთვის, რა საგანიც არ უნდა ცნობიერვყოთ ჩვენთვის, ჩვენ იმავე დროს მუდამ ჩვენს საკუთარ არსებას ცნობიერვყოფთ ჩვენთვის; ჩვენ არ შეგვიძლია სხვა რამ დავადასტუროთ, თუ ჩვენ თვით ჩვენი თავი არ დავადასტურეთ, არ გამოვავლინეთ. და რადგანაც ნებელობა, გრძნობა, აზროვნება სრულყოფილებანი არიან, ე.ი. არსობანი, რეალობანი არიან, ამიტომ შეუძლებელია, რომ ჩვენ გონებით გონება, გრძნობით გრძნობა, ნებით ნება შევიგრძნოთ და აღვიქვათ როგორც განსაზღვრული, სასრული, ე.ი. უმნიშვნელო არარა ძალა. სახელდობრ, სასრულობა და არარაობა-უმნიშვნელობა იგივურია; სასრულობა მხოლოდ ევფემიზმია არარაობა-უმნიშვნელობისათვის. სასრულობა მეტაფიზიკური, თეორიული გამოთქმაა, არარაობა-უმნიშვნელობა – პათოლოგიური, პრაქტიკული გამოთქმაა. რაც გონებისთვის სასრულია, გულისთვის არარაობაა. მაგრამ შეუძლებელია, რომ ჩვენ ნება, გრძნობა, გონება სასრულ ძალებად შევიცნოთ, რადგან ყოველი სრულქმნილება, ყოველი ძალა და არსობა უშუალო დადასტურება და განმტკიცებაა თვითონ თავისი თავისა. არ შეიძლება სიყვარული, სურვილი, აზროვნება, თუ ამ მოქმედებათ არ შევიგრძნობთ როგორც სრულქმნილებათ, არ შეიძლება აღვიქვათ, რომ ესა თუ ის მოსიყვარულე, მსურველი, მოაზროვნე არსება არსებობს, თუ მისგან დაუსრულებელ სიხარულს არ ვგრძნობთ. ცნობიერება არის ამა თუ იმ არსების თვით თავისი თავის საგანყოფნა; ამიტომ იგი არ არის არავითარი განსაკუთრებული, კერძო რამ, არავითარი განსხვავებული რამ თავისი იმ არსებისაგან, რომელიც თავის თავს ცნობიერჰყოფს. სხვანაირად როგორ შეიძლებოდა თავისი თავის ცნობიერყოფა? ამიტომ შეუძლებელია სრულქმნილების ცნობიერქმნა არასრულქმნილებად, შეუძლებელია გრძნობის როგორც შეზღუდული გრძნობის შეგრძნობა, შეუძლებელია აზროვნების შეზღუდულ აზროვნებად გააზრება.

 

ცნობიერება არის თვითგანხორციელება, თვითდადასტურება, თვითსიყვარული, სიხარული საკუთარი სრულქმნილობის გამო. ცნობიერება სრულქმნილი არსების დამახასიათებელი ნიშანია; ცნობიერება არსებობს მხოლოდ სისხლჭარბ, დასრულებულ არსებაში. თვით ადამიანური თავმომწონეობაც ადასტურებს ამ ჭეშმარიტებას. ადამიანი სარკეში იცქირება; მას მოსწონს თავისი ფიგურა. ეს მოწონება აუცილებელი, უნებური შედეგია მისი ფიგურის სრულქმნილებისა, სილამაზისა. მშვენიერი ფიგურა თავისი თავის კმაყოფილია, მას აუცილებლად ახარებს თავისი თავი, ის აუცილებლად თავის თავში აისარკება. ცრუ თავმომწონეობა მხოლოდ ის არის, როდესაც ადამიანი თავისი საკუთარი ფიგურის ცქერით სტკბება, და არა მაშინ, როდესაც ის ადამიანის ფიგურით არის საერთოდ მოხიბლული. დიახ, ის კიდევაც აღტაცებული, მოხიბლული უნდა იყოს მით; მას არ შეუძლია ადამიანის ფიგურაზე უფრო მშვენიერი, უფრო ამაღლებული ფიგურა წარმოიდგინოს.4 ყოველ შემთხვევაში ყოველ არსებას უყვარს თავისი თავი, თავისი ყოფიერება და უნდა უყვარდეს კიდევაც. ყოფიერება სიკეთეა. «ყველაფერის», – ამბობს ბეკონი, «რაც ყოფიერების ღირსია, ცოდნის ღირსიცაა» ყველაფერს, რაც არის, ღირებულება აქვს და ღირსშესანიშნავი არსებაა; ამიტომ ადასტურებს, ამტკიცებს ის თავის თავს. მაგრამ თვითდადასტურების უმაღლესი ფორმა, ის ფორმა, რომელიც თვითონ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, სრულქმნილება, ბედნიერება, სიკეთე არის ცნობიერება.

 

ადამიანის გონების ან საერთოდ არსების ყოველგვარი შეზღუდვა დამყარებულია შეცდომაზე, დაბნეულობაზე. მართალია, თვითონ ადამიანურ ინდივიდუუმს შეუძლია და უნდა იგრძნოს და შეიცნოს თავისი თავი როგორც განსაზღვრულმა არსებამ – ამაში მდგომარეობს მისი განსხვავება ცხოველური ინდივიდუუმისაგან; მაგრამ მას თავისი შეზღუდულობა, განსაზღვრულობა, თავისი სასრულობა მხოლოდ იმდენად შეუძლია ცნობიერჰყოს, რამდენადაც მისთვის გვარეობის სრულქმნილება, უსასრულობა წარმოადგენს საგანს, იქნება იგი გრძნობის, სინიდისის თუ მოაზროვზე ცნობიერების საგანი.  მაგრამ თუ ამასთანავე იგი თავის ზღუდეებს გვარეობის ზღუდეებად სახავს, მაშინ ის ცთომილებას ემყარება, იმიტომ რომ ის თავის თავს გვარეობას უთანაბრებს, – ისეთ ცთომილებას, რომელიც უშინაგანესად არის დაკავშირებული ინდივიდუუმის მოხერხებულად მოწყობის სიყვარულთან, სიმშვიდე-მოსვენებასთან, სიზანტესთან, პატივმოყვარეობა-მედიდურებასა და ეგოიზმთან. სახელდობრ, შეზღუდულობა, რომელსაც მე მხოლოდ ჩემს შეზღუდულობად ვსახავ, მამცირებს, მარცხვენს და არ მასვენებს. ამიტომ იმისათვის, რომ ამ სირცხვილის გრძნობისაგან, ამ მოუსვენრობისაგან განვთავისუფლდე, ჩემი ინდივიდუალობის შეზღუდულობას თვით ადამიანის არსების შეზღუდულობად მივიჩნევ. რაც ჩემთვის გაუგებარია, სხვებისთვისაც გაუგებარია; მაშ, რაღაზე უნდა შევიწუხო თავი? ეს ხომ ჩემი ბრალი არ არის; ეს ჩემი განსჯის ბრალი სულაც არაა, იგი თვით გვარეობის განსჯის ბრალია. მაგრამ ზმანებაა, შემცდარი აზრია, სასაცილო და დანაშაულებრივი ცთომილებაა, რომ ის, რაც ადამიანის ბუნებას შეადგენს, გვარეობის არსება, რომელიც ინდივიდუუმის აბსოლუტურ არსებას წარმოადგენს, განვსაზღვროთ როგორც სასრული, როგორც შეზღუდული. ყოველი არსება თავისი თავის კმაყოფილია, არც ერთ არსებას არ შეუძლია თავისი თავი, ე.ი. თავისი არსობა უარყოს, არც ერთი არსება თავისთვის შეზღუდული არ არის, პირიქით, ყოველი არსება თავის თავში და თავისთვის დაუბოლოებელია, დაუსრულებელი; თავის თავში თავისი ღმერთი, თავისი უმაღლესი არსება გააჩნია. ყოველი ზღუდე რომელიმე არსებისა არსებობს მხოლოდ სხვა არსებისათვის, მის გარეთ და მის ზევით. ეფემერების სიცოცხლე არაჩვეულებრივად ხანმოკლეა ხანგრძლივად მცხოვრებ ცხოველებთან შედარებით, მაგრამ ამასთანავე მათთვის ეს ხანმოკლე სიცოცხლე ისევე ხანგრძლივია, როგორც სხვებისთვის წლობით სიცოცხლე. ფოთოლი, რომელზედაც მუხლუხი ცხოვრობს, მისთვის მთელი სამყაროა, დაუსრულებელი სივრცეა.

 

რასაც კი რომელიმე არსება აკეთებს იმისათვის, რაც არის, ეს სწორედ მისი ნიჭია, მისი უნარი, ქონება, მისი სიმდიდრე, მისი სამკაული. როგორღა შეიძლება მას თავისი ყოფნა არყოფნად, არსი არარსად, თავისი სიმდიდრე სიღატაკედ, თავისი ნიჭი უნიჭობად აეთვისებინა? მცენარეებს რომ თვალები, გემოვნებისა და მსჯელობის უნარი ჰქონოდათ, მაშინ თვითეული მცენარე თავის ყვავილს უმშვენიერეს ყვავილად მიიჩნევდა; რადგან მისი განსჯა, მისი გემოვნება მის საარსებო საწარმოო უნარზე უფრო შორს ვერ გასწვდებოდა. რასაც კი მისი საარსებო საწარმოო უნარი შექმნიდა, როგორც უმაღლეს ნაყოფს, ის მის გემოვნებასა და მისი მსჯელობის უნარსაც უმაღლეს რამედ უნდა დაემოწმებია, ეღიარებინა. რასაც არსება დაამტკიცებს, მას განსჯა, გემოვნება, მსჯელობა ვერ უარყოფს; თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში განსჯა, მსჯელობის უნარი ამ განსაზღვრული არსების განსჯა, მსჯელობის უნარი კი აღარ იქნებოდა, არამედ სხვა რომელიმე არსებისა. არსების ზომა განსჯის ზომაცაა. თუ არსება შეზღუდულია, გრძნობაც, განსჯაც შეზღუდულია. მაგრამ შეზღუდული არსებისათვის მისი შეზღუდული განსჯა ზღუდეს არ წარმოადგენს; პირიქით, ეს არსება სრულიად ბედნიერია და თავისი განსჯით კმაყოფილი. ის მას გრძნობს, აქებს და ადიდებს, როგორც დიად, ღვთაებრივ ძალას; და შეზღუდული განსჯაც თავის მხრივ ადიდებს შეზღუდულ არსებას, რომლის განსჯაც თვითონ არის. ორივე ერთმანეთს ზედმიწევნით შეეფერებიან; როგორ შეუძლიათ მათ ერთმანეთს წაეკიდნენ და დაშორდნენ? განსჯა არსების თვალთახედვის არეა. რა სიშორეზეც შენ იხედები, იმ სიშორეზე ვრცელდება შენი არსება და პირიქით. ცხოველის თვალი მის საჭიროებაზე უფრო შორს ვერ სწვდება, მისი არსებაც მის საჭიროებაზე უფრო შორს არა ვრცელდება. ხოლო რამდენადაც უფრო ფართოა, ვრცელია შენი არსება, იმდენად უფრო შორს სწვდება შენი შუზღუდული თვითგრძნობა, იმდენად ღმერთი ხარ შენ. განხეთქილება ადამიანის ცნობიერებაში განსჯასა და არსებას შორის, აზროვნების ძალასა და მწარმოებელ ძალას შორის ერთი მხრივ მხოლოდ ინდივიდუალურია, საყოველთაო მნიშვნელობის გარეშე, მეორე მხრივ მხოლოდ მოჩვენებითია. ვინც თავის ცუდ ლექსებს ცუდად მიიჩნევს, ის იმდენად შეზღუდული არ არის თავის შემეცნებაში, აგრეთვე თავის არსებაში, როგორც ის, ვინც თავის ცუდ ლექსებს თავისი განსჯით კარგს უწოდებს.

 

მაშასადამე, თუ შენ უსასრულობას გაიაზრებ, ამით შენ აზროვნობ და განამტკიცებ აზროვნების უნარის უსასრულობას; თუ გრძნობ დაუსრულებელს, ამით გრძნობ და განამტკიცებ გრძნობის უნარის დაუსრულებლობას. გონების საგანი არის საგნობრივი გონება, გრძნობის საგანი არის საგნობრივი გრძნობა. თუ მუსიკის გაგება, მუსიკის გრძნობა არა გაქვს, მაშინ უმშვენიერეს მუსიკაში იმაზე მეტს ვერაფერს გაიგებ, რასაც ქარის ქროლვაში, შენს ყურებს რომ გაუზუზუნებს, რასაც შენს ფერხთ წინ მოჩუხჩუხე ნაკადულში. მაშასადამე, რა გიპყრობს შენ, როდესაც შენზე ბგერა შთაბეჭდილებას ახდენს? რას იგებ შენ მასში? განა სხვას რას, თუ არ ხმას შენივე საკუთარი გულისა? ამიტომ ელაპარაკება გრძნობა მხოლოდ გრძნობას. ამიტომ არის გრძნობა გასაგები მხოლოდ გრძნობისათვის, ე.ი. თავისი თავისათვის; იმიტომ რომ გრძნობის საგანი მხოლოდ თვითონ გრძნობაა. მუსიკა გრძნობის მონოლოგია. მაგრამ ფილოსოფიის დიალოგიც ჭეშმარიტად მხოლოდ გონების მონოლოგია: აზრი მხოლოდ აზრს ელაპარაკება. კრისტალების ფერთა ელვარება ჩვენს გრძნობებს აჯადოებს; გონებას კი მხოლოდ კრისტალონომიის კანონები აინტერესებს. გონებისათვის მხოლოდ გონებრივი შეადგენს საგანს.5

 

ამიტომ ყველა იმას, რასაც ჰიპერფიზიკური, ტრანსცენდენტერი სპეკულაციისა და რელიგიის აზრით მხოლოდ ნაწარმოების, სუბიექტურის ან ადამიანურის, საშუალების, ორგანოს მნიშვნელობა აქვს, ყველა იმას ჭეშმარიტების აზრით თვით თავდაპირველის, ღვთაებრივის, არსების, თვითონ საგნის მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, თუ გრძნობა რელიგიის არსებითი ორგანოა, მაშინ ღმერთის არსება სხვა არაფერს გამოხატავს, თუ არა გრძნობის არსებას. ჭეშმარიტი, მაგრამ დაფარული აზრი სიტყვებისა: «გრძნობა არის ორგანო ღვთაებრივისა», გვაუწყებს: გრძნობა არის უკეთილშობილესი, უწარჩინებულესი, ე.ი. ღვთაებრივი რამ ადამიანში. როგორ გაიგებდი შენ ღვთაებრივს გრძნობით, თვით გრძნობა ღვთაებრივი ბუნებისა რომ არ ყოფილიყო? ღვთაებრივი შეიმეცნება მხოლოდ ღვთაებრივით, ღმერთი მხოლოდ თავისი თავის შემწეობით. ღვთაებრივი არსება, რომელსაც გრძნობა ყურად იღებს, ნამდვილად სხვა არაფერია, თუ არა თავისი თავისაგან აღტაცებაში მოსული და მოჯადოებული არსება გრძნობისა – შვება-სიხარულით მთვრალი, აღტაცებული, თავის თავში ნეტარი და ბედნიერი გრძნობა.

 

ეს იქიდანაც ჩანს, რომ იქ, სადაც გრძნობა დაუსრულებელის ორგანოდ, რელიგიის სუბიექტურ არსებად იქცევა, რელიგიის საგანი თავის ობიექტურ ღირებულებას ჰკარგავს. მას შემდეგ, რაც გრძნობა რელიგიის მთავარ საქმედ იქცა, ქრისტიანობის ოდესღაც ესოდენ წმინდა რწმენის შინაარსის მიმართ გულგრილობა დამკვიდრდა. ხოლო თუ გრძნობის თვალსაზრისით საგანს ღირებულება მაინც კიდევ ეძლევა, ამას ის სჩადის მხოლოდ ისევ გრძნობის გულისთვის, რომელიც შესაძლებელია მას მხოლოდ შემთხვევითი მოტივების საფუძვლებზე უკავშირდება; თუ სხვა რომელიმე საგანი ამავე გრძნობებს აღძრავდა, მაშინ ისიც ისევე სასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ გრძნობის საგანი სწორედ და მხოლოდ იმის გამო ხდება გულგრილი, რომ იქ, სადაც გრძნობა, ერთხელაც არის, რელიგიის სუბიექტურ არსებად გამოიხატება, სინამდვილეში ის მისი ობიექტური არსებაც არის, თუნდაც ეს როგორც ასეთი პირდაპირ არც გამოითქვას. პირდაპირო, – ვამბობ მე; რადგან არაპირდაპირ, ყოველ შემთხვევაში, იმით აღიარებენ, რომ გრძნობა როგორც ასეთი რელიგიურად ცხადდება, ამრიგად, განსხვავება სპეციფიკურ რელიგიურ და ირრელიგიურ, ყოველ შემთხვევაში არარელიგიურ გრძნობებშორის იხსნება, ესაა აუცილებელი შედეგი იმ თვალსახრისიდან, როდესაც მხოლოდ გრძნობა ითვლება ღვთაებრივის ორგანოდ. რადგან სხვა აბა რის გამო, თუ არ მისი არსების, მისი ბუნების გამო. აქცევ შენ გრძნობას უსასრულო, ღვთაებრივი არსების ორგანოდ? მაგრამ გრძნობის ბუნება საერთოდ განა აგრეთვე ყოველი სპეციალური გრძნობის ბუნებას არ წარმოადგენს, რომელიც არ უნდა იყოს მისი საგანი? მაშ, რაღა ხდის ამ გრძნობას რელიგიურად? განსაზღვრული საგანი? სრულიადაც არა, რადგან თვითონ ეს საგანი მხოლოდ მაშინ არის რელიგიური, როდესაც იგი საგანია არა ცივი განსჯისა ანუ მეხსიერებისა, არამედ გრძნობისა. მაშ, რაღა? ისეთი გრძნობის ბუნება, რომელშიც ყოველი გრძნობა მონაწილეობს, საგნის განურჩევლად. ამრიგად, გრძნობა აღიარებულია წმინდად, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რადგან იგი გრძნობაა; მისი რელიგიურობის მიზეზი თვითონ გრძნობის ბუნებაა, თვითონ მასშია მოთავსებული. მაგრამ ამით განა არ გამოიხატება გრძნობა როგორც თვით აბსოლუტური რამ, როგორც თვით ღვთაებრივი რამ? თუ გრძნობა თავისი თავისივე წყალობით კარგია, რელიგიურია, ე.ი. წმინდაა, ღვთაებრივია, განა გრძნობას თვით თავის თავში არ ჰყოლია ღმერთი?

 

მაგრამ თუ შენ მაინც გსურს გრძნობის ობიექტი განსაზღვრო, ამავე დროს შენი გრძნობა სისწორით, ჭეშმარიტად განმარტო და შენი განსჯით რაიმე უცხო არ დაურთო, მაშინ სხვა რაღა გრჩება, თუ არა ის, რომ განსხვავება გაატარო შენს ინდივიდუალურ გრძნობებსა და გრძნობის ზოგადსაყოველთაო არსებას, ბუნებას შორის, თუ არა ის, რომ გრძნობის არსება გამოჰყო ხელშემშლელ, გამაუწმინდურებელ გავლენათაგან, რომლებთანაც შენში, პირობადებულ ინდივიდუუმში, გრძნობა დაკავშირებული არის? ამიტომ რაც კი შენ შეგიძლია მარტო გაასაგნობრივო, გამოთქვა როგორც დაუსრულებელი რამ, განსაზღვრო როგორც მისი არსება, ეს მხოლოდ გრძნობის ბუნებაა. შენ აქ სხვა განსაზღვრა ღმერთისათვის, გარდა შემდეგისა, არა გაქვს: ღმერთი არის წმინდა, შეუზღუდველი, თავისუფალი გრძნობა. ყოველი სხვა ღმერთი, რომელსაც შენ აქ დაადგენ, არის გარედან თავსმოხვეული ღმერთი შენი გრძნობისათვის. გრძნობა ათეისტურია ორთოდოქსული რწმენის აზრით, რომელიც რელიგიას გარეგან საგანს უკავშირებს: გრძნობა უარყოფს საგნობრივ ღმერთს – ის თვითონ თავის თავში არის ღმერთი. მხოლოდ გრძნობის უარყოფაა გრძნობის თვალსაზრისით ღმერთის უარყოფა. შენ მხოლოდ მეტისმეტად მშიშარა ან მეტისმეტად შეზღუდული ხარ იმისათვის, რომ სიტყვიერად აღიარო ის, რასაც შენი გრძნობა დუმილით ამტკიცებს. ხელფეხშეკრული ხარ რა გარეგანი მოსაზრებებით, არ გაქვს რა უნარი გრძნობის სულიერი სიდიადე გაიგო, შენ გეშინია შენი გულის რელიგიური ათეიზმისა და ამ შიშში არღვევ შენი გრძნობის ერთიანობას თვით თავის თავთან იმით, რომ თავს იტყუებ და წარმოისახავ გრძნობისაგან განსხვავებულ, საგნობოივ არსებას და ამგვარად, კვლავ უბრუნდები ძველ კითხვებსა და ეჭვებს: არსებობს თუ არა ღმერთი? – კითხვები და ეჭვები, რომლებიც გამქრალია და შეუძლებელიც კია იქ, სადაც გრძნობა განისაზღვრება, როგორც რელიგიის არსება. გრძნობა არის შენი უშინაგანესი და მაინც ამასთანავე შენგან განსხვავებული, დამოუკიდებელი ძალა, იგი შენშია შენს მაღლა: იგი არის შენი პირადი, უსაკუთრესი არსება, მაგრამ, რომელიც შენ შეგიპყრობს როგორც და ვითარცა სხვა არსება, მოკლედ, იგია შენი ღმერთი; მაშ, რაღად გინდა ამ არსებისაგან კიდევ სხვა საგნობრივი არსების გარჩევა, შენი გრძნობის გარეთ?

 

მაგრამ გრძნობა მე აქ მხოლოდ მაგალითისთვის წამოვწიე წინ. ასეთივეა ვითარება ყოველი სხვა ძალის, უნარიანობის, შესაძლებლობის, რეალობის, მოქმედების მიმართ –სახელწოდება სულ ერთია – თუ რომელს განსაზღვრავენ როგორც რომელიმე საგნის არსებით ორგანოს. რასაც სუბიექტურად, ანუ ადამიანის მხრით, არსების მნიშვნელობა აქვს, მას სწორედ ამით აგრეთვე ობიექტურადაც, ანუ საგნის მხრითაც, არსების მნიშვნელობა აქვს. ადამიანს არასოდეს არ შეუძლია თავის ჭეშმარიტ არსებას ზეასცდეს. მართალია, მას შეუძლია ფანტაზიის საშუალებით წარმოიდგინოს სხვა, ვითომც უფრო მაღალი სახის ინდივიდები, მაგრამ თავისი გვარეობისაგან, თავისი არსებისაგან მას არასოდეს არ შეუძლია განყენება; არსების ის განსაზღვრანი, რომელთაც იგი ამ სხვა ინდივიდებს ანიჭებს, მაინც მუდამ მისი საკუთარი არსებიდან ამოღებული განსაზღვრანია, რომლებშიც იგი სინამდვილეში მხოლოდ თავის თავს ასახავს და ასაგნობრივებს. თუმცა უთუოდ არსებობენ ადამიანის გარდა კიდევ სხვა მოაზროვნე არსებანი ციურ სხეულებზე; მაგრამ ამგვარი არსებების აღიარებით ჩვენს თვალსაზრისს არ ვცვლით; ჩვენ მას მხოლოდ რაოდენობრივად ვამდიდრებთ და არა თვისებრივად; ვინაიდან თუ იქ მოძრაობის იგივე კანონები მოქმედებენ, როგორც აქ, მაშინ იქ მგრძნობელობისა და აზროვნების იგივე კანონები იქნება, რაც აქ. ჩვენ ასევე სხვა ვარსკვლავებზეც სიცოცხლეს რომ ვვარაუდობთ, არავითარ შემთხვევაში, არ ვფიქრობთ, რომ იქ  სხვანაირი  არსებანია, არამედ ვგულისხმობთ, რომ ისინი უფრო  მეტად  ისეთი ან მსგავსი არსებანი არიან, როგორნიც ჩვენ ვართ.6

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნები და განმარტებები:

 

 

1. უსულგულო მატერიალისტი ამბობს; «ადამიანი ცხოველისაგან მხოლოდ ცნობიერებით განსხვავდება, იგი ცხოველია, მაგრამ ცხოველი ცნობიერებით დაჯილდოებული» მაშასადამე, ის არ ფიქრობს, რომ ცნობიერება გაღვიძებულ არსებაში მთელი არსების თვისებრივი შეცვლა ხდება. თუმცა ნათქვამმა არასგზით არ უნდა დაამციროს ცხოველთა არსება. აქ ადგილი არაა, რომ უფრო ღრმად შევეხოთ საკითხს.

2. Toute opinion est assez forte pour se faire exposer au prix de la vie  M o n t a i g n e.

3. ამ ნაწარმოების თემისათვის სულ ერთია, ბუნებაში დასაბუთებულია თუ არა ეს განსხვავება ინდივიდუუმსა, – რომელიც მეტისმეტად გაურკვეველი, ორაზროვანი, შეცდომაში შემყვანი სიტყვაა, როგორც, რასაკვირველია, ყველა აბსტრაქტული სიტყვა, – და სიყვარულს, გონებასა და ნებას შორის. რელიგია ადამიანს ჩამოაშორებს და ააბსტრაჰირებს ადამიანის ძალებს, თვისებებს, არსებითს განსაზღვრებებს და მათ გააღმერთებს როგორც დამოუკიდებელ თვითმყოფ არსებებს – სულ ერთია, იგი თვითეულ მათგან ცალ-ცალკე თავისთვის ერთ არსებად მიიჩნევს, როგორც ამას პოლითეიზმში აკეთებს, თუ ყველას ერთ არსებაში მოუყრის თავს, როგორც მონოთეიზმში – ამრიგად, საჭიროა ეს განსხვავება გაკეთებულ იქნეს ამ ღვთაებრივ არსებათა ახსნისა და მათი ადამიანზე დაყვანის დროს. სხვაფრივ, ამას მოითხოვს არა მარტო საგანი, არამედ იგი სიტყვიერადაც და, რაც ერთი და იგივეა, ლოგიკურადაც დასაბუთებულია, რადგანაც ადამიანი თავისთავს  განასხვავებს თავისი სულისაგან, თავისთავისა და თავისი გულისაგან, თითოქს იგი უიმათოდ რაიმეს წარმოადგენდეს.

4. «ადამიანი უმშვენიერესია ადამიანისათვის» (Cicero, De nat. deorum lib. I). და ეს არც არის შეზღუდულობის ნიშანი, რადგან იგი თავის გარეშეც ნახულობს სხვა ლამაზ არსებებს; მას ახარებს და სიამოვნებს აგრეთვე ცხოველთა ფიგურების სილამაზე, მცენარეთა ფორმების სილამაზე, ბუნების სილამაზე საზოგადოდ, მაგრამ მხოლოდ აბსოლუტურ, სრულქმნილ სახეს შეუძლია შურიანობის გარეშე დატკბეს სხვა არსებათა ფორმის ცქერით.

5. «განსჯა და ყველაფერი ის, რაც მისგან გამომდინარეობს, მხოლოდ განსჯისათვის არის საგრძნობი» Reimarus (Wahrh. der natürl. Religion. VI. Abt. #8).

6. ასე ამბობს, მაგალითად, Christ, Huygens თავის Cosmotheoros-ში (lib. l): «უნდა ვივარაუდოთ, რომ მუსიკისა და მათემატიკისაგან მონიჭებული კმაყოფილება მარტო ჩვენით, ადამიანებით არ შემოიფარგლება, არამედ კიდევ სხვა მრავალ არსებებზეც ვრცელდება იგი». ეს სწორედ ამას ნიშნავს: თვისებრიობა თანაბარია: იგივე გრძნობა მუსიკისა, მეცნიერებისა; მხოლოდ რიცხვი მათი, ვინც მით სტკბებიან, განუსაზღვრელი უნდა იყოს.


კომენტარები