ერიხ ფრომი – ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, ფსიქოანალიტიკოსი, ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენელი, ნეოფროიდიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი ერიხ ფრომის წიგნიდან – „ადამიანის სული“.
ფრანც კაფკას „პროცესი“ სიმბოლურ ენაზე დაწერილ ნაწარმოებთა სანიმუშო მაგალითია. როგორც ბევრ სიზმარში, აქ წარმოდგენილი ამბებიც რეალისტური და კონკრეტულია, მაგრამ, ამასთანავე, საერთო სურათი დაუჯერებელი და ფანტასტიკურია. ეს რომანი რომ გავიგოთ, იგი უნდა წავიკითხოთ ისე, თითქოსდა გვიყვებიან გრძელ და რთულ სიზმარს და მასში დროსა და სევრცეში მომხდარი გარე მოვლენები გამოხატავენ სიზმრისმნახველი ადამიანის აზრებს და გრძნობებს, მოცემულ შემთხვევაში რომანის გმირის – იოზეფ კ-ს.
რომანი იწყება რამდენადმე შემაცბუნებელი ფრაზით: „ეტყობა, ვიღაცამ იოზეფ კ-ს ცილი დასწამა, რადგან არაფერი დაუშავებია და ერთ მშვენიერ დილას მაინც დააპატიმრეს“.46
ეს „სიზმარი“, უეჭველია, შეიძლება ვთქვათ, იწყება იმით, რომ კ. საკუთარ თავს იცნობიერებს პატიმრობაში მყოფად, ე.ი. ესმის, რომ იგი „დააკავეს“. რას ნიშნავს „დააკავეს“? ეს საინტერესო სიტყვა ორმაგი მნიშვნელობისაა. „იგი დააკავეს“ შეიძლება ნიშნავდეს, რომ პოლიციამ იგი დააპატიმრა, მაგრამ შეიძლება აღნიშნავდეს იმასაც, რომ შეაჩერეს მისი ზრდა და განვითარება. ბრალდებული „დაკავებულია“ პოლიციის მიერ, ხოლო ორგანიზმი „შეკავებულია“ თავის ნორმალურ განვითარებაში. რომანის ცხად შინაარსში სიტყვა „დაკავება“ გამოყენებულია პირველი მნიშვნელობით; ნამდვილად კი, სიმბოლოთა ენაზე, ასახულია მისი მეორე მნიშვნელობა. კ. იცნობიერებს, რომ იგი დააკავეს და მისი განვითარება შეჩერდა.
კაფკა ოსტატურად დაწერილ მცირე ნაწყვეტში განმარტავს თუ რატომ დააკავეს კ. აი, როგორ გადიოდა კ-ს ცხოვრება: „ამ გაზაფხულზე კ. საღამოებს ჩვეულებრივ ასე ატარებდა: სამსახურის შემდეგ ხშირად ცხრა საათამდე ბანკში რჩებოდა, ხოლო როცა მოიცლიდა, მარტო ან რომელიმე თანამშრომელთან ერთად სეირნობდა, ბოლოს კი ლუდხანაში შედიოდა და იქაურ თანამეინახეებთან, ხანში შესულ მამაკაცებთან ერთად ღამის თერთმეტ საათამდე უჯდა მაგიდას, ხანდახან ამ განრიგს არღვევდა: ზოგჯერ ბანკის დირექტორი, რომელიც ძალიან აფასებდა კ-ს შრომისმოყვარეობას და მისადმი ნდობით იყო განწყობილი, ავტომანქანით გასეირნებას შესთავაზებდა ან საკუთარ აგარაკზე მიიწვევდა ვახშმად. გარდა ამისა, კ. კვირაში ერთხელ ერთ ქალთან, ელზასთან დადიოდა, რომელიც მთელი ღამე გათენებამდე ღვინის სარდაფში ოფიციანტად მუშაობდა, დღისით კი მხოლოდ საწოლში ღებულობდა სტუმრებს“.
ეს იყო უშინაარსო, ერთფეროვანი ცხოვრება, უნაყოფო, მოკლებული სიყვარულსა და ნაყოფიერ საწყისს. მართლაცდა, კ-ს განვითარება შეჩერებულია და მას ესმის როგორ ეუბნება შინაგანი ხმა ყოველივე ამისა და მის პიროვნებაზე დამუქრებული საფრთხის შესახებ.
შემდეგ ვკითხულობთ: „... მზარეული ქალი, რომელსაც ყოველდღე, დილის რვა საათზე, საუზმე მიჰქონდა მისთვის, ამჯერად არ გამოჩენილა. ამგვარი რამ არასოდეს მომხდარა“. ამ დეტალს თითქოს არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, სინამდვილეში, მოხსენიება ამგვარი წვრილმანის, რომ მას არ მიუტანეს საუზმე, როგორღაც არ შეესაბამება ზემოხსენებულ შემაცბუნებელ ცნობას დაპატიმრების შესახებ; მაგრამ აქ, როგორც ბევრ სიზმარში, ამგვარი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას კ-ს ხასიათზე. ეს იყო ადამიანი „განწყობილი მიღებაზე“. ყოველი მისი მისწრაფება მიმართული იყო იმისაკენ, რომ მიეღო სხვებისგან და არასოდეს იქეთ, რათა მიეცა სხვებისთვის ან ეწარმოებია რაიმე.47
იგი სხვებზე იყო დამოკიდებული, მათზე ვისაც უნდა ეჭმია მისთვის, ეზრუნა მასზე და დაეცვა იგი. კ. ბავშვად რჩებოდა, დედაზე დამოკიდებული, ყველაფერთან მისით დაკავშირებული, გამოიყენებდა მას და მანიპულირებდა მისით. როგორც ასეთი განწყობის ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი, მისთვის მთავარი იყო ყოფილიყო სასიამოვნო და საყვარელი, რათა ადამიანებს, განსაკუთრებით ქალებს, მიეცათ ის, რაც საჭირო იყო მისთვის. მას ყველაზე მეტად ეშინოდა, რომ ადამიანები გაბრაზდებოდნენ და მას აღარაფერს მისცემდნენ. იგი მიიჩნევდა, რომ თვითონ მასში არ იყო ყოველგვარი სიკეთის წყარო, ხოლო ცხოვრება კი მისთვის ნიშნავდა წყალობის ამ წყაროს დაკარგვის საშიშროებიდან წარმატებით გამოსვლას. რეზულტატი იყო საკუთარი ძალ-ღონის შეგრძნების უქონლობა და პანიკური შიში საფრთხის წინაშე – მიტოვებული ყოფილიყო იმ ადამიანისაგან ან იმ ხალხისაგან, რომელზედაც ის იყო დამოკიდებული.
კ-მ არ იცოდა ვინ დებდა ბრალს და რაში. იგი საკუთარ თავს ეკითხება: „მაინც ვინ არიან, რა ხალხია? რაზე ლაპარაკობენ? რომელ უწყებას ეკუთვნიან?“ ცოტა მოგვიანებით, როცა კ. „ინსპექტორთან“, სასამართლო იერარქიის მაღალი თანამდებობის პირთან ლაპარაკობდა, შინაგანი ხმა უფრო მკაფიოდ გაისმა. კ. ინსპექტორს სხვადასხვა შეკითხვას აძლევდა, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა მთავარ საკითხთან – რაში დებენ მას ბრალს; ინსპექტორი პასუხობდა რა, გამოთქვა მნიშვნელოვანი იმიდან, რაც შეეძლო გაეგო კ-ს მის მდგომარეობაში – და არსებითად, ყველას, ვინც ჩავარდა განსაცდელში და ეძებს დახმარებას. ინსპექტორმა თქვა: „მართალია, კითხვებზე პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ ერთ რამეს გირჩევთ – ნაკლებად იფიქრეთ ჩვენზე და იმაზე, რაც გელით, უმჯობესია მეტი იფიქროთ საკუთარ თავზე“. კ-მ ვერ გაიგო რა ჰქონდა მხედველობაში ინსპექტორს. იგი ვერ მიხვდა, რომ პრობლემა მასშია, რომ მხოლოდ თვითონ შეუძლია თავის გადარჩენა; და ის რომ ვერ შეისმინა ინსპექტორის რჩევა, მოწმობს მის დამარცხებას.
ამ სცენის ბოლოს გაისმის ინსპექტორის კიდევ ერთი ფრაზა, რომელიც მრავლისმეტყველ შუქს ჰფენს ბრალდების ხასიათს და გმირის დაპატიმრებას. გაიმართება ასეთი დიალოგი:
„თქვენ, ალბათ, ბანკში წასვლას მოისურვებთ?
– ბანკში? – იკითხა კ-მ, – მე ხომ დაპატიმრებული ვარ!.. როგორ უნდა წავიდე ბანკში, თუკი დაპატიმრებული ვარ?
– აი, თურმე რა, – უთხრა კართან მისულმა ზედამხედველმა, – ეტყობა, კარგად ვერ გამიგეთ. დაპატიმრებული კი ხართ, მაგრამ ხელი არ უნდა შეგეშალოთ სამსახურებრივი მოვალეობის აღსრულებაში და საერთოდ, თქვენი ცხოვრება ჩვეულებრივად უნდა მიმდინარეობდეს...
– თუ ასეა, პატიმრობა არც ისე ცუდი ყოფილა, – თქვა კ-მ და ზედამხედველს მიუახლოვდა.
– სხვანაირად არც მე მიფიქრია, – უპასუხა ზედამხედველმა.
– მაშინ არც იმის შეტყობინებას ჰქონია აზრი, რომ დაპატიმრებული ვარ, – უთხრა კ-მ და კიდევ უფრო მიუახლოვდა ზედამხედველს“.
საეჭვოა, რომ ასე ყოფილიყო რეალურ სინამდვილეში. თუკი ადამიანს აპატიმრებენ, მას, როგორც წესი, არა აქვს უფლება ეწეოდეს არც თავის სამსახურებრივ, არც, როგორც მოგვიანებით დავინახავთ, სხვა ჩვეულებრივ საქმიანობას. ეს უცნაური წესრიგი სიმბოლურად ახასიათებს კ-ს საქმიანობას, აჩვენებს, რომ მის დაპატიმრებას, განვითარების შეჩერების აზრით, ნამდვილად არ შეეძლო რაიმე სახით გავლენა მოეხდინა მისი მოვალეობების შესრულებაზე. ადამიანური მნიშვნელობით იგი თითქმის მკვდარი იყო, მაგრამ მას შეეძლო ზუსტად იმგვარად გაეგრძელებია ბანკის მოხელის ცხოვრება, როგორც უწინ, ვინაიდან ამ საქმიანობას არავითარი კავშირი არ ჰქონდა მის ადამიანურ არსებობასთან.
კ. ბუნდოვნად იცნობერებს, რომ მისი ცხოვრება უშინაარსოდ მიედინება და რომ იგი სწრაფად დეგრადირდება. შემდეგ, რომანის მთელ მანძილზე, ჩვენ ვხედავთ რას მიმართავს, რათა თავი დაიცვას და გადარჩეს. ფინალი ტრაგიკული იყო; თუმცა მას ესმოდა საკუთარი შინაგანი ხმა, მაგრამ ვერ იგებდა მას. ნაცვლად იმისა, რომ ეცადა გაეგო დაპატიმრების ჭეშმარიტი მიზეზი, იგი ესწრაფვის გაექცეს შინაგანი ხმის კარნახს; ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ თავს დახმარებოდა იმგვარად, როგორც მას შეეძლო დახმარება, გაეგო ჭეშმარიტება და შეცვლილიყო, იგი დახმარებას ეძიებდა იქ, სადაც ის არ შეიძლებოდა ყოფილიყო, – დახმარებას გარედან, სხვებისგან: მცოდნე ვექილებიდან, ქალებიდან, იყენებდა მათ „კავშირებს“; იგი ამტკიცებს თავის უდანაშაულობას და ცდილობს დაახშოს მისი დამნაშავეობის მოკარნახე შინაგანი ხმა.
იოზეფ კ., მორალურად ესოდენ უმწიფარი რომ არ ყოფილიყო, მას, შეიძლება, კიდევაც ეპოვა გამოსავალი. მაგრამ, მისთვის ცნობილი იყო ეთიკის კანონთა მხოლოდ ერთი სახეობა: ძლიერი ხელისუფლება მისი ერთადერთი მოთხოვნით: „დაემორჩილე!“ კ-სთვის დამახასიათებელი იყო მხოლოდ „ავტორიტარული ცნობიერება“, რომლისთვისაც უდიდესი სათნოება მორჩილებაა და უდიდესი დანაშაული ურჩობა.48 იოზეფ კ-ს, საეჭვოა, რომ გუმანით ეგრძნო არსებობა სხვაგვარი ტიპის ცნობიერების – ჰუმანისტურის, რომელიც ჩვენი საკუთარი შინაგანი ხმაა და მოვგიწოდებს დავუბრუნდეთ ჩვენს თავს.49
რომანში ცნობიერების ორივე ტიპი წარმოდგენილია სიმბოლოებით: ჰუმანისტური ცნობიერება – ინსპექტორის სახით და მოგვიანებით – მღვდლის სახით; ავტორიტარული ცნობიერება კი – სასამართლოთი, მოსამართლეებით, მოსამართლეთა თანაშემწეებით, გაიძვერა ვექილებით და ამ საქმესთან დაკავშირებული სხვა დანარჩენით. კ-ს ტრაგიკული შეცდომა მდგომარეობდა იმაში, რომ ესმოდა რა თავისი ჭეშმარიტად ადამიანური ცნობიერების ხმა, იგი მას მიიჩნევდა ავტორიტარული ცნობიერების ხმად და თავს იცავდა ავტორიტარიზმის წარმომადგენელი ბრალმდებლებისაგან, რომელთაც ნაწილობრივ ემორჩილებოდა და, ნაწილობრივ ეურჩებოდა, იმ დროს, როცა მას უნდა ებრძოლა თავის თავისათვის, თავისი ადამიანური არსისათვის.
„სასამართლო“ აქ არის დესპოტიზმი, კორუფცია და სიბინძურე; სასამართლო პროცედურა არ ეყრდნობა არც გონებას, არც სამართლიანობას. ამ კორუფციის სიმბოლოა „კანონთა კრებული“, რომლითაც სასამართლოში სარგებლობდნენ. ეს იყო ძველი, გაცვეთილი წიგნების (მათ კ-ს სასამართლოს ერთ-ერთი მოსამსახურის ცოლი აჩვენებდა) ჩაკეცილი გვერდებით – „ერთი წიგნის ყდა შუაზე იყო გადატეხილი და ორივე ნახევარი ძაფებზეღა ეკიდა“. „ – რა ჩაბინძურებულია აქაურობა, – თავი გააქნია კ-მ და სანამ იგი წიგნებს დასწვდებოდა, ქალმა წინსაფრის კალთით სწრაფად გადაწმინდა მტვერი, კ-მ ის წიგნი გადაშალა, ზემოდან რომ იყო და უხამსი სურათი დაინახა. დივანზე შიშველი მამაკაცი და ქალი ისხდნენ. მხატვრის უგვანო ჩანაფიქრი ადვილი ამოსახსნელი იყო, მაგრამ მისი უვიცობა მაინც ისე ცხადად მჟღავნდებოდა, რომ სურათზე მამაკაცისა და ქალის სხეულების გარდა არაფერი ჩანდა. ისინი სარგადაყლაპულებივით ისხდნენ და მცდარი პერსპექტივის გამო ოდნავ იყვნენ ერთმანეთისკენ შებრუნებულნი. კ. მოეშვა ამ წიგნის გადაფურცვლას და მეორე წიგნის მხოლოდ თავფურცელი გადაშალა. ეს იყო რომანი „რა წამებას ითმენდა გრეთე თავის ქმრის ჰანსისაგან“.
„ – აი, თურმე რა კანონებს სწავლობენ აქ, – თქვა კ-მ, – და ასეთმა ხალხმა მე უნდა გამასამართლოს!“
კორუფციის კიდევ ერთი გამოვლენა იყო ის ფაქტი, რომ ამ ქალს, სასამართლოს მოსამსახურის ცოლს, იყენებდნენ გამომძიებელთა და სამართლისმცოდნეობის სტუდენტთა თავშესაქცევად, და არც მას და არც მის ქმარს არ შეეძლოთ წინააღმდეგობა გაეწიათ ამ მდგომარეობისათვის. სასამართლოსთან კ-ს დამოკიდებულებასა და მის ღრმა თანაგრძნობაში მოსამსახურისადმი, რომელმაც „კ-ს ნდობით აღსავსე მზერა მიაპყრო, რაც მიუხედავად გულითადობისა, აქამდე არ უცდია, და დასძინა: – რას იზამ, მეამბოხეებს რა გამოლევს ამქვეყნად“, არის პროტესტის ელემენტი; მაგრამ კ-სთან პროტესტი მორჩილებასთანაა შეხამებული. მას თავში არასდროს მოსვლია, რომ ზნეობრიობის კანონი ავტორიტარულ სასამართლოში კი არაა, არამედ თვით მასშია.
მტიცება, რომ კ-ს ეს იდეები არასდროს არ მოსდიოდა თავში, მაინც არ იქნება, ალბათ, მართებული. ერთხელ, როცა საქმე დასასრულს უახლოვდებოდა, იგი, როგორც არასდროს, ახლოს იყო ჭეშმარიტებასთან. მან ჭეშმარიტად ადამიანური ცნობიერების ხმა გაიგონა. ეს ხმა მღვდლიდან მოდიოდა. კ. ტაძარში წავიდა, რათა შეხვედროდა ჩამოსულ იტალიელს, თავის კოლეგას და დაეთვალიერებინა ქალაქი, მაგრამ იტალიელი დანიშნულ დროზე არ მოვიდა და კ. მარტო აღმოჩნდა ტაძარში. იგი ოდნავ დაბნეულად გრძნობდა თავს და საგონებელში იყო ჩავარდნილი მღვდლის ქცევით, რომელიც როგორც ჩანდა ემზადებოდა ცარიელ ტაძარში ქადაგების წასაკითხად. ამ დროს მან გაიგონა მღვდლის დაძახება. ხმა იყო ძლიერი – „ძახილი გარკვევით გაისმა და მისგან თავის დაღწევა არაფრით არ შეიძლებოდა.
– იოზეფ კ.! – დაიძახა მღვდელმა.
– კ. წაბორძიკდა და იატაკს დააჩერდა. ვიდრე ჯერ კიდევ თავისუფალი ერქვა, შეეძლო გზა განეგრძო, გასულიყო საიდანმე ერთ-ერთ პატარა მახლობელ ჩამუქებულ ხის კარში და აქაურობას გასცლოდა: ვითომ დაძახება ვერ გაიგონა ან თუ გაიგონა, არაფრად ჩააგდო. რომ შემობრუნებულიყო, მაშინვე თავს გასცემდა, მაშასადამე, მიხვდა მე მიხმობენ და მზად ვარ დავემორჩილო ძახილსო. მღვდელს რომ კიდევ ერთხელ დაეძახა, კ. უეჭველად გავიდოდა ტაძრიდან, მაგრამ, მიუხედავად კარგა ხნის ლოდინისა, ირგვლივ მხოლოდ სიჩუმე სუფევდა და მან ოდნავ მოაბრუნა თავი, უნდოდა დაენახა, რას აკეთებდა ამჟამად მღვდელი, იგი უწინდებურად მშვიდად იდგა კათედრაზე, მაგრამ კ-ს თავის მოძრაობა კი ნამდვილად შეამჩნია. კ. რომ ახლა მთელი ტანით არ შემობრუნებულიყო, ეს ამბავი ბავშვების დამალობანას თამაშს დაემსგავსებოდა. ამიტომ შემობრუნდა და მღვდელმაც მაშინვე თითით მოიხმო. რაკი ყველაფერს ფარდა აეხადა, კ-მ ჩქარი, გრძელი ნაბიჯით მიირბინა კათედრასთან – ცნობისმოყვარეობაც ჰკლავდა და თანაც უნდოდა საქმე არ გაჭიანურებულიყო. კ. პირველი რიგის მერხების წინ შეჩერდა, მაგრამ მღვლედს, ეტყობა, ეს მანძილი ეშორა, ხელი წინ გაიშვირა და საჩვენებელი თითით გარკვევით ანიშნა, აქ გაჩერდიო. კ. მის ნებას დაჰყვა, კათედრასთან ისე ახლო მივიდა, მღვდელი რომ დაენახა, უკან თავგადაგდებული უნდა მდგარიყო.
– შენ ხარ იოზეფ კ.? – ჰკითხა მღვდელმა და ცალი ხელი მოაჯირზე უცნაურად შეათამაშა, მაღლა ასწია.
– დიახ, – თქვა კ-მ და გაიფიქრა, რა თავისუფლად წარმოთქვამდა წინათ თავის გვარს და რა მძიმე ტვირთად დააწვა ბოლო დროს, ახლა მისი გვარი იმ ადამიანებმაც იცოდნენ, ვისაც პირველად ხვდებოდა. რა ჯობდა იმას, ადრე, როცა ვინმეს გაიცნობდა, ჯერ ეტყოდა ხოლმე, ესა და ეს გახლავართო.
– შენ ბრალდებული ხარ, – უთხრა მღვდელმა მეტისმეტად ჩუმად.
– დიახ, – თქვა კ-მ, – ასე გამომიცხადეს.
– მაშ, შენ ის კაცი ყოფილხარ, ვისაც ვეძებ, – უთხრა მღვდელმა, მე ციხის კაპელანი ვარ.
– აი, თურმე რა, – თქვა კ-მ.
– შენი თავი მე დავაბარებინე აქ, მინდოდა შენთან მესაუბრა, – უთხრა მღვდელმა.
– მე ეს არ ვიცოდი, – უპასუხა კ-მ, – მე აქ იმიტომ მოვედი, რომ ერთი იტალიელისათვის ტაძარი უნდა დამეთვალიერებინა.
– მოეშვი მაგ წვრილმანებზე ლაპარაკს – უთხრა მღვდელმა, რა გიჭირავს ხელში? ლოცვანი?
– არა, – უპასუხი კ-მ, – ეს გახლავთ ჩვენი ქალაქის ღირსშესანიშნაობათა ალბომი!
– დადე სადმე! – უბრძანა მღვდელმა და კ-მ ისე მაგრად მოისროლა ალბომი, რომ წიგნი გადაიშალა და დაჭმუჭნული ფურცლებით იატაკზე გასრიალდა. – თუ იცი, რომ შენი პროცესის საქმე ცუდადაა? _ ჰკითხა მღვდელმა.
– მეც ასე მგონია – უპასუხა კ-მ, – ბევრი რამ ვიღონე, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. თუმცა შუამდგომლობა ჯერ კიდევ არა მაქვს შედგენილი.
– როგორ წარმოგიდგენია დასასრული? – ჰკითხა მღვდელმა.
– ადრე მეგონა, ყველაფერი კარგად დამთავრდება-მეთქი, – უპასუხა კ-მ, – მაგრამ ახლა ეჭვი მეპარება. არ ვიცი, საქმე რით დამთავრდება, შენ იცი?
– არა, – უპასუხა მღვდელმა, – მაგრამ ვშიშობ, რომ ცუდად დამთავრდება. დამნაშავედ გთვლიან, შენი პროცესი შეიძლება დაბალი ინსტანციის სასამართლოს საერთოდ არ გასცილდეს. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მიაჩნიათ, რომ შენი დანაშაული დამტკიცებულია.
– კი მაგრამ, მე ხომ უდანაშაულო ვარ, – უთხრა კ-მ, – შეცდომაა. და საერთოდ, როგორ შეიძლება ადამიანი დამნაშავე იყოს, ჩვენ კი აქ ყველა ადამიანები ვართ, რა მე და რა სხვა.
– მართალია, – უპასუხა მღვდელმა, მაგრამ დამნაშავენი ყოველთვის ასე ლაპარაკობენ.
– შენც ჩემს წინააღმდეგ ხარ განწყობილი? – ჰკითხა კ-მ.
– არა, მე არ ვარ შენს წინააღმდეგ განწყობილი, – უპასუხა მღვდელმა.
– გმადლობთ, – უთხრა კ-მ – აი, დანარჩენები კი ვინც ამ პროცესში მონაწილეობს, ჩემს წინააღმდეგ არიან განწყობილი. ამ აზრს იმათაც უნერგავენ, ვინც პროცესში არ მონაწილეობს. ჩემი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდება.
– შენ ვერ ერკვევი საქმის არსში, – უთხრა მღვდელმა, – განაჩენი ერთბაშად არ გამოაქვთ, საქმის გარჩევა თანდათან გადაიზრდება ხოლმე განაჩენში.
– აჰ, ასეა, – თქვა კ-მ და თავი დახარა.
– რის გაკეთებას აპირებ შენი საქმისათვის ახლო მომავალში? – ჰკითხა მღვდელმა.
– კვლავ განვაგრძობ იმათ ძებნას, ვინც დამეხმარება, – უპასუხა კ.-მ და რომ დაენახა, რა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემმა სიტყვებმა მღვდელზეო, თავი ასწია, – არის კიდევ სხვა შესაძლებლობანი, რომლებიც არ გამომიყენებია.
– შენ სულ დახმარებას ეძებ, განსაკუთრებით ქალების იმედი გაქვს, – უთხრა მღვდელმა გამკიცხავი ხმით, – ნუთუ ვერ ხვდები, რომ ამგვარი დახმარება ნამდვილი არაა.
– ზოგ რამეში, ის კი არადა, ბევრ რამეში გეთანხმები, – უთხრა კ-მ., – მაგრამ ყველაფერში არა. ქალები დიდ ძალას წარმოადგენენ, რომ შემეძლოს გავლენა მოვახდინო ზოგიერთ მათგანზე, ყველანი ერთად ჩემს სასარგებლოდ ვამუშაო, ჩემსას გავიტანდი. განსაკუთრებით ამ სასამართლოში, რომელიც თითქმის მთლიანად მექალთანეთაგან შედგება. დაანახე მოსამართლეს ქალი, თუნდაც შორიდან და იგი მზადაა მაგიდასაც გადაახტეს და ბრალდებულსაც, ოღონდ ქალი ხელიდან არ გაუშვას.
მღვდელმა თავი მოაჯირისკენ დახარა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს კათედრის თაღის სიმძიმე მხოლოდ ეს წუთია იგრძნოო. რა ცუდი ამინდია ალბათ გარეთ. ახლა იქ მოქუფრული დღე კი არა, უკუნეთი ღამე იდგა. დიდი ფანჯრების ვიტრაჟები ერთი ბეწოთითაც კი ვერ ანათებდნენ ბნელ კედელს. სწორედ ამ დროს ეკლესიის მსახურმა ზედიზედ ჩააქრო სანთლები მთავარ საკურთხეველზე.
– მიწყრები? – ჰკითხა კ-მ მღვდელს, ეტყობა, არ ვიცი, როგორ სასამართლოს ემსახურები. მღვდელს პასუხი არ გაუცია.
– რაც გითხარი, ჩემი გამოცდილების ნაყოფია, – განაგრძო კ-მ. მღვდელი ხმას არ იღებდა.
– შენი განაწყენება არ მინდოდა, – დასძინა მან. უეცრად მღვდელმა ზემოდან უყვირა: – ნუთუ ორ ნაბიჯზეც ვერაფერს ხედავ? ყვირილი გაისმა მრისხანედ, მაგრამ ეს იყო იმ ადამიანის მრისხანება, ვინც ხედავს, როგორ ეცემა მეორე ადამიანი და რადგან თვითონაც შეშინებულია, უნებურად ყვირის“.
მღვდელმა იცოდა კ-ს სინამდვილეში რაში ედებოდა ბრალი და იცოდა ისიც, რომ მისი საქმე ცუდად დამთავრდებოდა. აქ კ-ს ჰქონდა შესაძლებლობა ჩაეხედა საკუთარ თავში და ეკითხა, ნამდვილად რაში დებენ ბრალს, მაგრამ თავისი წინანდელი განწყობის შესაბამისად იგი დაინტერესებულია მხოლოდ იმით, რომ გაარკვიოს, თუ ვის შეუძლია კიდევ დაეხმაროს მას. გაიგონა რა მღვდლის გამკიცხავი სიტყვები, რომ ის ძალიან ბევრ დახმარებას ეძებს სხვებისაგან, კ-ს შეეშინდა იმის გამო, რომ მღვდელი გაბრაზდა მასზე. მართლაცდა, კაპელანი გაბრაზდა, მაგრამ ეს იყო მოსიყვარულე ადამიანის განრისხება, რომელიც ხედავს კიდევ ერთ ცოდვით დაცემას და იცის, რომ დაცემულს არ შეიძლება დაეხმარო, რომ დახმარება საკუთარ თავს თვითონ მან უნდა გაუწიოს. მღვდელს იმაზე მეტის თქმა არ შეეძლო მისთვის, რაც უთხრა. როდესაც კ-მ ივარაუდა, რომ ისინი გასასვლელთან ახლოს იყვნენ, მღვდელმა ჰკითხა:
„ – შენ რა, წასვლას აპირებ?
ერთი წუთის წინ კ-ს წასვლა აზრად არ მოსვლია, მაგრამ ახლა აჩქარებით უპასუხა:
– დიახ, წასვლას ვაპირებ. ბანკში პროკურისტად ვმუშაობ, იქ კლიენტები მელოდებიან. აქ იმისთვის მოვედი, რომ ერთი უცხოელი კომპანიონისათვის ტაძარი დამეთვალიერებინა.
– რა გაეწყობა, – უთხრა მღვდელმა და კ-ს ხელი გაუწოდა, თუ ასეა, წაბრძანდი!
– ამ სიბნელეში მარტო გზას ვერ გავიკვლევ!“
კ-ს შემთხვევა ნამდვილად წარმოადგენს ტრაგიკულ დილემას ადამიანისას, რომელსაც არ შეუძლია იპოვოს გზა სიბნელეში სხვისი დახმარების გარეშე და მოითხოვს სხვების მიერ გაყვანას. იგი დახმარებას ეძებდა, მაგრამ უარყო ის ერთადერთი, რითაც მღვდელს შეეძლო დახმარება. იმყოფებოდა რა თავისი განწყობის ტყვეობაში, მან ვერ შეძლო გაეგო მღვდლისათვის:
„ – ჩემგან მეტი არაფერი გინდა? – ჰკითხა კ-მ.
– არაფერი, უპასუხა მღვდელმა.
– შენ მე კეთილად მომექეცი, – უთხრა კ-მ, – ყველაფერი ამიხსენი. ახლა კი მიშორებ, თითქოს სრულიად არ გაინტერესებს ჩემი ბედი.
– აკი წასვლა გინდოდა, – უპასუხა მღვდელმა.
– მართალი ხარ, – უთხრა კ-მ, – შენ ეს უნდა გაიგო.
– ჯერ შენ უნდა გაიგო, ვინ ვარ მე, – თქვა მღვდელმა.
– შენ ციხის კაპელანი ხარ, – უპასუხა კ-მ და კვლავ მიუახლოვდა მღვდელს, ისე დასცდა, თორემ სულაც არ ეჩქარებოდა ბანკში დაბრუნება, შეეძლო კიდევ რამდენიმე ხანს დარჩენილიყო აქ.
– მაშასადამე, სასამართლოს ვემსახურები, – უთხრა მღვდელმა, – რა უნდა მინდოდეს შენგან, სასამართლოს შენგან არაფერი არ უნდა. როცა მოდიხარ, სასამართლო გღებულობს, როცა მიდიხარ, გიშვებს“.
მღვდლის სიტყვებიდან ჩანს, რომ იგი უპირისპირდება ავტორიტარიზმს. მას სურდა დახმარებოდა კ-ს მოყვასისადმი სიყვარულით, მაგრამ, ამასთანავე არ შეეძლო უშუალო მონაწილეობა მიეღო მის გადარჩენაში. მღვდლის აზრით ეს იყო მარტოოდენ თვით კ-ს პრობლემა. თუკი ის უარს ამბობს დანახვაზე, დაე დარჩეს ბრმა – ვინაიდან არავის, გარდა საკუთრივ ადამიანისა, არ შეუძლია დაინახოს ჭეშმარიტება საკუთარი თავის შესახებ.
რომანში არის ერთი გაურკვევლობა: არსად არაა ნათქვამი, რომ ზნეობრიობის კანონი, რომელსაც წარმოადგენს მღვდელი, და კანონი, რომელსაც სასამართლო წარმოადგენს ერთი და იგივე არაა. პირიქით, რომანის ცხად შინაარსში მღვდელი, ციხის კაპელანად ყოფნისას, წარმოადგენს სასამართლო სისტემის ნაწილს. მაგრამ, თხრობის ეს გაურკვევლობა სიმბოლურად ასახავს თვით კ-ს სულში არსებულ გაურკვევლობას. მისთვის სასამართლო და მღვდელი ერთი და იგივეა, იმის გამო, რომ იგი ისეთ მდგომარეობაშია არ შეუძლია ისინი გაარჩიოს, ის რჩება ავტორიტარიზმთან კონფლიქტის ტყვეობაში და არ ძალუძს შეიცნოს თავი.
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კ-ს პირველად აცნობეს მისი დაპატიმრების შესახებ. 31 წლის ასაკის შესრულების წინადღის საღამოს მისი საქმე წაგებულ იქნა. მოვიდა ორი მამაკაცი, რათა იგი წაეყვანათ სიკვდილით დასასჯელად. მიუხედავად თავზე წარმოუდგენელი ძალის დატანებისა, მან მაინც ვერ შეძლო სწორად დაესვა საკითხი. იგი მაინც ვერ გაერკვა, თუ რაში დებდნენ ბრალს, ვინ დებდა ბრალს და როგორ შეიძლებოდა თავის გადარჩენა.
რომანი, როგორც ბევრი სიზმარი, მთავრდება კოშმარით. იმ დროს, როდესაც ჯალათები სიკვდილით დასჯის მომზადების გროტესკულ რიტუალს ასრულებდნენ, კ. პირველად მიხვდა თუ რაში მდგომარეობდა მისი პრობლემის არსი: „ყოველთვის ვცდილობდი ოცი ხელით ჩავბღაუჭებოდი სამყაროს, თანაც არც ისე სანაქებო მიზნით, ეს კი სწორი არ იყო. ნუთუ ახლა ვინმეს უნდა დავანახო, რომ გონებაჩლუნგი ადამიანის სახელით უნდა წავიდე? ნუთუ ვინმეს უნდა ვათქმევინო, პროცესის დასაწყისში მის დამთავრებისაკენ ილტვოდა, ახლა კი, ბოლოში, ისევ მისი დაწყება სურსო? არა, არ მინდა ჩემზე ეს თქვან.“
კ-მ პირველად გაიცნობიერა თავისი ცხოვრების მთელი სიღარიბე და უსარგებლობა. პირველად შეძლო შეემჩნია მეგობრობისა და ადამიანური ძმობის შესაძლებლობა: „მისი მზერა ქვის სამტეხლოს მომიჯნავე სახლის ბოლო სართულს მისწვდა. უეცრად, როგორც შუქი გამოკრთება საიდანღაც, ისე გაიღო იმ სახლის ერთი ფანჯარა და ვიღაც სულიერი, ამ სიშორეზე სუსტი და თხელი რომ ჩანდა, სხარტად გადმოიხარა ფანჯრიდან და ხელები კიდევ უფრო შორს გაიწვდინა. ნეტავ ვინ იყო? მეგობარი? კეთილი ადამიანი? ვინმე ისეთი, ვინც თანაუგრძნობს? ვინმე ისეთი, ვისაც სურს დაეხმაროს? მარტო იყო? თუ გვერდში ყველანი ედგნენ? კიდევ ეშველება რამე? იქნებ იყო ერთი-ორი არგუმენტი, რითაც მათ გააცამტვერებდა, და გამორჩათ? ცხადია, იქნებოდა, თუმცა ლოგიკა ურყევია, მაინც ვერ აღუდგება წინ იმ ადამიანს, ვისაც სიცოცხლე სყწურია. სად არის მოსამართლე, რომელსაც არასოდეს უნახავს? სად არის უზენაესი სასამართლო, სადაც ვერაფრით ვერ მოახერხა შეღწევა? კ-მ ხელები ასწია და ათივე თითი გაფარჩხა“.
კ. მთელი ცხოვრება ცდილობდა, მოენახა პასუხები, უფრო სწორად, მიეღო პასუხები სხვებისგან, ახლა კი თავის თავს თვითონ უსვამდა სწორ კითხვებს. მხოლოდ სიკვდილის წინ, შიშის წყალობით, მან შეძლო დაენახა, რომ ქვეყანაზე არსებობს სიყვარული და მეგობრობა, და რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, იმ მომენტში, როდესაც იგი კვდებოდა, მან პირველად ირწმუნა ცხოვრება.
შენიშვნები და განმარტებები:
46. აქ და შემდეგ ციტირება – ფ. კაფკა, პროცესი., 1992.
47. შეად. აღწერა განწყობისა მიღებაზე წიგნში: Fromm E. Man for Himselt. N.Y., 1947.
48. აქ და შემდეგ კურსივი ჩემია (ნ.კ.)
49. შეად. თავი ჰუმანისტური და ავტორიტარული ტიპის ცნობიერების შესახებ წიგნში: Fromm E. Man for Himself. N. Y., 1947.
კომენტარები