ჟან-პოლ სარტრი – ფრანგი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსი, დრამატურგი, ნოველისტი, პოლიტიკური აქტივისტი, ბიოგრაფი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ესეისტი. მეოცე საუკუნის ფრანგული ფილოსოფიის, ეგზისტენციალიზმის და მარქსიზმის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა.
ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი ჟან-პოლ სარტრის წიგნიდან – „ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია“.
ეგო არ წარმოადგენს ცნობიერების რეფლექსირებული აქტების უშუალო ერთობას. არსებობს ასეთი აქტების იმანენტური ერთობა – ესაა ცნობიერების ნაკადი, რომელიც თვით ახდენს საკუთარი თავის კონსტიტუირებას საკუთარი ერთობის სახით – და ტრანსცენდენტული ერთობა: მდგომარეობები და ქმედებები. ეგო – ესაა მდგომარეობებისა და ქმედებების ერთობა, და ასევე – ფაკულტატურად – თვისებების. ის წარმოადგენს ტრანსცენდენტულ ერთობათა ერთობას და თვით არის ტრანსცენდენტული. ესაა სინთეტური ერთობის ტრანსცენდენტული პოლუსი, რომელიც არარეფლექსირებული მიდგომის ობიექტ-პოლუსის მსგავსად არსებობს. განსხვავება იმაშია, რომ ასეთი პოლუსი მხოლოდ რეფლექსიის სამყაროში წარმოიშობა. ჩვენ განზრახული გვაქვს თანმიმდევრულად განვიხილოთ მდგომარეობების, მოქმედებებისა და თვისებების კონსტიტუირება, ისევე, როგორც წარმოქმნა „თვითობისა“, როგორც ყველა ამ ტრანსცენდენციის პოლუსის.48
მდგომარეობები, როგორც ცნობიერების აქტთა ტრანსცენდენტული ერთობები
მდგომარეობა საკუთარ თავს რეფლექსიურ ცნობიერებაში ავლენს. იგი ეძლევა მას და კონკრეტული ჭვრეტის ობიექტს წარმოადგენს. თუ მე მძულს პიერი, ჩემი სიძულვილი პიერისადმი – ესაა მდგომარეობა, რომელიც მე რეფლექსიის მეშვეობით შემიძლია მოვიხელთო. ეს მდგომარეობა მყოფობს რეფლექსიური ცნობიერების მზერის წინაშე, ის რეალურია. უნდა გამოვიტანოთ თუ არა აქიდან დასკვნა, რომ ის სარწმუნო და იმანენტურია? რასაკვირველია, არა. ჩვენ რეფლექსიიდან რაიმე იდუმალი და შეუცდომელი ძალა არ უნდა შევქმნათ, ან ვირწმუნოთ, რომ ყველაფერი, რასაც რეფლექსია აღწევს, უტყუარს მხოლოდ იმ მიზეზით წარმოადგენს, რომ იგი მისი წყალობითაა მიღწეული. რეფლექსიას კონკრეტული ფაქტიური და თეორიული შეზღუდვები გააჩნია. ისაა ცნობიერება, რომელიც ცნობიერების პოზიციონირებას ახდენს. ყველაფერი, რასაც ის ამ ცნობიერების შესახებ ამტკიცებს, უტყუარსა და ადექვატურს წარმოადგენს. მაგრამ თუ ასეთი რეფლექსირებული ცნობიერების მეშვეობით მის წინაშე რაიმე განსხვავებული ობიექტები წარმოდგებიან, ისინი არანაირად არ უნდა აღიჭურვონ ცნობიერების თვისებებით. სიძულვილის რეფლექსიური გამოცდილება განვიხილოთ.49 მე ვხედავ პიერს, მისი ხილვისას სულის სიღრმეში ზიზღისა და რისხვის გრძნობას განვიცდი (მე უკვე რეფლექსიის საფეხურზე ვიმყოფები) – ზიზღის ასეთი გრძნობა ცნობიერებას წარმოადგენს. მე არ ვცდები, როდესაც ვამბობ: ამ წუთს მე უდიდეს ზიზღს განვიცდი პიერის მიმართ. მაგრამ წარმოადგენს თუ არა ზიზღის ასეთი გამოცდილება თვით სიძულვილს? ცხადია, რომ არა. ის არც ასაღებს საკუთარ თავს ასეთად. მართლაც, მე უკვე დიდი ხანია მძულს პიერი და ვფიქრობ, რომ მის მიმართ ეს გრძნობა მუდამ მექნება. ამდენად ზიზღის ერთგვარი მომენტალური ცნობიერება ვერაფრით ვერ იქნება ჩემი სიძულვილი. თუნდაც დამეყვანა იგი ასეთ მყისიერ განცდამდე, მე მაინც ვეღარ შევძლებდი სიძულვილის შესახებ საუბარს. მე ვიტყოდი: „ამ მომენტში მე ზიზღს განვიცდი პიერის მიმართ“. ამგვარად, მე არაფერს ვიტყოდი მომავალ მდგომარეობათა შესახებ. მაგრამ სწორედ მომავალზე ასეთი უარის თქმის საშუალებით შევწყვეტდი მე სიძულვილს.
ამგვარად, ჩემი სიძულვილი იმავ წამს მევლინება, რა წამსაც ზიზღის გამოცდილება. მაგრამ იგი ვლინდება ამ გამოცდილების მეშვეობით. იგი მოცემულია სახელდობრ როგორც ის, რაც არ იზღუდება ამ გამოცდილებით. ის მოცემულია სიძულვილის, განზიდვის და რისხვის ყოველ სულიერ მოძრაობაში და ამ მოძრაობის მეშვეობით, იმავდროულად კი ის არ წარმოადგენს არც ერთს ამ მოძრაობათაგან, ის ყოველ მათგანს უსხლტება, ამტკიცებს რა საკუთარ მუდმივობას. ის ამბობს, რომ უკვე გუშინ იქნა გამოვლენილი, როდესაც მე ესოდენი რისხვით ვფიქრობდი პიერის შესახებ, და ის გამოვლინდება ხვალაც. შესაბამისად, ის ამით თვით ავლებს ხაზს მყოფობასა და მოვლენას შორის, რადგან მოცემულია როგორც ის, რაც მყოფობას მას შემდეგაც განაგრძობს, როდესაც მე სხვა საქმეებით ვარ დაკავებული, და როდესაც ის ცნობიერების არც ერთ აქტში არ ვლინდება. ჩვენი აზრით ეს სავსებით საკმარისია, რათა გაგვაჩნდეს შესაძლებლობა ვამტკიცოთ, რომ სიძულვილი – არის რაღაც, რაც ცნობიერებას ეკუთვნის. ის სცდება ცნობიერების მომენტალურობის ფარგლებს, ის არ ექვემდებარება ცნობიერების აბსოლუტურ კანონს, რომლის თანახმად არანაირი განსხვავება არ არსებობს მყოფობასა და მოვლენას შორის. ამგვარად, სიძულვილი ტრანსცენდენტულ ობიექტს წარმოადგენს. ყოველი „Erlebnis“50 მას სრულად ხსნის, მაგრამ იმავდროულად განცდა მის მხოლოდ მონახაზად რჩება, პროექციად („Abschattung“). სიძულვილი – ესაა რწმენა რისხვის ან ზიზღის აქტების უსასრულობისა, წარსულისა და მომავლის. ის წარმოადგენს ცნობიერების აქტთა ამ უსასრულობის ტრანსცენდენტულ ერთობას. ამიტომ, თქმა „მე მიყვარს“ ან „მე მძულს“ ზიზღის ან კეთილგანწყობილების ერთადერთი აქტის შემთხვევაში – ნიშნავს უსასრულობისკენ გადასვლას, რომელიც იმის ანალოგიურია, რასაც ჩვენ ვასრულებთ, როდესაც აღვიქვამთ ამ სამელნეს ან ჭურჭლის ცისფერის განსაზღვრულ ელფერს.
ეს დასკვნები სავსებით საკმარისია რეფლექსიის უფლებათა არსებითი შეზღუდვისთვის: ცხადია, რომ პიერი ჩემში ზიზღს იწვევს, მაგრამ ახლაც საეჭვოა და მომავალში საეჭვოდ დარჩება, რომ მე ის მძულს.51 სინამდვილეში სიძულვილის მტკიცება უსასრულოდ სცდება რეფლექსიის ძალას. რასაკვირველია, აქიდან არ უნდა გავაკეთოთ დასკვნა, თითქოს სიძულვილი – მხოლოდ ჰიპოთეზა ან ცარიელი ცნებაა. უდაოა, რომ ის რეალურ ობიექტს წარმოადგენს, რომელსაც მე „Erlebnis“-ის მეშვეობით ვიხელთებ, მაგრამ ეს ობიექტი ცნობიერების მიღმაა, ასე რომ, თვით მისი არსებობის ბუნება გულისხმობს „დაეჭვებას“. ამგვარად, რეფლექსიას აქვს სარწმუნო სფერო და საეჭვო სფერო, ადექვატურ სიცხადეთა სფერო და არაადექვატურ სიცხადეთა სფერო. წმინდა რეფლექსია (რომელიც, სხვათა შორის, არ წარმოადგენს ფენომენოლოგიურ რეფლექსიას აუცილებლობის ძალით) მოცემულით შემოიფარგლება, არ ავრცელებს რა ვარაუდს სამომავლოდ. სწორედ ამას ვაკვირდებით, როდესაც მავანს, შეამჩნევს რა, რომ განრისხებულმა თქვა: „მე შენ მძულხარ“, შესწორება შეაქვს და ამბობს: „არა, მე შენ არ მძულხარ, ეს მე რისხვის ზემოქმედების ქვეშ ვთქვი“. ასეთ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ორ რეფლექსიასთან: ერთია არა წმინდა და აბურდული, რომელიც უსასრულობისკენ გადასვლას ახორციელებს მოცემულობათა ველზე და ხელის ერთი მოსმით კონსტიტუირებს სიძულვილს „Erlebnis“-ის მეშვეობით თავისი ტრანსცენდენტული ობიექტის სახით, მეორე – წმინდა, მხოლოდ აღწერილობითი, განმაიარაღებელი არარეფლექსირებული ცნობიერება, რომელიც მას მის მომენტალურ ხასიათს უბრუნებს. ორივე ეს რეფლექსია მიმართულია ერთი და იგივე სარწმუნო შემადგენლისკენ, მაგრამ ერთი მათგანი იმაზე მეტს ამტკიცებს, ვიდრე მისთვისაა ცნობილი, არის რა მიმართული რეფლექსირებული ცნობიერებიდან ობიექტისკენ, რომელიც ცნობიერების გარეთაა განთავსებული.
როგორც კი რეფლექსიის სფეროს ვცდებით – წმინდას ან არაწმინდას – და მის შედეგებზე ვიწყებთ მსჯელობას, განვიცდით ცდუნებას აღვურიოთ „Eრლებნის“-ის ტრანსცენდენტული აზრი მის იმანენტურ ნიუანსირებას. ასეთ აღრევას ფსიქოლოგი ორ ტიპიურ შეცდომამდე მიჰყავს: ან იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მე ხშირად ვტყუვდები ჩემს საკუთარ გრძნობებში, რომ მე, მაგალითად, ვფიქრობ, რომ მიყვარს, როდესაც სინამდვილეში მძულს, ვაკეთებ დასკვნას, და ასეთ შემთხვევაში მე გადაჭრით ვმიჯნავ ჩემს მდგომარეობას მის გამოვლინებათაგან და ვიწყებ ფიქრს, თითქოს საჭირო იყოს ყველა ამ გამოვლინების სიმბოლური ინტერპრეტაცია (რომლებიც სიმბოლოების სახით განიხილება) გრძნობის განსაზღვრისათვის, ვვარაუდობ რა ამგვარად მიზეზობრივ დამოკიდებულებას გრძნობასა და მის გამოვლინებებს შორის – ან მე იმ ფაქტის წყალობით, რომ, პირიქით, ჩემ ინტროსპექციას სავსებით სამართლიანად მივიჩნევ და, შესაბამისად, არ შემაქვს ეჭვი ზიზღის ჩემს ცნობიერებაში, სანამ ის მე გამაჩნია, თავს უფლებას ვაძლევ ასეთი დამაჯერებლობა გავავრცელო თვით გრძნობაზე და ვასკვნი, თითქოს ჩემს სიძულვილს შეეძლოს შემოიფარგლოს მყისიერი ცნობიერების იმანენტურობითა და ადექვატურობით.
სიძულვილი – ეს მდგომარეობაა. ამ ცნების მეშვეობით მე ვცადე გამომეხატა თვისება პასიურობისა, რომელიც მისთვის კონსტიტუტიურს წარმოადგენს. უეჭველია, შემედავებიან, როდესაც შეამჩნევენ, რომ სიძულვილი – ეს არის ძალა, ერთგვარი გადაულახავი ლტოლვა და ა.შ. მაგრამ ელექტრული დენი და წყლის გადმოტყორცნილი მასაც ხომ საზარელ ძალას წარმოადგენენ, მაგრამ ნუთუ ეს ოდნავ მაინც ამცირებს მათი ბუნების პასიურობასა და ინერტულობას? ნუთუ ისინი არ იღებენ ენერგიას გარედან? სივრცით-დროითი საგნის პასიურობა კონსტიტუირებულია მისი არსებობის ფარდობითობიდან გამომდინარე. ფარდობითი არსებობა შესაძლოა მხოლოდ პასიური იყოს, ვინაიდან უმცირესი აქტივობაც კი გაათავისუფლებდა მას მისი ფარდობითობისგან და აბსოლუტად აღამაღლებდა. ზუსტად ასევე, სიძულვილი, რომელიც რეფლექსიურ ცნობიერებასთან მიმართებით არსებობს, ინერტულს წარმოადგენს. ბუნებრივია, რომ სიძულვილის ინერტულობის შესახებ საუბრისას ჩვენ გვსურს ვთქვათ, რომ სახელდობრ ამ თვისებით უვლინდება ის ცნობიერებას. მართლაც, ნუთუ არ ვამბობთ: „ჩემი სიძულვილი გაღვიძებულ იქნა...“ ან „მისი სიძულვილი განადგურებულ იქნა მგზნებარე სურვილით...“ და ა.შ. ნუთუ სიძულვილის ბრძოლა მორალთან, ცენზურასთან და ა.შ. ყოველთვის ფიზიკურ ძალთა კონფლიქტების ნიმუშის მიხედვით არ არის წარმოდგენილი, იმდენად, რომ ბალზაკი და ზოგი რომანისტი (ხანდახან პრუსტიც კი) მდგომარეობათა მიმართ ძალთა დამოუკიდებლობის პრინციპს იყენებს? მდგომარეობის მთელი ფსიქოლოგია (და ზოგადად მთელი არაფენომენოლოგიური ფსიქოლოგია) ინერტულობის ფსიქოლოგიას წარმოადგენს.
გარკვეული აზრით მდგომარეობა მოცემულია როგორც შუამავალი სხეულსა (უშუალო „საგანს“) და „Erlebnis“-ს შორის. ერთადერთი, უნდა შევნიშნოთ, რომ მდგომარეობის მოქმედება ერთნაირად არ წარმოდგება სხეულსა და ცნობიერებასთან მიმართებით. სხეულთან მიმართებით მისი მოქმედება უბრალოდ მიზეზობრივს წარმოადგენს. ის არის ჩემი მიმიკის, ჩემი ჟესტების მიზეზი. „რად იყავით ესოდენ არათავაზიანი პიერის მიმართ?“ – „იმიტომ, რომ მე ის არ მიყვარს“. მაგრამ ის არ შეიძლება ამ სახით წარმოდგეს ცნობიერებასთან მიმართებით (შესაძლოა მხოლოდ თეორიებში, რომლებიც აპრიორულ სტილშია აგებული ცარიელი ცნებების გამოყენებით, მსგავსად ფროიდიზმისა). რეფლექსია არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება მოტყუვდეს რეფლექსირებული ცნობიერების სპონტანურ აქტთან მიმართებით, რადგან სწორედ ეს არის მისი რეფლექსიური სანდოობის სფერო. ამ მიზეზით დამოკიდებულება სიძულვილსა და ზიზღის მყისიერ ცნობიერებას შორის იმგვარადაა აგებული, რომ ერთსა და იმავე დროს პასუხობდეს, როგორც სიძულვილის მოთხოვნებს (იყოს პირველი, იყოს საწყისი), ისე რეფლექსიის სარწმუნო მონაცემებს (სპონტანურობა): ზიზღის ცნობიერება რეფლექსიას უვლინდება, როგორც სიძულვილის ერთგვარი სპონტანური ემანაცია. ჩვენ აქ პირველად ვხვდებით ემანაციის ცნებას, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია ყოველ ჯერზე, როდესაც საუბარი ეხება ინერტული ფსიქიური მდგომარეობების დაკავშირებას ცნობიერების სპონტანურ აქტებთან. ზიზღი გარკვეული აზრით მოცემულია, როგორც ის, რისი წარმოება სიძულვილის წყალობით და სიძულვილის ხარჯზე ხდება. სიძულვილი მისი მეშვეობით ვლინდება, როგორც ის, საიდანაც იგი სათავეს იღებს. ჩვენ ხალისით ვაღიარებთ, რომ სიძულვილის დამოკიდებულება ზიზღის კერძო „Erlebnis“-ისადმი არ წარმოადგენს ლოგიკურს. ეს უდაოდ ერთგვარი მაგიური კავშირია.52 მაგრამ ჩვენ მხოლოდ აღწერას ვესწრაფოდით, ხოლო გარდა ამისა ჩვენ მალე ვიხილავთ, რომ ცნობიერებისადმი „მე“-ს დამოკიდებულების შესახებ საუბარი აუცილებელია მხოლოდ მაგიური ცნებებით.
შენიშვნები და განმარტებები:
48. პრობლემა ეგოს დამოკიდებულებისა მდგომარეობების, მოქმედებებისა და თვისებებისადმი, რომელიც მეორე ნაწილის თემას წარმოადგენს, მოკლედ იქნება განხილული „ყოფიერებასა და არარაში“ (L’Etre et le Néant, „La temporalité“).
49. შდრ. სიძულვილი, როგორც სხვისადმი ჩემი დამოკიდებულების შესაძლებლობა „ყოფიერებასა და არარაში“ (L’Etre et le Néant).
50. Erlebnis – განცდილი გამოცდილება, ინტენციონალური განცდა. მოცემული ტერმინის მნიშვნელობაზე მსჯელობისას სარტრი „წარმოსახვის“ სქოლიოში გვამისამართებს „იდეებთან“, § 36 და ამატებს: „Erlebnis, ცნება, რომელიც ვერ ითარგმნება ფრანგულ ენაზე, წარმოდგება ზმნიდან erleben. „Etwas erleben“ ნიშნავს „რაღაცის განცდას“. Erlebnis-ს დაახლოებით იგივე აზრი გააჩნია, რაც „განცდას [vécu]“ იმ მნიშვნელობით, რომელსაც მას ბერგსონის მოწაფეები ანიჭებენ.
51. „სარწმუნო“ და „სავარაუდო“ – ესაა „წარმოსახვადის“ კვლევის ორი დიდი ნაწილი. სარწმუნოს წარმოადგენენ მხოლოდ ჩემი „აქტები ცნობიერებისა ... შესახებ“ მათ სპონტანურ მოძრაობაში, რომელიც საგნებისკენაა მიმართული; ცნობიერების პირველი საფეხურის ასეთი აქტების პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი საკუთარ თავს ერთდროულად იხელთებენ, როგორც რაღაც აბსოლუტურად შინაგანსა და საგნებისკენ, გარეშესკენ მიმართულობას. ასეთი აქტების საზღვრებს მიღმა ყოველი ობიექტი, როგორც ობიექტი ცნობიერებისთვის, იქნება ეს ჩემი სიძულვილი თუ ეს მაგიდა, სამუდამოდ საეჭვოდ დარჩება, რადგან ვერანაირი ჭვრეტა ვერასოდეს ვერ შეძლებს მის მოცემას ჩემთვის მთელი სისავსით.
52. მოცემულ პუნქტში სარტრი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ცნობიერებაში მაგიური პროცესების წარმოქმნას. 1939 წელს იგი დაკავდება იმ განსაკუთრებული მაგიური ქცევის შესწავლით, როგორსაც ემოცია წარმოადგენს, ცნობიერების არარეფლექსირებული გაქცევა სამყაროსგან, რომელიც ძალადობრივი საშუალებით იხელთებს მას, ამასთან, ცნობიერება მის განადგურებას ისურვებდა.
კომენტარები