სტატია აღებულია ფილოსოფოს გოჩა გვასალიას ბლოგიდან. იხ. წყარო
გასული საუკუნის 90-იან წლებში ჰუმანიტარული სპეკულაციები ათეიზმის და ლენინური იდეოლოგიის გამო ჰბადებდა ილუზიას, რომ საქართველოში იყო ფილოსოფია და ფილოსოფიური აზროვნება. ვერბალური არტისტობანი იმის გამო, რომ არ გამოდიოდა ბიბლია, არ იყო დასავლელ მეტაფიზიკოსთა ნაშრომები, ქმნიდა მოჩვენებითობას, რომ გაზეთებში მოკაიკაცე ქართველი ფილოსოფოსნი რაღაცის შემძლენი იყვნენ და ქვეყნის ინტელექტუალურ ელიტას შეადგენდნენ. წლები გავიდა ხელმოცარულობაში, დამდაბლებასა და ღობე-ყორეს მოდებაში. საქართველოში არაა ფილოსოფია. ვერაფერი გამოსაჩენი და მოსახსოვარი ვერ იშვა. ქართული სული საუკეთესო ვლენით ვერ გამოვლინდა ფილოსოფიაში. პიტალო და ხენეში გარემოა ქართულ ფილოსოფიაში. ვერაფერი დაითესება. თუ რაიმეს დასთეს დიდი წვალებით, არა ამოვა რა. ქართული სიშლეგე მოაშთობს მოცნების ყოველ მარცვალს. აზრი არსად ხარობს. არის მხოლოდ ინტელექტუალური იმიტაციები, პოლიტიკური ადაპტაცია და იდეოლოგიად ნაქცევი ფილოსოფია. არიან მხოლოდ თვითინსცენირებაში დაბერებული კაცები და ქალები. ეს ქვეყანაა, სადაც უკვე მესამე ათწლედია იწერება ჩანჩურობის ეპოსი, თავში ჩარტყმულობის მეტაფიზიკა და მუდმივი მარცხიანობის ონტოლოგია. როგორ კაპასობდნენ ქართველი ფილოსოფოსნი საბჭოთა ათეიზმის გამო. ამათთან იარეს და იარეს ჟურნალისტებმა ინტერვიუების ჩასაწერად. რა ამბავი იყო! ფრაზების სროლა და ბიბლიაზე მითითებანი! ქართულ ფილოსოფიაში აქამდე არ გამოთქმულა დროის შესაფერი სიტყვა. თითქმის სამი ათწლეული გავიდა და ქართული ფილოსოფია ლიბერალიზმის აპოლოგიის მეტი არაფერი ყოფილა. ფილოსოფია დამდაბლდა იდეოლოგიამდე, მთავრობის კარისკაცობამდე. ეს ხომ არ იყო ისევ ბოლშევიკური ტოტალიტარიზმის ბრალი?
შემოდგომა დგას. იწურება 2016 წელი. ქართველი ჰუმანიტარნი და კოგნიტარიები რჩებიან ისევ იმ ინფანტილიზმში. ქართველი ვერ გაიზარდა და დარჩა მხიარულ, ჭკუასუსტ ბავშვად. ყველანაირი ლიტერატურა ხელმისაწვდომია და ქართველმა მაინც ვერაფერი ისწავლა. მას არ სურს სწავლა. მას სურს კრიტიკანობა, სხვათა გამუდმებული მხილება და მიღწეულის გაარაფრება. მას სურს სნობობა. მას აწვალებს მსაჯულად დაჯდომის, სხვათა ქირდვისა და ბატონკაცობის სურვილი. კომუნისტური ცენზურა და ლიტერატურის მიუწვდომლობა კი არ იყო ქართველთა ჩამორჩენის მიზეზი, როგორც ამას წლობით ირწმუნებოდნენ, არამედ მოდგმის არასრულფასოვნება და მონური ზნე. ქართველი ესაა ყოველი აზრის განმაცუდებელი და ადამიანის წამხდენი. ქართველს კიდევ საბჭოთა ცენზურა იჭერდა, თორემ რაც ყოფილა, ყველამ დაინახა. ლიბერტარიანელობამ გაახალისა და გააქეზა ქართველის სიმდაბლენი. არაფერი შეეხო ქართველის გულს. არც სარწმუნოება, არც ფილოსოფიური მოძღვრება, არც რაიმე პოლიტიკური იდეა და სოციალური პროექტი. ქართველს ურჩევნია სხვისი მითითებით ცხოვრება, სხვის დაკრულზე გამუდმებული ბუქნა. ბოლო დროს სააკაშვილი გაიხადეს საცოხნად. ყველაფერი მას აჰკიდეს. როცა მოდგმას არ სურს იყოს თავისუფალი და მუდამ უცხოელ ბატონს ეძებს, ამიტომ აზრი აქვს დაკარგული ეროვნული იდეალის ხსენებასაც კი. საქართველო ესაა ტოტალური ფალსიფიკატი და ჰიპერფორმაციული სიმულაცია. მოიწოდებენ ხან კანტს, ხან ნიცშეს და უკვე ყველამ უწყის, რომ ეს ნებადართული აკადემიური ყალბისმქმნელობაა. საქართველოში ვერ იშვა ფილოსოფიური მიმართულება, რაიმე მიმდინარეობა, რომელიც სულ მცირე, სამ კაცს მაინც გააერთიანებდა. ერთი პერიოდი ნიცშეს მიაწყდა ქართველ ფილოსოფოსთა საკმაო ნაწილი. ვითომ მისი მიმდევარნი იყვნენ. ევროპაში ვერ შეძლეს ნიცშეანელობა ერთეულების გარდა და შენ აქ ცრუობ, რომ ნიცშეანელი ხარ? ნიცშეანელი თუ ხარ და ლიბერალი როგორღა ხარ? უწყინარ და ფუნჩულა კანტიანელობას ვერ შეძლებ შენ და ნიცშეანელობას შეძლებ ჩამყაყებულ ქართულ სოციუმში? როცა ბატონყმობა სისტემის ნაკლი და სისტემა კი არაა, არამედ ცნობიერების მდგომარეობაა, მაშინ ამაოა ყოველი ფილოსოფია. არ სურს ქართველს აზროვნება და მოკალი! ჭამისა და თესლნთხევის იქით არ მიდის ქართველის ფიქრი. ყველა თაობაში ერთი და იგივე ბიჰევიორისტული ფეთერნები მეორდება.
წმინდა გონების ძალასა და სამსჯავროს ვერაფერმა ქართულმა ვერ გაუძლო. 30 წელი სიტყვების კორიანტელია ირგვლივ. რა და როგორ არ ითქმის და მაინც ჭაობი დგას. გრაფომანიამ და პოლიგრაფიამ გადალეკა თბილისი. ქართველმა ჰუმანიტარებმა მოატყუეს ქვეყანა და შემდეგ მიიმალნენ. ყველა საკითხი, რაც 90-იან წლებში ფილოსოფოსებმა ასე კატეგორიულად დააყენეს, სადღეისოდ მივიწყებული და მიჩქმალულია. ვითომ ბიბლია უჩქროლებდათ სისხლს, ვითომ წმინდა მამათა შეგონებანი აფიქრებდათ. რაებს ჩმახავდნენ და როგორ ატყუებდნენ ქვეყანას! ოცი წელი და და მეტი ფილოსოფიის ფაკულტეტზე მყოფი პროფესორები ვერ ქმნიან რაიმე მიმართულებას. არც თავად არიან რომელიმე ფილოსოფიური მიმდინარეობის დამცველნი. არსად იპოვება ქართველი ათეისტ-ეგზისტენციალისტი, ქართველი ჰუსერლიანელი, ქართველი ინტუიტივისტი. არ გაიგება, რა სურთ, რას აზუსტებენ თავის გამოსვლებსა და ნაწერებში. ლიბერალიზმმა ხელი კი არ შეუწყო ქართული სიტყვისა და აზრის აღშენებას, როგორც ამას იქადოდნენ 90-იანი წლებიდან, არამედ წარმოაჩინა ქართული სიტყვის სრული უსუსურობა და ბერწობა, მიმიკრიულობა და ეპიგონობა. 90-იან წლებში ისე ჩანდა, რომ ქართველი ფილოსოფოსნი შექმნიდნენ საუკეთესო ქვეყანას და სათნოების ეპოქას. ინტერვიუს მოქუხარნი რა დღეში იყვნენ! ცხოვრებამ დასცინა მათ. ეროვნულ მოძრაობაში ამდენი ცენზიანი ფილოსოფოსი იყო და მცირედ მაინც თუ დაეტყო ეს ქვეყანას?
თსუ-ს ფილოსოფიის ფაკულტეტი უნდა ანათებდეს! ლექტორები უნდა ეძებდნენ და ზრდიდნენ უნარიან სტუდიოზუსებს. უფროს და უმცროს ფილოსოფოსთა შორის უნდა იყოს გულთა კავშირი და იდეური ესტაფეტა. არაფერიც არაა. მხოლოდ ნარცისი თითოკაცების ფერხული და თავის მომჩვენებელთა რბოლაა. ვერ იტანენ ნამდვილობას, მართლა ცოდნიერებას. აი ამიტომაა, რომ მუდმივმოქმედი სემინარის დაწესება ვერ მოხერხდა. რამდენი თქვეს ამაზე და არ გამოვიდა. ერთურთის დანახვა არ სურთ. რისი სემინარი? ცოდნა არ აქვთ და რა საკითხები უნდა განიხილონ?
ტიპური მაგალითი: ვიცი ერთი უფროსი თაობის უნივერსიტეტელი ფილოსოფოსი. კირკეგორს ღრღნიდა რამდენიმე წელი და ძალიან მოსწონდა თავი. შემდეგ მოსწყინდა და მიატოვა კირკეგორის ფილოსოფია. გერმანულ მისტიკას (ტაულერი, ზოიზე, ეკჰარტი) მიაწყდა. არც აქ გაჩერდა. ერთხელ ვკითხე, თუ რაზე მუშაობდა, რას ქმნიდა? იწყინა შეკითხვა და მე ჩემს მიმართულებას ვქმნიო. არ თქვა, რა მიმართულებას ქმნიდა. დამალა. სად გაგონილა, რომ საკუთარ ინტერპრეტაციას მალავდნენ? ბოლოს კინემატოგრაფის ისტორიას მიჰყო ხელი და ხანდახან ჟურნალ-გაზეთებში წერს ჰოლივუდის award-ებზე, ან კიდევ ინტერვიუებს ფანტავს გაზეთებში იმაზე, რომ სააკაშვილი ნეობოლშევიკი და ნეოფაშისტი იყო. ერთი კაცის კათედრა, ერთი კაცის ფილოსოფიური მიმდინარეობა, ერთი კაცის ნაყბედი. ბოღმით გაგუდული კაცების ყვირილი. ფსევდოოპოზიციურობა და ფსევდორებელიზმი. სულ ასეა საქართველოში. ამას ეწოდება ქართული ინდივიდუალიზმი და ამტკიცებენ, რომ ეს ქართველთა ევროპულობის ნიშანია.
თუ ფილოსოფოსი შეიძლება იყოს სვიანი, მხოლოდ იმით, რომ მას ჰყავს თანამოსაუბრენი და თანამოსაუბრეთ შეუძლიათ მისი ნააზრევის თაობებში განშლა. პლატონი ამ აზრით სვებედნიერი მოძღვარი იყო. ფილოსოფია არის მთაგრეხილთა წყება. ყველა მაღლობი ერთურთს ებმის, ერთურთისაგან გამომავალია და ერთურთის გაგრძელებაა. არის დიდი მთა, პატარა მთა, გორაკი, კენჭი და მტვერი. ფილოსოფია დიდი ჯაჭვედია, სადაც ყველა რგოლი ერთმანეთს ებმის ხილულად და უხილავად. ესაა აზროვნების ტოტალობა. ფილოსოფოსობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც რაღაცით ხარ შეძრული და ნამსჭვალავი, როცა მიწყივ გაფიქრებს ამ სამყაროს გროტესკულობა, მაცდურება და უცნაურობა. ფილოსოფოსობა ბედისწერაა. ის არაა ფაკულტეტის რომელიმე კათედრის მონოპოლიზება სამარის კარამდე. ეს არ ესმით საქართველოში. პლატონი ფილოსოფოსი უკვე მანამდე იყო, სანამ სოკრატეს დაემოწაფებოდა. პითაგორა თავისი ხვედრით იყო ფილოსოფოსი. მისი განსწავლა მერე იყო. ფილოსოფოსი ისაა, ვინც მოკვდავთ აიძულებს ფიქრს. აზროვნება არის ძალადობა საკუთარ თავზე. სხვაგვარად არ გამოდის ამ შესაქმეში. ადამიანს ბევრ შემთხვევაში მხოლოდ მეტაფორულად ეწოდება ჰომო საპიენსი.
ქართველ ფილოსოფოსთა შორის ვერვისთან ვერაფერზე ისაუბრებ. არსადაა ფილოსოფოსთა კონკორდიუმი (გულთა თანხვედრა). ზიზღისმომგვრელია უსამანო კონფორმიზმი, ნარცისიზმი და გაქანებული ქართული აფერისტობა. 90-იანი წლების მიწურულს თსუ-ს ფილოსოფიის ფაკულტეტზე მყოფნი მხოლოდ ლიბერალური კონიუნქტურის გამო მისდევდნენ ნეორეალიზმსა და ლოგიკურ პოზიტივიზმს. ძალზე ბევრს უბნობდნენ ლუდვიგ ვიტგენშტაინზე. ვიტგენშტაინი იყო როგორც პაროლი, რითაც ადგილობრივი სნობი ლიბერალნი ერთურთს სცნობდნენ. შემდეგ კარლ პოპერი იყო ასეთი პაროლი. ანგლოსაქსურ ქვეყნებში ხომ მთლიანად შესწავლილი იყო ვიტგენშტაინის ნააზრევი და აქ მაინც ისე აჩვენებდნენ, თითქოს ვიტგენშტაინისა რაიმე დარჩა შეუსწავლელი და ლიბერალობას შეყენებული ქართველი ფილოსოფოსნი სწავლობდნენ. უფროსი თაობის ფილოსოფოსნი – ვახტანგ ერქომაიშვილი, თამაზ ბუაჩიძე, ჯანსუღ კორძაია და სხვები ისე ჩავიდნენ საფლავებში, რომ ერთხელ არ დაინტერესებულან რაზე მუშაობდნენ ასპირანტები, რომელთაც ისინი სხვადასხვა სემინარებსა და განხილვებზე ხვდებოდნენ. ისინი არასოდეს უსმენდნენ უმცროს კოლეგებს.
2011 წელს დახურეს ფილოსოფიის ინსტიტუტი. ამაზე დადგა ერთი ამბავი და იყო სატელევიზიო საუბარიც. ისე გამოიყვანეს, რომ სააკაშვილის მთავრობა ფილოსოფიას დევნიდა. ტელეგადაცემაში მამუკა დოლიძის გამოსვლისას მავანმა ანონიმმა თურმე დარეკა სტუდიაში და თქვა, რომ საქართველოში ფილოსოფია კი არა, არამედ ფალოსოფიაა. აკაკი ყულიჯანიშვილი და კახა ქეცბაია შემხვდნენ თსუ-ში იმავე წლის შემოდგომაზე და ფიქრობდნენ, რომ მე დავრეკე სტუდიაში. სხვაგვარად მათ ვერ დავარწმუნებდი და დავიგინე, რომ მე არ დამირეკავს. მე თუ დავრეკავდი, ვინაობას არ დავმალავდი. სადაც რაიმე მითქვამს, არ დავმალულვარ. მე რომ დამერეკა, ფალოსოფიას კი არა, არამედ პირდაპირ ვეტყოდი, რომ ჩოილარობაა ფილოსოფიაშიც, მწერლობაშიც და საერთოდ ქართულ ჰუმანიტარისტიკაშიც. ამდენ მწვირესა და სიბილწეს რომ შეიგუებს ჰუმანიტარისტიკა, იმას ევფემიზმები აღარ უნდა. ამდენი სიმდაბლე რომ თუხთუხებს ჰუმანიტართა შორის და კიდევ სხვებს აბრალებენ (სააკაშვილი, ამერიკა, რუსეთი, მასონები, ვატიკანი და ა.შ.), წარმოაჩენს მოდგმის უკუღმართ ზნეს.
ჩემთვის ყოველთვის გაუგებარი იყო ფილოსოფოსთა თავის მოჩვენება და ვერბალური ტრიუკები. უკუღმართი დროის (მხედველობაში მაქვს ბოლშევიკური რეპრესიები, მებრძოლი ათეიზმის პროპაგანდა, საბჭოთა ცენზურა) მამხილებელი ფილოსოფოსნი უარესი უკუღმართობის ვექილებად დადგნენ და ასე დგანან დღემდე. ქართველ ფილოსოფოსთ ბევრჯერ უთქვამთ, რომ ქართული ფილოსოფია ევროპული ფილოსოფიის ნაწილია. ეს ტყუილია! საქართველო არაა და ვერ იქცა ევროპად. მასობრივი კონსიუმერიზმის სტერეოტიპები არაა ევროპელობის დასტური. ახლანდელი დრო ძველი დრისაგან იმით განსხვავდება, რომ სიცრუის სტანდარტები მასობრივი გახდა. მასებში არაა რებელიზმის სული და ამაოდ დაშვრა ყველა ოპოზიციური ქართული გაზეთი. ეს ოპოზიციონერობა მხოლოდ სიცრუე და პოლიტიკური ნარცისიზმია. ცრუობს ხელისუფალი, მაგრამ ცრუობს მასაც. ხალხი თავის მთავრობაზე ბევრად უარესია. ქართული ჰუმანიტარისტიკა რომ სიცრუის ბურჯად დგას, ამას არ ესაჭიროება სოციოლოგიური კვლევები.
საქართველო პირველი ქვეყანაა საბჭოთა ბანაკიდან, სადაც ითარგმნა და გამოიცა ჰაიდეგერის „ზაინი და დრო“. ეს იყო 1989 წელს. სავალალოა, რომ ეს იყო მხოლოდ პოზა ქართულ ფილოსოფიაში, რომელსაც 90-იანი წლების დამდეგს ჯერ კიდევ ჰქონდა შერჩენილი საბჭოთა დროიდან გამოყოლილი სამეცნიერო ავტორიტეტი. ეროვნული მოძრაობა მასში ჩართულ ქართველ ფილოსოფოსთა (მიხეილ ნანეიშვილი, ვახტანგ გოგუაძე, ნოდარ ნათაძე, გურამ თევზაძე, ნიკო ჭავჭავაძე, გივი მარგველაშვილი, თედო პაატაშვილი, ირაკლი ბათიაშვილი, ივლიანე ხაინდრავა, გია ნოდია, ირაკლი შენგელაია და სხვ.) ნამსჯელზე მიუთითებდა. სინამდვილეში არაფერი ფილოსოფიური ეროვნულ მოძრაობაში არ ყოფილა. აღარ ჩამოვთვლი ეროვნულ მოძრაობაში მყოფ ისტორიკოსებს. იმას კი უთუოდ ვიტყვი, რომ მაშინ ითქვა დიდი უაზრობა. ისტორიას ფილოსოფიასთან არანაირი კავშირი არ აქვსო. საქართველოში არ ჩამოყალიბდა ისტორიის ფილოსოფია, რადგან ქართველ ისტორიკოსებს მეტად ვიწრო მზერა აქვთ. კი მაგრამ ტოინბი ვინ იყო? შპენგლერი ვინ იყო? განა ფუკუიამა, ჰანტინგტონი, ჰუსერლი, ჰაიდეგერი, დილთაი ისტორიასთან არ იყვნენ მჭიდრო მიმართებაში? თუ ასეა, არც ბუნებისმეტყველებას აქვს რაიმე საერთო ფილოსოფიასთან. ქართულ ისტორიოგრაფიას დიდი ხანია დაკარგული აქვს ორიენტირი. ის ვერ ამაღლდა და ვერ გახდა უფრო მეტი, ვიდრე საბჭოთა ისტორიოგრაფია იყო.
ქართველ ფილოსოფოსთა შორის არაა არც სოლიდარობის, არც კოლეგიალობის, არც სამეცნიერო ეთოსის ნასახი. ამას ვამბობ როგორც ინსაიდერი და არა ვინმე გარეთ მდგომი, რომელსაც ყურმოკრული ამბავი თავის გამოცდილებად გაუსაღებია. პირადად ვიცნობდი უფროსი თაობის ბევრ ფილოსოფოსს (თამაზ ბუაჩიძე, ნიკო ჭავჭავაძე, ვახტანგ ერქომაიშვილი, ანზორ ტყემალაძე და სხვ.). ქართველ ფილოსოფოსთა შორის არაა პლურალიზმი. დენაციფიკაციის შემდეგ შერისხული მარტინ ჰაიდეგერი, ეს მოუნანიებელი ნაცისტი და გერმანელი ელინი ისევ 1960-იანი წლების ლიბერალურმა ევროპამ დააფასა და წარმოაჩინა. მაშინდელმა ლიბერალიზმმა შეძლო იმ აუცილებლობის შეგნება, რომ ყველა ფილოსოფოსი არ შეიძლება იყოს ლიბერალი და ამოდიოდეს ფრაივესის პრინციპიდან, არ შეიძლება იყოს პოზიტივისტი. სამეცნიერო ასპარეზზე უნდა სუფევდეს პლურალიზმი. ქართველ ფილოსოფოსთა შეგნებამდე ეს თუ აქამდე ვერ დავიდა, ვერც ვერასოდეს დავა. საქართველოში ყველა ფილოსოფოსი სახაზინო ლიბერალი და მთავრობის ვექილი უნდა იყოს. ყველა კონფორმისტი უნდა იყოს და ამას ამართლებდეს რეფორმების სახელით, ევროპასთან ოდინდელი ნათესაობის სახელით. თუ ვინმე არ ეთანხმება ასეთ წესსა და რიგს, მაშინ იწყება მისი გათათხვა და აკადემიური შეზღუდვა. ქართველი სინამდვილეში არაა ლიბერალი. ის ლიბერალიზმს მიტმასნილი პოლიტიკური მედღეური და სამეცნიერო მეროჭიკეა. მას არასოდეს აღელვებს, ამოიზრდება თუ არა ქართული ჭაობიდან ფილოსოფიური აზრი. სნობი კაცები ვითომ საკლისობენ რაღაცას და ეძებენ. სინამდვილეში ეს პოზიორობაა. ცხვირწინ რომ დაუდო მათ რაიმე მინაღწევარი, თვალს დაიბრმავებენ და ჯიბრით არ დაინახავენ. ასე არიან უფროსებიც და უმცროსებიც. დასავლური ლიბერალიზმის დაცემის შემდეგ ისევ ისინი გამოვლენ მის დასაწიხლად, ვინც მრავალი წელი დასავლეთის აპოლოგიით ქვეყანას აშტერებდა.
გავიხსენებ ერთ ნონსენსს: 90-იანი წლების პირველ ნახევარში ქართველ ჰუმანიტართა შორის გავრცელებული იყო ჰაიდეგერის აყოლის მოდა. ვითომ ზაინს აყურადებდნენ და იმსოფლიურ სამყაროს ჭვრეტდნენ. თან ლიბერალიზმის აპოლოგეტებად იდგნენ. არავინ დაინახა, რომ ჰაიდეგერის ფილოსოფია ანტილიბერალური იყო. აქ კი ჰაიდეგერი ლიბერალიზმის ავტორიტეტად წარმოაჩინეს. ერთ სემინარზე მოხსენებით გამოსვლისას მავანი ფილოსოფოსი თსუ-დან, რომელიც ამავე დროს ეროვნულ მოძრაობაში ებმოდა, იყენებდა სიტყვას „ონტური“. ეს ჰაიდეგერის ფილოსოფიის ცნებაა და ის მას მოიხმარდა ონტოლოგიურისაგან განსხვავების მიზნით. მომხსენებელი ონტურის ცნებას უსადაგებდა საქართველოს ანტიიმპერიულ გამოსვლებს, რაც უაზრობა იყო. ეროვნულ მოძრაობას არანაირად არ მიესადაგებოდა ცნება „ონტური“. ეს იყო პროვინციული თავნებობა და ნარცისიზმი. ონტურის ცნება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ფენომენოლოგიურ მაინსტრიმში დგომისას. ან ჰაიდეგერს უნდა მისდევდე, ან ჰუსერლს. პოლიტიკურ ბრძოლას ეს ცნება არანაირად არ მიესადაგება. მსგავსი ნონსენსები უთვალავი იყო 90-იან წლებში. ქართველმა ფილოსოფოსებმა არა უწყოდნენ რა არც ევროპული ლიბერალიზმის წარსულისა, არც კლასიკური ლიბერალიზმისა, არც ნეოლიბერალიზმისა და ლიბერტარიზმისა. ყველა მათი მითითება ლიბერალიზმზე იყო უზოგადესი არტიკულირება, იყო საკუთარი თავმოთნეობის, უმეცრების და ჭკუათხელობის დასაფარი ილეთი. როგორია, ლიბერალიზმის გენეზისის გაგებაში არ იყო, არ იცოდე XX საუკუნის მეორე ნახევრის ლიბერალ-კაპიტალისტური ევროპული და ამერიკული სოციუმის ისტორია და მაინც ბედავდე ქვეყნის მოძღვრად დადგომას, იმის აპოლოგიას, რაც თავადვე არ იცი. აი ესაა ქართველ ფილოსოფოსთა დანაშაული. ისინი გამოვიდნენ ძალზე მაღლა აწეული თამასით, როცა მცირესაც რის ვაინაჩრობით ძლევდნენ. ეს მხოლოდ პროვინციალიზმი კი არა, არამედ სირეგვნე იყო. დიდგორიდან თუ მოვიდნენო, ისე გაფუყულნი დადიოდნენ ქართველი ფილოსოფოსნი 1991-7 წლებში. ჯერ არა ჰქონდათ რა გაკეთებული და უკვე ბოლოში გასულებად მიაჩნდათ თავი. დამარცხებულნი იყვნენ და გამარჯვებულის იერით დაიარებოდნენ. ეტყოდი რაიმეს და შეასმენდი? ქართველ ფილოსოფოსთა კამათში ჭეშმარიტება არასოდეს დაიბადება. იქნება მხოლოდ შლეგობა, სიძულვილი და იდიოტობა. ქართველმა ფილოსოფოსებმა ატეხეს ქიმერა, რომ ავტონომიური სამოქალაქო ურთიერთობები მკვიდრდებოდა 1991 წლიდან. მთავრობა და პოლიტიკა არ უნდა ჩაერიოსო საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამას ეწოდებოდა დეპოლიტიზაცია და დეიდეოლოგიზაცია. გროტესკული ის იყო, რომ ამ სისულელის მქადაგებელი ფილოსოფოსნი გამუდმებით დადიოდნენ შევარდნაძის პარტიის შეკრებებზე და შემდეგ სააკაშვილის პარტიის აპოლოგეტებად იქცნენ.
ახლა დავაყენებ კითხვას: რომც არსებულიყო ხელისუფლების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაურევლობის პრინციპი და ხელისუფლებას დაერღვია ეს პრინციპი, შესწევდა ვინმეს ძალა, რომ წინ აღდგომოდა ხელისუფლების ჩარევას? აი ამ კონფორმისტულ ჭაობში, რასაც ქართველთა საზოგადოება ჰქვია, არსებობს სადმე ლიბერალური პრინციპის დამცველი მცირერიცხოვანი ფენა მაინც? კომუნისტური უტოპიის მაგინებელი და მქირდავი ქართველი ჰუმანიტარი უარეს უტოპიას იცავდა და ავრცელებდა. ის ამტკიცებდა, რომ საზოგადოება თავისუფალი ბაზრის კანონებით იცხოვრებდა და ხელისუფლება არაფერში არ ჩაერეოდა. ეს იდიოტობა მიაჩნდა მას ჭეშმარიტებად. ბაზარი და სოციუმი გაუიგივდა ერთმანეთს და სიხარბით დაბრმავებულმა ქართველმა ფილოსოფოსმა ეს არ დაინახა. მან არც ის დაინახა, რომ უმაღლეს ღირებულებად მიჩნეული საბაზრო თავისუფლება ფილოსოფიური დისკურსისათვის არაფერი ისეთი არ იყო. რატომ ასე იოლად დაიჯერეს მარქსის მომყივნელმა ქართველმა ფილოსოფოსებმა, რომ საბჭოთა სისტემის დამხობის შემდეგ დადგა დეპოლიტიზაციისა და დეიდეოლოგიზაციის ჟამი, მაშინ როცა ყველგან ლიბერტარიანული რეპოლიტიზაცია და რეიდეოლოგიზაცია დაიწყო? ქართველი ყველაფერზე თვალს დაიბრმავებს, ოღონდ მას არ წაერთვას მალემრწმენობის, გიჟური აპოლოგიისა და სხვათა თათხვის შესაძლებლობა. ეს ის ინფანტილიზმი და ჭკუასუსტობაა, რაც ზემოთ ვახსენე. ამდენი მარცხის და წბილობის შემდეგ წიგნიერი ქართველი მაინც ვერ გაიზარდა, ვერ დამძიმდა. ქართველმა ჰუმანიტარმა ვერაფერი ისწავლა და ისევ გარმიანელთა შემყურეა. მათგან მოელის ახალი ილუზიის მოწოდებას და შემდეგ ისევ იმ ძველ ბუქნას გააგრძელებს. წელთა გასვლის შემდეგ ქართველმა არ აღიარა საკუთარი უვიცობა და თვალს აცეცებს, რომ რაიმეს მოებღაუჭოს. ამდენი მოარული კარიკატურა მოძღვრობას ვერ რჩება. მან ვერ შექმნა რომელიმე ცივილიზაციასთან იდეური მიმართების თუნდაც ერთი წანამძღვარი. მისი დისკურსი საგაზეთო შაბლონია და მეტი არაფერი.
გამაოგნებელია ქართველთა სიბერწე, სიბრმავე და რადიკალური უსინდისობა. ქართველი ვერაფერმა შეძრა, ვერაფერმა შეარცხვინა. ისევ ბოლშევიკების დროის შაბლონებს ეპოტინებიან და თერგდალეულებზე მიუთითებენ, რადგან სხვა არაფერია ხელმოსაჭიდი. არაფერი შექმნილა სამერმისოდ დასადები და გამოსაჩენი. 2003 წლის 1 ნოემბერს ბანკროტი შევარდნაძის მომხრე ინტელიგენცია შეიკრიბა საგურამოში, ილიას სახლ-მუზეუმში. შეკრებილთ თქვეს, რომ ილიას გზა ერთადერთია, ილიას გზა ნამუსის გზაა. ეს იყო შევარდნაძის პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის დამასრულებელი აქცია. ეს იყო ქართული ყალბისმქმნელობის ერთ-ერთი ნიმუში. ასეთი ნიმუშები მრავლადაა ლიბერალური საქართველოს 30-წლიან ისტორიაში და მათ გულდაგულ ჩქმალავს მედიაც და ისტორიოგრაფიაც. ზუსტად ასევე მიუთითებდა ილიაზე ბანკროტი სააკაშვილის მომხრე ინტელიგენცია. სიკვდილზე უარესი კიდევ ქართველმა მედასავლეთეებმა დამართეს ილიას. სადამდე გააყალბეს მისი სახელი! როგორია, სააკაშვილის მოდასე ლიბერტარიანელი ქართველნი ილიას ლიბერტარ მოღვაწედ სახავდნენ! სადაც ვინმეს ხელი მოეცარა, მყისვე ილიაზე მითითება დაიწყო!
შევარდნაძის მეფობა (ნუ მოგვატყუებს ის, რომ მას პრეზიდენტი ერქვა) იყო საქართველოს კიდევ ერთი ტოტალური კატასტროფა. ეს იყო ვახტანგ VI-ის დროინდელი დიდი კატასტროფის ახლებური განმეორება. არანაირი თვითკრიტიკა არ გასმენილა ქართველ ჰუმანიტართაგან. იყო მხოლოდ საგაზეთო ჯამბაზობანი. ყველა თვალს მიეფარა და მიყუჩდა. ბიზანტიის დაცემის ეპოქაში იშვა პლეთონის, გრიგორას, ხუმნოსის ნააზრევი და მათი ანტაგონისტი პალამას ისიხია. დაცემის ჟამს წიგნიერი ბერძენნი ფიქრობდნენ ამსოფლიურ ბოროტებასა და ამაოებაზე. სუფიური სწავლებანი მაზჰაბთა შორის ომებში, დინასტიების დაცემა-აღზევებაში იქმნებოდა. დიდ აზრს ბოროტებასთან მიმთხვევა და მისი ჭვრეტა ქმნის. ბოროტზე ფიქრი აძალუმებს სულსა და აზრს. დიდმა მარცხმა შობა წინასწარმეტყველთა წიგნები. საქართველოში ეს წესი არ არსებობს ქართული სულის ბერწობის და ჭკუამცირეობის გამო. აქ მარტო ბუქნა იყოს! ქართველისათვის უცხოა თავის თავთან დარჩენა და უსიტყვო ბაასი. ქართული გონი უდიდესმა დამცირებამ და გაწბილებამ ვერ გააღვიძა ვერც სააკაშვილის შემდეგ. კათარზისული ქართული აზრი არ დაიბადა. შევარდნაძიდან სააკაშვილამდე საქართველოში იყო ბოროტებისა და ძალთაქმედების ზრდა, რომელსაც ყველა საშუალებით ამართლებდა საქართველოს დასავლელი ბატონი. ამის მიუხედავად ქართული მედასავლეთეობის ილუზია გრძელდება. მედასავლეთეობა საქართველოში აზროვნების სუროგატია, პლაცებოა ავადმყოფი, უგზო-უკვლოდ მოარული და იდენტობადაკარგული მოდგმისათვის. წიგნიერი ხალხი ერთმანეთისათვის სხვადასხვა ჯიშის ქვეწარმავალნი არიან. დასანახად სძულთ ერთურთი!
სულ მიკვირს ასეთი ზერელე და ჯამბაზი არსება როგორ ბედავს დასცინოს სხვა ხალხებს. რუსებს განსაკუთრებით შეაჩვიეს პირი. მათ არა აქვთო ფილოსოფია, მათ არ ჰქონიათო სქოლასტიკა, მათ არ სცოდნიათო მეტაფიზიკა. კი მაგრამ ქართველთა წინაპარს ჰქონდა სქოლასტიკა? იცოდა მეტაფიზიკა? გრიგორი პომერანცი (1918-2013) თავისი ნარკვევის „რუბლიოვის სამება და ტრინიტარული აზროვნება“ შენიშვნებში აღნიშნავს: «Славянский перевод Ветхого и Нового Заветов сделал ненужным изучение классических языков. Между тем даже «Добротолюбие» (труды Отцов церкви и великих подвижников) было переведено всего лишь в XVIII веке. Платона и Аристотеля древняя Русь знала только по именам. Отсюда философская неискушённость России, сказавшаяся, по Федотову, и в трагедии интеллигенции, в тяготении к философии попроще, без метафизических глубин» (Григорий Померанц. «Выход из транса», Юрист, М., 1995, стр. 337).
რუსი ავტორები წერენ თავისი ქვეყნის ისტორიაზე. ქართველთა ბოროტგანზრახული ქექვა სხვის წარსულში არის მეტად მდარე პატრიოტულ-კომპენსატორული მეთოდი. ყველას ახსოვს რამდენს წერდა ქართული მედია ცნობილ გამონათქვამზე «Поскреби русского и ты найдёшь татарина». ის კი ავიწყდებათ, რომ ქართველი არის მრავალგზისი მეტისი. მე ასე ვიტყოდი: Поскреби грузина и ты найдёшь или армянина, или осетина, или кипчака.
საქართველოს თუ ჰქონდა ფილოსოფია ბოლო ორ საუკუნეში? როცა რუსეთში იყო ლევ ტოლსტოის რელიგიური ძიებანი, საქართველოში მხოლოდ მის მოთხრობებს კითხულობდნენ. XIX საუკუნის მიწურულს ქართველი ინტელიგენცია მიისწრაფოდა მეტი სიმარტივისაკენ, საგაზეთო შარახვეტიობისაკენ. ილიას, აკაკის, ვაჟას დროს არანაირ ფილოსოფიურ აზრს საქართველოში არ გაუხარია. ფილოსოფია არ ყოფილა საქართველოში არც ნოე ჟორდანიას დიქტატორობის დროს. არავინ სწავლობდა ნიცშეს, ბერგსონს, დილთაის. ეს ბერწობა არ იყო მენშევიკური მარქსიზმის ბრალი. თვით ქართულ სიძველეთა რიგიანად შემსწავლელი არ მოიძევებოდა მენშევიკურ საქართველოში. ქართველმა როგორ უნდა დასცინოს ან რუსს, ან აფხაზს, ან ჩეჩენს, ან ოსს, ან სომეხს? აქ ან იოანე პეტრიწი როგორ იყო? საუკუნეები გავიდა და პეტრიწი არავის გახსენებია საქართველოში ანტონ კათალიკოსამდე. ან როგორ მოატანა ანტონის დრომდე პეტრიწის თხზულებებმა? ორი დიდი სვეტი ძველი ქართული მწერლობისა – ექვთიმე მთაწმიდელი (ათონელი) და გიორგი მთაწმიდელი უფრო მთარგმნელები იყვნენ, ვიდრე ორიგინალური კალმოსნები. მუდამ სხვას მისდევს ქართველი. თავისით ვერას ქმნის. ამიტომაა, რომ შოთა რუსთველის პოემა მაშინდელი არაბულ-სპარსული მაინსტრიმის ნაწილია.
სავაებოა ფილოსოფიის მდგომარეობა საქართველოში. გუგულის კრუხობაზე დაწერილი დისერტაციები, იდიოტური ვორქშოპები უნივერსიტეტებში. შეხედავ განცხადებების დაფაზე გამოკრულ სასემინარო ანონსებს და გულს შემოგეყრება თემათა მოგონილობით, იდეოლოგიური დაღდასმულობით, პოლიტიკური ანგაჟირებულობით (ილია ჭავჭავაძის დემოკრატიული ხედვები, დრო-სივრცის პრობლემა ალ. ჭავჭავაძის, გრ. ორბელიანისა და ნ. ბარათაშვილის პოეზიაში, კანტი და ბარათაშვილი, ადამიანის უფლებები აკაკი წერეთელთან). ეს გრძელდება წლობით. თავისივე დაწერილ წიგნზე რომ ჰკითხო რაიმე ფილოსოფიის პროფესორს, იმაზეც კი ვერაფერს გეტყვის. ეს იმიტომ, რომ მისი ფილოსოფოსობა სხვისი წიგნებიდან გადმოწერა და მიმსგავსებაა, ინტელექტუალური კლოუნობაა.
უმცროსი თაობის ფილოსოფოსები ყოველთვის სეგრეგირებულნი იყვნენ უფროსი თაობის კოლეგათაგან. უფროსი თაობის პროფესორებს არასოდეს აინტერესებდათ რას წერდნენ უმცროსები. ასე იყო 90-იან წლებში და ასე დარჩა ამ საუკუნის დამდეგსაც. ამას ბოლონიის პროცესი და გაბმული რეფორმები არ უშველის. ჩემი გამოცდილებით ვამბობ ყოველივე ამას. ბოლონიის პროცესი საქართველოში არის იდეოლოგიური ფორმალიზმი. აკადემიურ სინამდვილეს ის არ ცვლის.
ზემოთ ვთქვი, რომ ჰაიდეგერი ისევ ლიბერალურ გარემოში დაფასდა და მისი ნაშრომების რეკოგნიცია ისევ ლიბერალმა და სოციალისტმა კოლეგებმა დაიწყეს გერმანიასა და საფრანგეთში. იქ ერთმანეთს უსმენენ და ერთურთის ნააზრევს სწავლობენ. ამით პირველობდა ევროპული ფილოსოფია გასულ საუკუნეში. მოხუცმა ვილჰელმ დილთაიმ სემინარი დანიშნა და განიხილავდა ჰუსერლის „ლოგიკურ გამოკვლევებს“. დილთაი ეძებდა პასუხებს იმ კითხვებზე, რაზეც თავად ვერ გასცა პასუხი. დილთაი არ გაჩუმდა და არ მიჩქმალა ჰუსერლის ნაშრომის მნიშვნელობა. საქართველოში ასეთი რამ მოხდება ფილოსოფოსთა შორის? ტელესტუდიაში ჯდომისას თაფლად იღვრებიან და სინდისის მოციქულად დგებიან, ხოლო ცხოვრებაში ბებერი მტარვალები არიან. მოვიყვან კიდევ რამდენიმე ფაქტს: ფილოსოფიის ისტორიიდან ცნობილია, რომ თეოდორ ლიპსი, ვისთანაც ჰუსერლი კამათობდა „ლოგიკური გამოკვლევების“ პირველ ტომში, ებმება ჰუსერლის ფენომენოლოგიურ მოძრაობაში. XIX საუკუნის ცნობილმა ფსიქოლოგოსმა, კარლ შტუმპფმა გააბედვინა ჰუსერლს „ლოგიკური გამოკვლევების“ პირველი ტომის ხელნაწერის გამოქვეყნება, როცა სწორედ შტუმპფის ფსიქოლოგისტურ დებულებათა კრიტიკაა გაშლილი ჰუსერლის ამ ნაშრომში. ამით დაიწყო ახალი საფეხური ევროპულ ფილოსოფიაში. იყვნენ ისინიც, ვინც ჰუსერლს სულ ხელს უშლიდა, მაგრამ იყვნენ მისი დამფასებლებიც. გაჩნდნენ ჰუსერლის მიმდევრები და აქ გაიზარდა ჰაიდეგერი. თავიდან ჰუსერლს ცარიელ აუდიტორიაში უწევდა ლექციების ჩატარება. ქართველი მეცნიერი უმცროსი კოლეგისათვის ასეთ რაიმეს გააკეთებს, რაც დილთაიმ და შტუმპფმა გააკეთეს? საქართველოში მეცნიერი ფასდება არა აზრის სიძლიერითა და ორიგინალობით, არამედ პარტიული კუთვნილებით და კონიუნქტურული რეპრეზენტატულობით. განა მხოლოდ ესაა. კრიტიკას ვერ იტანენ უფროსები. სამეცნიერო კრიტიკას საკუთარ შეურაცხყოფად იღებენ და იწყება გადაკიდება, უაზრო მტრობა და დასმენები. ამასაც ჩემი გამოცდილებით ვამბობ. ეს ხომ არაა ისევ ბოლშევიკების ბრალი? უფროსი თაობის მეცნიერთ ასე მიაჩნიათ: აი, მე დავწერე ამა და ამ საკითხზე და დამთავრდა! ასე უნდა იყოს და იყოს! ეს ის პროფესორები არიან, ტელესტუდიებში რომ ისხდნენ და ყასიდად წუხდნენ ახალგაზრდა კადრების გამო.
ქართველ ფილოსოფოსთა მიერ უცხოელ მოაზროვნეებზე მითითება მხოლოდ ბოლშევიზმის გმობის მიზნით ხდებოდა. ასე მიუთითებდნენ ბერდიაევზე, ჰაიდეგერზე, სარტრზე, კამიუზე. ეს იყო იდეოლოგიური მეხრიკეობა და არამც და არამც ფილოსოფოსობა. ასევე მცდარი იყო მთელი მათი ნამსჯელი ათეიზმზე. თავებს იწყვეტდნენ ათეიზმის გამო. ის ევროპიდან მოვიდა და არ ყოფილა ბოლშევიზმის ნაშობი. ქართველ ფილოსოფოსთა ნამსჯელი იყო აბერაცია უახლოესი წარსულის გამო. საკითხის გენეზისი და ისტორია მათ არ აფიქრებდათ. ამათი ნამსჯელით რა ღმერთი მოვიდოდა საქართველოში?
დღემდე გრძელდება ბრიტანეთში XIX საუკუნის მიწურულიდან დაწყებული პოლემიკა ათეიზმის გამო. სამყაროს ათეისტური გაგება შემზადდა მარქსამდე. ათეიზმი საფრანგეთში იყო პოლიტიკური დისიდენტობის სახე, როგორც უფრო ადრე იყო კალვინიზმი. ჰაიდეგერმა გაიარა ათეიზმის გზა, როგორც აუცილებლობა. სანამ ის ღმერთისას იტყოდა, მანამ მან შექმნა ონტოლოგია და ახლებურად გაიაზრა სოკრატემდელი ფილოსოფოსნი, ევროპული სქოლასტიკა და დეკარტის შემდგომი ფილოსოფია. ეს არ დაინახეს. უბადლოა ქართველი ყველა დიდი საკითხის გატრიზავებასა და განიორწყლებაში.
ფილოსოფიაში იდეოლოგიური დაღდასმულობის მაგალითია მედასავლეთე ფილოსოფოსის, თეიმურაზ ფაჩულიას ბროშურა „კომუნიზმის საფუძვლები (ტოტალიტარიზმის პარადიგმები)“, გამომც. „ცოდნა“, თბ., 1998. მისი რეცენზენტები არიან თსუ-ს ფილოსოფოსნი, ანზორ ტყემალაძე და გიორგი ბარამიძე. ბროშურის ბოლო, 24-ე გვერდზე ფაჩულია ბიზანტიას ბაბილონის მეძავის ერთ-ერთ სახედ მიიჩნევს, იუსტინიანეს კი ბაბილონის „ისტორიულ პერსონაჟად“ ახსენებს ნაბუქოდონოსორთან, თემურ-ლენგთან, ლენინთან და სტალინთან ერთად. ბაბილონის ისტორიული პერსონაჟი კი არ იყო წმინდა იუსტინიანე, არამედ ქრისტეს სამეფოს, ბიზანტიის კურთხეული და მორჭმული ბასილევსი (527-65) იყო. ის იყო დიდი ბურჯი აღმოსავლური ქრისტიანობისა. როგორ ამბობს ფაჩულია მასზე, რომ ის ბაბილონს წარმოადგენდა?
ფაჩულიას ბროშურა არის ნიმუში, თუ როგორ შეიძლება გამოიყენო ბიბლია იდეოლოგიური და კონიუნქტურული მიზნით. ეს ბროშურა აპრიალებული ჩალაა და ის გვიდასტურებს იმას, თუ რა მალემრწმენი და სხვათა ამყოლია ქართველი კაცი. ასეთი ბროშურები ბევრი გამოვიდა მენშევიკურ საქართველოში, როდესაც მარქსიზმზე მითითებით ამხელდნენ ევროპულ იმპერიალიზმს. ფაჩულიას ფარაონ რამზესიდან დაწყებული და ჰიტლერით დამთავრებული ბაბილონის პერსონაჟებად მიაჩნია მრავალი მმართველი. რატომ არ მიათვლის ბაბილონის პერსონაჟებს ფაჩულია ამერიკის რომელიმე პრეზიდენტს, ან ბრიტანეთის ერთ პრემიერ-მინისტრს მაინც? იმიტომ, რომ ავტორმა ეს ბროშურა ანგლოსაქსური იმპერიალიზმის სადიდებლად და მას მიკედლებული მარცხიანი შევარდნაძის გასამართლებლად გამოსცა. როგორც ჟორდანიას დროს იწერებოდა ინგლისური იმპერიალიზმის სამხილებელი სტატიები (მაშინ საქართველო ბრიტანეთის მიერ იყო ოკუპირებული) მასხარა კაცებისა და ჩანჩურა მარქსისტების მიერ, ასევე დაიწერა კონიუნქტურის შესაბამისი ფაჩულიას ბროშურა XX საუკუნის მიწურულს. აი ამ ბროშურის რეცენზირებას რომ დაიწყებენ თსუ-ს ფილოსოფიის ფაკულტეტის პროფესორები, უკვე გასაგებია რატომაა ასეთი სიკოტრე ქართულ ფილოსოფიაში. ფაჩულიას არა ეყურება რა არც ისტორიისა და არც ფილოსოფიისა. მაგრამ რეცენზენტები?
გადაშლი ამ ბროშურას და მისი ანოტაცია ასე იწყება: „კომუნიზმი ტოტალიტარიზმის პირველი ისტორიული ფორმაა“. ტოტალიტარიზმის პირველი ისტორიული ფორმა არის შუამდინარეთის სამეფო, როდესაც კაცმა ისწავლა მიწის ხვნა, ანბანთწერა, სხვადასხვა ხელოვნებანი. ტოტალიტარიზმის პირველი ისტორიული ფორმა აზროვნებაში არის მემითეობა და მითოსური პანთეიზმი. ტოტალიტარიზმის ფორმებია ეკლესია, მონარქია, სამეცნიერო რაციონალიზმი და პოზიტივიზმი. სისულელეა, როდესაც ტოტალიტარიზმად წარმოაჩენენ მხოლოდ ბოლშევიზმსა და ნაციზმს. ასე გააკეთა ჰაიდეგერთან ნასწავლმა ჰანა არენდტმა. განა ახლა საბანკო და ფინანსური ტოტალიტარიზმი არაა? განა პლუტოკრატიული და კლეპტოკრატიული ტოტალიტარიზმი არაა ყველგან, სადაც ნეოლიბერალიზმი მკვიდრობს? ჰო, კაი, გაქვს შეკრების, მიმოსვლის, სიტყვის და არჩევანის თავისუფლება და რა? განა ფიქციად არ აქცია ეს ყველაფერი ფინანსურმა უნივერსალიზმმა? სად შეკრებილხართ, სად მიმოსულხართ, რა სიტყვა გითქვამთ და რა აგირჩევიათ? შეშინებულნი შეჰყურებთ გლობალური ოლიგარქატის ზეობას და ხმას ვერ იღებთ. ისევ უცხოელი ფილოსოფოსნი ამბობენ საამისო სიტყვას. ამდენს რომ უბნობდნენ სინდისის თავისუფლებაზე, სადაა ქართველთა შორის სინდისი? სადაა ის სარტრისეული პასუხისმგებლობა, რაზეც ასე ბევრი დაიყბედეს 90-იან წლებში ფილოსოფოსებმა? საერთოდ როდესმე ამოიღებს ხმას ქართული ფილოსოფია? თუ მას მხოლოდ ის ძალუძს, რომ სახელისუფლო იდეოლოგიას თითხნიდეს ყოველი ახალი მთავრობის მოსვლისას? რაში გამოიყენეს ქართველმა ფილოსოფოსებმა ან ლიბერალური სისტემის მიერ მოტანილი პლურალიზმი, ან სამეცნიერო ეთოსი?
მახსოვს, რა ამბავი იდგა 90-იან წლებში ანდრეი პლატონოვის თხზულებაზე „ჩევენგური“. რუსმა მედასავლეთეებმა ატეხეს ერთი ამბავი მის გამო და აქ რუსებს მიბაძეს. არანაირი ლიტერატურული ღირსება ამ ანტიბოლშევიკურ ნაწარმოებს არ აქვს და ის დრომ წარხვეტა. ქართველი ფილოსოფოსნი ისე იმოწმებდნენ ამ „ჩევენგურს“, თითქოს აზრის ესენცია იყო მასში. ასევე ზერელედ ხდებოდა ჯორჯ ორუელზე მითითება. მისი ანტიუტოპია მხოლოდ საბჭოთა სისტემის კრიტიკა არაა. ეს კი აქ ჯიუტად არ დაინახეს.
რაგინდარა უსამართლობაც არ უნდა მოხდეს საქართველოში, ქართველნი ისევ ისე იქნებიან. ბურჟუაზიულობის აბსოლუტიზება აზრს უკარგავს პლურალიზმს, აკადემიურ თავისუფლებას და ყველაფერს. გინდა, რომ კარგი გააკეთო, მაგრამ ყველაფერს აზრი ეკარგება მეტისმეტად შმორიან და მდაბიორულ ქართულ გარემოში. თითქოს ემანსიპირებული ინტელექტი ზეობს. რა არ იწერება და ვიღა არ ჭკუის კოლოფობს, მაგრამ აზრი მაინც ძნელად იპოვება. რამხელა პრეტენზიები აქვთ! ეს წუთისოფელი თავისი ჰგონიათ მუდამ ბითურად მყოფ ადამიანებს, რომელნიც სხვა მონობასთან ერთად სიტყვების მონებადაც იქცნენ. რას ათამაშებენ სოციოლოგიის, პოლიტეკონომიის, ფილოსოფიის ცნებებს? რას ამტკიცებს გამუდმებით ერთურთისათვის სრულიად უცხო ადამიანების კონგლომერატი? რისი შეცვლის თავი აქვს მას სოციუმში, სადაც სიტყვების სროლა არის უკანასკნელი სუროგატი თავისუფლებისა? ამის იქით არც აღარაფერია დარჩენილი.
ფილოსოფოსებს მიუძღვით ბრალი იმაში, რომ სიტყვა მეტისმეტად გაიაფდა. ქართველ ფილოსოფოსთა შორის არც აგორა იქნება როდესმე, არც სოკრატული დიალოგი. გამოსულ კრებულებსა და მონოგრაფიებში ისე ჩანდა, რომ აზრსა და აზრის გამომთქმელს ეძებდნენ. მე გადავყარე 90-იან წლებში გამოსული ფილოსოფიის ინსტიტუტისა და თსუ-ს ფილოსოფიის ფაკულტეტის კათედრებზე გამოსული კრებულები. 80-იანი წლების ბოლოდან სასოებით ვეძებდი წიგნის მაღაზიებში ამ კრებულებს. მოგვიანოდ ამ კრებულთა ბევრი ავტორი პირადად გავიცანი და დამრჩა გაწბილების, სიმწრის გრძნობა. ერთ წერტილშიც არ შეიძლება, რომ ამათ მიენდო. თვალს არ დაახამხამებენ, ისე გაგწირავენ. რისი ფილოსოფია? რისი შელერი და ჰაიდეგერი? ესენი როგორ ამხელდნენ საბჭოთა ცენზურას? ესენი რას მეტაფიზიკოსობდნენ? ერთმანეთს ასწრებდნენ თავის მოჩვენებას.
რამდენიმე სიტყვას ვიტყვი გურამ თევზაძეზე. არ მგონია, ჩემზე უკეთ მას ვინმე იცნობდეს. არასოდეს მეგონა, რომ მეცნიერ-ხელმძღვანელსა და მის ასპირანტს შორის ასეთი საძაგლური დამოკიდებულება თუ იყო შესაძლებელი. კანკალებდა თევზაძე, რომ კათედრაზე არ დავმრჩალიყავი. შური ჭამდა, რაღაცის გამკეთებელს რომ ხედავდა. ცდილობდა, რომ გული ამეცრუებინა საქმეზე და მერე საზეიმოდ გამოაცხადებდა კათედრაზე, რომ აი, ასპირანტმა არ იმუშავა და თავი გაანება სადისერტაციო თემას. მომაჩეჩა ძნელი თემა (ჰუსერლის ფენომენოლოგია), რასაც არავინ ჰკიდებდა ხელს წლების მანძილზე სირთულის გამო. მან არ ამარჩევინა თემა, როგორც წესია. თავისივე გასწორებული ჩემი ხელნაწერი, მეორედ და მესამედ ასწორა. რაც თავიდან ეწერა და ის ამოშალა, შემდეგ ისვე მოისაკლისა. შეუძლებელი იყო მასთან რაიმე ფილოსოფიურ საკითხზე საუბარი. თავის შვილს მოუწყო კარიერა. ძალიან ადრევე მოუკვარახჭინა მას სადოქტორო დისერტაცია. სააკაშვილის მოსვლის შემდეგ მიატოვა კათედრა და წავიდა თსუ-დან. იჭუ-ში კითხულობდა ლექციებს, სადაც მისი შვილი იყო რექტორი. გურამ თევზაძე არასოდეს ყოფილა ფილოსოფოსი. ის იყო მხოლოდ ფილოსოფიის ისტორიკოსი. მან ფილოსოფოსობა ლიბერალიზმის იდეოლოგიად აქცია და ვერ იტანდა სხვაგვარ დისკურსს. საწყენად დაურჩა, როდესაც ვუთხარი, რომ ჰაიდეგერის ცნება „ზაინ“ არ უნდა თარგმნილიყო ქართულად (ყოფიერება) და უთარგმნელად უნდა მოიხმარებოდეს. ასევე არ უნდა ითარგმნოს „დაზაინი“. თევზაძის თარგმანით ესაა მუნყოფიერება. არანაირი კოლეგიალობა თევზაძეს არ გააჩნდა. არასოდეს დასცდენია სიტყვა, რომ აი, ეს და ეს კარგად გაქვს დაწერილი. მხოლოდ შენიშვნები და ღვარძლი. ბოღმა იმის გამო, რომ მისი ასპირანტი მართლა მუშაობდა. ჯერ კიდევ იჭუ-ს გახსნამდე ის სულ მიქებდა გიგა ზედანიას, ნოდარ ლადარიას, გია ნოდიას. ისინი მიაჩნდა თევზაძეს ფილოსოფოსებად და მყვედრიდა იმას, რომ არ ვიყავი ლიბერალი. ფილოსოფიის ფაკულტეტიდან გამოვიდა ხელისუფლების ფუნქციონერი გიგი უგულავა და ასევე სერგო რატიანი. თევზაძე სულ აქებდა რომის პაპს და მიაჩნდა, რომ კათოლიციზმი ლიბერალიზებული ქრისტიანობის ეტალონი იყო. მასთან კამათს აზრი არ ჰქონდა.
გურამ თევზაძე ვითომ ეროვნულ მოძრაობას ემხრობოდა და ბოლშევიზმს აკრიტიკებდა 90-იან წლებში. თუ ის სისტემა სატანური და ანტიჰუმანური იყო, მაშინ მოიხსენი შენ პროფესორის, აკადემიკოსის წოდებანი, რომელიც სწორედ ბოლშევიზმის დროს მიიღე. განა მხოლოდ ესაა. გურამ თევზაძე ქართველიც არ ყოფილა. კაცი ქართლში ცხოვრობდა, თბილისში გაიზარდა და მაინც გურულობას ვერ გასცდა. გურულ ასპირანტებს არჩევდა და აფავორიტებდა. თავად თსუ-ში აკადემიკოსი თევზაძე იყო ტომობრივი ინსაიდერიზმის მოთავე და სხვაგან რა იქნება საქართველოში, რაღა თქმა უნდა? თევძაზე ტიპური დასავლეთსაქართველოელი ინტელიგენტია, რომელიც მუდამ თავს ამეტებდა იმათ, ვინც უფრო გვიან მოვიდა თბილისში. ხომ მაინც გურულობ და ქართველობა არ გინდა გურამ ბენიამინის ძეო. ბარემ ჩაქურა (გურული სამოსელი) ჩაიცვი, ცხემლაიში შეიბი წელზე და აგრე იარე.
ქართულად გამოსული ჰაიდეგერის „თემშარის“ წინასიტყვაობის დასაწყისშივე (გვ. 7) თევზაძე წერს პასუხისმგებლობაზე. შენ როგორ იტვირთავ პასუხისმგებლობას ლიბერალიზმის მარცხის დროს? რა არის თევზაძის კრიტიკული აზრი 2015-6 წლებისათვის? ჰაიდეგერის „თემშარის“ წინასიტყვაობაში (გვ. 11) თევზაძე წერს, რომ „დასავლეთის დემოკრატიის წყნარი ძალა ჰაიდეგერმა საუბედუროდ ვერ შეამჩნია“. წყნარი ძალა რა იყო? მოვიდა საქართველოში ეს წყნარი ძალა და მოიტანა ნეოკოლონიალიზმი. როდესმე რაიმე უთქვამს ამაზე ლიბერალ აპოლოგეტს, გურამ თევზაძეს? ლიბერალიზმს მიკედლებულმა შევარდნაძემ რომ გააპარტახა საქართველო, ამაზე როდესმე რაიმე უთქვამს შევარდნაძის პარტიის იდეოლოგიის შემქმნელს, გურამ თევზაძეს? ამ წინასიტყვაობაში თევზაძე მალავს იმას, რომ ჰაიდეგერი იყო მოუნანიებელი ნაცისტი. მას ბევრი უჩიჩინა კარლ იასპერსმა, რომელიც დადიოდა უნივერსიტეტებში და სამონანულო ლექციებს კითხულობდა. ჰაიდეგერმა მაინც არ მოინანია ნაცისტობა. ჰაიდეგერი ერთდროულად იყო დიდი გერმანელი ნაციონალისტი და გერმანელი ელინი ფილოსოფიაში. მან გააგერმანულა და გააელინა ევროპული ფილოსოფია. ლიბერალი ჰაიდეგერის ფილოსოფია ასეთი ვერ იქნებოდა. მონანული ჰაიდეგერი ჰაიდეგერი ვეღარ იქნებოდა. ამას არ იტყოდა თევზაძე ამ წინასიტყვაობაში. გურამ თევზაძე თუ დასწერს თავისი ცხოვრების მიწურულს საკუთარ თემშარას? გაიაზრა მან სადმე, რომ ლიბერალიზმი ბოლოს წუთისოფლის წყმედად გადაიქცა? „თემშარის“ წინასიტყვაობაშვე სწერს თევზაძე, რომ ომის შემდეგ ჰაიდეგერი ძალიან დათრგუნვილი იყო და „თემშარა“ იყო იმის ნიშანი, რომ მას სურდა სიტუაციას დაუფლებოდა. შენ რატომ არ ითრგუნები შევარდნაძის 12-წლიანი კატასტროფის შემდეგ და სად რა სიტუაცის დაეუფლე სააკაშვილის უარესი კატასტროფის შემდეგ? იქნებ ისაა სიტუაციის თევზაძისეული დაუფლება, რომ იუბილეს მალულად იწყობდე, საიუბილეო კრებულს გამოსცემდე და შენს მაქებართ იკრებდე გარშემო?
გააკეთა რაიმე თევზაძემ, რომ თსუ-ში ჩამოყალიბებულიყო ფენომენოლოგიური საზოგადოება ან თუნდაც რაიმე წრე ქართველი ფილოსოფოსებისა, სადაც აზრთა ჭიდილი იქნებოდა და არა ლიბერალთა ფერხული? 1991 წელს ჰაიდეგერის დაბადების 100 წლისთავს თსუ-ში მიეძღვნა სამეცნიერო კონფერენცია. მას შემდეგ მრგვალი თარიღები შესრულდა ჰაიდეგერის დაბადება- სიკვდილიდან და ის არავის გახსენებია. 1991 წელს ჰაიდეგერი ახსენდებოდათ მხოლოდ იდეოლოგიური მიზნით – მარქსიზმ-ლენინიზმის სარჩოლად და ამოსაგდებად. არავის გახსენებია ჰაიდეგერის „ზაინისა და დროის“ ხელახლა თარგმნა და გამოცემა ისე, როგორც ამ ნაშრომს შეეფერება. ამ ნაშრომის თევზაძისეული თარგმანი ვერაა კარგი. ჰაიდეგერის ამ ნაშრომში ნეოსქოლასტიკური პლასტებია და ამის ქართულად გადმოსაღებად ძველი ქართულის მოხმობაა საჭირო. ეს ნაშრომი რომ თარგმნო, მწიგნობრული ძველი ქართული უნდა იცოდე ისე, ვითარც იოანე პეტრიწონელმა იცოდა.
თევზაძეს თავის წიგნში „შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია“ (თსუ-ს გამომც., თბ., 1996), გეორგიოს გემისტოს პლეთონოსზე წერისას შეცდომით ოთხჯერ დაუწერია არგიპოპულა (გვ. 376). უნდა იყოს იოანე არგიროპულოსი. თევზაძეს გვარი სახელი ჰგონია. ის მხოლოდ გვარს წერს და იმასაც შეცდომით. 404-ე და 405-ე გვერდებზე ეს გვარი კვლავ არასწორად მეორდება. ბერძნულის ცოდნის მიმჩემებელ თევზაძეს უნდა შეემჩნია, რომ არგიპოპულა არაფერს ნიშნავს და ასეთი სიტყვა არ არსებობს არც ატიკურ და არც ბიზანტიურ ბერძნულში. იოანე არგიროპულოსი (1415-78) იმ ბიზანტიელ ბერძენთაგანია, ვინც იტალიური რენესანსი შეამზადა. ეს გვარი ახლაც არსებობს საბერძნეთში. ამდენჯერ რომ ახსენებ მას, უნდა მიუთითო, ვინ იყო და როდის ცხოვრობდა. არასწორადაა სახელი ფილარეტიც (გვ.412). წერია ფილატერი. თევზაძე სტუდენტებს ნიშანს აკლებდა იმის გამო, რომ არასწორად წარმოთქვამდნენ გვარებს (ნატროპი – ნატორპი, ფრეკე-ფრეგე, ადრონო-ადორნო). ამ დროს თავად სცოდავს ამ საკითხში.
აქ რომ თევზაძეს ვაკრიტიკებ, ამით გაიხარებენ მისი კოლეგები და ქირქილს ვერ მორჩებიან. თავადაც რომ კაი ხვითოები არიან, ამას არ დაინახავენ. მათ არ შეძრავთ ის, რომ ქართულ ფილოსოფიაში არაფერი იქმნება გამოსაჩენი და სახსენებელი. ამავე დროს, ოღონდ ვინმემ დაუქნიოს ხელი ტელევიზიიდან და მყისვე მირბიან დასაჯდომად და სალაყბოდ. ტელევიზიის უნახავებად დარჩნენ და ასე ჩავლენ საფლავებში.
სექტემბერი, 2016
კომენტარები