ბერტრან რასელი – ბრიტანელი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მათემატიკოსი, საზოგადო მოღვაწე, პაგუოშის კონფერენციების ერთ-ერთი დამაარსებელი, ლოგიციზმის, ნეოპოზიტივიზმის და „ნეიტრალური მონიზმის“ წარმომადგენელი.
ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი ბერტრან რასელის წიგნიდან – „ესეები“.
კითხვას იმის შესახებ, არსებობს თუ არა ღმერთი, სხვადასხვა საზოგადოებები და პიროვნებები სხვადასხვაგვარად პასუხობენ. კაცობრიობის უდიდესი უმრავლესობა მისი საზოგადოების გაბატონებულ აზრს იზიარებს. იმ უძველეს დროს, რომლის ისტორია დაზუსტებით ვიცით, ადამიანებს მრავალი ღმერთი სწამდათ. ერთი ღმერთი პირველად ებრაელებმა ირწმუნეს. პირველი მცნების დაცვა, როდესაც ის ჯერ კიდევ ახალი იყო, ძალიან რთული გახლდათ, რადგან ებრაელებს სწამდათ, რომ ბაალი, აშთორეტი, დაგონი, მოლოქი და სხვა ღმერთები რეალურად არსებობდნენ, მაგრამ ბიწიერები იყვნენ, რადგან ებრაელთა მტრებს ეხმარებოდნენ. ნაბიჯი ამ ღმერთების ბიწიერებიდან მათ არარსებობამდე საკმაოდ რთული აღმოჩნდა. იყო დრო, კერძოდ კი ანტიოქე IV-ის ეპოქაში, როდესაც ებრაელთა ელინიზების ენერგიულ მცდელობას მიმართეს. ანტიოქემ ბრძანა, რომ მათ ღორის ხორცი ეჭამათ, უარი ეთქვათ წინადაცვეთაზე და მიეღოთ აბაზანები. იერუსალიმის ებრაელთა უმეტესობა ბრძანებას დაემორჩილა, მაგრამ სოფლად წინააღმდეგობა უფრო ძლიერი იყო და მაკაბელთა ხელმძღვანელობით ებრაელებმა საბოლოოდ მოიპოვეს საკუთარი დოგმებისა და ადათების დაცვის უფლება. მონოთეიზმი, რომელიც ანტიოქეს მიერ დევნის დასაწყისში ერთი მცირე ერის მხოლოდ ნაწილის რწმენას წარმოადგენდა, ქრისტიანობისა და, მოგვიანებით, ისლამის მიერ იქნა მიღებული და ამგვარად იქცა დომინირებად შეხედულებად მთელს დედამიწაზე ინდოეთის დასავლეთით. ინდოეთიდან აღმოსავლეთით მას არანაირი წარმატება არ ჰქონია: ინდუიზმი მრავალ ღმერთს ცნობს; ბუდიზმი, მისი პრიმიტიული ფორმით – არც ერთს; არც კონფუციანობა ცნობს ღმერთს მეთერთმეტე საუკუნიდან დაწყებული. მაგრამ, თუ რელიგიის მართებულობა მისი მსოფლიო წარმატებით უნდა იქნას შეფასებული, მაშინ მონოთეიზმის სასარგებლო არგუმენტი ფრიად ძლიერია, რადგან სადაც მონოთეიზმია, იქ ფლობენ ყველაზე მრავალრიცხოვან ჯარებსა და ფლოტებს, და სიმდიდრეც ყველაზე მეტად იქ არის აკუმულირებული. დღევანდელ დღეს ეს არგუმენტი თანდათან კარგავს მნიშვნელობას. სიმართლეს შეესაბამება ის, რომ იაპონიის არაქრისტიანული საფრთხე აღგვილ იქნა, მაგრამ ქრისტიანი ახლა რუსული ათეისტური ურდოების საფრთხის წინაშე დგას და არც ისე ერთმნიშვნელოვანია, როგორც ამას მავანი ისურვებდა, ის, რომ ატომური ბომბი შესაძლოა გადამწყვეტი არგუმენტი აღმოჩნდეს თეიზმის მხარეს.
მაგრამ მოდით უარი ვთქვათ რელიგიათა განხილვის ამ პოლიტიკურ და გეოგრაფიულ გზაზე, რასაც მოაზროვნე ადამიანები ანტიკურ ბერძენთა დროიდან მოყოლებული სულ უფრო მეტად უარყოფდნენ. მას შემდეგ სამყარომ შვა ადამიანები, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ მეზობელთა რელიგიური შეხედულებების პასიურად მიღებას და ცდილობდნენ ის გაეთვალისწინებინათ, რასაც გონება და ფილოსოფია ამბობდა საკითხის შესახებ. იონიის კომერციულ ქალაქებში, სადაც ფილოსოფიას ჩაეყარა საფუძველი, ჩვ. წ.ა. მეექვსე საუკუნეში უკვე არსებობდნენ თავისუფლად მოაზროვნენი. დღევანდელ თავისუფლად მოაზროვნეებთან შედარებით მათი ამოცანა გაცილებით იოლი იყო, რადგან ოლიმპოელი ღმერთები, მიუხედავად პოეტური ფანტაზიისათვის მომხიბვლელობისა, რთულად თუ იყვნენ ისეთები, ვისი დაცვაც სუფთა გონების მეტაფიზიკური გამოყენებით შეიძლებოდა. ხალხში ისინი ორფიზმს წააწყდნენ (ვისიც ქრისტიანობას მრავალი მართებს), ხოლო ფილოსოფიაში – პლატონს, საიდანაც ბერძნებმა ფილოსოფიური მონოთეიზმი შექმნეს, ძირეულად განსხვავებული ებრაელთა პოლიტიკური და ნაციონალური ერთღმერთიანობისგან. როდესაც ბერძნული სამყარო ქრისტიანულად მოექცა, მან ახალი რწმენა პლატონურ მეტაფიზიკას შეურწყა და ამგვარად თეოლოგია იშვა. კათოლიკე თეოლოგებს წმინდა ავგუსტინეს დროიდან დღევანდელ დღემდე სწამდათ, რომ ერთი ღმერთის არსებობის დამტკიცება სუფთა გონებით შეიძლებოდა. მათ არგუმენტებს საბოლოო ფორმა წმინდა თომა აქვინელმა მიანიჭა მეცამეტე საუკუნეში, ხოლო როდესაც მეჩვიდმეტე ასწლეულში თანამედროვე ფილოსოფიას ჩაეყარა საფუძველი, დეკარტემ და ლაიბნიცმა ძველი არგუმენტები აიღეს, რამდენადმე შეალამაზეს და, უმთავრესად მათი ძალისხმევის წყალობით, ღვთისმოსაობამ ინტელექტუალური რესპექტაბელურობა შეინარჩუნა. მაგრამ ლოკემ, მიუხედავად იმისა, რომ თავად სრულიად შეგნებული ქრისტიანი იყო, ძირი გამოუთხარა ძველი არგუმენტების თეორიულ საფუძველს და მისი მრავალი მიმდევარი, განსაკუთრებით კი საფრანგეთში, ათეისტი გახდა. მე არ ვეცდები ღმერთის არსებობის ფილოსოფიური არგუმენტების ჩამოყალიბებას მათთვის დამახასიათებელი მთელი ოსტატობით. ჩემი აზრით, დარჩენილია მხოლოდ ერთი, რომელსაც ფილოსოფოსთათვის წონა გააჩნია. ეს პირველმიზეზის არგუმენტია. იგი იმაში მდგომარეობს, რომ ვინაიდან ყველაფერს, რაც ხდება, მიზეზი აქვს, უნდა არსებობდეს პირველმიზეზი, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. მიუხედავად ამისა, მას იგივე ხარვეზი გააჩნია, რაც სპილოსა და კუს არგუმენტს. გადმოგვცემენ (არ ვიცი, ჭეშმარიტების რა ხარისხით), რომ ჰინდუ მოაზროვნეს სწამდა, თითქოს დედამიწა სპილოზე იდგა. როდესაც ჰკითხეს, თუ რაზე იდგა სპილო, მან თქვა, რომ ის იდგა კუზე. როდესაც ჰკითხეს, თუ რაზე იდგა კუ, მან თქვა: „დავიღალე. იქნებ საუბრის თემა შეგვეცვალა.“ აღნიშნული გვიჩვენებს პირველმიზეზის არგუმენტის არასაკმარის ხასიათს. მიუხედავად ამისა, თქვენ შეხვდებით მას ფიზიკის შესახებ ზეთანამედროვე ტრაქტატებში, რომლებიც ამტკიცებენ, რომ, დროში უკან გადატანილი ფიზიკური პროცესები გვიჩვენებს, თითქოს არსებობდა მყისიერი დასაწყისი და მისი ღვთიური ჩარევით ხდომილებას ასკვნიან. ისინი სიფრთხილით იკავებენ თავს იმის ჩვენების მცდელობისგან, რომ ასეთი ჰიპოთეზა მოვლენებს მეტად გასაგებს ხდის.
ზებუნებრივი ქმნილების არსებობის დამცავი სქოლასტური არგუმენტები პროტესტანტ თეოლოგთა უმეტესობის მიერ ახალ მტკიცებულებათა სასარგებლოდ არის უარყოფილი, რომლებიც, ჩემი აზრით, ცალსახად ნიშნავს გაუმჯობესებას. სქოლასტური არგუმენტები ფიქრის ჭეშმარიტი მცდელობა იყო, ხოლო მათი დასაბუთება რომ საფუძვლიანი ყოფილიყო, ისინი დასკვნების ჭეშმარიტებას გვიჩვენებდნენ. ახალი არგუმენტები, რომლებსაც მოდერნისტები უპირატესობას ანიჭებენ, ბუნდოვანია, მოდერნისტები კი ზიზღნარევ წინააღმდეგობას უწევენ მათი დაზუსტების მცდელობას. მოწოდებაა გულის და არა ინტელექტისკენ. არ აქვს ადგილი იმის მტკიცებას, რომ ახალი არგუმენტების უარმყოფელები არალოგიკურები არიან, არამედ ღრმა გრძნობის ან ზნეობის არმქონენი. მიუხედავად ამისა, მოდით შევამოწმოთ ეს თანამედროვე მტკიცებულებები და ვნახოთ, არის თუ არა რაიმე, რისი დასაბუთებაც მათ შეუძლიათ.
ერთ-ერთ უსაყვარლეს არგუმენტს ევოლუცია წარმოადგენს. სამყარო ერთ დროს უსიცოცხლო იყო, ხოლო როდესაც სიცოცხლე აღმოცენდა, ეს იყო საბრალო რამ, რაც მწვანე ბალახისა და სხვა მოსაწყენი რამეებისგან შედგებოდა. თანდათან, ევოლუციის გზით, იგი განვითარდა და ცხოველებად და მცენარეებად იქცა, საბოლოოდ კი ადამიანად. თეოლოგები გვარწმუნებენ, რომ ადამიანი იმდენად დიადი ქმნილებაა, რომ შეიძლება კულმინაციად ჩაითვალოს, ვის პრელუდიას ნისლისა და ბალახის უსასრულო საუკუნეები წარმოადგენდა. მე ვფიქრობ, რომ თეოლოგებს ბედი სწყალობდათ ადამიანებთან ურთიერთობაში. როგორც ჩანს, მათ სათანადოდ არ შეუფასებიათ ჰიტლერი და ბელსენის მხეცი. თუკი ყოვლისშემძლე არსებამ მთელი იმ დროის განმავლობაში, რომელიც მის ხელთ იყო, ღირებულად ჩათვალა ევოლუციის მრავალი მილიონი წლის განმავლობაში ამ არსებებამდე მისვლა, მე მხოლოდ ის დამრჩენია სათქმელად, რომ მისი ზნეობრივი და ესთეტური გემოვნება უცნაურია. მიუხედავად ამისა, თეოლოგებს უდაო იმედი აქვთ, რომ მომავალი ევოლუცია შექმნის მეტ მათ მსგავს და ნაკლებ ჰიტლერის მსგავს ადამიანს. ჩვენც გვქონდეს ამის იმედი. მაგრამ, ველოლიავებით რა ამ იმედს, ჩვენ უარს ვამბობთ გამოცდილებაზე და თავს ვაფარებთ ოპტიმიზმს, რომლის მხარდასაჭერი ფაქტები ისტორიას არ გააჩნია.
ამ ევოლუციურ ოპტიმიზმს სხვა წინააღმდეგობებიც ხვდება. ყველა მიზეზი არსებობს ვირწმუნოთ, რომ სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე მარად არ გაგრძელდება და ამგვარად არე ნებისმიერი ოპტიმიზმისა, დაფუძნებული ისტორიის მიწიერ კურსზე, უნდა იყოს დროებითი და შეზღუდული. რასაკვირველია, სიცოცხლე შესაძლოა სხვაგანაც არსებობდეს, მაგრამ თუ ეს ასეა, ჩვენ არაფერი ვიცით ამის შესახებ და არანაირი მიზეზი არ გაგვაჩნია დავუშვათ, რომ მას უმანკო თეოლოგებთან მეტი მსგავსება აქვს, ვიდრე ჰიტლერთან. დედამიწა სამყაროს უკიდურესად პაწაწინა კუთხეა. იგი მზის სისტემის მცირე ფრაგმენტია. მზის სისტემა ირმის ნახტომის მცირე ფრაგმენტია. თავად ირმის ნახტომი კი მცირე ფრაგმენტია მილიონობით გალაქტიკისა, რომლებიც თანამედროვე ტელესკოპებით არის აღმოჩენილი. კოსმოსის ამ მცირე და უმნიშვნელო კუთხეში არსებობს მოკლე ინტერვალი ორ უსიცოცხლო ეპოქას შორის. ამ ინტერვალში კი არსებობს კიდევ უფრო მოკლე ინტერვალი, რომელიც ადამიანს მოიცავს. თუ სამყაროს მიზანი მართლაც ადამიანია, პროლოგი საკმაოდ ხანგრძლივის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს ყველაფერი ერთ მოსაწყენ და ასაკოვან ჯენტლმენს მაგონებს, რომელიც უსასრულო და უინტერესო ანეკდოტს ყვება კიდევ უფრო მეტად უინტერესო წერტილამდე, სადაც იგი სრულდება. არ მგონია თეოლოგები სათანადო ღვთისმოსაობას ავლენდნენ ასეთი შედარების შესაძლებლობის დასაშვებად.
თეოლოგთა ერთ-ერთ დეფექტს ყველა დროში ჩვენი პლანეტის მნიშვნელობის გადაჭარბებით შეფასება შეადგენდა. უეჭველია, რომ ეს სავსებით ბუნებრივი იყო კოპერნიკის დროს, როდესაც თვლიდნენ, რომ ზეცა დედამიწის გარშემო ბრუნავდა. მაგრამ კოპერნიკისა და, უფრო მეტად, დაშორებული ადგილების თანამედროვე კვლევის შემდეგ დედამიწის შესახებ ასეთმა შეხედულებამ ვიწრო, შეზღუდული მნიშვნელობა შეინარჩუნა. თუკი სამყაროს ჰყავდა შემოქმედი, გონებისთვის რთულად არის მისაღები, რომ ის განსაკუთრებულად იყო დაინტერესებული ჩვენი პატარა კუთხით, ხოლო თუ მას ინტერესი არ გააჩნდა, მისი ღირებულებები ჩვენისგან განსხვავებული ყოფილა, რადგან რეგიონთა უდიდეს უმრავლესობაში სიცოცხლე შეუძლებელია.
არსებობს ღმერთის რწმენის ზნეობრივი არგუმენტი, რომლის პოპულარიზება ვილიამ ჯეიმსმა მოახდინა. მის შესაბამისად, ჩვენ უნდა გვწამდეს ღმერთი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი საქციელი მართებული არ იქნება. ამ არგუმენტისადმი უმთავრესი და უპირველესი პასუხი ის გახლავთ, რომ, საუკეთესო შემთხვევაშიც კი იგი არა ღმერთის არსებობას ადასტურებს, არამედ პოლიტიკოსებისა და პედაგოგთა მცდელობას დაარწმუნონ ადამიანები ღმერთის არსებობაში. იმისდა მიუხედავად, მოახერხებენ ისინი ამას თუ არა, ეს არა თეოლოგიის, არამედ პოლიტიკის საკითხად დარჩება. არგუმენტი იმავე ჯგუფს მიეკუთვნება, რომელსაც ის, ბავშვების მიერ დროშისადმი პატივისცემის სწავლის ვალდებულებას რომ გულისხმობს. წრფელი რელიგიური გრძნობების მქონე ადამიანი არ დაეთანხმება იმ შეხედულებას, რომ ღმერთის რწმენა სარგებლის მომტანი უნდა იყოს, რადგან მას რეალური სურვილი ექნება გაარკვიოს, არსებობს თუ არა ღმერთი. აბსურდულია იმის მტკიცება, რომ ეს ორი კითხვა მსგავსია. ბაგა-ბაღში თოვლის ბაბუის რწმენა სარგებლის მომტანია, მაგრამ ასაკოვანი ადამიანი არ თვლის, რომ ეს ფაქტი თოვლის ბაბუის რეალურობას ადასტურებს.
ვინაიდან ჩვენ პოლიტიკას არ ვითვალისწინებთ, შესაძლოა საკმარისად ჩაგვეთვალა ზნეობრივი არგუმენტის უარყოფა, თუმცა, სავარაუდოდ, აზრს მოკლებული არ იქნება კიდევ უფრო ღრმად წასვლა. პირველ რიგში, საკმაოდ საეჭვოა, რომ ღმერთის რწმენას ყველა ის სასარგებლო ზნეობრივი შედეგი მოყვებოდეს, რომელიც მას აქვს მიკუთვნებული. ისტორიისთვის ცნობილი მრავალი დიადი ადამიანი ურწმუნო იყო. მაგალითად ჯონს სთიუარტ მილი გამოდგება. და პირიქით, ისტორიისთვის ცნობილი მრავალი უმსგავსი პიროვნება მორწმუნე გახლდათ. ასეთთა მაგალითი ურიცხვია. შესაძლოა ტიპურს ჰენრი VIII წარმოადგენდეს.
როგორც არ უნდა იყოს, ყოველთვის კატასტროფის მომასწავებელია, როდესაც მთავრობები შეხედულებებს საკუთარი სარგებლისა და არა ჭეშმარიტებისთვის უჭერენ მხარს. როდესაც ეს გზაა არჩეული, აუცილებელი ხდება ცენზურის შემოღება, რათა საზიანო არგუმენტების დაძლევა მოხდეს, და ბრძნულად ითვლება ახალგაზრდებზე ზემოქმედება აზროვნებაზე გულის აცრუების მიზნით, რაც „სახიფათო აზრების“ წახალისების საფრთხით აიხსნება. როდესაც რელიგიის წინააღმდეგ ისეთი მანკიერი პრაქტიკა გამოიყენება, როგორიც საბჭოთა რუსეთში, თეოლოგები ხედავენ, რომ ისინი ზადიანნი არიან, მაგრამ ისინი ისევ ზადიანებად რჩებიან, როდესაც აღნიშნული პრაქტიკა იმის დასაცავად გამოიყენება, რასაც თეოლოგები დადებითად თვლიან. აზრის თავისუფლება და მტკიცებულებებისთვის წონადობის მინიჭების ჩვევა გაცილებით უფრო დიდი ზნეობრივი მნიშვნელობის საკითხებია, ვიდრე ამა თუ იმ თეოლოგიური დოგმის რწმენა. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება ვამტკიცოთ, რომ თეოლოგიური რწმენა მისი სარგებლიანობის მიზნით უნდა იქნას მხარდაჭერილი მისი ჭეშმარიტების გათვალისწინების გარეშე.
არსებობს იმავე არგუმენტის უფრო მარტივი და გულუბრყვილო ფორმა, რომელიც მრავალ ინდივიდუალს მიესადაგება. ადამიანები იტყვიან, რომ რელიგიური ნუგეშის გარეშე ისინი უკიდურესად უბედურები იქნებოდნენ. რამდენადაც ეს ჭეშმარიტია, იმდენად წარმოადგენს იგი ლაჩრის არგუმენტს. ლაჩრის გარდა შეგნებულად არავინ აირჩევდა მოჩვენებით ბედნიერებას. როდესაც მამაკაცს ეჭვი შეაქვს მეუღლის ერთგულებაში, იგი უკეთესად არ მოგვეჩვენება, თუ მტკიცებულებებზე დახუჭავს თვალს. ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ერთ შემთხვევაში მტკიცებულების უგულვებელყოფა მიუღებელი, მეორე შემთხვევაში კი მისასალმებელი. ესეც რომ არ იყოს, რელიგიის მნიშვნელობა ინდივიდუალური ბედნიერების მინიჭებაში უკიდურესად გადაჭარბებულია. ხართ თუ არა ბედნიერი, ეს მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ადამიანთა უმრავლესობას ჯანმრთელობა და საკმარისი საკვები სჭირდება; მათ ასევე გარშემომყოფთა დადებითი აზრი და ახლობელთა სიყვარული ესაჭიროებათ; და კიდევ, არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ გონებრივი ჯანმრთელობაც სჭირდებათ. ამ პირობების შესრულების შემთხვევაში ადამიანი, მიუხედავად თეოლოგიისა, ბედნიერი იქნება. მათ გარეშე ადამიანთა უმეტესობა უბედური იქნებოდა, კვლავ მიუხედავად თეოლოგიისა. იმ ადამიანთა შესახებ ფიქრისას, ვისაც ვიცნობდი, ვერ აღმოვაჩინე, რომ, საშუალოდ, ისინი, ვისაც რელიგიური რწმენა გააჩნდა, უფრო ბედნიერები იყვნენ, ვიდრე ისინი, ვისაც ასეთი არ ჰქონდა.
როდესაც მე ჩემი საკუთარი მსოფლმხედველობა ჩამომიყალიბდა, გავაცნობიერე, რომ არ შემეძლო სამყაროში რაიმე დანიშნულების პოვნა, და უფრო მეტად არ მქონდა სურვილი ასეთის პოვნისა. ის, ვისაც წარმოუდგენია, რომ კოსმოსური ევოლუციის გზა შემოქმედისთვის საამო საბოლოო მიზნისკენ მიემართება, ლოგიკურად გარდუვალს ხდის (თუმცა, ჩვეულებრივ, ისინი ამას ვერ აცნობიერებენ) შეხედულებას, რომ შემოქმედი არ არის ყოვლისშემძლე ან, თუ ის ყოვლისშემძლეა, დასასრულს საშუალებების შესახებ ფიქრის გარეშე დაადგენდა. თავად მე არ მაქვს აღქმა იმისა, რომ არსებობს რაიმე სახის სასრული წერტილი, რომლისკენაც სამყარო მიისწრაფის. ფიზიკოსთა შესაბამისად, ენერგია თანდათან სულ უფრო თანაბრად განაწილდება და რაც უფრო თანაბრად იქნება განაწილებული, მით უფრო უსარგებლო გახდება ის. თანდათან ყველაფერი, რაც ჩვენ მოგვწონს და სიამოვნებას გვანიჭებს – სიცოცხლე და შუქი – გაქრება. სულ ცოტა, ასე გვარწმუნებენ ისინი. კოსმოსი თეატრს ჰგავს, რომელშიც წარმოდგენა ერთადერთხელ იმართება, ფარდის დაშვების შემდეგ კი თეატრი ცივი და ცარიელია მანამ, სანამ ნანგრევებად იქცევა. არ ვცდილობ გადაჭრით ვამტკიცო, რომ ეს ასე იქნება. ამას გაცილებით მეტი ცოდნა სჭირდება, ვიდრე ჩვენ გაგვაჩნია. მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ დღევანდელ მტკიცებულებათა საფუძველზე ეს სავარაუდოა. მე არ შევეცდები დოგმატურად ვამტკიცო, რომ არ არსებობს კოსმოსური დანიშნულება, მაგრამ ვიტყვი, რომ აღნიშნულის არსებობის სასარგებლოდ მტკიცებულების ნაგლეჯიც კი არ მოიპოვება.
შემდგომ ამისა, ვიტყვი, რომ თუ დანიშნულება არსებობს და იგი ყოვლისშემძლე შემოქმედისაა, მაშინ ეს შემოქმედი, კეთილი და მოსიყვარულე არსებიდან, როგორც გვასწავლიან, უნდა იქცეს მატარებლად უზნეობის ხარისხისა, რომელიც რთულად არის წარმოსადგენი. ადამიანი, რომელიც მკვლელობას სჩადის, ბოროტ ადამიანად ითვლება. ყოვლისშემძლე ღვთაება, თუკი ასეთი არსებობს, კლავს ყველას. ადამიანი, რომელიც შეგნებულად ასნებოვნებს სხვას კიბოთი, ვერაგად ითვლება, მაგრამ შემოქმედი, თუკი იგი არსებობს, მრავალ ათას ადამიანს ასნებოვნებს ამ საშინელი დაავადებით ყოველწლიურად. ადამიანი, ვისაც საკმარისი ცოდნა და უნარი აქვს, საკუთარი შვილები კეთილ გზაზე დააყენოს, მაგრამ სანაცვლოდ მის საპირისპიროს ირჩევს, საძულველად მიიჩნევა. მაგრამ ღმერთი, თუ იგი არსებობს, ასეთ არჩევანს მისი მრავალი შვილის მიმართ აკეთებს. ყოვლისშემძლე ღმერთის კონცეფცია, რომლის კრიტიკა არაღვთისმოსაობად ითვლება, შესაძლებელია ჩამოყალიბებულიყო მხოლოდ აღმოსავლეთის დესპოტურ რეჟიმებში, სადაც მონარქები, მიუხედავად ულმობელი სისასტიკისა, მაინც სარგებლობდნენ მათი მონების პირმოთნეობით. ამ მოდიდან გადასული პოლიტიკური სისტემის დამახასიათებელი ფსიქოლოგიაა შემორჩენილი ტრადიციულ თეოლოგიაში.
უნდა ვაღიარო, რომ არსებობს თეიზმის თანამედროვე ფორმა, რომლის შესაბამისად ღმერთი არ არის ყოვლისშემძლე, მაგრამ, მიუხედავად დიდი სირთულეებისა, მაქსიმუმს აკეთებს. ეს შეხედულება, რომელიც ახალია ქრისტიანთათვის, აზროვნების ისტორიისთვის არ გახლავთ ახალი. მისი მიგნება პლატონთან შეიძლება. არ ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იყოს მისი ცდომილების დამტკიცება. ჩემი აზრით, შეიძლება ითქვას, რომ მისი სასარგებლო საფუძვლიანი არგუმენტი არ არსებობს.
მრავალი ტრადიციული ადამიანი ისე საუბრობს, თითქოს სკეპტიკოსთა საქმე იყოს დოგმების გაქარწყლება და არა დოგმატიკოსთა საქმე – მათი დამტკიცება. ეს, რა თქმა უნდა, შეცდომაა. თუკი მე დავუშვებდი, რომ დედამიწასა და მარსს შორის ფაიფურის ჩაიდანი ბრუნავს მზის გარშემო ელიფსურ ორბიტაზე, ვერავინ შეძლებდა ჩემი მტკიცებულების გაქარწყლებას, იმ პირობით, რომ მე საკმაოდ ფრთხილი ვიქნებოდი და განვაცხადებდი, რომ ჩაიდანი საკმაოდ პატარაა, რათა ჩვენმა ყველაზე მძლავრმა ტელესკოპმა შეამჩნიოს. მაგრამ თუ მე განვაგრძობდი და ვიტყოდი, რომ რადგან ჩემი მტკიცებულების უარყოფა შეუძლებელია, დაუშვებელია ვარაუდო ადამიანის გონების მხრიდან მასში ეჭვის შეტანის შესახებ, მე მართებულად ვიფიქრებდი, რომ უაზრობას ვამბობ. თუ, მიუხედავად ყველაფრისა, ასეთი ჩაიდნის არსებობა ანტიკურ წიგნებში იქნებოდა დამოწმებული, ნაქადაგები, როგორც წმინდა ჭეშმარიტება კვირაობით, და სკოლების მეშვეობით ბავშვთა გონებაში ჩაწვეთებული, მისი არსებობის რწმენაში ეჭვის შეტანა უკვე ექსცენტრულობის ნიშნად აღიქმებოდა, ეჭვის შემტანი კი განათლებულობის ეპოქაში – ფსიქიატრის, უფრო ადრეულ პერიოდში კი ინკვიზიტორის ყურადღებას მიიპყრობდა. ჩვეულებად არის ქცეული ვარაუდი, რომ თუ რწმენა ფართოდაა გავრცელებული, იგი გონივრულობის ხარისხს უნდა ატარებდეს. არ მგონია, ვინმემ გაიზიაროს ეს აზრი, ვისაც ისტორია უსწავლია. ველურთა პრაქტიკულად ყველა რწმენა აბსურდულია. ადრეულ ცივილიზაციებში მხოლოდ ერთი პროცენტი იქნება ისეთი, რომლის შესახებ რაიმეს თქმა შეიძლება. ჩვენს დროს... ახლა კი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინო. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საბჭოთა რუსეთში მრავლადაა აბსურდული რწმენა. თუ ჩვენ პროტესტანტები ვართ, ვიცით კათოლიკეთა შორის არსებული აბსურდული რწმენის შესახებ. თუ კათოლიკეები ვართ, ვიცით, რომ პროტესტანტებს ახასიათებთ აბსურდული რწმენა. თუ კონსერვატორები ვართ, გვანცვიფრებს ლეიბორისტთა შორის არსებული ცრურწმენები. თუ სოციალისტები ვართ, შეძრწუნებულნი ვაკვირდებით კონსერვატორთა მიმნდობლობას. მე არ ვიცი, ძვირფასო მკითხველო, რომელი რწმენის მატარებელი ხართ თქვენ, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, თქვენ უნდა დამეთანხმოთ, რომ კაცობრიობის ცხრა მეათედის რწმენათა ცხრა მეათედი სრულად ირაციონალურია. მრწამსი, რომლის შესახებ გვაქვს საუბარი, რასაკვირველია, ის არის, რომელსაც თქვენ არ იზიარებთ. შესაბამისად, მე არ შემიძლია ზედმეტ თავდაჯერებულობად ჩავთვალო ეჭვის შეტანა იმაში, რაც დიდი ხანია ჭეშმარიტებად ითვლება, განსაკუთრებით ისეთ დროს, როდესაც ეს აზრი მხოლოდ კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონებში ბატონობდა, როგორც ეს თეოლოგიურ შეხედულებათა შემთხვევაში გვაქვს.
ჩემი დასკვნაა ის, რომ არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომელიმე ტრადიციული თეოლოგიური დოგმა ვირწმუნოთ და მეტიც, არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვისურვოთ, რომ ისინი ჭეშმარიტებას წარმოადგენდნენ. ადამიანი, იმდენად, რამდენადაც ბუნების ძალთა ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფება, თავისუფალია საკუთარი ბედის არჩევაში. პასუხისმგებლობა მისია და მისივეა შესაძლებლობაც.
კომენტარები