გიორგი გურჯიევი – თეოსოფი, აღმოსავლური ოკულტიზმის მიმდევარი, ქრისტიანული მისტიკურ-ანთროპოლოგისტური მოძღვრების ავტორი.
ამონარიდი აღებულია გიორგი გურჯიევის წიგნიდან – „დანახული რეალური სამყაროდან“.
ადამიანი მრავალ გავლენას ექვემდებარება; ისინი შეიძლება ორ კატეგორიად დავყოთ. პირველი – ეს არის ფიზიკურ და ქიმიურ მიზეზთა შედეგი; მეორე – თავისი წარმოშობით ასოციაციური შედეგები ჩვენი განპირობებულობისა.
ქიმიურ-ფიზიკური მოვლენები თავისი ბუნებით მატერიალურია. ისინი არის ორი ნივთიერების შეერთების შედეგი, რომლებიც რაღაც ახალს წარმოშობენ. ისინი ჩვენგან დამოუკიდებლად წარმოიშობიან და ჩვენზე გარედან მოქმედებენ.
მაგალითად, ვიღაცის ემანაცია შესაძლოა ჩემსას შეუერთდეს, ასეთი ნაზავი კი რაღაც ახალს წარმოშობს. ეს არა მხოლოდ გარეგან ემანაციებს ეხება, იგივე ხდება ადამიანის შიგნითაც.
სავარაუდოდ, თქვენ შეგინიშნავთ, თუ რაოდენ თავისუფლად ან, პირიქით, შებოჭილად გრძნობთ თავს, როდესაც ვინმე თქვენთან მეტისმეტად ახლოს ზის. როდესაც ჰარმონია არ არის, ჩვენ უხერხულობას განვიცდით.
ყოველი ადამიანი განსხვავებული სახის ემანაციებს გამოყოფს, რომლებსაც საკუთარი კანონები აქვთ და მათთვის განსხვავებული შეხამებებია დაშვებული. ერთი ცენტრის ემანაცია ქმნის შეხამებას სხვა ცენტრის ემანაციასთან. ასეთი მდგომარეობები ქიმიური შეხამების მდგომარეობაა. ემანაციები ერთმანეთისგან იმითაც განსხვავდება, თუ რა მაქვს მე დალეული – ყავა თუ ჩაი.
ასოციაციური მოვლენები – სრულიად განსხვავებული რამ არის. თუკი ვინმე ხელს მკრავს და ტირის, შედეგს ჩემზე მექანიკური ზემოქმედება წარმოადგენს. ის გარკვეულ მოგონებებთანაა შეხებაში; ან მათი ასოციაცია აძლევს ჩემში საწყისს სხვა ასოციაციებს და ა.შ. მსგავსი ბიძგის შედეგად იცვლება ჩემი გრძნობები და აზრები, მოცემული პროცესი უკვე არა ქიმიური, არამედ მექანიკური იქნება.
გავლენის ეს ორი სახეობა სათავეს იღებს საგნებიდან, რომლებიც ჩვენს სიახლოვეს იმყოფება. მაგრამ არსებობს გავლენა, რომლის სათავე მსხვილი ობიექტებია – დედამიწა, პლანეტები, მზე, სადაც განსხვავებული კანონები მოქმედებს. ამასთანავე, ამ დიდ არსებათა მრავალი გავლენა ვერ აღწევს ჩვენამდე, თუკი ჩვენ სრულად წვრილმანთა გავლენის ქვეშ ვიმყოფებით.
თავდაპირველად ფიზიკურ-ქიმიური გავლენა განვიხილოთ. მე აღვნიშნე, რომ ადამიანს რამდენიმე ცენტრი აქვს. მე ვისაუბრე ოთხთვალას, მეეტლის და ცხენის შესახებ, აგრეთვე ხელნის, სადავეებისა და ეთერის. ყველაფერს აქვს თავისი ემანაცია და თავისი ატმოსფერო. ერთი ატმოსფეროს ბუნება განსხვავდება მეორის ბუნებისგან, რადგან ყოველ მათგანს განსხვავებული წარმოშობა აქვს, განსხვავებული თვისებები და განსხვავებული შემადგენლობა. ისინი ერთმანეთის მონათესავე არიან, მაგრამ მათი მატერიის ვიბრაცია განსხვავებულია.
ოთხთვალას, ანუ ჩვენს სხეულს, აქვს ატმოსფერო თავისი განსაკუთრებული თვისებებით.
გრძნობებიც წარმოშობენ განსაკუთრებულ ატმოსფეროს, ემანაციებს, რომლებსაც შესწევს შორ მანძილზე გავრცელების უნარი.
როდესაც მე ჩემი ასოციაციების გავლენის ქვეშ ვაზროვნებ, შედეგი ყოველთვის მესამე სახის ემანაციებია.
როდესაც ოთხთვალაში სიცარიელის ნაცვლად მგზავრია, ემანაციებიც განსხვავებული იქნება, განსხვავებული მეეტლის ემანაციებისგან. მგზავრი არ არის სოფლელი ტეტია; ის ფილოსოფიაზე ფიქრობს, და არა არაყზე.
ამგვარად, ყოველ ადამიანს შესაძლოა ოთხი სახის ემანაცია ჰქონდეს; თუმცა, ეს სავალდებულო არ არის. ზოგ მათგანს ის შესაძლოა ნაკლები ხარისხით ფლობდეს, სხვებს – მეტით. ამ მიმართებით ადამიანები არ ჰგვანან ერთმანეთს; ხოლო სხვადასხვა მომენტში ერთმა და იმავე ადამიანმა შესაძლოა განსხვავებული თვისებები გამოავლინოს. მე დავლიე ყავა, მან კი არ დალია, შესაბამისად, ატმოსფერო იცვლება.
ყოველთვის აქვს ადგილი რაღაც ზემოქმედებას, რომელიც ერთ მომენტში ჩემთვის საზიანოა, სხვა დროს კი სასარგებლო. ყოველ წამს წარმოვადგენ ამას თუ იმას, ჩემს გარშემო კი არსებობს ესა თუ ის. განსხვავებული გავლენა ჩემს შიგნითაც არსებობს. მე არ ძალმიძს ამ ყველაფრის შეცვლა, მე – მონა ვარ. მსგავს გავლენას მე ფიზიკურ-ქიმიურს ვუწოდებ.
მეორე მხრივ, არსებობს სრულიად განსხვავებული ასოციაციური მოვლენები. თავდაპირველად ის განვიხილოთ, თუ როგორია ასოციაციური „ფორმის“ გავლენა ჩემზე. ფორმა ჩემზე გავლენას ახდენს. მე მიჩვეული ვარ, რაიმე განსაკუთრებულ ფორმას ვხედავდე, ხოლო როდესაც ის არ მყოფობს, მე მეშინია. ფორმა აძლევს პირველსაწყის ბიძგს ჩემს ასოციაციებს. მაგალითად, მშვენიერება – ფორმაა. სინამდვილში ჩვენ არ ძალგვიძს ვიხილოთ ფორმა ისეთი, როგორიც ის არის, ჩვენ მხოლოდ ხატს ვხედავთ. ამ ასოციაციურ გავლენათაგან მეორე – ესაა ჩემი გრძნობები, სიმპათიები და ანტიპათიები.
თქვენი გრძნობები ზემოქმედებენ ჩემზე, ჩემი გრძნობები კი შესაბამისად რეაგირებენ ამ ზემოქმედებაზე. ხანდახან კი ყველაფერი პირიქით ხდება; საქმე შეხამებაზეა დამოკიდებული. ან თქვენ ახდენთ გავლენას ჩემზე, ან მე – თქვენზე. ასეთ გავლენას შეგვიძლია „ურთიერთდამოკიდებულება“ ვუწოდოთ.
ასოციაციურ გავლენათა მესამედს შეგვიძლია „მრწამსი“ დავარქვათ. მაგალითად, ერთი ადამიანი მეორეს არწმუნებს სიტყვით. ის გარწმუნებთ თქვენ, თქვენ არწმუნებთ სხვას. ყველა არწმუნებს, ყველა ჩააგონებს.
ასოციაციურ გავლენათაგან მეოთხე – ესაა ერთი ადამიანის უპირატესობა მეორეზე. აქ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს განსაკუთრებულ გავლენას, რომელიც განსხვავდება ფორმის ან გრძნობის გავლენისგან. თქვენ შესაძლოა იცოდეთ, რომ ესა და ეს ადამიანი ჭკვიანია, მდიდარია, შესწევს სხვადასხვა საგნებზე საუბრის უნარი; ერთი სიტყვით, რაღაც განსაკუთრებულ თვისებას ფლობს, ერთგვარ ავტორიტეტს. ეს ჩვენზე ზემოქმედებას ახდენს, რადგან ის ჩვენზე მაღლა იმყოფება; მისი გავლენა კი ყოველგვარი გრძნობების გარეშე ხორციელდება.
და აი ისინიც, გავლენის რვა სახეობა; მათი ნახევარი ფიზიკურ-ქიმიურია, მეორე ნახევარი – ასოციაციური. მათ გარდა არსებობს სხვა გავლენაც, რომელიც ჩვენზე უფრო სერიოზულ ზემოქმედებას ახდენს. ჩვენი ცხოვრების ნებისმიერი წამი, ნებისმიერი გრძნობა, ნებისმიერი აზრი პლანეტების გავლენითაა შეფერადებული. ჩვენ ასეთ გავლენათა მონობაში ვიმყოფებით.
ამ ასპექტზე მცირე ხნით შევჩერდები, შემდეგ კი მთავარ საგანთან დავბრუნდეთ. არ დაგავიწყდეთ ის, რის შესახებაც ვსაუბრობდით. ადამიანთა უმეტესობა არათანმიმდევრულია და გამუდმებით გადაიხრება საგნისგან.
დედამიწა და სხვა პლანეტები გამუდმებულ მოძრაობაში არიან, ხოლო ყოველი პლანეტა თავისი სიჩქარით მოძრაობს. დროდადრო ისინი უახლოვდებიან ერთმანეთს, ხან კი შორდებიან. ამგვარად, მათი ურთიერთზემოქმედება ხან ძლიერდება, ხან კი სუსტდება. ხან კი საერთოდ წყდება. ზოგადად თუ ვიტყვით, პლანეტების ზემოქმედება დედამიწაზე მორიგეობითია: ამ წუთას ერთი პლანეტა ახდენს ზემოქმედებას, სხვა დროს – სხვა, შემდეგ – კიდევ სხვა და ა.შ. მომავალში ჩვენ განვიხილავთ თითოეული პლანეტის ზემოქმედებას ცალკეულად, ახლა კი, თქვენთვის ზოგადი იდეის გადმოსაცემად, ისინი ერთობლივად განვიხილოთ.
სქემატურად ზემოქმედება შეგვიძლია შემდეგნაირად გამოვსახოთ. წარმოიდგინეთ დიდი ზომის ბორბალი, რომელიც უშუალოდ დედამიწის თავზე ჰკიდია, მის ფერსოზე კი შვიდი ან ათი უზარმაზარი ფერადი ლამფაა დამაგრებული. ბორბალი ბრუნავს, დედამიწისკენ კი მოემართება სხივი ხან ერთი და ხან მეორე პროჟექტორიდან. ამგვარად, დედამიწა უწყვეტადაა განათებული განსაკუთრებული პროჟექტორის შუქით, რომელიც მოცემულ მომენტში ანათებს მას.
დედამიწაზე დაბადებული ყველა არსება შეფერილია შუქით, რომელიც მათი დაბადების მომენტში იყო გაბატონებული დედამიწაზე; ამ ფერს ისინი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებენ. როგორც ვერც ერთი შედეგი ვერ იარსებებს მიზეზის გარეშე, ისევე ვერც ერთი მიზეზი ვერ დარჩება უშედეგოდ. მართლაც, პლანეტები უდიდეს გავლენას ახდენენ, როგორც კაცობრიობის ცხოვრებაზე ზოგადად, ისე ცალკეული ინდივიდის არსებობაზე. თანამედროვე მეცნიერების დიდი შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ ის არ ცნობს ამ გავლენას; მეორეს მხრივ, პლანეტათა გავლენა არც ისე დიდია, როგორც ამაში ჩვენს დარწმუნებას ცდილობენ თანამედროვე „ასტროლოგები“.
ადამიანი არის სამი სახის მატერიის ურთიერთქმედების შედეგი, სახელდობრ: დადებითის (დედამიწის ატმოსფერო), უარყოფითის (მინერალები, ლითონები), და მესამე შეხამებისა, პლანეტების გავლენის, რომელიც გარედან მოდის და მატერიის ამ ორ სახეობას ხვდება. ასეთი გამანეიტრალებელი ძალაა სწორედ პლანეტების გავლენა, რომელიც ყოველ ახლად წარმოშობილ სიცოცხლეს აფერადებს. ფერი მთელი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაშია შენარჩუნებული. თუ ის წითელი იყო, მაშინ წითელ ფერთან შეხვედრისას მოცემული პიროვნება, მოცემული სიცოცხლე მასთან ნათესაობას იგრძნობს.
ფერთა ზოგი შეხამება დამამშვიდებელ ზემოქმედებას ახდენს; სხვები – შეშფოთებას იწვევენ. ყოველ ფერს თავისი განსაკუთრებული თვისება აქვს. ამაში არსებობს კანონზომიერება, ის ქიმიურ განსხვავებებზეა დამოკიდებული. არსებობს, ასე ვთქვათ, კონგენიალური და არაკონგენიალური შენაერთები. მაგალითად, წითელი ფერი რისხვის სტიმულირებას ახდენს, ლურჯი – სიყვარულს აძლევს ბიძგს. ყვითელი ფერისთვის სიანჩხლეა დამახასიათებელი. ამგვარად, თუ მე მაქვს მიდრეკილება ერთბაშად დავკარგო თავშეკავებულობა, ეს პლანეტების გავლენის შედეგია.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ან თქვენ მართლაც ვიმყოფებით ასეთ მდგომარეობაში; მაგრამ ჩვენ შეიძლება მასში აღმოვჩნდეთ. კიდევ უფრო ძლიერი ნათებაც შესაძლებელია. ხანდახან რაიმე ძლიერი გავლენა ახდენს ზემოქმედებას; მაგალითად, თქვენ იმდენად ინტენსიურად ხართ რაღაცით დაკავებული, რომ თითქოს აბჯარში იყოთ ჩამჯდარი. მდგომარეობა ასეთი არა მხოლოდ პლანეტათა გავლენის შემთხვევაშია. ხშირად დაშორებული გავლენა თქვენამდე ვერ აღწევს. რაც უფრო დაშორებულია ის, მით უფრო სუსტი იქნება. და თუნდაც საგანგებოდ თქვენთვის იყოს განზრახული, მან შესაძლოა ვერ მოაღწიოს თქვენამდე, რადგან ამას თქვენი აბჯარი აბრკოლებს.
რაც უფრო მეტადაა განვითარებული რომელიმე ადამიანი, მით უფრო მოწყვლადია ის გავლენისადმი. ზოგჯერ, ვცდილობთ რა გავლენისგან გათავისუფლებას, ჩვენ ვთავისუფლდებით ერთი მათგანისგან, მაგრამ ვნებდებით სხვა მრავალის ზემოქმედებას, და ამგვარად კიდევ უფრო ნაკლებად თავისუფლები და მეტად დამონებულები ვხდებით. ჩვენ ცხრა გავლენის შესახებ ვსაუბრობთ.
ჩვენზე ყველაფერი მოქმედებს. ნებისმიერი აზრი, ნებისმიერი გრძნობა, ნებისმიერი მოქმედება არის ამა თუ იმ გავლენის შედეგი. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ყველა ჩვენი გამოვლინება ისეთია, როგორიც არის, შედეგად რაიმე გარეშე გავლენისა. ხანდახან ეს – მონობაა, და ეს გვამცირებს, ხანდახან კი ასეთ შედეგს არ იწვევს; ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა გვსურს. ჩვენ ასევე ვართ მრავალი დამოკიდებულების გავლენის ქვეშ ცხოველებთან ერთად. ჩვენ შესაძლოა გვსურდეს კიდეც რამდენიმე მათგანისგან გათავისუფლება; მაგრამ, ვთავისუფლდებით რა მათგან, ვნებდებით ათობით სხვას. მეორეს მხრივ, ჩვენ მართლაც გვაქვს გარკვეული არჩევანი, სხვა სიტყვებით, შეგვიძლია შევაკავოთ რომელიმე გავლენა და უკუვაგდოთ სხვა. შესაძლებელია გავლენის ორი სახისგან გათავისუფლება.
ფიზიკურ-ქიმიური გავლენისგან გასათავისუფლებლად პასიურები უნდა ვიყოთ. ვიმეორებ: ესაა გავლენა, გამოწვეული სხეულის ატმოსფეროთი, მისი ემანაციებით, ისევე, როგორც გრძნობისა და აზრის ემანაციებით, რიგ ადამიანებში კი ასევე ეთერითაც. ასეთი გავლენისთვის წინააღმდეგობის გასაწევად პასიურები უნდა ვიყოთ; მაშინ ჩვენ მათგან მეტად თავისუფლები გავხდებით. აქ მიზიდულობის კანონი მოქმედებს: მსგავსი იზიდავს მსგავსს. სხვა სიტყვებით, ყველაფერი იმ ადგილისკენ მიდის, სადაც იმავე სახის მეტი ელემენტია; ვისაც ბევრი აქვს, იმას კიდევ უფრო მეტი მიეცემა; მას, ვისაც მცირედი აქვს, ეს მცირედიც წაერთმევა.
თუ მე მშვიდად ვარ, ჩემი ემანაციები დამძიმებულია; ამიტომ ჩემამდე სხვა ემანაციებიც აღწევს და მე მათი შთანთქმა შემიძლია – იმდენის, რამდენი თავისუფალი ადგილიც არის. ხოლო თუ მე აღზნებულ მდგომარეობაში ვარ, მაშინ არასაკმარისად მაქვს ემანაციები და ამ მიზეზით ისინი სხვებისკენ მიდიან.
თუ ემანაციები ჩემკენ მოედინება, ისინი თავისუფალ ადგილს იკავებენ, რადგან საჭირო იქ არიან, სადაც სიცარიელეა.
ემანაციები იქ რჩებიან, სადაც სიმშვიდეა, სადაც არ არის უთანხმოება, სადაც არის თავისუფალი ადგილი. თუ თავისუფალი ადგილი არ არსებობს, თუ ყველაფერი დაკავებულია, ემანაციები შესაძლოა მე შემეჯახონ: მაგრამ ასეთ შემთხვევაში ისინი უბრალოდ ასხლტება ან გვერდზე ჩამივლის. თუ მშვიდად ვარ, მე მაქვს თავისუფალი ადგილი მათ მისაღებად; თუ მე სავსე ვარ, ისინი არ მაწუხებენ. ამგვარად, მე ორივე შემთხვევაში დაცული ვარ.
მეორე სახის გავლენის ანუ ასოციაციებისგან გასათავისუფლებლად ხელოვნური ბრძოლაა საჭირო. აქ განზიდვის კანონი მოქმედებს. ის იმაში მდგომარეობს, რომ მცირედს რაღაც ემატება; სხვა სიტყვებით, ის პირველი კანონის საპირისპიროა. ასეთი გავლენის პირობებში ყველაფერი განზიდვის კანონის შესაბამისად ხდება.
ამგვარად, გავლენისაგან გასათავისუფლებლად არსებობს ორი დამოუკიდებელი პრინციპი გავლენათა ორი განსხვავებული სახისათვის. თუ გსურთ, რომ იყოთ თავისუფალი, უნდა იცოდეთ, რომელი პრინციპი უნდა გამოიყენოთ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში. თუ განზიდვას გამოიყენებთ იქ, სადაც მიზიდულობის გამოყენებაა აუცილებელი, მარცხს განიცდით. მრავალი სწორედ იმას აკეთებს, რაც არ უნდა გააკეთოს. ორ გავლენას შორის განსხვავების შემჩნევა საკმაოდ იოლია; ამის გაკეთება მყისვე შეიძლება.
სხვა გავლენათა დროს კი დიდი ცოდნაა საჭირო. მაგრამ გავლენის ეს ორი სახეობა მარტივია; ყველა შეძლებს იხილოს, თუ საქმეზე შეხედვის სიმძიმეს იტვირთებს, – რა სახის გავლენას აქვს ადგილი. თუმცა ზოგი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ იცის ემანაციების არსებობის შესახებ, მათ შორის განსხვავებას ვერ ხედავს. და მაინც, საგულდაგულო დაკვირვებისას ასეთი ემანაციების განსხვავება იოლია. ერთობ საინტერესოა ასეთი გამოკვლევის ჩატარება; ჩვენ ყოველდღიურად სულ უფრო დიდ შედეგებს ვაღწევთ, ვიძენთ ამოცნობის გემოვნებას. მაგრამ ამის თეორიულად ახსნა უკიდურესად რთულია.
მყისიერად რაიმე შედეგის მიღწევა შეუძლებელია, ისევე, როგორც შეუძლებელია გავლენისგან გათავისუფლება. მაგრამ კვლევა და ამოცნობა ყველასათვისაა შესაძლებელი.
ფერიცვალება – შორეული მიზანია, რომელიც ბევრ შრომასა და დროს მოითხოვს. შესწავლას კი ბევრი დრო არ სჭირდება. და მაინც, თუ თქვენ მოემზადებით ცვლილებისთვის, ის ნაკლებად რთული იქნება, და თქვენ არ დაგჭირდებათ ამოცნობაზე დროის დაკარგვა.
მეორე სახის, ასოციაციური გავლენის შესწავლა უფრო იოლი პრაქტიკულადაა. მაგალითად, განვიხილოთ ფორმის გავლენა. თქვენ ახდენთ გავლენას ჩემზე თუ მე – თქვენზე. ფორმა ხომ რაღაც გარეგნულია: ჟესტები, სამოსი, სისუფთავე ან უსუფთაობა; ამ ყველაფერს, ჩვეულებრივ, ნიღაბს უწოდებენ. თუკი გაერკვევით იმაში, თუ რა ხდება აქ, იოლად შეძლებთ მის შეცვლას. მაგალითად, თქვენ მოსწონხართ მას, როდესაც შავი ტანსაცმლით ხართ მოსილი და, ამის წყალობით, მასზე გავლენის მოხდენა შეგიძლიათ. ან მას შეუძლია თქვენზე გავლენის მოხდენა. მაგრამ გსურთ თუ არა სამოსის შეცვლა მხოლოდ მისთვის, თუ სხვა ადამიანებისთვისაც? ზოგს ამის გაკეთება მხოლოდ მისთვის სურს, სხვებს – არა. ზოგჯერ კომპრომისი აუცილებელია.
არასდროს არაფერი მიიღოთ სიტყვასიტყვით. ეს მხოლოდ მაგალითად მოვიტანე.
რაც შეეხება ასოციაციური გავლენის მეორე სახეობას, რომელსაც ჩვენ გრძნობისა და ურთიერთდაომკიდებულების გავლენა ვუწოდეთ, აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ჩვენს მიმართ სხვათა დამოკიდებულება თვით ჩვენზეა დამოკიდებული. გონივრულად ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია იმის შეგნება, რომ პასუხისმგებლობა ჩვენში ძევს, ჩვენს შინაგან და გარეგან დამოკიდებულებაში. თქვენს მიმართ სხვა ადამიანების დამოკიდებულება ხშირად თქვენს საკუთარ დამოკიდებულებას ასახავს: თქვენ იწყებთ და სხვა ადამიანი იგივეს აკეთებს. თქვენ გიყვართ და მასაც უყვარს. თქვენ არათანმიმდევრული ხართ, და ისიც ასეთია. ასეთია კანონი: თქვენ გასცემთ – და იღებთ.
მაგრამ ზოგჯერ ვითარება განსხვავებულია. ზოგჯერ ერთი უნდა გიყვარდეს, მეორე კი არა. ზოგჯერ, თუ თქვენ მოგწონთ ქალი, მას არ მოსწონხართ; მაგრამ როგორც კი თქვენ ის აღარ მოგწონთ, მას მოსწონხართ. ეს ფიზიკურ-ქიმიური კანონის შედეგია.
ყოველივე სამი ძალის მოქმედების შედეგია: ყველგან არსებობს მტკიცება და უარყოფა, კათოდი და ანოდი. ადამიანი, დედამიწა, სხვა ყველაფერი – მაგნიტის მსგავსია. განსხვავება მხოლოდ ემანაციათა რაოდენობაშია. ყველგან ორი ძალა მოქმედებს: ერთი იზიდავს, მეორე განიზიდავს. როგორც უკვე ვთქვი, ადამიანიც მაგნიტია. მარჯვენა ხელი უბიძგებს, მარცხენა – ექაჩება. ან საქმის ვითარება შექცეულია. ყოველთვის არსებობს ბიძგი და მოქაჩვა ან მოქაჩვა და ბიძგი. როდესაც თქვენი ბიძგი და მოქაჩვა სათანადოდ გაწონასწორებულია სხვა ადამიანის ბიძგსა და მოქაჩვასთან, თქვენ სიყვარული და მართებული ურთიერთობები გიყალიბდებათ. ასე რომ, შედეგი შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს. თუ მე ვუბიძგებ, ის კი, შესაბამისად, ექაჩება, ან თუ იგივე შეუთანხმებლად კეთდება, შედეგი განსხვავებული იქნება. ხანდახან მეც და ისიც ხელს ვკრავთ ერთმანეთს. თუ ამ დროს რაიმე შეთანხმებულობა არსებობს, შედეგად წარმოშობილი გავლენა დამამშვიდებელი ხასიათისაა, თუ არა – შედეგი საპირისპირო იქნება.
ერთი მეორეზეა დამოკიდებული. მაგალითად, მე ვერ ვმშვიდდები; მე ვუბიძგებ, ის კი ქაჩავს. ან, მე ვერ დავმშვიდდები, თუ სიტუაციის შეცვლას ვერ მოვახერხებ. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია როგორმე ყველაფრის დარეგულირება ვცადოთ. არსებობს კანონზომიერება: ბიძგის შემდეგ წარმოიქმნება პაუზა. შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს პაუზა, თუკი შევძლებთ მის გახანგრძლივებას და არ გვექნება მისწრაფება წინ შემდეგი ბიძგისკენ. თუ სიმშვიდეს შევინარჩუნებთ, მაშინ შევძლებთ სარგებლის მიღებას ვიბრაციიდან, რომელიც ბიძგს მოსდევს.
ყველას შეუძლია შეჩერება, ვინაიდან არსებობს კანონი, რომლის თანახმად ყველაფერი მანამ მოძრაობს, სანამ იმპულსი გრძელდება. შემდეგ შეჩერება: მე ან მას მოძრაობის შეწყვეტა შეგვიძლია. ყველაფერი ამგვარად ხდება. ბიძგი თავის ტვინში – და იწყება ვიბრაცია. თუ იმპულსი ძლიერია, მაშინ მოძრაობის შეწყვეტამდე ხანგრძლივი დრო გაივლის. იგივე ეხება ვიბრაციებს თავის ტვინში: თუ მე ვწყვეტ ბიძგების განხორციელებას, ვიბრაციები ჩერდება და მშვიდდება. უნდა ვისწავლოთ მათი შეჩერება.
თუ მე ცნობიერად ვიმოქმედებ, ურთიერთქმედებაც ცნობიერი იქნება. თუ მე არაცნობიერად ვიმოქმედებ, ყველაფერი იმის შედეგი იქნება, რასაც მე ვგზავნი.
მე რაღაცას ვამტკიცებ; ის ნათქვამის უარყოფას იწყებს. მე ვამბობ, რომ ეს ნივთი – შავია, მას კი კამათი უყვარს და ამბობს, რომ ის თეთრია. თუ მე განზრახ დავეთანხმები მას, ის მხარს იცვლის და შეუდგება მტკიცებას იმისა, რასაც მანამდე უარყოფდა. მას არ შეუძლია დათანხმება, რადგან ყოველი ბიძგი მასში საპირისპირო რეაქციას იწვევს. თუ დაიღლება, შესაძლოა თანხმობა გამოთქვას, მაგრამ ასეთი თანხმობა შინაგანი არ იქნება. მაგალითად, მე გთხოვთ გამესაუბროთ: როდესაც გხედავთ, მე სიმპათიით ვარ თქვენს მიმართ გამსჭვალული. ესაა პირვეილ ბიძგი, უფრო ძლიერი ვიდრე თვით საუბარი; ეს მაიძულებს გარეგნულად ჩემი თანხმობა გამოვხატო. ხანდახან თქვენ უკვე გწამთ, მაგრამ მაინც განაგრძობთ კამათს.
უკიდურესად საინტერესოა დაკვირვება ადამიანთა საუბარზე, რომელშიც ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას. ეს გაცილებით უფრო საინტერესო სანახაობაა, ვიდრე ფილმის ყურება. ზოგჯერ ორნი ერთსა და იმავეს ამბობენ; ერთი ამტკიცებს, მეორე კი არ იღებს ნათქვამს და კამათობს, თუმცა იმავე აზრზე დგას.
ყველაფერი მექანიკურია.
რაც შეეხება ურთიერთდამოკიდებულებას, შეგვიძლია ასეთი წესი ჩამოვაყალიბოთ: ჩვენი გარეშე ურთიერთობა ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენ შეგვიძლია მისი შეცვლა, თუ ამისათვის სათანადო ღონისძიებებს გავატარებთ.
გავლენის მესამე სახე – ესაა ჩაგონება; ეს მძლავრი იარაღია. ყოველი ადამიანი იმყოფება ჩაგონების გავლენის ქვეშ; ერთი ადამიანი მეორეს ჩააგონებს რაღაცას. მრავალი ჩაგონება იოლად ხორციელდება, განსაკუთრებით ისეთ დროს, როდესაც ჩვენ არ ვიცით, რომ მისი ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფებით; და თუნდაც ვიცოდეთ ამის შესახებ, ჩაგონება მაინც აღწევს ჩვენში.
უკიდურესად მნიშვნელოვანია შემდეგი კანონის გაგება. როგორც წესი, ჩვენი ცხოვრების ყოველ მომენტში ჩვენში მხოლოდ ერთი ცენტრი მუშაობს: გონება ან გრძნობა. ჩვენი გრძნობა ერთი სახისაა, როდესაც მას მეორე ცენტრი არ უმზერს, როდესაც არ არის კრიტიკის საშუალება. ცენტრი თავისთავად არ ფლობს ცნობიერებას, არ ფლობს მეხსიერებას; ეს ხორცის ერთგვარი განსაკუთრებული ნაწილია, განსაკუთრებული ორგანო, ერთგვარი კომბინაცია ნივთიერებებისა, რომელსაც მხოლოდ რეგისტრირების სპეციალური უნარი აქვს.
სინამდვილეში ცენტრი მაგნიტურ ფირს მოგვაგონებს: თუკი მე რაიმეს ვეუბნები მას, მოგვიანებით მან შეიძლება ეს გაიმეოროს. ის სრულად, ორგანულად მექანიკურია. ყველა ცენტრი განსხვავდება ერთმანეთისგან თავისი სუბსტანციით; მაგრამ მათი თვისებები მსგავსია.
და აი, თუ მე ერთ ცენტრს ვეუბნები, რომ თქვენ მშვენიერი ხართ, მას სწამს ამის. თუ ვეუბნები, რომ ეს ნივთი წითელია – მას ესეც სწამს. მაგრამ მას არ ესმის ნათქვამი, რადგან მისი გაგება სრულად სუბიექტურია. მოგვიანებით, თუ მას შევეკითხები, პასუხად ის ჩემსავე ნათქვამს მიბრუნებს. ის არც ასი და არც ათასი წლის შემდეგ შეიცვლება; ის მუდამ ერთნაირია. ჩვენი გონება თავისთავად არ ფლობს კრიტიკულ უნარს, არ ფლობს ცნობიერებას, მას არაფერი გააჩნია. ასეთივეა ყველა სხვა ცენტრი.
ასეთ შემთხვევაში რას წარმოადგენს ჩვენი ცნობიერება, ჩვენი მეხსიერება, ჩვენი კრიტიკული უნარი? ეს ყველაფერი უკიდურესად ადვილია. ეს მაშინ ჩნდება, როდესაც ერთი ცენტრი საგანგებოდ აკვირდება მეორეს, როდესაც ის ხედავს და გრძნობს იმას, რაც იქ ხდება, თავის შიგნით არეგისტრირებს ამას.
ის ახალ შთაბეჭდილებებს იღებს; მოგვიანებით, თუ ჩვენ ვისურვებთ იმის გაგებას, თუ რა მოხდა წინამორბედ ჯერზე, თუ კითხვას დავსვამთ და პასუხის ძიებას სხვა ცენტრში შევუდგებით, ჩვენ შევძლებთ იმის პოვნას, რაც პირველ ცენტრში ხდებოდა. იგივე ეხება ჩვენს კრიტიკულ უნარსაც: ამ დროს ერთი ცენტრი აკვირდება მეორეს. ერთი ცენტრით ჩვენ ვაკვირდებით და ვიცით, რომ ეს საგანი – წითელია; მეორე ცენტრი კი მას ლურჯად აღიქვამს. ერთი ცენტრი ყოველთვის ცდილობს მეორის დარწმუნებას. აი, ეს არის კრიტიკა.
თუ ორი ცენტრი ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ეთანხმება ერთმანეთს რაიმე საკითხში, ასეთი უთანხმოება ჩვენს მიერ საგანზე ფიქრსაც კი ხელს უშლის.
თუ მეორე ცენტრი არ აკვირდება პირველს, პირველი ისე განაგრძობს ფიქრს, როგორც ადრე ფიქრობდა. ჩვენ ძლიერ იშვიათად ვაკვირდებით ერთ ცენტრს მეორიდან; შესაძლოა ეს ხდებოდეს მხოლოდ ერთი წუთის განმავლობაში დღეში. როდესაც გვძინავს, არასოდეს ვაკვირდებით ერთ ცენტრს მეორიდან; ამას, ისიც იშვიათად, მხოლოდ სიფხიზლისას ვაკეთებთ.
ადამიანთა უმრავლესობის ყოველი ცენტრი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. მას არაკრიტიკულად სწამს ყველაფრის, რაც ესმის, არეგისტრირებს ყველაფერს ისე, როგორც გაიგონა. თუკი მას ესმის რაიმე, რაც ადრე ჰქონდა გაგონილი, უბრალოდ არეგისტრირებს ამას. ხოლო თუ ესმის რაიმე მცდარი, მაგალითად, როდესაც ის, რასაც ადრე წითელი ეწოდებოდა, ახლა ლურჯად მოიხსენიება, – ის ეწინააღმდეგება სიახლეს, მაგრამ არა იმიტომ, რომ სიმართლის გარკვევა სურს, არამედ იმ მიზეზით, რომ მყისვე ვერ იჯერებს. სინამდვილეში კი მას სწამს, სწამს ყველაფრის. თუკი რაიმე განსხვავებული აღმოჩნდება ხოლმე, მას უბრალოდ დრო სჭირდება. თუ ამ დროს მეორე ცენტრი არ ახორციელებს დაკვირვებას, ის ლურჯს დაადებს წითელზე. ამგვარად, ლურჯი და წითელი ერთად აღმოჩნდებიან. მოგვიანებით, როდესაც ჩვენ ამ ცენტრის ჩანაწერებს ვკითხულობთ, ის გვპასუხობს: „წითელი“. მაგრამ იმავე ალბათობით შეიძლება მივიღოთ პასუხი: „ლურჯი“.
ახალი მასალის კრიტიკული აღქმის უზრუნველყოფა შესაძლებელია, თუ იმაზე ვიზრუნებთ, რომ აღქმის დროს გვერდით იყოს სხვა ცენტრი და ამ მასალას გვერდიდან აღიქვამდეს. დავუშვათ, რომ მე ახლა რაღაც ახალს ვამბობ. თუ თქვენ მე ერთი ცენტრით მისმენთ, იმაში, რასაც მე ვამბობ, ახალი არაფერი იქნება. თქვენ განსხვავებულად უნდა ისმინოთ. ღირებულება იგივე რჩება: ლურჯი წითელი აღმოჩნდება, ან წითელი – ლურჯი; არანაირი ცოდნა არ გვექნება.
თუ რაიმე ახალის გაგონება გსურთ, ახლებურად უნდა მოისმინოთ. ეს არა მხოლოდ მუშაობის დროს, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც აუცილებელია. თუ თქვენ დაინტერესდებით ყველაფრით, რაც სიახლეა და დაიმახსოვრებთ მას ახალი მეთოდებით, შედარებით დიდ თავისუფლებას მოიპოვებთ ცხოვრებაში, მეტ უსაფრთხოებას. ამ ახალი მეთოდის გაგება ერთობ იოლია: ის აღარ წარმოადგენს სრულ ავტომატიზმს, ეს ერთგვარი სანახევრო ავტომატიზმია. ის შემდეგში მდგომარეობს: როდესაც აზრი სახეზეა, შეეცადეთ შეიგრძნოთ; როდესაც რაღაცას გრძნობთ, შეეცადეთ აზრები ამ გრძნობისკენ მიმართოთ. მოცემულ წუთამდე თქვენი გრძნობები და აზრები დაშორიშორებული იყო.
გონებაზე დაკვირვებას გრძნობებით შეუდექით, იგრძენით ის, რასაც ფიქრობთ. მოემზადეთ ხვალინდელი დღისთვის, უფრთხილდით სიცრუეს. ვერასოდეს შეძლებთ იმის გაგებას, რის გადმოცემასაც მე ვცვდილობ, თუ მხოლოდ მომისმენთ.
კომენტარები