ფრიდრიხ ნიცშე – XIX საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსი. წერდა კრიტიკულ წერილებს რელიგიაზე, სიკვდილზე, თანამედროვე კულტურაზე და მეცნიერებაზე მეტაფორებისა და აფორიზმების გამოყენებით.
ამონარიდი აღებულია ფრიდრიხ ნიცშეს წიგნიდან – „ანტიქრისტე“.
ქართული თარგმანი ეკუთვნის გიორგი თავაძეს.
დამტკიცებულია ხსნის დღეს, პირველი წლის პირველ დღეს
(– 1888 წლის 30 სექტემბერს ყალბი წელთაღრიცხვით)
სასიკვდილო ომი მანკიერების წინააღმდეგ: მანკიერება ქრისტიანობაა
პირველი დებულება. – ყოველგვარი სახის არაბუნებრიობა მანკიერია. ყველაზე უფრო მანკიერი ადამიანი მღვდელია. იგი არაბუნებრიობას ასწავლის. მღვდლების წინააღმდეგ საჭირო არაა მიზეზების მოყვანა, მათ საპყრობილე ესაჭიროებათ.
მეორე დებულება. – ღვთისმსახურებაში ნებისმიერი სახით მონაწილეობა საზოგადოებრივ ზნეობაზე თავდასხმაა. პროტესტანტების მიმართ უფრო მეტი სიმკაცრეა საჭირო, ვიდრე კათოლიკეების მიმართ, ლიბერალი პროტესტანტების მიმართ უფრო მეტად, ვიდრე ორთოდოქსი პროტესტანტების მიმართ. დამნაშავეობის ხარისხი ქრისტიანში მით უფრო იზრდება, რაც უფრო ახლოსაა ის მეცნიერებასთან. შესაბამისად, დამნაშავეთა შორის დამნაშავე – ეს ფილოსოფოსია.
მესამე დებულება. – დაწყევლილი ადგილი, სადაც ქრისტიანობამ თავისი ბასილისკოს კვერცხები გამოჩეკა, უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა. როგორც დედამიწის ბილწი ადგილი, ის მომავალი თაობებისთვის საზარელი უნდა იყოს. იქ შხამიან გველებს უნდა ამრავლებდნენ.
მეოთხე დებულება. – უბიწოების ქადაგება არაბუნებრიობისადმი საჯარო მოწოდებაა. ყოველგვარი ზიზღი სქესობრივი ცხოვრების მიმართ, ცნება „უსუფთაო“-ს მეშვეობით მისი გაუწმინდურების ყოველი მცდელობა, არის ნამდვილი ცოდვა ცხოვრების წმინდა სულის წინაშე.
მეხუთე დებულება. – ერთ მაგიდასთან მღვდელთან ერთად ჭამა თვითგარიყვის ტოლფასია. ამით ადამიანი პატიოსანი საზოგადოებიდან საკუთარ თავს განკვეთს. მღვდელი ჩვენი ჩანდალაა. იგი კანონგარეშედ უნდა გამოცხადდეს, იგი უნდა აშიმშილონ, იგი ყველა სახის უდაბნოში უნდა განიდევნოს.
მეექვსე დებულება. – „წმინდა“ ისტორიას ის სახელი უნდა დაერქვას, რასაც ის იმსახურებს: წყეული ისტორია. სიტყვები „ღმერთი“, „მხსნელი“, „მაცხოვარი“, „წმინდანი“ სალანძღავ სიტყვებად, დამნაშავის დამღად უნდა იქნეს გამოყენებული.
მეშვიდე დებულება. – დანარჩენი ზემოთქმულიდან გამომდინარეობს.
ანტიქრისტე
კომენტარები