მამაკაცისა და ქალის განვითარება

მამაკაცისა და ქალის განვითარება

ბერნარდ ლივეხუდი – ექიმი, ფსიქიატრი, პედაგოგი, მართვის ფსიქოლოგი და კონსულტანტი. 

 

ამონარიდი აღებულია ბერნარდ ლივეხუდის წიგნიდან – „ადამიანის ცხოვრების გზა“.

 

წიგნის დეტალური დათვალიერება

ამ თავში ჩემი ამოსავალი წერტილი იქნება მამაკაცისა და ქალის სულიერი თანასწორობა: ეს ნიშნავს მეს დონეზე თანასწორობას. კაციცა და ქალიც ადამიანები არიან და გააჩნიათ ინდივიდუალობა: მიუხედავად სქესობრივი განსხვავებისა, სწორედ იგი განსაზღვრავს ინდივიდის განვითარების გეზს.

 

ამავე დროს, ბრმა უნდა იყო, ორ სქესს შორის ბიოლოგიური განსხვავება რომ უარჰყო. ბიოლოგიურად მამაკაცი და ქალი ურთიერთშემავსებელნი არიან: როგორც ეს სიცოცხლის ნებისმიერი მაღალი ფორმის შემთხვევაში ხდება, მათ ერთმანეთი სჭირდებათ, რათა უზრუნველყონ სახეობის განუწყვეტელი არსებობა.

 

ვინაიდან მშვინვიერი ცხოვრება განისაზღვრება ბიოლოგიური ძალებისა და სულის ზემოქმედებით, განსხვავება არსებობს მამაკაცისა და ქალის სამშვინველს შორისაც.

 

კაცისა და ქალის ფსიქიკაში ძალთა ორი განსხვავებული ველი მოქმედებს. ბიოლოგიური მოთხოვნილებების სფეროდან სამშვინველში იჭრება სხვადასხვა იმპულსები და ლტოლვები, სულიერი სწრაფვებიდან კი ორივე სქესისათვის ინდივიდუაციის ერთი და იგივე პრობლემა მომდინარეობს. ხოლო რამდენადაც ადამიანი სამი ასპექტის, კერძოდ, სხეულის, სამშვინველისა და სულის, ერთიანობაა, ინდივიდუაციის სულიერ გზას განსხვავებული ელფერი გააჩნია ქალში და მამაკაცში. ყოველი ინდივიდი უნიკალური და თანასწორუფლებიანია მაშინაც კი, როცა სულიერი და მორალური განვითარების დონე ურთიერთგანსხვავებულია. ის ფაქტი, თუ სად დგას ინდივიდი განვითარების გზაზე, არ განსაზღვრავს მის ღირებულებას, ისევე როგორც მოხუცი ბავშვზე არც მეტია და არც ნაკლები. ვისაც მეტი გაეგება, მეტი პასუხისმგებლობაც ენიჭება მორალურ და სოციალურ პრობლემებთან ან ცოდნის საკითხებთან დაკავშირებით. ამ მიზეზით ვამბობ, რომ ყველა ინდივიდი, როგორც მისწრაფებების მქონე ადამიანი, თანასწორია. სხვა კონტექსტში უკვე ვთქვი: «ადამიანის ფსიქიკა ორი სამყაროს მოქალაქეა – სულიერისა და ბიოლოგიურის». სწორედ ბიოლოგიური ზემოქმედების გამო განსხვავდება ერთმანეთისაგან ქალისა და მამაკაცის მშვინვიერი ცხოვრება.

 

თავისი ხანგრძლივი და მდიდარი ცხოვრების მანძილზე სიღრმის ფსიქოლოგი კარლ გუსტავ იუნგი ფენომენოლოგიურად აღწერდა არა მარტო თავისი პაციენტების ფხიზელ და სიზმრისეულ მშვინვიერ ცხოვრებას, არამედ თავის საკუთარ მშვინვიერ ცხოვრებასაც. იგი ფაქიზი დამკვირვებელი იყო და ფენომენთა დაკვირვებისას ცდილობდა მოეხსნა თეორიის ან სისტემის ფერადი სათვალე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გარკვეულ მოვლენებს მკვეთრად დაინახავდა, სხვებს კი სრულიად ვერ შეამჩნევდა. მას სურდა ფსიქოლოგი ყოფილიყო და ასეთად დარჩენილიყო და არა თეოლოგი ან ფილოსოფოსი. ბევრი კრიტიკოსი ადანაშაულებდა მას სისტემის არქონის გამო, ზოგს ძნელად მიაჩნდა გზის გაკვალვა ცოდნის იმ ზღვაში, რასთანაც იუნგს ჰქონდა საქმე. მის მახვილ თვალს არ გამოპარვია, რომ მამაკაცი და ქალი არ არიან მხოლოდ ურთიერთშემავსებელნი, არამედ სამშვინველის სიღრმეში ყოველი მამაკაცი ატარებს ქალურ კომპონენტს, ქალი კი მამაკაცურს. ქალის მამაკაცურ კომპონენტს იუნგი უწოდებს animus-ს, მამაკაცის ქალურსას კი anima-ს.

 

მამაკაცს, რომლის ბიოლოგიური არსება მჟღავნდება გარე აქტივობაში, დაპყრობასა და დამორჩილებაში, ანიმა-ს სახით გააჩნია მარეგულირებელი ფაქტორი, რომელიც სიზმარში შეიძლება მოევლინოს, როგორც ქალური არსება, რომელიც განუცხადებს, რომ მას ცხოვრების ჭეშმარიტი ლაიტმოტივის დავიწყება ემუქრება.

 

anima-animus დიდად განსხვავდება ცალსახად ბიოლოგიური ხასიათის მქონე ოიდიპოსის კომპლექსისაგან. anima ემსახურება იმ მისწრაფებებს, რომელთა სამი დონეც აღვწერე ადამიანის ცხოვრების გზის განხილვისას. ეს სამსახური ნიშნავს ნორმების განსაზღვრას და ლაიტმოტივის განხორციელების გზაზე შემდგომი წინსვლის სტიმულირებას.

 

თავის შრომებში იუნგს მოჰყავს anima-animus-ის მძლავრი სიზმრების ბევრი მაგალითი. ეს სიზმრები იქამდე მეორდება ადამიანის ცხოვრებაში, სანამ მათი მნიშვნელობა არ იქნება გაგებული.

 

ბიოლოგიური თვალსაზრისით, ადამიანი ორსქესიანია. თირკმლის ჩანასახს, რომელშიც ადრეულ ემბრიონულ პერიოდში ჩადებულია მთელი შარდ-სასქესო სისტემა, დიდი ხნის განმავლობაში ერთდროულად უვითარდება ორივე სქესის ორგანოები, სანამ მამაკაცურობა ან ქალურობა არ გადასწონის და საპირისპირო სქესის ორგანოები არ შეწყვეტენ განვითარებას. ზრდასრულ მამაკაცსა და ქალში შესაძლებელია მეორე სქესის ორგანოების ნაშთების აღმოჩენა. მაგ., სარძევე ჯირკვლები თავდაპირველად ორივე სქესშია წარმოდგენილი, მაგრამ სრულ განვითარებას მხოლოდ ქალში აღწევს.

 

პოტენცია, რომელიც ვერ პოულობს ფიზიკურ გამოხატულებას, არსებობას განაგრძობს და ზეგავლენას ახდენს ფსიქიკაზე, არა ჰორმონული მოქმედების ან ფიზიკურ-ბიოლოგიური ლტოლვების თუ მოთხოვნილებების საშუალებით, არამედ ქვეცნობიერის უფრო ღრმა ფენებში გადადის. აქ იუნგი სამ განსხვავებულ შრეს გამოყოფს:

 

1. პიროვნული არაცნობიერი – ჩვენი მოგონებები, დავიწყებული შთაბეჭდილებები, ცხოვრების მანძილზე შეძენილი კომპლექსები;

2. კოლექტიური არაცნობიერი – ემოციები და ინვაზიები, რომელნიც საერთოა მთელი ჯგუფებისთვის, როგორიცაა ხალხი, რასა;

3. არქეტიპები – მათ ზოგადსაკაცობრიო ხასიათი აქვთ, მათი ხატოვანი ენა მთელი მსოფლიოსთვის ერთია.

 

არქეტიპები სიმბოლოთა სახით განიცდება. მათი ნახვა შეიძლება ყველა რელიგიასა და ბევრ ზღაპარში. თავიანთი ზოგადსაკაცობრიო ბუნების გამო მათ გააჩნიათ ის, რასაც იუნგი animus-ის ხასიათს უწოდებს. ისინი შოკისებურ ეფექტს ახდენენ. ასევე მოქმედებენ სინდისის სახით მაშინ, როცა გვემუქრება ადამიანობის დონის ქვემოთ დაშვება.

 

მნიშვნელოვან არქეტიპებს განეკუთვნება anima და animus. იქ, სადაც მამაკაცს ემუქრება ცალმხრივობა და ადამიანობის დაკარგვა, anima მას ზოგადადამიანურობის მოთხოვნას უყენებს. ასევეა ქალშიც. იუნგი ასე ამბობს: ყოველი მამაკაცი საკუთარ ევას დაატარებს თავის თავში, ყოველი ქალი კი – საკუთარ ადამს. ყოველი მათგანი ამქვეყნად ეძებს იმ ადამიანს, რომელიც ჰგავს მის საკუთარ ევას ან ადამს, რათა შეინარჩუნოს სულიერი წონასწორობა. მაგ., ფაუსტს გზაზე მიჰყვება გარდაცვლილი გრეთჰენი, დანტეს უმაღლეს სფეროებში – გარდაცვლილი ბეატრიჩე. გოეთეს «ფაუსტი» მთავრდება Chorus mysticus-ით: «მარად ქალური ზეაღგვიტაცებს».

 

გარდამავალ ასაკში და განსაკუთრებით მომდევნო წლებში ინდივიდში იღვიძებს არა მარტო საკუთარი სქესის შეგნება და საპირისპირო სქესისადმი ინტერესი, არამედ საკუთარი anima-animus-ის განცდის უნარიც. სიყრმის საწყის პერიოდში არსებობს ჰომოეროტიკული ფაზა: პატარა ბიჭი თავის თავში განიცდის საკუთარ ქალურობას და მამაკაცური არსების თაყვანისცემაში ეძებს შინაგან წონასწორობას. ესაა პერიოდი, როცა გოგონები გატაცებულნი არიან ქალი მასწავლებლით, ბიჭები კი უფროს მამაკაცებს ეთაყვანებიან. ყოველივე ეს შეიძლება გამოიხატებოდეს ფეხბურთელებითა და კინოვარსკვლავებით გატაცებაში, მაგრამ შეიძლება დახვეწილ და ინტიმურ ოცნებებშიც გამოვლინდეს.

 

იზრდება რა ყრმა, ხდება მისი მშვინვიერი გამოღვიძება საპირისპირო სქესის მიმართ, რაც ეროტიზმის სახეს ღებულობს. ეს ეროტიზმი მტკიცდება საკუთარი ევას ან ადამის ძიებით საპირისპირო სქესთან შეხვედრისას.

 

ჰომოეროტიკიდან ჰეტეროეროტიკაზე გადასვლა განვითარების ნორმალური კომპონენტია და გასაგებია, რომ ამ დროს შეიძლება აღმოცენდეს დარღვევები. თუ ინდივიდის პირველი სექსუალური განცდები უსიამოვნო ან აგრესიულია, ამას შეიძლება ჰომოეროტიკის ფიქსაცია მოჰყვეს. იქნება თუ არა ამის საბოლოო შედეგი ნამდვილი ჰომოსექსუალობა, ახალგაზრდის სხვა ურთიერთობებზეა დამოკიდებული.

 

ჰომოსექსუალობის ანუ ჰომოფილიის პრობლემები უკიდურესად რთულია. 1930-იან წლებში ჩემს ფსიქოთერაპიულ პრაქტიკაში საკმაოდ ბევრ ხელოვანთან მქონდა საქმე. მათი წყალობით ვისწავლე ადამიანის სამშვინველის ჰომოეროტიკული კომპონენტის ხედვა როგორც ფენომენისა, რომელიც იმ ადამიანებში იკვეთება, ვინც უფრო მეტ ყურადღებას უთმობს თავის შინაგანს, ვიდრე გარე სამყაროს უხეშ რეალობას. 1950-იან წლებში, როგორც სტუდენტთა ფსიქიატრი, უმთავრესად სიყრმის ჰომოეროტიკას გავეცანი. ჩემი აზრით, არსებობს განსხვავება ბიოლოგიურ ჰომოეროტიკას, რომელიც უკიდურეს შემთხვევაში უკვე სიყრმისას იჩენს თავს, და ფსიქიკურ ჰომოეროტიკას შორის. უკანასკნელი დაკავშირებულია ინდივიდის მიერ საკუთარი ანიმა-ს ან ანიმუს-ის აღმოჩენასთან.

 

ნებისმიერ ადამიანში ბიოლოგიურად ორივე შესაძლებლობა არსებობს, რომ არაფერი ვთქვათ ქრომოსომების შესახებ, რომლებიც, ალბათ, ემსახურებიან ამ ორი მიდრეკილებიდან ერთ-ერთის განხორციელებას (მე ვამბობ, «ალბათ ემსახურებიან», რადგან სიცოცხლის ფენომენების შესახებ მსჯელობისას ვისწავლე მოვერიდო მიზეზ-შედეგობრივობის ცნების მექანიკურ გამოყენებას. რამეთუ ძნელი სათქმელია, რა არის ამ სფეროში ნამდვილი პირველმიზეზი და რა – უმაღლესი მომწესრიგებელი პრინციპის ინსტრუმენტი. ვიოლინო ვერ დაწერს სონატას, თუმცაღა მის გარეშე სონატა ვერ შესრულდება).

 

ამ ორსქესიანობის გაცნობიერებიდან, ერთ-ერთი შესაძლებლობის რეალიზაციდან და მეორის შეფერხებიდან გამომდინარეობს ინდივიდუალური მდგომარეობის სხვადასხვაგვარი განცდა. ყველასთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ: არიან მამაკაცები (და შესაბამისად ქალები), რომელნიც 90 პროცენტი მამაკაცი არიან და 10 პროცენტი ქალი – ისინი უდავოდ, ნამდვილი მამაკაცები არიან. და არიან მამაკაცები (და შესაბამისად ქალები), რომელნიც 10 პროცენტი კაცი არიან და 90 პროცენტი ქალი; ესენი ნამდვილი ჰომოსექსუალები არიან. ამ ორ ვარიანტს შორის ყველა შესაძლო გრადაცია არსებობს – 60:40, 50:50, 40:60 და ასე შემდეგ. ამ ჯგუფებში ადამიანის მიერ საკუთარი თავის განცდა იცვლება იმისდა მიხედვით, თუ რა სახის ურთიერთობებს ამყარებს იგი. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ძლიერ ცალმხრივი ადამიანები შინაგანი განცდების სიღარიბით ხასიათდებიან, ხოლო განცდათა გაწონასწორება სამშვინველის გამდიდრებას იწვევს.

 

ამ პრობლემებს დავუბრუნდები, როცა განვიხილავ ცოლ-ქმრულ ურთიერთობებს ცხოვრების სხვადასხვა ფაზებში. «სრულ მამაკაცში» და «სრულ ქალში» ზემოთქმული მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მთლიანად კაცური კაცი და ქალური ქალი იმდენად მიჯაჭვულნი არიან საკუთარ სამყაროს, რომ ვერ გრძნობენ მეუღლის განსხვავებულობას. ისინი იმდენად ეგოისტები არ არიან, რამდენადაც ვერ უგებენ მათგან განსხვავებულ ტიპებს; ეს ერთგვარი «ფერთა სიბრმავეა». ჩვენ მეუღლეს ვუგებთ ჩვენი სამშვინველის იმ ნაწილით, რომელიც შესაბამისად ქალურია ან კაცური. სრულიად ცალმხრივი ადამიანები მუდამ რამდენადმე ინფანტილურ შთაბეჭდილებას ტოვებენ; ისინი ხშირად იტანჯებიან იმის გამო, რომ მათ პირველყოვლისა ექცევიან როგორც გარკვეული სქესის წარმომადგენელს, შემდეგ კი როგორც პიროვნებას.

 

სტუდენტთა ფსიქიატრს საქმე აქვს ახალგაზრდებთან, რომელნიც სიყრმის ლაბილურ ფაზაში იმყოფებიან. ამ პერიოდში ყრმა თანდათან ფხიზლდება. მას აინტერესებს (და გაცილებით მეტად, ვიდრე ჩვეულებრივ ჰგონიათ), ნამდვილად «ნორმალურია» იგი, თუ ჰომოსექსუალური. მხოლოდ ინდივიდის პირადი განცდების ყოვლისმომცველი, დაკვირვებული შესწავლითაა შესაძლებელი, დაეხმარო მას, ჩაწვდეს საკუთარ თავს, იმას, რაც მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ერთმა გაუფრთხილებელმა სიტყვამ შეიძლება სუგესტიური ზეგავლენა იქონიოს და მოახდინოს შინაგანი პრობლემატიკის ფიქსაცია, რაც სხვა შემთხვევაში გადაილახებოდა. მეორე მხრივ, აღიარებული და შეწყნარებული ჰომოსექსუალობა შეიძლება პირველი ნაბიჯი იყოს გადადგმული ჰეტეროსექსუალურ სამყაროში საკუთარი გზის, ლაიტმოტივის საპოვნელად.

 

ის, რომ ამჟამად ამ საკითხებზე ღია საუბარია შესაძლებელი, დიდი პროგრესია. მაგრამ ის დამახინჯებული და შეზღუდული ფორმა, რომლითაც ბევრი ჰომოსექსუალი იბრძვის თავისი უფლებებისთვის, უფრო მეტს გვეუბნება ფრუსტრაციების მიმართ მათ ინდივიდუალურ ტოლერანტობაზე, ვიდრე თვით ჰომოსექსუალობის პრობლემებზე. ჰომოსექსუალობაში მუდამ არსებობს ორ უკიდურესობას შორის შესაძლებლობათა ფართო სპექტრი. იგივე ითქმის ქალთა ემანსიპაციაზე. პოლარიზაციით აქაც ვერ მიიღწევა ნამდვილი გათავისუფლება, რომლის დროსაც არსებობის თანაბარი უფლება ენიჭება ქალურობის სხვადასხვა შესაძლებლობებს.

 

ამით შევეცადე მიმენიშნებინა, რომ არსებობს მამაკაცურობის ან ქალურობის სხვადასხვა ვარიანტი. ახლა დავუბრუნდები განვითარებას სექსუალობიდან სიყვარულისკენ ეროტიზმის გავლით, რაც მამაკაცისა და ქალის ურთიერთობის (და რა თქმა უნდა, ქალისა და მამაკაცის) საფუძველია.

 

პრეპუბერტეტისას ყმაწვილი პირველად აღმოაჩენს თავის სექსუალობას. გოგონებში ეს აღინიშნება პირველი მენსტრუაციით, ბიჭებში – პირველი ერექციებით და ღამის ეაკულაციებით. ამ მომენტისთვის ინდივიდის ინტერესი საკუთარი სხეულის ფუნქციონირებაზეა მიმართული, მაგრამ მალე საპირისპირო სქესზე გადაინაცვლებს. ჯანსაღ ატმოსფეროში, სადაც არ არსებობს ნევროტული ურთიერთობები, ბიჭებისა და გოგონების ცხოვრება ნორმალურად გრძელდება. სპორტი, ბანაკში ერთად ყოფნა, შრომა, თამაში – ყოველივე ეს სამშვინველისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სექსუალური პრობლემები.

 

ამ პერიოდის შემდეგ განვითარება სხვადასხვაგვარად წარიმართება სხვადასხვა სოციალურ ფენებში. ახალგაზრდა მუშებთან მუშაობისას ჩემთვის ცხადი გახდა, თუ როგორ ამცირებს 14, 15, 16 წლის ახალგაზრდების პროფესიული დასაქმება სექსუალობის, ეროტიზმისა და სიყვარულის განვითარების შესაძლებლობებს. იქ, სადაც დღეში 8 საათის განმავლობაში ადამიანი დაკავებულია მხოლოდ სულის მომაკვდინებელი სამუშაოთი და ამასთანავე შეზღუდული აქვს მოძრაობის თავისუფლება, ფსიქიკა ვეღარ ვითარდება და ინდივიდს მისჯილი აქვს ზრდასრულობას მიაღწიოს გარდამავალი ასაკის განვითარების დონით. ვინც დაკვირვებია შემფუთველებს კონვეიერთან ანდა გოგონებს მბეჭდავთა ბიუროში, მისთვის ცხადია, რომ აქ სამშვინველი ნახევრად ფხიზელ მდგომარეობაშია გაყინული. იგივე ითქმის ბიჭებზე, რომელნიც ჩაბმულნი არიან არაკვალიფიციურ ან დაპროგრამებულ შრომაში. მშენებლობაზე ან გემთმშენებლობაზე, სადაც სამუშაო უფრო მრავალფეროვანია, ნაკლებად მექანიზებულია, ნაწილდება ხელით შრომის პრინციპების მიხედვით, ინდივიდის განვითარების შესაძლებლობები გაცილებით დიდია.

 

როდესაც ფსიქიკა იძულებულია ნახევრად ფხიზელ მდგომარეობაში საათობით იყოს ჩაბმული დამღლელ და მონოტონურ სამუშაოში, სამშვინველში ბატონდება სექსუალური გრძნობები და ფანტაზიები და ანგრევს მას. თუ რამდენიმე წუთი მაინც მოუსმენთ კონვეიერთან მომუშავე გოგონების საუბარს, შეძრულ იქნებით იმის ცალმხრივობით, რაც ავსებს მათ ფსიქიკას. და როდესაც გვიანი სიყრმისას ისინი ინიშნებიან და თხოვდებიან, განვითარების არაცნობიერი, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაზა უკვე დამთავრებულია, მისი ანაზღაურება კი მცირედი ხარისხით თუ შეიძლება. გვაცვიფრებს ადამიანის განვითარების უნარის ელასტიურობა, როცა ვხედავთ, თუ როგორი წარმატებით გამოდის ამ მდგომარეობიდან ბევრი მათგანი. მაგრამ ეს არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან ვიბრძოლოთ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის განვითარების შესაძლებლობათა გაუმჯობესებისთვის.

 

რასაკვირველია, სრულიად განსხვავებულ პრობლემებს ვაწყდებით, როცა ვიხილავთ ახალგაზრდობის პრივილეგიურ ნაწილს, რომელსაც საშუალება აქვს მიიღოს უმაღლესი განათლება.

 

მაგრამ დავუბრუნდეთ ქალისა და კაცის ურთიერთობას სიყრმის ასაკში. რამდენადაც შეუძლებელია განვითარება მთლიანად არახელსაყრელ პირობებში მიმდინარეობდეს, მომდევნო გვერდებზე არ ვაპირებ სტატისტიკის განხილვას იმის შესახებ, თუ რა უნდა მოხდეს ამ დროს. ნაცვლად ამისა იდეალურ-ტიპურ აღწერას შემოგთავაზებთ.

 

ყრმა, რომელმაც აღიარა საკუთარი სექსუალობა და აღმოაჩინა ეროტიზმი თავის სამშვინველში, მოულოდნელი და სუნთქვის შემკვრელი განცდებით სავსე ჯადოსნურ ქვეყანაში შეაბიჯებს. ერთმანეთს ენაცვლება იმედი და შიში, აღტაცება და დეპრესია. აღშფოთებისა და ანტიპათიის გვერდით იღვიძებს სინაზისა და პატივისცემის გრძნობები. სანამ ცხოვრების შუა ფაზაში ინდივიდი სრულყოფილი პიროვნება გახდებოდეს, მან უნდა განიცადოს გრძნობათა მთელი სპექტრი. იგი უნდა ფლობდეს მშვინვიერი ძალების ყველა ნიუანსს, რათა შეძლოს სხვა ადამიანის გაგება, მიღება და პატიება. სწორედ სიყრმისას იწყებს ინდივიდი საკუთარი მამაკაცურობისა და ქალურობის განცდას. თითოეული მამაკაცი თავის ევას ეძებს, ქალი კი თავის ადამს. სამშვინველის სიღრმეში ცოცხლობს იდეალური სურათ-ხატი, რომელიც სრულყოფილად აქცევს სამშვინველს. იპოვის ინდივიდი შესაფერის პიროვნებას, თუ დაუკავშირდება პირველივეს, ვინც ასე თუ ისე შეესაბამება იდეალს? პირველი სასიყვარულო ურთიერთობით ინდივიდი ბევრ რამეს სწავლობს სამომავლოდ. და თუნდაც ეს ურთიერთობა შეწყდეს, ორივე მხარე გამდიდრებული რჩება. ბევრს არაერთი სასიყვარულო ურთიერთობა სჭირდება, რათა მოიპოვოს შინაგანი თავდაჯერება, რომლიდანაც მომდინარეობს პარტნიორის შეცნობის უნარი.

 

მათაც კი, ვისაც სჯერა, რომ ერთმანეთისთვის ზედგამოჭრილნი არიან, უნდა მიაღწიონ გარკვეულ სიმწიფეს, რათა შეძლონ მეორე მხარის შეცნობა. საპირისპირო სქესთან პირველი შეხვედრა დამახინჯდება, თუკი სქესობრივი ურთიერთობით შემოიფარგლება. ჩვენი ახალგაზრდობა უხეშ სექსუალობას აწყდება ჟურნალ-გაზეთებში და პირველეს ყოვლისა სექსფილმებში, რაც დამანგრევლად მოქმედებს ფსიქიკური მომწიფების პროცესზე. სქესობრივ მიზიდულობაზე დამყარებული ქორწინება დიდხანს ვერ იარსებებს. ფაქტობრივად, არაფერია იმდენად მომაბეზრებელი, როგორც ცარიელი სექსი. მრავალფეროვნების შესაძლებლობები მალე ამოიწურება და სამშვინველი ცარიელი რჩება. ცოლების გაცვლამ, ჯგუფურმა სექსმა და მსგავსმა შეიძლება ახალი, მაგრამ დროებითი სტიმულაცია უზრუნველყოს, მაგრამ ამით ურთიერთობა ორ ინდივიდს შორის არ ღრმავდება, პიროვნება რჩება დაუკმაყოფილებელი და მარტო.

 

20-30 წლის ასაკში, როცა ვითარდება შეგრძნებათა სამშვინველი და მასში მოქმედი «ვიტალურ-მშვინვიერი მისწრაფებები», სიყრმისას აღმოჩენილი ეროტიზმი განცდადი რეალობა ხდება სამშვინველისთვის. ეს ეროტიზმი, გამოღვიძებული ცხოვრების თანამგზავრთან შეხვედრით, ახლა შეიძლება გაფართოვდეს და გამსჭვალოს ურთიერთობა ბუნებასთან და სხვა ადამიანებთან.

 

ის, რაც უკვე ითქვა 20-30 წლის ასაკის შესახებ – განცდათა კვლევა, სოციალური ურთიერთობების ფორმისა და შინაარსის «წარმავლობა», წარმატებასა და მარცხზე ემოციური რეაქცია, «ცად აღტაცებული – სიკვდილამდე დათრგუნული» – ქორწინებასაც ეხება. თანაცხოვრების საკუთარი სტილის გამომუშავება საფუძველია ერთობისათვის, რომელიც მომდევნო წლებში შეიძლება სულიერ ჰარმონიაში გადაიზარდოს. გარემოს შექმნა მომავალი თაობისათვის მეუღლეთა ერთობლივი შემოქმედების აქტია. ბავშვების დაბადება, მათზე ზრუნვა, მათ მიმართ პასუხისმგებლობის ზრდა აყალიბებს და განსაზღვრავს ქორწინების პირველ ფაზას.

 

ზოგიერთი მარტოხელა კაცი ან ქალი ამ ფაზაში თავისუფალ, გაურთულებელ, ამხანაგურ ურთიერთობას ამყარებს საპირისპირო სქესთან, გამომდინარე შეგრძნებათა სამშვინველის იმპულსებიდან. 20-იანი წლების დასასრულს და 30-იანის დასაწყისისთვის ყველაფერი ეს იცვლება. ცხოვრებისადმი ზოგადი დამოკიდებულება საქმიანი ხდება და ეს ქორწინებაშიც იჩენს თავს. განსხვავებანი ტემპერამენტში, აზრებში, ცხოვრების სტილში ახალ მნიშვნელობას იძენს. 20 წლის ასაკში აზრთა სხვადასხვაობას შეიძლება ჩხუბი მოჰყოლოდა, მაგრამ გულითადი შერიგებით დამთავრდებოდა. ახლა მდგომარეობა იცვლება. ერთი მხრივ,ადამიანი ფიქრობს: «ასეთია ცხოვრება. უნდა შევეგუო», მეორე მხრივ, კი შეიძლება განმარტოვდეს სამუშაოში ან ჰობიში, რასაც მოსდევს ფარული გაუცხოება მეუღლეთა შორის. ეროტიზმმა დაკარგა ბრწყინვალება, სექსი რუტინად იქცა. დამოკიდებულება საქმიან ხელშეკრულებად რომ არ გადაგვარდეს, უფრო ღრმა ურთიერთობა უნდა აღმოცენდეს. ეს ღრმა ელემენტი შეიძლება იყოს მხოლოდ ცნობიერი სურვილი, მეუღლესთან დამოკიდებულებაში ერთმანეთისაგან განაცალკევო არსებითი და არაარსებითი. ამგვარი მცდელობის სურვილი საკმარისია, რათა თვალები აგეხილოს მეუღლის ინდივიდუალობისადმი. აქედან ვითარდება ამხანაგური და ურთიერთნდობის თბილი გრძნობა. შემდგომში ცხადი ხდება, რომ შეგრძნებათა სამშვინველის განვითარების პერიოდში აღმოცენებული ეს თბილი ამხანაგური გრძნობა საფუძველია უფრო ღრმა ურთიერთსიახლოვისა. ეს უკანასკნელი კი შეიძლება გადაიზარდოს სულიერ კავშირზე დამყარებულ ჭეშმარიტ სიყვარულში. ამას გარდა 30-იანი წლების ასაკში შეიძლება წარმოიშვას ნიადაგი მამაკაცსა და ქალს შორის პრაქტიკული თანამშრომლობისათვის და ოჯახური კულტურის აყვავებისთვის (მაგ., ნიჭი იმისა, რომ შვებულება აქციო ჭეშმარიტად ერთად ყოფნის პერიოდად).

 

30-იან წლებში საფუძველი ეყრება იმას, თუ როგორ განვითარდება ქორწინება 40-იან წლებში: ოჯახური კრიზისის თუ სულიერ სიახლოვეზე დამყარებული ურთიერთობის გზით. განსჯითი სამშვინველი ჩინებულად ხედავს პარტნიორის დადებით და უარყოფით მხარეებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთობათა გაციება და შესძინოს მათ საქმიანი იერი. მაგრამ ასეთმა საქმიანმა დამოკიდებულებამ შეიძლება ნიადაგი მოუმზადოს მეუღლის ისეთად მიღებას, როგორიც ის არის. და შეიძლება გაღრმავდეს კავშირი ლაიტმოტივთან, რომელიც მეუღლეში გამომზეურდება. აქ ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ რა დამოკიდებულება აქვს ინდივიდს საკუთარი თავის მიმართ: პიროვნება, რომელიც ვერ იღებს საკუთარ თავს მთელი ღირსებებითა და ნაკლით, გაურბის საკუთარი თავისთვის თვალის გასწორებას და თავს აფარებს კარიერასა თუ წარმატებაზე განუწყვეტელ ზრუნვას, პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებას, ვერ შეძლებს მეორე ადამიანის ნამდვილ პიროვნულ არსებასთან შეხვედრას. ამ დროს ქორწინება ან დაირღვევა, ან დეკორაციად იქცევა იმ წარმოდგენისთვის, რომელიც გარე სამყაროსთვის სრულდება. ეს დეკორაცია შეიძლება სასარგებლო იყოს ანდა დამანგრეველი. უკანასკნელ შემთხვევაში ინდივიდი იფიქრებს, რომ ის ახლით უნდა შეიცვალოს, რომელიც უკეთ მიესადაგება დრამის მოცემულ აქტს.

 

უკვე ბევრი ითქვა 40-იანი წლების კრიზისზე. პიროვნება, რომელმაც 30-იან წლებში ცოტაოდენი საფუძველი მაინც არ ჩაუყარა უფრო ღრმა კავშირს, ახლა დიდ სიძნელეებს აწყდება. ეს ღრმა კავშირი მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის იმ სურათ-ხატთან, რომელიც ცნობიერად თუ არაცნობიერად ყველას გაგვაჩნია. ვინც დარწმუნებული იყო, რომ ადამიანი მხოლოდ ბიოლოგიური არსებაა, შიშით მოელის იმ დროს, როცა სხეულებრივი სიამოვნებები შემცირდება. იგი ცდილობს დაიბრუნოს ახალგაზრდობა და გასაგებია, რომ ზოგჯერ სწორედ ამიტომ ეძებს თავისზე გაცილებით უმცროს ცხოვრების თანამგზავრს. ეს განსაკუთრებით კაცებს ეხება – ქალმა იცის, რომ მას გარდაუვლად ელის კლიმაქტერიული პერიოდი; ბევრი გვიანი ბავშვი ამ დღის გადაწევის მცდელობის ნაყოფია. მაგ., ერთმა 46 წლის ქალმა ასე განაცხადა თავისი დაორსულება: «სწორედ მაღაზიის დაკეტვამდე გაძვრა კარებში».

 

ამერიკელმა ფსიქოანალიტიკოსმა ედმუნდ ბერგლერმა თავის წიგნში «შუახნის კაცის ამბოხი» აღწერა მამაკაცის კლიმაქტერიული პერიოდი და მისი ზემოქმედება ქორწინებაზე. ამ წიგნის ჰოლანდიური გამოცემის შესავალში ვან ემდე ბოასი წერს: «ქალთან შედარებით, გარდატეხის პერიოდში მყოფი მამაკაცი არავის ახსოვს... ცნობილია, რომ ქალის კლიმაქტერიული პერიოდი ხშირ შემთხვევაში დიდ დაძაბულობას ქმნის ქორწინებაში. მამაკაცისა კი ქორწინებისთვის ხშირად მუქარას წარმოადგენს: რადგან სწორედ ამ პერიოდში ცდილობს იგი დაამსხვრიოს ბორკილები, რომელნიც, მისი აზრით, ხელს უშლიან არსებობაში».

 

შეიძლება არ გავიზიაროთ ბერგლერის მოსაზრება, რომ ყოველი ნევროზი (აღნიშნულის ჩათვლით) «ფსიქიკური მაზოხიზმის» გამოვლინებაა. მაგრამ ეს მეტად სასარგებლო წიგნი უდავოდ დასაფასებელია. ბერგლერი ასე იწყებს პრობლემის განხილვას: «შუახნის მამაკაცის ამბოხი – უეცარი უკმაყოფილება ყველაფრით (ქორწინების, სამსახურებრივი მოვალეობების, კონვენციური სიამოვნებების ჩათვლით), რაც შუა ხნის ასაკში შეემთხვევა მამაკაცს – არის სევდიანი ამბავი მეორე პუბერტეტის შესახებ, რომლის დროსაც გმირის სიტყვები მაღალფარდოვანია, მოქმედებები – არაადექვატური, დასასრული კი მარცხს წარმოადგენს. ცხადია, რომ ამბოხება უნაყოფოა: მეამბოხე თავისი ნებით ემორჩილება საკუთარ შეუცვლელ (რადგანაც თვით ინდივიდის მიერაა შექმნილი) ბედს იმის ჩათვლით, რომ მიუხედავად გრანდიოზული გეგმებისა, აღარ გაეყრება ცოლს – ანდა უფრო დიდ სირთულეებში გაეხლართება, ბოლოს და ბოლოს კი აღმოჩნდება იქ, საიდანაც დაიწყო, მაგრამ ამჯერად სიმწარითა და საყვედურებით აღსავსე».

 

შემდეგ ბერგლერი აღწერს ამაოებასთან დაუსრულებელ და უნაყოფო ბრძოლას, რომლის ძირითადი თემა ამგვარია: ცოლი არ უშვებს მას, ოჯახური პირობების გამო კი არ შეუძლია, რომ შემოქმედებითი იყოს, მის მიერ არჩეული მეგობარი ქალი იშვიათად თუ ხდება მისი მეუღლე – გაყრა ვერაფერს შველის, თუ მდგომარეობა ნევროზად იქცა. სიტუაცია რთულდება იმითაც, რომ თავისი კლიმაქტერიული პერიოდის შემდეგ ცოლი ახალ ვიტალურობას იძენს (როგორც ზემოთაა აღწერილი), რაც ბადებს ილუზიას, რომ ის დროის მიღმაა, აღარ ბერდება და ისევე მიმზიდველია, როგორც ადრე იყო. ამავე დროს ამ სახიფათო ასაკში მამაკაცი ცხოვრობს მეორე ახალგაზრდობის ილუზიით. ცოლი ხედავს ქმრის ქცევის უსუსურობას და ღრმად შეურაცხყოფილია მისი საყვედურებით; ქმარს სურს, თავი დააღწიოს იმ შევიწროებას, რომელშიც იმყოფება საკუთარი რწმენით და ვერ ხედავს გამოსავალს, რომელიც შეუნარჩუნებდა ღირსეულ არსებობას.

 

ცხადია, ასეთი სიტუაცია იმ წყვილებთან არსებობს, რომელთაც ცალ-ცალკე ან ერთად ვერ მიუნიჭებიათ ცხოვრებისათვის ახალი სულიერი შინაარსი, რომელიც მათ ახალ განზომილებაში გადაიყვანდა და აგრძნობინებდა, რომ მიაღწიეს იმ ადგილს, სადაც ცხოვრების ლაიტმოტივი ცნობიერდება და სამშვინველს აღავსებს ახალი მიზნებით. ამგვარ კონფლიქტს გადაჭრის არა ბიოლოგიური წარსულისაკენ ყურება, არამედ ახალი ამოცანის პოვნა, რომელიც ახალ ენთუზიაზმს ბადებს იმ პერსპექტივების მიმართ, რომელნიც ეს-ესაა ჩნდებიან.

 

გასაგებია, რომ როგორც ფსიქოანალიტიკოსს, ბერგლერს კატეგორიულად უნდა განეცხადებინა, რომ შუახნის ასაკის ამბოხის თავიდან აცილება შეუძლებელია, «რადგან ახალგაზრდობა აღარ დაბრუნდება... ყველამ (ამ ასაკში) უნდა გადაყლაპოს მწარე აბი და შეიგნოს, რომ ახალგაზრდობა დაკარგულია... გარდაუვალი შინაგანი კონფლიქტის, იპოხონდრიული ჩივილების აღმოცენების და მთელი ამ ქარიშხლის წარმავლობის» შესახებ ცოდნა შეიძლება დაეხმაროს ცოლს გვერდში ამოუდგეს ქმარს, რასაც თვითონ მოელოდა ქმრისგან საკუთარი კლიმაქტერიული პერიოდისას. უფრო მძიმე შემთხვევების შველა, ბერგლერის აზრით, შეიძლება მხოლოდ ფსიქოანალიზის საშუალებით. მაგრამ ამ წიგნში მე ვერ ვნახე რაიმე მინიშნება იმაზე, რომ არსებობს ცხოვრების ახალი შინაარსის პოვნისა და სულიერიდან გამომდინარე სოციალური ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა. ნამდვილი თერაპიული მიდგომისას არა მარტო ბიოლოგიური ინვოლუცია უნდა იყოს მხედველობაში მიღებული, არამედ უნდა ხდებოდეს ერთობლივი ძიება ცხოვრების ახალი შინაარსისა, რომელიც შესაძლებელს გახდის ახალ შეხვედრებს, თვით ცოლსა და ქმარს შორისაც. ცხადია, ამგვარ სიტუაციას სამსახურშიც შეიძლება ჰქონდეს ადგილი. აქაც მუდამ «სხვები» გეღობებიან შენი (ილუზორული) განვითარების გზაზე. ამ მდგომარეობაშიც მამაკაცის მომავალი ტრაგიკულია. ხშირად ის მწარედ განიცდის, რომ სხვები არ ცნობენ მის სამართლიან მოთხოვნებს გარკვეულ თანამდებობასთან დაკავშირებით. აქ სირთულე ისაა, რომ, ჩვეულებრივ, უარყოფენ ხოლმე ნამდვილ თერაპიას: ინდივიდს არ ძალუძს და არ სურს თვალი გაუსწოროს სინამდვილეს. მას მხოლოდ ახალი შეხვედრა შეიძლება დაეხმაროს.

 

ქორწინებაში ასეთი შეხვედრა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა ინდივიდი მეუღლეში დაინახავს მის მთლიან პიროვნებას – გამოყოფილს სხეულისაგან. ზოგიერთისთვის ეს შეიძლება იყოს რელიგიური ხილვა, ზოგისთვის უფრო ფილოსოფია, სხვებისთვის თანამოძმეთა მესადმი ღრმა მოწიწება. ასეა თუ ისე, ინდივიდმა უნდა შეამჩნიოს სხვა ადამიანის «პიროვნული გეშტალტი», რათა შეძლოს მისი შეცნობა და სიყვარული. უმეტესად ეს ქალებისთვის უფრო ადვილია, ვიდრე მამაკაცებისთვის; მამაკაცი სხვა ადამიანის მეს განიცდის საკუთარი «ქალური» ნაწილის საშუალებით, რომელიც განსაკუთრებულ როლს თამაშობს 40-იან წლებში.

 

ამ ურთიერთობიდან, რომელსაც თანდათან სიყვარული შეიძლება ეწოდოს, აღმოცენდება ერთგულება, რომელიც სიკვდილის მიღმაც კი ნარჩუნდება და არ ირყევა, რაც უნდა შეემთხვეს მეორე ადამიანს. ამ ურთიერთობას, რომელიც იბადება 30-იან წლებში განსჯითი სამშვინველის განვითარებისას, უნდა გავუფრთხილდეთ, რათა მან სიმწიფეს მიაღწიოს 50-იან წლებში. ეს სიყვარული არ ითხოვს, არამედ გასცემს. ხანში შესვლისას ქორწინების ინტენსივობამ შეიძლება იმატოს კიდეც. იქ, სადაც გამოიძებნა საერთო სულიერი ან მხატვრული ინტერესი, ხანდაზმულობისას კვლავაც შესაძლებელია მასტიმულირებელი საუბარი ერთმანეთთან. უსიტყვო ერთიანობა მეუღლესთან ბედნიერების ღრმა გრძნობას ბადებს. ეს დიამეტრულად საპირისპიროა იმ მოხუცებულ წყვილთა მდგომარეობისა, რომელთა ხილვაც შეიძლება სასტუმროების ჰოლში. ისინი მდუმარედ სხედან ერთმანეთის პირდაპირ, სანამ ერთი არ ეტყოდეს მეორეს: «მორჩი ცხვირის ფხანას», რაზეც იგი მიუგებს: «თუ მსურს ცხვირის ფხანა, მოვიფხან», რის შემდეგაც გრძელდება დაძაბული სიჩუმე. აქ ქორწინება იქამდეა დაკნინებული, რომ გადაქცეულია საკუთარი თავისუფლების შენარჩუნებისთვის წარმოებულ ჩუმ ბრძოლად, როდესაც თითოეული მხარე მეორეს გაუთავებელ, ერთსა და იმავე არაფრისმთქმელ საყვედურებს ესვრის.

 

მეუღლის პიროვნების წვდომისას გამოიკვეთება მისი ბუნების უარყოფითი მხარეები. ეს მეორე «გეშტალტი» შეიძლება განიცდებოდეს, როგორც საზარელი არსება ან მეუღლის დადებითი ხასიათის კარიკატურა.

 

ერთი მწერლის ცოლმა, მეტად განათლებულმა და ნიჭიერმა პიროვნებამ, შემდეგი ისტორია მიამბო(მეგობრების აზრით, ეს ბედნიერი წყვილი იყო): ქმარმა დაასრულა ერთ-ერთი წიგნი და ხანგრძლივ მოგზაურობაში წავიდა. თვითონ ეს ქალი სახლში დარჩა ბავშვებთან ერთად და გადაწყვიტა წაეკითხა მეუღლის ახალი წიგნის კორექტურა. ერთ საღამოს იგი ღრმად იყო ჩაფლული ამ სამუშაოში, დაკვირვებით კითხულობდა და ინტენსიურად განიცდიდა შინაარსს. უეცრად თვალწინ დაუდგა საშინელი არსება, რომელმაც უზომო სიძულვილი აღუძრა. მალე ეს ხატი გაქრა, მაგრამ ამ «შეხვედრით» წარმოშობილ ემოციას დიდ ხანს არ გაუვლია; სწორედ ასე შეიძლება მოგვიცვას რამდენიმე კვირის მანძილზე მნიშვნელოვანმა სიზმარმა. ცხადი იყო, რომ ამ საზარელ არსებაში მან დაინახა ყოველივე ის, რაც უარყოფითი იყო ქმარში. ეფექტი გაზარდა მეუღლის ფიზიკურად იქ არყოფნამ და ამავე დროს, სულიერად სახეზე ყოფნამ, რაც წიგნის საშუალებით მოხდა. მისთვის ჩვეული სიფხიზლით ქალბატონმა მითხრა: «ესეც უნდა გამომევლო, რათა უფრო მეტად შემძლებოდა მისი სიყვარული».

 

ამ პროცესს ყველა არ განიცდის ასე ცხადად: ამისთვის ინდივიდი ხელოვანი უნდა იყოს, რომელიც მიჩვეულია ამგვარ განცდებს. მაგრამ ნახევრად ცნობიერად ყველა ჩვენთაგანი იძენს ამ გამოცდილებას. ჩვენ ვიცნობთ საყვარელი ადამიანის «ორეულს» ანუ ჩრდილოვან მხარეს, მეტ-ნაკლებად იგი გვაღიზიანებს და ხშირად ხელს გვიშლის იმაში, რისი გაკეთება ან თქმაც გვსურს ცნობიერად. სხვა ადამიანის ორეულს ჩვენ უკეთ ვიცნობთ, ვიდრე საკუთარს. ამ უკანასკნელს მხოლოდ მაშინ გავიცნობთ, როცა ვისწავლით ჩვენს მიერ სხვაზე მოხდენილი ეფექტის აღქმას და იმის შემჩნევასაც, თუ როგორ ხდება კეთილი განზრახვის არასწორად გაგება. ნაცვლად იმისა, რომ სხვებში ვეძებოთ დამნაშავე, უნდა გავბედოთ დავინახოთ საკუთარი უარყოფითი მე როგორც «გეშტალტი» ან როგორც «გეშტალტის წინათგრძნობა» მაინც. ვოლფრამ ფონ ეშენბახის «პარციფალში» იმ მომენტში, როცა არტურ მეფე პარციფალს მრგვალი მაგიდის რაინდად აკურთხებს, ჩნდება შესახედად საზარელი კუნდრი და გაჰყვირის, რომ პარციფალი უსამართლოდ გახდა მრგვალი მაგიდის რაინდი; იგი დაწყევლილია, რადგან გრაალის კოშკში არაფერი იკითხა მეფე ანფორტასის ავადმყოფობის შესახებ. აქ კუნდრი არის პარციფალის ანიმა და ამავე დროს «ორეული». ასეთი ინტერპრეტაციის სისწორე ნაწარმოების ბოლოდანაც ჩანს: როცა არაერთი გამოცდის შემდეგ პარციფალი გრაალის ხელმწიფე ხდება, მის შესახვედრად გამოდის კუნდრი, მაგრამ ამჯერად როგორც ბრწყინვალე ფიგურა. იგი გათავისუფლდა თავისი ამოცანისაგან – ყოფილიყო პარციფალის უარყოფითი მხარის სარკე.

 

40-იანი წლების კრიზისში დიდ როლს თამაშობს ის ფაქტი, რომ ადამიანს არ სურს შეიცნოს საკუთარი ორეული, ხოლო მეუღლის ორეულს ნათლად აღიქვამს. ჩემი სამსახურის გამო დაკავებული ვიყავი გაყრის პრობლემებით. მეუღლეებთან ინტენსიური საუბრების შემდეგ შემდეგი შთაბეჭდილება მრჩებოდა: ორივე თავის მხრივ მშვენიერი ადამიანია, მაგრამ თითოეული მათგანი მეორეში მხოლოდ ორეულს ხედავს, ჭეშმარიტ ინდივიდუალობას კი ვერ ამჩნევს. ხშირად ცხადი ხდებოდა, რომ თუმცა ორმა ადამიანმა მრავალი წელი გაატარა ერთად, ისინი არ იზიარებდნენ ერთმანეთის სიხარულსა და სევდას. ასე რომ, საყვედურებით გაჟღენთილი განწყობილება ძლიერდებოდა და სჯაბნიდა იმ დიდი სიხარულის გრძნობას, რომელსაც წარმოშობს ორმხრივი ნდობის გაცნობიერება. საუბედუროდ, როცა ურთიერთგაუცხოება ასე შორს წავა, ინდივიდი იშვიათად ახერხებს თვალი გაახილოს და დაინახოს მეუღლის ნამდვილი არსება. ხშირად ამისათვის მრავალი წლის დისტანციაა საჭირო.

 

ამდენად, ქორწინება მიჰყვება ადამიანის ცხოვრების გზას. ქორწინებაში წარმატება ან მარცხი მიუთითებს, შეიძლება თუ არა ორ ადამიანს შორის ურთიერთობამ სრულ სიმწიფეს მიაღწიოს. ქორწინებაში აისახება მეუღლეების სვლა შინაგანი სიმწიფისაკენ; ქორწინებამ მაშინ შეიძლია მიაღწიოს სიმწიფეს, როცა მეუღლეები განაგრძნობენ ზრდას, რათა მიაღწიონ სრულყოფილ ადამიანობას. ეს სრულყოფილი ადამიანობა შეიძლება ხანგრძლივი ცხოვრების ნაყოფი იყოს, როდესაც ინდივიდს შეუძლია შეაფასოს საკუთარი განვითარება მეორე ადამიანთან ურთიერთობის ხანგრძლივობის მიხედვით. პიროვნება, რომელსაც არასოდეს შეუწყვეტია ყველაფრის სხვაზე გადაბრალება და არ შეუგნია, რომ ნამდვილი განვითარება იწყება საკუთარი არსების ისეთად მიღებით, როგორიც ის სინამდვილეში არის, ვერასდროს მიაღწევს ჭეშმარიტ თვითშემეცნებას. ეს თვითშემეცნება, თავის მხრივ, შეიძლება ორივე მეუღლეს გაუძღვეს ცხოვრების გზაზე.

 

ზემოთქმულიდან არასწორი იქნებოდა დაგვესკვნა, თითქოს დაუქორწინებელ ხალხს განვითარების შანსი არ გააჩნია: უბრალოდ, აქ მხედველობაში მქონდა ქორწინება, ინდივიდუალურ განვითარებას კი შემდგომში დავუბრუნდები.

 

უეჭველია, რომ ცოლ-ქმარს შორის დაძაბულობა შეიძლება აღმოცენდეს ასაკში დიდი სხვაობის გამო: მაგრამ ამავე სიტუაციამ შეიძლება ხელი შეუშალოს დაძაბულობას. ვინც პრობლემის ყველა ასპექტს მთლიანობაში განიხილავს, მივა იმ დასკვნამდე, რომ მხოლოდ შინაგანი არსების განუწყვეტელმა განვითარებამ შეიძლება იხსნას ნგრევისაგან ადამიანთა შორის ურთიერთდამოკიდებულება.

 

უფრო ძნელად გადასალახია დაძაბულობა, რომელიც აღმოცენდება იმის გამო, რომ მეუღლეებს ურთიერთგანსხვავებული რელიგია ან ცხოვრების ფილოსოფია გააჩნიათ. აქ უაღრესად დიდი ტოლერანტობაა საჭირო, რათა მეუღლეს მივანიჭოთ ის თავისუფლება, რომელსაც საკუთარი თავისთვის მოვითხოვთ.

 

ახლა უნდა განვიხილოთ თანამედროვე ოჯახის კულტურა. ეს ცნება უკვე ვახსენე ამ თავში და საჭიროა, რაიმე ითქვას მის შესახებ. იმ პერიოდში, როცა ოჯახი იყო რამდენიმე თაობისაგან შემდგარი სოციალური ერთეული, ოჯახის კულტურის შენარჩუნება შეიძლებოდა ამ თაობებს შორის ამოცანებისა და მოვალეობების დანაწილებით. ახალგაზრდების ქორწინებებს ცხოვრებისეულ პრობლემებზე ახლებურ შეხედულებებთან ერთად სიახლე შემოჰქონდა, მაშინ როცა უწყვეტობას უზრუნველყოფდა უფროსი თაობა, რომელიც შვილიშვილებს გადასცემდა თავის ცხოვრებისეულ სიბრძნეს. სწორედ აქედან წარმოიშვებოდა ზღაპრები, რომელთაც დიდედები ჰყვებოდნენ და გლეხური სიბრძნე, რომელსაც ბაბუები ანდაზებში დებდნენ. მრავალ ბიოგრაფიაში თვალში მცემია ის სასიცოცხლო როლი, რომელსაც ბაბუა ან ბებია თამაშობდა სუბიექტის ცხოვრებაში. მაგრამ დღესდღეობით ეს როლი სულ უფრო მცირდება.

 

დღეს უნდა შეიქმნას ახალი ოჯახური კულტურა თვით მშობლების ცნობიერი მონაწილეობით. ეს მეტწილად ქალის ამოცანა არის. ოჯახური კულტურის შექმნისათვის არსებობს წინაპირობები: უპირველეს ყოვლისა, ოჯახის ცხოვრებაში შემოტანილ უნდა იქნეს რიტმი. ყველასათვის ცნობილია, რომ ჩვილი ბავშვისთვის საჭიროა ყოველდღიური რიტმი. ჭამის, ძილისა და თამაშის რეგულარობის მეშვეობით ბავშვი შინაგან სიმტკიცეს იძენს. ბაღისა და სასკოლო ასაკში ამ რიტმმა უნდა შეიძინოს ოჯახისთვის დამახასიათებელი ფორმა. მაგ., შემუშავებულ უნდა იქნეს კვების გარკვეული ჩვეულებანი – მყარი მომენტები დღის განმავლობაში, რომელთაც შეიძლება დაეყრდნოს ბავშვი და იგრძნოს, რომ არსებობს დრო და ადგილი მისი საკუთარი ცხოვრებისათვის. ან წესი, რომ ძილის წინ ყოველთვის არსებობს ნახევარი საათი მშვიდი ერთადყოფნისათვის, როცა ჰყვებიან ამბებს, ხმამაღლა კითხულობენ, მიმოიხილავენ დღის მოვლენებს და ასე შემდეგ. ძველი ზღაპრები დღესაც ღირებულია პატარა ბავშვისთვის, უფრო მოზრდილი ბავშვისთვის კი  – თავად მშობლის მიერ გამოგონილი ამბები. მნიშვნელოვანი როლი გააჩნია მამას. მაგ., ყოველ კვირადღეს დილით მოჰყვეს მის მიერ შეთხზული მოთხრობის ახალ-ახალი ეპიზოდები. საკუთარი ბავშვობიდან მახსოვს ერთი თამაში, რომელსაც 8-12 წლის ასაკში ვთამაშობდით: ბავშვებს უნდა მოგვეფიქრებინა რაიმე სათაური, მამას სამი წუთი ეძლეოდა მოსაფიქრებლად, რის შემდეგაც ამ სათაურის მიხედვით უნდა მოეყოლა მოთხრობა. ჩვენ ისეთი სათაური უნდა მოგვეგონებინა, რომ მამას ვერ მოეფიქრებინა მოთხრობა. და თუ მამა მაინც შეძლებდა ამას, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ასეთი სავარჯიშო მნიშვნელოვანია არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ 30-40 წლის მამისთვისაც! იგი დაინახავს, რომ უვითარდება გარკვეული უნარები, რომელნიც თავის საკუთარ გზაზე გამოადგებიან. წარმატების მქონე მოთხრობები სტანდარტულ მოთხრობებად იქცევა, რომელნიც მხოლოდ მოცემულ ოჯახში არსებობენ და მტკიცე საფუძველს უყრიან ამ ოჯახის წევრად ყოფნის განცდას.

 

მშობლებს ზოგჯერ აღარ უნდათ შეასრულონ ბავშვების თხოვნა, კვლავ და კვლავ მოისმინონ ერთი და იგივე ამბავი. ზოგჯერ ბავშვები თვეობით ითხოვენ ერთი და იმავე ისტორიის მოყოლას. ნაცნობი კულმინაციური ადგილების მოლოდინით გამოწვეული სიხარული უზარმაზარია. სწორედ ამავე მიზეზის გამო უნდათ მათ, არდადეგებზე დაბრუნდნენ იმავე ადგილას, რათა განაახლონ ურთიერთობა ნაცნობ ადგილებსა და ადამიანებთან. გარდამავალი ასაკის წინ ეს მოთხოვნილება სუსტდება და ადგილს უთმობს ახალი ამბების მოსმენისა და ახალი განცდების მიღების სურვილს; აქედან იწყება უფრო ვრცელი სამყაროს ათვისება.

 

ყოველდღიური და ყოველკვირეული რიტმების გვერდით(კვირადღე განსხვავდება სხვა დღეებისაგან) დიდი მნიშვნელობა გააჩნია დღესასწაულებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბადების დღეები და საშობაო მყარი ცერემონიალები, განსაკუთრებით, როცა ბავშვები თავად მონაწილეობენ მათ მომზადებაში. ვინაიდან ამ დღესასწაულების ერთ-ერთი ყველაზე არსებითი ელემენტი სწორედ მათი მომზადება არის: მაგ., წარმოიდგინო, თუ როგორ განცვიფრდებიან სხვები რაიმე დეკორაციით ან თამაშით.

 

მოლოდინის სიხარული მუდამ უფრო დიდია, ვიდრე მომენტით მიღებული სიხარული. სწორედ პირველს ვიხსენებთ ნოსტალგიის თბილი გრძნობით.

 

ჩვენ ვცხოვრობთ უხეშსა და არამყარ დროში. იმას, რისი მიცემაც შეგვიძლია ჩვენი ბავშვებისთვის სითბოსა და უსაფრთხოების საშუალებით, ვერასოდეს წაართმევენ მათ, რაც უნდა მოხდეს მომავალში. ბავშვებისთვის არსებითია განივითარონ ბუნებასა და ხელოვნებასთან კავშირი. სასეირნოდ წასვლა, ბუნების საოცრებათა ხილვა, ქვების, ნიჟარების ან მცენარეების შეგროვება, ჩიტების გამოცნობის სწავლა – ყველაფერი ეს საკვებია სამშვინველისთვის, ისევე მნიშვნელოვანი, როგორც სხეულის სწორი კვება. ამ მხრივ, ყველამ უნდა ეცადოს, შექმნას ოჯახის კულტურა საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების მიხედვით. უფანტაზიო ხალხს, რომელთაც არ უყვართ ბუნება, ბავშვებთან ერთად ბუნებაში ყოფნამ, ხატვამ, მუსიკამ, ამბების მოყოლამ შეიძლება აღმოაჩენინოს ახალი სამყაროები, გამოასწორებინოს ბავშვობისდროინდელი გამოცდილებები, გადაალახვინოს საკუთარი შეზღუდულობა.

 

გავბედავ და ვიტყვი, რომ დასავლეთის კულტურის მომავალი დიდადაა დამოკიდებული იმაზე, შეიქმნება თუ არა ახალი, უფრო დიდი მასშტაბის ოჯახური კულტურა.


კომენტარები