ლე ბონი და მასის მენტალობის მისეული დახასიათება

ლე ბონი და მასის მენტალობის მისეული დახასიათება

ზიგმუნდ ფროიდი – ავსტრიელი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ნევროლოგი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი.

 

ამონარიდი აღებულია ზიგმუნდ ფროიდის წიგნიდან – მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი“. 

 

წიგნის დეტალური დათვალიერება

ვფიქრობთ, მეტად მიზანშეწონილი იქნება არა განსაზღვრებით დავიწყოთ, არამედ მოვლენათა კონკრეტული სფეროს მინიშნებით, შემდეგ კი ამ სფეროდან რამდენიმე განსაკუთრებულად ცხადი და დამახასიათებელი ფაქტი გამოვყოთ, რომელთაგან კვლევის დაწყება იქნება შესაძლებელი. აღნიშნულის შესასრულებლად მივმართავთ ამონარიდებს გუსტავ ლე ბონის წიგნიდან „მასების ფსიქოლოგია“, რომელმაც დამსახურებულად მოიხვეჭა ფართო აღიარება. კიდევ ერთხელ ავხსნათ საქმის ვითარება; თუკი ფსიქოლოგია, რომელიც ცალკეული ადამიანის მიდრეკილებებსა და პირველად წადილთაგან მომავალ იმპულსებს, მოტივებსა და განზრახვებს აკვირდება, მისი ქმედებებისა და ყველაზე ახლობელ ადამიანებთან დამოკიდებულების ჩათვლით, საკუთარ ამოცანას სრულად ამოწურავდა და ყველა ურთიერთკავშირს ახსნიდა, ის ახალი გადაუჭრელი ამოცანის წინაშე აღმოჩნდებოდა. ფსიქოლოგიას იმ გასაოცარი ფაქტის ახსნა მოუწევდა, რომ მისთვის გასაგებად ქცეული ინდივიდი განსაზღვრულ პირობებში სრულიად სხვაგვარად ფიქრობს, მოქმედებს და განიცდის, ვიდრე მისგან მოველოდით, ამ პირობას კი მისი ქევრად ქცევა წარმოადგენს ადამიანთა ბრბოსი, რომელმაც „ფსიქოლოგიური მასის“ თვისება შეიძინა. მაგრამ რა არის „მასა“, რით მოიპოვებს იგი უნარს, ასეთი გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს ცალკეული ადამიანის სულიერ ცხოვრებაზე და რაში მდგომარეობს მენტალური ცვლილება, რომლისკენაც იგი ადამიანს აიძულებს?

 

ამ სამ კითხვაზე პასუხის გაცემა მასების თეორიული ფსიქოლოგიის ამოცანაა. ვფიქრობთ, ამოცანის გადასაწყვეტად ყველაზე მართებული მესამე კითხვით დაწყება იქნებოდა. მასალას მასების ფსიქოლოგიას ცალკეული ინდივიდის რეაქციათა ცვლილებები სთავაზობს: განმარტების ყოველ მცდელობას იმის აღწერა უნდა უსწრებდეს წინ, რაც განსამარტია.

 

საკუთრივ ლე ბონს ვუთმობ სიტყვას. ის ამბობს: „ფსიქოლოგიური ბრბოსთვის დამახასიათებელი ყველაზე განსაცვიფრებელი თავისებურება შემდეგია: ვინც არ უნდა შეადგენდეს მას, რამდენად მსგავსი ან განსხვავებული არ უნდა იყოს მათი ცხოვრების სტილი, მათი საქმიანობა, ხასიათი ან გონებრივი შესაძლებლობები, საკმარისია ბრბოდ იქცნენ, რომ ისინი ერთგვარი კოლექტიური ფსიქიკის ბატონობის ქვეშ ექცევიან, რომელიც აიძულებს მათ განიცადონ, იფიქრონ და იმოქმედონ იმგვარად, რაც საგრძნობლად განსხვავდება იმისგან, რასაც ეს პიროვნებები განიცდიდნენ, იფიქრებდნენ და იმოქმედებდნენ იზოლირებულად. არსებობს კონკრეტული იდეები და გრძნობები, რომლებიც არც კი წარმოიშობა ან არ იქცევა ქმედებებად, გარდა შემთხვევისა, როდესაც პიროვნება ბრბოს წარმოქმნის. ფსიქოლოგიური ბრბო არის გარდამავალი სტრუქტურა, შემდგარი ჰომოგენური ელემენტებისგან, რომლებიც დროის გარკვეული შუალედით არიან ერთმანეთს დაკავშირებულნი, ზუსტად ისე, როგორც ცოცხალი ორგანიზმის შემადგენელი უჯრედები, რომლებიც გაერთიანების შემდეგ იმისგან სრულიად განსხვავებულ თვისებებს ავლენენ, რაც თითოეულ უჯრედს გააჩნია.“

 

გავბედავთ და ლე ბონის ტექსტს ერთ შენიშვნას დავურთავთ: თუ ინდივიდები მასაში ერთობას ქმნიან, მაშინ უნდა არსებობდეს რაღაც, რაც მათ აერთიანებთ, ხოლო ასეთი გამაერთიანებელი და შემაკავშირებელი შესაძლოა სწორედ ის იყოს, რაც მასისთვისაა დამახასიათებელი. თუმცა, ლე ბონი ამ კითხვას არ პასუხობს; ის მხოლოდ მასაში ინდივიდის ცვლილების შესახებ მსჯელობს და ამას ისეთი გამოთქმებით აღწერს, რომლებიც სრულად შეესაბამებიან ჩვენი სიღრმისეული ფსიქოლოგიის ძირითად წინაპირობებს. „იოლია იმის ჩვენება, თუ რამდენად განსხვავდება ბრბოს შემადგენელი პიროვნება იზოლირებული ინდივიდისგან, მაგრამ რთული ამ განსხვავების მიზეზთა დადგენაა.

 

რაიმე ხარისხით რომ თვალის შევლება მოვახერხოთ, პირველ რიგში თანამედროვე ფსიქოლოგიის მიერ დამკვიდრებულ იმ ჭეშმარიტებას უნდა მოვუხმოთ, რომ არაცნობიერ ფენომენს მთლიანობაში მოწინავე ფუნქცია არა მხოლოდ ორგანულ ცხოვრებაში, არამედ გონების მოქმედებაშიც ენიჭება, გონების ცნობიერი ცხოვრება არაცნობიერთან შედარებით უმნიშვნელოა. ყველაზე დახვეწილი ანალიტიკოსი ან ყველაზე ღრმა დამკვირვებელი წარმატებული შესაძლოა იყოს აღმოჩენაში მხოლოდ მცირე რაოდენობის იმ არაცნობიერი მოტივებისა, რომლებიც მის მოქმედებას განსაზღვრავენ. ჩვენი ცნობიერი ქმედებები არაცნობიერი საფუძვლიდან გამომდინარეობს, რომლის ფორმირება გონებაში ძირითადად მემკვიდრეობითობის გავლენით ხდება. ეს საფუძველი ურიცხვი საერთო მახასიათებლისგან შედგება, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა, და სწორედ იგი შეადგენს ეროვნულ მენტალობას. ჩვენს ქმედებათა ღიად აღიარებულ მიზეზებს მიღმა უდაოდ არსებობს იდუმალი მიზეზები, რომლებსაც ჩვენ არ ვაღიარებთ, ხოლო ამ იდუმალ მიზეზებს მიღმა – სხვა, უფრო იდუმალი, რომლებიც ჩვენთვისაც კი არ არის ცნობილი. ჩვენს ყოველდღიურ ქმედებათა დიდი ნაწილი იმ ფარულ მოტივთა შედეგია, რომლებიც ჩვენს მზერას უსხლტება.“

 

მასაში, ლე ბონის აზრით, ცალკეულ ადამიანთა ინდივიდუალური მიღწევები იშლება, და ამითვე ქრება მათი თავისებურებებიც. ეროვნული არაცნობიერად გამოდის წინა პლანზე, ჰეტეროგენური იძირება ჰომოგენურში. ჩვენ ვიტყოდით, რომ ინგრევა და უძლურდება ფსიქოლოგიური ზედნაშენი, რომელიც ესოდენ განსხვავებულადაა განვითარებული ცალკეულ ადამიანში, და შიშვლდება (მოქმედებაში მოდის) არაცნობიერი ფუნდამენტი, რომელიც ყველასთვის საერთოა.

 

„პირველ რიგში ის უნდა აღინიშნოს, რომ ბრბოს შემადგენელი ინდივიდი, მხოლოდ რაოდენობრივი მოსაზრებებიდან გამომდინარე, იხვეჭს დაუმარცხებელი ძალის განცდას, რაც ნებას აძლევს მას ინსტინქტებს დაყვეს, რომლებსაც, მარტო რომ ყოფილიყო, ძალაუნებურად ლაგამს ამოსდებდა. მას ნაკლებად ექნება მიდრეკილება შეაჩეროს საკუთარი თავი, რადგან ბრბოში, რომელიც ანონიმურია და, შედეგად, პასუხისმგებლობას მოკლებული, ეს გრძნობა, რომელსაც მუდამ კონტროლის ქვეშ ჰყავს ინდივიდი, მას სრულად უქრება.“

 

ახალ თვისებათა წარმოშობას ჩვენ, ჩვენი თვალსაზრისიდან გამომდინარე, ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩვენთვის საკმარისი იქნებოდა იმის თქმა, რომ მასაში ინდივიდი ხვდება პირობებში, რომლებიც ნებას აძლევენ მას აღმოფხვრას პირველად არაცნობიერ წადილთა განდევნა. ეს თითქოსდა ახალი თვისებები, რომლებსაც ის ახლა აღმოაჩენს, სინამდვილეში ამ არაცნობიერის გამოხატულებას წარმოადგენენ, რომელშიც ჩანასახოვანი სახითაა მოქცეული ადამიანის მენტალობის მთელი ბოროტება; ამ პირობებში სინდისის ან პასუხისმგებლობის გრძნობის გაქრობა ჩვენეულ გაგებას არ ართულებს. ჩვენ დიდი ხანია ვამტკიცებთ, რომ ე.წ. სინდისის არსი – „სოციალური შიშია“ (Soziale Angst).

 

„მეორე მიზეზი, რომელიც გადამდებ სენს ანუ ინფექციას წარმოადგენს, ბრბოში ასევე განსაკუთრებული თვისებების წარმოშობასა და მათ მიმართულებას განსაზღვრავს. ინფექცია ფენომენია, რომლის არსებობის დადგენა ადვილია, მაგრამ ახსნა – რთული. იგი კლასიფიცირებულ უნდა იქნას ჰიპნოტური რიგის ფენომენთა შორის, რომლებსაც ჩვენ მცირე ხანში განვიხილავთ. ბრბოს ყველა განცდა გადამდებია და გადამდები იმ ხარისხით არის, რომ ინდივიდი მზადაა პირადი ინტერესი კოლექტიურს შესწიროს მსხვერპლად. ეს მიდრეკილება მისი ბუნების საპირისპიროა და ასეთი ქმედების უნარი ადამიანს თითქმის არ გააჩნია თუ იგი ბრბოს ნაწილს არ წარმოადგენს“.

 

ამ უკანასკნელ ფრაზას ჩვენ შემდგომში გამოვიყენებთ მნიშვნელოვანი ჰიპოთეზის აღწერისათვის. „მესამე მიზეზი და, აღნიშნულ დრომდე, ყველაზე მნიშვნელოვანი, ბრბოს შემადგენელ ინდივიდებში განსაზღვრავს სპეციფიურ თვისებებს, რომლებიც დროდადრო სრულიად საპირისპიროა იზოლირებული ინდივიდის მიერ გამოვლენილისა. მე ჩაგონებლობას ვგულისხმობ, რომელთან მიმართებით ინფექცია მხოლოდ შედეგს წარმოადგენს.

 

ამ ფენომენის გაგებისთვის აუცილებელია უკანასკნელი დროის ფსიქოლოგიურ აღმოჩენათა გათვალისწინება. დღეისათვის ჩვენთვის ცნობილია ცალკეული პროცესები, რომელთა მეშვეობით ადამიანი შესაძლოა ისეთ მდგომარეობაში იქნას ჩაყენებული, რომ სრულიად დაკარგოს ცნობიერი პიროვნულობა და სრულად დაემორჩილოს ოპერატორს, რომელმაც მას ეს პიროვნულობა ჩამოართვა, და ისეთი ქმედებები განახორციელოს, რომლებიც უკიდურესად ეწინააღმდეგება მის ჩვევებსა და ხასიათს. დაკვირვებებით დასტურდება, რომ ინდივიდი, რომელიც დროის გარკვეული მონაკვეთის განმავლობაში ბრბოშია შთანთქმული, საკმაოდ სწრაფად – ბრბოს მაგნიტური გავლენის შედეგად ან სხვა მიზეზით, რომელიც ჩვენთვის უცნობია – ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რაც მნიშვნელოვანწილად ჰგავს იმ მონუსხულობის მდგომარეობას, რომელშიც ჰიპნოტიზებული ინდივიდი აღმოჩნდება ჰიპნოლოგის ხელთ. ჰიპნოტიზებული სუბიექტის შემთხვევაში გონების აქტივობა პარალიზებულია და სუბიექტი იქცევა მონად ზურგის ტვინის არაცნობიერი ქმედებებისა, რომლებსაც ჰიპნოლოგი საკუთარი ნების მიხედვით მართავს. ცნობიერი პიროვნება გამქრალია, ნება და გონი – დაკარგული. ყველა გრძნობა და აზრი იმ მიმართულებითაა გადახრილი, როგორც ამას ჰიპნოლოგი განსაზღვრავს.

 

დაახლოებით ასეთია იმ ინდივიდის მდგომარეობა, რომელიც ფსიქოლოგიური ბრბოს ნაწილს წარმოადგენს. იგი ვეღარ აცნობიერებს საკუთარ ქმედებებს. მის შემთხვევაში, ისევე, როგორც ჰიპნოტიზებული სუბიექტისა, მაშინ, როდესაც ერთი სახის უნარები ითრგუნება, სხვები ეგზალტაციის მაღალ ხარისხს აღწევს. ჩაგონების გავლენით იგი კონკრეტულ ქმედებებს ელვის სისწრაფით სჩადის. ეს გამალება ბრბოს შემთხვევაში მეტად დაუოკებელია, ვიდრე ჰიპნოტიზებული სუბიექტისა, რადგან, როდესაც ჩაგონება ერთი და იგივეა ბრბოს შემადგენელი ყველა ინდივიდისთვის, ძალა თანაზიარობის გამოისობით იზრდება. იმ ინდივიდთა რაოდენობა ბრბოში, ვისი პიროვნული სიმტკიცე საკმარისია ჩაგონებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, უკიდურესად მცირეა ნაკადთან გამკლავებისთვის. უკეთეს შემთხვევაში მათ შესაძლოა ბრბოს ყურადღების გადატანა სცადონ სხვა რამეზე სხვა ჩაგონების საშუალებით. ამ გზით, მაგალითად, ბრბოს წარმოსახვაში ბედნიერების ამსახველი გამოსახულების გაღვიძებას ზოგჯერ შეუძლია მას სისხლიან ქმედებებზე ააღებინოს ხელი. შედეგად, ჩვენ ვხედავთ, რომ ცნობიერი პიროვნულობის გაქრობა, არაცნობიერი პიროვნულობის გაბატონება, ჩაგონებისა და ინფიცირების საშუალებით გრძნობებისა და იდეების შექცევა ერთი მიმართულებით, ჩაგონებული იდეების მყისიერ ქმედებებად ქცევის ტენდენცია, ეს ყველაფერი ძირითადი მახასიათებლებია ადამიანისა, ვინც ბრბოს ნაწილს შეადგენს. ის უკვე აღარ წარმოადგენს საკუთარ თავს, არამედ ავტომატია, რომელიც საკუთარი ნებით აღარ იმართება.“

 

მე ეს ციტატა ასე დეტალურად იმიტომ მოვიტანე, რომ მეჩვენებინა: მასაში ინდივიდის მდგომარეობას ლე ბონი მართლაც ჰიპნოტურად მიიჩნევს და არა მხოლოდ შედარებისთვის მოაქვს იგი. ჩვენ შეკამათებას არ ვაპირებთ, მაგრამ მაინც გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ მასაში ადამიანის ცვლილების უკანასკნელი ორი მიზეზი, კერძოდ კი ინფიცირება და ჩაგონებადობა, როგორც ჩანს, არაერთგვაროვანია, რადგან ინფიცირებაც ხომ ჩაგონებადობის გამოვლინება უნდა იყოს?! ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამ ორივე მომენტის ზემოქმედება ლე ბონთან არასაკმარისად არის გამიჯნული. შესაძლოა, მისი გამონათქვამების უკეთ განმარტება შევძლოთ, თუ ინფიცირებას მასის ცალკეულ წევრთა ერთმანეთზე ზემოქმედებას მივაკუთვნებთ, ხოლო ჩაგონებას, რაც ჰიპნოტური ზემოქმედების ტოლფასია – სხვა წყაროს. რომელს? აქ აშკარა ხარვეზია: ლე ბონთან არ არის ნახსენები ცენტრალური შედარებადი ფიგურა, კერძოდ კი ის პიროვნება, რომელიც მასისთვის მეჰიპნოზეს ცვლის. მაგრამ ის მაინც მიანიშნებს განსხვავებას ამ ამოუხსნელ „მომაჯადოებელ“ გავლენასა და იმ მაინფიცირებელ ზემოქმედებას შორის, რომელსაც ერთმანეთისგან განიცდიან ცალკეული ინდივიდები და რომლის წყალობით ძლიერდება პირველადი ჩაგონება.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვალსაზრისი მოვიტანოთ მასის წევრი ინდივიდის შესახებ მსჯელობიდან: „მეტიც, მხოლოდ იმ ფაქტის გამოისობით, რომ იგი ორგანიზებული ბრბოს ნაწილია, ადამიანი რამდენიმე საფეხურით ქვევით იწევს ცივილიზაციის კიბეზე. იზოლირებულ მდგომარეობაში იგი შესაძლოა კულტურული ადამიანი ყოფილიყო; ბრბოში ის ველურია ანუ არსება, რომელიც ინსტინქტურად მოქმედებს. მას უჩნდება მიდრეკილება თვითნებობის, ძალადობისა და სისასტიკის, ისევე, როგორც პრიმიტიული არსებებისთვის დამახასიათებელი გმირობისა და ენთუზიაზმისადმი...“ შემდეგ ლე ბონი დიდ ადგილს უთმობს ინტელექტუალური უნარის შემცირებას, რაც ადამიანში ხდება, როდესაც ის მასის წევრად იქცევა.

 

დროებით თავი დავანებოთ ცალკეულ ადამიანს და მასის მენტალობის გადმოცემას მივმართოთ, როგორც ეს ლე ბონთან ხდება. მასში არ არის ისეთი მომენტები, რომელთა წარმომავლობა და კლასიფიკაცია ფსიქოანალიტიკოსს სირთულეს შეუქმნიდა. ლე ბონი გვიჩვენებს გზას, ადასტურებს რა შესაბამისობას პრიმიტიული ადამიანისა და ბავშვის სულიერ ცხოვრებას შორის.

 

მასა იმპულსური, ცვალებადი და იოლად აღგზნებადია. მის ქმედებებს თითქმის სრულად არაცნობიერი წარმართავს. იმპულსები, რომლებსაც მასა ემორჩილება, გარემოებათა მიხედვით შესაძლოა იყოს კეთილშობილი ან სასტიკი, ჰეროიკული ან ლაჩრული, მაგრამ ყველა შემთხვევაში ისინი იმდენად მბრძანებლურია, რომ არა მარტო პირადი ინტერესის, არამედ თვითგადარჩენის ინსტინქტის გამოვლენასაც კი ეწინააღმდეგება. არაფერია მისთვის წინასწარ განზრახული. თუნდაც გზნებით სურდეს რაიმე, ეს მხოლოდ მცირე ხნით ხდება, მისთვის უცხოა ნების მუდმივობა. მისთვის გაუსაძლისია გადავადება სურვილსა და მის განხორციელებას შორის. იგი საკუთარ თავს ყოვლისშემძლედ მიიჩნევს, მასაში ქრება შეუძლებლის ცნება.

 

მასა მიმნდობია და ადვილად აყვება გავლენას, ის არ არის კრიტიკული, მისთვის არაფერია დაუჯერებელი. ის ხატებით აზროვნებს, რომლებიც ერთმანეთს ასოციაციურად წარმოშობენ, – როგორც ეს ცალკეულ ადამიანთან ხდება, როდესაც იგი თავისუფალ ფანტაზიას ეძლევა, – რომლებიც გონების მიერ არ იტესტება სინადვილესთან შესაბამისობის თვალსაზრისით. მასის განცდები ყოველთვის მარტივი და ჰიპერბოლურია. ამგვარად, მასისთვის არც ეჭვია ნაცნობი და არც მერყეობა.

 

მასა მყისიერად უკიდურესობამდე მიდის, გამოთქმული ეჭვი მისთვის დაუყოვნებლივ იქცევა ურყევ ჭეშმარიტებად, ანტიპათიის მარცვალი – ველურ სიძულვილად.

 

უკიდურესობებისადმი მიდრეკილების მქონე მასას ასევე მხოლოდ გადაჭარბებული გამღიზიანებლები აღაგზნებენ. მას, ვისაც მასაზე ზემოქმედება სურს, თავი უნდა ანებოს საკუთარი არგუმენტაციის ლოგიკურად შემოწმებას, იგი ხატოვნად, მრავალფერად უნდა აღწერდეს, აზვიადებდეს და ერთსა და იმავეს იმეორებდეს.

 

ვინაიდან მასას რაიმეს ჭეშმარიტებასა ან სიყალბეში ეჭვი არ შეაქვს და, იმავდროულად, საკუთარ დიად ძალას გრძნობს, ის იმდენადვე შეუწყნარებელია, რამდენადაც ავტორიტეტისადმი მორჩილი. ის პატივს სცემს ძალას, სიკეთეს კი, რაც მისთვის მხოლოდ სისუსტის ნაირსახეობაა, მხოლოდ უმნიშვნელო ულუფით იყენებს. საკუთარი გმირისაგან ის ძალას, ძალადობასაც კი მოითხოვს. მას სურს, რომ იპყრობდნენ და ჩაგრავდნენ, მას სურს, რომ საკუთარი ბატონის შიში ჰქონდეს. არის რა საფუძველში ფრიად კონსერვატული, იგი ღრმა სიძულვილს განიცდის ყოველივე ახლისა და პროგრესისადმი, იმავდროულად კი უსაზღვრო მოწიწებას გრძნობს ტრადიციის წინაშე.

 

მასის ზნეობის მართებულად განსჯისთვის მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ მასის ინდივიდთა ერთობისას მათ ყველა დამაბრკოლებელი მომენტი უქრებათ და პირველად წადილთა თავისუფალი დაკმაყოფილებისთვის იღვიძებს ყველა სასტიკი, უხეში და დამანგრეველი ინსტინქტი, რომელიც ცალკეულ ინდივიდში თვლემს, როგორც პირველყოფილი დროის გადმონაშთი. მაგრამ ჩაგონების გავლენის ქვეშ მასებს იდეალისადმი მეტი ერთგულების, თავდადებისა და უანგარობის გამომჟღავნება შეუძლიათ. მაშინ, როდესაც იზოლირებული ინდივიდისთვის თითქმის ერთადერთ მამოძრავებელ სტიმულს პირადი სარგებელი წარმოადგენს, მასაში ეს სტიმული უკიდურესად იშვიათადაა გაბატონებული. შესაძლებელია საუბარი ცალკეული ინდივიდის ზნეობრივი დონის ამაღლების შესახებ მასის ზემოქმედების ქვეშ. თუმცა მასის ინტელექტუალური მიღწევები ყოველთვის ცალკეული ადამიანის მიღწევებზე გაცილებით დაბალია, მისი ქცევა შესაძლოა ბევრად აღემატებოდეს ინდივიდის დონეს, ისევე, როგორც შესაძლოა მასზე დაბალი იყოს.

 

ლე ბონისეული დახასიათების ზოგი სხვა თვისება ადასტურებს უფლებას, მასის სული გაიგივებულ იქნას პრიმიტიული ადამიანის სულთან. მასაში შესაძლოა თანაარსებობდეს და შესაბამისობაში იყოს ყველაზე წინააღმდეგობრივი იდეები, თანაც ისე, რომ მათი ლოგიკური წინააღმდეგობიდან კონფლიქტი არ შეიქმნება. ზუსტად იგივეს ვხვდებით ცალკეულ ადამიანთა, ბავშვებისა და ნევროტულად დაავადებულთა არაცნობიერ მენტალურ ცხოვრებაში, რაც უკვე საკმაო ხანია დადასტურებულია ფსიქოანალიზის მიერ. პატარა ბავშვის ამბივალენტური ემოციური განცდები ახლობელი ადამიანებისადმი შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში თანაარსებობდნენ, ამასთან, ერთის გამოხატვა ხელს არ უშლის საპირისპიროს გამომჟღავნებას. მაგრამ თუ, საბოლოოდ, კონფლიქტი მაინც ხდება, მის გადასაწყვეტად ბავშვი ცვლის ობიექტს და ერთ-ერთი ამბივალენტური მენტალური აქტივობა სხვა პიროვნებაზე გადააქვს. მოზრდილი ადამიანის ნევროზის ისტორიიდან ჩვენ ასევე ვიგებთ, რომ დათრგუნული მენტალური განცდა ხშირად დიდი ხნის განმავლობაშია შენარჩუნებული არაცნობიერ და დროდადრო ცნობიერ ფანტაზიებშიც კი, რომელთა შინაარსი, რასაკვირველია, სრულიად საპირისპიროა დომინირებადი სწრაფვისა, ამასთან ეს დაპირისპირება არ იწვევს ეგოს აქტიურ წინააღმდეგობას იმისადმი, რაც უკუგდებულ იქნა. ასეთი ეგო ხშირად ძალიან დიდხანს აქეზებს ფანტაზიას. მაგრამ შემდეგ, უეცრად, ჩვეულებრივ, ფანტაზიის აფექტური ხასიათის გამძვინვარების შედეგად, კონფლიქტი ფანტაზიასა და ეგოს შორის მთელი მისი შედეგებით, გარდუვალი ხდება.

 

შემდგომ ამისა, მასა სიტყვათა მართლაც ჯადოსნური გავლენის ქვეშ ექცევა, რომლებსაც ძალა შესწევთ მასის სულში უსაშინლესი გრიგალი გამოიწვიონ ან დააცხრონ იგი. გონებითა და მტკიცებულებებით განსაზღვრული სიტყვებისა და ფორმულების წინააღმდეგ ბრძოლას ვერ გამართავ. საკმარისია მათი მოკრძალებით წარმოთქმა, რომ ადამიანები იმავ წამს პატივისცემას გამოხატავენ და თავებს ხრიან. მრავალნი მათში სტიქიურ და ზებუნებრივ ძალებს ჭვრეტენ. მხოლოდ სახელების ტაბუ გავიხსენოთ პირველყოფილ ხალხებს შორის და ის მაგიური ძალები, რომლებიც მათი შეხედულებით სახელებსა და სიტყვებშია მოქცეული. დაბოლოს: მასებისთვის ყოველთვის უცნობი იყო ჭეშმარიტების წყურვილი. ისინი ილუზიებს მოითხოვენ, რომელთა გარეშე არსებობა არ შეუძლიათ. ირეალურს მათი მხრიდან ყოველთვის უპირატესობა ენიჭება რეალურის წინაშე, არარეალური მათზე თითქმის ისევე ძლიერად მოქმედებს, როგორც რეალური. მასებში აშკარადაა გამოხატული ამ ორს შორის განსხვავების არდანახვის ტენდენცია. ფანტაზიის დომინირება, ისევე, როგორც ილუზიისა, რომელიც აუსრულებელი სურვილით წარმოიშობა, ჩვენი მტკიცებით, ნევროზთა ფსიქოლოგიას განსაზღვრავს. ჩვენ დავადგინეთ, რომ ნევროტიკოსებისთვის არსებითია არა ობიექტური, არამედ ფსიქიური რეალობა. ისტერიული სიმპტომი ფანტაზიას ეფუძნება და არა რეალური განცდის განმეორებას, დანაშაულის შეგნების ნევროტული აკვიატებული აზრი – ბოროტ განზრახვას, რომელიც არასოდეს განხორციელებულა. დიახ, როგორც ეს ძილსა და ჰიპნოზის ქვეშ ხდება, მასის მენტალური აქტივობის რეალობის შემოწმება უკან იხევს აფექტური, სურვილებით შობილი იმპულსების ინტენსივობის წინაშე.

 

ბელადების შესახებ ლე ბონის აზრები ნაკლებად ამომწურავადაა გადმოცემული, ხოლო კანონზომიერებები – არასაკმარისად გამორკვეული. იგი ფიქრობს, რომ როგორც კი ცოცხალი არსებები ერთად იკრიბებიან განსაზღვრული რაოდენობით, იქნება ეს ცხოველთა ჯოგი თუ ადამიანთა ბრბო, ისინი ინსტინქტურად უმორჩილებენ საკუთარ თავს მეთაურის ავტორიტეტს. მასა – მორჩილი ჯოგია, რომელსაც არ ძალუძს ბატონის გარეშე არსებობა. მასში იმდენად ძლიერია მორჩილების წყურვილი, რომ ინსტინქტურად ემორჩილება ნებისმიერს, ვინც თავს მის ხელმძღვანელად დაასახელებს.

 

თუმცა მასის მოთხოვნილება ბელადისკენაა მიმართული, ეს უკანასკნელი მაინც უნდა შეესაბამებოდეს ამ მოთხოვნილებას პირადი თვისებებით. ის თავად უნდა იყოს იდეის ღრმა რწმენით მოცული, რათა მასაში გააღვიძოს რწმენა; მას ძლიერი და შთამბეჭდავი ნება უნდა გააჩნდეს, რასაც მისგან უნებო მასა გადაიღებს. შემდგომ ლე ბონი განიხილავს ბელადთა სხვადასხვა ტიპებსა და საშუალებებს, რომლებითაც ეს უკანასკნელნი მასებზე ახდენენ ზემოქმედებას. ზოგადად, იგი მიიჩნევს, რომ ბელადები გავლენას იხვეჭენ იმ იდეათა წყალობით, რომელთა მიმართ თავად არიან ფანატიურად განწყობილნი.

 

ამ იდეებს, ისევე, როგორც ბელადებს, ლე ბონი, გარდა აღნიშნულისა, მიაწერს იდუმალ და უცილობელ ძალაუფლებას, რომელსაც ის „ავტორიტეტს“ უწოდებს. ავტორიტეტი ერთგვარი ბატონობაა, რაც მათზე ინდივიდმა, იდეამ ან საქმემ დაამკვიდრა. იგი კრიტიკის უნარის პარალიზებას ახდენს და ჩვენში გაოცებასა და პატივისცემას აღძრავს. იგი იწვევს განცდას, რაც ჰიპნოზით მოჯადოებას ჰგავს.

 

ლე ბონი ასხვავებს შეძენილ ანუ ხელოვნურ, და პირად ავტორიტეტს. პირველის მიკუთვნება, ადამიანის შემთხვევაში, ხდება სახელის, სიმდიდრის, რეპუტაციის წყალობით; შეხედულებათა, მხატვრულ ნაწარმოებთა და ა.შ. შემთხვევაში კი – ტრადიციის მეშვეობით. ვინაიდან ყველა შემთხვევაში ეს წარსულს ეხება, ამ ამოუცნობი მოვლენის გარკვევა გართულებულია. პირად ავტორიტეტს მცირედნი ფლობენ, და მისი წყალობით იქცევიან ისინი ბელადებად. ავტორიტეტი ყველასა და ყველაფერს უმორჩილებს მათ, თითქოს ჯადოსნური ძალით. თუმცა, ყოველი ავტორიტეტი წარმატებაზეა დამოკიდებული, წარუმატებლობის შემთხვევაში კი ქრება. ჩვენ არ შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ ბელადთა როლი და ავტორიტეტზე მახვილის გაკეთება ლე ბონთან სათანადო შესაბამისობაშია მასის მენტალობის ბრწყინვალედ შესრულებულ დახასიათებასთან.

 

 

 


კოლექტიური მენტალური ცხოვრების სხვა შეფასებები

 

ლე ბონის მიერ შემუშავებული დახასიათება შესავლის სახით გამოვიყენეთ, რადგან არაცნობიერი მენტალური ცხოვრების ხაზგასმით ის მნიშვნელოვნად თანხვდება ჩვენი საკუთარი ფსიქოლოგიის შეხედულებებს. მაგრამ ახლა უნდა დავამატოთ, რომ არსებითად ამ ავტორის არც ერთი მტკიცება არ შეიცავს რაიმე ახალს. ყველაფერი, რასაც ის უარყოფითსა და მადისკრედიტებელს ამბობს მასის მენტალობის გამოვლინების შესახებ, ასევე განსაზღვრულად და მტრულად არის ნათქვამი სხვების მიერ და იმავე სულისკვეთებით მეორდება უხსოვარი დროიდან მოაზროვნეების, სახელმწიფო მოღვაწეებისა და პოეტების მიერ. ორივე თეზისი, რომელიც ლე ბონის ყველაზე მნიშვნელოვან აზრებს შეიცავს, კერძოდ კი კოლექტივის მიერ ინტელექტუალური აქტივობის დაბრკოლებისა და მასაში აფექტურობის ზრდის შესახებ - ლე ბონამდე მცირე ხნით ადრე იყო ფორმულირებული ზიგელეს მიერ. არსებითად, პირადად ლე ბონს ეკუთვნის არაცნობიერის თვალსაზრისი და შედარება პირველყოფილ ხალხთა მენტალურ ცხოვრებასთან, მაგრამ ამ თემაზეც არაერთი აზრია გამოთქმული წარსულში.

 

მეტიც: ლე ბონისა და სხვების მიერ მასის მენტალობის აღწერა და შეფასება ხშირად ხდებოდა კრიტიკის საგანი. ეჭვი არ არის, რომ ისინი მართებულად აკვირდებოდნენ მასის მენტალობის ზემოაღწერილ ფენომენებს, მაგრამ შესაძლოა ვნახოთ სხვა, სწორედ საპირისპიროდ მოქმედი გამოვლინებები მასათწარმოქმნისა, რომლებსაც მასის მენტალობის უფრო მაღალ შეფასებასთან მივყავართ.

 

თავად ლე ბონიც ხომ მზად იყო ეღიარებინა, რომ მასის ზნეობრივი ხატი რიგ შემთხვევებში უფრო მაღალია, ვიდრე მის შემადგენელ ინდივიდთა მორალი, და რომ ადამიანთა ერთობლიობას შესწევს უანგარობისა და ერთგულების უნარი.

 

„იზოლირებული ინდივიდისთვის თითქმის ერთადერთ მამოძრავებელ სტიმულს პირადი სარგებელი წარმოადგენს, მასაში კი ეს სტიმული უკიდურესად იშვიათადაა გაბატონებული.“

 

სხვები აცხადებენ, რომ არსებითად მხოლოდ საზოგადოება წარმოადგენს იმას, რასაც ადამიანს მისი ზნეობის ნორმები უწესებს, ცალკეული ადამიანი კი, როგორც წესი, ამ მაღალ მოთხოვნებს ჩამორჩება. კიდევ ერთი რამ: განსაკუთრებულ გარემოებებში კოლექტივში ჩნდება ენთუზიაზმი, რომლის წყალობით შესანიშნავი მასობრივი გმირობებია ჩადენილი.

 

რაც შეეხება ინტელექტუალურ მიღწევებს, უდაოდ რჩება, რომ აზროვნებითი მუშაობის დიადი გადაწყვეტილებები, რომლებსაც აღმოჩენის დაღი აზით, და პრობლემების გადაწყვეტა, შესაძლებელი მხოლოდ ცალკეული ადამიანის ძალისხმევით არის, რომელიც განმარტოებით შრომობს. იმავდროულად, მასის მენტალობასაც შესწევს გენიალური მენტალური შემოქმედების უნარი, რასაც პირველ რიგში თავად ენა, ასევე ხალხური სიმღერა, ფოლკლორი და სხვა ადასტურებს. გარდა ამისა, გადაუწყვეტელია, რამდენად უნდა უმადლოდეს მოაზროვნე ან პოეტი იმ მასისგან მიღებულ სტიმულებს, რომელშიც იგი ცხოვრობს, და ხომ არ წარმოადგენს ის უფრო იმ მეტად მენტალური სამუშაოს დამაგვირგვინებელს, რომელშიც სხვებიც მონაწილეობდნენ.

 

ამ სრული წინააღმდეგობის გათვალისწინებით შეიძლება შეგვექმნას შთაბეჭდილება, რომ მასების ფსიქოლოგიის სამუშაო წარუმატებელი უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, არსებობს იმედისმომცემი მომენტები, რომელთა მოძიება რთული არ არის. როგორც ჩანს, „მასის“ დეფინიციაში მოქცეული იყო სხვადასხვა წარმონაქმნები, რომლებიც გამიჯვნას საჭიროებენ. ზიგელეს, ლე ბონისა და სხვათა მონაცემები კავშირშია მოკლევადიანი მასის ტიპთან ანუ ისეთთან, რომელიც სწრაფად იკრიბება სხვადასხვა სახის ინდივიდებისგან, რომლებიც რაღაც დროებითი ინტერესით არიან გაერთიანებული. სავსებით ცხადია, რომ ამ ავტორთა შრომებზე გავლენა რევოლუციური მასების ხასიათმა იქონია, განსაკუთრებით კი საფრანგეთის დიდი რევოლუციისა. წინააღმდეგობრივი მტკიცებები იმ მდგრადი მასების ან საზოგადოებრივი წარმონაქმნების შეფასებიდან მომდინარეობს, რომლებშიც ადამიანები ცხოვრობენ, და რომლებიც საზოგადოებრივ დაწესებულებებში ისხამს ხორცს. პირველი სახის მასები ერთგვარ ზედნაშენს წარმოადგენს მეორე სახის მასებზე, მსგავსად ზღვის მოკლე, მაგრამ მაღალი ტალღებისა ხანგრძლივ და მკვდარ ჭავლზე.

 

მაქდუგალი თავის წიგნში ამ ზემოაღნიშნული წინააღმდეგობიდან გამოდის და მის გადაწყვეტას ორგანიზაციულ მომენტში ხედავს. „უმარტივეს შემთხვევაში, – ამბობს ის, – მასას არანაირი ან თითქმის არანაირი ორგანიზაცია არ გააჩნია.“ ასეთ მასას იგი ბრბოს უწოდებს, თუმცა აღიარებს, რომ ადამიანთა ბრბო რთულად თუ შეიქმნება იმის გარეშე, რომ მასში ორგანიზაციის პირველი ნიშნები არ გაჩნდეს, და რომ ამ უმარტივეს მასებშია ყველაზე იოლად შესამჩნევი კოლექტიური ფსიქოლოგიის ზოგი ძირითადი ფაქტი. იმისათვის, რომ ადამიანთა ბრბოს შემთხვევით მოგროვილ წევრთაგან შეიქმნას რაღაც, მსგავსი მასისა ფსიქოლოგიური გაგებით, აუცილებელია პირობა, რომ ამ ცალკეულ ერთეულებს რაღაც საერთო გააჩნდეთ: საერთო ინტერესი ერთი ობიექტისადმი, მოცემულ სიტუაციაში ანალოგიური მენტალური მიმართულობა, შედეგად კი ერთმანეთზე გავლენის მოხდენის გარკვეული ხარისხი. რაც უფრო ძლიერია ეს მენტალური ერთობა, მით უფრო იოლად იქმნება ცალკეულ ადამიანთაგან ფსიქოლოგიური მასა და მით უფრო ხილულია „მასობრივი მენტალობის“ გამოვლინებები.

 

მასის ყველაზე გასაოცარ და, იმავდროულად, ყველაზე მნიშვნელოვან ფენომენს აფექტურობის ზრდა წარმოადგენს, რაც მის თითოეულ ინდივიდში შეიმჩნევა. შესაძლოა ითქვას, რომ, მაქდუგალის აზრით, ცალკეული ადამიანის აფექტი რთულად თუ მიაღწევს ისეთ ძალას, როგორც ეს მასაში ხდება, გარდა ამისა კი, მასის წევრებისთვის დიდი სიამოვნებაა ვნებებს დანებება, იმავდროულად მასაში გათქვეფითა და ინდივიდუალური განსაკუთრებულობის განცდის დაკარგვით. საერთო ნაკადის მიერ ინდივიდთა გატაცებას მაქდუგალი ჩვენთვის უკვე ცნობილი ემოციური ინფიცირებით ხსნის. ფაქტი იმაში მდგომარეობს, რომ აფექტის მდგომარეობის ნიშნებზე დაკვირვებას დამკვირვებელში იმავე აფექტის გამოწვევა შეუძლია. ასეთი ავტომატური იძულება მით უფრო ძლიერია, რაც უფრო მეტია რაოდენობა ადამიანებისა, ვისშიც ერთდროულად შეინიშნება იმავე აფექტის ნიშნები. ასეთ დროს ითრგუნება ადამიანის კრიტიკული უნარი და ადამიანი აფექტს ნებდება. იმავდროულად იგი ზრდის მათ აღგზნებას, ვინც მასზე იმოქმედა და ამგვარად ცალკეულ ადამიანთა აფექტური მუხტი თანა-ინდუქციით იზრდება. ამასთანავე, უდაოდ წარმოიქმნება რაღაც, მსგავსი სხვათათვის მიბაძვის იძულებისა, „უმრავლესობასთან“ ჰარმონიაში ყოფნისა. მეტად უხეშ და ელემენტარულ გრძნობებს მასაში ასეთი გზით გავრცელების საუკეთესო პერსპექტივა გააჩნიათ.

 

აფექტის ზრდის აღნიშნულ მექანიზმს ხელს უწყობს მასიდან მომავალი ზოგი სხვა სახის გავლენაც. ცალკეულ ადამიანზე მასა უსაზღვრო ძალისა და გადაულახავი საფრთხის შთაბეჭდილებას ახდენს. წამით იგი ცვლის მთელ ადამიანურ საზოგადოებას, რომელიც ავტორიტეტის მატარებელია და რომლის სასჯელისა ესოდენ ეშინოდათ და რომლისათვის ესოდენ ზღუდავდნენ საკუთარ თავს. სრულიად აშკარაა მასისადმი წინააღმდეგობის საფრთხე, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა კი მაგალითის მიბაძვით შეიძლება, ანუ დროდადრო „მგლისებურად ყმუილის“ გამოყენებითაც. ახალი ავტორიტეტის მორჩილებისას ინდივიდს შეუძლია გამორთოს მისი უწინდელი „სინდისი“, იმავდროულად კი სიამის ცდუნებას დანებდეს, რაც უპირობოდ განიცდება მუხრუჭის აშვებისას. ამიტომ არც თუ ისე გასაკვირია, როდესაც ვხედავთ, რომ ადამიანი მასაში ასრულებს ან ესალმება ისეთ ქმედებებს, რომლებსაც ჩვეულ პირობებში ის ზურგს შეაქცევდა. უფლება გვაქვს იმედი ვიქონიოთ, რომ ამ დაკვირვებების წყალობით გავფანტავთ იმ წყვდიადს, რომელიც, ჩვეულებრივ, იდუმალებით მოცულ ცნებას – „ჩაგონება“ – ახლავს.

 

მაქდუგალი არ ეწინააღმდეგება მასების ინტელექტთა კოლექტიური კლების თეზისს. ის ამბობს, რომ მეტად უმნიშვნელო ინდივიდები აქვეითებენ უფრო მნიშვნელოვნებს საკუთარ საფეხურამდე. უკანასკნელთა აქტივობა გართულებულია, რადგან ეფექტურობის ზრდა ზოგადად არასახარბიელო გარემოს ქმნის მართებული მენტალური მუშაობისთვის; ანგარიშგასაწევია ისიც, რომ ცალკეული ადამიანი შეშინებულია მასის მიერ და მისი მენტალური აქტივობა თავისუფალი არ არის; გარდა ამისა, მასაში იკლებს საკუთარი ქმედებებისთვის ცალკეული ადამიანის პასუხისმგებლობის გრძნობა.

 

მარტივი „არაორგანიზებული“ მასის ფსიქიური აქტივობის შესახებ მაქდუგალის საბოლოო დასკვნა არა მეტად კეთილგანწყობილია, ვიდრე ლე ბონისა. ასეთი მასა უკიდურესად აღგზნებადი, იმპულსური, ვნებიანი, არამდგრადი, არათანმიმდევრული და გაუბედავია, ამასთანავე საკუთარ მოქმედებებში ყოველთვის უკდირესობებისკენაა მიდრეკილი, მისთვის მისაწვდომი მხოლოდ უხეში განცდები და ელემენტარული გრძნობებია, ის გადაჭარბებულად ექვემდებარება ჩაგონებას, მსჯელობს დაუფიქრებლად, წინდაუხედავია მსჯელობაში და ძალუძს მხოლოდ უმარტივესი და ყველაზე ნაკლებად სრულყოფილი არგუმენტებისა და დასკვნების აღქმა; იოლია მასის მიმართვა და მასზე ზემოქმედების მოხდენა, ის მოისაკლისებს თვითშეგნებას, თვითპატივისცემასა და პასუხისმგებლობას, მაგრამ საკუთარი ძალმოსილების შეგნებას უფლებას აძლევს ისეთი ბოროტებისკენ უბიძგოს, რასაც მხოლოდ აბსოლუტური ძალაუფლებისგან უნდა ველოდოთ. ის ცუდად გაზრდილი ბავშვის მსგავსად იქცევა, ხანდახან კი უმეთვალყურეოდ დარჩენილ მგზნებარე ველურს ჰგავს, რომელიც მისთვის უცხო გარემოში აღმოჩნდა; უკიდურეს შემთხვევებში მისი ქცევა გარეული ცხოველების ჯოგისას უფრო ჰგავს, ვიდრე ადამიანებისა.

 

ვინაიდან მაქდუგალი მაღალორგანიზებული მასის ქცევას ზემოაღწერილისას უპირისპირებს, უკიდურესად საინტერესო იქნებოდა გაგვერკვია, რაში მდგომარეობს ეს ორგანიზაცია და რა მომენტებით იქმნება იგი. ავტორი ხუთ ასეთ „პრინციპულ პირობას“ გამოყოფს, რომლებსაც მასის მენტალური ცხოვრება უფრო მაღალ საფეხურზე შეუძლიათ აიტანონ.

 

პირველი ძირითადი პირობაა მასის შემადგენლობის მუდმივობის გარკვეული ხარისხი. ის შეიძლება იყოს მატერიალური ან ფორმალური. პირველი შემთხვევაა – თუ ერთი და იგივე პირები მასის წევრებად მეტად ხანგრძლივად რჩებიან, მეორე – თუ მასის შიგნით იქმნება გარკვეული თანამდებობები, რომლებზეც თანმიმდევრობით ნიშნავენ ერთმანეთის მონაცვლე პირებს. მეორე პირობა იმაში მდგომარეობს, რომ მასის ცალკეულმა წევრმა განსაზღვრული წარმოდგენა შეიქმნას მასის ბუნების, ფუნქციების, მიღწევებისა და მოთხოვნების შესახებ, რათა ამგვარად მასის, როგორც მთლიანისადმი ემოციური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს.

 

მესამე – მასამ ურთიერთობა უნდა დაამყაროს სხვა მის მსგავს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მისგან განსხვავებულ მასობრივ წარმონაქმნებთან, და დროდადრო მეტოქეობაც კი გაუწუიოს მათ.

 

მეოთხე – მასაში ტრადიციების, ადათებისა და განაწესთა არსებობა, განსაკუთრებით ისეთების, რომლებიც მასის წევრთა შორის ურთიერთობებს ეხება.

 

მეხუთე – მასაში ქვედანაყოფების არსებობა, რომელთა საქმე ყოველი ცალკეული ადამიანის სამუშაოს დიფერენცირება და სპეციალიზებაა.

 

მაქდუგალის თანახმად, ამ პირობათა განხორციელება მასის წარმოქმნის ფსიქიურ დეფექტებს აღმოფხვრის. კოლექტივის მიერ ინტელიგენციის მიღწევათა შემცირებისგან დაცვა ინტელექტუალურ ამოცანათა გადაწყვეტის მასებისთვის ჩამოშორებასა და ცალკეული ინდივიდებისთვის გადაცემაშია. ჩვენის აზრით, მეტი საფუძველი გვაქვს, რომ პირობა, რომელსაც მაქდუგალი მასის „ორგანიზებას“ უწოდებს, სხვაგვარად აღგვეწერა. ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ მასას სწორედ ის თვისებები მივანიჭოთ, რომლებიც ცალკეული ინდივიდისთვის იყო დამახასიათებელი, მაგრამ მასაში მისი ჩართვისას გაუჩინარდა. მასის გარეთ არსებულ ინდივიდს ხომ გააჩნდა მდგრადობა და თვითშეგნება, ტრადიციები და ჩვევები, საკუთარი სამუშაო და ადგილი; იგი სხვებისგან განცალკევებით იდგა და მეტოქეობდა მათთან. აღნიშნული თავისებურებები მან დროებით დაკარგა არა-„ორგანიზებული“ მასის წევრად ქცევით. თუ მიზნად მასაში ცალკეული ინდივიდის თვისებათა განვითარებას მივიჩნევთ, უნებურად გვახსენდება ვ. თროტერის ფრიად საყურადღებო შენიშვნა, ვინც მასად ჩამოყალიბების ტენდენციაში ყველა უმაღლესი ორგანიზმის მრავალუჯრედიანობის გაგრძელებას ხედავს.


კომენტარები