ფაუსტი

ფაუსტი

სიორენ კირკეგორი – დანიელი ფილოსოფოსი, თეოლოგი, კრიტიკოსი, პოეტი, ქრისტიანული მორალის და ეთიკის წარმომადგენელი, თეისტური ეგზისტენციალიზმის მიმდინარეობის წარმომადგენელი.

 

ამონარიდი აღებულია სიორენ კირკეგორის წიგნიდან – „შიში და თრთოლვა“.

 

წიგნის დეტალური დათვალიერება

ფაუსტი ეჭვებშია,90 სულისაგან განდგომილი, რომელიც ხორცის გზას ირჩევს. ამას გულისხმობენ პოეტები, და მაშინ, როცა კვლავ და კვლავ იმეორებენ, რომ ყველა ეპოქას თავისი ფაუსტი ჰყავს, პოეტები ერთმანეთის მიყოლებით დაუღალავად მიუყვებიან ერთსა და იმავე გატკეპნილ გზას. მოდით, ოდნავი ცვლილება შევიტანოთ. ფაუსტი დაეჭვებულია par excellence, მაგრამ მას თანამგრძნობი ბუნება აქვს. ფაუსტის გოეთესულ ინტერპრეტაციაშიც კი შევიგრძნობ მე ღრმა ფსიქოლოგიური გაგების ნაკლებობას იდუმალი საუბრებისა, რომლებსაც დაეჭვება საკუთარ თავთან მართავს. ჩვენს საუკუნეში, როდესაც ყველას განუცდია დაეჭვება, არც ერთ პოეტს ჯერ კიდევ არ გადაუდგამს ნაბიჯი ამ მიმართულებით. ასე რომ, ვფიქრობ უმჯობესი იქნება, მათ სამეფო ფასიანი ქაღალდები შევთავაზო, რათა ზედ იმ ყველაფრის ჩაწერა შეძლონ, რაც ამ მიმართებით აქვთ განცდილი – რთულად თუ დაწერენ მეტს, ვიდრე ამას მარცხენა მინდვრის სივრცე იძლევა. მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი ამგვარად მიაქცევს ფაუსტის მზერას თავისი შინაგანისკენ, იქცევა ეჭვი პოეტურად, მხოლოდ მაშინ აღმოაჩენს ის სინამდვილეში მხოლოდ სატანჯველს. მისთვის ცნობილია, რომ სულია არსებობის საყრდენი, მაგრამ ასევე იცის, რომ სიმშვიდე და მხიარულება, რომელშიც ადამიანები ცხოვრობენ, არა სულის სიძლიერეს წარმოადგენს, არამედ შესაძლოა მარტივად იქნას ახსნილი არარეფლექტირებადი ბედნიერების სახით. როგორც დაეჭვებული, როგორც ერთადერთი დაეჭვებული, ის ამ ყველაფერზე მაღლა დგას, ხოლო თუ ვინმე შეეცდება გააცუროს ის, დაარწმუნებს რა, რომ მას დაეჭვების წვრთნის კურსი აქვს გავლილი, ის მას გამჭოლ დაინახავს, რადგან ადამიანი, რომელმაც მოძრაობა შეასრულა სულის სამყაროში, ანუ უსასრულო მოძრაობა, მყისიერად მიხვდება ნათქვამი სიტყვების მიხედვით, მას გამოცდილი და გამოცდაგავლილი ადამიანი ესაუბრება თუ ვინმე მიუნჰაუზენი. იმას, რასაც თემურ-ლენგი თავისი ჰუნების მეშვეობით აღწევდა, ფაუსტი აღწევს ეჭვის დახმარებით: დააფრთხოს შეცბუნებული ადამიანები, შეარყიოს არსებობა მათ ფეხქვეშ, განდევნოს ისინი საზღვრებს გარეთ, შიშის გმინვა გამოიწვიოს ირგვლივ. ხოლო თუ გააკეთებს ამას, ის მაინც არ არის თემურ-ლენგი, გარკვეული აზრით ის უფლებამოსილია, ის აზრის უფლებამოსილებითაა აღჭურვილი. მაგრამ ფაუსტს თანაგრძნობა გააჩნია, მას უყვარს არსებობა, მისი სულისთვის უცხოა შური, ის გრძნობს, რომ ვერ შეძლებს რისხვის ჩაქრობას, რომლის გამოწვევა ძალუძს, მას არ სურს ჰეროსტრატესეული პატივი – ის დუმილს ინარჩუნებს, ეჭვს ის საკუთარ სულში ფარავს, და ამას მეტი მზრუნველობით აკეთებს, ვიდრე გოგონა, რომელიც მკერდში ბიწიერი სიყვარულის ნაყოფს მალავს, ის ცდილობს ფეხი აუწყოს სხვა ადამიანებს, მაგრამ იმას, რაც მასში ხდება, ის თვით შთანთქავს, შესაბამისად კი მსხვერპლად სწირავს თავს ყოვლისმომცველს.


როდესაც რომელიმე ექსცენტრული პიროვნება ეჭვის ქარბორბალას დაატრიალებს, შესაძლოა ვინმემ თქვას: „ნეტავ გაჩუმებულიყო“. სწორედ ამ იდეას ახორციელებს ფაუსტი. მისთვის, ვისაც გააჩნია წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ცხოვრება სულით, ეჭვისმიერი შიმშილიც ცნობილია, და რომ დაეჭვებულს ისევე სჭირდება პური არსობისა, როგორც სულიერი საკვები. შესაძლოა ტკივილი, რომელსაც ფაუსტი განიცდის, სავსებით სამართლიანი არგუმენტი იყოს საიმისოდ, რომ სიამაყეს არ მოუცავს იგი, თუმცა, ამის შესამოწმებლად მე სიფრთხილის ერთ ღონისძიებას მივმართავ, რაც, ვგონებ, რთული არ უნდა იყოს. რადგან, როგორც გრიგოლ რიმინელს91 ეწოდა tortor infantium,92 რადგან ის მხარს უჭერდა ჩვილთა წყეულობის შეხედულებას, ასევე შემიძლია მე საკუთარ თავს ვუწოდო tortor heroum,93 რადგან მე უკიდურესი გამომგონებლობით გამოვირჩევი, როდესაც საქმე გმირთა წამებას ეხება. ფაუსტი ხედავს მარგარიტას – არა მას შემდეგ, რაც მან სიამოვნების სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი, რადგან ჩემი ფაუსტი არ ირჩევს სიამოვნებას – ის ხედავს მარგარიტას არა მეფისტოფელის გამრუდებულ სარკეში, არამედ მთელი მისი უმშვენიერესი უბიწობით, და რამდენადაც მის სულს შენარჩუნებული აქვს სიყვარული კაცობრიობისადმი, მისთვის სავსებით შესაძლებელია გოგონას შეყვარება. მაგრამ ის დაეჭვებულია, ეჭვმა გაანადგურა რეალობა მისთვის. რადგან, ჩემი ფაუსტი იმდენად იდეალურია, რომ ის არ ეკუთვნის ამ მეცნიერულად დაეჭვებულებს, რომლებიც სემესტრში ერთ საათს ეჭვობენ პროფესორის სავარძელში ჩაბრძანებულები, მაგრამ დანარჩენ დროს შეუძლიათ ყველაფერი გააკეთონ, და ასეც იქცევიან, სულის ან სულის ძალის დახმარების გარეშე. ის დაეჭვებულია, დაეჭვებულს კი იმდენადვე სჭირდება პური არსობისა, როგორც სულიერი საკვები. თუმცა, ის ერთგულებას ინარჩუნებს თავისი გადაწყვეტილებისადმი და არავის ესაუბრება თავისი ეჭვის შესახებ, ისევე, როგორც არც მარგარიტას – თავისი სიყვარულის შესახებ.


თავისთავად იგულისხმება, რომ ფაუსტი მეტისმეტად იდეალურია იმისათვის, რომ ფუჭი ლაყბობით დაკმაყოფილდეს. თუ ის ისაუბრებს, ამით საბაბი მიეცემა საყოველთაო დისკუსიას, და ყველაფერი შედეგის გარეშე ჩაივლის, – შესაძლოა ასე, შესაძლოა ისე... (აქ, როგორც ყველა პოეტი იოლად შეამჩნევს, კომიკური ელემენტი შემოვიდა ჩვენს თხრობაში, რაც საფრთხეს უქმნის ფაუსტს, ირონიულ დამოკიდებულებაში ჩააყენოს იაფფასიანი კომედიების ბრიყვებთან, რომლებიც ჩვენს საუკუნეში ეჭვებს დასდევენ, მოაქვთ გარე მტკიცებულებები, მაგალითად, ექიმის ცნობა, რომ მართლაც დაეჭვებულები არიან, ან ფიცს დებენ, რომ ყველაფერში ეჭვი შეიტანეს, ან იმით ამტკიცებენ ამას, რომ გზად დაეჭვებულს შეხვდნენ, – სულიერი სამყაროს ამ მაცნეებსა და მალემსრბოლებთან, რომლებიც უკიდურესი აჩქარებით იღებენ ერთი ადამიანისგან დაეჭვებაზე ოდნავ მინიშნებასაც კი, მეორისგან – მინიშნებას რწმენაზე, შემდეგ კი ცდილობენ საუკეთესო ფორმით დაკავდნენ საქმეებით, იმის შესაბამისად, მრევლი „წვრილ ქვიშას მოითხოვს თუ მსხვილს“).94 ფაუსტი მეტისმეტად იდეალური ფიგურაა იმისათვის, რომ ქოშში წაჰყოს ფეხი. ის, ვისაც უსასრულო ვნება არ გააჩნია, არ წარმოადგენს იდეალს, ხოლო მან, ვისაც ასეთი ვნება გააჩნია, დიდი ხნის წინ დაიხსნა სული ასეთი უგნურებისგან. ის დუმს და საკუთარ თავს სწირავს მსხვერპლად, ან საუბრობს და ნათლად აცნობიერებს, რომ ყველაფერს აბურდავს.


თუკი ის დუმს, ეთიკა კიცხავს მას, რადგან ის ამბობს: „შენ უნდა აღიარო ყოვლისმომცველი, და მხოლოდ მისი ამოთქმით აღიარებ მას, და ამიტომ არ უნდა გაგაჩნდეს თანაგრძნობა მის მიმართ“. არ უნდა დაგვავიწყდეს ამის შესახებ, როდესაც ადამიანი დაეჭვებულს მკაცრად განსჯის საუბრისათვის. მე არ ვარ მომხრე, ასეთი საქციელი მოწყალედ განვსაჯო, მაგრამ ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც ყველგან, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ხდება თუ არა მოქმედება ნორმალურად. თუკი ყველაზე უარესი მოხდება, დაეჭვებული, თუნდაც საუბრით მთელი სამყაროსთვის ყველა შესაძლო უბედურება მოჰქონდეს, მაინც სჯობს იმ უმწეო სუსნიებს, რომლებიც ცოტ-ცოტას ყველაფერს უსინჯავენ გემოს, და რომლებიც კურნავენ დაეჭვებას ისე, რომ არა იციან რა მის შესახებ, და რომლებიც, ჩვეულებრივ, უშუალო მიზეზი არიან ხოლმე ეჭვისა, როდესაც ის მთელი სიშმაგითა და დაუცხრომელი მძვინვარებით იფეთქებს. თუ ისაუბრებს, ის ყველაფერს აბურდავს, რადგან, თუმცა ეს რეალურად არასოდეს ხდება, ამას ის მხოლოდ შემდეგ შეიტყობს, ხოლო შედეგი ვერავის დაეხმარება – ვერც ქმედების მომენტში და ვერც პასუხისმგებლობასთან მიმართებით.


თუკი ის დუმილს თავისი პასუხისმგებლობით შეინარჩუნებს, ეს შესაძლოა მართლაც სულგრძელი საქციელი იყოს, მაგრამ საკუთარ სხვა ტკივილს ამით მცირედ ცდუნებას უმატებს, რადგან ყოვლისმომცველი გამუდმებულ წამებას დაუწესებს მას და ეტყვის: „შენ უნდა გეთქვა. სად ნახავ იმის დასტურს, რომ ფარული სიამაყე არ მიუძღოდა შენს გადაწყვეტილებას?“


და პირიქით, თუ დაეჭვებულს ძალუძს იქცეს ცალკეულ ინდივიდად, რომელიც, როგორც ინდივიდი, აბსოლუტურ დამოკიდებულებაშია აბსოლუტთან, ის თავისი დუმილის უფლებამოსილებას მოიპოვებს. ასეთ შემთხვევაში მან დაეჭვება ბრალეულობად უნდა აქციოს. ასეთ დროს ის პარადოქსში იმყოფება, მაგრამ მისი დაეჭვება განკურნებულია, თუმცა ახალი დაეჭვება – შესაძლებელი.


ახალი აღთქმაც კი მოიწონებდა ასეთ დუმილს. არსებობს ფრაგმენტები ახალ აღთქმაში, რომლებიც იწონებენ ირონიას, თუმცა კი ის რაღაც კარგის დასაფარად გამოიყენება. მიუხედავად ამისა, ეს მოძრაობა იმდენადვეა ირონიის მოძრაობა, როგორც ნებისმიერი სხვა, რომელსაც ფესვები იმ ფაქტში აქვს გადგმული, რომ სუბიექტური უფრო მაღალია, ვიდრე სინამდვილე. ამის შესახებ ჩვენს დროში ადამიანებს არაფრის გაგონება არ სურთ, ზოგადად, მათ იმაზე მეტის ცოდნა არ სურთ, რაც ჰეგელმა თქვა ამ საკითხზე – ვისაც, რაც საკმაოდ საინტერესოა, დიდად არ ესმოდა ეს საკითხი და გარკვეულ სიძულვილს განიცდიდა მის მიმართ, სიძულვილს, რომლის შენარჩუნების სრული საფუძველი აქვს ჩვენს საუკუნეს, რადგან მან უბრალოდ თავი უნდა დაიცვას ირონიისგან. მთის ქადაგებაზე ნათქვამია: „ხოლო შენ, როდესაც მარხულობ, თავს იცხე და დაიბანე პირი შენი. რათა ხალხს კი არ ეჩვენო მმარხველად.“95 ეს პასაჟი უშუალოდ მოწმობს იმას, რომ სუბიექტურობა რეალობის არათანაზომადია, და რომ მას აქვს სიცრუის ნებართვა. ჩვენი დროის ადამიანები, რომლებიც ცარიელ სიტყვებს ისვრიან თემის იდეის შესახებ, რომ მეტ ყურადღებას უთმობდნენ „ახალ აღთქმას“, შესაძლოა სხვა აზრებითაც გამსჭვალულიყვნენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


განმარტებები და შენიშვნები:


90. თუკი ვინმე ამჯობინებს, რომ დაეჭვებული არ იქნას გამოყენებული, შეუძლია მსგავსი ფიგურა აირჩიოს, მაგალითად, ირონიკოსი, ვისმა მახვილმა მზერამ საფუძვლიანად დაადგინა არსებობის უგნურება, ვინც ცხოვრების ძალების იდუმალი გაგებით არკვევს, თუ რა სურს პაციენტს. მან იცის, რომ გააჩნია სიცილის ძალა, ხოლო თუ გამოიყენებდა მას, ის დარწმუნებულია თავის გამარჯვებასა და, ასევე, იღბალში. მისთვის ცნობილია, რომ ინდივიდუალური ხმა შესაძლოა მის წინააღმდეგ ამაღლდეს, მაგრამ იცის, რომ თვით უფრო ძლიერია, მან იცის, რომ წამით ადამიანი შესაძლოა სერიოზულად აქციო, მაგრამ ასევე იცის, რომ სულის სიღრმეში ყველა მასთან ერთად სიცილს ოცნებობს; მისთვის ცნობილია, რომ წამით შესაძლოა გოგონა აიძულო, მარაო გაშალოს, როდესაც მამაკაცს ესაუბრება, მაგრამ ამ უკანასკნელმა იცის, რომ გოგონა იცინის მარაოს მიღმა, რომ მარაო არ არის სრულიად გაუმჭვირვალე, იცის, რომ მასზე შესაძლებელია რაიმეს დაწერა უხილავი ასოებით, მან იცის, რომ როდესაც გოგონა ოდნავ წაჰკრავს მარაოს, ესე იგი გაუგო მამაკაცს, მისთვის სიცრუის უმცირესი საფრთხის გარეშეც ცნობილია, თუ როგორ მიცოცავს სიცილი ადამიანის სულში და როგორ იბუდებს მასში. მოდით, ასეთი არისტოფანე და ასეთი ვოლტერი წამოვიდგინოთ, ოდნავ შეცვლილი, რადგან ის ერთსა და იმავე დროს თანაგრძნობითაა აღსავსე, მას უყვარს არსებობა, მას უყვარს ადამიანები, და მან იცის, რომ თუმცა შესაძლოა სიცილის მხილებამ გაანათლოს დახსნილი ახალი თაობა, თანამედროვეთა შორის მრავალი დაიღუპება. ასე რომ, ის დუმილს ინარჩუნებს და შეძლებისდაგვარად ივიწყებს სიცილს. მაგრამ ბედავს კი ის დუმილს? შესაძლოა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ოდნავადაც არ ესმით ხარისხი სირთულისა, რომელსაც მე ვგულისხმობ. მეტად სავარაუდოდ ისინი იმ აზრისკენ იხრებიან, რომ დუმილის შენარჩუნება სულგრძელობის შესანიშნავი აქტია. მე ამ აზრს არ ვიზიარებ, რადგან მიმაჩნია, რომ ასეთი ადამიანი, თუკი მას დუმილის შენარჩუნების სულგრძელობა არ გააჩნია, არსებობის მოღალატეა. ასე რომ, მე ვითხოვ მისგან ასეთ სულგრძელობას, მაგრამ მისი მოპოვების შემდეგ კი გაბედავს ის დუმილის შენარჩუნებას? ეთიკა სახიფათო მეცნიერებაა და შესაძლებელია, რომ არისტოფანე წმინდად ეთიკური მოსაზრებებით ხელმძღვანელობდა, როდესაც სიცილით ცდილობდა შეცდომაში აღმოჩენილი ეპოქის გამოსწორებას. ესთეტიკური სულგრძელობა ვერ დაგვეხმარება დუმილის შენარჩუნების საკითხის გადაწყვეტაში, რადგან მის სასარგებლოდ არავინ რისკავს. თუკი დუმილის შენარჩუნება სურს, ის პარადოქსში უნდა შევიდეს. – კიდევ ერთ მონახაზს შემოგთავაზებთ. ვთქვათ, ადამიანი ფლობს საიდუმლოს, რომელიც ჰეროიკულ ცხოვრებას განმარტავს, თუმცა ეს განმარტება ერთობ სამწუხაროა; და მაინც, მთელი თაობა აბსოლუტურადაა დარწმუნებული თავის გმირში, არ ეჭვობს რა მსგავსს არაფერს.


91. გრიგოლ რიმინელი – ავგუსტინელი ბერი, ფილოსოფიის პროფესორი პარიზის უნივერსიტეტში (გარდ. 1358 წელს). მეტსახელად შეარქვეს „ჩვილთა რისხვა“, რადგან, მისი აზრით, მოუნათლავი ჩვილები ჯოჯოხეთში ხვდებოდნენ, და არა განსაწმედელში, როგორც, ჩვეულებრივ, მიაჩნდათ კათოლიკეებს.


92. „ჩვილთა რისხვა“ (ლათ.).


93. „გმირთა რისხვა“ (ლათ.).

 

94. იხ. დანიელი ავტორის იოჰან ლუდვიგ ჰოლბერგის დრამა „ერაზმ მონტანელი“ (მოქმედება პირველი, სცენა 3). ერთ-ერთი პერსონაჟი, დიაკვანი, მსჯელობს რა იმის შესახებ, ღირს თუ არა ვაჭრობა საფლავზე მოსაყრელი მიწის ფასის შესახებ, ამბობს: „მე ყოველთვის შემიძლია ვუთხრა გლეხს – წვრილი ქვიშა გჭირდება თუ მიწა?“


95. მათეს სახარება, 6:17-18.


კომენტარები