მოსე – ეგვიპტელი

მოსე – ეგვიპტელი

ზიგმუნდ ფროიდი – ავსტრიელი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ნევროლოგი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი.

 

ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი ზიგმუნდ ფროიდის წიგნიდან – „მოსე და მონოთეიზმი“.

 

წიგნის გადახედვა.

 

ფოტო აღებულია ზიგმუნდ ფროიდისა და კარლ იუნგის შესახებ გადაღებული ფილმიდან – „სახიფათო მეთოდი“.

ჩამოშორება ერისთვის ადამიანისა, რომლითაც ის ამაყობს, როგორც თავისი უდიადესი შვილით, არ წარმოადგენს წამოწყებას, რომელსაც ხალისით ან დაუფიქრებლობით შეუდგები, მით უმეტეს, თუ თვით ხარ ამ ერის შვილი. ჩვენ ვერ მივცემთ საკუთარ თავს უფლებას, რომ მსგავსმა მოსაზრებებმა გვიბიძგონ ჭეშმარიტებაზე უარის თქმისკენ იმის სასარგებლოდ, რასაც ეროვნულ ინტერესებს უწოდებენ. მეტიც, შეგვიძლია გვქონდეს მოლოდინი, რომ რიგი ფაქტების გარკვევა  ცოდნის გაღრმავებამდე მიგვიყვანს.


კაცი მოსე,1 რომელმაც ებრაელ ხალხს თავისუფლება მიანიჭა, ჩამოაყალიბა მისი კანონები და დააფუძნა მისი რელიგია, იმდენად დაშორებულ დროს ეკუთვნის, რომ არ შეიძლება უარი ვთქვათ იმის წინასწარ კვლევაზე, იყო ის ისტორიული პერსონაჟი თუ ადამიანი ლეგენდიდან. თუკი ის არსებობდა, ეს ხდებოდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეცამეტე ან, შესაძლოა, მეთოთხმეტე საუკუნეში. ჩვენ მის შესახებ ინფორმაცია გვაქვს მხოლოდ წმინდა წერილიდან და იუდეველთა გადმოცემების მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულის გამოისობით საკითხის საბოლოო გადაწყვეტა განსაზღვრულობას მოისაკლისებს, ისტორიკოსთა დიდი უმრავლესობა მაინც იმ შეხედულების სასარგებლოდაა გადახრილი, რომ მოსე რეალური პიროვნება იყო, რომ ეგვიპტიდან გამოსვლა, რაც მის სახელს უკავშირდება, მართლაც მოხდა. სამართლიანია იმის მტკიცება, რომ თუ მოცემულ წინაპირობას არ დავეთანხმებით, ისრაელი ხალხის შემდგომი ისტორია გაუგებარი იქნება. მართალია ისიც, რომ მეცნიერება დღეს მეტად წინდახედული და გაცილებით უფრო შემწყნარებელია გადმოცემების მიმართ, ვიდრე ეს ისტორიული კრიტიციზმის პირველ ხანებში ხდებოდა.


პირველი, რაც ჩვენს ყურადღებას იპყრობს მოსესთან დაკავშირებით, ესაა მისი სახელი, რომელიც ივრითზე ჟღერს, როგორც „მოშე“ (Mosheh). „როგორია მისი წარმომავლობა? – შესაძლოა იკითხოთ თქვენ, – და რას ნიშნავს იგი?“ როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, პასუხი ამ კითხვაზე მოცემულია გამოსვლის მეორე თავში. იქ ნათქვამია, რომ სახელი მას ეგვიპტის ფარაონის ასულმა მისცა, რომელმაც ჩვილი ნილოსის წყლებში დახრჩობას გადაარჩინა, წამოაყენა რა ამ დროს შემდეგი ეტიმოლოგიური საბუთი: „რადგან წყლიდან მყავს ამოყვანილი.“2


თუმცა, ეს განმარტება უპირობოდ არასაკმარისია. „ბიბლიური ინტერპრეტაცია სახელისა, როგორც იმისა, ვინც „წყლიდანაა ამოყვანილი“, – ამტკიცებს იუდეური ლექსიკონის ავტორი3. – წარმოადგენს საზოგადოდ გავრცელებულ ეტიმოლოგიას, რომელსაც პირველ რიგში ვერ შევუთავსებთ იუდეური სიტყვის აქტიურ ფორმას – რადგან „მოშე“ შეიძლება ასევე ნიშნავდეს „იმასაც, ვისაც ამოჰყავს.“ ეს შეუთანხმებლობა შემდეგი ორი საბუთით შეგვიძლია გავამყაროთ: პირველ რიგში, აბსურდულია საუბარი იმის შესახებ, რომ ეგვიპტის ფარაონის ასულმა სახელი იუდეურიდან აიღო, და მეორე, წყალი, რომლიდანაც ჩვილი ამოიყვანეს, მეტად სავარაუდოა, რომ ნილოსი არ იყო.


მეორეს მხრივ, მრავალ სპეციალისტს უკვე გამოთქმული აქვს ეჭვი, რომ „მოსეს“ ეგვიპტური წარმომავლობა აქვს. ნაცვლად იმ სპეციალისტების ჩამოთვლისა, რომლებიც მსგავსი შეხედულების მხარდასაჭერად გამოდიოდნენ, მოვახდენ ციტირებას მოცემულ საკითხთან დაკავშირებული ნაწყვეტისა მცირე ხნის წინ გამოქვეყნებული წიგნიდან The Dawn of Conscience („სინდისის აისი“, 1934) ბრისტედისა, რომლის ნაშრომი History of Egypt („ეგვიპტის ისტორია“, 1906) კლასიკურად ითვლება: „მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ მისი სახელი, მოსე, ეგვიპტურია. ესაა მარტივი ეგვიპტური სიტყვა „ჩემი“, რომელიც ნიშნავს „ბავშვს“ და წარმოადგენს შემოკლებულ ფორმას ისეთი სახელების უფრო სრული ფორმებისა, როგორიცაა „ამონ-მოს“, რაც ნიშნავს „ამონის ბავშვს“ ან „პტახ-მოს“ – „პტახის ბავშვი“, რაც, თავის მხრივ, შეკვეცილი ფორმაა უფრო სრული „ამონისგან (ბოძებული) ბავშვი“-ს ან „პტახისგან (ბოძებული) ბავშვის“. შემოკლება „ბავშვი“ მალე მასშტაბური სრული სახელის მოსახერხებელ გამარტივებად იქცა, რის შემდეგ სახელი მოს4, „ბავშვი“, ხშირად გვხვდება ეგვიპტურ ძეგლებზე. შვილის სახელს მოსეს მამამ უეჭველად დაურთო რომელიმე ეგვიპტური ღვთაების სახელი, როგორიცაა ამონი ან პტახი. ეს ღვთიური სახელი საზოგადო გამოყენებისას თანდათანობით დაიკარგა, ხოლო ბავშვს დაერქვა უბრალოდ „ჩემი“ (ბოლო s [Mose-s] აღებულია ძველი აღთქმის ბერძნული თარგმანიდან. იუდეურში არის მხოლოდ „მოშე.“5


ეს ნაწყვეტი მე სიტყვასიტყვით მოვიტანე და სრულებით არ ვარ მზად, პასუხისმგებლობა ვიტვირთო მისი დეტალებისთვის. მე ასევე ოდნავ გაკვირვებული ვარ, რომ ბრისტედმა არ მოიტანა ღვთიურ სახელთაგან ნაწარმოები ანალოგიური სახელები, რომლებიც ეგვიპტელ მეფეთა სიაში ფიგურირებს. მაგალითად: ა-მოს (Ah-mose), თოტ-მოს (Thoth-mose) და რა-მსეს (Ra-mose).


შესაძლოა გვქონოდა იმის მოლოდინი, რომ მრავალრიცხოვან მკვლევართაგან ვინმე, ვინც აღიარა, რომ „მოსე“ ეგვიპტური სახელია, ასევე მივიდოდა დასკვნამდე, ან, სულ ცოტა, მხედველობაში მიიღებდა, რომ ადამიანი, რომელიც ეგვიპტურ სახელს ატარებს, შესაძლოა თვითონაც ეგვიპტელი იყოს. რაც შეეხება ჩვენს დროს, ჩვენ უყოყმანოდ ვაკეთებთ ასეთ დასკვნებს, თუმცა კი ადამიანები დღეს ატარებენ არა ერთ, არამედ ორ სახელს – საკუთრივ სახელსა და გვარს – და ეს მიუხედავად იმისა, რომ გარემოებათა ცვლილებასთან ერთად სავსებით შესაძლებელია სახელის შეცვლა ან მისი მსგავსის აღება. ასე მაგალითად, ჩვენ სრულებით არ გვიკვირს, როდესაც მტკიცდება, რომ პოეტი შამისო6 წარმოშობით ფრანგი იყო, რომ ნაპოლეონ ბონაპარტე, პირიქით, იტალიიდან გახლდათ, ხოლო ბენჯამენ დიზრაელი იტალიელი ებრაელი იყო, როგორც მისი სახელიდან გამომდინარეობს. რაც შეეხება ანტიკურ და ადრექრისტიანულ პერიოდს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დასკვნა ადამიანის ეროვნების შესახებ, დამყარებული მის სახელზე, სავარაუდოდ მეტად სანდო და ფაქტიურად უეჭველი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, არც ერთი ისტორიკოსი არ მისულა ასეთ დასკვნამდე მოსესთან მიმართებით – არავინ, თვით ისინიც კი, ვინც ბრისტედის მსგავსად მზადაა დაეთანხმოს იმას, რომ „განისწავლა მოსე ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით.“7


დაბეჯითებით იმის თქმა, თუ რამ შეუშალა მათ ამაში ხელი, რთულია. შესაძლოა ბიბლიური გადმოცემისადმი გადაულახავმა მოწიწებამ. შესაძლოა, თავად იდეა, რომ კაცი მოსე შესაძლოა ყოფილიყო ვინმე სხვა და არა ებრაელი, მათ მეტისმეტად მკრეხელურად ეჩვენებოდათ. თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, აღიარება იმისა, რომ სახელი მოსე – ეგვიპტურია, არ განიხილებოდა მისი წარმომავლობის საკმარისად დამაჯერებელ საბუთად და არანაირი შემდგომი დასკვნა არ გაკეთებულა. თუ კითხვა ამ დიდი ადამიანის ეროვნების შესახებ მნიშვნელოვნად უნდა ჩავთვალოთ, სასურველი იქნებოდა მოგვეხმო უფრო ახალი მასალა, რომელიც კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარებოდა.


სწორედ ამას ეძღვნება ჩემი მცირე ნაშრომი. ადგილი, რომელიც მას Imago-ს ფურცლებზე აქვს გამოყოფილი, იმითაა განპირობებული, რომ იგი ფსიქოანალიზის პრაქტიკულ გამოყენებას წარმოადგენს. უდაოა, რომ ამ გზით მიღებული მტკიცებულება, მკითხველთა მხოლოდ იმ მცირე წრის მიერ იქნება შეფასებული, რომლისთვისაც ცნობილია ფსიქოანალიტიკური აზროვნება, და რომელიც სათანადოდ შეძლებს მისი შედეგების შეფასებას. ვიმედოვნებ, რომ მათთვის ის არსებითი იქნება.


1909 წელს ოტო რანკმა, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ ჩემი გავლენის ქვეშ იყოფებოდა,8 ჩემი რჩევით გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით „მითი გმირის დაბადების შესახებ.“ მასში ნათქვამია, რომ „ყველა ცნობილი მაღალგანვითარებული ერი... ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ სტადიაზე იწყებდა თავისი გმირების, მითიური მბრძანებლებისა და მეფეების, რელიგიების, დინასტიების, იმპერიებისა და ქალაქების, ერთი სიტყვით, ეროვნული გმირების განდიდებას მრავალ პოეტურ ქმნილებასა და ლეგენდაში. ასეთ პიროვნებათა დაბადებისა და ცხოვრების ადრეული პერიოდების ისტორიები განსაკუთრებით ფანტასტიური ელემენტებითაა შემოსილი, რომლებიც სხვადასხვა ხალხებში, მიუხედავად მათი გეოგრაფიული დაშორებისა და ერთმანეთისგან დამოუკიდებლობისა, გასაოცარ მსგავსებას ამჟღავნებენ, დროდადრო კი სრულ შესაბამისობას. ეს ფაქტი საკმაო ხანია იწვევს მრავალ მკვლევართა გაოცებას“ (გვ. 157). თუკი რანკის კვალდაკვალ (მეთოდიკის მიხედვით, რომელიც გალტონისას9 ჰგავს) შევეცდებით შევქმნათ „საშუალო ლეგენდა“, რომელიც ყველა ამ ისტორიის არსებით მახასიათებლებს ასახავს, შემდეგ სურათს მივიღებთ:
„გმირი დიდგვაროვანი მშობლების შვილია; ჩვეულებრივ, ხელმწიფის ვაჟი. მის დაბადებას წინ უსწრებს სხვადასხვა სირთულეები, ისეთები, როგორიცაა თავშეკავება, ხანგრძლივი უნაყოფობა, მშობელთა იდუმალი (შინაგან წინააღმდეგობათა ან აკრძალვათა გამოისობით) სიახლოვე. გმირის დაბადებამდე ან ჩასახვამდე ადგილი აქვს წინასწარმეტყველებას, სიზმრის ხილვით ან ქურუმის მეშვეობით, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას მისი დაბადების არასასურველობის შესახებ და რომელიც, ჩვეულებრივ, შეიცავს მუქარას მამის ან იმ პირისთვის, ვინც მას წარმოადგენს. როგორც წესი, ბავშვს წყალს ანებებენ – კალათით, სკივრით ან კასრით. შემდეგ მას გადაარჩენენ ცხოველები ან დაბალი წარმომავლობის ადამიანები (მწყემსები), ხოლო კვებავს მდედრი ცხოველი ან მდაბიო ქალი. ზრდასრული გმირი თავის დიდგვაროვან მშობლებს განსხვავებული საშუალებებით პოულობს; ერთის მხრივ, ის შურს იძიებს მამაზე, მეორეს მხრივ კი აღიარებულია სხვებისგან, საბოლოოდ კი მაღალ მდგომარეობასა და პატივს აღწევს.“ (გვ. 55).


ისტორიულ ფიგურათაგან უძველესი, ვისაც დაბადების მითი ეხება, ბაბილონის დამაარსებელი სარგონ აკადიელია (დაახლ. 2800 წ. ჩვ. წ.ა.). ჩვენთვის საინტერესო იქნება მონათხრობი, რომელიც უშუალოდ მას მიეწერება.


„მე, სარგონი, ძლევამოსილი ხელმწიფე, აკადიის მეფე. დედაჩემი ქურუმი იყო, მამაჩემი არ ვიცი, მამაჩემის ძმა კი მთაში ცხოვრობდა. დედაჩემი, ქურუმი, ჩემით დაფეხმძიმდა ქალაქში, რომელსაც ჰქვია აზუპირანი, ევფრატის ნაპირას რომ მდებარეობს. ფარულ ადგილას მშვა მან. ლერწმისგან დაწნულ კალათში ჩამსვა, ხუფი ფისით დალუქა და წყალში ჩაუშვა. ნაკადს არ დავუხრჩვივარ, არამედ მიმიყვანა აკისთან, წყლის მზიდავთან. აკიმ, გულკეთილობიდან გამომდინარე, წყლიდან ამომიყვანა; წყლის მზიდავმა აკიმ საკუთარი შვილივით გამზარდა; წყლის მზიდავმა აკიმ თავის მებაღედ მაქცია. როდესაც მებაღედ ვმუშაობდი, მე შევუყვარდი იშტარს, მეფედ ვიქეც და 45 წელს ვმეფობდი“.


სარგონ აკადიელით დაწყებულ სერიაში ჩვენთვის ყველაზე ცნობილია მოსეს, კიროსისა და რომულუსის სახელები. მათ გარდა რანკმა პოეზიიდან და ლეგენდებიდან შეკრიბა მთელი რიგი ისტორიული ფიგურებისა, რომელთა სიყმაწვილის შესახებ მოგვითხრობს მსგავსი ისტორია, რომელიც მთლიანად ან იოლად საცნობ ფრაგმენტებში თანხვდება აღნიშნულს, – მათ შორისაა ოიდიპოსი, კარნა, პარისი, ტელეფოსი, პერსევსი, ჰერაკლე, გილგამეში, ამფიონი, ზეთოსი და სხვები.10

 

რანკის კვლევებმა ამ მითის წარმომავლობა და მიზანი გაგვაცნო. მე აუცილებლად მიმაჩნია მათზე მითითება ზოგი მცირე შენიშვნით. გმირი – ეს არის ვინმე, ვისაც ეყო სიმამაცე, მამის წინააღმდეგ აღმდგარიყო და დაემარცხებინა ის. ჩვენი მითი ამ ბრძოლას გასდევს გმირის წინაისტორიამდე, რადგან წარმოადგენს მას, როგორც დაბადებულს მამის ნების წინააღმდეგ და გადარჩენილს მისი ავი განზრახვის მიუხედავად. სტიქიისთვის მინდობა დაბადების უდაო სიმბოლურ გამოხატულებას წარმოადგენს: კალათი – საშოა, წყალი კი ამნიოტური სითხე. დამოკიდებულება მშობელი-შვილი ნაჩვენებია წყლიდან ამოყვანის ან გადარჩენის ურიცხვ სიზმრებში.11


როდესაც ადამიანთა ფანტაზია ჩვენს მიერ განხილულ მითს დაბადების შესახებ უკავშირებს რომელიმე გამოჩენილ პიროვნებას, ეს წარმოადგენს საბაბს მისი აღიარებისთვის, როგორც გმირისა და იმის გამოსაცხადებლად, რომ ამ პიროვნების ცხოვრება სრულად შეესაბამება გმირის ცხოვრების ხასიათს. ფაქტიურად კი ასეთი პოეტური გამონაგონის წყაროს ის წარმოადგენს, რაც ჩვენთვის ცნობილია, როგორც ბავშვის „საოჯახო რომანი“, რომელშიც ბავში რეაგირებს თავისი ემოციური დამოკიდებულების ცვლილებაზე მშობლების, განსაკუთრებით კი მამის მიმართ.12


ბავშვის ადრეული წლები მამის დიდი გადაფასებით ხასიათდება; შესაბამისად, სიზმრებსა და ზღაპრებში მშობელთა როლებს აუცილებლად ხელმწიფე და დედოფალი ასრულებენ. მოგვიანებით, მეტოქეობისა და იმედგაცურების გავლენით რეალურ ცხოვრებაში ბავშვი ხშირად ემიჯნება მშობლებს და კრიტიკულ პოზიციას იკავებს მამის მიმართ. ამგვარად, მითის ორი ოჯახი – არისტოკრატული და მდაბიო – ორივე ბავშვის საკუთარი ოჯახის ანარეკლია, როგორადაც ეჩვენებოდა ისინი მას ცხოვრების თანმიმდევრულ პერიოდებში.


შეგვიძლია სამართლიანად შევნიშნოთ, რომ ასეთი მსჯელობა სრულად განმარტავს გმირთა დაბადების შესახებ მითების გავრცელებულ და ერთგვაროვან ბუნებას. ამ მიზეზით მით უფრო დიდ ყურადღებას იმსახურებს ის, რომ ლეგენდას მოსეს დაბადებისა და მასზე უარის თქმის შესახებ განსაკუთრებული ადგილი უკავია სხვებს შორის, ერთი არსებითი მიმართებით კი უპირისპირდება კიდეც მათ.


მოდით ორი ოჯახით დავიწყოთ, რომელთა შორისაა მოქცეული ბავშვის ბედი ლეგენდის მიხედვით. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ფსიქოანალიტიკური განმარტების თანახმად ეს ერთი და იგივე ოჯახია, რომელიც მხოლოდ ქრონოლოგიური მიმართებით განსხვავდება. ლეგენდის ტიპიური ფორმით სწორედ პირველი ოჯახი, ის, რომელშიც იბადება ბავშვი, წარმოადგენს არისტოკრატულს და, უფრო ხშირად, სამეფო რანგისას; მეორე ოჯახი, რომელშიც ბავშვი იზრდება, ღარიბი ან გაჭირვებაში მყოფია. გარდა ამისა, ეს თანხმობაშია გარემოებებთან [„საოჯახო რომანისა“], რომელსაც ლეგენდის ინტერპრეტაცია ამჟღავნებს. მხოლოდ ოიდიპოსის შესახებ ლეგენდაშია ეს განსხვავება მოსწორებული: ერთი სამეფო ოჯახის მიერ მიტოვებულ ბავშვს სხვა სამეფო ოჯახი იღებს. იგრძნობა, რომ რთულად თუ იქნება შემთხვევითი ის, რომ სახელდობრ ამ მაგალითში ორი ოჯახის ჭეშმარიტი მდგომარეობა ბუნდოვნადაა ასახული თვით ლეგენდის მიერ. სახელდობრ ორ ოჯახს შორის არსებული სოციალური კონტრასტი წარმოადგენს მითს – რომელიც, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, მოწოდებულია დიდი ადამიანის გმირულ ხასიათს გაუსვას ხაზი, – ასრულებს რა იმავდროულად მეორე ფუნქციას, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც მითი ისტორიულ პერსონაჟებს უკავშირდება. რადგან მითი ასევე შესაძლოა გამოყენებულ იქნას გმირის კეთილშობილი წარმოშობის სიცხადის შესაქმნელად, მისი სოციალური მდგომარეობის ზეასაწევად. მიდიელთათვის კიროსი უცხო ქვეყნის დამპყრობელი იყო; მაგრამ განდევნის შესახებ ლეგენდის წყალობით ის მათი ხელმწიფის შვილიშვილად იქცევა. იგივეა მართებული რომულუსთან მიმართებით. ასეთი ადამიანი თუ არსებობდა კიდეც, ის ავანტიურისტი, უცნობი წარმომავლობის წინამასწარა იქნებოდა; თუმცა ლეგენდამ ის ალბათ ლონგას მეფეთა შთამომავლად და მემკვიდრედ აქცია.


მოსესთან მიმართებით ყველაფერი სხვაგვარადაა. მის შემთხვევაში პირველი ოჯახი, რომელიც სხვა მითებში არისტოკრატულია, საკმაოდ მოკრძალებული იყო. ის ებრაელ ლევიანთა შვილი იყო. მაგრამ მეორე ოჯახის ადგილს, რომელიც სხვა შემთხვევებში ღარიბია, ეგვიპტის მეფეთა დინასტია იკავებს; ფარაონის ასული ზრდის მას, როგორც საკუთარ შვილს. ტიპიური ნიმუშიდან ასეთი გადახრა მრავალისთვის იქცა საფიქრალად. ედუარდ მაიერი,13 მის კვალდაკვალ კი სხვებიც, თვლიდნენ, რომ თავდაპირველად ლეგენდა განსხვავებული იყო. მათი შეხედულების თანახმად, ფარაონი გაფრთხილებულ იქნა წინასწარმეტყველური სიზმრით,14 რომ მისი ასულის ვაჟი უბედურებას შეჰყრიდა მას და მის სამეფოს. ამიტომ დაბადების შემდეგ ბავშვი ნილოსში მოისროლეს. მაგრამ ის ებრაელებმა გადაარჩინეს და აღზარდეს, როგორც საკუთარი შვილი. შემდეგ, „ეროვნული მოსაზრებებით“ (რანკის გამოთქმით)15 ლეგენდაში შეტანილ იქნა ცვლილებები, და სწორედ ასეთი ფორმით მოაღწია მან ჩვენამდე.


თუმცა, მარტივი მსჯელობა გვიჩვენებს, რომ მოსეს შესახებ ასეთი საწყისი ლეგენდა, რომელიც სხვებისგან არ განსხვავდებოდა, ვერ იარსებებდა. რადგან ის უნდა ყოფილიყო ან ეგვიპტური ან ებრაული წარმომავლობის. პირველი ვარიანტი გამოირიცხება: ეგვიპტელებს არანაირი საბაბი არ ჰქონდათ მოსეს განსადიდებლად, რადგან მათთვის ის გმირი არ იყო. შესაბამისად, უნდა დავუშვათ, რომ ლეგენდა გაჩნდა ებრაელ ხალხში – ანუ, რომ ის კარგად ნაცნობი ფორმით (ანუ დაბადების შესახებ ლეგენდის ტიპიური ფორმით) მათი ბელადის პიროვნებას გულისხმობდა. მაგრამ ის არ გამოდგებოდა ამ მიზნისთვის, რადგან რა სარგებელი აქვს ხალხს ლეგენდისგან, რომელიც გმირს უცხოელად სახავს?


მოსეს შესახებ ლეგენდა, ჩვენთვის ნაცნობი ფორმით, ფარულ დანიშნულებას მოისაკლისებს. თუ მოსე სამეფო წარმომავლობის არ იყო, მაშინ ლეგენდა ვერ აქცევს მას გმირად, თუ ის მას ებრაელ ბავშვად სტოვებს, ვერაფრით ვერ აღამაღლებს მის სოციალურ სტატუსს. ქმედითად რჩება მთელი მითის ერთადერთი მცირე ფრაგმენტი: მტკიცება, რომ ბავშვი გადარჩა მძლავრ გარეშე ძალთა წნეხის ქვეშ (ეს ნიშანი განმეორებულია იესოს ბავშობის შესახებ მონათხრობში, სადაც ფარაონის ადგილს ჰეროდე იკავებს). ამგვარად, ფაქტიურად ჩვენ უფლება გვაქვს ვივარაუდოთ, რომ შედარებით გვიან პერიოდში ვიღაცამ თავის გმირ მოსეს შესახებ მონათხრობში უხეიროდ შეიტანა რაღაც, რაც განდევნის შესახებ კლასიკურ ლეგენდებს გვაგონებს და გმირს გამოარჩევს, მაგრამ რაც მოცემულ განსაკუთრებულ ვითარებაში მოსესთვის სრულიად შეუფერებელია.


ჩვენი კვლევა შესაძლოა ამ განუსაზღვრელი, და მეტიც, საეჭვო შედეგით დაკმაყოფილებულიყო, იმავდროულად კი სრულიად არ მიგვაახლოვებდა პასუხთან კითხვაზე, იყო თუ არა მოსე ეგვიპტელი. თუმცა, არსებობს მეორე, შესაძლოა კიდევ უფრო იმედისმომცემი მიდგომა განდევნის შესახებ ლეგენდისადმი.


მოდით მითის ორ ოჯახს დავუბრუნდეთ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ფსიქოანალიტიკური განმარტების საფეხურზე ისინი იდენტურია; მაშინ, როდესაც მითის დონეზე ისინი იყოფა არისტოკრატულ და მდაბიო ოჯახებად. თუმცა, თუ პიროვნება, რომელსაც მითი ეხება, ისტორიულს წარმოადგენს, არსებობს სხვა საფეხურიც – საფეხური სინამდვილისა. ერთ-ერთი ოჯახი, რომელშიც პიროვნება (დიდი ადამიანი), რომლის შესახებ მოგვითხრობს მითი, მართლაც იბადება და იზრდება, რეალურს წარმოადგენს; მეორე – გამოგონილია, მოფიქრებულია მითის მიზნებისათვის. როგორც წესი, მდაბიო ოჯახი ნამდვილია, არისტოკრატული – გამოგონილი. მოსეს შემთხვევაში, როგორც ჩანს, სიტუაცია ოდნავ განსხვავებულია. შესაძლოა ახალმა მიდგომამ მიგვიყვანოს განმარტებამდე: ყველა მაგალითში, რომელიც შემოწმებას ექვემდებარება, პირველი ოჯახი, რომლიდანაც ბავშვი განდევნილ იქნა, გამოგონილი იყო, ხოლო მეორე, რომელშიც ის მიიღეს და რომელშიც აღიზარდა – იყო რეალური. თუკი გავბედავთ და ასეთ მსჯელობას უნივერსალურად და მოსეს ლეგენდისადმი გამოსაყენებლადაც ვაღიარებთ, მაშინ ყველაფერს მყისვე ნათელი ეფინება: მოსე ეგვიპტელი იყო – სავარაუდოდ, არისტოკრატი – რომელიც ლეგენდას ებრაელად უნდა ექცია. ასეთია ჩვენი დასკვნა. წყლის შესახებ თქმულებას მონათხრობში კანონიერი ადგილი უკავია. მაგრამ იმისათვის, რომ ახალ ჩანაფიქრს შეესაბამებოდეს, მისი მიზანი რადიკალურად უნდა შეიცვალოს. ბავშვის მსხვერპლად შეწირვის საშუალებიდან ის მისი გადარჩენის საშუალებად იქცა.


მოსეს ლეგენდის გადახრა სხვა მსგავსი ლეგენდებიდან შესაძლოა მისი ისტორიის ერთი თავისებურებით ავხსნათ. იმ დროს, როდესაც, გმირი, ჩვეულებრივ,  ცხოვრების განმავლობაში სულ უფრო ზევით იწევს, კაც მოსეს გმირული ცხოვრება იმით დაიწყო, რომ ის თავისი მაღალი საფეხურიდან ისრაელის შვილებამდე დაეშვა.


ჩვენ იმ მცირე კვლევით დავიწყეთ, რომ მოსე ეგვიპტელი იყო. ჩვენ ვიხილეთ, რომ პირველი საბუთი, რომელიც მის სახელს ეფუძნება, მრავალისათვის სანდო არ აღმოჩნდა.16


ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ ახალი არგუმენტი, დაფუძნებული შინიდან განდევნის ლეგენდის ანალიზზე, შეიძლება მეტად წარმატებული არ იყოს. უდაოა, მის წინააღმდეგ წარმოიშობა იმ შინაარსის არგუმენტები, რომ ლეგენდათა შექმნისა და სახეცვლილების გარემოებები მეტისმეტად განუსაზღვრელია, რათა ჩვენი დასკვნა გაამართლოს, და რომ თქმულებები, რომლებიც მოსეს გმირულ ფიგურას ახლავს თან, მთელი თავისი აბურდულობის, წინააღმდეგობრიობისა, და განუწყვეტელ და ტენდენციურ შესწორებათა და ცვლილებების არსებობისას, – გარდუვალად გაართულებენ მათ უკან მდგომი ისტორიული სიმართლის არსის წვდომის ნებისმიერ მცდელობას. პირადად მე ამ პოზიციას არ ვიზიარებ, მაგრამ არც მისი უსაფუძვლობის დამტკიცების შესაძლებლობა მაქვს.


თუკი თავდაჯერებულობის ამაზე მაღალი ხარისხის მიღწევა შეუძლებელია, შესაძლოა დაიბადოს კითხვა: საერთოდ რატომ გამოვიტანე საყოველთაო განხილვისთვის წინამდებარე კვლევა? მწუხარებით უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი საკუთარი საბუთებიც კი არ სცდება მინიშნებებს. რადგან თუ თავს ნებას მივცემთ, გატაცებულ ვიქნათ აქ წამოყენებული ორი არგუმენტით და სერიოზულად მივუდგეთ ჰიპოთეზას, რომ მოსე ეგვიპტელი არისტოკრატი იყო, მაშინ უკიდურესად საინტერესო და შორს მიმავალი პერსპექტივები იხსნება. ვფიქრობ, რომ ზოგიერთი, არცთუ დაშორებული ვარაუდის დახმარებით ჩვენ შევძლებთ გავიგოთ მოტივები, რომლებმაც მოსე ესოდენ უჩვეულო გზაზე შეაყენეს და, რაც უშუალო სიახლოვესაა აღნიშნულთან, გავიგოთ ებრაელებისთვის მიცემული კანონებისა და რელიგიის შესაძლო საფუძველი და რიგი დამახასიათებელი ნიშნები და თავისებურებები; ამასთანავე, ჩვენ ახლოს მივალთ შეხედულებებთან ზოგადად მონოთეისტური რელიგიის წარმოშობასთან მიმართებით. თუმცა, ასეთი საფუძვლიანი დასკვნები არ შეიძლება მხოლოდ ფსიქოლოგიურ სანდოობას ეფუძნებოდეს. თუნდაც თუ პირველი ისტორიული საყრდენი წერტილის სახით დავუშვებთ, რომ მოსე ეგვიპტელი იყო, საჭირო გახდება მინიმუმ მეორე დადასტურებული ფაქტი, რათა წარმოშობილ შესაძლებლობათა სიუხვე დავიცვათ კრიტიკისგან იმასთან მიმართებით, რომ ისინი მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფია და მეტისმეტად დაშორებული რეალობას. ეს მოთხოვნა ალბათ შესრულდებოდა, თუკი იარსებებდა ობიექტური მოწმობები იმ პერიოდისა, რომელსაც მოსეს ცხოვრებასა და ეგვიპტიდან გამოსვლას მიაწერენ. მაგრამ, მათი მიღება შეუძლებელია, ამიტომ უმჯობესი იქნება მოსეს ეგვიპტური წარმოშობის შესახებ ვარაუდის შემდეგ შედეგებთან მიმართებით დუმილი შევინარჩუნოთ.

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნები და განმარტებები

 

1. ასე მოიხსენიება მოსე ბიბლიაში (რიცხვნი, 12:3) და ეს გამოთქმა არაერთხელაა გამეორებული წინამდებარე ნაშრომში. აღსანიშნავია, რომ წიგნის გერმანული სახელწოდების სიტყვასიტყვითი თარგმანი ასე ჟღერს: „კაცი მოსე და მონოთეისტური რელიგია“.
2. გამოსვლა, 2:10.
3. ჰერლიცი და კირჩნერი (1930).
4. მოს მოსეს შეკვეცილი ფორმა.
5. ბრისტედი, 1934.
6. ადელბერტ ფონ შამისო (1781-1838) ავტორი „პეტერ შლემილის ისტორიისა“, ადამიანის შესახებ, რომელმაც საკუთარი ჩრდილი გაყიდა.
7. ვარაუდი, რომ მოსე ეგვიპტელი იყო, მის სახელზე მინიშნების გარეშე, მრავალჯერ იქნა გამოთქმული ადრეული დროიდან დღევანდელ დღემდე. 
8. მე სრულებით არ მაქვს განზრახული დავაკნინო რანკის დამოუკიდებელი წვლილი ამ ნაშრომში.
9. ფროიდს მხედველობაში აქვს „გალტონის ფოტომონტაჟი“, რასაც ის ხშირად იმოწმებდა.
10. კარნა გახლდათ სანსკრიტული ეპოსის, „მაჰაბჰარატას“, გმირი, გილგამეში ბაბილონელი გმირი, სხვა გმირები ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟები არიან.
11. იხ. „სიზმრების განმარტება“.
12. იხ. ფროიდის სტატია „Family Romances“.
13. მაიერი, 1906, 46 და შემდეგ.
14. ეს ასევე ნახსენები აქვს იოსებ ფლავიუსს.
15. რანკი, 1909, 80.
16. ედუარდ მაიერი წერს: „სახელი „მოსე“, სავარაუდოდ ეგვიპტური წარმომავლობისაა, და სახელს „ფინხასი“ სილოამელი მღვდლის სახლში... უდაოდ ეგვიპტური წარმომავლობა აქვს და, ასევე უდაოა, რომ კავშირი ჰქონდა ეგვიპტესთან.“


კომენტარები