ადამიანის ცნობიერი მოღვაწეობა

ადამიანის ცნობიერი მოღვაწეობა

რუდოლფ შტაინერი – ავსტრიელი ფილოსოფოსი, პედაგოგი, სოციალური რეფორმატორი, არქიტექტორი, ეზოტერიკოსი.

 

აღნიშნული სტატია გახლავთ ერთ-ერთი თავი რუდოლფ შტაინერის წიგნიდან – „თავისუფლების ფილოსოფია“.

 

წიგნის დეტალური დათვალიერება

ადამიანი თავის აზროვნებასა და ქმედებაში თავისუფალი არსებაა თუ პირიქით, იგი დგას წმინდად ბუნების კანონთა რკინისებური აუცილებლობის წნეხის ქვეშ? ძალზე ცოტაა ისეთი კითხვა, რომელზეც დახარჯულა იმდენი მახვილგონიერება, რამდენიც ამ კითხვაზე. ადამიანური ნებელობის თავისუფლების იდეას გამოუჩნდა როგორც მხურავალე თაყვანისმცემელნი, ასევე თავგადაკლული მოწინააღმდეგენი. არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთ ზნეობრივ პათოსში შეზღუდული გონების მქონედ აცხადებენ ყველას, ვინც უარყოფს ისეთ აშკარა ფაქტს, როგორიცაა თავისუფლება. პირიქით, მათ ეწინააღმდეგებიან სხვები, რომლებიც არამეცნიერულობის მწვერვალს ხედავენ იმაში, როცა ვინმე ვარაუდობს, რომ ბუნების კანონზომიერება მთავრდება ადამიანური მოღვაწეობის სფეროში და აზროვნებაში. აქ ერთსა და იმავე მოვლენას ხშირად აცხადებენ ხან კაცობრიობის უძვირფასეს მონაპოვრად, ხან კი უბოროტეს ილუზიად. უსაზღვრო დახელოვნებულობა იქნა გამოყენებული იმის განსამარტავად, როგორ ეთვისება ადამიანური თავისუფლება იმ ბუნების ქმედებას, რომელსაც თავად ადამიანიც განეკუთვნება. მეორე მხრივ, არანაკლები ძალისხმევა დაიხარჯა იმაზეც, რომ გასაგები გაეხადათ, როგორ შეიძლებოდა წარმოქმნილიყო მსგავსი ახირებული იდეა. აქ რომ საქმე გვაქვს ცხოვრების, რელიგიის, პრაქტიკისა და მეცნიერების ყველაზე უმნიშვნელოვანეს საკითხებთან, ამას გრძნობს ყველა, ვისი ხასიათის უმთავრეს თავისებურებას არ წარმოადგენს საფუძვლიანობასთან დაპირისპირებულობა. თანამედროვე აზროვნების ზედაპირულობის სამწუხარო ნიშანია ის ფაქტი, რომ წიგნი, რომელსაც სურდა უახლესი საბუნებისმეტყველო ცდების შედეგებიდან შეექმნა „ახალი რწმენა“ (დავით ფრიდრიხ შტრაუსი: „ძველი და ახალი რწმენა“), ამის შესახებ არაფერს შეიცავს, გარდა შემდეგი სიტყვებისა: „აქ საჭირო აღარ არის გამოვეკიდოთ კითხვას ადამიანური ნებელობის თავისუფლების შესახებ. თავისუფლების მოჩვენებითადუმნიშვნელო არჩევის შესაძლებლობას ცარიელ ფანტომად ყოველთვის აღიარებდა ამ სახელის ღირსი ყოველი ფილოსოფია; მაგრამ ზემოაღნიშნულით ეს საკითხი ადამიანური ქცევებისა და შეხედულებების ზნეობრივ შეფასებას არ ეხება“. მე აქ ეს ადგილი იმიტომ კი არ მომყავს, რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ წიგნს, რომლიდანაც იგი არის ამოღებული, არამედ იმიტომ, რომ ეს წიგნი, ჩემი აზრით, შეიცავს მოსაზრებას, რა დონემდე შეუძლია ამ საკითხში ამაღლება ჩვენს თანამედროვე მოაზროვნეთა უმრავლესობას. ის, რომ თავისუფლება არ შეიძლება მდგომარეობდეს მარტოოდენ საკუთარი შეხედულებით ორი შესაძლო ქცევიდან ერთერთის არჩევაში, ეს როგორც ჩანს, დღეს იცის ყველამ, ვისაც თავი მოაქვს იმით, რომ იგი აღარაა ბავშვი მეცნიერებაში. ამტკიცებენ, რომ ყოველთვის არსებობს სრულიად გარკვეული საფუძველი, რომლის ძალითაც რამდენიმე შესაძლო ქცევიდან მოქმედებაში მხოლოდ ერთი განსაზღვრული მოჰყავთ.

 

ეს დამაჯერებელი ჩანს. მიუხედავად ამისა, დღემდე თავისუფლების მოწინააღმდეგეთა ძირითადი თავდასხმები მიმართულია მხოლოდ არჩევანის თავისუფლების წინააღმდეგ. თვით ჰერბერტ სპენსერიც, ვინც იზიარებს შეხედულებებს, რომლებიც ყოველდღიურად სულ უფრო მეტად ვრცელდება, ამტკიცებს შემდეგს (ჰერბერტ სპენსერი, „ფსიქოლოგიის საფუძვლები“, დოქტორ ბ. ფეტერის გერმანული გამოცემა, შტუტგარტი, 1882წ.): მაგრამ ის, რომ ყველას შეუძლია საკუთარი შეხედულებით ისურვოს ან არ ისურვოს რაიმე (რაც არსებითად თავისუფალი ნებელობის შესახებ დოგმის საფუძველში ძევს), ეს, ცხადია, უარყოფილია როგორც ცნობიერების ანალიზით, ასევე წინარე თავების (ფსიქოლოგიისა) შინაარსით“. ამავე თვალსაზრისებიდან ამოდიან სხვებიც, როცა ისინი ნებელობის თავისუფლების ცნებას ებრძვიან. ჩანასახში ყველა ეს განსჯა უკვე სპინოზასთანაც გვხვდება. რაც მან ნათლად და მარტივად მოიტანა თავისუფლების იდეის საწინააღმდეგოდ, შემდგომში მრავალგზის იქნა გამეორებული, ოღონდ ისინი უმეტესწილად დახვეწილ თეორიულ მოძღვრებებში ისე არიან გაბნეულნი, რომ ძნელია ჩასწვდე ჩვეულებრივ აზრთა მსვლელობას, რომელზედაც დაიყვანება საქმის მთელი ვითარება. 1674 წლის ოქტომბრის თუ ნოემბრის თვით დათარიღებულ ერთ თავის წერილში სპინოზა წერს: „არსებითად, მე თავისუფალს ვუწოდებ იმ მოვლენას, რომელიც არსებობს და მოქმედებს მხოლოდ თავისი ბუნების აუცილებლობიდან, ხოლო იძულებითს მე ვუწოდებ იმას, რისი არსებობაც და მოქმედებაც ზუსტად და მყარად არის განპირობებული სხვა რამით. ასე მაგალითად, ღმერთი არსებობს, მართალია, აუცილებლობით, მაგრამ თავისუფლად, იმიტომ რომ იგი არსებობს მხოლოდ მისი ბუნების აუცილებლობიდან გამომდინარე. ზუსტად ასევე, ღმერთი შეიცნობს თავის თავს და ყოველივე დანარჩენს თავისუფლად, ვინაიდან სწორედ მისი ბუნების აუცილებლობიდან გამომდინარეობს, რომ იგი ყველაფერს იმეცნებს. ამდენად, თქვენ ხედავთ, რომ მე ვვარაუდობ თავისუფლებას არა გადაწყვეტილების თავისუფლად მიღებაში, არამედ თავისუფალ აუცილებლობაში“.

 

მაგრამ ჩვენ გვინდა დავეშვათ შექმნილ საგნებსა და მოვლენებამდე, რომლებიც მთლიანად გარეგანი მიზეზებით არიან განსაზღვრულნი, მათი სულ უფრო მტკიცე და ზუსტი სახით არსებობისა და მოქმედებისთვის. ეს რომ ნათლად გავიგოთ, წარმოვიდგინოთ სრულიად მარტივი რამ. ასე მაგ., ქვა, მისთვის გარედან მიცემული ბიძგის მიზეზით, იძენს გარკვეული სახის მოძრაობას, რომლითაც იგი შემდგომ, როცა ბიძგის გამომწვევი გარეგანი მიზეზი შეწყდება, აუცილებლად გააგრძელებს მოძრაობას. ქვის მოძრაობაში ამგვარი ყოფნა იმიტომაც არის იძულებითი და არა აუცილებელი, რომ იგი ბიძგის გარეგანი მიზეზითაა განპირობებული. მას, რასაც ფასი აქვს ქვისთვის, ფასი აქვს ყველაფრისთვის, ამასთან მას შეუძლია იყოს რთული და ბევრი რამისთვის გამოსადეგი, კერძოდ, ყოველი საგანი განპირობებული იქნება აუცილებელი გარეგანი მიზეზით, რათა უფრო მტკიცე და ზუსტი სახით იარსებოს და იმოქმედოს.

 

ახლა, გთხოვთ, ქვასთან მიმართებით დაუშვათ, რომ ის მოძრაობისას აზროვნებს და იცის თავისი მისწრაფების შესახებ, შეძლებისდაგვარად განაგრძოს მოძრაობა. ეს ქვა, რომელიც აცნობიერებს მხოლოდ თავის სწრაფვას და სრულებითაც არ იქცევა გულგრილად, იფიქრებს, რომ ის მთლიანად თავისუფალია და რომ თავის მოძრაობას რაიმე სხვა მიზეზით კი არ აგრძელებს, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ მას ეს სურს. ეს არის სწორედ ის ადამიანური თავისუფლება, რომლის შესახებაც ყველა ამტკიცებს, რომ ისინი ფლობენ მას და რაც მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ ადამიანები აცნობიერებენ საკუთარ სურვილს, მაგრამ არ იციან მათი განმაპირობებელი მიზეზები. ასე სჯერა ჩვილს, რომ იგი თავისუფლად ითხოვს რძეს, ან განაწყენებულ ბიჭს, რომ მას თავისუფლად სურს შურისძიება, ანდა მხდალს, – რომ მას სურს გაქცევა. მთვრალსაც ასევე სჯერა, რომ იგი თავისუფალი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ამბობს იმას, რაზეც გამოფხიზლებისას სიამოვნებით იტყოდა უარს და რამდენადაც ეს ცრურწმენა ადამიანს თანდაყოლილი აქვს, ამიტომ მისგან გათავისუფლება არაა იოლი. ვინაიდან გამოცდილება, მართალია, საკმარისად ასწავლის, რომ ადამიანებს ყველაზე ნაკლებად შეუძლიათ გაანელონ თავიანთი სურვილები და ისინი, საპირისპირო ვნებებით აღძრულნი, ხედავენ უკეთესს, ხოლო აკეთებენ უარესს, მიუხედავად ამისა თავს თავისუფლად მიიჩნევენ სწორედ იმიტომ, რომ მათ ბევრი რამ ასე ძალუმად არ სურთ, ხოლო სხვა სურვილი შესაძლოა ჩახშობილ იქნას ისეთი რამით, რაც თავში არცთუ იშვიათად მოსდით.

 

რამდენადაც აქ საქმე გვაქვს ნათლად და გარკვეულად გამოთქმულ შეხედულებასთან, ამიტომ ჩვენთვის იოლი იქნება მასში არსებული ძირითადი შეცდომის გამოაშკარავება. ისეთივე აუცილებლობით, როგორითაც ქვა ბიძგის შედეგად ახორციელებს სრულიად გარკვეულ მოძრაობას, უნდა აღასრულოს ადამიანმაც გარკვეული ქცევა, თუ მისკენ რაიმე მოტივი უბიძგებს. მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანი აცნობიერებს თავის ქცევას, თავს მის თავისუფალ ინიციატორად მიიჩნევს. ამასთან მხედველობიდან რჩება ის, რომ მას აიძულებს მიზეზი, რომელსაც უპირობოდ უნდა მისდიოს. აზრთა ამ მსვლელობაში შეცდომის პოვნა იოლია. სპინოზას, როგორც ყველა ანალოგიურად მოაზროვნეს, მხედველობიდან რჩება ის, რომ ადამიანს შეიძლება მოსაზრება ჰქონდეს არა მარტო საკუთარ ქცევაზე, არამედ მიზეზებზეც, რომლებითაც იგი ხელმძღვანელობს. არავინ დაიწყებს დავას იმაზე, რომ ბავშვი არათავისუფალია, როცა იგი ითხოვს რძეს, ან მთვრალი – როცა იგი ამბობს ისეთ რამეს, რასაც შემდეგ ინანებს. არც ერთმა არაფერი იცის მიზეზებზე, რომლებიც მოქმედებენ მათი ორგანიზმის სიღრმეებში და რომელთაც მათზე გადაულახავი იძულებითი ძალაუფლება გააჩნიათ. მაგრამ განა მართებულია, ერთმანეთში ავურიოთ მსგავსი სახის საქციელი ისეთთან, რომელთა განხორციელებისას ადამიანი აცნობიერებს არა მარტო თავად საქციელს, არამედ იმ საფუძვლებსაც, რომლებიც ამისკენ უბიძგებენ? განა ადამიანის ყველა ქცევა ერთნაირია? ნუთუ შესაძლებელია მეცნიერულად ერთ დონეზე დავაყენოთ ბრძოლის ველზე ჯარისკაცის, ლაბორატორიაში მკვლევარი მეცნიერისა და დიპლომატიურ გარემოებებში გახლართული სახელმწიფო მოხელის ქმედებები იმ ჩვილის ქცევასთან, რომელიც რძეს ითხოვს? ალბათ ჭეშმარიტია, რომ ამოცანის გადაჭრას უმჯობესია ვეცადოთ იქ, სადაც საქმე შედარებით უფრო მარტივადაა. მაგრამ განსხვავების დანახვის უნარის არარსებობამ უკვე არაერთხელ გამოიწვია გაუთავებელი ქაოსი. ხოლო ღრმა სხვაობა ამათ შორის, – ვიცი მე, რატომ ვაკეთებ რაღაცას, თუ არ ვიცი, მაინც საკმაოდ დიდია. თავიდან ეს, თითქოს თავისთავად ცხადი ჭეშმარიტებაა. და მაინც, თავისუფლების მოწინააღმდეგენი არასდროს სვამენ კითხვას: აქვს თუ არა ჩემი მოქმედების მაიძულებელ მოტივს, რომელსაც მე ვიმეცნებ და ვწვდები, იძულებითი მნიშვნელობა იმავე თვალსაზრისით, როგორიც ორგანულ პროცესს, რომელიც აიძულებს ჩვილს იტიროს რძის გამო?.

 

ედუარდ ფონ ჰარტმანი თავის „ზნეობრივი ცნობიერების ფენომენოლოგიაში“ ამტკიცებს, რომ ადამიანური ნებელობა დამოკიდებულია ორ ძირითად ფაქტორზე: მაიძულებელ მოტივებზე და ხასიათზე. თუ ყველა ადამიანს მივიჩნევთ ერთნაირად ანდა მათ შორის განსხვავებას სულ უმნიშვნელოდ, მაშინ მათი ნებელობა წარმოგვიდგება გარედან განპირობებულად, კერძოდ – მათი გარემომცველი გარემოებებით. მაგრამ თუ ყურადღებას მივაპყრობთ იმას, რომ ზოგიერთი ადამიანი ამა თუ იმ წარმოსახვას აქცევს საკუთარი ქცევის მიზეზისთვის ბიძგის მიმცემად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მათი თავისებურება ისეთია, რომ შესაბამისი წარმოსახვა მათში იწვევს სურვილს, მაშინ ადამიანი წარმოჩნდება შიგნიდან და არა გარედან განსაზღვრულად. რამდენადაც ადამიანმა მისთვის გარედან თავსმოხვეული წარმოდგენა, საკუთარი ხასიათის შესაბამისად ჯერ ბიძგის მომცემ მიზეზად უნდა აქციოს, ამიტომ იგი მიიჩნევს, რომ თავისუფალია, ანუ არაა დამოკიდებული გარეგან ბიძგის მომცემ მიზეზებზე. მაგრამ ედუარდ ფონ ჰარტმანის მიხედვით ჭეშმარიტება მდგომარეობს იმაში, რომ „როცა ჩვენ წარმოდგენას თავად ვამაღლებთ მოტივებამდე, ამას თვითნებურად კი არ ვაკეთებთ, არამედ ჩვენთვის დამახასიათებელი წინასწარგანწყობილი აუცილებლობიდან და შესაბამისად, ყველაზე ნაკლებადაა თავისუფალი.“ თუმცა აქაც სრულიად უყურადღებოდ რჩება სხვაობა ბიძგის მომცემ (შემაგულიანებელ) მიზეზებსა, რომლებსაც საშუალებას ვაძლევ ჩემზე იმოქმედონ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათ გავაცნობიერებ, და ისეთ მიზეზებს შორის, რომელთაც მე მივსდევ მათზე ყოველგვარი მკაფიო ცოდნის გარეშე.

 

ამას უშუალოდ მივყავართ თვალსაზრისთან, რომელთან კავშირშიც უნდა განვიხილოთ პრობლემა. ზოგადად, შესაძლოა თუ არა ჩვენი ნებელობის თავისუფლებაზე საკითხის საერთოდ დასმა? და თუ არ შეიძლება, მაშინ რომელ სხვა საკითხთან უნდა იყოს იგი აუცილებლად დაკავშირებული?

 

როცა ასებობს სხვაობა ჩემი მოქმედების ცნობიერ შემაგულიანებელ მიზეზსა და არაცნობიერ განზრახვას შორის, მაშინ საჭიროა სხვაგვარად შეფასდეს ის ქმედება, რომელიც თან ითრევს პირველს, ვიდრე ქმედება, გამოწვეული ბრმა მისწრაფებით. ამდენად, საკითხი ამ სხვაობის შესახებ იქნება პირველი და მხოლოდ მასზე გაცემულ პასუხზე იქნება დამოკიდებული ის პოზიცია, რომელიც ჩვენ უნდა გაგვაჩნდეს საკუთრივ თავისუფლების საკითხთან დაკავშირებით.

 

რას ნიშნავს გქონდეს ცოდნა საკუთარი მოქმედების შესახებ? ამ კითხვას ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ, რამდენადაც, სამწუხაროდ, ორ ნაწილად ხლეჩდნენ იმას, რაც წარმოადგენს განუყოფელ მთლიანს: ადამიანს. ანსხვავებდნენ მოქმედს და შემმეცნებელს, ამასთან არ გამოვიდა სწორედ ის, რაშიც, უპირველეს ყოვლისა, მდგომარეობს საქმის არსი: შემეცნებიდან მოქმედი.

 

ამბობენ: ადამიანი თვისუფალია, როცა იგი იმყოფება საკუთარი გონების და არა ცხოველური ლტოლვების გავლენის ქვეშ. ანდა: თავისუფლება – ეს არის უნარი, საკუთარი ცხოვრება და მოღვაწეობა განსაზღვრო მიზნებისა და გადაწყვეტილებების შესაბამისად.

 

მსგავს დასკვნებს არანაირი სარგებლობა არ მოაქვთ. ვინაიდან საკითხი სწორედ იმაშია, მოქმედებს თუ არა ადამიანზე გონიერება, მიზნები და გადაწყვეტილებები ისეთივე იძულებით, როგორც ცხოველური სწრაფვები? ჩემში გონიერი გადაწყვეტილება თუ ჩემივე მონაწილეობის გარეშე წარმოიქმნება და თან ისეთივე აუცილებლობით, როგორც შიმშილი და წყურვილი, მაშინ მე შემიძლია მას მხოლოდ იძულებით მივსდიო და ჩემი თავისუფლება მხოლოდ ილუზიაა.

 

კიდევ ერთი გამონათქვამი გვაუწყებს: იყო თავისუფალი – ნიშნავს არ შეგეძლოს გინდოდეს ის, რაც გინდა, არამედ შეგეძლოს აკეთო ის, რაც გინდა. ამ აზრს მკვეთრად გამოხატული ფორმა მიანიჭა პოეტმა და ფილოსოფოსმა რობერტ ჰამერლინგმა თავის „ნებელობის ატომისტიკაში“. – ცხადია, ადამიანს შეუძლია აკეთოს ის, რაც მას უნდა, მაგრამ მას არ შეუძლია უნდოდეს ის, რაც მას უნდა, რადგანაც მისი სურვილი მოტივებითაა განპირობებული! – მას არ შეუძლია უნდოდეს ის, რაც უნდა? შეეცადეთ ყურადღებით მოეკიდოთ ამ სიტყვებს. არის კი მათში გონიერი აზრი? ამდენად, ნებელობის თავისუფლება უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ საჭიროა გინდოდეს უსაფუძვლოდ, მოტივის გარეშე? მაინც რას ნიშნავს ის, რომ გინდოდეს, თუ არა იმას, რომ მავანს აქვს საფუძველი უნდოდეს აკეთოს ეს, და არა სხვა რამ, ანდა მიაღწიოს ამას, და არა სხვა რამეს? უსაფუძვლოდ, მოტივის გარეშე რაიმეს ნდომა ნიშნავს, რაღაც გინდოდეს ისე, რომ არ გინდოდეს. ნების ცნებასთან განუყოფლადაა დაკავშირებული მოტივის ცნება. განმსაზღვრელი მოტივის გარეშე – ნებელობა ცარიელი შესაძლებლობაა; მხოლოდ მოტივის წყალობით ხდება იგი ქმედითი და რეალური. ამდენად, სავსებით სწორია: „ადამიანური ნებელობა „არათავისუფალია“ იმ თვალსაზრისით, რომ მისი მიმართულება განპირობებულია ყოველთვის მოტივთაგან უძლიერესით. მეორე მხრივ, გვმართებს ვაღიაროთ, რომ უაზრობაა ამ „არათავისუფალებას“ დავუპირისპიროთ სხვა შესაძლებელი „თავისუფლება“ იმ ნებელობისა, რომელიც დაიყვანებოდა იმაზე, რომ შესძლებოდა ნდომოდა ის, რაც არ უნდა“. (ნებელობის ატომისტიკა. II ტ.)

 

მოტივებზე აქაც ზოგადი საუბარია და მხედველობიდან რჩებათ განსხვავება არაცნობიერსა და ცნობიერ მოტივებს შორის. თუ ჩემზე მოქმედებს მოტივი და მე იძულებული ვარ მივდიო მას, რამდენადაც იგი აღმოჩნდა მის მსგავსთაგან „ყველაზე ძლიერი“, მაშინ ფიქრი თავისუფლებაზე აზრს კარგავს. როგორი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის იმას, შემიძლია თუ არა რაიმე ვაკეთო, ან არ ვაკეთო თუ ამის კეთებას მაიძულებს მოტივი? თავიდან საქმე ეხება არა იმას, შემიძლია თუ არა რაიმე ვაკეთო ან არ ვაკეთო, როცა მოტივმა უკვე იმოქმედა ჩემზე, არამედ არსებობს თუ არა მხოლოდ ისეთი მოტივები, რომლებიც იძულებითი აუცილებლობით მოქმედებენ. მე თუ რაიმე უნდა მინდოდეს, მაშინ, გარემოებებიდან გამომდინარე, ჩემთვის სრულიად სულერთია, შემიძლია თუ არა ეს ვაკეთო კიდეც. თუ ჩემი ხასიათისა და ჩემს გარშემო გაბატონებული გარემოებების გამო თავს მახვევენ რაიმე მოტივს, რომელიც ჩემი აზროვნებისთვის აღმოჩნდება უგუნური, მაშინ მე კმაყოფილი უნდა ვიყო, რომ ჩემი ნების შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა.

 

საქმე იმაში კი არ არის, შემიძლია თუ არა მიღებული გადაწყვეტილების შესრულება, არამედ იმაში, როგორ წარმოიქმნება ჩემში ეს გადაწყვეტილება.

 

ადამიანსა და ყველა დანარჩენ ორგანულ არსებებს შორის სხვაობა ძევს ადამიანის გონიერ აზროვნებაში. მოქმედების უნარი მას საერთო აქვს სხვა ორგანიზმებთან. ადამიანური მოქმედების თავისუფლების ცნების გასაშუქებლად თუ ჩვენ დავიწყებთ ანალოგიების ძებნას ცხოველთა სამყაროში, ამით ვერაფერს მოვიგებთ. თანამედროვე ბუნებისმეტყველებას მოსწონს მსგავსი ანალოგიები და როცა ის ახერხებს ცხოველებში ისეთი რამის პოვნას, რაც ემსგავსება ადამიანურ ქცევას, მაშინვე ვარაუდობს, რომ ამით შეეხო მეცნიერების უმნიშვნელოვანეს საკითხს ადამიანზე. ღოგორ გაუგებრობამდე შეიძლება ამ მოსაზრებამ მიიყვანოს ეს ჩანს, მაგალითად, . რეის წიგნიდან „ნებელობის თავისუფლების ილუზია“ (1885წ.), რომელშიც იგი თავისუფლების შესახებ ამბობს შემდეგს: „ჩვენ რომ გვგონია, თითქოს ქვის მოძრაობა აუცილებელია, ხოლო ვირის ნებელობა არა, ამის ახსნა იოლია. ქვის მამოძრავებელი მიზეზები ხომ გარეთ არის და ხილულია. ხოლო მიზეზები, რომელთა წყალობითაც ვირს უნდა, – მის შიგნით ძევს და უხილავია: ჩვენსა და მოქმედების ადგილს შორის იმყოფება ვირის თავის ქალა... ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზობრივ კავშირს, და შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ის არ არსებობს. თუმცა, გაგვიმარტავენ, სწორედ ნებაა მიზეზი იმისა, რატომაც შებრუნდა ვირი, მაგრამ თავად ნება არაა განპირობებული, – ის არის აბსოლუტური საწყისი“. ამდენად, აქაც ყურადღების მიღმა რჩება ადამიანის ისეთი ქცევები, რომლის დროსაც მისთვის გაცნობიერებულია საკუთარი ქცევების მიზეზები, ვინაიდან რეი აცხადებს, რომ „ჩვენსა და მისი მოქმედების ადგილს შორის იმყოფება ვირის თავის ქალა“. ის, რომ არსებობს ქცევები (მართალია არა ვირის, არამედ ადამიანისა), რომლის დროსაც ჩვენსა და საქციელს შორის ძევს გაცნობიერებული მოტივი, ამაზე რეის, თუ მისი ამ სიტყვებით ვიმსჯელებთ, წარმოდგენაც არა აქვს. მომდევნო სტრიქონში იგი ადასტურებს კიდეც ამას შემდეგი სიტყვებით: „ჩვენ ვერ აღვიქვამთ მიზეზებს, რომლებითაც განპირობებულია ჩვენი ნება და ამიტომაც ვფიქრობთ, რომ იგი საერთოდ არაა მიზეზობრივად განპირობებული“.

 

მაგრამ საკმარისია დამადასტურებელი მაგალითები იმისა, რომ ბევრი იბრძვის თავისუფლების წინააღმდეგ ისე, რომ არც კი იციან, რა არის საერთოდ თავისუფლება.

 

თავისთავად ცხადია, რომ შეუძლებელია თავისუფალი იყოს საქციელი, თუ მისმა ჩამდენმა არ იცის, რატომ აკეთებს ამას. მაგრამ როგორია მიმართება ისეთ საქციელთან, რომლის მიზეზებიც ცნობილია? ამას მივყავართ კითხვას თან: როგორია აზროვნების წარმოშობა და მნიშვნელობა? ვინაიდან სამშვინველის აზროვნებითი მოღვაწეობის შემეცნების გარეშე შეუძლებელია რაიმეს შესახებ ცოდნის და შესაბამისად, – რაიმე ქმედების შესახებ ცნების მიღება. ზოგადად აზროვნების მნიშვნელობის შეცნობით, ჩვენთვის იოლი იქნება იმ როლის გარკვევაც, რომელსაც აზროვნება ადამიანურ მოქმედებასა და მოღვაწეობაში ასრულებს. ჰეგელი მართებულად შენიშნავს, რომ „მხოლოდ აზროვნება აქცევს სულად სამშვინველს, რომლითაც ცხოველიც არის დაჯილდოებული“ და ამიტომაც ასვამს აზროვნება ადამიანურ მოღვაწეობას თავისებურ ბეჭედს.

 

არ უნდა ამტკიცონ, რომ მთელი ჩვენი მოღვაწეობა თითქოს გამომდინარეობდეს მხოლოდ ჩვენივე გონების ფხიზელი მოსაზრებიდან. მე ძალზე შორსა ვარ იმისგან, რომ უმაღლესი გაგებით ადამიანურად ვაღიარო მხოლოდ ის ქცევები, რომლებიც განყენებული აზროვნებისგან წარმოიქმნებიან და როგორც კი ჩვენი მოქმედება ამაღლდება წმინდად ცხოველურ სწრაფვათა დაკმაყოფილების სფეროზე, მაშინ ჩვენი შემაგულიანებელი მიზეზები ყოველთვის მყისიერად აღმოჩნდებიან აზრით განმსჭვალულნი. სიყვარული, თანაგრძნობა, პატრიოტიზმი – აი მოქმედების მამოძრავებელი ძალები, რომლებიც არ ექვემდებარებიან განსჯის დაშლას ცივ ცნებებად. ამბობენ: აქ გული და სამშვინველი თავიანთ უფლებებში შედიან. უეჭველად. მაგრამ გული და სამშვინველი მოქმედებისთვის შემაგულიანებელ მიზეზებს არ ქმნიან. ისინი წინაპირობაა და მათ თავიანთ სფეროში იღებენ. ჩემს გულში თანაგრძნობა წარმოიქმნება, თუ ჩემს ცნობიერებაში წარმოიქმნება წარმოდგენა თანაგრძნობის გამომწვევ პიროვნებაზე. გულისკენ გზა თავზე გადის. აქ არც სიყვარულია გამონაკლისი. როცა იგი არ წარმოადგენს ჩვეულებრივი სქესობრივი ლტოლვის გამოვლენას, მაშინ ის ეფუძნება წარმოდგენებს, რომელთაც ჩვენ საყვარელ არსებაზე ვიქმნით. და რაც უფრო იდეალურია ეს წარმოდგენები, მით უფრო მეტ ნეტარებას გვანიჭებს სიყვარული. აქაც აზრია გრძნობის მამა. ამბობენ: სიყვარული აბრმავებს საყვარელი არსების სისუსტეებისადმი, მაგრამ პირიქითაც შეიძლება, ითქვას: სიყვარული თვალს უხელს სწორედ მის უპირატესობებზე. მრავალი გვერდს უვლის ამ უპირატესობებს, როცა გუმანითაც ვერ გრძნობს და ვერ ამჩნევს მათ. და აი, ერთი ხედავს მათ და ამის გამო მის სამშვინველში სიყვარული იღვიძებს. მას სხვა არაფერი გაუკეთებია თუ არა ის, რომ მხოლოდ თავის თავში შეიქმნა წარმოდგენა იმაზე, რაზეც ასობით სხვა ადამიანს არანაირი წარმოდგენა არა აქვს. მათ არა აქვთ სიყვარული იმიტომ, რომ აკლიათ წარმოსახვა.


კომენტარები