სოლომონ დოდაშვილის მსოფლმხედველობა

სოლომონ დოდაშვილის მსოფლმხედველობა

კახა კაციტაძე – ივანე ჯავახვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი, სამხედრო და პოლიტიკური საკითხების ექსპერტი

 

ამონარიდი კახა კაციტაძის წიგნიდან – „სოლომონ დოდაშვილის მსოფლმხედველობის საკითხისათვის“.

 

წიგნის დეტალური დათვალიერება

სოლომონ დოდაშვილი, XIX საუკუნის ქართული კულტურის უთვალსაჩინოესი მოღვაწე, ერთ-ერთი პირველი ქართველია, რომელმაც უმაღლესი საერო განათლება რუსეთში მიიღო. იმ დროის მოღვაწეთა შორის იგი ერთადერთია, რომელმაც შექმნა სპეციალური შრომები ლოგიკაში, რიტორიკაში, გრამატიკაში. მისი ინტერესების სფერო მეტად ფართოა: ფილოსოფია, სამართალი, სიტყვაკაზმული ხელოვნება, ფილოლოგია, ჟურნალისტიკა...

 

სოლომონ იოანეს ძე დოდაშვილი დაიბადა 1805 წლის 17 მაისს, სოფელ მაღაროში. 1818 წელს მიაბარეს სიღნაღის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1820 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ,1822-24 წლებში მასწავლებლობდა. 1824-27 წლებში სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ-იურიდიულ ფაკულტეტზე. 1827 წლის ზაფხულში დაბრუნდა სამშობლოში და პედაგოგად დაიწყო მუშაობა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში. 1829 წლიდან რედაქტორობდა გაზეთს „ტფილისის უწყებანი“, ხოლო 1832 წლიდან ამ გაზეთის ლიტერატურულ დამატებასაც. 1832 წლის შეთქმულების დამარცხების შემდეგ, როგორც მისი იდეური ხელმძღვანელი, იგი გაასამართლეს და გადაასახლეს ვიატკაში, სადაც გარდაიცვალა 1836 წელს.

 

სოლომონ დოდაშვილის ძირითადი ნაშრომებია: „ლოგიკა“ (1827 წელი, რუსულ ენაზე), „შემოკლებული ქართული ღრამატიკა“ (1830); სიკვდილის შემდეგ გამოიცა მისი „რიტორიკა“ და „ლოგიკის მეთოდოლოგია“. ს. დოდაშვილის კალამს ეკუთვნის, აგრეთვე, რიგი მხატვრული ნაწარმოებებისა, სტატიები, შემორჩენილია მისი ეპისტოლარული მემკვიდრეობაც.

 

ქართული კულტურის ისტორიაში ს. დოდაშვილის ადგილი იმდენად მნიშვნელოვანია და ისეთი დიდი ინტერესის შემცველი, რომ მისი მემკვიდრეობის შესწავლას ქართველ მეცნიერთა არაერთი ნაშრომი მიეძღვნა (შ. ნუცუბიძე, ა. ქუთელია, თ. კუკავა, ვ. გაგოიძე, გ. რუსია და სხვ.).

 

ს. დოდაშვილის ფილოსოფიური მრწამსის შესახებ ლიტერატურაში სხვადასხვა აზრია გამოთქმული. მკვლევართა ერთი ნაწილი თვლის, რომ ს. დოდაშვილი მატერიალისტია, მეორე ნაწილი კი, მიუხედავად იმისა, რომ არ უარყოფს მის მსოფლმხედველობაში მატერიალისტური ტენდენციების არსებობას, მას მაინც იდეალისტად მიიჩნევს.

 

არგუმენტები, რომლებიც ს. დოდაშვილის მატერიალისტობის დასასაბუთებლად მოჰყავთ, შემდეგია: 1. ს. დოდაშვილი უარყოფითად აფასებდა სქოლასტიკას; 2. დადებითად აფასებდა ბეკონს, გასენდის და ლოკს; 3. აღიარებდა ცნობიერებისაგან დამოუკიდებელ სინამდვილეს.

 

ჩვენი აზრით, ეს არგუმენტები ვერ ქმნიან საკმაო საფუძველს იმისათვის, რომ ს. დოდაშვილი მატერიალისტად ჩავთვალოთ. თავისთავად სქოლასტიკის უარყოფითად შეფასება არ მეტყველებს არც მატერიალისტობაზე და არც იდეალისტობაზე. ვინაიდან სქოლატიკას უარყოფითად აფასებდნენ როგორც მატერიალისტები, ისე იდეალისტები. ჰეგელი წერდა: „რაოდენ ამაღლებულიც არ უნდა ყოფილიყო მათი (სქოლასტიკოსების) კვლევის საგანი, რა კეთილშობილნი, ღრმა მოაზროვნე სწავლულნიც არ უნდა ყოფილიყვნენ მათ შორის, სქოლასტიკა საბოლოოდ მაინც განსჯის ბარბაროსულ ფილოსოფიას წარმოადგენს“. სქოლასტიკის ეს შეფასება გაცილებით უფრო მკაცრია, ვიდრე ს. დოდაშვილისა, მაგრამ ამის გამო ჰეგელი მატერიალისტად არავის გამოუცხადებია.

 

გასენდის შესახებ ს. დოდაშვილი წერს: ...„გასენდი, რომელიც ცდილობდა ეპიკურე აღედგინა მისი საუკეთესო სახით და, მაშასადამე, ასწავლიდა ცდის მიხედვით მსჯელობას...“ გასენდის უსაყვედურებენ იმას, რომ მან თავის ორგანოში ბევრი მნიშვნელოვანი თვალსაზრისი უყურადღებოდ დატოვა“ (იხ. დოდაშვილის „ლოგიკა“, გვ. 17-18). როგორც ვხედავთ, გასენდის დოდაშვილისეული შეფასება უფრო უარყოფითად შეიძლება მივიჩნიოთ, ვიდრე დადებითად. ყოველ შემთხვევაში, აქედან იმ დასკვნის გამოტანა, თითქოს ს. დოდაშვილი დადებითად აფასებდა გასენდის, უსაფუძვლოა.

 

რაც შეეხება ლოკს, ს. დოდაშვილი ამბობს, რომ მან ლოგიკას მნიშვნელოვანი სამსახური გაუწია ცნების თეორიით, ე. ი. ის დადებითად აფასებდა არა საერთოდ ლოკს, არამედ მის იდეებს ლოგიკაში. ხოლო ფილოსოფიის სხვა სფეროში ლოკის ნააზრევის შესახებ ს. დოდაშვილი შემდეგს წერს: „ზრახვა ლოქისა სულისთვის ფრიად მცდარ არს“ (ს. დოდაშვილის თხზულებანი, გვ. 251). ამრიგად, ს. დოდაშვილის მიერ ლოკის შეფასება მარტოოდენ დადებითი არ არის.

 

არც ბეკონის დოდაშვილისეული შეფასება იძლევა საკმარის საფუძველს ქართველი ფილოსოფოსის მატერიალისტობის დასასაბუთებლად, ვინაიდან: ა) ს. დოდაშვილი თავის ნაშრომში ბეკონზე არანაკლებ დადებითად აფასებს ისეთ იდეალისტებს, როგორებიც არიან იაკობი, რაინჰოლდი, შულცე და სხვანი; ბ) ბეკონს დადებითად აფასებდნენ არა მარტო მატერიალისტები, არამედ იდეალისტებიც (მაგ. კანტი).

 

ამგვარად, ის არგუმენტი, რომ ს. დოდაშვილი დადებითად აფასებდა გასენდის, ბეკონს და ლოკს, და ამიტომაც მატერიალისტიაო, დამაჯერებელი არ არის. დაბოლოს, იქიდან, რომ ს. დოდაშვილი აღიარებს ჩვენგან დამოუკიდებლად გრძნობად სინამდვილეს, სრულებითაც არ შეიძლება დავასკვნათ, თითქოს იგი მატერიალისტი იყოს. მაგალითად, შელინგის აზრით: „ბუნება მაშინაც იარსებებდა, რომც არავინ ყოფილიყო ისეთი, ვინც მას წარმოიდგენდა“. როგორც ვხედავთ, შელინგი უშვებს შემმეცნებელი სუბიექტისაგან ბუნების (მატერიის) დამოუკიდებლობას, მაგრამ იგი მატერიალისტი კი არ არის, არამედ იდეალისტია.

 

ს. დოდაშვილიც მხოლოდ მაშინ იქნებოდა მატერიალისტი, თუ იტყოდა, ჩვენი ცნობიერებისაგან დამოუკიდებელი გრძნობადი საგნების სიმრავლე, რომელიც გარს გვარტყია, ერთდერთი რეალობაა, და არავითარი, გონით სულიერი არ არსებობს ადამიანის ცნობიერების გარდაო. ს. დოდაშვილი კი პირდაპირ აცხადებს, სულიერი პირველადია მატერიალურზეო: „სულმან დაჰბადა ყოველივე ხილულნიცა და უხილავიცა, სხეულიცა და უსხეულოცა, ქალაქიცა და მეფეცა, რთულიცა და მარტივიცა...“ (თხზულებანი, გვ. 252) „გარნა თვით სული არს ყოველგან და იქმნების ყოველთათვის“.

 

ამრიგად, ს. დოდაშვილის ფილოსოფიური პოზიციის საკითხი გარკვეულად შეიძლება ჩაითვალოს.

 

ჩვენი მიზანია ს. დოდაშვილის ფილოსოფიურ მრწამსთან დაკავშირებული რიგი საკითხების დაყენება. ამ საკითხების გადაჭრისას, უწინარეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია, თუ რა აზრი ჰქონდა ს. დოდაშვილს სამყაროს საწყისზე.

 

ს. დოდაშვილი ერთმანეთისაგან განასხვავებს ადამიანური შემენების ორ უნარს: განსჯას და გონებას (ს. დოდაშვილის ტერმინოლოგიით „разум“ და „ум“. განსხვავება ამ ორ ცნებას შორის მისი „ლოგიკის“ ქართულ თარგმანში ზოგჯერ აღრეული ან წაშლილია. ამიტომ „ლოგიკის“ სათანადო ადგილებს ჩვენეული თარგმანით მოვიტანთ. – კ. კ.) განსჯის საგანი არის მოვლენათა სფერო, რაშიც იგულისხმება ყოველივე, რაც ცდით და გრძნობის ორგანოებით გვეძლევა. „ეს უნარი (განსჯა. – კ. კ.) მოიცავს მხოლოდ იმას, რაც გრძნობებს და ცდას ეძლევა...“ (იხ. „ლოგიკა“, გვ. 6). განსჯის მეცნიერება არის ლოგიკა, რომელსაც, როგორც მოვლენების შესახებ მეცნიერებას, შეიძლება ფენომენოლოგია ეწოდოს, „მიუყენო ლოგიკის საწყისები ნივთებს, რომლებიც ცდის სფეროს გარეთ („вне круга опытности“) იმყოფებიან, ნიშნავს მიაწერო მათ მეტი ძალა და ღირსება, ვიდრე მათ სინამდვილეში შეიძლება ჰქონდეთ, ნიშნავს ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული, უფრო მეტიც, ურთიერთდაპირისპირებული ნივთების აღრევას, საფუძვლის მიცემას დუალიზმის, სკეპტიციზმის და სხვა მცდარი სისტემებისთვის, რომლებიც აუცილებლობით გამომდინარეობენ ჩვენი გონის ორი უნარის და ამ უნარის შესაბამისი ორი სამყაროს აღრევიდან, რომელნიც ქვეყნიერების ერთობას ქმნიან“ (იქვე, გვ. 7. ხაზი ყველგან ჩვენია. – კ. კ.).

 

ეს დებულება თითქოს წინააღმდეგობრივია. ერთი მხრივ, სოლომონ დოდაშვილი უარყოფს დუალიზმს, ხოლო მეორე მხრივ, უშვებს ჩვენი სულის უნართა შესაბამის ორ განსხვავებულ სამყაროს, მაგრამ ეს წინააღმდეგობა მხოლოდ მოჩვენებითია. ს. დოდაშვილი დუალისტი მაშინ იქნებოდა, რომ ეთქვა, ეს ორივე სამყარო თანაბრად პირველადიაო. ხოლო მის მიერ განსჯის სამყაროს დახასიათება, როგორც მხოლოდ ისეთის, რაც გვევლინება და არ ქმნის თავად საგანთა არსს, მიუთითებს, რომ მისი აზრით, სუბსტანციონალობა (პირველადობა) სწორედ იმ სამყაროს ეკუთვნის, რომელიც საგანთა არსს ქმნის.

 

ციტირებული ფრაგმენტი ს. დოდაშვილის ნაშრომიდან ნათელყოფს მის პოზიციას და დამოკიდებულებას მატერიალიზმთან მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებში. მართალია, მეცნიერებას, მატერიალიზმის მიხედვით, ისეთ კანონებთან აქვს საქმე, რომლებიც ცდაში უშუალოდ არ გვეძლევა, მაგრამ ეს კანონები მატერიალური, ე. ი. გრძნობადი და ცნობიერებისაგან დამოუკიდებელი საგნების „გარეთ“ კი არ არსებობენ, არამედ სწორედ ამ საგანთა არსებობის შინაგან წესებს ქმნიან. ს. დოდაშვილი ამბობს, რომ განსჯაში (ე. ი. გრძნობებში) მოცემული სამყარო სრულიად განსხვავებული და დაპირისპირებულიც კი არის გონების (ანუ გრძნობადი სამყაროს გარეთ მდებარე) სამყაროსთან. აქედან გამომდინარე, თუ განსჯის შესაბამის არსთა სიმრავლე გრძნობადის და ცდაში მოცემულის იგივეობრივია, მაშინ გონების საგანი არაგრძნობადი, ე. ი. იდეალური ყოფილა. „გონების საგანია იდეალური, უხილავი, გონითი (духовное)“, წერს იგი (იქვე, გვ. 23). ზოგი მკვლევარი იმ აზრისაა, რომ აქ ლაპარაკია შინაგან სულიერ პროცესებზე, მაგრამ ჯერ ერთი, ს. დოდაშვილი ტერმინოლოგიურად მკაფიოდ განასხვავებს სულიერს გონითისაგან. იგი წერს: „რაიმე საგნის გრძნობის ორგანოებზე მოქმედებისას სული (душа) მიიმართება მიღებულ შთაბეჭდილებებზე“ (იქვე, გვ. 25) ან კიდევ „სულის (душа) მეორადი მიბრუნება შეგრძნებათა მასალისაკენ არის წვდომა ანუ განაზრება“ (იქვე). აგრეთვე: „სული (душа) განჭვრეტს რა ამ დაპირისპირებას (შემმეცნებელს და შესამეცნებელს შორის – კ. კ.), აცნობიერებს, რომ მოაზროვნე სრულიად განსხვავდება სააზროვნოსაგან“... (იქვე, გვ. 28) ყველა ამ შემთხვევაში შინაგანი, სულიერი პროცესები აღინიშნება ტერმინით „душа“ და არა „дух“ მეორეც, ს. დოდაშვილი გარკვევით ამბობს, რომ საქმე ეხება ადამიანის სუბიექტური უნარის (გონების) შესატყვის სამყაროს, ხოლო სუბიექტური უნარის შესატყვისი მასთან სხვა არაფერი შეიძლება იყოს, თუ არა ობიექტური. ამრიგად, აქ საუბარია ობიექტურად არსებულ იდეალურ-გონითზე, რაც ეწინააღმდეგება მატერიალიზმის ფუნდამენტურ დებულებას. გარდა ამისა, მატერიალისტური ფილოსოფიის თანახმად, არ შეიძლება არსებობდეს რაიმე შემეცნებითი უნარი, რომელიც აბსოლუტურად თავისუფალი იქნება გრძნობის ორგანოთა მონაცემებისაგან. ამ საკითხშიც ს. დოდაშვილი იდეალისტურ ნიადაგზე დგას, ვინაიდან, მისი აზრით, „გონებაში არაფერი არ შეიძლება იყოს, რაც გრძნობებს ეხება“ (იქვე, გვ. 24). ს. დოდაშვილს გონების საგნად ადამიანის შინაგანი სამყარო რომ არ მიაჩნია, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ იგი გონების მეცნიერებად მეტაფიზიკას თვლის. რაც შეეხება ადამიანის სულიერ (შინაგან) კანონთა მეცნიერებას, ს. დოდაშვილის აზრით, ასეთია ფსიქოლოგია. ს. დოდაშვილი გონების საგანს ადამიანის შინაგან სფეროში რომ ათავსებდეს, გონების მეცნიერება იქნებოდა ფსიქოლოგია და არა მეტაფიზიკა.

 

ამრიგად, ქართველი მოაზროვნე არათუ პირდაპირ წერს, იდეალური პირველადია მატერიალურთან შედარებით („სულმან დაბადა ყოველივე“), არამედ განსჯის და გონების ურთიერთგამოცალკევებით და მათი შესატყვისი სამყაროების დადგენით. აგრეთვე, გონების საგნის მეტაფიზიკის სფეროში მოთავსებით თანმიმდევრულად ავითარებს თავის თვალსაზრისს. ამდენად, ს. დოდაშვილის მსოფლმხედველობის პირველ ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს მისი ობიექტურ-იდეალისტური ხასიათი.

 

თუ ფილოსოფიის ისტორიას იმის მიხედვით განვიხილავთ, შემეცნების რომელი მხრიდან ამოდიოდნენ ფილოსოფოსები, ისინი ორ ძირითად ჯგუფად გაიყოფიან: ერთნი თვლიან, რომ ჩვენი შემეცნება ჯერ გარეთ, ობიექტურისკენ უნდა მივმართოთ და მხოლოდ ობიექტის რაობის დადგენის შემდეგ (და მის საფუძველზე) დავადგინოთ სუბიექტის რაობა.

 

მეორე ჯგუფის აზრით, შემეცნების პროცესი სუბიექტური მხარის ანალიზით უნდა დავიწყოთ და სუბიექტურობის ანალიზის გზით წავიდეთ ობიექტურისაკენ, ანუ „თავად საგნებისაკენ“. ს. დოდაშვილი აშკარად მეორე თვალსაზრისზე დგას: «...Философствовать значит ОБРАЩАТЬ ВНИМАНИЕ на самого себя, ВНИКАТЬ в самого себе, дабы УЗНАТЬ и разуметь нас самых и чрез то УСТАНОВИТ МИР в себе и с собой. ОБРАЩАТЬ ВНИМАНИЕ НА СЕБЯ значит отвлекать оное от всего того что не принадлежит к нам: сне бывает... когда оставляет все внешнее...» (იქვე, გვ. 4). (ხაზი ყველგან დოდაშვილისაა. ციტატა რუსულად მოგვყავს, რამდენადაც მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობაა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა ითარგმნოს ამ ფრაგმენტში „в себе და собой“ როგორც „ჩვენთან“ და „ჩვენთვის“, თუ „თავისთავად“ და „თავისთვის“ – კ. კ.).

 

ს. დოდაშვილი ფილოსოფოსობის საყრდენად სუბიექტს აცხადებს, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს, თითქოს იგი სუბიექტივიზმის პოზიციაზე იდგეს. ფილოსოფიის ისტორიიდან ცნობილია ფაქტები, როდესაც ფილოსოფოსობას სუბიექტის ანალიზით იწყებენ, მაგრამ სუბიექტივიზმის მსოფლმხედველობას არ იზიარებენ. მაგ. შოკრატე სუბიექტის ანალიზიდან ამოდიოდა, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ის ობიექტური იდეალისტი იყო. ასევე დეკარტე და ჰუსერლიც.

 

ს. დოდაშვილის აზრით, ადამიანი სიმარტივისა და ერთიანობისაკენ მისი ბუნებრივი მიდრეკილების გამო მზერას უმეტესწილად გარე ბუნებისაკენ მიმართავს. მის თვალში ყველაზე დიდი ღირებულება გარე სამყაროს მარტივ მოვლენებს აქვს, უფრო მეტიც, ასეთი ადამიანის თვალში რაც უფრო მარტივია მოვლენა, მით უფრო ბუნებრივია იგი. ისეთი ადამიანისათვის ბუნებრიობა და სიმარტივე თითქმის იდენტურია. ექვემდებარება რა ამ ლტოლვას სიმარტივისადმი, ადამიანის წარმოსახვა ხშირად ქმნის სისტემებს, რომელთაც შემდეგ მათში არსებული ცალმხრივობის და სუბიექტივიზმის მიუხედავად ობიექტურ ჭეშმარიტებად აცხადებს. ამიტომ აუცილებელია ფილოსოფიას მყარი საყრდები ჰქოდეს და ს. დოდაშვილის მიმართვა სუბიექტისადმი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ვაკვირდებით რა ჩვენში მიმდინარე შინაგან მოვლენებს, კვლევა-ძიების საგნად ვაქცევთ ჩვენს საკუთარ თავს. ამ გზით ვადგენთ ჩვენი მოქმედების უმაღლეს მიზეზებს. ამდენად, ფილოსოფოსობა ნიშნავს მისდევდე: ა) განყენებას და მედიტაციას, ბ) თვითგაგებას და თვითგანაზრებას და გ) ამგვარი თვითშემეცნებით კმაყოფილებას. ეს უკანასკნელი ყველაზე უშორესი, მაგრამ ყველაზე უფრო ამაღლებული მიზანია.

 

ამრიგად, ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ ს. დოდაშვილის ფილოსოფიური მსოფლმხედველობის მეორე მნიშვნელოვანი ნიშანი – მისი ორიენტაცია სუბიექტზე.

 

ერთ-ერთი ნიშანი, რომლითაც ს. დოდაშვილს ახასიათებენ, არის განმანათლებლობა. „განმანათლებელი“ ყოველდღიურ სიტყვათხმარებაში ნიშნავს ადამიანს, რომელიც განათლების (კულტურის, წერა-კითხვის და ა. შ.) გავრცელების მომხრეა, ხოლო ფილოსოფიური თვალსაზრისით, ერთ-ერთი ფილოსოფიური მიმდინარეობის მომხრე.

 

XIX საუკუნის დამდეგისათვის განმანათლებლობა კი აღარ წარმოადგენდა ფილოსოფიური აზრის უმაღლეს მიღწევას, არამედ გერმანული კლასიკური იდეალიზმი (კანტი, ფიხტე, შელინგი, ჰეგელი). ამას ერთხმად აღიარებს ყველა მკვლევარი. ამდენად, ტერმინის „განმანათლებელი“ გამოყენება მისი ფილოსოფიური მნიშვნელობით, ს. დოდაშვილის მიმართ ვერაფერი სახარბიელოა, ვინაიდან ამ შემთხვევაში გამოვა, რომ იგი ეკუთვნოდა თავისი დროის ფილოსოფიური აზრის არა მოწინავე, არამედ ისტორიულად უკვე გარდასულ მიმდინარეობას.

 

ცნობილია, რომ განმანათლებლობაში სამი ფრთა გამოიყოფოდა: გერმანული იდეალისტური განმანათლებლობა, „მატერიალიზმის დეისტური ფორმა“ (ენგელსი) და XVIII საუკუნის მატერიალიზმი. ამ უკანასკნელისადმი ს. დოდაშვილის მიკუთვნება გამორიცხულია, რადგანაც იგი, როგორც ვნახეთ, იდეალისტი იყო და გარდა ამისა, არ იზიარებდა XVIII საუკუნის მატერიალისტების სენსუალიზმს, თორემ ვერ იტყოდა, გონებაში არაფერია ისეთი, რაც გრძნობაში გვეძლევა და გონება ცდას არ ექვემდებარებაო. რაც შეეხება ს. დოდაშვილის დამოკიდებულებას მატერიალიზმის დეისტური ფორმისადმი, უნდა ითქვას, რომ მისი წარმომადგენლები ბეილი, ვოლტერი და სხვანი, თუმცა უმაღლეს საწყისად იდეალურს აცხადებენ, მაინც თვლიდნენ, რომ იდეალურის შემეცნება შეუძლებელია, განსხვავებით ს. დოდაშვილისაგან, რომელსაც გონების შესაბამისი იდეალური სამყაროს შემსწავლელი მეცნიერება (მეტაფიზიკა) სავსებით შესაძლებლად მიაჩნდა. და რომელიც უპირისპირდებოდა ამ მოაზროვნეთა აგნოსტიციზმს. გარდა ამისა, განმანათლებელთა ეს ფრთა დუალისტურ პოზიციაზე იდგა. სამყაროს საწყისად მან, ერთი მხრივ, იდეალური დაუშვა (ვოლტერმა თქვა, ღმერთი რომ არ ყოფილიყო, უნდა გამოგვეგონაო), ხოლო მეორე მხრივ, იდეალურის შეუმეცნებლად გამოცხადებით იგი ფაქტობრივად მატერიალიზმისკენ მობრუნდა. ასე გაჩნდა ამ ფრთის წარმომადგენლებთან მიზეზის და შედეგის ცნობილი დუალიზმი. მაგრამ ს. დოდაშვილი თავის ნაშრომში რამდენჯერმე კატეგორიულად ილაშქრებს დუალიზმის წინააღმდეგ, რაც ნათლად მიუთითებს მის უარყოფითს დამოკიდებულებაზე განმანათლებლობის ამ ფრთის მიმართ.

 

განმანათლებლებისათვის მიუღებელია ს. დოდაშვილის ის თვალსაზრისი კატეგორიების შესახებ, რომლის თანახმადაც ვთქვათ, მიზეზი და შედეგი, აუცილებლობა და შემთხვევითობა და ა. შ., განსჯას განეკუთვნება და ამიტომ მხოლოდ მოვლენების სფეროს მიესადაგება.

 

ამის გარდა, ს. დოდაშვილს და განმანათლებლებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ:

 

1. ლოგიკური კანონების წყაროს შეფასებაში, განმანათლებლებს შორის ლოგიკის საკითხებისადმი მიძღვნილი საუკეთესო ნაშრომის ავტორის კონდილიაკის აზრით, ლოგიკის კანონები მხოლოდ ცდისეული ბუნებისაა; ს. დოდაშვილი კი თვლის, რომ „...მხოლოდ ცდით შეზღუდული ლოგიკა... ისევე უაზრო იქნებოდა, როგორც მარტოოდენ ცდაზე დაფუძნებული ზნეობის ფილოსოფია“, „ლოგიკა შეიძლება იყოს მხოლოდ გონისეული და არა წმინდა ცდისეული მეცნიერება...“

 

2. რიგი განმანათლებლებისა თვლიდა, რომ არათუ ლოგიკის, არამედ ეთიკის კანონებიც ცდისეული ბუნებისაა. ს. დოდაშვილი კატეგორიულად ილაშქრებს ამ თვალსაზრისის წინააღმდეგაც.

 

3. ს. დოდაშვილი მტრულად იყო განწყობილი განმანათლებლობის ისეთი აღიარებული ლიდერების მიმართ, როგორებიც იყვნენ ვოლტერი და რუსო. ს. დოდაშვილი წერდა: „განცოფებულისა კაცაკისა მის ვოლტერისა სიტყვა, არა შესარაცხი არს წინაშე სულისა მექონისა კაცისა და მაღლისა მკურთხებელისა გონებისა ზეცად, ვინაიდან ისტორია მისისა სისტემისა შინა ფილოსოფოსისა მაცნობებს, რომელ იგი არა რაისა განმრჩეველ იყოს. არცა უწყოდა კაცი, არცა სული, არცა ხორცი, არცა შემოქმედი და არცა შექმნილი, ვინაითგან არა განასხვავებდა მათ ურთიერთისაგან და ამაო რწმუნებითა თავისითითა შთავარდა უწმინდურობასა შინა უსაძაგლეს-შესარაცხად ყოველთათვის სულისა მამტკიცებელთა. მის თანამზრახველთა რუსსო და მარკიზ დარჟანმან. უდრეს ავნეს ვიდრე ღა მისცეს სარგებლობა თვისთა განზრახვითისა დეკლამაციითა“ (თხზულებანი, 251). ვფიქრობთ, ეს შეფასება ნათლად და ერთმნიშვნელოვნად გამოხატავს ს. დოდაშვილის დამოკიდებულებას განმანათლებლებისადმი. ამასთან საგულისხმოა, რომ ს. დოდაშვილი ესოდენ მკაცრად აფასებს ფრანგულ განმანათლებლობას, რომელიც ძირითადად ემპირიზმზე და მატერიალიზმზე იყო ორიენტირებული. რაც შეეხება იდეალისტურ ნიადაგზე მდგომ გერმანულ განმანათლებლობას, მისი დოდაშვილისეული შეფასება არსებითად ნეიტრალურია. ეს კიდევ ერთი საბუთია ს. დოდაშვილის იდეალიზმის დასადასტურებლად. ამ მხრივ ს. დოდაშვილი განაგრძობს თავისი წინამორბედი ქართველი მოაზროვნეების, კერძოდ ანტონის, ი. ხელაშვილის და სხვათა გზას.

 

4. განმანათლებლებს შუა სააუკუნეები „ბნელეთის ხანად“ მიაჩნდათ. დღეს ფილოსოფოსების, ფილოლოგების და ისტორიკოსების ერთობლივი შრომის შედეგად ეს კონცეფცია უარყოფილია როგორც არამეცნიერული. საკმარისია გავეცნოთ დოდაშვილისეული „მოკლე განხილვის“ იმ ნაწილს, რომელიც XI-XII საუკუნის ქართულ კულტურას (ძირითადად ფილოსოფიას და სიტყვიერებას) ეხება. რომ დავინახოთ ქართველი მოაზროვნისათვის რაოდენ უცხო იყო შუა საუკუნეების გაგება როგორც „ბნელეთის ხანისა“.

 

5. ჩვენს ფილოსოფიურ ლიტერატურაში არაერთხელ თქმულა, რომ ს. დოდაშვილის აზროვნებას ახასიათებს დიალექტიკურობა, განმანათლებლური ფილოსოფია კი თავისი არსით მეტაფიზიკური იყო.

 

6. განმანათლებლები არ ცნობდნენ განსხვავებას განსჯასა და გონებას შორის, ხოლო ს. დოდაშვილი აღიარებს ამ განსხვავებას. განმანათლებლებისათვის (ყოველ შემთხვევაში ფრანგული განმანათლებლებისათვის) სრულიად გაუგებარი იქნებოდა ისეთი რამ, როგორიცაა ცდისა და მგრძნობელობისაგან დამოუკიდებელი და აქტიური გონება.

 

არც ის არის სწორი, თითქოს ფილოსოფიის ს. დოდაშვილისეული გაგება, რომლის თანახმადაც ფილოსოფია არის მოძღვრება ადამიანური შემეცნების და მოქმედების უმაღლეს მიზეზებზე, განმანათლებლური იყოს. კანტმა კითხვაზე „რა არის ადამიანი?“ (რაც თავისთავად გულისხმობს საკითხს ჩვენი მოქმედების და შემეცნების უმაღლეს მიზეზებზე). პასუხი ფილოსოფიის უმაღლეს მიზნად დასახა თავისი ფილოსოფიური მოღვაწეობა მეორე პერიოდში, როდესაც იგი შეუძლებელია განმანათლებლად ჩაითვალოს. ესეც არ იყოს, XX საუკუნის დასავლეთის ფილოსოფიაში მთელი მიმდინარეობა, ე. წ. ფილოსოფიური ანთროპოლოგია, თავის მიზანს ამავე კითხვაზე პასუხის გაცემაში ხედავს. მაგრამ ამის საფუძველზე იმის თქმა, რომ ადამიანის გაგება, რომელიც შელერმა, გელენმა, პლესნერმა და სხვებმა მოგვცეს განმანათლებლურიაო, ცხადია, სწორი არ იქნება. ამრიგად, შეგვიძლია გამოვყოთ ს. დოდაშვილის ფილოსოფიის კიდევ ერთი ნიშანი: იგი განმანათლებელია ამ სიტყვის არა ფილოსოფიურ-ისტორიული, არამედ ყოველდღიური მნიშვნელობით. ამ აზრით, იგი XIX საუკუნის ქართულ კულტურაში ერთ-ერთი ყველაზე დიდ განმანათლებლად გვევლინება.

 

მაგრამ, თუ ს. დოდაშვილი განმანათლებელი არ იყო ამ სიტყვის ფილოსოფიური გაგებით, დგება საკითხი, ფილოსოფიის რომელ სკოლას შეიძლება მივაკუთვნოთ იგი. ჩვენი აზრით, ს. დოდაშვილი განეკუთვნება იმ ფილოსოფიურ მიმდინარეობას, რომელსაც გერმანულ კლასიკურ იდეალიზმს უწოდებენ. ამის დასასაბუთებლად შეიძლება წამოვაყენოთ შემდეგი არგუმენტები:

 

1. ს. დოდაშვილის მიხედვით, აზროვნების კანონები უბრალოდ და ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად კი არ უნდა დავადგინოთ, არამედ აუცილებელია მათი დედუქცია, სახელდობრ, დედუქცია ადამიანური სულის მოღვაწეობიდან. აზროვნების კანონების ამგვარ დინამიკურ განხილვას მარქსამდელი ფილოსოფიის ისტორიაში მხოლოდ გერმანულ კლასიკურ იდეალიზმში ვხედავთ.

 

2. ს. დოდაშვილმა ერთმანეთისაგან განასხვავა განსჯა და გონება, და მიუთითა, რომ გონების სამყარო შეუძლებელია მისაწვდომი იყოს განსჯისათვის მისი (ე. ი. ფორმალურ-ლოგიკური) კანონებით. მართალია, განსჯისა და გონების ასეთი განსხვავება გერმანულ კლასიკურ იდეალიზმამდეც იყო ცნობილი (მაგ., ნეოპლატონიკოსებთან, კუზანელთან, ბრუნოსთან...), მაგრამ ს. დოდაშვილის მოღვაწეობის წინა პერიოდში ამ განსხვავებას ვერ ვხვდებით ვერც ლოკთან, ვერც ლაიბნიცთან, ვერც ვოლფთან და, ცხადია, ვერც ფრანგ განმანათლებლებთან.

 

3. განსჯის დოდაშვილისეული დეფინიცია ახლო დგას კანტის „ლოგიკაში“ მოცემულ დეფინიციასთან. კანტის აზრით, „...განსჯა არის უნარი აზროვნებისა, ე. ი. გრძნობის მონაცემების დაყვანისა წესებზე“. ს. დოდაშვილის აზრით „...განსჯა სხვა არაფერია, თუ არა უნარი ყველაფრის დაყვანისა თავისებურ წესებსა და კანონებზე...“ ჩანს, რომ ს. დოდაშვილი იცნობდა კანტის ამ ნაშრომს, და კანტის პოზიციაზე (რომელიც განმსაზღვრელი იყო გერმანული კლასიკური იდეალიზმის წარმომადგენლებისათვის ფიხტედან ჰეგელამდე) იდგა, თორემ, უეჭველია, კანტისაგან განსხვავებულ დეფინიციას ჩამოაყალიბებდა.

 

4. ს. დოდაშვილი უყოყმანოდ ეთანხმება კანტის მიერ დადგენილ კატეგორიების ცხრილს. ეს ცხრილი სრულიად განსხვავებულია ყველა მანამდელი ცხრილისაგან (კანტისეულ ცხრილს მეტ-ნაკლებად იწონებდნენ გერმანული კლასიკური იდეალიზმის სხვა წარმომადგენლებიც).

 

5. კანტის მსგავსად ს. დოდაშვილი კატეგორიების გამოყენების სფეროს ხედავს მოვლენებში და არა იმაში, რაც არის თავისთავად. და რასაკვირველია, მიუღებელი იქნებოდა მთელი კანტამდელი (შესაბამისად, გერმანული კლასიკური იდეალიზმის წინამორბედი) ფილოსოფიისათვის.

 

6. ს. დოდაშვილის აზრით, დრო და სივრცე გონების უმაღლესი მოღვაწეობიდან წარმოიშვება, რაც აგრეთვე ადასტურებს კანტის შემდგომ გერმანულ კლასიკურ იდეალიზმთან მის კავშირს.

 

7. ს. დოდაშვილის მიხედვით, წარმოსახვის საყოველთაო ფორმები, რომლებიც ცნებების წყაროს წარმოადგენენ, ორი სახისაა: გრძნობადი კერძოდ, დრო და სივრცე, და განსჯითი, ე. ი. კატეგორიები. უნდა ითქვას, რომ ამგვარ დაყოფას კანტამდელი ფილოსოფია არ იცნობდა.

 

8. იდეას და ცნებას შორის განსხვავების დადგენა, რომელსაც ს. დოდაშვილი ახდენს, ახლო დგას შადის და შელინგის ანალოგიურ ცდებთან.

 

9. გასათვალისწინებელია ის ისტორიულ-ფილოსოფიური ვითარება, რომელშიც ს. დოდაშვილი მოღვაწეობდა. იმ დროისათვის ყველაზე მეტად გავრცელებული იყო ორი მიმდინარეობა – განმანათლებლობა და გერმანული კლასიკური იდეალიზმი. განმანათლებლობისადმი (როგორც მატერიალისტურის, ისე იდეალისტურის) ს. დოდაშვილის მიკუთვნება, როგორც ვნახეთ, შეუძლებელია. ეს მისი „მასწავლებლების“ ანტონისა და იოანესდროინდელი ეტაპია, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, უკვე გაკეთებული საქმეა. რჩება ორი შესაძლებლობა. ა) ს. დოდაშვილი ეკუთვნოდა რომელიმე უფრო ძველ (XVI-დან ვიდრე XVII საუკუნის მეორე ნახევრამდე) ფილოსოფიურ სკოლას; ბ) იყო გერმანული კლასიკური იდეალიზმის წარმომადგენელი.

 

არც ერთი ძველი სკოლისადმი ს. დოდაშვილის მიკუთვნება არ ხერხდება. იგი ვერც კარტეზიანელი ან ოკაზიონალისტი იქნებოდა. ღადგანაც მასთან საერთოდ არა დგას ფსიქოფიზიკური პარალელიზმის პრობლემა. იგი არც სპინოზისტია, ვინაიდან მასთან განფენილობას აზროვნებასთან მიმართებით არც ატრიბუტულობა და არც ტოლფასოვნება არ გააჩნია, დაბოლოს, არც ლაიბნიცის მიმდევარია. რადგანაც მასთან ფორმალურ-ლოგიკური კანონები არ არის თავისთავად არსებულის კანონები. რჩება მხოლოდ ერთი შესაძლებლობა: ს. დოდაშვილი გერმანული კლასიკური იდეალიზმის მიმდევარია.

 

ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ს. დოდაშვილის მიკუთვნება გერმანული კლასიკური იდეალიზმისათვის სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ თითქოს მისი ფილოსოფიური შეხედულებები მშობლიურ საწყისებს მოწყვეტილი იყოს. ღომ არაფერი ვთქვათ იმ დიდ ზეგავლენაზე, რომელიც მასზე ანტონმა, იონა ხელაშვილმა და იოანე ბატონიშვილმა მოახდინეს (მიუხედავად იმისა, იზიარებდა იგი მათ იდეებს თუ არა); გავიხსენოთ, რომ გერმანული კლასიკური იდეალიზმის ერთერთი უმთავრესი წყარო ქართული კულტურის ბედ-იღბალთან გადაჯაჭვული ნეოპლატონიზმიც იყო. ამდენად, უცხოური ფილოსოფიის ს. დოდაშვილისეული ათვისება სრულიადაც არ ნიშნავდა ეროვნული ნიადაგიდან მის მოწყვეტას. ღოგორც ჩანს, ეს ვითარება თავად ს. დოდაშვილსაც კარგად ჰქონდა გაცნობიერებული. როდესაც „ლოგიკის“ მიძღვნაში აცხადებს, რომ ამ შრომის დაწერისათვის უბიძგა წმინდათაწმინდა ვალმა – რაიმეში გამოდგომოდა თანამემამულეთ.

 

ს. დოდაშვილის ფილოსოფიური მსოფლმხედველობის დახასიათებისას აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება კიდევ ერთ მხარეს. ეს არის მისი აზროვნების დიალექტიკური ხასიათი, რაც არაერთგზის სამართლიანად არის ხაზგასმული ჩვენს ფილოსოფიურ ლიტერატურაში (შ. ნუცუბიძე, თ. კუკავა). ს. დოდაშვილი შეგნებულად იდგა დიალექტიკურ პოზიციაზე. ამას ადასტურებს შემდეგი ფაქტორები: 1. ს. დოდაშვილისათვის ტრიადა არის საყოველთაო პრინციპი. 2. ს. დოდაშვილი არათუ ზოგადად ცნობს ტრიადულობის პრინციპს, არამედ კანტის დარად თანმიმდევრულად ანხორციელებს მას კატეგორიების ცხრილში. 3. ს. დოდაშვილი დიალექტიკურად განიხილავს მიმართებას ანალიზურ და სინთეზურ მსჯელობებს შორის: „ანალიზური მსჯელობა მოითხოვს სინთეზურს, ეს უკანასკნელი კი შეუძლებელია სასარგებლო იყოს პირველის გარეშე – და ორივე აუცილებელია შემეცნებისათვის“. 4. და ბოლოს, დიალექტიკურად იხილავს ს. დოდაშვილი არსებასაც: არსება თავდაპირველად მუდამ განიყოფა ურთიერთდაპირისპირებულ ნიშანთა ორ სახედ, დაპირისპირებულ ნიშანთა ეს ფუძემდებლური სახეები ქმნიან არსს.

 

ამრიგად, საჭიროა ხაზგასმით აღინიშნოს, რომ სწორი იყო იმ მკვლევართა ძიება, რომლებიც დოდაშვილის მსოფლმხედველობის სათავეებს გერმანულ კლასიკაში ეძებდნენ (შ. ნუცუბიძე, ზ. ჭიჭინაძე).

 

ფილოსოფიის ძირითადი საკითხის გადაწყვეტისას ს. დოდაშვილი ობიექტური იდეალიზმის პოზიციას იკავებს. მისი იდეალიზმი დიალექტიკური ხასიათისაა, ფილოსოფიას იგი მიმართავს სუბიექტზე, როგორც კვლევის გამოსავალზე, ხოლო ფილოსოფიურ მიმდინარეობათაგან ყველაზე ახლოს დგას გერმანულ კლასიკურ იდეალიზმთან.


კომენტარები