თომა აქვინელი – ფილოსოფოსი თუ თეოლოგი?

თომა აქვინელი – ფილოსოფოსი თუ თეოლოგი?

ბაქარ ქავთარაძე – სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი თეოლოგიაში.

 

საიტზე ასევე შეგიძლიათ იხილოთ ავტორის წიგნი „თომა აქვინელის 5 არგუმენტი თეისტური ფილოსოფიის სასარგებლოდ“.

 

იხ. ლინკი

ამ სტატიის მიზანია პასუხი გავცეთ შემდეგ კითხვას: არის თუ არა თომა აქვინელი (1225-1274) ფილოსოფოსი, თუ ის მხოლოდ სისტემატიკოსი თეოლოგია, რომელიც ფილოსოფიას საკუთარი რელიგიის დასაცავად იყენებს?  სანამ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შევუდგებით, მანამდე მოკლედ განვიხილოთ ის საკითხი, თუ ვინ არის ეს მოაზროვნე?

 

თომა აქვინელი არის მაღალი შუა საუკუნეების (XI-XIII) ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფილოსოფოსი და თეოლოგი. ის იყო დომინიკელთა ორდენის წევრი და  გამოჩენილი ფილოსოფოსის, თეოლოგისა და მეცნიერის, ალბერტ დიდის  (+1280) მოწაფე. მან დაწერა უამრავი ფილოსოფიური (კომენტარები დაურთო არისტოტელე ბევრ ნაშრომს,1 ისევე როგორც ფსევდოდიონისე არეოპაგელის ერთ წიგნს,2 ბოეციუსის ორ წიგნს,3 პეტრე ლომბარდის სენტენციებს და ნეოპლატონური პათოსით დაწერილ წიგნს, რომლის სახელწოდებაცაა „მიზეზთა წიგნი“ და ა.შ.) და თეოლოგიური („თეოლოგიის კომპენდიუმი“, „სადავო საკითხები“ „ნებისმიერი საკითხები“, „არსისა და არსების შესახებ“, ბუნების პრინციპების შესახებ“ „ძველი და ახალი აღთქმის რამდენიმე წიგნზე კომენტარები“4 და ა.შ.)  წიგნი, რომელთა შორისაც ყველაზე მნიშვნელოვანია მისი ორი ნაშრომი: 1. „შეჯამება წარმართთა წინააღმდეგ“ და 2. „თეოლოგიის შეჯამება“.5 ამ ორ ნაშრომში, აქვინელმა, ბიბლიაზე, ეკლესიის მასწავლებელ (ის იყენებდა პატრისტიკის6 და სქოლასტიკური7 ფილოსოფიის წარმომადგენლების მრავალრიცხოვან ნაშრომებს. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი აქვინელისთვის არის ავგუსტინე +430.) თეოლოგებზე, სოკრატემდელ, სოკრატეს შემდგომ (განსაკუთრებით ის იყენებდა არისტოტელეს ფილოსოფიას),  ნეოპლატონიკოს, სტოიკოს, მუსლიმ (ავიცენა +1037, ავეროესი +1198), და იუდეველ (მოსე მაიმონიდი +1204) ფილოსოფოსების ნაშრომებზე8 დაყრდნობით,9 შექმნა ტოტალური ფილოსოფიურ-თეოლოგიური სისტემა, რომლის მიზანიც იყო ადამიანის წინაშე წამოჭრილ ყველა ფილოსოფიურ-თეოლოგიურ კითხვისთვის (არსებობს თუ არა ღმერთი? შეიძლება თუ არა მისი არსებობის რაციონალური არგუმენტებით დასაბუთება?  აქვს თუ არა ადამიანს უკვდავი და არამატერიალური სული? როგორც იმეცნებს ადამიანი ღმერთს, ანგელოზს, ადამიანის ბუნებას, სამყაროს?, რა თეოლოგიური დებულებების დასაბუთება შეიძლება ფილოსოფიური არგუმენტებით, და რომელი დებულებების დასაბუთება დგას ფილოსოფიური ძალმოსილების მიღმა? და ა.შ.)  ეპასუხა.10

 

თომა აქვინელი თავისივე სიცოცხლეში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, თუმცა, მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური სისტემა არ იყო სრულად აღიარებული კათოლიკე ეკლესიაში, არამედ მისი გარდაცვალების შემდეგ, მისმა ავტორიტეტის ზრდამ კათოლიკე ეკლესიაში რამდენიმე ეტაპი გაიარა. აქვინელის გარდაცვალების შემდეგ, მისი თეოლოგიურ-ფილოსოფიური სისტემა, სრულიად გაიაზრეს და მიიღეს დომინიკელებმა, თუმცა, მის ცალკეულ დებულებებს აკრიტიკებდნენ ფრანცისკანელები.11 კათოლიკე ეკლესიამ კი მისი კრებსითი აზრი, თომა აქვინელის შესახებ დააფიქსირა 1323 წელს, როდესაც იოანე XXII აქვინელი წმინდანაც შერაცხა. პაპმა პიუს V კი 1567 წელს მას ანგელოზებრივი დოქტორი უწოდა.12 1879 წელს კი, ლეო XIII თავის ენციკლიკაში13 განაცხადა, რომ „კათოლიკე ეკლესიის ფილოსოფიური მოძღვრება შეიძლება გადმოცემულ იქნეს მხოლოდ თომიზმის – თომა აქვინელის მიერ ჩამოყალიბებული აზროვნებითი სისტემის – საფუძველზე“.14 როგორც ვხედავთ, მისი ავტორიტეტი უფრო და უფრო იზრდებოდა კათოლიკე ეკლესიაში და ამ ზრდამ, XIX საუკუნის შემდეგ იმ გრადაციას მიაღწია, რომ დღეს თომა აქვინელი არის ყველაზე ავტორიტეტული თეოლოგი კათოლიკურ სამყაროში.15

 

თომა აქვინელის პიროვნების მნიშვნელობაზე, ასევე მიუთითებს შემდეგი ისტორიული ფაქტები. XIV საუკუნის დასაწყისიდან 1879 წლამდე არსებობდა მიმდინარეობა თომიზმი, ხოლო 1879 წლიდან დღევანდელ დღემდე არსებობს ნეოთომიზმი, როგორც კათოლიკური თეოლოგიის ბირთვი და მისი ოფიციალური ფილოსოფიურ-თეოლოგიური სისტემა. თომისტი და ნეოთომისტი ფილოსოფოსების მიზანია, აქვინელის დებულებების გათანამედროვება, მისი ჭეშმარიტების დასაბუთება, ამ დებულებების კრიტიკისგან დაცვა და აქვინელის აზრების საუკეთესო ფორმით საზოგადოებისთვის წარდგენა.16 შესაბამისად, თომიზმის და ნეოთომიზმის სახით, აქვინელის ფილოსოფიურ-თეოლოგიური სისტემა დღესაც ცოცხალია და დიდ გავლენას ახდენს ფილოსოფოსებზე, თეოლოგებზე, მეცნიერებსა და ლოგიკოსებზე. ამიტომ, აქვინელის ნაშრომების კვლევა, მისი დებულებების კრიტიკა და დაცვა დღესაც აქტიურად მიმდინარეობს მოაზროვნეთა შორის, რაც აქვინელის პიროვნების მნიშვნელობაზე მიუთითებს.

 

ახლა კი გადავიდეთ მთავარი საკითხის განხილვაზე და პასუხი გავცეთ იმ კითხვას, რომელმაც სტატიის დასაწყისში გაიჟღერა და რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: არის თუ არა თომა აქვინელი ფილოსოფოსი, თუ ის უფრო თეოლოგია, რომელიც ფილოსოფიას იყენებს როგორც გზას, რომელსაც ისევ თეოლოგიამდე მივყავართ? ამ კითხვაზე ჩვენი პასუხი შემდეგნაირი იქნება – თომა აქვინელი პირველ რიგში არის თეოლოგი, რომლის თეოლოგიაც ფილოსოფიურია, რადგან ის თეოლოგიური  სისტემის აგებისას, იყენებდა ფილოსოფიურ მეთოდებს.17 ამ დასკვნის ჭეშმარიტება მაშინ გახდება ჩვენთვის საწვდომი, თუ ჩვენ გავაცნობიერებთ, რომ ნამდვილი ფილოსოფოსი არის ის, ვინც რაიმე საკითხზე მსჯელობისას მხოლოდ საკუთარ გონებას ეყრდნობა და არა ავტორიტეტს.18 თომა აქვინელი კი თავადვე აცხადებს, რომ ის ეყრდნობა ბიბლიას, როგორც ღვთივშთაგონებულ წიგნს,19 რომელსაც ის უცდომელობის სტატუსს მიაკუთვნებს.  სწორედ ამ მიზეზის გამო, სწორად შენიშნავს ბერტრან რასელი, (1872-1970) რომ თომა აქვინელმა აზროვნების დაწყებამდე იცის რა არის ჭეშმარიტება, რადგან ეს განაცხადა ღვთაებრივმა (ბიბლია) ავტორიტეტმა.20 ბერტრან რასელის შეფასება ნამდვილად სწორია, რადგან თომა აქვინელი უცდომელობის სტატუსს განუკუთვნებს ბიბლიას და შესაბამისად ნებისმიერი შრომის დაწერისას, მას ბიბლია აქვს გადაშლილი და მისით ხელმძღვანელობს. მაგრამ, თუ ფილოსოფოსმა მისი გონების მიღმა არსებულ რაიმე ობიექტს (იქნება ეს ადამიანი, წიგნი თუ სხვა.) უცდომელობის სტატუსს მიაკუთვნებს და სწორედ მისით ხელმძღვანელობს. ის არ იქნება იმ გაგებით ფილოსოფოსი, როგორც სოკრატე, პლატონი, არისტოტელე და სხვები, რადგან ასეთი ფორმის წიგნების წერით ირღვევა ის მთავარი პრინციპი, რაც ფილოსოფიაში არსებობს და რითაც ის განსხვავდება მითოლოგიისგან და რელიგიისგან. კერძოდ, ფილოსოფოსი უნდა ეყრდნობოდეს მისი გონების ავტონომიურობას,21 რაც იმას ნიშნავს, რომ მან არაფერს უნდა მიაკუთვნოს უცდომელობის სტატუსი, მათ შორის თვით მის გონებასაც. შესაბამისად, ფილოსოფოსი ეყრდნობა რა მის გონებას და იყენებს რა გარკვეულ მეთოდებს, ის აცნობიერებს, რომ მისი გონებაც და ეს მეთოდებიც შეიძლება ცალკეულ შემთხვევაში შეცდნენ და სწორედ ამიტომ ის აცნობიერებს, რომ ის გამოთქვამს გონივრულ ვარაუდს22 და არა უცდომელ ჭეშმარიტებას. ამისგან განსხვავებით, თომა აქვინელი ეყრდნობა არა გონების ავტონომიურობას, (რომლის დროსაც მოაზროვნესთვის ჭეშმარიტების კრიტერიუმი არის დებულების გონივრულობა და ლოგიკურობა.) არამედ გამოცხადებას.  ასევე, თომა აქვინელი არც ვარაუდის კონტექსტში საუბრობს ფილოსოფიურ-თეოლოგიურ საკითხებზე. მაგალითად ის არ ამბობს, რომ ღმერთის არსებობა სავარაუდოა, ანუ ღმერთი შეიძლება არსებობდეს და შეიძლება არა, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ ის არსებობდეს. ამისგან განსხვავებით, ის დარწმუნებულია იმაში, რომ ღმერთი არსებობს (რადგან ასე განაცხადა ღვთაებრივმა გამოცხადებამ, ანუ ბიბლიამ.) და ის ცდილობს, რომ ამაში სხვებიც დაარწმუნოს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ როდესაც თომა აქვინელი რაიმე დებულებას გადმოსცემს, ის კი უშვებს საწინააღმდეგო დებულებას, მაგრამ ის არ უშვებს, რომ საწინააღმდეგო დებულება შეიძლება სწორი იყოს. ეს კი საკითხებისადმი თეოლოგიური მიდგომაა, რადგან როდესაც ფილოსოფოსი გადმოსცემს რაიმე დებულებას, ან საკითხის გადაჭრის მისეულ ხედვას წარმოადგენს, მან მის გონებაში უნდა დაუშვას იმ აზრის არსებობა, რომ შეიძლება ის შეცდა. ფილოსოფიის მსგავსად მეცნიერებაშიც სწორედ ეს მიდგომაა, რომლის მიხედვითაც რაიმე თეორია სწორედ მაშინ არის ჭეშმარიტად მეცნიერული, თუ ის თავის თავში იტოვებს შესაძლებლობას, (თუ გამოჩნდება ახალი ემპირიული ფაქტი, ან ექსპერიმენტის შედეგად მიღებული ცოდნა, რომელიც უკვე არსებულ თეორიას ან მთლიანად, ან ნაწილობრივ ეწინააღმდეგება.) ის რედაქტირებულ იქნას, ან საერთოდ უარყოფილი.23 ამისგან განსხვავებით, თომა აქვინელი ფილოსოფიურ-თეოლოგიურ დებულებებს დოგმატურ სტილში გადმოსცეს, ანუ როგორც საბოლოო და ურყევ ჭეშმარიტებად, რადგან ეს დებულებები ეყრდნობა ბიბლიას, რომელსაც ის უცდომელობის სტატუს მიაკუთვნებს. სწორედ ამიტომ,  ის არასოდეს საუბრობს ვარაუდის კონტექსტში, რადგან ის არც კი უშვებს, რომ მისი დებულებები შეიძლება კორექტირებულ იქნას, ან საერთოდ მცდარი იყოს. შესაბამისად, თომა აქვინელი დებულებებს უფრო დოგმატურ სტილში გადმოსცემს და სწორედ ამიტომ ის არის სისტემატიკოსი თეოლოგი,24 რომელიც ბიბლიურ გამოცხადებას,  ეკლესიის მამების ნაწერებს ეყრდნობა და მათი აზრების სისტემურად გადმოცემას ახდენს.

 

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, თომა აქვინელი უფრო სისტემატიკოსი თეოლოგია, ვიდრე იმ გაგებით ფილოსოფოსი, რომელიც მხოლოდ მისი გონების ავტონომიურობას ეყდნობა და კვლევის შედეგად მიღებულ დასკვნას აცნობს საზოგადოებას. თუმცა, თომა აქვინელის პიროვნების შეფასება, რომ სწორი და ობიექტური იყოს, საჭიროა განსხვავება გავაკეთოთ ფილოსოფიის ორ გაგებას შორის. ფილოსოფიის პირველი გაგების მიხედვით, ფილოსოფოსი არის ის, ვინც რაიმე პრობლემას განიხილავს, მხოლოდ საკუთარი გონების ავტონომიურობის შუქზე,25 ისე, რომ მან პრობლემის განხილვამდე არ იცის, თუ როგორ გადაჭრას ის, არამედ ამ პრობლემის გადაჭრის გზებს ის კვლევის პროცესში მოიპოვებს. ასევე, ამ გაგებით ფილოსოფოსი, აცნობიერებს იმასაც, რომ სანამ ის პრობლემის განხილავს შეუდგება, ეს პრობლემა სხვა მოაზროვნეებმაც განიხილეს, ამიტომ, ის ეცნობა, ამ მოაზროვნეების წიგნებს და ამ წიგნებში გადმოცეულ აზრებს. თუმცა, ის მხოლოდ იმ ფილოსოფოსების აზრებს გაიზიარებს, რომელთაც ძლიერად ჩათვლის, რადგან ამ აზრებს, იმდენად ძლიერი არგუმენტები ამყარებენ, რომ მათი გაბათილება  მას არ შეუძლია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფილოსოფოსი არ იტყვის, რომ პლატონი სწორია, რადგან ის პლატონია და შეუძლებელია შემცდარიყო. ამისგან განსხვავებით, ფილოსოფოსი, ყველა მოაზროვნის აზრებს, საკუთარი კრიტიკული გონების შუქზე მიმოიხილავს და არც ერთი ფილოსოფოსის აზრებს არ მიიღებს აპრიორულად, თუ ამ აზრების უკან, იმდენად ძლიერი არგუმენტები არ დგას, რომ მათი გაბათილება შეუძლებელია. თუ ადამიანი ახორციელევს აზროვნებასა და საკითხის კვლევას ამ (ან ასეთი) მეთოდით, მაშინ ის არის ფილოსოფოსობის აღმატებულ გრადაციაში. მაგრამ, არსებობს ფილოსოფიის მეორე გაგება. ამ დროს, მოაზროვნე მოაზროვნე თეოლოგიას (ბიბლია, ყურანი და ა.შ) ან პიროვნებას  (იესო, მუჰამედი და ა.შ.) უცდომელობის სტატუსს განუკუთვნებს. შესაბამისად, მისთვის ყველაფერი ის, რაც მისთვის ავტორიტეტულმა წიგნმა განაცხადა, არის უცდომელი ჭეშმარიტება, რომელსაც ის რწმენით იღებს. თუმცა, თეოლოგი ცდილობს, რომ ფილოსოფიური მეთოდების (კაუზალობის პრინციპი, ანალოგიის პრინციპი, რაიმე თვისების, ან მდგომარეობის აბსტრაგირება, საწინააღმდეგო დებულების აბსურდულობის დასაბუთება და ა.შ.) გამოყენებით, მისთვისვე ავტორიტეტულ წიგნში არსებული დებულებების, რაც შეიძლება მეტი ნაწილი დაასაბუთოს არგუმენტებით, ისე, რომ არ მოუხმოს მისთვისვე ავტორიტეტულ წიგნს. თუ თეოლოგი ასე იქცევა, ისიც ფილოსოფოსია, მაგრამ ის ფილოსოფოსის უფრო დაბალ გრადაციაშია, ვიდრე ის მოაზროვნე, რომელიც ყველა საკითხს გონების ავტონომიურობის კონტექსტში განიხილავს  ისე, რომ არაფერს მიაკუთვნებს უცდომელობის სტატუსს. ამ ყოველივედან გამომდინარე, თომა აქვინელი, არის მეორე გაგებით ფილოსოფოსი, რადგან მისთვის ბიბლიაში გადმოცემული ყველა დებულება არის სრული და უცდომელი ჭეშმარიტება. თუმცა, ის ძალიან დახვეწილად და მაღალ დონეზე იყენებს ფილოსოფიურ მეთოდებს და ფილოსოფოსთა ნაშრომებს, რომ მათი დახმარებით, ბიბლიაში გადმოცემული დებულებების, რაც შეიძლება მეტი ნაწილი  დაასაბუთოს არგუმენტირებულად ისე, რომ არ დაეყრდნოს თავად ბიბლიას. აქედან გამომდირე, თომა აქვინელი არის ფილოსოფოსი, თუმცა, მასში ფილოსოფოსობა დაბალ გრადაციაშია, რადგან ის ბიბლიას უცდომელობის სტატუსს მიაკუთვნებს.26 ეს გრადაცია კი იმდენად მატულობს, რამდენადაც ის დახვეწილად იყენებს ფილოსოფიურ მეთოდებსა და საკუთარი პოზიციის დაცვის ხელოვნებას. მაგრამ, ეს გრადაცია რამდენადაც არ უნდა აიწიოს, ის მაინც ვერ გაუტოლდება, იმ ფილოსოფოსს, რომელიც არაფერს განაკუთვნებს უცდომელობის სტატუსს.

 

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე,  საჭიროა აღინიშნოს მის მიერ აგებულ ფილოსოფიურ-თეოლოგიურ სისტემაში არსებული ის ასპექტები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ვისაუბროთ თომა აქვინელზე, როგორც არა მარტო სისტემატიკოს და დახვეწილ თეოლოგზე, არამედ მოაზროვნეზე რომელიც სწორედ მეორე გაგებით ფილოსოფოსი იყო.

 

იყენებდა არა მარტო თეოლოგიურ მეთოდებს, არამედ ფილოსოფიურსაც (და სწორედ ამიტომ, ის არის მეორე გაგებით ფილოსოფოსი.)  და არა მარტო თეოლოგიურს (ავტორიტეტზე დაყრდნობა.) არის ის, რომ მან ბევრი თეოლოგიური საკითხი არ მიაკუთვნა არავერიფიცირებად27 რწმენას, (ისეთი თეოლოგიური დებულებები, რომლებსაც ვერ გადაამოწმებ ცდით და დაკვირვებით, ან ისეთი დებულებები, რომლებშიც ასახული შინაარსის ჭეშმარიტებაზე არ მიანიშნებს არც ერთი დაკვირვებადი ფაქტი, ან მოვლენა. მაგალითად: დებულება, რომ ღმერთი არის სამება, ეს მხოლოდ ბიბლიის დახმარებით არის ჩვენთვის ცნობილი, რადგან არაფერი არსებობს კოსმოსში, რაც დაკვირვებადია და იმაზე მიანიშნებდეს, რომ სამყაროს პირველმიზეზი, თავის თავში სამპიროვანი რეალობაა.28) არამედ გონებას. მაგალითად ღმერთის ყოფნა-არყოფნის საკითხი, მან მიაკუთვნა არა რწმენას, რომელიც გამოცხადებას (ბიბლია.) ეყრდნობა, არამედ გონებას. მართალია, ის აზროვნების დაწყებამდე უშვებს, რომ დებულება „ღმერთი არსებობს“ ჭეშმარიტია,29 რადგან ასე განაცხადა ბიბლიამ. მაგრამ, მას ხომ შეეძლო აქ გაჩერებულიყო და არ გადაედგა შემდეგი ნაბიჯი, თუმცა, ის არ გაჩერდა აქ, არამედ გადადგა შემდეგი ფილოსოფიური ნაბიჯი და განაცხადა, რომ ღმერთის არსებობის რაციონალური არგუმენტებით დასაბუთება შესაძლებელია.30 როგორც ცნობილია, ის მოძრაობაზე, მიზეზობრიობაზე, შემთხვევითად არსებულ საგნებზე, თვისებათა (სიკეთე, ჭეშმარიტება, ღირსება.) გრადაციულ და წესრიგის (უინტელექტო ბუნებრივი სხეულები მიიწევენ მათი სფეციფიკური მიზნისკენ, რაც აჩვენებს, რომ ისინი ამ მიზნისკენ გონებამ მიმართა, როგორც ისარი მიმართა მშვილდოსანმა ნიშნულისკენ.) არსებობაზე დაყრდნობით, ასაბუთებს ღმერთის არსებობას, რომელიც უნდა იყოს უცვლელი, (წმინდა აქტუალობა.31) უმიზეზო, აუცილებლად არსებული, (ისეთი აუცილებელი რეალობა, რომელსაც აუცილებელი არსებობა საკუთარი თავიდან აქვს.32) თვისებათა მაქსიმუმი33 და უმაღლესი ინტელექტი.34 ამ დასაბუთებების ფორმულირებისას კი ის ეყრდნობა ფილოსოფოსთა (განსაკუთრებით არისტოტელეს ნაშრომებს, ისევე როგორც იოანე დამასკელის, ავეროესის, მოსე მაიმონიდის და სხვა ფილოსოფოსების ნაშრომებს.) და თეოლოგთა მოსაზრებებს, ისევე როგორც ის იყენებს კაუზალობის, ანალოგიის, აბსტრაქციის, ინდუქციისა და სხვა პრინციპებს, რომ მათი დახმარებით ღმერთის არსებობის რაციონალური დემონსტრირება მოახდინოს. შესაბამისად, თავად საკითხისადმი ასეთი მიდგომა, რომ ღმერთის არსებობის ურთულესი მეტაფიზიკური საკითხი არ განუკუთვნო რწმენას, არამედ შეეცადო მისი რაციონალურად გადაჭრა, უკვე საკითხისადმი ფილოსოფიური მიდგომაა. მართალია, ამ საკითხის თეიზმის სასარგებლოდ გადაჭრა, მას უკვე აზროვნების დაწყებამდე ქონდა გადაწყვეტილი, რადგან ამისკენ მას ბიბლიამ უბიძგა. თუმცა, მაშინ როდესაც თომა აქვინელი ამ საკითხის თეიზმის სასარგებლოდ გადაჭრას შეუდგა, აქ უკვე მან აღარ გამოიყენა ბიბლია, (თუმცა, ის, რომ თომა აქვინელმა, კაუზალობის პრინციპით ღმერთის არსებობის დასაბუთება განიზრახა, ამაშიც ბიბლიას, კერძოდ პავლე მოციქულის რომაელთა ეპისტოლეს პირველი თავის მეოცე მუხლს დაეყრდნო.35 თუმცა, მან პავლეს ეს მოსაზრება, ფილოსოფიურად ისე გაშალა, რაც უკვე თავად პავლეს წერილებში არ გვხვდება.) არამედ მხოლოდ გონების არგუმენტები. სწორედ ამ დროს გამოიყენა მან ფილოსოფიური მეთოდი, რაც გულისხმობს, საკუთარი დებულებების არგუმენტირებულად დასაბუთებას.

 

მეორე გარემოება, რაც აქვინელის მიერ ფილოსოფიური მეთოდების გამოყენებაზე მიანიშნებს არის ის, რომ მან არა მარტო ღმერთის არსებობა არ მიაკუთვნა რწმენას, არამედ ის სხვა თეოლოგებზე უფრო შორს წავიდა და შეეცადა ღმერთის ღვთაებრივი ატრიბუტების ნაწილი ისე დაესაბუთებინა, რომ არ მოეხმო ბიბლიისთვის. კერძოდ, აქვინელი ფილოსოფიური არგუმენტებით ასაბუთებს, რომ ღმერთი უნდა იყოს უცვლელი, წმინდა აქტუალობა, მარადიული, უსხეულო, არამატერიალური, მარტივი, ჭეშმარიტება, ერთი, მასში არსი და არსებობა იდენტური უნდა იყოს, ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე და ა.შ.36 თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ატრიბუტების არსებობის შესახებაც, აქვინელმა ბიბლიიდან იცის. თუმცა, რატომ უნდა ფლობდეს ღმერთის ისეთ ატრიბუტებს როგორებიცაა  მაგალითად: სიმარტივე, უსხეულობა, წმინდა აქტუალობა, არამატერიალურობა37 და არა სხეულებრივობა, შედგენილობა, პოტენციურობა და მატერიალურობა, აქვინელი ამ დებულებების ჭეშმარიტების არგუმენტირებულად დასაბუთებას შეეცადა. სწორედ ამ დასაბუთების დროს, ის ეყრდნობოდა ფილოსოფოსთა და თეოლოგთა მოსაზრებებს, ისევე როგორც საკუთარ გონებას, რადგან ამ საკითხზე ფილოსოფოსებისა და თეოლოგების მიერ გამოთქმულ აზრების ნაწილს არ ეთანხმებოდა (მაგალითად აქვინელი არ ეთანხმება არისტოტელეს იმაში, რომ უძრავ-მამოძრავებელი შეიძლება მრავალი იყოს,38 არამედ ის არგუმენტირებულად ასაბუთებს, რომ უძრავ-მამოძრავებელი აუცილებლად ერთი უნდა იყოს.39) და მათ სიმცდარეს ასაბუთებს, ისევე როგორც მისი დებულებების (რომელიც ბიბლიას ეყრდნობა. მაგალითად, როდესაც აქვინელი ამბობს, რომ ღმერთი არის უსხეულო, ის ეყრდნობა,  იოანეს სახარების 4 თავის, 24 მუხლს, სადაც ნათქვაია, რომ ღმერთი არის სული. მაგრამ, ის, თუ რას ნიშნავს, რომ ღმერთი სულია და შესაბამიად, უსხეულო, ამას უკვე აქვინელი არგუმენტირებულად ასაბუთებს.40) ჭეშმარიტების დასაბუთების დროს, ის საკუთარ გონებას ეყდნობოდა.

 

მესამე გარემობა, რაც მიუთითებს თომა აქვინელის მიერ ფილოსოფიური მეთოდების გამოყენებაზე არის ის, რომ ის თვითონ ირჩევდა საკუთარი გონებაზე დაყრდნობით, თუ რა გზითა და მეთოდით მისულიყო იმ დასკვნამდე, რომელიც მისთვის აზროვნების დასაწყისშივე იყო მოცემული.41 მაგალითად, აქვინელი აზროვნების დაწყებამდე უშვებს იმას, რომ დებულება „ღმერთი არსებობს“ სრული ჭეშმარიტებაა.42 მაგრამ, მაშინ როდესაც ის ცდილობს არგუმენტირებულად დაასაბუთოს ღმერთის არსებობა, ის უკვე საკუთარ გონებაზე დაყრდნობით ირჩევს იმ გზას, რომლის დახმარებითაც ამ დასკვნამდე მიდის და მის ჭეშმარიტებას ბიბლიის გარეშე დაასაბუთებს. როგორც ცნობილია ამ გზების გაანალიზების შემდეგ, ის აირჩევს აპოსტერიორულ43 მეთოდს, რომლის მიხედვითაც ღმერთის არსებობა უნდა დასაბუთდეს კოსმოსში არსებული დაკვირვებადი (ცვლილება, მიზეზ-შედეგობრიობა, შემთხვევითობა, სიკეთის, ჭეშმარიტების და ღირსების გრადაციული არსებობა და კოსმოსში არსებული წესრიგი და მიზანმიმართულობა.) ფენომენებისა და საგნების ფილოსოფიური ანალიზითა და კაუზალობის პრინციპის გამოყენებით.44 შესაბამისად, აირჩია რა მან ღმერთის არსებობის დასაბუთების აპოსტერიორული მეთოდი, ის აკრიტიკებს ღმერთის არსებობის დასაბუთების აპრიორულ მეთოდს, რომელიც იოანე დამასკელმა +749  (ფსიქოლოგიური არგუმენტის ფორმულისებისას.45) და ანსელმ კენტერბერიელმა +1109 (ონტოლოგიური არგუმენტის ფორმულირებისას.46) გამოიყენეს. ამიტომ, აქვინელი ეთანხმება დამასკელს, ანსელმს, და სხვა თეისტ ფილოსოფოსებს იმაში, რომ შესაძლებელია ღმერთის არსებობის რაციონალური არგუმენტებით დასაბუთება. მაგრამ, ამის შემდეგ, თომა აქვინელი თვითონ ირჩევს და შემდეგ ასაბუთებს, თუ რომელი მეთოდია სწორია და უფრო ეფექტური, ამ დასკვნამდე ბიბლიის გარეშე მისასვლელად.47  ამ გზის არჩევის დროს,  ის იმ ფილოსოფოსებს აკრიტიკებს, ვინც იგივე დასკვნამდე მისასვლელად სხვა გზა აირჩია. ამ კრიტიკის დროს კი ის ეყდნობა მისი გონების ავტონომიუობას და არა ავტორიტეტს, რადგან ის რომ ავტორიტეტს დაყრდნობოდა, დამასკელი და ანსელმ კენტერბერიელი სწორედ, რომ დიდი ქრისტიანი თეოლოგები არიან და შესაბამისად ისინი ავტორიტეტები არიან მათ შემდგომ მოღვაწე ქრისტიანი მოაზროვნეებისთვის. მაგრამ, თომა აქვინელმა მათ მიერ გამოყენებული აპრიორული მეთოდი, რომლის დახმარებითაც ისინი იმ დასკვნამდე (რომ ღმერთი არსებობს.) აღწევდნენ, რომლის ჭეშმარიტებასაც აქვინელიც აღიარებდა, გააკრიტიკა, რომლის დროსაც ის საკუთარ გონებას დაეყრდნო.

 

ზემოთ გადმოცემული, ამ სამი გარემოებიდან გამომდინარე, თომა აქვინელი არცთუ ისე იშვიათად იყენებდა ფილოსოფიურ მეთოდებს სხვადასხვა საკითხების განხილვისას. მიუხედავად ამისა, ის მაინც არ არის პირველი გაგებით ფილოსოფოსი, რადგან მაშინ ის არც ბიბლიას (მისთვის არ უნდა მიენიჭებინა უცდომელობის სტატუსი.) უნდა დაყრდნობოდა. მიუხედავად ამისა, ის არის დახვეწილი და მაღალი დონის თეოლოგი, რომელიც ფილოსოფიურ მეთოდებსაც ხშირად იყენებდა და ამიტომ ის არის მაღალი დონის თეოლოგი, რომლის თეოლოგიაც ფილოსოფიურია, ისევე როგორც ის არის მეორე გაგებით ფილოსოფოსი, რადგან თეოლოგიური დებულებების გადმოცემისას, ის საკუთარ გონებრივ ანალიზს უქვემდებარებდა48 ფილოსოფოსთა და თეოლოგთა აზრებს, ისევე როგორც ის თვითონ ირჩევდა, თუ რომელი გზაა უფრო სწორი და ეფექტური იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომელიც მისთვის აზროვნების დასაწყისშივე იყო მოცემული.49 

 

ზემოთ თქმულიდან  გამომდინარე, თომა აქვინელი არის იმ სახის თეოლოგი, რომლის თეოლოგიაც ფილოსოფიურია და რომლის მიერ აგებულ სააზროვნო სისტემაში, ფილოსოფიას აქვს ის როლი და ფუნქცია, რომ მის მიერ შემუშავებული მეთოდებით მოხდეს ქრისტიანულ თეოლოგიაში არსებული დებულებების ნაწილის არგუმენტირებულად დასაბუთება და ბიბლიაში არსებული დებულებების მკაფიოდ გადმოცემა,50 ისევე როგორც, საუკეთესო გზისა და მეთოდების არჩევა, რომელთაც იმ დასკვნის აღიარებამდე მივყავართ, რომლებიც ბიბლიაშია მოცეული. სწორედ ამიტომ, ის იყო მეორე გაგებით ფილოსოფოსი, რომელიც ბიბლიაში გადმოცემული დებულებების ნაწილს, არგუმენტირებულად ასაბუთებს ისე, რომ არ იშველიებს თავად ბიბლიას.

 

ის, რომ თომა აქვინელი არ იყო პირველი გაგებით  ფილოსოფოსი, ეს ჩვენ არც უნდა გაგვიკვირდეს, რადგან პრინციპულად შეუძლებელია ქრისტიანი მოაზროვნე იყოს იმ გაგებით ფილოსოფოსი, რომელიც მხოლოდ მის გონებას დაეყრდნობა. ამის მიზეზი ისაა, რომ პირველი გაგებით ფილოსოფოსი მხოლოდ საკუთარ გონებას უნდა ეყრდნობოდეს და მან არაფერი არ უნდა მიიღოს აპრიორულად, იმ დროსაც კი, როდესაც, მაგალითად, თანამედროვე ფილოსოფოსი პლატონს და არისტოტელეს ეთანხმება, ის ეყრდნობა არა მათ ავტორიტეტს, არამედ ასაბუთებს, რომ ის რაც პლატონმა და არისტოტელემ თქვა და არგუმენტირებულად დაასაბუთა, სწორია და სწორედ ამიტომ ეთანხმება მათ ფილოსოფოსი. თუ, ფილოსოფოსმა არისტოტელეს დებულებების სისწორე, ამ დებულების ავტორის  სტატუსიდან გამოიყვანა და თქვა, რომ მაგალითად არისტოტელე სწორია, რადგან ის არისტოტელეა და არ შეიძლება შემცდარიყო, მაშინ ის დაუშვებს ლოგიკურ შეცდომას, რომელსაც ეწოდება „ავტორიტეტისადმი მიმართვის არგუმენტი“.51 ამ შეცდომას ადამიანები იმ დროს უშვებენ, როდესაც რაიმე დებულების ჭეშმარიტება გამოყავთ, ამ დებულების ავტორის სტატუსიდან, რაც არის ლოგიკური ჩავარდნის ერთ-ერთი სახე. ასეთი ფორმით რაიმეს დასაბუთება იმ მიზეზის გამოა ლოგიკური ჩავარდნა, რომ რაიმე დებულების ჭეშმარიტება დგინდება არა იმით, თუ ვინ თქვა ეს დებულება, არამედ იმით, შეესაბამება თუ არა ამ დებულებაში ჩადებული შინაარსი რეალობას.  შესაბამისად, პირველი გაგებით ფილოსოფოსმა არც ერთი დებულების სისწორე არ უნდა დაასაბუთოს, დებულების ავტორის სტატუსიდან, არამედ ცოდნა თავისი გონებრივი ძალებით უნდა მოიპოვოს. ხოლო, ის ცოდნა, რომელიც ფილოსოფოსმა სხვა ფილოსოფოსიგსან მიიღოს, ეს ცოდნა გადაამოწმოს და კრიტიკულად განიხილოს და თუ მან ეს ცოდნა, რომელიც დასაბუთებაზეა დაფუძნებული  ვერ უარყო, მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა მიიღოს. მაგრამ, თომა აქვინელი თვითონ აღნიშნავს, რომ ქრისტიანული თეოლოგია დაფუძნებულია იმ პრინციპებზე, რომლებიც ადამიანმა კი არ აღმოაჩინა თავისი გონებით, არამედ ღმერთმა განაცხადა.52 ეს გამოცხადება კი დაფიქსირდა ბიბლიაში, რომელსაც თომა აქვინელი „ღვთივშთაგონებულ წიგნს“ უწოდებს და მას უცდომელობის სტატუსს განაკუთვნებს.53 შესაბამისად, თომა აქვინელი აზროვნების დაწყებამდე აპრიორულად უშვებს, რომ ბიბლია არის უცდომელი ჭეშმარიტება. ამიტომ, ამ დაშვების გამო, ის ვეღარ იქნება პირველი გაგებით ფილოსოფოსი.  სწორედ ამ მიზეზის გამო, ტერმინი ქრისტიანული ფილოსოფია ისევე წინააღმდეგობრივია, როგორც გამოთქმა „ხის რკინა“.54 როგორც ფრედერიკ კოპლსტონი (1907-1994) აღნიშნავს, გამოთქმა „ქრისტიანული ფილოსოფია“ ისევე არასწორი გამოთქმაა როგორც „ქრისტიანული ბიოლოგია“, ან „ქრისტიანული მათემატიკა“. მათემატიკოსი ან ბიოლოგი, შეიძლება იყოს ქრისტიანი, მაგრამ არა მისი ბიოლოგია და მათემატიკა იქნება ქრისტიანული. იგივენაირად, ფილოსოფოსი შეიძლება იყოს ქრისტიანი, რადგან ის იყენებს ფილოსოფიურ მეთოდს, მაგრამ არ შეიძლება იყოს მისი ფილოსოფია ქრისტიანული.55 როგორც თავად კოპლსტონი მართებულად აღნიშნავს, ფილოსოფია (ფილოსოფიის პირველი გაგება.) ეყრდნობა მხოლოდ გონებას, მაშინ როდესაც თეოლოგია ეყრდნობა გამოცხადებას. შესაბამისად, ქრისტიანი შეიძლება იყოს ფილოსოფოსი, რადგან გამოცხადებული ჭეშმარიტებების გადმოცემისას ის იყენებდეს ფილოსოფიურ ტერმინებს, (სუბტანცია და აქციდენცია, ფორმა და მატერია, ესენცია და ეგზისტენიცა და სხვა.56) ისევე როგორც ფილოსოფიურ მეთოდებს (კაუზალობის პრინციპი, ინდუქციის მეთოდი, აბსტრაქცია, და ა.შ.) და ამ ყოველივეს დახმარებით, ბიბლიაში გადმოცემული დებულებების ნაწილს მხოლოდ არგუმენტებით ასაბუთებდეს, ისე რომ, არ უხმობს ავტორიტეტს, ისევე როგორც რწმენის დებულებების ფილოსოფიური ტერმინებით გაშლას და განმარტებას ახდენდეს. მაგრამ, ფილოსოფიური სისტემა ვერ იქნება მთლიანად ქრისტიანული, რადგან ქრისტიანობა ეყრდნობა გამოცხადებას, ხოლო ფილოსოფია მხოლოდ გონებას. ამ მიზეზის გამო, ფილოსოფიური სისტემა ვერ იქნება ქრისტიანული, (არამედ ის აუცილებლად თეოლოგიური სისტემაა, რადგან დაფუძნებულია გამოცხადებაზე.) რადგან შეუძლებელია ერთი და იგივე ადამიანი საკუთარი აზრობრივი ოპერაციების დროს მხოლოდ საკუთარ გონების ეყრდნობოდეს და არა ავტორიტეტს და ამავდროულად, იგივე ადამიანი, უშვებდეს, რომ მისი გონების მიღმა არსებობს გარკვეული ავტორიტეტი (მაგალითად, ბიბლია.), რომელიც უცდომელ ჭეშმარიტებებს განაცხადებს. სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე, თომა აქვინელი არის ქრისტიანი თეოლოგი, რომელიც ფილოსოფიურ მეთოდებს ხშირად იყენებს და სწორედ ამავე თვალსაზრისით, ის არის თეოლოგი, რომლის თეოლოგიაც ფილოსოფიურია და სწორედ ამ კონტექსტში ის  მეორე გაგებით ფილოსოფოსია.

 

 

 

 

შენიშვნები და განმარტებები:

 

[1] აქვინელმა კომენტარები დაურთო არისტოტელეს შემდეგ შრომებს: „მეტაფიზიკა“, „ფიზიკა“, „სულის შესახებ“, „ნიკომაქეს ეთიკა“, „მეტეოროლოგია“, „პოლიტიკა“, „ანალიტიკა“, „წარმოშობის და განადგურების შესახებ“.

[2] მან კომენტარები დაურთო არეოპაგიტული კორპუსის პირველ წიგნს, რომელიც შემდეგი სახელწოდებისაა: „საღმრთო სახელთა შესახებ“.

[3] აქვინელმა კომენტარები დაურთო ბოეციუსის ორ  წიგნს: „სამების შესახებ“, DE HEDMOBADIBUS.

[4] მან კომენტარები დაურთო ძველი (წიგნი იობისა, ფსალმუნნი 1-54, ესაია წინასწამეტყველი, იერემია წინასწამეტყველი,) და ახალი აღთქმის (მათეს და იოანეს სახარება, პავლე მოციქულის ეპისტოლეები) წიგნებს.

[5] ალბერტ შტეკლი, შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია, მთარგმნელი: ბაჩანა ბრეგვაძე, თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, 1994, გვ. 158–159

[6] პატრისტიკის, ანუ ეკლესიის მამების ეპოქა იწყება II საუკუნიდან და მთავრდება VIII საუკუნით. პატრისტიკის დამამთავრდებლად აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც მიიჩნევენ იოანე დამასკელს (+753)

[7] შუა საუკუნეებში თავდაპირველად ტერმინი სქოლასტიკოსი, აღნიშნავდა 7 თავისუფალი დისციპლინის (გრამატიკა, რიტორიკა, დიალექტიკა, არითმეტიკა, გეომეტრია, მუსიკა ასტრონომია) მასწავლებელს. შემდეგ კი ეს ტერმინი ამ ეპოქაში მოღვაწე ყველა ფილოსოფოსზე და თეოლოგზე გავრცელდა. იხ: ალბერტ შტეკლი, შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია, მთარგმნელი: ბაჩანა ბრეგვაძე, თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, 1994, გვ. 64

[8] იხ: Jean-Pierre Torrell, Aquinas's Summa: Background, Structure, and Reception, The Catholic University of America Press, Washngton, 2005, გვ. 76–87

[9] თომა აქვინელისთვის პირველადი ავტორიტეტი, რომელსაც ის უცდომელობის სტატუსს განუკუთვნებს არის ბიბლია (იხ: „თეოლოგიის შეჯამება“, 1. 1. 1–10). ამის შემდეგ მოდიან, ეკლესიის მასწავლებები თეოლოგები, რომელთა აზრების უდიდეს უმრავლესობას ის ეთანხმება. ხოლო, არაქრისტიანი ფილოსოფოსების ნაშრომებს ის ორი თვალსაზრისით იყენებს: პირველ შემთხვევაში, აქვინელი არაქრისტიანი ფილოსოფოსის იმ სფეციფიკურ აზრს მოუხმობს, რომელიც თანხმობაშია ბიბლიასთან, რომ შემდეგ ამ აზრის შინაარსი გაშალოს და არგუმენტებით დაასაბუთოს მისი ჭეშმარიტება. მეორე შემთხვევაში, კი აქვინელი არაქრისტიანი ფილოსოფოსის იმ სფეციფიკურ აზრს მოუხმობს, რომელიც ეწინააღმდეგება ბიბლიას, რომ შემდეგ არგუმენტირებულად დაასაბუთოს, რომ სწორედ ამ აზრის საწინააღმდეგოა ჭეშმარიტი. სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა გავიგოთ, აქვინელის მიერ არაქრისტიანი მოაზროვნეების ნაშრომების გამოყენება.

[10] ნოდარ, ნათაძე, თომა აქვინელის ფილოსოფია, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 1973, გვ. 114

[11] ალბერტ შტეკლი, შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია, მთარგმნელი: ბაჩანა ბრეგვაძე, თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, 1994, გვ. 197–198

[12] Saint Thomas Aquinas, Summa Contra Gentilies, Book One: God, Translated with an Introduction and Notes, by Anton C. Pegis F.R.S.C., “University of notre Dame Press edition”, USA, 1975, გვ. 16

[13] ენციკლიკა ნიშნავს, საჯარო წერილს, რომლითაც პაპი მთელს ეკლესიას მიმართავს. ენციკლიკა, იხ: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011.

[14]მერაბ ღაღანიძე,  რწმენის და იმედის გზაზე, თბილისი, 2003, წმინდა თომა აკვინელი, http://www.nplg.gov.ge/gsdl//cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--10-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-00&a=d&c=civil2&cl=CL1.21&d=HASHfa6ebded5f416bc0820dfa.44

[15] Saint Thomas Aquinas, Summa Contra Gentilies, Book One: God, Translated with an Introduction and Notes, by Anton C. Pegis F.R.S.C., „University of notre Dame Press edition“, USA, 1975,  გვ. 16

[16] Reginald Garrigou-Lagrange O.P. (Author), Paul A. Boer Sr. (Editor), Reality: A Synthesis of Thomistic Thought, „CreateSpace Independent Publishing Platform“, USA, 2012, Chapter 3 The Thomistic Commentators

[17]ნოდარ ნათაძე, თომა აქვინელის ფილოსოფია, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 1973, გვ. 6

[18] ნაპო კვარაცხელია, შემეცნების თეორია, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2019, გვ. 194

[19] St. Thomas Aquinas The Summa Theologica (Benziger Bros. edition, 1947) Translated by Fathers of the English Dominican Province, ნაწილი I, კითხვა 1,  არტიკლი 1, https://dhspriory.org/thomas/english/summa/FP/FP002.html#FPQ2OUTP1

[20]Bertrand Russell, A History of Western Philosophy, „Simon & Schuster Touchstone“, USA, 1967, გვ. 463

[21] ნაპო კვარაცხელია, შემეცნების თეორია, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2019, გვ. 194

[22] Bertrand Russell, The Art of Philosophizing and other Essays, Philosophical Library, USA,  2007, გვ.  1

[23] სტივენ ჰოუკინგი, დროის მოკლე ისტორია, დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე, მთ: ირაკლი მაჩაბელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, 2014, გვ. 19

[24]Norman L. Geizler, A history of western philosophy volume 1: ancient and medieval, „bastion books“ USA, 2016, გვ. 272

[25] ნაპო კვარაცხელია, შემეცნების თეორია, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2019, გვ. 194

[26] Bertrand Russell, A History of Western Philosophy, „Simon & Schuster Touchstone“, USA, 1967, გვ. 463

[27] არავერიფიცირებადი არის დებულება, თუ მის სისწორეს ვერ გადაამოწმებ ცდით და დაკვირვებით.

[28] William Lane Craig, Reasonable Faith: Christian Truth and Apologetics, „Crossway Books“ USA, 2008, გვ. 32

[29]ზურაბ ხასაია,  ფილოსოფიის სიტემური კურსი, გამომცემლობა „Carpe Diem“, თბილისი, 2015, გვ, 59

[30] St. Thomas Aquinas The Summa Theologica (Benziger Bros. edition, 1947) Translated by Fathers of the English Dominican Province, ნაწილი I, კითხვა 2,  არტიკლი 3, https://dhspriory.org/thomas/english/summa/FP/FP002.html#FPQ2OUTP1

[31] Saint Thomas Aquinas, Summa Contra Gentilies, Book One: God, Translated with an Introduction and Notes, by Anton C. Pegis F.R.S.C., „University of notre Dame Press edition“, USA, 1975, 15

[32] Saint Thomas Aquinas, Summa Contra Gentilies, Book One: God, Translated with an Introduction and Notes, by Anton C. Pegis F.R.S.C., „University of notre Dame Press edition“, USA, 1975, 15, 6

[33] St. Thomas Aquinas The Summa Theologica (Benziger Bros. edition, 1947) Translated by Fathers of the English Dominican Province, ნაწილი I, კითხვა 2,  არტიკლი 3, https://dhspriory.org/thomas/english/summa/FP/FP002.html#FPQ2OUTP1

[34] COMPENDIUM THEOLOGIAE COMPENDIUM OF THEOLOGY by Thomas Aquinas translated by Cyril Vollert, S.J. St. Louis & London: B. Herder Book Co., 1947, თავი .28, https://dhspriory.org/thomas/english/Compendium.htm#1

[35]Saint Thomas Aquinas, Summa Contra Gentilies, Book One: God, Translated with an Introduction and Notes, by Anton C. Pegis F.R.S.C., „University of notre Dame Press edition“, USA, 1975, 12, 6

[36] იხ: Saint Thomas Aquinas, Summa Contra Gentilies, Book One: God, Translated with an Introduction and Notes, by Anton C. Pegis F.R.S.C., „University of notre Dame Press edition“, USA, 1975, თავი. 13–61

[37]Saint Thomas Aquinas, Summa Contra Gentilies, Book One: God, Translated with an Introduction and Notes, by Anton C. Pegis F.R.S.C., „University of notre Dame Press edition“, USA, 1975, თავი. 15-21

[38] Bertrand Russell, A History of Western Philosophy, „Simon & Schuster Touchstone“, USA, 1967, გვ. 168

[39] Saint Thomas Aquinas, Summa Contra Gentilies, Book One: God, Translated with an Introduction and Notes, by Anton C. Pegis F.R.S.C., „University of notre Dame Press edition“, USA, 1975, თავი. 42

[40]St. Thomas Aquinas The Summa Theologica (Benziger Bros. edition, 1947) Translated by Fathers of the English Dominican Province, ნაწილი I, კითხვა 3,  არტიკლი 1, https://dhspriory.org/thomas/english/summa/FP/FP002.html#FPQ2OUTP1

[41]ნოდარ ნათაძე, თომა აქვინელის ფილოსოფია, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 1973, გვ. 7

[42]ზურაბ ხასაია,  ფილოსოფიის სიტემური კურსი, გამომცემლობა „Carpe Diem“, თბილისი, 2015, გვ, 59

[43] აპოსტერიორული არის ფაქტებზე და მოვლენებზე დაკვირვებით შეძენილი ცოდნა.

[44] St. Thomas Aquinas The Summa Theologica (Benziger Bros. edition, 1947) Translated by Fathers of the English Dominican Province, ნაწილი I, კითხვა 2,  არტიკლი 3, https://dhspriory.org/thomas/english/summa/FP/FP002.html#FPQ2OUTP1

[45] წმინდა იოანე დამასკელი მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა, ძეგლი ბერძნულიდან თანამედროვე ქართულზე თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ედიშერ ჭელიძემ, თავი. 3, http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/5.htm

[46] St. Anselm Basic Writings: Proslogium, Mologium, Gaunilo's In Behalf of the Fool, Cur Deus Homo, Translator),  S. N. Deane(Introduction),,  Charles Hartshorne,  „Open Court“; 2nd Revised ed. Edition, USA, 1982,  გვ. 7–9

[47]St. Thomas Aquinas The Summa Theologica (Benziger Bros. edition, 1947) Translated by Fathers of the English Dominican Province, ნაწილი I, კითხვა 2,  არტიკლი 1, https://dhspriory.org/thomas/english/summa/FP/FP002.html#FPQ2OUTP1

[48]ივან მარტინი, ფილოსოფიის ისტორია, მთ. მარიკა სააკაშვილი, სულხან საბა ორბელიანის  უნივერსიტეტი, თბილისი, 2008, გვ. 84

[49]ნოდარ ნათაძე, თომა აქვინელის ფილოსოფია, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 1973, გვ. 7

[50] St. Thomas Aquinas The Summa Theologica (Benziger Bros. edition, 1947) Translated by Fathers of the English Dominican Province, ნაწილი I, კითხვა 1,  არტიკლი 5 https://dhspriory.org/thomas/english/summa/FP/FP002.html#FPQ2OUTP1

[51] ია ბერიძე, გურამ თავართქილაძე, თამარ ფანცულია, ფილოსოფია არასპეციალური ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, დაიბეჭდა „შპს მწიგნობარი XXI“, თბილისი, 2009, გვ. 63

[52] St. Thomas Aquinas The Summa Theologica (Benziger Bros. edition, 1947) Translated by Fathers of the English Dominican Province, ნაწილი I, კითხვა 1,  არტიკლი 8, https://dhspriory.org/thomas/english/summa/FP/FP002.html#FPQ2OUTP1

[53]St. Thomas Aquinas The Summa Theologica (Benziger Bros. edition, 1947) Translated by Fathers of the English Dominican Province, ნაწილი I, კითხვა 1,  არტიკლი 1 https://dhspriory.org/thomas/english/summa/FP/FP002.html#FPQ2OUTP1

[54]შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორიის პრობლემები, ნაწილი 1.  რედაქტორი გურამ თევზაძე, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1981, გვ. 15

[55]Frederick Copleston,  History of philosophy: medieval philosophy From Augustine to Duns Scotus,  volume II.: Doubleday, Image Books, New York, 1993, გვ. 557, ვაჟა ვარდიძე, ფუნდამენტური თეოლოგია ნაწილი 1, სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი,  თბილისი, 2011, გვ.  118-131

[56]ვაჟა ვარდიძე, ფუნდამენტური თეოლოგია ნაწილი 1, სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი,  თბილისი, 2011, გვ.  129


კომენტარები