ნოოსფერულ სტიქიათა თეორია

ნოოსფერულ სტიქიათა თეორია

ემზარ ხვიჩია – 1985 წ. – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – თეორიული ფიზიკის ფაკულტეტი; 2012 წ. – დოქტორის აკადემიური ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში. 1986 წ. – სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი; გამოქვეყნებული აქვს ხუთი მონოგრაფია და ათობით სამეცნიერო სტატია. 

ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი ემზარ ხვიჩიას წიგნიდან: „ნოოლოგია“.

წიგნის სანახავად ეწვიეთ ბმულს: „ნოოლოგია“.

 

§1.1 განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტი

ინდივიდის მოქმედებას, საზოგადოდ, გააჩნია ოთხი ლოგიკური ასპექტი:

1) ნებისმიერი მოქმედება გარეგნული ნიშნებით შეიძლება გამოვარჩიოთ სინამდვილის მოვლენათა ნაკადში – მოქმედებას ახასიათებს მოქმედების არეზე არსებულ ობიექტებს შორის გარკვეული შინაარსის ურთიერთმიმართებებისა და კავშირების აქტუალიზაცია, ანუ „ფორმის ასპექტი“:

2) ნებისმიერ მოქმედებას ახლავს მისი განვითარების ხელშემშლელ ფაქტორთა წინააღმდეგობის, მოქმედების არეზე ამავდროულად მიმდინარე სხვა პროცესებისმიერი ხელშემშლელი გავლენის გადალახვა, ანუ „ძლევის ასპექტი“:

3) ყოველ მოქმედებას ახასიათებს სამოქმედოდ მაიძულებელ გამოწვევათა (აღგზნება-გაღიზიანების, დაძაბულობის) მოხსნისკენ, რელაქსაციისკენ მისწრაფება, ანუ „ცხრომის ასპექტი“;

4) ნებისმიერ მოქმედებას ახასიათებს სამოქმედო საშუალებათა (მოქმედი ინდივიდის საკუთრივი მოცემულობის, ბუნებრივი თუ ხელოვნური ინსტრუმენტების, თანდაყოლილი თუ შეძენილი უნარ-ჩვევების, სხვა ინდივიდებზე გავლენის ბერკეტების და ა.შ.) სამოქმედოდ მიმართვა, ანუ „მართვის ასპექტი“.

ოპონენტებმა მოქმედების აქტის სხვა ასპექტების გამოყოფა არაერთხელ სცადეს. ამ წიგნის მეორე ნაწილში ცხადი გახდება ამგვარ მცდელობათა შედეგიანობის შეუძლებლობა.

დასახელებული ოთხეული არსებით ლოგიკურ ურთიერთკავშირშია: სამოქმედო საშუალებათა სამოქმედოდ მიმართვას ლოგიკურად მოსდევს მოქმედების ფორმის არჩევა-რეალიზაცია; ეს მოქმედების განვითარების ხელშემშლელ ფაქტორთა წინააღმდეგობის დაძლევის ამოცანის დაკონკრეტება-აქტუალიზაციას განაპირობებს; ამას მოქმედების შესრულებული მომენტის გამოვლენისა და სათანადო მიმართულებებით ძალისხმევის შეჩერების ამოცანის აქტუალიზაცია მოსდევს, რითაც მოქმედების დაუსრულებელი ასპექტების გამოვლენაც მიიღწევა, რაც შესაბამისი სამოქმედო საშუალებების არჩევისა და სამოქმედოდ მიმართვის ამოცანის წამოჭრის წინაპირობაა და ლოგიკური ციკლის დასაწყისში გვაბრუნებს. ყოველივე ეს დასახელებულ ოთხეულს ციკლურად მოწესრიგებულ სიმრავლედ წარმოგვიდგენს: ამ სიმრავლის თითოეული ელემენტი ციკლურ რიგში მისი წინმსწრები ელემენტის გამოვლენით (აქტუალიზაციით) განპირობებულია და თავისი მორიგი ელემენტის გამოვლენის (აქტუალიზაციის) წინაპირობაა.

აღწერილი ციკლური კავშირი მოქმედების აზრიანობას, ლოგიკურ ადეკვატურობას უზრუნველყოფს. და რადგან, დიმიტრი უზნაძისეული მიდგომის მიხედვით, მოქმედების აზრი სუბიექტის განწყობითაა განსაზღვრული, მოქმედების აქტის შეფასების აღწერილი საზოგადო მახასიათებელი (მოქმედების დასახელებული ოთხი მოუცილებადი ლოგიკური ასპექტი, მათს ლოგიკურ ურთიერთკავშირში) წარმოგვიდგება (იდენტიფიცირდება) განწყობის შინაარსის მარადაქტუალურ ნაწილად, რომელსაც ლოგიკურია ეწოდოს „განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტი“.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ციკლური ლოგიკური ურთიერთკავშირის (დიაქრონულობად წარმოდგენადი მომენტის) მიუხედავად, რადგან მოქმედების ზემოთ დასახელებული ოთხი ლოგიკური ასპექტი (ლოგიკური ფაზები) შინაარსობრივად არსებითად ურთიერთგანმსაზღვრელებია, მოქმედების აქტის რომელობითი და შინაარსობრივი განსაზღვრა-იდენტიფიკაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთი მათგანის მეშვეობითაც – ან მხოლოდ იმის მიხედვითაც, თუ რა საშუალებები მიიმართება სამოქმედოდ, მოქმედების მიმდინარეობის გამოხატულებად, არსებული არჩევანის პირობებში, ან მხოლოდ ფორმის (მოქმედების გარეგნული გამოხატულებების) მიხედვითაც, ან მხოლოდ იმ ფაქტორთა იდენტიფიკაციით, რომელთა წინააღმდეგობის დაძლევაც ხორციელდება მოქმედების მიმდინარეობის გამოხატულებად, ან მხოლოდ იმ შედეგების მიხედვითაც, რომელთა მიღწევაც იწვევს სამოქმედო ძალისხმევის შეჩერებას, ანუ თუ რა მიზნებისკენ მისწრაფება ვლინდება მოქმედების აქტით. ამდენად, მოქმედი ინდივიდი ერთდროულად არის მართვის აქტის სუბიექტიც, ფორმისქმნის აქტის სუბიექტიც, ძლევის აქტის სუბიექტიც და ცხრომის აქტის სუბიექტიც. ფიზიკის სამეცნიერო ტერმინოლოგიით, ობიექტის მდგომარეობა, რომელსაც ამ ობიექტის რომელიმე კონკრეტული მახასიათებლის ერთზე მეტი მნიშვნელობა შეესაბამება, „გადაგვარებულ მდგომარეობად“ იწოდება. მსგავსად ამისა, ინდივიდის მდგომარეობას, რომელიც მისი, როგორც მოქმედი სუბიექტის, განწყობის შინაარსში მოქმედების ოთხივე დასახელებული ლოგიკური ასპექტის ერთდროული აქტუალობით ხასიათდება, ვუწოდოთ „განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მნიშვნელობის მიხედვით გადაგვარებული მდგომარეობა“, თავად ასეთ მდგომარეობაში მყოფ სუბიექტს – „განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მნიშვნელობის მიხედვით გადაგვარებული ინდივიდური ფსიქიკური ფენომენი“. როგორც შესავალ ნაწილში აღინიშნა, აქ, ამ პირვანდელი ტერმინების ახალ, მათზე უფრო ლაკონურ სინონიმებსაც გამოვიყენებთ, შესაბამისად: „ნოოლოგიურად გადაგვარებული მდგომარეობა“, „ნოოლოგიურად გადაგვარებული ინდივიდური ფსიქიკური ფენომენი“. განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მნიშვნელობის მიხედვით გადაგვარებული მდგომარეობა, ანუ ნოოლოგიურად გადაგვარებული მდგომარეობა ბიოსფეროს ინდივიდის – „ბიოიდის“ – ბუნებრივი მდგომარეობაა: ამგვარი ინდივიდი თავისი მოქმედებით (ანუ, როგორც სუბიექტი) ოპტიმალურად არის ჩართული საარსებო სიტუაციაში, ურთიერთქმედებს საარსებო გარემოსთან თავისი უნარების მაქსიმალური ეფექტურობით, სრულად გამოყენებით. ასეთი ინდივიდი მისი საარსებო გარემოს ისეთივე საკუთრივი ნაწილია, როგორიცაა ე.წ. უსულო საგნები, თუმცა შეიძლება აღემატებოდეს მათ გარეგან ზემოქმედებაზე რეაქციების მრავალგვარობით და სირთულით.

განწყობის შინაარსი, საზოგადოდ, მრავალკომპონენტიანი მოცემულობაა. ამ გარემების ამსახველად ზოგჯერ იყენებენ ტერმინს – „განწყობის მტევანი“, რაც განწყობის სრულ შინაარსში „განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის“ ადგილის ილუსტრაციის და ალტერნატიული პოპულარული ტერმინოლოგიის შემუშავების საშუალებას გვაძლევს (თუმცა ამ, პოპულარულ ვარიანტს ამ ტექსტში არ გამოვიყენებთ): თუ მტევნის მარცვლებს განწყობის შინაარსის არამოუცილებადი კომპონენტების გამომსახველად მივიჩნევთ, როგორც ხსენებული ტერმინის შემოტანითაა ნაგულისმხევი, მაშინ „განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის“ ოთხ შესაძლო მნიშვნელობებს – „ნოოსფერულ (ფსიქიკურ) სტიქიებს“ (იხ. გვ. 16) – შეიძლება შევუსაბამოთ კლერტი – მტევნის ყვავილედის ჩონჩხი (ის, რაც მარცვლების მოშორების შემდეგ რჩება მტევნისგან), რომელიც ყოველ მარცვალთანაა დაკავშირებული და მარცვლის გაჩენამდეც არის, მის მომავალ (ყვავილით მონიშნულ) აგილთან და მარცვლის მოწყვეტის შემდეგაც რჩება, მის უკვე ყოფილ ადგილთან, სწორედ, ისე, როგორც, „ნოოლოგიური გადაგვარებულობის მოხსნის“ შემთხვევაში რომელიმე „ნოოსფერული (ფსიქიკური) სტიქიათაგანი“ („განწყობის კლერტი“) ახლავს განწყობის შინაარსის ყველა სხვა შესაძლო მომენტის (თითოეულ „განწყობის მარცვალთაგანის“) აქტუალიზაციას და აქტუალობს მათ აქტუალიზაციამდეც და მათი აქტუალობის მოხსნის შემდეგაც. „ნოოლოგიურად გადაგვარებულ“ მდგომარეობაში კი „განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტი“ სტატუსით არ განსხვავდება განწყობის სხვა კომპონენტებისაგან (ერთ-ერთია „განწყობის მარცვალთაგან“, თუმცა პოზიციით გამოირჩევა, რაკი განწყობის შინაარსის ყველა სხვა მომენტთანაა შეხებაში, ანუ „ცენტრალური მარცვალია“, ან უფრო აბსტრაქტულად – „მარცვლად გადაგვარებული კლერტია“). კლერტი შეიძლება მთლიანად იყოს დაფარული მარცვლების სიმრავლით, მაგრამ მისი არსებობა ამ სიმრავლის კონფიგურაციით მაინც ამოცნობადია.

 

§1.2 თვითრეფლექსია, პიროვნება – ნოოიდი

როგორც აღინიშნა, მოქმედება შეიძლება წარმოვიდგინოთ მისი მხოლოდ ერთი ასპექტის მიხედვითაც – ან მართვის აქტად, ან ფორმისქმნის აქტად, ან ძლევის აქტად, ან ცხრომის აქტად – და, საზოგადოდ, ეს ოთხივე მნიშვნელობა ერთდროულად მიეწერება ნებისმიერ მოქმედებას, მაგრამ, თუ მოქმედ ინდივიდს ახასიათებს რეფლექსიის მოქმედების ერთდროულად უწყვეტად წარმოების უნარი, მაშინ ამ ოთხეულით წარმოდგენილი არჩევანი (სუბიექტის მიერ სხვადასხვაგვარად თვითგანსაზღვრის, ანუ ალტერნატიული თვითიდენტიფიკაციის შესაძლებლობა) მოქმედების აქტის ხასიათის, მოდუსის ცვლის საშუალებად იქცევა: ინდივიდი, ცალსახად, ან მართვის აქტის სუბიექტად, ან ფორმისქმნის აქტის სუბიექტად, ან ძლევის აქტის სუბიექტად, ან ცხრომის აქტის სუბიექტად შეიძლება მოევლინოს მის მომცველ სინამდვილეს. სუბიექტის ამგვარ მდგომარეობაში გადასვლას ვუწოდოთ „განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მნიშვნელობის მიხედვით გადაგვარებულობის მოხსნა“, ახალი ალტერნატიული ტერმინოლოგიით – „ნოოლოგიურად გადაგვარებულობის მოხსნა“. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცხადია, რომ ესეც, ასევე, ფიზიკიდან ნასესხობაა.

მოქმედი ინდივიდის მიერ საკუთარი მოქმედების ხსენებულ ოთხ საზოგადო ლოგიკურ ასპექტთაგან ერთ-ერთთან თვითასოცირება დანარჩენი სამი ასპექტის გარემოების ფაქტორთა სიმრავლისადმი მიკუთვნებას ნიშნავს. ამგვარი რამ მოქმედების აქტის მოცემულობის სუბიექტ-ობიექტად დაყოფა-დიფერენციაციის არაცალსახობით, ვარირებადობით არის დაშვებული. მოქმედების აქტის სუბიექტ-ობიექტად დაყოფის არაცალსახობა, ვარირებადობა (არარეგლამენტირებულობა) მოქმედების აქტის საზოგადო მახასიათებელია: მაგ., როცა ვამბობთ „აიღო“ – იგულისხმება, რომ მოქმედი ინდივიდის ბიოლოგიური სხეული და, შესაძლებელია, არაორგანული სამარჯვი ინსტრუმენტიც (და სხვა ინდივიდებიც კი – მოქმედების თვალსაჩინო ასპექტის უშუალო შემსრულებლები) სუბიექტის ნაწილადაა წარმოდგენილი; „ნიჩბით აიღო“ – ნიშნავს ინსტრუმენტის ჩამოშორებულობას სუბიექტის მოცემულობისგან; ხოლო გამონათქვამი „ხელით აიღო“ გამოხატავს იმავე მოქმედებაში მოქმედი ინდივიდის ბიოლოგიური მოცემულობის (სხეულის) ნაწილის სუბიექტის მოცემულობისგან ჩამოშორებულად, სამოქმედო საშუალებად (ინსტრუმენტად) წარმოდგენას.

რადგან განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მნიშვნელობის მიხედვით გადაგვარებულობის მოხსნა, ანუ ნოოლოგიური გადაგვარებულობის მოხსნა, განწყობის ცნების შესაბამისი სფეროს მოვლენაა (მისი განსაზღვრების მიხედვით), ამდენად, ამ გარდაქმნის პირობად საგულვებელი რეფლექსიაც, რომელიც, როგორც აღინიშნა, მოქმედების სინქრონულად  უწყვეტად  უნდა  წარმოებდეს,  ამავე  სფეროს უნდა ეკუთვნოდეს. სხვაგვარად შეუძლებელიც იქნებოდა ამ პირობის დაკმაყოფილება: საზოგადოდ, მოქმედების აქტის დროში უცვლელი კომპონენტი მხოლოდ სუბიექტის განწყობაა (განწყობის ცვლა ნიშნავს სუბიექტის, როგორც ასეთის, მახასიათებლების შეცვლას და, ამდენად, ახალი აქტის დაწყებას). ამგვარ რეფლექსიას ვუწოდოთ „თანარეფლექსია“, რათა განვასხვავოთ იგი ჩვეულებრივი რეფლექსიისგან, რომელიც წინაპირობას მოითხოვს – ინდივიდის მიერ საკუთარი უკვე შემდგარ-დასრულებული მოქმედების შეფასების მცდელობაა – და აზროვნების ფუნქციით ხორციელდება.

ნოოლოგიური გადაგვარებულობის მოხსნის გარეშე, ინდივიდებს შორის მხოლოდ რაოდენობრივი და რაოდენობრივთან ასოცირებადი მოდუსის განსხვავებებია შესაძლებელი, რაც ასახულია ბიოსფეროში ე.წ. დაბალგანვითარებულ და მაღალგანვითარებულ ბიოსახეობათა თანაარსებობის ფაქტშიც. თანარეფლექსიის უუნარო ინდივიდს მხოლოდ „გადაგვარებული ინდივიდური ფსიქიკური ფენომენის“ მდგომარეობაში შეუძლია ყოფნა. მათ რიგს პირობითად შეიძლება მივაკუთვნოთ მცენარეებიც (მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა მცენარის შემთხვევაში ფსიქიკაზე ლაპარაკის უფლება): მცენარის სიცოცხლე შეიძლება მივიჩნიოთ მოქმედების აქტად, რომლის სუბიექტის მოქმედების შინაარსი თვითქმნადობით ამოიწურება, ანუ აქტად, რომლის მოცემულობის სუბიექტად და ობიექტად დაყოფა-დიფერენცირება შეუძლებელია.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოდ, თანარეფლექსია განსახილველი გარდაქმნის (გადაგვარებულობის მოხსნის) აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა: ის შეიძლება პასიური თვითთანდასწრების ფაქტით იყოს შემოფარგლული – თან ახლდეს მოქმედებას, მაგრამ ვერავითარ გავლენას ვერ ახდენდეს მის მიმდინარეობაზე (მაგ., როგორც ცნობიერი თვითდაკვირვება ადამიანისა, საკუთარ აფექტურ საქციელზე). თანარეფლექსიის ამგვარი მოდუსი შეიძლება ახასიათებდეს არაერთ მაღალგანვითარებულ ბიოსახეობას.

მაშასადამე, ვერ ვიტყვით, რომ თანარეფლექსია ნოოლოგიური გადაგვარებულობის მოხსნის მიზეზია. ნოოლოგიური გადაგვარებულობის მოხსნა ის შემთხვევაა, როდესაც სუბიექტის თანარეფლექსიური თვითიდენტიფიკაცია მოქმედების მიმდინარეობისგან სრულიად დამოუკიდებელ ფაქტორად იქცევა, იძენს თავისთავადობას და ზედროულობას (არის თავისივე თავით, მოქმედების წინაპირობად, თანმხლებად და მისი დასრულების შემდეგაც), რაც გვაძლევს თანარეფლექსიის განსაკუთრებულ მოდუსს, რომელსაც ლოგიკურია ვუწოდოთ „თვითრეფლექსია“, ან, რაც იგივეა – „ავტორეფლექსია“. ინდივიდის ამგვარი გარდაქმნით მიღებულ ფსიქიკურ ინდივიდურ ფენომენს (რაც, საზოგადოდ, ინდივიდის მოცემულობის კერძო მომენტია) შეიძლება ვუწოდოთ „პიროვნება“. აქ მხოლოდ ამ მნიშვნელობით გამოვიყენებთ ამ ტერმინს. ნოოლოგიურად გადაგვარებულობის მოხსნის გამომხატველ (ინდივიდის თვითრეფლექსიური თვითიდენტიფიკაციის ფაქტის წარმომდგენ) მოვლენათა ერთობლიობა, როგორც ვნახავთ, ხასიათდება სისტემური სიმთელით (იხ. „ცივილიზაცია“). ეს არის ნოოსფეროს ახალი, დაზუსტებული განსაზღვრება.

ამრიგად, პიროვნება არის არა ბიოსფეროს ინდივიდი – „ბიოიდი“ – არამედ, სინამდვილის ახალი ნაწილის, „ნოოსფეროს“ ინდივიდი – „ნოოიდი“. ამ ტერმინს „პიროვნების“ სინონიმად გამოვიყენებთ.

ჯერჯერობით, ყველა ცნობილ რეალიზაციაში, ნოოიდი თანაარსებობს ბიოიდთან ერთი და იმავე ფენომენურ მოცემულობაში – რეალიზებულია ბიოლოგიურ მატარებელში, ბიოლოგიურ ინდივიდში. საზოგადოდ, ნოოიდი, ანუ პიროვნება (ინდივიდის თვითრეფლექსიური თვითიდენტიფიკაციის ეფექტი), ინდივიდის ბიოლოგიური ასპექტისადმი (პიროვნების ბიოლოგიური მატარებლის ბიოლოგიური ინტერესებისადმი), ნებისმიერ სიტუაციაში რაიმე ასპექტით მაინც დაპირისპირებული, ბიოლოგიურად არანორმალური (მეტაბიოლოგიური) ფენომენია. განმარტების მიხედვით, ინდივიდის ბიოლოგიური და ნოოლოგიური ასპექტების ურთიერთობა შეუძლებელია კონფლიქტური არ იყოს. ეს ეხება პიროვნების ნებისმიერ რეალიზაციას, მათ შორის ადამიანის შემთხვევას. საზოგადოდ, ამგვარი კონფლიქტის აღკვეთის შესაძლებლობა საგულვებელია პიროვნების (ნოოიდის) მხოლოდ არაბიოლოგიურ მატარებელში – კიბერნეტიკულ სისტემაში, საინფორმაციო ქსელში – რეალიზაციის პირობებში.

თვითრეფლექსიური თვითიდენტიფიკაცია, მისი ოთხივე შესაძლო შედეგის შემთხვევაში, ინდივიდის უწყვეტად არსებულ აღმძრავ ფაქტორად, მუდმივად აქტუალურ მოტივატორად წარმოგვიდგება. ამით, გადაგვარებულობის მოხსნა მოგვაგონებს დისპოზიციური განწყობის ჩამოყალიბებას; მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს არსებითი განსხვავებაც: თვითრეფლექსიური თვითიდენტიფიკაციის შედეგის განმსაზღვრელი ფაქტორები (მოქმედების ოთხი ლოგიკური ასპექტის შესაბამისი კომპონენტები განწყობის შინაარსისა) არსებობენ გადაგვარებულ მდგომარეობაშიც, დისპოზიციური განწყობის მოცემულობა კი, კრიტიკული სიტუაციების საკმარის რიცხვჯერ გამეორებათა შედეგად, შესაძლებელია საერთოდ გამოირიცხოს განწყობის შინაარსიდან.

ამრიგად, გვაქვს საფუძველი, თვითრეფლექსიური თვითიდენტიფიკაციის ოთხი შესაძლო რეალიზაცია განსაკუთრებულად გამოვარჩიოთ სხვა ფსიქიკურ ფაქტორებს შორის. პირველად მათ ვუწოდეთ – „ფსიქიკური სტიქიები“, რაც განსახილველ საკითხებში ფიზიკურ-ბიოლოგიური ფაქტორების წინაშე ფსიქიკური ფაქტორების უპირატესობის ხაზგასმას ემსახურებოდა. მოგვიანებით, როცა განსახილველი მოვლენების სისტემური ერთიანობის მომენტის განსაკუთრებული მნიშვნელობა გამოიკვეთა, გაჩნდა ალტერნატიული დასახელების შემოტანის მოთხოვნილება. აქამდე გამოქვეყნებულ ტექსტებში სახელდების მხოლოდ ხსენებული ვარიანტია გამოყენებული, აქ კი მისი ახალი სინონიმიც უნდა დავასახელოთ – „ნოოსფერული სტიქიები“. ორივე სახელდებაში გამოყენებულია სიტყვა „სტიქია“, რაც ნაკარნახევია იმ მსგავსებით, რომელიც შეინიშნება ფსიქიკურ სტიქიათა შესაბამის საზოგადოებრივი თვითორგანიზაციის პრინციპებსა და ტრადიციულად ბუნებრივ  სტიქიებად  წოდებულ,  ნივთიერების  აგრეგატულ  მდგომარეობებს  შორის (იხ. გვ. 160 ცხრილი), მათი თანამედროვე დაზუსტებული დახასიათებების მიხედვით, შესაბამისად: კრისტალი, ბოზონური გაზი, სითხე, ფერმიონული გაზი (ბუნებრივ სტიქიათა ძველელინური წარმოდგენაც კი, შესაბამისად, – მიწა, ცეცხლი, წყალი და ჰაერი, – გამოსადეგია ამგვარი ილუსტრაციისთვის).

ფსიქიკური სტიქიის გავლენას პიროვნების და პიროვნებათა ჯგუფის მოქმედების აქტზე, გამოხატულს ზოგად პარამეტრებში, ვუწოდებთ „ფსიქიკური სტიქიის ეფექტს“, ან, რაც იგივეა, – „ნოოსფერული სიტიქიის ეფექტს“, ხოლო ამგვარი გავლენის კონკრეტულ განხორციელებას – „ფსიქიკური სტიქიის ეფექტის ფენომენს“, ან, რაც იგივეა, – „ნოოსფერული სტიქიის ეფექტის ფენომენს“. ასე, რომ კონკრეტული პიროვნება, როგორც ფენომენური მოცემულობა, რომელიმე ერთი ნოოსფერული (ფსიქიკური) სტიქიის ეფექტის ფენომენია. თავად ნოოსფერულ (ფსიქიკურ) სტიქიებს, როგორც თვითრეფლექსიური თვითიდენტიფიკაციის შესაძლო შედეგებს, გარდა რიგობითი თანმიმდევრობით განსაზღვრული სახელებისა – „პირველი ნოოსფერული (ფსიქიკური) სტიქია“, „მეორე ნოოსფერული (ფსიქიკური) სტიქია“, „მესამე ნოოსფერული (ფსიქიკური) სტიქია“ და “მეოთხე ნოოსფერული (ფსიქიკური) სტიქია“, – უფრო მოხერხებული შემდეგი სახელებითაც აღვნიშნავთ, შესაბამისად: „ფორმის მანია“, „ძლევის მანია“, „ცხრომის მანია“ და „მართვის მანია“.

შევნიშნავ, რომ „მანია“ ნოოსფერული (ფსიქიკური) სტიქიების აქ წარმოდგენილ სახელდებებში (კომპოზიციურ ტერმინებში) ჩართულია მათ დომინანტურობაზე მისანიშნებლად: „მანია“ – ფსიქიკური მოცემულობის ის ასპექტია, რომელიც დომინირებს ინდივიდის საერთო მდგომარეობის განსაზღვრაში, იქვემდებარებს ფსიქიკური მოცემულობის დანარჩენ ნაწილს. ნოოსფერულ (ფსიქიკურ) სტიქიათა სახელდების არაერთი ალტერნატიული ვარიანტია შესაძლებელი. ეს ფსიქიკურ სტიქიათა ეფექტების მახასიათებლების დადგენის  შემდეგ  გახდება  ცხადი.  ამგვარი  პრაქტიკა  გამართლებულიც  კია ფსიქიკურ სტიქიათა ეფექტების რეალიზაციების რომელიმე ერთი კერძო სფეროს (როგორიცაა, მაგალითად, პოლიტოლოგია, ან პედაგოგიკა და სხვა), რამდენადაც ეს შესაძლებელია, იზოლირებულად განხილვის მცდელობისას. ამ ტექსტში ფსიქიკურ (ნოოსფერულ) სტიქიათა სახელდების ზემოთ წარმოდგენილ იმ ვარიანტს გამოვიყენებთ, რომელიც სემანტიკურად უფრო ადვილაღსაქმელია.

განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მნიშვნელობის მიხედვით გადაგვარებულობის მოხსნასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ  ცოდნა – „ფსიქიკურ სტიქიათა თეორია“, ანუ, რაც იგივეა – „ნოოსფერულ სტიქიათა თეორია“, დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის თანმიმდევრული განვითარებაა და მასთან ერთობლიობაში წარმოადგენს „კვანტური რელატივისტური ნოოლოგიის პირველ საწყისს“.

 

* * *

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგივე ლოგიკური მომენტები – ფორმის აქტუალობა, წინააღმდეგობის დაძლევა, დაძაბულობის მოხსნისკენ მისწრაფება და მართვა – შეიძლება გამოვლინდეს არა მხოლოდ განწყობის დონეზე, არამედ სხვა ფსიქიკური ფუნქციების – აღქმა, აზროვნება, მეხსიერება, ემოცია და სხვა – რეალიზაციის კერძო მომენტებადაც. მოქმედების აქტზე ამგვარი ფაქტორების გავლენა არ უნდა აგვერიოს ნოოსფერული (ფსიქიკური) სტიქიების ეფექტების გავლენაში.

 

* * *

ზედმეტი არ იქნება ძირითადი თემიდან შემდეგი მცირე გადახვევა. თვითონ ფიზიკაში გადაგვარებულობის მოხსნის (ობიექტის გადაგვარებული მდგომარეობიდან გამოსვლის) სხვადასხვაგვარი რეალიზაციები განიხილება. ანალოგიის გასატარებლად საინტერესო შემთხვევაა ბრუნვის მომენტისა და სპინის პროექციების მნიშვნელობათა მიხედვით გადაგვარებულობის მოხსნა, რაც ატომების ელექტრონული ღრუბლის სტრუქტურის განმსაზღვრელია. გადაგვარებულობის მოხსნა, ჩვენი შემთხვევის მსგავსად, ოთხი განსხვავებული შედეგით შეიძლება დასრულდეს 3/2-ის ტოლი სპინის შემთხვევაში; ამ დროს სპინის პროექციის ოთხი მნიშვნელობაა შესაძლებელი:  (-3/2),  (-1/2), 1/2, 3/2. მაგრამ ამ ოთხ შესაძლო შედეგს შორის ციკლური კავშირის შესაბამისი ურთიერთმიმართებები არა გვაქვს.

ჩვენს შემთხვევასთან უფრო ახლოსაა ე.წ. სუპერსიმეტრიის მაგალითი, როცა გადაგვარების მოხსნა მოცემულია ფუნდამენტური ნაწილაკების ფერმიონებად და ბოზონებად არსებობის ფაქტით: როგორც ვნახავთ,  ფერმიონული სტატისტიკა და ბოზონური სტატისტიკა ასოცირებადია საზოგადოებრივი თვითორგანიზაციის სფეროში, შესაბამისად, მართვის მანიის და ძლევის მანიის სათანადო პარადიგმებთან. მართალია, ამ შემთხვევაში გვაქვს მხოლოდ ორი საბაზისო პოზიცია, ნაცვლად ოთხისა – ზემოთხსენებული კრისტალური და თხევადი აგრეგატული მდგომარეობები ნივთიერებისა, რომლებიც საზოგადოებრივი თვითორგანიზაციის ფორმის მანიისა და ცხრომის მანიის სათანადო მოდელების ერთგვარ ფიზიკურ ანალოგებად დასახელდა, რეალიზებულია არა ფუნდამენტური ნაწილაკების, არამედ ატომების სიმრავლეში. უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ფუნდამენტური საბაზისო მდგომარეობათა ოთხამდე შევსების სავარაუდო რესურსიც, ჯერ კიდევ გამოუკვლეველი ფენომენების სახით, როგორიცაა მაგ., ე.წ. შავი მატერია და ბნელი ენერგია. თუმცა, შესაძლებელია, ფუნდამენტურ დონეზე, ფორმის მანიისა და ცხრომის მანიის ეფექტების ანალოგი მოეპოვებოდეს არა ფუნდამენტური მატერიალური ობიექტების, არამედ რაიმე პრინციპების სახით, კერძოდ, რაიმე ფუნდამენტურ მახასიათებელთაგანის, შესაბამისად, მუდმივობისა და ცვალებადობის (ცვლის შეუჩერებადობის) კანონების სახით. მაგალითად, ჩვენთვის ცნობილია ენერგიის, იმპულსის და მუხტის შენახვის კანონები. მეორე მხრივ, ცნობილია, ასევე, ენტროპიის ზრდის კანონი და, აქამდე მხოლოდ ფენომენოლოგიური გამოცდილებით ნაკარნახევი, დროის დინების შეუჩერებლობა; მაგრამ, ცვალებადობა შენახვის კანონის სიმპტომად რომ არ იქცეს, ლოგიკურად აუცილებელია ცვლილება მიმდინარეობდეს ცვლადი მახასიათებლებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ვღებულობთ ინტერპრეტაციის არაცალსახობას – მაგ., დროის დინების ერთგვაროვნება ენერგიის შენახვის კანონის ექვივალენტურია – რაც გვაძლევს, ან კვლავ ფორმის მანიის ეფექტის ფენომენს, ან ორმაგი ეფექტის ფენომენს. ამ თემას კვლავ დავუბრუნდებით.

 

* * *

პიროვნების (ნოოსფეროს ინდივიდის) ოთხი განსხვავებული მოდუსი ბიოიდის (ბიოსფეროს ინდივიდის) ნორმალური ფსიქიკური მდგომარეობის ერთგვარ განაყოფებად შეიძლება წარმოვიდგინოთ, რაც არის ნოოსფეროს სისტემურ ერთიანობად წარმოდგენის შესაძლებლობაზე მიმანიშნებელი ფაქტი.

მეორე მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ინდივიდურ ფსიქიკურ ფენომენში გადაგვარებულობის მოხსნის ეფექტი (ამ სახის ცვლილების შეტანა)  არის  სულის  შთაბერვის რელიგიური და მითოსური კონცეფციების მეცნიერული ექვივალენტი. ამგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა მნიშვნელოვანი რესურსია ნოოფილოგენეზური მემკვიდერობითი კავშირის უზრუნველსაყოფად.

დღემდე, კაცობრიობა იცნობს მხოლოდ ერთ ბიოსახეობას, რომლის ინდივიდებიც ნოოლოგიური გადაგვარებულობის მოხსნის გარდაქმნისადმი დაქვემდებარების, ანუ თვითრეფლექსიის ფუნქციის რეალიზაციის (თვითრეფლექსიის აქტუალიზაციის) უნარს ავლენენ და მდგომარეობის ამგვარი ცვლილების თაობიდან თაობაზე გავრცელებას ახერხებენ (შესაძლებელია, გადაგვარებულობის მოხსნის ისტორიულად არა პირველივე ინდივიდური პრეცედენტის შემდეგ). ეს ბიოსახეობა არის კრომანიონელი ადამიანი, იგივე – თანამედროვე ადამიანი: რევოლუციური თვისებრივი ნახტომი, რომელიც გამოარჩევს კრომანიონელ ადამიანს ბიოსფეროს სხვა წარმომადგენლებისგან, მათ შორის, საფიქრებელია, რომ თვით ნეანდერტალელი ადამიანისგანაც, ნოოლოგიური გადაგვარებულობის მოხსნის ეფექტის ისტორიული მდგრადობის უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ამით აიხსნება ის, რომ კრომანიონელმა ადამიანმა თავი დააღწია კონკრეტულ ბიოცენოზებზე მიჯაჭვულობას და უმოკლეს დროში შესძლო დედამიწაზე არსებულ ყველა სახის ეკოსისტემის თავის საარსებო სივრცედ გადაქცევა.

ჩვილობის ასაკში ადამიანთა საზოგადოებას მოწყვეტილ და ცხოველებთან გაზრდილ ადამიანთა (რეალური „მაუგლების“) არაერთი მაგალითი გვიჩვენებს, რომ ბიოლოგიური მოცემულობა (გენეტიკა), ჯერჯერობით მაინც, ნოოლოგიური გადაგვარებულობის მოხსნის გამომხატველი გარდაქმნისადმი დაქვემდებარების მხოლოდ შესაძლებლობას (დაქვემდებარებადობას) უზრუნველყოფს და არა მის აუცილებლობას. ასე, რომ ბიოლოგიური დაბადებით, ანუ „ბიოონტოგენეზური“ ასპექტის მიხედვით, ადამიანიც მხოლოდ ბიოსფეროს ინდივიდია, მხოლოდ „ბიოიდია“, და ბიოლოგიური დაბადების შემდეგღა ექვემდებარება ნოოსფეროს ინდივიდად – „ნოოიდად“, ანუ პიროვნებად, ჩამოყალიბების პროცესს – „ნოოონტოგენეზს“. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი ორჯერ იბადება: ბიოიდად დაბადება ნოოიდის მხოლოდ ჩანასახს გვაძლევს, ხოლო ნოოიდად დაბადების ასაკი დამოკიდებულია მისი მომცველი სოციუმის განვითარების – „ერის ნოოფილოგენეზის“ – საფეხურზე (იხ. §1.16).

 

* * *

ნოოლოგიური გადაგვარებულობის მოხსნის პირობებში, ამ მოვლენის განსაზღვრების მიხედვით, სუბიექტის არსებობის ფაქტში, თავის სამოქმედო არეზე, მუდამ  ერთი და იმავე ფსიქიკური სტიქიის (ამ სუბიექტით წარმოდგენილის) შესაბამისი მდგომარეობის შენარჩუნებისკენ მისწრაფება უნდა ვლინდებოდეს – სუბიექტი, თავისივე განწყობის კონკრეტული ასპექტის (კონკრეტული ნოოსფერული სტიქიის) გავლენით, უნდა ეწინააღმდეგებოდეს საკუთარი მოქმედების ლოგიკური ფაზების ცვლას, ცდილობდეს ერთი ფაზის შესაბამისი მდგომარეობის შენარჩუნებას. ეს ნიშნავს იმას, რომ პიროვნების მოქმედება იქნება არა შემგუებლობითი ხასიათის ქცევა, არამედ გარემოსადმი აგრესიული, გარდამქმნელი დამოკიდებულების გამომხატველი. ამ აგრესიის ობიექტი ხდება პიროვნების ბიოლოგიური საწყისიც, შემგუებლობითი ქცევისკენ მისი მიდრეკილების საფუძველზე. პიროვნების ფენომენის, მისი ბიოლოგიური მატარებლის, ბიოლოგიური მიდრეკილება-მოთხოვნილებათა წინააღმდეგ ქმედუნარიანობა – „ნებისყოფის“ ფაქტორის ნოოლოგიური არსია. ამგვარად განმარტებული ნებისყოფაც, ასევე, ადამიანის გამომრჩეველი მახასიათებელია. ბიოლოგიური საწყისის წინააღმდეგობამ, რომელიც აღიქმება სიზარმაცედ, როცა ის მოქმედების ჩაშლას ვერ ახერხებს, ზოგ შემთხვევაში კონსტრუქციული (მოქმედების მაოპტიმიზირებელი) როლიც შეიძლება შეასრულოს.

 

* * *

დომინანტურ ფსიქიკურ ფაქტორებად დესტრუქციული ფსიქიკური კომპლექსებიც გვევლინებიან. დესტრუქციის თანხლების შესაძლებლობა ახასიათებთ ნოოსფერულ (ფსიქიკურ) სტიქიებსაც: ნოოლოგიური გადაგვარებულობის მოხსნის პირობებში, ამ გარდაქმნის გამოხატულებად ჩამოყალიბებული უცვლელობის მომენტი ერთგვარ მიზიდულობის ცენტრად, ნოოსფერული (ფსიქიკური) სტიქიისგან განსხვავებული ფსიქიკური ფაქტორების ფსიქიკური  პროცესების  ნაკადიდან  გამოლექვისა  და დაგროვების პუნქტად შეიძლება იქცეს, რაც განწყობისეული ილუზიების ეფექტის უსასრულოდ ზრდის ტენდენციის სტაბილიზაციის შესაძლებლობას აღნიშნავს. ეს არის ფსიქოლოგიური პათოლოგიების ნოოლოგიური განსაზღვრა. ამგვარი დარღვევებიც თანამედროვე (კრომანიონელი) ადამიანის გამომრჩეველი მახასიათებელია, რაც, ასევე, ნოოლოგიური გადაგვარებულობის მოხსნის გარდაქმნისადმი მხოლოდ ამ ბიოსახეობის დაქვემდებარებულობაზე მეტყველებს, ცხადია, სადღეისოდ ცნობილი მონაცემების მიხედვით.

თუ არსებობს რაიმე მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ბიოსახეობა გენოტიპური მოდიფიკაციით რეაგირებს თავისი არსებობის თანმხლებ, მუდმივად შემწუხებელ პირობებზე (ასეთი მექანიზმის არსებობის შესაძლებლობა ბიოცენოზების, თავად მთელი ბიოსფეროს სისტემური სიმთელიდან გამომდინარეობს, რაც ნოოფილოგენეზურ ცვლილებათა შემთხვევითობის დარვინისტულ პრინციპს ეწინააღმდეგება), მაშინ ნოოლოგიური გადაგვარებულობის მოხსნის მიმართ ამგვარი რეაქციის განვითარების სიმპტომი შეიძლება აღმოჩნდეს აუტიზმიც, როგორც სოციალური კომუნიკაციის თანდაყოლილი უუნარობა (რაც, ასევე, მხოლოდ კრომანიონელი ადამიანის შემთხვევაში გვხვდება): თუ გადაგვარებულობის მოხსნა ბიოლოგიური მექანიზმით იქნება უზრუნველყოფილი, მაშინ ნოოონტოგენეზი ბიოონტოგენეზის უშუალო ნაწილად იქცევა და ნოოლოგიური გადაგვარებულობის მოსახსნელად სოციალური კომუნიკაცია აღარ იქნება საჭირო, რის გამოც შესაბამის ბიოლოგიურ მექანიზმს სოციალური კომუნიკაციის უნარის სრული დაბლოკვაც შეიძლება ახლდეს, რაც, თავის მხრივ, ამგვარი ინდივიდების სოციალური კონსოლიდაციის, მათ სიმრავლეზე ნოოსფეროს განვითარების შესაძლებლობას გამორიცხავს. ბიოსფეროს საზღვრის დამრღვევი ბიოლოგიური წარმოშობის მექანიზმის ეფექტურობის ამგვარად შეზღუდვა ბიოსფეროს თავდაცვითი რეაქციის გამოხატულებაც შეიძლება აღმოჩნდეს. ძნელად წარმოსადგენია ამგვარ რეაქციებს ნოოსფეროსთვის კონსტრუქციული შედეგი მოჰყვეს.

 

* * *

რადგან პიროვნების (პიროვნული ინდივიდური ფსიქიკური ფენომენის) განწყობის შინაარსი შეიცავს მარად უცვლელ მომენტს (ერთ-ერთი ნოოსფერული სტიქიის სახით)  და, უზნაძის განწყობის თეორიის მიხედვით, სუბიექტის ვინ-რაობა (იდენტობა) განწყობის შინაარსით განისაზღვრება, შესაძლებელია პიროვნების (ნოოიდის) მიერ მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში განხორციელებული მოქმედებების სიმრავლე მოქმედების ერთიან აქტად იქნეს წარმოდგენილი – სუბიექტით, რომლის განწყობის შინაარსი ამოიწურება ერთი ნოოსფერული (ფსიქიკური) სტიქიით.

ერთიან მოქმედების აქტად იდენტიფიცირებად-წარმოდგენადი არსებობის ფაქტის აღსანიშნავად შეიძლება გამოვიყენოთ ტერმინი – „ცხოვრება“, საპირისპიროდ გადაგვარებული ინდივიდური ფსიქიკური ფენომენის (ბიოსფეროს ინდივიდის – „ბიოიდის“) არსებობის ფაქტის აღსანიშნავი ტერმინისა – „სიცოცხლე“, როცა ყოველი მოქმედება დამოუკიდებელი აქტია, ცვლადი (გამოცდილების დამგროვებელი) თუ უცვლელი ინდივიდისა.

ქართულ ენას გააჩნია შესაძლებლობა, განსხვავებულად აღინიშნოს თავის ობიექტისგან განუყოფელ-განურჩეველი სუბიექტის არსებობის ფაქტიც: მცენარის შესახებ ითქმის, რომ ის „ხარობს“ (მოქმედება, რომლის შინაარსი ინდივიდის თვითქმნადობის აქტის მნიშვნელობით ამოიწურება, როგორც აღინიშნა, მცენარეებს ახასიათებთ), ხოლო გამონათქვამი – „ადამიანი ხარობს“ გულისხმობს ისეთ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი თავისი ემოციის (ყოფით სამეტყველო პრაქტიკაში – დადებითი ემოციის) გამოვლენა-გენერაციის აქტითაა დაკავებული. ამრიგად, ადამიანი ერთადერთია ჩვენთვის ცნობილ არსებათაგან, რომლის არსებობის ფაქტიც ინდივიდის არსებობის სამივე მოდუსით ვლინდება – „ხარობს“, „ცოცხლობს“ და „ცხოვრობს“.

 

§1.3 ერი – ნოოსი

გადაგვარებული ინდივიდური ფსიქიკური ფენომენით წარმოდგენილი სუბიექტის მახასიათებელი – სინამდვილეში ჩართულობის მუდმივად ოპტიმალურობა, შესაძლებლობის ფარგლებში სინამდვილისადმი მუდმივად ადეკვატური დამოკიდებულება – ვერ მიიღწევა ცალკეული პიროვნებით (გადაგვარებამოხნილი ინდივიდით) წარმოდგენილი ცალკეული სუბიექტების არსებობის ფაქტში, რაც ფსიქოლოგიური დისკომფორტის წყაროა. ამ დისკომფორტისგან თავის დაღწევის საშუალებაა ერთი და იმავე მოდუსის (განწყობის უცვლელი კომპონენტის მიხედვით, გარემოსადმი ერთიდაიმავე მიმართებაში მყოფ) პიროვნებათა ერთ კოლექტიურ სუბიექტად გაერთიანება – „საზოგადოებრივი თვითორგანიზაციის პირველი ნოოსფერული მოდუსი“ – რაც არის „ერის“ ნოოლოგიური არსი. სწორედ ამგვარ ერთობაში ჩართვით ხდება შესაძლებელი პიროვნების გარემოსგან გაშუალება მისივე მოდუსის პიროვნებათა გარემოცვით, რაც ფსიქოლოგიური  კომფორტის მიღწევის პირობაა. უნდა აღინიშნოს, რომ სოციუმის სიღრმეში ადგილის დამკვიდრებისთვის კონკურენციის წარმოშობა, საზოგადოებრივი სტატუსების ხარისხობრივი დიფერენციაცია, რაც ფსიქოლოგიური დისკომფორტისგან თავის ამგვარად არიდების მცდელობისას შეუძლებელია არ გამოვლინდეს, თავადაც წყაროა სტრესისა და დისკომფორტისა; მაგრამ, აქ, თავს იჩენს ამის საწინააღმდეგო ახალი ფაქტორიც – ერთი  და იმავე მოდუსის პიროვნებათა ამგვარად (საზოგადოებრივი კონსოლიდაციის პირველი ნოოსფერული მოდუსით) ერთ კოლექტიურ სუბიექტად გაერთიანებით, მოქმედების აქტის მასშტაბის გამსხვილება, როგორც პირობა მოქმედების აქტის ყოველი (თითოეული ნოოსფერული სტიქიის სათანადო) ლოგიკური ფაზის გახანგრძლივებისა (მოქმედების მორიგი ლოგიკური ფაზის დადგომის, ფსიქოლოგიური დისკომფორტის გამომწვევი მომენტის აქტუალიზაციის გადავადებისა), სოციალური სტრესის ესკალაციისა და ფსიქოლოგიური დისკომფორტისგან თავის არიდებას საზოგადოების ყველა წევრისთვის ხდის ხელმისაწვდომს. ამრიგად, მჭიდრო ჯგუფებად კონცენტრაციისკენ მისწრაფება, ურბანიზაციისკენ მიდრეკილება პიროვნებისფენომენის მოუცილებელ შინაგან (იმანენტურ) მახასიათებლად წარმოგვიდგება. ერის წევრობის განცდა, რაც, ფსიქოლოგიური ასპექტით მაინც, ნებისმიერ შემთხვევაში უზრუნველყოფს ამ მისწრაფების დაკმაყოფილებას, კონსტრუქციული მნიშვნელობის ფაქტორია პიროვნებისთვის.

საზოგადოდ, პიროვნების განწყობის შინაარსი არ ამოიწურება „ნოოსფერული (ფსიქიკური) სტიქიით“ და დროის კონკრეტულ მომენტში (ცხოვრების კონკრეტულ ეტაპზე) მის ქცევაზე განწყობის შინაარსის არამოუცილებადი (მოხსნად-აღდგენადი) კომპონენტების გავლენა შეიძლება „ნოოსფერული სტიქიის“ გავლენაზე უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს (ამით აიხსნება ის, რომ აქამდე არ მოხდა „ნოოსფერულ სტიქიათა“ იდენტიფიკაცია). „ნოოსფერული სტიქიის“ დომინანტიზაციის პირობებს ქმნის საზოგადოებრივი კონსოლიდაციის პირველი ნოოსფერული მოდუსი: თანამოქმედ ერთნაირი მოდუსის პიროვნებათა საკმარისად დიდ ჯგუფში, ყოველი წევრის (წევრთა ყოველი ქვეჯგუფის) განწყობის შინაარსის ყოველი (ქვეჯგუფის წევრთათვის საერთო) არამოუცილებადი კომპონენტისთვის, რომელიც აქტუალური იყო დროის კონკრეტულ მონაკვეთში, მოიძებნება ამ ჯგუფის სხვა წევრი (სხვა ქვეჯგუფი), რომლის (რომლის წევრთა) განწყობის აქტუალურ შინაარსში განწყობის შინაარსის ეს, არამოუცილებადი კომპონენტი, დროის ამავე შუალედში, ჩანაცვლებული აღმოჩნდება ხსენებული (მოძიებული ქვეჯგუფის წევრთათვის საერთო) კომპონენტის საპირისპირო ეფექტის მქონე კომპონენტით, რაც შემაჯამებელი მოქმედების შედეგში განწყობის შინაარსის ნებისმიერი არამოუცილებადი კომპონენტის წვლილის გაბათილება-დობა-ანულირებადობის პირობაა. ეს არის „ნოოსფერული სტიქიის“ დომინანტიზაცია მისი „სინქრონული (სივრცითი) ინტეგრალური ეფექტით“:

„ნოოსფერული სტიქიის“ დომინანტიზაციის სხვა გზაც არსებობს, პიროვნების არსებობის რაგინდ ხანგრძლივი მონაკვეთის ერთ მოქმედების აქტად – „ცხოვრებად“ – წარმოდგენის შესაძლებლობის გათვალისწინებით: განწყობის შინაარსის ყოველი არამოუცილებადი კომპონენტისთვის, რომელმაც ამ პიროვნების ცხოვრების რომელიმე მონაკვეთებზე განიცადა ამოქმედება-აქტუალიზაცია, საზოგადოდ, მოიძებნება ამავე პიროვნების ცხოვრების სხვა მონაკვეთები, როცა განწყობის შინაარსის ხსენებული, არამოუცილებადი კომპონენტი განწყობის ქმედით-აქტუალურ შინაარსში ჩანაცვლებული აღმოჩნდება მისი საპირისპირო ეფექტის მქონე კომპონენტით, რაც ნიშნავს დროის საკმარისად ხანგრძლივ (ხსენებული ჩანაცვლების დაფიქსირებისთვის საჭირო) შუალედში პიროვნების მოქმედების შემაჯამებელ შედეგში განწყობის შინაარსის ყოველი არამოუცილებადი კომპონენტის წვლილის გაბათილებადობა-ანულირებადობას. ეს არის „ნოოსფერული სტიქიის“ დომინანტიზაცია მისი „დიაქრონული (დროითი) ინტეგრალური ეფექტით“.

„ნოოსფერული სტიქიის“ დომინანტის დასაფიქსირებლად შესაძლებელია არც ისე დიდი დროც კი აღმოჩნდეს საკმარისი, რაც ზოგიერთ დიდ შემოქმედთა შემოქმედების ქრონოლოგიითაც დასტურდება. მაგრამ, ამასთანავე, შესაძლებელია საამისოდ საკმარისი დრო პიროვნების სიცოცხლის (მისი ბიოლოგიური მატარებლის არსებობის დროის) ხანგრძლივობასაც ბევრად აღემატებოდეს. შევნიშნოთ, რომ ნოოლოგიური გადაგვარებულობის მოხსნის დაფიქსირება დაკვირვების დროის უსასრულოდ გაზრდის (ზღვარში გადასვლის) შესაძლებლობის დაშვებულობასაც გულისხმობს – სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა განწყობის შინაარსის კონკრეტული მომენტის უცვლელობის ფაქტად მიღება (რაც, სხვათაშორის, არის სიკვდილის ფენომენის ნოოლოგიური გაუმართლებლობის საფუძველი). ამრიგად, ინდივიდის სიცოცხლის ხანგრძლივობის ბიოლოგიური შეზღუდულობა-რეგლამენტირებულობის პირობებში, „ნოოსფერული სტიქიის“ დომინანტიზაციის ეს (დიაქრონული) მოდუსი რეალიზებადია მემკვიდრეობითობით დაკავშირებულ პიროვნებათა საკმარისად გრძელი დიაქრონული რიგით წარმოდგენილი სიმრავლის არსებობის ფაქტში – ამ სიმრავლის ყოველი წევრთაგანი მის წინმსწრებ წევრთა „ცხოვრებების“ ჯაჭვით წარმოდგენილი აქტის (უსასრულო „გადამფარავი ცხოვრების“) სუბიექტად (გამგრძელებლად) წარმოგვიდგება თავისი „ცხოვრების“ განმავლობაში – „დინასტიის ეფექტი“.

ამრიგად, „ნოოსფერული სტიქიის“ დომინანტიზაციისთვის მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ ერთიანი მოქმედების აქტად წარმოდგენადია არა მხოლოდ ერთი პიროვნების არსებობის ფაქტი, არამედ ერთი ნოოტიპის პიროვნებათა რაგინდ მრავალრიცხოვანი, სინქრონული თუ დიაქრონული, სიმრავლის წევრთა ურთიერთობის ფაქტიც (ერთობის მასშტაბის ზღვარის დამდგენი პირობა ის არის, რომ თანაქმედებითი კავშირისა თუ მემკვიდრეობითი კავშირის უზრუნველმყოფელი ინფორმაციის რაოდენობა არ აღემატებოდეს, შესაბამისად, თანამოქმედ თუ მემკვიდრე პიროვნებათა ინფორმატიკულ ამთვისებლობა-ქმედუნარიანობას. ცხადია, რომ ამ მოვლენაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პიროვნებათა შორის საინფორმაციო ურთიერთობა-კომუნიკაციის საშუალებათა მახასიათებლებს, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას).

ცხადია, რომ ერთ სუბიექტად წარმოდგენილ პიროვნებათა ჯგუფის სიდიდის გაზრდით, საზოგადოდ, „ნოოსფერული სტიქიის“ დომინანტის დასაფიქსირებლად საჭირო დროის (ექსპოზიციის) ხანგრძლივობა უნდა მცირდებოდეს (თუ სინქრონული კომუნიკაციის ტექნოლოგია იძლევა ამის საშუალებას), ჯგუფის სიდიდის შემცირებით კი ეს მახასიათებელი (დროის შუალედი) უნდა იზრდებოდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ „ნოოსფერული სტიქიის“ დომინანტიზაციის სივრცითი და დროითი მასშტაბები ერთიმეორის კორელატია, უფრო სწორად – ერთიმეორესთან უარყოფით უკუკავშირშია. ამრიგად, შესაძლებელია ვილაპარაკოთ „ნოოსფერული სტიქიის“ საზოგადო (სივრცე-დროით) ინტეგრალურ ეფექტზე; რადგან „ნოოსფერული სტიქიათა“ ეფექტები ერთიმეორეს არ აბათილებენ (მათი ერთობლივი შედეგია მოქმედების ლოგიკურობა, საზრისიანობა), “ნოოსფერული სტიქიის“ დომინანტიზაცია განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის დომინანტიზაციის კერძო ასპექტად წარმოგვიდგება. ამდენად, „ნოოსფერული სტიქიის“ საზოგადო ინტეგრალურ ეფექტს შეიძლება ვუწოდოთ „განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის პირველი გვარის ინტეგრალური ეფექტი“, განახლებული ტერმინოლოგიით – „პირველი გვარის ინტეგრალური ნოოსფერული ეფექტი“.

ამრიგად, „ერი“ არსით არის „პირველი გვარის ინტეგრალური ნოოსფერული ეფექტი“ (პირვანდელი ტერმინოლოგიით – „ფსიქიკური სტიქიის ინტეგრალური ეფექტი“), ხოლო კონკრეტული ერი – „პირველი გვარის ინტეგრალური ნოოსფერული ეფექტის ფენომენი კონკრეტულ ისტორიულ საზოგადოებრივ ერთობაზე“ (თავდაპირველი ტერმინოლოგიით – „ფსიქიკური სტიქიის ინტეგრალური ეფექტის ფენომენი კონკრეტულ ისტორიულ საზოგადოებრივ ერთობაზე, ანუ „განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის პირველი გვარის ინტეგრალური ეფექტის ფენომენი კონკრეტულ ისტორიულ საზოგადოებრივ ერთობაზე“).

„ნოოსფერულ სტიქიათა“ ოთხეული ერთა ოთხი ნოოტიპის არსებობის საფუძველია: „ერთა ფორმის მანიის კლასი“, „ერთა ძლევის მანიის კლასი“, „ერთა ცხრომის მანიის კლასი“ და „ერთა მართვის მანიის კლასი“. ცხადია, რომ აქაც შეიძლება გამოვიყენოთ დანომრვის წესი, ციკლური რიგის დაცვით, – „ერთა პირველი ნოოსფერული სტიქიის კლასი“ და ა.შ. მეოთხემდე.

 

* * *

ისტორიულ გარემოებათა გათვალისწინებით, „მისაღებია კიდევ ერთი (პოპულარული) ვარიანტი (წინსწრებით ვისარგებლებთ ერების ნოოლოგიური კლასიფიკაციის შედეგებით), შესაბამისად: „ერთა აღმოსავლური ნოოტიპი“, „ერთა ჩრდილოური ნოოტიპი“, „ერთა დასავლური ნოოტიპი“, „ერთა ცენტრულ-პერიფერიული ნოოტიპი“.

საქმე ისაა, რომ სხვადასხვა ტიპის ერებს შორის განსხვავებათა ფენომენოლოგიურმა თვალსაჩინოებამ (თუმცა, ამ გარემოების მნიშვნელობის სწორად შეფასება შეუძლებელი იყო, შესაბამისი თეორიული ცოდნის არარსებობის პირობებში) და ერთა სხვადასხვა ნოოლოგიური ტიპების დომინირების ისტორიული არეების, რამდენადმე მაინც, გეოგრაფიულად გამოკვეთილობამ, განაპირობა ერთა თვისებრიობის გეოგრაფიულ ფაქტორთან დაკავშირება, რასაც ასახავს ცნებები – „დასავლეთის სამყარო“, „აღმოსავლეთის სამყარო“. მათ შეიძლება მიენიჭოს ზუსტად განსაზღვრული მნიშვნელობა: „აღმოსავლეთის სამყარო“ – ფორმის მანიის ეფექტის დომინირების ისტორიული არეალი, „დასავლეთის სამყარო“ – ცხრომის მანიის ეფექტის დომინირების ისტორიული არეალი. ამ განსაზღვრებების ისტორიულ მოცემულობასთან თანხვედრა მდგომარეობს იმაში, რომ „დასავლეთის სამყაროდ“ ნაგულისხმევი მსოფლიოს ნაწილი წარმოდგენილია ცხრომის მანიის კლასის ერებით, „აღმოსავლეთის სამყაროდ“ ნაგულისხმევი ნაწილი კი – ფორმის მანიის კლასის ერებით, თუმცა ამ განსაზღვრების მიღებით ამ ორ სამყაროს შორის საზღვრები მნიშვნელოვნად განსხვავებული აღმოჩნდება ტრადიციულად ნაგულისხმევისგან. დასახელებული განსაზღვრების სასარგებლოდ არგუმენტად შეიძლება დასახელდეს ის ისტორიული ფაქტიც, რომ ცხრომის მანიის კლასის ერებისა და ფორმის მანიის კლასის ერების ურთიერთობათა ისტორიულად მნიშვნელოვანი არაერთი შემთხვევა, სწორედ, შემოთავაზებულ განსაზღვრებაში ასახული ურთიერთგანლაგების პირობებში შედგა: ფინიკია დასავლეთიდან ესაზღვრებოდა მესოპოტამიურ იმპერიებს; ძველი ელადა – აქამენიდურ ირანს; ინდოეთის გავლენამ (ბუდიზმმა) დასავლეთიდან (შუა აზიიდან) შეაღწია ჩინეთში; ოსმალეთის იმპერია (ცხრომის მანიის ეფექტის არსებითი მნიშვნელობის ასპექტის შემცველი წარმონაქმნი) დასავლეთიდან ესაზღვრებოდა შიიტურ ირანს; გერმანიის დასავლეთით მდებარეობენ – საფრანგეთი, ჰოლანდია, ინგლისი და ამერიკის შეერთებული შტატები. განსაზღვრებათა სისრულისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ის ფაქტიც, რომ ისტორიის ასპარეზზე ძლევის მანიის კლასის ერების დაწინაურება, არაერთ შემთხვევაში, მთავარ მოწინააღმდეგე, სხვა ნოოოლოგიური ტიპის ერებზე ჩრდილოეთის მხრიდან მათი შეტევებით დაიწყო. ამის მაგალითებია: სხვადასხვა დროს შუმერში შეჭრა აქადელებისა, კასიტებისა, ასირიელებისა და მიდიელებისა; ეგვიპტეში – ჰიქსოსებისა, ასირიელებისა; ეგეიდაში – დორიელებისა, მაკედონელებისა; წინააზიაში – სკვითებისა და კიმერიელებისა; დიდ ელადაში – რომაელებისა; ბიზანტიაში – გოთებისა, ჰუნებისა, რუსებისა; კონტინენტურ ევროპაში – ვიკინგებისა; ჩინეთში, ირანსა და ინდოეთში – მონღოლებისა. ასე, რომ გვაქვს საფუძველი, ძლევის მანიის ეფექტის დომინირების ისტორიულ არეალს ვუწოდოთ – „ჩრდილოეთის სამყარო“. რაც შეეხება მეოთხე ნოოსფერულ სტიქიას: მისი ჰეგემონიის ისტორიული არეალის ფარდობითი განლაგების მეოთხე გეოგრაფიულ მიმართულებასთან, სამხრეთთან დაკავშირებას ისტორიული მოცემულობით ვერ გავამართლებთ. ასეთი სივრცე არის კავკასია, რომელიც დასახელებულ სამ სამყაროს შორის, გეომეტრიულ ცენტრშია  ლოკალიზებული და, ამასთანავე, ცალკე აღებული თითოეული მათგანისთვის პერიფერიად მიიჩნევა, რაც გვაძლევს საფუძველს, მართვის მანიის ეფექტის დომინირების ისტორიულ არეს ვუწოდოთ – „ცენტრულ-პერიფერიული სამყარო“.

 

* * *

დავუბრუნდეთ ძირითად ხაზს. სინქრონული და დიაქრონული (სივრცითი და დროითი) ინტეგრალური ეფექტების ამგვარი ურთიერთმიმართება (გასივრცე-დროითება) პიროვნებისა და ერის ფენომენების არსებითი ურთიერთკავშირის – პიროვნებით (დინასტიით) ერის პერსონიფიცირებადობის განმსაზღვრელია. ხოლო ბიოსფეროსთან ანალოგიის მოშველიებით, შეიძლება ითქვას, რომ ერი ნოოსფეროს ინდივიდების სახეობაა, რაც გვკარნახობს მის აღსანიშნავ ალტერნატიულ ტერმინს – „ნოოსი“. ეს განსაზღვრება, გარკვეული ასპექტით შინაარსობრივი დამთხვევის გამო, შეიძლება მივიჩნიოთ ამგვარადვე წარმოთქმადი (ფონეტიკურად იდენტური) ძველელინური ტერმინის მნიშვნელობის დაზუსტებად, რადგან, როგორც ქვემოთ ვნახავთ, არ არსებობს ცნობიერება საზოგადოდ, გონებას (აზროვნებას, ისევე, როგორც ემოციას და სხვა ფსიქიკურ ფუნქციებს), განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის გავლენით, ოთხი განსხვავებული მოდუსი გააჩნია, რაც გამოხატულია ერების ოთხი ნოოლოგიური ტიპების არსებობის ფაქტში.

 

* * *

უნდა აღინიშნოს, რომ, საზოგადოდ, საკმარისად მცირე დროის განმავლობაში, პიროვნებათა რაგინდ დიდი თანამოქმედი ჯგუფის წევრების განწყობათა შინაარსებში შეიძლება აღმოჩნდეს საერთო არამოუცილებადი კომპონენტი, რომლის ეფექტიც, ხსენებულ მცირე დროში, განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის ეფექტზე მნიშვნელოვანი (უფრო ინტენსიური გამოხატულების მქონე) აღმოჩნდება. მაშინ მიიღება ნოოსფეროსთვის პოტენციურად დესტრუქციული მოვლენა, რომელსაც შეიძლება ეწოდოს „ბრბოს სინდრომი“. ეს არის აფექტის ანალოგი კოლექტიური სუბიექტის შემთხვევაში.

 

 


კომენტარები