მიხეილ გელაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა მაგისტრის შესაბქმისი ხარისხი, MSc PgDip ბიოტექნოლოგიაში, დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტი, ბრისტოლი.
სტატია გახლავთ მიხეილ გელაშვილის წინასიტყვაობა არმინ ნავაბის წიგნისთვის – „რატომ არ არსებობს არავითარი ღმერთი“.
ფოტოზე: არმინ ნავაბი
უცხოური ენიდან ფილოსოფიური ან მსოფლმხედველობრივი ტექსტის თარგმნა ყოველთვის დიდ სირთულეებს გადის. თარგმნისას ხშირად აღმოჩნდება, რომ ორიგინალი ენის ზოგ ტერმინს არ აქვს ზუსტი შესატყვისი ქართულ ენაზე, ხოლო ზოგიერთი შედგენილი ორ ან მეტ მორფემიანი ტერმინის პირდაპირი, სიტყვა-სიტყვითი თარგმანი ზუსტად იმავე აზრს არ გადმოსცემს ქართულად. საქმეს ართულებს ისიც, თუ მოცემული უცხოური ენა (ამ შემთხვევაში, ინგლისური) თვით წიგნის ავტორისთვისაც არაა მშობლიური ენა – ეს ფაქტორები ძალაუნებურად მოქმედებს გადმოცემის და აღქმის სიცხადესა და სისხარტეზე.
ცალკე ირანელი, ცალკე კი ათეისტი მწერლები (ეს ორი ერთად, თანამედროვე ირანელი და ასევე, ათეისტი მწერალი – ნამდვილად გამონაკლისია!) და მათი ნაწარმოებები ნამდვილად არაა უცხო ქართველი მკითხველისთვის. ათეიზმით დაინტერესებული მკითხველი (გარდა საბჭოური პერიოდის, ძირითადად, რუსულიდან ქართულად თარგმნილი წიგნებისა) გაიცნობდა რიჩარდ დოკინსის წიგნს: „ღმერთი, როგორც დელუზია“. ასევე, ქართულ ენაზე ახლახან გამოიცა ებრაელი მწერლის, იუვალ ნოე ჰარარის სქელტანიანი სამეცნიერო-პოპულარული წიგნებიც, რომლებსაც მეცნიერული და ათეისტური შინაარსი აქვს. არმინ ნავაბის ეს წიგნი, რომელიც აკადემიურად იძლევა ღმერთის არსებობის მხარდამჭერი 20 არგუმენტის კრიტიკას, მათ კონტრარგუმენტებს, ამ მწერლის ერთგვარი „ავტობიოგრაფიული“ თხზულებაა, სადაც ის ფაქტობრივად გვიხსნის თავის მიერ განვლილ გზას; თუ როგორ გაუმკლავდა თავის ფუნდამენტალისტურ სამშობლოში საყოველთაოდ მიღებულ ინდოქტრინაციის, ანუ ჯერ კიდევ ბავშვობიდან რელიგიის ჩიჩინით ჩაგონების პრაქტიკას და როგორ გახდა იგი ათეისტი მძიმე ცხოვრებისეული გამოცდილების, საღი აზრის და ლოგიკური მსჯელობის წყალობით. ავტორსა და წიგნს ჩვენ ისევ დავუბრუნდებით, მაგრამ, მანამდე ორიოდე სიტყვა საკუთარ თავზეც უნდა თქვას მთარგმნელმა; ალბათ, იმ მხრივ მაინც, რაც თარგმანს ეხება. ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც დავასახელებდი, ნახევარ საუკუნეს გადაბიჯებული ასაკი და საკმაო ცხოვრებისეული გამოცდილებაა. საბჭოთა კავშირში ათეისტების ოჯახში დაბადება ალბათ არავის გაუკვირდება, მაგრამ ამ ათეიზმის შენარჩუნება და ცხოვრების ქარტეხილებში გამოტარება გაცილებით უფრო იშვიათი იქნება, საქართველოს პირობებში მაინც, სადაც საბჭოეთის ჩამონგრევის შემდეგ აღინიშნა მოსახლეობის მასობრივი შემობრუნება რელიგიისკენ.
ისე მოხდა, რომ ჩემთვის გარდატეხის და მოზრდილობაში შესვლის ასაკი საქართველოს უახლესი ისტორიის დიდ გარდამტეხ მოვლენებს დაემთხვა. 1989 წელს დაიწყო მოვლენების მთელი კასკადი, რომლებმაც ორ წელიწადში საქართველოს დამოუკიდებლობამდე მიგვიყვანა. მახსოვს, იმ წლებში როგორ გამიტაცა ჰაგიოგრაფიამ, ძველმა ქართულმა მწერლობამ და პოეზიამ. ბევრჯერ გადავიკითხე პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას ნაწერები. ჩემი ცხოვრებისეული ფილოსოფია თითქოს ხანმოკლე შემოწმებას, გადასინჯვას დაექვემდებარა, მაგრამ ამ გადასინჯვამ ათეისტური მსოფლმხედველობა მაინც ვერ შემირყია. ღრმა ბავშვობიდან დაწყებული, დღემდე არ მქონია მომენტი, რომ წამზე მეტი ხნით მერწმუნებინოს სერიოზულად რაიმე ღვთაების, რაიმე ზებუნებრივი ძალის არსებობა. ეს თითო-თითო აქა-იქ გაფანტული ცალკეული წამიც ჩემთვის მხოლოდ მათემატიკური „საპირისპიროს დაშვების“ წამად აღიქმება ხოლმე.
არც ისე იოლია, იყო განსხვავებული, ანდა უმცირესობის წარმომადგენელი, როცა საქმე რელიგიურ/მსოფლმხედველობრივ სფეროს ეხება. ცხოვრება თითქოს თავისთავად განეწყობა ხოლმე შენ წინააღმდეგ. პარტნიორის არჩევანი იზღუდება – რომელიმე რელიგიის მიმდევართან ოჯახის შექმნა სარისკოდ აღიქმება მისთვისაც და თავად ათეისტისთვისაც, სამეზობლოს დიდი ნაწილი არაქართველად და ლამის მტრად მიგიჩნევს, ნათესავებშიც კი გერყევა ავტორიტეტი. ასეთ დროს ძლიერ მნიშვნელოვანია, გქონდეს მხარდაჭერა, გაგაჩნდეს თანამოაზრეთა წრე.
თბილისის ფორუმში1 აღმოვაჩინე ათეისტთა კლუბი, ანუ სხვა ქართველი ათეისტები და იმ დროიდან ჩემს ცხოვრებას სხვა აზრი მიეცა. მოვინდომე, რომ მათ საქმიანობასა და სწორად (სახელმწიფოებრივად სასარგებლო) ორგანიზებაში შემეტანა წვლილი. მოსახლეობის განათლება, ალტერნატიული, არარელიგიური ინფორმაციის მიწოდება ერთ-ერთი უმთავრესია საქართველოს ათეისტური პოპულაციის შესანარჩუნებლად, რომელიც უკვე ჩამოსცდა აღწერაში მითითებულ ისტორიულ მინიმუმს, მთლიანი მოსახლეობის 0,5%-ს. ბუნებრივია, ჩემი ათეისტი მეგობრებიდან რამდენიმემ უკვე სცადა ათეისტური შინაარსის წიგნების თარგმნა, ზოგმა უკვე ბოლომდე ღირსეულად მოახერხა კიდეც.
თავის დროზე, უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო სფეროში მივიღე (ბიოლოგია, მედიცინა), შემდეგ კი ლინგვისტიკამ დამაინტერესა და კარგა ხანი ხელოვნების სფეროში ვიმუშავე თარგმანებზე. ჩემი ლინგვისტური მომზადებით, შემეძლო ნებისმიერი ინგლისურენოვანი წიგნის თარგმნა, მაგრამ ძალიან რთულია, აირჩიო ბევრი თანაბრად მიმზიდველი წიგნიდან რომელიმე ერთი.
შემოთავაზება, რომელიც ფორუმელი მეგობრის, ბატონი ანდრია აბულაძისა და გამომცემელის, ბატონი გიზო ცაცუასგან მივიღე, ჩემთვის ერთდროულად, ხელსაყრელი და, ასევე, ფრიად მიმზიდველიც აღმოჩნდა, როგორც შესაძლებლობა, რომ ათეისტური ლიტერატურის თარგმანში მომესინჯა ძალები. როგორ შესრულდა ეს მისია, დაე, მკითხველმა განსაჯოს.
გაგაცანით რა გზა, რომელმაც მსოფლიოში სახელგანთქმული ათეისტი ავტორის, არმინ ნავაბის წიგნამდე მიმიყვანა, ახლა მინდა, ჩემი აზრი გაგიზიაროთ ამ ავტორისა და ტექსტის შესახებ.
როცა ინტერნეტის გიგანტურ, მრავალენოვან ენციკლოპედიაში, ვიკიპედიაში არმინ ნავაბის შესახებ სტატია წავიკითხე, პირველი, რაც თვალში მომხვდა, მისი დაბადების წელი იყო. ახალგაზრდა კაცმა, რომელმაც ერთ-ერთი უმაღლესი განათლება ბიოლოგიის დარგშიც მიიღო, უკვე მოასწრო ფუნდამენტალისტური სამშობლოდან იძულებითი ემიგრაცია ახალ სამშობლოში, კანადაში, ორიგინალური წიგნების ავტორობა, მილიონზე მეტი ათეისტის ორგანიზება ერთ ვირტუალურ თანასაზოგადოებად – „ათეისტთა რესპუბლიკის“ და მისი „საკონსულოების“ სახით (საქართველოშიც გვაქვს ამ რესპუბლიკის ვირტუალური საკონსულო, რომელიც იოლად იძებნება პოპულარულ სოციალურ ქსელში, ფეისბუქში, ანუ მეტაში). ჩამოთვლილი ფაქტების მიხედვით, ჩემთვის აშკარაა, რომ გამორჩეული ნიჭის, ენერგიისა და ინტელექტის მქონე პიროვნებასთან გვაქვს საქმე. ეს შთაბეჭდილება კიდევ უფრო განმიმტკიცა წიგნმა, რომელშიც დახვეწილი ლოგიკითა და გემოვნებიანი ლაკონურობით არის გაკრიტიკებული ფილოსოფიაში კარგად ცნობილი ძირითადი თეისტური არგუმენტები.
ამ არგუმენტებსა და მათს არმინისეულ კრიტიკას მკითხველი თავად გაეცნობა და თვითონ შეიმუშავებს საკუთარ დამოკიდებულებას, მე მხოლოდ თავმდაბლად ჩამოვწერ ჩემს შეხედულებას, თუ რის დამატებას ან რის შეცვლას ვურჩევდი, აქამდე რომ მქონოდა შესაძლებლობა, არმინ ნავაბისთან მესაუბრა ამ წიგნის შინაარსის შესახებ.
1) დიზაინის არგუმენტის შესახებ მეტ მაგალითს მოვიყვანდი. ვაჩვენებდი ილუსტრაციებითა და ნახაზებით, რა შეუძლია დიად ბუნებასა და რა შეუძლია ჰომო საპიენსს, ბუნების პატარა, მაგრამ ამბიციურ ნაწილს. შევადარებდი ბუნების ქმნილებების (რომლებშიც ჩვენც შევდივართ) და ჩვენი ხელოვნური ნაწარმის სირთულის ხარისხსაც (რომელშიც უეჭველად ბუნება იქნებოდა ჩემპიონი). ვაჩვენებდი იმასაც, თუ რა არის ხელოვნური ნაწარმის განსაკუთრებულობა და რატომ იქნება მიზერულად მცირე იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე პლანეტის რომელიმე ოკეანის მიქცევ-მოქცევებისგან ბუნებრივად კლდეზე მხედრული ანბანით გამოკვეთილი რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმები ვიპოვოთ, ან რატომ არის პრაქტიკულად ნულის ტოლი იმის შესაძლებლობა, რომ სადმე ნახევარგამტარულ სქემებსა და 220 ვოლტზე მომუშავე მზა მტვერსასრუტი შექმნას ვულკანური ლავის ამოფრქვევამ და შემდეგ, დაკრისტალებამ, თავისი რეზინის სადენითა და დენის ჩამრთველში შესაერთებელი ელ-ჩანგალით. ბუნების და ხელოვნური ნაწარმის სიმეტრიას და მსგავსება-განსხვავებებს ვაჩვენებდი წიგნის გარეკანზეც, რომლის ორიგინალური ვერსია აშკარად ემთხვევა სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის ფილმის, „ჩამოსვლის“ (2016) დიზაინს, რაც, თავის მხრივ, დაფუძნებული იყო 1998 წელს ტედ ჩიანგის მიერ დაწერილ მოთხრობაზე „შენი ცხოვრების ისტორია“.
2) ტრანსცენდენტულ არგუმენტთან დაკავშირებით ნავაბის მსჯელობა მეტად მოხდენილი და ორიგინალურია, ოღონდ ცოტა ბუნდოვნად და ძნელად გასაგებად მეჩვენება. მე პარალელურ მსჯელობას ავაგებდი იმ მოსაზრებაზე, რომ სამყაროს კანონები გამომდინარეობს სამყაროს შემადგენელი ნაწილებისგან, ენერგია და მატერია იმანენტურად დუალისტურია იმ მხრივ, რომ გარდა არსებობისა, გააჩნია თვისებებიც. ამ თვისებათა სისტემური გაერთიანება ქმნის სამყაროს კანონებსაც, შესაბამისად, სამყაროს კანონები რეალურად არსებობს სამყაროში მისი შიგთავსის სახით. მათ არ სჭირდებოდა ვინმესგან დაწერა, ისევე, როგორც მატერიას – თვისებების მინიჭება ან სამყაროში შემოტანა. სამყარო, მატერია და ენერგია, მათი თვისებები – ურთიერთ-განმაპირობებელია და ერთმანეთის არსებობის პირობებს წარმოადგენს.
3) არგუმენტების სახელწოდებებს ფილოსოფიურ პრაქტიკასთან უკეთეს შესაბამისობაში მოვიყვანდი, როგორც არმინმა ეს გააკეთა კოსმოლოგიურ არგუმენტთან; მაგალითად, მორალური არგუმენტი, ონტოლოგიური არგუმენტი.
4) საპირწონედ ჩამოვთვლიდი ათეისტურ არგუმენტებს, რომლებსაც დამოუკიდებელი ანტითეზების სახე აქვს და არა თეზისების უბრალო კრიტიკისა. მკაფიოდ ჩამოვაყალიბებდი საკითხს, არის თუ არა თეისტური არგუმენტის კონტრარგუმენტი იგივე, რაც ათეისტური არგუმენტი ანდა პირიქით, არის თუ არა ათეისტური არგუმენტის კონტრარგუმენტი იგივე, რაც თეისტური არგუმენტი.
5) ერთგვარ შესაბამისობას, პარალელებს, შედარებას და შეპირისპირებას ავაგებდი თეისტურ და ათეისტურ არგუმენტებს შორის, შევადარებდი მათ აბსოლუტურ რაოდენობასაც. ვაჩვენებდი, მათგან რომელი უტევს პრობლემას დაახლოებით ერთი და იმავე სათაურით და კუთხით (მაგალითად, კოსმოლოგიური), ხოლო, რომელი – ორიგინალური, სპეციფიკური ხედვის კუთხიდან (მაგალითად, თერმოდინამიკური არგუმენტი ან გიოდელის არასრულობის თეორემებზე აგებული არგუმენტი).
ჩემ მიერ ჩამოთვლილი შესაძლო ცვლილებები, ხაზი მინდა ამას გავუსვა, მხოლოდ გემოვნების ამბავია და არანაირად აკნინებს არმინ ნავაბის წიგნის მნიშვნელობას. წიგნის ღირსებებს შორის უკვე გავუსვი ხაზი მის ლაკონურობას, შესაბამისად, დამატება და შესწორება ყოველთვის არ ნიშნავს გაუმჯობესებას. ამასთან დაკავშირებით, სულ მახსენდება ხოლმე პროგრამების ინტერნეტ-არქივის, oldversion.com-ის დევიზი: „Because newer is not always better!“2. არ გამოვრიცხავ, თავად არმინ ნავაბიმაც შეცვალოს რაიმე ამ წიგნის შემდგომ გამოცემებში, რომლებიც, იმედი მაქვს, კიდევ იქნება მომავალში, ისევე, როგორც საზოგადოების მოთხოვნა ამ წიგნზეც და, ზოგადად, ამგვარ წიგნებზეც.
დღიდან ჩვენი წარმოშობისა, ჰომოს გვარმა და სახეობა საპიენსმა წარმოუდგენელ პროგრესს მიაღწია. დაიწყო იმით, რომ სიცივისგან კანკალებდა ცივ წვიმიან ღამეებში ეგრეთ წოდებულ გალერეულ ტყეებში ხის ტოტებში შეყუჟული და ხშირად მტაცებლების მსხვერპლი ხდებოდა, ტანჯვით ამთავრებდა სიცოცხლეს ულმობელი ეშვებით დაფლეთილი. დღეს ადამიანი თვითონ აშენებს „ქვის ჯუნგლებს“, სადაც მშრალი კომფორტული საცხოვრებელი სივრცეები გააჩნია, დედამიწის ვერცერთი ცხოველი მეტოქეობას ვერ უწევს შეიარაღებული და ორგანიზებული ადამიანების ძალას, ხოლო მედიცინას მძიმე სხეულებრივი დაზიანებების უმტკივნეულო განკურნება შეუძლია, ან, უკიდურეს შემთხვევაში, შედარებით ღირსეულ, უმტკივნეულო ევთანაზიას მაინც უზრუნველყოფს. ასეთივე პროგრესი განიცადა ჩვენმა ცოდნამაც: დასაწყისში, სავარაუდოდ, ათამდე თვლა ხელის თითების დახმარებითაც კი გვიჭირდა, დღეს კი მათემატიკა ურთულეს ამოცანებს ერევა, უსასრულო და ტრანსცენდენტური სიდიდეებით ოპერირებს. დავიწყეთ იქიდან, რომ სწორად ვერ ვხსნიდით ბუნების უმარტივეს მოვლენებსაც კი, როგორიცაა ქარი, წვიმა, ჭექა-ქუხილი, ცეცხლი, არ ვიცოდით არც ჩვენი დედამიწის, არც ციური სხეულების ნამდვილი ზომები და ბუნება. დღეს ბუნების მოვლენებს და კანონებს ისე კარგად ვიცნობთ და ვმართავთ, რომ ტექნიკის საშუალებით ჰაერში დავფრინავთ ფრინველებზე მაღლა, დედამიწის გარეთ გავედით და მთვარეს მივაღწიეთ, შემდეგ მისიად კი სხვა პლანეტებამდე პილოტირებული მიღწევა ჩაიწერა დღის წესრიგში. ეს უზარმაზარი ნახტომი სულ რაღაც 2 მილიონ წელიწადში, დაახლოებით, 200 000 თაობაში განვახორციელეთ. იმედი მაქვს, ჩვენი შთამომავლები დღევანდელი კაცობრიობისთვის წარმოუდგენელ სიმაღლესაც მიაღწევენ როდესმე, გადაჭრიან ერთ-ერთ, ეგრეთ წოდებულ, მარადიულ პრობლემას და დარწმუნებით იტყვიან, არსებობს თუ არა სამყაროს შემქმნელი პიროვნება – ღმერთი. მანამდე კი არმინის მსგავსი მოაზროვნეების მცდელობები, საკუთარი პასუხი გასცენ კაცობრიობის ერთ-ერთ უმთავრეს კითხვას, უაღრესად საინტერესო და ფასეულია.
შენიშვნები:
1. თბილისის ფორუმი – ქართულ ინტერნეტსივრცეში განთავსებული სადისკუსიო ფორუმი. იგი ამოქმედდა 2001 წლის 25 იანვარს. მისი შექმნის ინიციატორი და თავად შემქმნელიც იყო მომხმარებელი თემურ ხაინდრავა. დამფუძნებელმა ფორუმი საკუთარი თანამშრომლებისათვის შექმნა. პირველი დარეგისტრირებული მომხმარებლებიც (და შემდგომში მოდერატორებიც) მისი თანამშრომლები და მეგობრები იყვნენ. მოგვიანებით მომხმარებელთა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, ფორუმის სტრუქტურა კი დაიხვეწა და თემატურად ჩამოყალიბდა.
2. რადგანაც უახლესი ყოველთვის არ არის უკეთესი.
კომენტარები