ოშო – ინდოელი სულიერი მასწავლებელი (გურუ) და ფილოსოფოსი.
ამონარიდი გახლავთ პირველი თავი ოშოს წიგნიდან – „საწყისთა საწყისი“.
ხის ტოტზე მხიარულად მგალობელი ჩიტის სიმღერით მოხიბლულმა მეფემ დააჭერინა ის და გალიაში ჩასვა. სიმღერაც კი შეცდომაა არასწორი ხალხის გარემოცვაში. საბრალო ჩიტი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ გალობა გისოსებს მიღმა ამოაყოფინებდა თავს! ჩიტი, რომელიც თავისუფლად დაფრინავდა ზეცაში და ტოტიდან ტოტზე სურვილისამებრ ხტოდა, ახლა ოქროს გალიაში იჯდა, რომელიც ძვირფასი ქვებით იყო მორთული. მაგრამ რას ნიშნავს ძვირფასი ქვები მისთვის, ვინც ზეცის თავისუფლებას გაუგო გემო? – გალია გალიაა, სულ ერთია, ოქროსი იქნება თუ რკინის.
ჩიტი გამუდმებით ტიროდა, მაგრამ მეფეს და მის ამალას ეგონათ, რომ ის მხიარულებისგან გალობდა. ზოგ ადამიანს შეუძლია ჩიტის მსგავსად ტირილი, მაგრამ მათ, ვისაც ამის აღქმა არ შეუძლიათ, ეს მხიარულების გამოხატულებად ეჩვენებათ. ჩიტის გული ტკივილითა და შიშით იყო აღსავსე და ის ფიქრობდა: „ნუთუ ემახსოვრება ჩემს ფრთებს ფრენა, თუ ამ გალიაში დიდხანს მომიწევს ყოფნა?“ თუ ცა დაავიწყდება, მაშინ რაღა ფასი აქვს გალიიდან განთავისუფლებას?!
მხოლოდ მათ იციან, რა არის ეს, ვისაც სულში თავისუფლების ცოდნა და სიხარული გააჩნია. მხოლოდ დამოუკიდებლობის მოპოვებით თავისუფლებას ვერ შეიცნობ. ჩიტი მანამ ესწრაფოდა თავისუფლებას, სანამ ცის შესახებ მოგონება დაავიწყდებოდა.
ერთ დილას მას ბერის სიმღერა მოესმა: „ვინც განთავისუფლებას ეწრაფვის, მისთვის ერთადერთი გზა არსებობს, ჭეშმარიტების გზა. ვინც თავისუფლებას ეწრაფვის, მისთვის ერთადერთი გზა არსებობს, ჭეშმარიტების გზა. და, რა არის ჭეშმარიტება?“ – კითხულობდა გლახა სიმღერაში. „ჭეშმარიტებაა საგნების ისე დანახვა, როგორიც ისინი არის; ისე შეცნობა, როგორც ისინი სინამდვილეში არსებობს და მცდელობა ცხოვრებისა მათთან ერთად, როგორიც ისინი არის და ავლენს საკუთარ თავს – ეს არის ჭეშმარიტება. ხოლო ის, ვინც ჭეშმარიტებას მიაღწევს, განთავისუფლდება!“
ასეთი იყო ბერის სიმღერა და ასე მღეროდა ის ქუჩებში ყოველდღე. არავინ აქცევდა მას ყურადღებას, გარდა პატარა ჩიტისა, რადგან ჩიტს ჯერ კიდევ ახსოვდა სივრცეში ფრენის სიხარული. ადამიანს ეს უკვე აღარ ახსოვს. ადამიანს სრულად დაავიწყდა თავისი ფრთები, რომლებსაც ის ფლობდა და რომლებსაც უცნობ მხარეში მისი გადაყვანა შეეძლო.
წმინდანები და წინასწარმეტყველები ოდესღაც დაუღალავად მოუწოდებდნენ ადამიანს, მაგრამ არავის ესმოდა. ეს პატარა ჩიტი კი მიუხვდა ბერს და იმავე დღეს გადაწყვიტა, ეცადა...
მეფე დარბაზში იმყოფებოდა, როდესაც ვიღაც მივიდა მის სანახავად. მან მსახურის სახით შეუთვალა, რომ ადგილზე არ იყო. ჩიტმა დაიყვირა: „არა, არა! მეფე თავის სასახლეშია და დაცვას უბრძანა, ეთქვა, თითქოს შინ არ არის!“ მეფე განრისხდა.
ადამიანებს არ მოსწონთ, როდესაც სხვები სიმართლეს ამბობენ, რადგან ყველა ადამიანი სიცრუესა და სიყალბეში ცხოვრობს. ხოლო ისინი, ვინც ძალაუფლებას ფლობს, იქნება ეს სამეფო ძალაუფლება, მონეტარული თუ რელიგიური, ვინც რაიმე სახის ძალაუფლებას ფლობს, უკმაყოფილოა ჭეშმარიტებით, რადგან ძალაუფლება ყოველთვის სიცრუის ტახტზეა დაბრძანებული. შესაბამისად, ძალაუფლების მქონენი ყოველთვის მსხვერლად სწირავენ ჭეშმარიტებას, რადგან, თუ მას არსებობის უფლებას მიანიჭებენ, ის ჯვრად იქცევა მმართველებისთვის.
მეფემ ბრძანა, დაუყოვნებლივ მოეშორებინათ ჩიტი. როგორ შეიძლება, რომ ჭეშმარიტება სასახლეში ბინადრობდეს? ჭეშმარიტების ადგილი ხის ტოტზეა, მაგრამ მეფის განსასვენებელში – ნურას უკაცრავად. ჩიტი მოისროლეს დარბაზიდან, მაგრამ სწორედ ეს იყო მისი სანუკვარი სურვილი! განთავისუფლებული, ის ცეკვას მოყვა და თქვა: „ბერი მართალია – თუ თავისუფლება გსურს, ერთადერთი გზა ჭეშმარიტებაა!“
შორიდან მას თუთიყუში უმზერდა, რომელმაც ბრძანა: „უგნურო ჩიტო, ოქროს გალია დაკარგე და გიხარია? არავის უმართლებს ასე! მისი მოპოვება ჩვენი წარსული ცხოვრების ქველი საქმეებით ხდება. მაგრამ შენ, უმეცარო ბრიყვო, არაფერი იცი ოქროს გალიაში ცხოვრების ხელოვნების შესახებ. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი წესი ზუსტად იმის კეთებაა, რასაც ბატონი გეუბნება ისე, რომ არ იფიქრო, რა არის სწორი და არასწორი, რადგან ის, ვინც ასეთ შეცდომაში ვარდება, ვეღარ დარჩება გალიაში. ფიქრი იწვევს ამბოხებას და ყოველი, ვინც აზროვნებას იწყებს, ვეღარ დარჩება ტყვეობაში. რატომ დაუშვი ეს შეცდომა და რატომ დაიწყე ფიქრი, სულელო ჩიტუნავ? ფიქრი სახიფათოა. გონიერი ადამიანები არასოდეს ფიქრობენ. ისინი საკუთარ საპატიმროებში რჩებიან და მათ თავიანთ სახლს, თავიანთ ტაძრებს უწოდებენ. გისოსები მაინც მოგერთო შიგნიდან. მორთული გალია სახლის შთაბეჭდილებას ქმნის“. გახსოვდეთ, ადამიანთა უმეტესობა ასე რთავს საკუთარ გალიებს და მათ სახლის სახით განიხილავს.
ჩიტს არ მიუქცევია ყურადღება. ის აღფრთოვანებული იყო, მისი ფრთები მსუბუქ ნიავში ირხეოდა, რადგან ის კვლავ თავისუფლებაში იყო. მაგრამ თუთიყუში განაგრძობდა რჩევის მიცემას დაუკითხავად. „ოქროს გალიის დაცვის ხელოვნება ჩვენგან, თუთიყუშებისგან უნდა ისწავლო. ჩვენ ყოველთვის იმას ვიმეორებთ, რასაც ბატონი ამბობს. ჩვენ არასოდეს ვამბობთ ჭეშმარიტებას. ფაქტობრივად, ჩვენთვის სულ ერთია, არსებობს თუ არა ჭეშმარიტება. ჩვენ იმას ვიმეორებთ, რასაც ბატონი ამბობს. თუ რას აკეთებს ის, ამაზე არც კი უნდა ვისაუბროთ. ჩვენ ბატონის თვალებით ვიმზირებით და ბატონის გონებით ვაზროვნებთ. ჩვენ არასოდეს ვიყენებთ საკუთარ თვალებსა და გონებას“. თქვა ეს და თუთიყუშმა მყისვე დაიკავა ღია გალია. მცველმა კარი მიხურა.
თუთიყუში კვლავ გალიაშია და იმას იმეორებს, რასაც ბატონი ამბობს. ის სამუდამოდ დარჩება გალიაში, რადგან თუთიყუშები ყველაფერს ამბობენ, გარდა სიმართლისა. ბოლოს და ბოლოს, თუთიყუში ჩიტია, მაგრამ მისი მსგავსები ადამიანთა შორისაც მრავლად მოიძებნება. და, ეს თუთიყუშებიც იმას იმეორებენ, რასაც მათი ბატონი ამბობს. უკვე არაერთი ათასი წელია, იმეორებენ ეს თუთიყუშები იმას, რასაც მათ ეუბნებიან. არსებობენ წმინდა წერილთა თუთიყუშები, სექტებისა და კულტების თუთიყუშები, ტაძრების თუთიყუშები – მთელ კაცობრიობას თავს აბეზრებს მათ მიერ ატეხილი ხმაური. მათი ხმები კი, რომლებიც უწყვეტად გაისმის, იპყრობს ჩვენს გონებას და თანდათანობით ჩვენც თუთიყუშებად ვიქეცით. შედეგად, ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რომ არსებობს თავისუფალი ზეცა და რომ ჩვენ ფრთები გვაქვს ჰაერში ლივლივისთვის. ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვაქვს ისეთი რამეების შესახებ, როგორიც სული ან ნეტარებაა!
თუ ტყვეობაში სიმშვიდის შენარჩუნება გსურთ, არც კი უნდა ახსენოთ სიტყვა „ჭეშმარიტება“. თუკი ცხოვრება ნიშნავს არსებობას მხოლოდ მორჩილებასა და პატიმრობაში, არ შეცდეთ და არ მიმართოთ თქვენი მზერა ჭეშმარიტებისკენ. მტრად მიიჩნიეთ ის, ვინც ჭეშმარიტების შესახებ საუბრობს, რადგან ჭეშმარიტება სახიფათოა; ჭეშმარიტება თავისუფლებას იწვევს, თავისუფლებაში კი არ არის უსაფრთხოება.
უსაფრთხოებას მონობა უზრუნველყოფს. რამდენად უსაფრთხოა გალია? – იქ არ არსებობს ჭექა-ქუხილისა და გრიგალის საფრთხე. წვიმა და ელვა არ მოგგვრით შიშს. არა, იქ არ არის შიში, ადამიანი უსაფრთხოდ გრძნობს თავს გალიის გისოსებს მიღმა.
ვეება ზეცაში უამრავი საფრთხეა. წარმოიდგინეთ პატარა ჩიტუნა უსასრულო ზეცაში, რომელშიც საზარელი ჭექა-ქუხილი და ძლიერი ქარები მეფობს – იქ არ არის დაცულობა, არ არის უსაფრთხოება. სწორედ ამ მიზეზით ამჯობინებს ადამიანთა უმეტესობა მონობას. თუ უსაფრთხოება გსურთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს, გსურთ, რომ ტყვეობაში იყოთ? – თუ ასეა, არც კი ისაუბროთ ჭეშმარიტების შესახებ. ასეთ შემთხვევაში ტყვეობა და მონობაა ერთადერთი პასუხი. მიუხედავად იმისა, პოლიტიკას ეხება საქმე, რელიგიას, კეთილდღეობას თუ მჭევრმეტყველებას, თუ უსაფრთხოებას ესწრაფვით, უმჯობესია, დამოკიდებული იყოთ.
ჭეშმარიტების ძიება მათი ხვედრი არ არის, ვისაც უსაფრთხო და დაცული არსებობა სწამს. ეს ძლიერ მოსურნე და უშიშარი სულების ამოცანაა... მათი, ვისაც არ დავიწყებია თავისი ფრთები და თავისუფალი ზეცა. მათი არსების სიღრმეში რაღაც მოგონება ცდილობს კავშირების და კედლების დანგრევას, რათა გაფრინდნენ... იქით, სადაც არ არის კედლები და ბორკილები.
მაგრამ, რამდენად მცირეა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ჭეშმარიტების შეცნობის სურვილს გრძნობს! ჩახედეთ ათასობით სახეს და თავისუფლების წყურვილი შესაძლოა მილიონიდან მხოლოდ ერთში აღმოაჩინოთ. მიმართეთ მილიონობით გულს და შესაძლოა მხოლოდ ერთი ძგერდეს ჭეშმარიტებასთან რეზონანსში. რა დაემართა კაცობრიობას? – უსაფრთხოებამ დაიკავა ყველაფრის ადგილი ცხოვრებაში. უსაფრთხოება ჩვენს რელიგიად იქცა – იცხოვრე უსაფრთხოდ და მოკვდი უსაფრთხოდ.
არსებობს ერთი მეფის ამბავი, რომელმაც განსაკუთრებული სასახლე ააგო. ის იმდენად მიუვალი იყო, რომ მტერი მასში შეღწევას ვერ მოახერხებდა. ცხოვრებაში ჩვენც ასეთ ციხესიმაგრეებს ვაგებთ და ყველა გამაფრთხილებელ ღონისძიებას ვატარებთ მტრისგან თავდასაცავად და აბსოლუტური უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. ბოლოს და ბოლოს, რას აკეთებს ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში? რატომ აგროვებს სიმდიდრეს? რატომ ისწრაფვის თანამდებობისა და დიდებისკენ? – იმიტომ, რომ იგრძნოს დაცულობა და უსაფრთხოება და ცხოვრებამ შიში აღარ მოჰგვაროს. მაგრამ სასაცილო აქ ის არის, რაც, იმავდროულად, საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ რაც უფრო მეტ ღონისძიებას ატარებს ადამიანი საკუთარი თავის დასაცავად, მით უფრო მეტად იზრდება მისი შიში. იმ მეფემ ყველა დაიპყრო, ვისი დაპყრობაც კი შეიძლებოდა. და, მაინც, შიშმა აიძულა იგი, თავი დაეცვა მტრებისგან, რადგან დაპყრობილი მტერი მაინც მტერია.
ის, ვინც სხვათა დაპყრობას ცდილობს, ყველას თავის მტრად აქცევს. მხოლოდ ის შეიძლება იყოს მეგობარი ამ სამყაროში, ვინც მზად არის, აღიაროს მარცხი სხვა ადამიანისგან. მეფეს მთელი სამყაროს დაპყრობა სურდა, ასე რომ, მთელი სამყარო მის მტრად იქცა, მეფის შიში კი ათასკეც გაიზარდა. როდესაც შიში გაიზარდა, აუცილებელი გახდა უსაფრთხოების ზომების გატარება. მან ვეებერთელა სასახლე ააგო, რომელსაც ერთადერთი კარი ჰქონდა. სხვა კარ-ფანჯარა სასახლეს არ ჰქონია. ხვრელიც კი არ იყო, საიდანაც მტერი შეძვრებოდა. ერთადერთი კარი, რომელსაც ჯარისკაცები იცავდნენ ქარქაშიდან ამოღებული მახვილებით.
მეზობელი სახელმწიფოს მეფე მოვიდა ამ სახელგავარდნილი სასახლის სანახავად, რამაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და გადაწყვიტა, თავისთვისაც აეგო მსგავსი სასახლე. სანამ უკან გაბრუნდებოდა, მან ქება შეასხა მეფეს შორსმჭვრეტელობისა და სიბრძნისთვის და უთხრა, რომ მისი მაგალითის მიბაძვას აპირებდა. გზის პირას მჯდომმა გლახამ ყური მოკრა ამ საუბარს და გადაიხარხარა. სასახლის მეპატრონე მეფემ ყვედრებით მიმართა:
– რას ხედავ აქ სასაცილოს, უგნურო?
– თქვენო უდიდებულესობავ, რადგან მკითხეთ, გიპასუხებთ, – თქვა გლახამ. – ამ გასაოცარ შენობას ერთადერთი ნაკლი აქვს. ის შეუვალია, თუ კარს არ გავითვალისწინებთ. მტერი შეძლებს ამ კარიდან შესვლას. თუ შიგნით შეხვალთ და კარს აგურით ამოაშენებთ, სასახლე სრულად დაცული გახდება. მაშინ მტერი ვეღარ შემოაღწევს შიგნით.
– ბრიყვო, ასე რომ მოვიქცე, სასახლე ჩემს სამარედ გადაიქცევა, – თქვა მეფემ.
– ის უკვე არის სამარე, – თქვა ბერმა, – თუ კარს არ გავითვალისწინებთ. ამ კარით მტერი შეძლებს შემოსვლას, ხოლო თუ მტერი ვერ შემოვა, სიკვდილი აუცილებლად შეძლებს ამას.
– მაგრამ მე მოვკვდები მანამდე! – განრისხდა მეფე.
– კარგად მისმინე, – თქვა ბერმა. – რამდენი კარიც ჰქონდა შენს სასახლეს, იმდენი არსებობა გაგაჩნდა შენ. კართა რაოდენობის შემცირებასთან ერთად შენ ცხოვრებაც შეამცირე შენში. ახლა ერთადერთი კარი დარჩა – ერთადერთი გასასვლელი ცხოვრებაში. დახურავ მას და უარს იტყვი ცხოვრებაზე სამუდამოდ! შესაბამისად, ვამბობ, რომ შენს სასახლეს ერთადერთი ნაკლი აქვს. – და, მან კვლავ გადაიხარხარა.
– თქვენო უდიდებულესობავ, მეც მქონდა ციხესიმაგრეები, – განაგრძო ბერმა. – მაგრამ ერთ დღეს მივხვდი, რომ ისინი უბრალოდ საპატიმროები იყო. ამიტომ, კარის გაგანიერებას და კედლების გაშლას შევუდექი. მაგრამ დავინახე, რომ არ ჰქონდა მნიშვნელობა, რამდენად გავაგანიერებდი კარს, რადგან კედლები კედლებად რჩებოდა. ამიტომ გამოვედი კედლებიდან ღია სივრცეში. ახლა მე ღია ცის ქვეშ ვიმყოფები და ცოცხალი ვარ ამ სიტყვის ყველაზე სრული აზრით.
მაგრამ ნუთუ ჩვენც მაქსიმალური რაოდენობის კედლებს არ ვაშენებთ საკუთარი თავის გარშემო? აგურით ნაშენი კედლები სახიფათო არ არის, რადგან ისინი ხილულია თვალისთვის. არსებობს სხვა სახის კედლებიც – შეუმჩნეველი, უჩინარი კედლები. ესენი რთული დაბრკოლებებია – ცნებების, დოქტრინების, წმინდა წერილების დაბრკოლებები. ისინი აბსოლუტურად უხილავია.
ამ კედლებს ჩვენ საკუთარ სულთა გარშემო ვაგებთ სრული უსაფრთხოებისთვის. რაც უფრო სქელია ეს კედლები, მით უფრო შორს ვართ ჭეშმარიტების ღია ზეცისგან. შედეგად, სული მშფოთვარე და დაძაბული ხდება. და, რაც უფრო აღგზნებულია სული, მით უფრო ვამყარებთ კედლებს. შემდეგ კი შიში გვიპყრობს: იქნებ ამ შფოთის და დაძაბულობის მიზეზი თვით კედლებია? პასუხი არის: „დიახ“. სანამ სული ტყვეობაშია, ის ვერ მოიპოვებს ნეტარებას. არ არსებობს უფრო დიდი უბედურება, ვიდრე ტყვეობაა.
გახსოვდეთ, რომ თქვენთვის სხვების მიერ თავმოხვეული მორჩილება მხოლოდ ზედაპირულია. ის თქვენს შინაგან არსებას ვერ წვდება. მაგრამ მორჩილება, რომელსაც თქვენ თავად ეთანხმებით, თქვენს სულში აღწევს. ასეთ მორჩილებას ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვეთანხმებოდით. ვინ გითხრათ, რომ ინდუსი ხართ? ვინ გითხრათ, რომ ხართ მუსულმანი? ვინ გირჩიათ, რომ განდის1 ან მარქსის მიმდევარი გამხდარიყავით? ვინ გირჩიათ საკუთარი თავის დამონება? – არავინ. თქვენ საკუთარი ხელებით შეიბორკეთ თავი. ვინ მოგახვიათ თავს ბჰაგავად გიტა? ვინ მოგახვიათ თავს ყურანი? ვინ მოგახვიათ თავს ბიბლია? – თქვენ გარდა არავინ.
არსებობს რაღაც, რასაც სხვები გვახვევენ თავს, მაგრამ მრავალ რამეს ჩვენ თავად ვიხვევთ თავს. სხვათა ყმობა გარეგნული და მხოლოდ ფიზიკურია, მაგრამ მონობა, რომელსაც საკუთარი ნებით ვეთანხმებით, ჩვენს სულებსაც კი ბორკილებს ადებს. ამგვარად, ყველა ტყვეებად ვიქცევით.
როგორ შევძლებთ ჭეშმარიტების ძიების დაწყებას მორჩილი გონებით? – დამონებული გონება ვერასოდეს გაუწევს წინააღმდეგობას დინებას, ხოლო შებორკილი სული ვერასოდეს აიზიდება ზეცაში. ადამიანს უფრო მეტად აქვს ფესვები გადგმული ნიადაგში თავისი მოჩვენებითი მობილურობით, ვიდრე ხეს. ჩვენი სული ღრმად არის ფესვგადგმული ტრადიციებსა და საზოგადოებაში.
ამგვარად, მსურს ვისაუბრო ჭეშმარიტების ძიების პირველი წესის შესახებ, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ სრულად უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი დამონებული მდგომარეობა. ადამიანი მონაა, მაგრამ ვისი მონა? – თავისი განუსჯელობის, მოწყენილობის, უცოდინრობისა და გულგრილობის. ადამიანი მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს მონობის აღმოსაფხვრელად ნაბიჯების გადადგმას, რაც ცხადად გააცნობიერებს ამ მდგომარეობას.
ყველაზე უიღბლო მონა ის არის, რომელმაც არც კი იცის, რომ მონაა. უბედურია ადამიანი, რომელიც ციხეს საკუთარ სახლად აღიქვამს. მონობა ყველაზე მეტად მასშია გამჯდარი, ვინც ხუნდებს სამკაულად აცნობიერებს, რადგან, ნაცვლად მათი მოშორებისა, ის მათ დაცვას ცდილობს.
ერთი გრძნეულის შესახებ მსმენია, რომელიც ცხვრებს ყიდდა სასაკლაოზე. ის მათ კარგად კვებავდა, ხოლო როდესაც ცხვარი მოსუქდებოდა, კლავდა და ხორცს ყიდდა. გარდა ამისა, ის თავის ფარას ჰიპნოზს უტარებდა და არწმუნებდა, რომ ისინი ლომები იყვნენ, ასე რომ, როდესაც მათ თვალწინ კლავდნენ ნასუქ საქონელს, მათ არ ეშინოდათ. ისინი ასე ფიქრობდნენ: „კეთილი, ეს ცხვრები უნდა დაიკლან. მაგრამ ჩვენ ლომები ვართ და კითხვებიც არ არის“.
ამგვარად, ყოველდღე იკვლებოდა ერთი პარტია, დანარჩენები კი უმეცარ ნეტარებაში რჩებოდნენ. ჭეშმარიტებას მხოლოდ მაშინ აცნობიერებდნენ, როდესაც მათი რიგი დგებოდა. მაგრამ უკვე გვიანი იყო. თავის დაღწევის გზა არ არსებობდა. ოდნავ მეტად რომ დაფიქრებულიყვნენ, როდესაც სხვებს კლავდნენ, შესაძლოა გაქცეულიყვნენ კიდეც. მაგრამ საბრალო არსებებს სრულად ჰქონდათ დავიწყებული თავიანთი წარმომავლობა. ხოლო როდესაც ცხვარი წარმოიდგენს, რომ ლომია, ის ყველაზე სუსტ და მოწყვლად რგოლად იქცევა ფარაში. როდესაც გრძნეულს ეკითხებოდნენ, თუ რას აკეთებდა იმისთვის, რომ ფარა არ დაფანტულიყო, ის პასუხობდა: „მე მათ იმას ვუკეთებ, რასაც თითოეული ადამიანი საკუთარ თავს. ჩვენ თავს ვირწმუნებთ, რომ ისეთები ვართ, როგორებიც სინამდვილეში არ ვართ. მე ვაიძულე ცხვრები, მიეჩნიათ საკუთარი თავი იმად, რაც არ არიან“.
საკუთარ თავს ყოველი ადამიანი დამოუკიდებლად მიიჩნევს და ეს ყველაზე დიდი შეცდომაა. სანამ ადამიანი ფიქრობს, რომ მისი სული თავისუფალია, ის არაფერს გააკეთებს თავისუფლების მოსაპოვებლად. შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, უკიდურესად აუცილებელია, ვიცოდეთ, რომ ჩვენ არ ვართ თავისუფლები. და, როდესაც ვამბობ „ჩვენ“, მე არა მხოლოდ გარშემომყოფებს ვგულისხმობ, არამედ საკუთარ თავსაც.
მე მონა ვარ და აბსოლუტურად აუცილებელია, რომ ამ მონობის მთელი ტკივილი და ტანჯვა გავიარო. აუცილებელია მისი განსხვავებული გამოვლინებების განცდა და ასევე ყველა საშუალების, რომელთა მეშვეობითაც მონობაში ვრჩებით. უნდა ვიცოდეთ, თუ რა ფორმით და რა გზებით გვიპყრობს იგი და რისგან შედგება მონობის ბორკილები. შეუძლებელია სულიერი მონობის უღლის გადაგდება მისი სრულად შეცნობის გარეშე.
თუ ადამიანს ციხიდან გაქცევა სურს, რა უნდა გააკეთოს მან? – პირველ რიგში, მან უნდა გაიგოს და აღიაროს, რომ პატიმარია და ციხეში იმყოფება; ის უნდა იცნობდეს ციხეს, მის ყველა კუთხე-კუნჭულს, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეძლებს გაქცევის დაგეგმვას. რაც უფრო კარგად იცნობს ის ციხის შენობას, მით უფრო იოლი იქნება გაქცევა. ამიტომაც აქცევენ ყურადღებას იმას, რომ პატიმარი არ იცნობდეს საპატიმროს ნახაზსა თუ სქემას. როგორც კი ამას შეიტყობს, ის საშიში ხდება და ნებისმიერ დროს შეძლებს გაქცევას. ცოდნა ათავისუფლებს.
ციხის ცოდნაც კი ათავისუფლებს, შესაბამისად კი, ეს ცოდნა საშიშია პატიმრის ხელთ. პატიმრის არცოდნის შენარჩუნების საუკეთესო გზაა მისი შეცდომაში შეყვანა, რათა მან ირწმუნოს, რომ ღმერთის ტაძარში იმყოფება და არა ციხეში და რომ ის თავისუფალი ადამიანია; რომ მთელი სამყარო ამ ოთხ კედელშია მოქცეული; რომ ამ კედლების მიღმა არაფერია. ხოლო თუ არსებობა გაუსაძლისია, შეუძლია ჭუჭყიანი კედლები მოხატოს. შეუძლია ბაღი გააშენოს და ყვავილები გაზარდოს. მათი სურნელი სიახრულის წყაროდ იქცევა. მორთეთ ციხე, რადგან ის თქვენი სახლია. როგორ ფიქრობთ, პატიმარი, რომელსაც ეს ყველაფერი სჯერა, ოდესმე გახდება თავისუფალი?
უპირველეს ყოვლისა, ჩვენ არც კი გვახსოვს, რომ ციხეში ვიმყოფებით. რამდენი ციხე უნდა გავიაროთ დაბადებიდან სიკვდილამდე! ყველგან კედლებია, ციხის კედლები. როდესაც ინდუსი ამბობს: „მე ვარ ინდუსი“, მუსულმანი კი ამტკიცებს, რომ მუსულმანია, ისინი არ ამბობენ, რომ თავის შესაბამის კედლებში არიან დატყვევებულნი. მათ იმგვარი პატივმოყვარეობა იპყრობს, თითქოს ინდუსად, მუსულმანად ან ჯაინად2 ყოფნა დიდი სიამაყის საგანი იყოს. როდესაც ადამიანი აცხადებს: „მე ვარ ინდოელი“ ან „მე ვარ ჩინელი“, ეს მისთვის სიამაყის საგანია. მან მცირედი იცის იმის შესახებ, რომ ეს მხოლოდ კედლებია, რომლებიც ხელს უშლის ყველა ადამიანს იმაში, რომ „ერთ კაცობრიობად“ გაერთიანდეს.
რაც წინ გვეღობება, ის დამაბრკოლებელია. თუ მე თავს ვიკავებ თქვენთან შეხვედრისგან, რაც არ უნდა იდოს ამის საფუძვლად, ეს დაბრკოლებაა. თუ ინდუსს არ სურს მუსულმანთან შეხვედრა, მათ შორის კედელია აღმართული. იგივეა მართებული ჩინელისა და ინდოელის, კასტიდან გაძევებულისა და ბრამინის3 მიმართ. ხილულია დაბრკოლება თუ უხილავი, რაც არ უნდა ეღობებოდეს გაერთიანებას – ეს კედელია. და, რა ოდენობის კედლებია ადამიანებს შორის!
ისეთი კედლები, რომლებიც ინდუსსა და მუსულმანს შორის არსებობს, გამოვლენას საჭიროებს, ჩვენ კი მათი არსებობის შესახებაც კი არაფერი ვიცით. სწორედ ამიტომ არის ისინი საფრთხის შემცველი, რადგან მათ გამჭოლ დანახვა შეგვიძლია, მაგრამ მეგობრული ხელის გაწვდენა – არა. თუ ინდუსი მუსლიმისთვის ხელის გაწვდენას შეეცდება, მათ შორის არსებული კედელი არ მისცემს მას ამის საშუალებას. ასეთივეა მდგომარეობა დაბალი კასტის შუდრასა4 და მაღალი კასტის ბრამინს შორის. შესაბამისად, არ არსებობს შეხვედრის ადგილი, ჩვენ კი ვერ ვაცნობიერებთ, რომ ეს მთლიანად იმ მიზეზით ხდება, რომ თითოეული ჩვენგანი ცნებებისა და დოგმების კედლებით არის გარშემორტყმული და მათ მიღმა ვერაფერს ხედავს.
რუსეთში ასწავლიან, რომ ღმერთი არ არსებობს. ბავშვები ასეთი შეხედულებით იზრდებიან. ბავშვის სულის გარშემო შეუქცევადი ხაზია შემოვლებული – ღმერთი არ არსებობს. ბაშვი გაიზრდება და ცხოვრებაში ამ შეზღუდული შეხედულებით მოუწევს სიარული და სამყაროსაც მხოლოდ იმ შეხედულების ჭრილში განსჯის, რომ ღმერთი არ არსებობს. მისი ყველა ქმედება ამ შეხედულების მიხედვით იქნება ორიენტირებული.
თუკი ადამიანი ტყვეობაში იმყოფება, ის გარშემორტყმული უნდა იყოს ციხის კედლებით, მაგრამ სულის საპატიმროები ძალიან უცნაური რამ არის. ისინი გარშემო დაგყვებათ, სადაც არ უნდა წახვიდეთ. რადგან ღმერთის არარსებობის იდეა ადამიანში ბავშვობიდან არის ჩანერგილი, ის მთელ თავის ცხოვრებას ამ შეხედულებით გაივლის. ის ვერსად შეძლებს ღმერთის პოვნას, რადგან ჩვენ მხოლოდ იმის დანახვის უნარი გვაქვს, რისთვისაც მზად ვართ. ხოლო ის ადამიანი, ვისი დაკვირვების უნარიც შეზღუდული და დაკნინებულია, დაასკვნის, რომ ღმერთი არ არსებობს, ის ვერაფრის დანახვას შეძლებს.
თქვენ შეგიძლიათ, შემეპასუხოთ: „გამოდის, რომ ჩვენ უკეთეს მდგომარეობაში ვართ, რადგან გვწამს ღმერთის არსებობა“. ასე არ არის. თუ უარესის არა, ჩვენ ისეთივე საფრთხის წინაშე ვიმყოფებით, როგორის წინაშეც ისინი. ადამიანი თავისთავად ნაგულისხმევად მიიჩნევს, რომ ღმერთი არსებობს. ის დარწმუნებულია და ღმერთის პოვნა მისთვის სირთულეს არ წარმოადგენს. მას სწამს და ეს საკმარისია – სხვა აღარაფერია საჭირო. მას სწამს და მისი რწმენა, რომ ღმერთი არსებობს, მისი ციხის კედლებად იქცევა. მას, ვისაც ღმერთი არ სწამს, ღმერთის უარყოფის საზღვრებშია მოქცეული. ამგვარად, ერთი თეიზმშია ჩაკეტილი, მეორე კი – ათეიზმში. ორივე თავ-თავის ბუდეშია ჩაკეტილი. მაგრამ, მხოლოდ ის შეძლებს წინსვლას ჭეშმარიტების ძიების გზაზე, ვინც ყველა კედელზე იტყვის უარს. ასეთი ადამიანი ამბობს: „მე არ ვიცი, არის თუ არა ღმერთი, მაგრამ ჩემ გარშემო არანაირ კედელს აღვმართავ. მე არც წმინდა წერილს დავეყრდნობი და არც დოგმებს, რადგან ისინი მხოლოდ ადამიანის შესაბორკად გამოიყენება და ურთულებს მას ჭეშმარიტების ძიებას“.
სოფელში ყოფნისას ადგილობრივებმა მიმართეს ბერს:
– ხომ არ ინებებ ჩვენს ტაძარში მოსვლას, რათა გვამცნო, არსებობს თუ არა ღმერთი?
ბერმა უპასუხა:
– ღმერთი? რა საქმე აქვს მას თქვენთან? წადით და იმუშავეთ. არავის აქვს საქმე ღმერთთან. ღმერთი რომ ყოფილიყო, ეს სამყარო სრულიად განსხვავებული ადგილი იქნებოდა. მაშინ სამყარო არ იქნებოდა ესოდენ მახინჯი, ვერაგი და ქედმაღალი. ჩვენ რომ ღმერთისმიერი მიზანი გვქონდეს, მაშინ ამ სამყაროს სრულიად შევცვლიდით. მაგრამ არა, ჩვენ ამ მიმართულებით არაფერი გვაინტერესებს და ეს არც მათ აინტერესებთ, ტაძრებში რომ სხედან. არც მღვდელმსახურებს, სადჰუებს,5 სანიასინებსა6 და გურუებს,7 მისი სახელით რომ არიან შეკრებილნი, მათაც კი არ აინტერესებთ ღმერთი; არც მათ, ყვავილებს რომ სთავაზობენ და ქოქოსის კაკლებს ტაძრის კედლებზე ამტვრევენ.8 ღმერთი რომ ჩვენთვის რაიმეს ნიშნავდეს, ეს სამყარო სრულიად განსხვავებული ადგილი იქნებოდა. წადით და იმუშავეთ. რა საქმე გაქვთ ღმერთთან? დროს ნუ კარგავთ!
მაგრამ ხალხი არ მიდიოდა:
– დღეს უქმეა, გთხოვთ, მოხვიდე.
ბერმა თქვა:
– აჰა, მესმის, ახლა ჩემთვის გასაგებია. რადგან დღეს უქმეა, შეგიძლიათ დრო დაუთმოთ ღმერთს. ადამიანი ვერ ძლებს უსაქმოდ, ამგვარად, როდესაც საქმე არ აქვს, ის ღმერთის შესახებ იწყებს ფიქრს და კრიალოსანს ათამაშებს. მაშ, დღეს უქმეა? კეთილი, მოვალ. მაგრამ რის თქმას შევძლებ ღმერთის შესახებ? რადგან დღემდე ვერაფრის თქმა მოხერხდა ღმერთის შესახებ. ის, ვინც რამეს ამბობდა, ცდებოდა. ის, ვინც რაიმე იცოდა, დუმილს ინარჩუნებდა. სულელი უნდა ვიყო, რაიმე რომ ვთქვა, რადგან ეს დაადასტურებს, რომ არაფერი ვიცი მის შესახებ. და, მაინც იჟინებთ, რომ თქვენთან ერთად წამოვიდე? კეთილი, წამოვალ.
ისინი მეჩეთში წავიდნენ, სადაც დიდძალი ხალხი დახვდათ. ბრბო ილუზიებს იქმნის. ადამიანებს თითქოს სურდათ, შეეტყოთ ღმერთის შესახებ. ასე რომ, ბერმა თქვა:
– ვინაიდან ესოდენ ბევრ ადამიანს სწყურია ღმერთის შესახებ გაგება, ნება მომეცით, ვიკითხო: გწამთ ღმერთი? არსებობს ღმერთი?
თანხმობის ნიშნად ყველამ აღმართა ხელები – მათ იცოდნენ, რომ ღმერთი არსებობდა და სწამდათ მისი.
– მაშინ საკითხი ამოწურულია, – თქვა ბერმა. – რადგან დარწმუნებულები ხართ, რომ ღმერთი არსებობს, აღარ არის საჭირო, რომ მე რაიმე ვთქვა. უკან უნდა დავბრუნდე. – და, წავიდა.
ხალხი გაოგნებული იყო. მათ არ იცოდნენ, რა ეღონათ! რადგან ხელები უკვე აღმართეს ღმერთის არსებობის სასარგებლოდ, ახლა ვეღარ უარყოფდნენ მის არსებობას. მაგრამ ვინ იცის? თქვენ? – ვინმემ რომ გკითხოთ, თქვენც აღმართავთ ხელს.
ეს ქმედება სიცრუეა. ჭეშმარიტება ვერანაირად შეაღწევს იმ ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც ასე ცრუობს ღმერთის წინაშე. ხოლო როდესაც ადამიანი ღმერთის არსებობის შესახებ ცრუმოწმეობს, როდესაც მას წარმოდგენაც არ აქვს ღმერთის ადგილსამყოფლის შესახებ, ის თავისი სიცოცხლის ყველა კარს კეტავს, რომლიდანაც ღმერთმა შეიძლება შეაღწიოს მასში. მასში მარადიული სინათლის ვეღარცერთი სხივი შეაღწევს; მასში აღარ აინთება უზენაესი რეალობის სინათლე, მისგან აღარასოდეს გადმოედინება ლოცვა და ვეღარ გაიხარებს მასში ღვთაებრივი ყვავილები. და, მაინც, მას სწამს ღმერთის არსებობა! რადგან ეს ადამიანი არ ცდილობს საკუთარ თავში ჩახედვას და ვერ აცნობიერებს, რომ საზარელ სიცრუეს ამბობს, ამბობს, რომ არაფერი იცის!
ამგვარად ცრუობენ მამები შვილების წინაშე, გურუები – საკუთარი მოწაფეების წინაშე, ხოლო რელიგიური ლიდერები – თავიანთი მიმდევრების წინაშე. არცერთმა უწყის ღმერთის არსებობა. თუ განმარტებას მოითხოვთ, ისინი შეძრწუნდებიან, ხოლო ღმერთის შესახებ მათი წარმოდგენა ნამსხვრევებად იქცევა, რადგან ვერანაირი შინაგანი ხმა დაადასტურებს მათ განცხადებას. შესაძლოა, როდესაც ისინი ამბობენ, რომ ღმერთი არსებობს, მათი შინაგანი ხმა საყვედურობს მათ: „რას ამბობ? შენ საერთოდ არაფერი იცი!“
ბერმა თქვა:
– ვინაიდან თქვენ უკვე იცით, რომ ღმერთი არსებობს, საკითხი ამოწურულია. მაგრამ გასაკვირი ის არის, რომ სოფელი, რომელშიც ამდენ ადამიანს სწამს ღმერთი, არაფრით განსხვავდება სხვა მრავალი სოფლისგან. ყველა სოფელი ერთნაირია.
ახლა კი დამწუხრდნენ სოფლის მაცხოვრებლები. რა უნდა ეღონათ? – მომდევნო პარასკევს მათ იგივე თხოვნით მიმართეს ბერს. ბერმა თქვა:
– უკანასკნელი შეხვედრისას თქვენ იცოდით, რომ ღმერთი არსებობს. აღარაფერი დარჩა სათქმელი.
– ის სხვა ხალხი იყო. ჩვენ არ ვიცნობთ ღმერთს. გთხოვთ, მოხვიდე და გაგვანათლო, – თქვეს მათ.
ბერმა წამოიძახა:
– ო, ყოვლისშემძლე უფალო! ეს იგივე ხალხია, მე ვცნობ მათ სახეებს, მაგრამ ისინი შეიცვალნენ!
ფაქტი ის არის, რომ რელიგიურ ადამიანს დიდი დრო არ სჭირდება ცვლილებისთვის. მასზე უფრო გაიძვერა ადამიანის პოვნა რთულია: ის ერთი ადამიანია თავის მაღაზიაში და სრულიად განსხვავებული – ტაძარში, ხოლო როგორც კი ტაძარს დატოვებს, კვლავ სხვა ადამიანად იქცევა.
ქამელეონის ხელოვნება ტაძრის ვიზიტორებისგან უნდა ვისწავლოთ. საკუთარი სულების შეცვლა მათ მყისიერად შეუძლიათ. კინომსახიობებიც კი არ არიან ესოდენ დახელოვნებულები, რადგან, უკეთეს შემთხვევაში, ისინი საკუთარ სახეს ან სამოსს იცვლიან. მაგრამ ტაძარში მიმავალი ადამიანი საკუთარ სულს თავისი საჭიროებისდა მიხედვით იცვლის. იხილეთ ის თავის მაღაზიაში, ჩახედეთ თვალებში – ეს სხვა ადამიანია. იხილეთ ის ტაძარში მჯდომი, როდესაც კრიალოსანს ათამაშებს და თქვენ სრულიად განსხვავებულ ადამიანს იხილავთ. შემდეგ, როდესაც ტაძარს დატოვებს, ისევ განსხვავებული ადამიანი იქნება. ის ადამიანი, რომელიც ყურანს კითხულობდა მეჩეთში ერთი საათის წინ, ოდნავადაც არ დაფიქრდება, დანა გაუყაროს ადამიანს შეძახილის გაგონებისას, რომ „ისლამი საფრთხეშია!“ ის, ვინც ბჰაგავად გიტას კითხულობდა მცირე ხნის წინ, ვერაფერს იგრძნობს, როდესაც ცეცხლს წაუკიდებს სახლს ინდუისტური რელიგიის სახელით. ასეთი რელიგიურობის მქონე ადამიანებს დიდი დრო არ სჭირდებათ ცვლილებებისთვის. და, მანამ, სანამ ამ ადამიანებს რელიგიურებად მიიჩნევენ, ამ სამყაროდან არარელიგიურობა ვერ აღმოიფხვრება. თუმცა, მოდით, ჩვენი ისტორია განვაგრძოთ.
ბერმა თქვა:
– დიდება უფალს! როგორ შეცვლილა ეს ხალხი! არა უშავს, თუ თქვენ მართლაც სხვა ხალხი ხართ, წამოვალ.
ის მეჩეთში მივიდა და თქვა:
– მეგობრებო, მე იგივე კითხვას გისვამთ, რადგან დღეს მე მითხრეს, რომ აქ სხვა ხალხია შეკრებილი, თუმცა მრავალი სახე ნაცნობია. არსებობს ღმერთი?
ხალხმა ერთხმად უპასუხა:
– არა, ღმერთი არ არსებობს. ჩვენ არ გვწამს მისი, შენ აგვიხსენი.
ბერმა თქვა:
– მაშინ საკითხი აღმოფხვრილია. თუ ღმერთი არ არსებობს, რატომ უნდა ვილაპარაკოთ მის შესახებ? თუ ის არ არსებობს, მაშინ რას ეხება თქვენი კითხვა? ნუთუ ის იმასთან არის კავშირში, რაც არ არსებობს?! რომელი და როგორი ღმერთის შესახებ მეკითხებით?
ხალხი დაბნეული იყო. ამ ადამიანთან ვერაფერს გახდებოდი. მან უთხრა:
– შინ დაბრუნდით. საერთოდ რატომ მოდიხართ იმის საძიებლად, რაც არ არის? რაღას ეძებთ, როდესაც აღმოაჩინეთ, რომ ღმერთი არ არსებობს? მაპატიეთ და ნება მომეცით, დაგტოვოთ.
სოფლის ბრძენკაცებს ახლა კიდევ უფრო მეტად სურდათ მისი მოსმენა, რადგან დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მას საიდუმლო ჰქონდა. ის ჩვეულებრივი ბერი იყო, რადგან ჩვეულებრივ ადამიანს ყოველთვის სურს საუბარი. მიეცით შანსი და ის ალაპარაკდება. მაგრამ ის საუბრის ყველა შესაძლებლობაზე უარს ამბობს. რაღაც არის ამოუცნობი მასში!
მესამე პარასკევს ხალხმა კვლავ მიმართა მას იგივე თხოვნით.
– მე ორჯერ ვიყავი მოსული და საკითხი ამოწურულია, – თქვა ბერმა.
ხალხმა უპასუხა:
– დღეს სრულიად განსხვავებული საქმეა. გთხოვთ, მოხვიდე, რადგან დღეს სრულიად განსხვავებულ პასუხს გაგცემთ.
ამაზე ბერმა თქვა:
– მისი პასუხები, ვინც მომზადებული მოდის, ყოველთვის არასწორია. ეს მხოლოდ იმას უჩვენებს, რომ თქვენ არ იცით პასუხი. მას, ვინც იცის, სამზადისი არ სჭირდება. მხოლოდ ის უნდა აღიჭურვოს, ვინც არ იცის.
გახსოვდეთ, რომ ყველა პასუხი, რომლითაც შეიარაღდებით, მცდარია. მხოლოდ ისინია სწორი ცხოვრებისეული პასუხები, რომლებიც „თავისთავად მოდის“. სხვა ყველა მცდარია. ჭეშმარიტებას არ სჭირდება სამზადისი. ჭეშმარიტება თავისთავად მოდის, სიცრუე ყოველთვის შეთითხნილია. ის, რაც თავისთავად მოდის, არის კიდეც ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება არასოდეს არის მოცემული, შესაბამისად, რასაც ადამიანი ამზადებს, ყველაფერია ჭეშმარიტების გარდა. სწორედ იმიტომ არის სამყაროს ყველა წმინდა წერილი, მოძღვრება და სექტა მცდარი, რომ ისინი ადამიანმა შექმნა. ადამიანს არ ძალუძს ჭეშმარიტების შექმნა. ჭეშმარიტება მაშინ მოდის, როდესაც ის ილუზია აღმოიფხვრება, რომ მას ჭეშმარიტების შექმნა ძალუძს. როდესაც ადამიანი უარს ამბობს ადამიანის მიერ შექმნილ პრინციპებზე, ჭეშმარიტება ეშვება მასთან.
ბერმა თქვა:
– სანამ პასუხს გამცემდეთ, მანამდე გეტყვით, რომ ის მცდარია, მაგრამ მაინც გამოგყვებით.
ის მესამედაც მივიდა. შესაძლოა, სოფლელ სწავლულებს ეგონათ, რომ ისინი ძალიან ჭკვიანები იყვნენ. მათ მცირედი იცოდნენ იმის შესახებ, რომ ჭკუა არ მოქმედებს ჭეშმარიტების სამეფოში.
მაგრამ სოფლის ბრძენკაცები დარწმუნებულნი იყვნენ. დღეს ისინი მზად იყვნენ, დაემარცხებინათ ბერი. მაგრამ მათ არ იცოდნენ, რომ თვით იმ სიტყვას, რომელსაც ბერი გულისხმობდა, ყველა ხაფანგის დამსხვრევა შეეძლო. მათ არც ის იცოდნენ, რომ როდესაც ადამიანი მეორის მახეში გაბმას ცდილობს, თვითონ ებმება ამ მახეში.
ამის მიუხედავად, ბერი მაინც წავიდა მეჩეთში. მან შეკრებილებს მიმართა:
– მეგობრებო, მესამედ გისვამთ ერთსა და იმავე კითხვას: არსებობს თუ არა ღმერთი?
შეკრებილთა ნახევარმა აღმართა ხელები და თქვა: „ღმერთი არსებობს“, მეორე ნახევარმა კი აღმართა ხელები და თქვა: „ღმერთი არ არსებობს“. მათ ბერს სთხოვეს, ამის შესახებ ეთქვა რაიმე. ბერმა მკერდზე დაიწყო ხელები და ცაში აიხედა:
– უფალო, ეს ძალიან მხიარული სოფელი ყოფილა! – შემდეგ ბრბოს მიუბრუნდა: – უგნურებო, რადგან ნახევარმა იცით, ხოლო მეორე ნახევარმა არ იცით, რატომ არ ეტყვის ის ნახევარი პასუხს იმას, რომელმაც ეს პასუხი არ იცის? მე რატომ მჩრით შუაში? თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ. – და, წავიდა.
სოფლის ბრძენები მეოთხედ აღარ წასულან მასთან. ბევრს ეცადნენ, მეოთხე პასუხიც მოეფიქრებინათ, მაგრამ ვერ მოახერხეს. ფაქტი ისაა, რომ მხოლოდ სამი პასუხი არსებობს: კი, არა და ორივე.
ბერი დიდხანს რჩებოდა სოფელში იმ იმედით, რომ ხალხი კვლავ მიმართავდა მას, მაგრამ უშედეგოდ. როდესაც ვინმე ეკითხებოდა, თუ რატომ რჩებოდა ამდენ ხანს, ის პასუხობდა: „მათ ველოდები. შესაძლოა მეოთხედაც მოვიდნენ, მაგრამ ჯერ არ მოსულან“.
– როგორ იზამენ ამას? – კითხულობდა ერთ-ერთი. – მათ არ იციან, რა პასუხი უნდა გაგცენ მეოთხედ.
ბერმა თქვა:
– შენთვის რომ მეთქვა, ჩემი პასუხი შენთვისაც უსარგებლო გახდებოდა, რადგან შენთვის ის მომზადებულ პასუხად იქცეოდა.
თავის ავტობიოგრაფიაში ბერი წერს: „მე ველოდი, რომ ისინი მოვიდოდნენ და კიდევ ერთხელ მომიწვევდნენ ტაძარში. ხოლო, თუ ისინი არაფერს მიპასუხებდნენ კითხვაზე და მდუმარენი დამელოდებოდნენ, მე საუბარი მომიწევდა, რადგან მათი დუმილი მათი ძიების გულწრფელობის ნიშანი იქნებოდა“.
მათ, ვინც ღია გონებით იწყებს ძიებას, არ უნდა ჰქონდეთ წინასწარ ჩამოყალიბებული შეხედულებები. ისინი, ვინც შეხედულებებით არიან დამძიმებულნი, ამ მოგზაურობას ვერ შეუდგებიან. შესაბამისად, პირველი, რასაც ხაზი მინდა გავუსვა ამ საკითხში, ის არის, რომ მხოლოდ ისინი შეძლებენ ჭეშმარიტების საძიებლად გამგზავრებას, ვისაც მოძღვრებებისა და ცნებების საპატიმროთა კედლების დამსხვრევა ძალუძს.
ჩვენ დოგმების, სიტყვებისა და წმინდა წერილების ტყვეები ვართ – ჭეშმარიტება ჩვენთვის არ არის. ეს ოქროს დოგმებია, რომლებიც ძვირფასი ქვებით არის ინკრუსტირებული. გალია შეიძლება ოქროს ან ძვირფასი ქვებისგან იყოს გაკეთებული, მაგრამ ის მაინც გალიაა. ფაქტობრივად, სატყუარა მას კიდევ უფრო საშიშად აქცევს, რადგან ადამიანი ისწრაფვის რკინის გალიისთვის თავის დაღწევისკენ, მაგრამ ოქროს გალიამ შესაძლოა მიმზიდველობა შეინარჩუნოს. ამგვარად, ჩვენ თავად ვადებთ ბორკილებს საკუთარ გონებას და სანამ მათგან არ განვთავისუფლდებით, მანამ ჭეშმარიტებამდე ვერ ავმაღლდებით. მანამდე ვერ შევძლებთ იმის დანახვას, რაც არის. მანამდე კი უნდა ვეცადოთ, საგნები ისეთი დავინახოთ, როგორიც გვსურს რომ იყოს, ხოლო სანამ რაღაც გვსურს, ჩვენ არ ვიცით, რა არის სინამდვილეში. სანამ ჭეშმარიტებას ჩვენი საკუთარი თარგის მიხედვით ვჭრით, მანამ ჩვენ ვიძირებით ჭეშმარიტებაში.
სანამ ვამბობთ, რომ ღმერთი ასეთი და ასეთი უნდა იყოს – უკრავდეს ფლეიტაზე და მშვილდ-ისარი დაჰქონდეს – მანამ ჩვენ ღმერთისთვის საკუთარი წარმოდგენის მიწერას ვცდილობთ. სწორედ ასეთ დროს ვხედავთ კრიშნას,9 რომელიც ფლეიტაზე უკრავს, ვხედავთ რამას10 მშვილდ-ისრით და ჯვარცმულ იესოს. მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენი საკუთარი გონების პროექციებია და არანაირი კავშირი აქვს ჭეშმარიტებასთან. ეს ჩვენი სურვილების თამაშია. ეს ჩვენი ოცნებებია, ხოლ ვინც ოცნებებს რეალობად მიიჩნევს, ჭეშმარიტების გაცნობიერების ყველა შესაძლებლობას ანადგურებს.
არა, ჭეშმარიტება მხოლოდ მათ იციან, ვისზეც დოქტრინები არ ახდენს გავლენას, ვინც ყველა შემთხვევითობასთან შესახვედრად არის მზად და ვისაც ყველა ბორკილის გაწყვეტა სურს მის მოსაპოვებლად. უცნაური რამ აქ ის არის, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ იმ ბორკილებს მოითხოვს, რომლებიც ჩვენ გვბორკავს: „უარი თქვი მორჩილებაზე და შენ მომიპოვებ მე“, ამბობს ის. მაგრამ ჩვენ არ ვართ მზად ხუნდების დასათმობად. ჩვენ მიბმულნი ვართ მათ: რაც უფრო ძველია ისინი, მით უფრო მეტად ვართ მიბმულნი, ხოლო ყველაზე რთული ისეთების მიტოვებაა, რომლებიც სათავეს წინაპრებიდან იღებს. მამა მათ შვილს გადასცემს შესანახად, შვილი კი – თავის შვილს.
ადამიანები კვდებიან, მაგრამ ბორკილები თაობიდან თაობას გადაეცემა, ასე რომ, მათი ასაკი ათას წელიწადს აღწევს. ჩვენ დაგვავიწყდა კიდეც, რომ მიბმულნი ვართ მათ. გახსოვდეთ, რომ თქვენ ვერ შეძლებთ ჭეშმარიტების გაცნობიერებას, თუნდაც ერთი დოგმის ერთგულნი თუ მაინც ხართ, იქნება ეს თეისტისა თუ ათეისტის დოგმა, ინდუსის, მუსულმანისა თუ ქრისტიანის დოგმა და თუ ამბობთ: „ეს მოძღვრება მართებულად მიმაჩნია“. მაგრამ როგორ შეძლებთ ამ მოძღვრების ნამდვილობის დადგენას ჭეშმარიტების მოპოვებამდე? სანამ ჭეშმარიტებას მოვიპოვებ, როგორ შევძლებ იმის თქმას, რომ მოძღვრება სწორია? თუ თქვენ ნანახი გყავართ და ნანახი გაქვთ ჩემი სურათები, თქვენ შეძლებთ თქვათ, რომელია მათ შორის ნამდვილი, მაგრამ თუ მე არ გინახივართ, როგორ შეძლებთ ჩემ გამორჩევას მრავალი სურათიდან და იმის თქმას, რომ ეს მე ვარ? ჩემი ნახვის გარეშე თქვენ ვერ შეძლებთ სურათზე მითითებას, ხოლო თუ შეძლებთ, ეს არასწორი სურათი იქნება.
რომელი წმინდა წერილი, რომელი მოძღვრება, რომელი მხსნელი, რომელი განსხეულება, ღმერთის რომელი ძეა სწორი? როგორ გაიგებთ ამას, სანამ ჭეშმარიტება არ გეცოდინებათ? თქვენ არ გაქვთ ცოდნა ჭეშმარიტების შესახებ, მაგრამ თქვენ დარწმუნდით შასტრებისა11 და დოგმების ნამდვილობაში. ამ გზით ვართ ჩვენ მიბმულნი სიცრუეს და ჩვენთვის შეუძლებელია ჭეშმარიტების შეცნობა.
ამრიგად, პირველ რიგში, ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ჩვენს მენტალურ ბორკილებს. ის, რომ ბორკილები არ ჰგავს საკუთარ თავს, უკიდურესად ართულებს ძიებას. მაგრამ მას შემდეგ, რაც ადამიანი გააცნობიერებს, თუ რა ბორკავს მას, განთავისუფლება რთული აღარ არის. არ არის რთული გამბედაობის მოკრება.
როგორ უნდა დავარღვიოთ ეს ჯაჭვი? – ამის შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ. დღეს მხოლოდ ამას ჩაუფიქრდით: „მონა ხომ არ ვარ? ხომ არ არის ჩემი გონება ტყვეობაში? კედლები ხომ არ ამიგია ჩემ გარშემო? მიმაჩნია თუ არა რომელიმე მოძღვრება სახარებისეულ ჭეშმარიტებად?“ აუცილებელია მზადყოფნაში და ცნობიერად ყოფნა. მიჯაჭვულობები, თუკი ასეთები არსებობს, უნდა გაუქმდეს. როგორც კი ადამიანი გამბედაობას მოიკრებს, მასში მძლავრი ენერგია წარმოიშობა. ერთხელ გაბედავს და მასში დიადი სული გაჩნდება, ხოლო როგორც კი ერთხელ გააცნობიერებს საკუთარ თავს, ვერანაირი ძალა შეძლებს მის დამონებას. ღმერთი ისეთ ადამიანს უახლოვდება, რომლის თვალები ღია ცისკენ არის მიმართული.
მარადიული სული ღია ცის მსგავსია. ის, ვინც ფრთებს გაშლის და გაფრინდება, აუცილებლად მიაღწევს მას. მაგრამ, სამწუხაროდ, გალიაში ჩაკეტილ სულებს არ ძალუძთ მისი მიღწევა. ნუთუ არასოდეს გქონიათ ასეთი შეგრძნება: „სად არის ჩემი ფრთები?“ ნუთუ სულში თავისუფლების წყურვილს არ გრძნობთ? ხომ არ გრძნობთ დროდადრო საკუთარ მონობას? დღევანდელ საუბარს ამ კითხვებით დავასრულებ. აქედან წასვლისას დაუსვით საკუთარ თავს ეს კითხვები. კვლავ და კვლავ ჰკითხეთ საკუთარ თავს, მაშინაც, როცა გძინავთ: „მონა ხომ არ ვარ? თუ ასეა, მომწონს ასეთი მდგომარეობა?“ ხვალ მეორე ფორმულის შესახებ ვისაუბრებ.
შენიშვნები:
1. მოჰანდას კარაჩმანდ განდი (1869-1948) – ინდოელი ადვოკატი, პოლიტიკოსი, ანტიკოლონიალისტი, რომელიც არაძალადობრივი წინააღმდეგობის გზით გაუძღვა ინდოეთს ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობისკენ.
ქართულად შეგიძლიათ იხილოთ მაჰათმა განდის წიგნი: „გზა ღმერთისაკენ“, გამომცემლობა „აქტი“, 2021 წ. – მთარგმნელის შენიშვნა.
2. ძველი ინდური რელიგიის, ჯაინიზმის, მიმდევარი – მთარგ. შენიშვნა.
3. ბრამინი, ბრაჰმანი – ინდოეთში, უმაღლესი კასტის, წოდების წარმომადგენელი. ბრაჰმანიზმის ქურუმი – მთარგ. შენიშვნა.
4. შუდრა [სანსკრ.] – ძველ ინდოეთში – უმდაბლესი ვარნა ანუ უმიწაწყლო მოჯამაგირეები, ხელოსნები – მთარგ. შენიშვნა.
5. სადჰუ – წმინდა ადამიანი – მთარგ. შენიშვნა.
6. სანიასინი – ადამიანი, რომელმაც მიაღწია სანიასას ცხოვრებისეულ სტადიას, ანუ „უარი თქვა მატერიალურ საკუთრებაზე“ – მთარგ. შენიშვნა.
7. გურუ – სულიერი ლიდერი, იდეოლოგი – მთარგ. შენიშვნა.
8. ინდუსთა რიტუალი, რიმლის დროს ქოქოსის კაკლებს კედლებზე ამტვრევენ, რაც ყოვლისშემძლე ღმერთთან წმინდა ფორმით, ანუ სულით დაკავშირებას სიმბოლიზებს – მთარგ. შენიშვნა.
9. ინდუიზმის მთავარი ღვთაება. მას თაყვანს სცემენ, როგორც ვიშნუს მერვე ავატარას, თუმცა ის ასევე დამოუკიდებელი უზენაესი ღმერთია – მთარგ. შენიშვნა.
10. ინდუიზმის მთავარი ღვთაება. ის არის ვიშნუს მეშვიდე და ყველაზე პოპულარული ავატარა – მთარგ. შენიშვნა.
11. ინდუისტების წმინდა კანონების კრებული – მთარგ. შენიშვნა.
კომენტარები