დავით ნაჭყებია – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეკონომიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.
სტატია გახლავთ რამდენიმე თავი დავით ნაჭყებიას წიგნიდან – „მორალური თვითგანვითარების საფუძვლები“.
წიგნის დასათვალიერებლად ეწვიეთ ბმულს: მორალური თვითგანვითარების საფუძვლები
თავი პირველი: მორალური ქცევის ფაქტორები
მორალური ქცევის ფაქტორების გამოკვლევა იმისათვის გვჭირდება, რომ საკუთარ თავში განვივითაროთ ისინი. საბოლოოდ ეს შესაძლებლობას მოგვცემს რაც შეიძლება გამუდმებით ვაკეთოთ სიკეთე.
1. მორალური ქცევის ფაქტორების კვლევის ისტორია.
ეთიკური აზროვნების ისტორიაში ერთ-ერთი პირველი, ვინც მორალური ქცევის ფაქტორების შესახებ თავისი აზრი გამოთქვა, იყო სოკრატე. მისი შეხედულებით მორალური ქცევის ფაქტორია ცოდნა. ეს იმას ნიშნავს, რომ მორალური ქცევისათვის საკმარისია მხოლოდ ცოდნა. ვინც იცის რა არის სიკეთე, ის უთუოდ კეთილად მოიქცევა, ბოროტება კი მხოლოდ უმეცრებითაა განპირობებული. აღნიშნული კონცეფცია გადმოცემულია ფორმულით „სათნოება ცოდნაა“. სოკრატეს თვალსაზრისი გააკრიტიკა არისტოტელემ იმ მიზეზით, რომ სოკრატემ სათნოება ცოდნაზე დაიყვანა და უგულებელყო სულის გრძნობადი ასპექტი: „სოკრატეს აზრით, ყველა სათნოება სულის რაციონალურ ნაწილში წარმოიშობა. რადგან მან სათნოებები ცოდნად აქცია, ამით მოსპო სულის ალოგიკური ნაწილი, აფექტები და თვისებები. მაშასადამე, მან სათნოებები სწორად ვერ გაიგო“ (4:11).
შემდეგი დროის მოაზროვნეების მიხედვით (სპინოზა, დეკარტი, ჰეგელი) მორალური ქცევის ფაქტორები ნებელობის სტრუქტურის შესაბამისად, სამ ნაწილს მოიცავს. ესენია: 1) ცოდნა, კონკრეტულად კი მორალური ნორმებისა და პრინციპების ცოდნა; 2) მორალური მოტივები და 3) ნებისყოფა.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე დასავლეთის რიგი ფსიქოლოგებისა საერთოდ უარყოფენ ნებისყოფის არსებობას. ჩემი აზრით, ეს სწორია. ნებისყოფა, როგორც დამოუკიდებელი, ცალკე ნებელობითი ინსტანცია არ არსებობს. ის, რასაც ჩვენ ნებისყოფად მივიჩნევთ, სხვა არაფერია, თუ არა ნების – მოტივისა და ცოდნის სინთეზის გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევა. კიდევ უფრო ნათლად რომ ვთქვათ, ჩვენს თავში არგუმენტებისა და მიზეზების მოძიებითა და გაცნობიერებით ვცდილობთ მოტივის გამოხმობასა და გაძლიერებას იმისათვის, რომ შესუსტდეს იმპულსი და ფსიქიკაში მოტივი გაბატონდეს.
ამრიგად, მორალური ქცევის ფაქტორები, უკეთ რომ ვთქვათ, მორალური ქცევის ნებელობითი ფაქტორები, მხოლოდ ა) მორალური ცოდნისა (მორალური ნორმებისა და პრინციპების ცოდნა, ანუ შეგნება) და მორალური მოტივის ერთიანობა შეიძლება იყოს.
2. მორალური ქცევის მოტივები.
მორალური ქცევისათვის, როგორც ზემოთ აღინიშნა, საჭიროა შეგნებისა და მორალური მოტივების ერთობლიობა. შეგნება სხვა არაფერია თუ არა მორალური ცოდნა, მორალური ნორმებისა და პრინციპების ცოდნა. ისმება კითხვა: რომელია მორალური მოტივები და როგორია მათი ბუნება, ანუ რას ნიშნავს მათი მორალურობა? ადამიანის მოტივაციის (მოთხოვნილებათა ან საჭიროებათა) სტრუქტურის შესახებ ფსიქოლოგიის ისტორიაში მრავალი თეორია შეიქმნა. მათგან განვიხილოთ ყველაზე ცნობილი თეორიები. ამერიკელი ფსიქოლოგი აბრაამ მასლოუ თავის ნაშრომში „ადამიანურ საჭიროებათა იერარქია“, ხუთი საფეხურის საჭიროებებს განასხვავებდა. ესენია: 1. ფიზიოლოგიური (წყლის მიღების, კვების, თავშესაფრის, დასვენების, ძილის, მოძრაობის...); 2. ეგზისტენციალური (ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება); 3. სოციალური (მეგობრობა, სიყვარული, ჯგუფებისადმი კუთვნილება); 4. პატივისცემის (აღიარების, მოწონების, სტატუსის, ყურადღების, წარმატების, უპირატესობის მოპოვების, გამორჩეულობის საჭიროება); 5. თვითრეალიზაციის (საკუთარი უნარებისა და ნიჭის განვითარებისა და განხორციელების საჭიროება). მიუხედავად მოცემული თეორიის საყოველთაო აღიარებისა და მაღალი ხარისხის ჭეშმარიტებისა, საჭიროა ზოგიერთი სიცხადის შეტანა: ა) ეგზისტენციალური საჭიროება ძირითადად ფიზიოლოგიური საჭიროებაა და მისი ცალკე გამოყოფა უმართებულოა. ხოლო, რაც შეეხება ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას, რომელიც უმთავრესად საკუთარი ღირსების დაცვას გულისხმობს, სათავეს იღებს პატივისცემის, ანუ მეოთხე საფეხურის საჭიროებიდან); ბ) ასევე, სხვა საჭიროებებიდანაა ნაწარმოები სოციალური მოთხოვნილებები. მაგალითად, მეგობრობას ვესწრაფვით ან საკუთარი მნიშვნელოვნების განცდისთვის, ან მორალური მოტივით... ჯგუფებისადმი კუთვნილება გვსურს იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი საქმეები ვაკეთოთ და თავი მნიშვნელოვან ადამიანად ვიგრძნოთ, შესაბამისად, ჯგუფებისადმი კუთვნილებაც სათავეს პატივისცემის საჭიროებიდან იღებს; გ) მოცემულ სტრუქტურაში არ არის ადგილი დათმობილი მორალური საჭიროებებისათვის და დ) თვითრეალიზაციისკენ სწრაფვა, მაგალითად, შემოქმედებისაკენ მისწრაფება, მეტადრე, ნაკარნახევია განდიდების ანუ პატივისცემის საჭიროებით.
დევიდ მაკკლილანდის საჭიროებათა თეორიაში ყურადღება გამახვილებულია სამ საჭიროებაზე. ესენია: 1. წარმატების (უპირატესობის მოპოვების, სტანდარტების მიღწევის სურვილი); 2. ძალაუფლების (სხვების ქცევის მართვა); 3. გაერთიანების საჭიროება (მეგობრობისა და ახლო ადამიანური ურთიერთობებისაკენ სწრაფვა). ნიშანდობლივია, რომ მოცემული სამი საჭიროება მასლოუს მეოთხე საფეხურის – პატივისცემის საჭიროების სხვადასხვა ასპექტებია.
ფსიქოლოგიის მეცნიერებაში ხშირად ვხვდებით სულიერ საჭიროებათა ისეთ დაყოფას, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება. ესენია: ესთეტიკური, ინტელექტუალური და მორალური საჭიროებები.
ხოლო, ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი და ადამიანურ ურთიერთობათა მკვლევარი, დეილ კარნეგი, შემდეგ რვა საჭიროებას განასხვავებს: 1. ჯანმრთელობა და სიცოცხლის შენარჩუნება; 2. საკვები; 3. ძილი; 4. ფული და ნივთები, რომელთა ყიდვაც ფულით შეიძლება; 5. სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ; 6. გამრავლება; 7. ბავშვების კეთილდღეობა და 8. საკუთარი მნიშვნელოვნების შეგრძნება. აქ მხოლოდ ერთი რამ უნდა დავაზუსტოთ, კერძოდ, ის რომ ფული, როგორც ეს საკმაოდ ცნობილია თანამედროვე ფსიქოლოგიაში, არ არის საჭიროება (ან მოთხოვნილება). ის მხოლოდ საშუალებაა ადამიანურ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ფული არ არის თვითმიზანი, საბოლოო მიზანი, არამედ ის არის საშუალო მიზანი – ფულით ვიძენთ იმ საქონელსა და მომსახურებებს, რაც ადამიანურ საჭიროებათა დაკმაყოფილების საშუალებაა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება შემდეგი ხუთი სახის საჭიროება განვიხილოთ: 1. ფიზიოლოგიური; 2. სრულფასოვნების; 3. შემეცნებითი; 4. ესთეტიკური და 5.მორალური. მოცემული საჭიროებები შეიძლება დავყოთ არამორალურ და მორალურ საჭიროებებად (მოტივებად). არამორალური ხასიათისაა ფიზიოლოგიური, სრულფასოვნების, ინტელექტუალური და ესთეტიკური საჭიროებები. ნიშანდობლივია, რომ მათი განხორციელების ღირებულება მორალური ასპექტით არაერთგვაროვანია, კერძოდ, ის სამი სახისაა: რიგ კონკრეტულ შემთხვევებში მათი განხორციელება უწყინარია, არავის აზიანებს, რიგ კონკრეტულ შემთხვევებში სიკეთეს განაპირობებს, მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც მათი განხორციელება ბოროტების გამომწვევიც კი შეიძლება გახდეს. მაგალითად, საკვების მიღება ხშირად უწყინარი ქმედებაა, ამით არავის ვაყენებთ ზიანს, ან სარჩოს მოსაპოვებლად როდესაც ვმუშაობთ და ხელფასს ვიღებთ, ერთდროულად ჩვენი საქმიანობა პროსოციალური ღირებულების მქონეცაა. მასწავლებელი იღებს ხელფასს თავისი არსებობის უზრუნველსაყოფად, მაგრამ მეორე მხრივ, ბავშვებს ცოდნას გადასცემს. მაგრამ, თვითგადარჩენის მოტივით, სარჩო – საბადებლის მოსაპოვებლად ბოროტებასაც ჩავდივართ – კერძოდ, კორუფციას, ძარცვას, პარვას, მკვლელობას, სიცრუეს... იგივე ითქმის სრულფასოვნების მოტივის მორალური ღირებულების შესახებ. მაგალითად, როდესაც, რაიმე ღირსების გამოვლენის ან წარმატების მიღწევის გამო აღიარებას ვიწვევთ, ეს უწყინარი რამ არის, ამით არავის არ ვაყენებთ ზიანს, ხოლო როდესაც განდიდების მოსახვეჭად მხატვრულ ნაწარმოებს ვქმნით, მეტიც _ ამით საკაცობრიო სიკეთეს ვაკეთებთ, მაგრამ ასევე განდიდების, დროსა და სივრცეში უპირატესობის, პირველობის მოსაპოვებლად პოლიტიკოსები, მხედართმთავრები, მეფეები თუ იმპერატორები ადამიანების სიცოცხლეს ხელყოფდნენ, ომებს აჩაღებდნენ. ესთეტიკური საჭიროება სილამაზისა და მშვენიერების განცდისადმი სწრაფვაა, ინტელექტუალური საჭიროება კი ჭეშმარიტების შემეცნების, მოვლენათა არსში წვდომისადმი სწრაფვა. მათი დაკმაყოფილებაც ხშირად სავსებით უწყინარი რამ არის – არავის არფერი უშავდება იმით, რომ ბუნების სილამაზით ვტკბებით თუ რაიმე სამეცნიერო სტატიას ვკითხულობთ – და მეტიც – რადგანაც ისინი შემოქმედებას უკავშირდება, პროსოციალური ღირებულების მქონეცაა, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ ისინი ბოროტების მომტანიცაა მოყვასისთვის: ინტელექტუალური მოტივის დესტრუქციულ ასპექტში ვგულისხმობ მეცნიერების მიერ ბირთვული იარაღის შექმნას, სილამაზის ფლობის და განცდის სურვილი კი ხშირად გამხდარა ძალადობის ჩადენის მაპროვოცირებელი ფაქტორი. რაც შეეხება მორალურ მოტივებს, მათი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი მიმართულია სხვა ადამიანებისადმი სიკეთის კეთებისკენ. ამ გრძნობებს არასოდეს არ „სურთ“ მოყვასისადმი ზიანის მიყენება. მათი მორალური ღირებულება ერთმნიშვნელოვანია და მხოლოდ დადებითია. ესენია: სინდისი, სიყვარული, თანაგანცდა და ღვთისმოშიშება. სინდისი საკუთარი მორალური სრულფასოვნების განცდისადმი სწრაფვაა, რაც სიკეთის ქმედებით მიიღწევა და შესაბამისად, პროსოციალურ ქცევას უდებს სათავეს. სიყვარული სათნოების იმპულსებს მოიცავს. შეიძლება გავიხსენოთ პავლე მოციქულის სიტყვები, რომლის მიხედვითაც სიყვარული სულგრძელია, კეთილმოწყალე, არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს, არ უკეთურობს, არ ეძებს თვისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს, არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს, ყველაფერს იტანს... (I კორ.13:4,7). თანაგრძნობა სხვა არაფერია თუ არა სხვისი ემოციური მდგომარეობის განცდა, რაც მოყვასისადმი თანადგომისკენ წარმართავს ადამიანს. ასევე, ღვთისმოშიშება სიკეთის კეთებას გვავალებს, ვინაიდან როგორც ძველი აღთქმიდან ვიცით, „მიაგებს ღმერთი კაცად კაცადსა და არა არს თვალღება მის თანა არცა ერთ“, ანუ ადამიანს სიკეთის გამო კეთილი, ბოროტების ჩადენის გამო კი ბოროტება მიეგება.
ამრიგად, მორალური მოტივებია სინდისი, სიყვარული, თანაგანცდა და ღვთისმოშიშება. მათი მორალური მნიშვნელობა იმაში გამოიხატება, რომ ისინი ცალსახად მხოლოდ სიკეთის კეთებისკენ წარმართავს ადამიანს, ხოლო არამორალური მოტივები – ფიზიოლოგიური, სრულფასოვნების, ესთეტიკური და ინტელექტუალური საჭიროებები მორალური მნიშვნელობის თვალსაზრისით არაერთგვაროვანია.
3. მორალური ქცევის ფაქტორები.
ამჯერად, განვიხილოთ, მორალური და არამორალური მოტივები შეგნებასთან და შეგნების არქონასთან მიმართებაში. შესაბამისად, მოგვიწევს ოთხი განსხვავებული ვითარების განხილვა.
1. შეგნებისა და არამორალური მოტივის ერთობლიობა. ეს ისეთი მდგომარეობაა, როდესაც, ერთი მხრივ, გვაქვს მორალური ცოდნა, ანუ ვიცით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში რომელი ქცევა იქნება კეთილი, მაგრამ მეორე მხრივ, ფსიქიკა გაჯერებულია არამორალური მოტივით. განვიხილოთ ასეთი მაგალითი. ვთქვათ, შემოგვთავაზეს კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის მიღება, კერძოდ, შესყიდვის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, რომელშიც ასახულია საქონლის ან მომსახურების რეალურზე გაცილებით მეტი ღირებულება. ხელმოწერის სანაცვლოდ კი გარდამეტი თანხიდან მივიღებთ გარკვეულ წილს. პირველი საპასუხო რეაქცია, რაც შეიძლება გაგვიჩნდეს, ეს არის შიში, ვინაიდან ეს ყოველივე დაკავშირებულია სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის რისკთან. ამასთან, ჩვენ ვიცით, რომ ამ შემთხვევაში ვხდებით ბოროტების თანამონაწილე, ვინაიდან, საზოგადოებას ვპარავთ ფულს. ამ ფულით შეიძლებოდა რაიმე სასარგებლო სოციალური პროექტის განხორციელება. მაშასადამე, მოცემული გვაქვს შ ე გ ნ ე ბ ა, ვიცით, რომ კორუფცია ბოროტებაა. მაგრამ, მეორე მხრივ, ვფიქრობთ, რომ შემოთავაზებულ გარიგებაზე თანხმობის გამო ჩვენს სოციალურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გავიუმჯობესებთ. ამასთან, გვპირდებიან, მხარდაჭერას კარიერული წინსვლის მხრივაც. მაშასადამე, შეგნებასთან ერთად მოცემულია ა რ ა მ ო რ ა ლ უ რ ი მ ო ტ ი ვ ე ბ ი – ანგარება და სოციალური სტატუსის ამაღლება (პოპულარობა). ადამიანური ფსიქიკის კანონია, რომ ჩვენს არჩევანს ვაკეთებთ მოტივის და არა შეგნების მიხედვით. ამიტომ, იმის ცოდნის მიუხედავად რომ კორუფცია ბოროტებაა, ვირჩევთ სწორედ კორუფციის ჩადენის ქცევას. გარდა ამისა, გვატყობინებენ, რომ გარიგებას ზედა ინსტანციებში ლობირებენ, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს დროდადრო შიშის გრძნობის შესუსტებას და მოტივის გაძლიერებას, რის გამოც, საბოლოოდ ვთანხმდებით შემოთავაზებულ გარიგებაზე და ჩავდივართ ბოროტებას. მაშასადამე, შეგნების, ანუ მორალური ცოდნის და არამორალური მოტივის სინთეზი შეიძლება გახდეს ბოროტების ჩადენის მიზეზი. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სხვა კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა არამორალური მოტივი გულისხმობდეს უწყინარ მიზანს, ან მისი დაკმაყოფილებისათვის სულაც ხელსაყრელი იყოს პროსოციალური ქცევა. მაშინ, შეგნებისა და არამორალური მოტივის სინთეზი ბოროტებას არ გამოიწვევს. ზემოთ ჩვენ განვიხილეთ შეგნებისა და არამორალური მოტივის ისეთი მოცემულობა, რომელსაც ბოროტების ჩადენამდე მივყავართ.
2. შეგნებისა და მორალური მოტივის სინთეზი. თუ წინა შემთხვევაში განვიხილეთ შეგნებისა და არამორალური მოტივის ერთობლიობა, ამჯერად განვიხილოთ შეგნებისა და მორალური მოტივის ღირებულება. მაგალითად, ჩვენთან თანამოსაუბრე აღნიშნავს, ვისიმე წარმატების მიღწევის შესახებ. პირველად, ჩვენში არაცნობიერად ჩნდება ამ ადამიანის უპირატესობის განცდა, რაც ჩვენში ასევე არაცნობიერად ქმნის არასრულფასოვნების შეგრძნების საფრთხეს, ვინაიდან „თუ მან მიაღწია წარმატებას, რასაც მე არ ვფლობ, ეს ნიშნავს, რომ ის ძლიერია, მე კი სუსტი“. ასეთია არაცნობიერის მოქმედების შინაარსი. შესაბამისად, ჩვენში ჩნდება ამ ადამიანის დამდაბლების იმპულსი, კერძოდ, ამ წარმატების ისე წარმოჩენა გვსურს, რომ ეს მისი ძალისხმევისა და ნიჭიერების შედეგი არ ყოფილა, არამედ პროტექციის, ან ვამბობთ, რომ ეს წარმატება უმნიშვნელოა, ან ამ პიროვნებას სხვა მნიშვნელოვანი ასპექტებით გააჩნია ნაკლოვანებები და მანკიერებები. მაგრამ ვაცნობიერებთ იმპულსის შინაარსს და მის მორალურ ღირებულებას, რომ ასეთი შეფასებები არაობიექტური იქნება და მაშასადამე, ბოროტებაა, ანუ მოცემულია შ ე გ ნ ე ბ ა. ამასთან, გვეუფლება თანამოსაუბრის წინაშე სირცხვილის გრძნობა, ვინაიდან ის ჩვენი ვარაუდით ჩვენს შეფასებას აღიქვამს როგორც შურის გამოვლინებას და არაობიექტურ შეფასებას. ასეც რომ არ იყოს, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ შეგვშურდა, განკითხვის იმპულსი დაგვეუფლა და რომ მოყვასის დამცირება არ იქნება ღირსეული ქმედება ჩვენის მხრიდან. მაშასადამე, მოცემულია სინდისიც, ანუ მ ო რ ა ლ უ რ ი მოტივიც. ამრიგად, მოცემულია დაპირისპირება ერთი მხრივ, მოყვასის დამცირების იმპულსსა და მეორე მხრივ, მორალურ ნებას – შეგნებისა და მორალური მოტივის სინთეზს შორის. თუ ჩვენ შევძლებთ იმპულსის დაძლევას და ნების გაბატონებას, სიკეთეს ჩავიდენთ, ანუ მოყვასის განკითხვისგან თავს შევიკავებთ. მაშასადამე, მორალური ცოდნისა და მორალური მოტივის ერთობლიობა მორალური ქცევის ფაქტორია.
3. მორალური უმეცრებისა და მორალური მოტივის ერთობლიობა. განვიხილოთ შემდეგი მაგალითი. ბავშვს დაუვარდა ფინჯანი, რომელიც დაიმსხვრა. ამ ფაქტს ჩვენ შევესწარით. ვხედავთ, რომ ის წუხს, რადგან ჩვენგან გაკიცხვას მოელის. ამ დროს რა რეაგირებაც ჩვენ გვიჩნდება, ეს არის თანაგანცდის იმპულსი, მაგრამ ამავე დროს ვფიქრობთ, რომ მიზანშეწონილია ის მკაცრად გავაკრიტიკოთ, რათა ჭკუა ისწავლოს, გამოსწორდეს, უკეთესი გახდეს. ნიშანდობლივია, რომ ეს არის მორალური უმეცრების მდგომარეობა, ვინაიდან ბავშვმა ისედაც იცის, რომ ფინჯანი არ უნდა დაუვარდეს, კრიტიკა და გაკიცხვა კი მასში სტრესულ მდგომარეობას გამოიწვევს, ანუ ბოროტებაა, ამგვარი ქცევით ბოროტებას ჩავიდენთ. ამასთან ჩვენ გვამოძრავებს მორალური მოტივი _ ბავშვის გამოსწორება. მაშასადამე, მოცემულია უმეცრება ანუ მორალური ქცევის უმეცრება და მორალური მოტივი. ამ დროს კეთდება უარყოფითი მორალური ღირებულების მქონე არჩევანი – ვირჩევთ კრიტიკის ქცევას, ვინაიდან როგორც უკვე ითქვა, არჩევანს მოტივი განაპირობებს. გარდა ამისა, ჩვენი შვილის (ან ბავშვის) გამოსწორების მორალური მოტივი იმდენად ძლიერდება (რაც სავსებით ბუნებრივია), რომ ის აღემატება თავდაპირველად აღმოცენებულ თანაგანცდის იმპულსს და საბოლოოდ მკაცრად ვსჯით – ვაკრიტიკებთ ბავშვს, ანუ ჩავდივართ ბოროტებას. ამგვარად, მორალური ქცევის უმეცრებისა და მორალური მოტივის ერთობლიობა ბოროტებას განაპირობებს.
4. მორალური უმეცრებისა და არამორალური მოტივის ერთიანობა. ამჯერად განვიხილოთ ასეთი მაგალითი: ადამიანმა დაგეგმა ძარცვა. ის ფიქრობს, რომ ის ვინც უნდა გაძარცვოს, არის ცუდი პიროვნება და შესაბამისად, მისი გაძარცვით არაფერი დაშავდება, ანუ, ამ შემთხვევაში ძარცვა ბოროტება არ იქნება. მაშასადამე, მოცემულია მორალური უმეცრების მდგომარეობა. გარდა ამისა, ნიშანდობლივია, რომ მას ძირითადად ამოძრავებს მატერიალური ფასეულობების მოხვეჭის მოტივი, რაც ცხადია არაზნეობრივი მოტივია. მას შეიძლება წარმართავდეს მეორე მოტივიც _ საკუთარი სრულფასოვნების, ძლიერების, მაღალი თვითშეფასების განცდის მოტივი, რომ მას ასეთი საქმის ჩადენა შეუძლია, რომ შესწევს ძალა გამბედაობა გამოიჩინოს. ესეც, ბუნებრივია, არაზნეობრივი მოტივია. და მიუხედავად იმისა, რომ პიროვნება თავიდანვე შეიძლება იყოს შიშის გრძნობით (იმპულსით) მოცული, მასში იმდენად ძლიერდება ზემოთაღნიშნული მოტივები, რომ სჩადის ძარცვას. მაშასადამე, მორალური უმეცრებისა და არამორალური მოტივის ერთობლიობა ბოროტების მიზეზი ხდება.
როგორც ვხედავთ, მორალური ქცევის ნებელობითი ფაქტორებია შეგნებისა და მორალური მოტივის ერთობლიობა. შესაბამისად, ჩვენი მორალური განვითარებისათვის საჭიროა ერთი მხრივ, შევიძინოთ შეგნება – მორალური ნორმებისა და პრინციპების ცოდნა, ხოლო მეორე მხრივ, განვივითაროთ მორალური მოტივები, გრძნობები – სინდისი, სიყვარული, თანაგანცდა და ღვთისმოშიშება.
თავი მეორე: შეგნებისათვის
1. მორალური ქცევის ცნება.
„მორალური ქცევა“, „სიკეთის ქმედება“, „კეთილი ქცევა“, „პროსოციალური ქცევა“ და „ზნეობრივი ქცევა“ სინონიმებია. ამიტომ მათ ერთი და იმავე მნიშვნელობით გამოვიყენებთ. რა არის კეთილი ქცევა? ამ საკითხთან დაკავშირებით განვიხილოთ სხვადასხვა ავტორის შეხედულება.
1. არისტოტელეს თვალსაზრისი. ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ საკითხზე შეაჩერა ყურადღება, იყო არისტოტელე. ის წერდა: „სიკეთე არის მოქმედება, რომელზეც ამბობენ, რომ ადამიანი ეხმარება გაჭირვებაში მყოფს არა რაიმე სხვა მიზნით, არა სარგებლობის მიზნით, არამედ იმის კეთილდღეობისათვის, ვისაც ეხმარება“ (6:117). ა) მოცემული განმარტების მიხედვით, სიკეთე პირველ რიგში არის გაჭირვებაში მყოფი ადამიანისადმი დახმარება. არისტოტელე აქ გულისხმობს ქველმოქმედებას. ბუნებრივია, ეს სწორია – ქველმოქმედება სიკეთეა, მაგრამ ცხადია, რომ სიკეთე არ შემოიფარგლება მარტოოდენ ქველმოქმედებით, არამედ, ის მოიცავს აგრეთვე ისეთ ქცევებსაც როგორებიცაა: თავმდაბლობა, ცოდნის გადაცემა, შექება, შეცდომებზე მითითება და ა.შ. ბ) არისტოტელეს განმარტების მიხედვით, სიკეთის კრიტერიუმია არა მხოლოდ ის, თუ რა გავაკეთეთ მოყვასისთვის (მაგ.: ქველმოქმედება), არამედ ისიც, თუ რა მოტივით გავაკეთეთ სიკეთე. კერძოდ, სიკეთე ისეთი ქცევაა, რომელიც ზნეობრივი მოტივითაა განსაზღვრული – ჩადენილია არა სუბიექტური სარგებლობის მიზნით, არა იმისათვის, რომ საკუთრივ ქცევის სუბიექტმა რაიმე მოიხვეჭოს, არამედ ობიექტური მიზნით – იმის კეთილდღეობისთვის, ვისაც ვეხმარებით. აქ, ჩემი აზრით, არისტოტელე სავსებით მართალია. გ) აქვე აღსანიშნავია, რომ არისტოტელე არ აკონკრეტებს, თუ რომელია ზნეობრივი მოტივები. კაცობრიობის ეთიკური და ფსიქოლოგიური აზროვნების ისტორიისათვის თვალის გადავლებით ჩვენ დღეისათვის შეიძლება პასუხი გავცეთ ამ კითხვას – ზნეობრივი მოტივებია: სინდისი, სიყვარული, თანაგანცდა და ღვთის შიში. დ) და ბოლოს, როდესაც სიკეთის, როგორც ქცევის ცნების გაგებისას ჩვენ დიდ, შეიძლება ითქვას გადამწყვეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, ეს ქცევა ჩადენილია თუ არა ზნეობრივი მოტივით, მაშინ საჭიროა იმის დაზუსტებაც, თუ რატომ არის ზნეობრივი მოტივით განსაზღვრული ქცევა ასე მნიშვნელოვანი და ღირებული.
2. კანტის თვალსაზრისი. ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა ი. კანტის შეხედულებაც. ისევე როგორც ეს არისტოტელეს შემთხვევაში გვაქვს, კანტის აზრითაც კეთილი ქცევის მორალურ ღირებულებას განსაზღვრავს ის, თუ რა უდევს მას საფუძვლად. კანტი აკონკრეტებს რომ ეს არის მოვალეობა: „სიკეთე ჩადენილ იქნას არა მიდრეკილების, არამედ მოვალეობის საფუძველზე“ (17:65). გენიალური მოაზროვნე ამ საკითხზე ვრცლად მსჯელობს: „კეთილის ქმნა ყველგან, სადაც კი შესაძლებელია, მოვალეობას წარმოადგენს. ამასთან, არსებობენ თანაგრძნობით გამსჭვალული ადამიანები, ვისაც ყოველი სხვა აღმძვრელი საფუძვლის გარეშე, – პატივმოყვარეობა იქნება ეს თუ პირადი სარგებლობა, – შინაგან კმაყოფილებას ანიჭებს გარშემომყოფთათვის სიხარულის მინიჭება; ისინი ტკბებიან სხვათა კმაყოფილებით, რადგანაც ეს უკანასკნელი მათი მოქმედების ნაყოფია. მაგრამ მე ვამტკიცებ, რომ ასეთ საქციელს, რაც უნდა მოვალეობის შესაბამისი და სიამოვნების მომგვრელი იყოს იგი, მაინც არ ექნება ჭეშმარიტი ზნეობრივი ღირებულება. არამედ, იგი სხვა მიდრეკილებებს გაუტოლდება, მაგალითად, მიდრეკილებას პატივისადმი, რომელიც თუ, საბედნიეროდ, ისეთ რასმეს შეეხო, რაც მართლა საერთო სარგებლის მომტანი და მოვალეობის შესაბამისია, ე.ი. პატივისცემის ღირსიცაა, ქებასა და წაქეზებას იმსახურებს, მაგრამ არა მაღალ შეფასებას; რადგან აქ მაქსიმა მოკლებულია ზნეობრივ შინაარსს, სახელდობრ იმას, რომ საქციელი ჩადენილ იქნას არა მიდრეკილების, არამედ მ ო ვ ა ლ ე ო ბ ი ს გამო. მაშასადამე, თუ დავუშვებთ, რომ ასეთი კაცთმოყვარე ადამიანის სული საკუთარ მწუხარებას მოუცავს და მასში ჩამქრალია ყოველი თანაგრძნობა სხვისი ბედ-იღბლის მიმართ, რომ მას კიდევ შერჩენია უნარი ჭირში მყოფს ხელი გაუწოდოს, მაგრამ თავისი დარდით ისეა შეპყრობილი, რომ სხვისი ნაღველი გულს არ ეკარება, და თუმცა აქეთკენ არავითარი მიდრეკილება აღარ უბიძგებს, იგი მაინც ძლევს თავის მომაკვდინებელ უგრძნობლობას და მოქმედებს ყოველგვარი მიდრეკილების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ მოვალეობის კარნახით – აი, უპირველეს ყოვლისა, მაშინ ექნება მის საქციელს ჭეშმარიტი მორალური ღირებულება“ (17:61,63). რა შეიძლება ითქვას მოცემული თვალსაზრისის შესახებ? ა) არისტოტელეს მსგავსად, როგორც ზემოთ ითქვა, კანტისთვისაც ქცევას მორალურ ღირებულებას ანიჭებს ქცევის საფუძვლის რაგვარობა – მორალურია თუ არა ეს საფუძველი. მაგრამ არისტოტელესგან განსხვავებით კანტი აზუსტებს, რომ ეს საფუძველი არის მოვალეობა – სწორედ მოვალეობით ჩადენილ სიკეთეს გააჩნია უმაღლესი ღირებულება. ბ) რაც შეხება მოვალეობის კანტისეულ გაგებას, ნიშანდობლივია, რომ ის არ მოიცავს მიდრეკილებას, არამედ მხოლოდ და მთლიანად რაციონალური, გონებისმიერი მოცემულობაა. ეს კი სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა იმას, რომ კანტთან სიკეთის ქმედებას არ გააჩნია იმპულსი. თანამედროვე ფსიქოლოგიის მეცნიერების გადმოსახედიდან კი ეს გულუბრყვილო შეხედულებაა, ვინაიდან ყველა ქცევას, ეს იქნება მომენტის მოთხოვნილებით თუ მოტივით განსაზღვრული, აქვს იმპულსი. პირველსაც – მომენტის მოთხოვნილებასაც (მაგ.: „მე მინდა წყალი“) გააჩნია იმპულსი და მეორესაც – მოტივსაც (მაგ.: „მაგრამ ამ წყლის დალევა მე მაწყენს, რადგან არ არის ეკოლოგიურად სუფთა“), საფუძვლად სწორედ იმპულსი უდევს. პირველი იმპულსი სათავეს იღებს წყლის მოთხოვნილებიდან, მეორე კი ჯანმრთელობის მოთხოვნილებიდან. იმის გამო, რომ კანტმა ქცევას მიდრეკილება გამოაცალა, მისმა თანამედროვემ, შილერმა გააკრიტიკა (ცნობილია ამ საკითხისადმი მიძღვნილი შილერის ლექსი), მაგრამ მოგვიანებით კანტმა შეიცვალა თავისი შეხედულება და აღნიშნა, რომ გულგრილად ჩადენილ სიკეთეს ფასი არა აქვს. გ) ისევე, როგორც არისტოტელე, არც კანტი არ მსჯელობს იმის შესახებ, თუ რატომ შეიძლება იყოს უმაღლესი ღირებულების მქონე ზნეობრივი საფუძვლით (თუნდაც მოვალეობით) ნაკარნახევი სიკეთე.
3. თანამედროვე ქართული ეთიკა. მორალური ქცევის ცნება განხილვის საგანია თანამედროვე ქართულ ფილოსოფიაშიც. პროფ. ბანძელაძე განიხილავს სიკეთის ქმედების მრავალ მოტივს უმაღლესი ღირებულების მქონე კეთილი ქცევის დადგენის მიზნით. ავტორი განასხვავებს იურიდიული მოვალეობის, ანგარების, პატივმოყვარეობის, ხიფათის სიყვარულის, ღვთისმოშიშების, საზოგადოების მხრიდან გაკიცხვის შიშის და თანაგრძნობის მოტივით ჩადენილ სიკეთეს (10:26 – 32). მათ შორის უმაღლესი ზნეობრივი ღირებულების მქონეა ისეთი სიკეთე, რომელიც ჩადენილია თანაგრძნობის მოტივით: „ქცევა ზნეობრივია მხოლოდ მაშინ და იმდენად, როცა და რამდენადაც იგი განსაზღვრულია უანგარო სიკეთისქმედების მოტივით, თანაგრძნობით, ადამიანობით“ (10:32). რაში მდგომარეობს ცნობილი ქართველი ეთიკოსის არგუმენტი? საქმე ის არის, რომ თანაგრძნობა წმინდა უანგარობაა, რაც საზოგადოების მხრიდან დაფასებას, პატივისცემას და სიყვარულს იწვევს, ხოლო სხვა ზემოთაღნიშნული მოტივები – იურიდიული მოვალეობა, ანგარება, პატივმოყვარეობა და სხვა, ეგოცენტრული მოტივებია, რომლებიც საბოლოო ანგარიშით საკუთარი კეთილდღეობისკენაა მიმართული. (10:32). ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ მორალური ქცევა, სიკეთის ქმედება, ეს არის მოყვასისთვის გარკვეული ღირებულების მქონე ქცევა, რომელსაც საფუძვლად უდევს მორალური მოტივი – სინდისი, სიყვარული, თანაგანცდა (ემპათია) ან ღვთისმოშიშება (ან რამდენიმე მათგანი ერთდროულად).
კომენტარები