ანარქიზმი და რევოლუცია ბერკმანთან

ანარქიზმი და რევოლუცია ბერკმანთან

ნახატი ასახავს ჩიკაგოში 8-საათიანი სამუშაო დღის მოთხოვნით დაწყებული პირველი მაისის გაფიცვის დაშლას. ყველანაირი მტკიცებულების გარეშე გაფიცვაში მონაწილეობისას დივერსიის მოწყობის ბრალდებით 7 ანარქისტი სიკვდილით დასაჯეს. ჩიკაგოს გაფიცვა მსოფლიოს მშრომელთა მოძრაობისთვის მალევე იქცა სიმბოლოდ და დღემდე პირველი მაისი მშრომელთა დღედ ითვლება.

 

რევოლუცია, კომუნიზმი, ანარქიზმი – ეს სიტყვები (ალბათ, ამავე თანმიმდევრობით მზარდად) დღესდღეისობით, საუკეთესო შემთხვევაში, აღშფოთებას, ძირითადად კი სკეპტიციზმს და დამცინავ ღიმილს თუ იმსახურებენ, როგორც ფართო აუდიტორიებისგან, ისე პოლიტიკური/აკადემიური წრეებისგან. ესეც მხოლოდ მაშინ, როცა ამ სიტყვების „ჭეშმარიტი“ მნიშვნელობის გახსენებას ცდილობენ, ჩვეულებრივ კი „რევოლუციონერის“, „კომუნისტის“, „ანარქისტის“ იარლიყი დამამცირებელი შინაარსით გამოიყენება იმ პირების მიერ იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც არც რევოლუციასთან, არც კომუნიზმთან და არც ანარქიზმთან საერთო არაფერი გააჩნიათ. სწორედ ამიტომ გამოირჩევა ალექსანდრე ბერკმანის „ანარქიზმის ანბანის“1 გამოცემა, რომელიც ამ იდეური არეულობისგან ერთგვარი შემობრუნების, (ერთ-ერთი ანარქისტის სიტყვებით) „თვით ანარქისტების დაცული ანარქიის“2 დაბრუნების საწყისია.

 

სწორედ ამ ვისთვის სამწუხარო და ვისთვის საბედნიერო, თუმცა ისტორიულად უცვლელ მდგომარეობაზე მითითებით იწყებს ბერკმანი საკუთარ გრძელ დიალოგს მკითხველთან, აღწერს თუ როგორ „ლაპარაკობს ანარქიზმის შესახებ ბევრი ისეთი ადამიანი, რომელმაც მასზე საერთოდ არაფერი იცის, ზოგი კი განზრახ ავრცელებს სიცრუეს ანარქიზმის თაობაზე“3, შემდეგ კი, პირველ რიგში, ანარქიზმის, როგორც არსებული წესრიგის მიერ ყველაზე დამახინჯებული იდეის, გარშემო შექმნილი ბურუსის გაფანტვას, იმის ახსნას ცდილობს „თუ რა არ არის ანარქიზმი“. რაც არ უნდა მოსალოდნელი იყოს, ცრურწმენები, რომლებზეც ბერკმანი 1927 წელს წერდა დროის ცვლასთან ერთად არ შეცვლილა. დღესაც, ანარქიზმი/ანარქია პირველ რიგში ძალადობას, არეულობას, ქაოსს გვახსენებს და არა საზოგადოებას იძულებისა და ძალდატანების გარეშე; თუმცა დღესაც ბერკმანის პასუხი ცილისწამებაზე მსგავსი სიმტკიცით გამოირჩევა, როგორც ერთი საუკუნის წინ.

 

ის მოკლედ და გასაგებად ხსნის, თუ როგორაა ყველა მსგავსი ბრალდება საზოგადოებრივი ავტორიტეტების სიცრუე. ბერკმანი „ღიად და პატიოსნად გველაპარაკება“ როგორც ყველასათვის საძულველი, „მოძალადე და დამანგრეველი ანარქისტი“. ის რიგრიგობით ხსნის პოლიტიკური ძალადობის, მთავრობისა და ავტორიტეტის არსისა და საჭიროების, გადაჯაჭული კაპიტალიზმისა და სახელმწიფოს მანკიერებების, ადამიანური ბუნების საკითხებს. 

 

პირველ რიგში, ბერკმანი ანარქისტული ტერორიზმის საკითხს უმკლავდება, რაც გასაკვირი არ არის XIX-XXსს.-ში ტერმინების – „ანარქისტი“ და „ტერორისტი“ სინონიმური გამოყენების გათვალისწინებით. მკითხველის წარმოსახვა ანარქისტებზე, განსაკუთრებით ბერკმანის თანამედროვეობაში, იშვიათად თუ სცდებოდა იარაღასხმული სასტიკი ბომბარდირის სახეს, რომელიც, რა თქმა უნდა რეალობას აცდენილია, თუმცა, რომლის შექმნაშიც თვით ანარქისტების როლიც რთული უგულებელსაყოფია თუ არ დავივიწყებთ „საქმით პროპაგანდის“4 ეპოქას ანარქიზმში – იდეების გავრცელების და გამყარების მიზნით მჩაგვრელთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი გამოსვლების სერიას. აღსანიშნავია, რომ ამ პრაქტიკის უარყოფასთან ერთად, ბერკმანი გარკვეულწილად მაინც ამართლებს მათ, როგორც კონკრეტული პროცესების შედეგს, თავგანწირული შურისძიების აქტებს, რომელთა მაგალითები ისტორიაში მრავლად მოიპოვება – რესპუბლიკის დასაცავად ბრუტუსის მიერ კეისრის ან რუსი ნიჰილისტების მიერ იმპერატორის მკვლელობის ჩათვლით. რევოლუციური ტერორიზმი მხოლოდ პასუხია სისტემურ ტერორიზმზე, ტირანიაზე. მიუხედავად ამისა, ბერკმანი უარყოფს ძალადობრიობას როგორც ანარქიზმის თანდაყოლილ ასპექტს. ის მიგვითითებს საკითხთან დაკავშირებით ანარქისტების აზრთა სხვადასხვაობაზე და გვახსენებს, რომ „პოლიტიკური ძალადობის აქტს მიმართავდნენ არა მხოლოდ სხვადასხვა ყაიდის ანარქისტები, არამედ, ასევე პატრიოტები და ნაციონალისტები, დემოკრატები და რესპუბლიკელები, სუფრაჟისტები5 და კონსერვატორები და რეაქციონერები, მონარქისტები და როიალისტები6, გარდა ამისა რელიგიური ადამიანები და თავგადადებული ქრისტიანები“7. ის ფიქრობს, რომ ძალადობრივი აქტების საფუძველი არა იდეებში, არამედ ინდივიდუალურ ტემპერამენტსა და ძალადობასთან საზოგადოებრივ დამოკიდებულებაში უნდა ვეძიოთ. 

 

სწორედ აქ იწყებს ბერკმანი საზოგადოებაში გამეფებულ ძალადობაზე საუბარს. რეალურად, ყველას სჯერა მთავრობის – ორგანიზებული ძალადობის, დაწესებულების, რომელიც გვიბრძანებს, რა უნდა ვქნათ და რა არ უნდა ვქნათ, წინააღმდეგობის შემთხვევაში კი გვაიძულებს დავემორჩილოთ. ეს – ბრძანების, მორჩილებისა და სასჯელის, ანუ ავტორიტეტის პრინციპი – მთლიანად ფარავს და მოიცავს ჩვენს ცხოვრებას, აღზრდიდან დაწყებული შრომითა და საზოგადო სამსახურით დამთავრებული ყველგან ვეჩეხებით მასწავლებლის, დამქირავებლის, ბოსის, მაღალჩინოსნის თუ მღვდლის ავტორიტეტს, რომელიც გვაიძულებს მოვიქცეთ ისე, როგორც სხვა შემთხვევაში ალბათ არც მოვიქცეოდით. თანამედროვე სისტემაში ცხოვრება არაფერს ნიშნავს გარდა ჩვენს უფლებებზე მუდმივი თავდასხმისა, ჩვენი პირადი სივრცის სრულად დაპყრობის მუდმივი მცდელობისა, სასჯელის მუდმივი შიშისა. ჩვენც, ინსტინქტურად და ხშირად გაუცნობიერებლად, როგორც ძალადობის მსხვერპლები თვითონ ვცდილობთ მოძალადეებად ვიქცეთ, ჩვენს ხელთ არსებული მცირე ავტორიტეტი გამოვიყენოთ და ამით ძალადობის დაუსრულებელ ჯაჭვში ჩავერთოთ. ძალადობრივი ავტორიტეტი, რომლის მთავარი წყაროც მთავრობაა, სასჯელისა და მორჩილების პრინციპია, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობას ძირფესვიანად წამლავს და ამახინჯებს.

 

თავის მხრივ, მთავრობა დაწინაურებულთა პრივილეგიების და იმ ეკონომიკური სისტემის დამცველია, რომელიც ყველანაირი სიმდიდრისა და ბედნიერების რეალურ შემოქმედს – მშრომელს – ყველანაირ სიღარიბესა და უბედურებაში ამყოფებს, გამდიდრების მსურველებს კი იმ დაუსრულებელ, ბინძურ შეჯიბრში რთავს, რომლისთვისაც ადამიანური სიცოცხლის უარყოფა მომგებიანიცაა, ომების თუ გაუსაძლისი საცხოვრებელი/სამუშაო პირობების შექმნის სახით (სწორედ აქედან გამომდინარე, ბერკმანის აზრით, ანარქიზმი, როგორც მუშათა კლასის ინტერესი, საკაცობრიო იდეალია!). შესაბამისად, მთავრობის გარეშე შეუძლებელია საზოგადოებრივი დოვლათის მითვისება კერძო პირების მიერ, შეუძლებელია სამყაროს ერთი ნაწილი გაუსაძლის სიღარიბეში კვდებოდეს, მაშინ, როცა მეორე ნაწილი აღუწერელი სიმდიდრით აგრძელებს ცხოვრებას, რადგან სახელმწიფოებრივი ძალადობის გარეშე ვერავინ იტყვის რომ ქარხნის და მუშების მუშაობის შედეგი – მხოლოდ მისია, ვერავინ დაამტკიცებს, რომ გლეხის შრომით მოყვანილი მოსავლის განკარგვა – მისი ექსკლუზიური უფლებაა, მოკლედ – ვერავინ განაცხადებს პრეტენზიას სხვის ნაშრომზე. შესაბამისად, თითოეული პიროვნებისთვის ხელმისაწვდომი გახდება კაცობრიობის ყველასათვის საკმარისი და სამყოფი სიმდიდრე. ბოროტმოქმედებაც, რომელთან ბრძოლის საჭიროებითაც ხშირად ამართლებენ მთავრობის არსებობას, იმავე მთავრობის შექმნილი სიდუხჭირის შედეგია, რომელიც სრულიად უძლურია მასთან ბრძოლაში. მოკლედ რომ ვთქვათ, მთავრობა არანაირ როლს ასრულებს უბრალო ადამიანის ცხოვრებაში გარდა, ხელისშემშლელი პარაზიტის როლისა, რომელსაც არაფერი მოაქვს უწესრიგობისა და ძალადობის გარდა.

 

ასევე, ბერკმანი ოსტატურად უმკლავდება იმ ბრალდებებს ადამიანურ მანკიერებაზე, ძალადობრივობაზე, სიზამრაცეზე ან სიხარბეზე, რომლებსაც ხშირად იშველიებენ მთავრობის საჭიროების დასამტკიცებლად. მას უპირველესად მარტივი ინდივიდუალური მაგალითი მოჰყავს, რომლის მიხედვითაც ყველა, ვისაც არ უნდა ვკითხოთ, ფიქრობს რომ სამთავრობო ზედამხედველობა ძალადობის ასაცილებლად არა მას, არამედ მხოლოდ სხვებს სჭირდებათ. ის ვრცლად საუბრობს სამართლიანობის ინსტინქტურ გრძნობაზე, რომლის დამსახურებითაც ხშირად უსამართლობა უფრო რთული ასატანია ვიდრე შიმშილი, რომელიც, მიუხედავად სისტემის ამორალურობისა და დევნისა, ჯერ კიდევ ცოცხლობს ადამიანების გულებში და ამბოხის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად იქცევა. საპირწონედ, ანარქია ბერკმანისთვის წარმოადგენს ადამიანის საუკეთესო და უკეთილშობილესი თვისებების განვითარების იდეალურ პირობას, რომელსაც „დიდ მეგობრობასთან, კეთილ ნებასთან, ინდივიდუალურ მშვიდობასა და სოციალურ სამართლიანობასთან8“ მივყავართ სამყაროში, სადაც თითოეულ ადამიანს სხვებთან მხოლოდ ძმობა და ერთიანობა აკავშირებს. ბერკმანი პასუხობს ეჭვსაც, რომ იძულების გარეშე ადამიანების უმეტესობას შრომა უბრალოდ არ მოუნდება შრომის  თანდაყოლილი უსიამოვნების და სიზარმაცის გამო, თუმცა ავტორი არაპროდუქტიულობის ორივე მიზეზის საფუძველს იმ პირობებში პოულობს, რომლებიც ანარქიაში უბრალოდ ვერ იარსებებენ. სიზარმაცე ხომ სხვა არაფერია თუ არა პიროვნულობის და სამუშაოს შეუსაბამობა; ადამიანს მხოლოდ იმ საქმეში ჩართვა ეზარება, რომლის არც ინტერესი და არც უნარი გააჩნია, თანამედროვეობაში შრომასთან ნეგატიურ დამოკიდებულას არჩევანისა და თავისუფლების ნაკლებობა იწვევს – ჩვენს პროფესიას და ადგილს საზოგადოებაში არა ჩვენი უნარი და მიდრეკილება, არამედ ჩვენი სოციალური ფონი და გარემოება განსაზღვრავს. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამუშაოს გონივრულად მოწყობილ საზოგადოებაში სულაც არ უნდა ეკავოს იმხელა ადგილი, რამხელაც ახლა უჭირავს. ბერკმანის მონაცემებით, მოსახლეობის მხოლოდ მესამედი ასრულებს პროდუქტიულ შრომას და ამასაც – ხშირად რთულ და განუვითარებელ პირობებში, არასაჭიროდ ბევრი ხალხი დაკავებულია არასაჭირო შრომით, რომელიც არაფერს ემსახურება გარდა ცალკეული პირების მოგების თუ კომფორტის გაზრდისა. რაციონალური მოწყობის შემთხვევაში კი სამუშაო დღის 4 საათამდე შემცირება იქნებოდა შესაძლებელი. შესაბამისად, სიზარმაცე, შრომასთან უარყოფითი დამოკიდებულება, თითქმის ვერ იარსებებს იქ, სადაც ადამიანი სასურველ სამუშაოს მისთვის კომფორტულ პირობებში ასრულებს, ანაზღაურება – მთელი სამყაროს სიმდიდრეა და თავზე საყრელად რჩება თავისუფალი დროც, რომელიც, ბერკმანის აზრით, კიდევ უფრო ნაყოფიერად დაიხარჯება ხელოვნებისა და მეცნიერების განვითარებაში.

 

ნეგატიური, უარმყოფელი ნაწილი ბერკმანისთვის თითქოს ნაკლებად მნიშვნელოვანია. მაშინაც კი, როცა თანამედროვე საზოგადოების ნაკლოვანებებზე გვესაუბრება, ის პარალელურად მიგვითითებს სხვაგვარი ცხოვრების შესაძლებლობაზე, კომუნისტურ ანარქიზმზე.

 

„რომ შევაჯამოთ კომუნისტური ანარქიზმი ნიშნავს: მთავრობისა და მოძალადე ავტორიტეტის ლიკვიდაციას მის ყველა გამოვლინებაში. საზოგადოებრივი საკუთრება არის თავისუფალი და თანაბარი მონაწილეობა საერთო შრომაში და საერთო კეთილდღეობაში“9.

 

ეს არის ახალი სამყარო სრული პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებით, საზოგადოებაზე კაპიტალიზმის, სახელმწიფოს და ზოგადად ავტორიტეტის – თანამედროვე უბედურებების საწყისების, იმ საზოგადოებრივი პარაზიტების გარეშე, რომლებიც ახლა კაცობრიობას ეკვრიან და საკუთარი თავის გამოსაკვებად სასიცოცხლო ენერგიას ართმევენ. ძველის უარყოფას ბუნებრივად და მარტივად ერთვის ახლის შემოთავაზება. ავტორის იდეით ერთიანდება წინამორბედი ორი თაობის ორი დიდი ანარქისტის ერთმანეთის მსგავსი და თანაც საპირისპირო სიტყვები – ერთი მხრივ ბაკუნინის10 „განადგურების ჟინიც შემოქმედებითი ჟინია“, მეორე მხრივ, პრუდონის11 „ჩვენ შევქმნით, განადგურებით“.

 

ბერკმანის იდეები მომავალზე დამატებას ან განვრცობას არ საჭიროებენ, თუმცა პროცესი, რომელმაც ეს მომავალი უნდა მოიყვანოს, დრომოჭმული საზოგადოების ნგრევას მისი აღმშენებლობა პრაქტიკაში უნდა შეუერთოს, როგორც ავტორისთვის ისე მკითხველისთვის ალბათ ყველაზე საინტერესოა.


 

რევოლუცია – ანარქიზმის რეალობა

 

ბერკმანის ხანგრძლივმა საუბარმა სამართლიანობის გრძნობაზე, რომელიც მასებს ხშირად მატერიალურ უბედურებაზე მეტად აწუხებთ, კაცობრიობის ეთიკურ ამაღლებაზე, შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს და მისი იდეები გამოუსწორებლად იდეალისტურად, უტოპიურად მოგვაჩვენოს, თუმცა ავტორის ანარქიზმი პირველ რიგში სწორედ პრაქტიკული იდეაა – იდეა, რომელიც თავიდან ბოლომდე რეალურ გამოცდილებას აყრდნობს თავს (რაც ბერკმანისთვის ყველა გონიერი არსების თვისებაა) და ამოსავალ წერტილად რევოლუციურ მოქმედებას ირჩევს (რაც ბერკმანისთვის „სასიცოცხლოდ აუცილებელია“).

 

საინტერესოა, რომ ბერკმანი რევოლუციას მიიჩნევს არა უბრალოდ სასურველად ან აუცილებლად, არამედ შეუქცევადად და გარდაუვალად, როგორც ისტორიული ტენდენციების ბუნებრივ შედეგს, მუშათა კლასის ინსტინქტურ ინტერესს, თუმცა, ამავე დროს, ავტორი უარყოფს ყველანაირი „ისტორიული მისიის“, ადამიანების ნებისგან და მოქმედებისგან დამოუკიდებლად დაწერილი ისტორიის იდეას, რაც ბერკმანს ერთდროულად აცილებს თავიდან როგორც ბანალურ დეტერმინიზმს, ასევე ზედაპირულ ვოლუნტარიზმს.

 

რევოლუციის გარდაუვალობაზე საუბარმა ადვილად შეიძლება ეჭვი ან დაბნეულობა გამოიწვიოს მკითხველში, ამიტომ მოდით ბერკმანის კითხვას „რატომ რევოლუცია?“ თან დავურთოთ კითხვა „რა არის რევოლუცია?“ და პასუხი თვით ავტორს გავაცემინოთ.

 

„სოციალური რევოლუცია, ეს ისეთი რევოლუციაა, რომელიც მთლიანად ცვლის საზოგადოების ფუნდამენტს, მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ხასიათს“12.

 

ეს პირველი, მარტივი თუმცა სრულებით ლოგიკური განმარტებაა, რომელსაც წიგნში ვხვდებით – ბოლოს და ბოლოს რევოლუციებად წოდებული პოლიტიკური ავანტიურების თუ გადატრიალებების და ფუნდამენტური გარდაქმნების გაერთიანება, სხვა თუ არაფერი, უაზროა. ეს ახსნა, რა თქმა უნდა, რევოლუციას სისრულეში ვერ ხსნის, თუმცა მსჯელობის მტკიცე საწყისს წარმოადგენს.

 

საიდან იწყება რევოლუცია? ბერკმანისთვის რევოლუცია მუშათა კლასიდან იწყება, განურჩევლად იმისა მუშათა კლასის წარმომადგენელი ქარხანაშია დასაქმებული, გლეხია, ინტელექტუალია თუ სხვა. რევოლუცია არა მარტო მათი ინტერესი, არამედ ექსკლუზიური შესაძლებლობაცაა, რამდენადაც მშრომელები არიან საზოგადოების ჩაგრულებიც და სამყაროს შემოქმედებიც. ის განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს „ქვეყნიერების გადმობარების“ მომენტს – რევოლუცია არა ბარიკადებსა და ველებზე, არამედ შრომის ცენტრებში – „საამქროში, მაღაროში და ფაბრიკაში“ ხდება, რევოლუციის გადამწყვეტი მომენტი არა ნგრევა, არამედ აღმშენებლობა, სოციალური კეთილდღეობისთვის ერთობლივი შრომაა და სწორედ ამისთვის უნდა ემზადონ მუშები საკუთარი ორგანიზაციების დახმარებით.

 

ეს ორგანიზაცია, თავის მხრივ, არ წარმოადგენს ჩვენთვის კარგად ნაცნობ პროფკავშირს, რომელიც ათასში ერთხელ თუ გააღვიძებს საკუთარ ბიუროკრატიულ მანქანას, ეს მუშების გაერთიანებაა მუშების ინტერესების დასაცავად თანასწორობისა და თავისუფლების საფუძველზე. ასეთი ორგანიზაცია წარმოადგენს არა მარტო თვითგადარჩენის, არამედ თვითშემეცნების საშუალებასაც, რამდენადაც მუშები ერთობლივად იბრძვიან საკუთარი ინტერესებისთვის, ერთობლივად ეცნობიან გარემოებებს და ჯამში ერთობლივად ემზადებიან ამ ბრძოლის ბოლომდე მისაყვანად. ორგანიზაციის ძირითადი რევოლუციური მეთოდი კი საყოველთაო გაფიცვა – საწარმოო საშუალებების გაყინვა, შემდეგ კი ექსპროპრიაცია – საწარმოო საშუალებების დამოუკიდებლად, კერძო მეპატრონეების გარეშე ამუშავებაა. სოციალიზაციას გაფიცვის გავლით ბერკმანი ერთადერთ რეალურ გზად აღიქვამს მთავრობის მზარდი და დაუმარცხებელი სამხედრო ძალის გათვალისწინებით, რადგან ამ ძალას მხოლოდ მშრომელთა უძლევი ეკონომიკური ბერკეტი შეიძლება დაუპირისპირდეს.

 

ბერკმანის ცხოვრებაში განუხორციელებელმა იდეამ მისი სიკვდილიდან მალევე შეისხა ხორცი ესპანეთის რევოლუციის სახით 1936 წელს, რომლის მონაწილე მშრომელებმაც (ძირითადად ანარქისტული პროფკავშირის CNT-ის წარმომადგენლებმა) ზუსტად ხსენებულ საყოველთაო გაფიცვის ხერხს მიმართეს ფრანკოს ფაშისტური გადატრიალების საპასუხოდ და უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემდეგ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ არა დაქირავებულ მუშახელად, არამედ თავისუფლად გაერთიანებულ მშრომელებად. ესპანეთის თუ სხვა რევოლუციების მარცხი ცალკეული ისტორიული საკითხებია, თუმცა ბერკმანის იდეათა ნაკრები ამ შემთხვევებსაც მოიცავს.

 

სად სრულდება რევოლუცია? რევოლუციის ბოლომდე მიყვანის სირთულეების და საჭიროებების აღსაწერად ბერკმანი უხვად იყენებს განვლილი რევოლუციების, განსაკუთრებით კი რუსეთის რევოლუციის გამოცდილებას. ძირითადი და გადამწყვეტი პრობლემა ბერკმანისთვის არა რევოლუციის „გარეთ“ – რევოლუციის მოწინააღმდეგე ძალების სახით – არამედ მის „შიგნით“ იბადება, როგორც სახალხო ცნობიერების და სულისკვეთების შენარჩუნების სირთულე. დამღუპველ შედეგებამდე, „თაობების საქმის“ წყალში გადაყრამდე, შეიძლება მიგვიყვანოს ერთი მხრივ არამყარმა გონებრივმა ფუნდამენტმა, მოუმზადებლობამ, პირობებით არაბუნებრივად დაჩქარებულმა ამბოხმა, მეორე მხრივ კი თვით ამბოხის დროს რიგმა არასწორმა გადაწყვეტილებებმა და პირველ რიგში – რაიმე ახალი ავტორიტეტის მიერ რევოლუციის საკუთარი ნებით წარმართვის მცდელობამ, რასაც არანაკლებ უარყოფითი ეფექტი აქვს სახალხო სულისკვეთებაზე. რევოლუციის სიცოცხლე თავისუფლებაა, „სანამ მასები გრძნობენ... რომ ისინი ჭედენ თავიანთ ცხოვრებას... რომ ისინი არიან რევოლუცია“13. რევოლუციის ლპობა და სიკვდილი კი იწყება მაშინ, როცა მასების „ქმედებების უზურპაცია ხდება რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ ან რაღაც განსაკუთრებულ ორგანიზაციაში კონცენტრირდება“14.

 

ბერკმანი განსაკუთრებით ვრცლად საუბრობს შესაძლო შეცდომებზე, ახალი ავტორიტეტის გამოჩენის საფრთხეზე. რევოლუცია მუდმივ მორალურ და მატერიალურ გაუმჯობესებას უნდა ჰპირდებოდეს განურჩევლად ყველას. როგორც კი თავს რაიმე სახის დისკრიმინაცია, უთანასწორობა, უსამართლობა ან ძალდატანება იჩენს – რევოლუცია საკუთარ სახესაც კარგავს და საკუთარ მხარდამჭერებს მოწინააღმდეგეებად აქცევს, რის მაგალითადაც ავტორს ბოლშევიკური მმართველობის სიმახინჯეები მოყავს, ერთი მხრივ წარმოებაში – ძალდატანებითი შრომისა და ქარხნების გასამხედროების სახით, ხოლო მეორე მხრივ მიწოდებაში – საკვების არათანაბრად რაციონირების და მატერიალური უთანასწორობის თავიდან შექმნის სახით. ბერკმანი ბოლშევიკებში მხოლოდ იმ ახალ ბატონს, ახალ მჩაგვრელს ხედავს, რომელმაც 1917 წელს თვით მშრომელების მიერ დაწყებული რუსეთის რევოლუცია მიითვისა და ახალდაბადებული თავისუფლება საკუთარი ავტორიტეტით მოახრჩო. 

 

საპირისპიროდ, ის რევოლუციის წარმატების, ხალხის კეთილდღეობის და შესაბამისად სულისკვეთების შენარჩუნებისა და ზრდისთვის გვთავაზობს თავისუფალ მიწოდებას (საჭიროების შემთხვევაში თანაბარ რაციონირებას) და თვითშეგნებული მშრომელების ასოციაციურ, ერთობლივად ორგანიზებულ შრომას.

 

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბერკმანის მსჯელობიდან გამომდინარე, რამდენადაც მშრომელთა მასები საკმარისად მომზადებულები არიან – და აქედან გამომდინარე – მათი ცნობიერებაც საკმარისად მაღალია, ადგილი უბრალოდ ვერ ექნება ახალი ავტორიტეტის გამოჩენას, რომელსაც ზემოთ ხსენებული შეცდომების დაშვების საშუალება ან/და სურვილი ექნება. ის ძირითად მაგალითად იყენებს რუსეთის რევოლუციას, რომლის დროსაც მშრომელებმა, მომზადებისა და გამოცდილების დამსახურებით, მოახერხეს ცარიზმის15 დამხობა, მთავრობის პარალიზება, მიწებსა და ქარხნებზე კერძო საკუთრების გაუქმება, თუმცა დაწყებული საქმის გაგრძელება ხსენებული ცოდნის უკმარისობის გამო – უბრალოდ ვერ მოახერხეს, შექმნილი სიცარიელე კი ამოავსეს პოლიტიკურმა პარტიებმა, ახალმა ავტორიტეტებმა, რომელთა გამოჩენასაც თან მოჰყვა უკმაყოფილებაც და საბოლოოდ რევოლუციის მარცხიც. შესაბამისად, რევოლუციის წარმატება მიუხედავად ყველაფრისა, პირველ რიგში, მის მოსამზადებელ ეტაპზეა დამოკიდებული.

 

საბოლოო ჯამში, ბერკმანის რევოლუციის იდეა მოკლედ შეგვიძლია შევაჯამოთ, როგორც ისტორიული, განგრძობითი პროცესი. არა მოვლენა, არამედ საზოგადოებრივი ევოლუციის პიკი, რომელიც ძველ წესრიგში ჩაგრულების – წესრიგის მოსპობით ბუნებრივად დაინტერესებულთა – მუდმივი ბრძოლით, თვითშემეცნებით მიიღწევა და ამ ბრძოლას ვადაგასული საზოგადოების საფუძველის მოსპობით, ავტორიტეტის განადგურებით ასრულებს სრული თავისუფლებისთვის – ანარქიისთვის გზის გასახსნელად.

 

 

მაშინ და ახლა

 

ირონიულია, რომ ბერკმანის წიგნის ერთ-ერთი თავდაპირველი დასახელება სიტყვებით „ახლა და შემდეგ“ იწყებოდა, მაშინ აწმყოსა და მომავლის ერთობლიობა უფრო აქტუალური იყო, ახლა კი წარსულის ნაშრომის აწმყოსთან კავშირზე ვსაუბრობთ. დღესდღეისობით, როგორც უკვე ვთქვით, რევოლუციის პრაქტიკული იდეა დაკარგულია, არც ის დიადი და სახელგანთქმული ანარქისტული მოძრაობა არსებობს, რომელთან შეერთებისკენაც ბერკმანი მოგვიწოდებს; არც საყოველთაო გაფიცვა ისახება წესრიგის შერყევის რეალურ საშუალებად და არც ბერკმანისთვის ამდენად მნიშვნელოვანი რუსეთის რევოლუციის ცეცხლი არ ანათებს და შთააგონებს მასებს საბჭოთა კავშირის 70 წლიანი არსებობიდან 30 წლის გასვლის შემდეგ. თითქმის ყველა ნაწილი, რაც უშუალოდ პრაქტიკას ეხება, ერთი შეხედვით ჰგავს არარელევანტური ისტორიის მატიანეს, რომელიც მხოლოდ აკადემიური წრეებისთვის თუ იქნება საინტერესო. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რამდენიც შეიცვალა, იმაზე ბევრად მეტი და მნიშვნელოვანი არ შეცვლილა ან უფრო გასაგებიც გახდა. სახელმწიფო, კაპიტალიზმი, შრომითი ექსპლუატაცია – როგორც ბერკმანი იტყოდა – თანამედროვე წესრიგის გალია, რომელიც საგულდაგულოდაა „ოქროებით შეკაზმული“ მისი ტყვეების დასაბნევად, ანარქისტული პერსპექტივიდან ისევ ადგილზეა და მხოლოდ და მხოლოდ გაძლიერებასა და განმტკიცებას განაგრძობს ყველანაირი სერიოზული წინააღმდეგობის გარეშე. თუნდაც ომები, სიღატაკე, მორალური დაცემა, ისევე წარმოადგენს ჩვენი საუკუნის მოუშორებელ ჭირს, როგორც ეს XX საუკუნეში იყო. და, რამდენადაც ამბოხის საფუძველი ადგილზეა, მხოლოდ ლოგიკურია რომ რევოლუციაც, როგორც მზარდი უკმაყოფილების შედეგი, თანამედროვე სისტემის „დათესილი ქარის“ მომკილი „ქარიშხალი“, ადრე თუ გვიან, მოსალოდნელად თუ მოულოდნელად გამოჩნდება ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში.

 

საბოლოო ჯამში, კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავუსვათ ხაზი ბერკმანის თანმიმდევრულობას თანამედროვე საზოგადოების უარყოფისა და ახალი საზოგადოების წარმოდგენისას, რევოლუციის ცენტრალურობას, როგორც იდეის განხორციელების, პროგრესის საფუძველის, ბმის ნგრევასა და შენებას შორის ბერკმანის ანარქიზმში, რომელიც თითქმის საოცრად ახერხებს ერთდროულად მაღალი საკაცობრიო აზრები აღძრას და „მიწიერი“ საქმეების სულისკვეთებით აავსოს.

 

 

 

 

 

შენიშვნები:

1. იხ. „ანარქიზმის ანბანი“, ალექსანდრე ბერკმანი, გამომცემლობა „აქტი“, 2021 წ.
2. ემა გოლდმანისა და იოჰან მოსტის ერთობლივი ნაშრომი – „Anarchy Defended by Anarchists“ „ანარქისტების დაცული ანარქია“, 1896 წ.
3. „ანარქიზმის ანბანი“, ალექსანდრე ბერკმანი, გვ. 41.
4. „პროპაგანდა საქმით“ – XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში, კონკრეტულ პოლიტიკური ქმედება, რომელიც სამაგალითო უნდა ყოფილიყო ანარქისტებისთვის, და კატალიზატორი რევოლუციისათვის.
5. სუფრაჟისტები – ქალთა ბურჟუაზიული მოძრაობის მონაწილენი, რომლებიც მოითხოვდნენ ქალებისათვის საარჩევნო უფლების მინიჭებას.
6. როიალისტი – პიროვნება რომელიც მხარს უჭერს მონარქს და მონარქიას.
7. „ანარქიზმის ანბანი“, ალექსანდრე ბერკმანი, გვ. 51.
8. „ანარქიზმის ანბანი“, ალექსანდრე ბერკმანი, გვ. 71. 
9. „ანარქიზმის ანბანი“, ალექსანდრე ბერკმანი, გვ. 74.
10. მიხაილ ბაკუნინი (1814-1876) – ცნობილი რუსი რევოლუციონერი, ანარქისტული მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო პრაქტიკოსი და თეორეტიკოსი, მშრომელთა პირველი ინტერნაციონალის ერთ-ერთი ლიდერი. აღნიშნული ნაწყვეტი მოყვანილია ნაშრომიდან „რეაქცია გერმანიაში“.
11. ჟოზეფ პრუდონი (1809-1865 ) – „ანარქიზმის მამად“ წოდებული ფრანგი ფილოსოფოსი და ეკონომისტი, პირველი, ვინც თავს „ანარქისტი“ უწოდა. ცნობილია სიტყვებით „საკუთრება ქურდობაა“ ნაშრომიდან „რა არის საკუთრება?“ მოცემული ნაწყვეტი გადმოტანილია პეტრე კროპოტკინის (1842-1921) წიგნიდან „პური და თავისუფლება“, გამომცემელი – ანარქისტული ბიბლიოთეკა, 2021 წ.
12. „ანარქიზმის ანბანი“, ალექსანდრე ბერკმანი, გვ. 114.
13. „ანარქიზმის ანბანი“, ალექსანდრე ბერკმანი, გვ. 169.
14. „ანარქიზმის ანბანი“, ალექსანდრე ბერკმანი, გვ. 169.
15. ცარიზმი – სახელისუფლებო სისტემა რომლის სათავეში დგას ცარი, მონარქი ფართოდ შეუზღუდავი უფლებებით.

 


კომენტარები