ოშო (აჩარია რაჯნიში, ბჰაგვან შრი რაჯნიში) – ინდოელი სულიერი მასწავლებელი (გურუ) და ფილოსოფოსი.
ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი ოშოს წიგნიდან „სიყვარულის ძალა“.
წიგნს სანახავად ეწვიეთ ბმულს: სიყვარულის ძალა
ხუთი საიდუმლოება, რომელთა დახმარებითაც ადამიანი მონად, მახინჯ არსებად, ხეიბრად აქციეს.
პირველი:
თუ ადამიანზე მბრძანებლობა გინდათ, რაც შეიძლება სუსტი გახადეთ იგი. თუ მღვდელს ან პოლიტიკოსს თქვენზე ძალაუფლება სურს მიიღოს, მან უნდა დაგასუსტოთ. კი, ზოგჯერ შესაძლებელია გამონაკლისი, კერძოდ კი, როცა მტერთან ბრძოლაა საჭირო. მხოლოდ ამ, და არა სხვა, შემთხვევაში. არმიას ბევრი რამე აქვს ნებადართული იქიდან, რაც სხვა ადამიანებს ეკრძალებათ. არმია სიკვდილის სამსახურშია, მას უფლება აქვს იყოს ძლიერი, რჩებოდეს მაქსიმალურად ძლიერი: იგი საჭიროა, რომ მტერი მოკლას. სხვა ადამიანებს კი მოშლიან. ისინი სუსტები რომ რჩებოდნენ, ათასობით ხერხი გამოიყენება. და საუკეთესო ხერხია – არ მიეცეს სიყვარულს სრული თავისუფლება. სიყვარული საკვებია. ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ თუ ბავშვს სიყვარული არ მიეცა, იგი იკეტება და სუსტდება. შეგიძლიათ მას მისცეთ რძე, წამალი, ნებისმიერი რამ... მხოლოდ არა სიყვარული. ნუ მოეხვევით, ნუ კოცნით, არ მისცეთ თქვენი სხეულის სითბოს შეგრძნება – ბავშვი დასუსტებას დაიწყებს, და მას იმის მეტი შანსი გაუჩნდება, რომ მოკვდეს, ვიდრე გადარჩეს. რა ხდება? რატომ? როდესაც ბავშვს უბრალოდ ეხვევი, კოცნი, როცა მას სითბოს აძლევ, ის რაღაცნაირად გრძნობს დამუხტვას, სიყვარულს. ბავშვი იწყებს გრძნობას, რომ მას იღებენ, აფასებენ, რომ ის საჭიროა, რომ მის ცხოვრებაში არის რაღაც აზრი.
ჩვენ კი მას ვაიძულებთ, რომ ბავშვობიდანვე იშიმშილოს, არ ვაძლევთ იმდენ სიყვარულს, რამდენიც საჭიროა. შემდეგ გოგონებისგან და ბიჭებისგან მოვითხოვთ, რომ ქორწინებამდე ისინი არ იყვნენ შეყვარებულები. თოთხმეტი წლის ასაკში ისინი უკვე სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ. თუმცა მათთვის სწავლაა საჭირო, და ამას შეიძლება მეტი დრო დასჭირეს: კიდევ ათი წელიწადი, სანამ არ გახდებიან ოცდაოთხის, ოცდახუთის ან მეტის. მაშინ ისინი მიიღებენ მაგისტრების, კანდიდატების, დოქტორების ხარისხს – მანამდე კი, იძულებული ვართ ავუკრძალოთ მათ, რომ უყვარდეთ.
დაახლოებით თვრამეტი წლის ასაკში ადამიანის სექსუალური ენერგია უმაღლეს წერტილს აღწევს. აღარასოდეს იქნება მამაკაცი ასეთი აქტიური, ქალი კი ვერ შეძლებს ისეთი ძლიერი ორგაზმები განიცადოს, როგორიც თვრამეტი წლის ასაკში ხდება. მაგრამ, ჩვენ მათ ვუკრძალავთ სექსით დაკავებას. ბიჭებს და გოგონებს ვაიძულებთ, რომ სხვადასხვა საერთო საცხოვრებელში იცხოვრონ, და მათ შორის პოლიციელების, მოსამართლეების, რექტორების, დირექტორების მთელი სისტემა დგას. ისინი მათ შორის დგანან და ბიჭებს გოგონებთან წასვლის საშუალებას არ აძლევენ. რატომ? რა საჭიროა ამდენი მეურვეობა? ისინი ცდილობენ მოკლან ხარი და შექმნან დაკოდილი ხარი.
თვრამეტი წლის ასაკში სექსუალური ენერგიის, სიყვარულის ენერგიის პიკში იმყოფებით. იმ დროისთვის, როცა ქორწინდებით, თქვენ უკვე ოცდახუთის, ოცდაექვსის, ოცდაშვიდის ხართ... ასაკი მუდამ მატულობს. რაც უფრო მაღალია ქვეყნის კულტურული განვითარების დონე, მით უფრო მეტხანს გიწევთ ლოდინი, ჯერ ხომ უნდა ისწავლოთ, სამუშაო იშოვოთ, და ა.შ. იმ დროისთვის, როცა ქორწინდებით, თქვენი ძალები კლებას იწყებს. და აი, მაშინ გიყვართ, მაგრამ ეს სიყვარული არასოდეს არის სათანადოდ მხურვალე; იგი ვერასოდეს აღწევს დუღილის წერტილს, ყოველთვის ოდნავ თბილი რჩება. ხოლო, თუ არასოდეს გყვარებიათ ტოტალურად, მაშინ არ შეგიძლიათ, რომ თქვენი შვილები გიყვარდეთ, თქვენ ხომ არ იცით, როგორ უნდა გიყვარდეთ. თუ სიყვარულის მწვერვალები არ შეიცანით, როგორ უნდა ასწავლოთ შვილებს სიყვარული? როგორ უნდა დაეხმაროთ მათ მწვერვალების მიღწევაში? უხსოვარი დროიდან ადამიანს უკრძალავდნენ სიყვარულს, რომ ის სუსტი დარჩენილიყო.
დამონების მეორე საიდუმლო ხერხი:
ისე ქენით, რომ ადამიანი მაქსიმალურ არცოდნაში და ცდომილებაში იყოს, მაშინ მისი მოტყუება ადვილი იქნება. და თუ გინდათ მიიღოთ იდიოტი (სწორედ ეს სჭირდება მღვდელს და პოლიტიკოსს მათი გასავათებისთვის), მაშინ საუკეთესო ხერხია – არ მისცეთ ადამიანს იმის საშუალება, რომ თავისუფლად უყვარდეს. სიყვარულის გარეშე ადამიანის გონებრივი უნარი მცირდება. არასოდეს დაკვირვებიხართ ამას? როგორც კი შეყვარებული გახდებით, მაშინვე თქვენი ძალები პიკს აღწევს, დგება კრეშენდო. წუთის წინ უსიცოცხლოდ გრძნობდით თავს, შემდეგ კი შეგხვდათ ქალი... და უცებ თქვენი არსება უზარმაზარი სიხარულით შეივსო, თქვენ თითქოს იწვით. როდესაც ადამიანები შეყვარებულები არიან, მათი საკუთარი თავის გამჟღავნების უნარი მაქსიმალურია. და, როცა სიყვარული ქრება ან ის საერთოდ არ არის, ეს უნარი მინიმუმამდე მცირდება.
ყველაზე დიადი, ყველაზე ჭკვიანი ადამიანები ძალიან სექსუალურები არიან. ეს უნდა გაიგოთ იმიტომ, რომ სიყვარულის ენერგია, კაცმა რომ თქვას, სწორედ ინტელექტია. თუ არ შეგიძლიათ, გიყვარდეთ, მაშინ თქვენ თითქოს ჩაკეტილი, ცივი, ერთ წერტილზე გაყინული ხდებით. ის კი, ვისაც უყვარს, მოძრაობს. ვისაც უყვარს, ის ისეთ სიმტკიცეს შეიგრძნობს, რომ ვარსკვლავებს შეუძლია მიაღწიოს. აი, რატომ ხდება ქალი აღმაფრენის მძლავრი წყარო, მამაკაცი ხდება აღმაფრენის მძლავრი წყარო. როდესაც ქალი უყვართ, იგი მაშინვე ლამაზდება! წუთის წინ იგი ჩვეულებრივი ქალი იყო... მაგრამ, აი, მას სიყვარული აჩუქეს და ის სრულიად ახალი ენერგიით იმსჭვალება, მის გარშემო ახალი აურა ჩნდება. იგი უფრო გრაციოზულად დააბიჯებს, მის სიარულში ცეკვა ჩნდება. მისი თვალები წარმოუდგენელი სილამაზით ივსება, მისი სახე ბრწყინავს, ის ანათებს – მამაკაცსაც იგივე ემართება.
როდესაც ადამიანები შეყვარებულები არიან, მათი გამომჟღავნების უნარი ოპტიმალურ დონეზე იმყოფება. თუ მათ სიყვარულის უფლებას არ მისცემთ, ეს უნარი მინიმუმამდე შემცირდება. ასეთ მდგომარეობაში ადამიანები სულელები, უმეცრები არიან, მათ არაფრის ცოდნა არ უნდათ. და როცა ადამიანები უმეცრები, სულელები, თავგზააბნეულები არიან, მათი მოტყუება ადვილია. როდესაც სექსუალური ენერგია, სიყვარულის ენერგია, ჩახშობილია, ადამიანი იმქვეყნიურ ცხოვრებაზე ოცნებას იწყებს; იგი ფიქრს იწყებს სამოთხეზე, ზეცაზე, მაგრამ არ ფიქრობს იმაზე, რომ სამოთხე შექმნას აქ და ახლა.
როდესაც შეყვარებული ხართ, სამოთხე აქ და ახლა იმყოფება. თქვენ არაფერი გაღელვებთ. და, მაშინ ვინ ივლის მღვდელთან? მაშინ ვინ უნდა წუხდეს, არის თუ არა სამოთხე? თქვენ უკვე სამოთხეში ხართ, მის შესახებ კიდევ რამის ცოდნა თქვენთვის არ არის საინტერესო. მაგრამ, როცა სიყვარულის ენერგიის ჩახშობა ხდება, თქვენ იწყებთ ფიქრს: „აქ არაფერი არ არის; ახლა სიცარიელეა. ე.ი. არის კიდევ რაღაც, რაღაც მიზანი...“. მიდიხართ მღვდელთან და ზეცის შესახებ ეკითხებით მას, ის კი სამოთხის მშვენიერ სურათებს გიხატავთ. სექსის ჩახშობა იმიტომ ხდება, რომ საიქიოს ცხოვრებით დაინტერესდეთ. და, როცა ადამიანები იმქვეყნიური ცხოვრებით ინტერესდებიან, მაშინ, ბუნებრივია, ახლანდელი ცხოვრება მათ არ აინტერესებთ. ტანტრაში ნათქვამია: ეს ცხოვრება ერთადერთია. სხვა ცხოვრება ამ ცხოვრებაშია დაფარული; ის არ არის მისი საწინააღმდეგო, და არ არის სადღაც შორს, იგი ამ ცხოვრებაშია. შედით მასში. ესაა და ეს! შედით მასში, იქ იპოვით სხვა ცხოვრებას. ღმერთი ამ სამყაროშია დაფარული – ასეთია ტანტრის გზავნილი. დიადი გზავნილია, ჩინებულია, შეუდარებელია! ღმერთი დაფარულია ამ სამყაროში, ღმერთი აქ და ახლაა. და თუ გიყვართ, მაშინ შეძლებთ ამის შეგრძნებას.
ადამიანის მონად ქცევის მესამე საიდუმლო:
ეცადეთ, რომ რაც შეიძლება მეტად ეშინოდეს მას და ყველაზე უფრო უტყუარი ხერხი – არ მისცეთ ნება, რომ უყვარდეს, სიყვარული ხომ შიშს სპობს: „სიყვარული სდევნის შიშს“.1 როდესაც შეყვარებული ხართ, არ გეშინიათ; როდესაც შეყვარებული ხართ, შეგიძლიათ მთელი სამყაროს წინააღმდეგ იბრძოლოთ, ნებისმიერი რამის კეთების უნარს გრძნობთ; მაგრამ, როცა არ ხართ შეყვარებული, წვრილმანების გეშინიათ, თავდაცვისთვის, უსაფრთხოებისთვის ზრუნვას იწყებთ. ხოლო, როცა შეყვარებული ხართ, უფრო მეტად თავგადასავლები, ძიება გაინტერესებთ.
ადამიანებს ნებას არ აძლევენ, რომ უყვარდეთ იმიტომ, რომ ეს ერთადერთი ხერხია იმისთვის, რომ შიშის ქვეშ ჰყავდეთ ისინი. ხოლო, თუ ადამიანი შიშისგან კანკალებს, ყოველთვის მუხლებზე დგას, მუხლმოდრეკილია მღვდლის წინაშე, პოლიტიკოსის წინაშე. ეს დიდი შეთქმულებაა კაცობრიობის წინააღმდეგ; ეს დიდი შეთქმულებაა თქვენ წინააღმდეგ. პოლიტიკოსები და მღვდლები თქვენი მტრები არიან, მაგრამ ისინი ხალხის მსახურად აჩვენებენ თავს. ისინი ამბობენ: – „ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ თქვენ გემსახუროთ, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესი გახდეს; ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ კარგი ცხოვრება შეგიქმნათ“. თვითონ კი ცხოვრებას გისპობენ.
მეოთხე საიდუმლო:
ისე ქენით, რომ ადამიანი მაქსიმალურად უბედური იყოს იმიტომ, რომ უბედური ადამიანი თავგზააბნეულია, თავის თავს პატივს არ სცემს, უბედური ადამიანი თავის თავს გმობს; მას ეჩვენება, რომ ის რაღაცაშია დამნაშავე. უბედურ ადამიანს არ გააჩნია საყრდენი; მას შეიძლება აქეთ-იქიდან უბიძგოთ, ძალიან ადვილია მისი იძულება, რომ დინების მიმართულებით იცუროს. უბედური ადამიანი ყოველთვის მზად არის, რომ მორჩილებაში იყოს, ბრძანება შეასრულოს იმიტომ, რომ ასე თვლის: „თავისთავად, მხოლოდ და მხოლოდ, უბედური ადამიანი ვარ. იქნებ ვინმე სხვამ შეძლოს, რომ ჩემი ცხოვრება უკეთესი გახადოს?“ იგი მზამზარეული მსხვერპლია.
და მეხუთე საიდუმლო:
რაც შეიძლება მეტად განაცალკევეთ ადამიანები, მაშინ ისინი ვერ გაერთიანდებიან რაიმე მიზნის გულისთვის, რომელ მიზანსაც მღვდელი და პოლიტიკოსი არ იწონებს. განცალკევებულები ამყოფეთ ადამიანები, ნებას ნუ მისცემთ, რომ მეტისმეტად დაახლოვდნენ. როდესაც ადამიანები დაყოფილები, მარტონი არიან, მათ არ შეუძლიათ გაერთიანება და ათასი ხერხია იმისთვის, რომ ცალ-ცალკე ამყოფოთ ისინი. მაგალითად, თუ მამაკაცთან ერთად ხელიხელჩაკიდებული მიდიხართ (თქვენ მამაკაცი ხართ, სხვა მამაკაცთან ერთად ხელიხელჩაკიდებული მიდიხართ და მღერით), თავს დამნაშავედ გრძნობთ, რადგან სხვები ხომ შემოგხედავენ და იფიქრებენ: „ისინი რა, გეები არიან?!“ არ შეიძლება, რომ ორი მამაკაცი ერთად ბედნიერი იყოს; არ შეიძლება, რომ მათ ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდონ; არ შეიძლება, რომ ერთმანეთს ეხვეოდნენ – ასე მათ ჰომოსექსუალისტებად მიიღებენ და გაკიცხავენ. ჩნდება შიში. თუ თქვენი მეგობარი ხელს გკიდებთ, თვალის მიმოვლებას იწყებთ: ვაითუ ვინმემ დაგვინახოს?! და სწრაფად წაართმევთ ხელს. თქვენი ხელის ჩამორთმევა ძალიან დაჩქარებულია – არასოდეს შეგინიშნავთ?! უბრალოდ, ეხებით სხვის ხელს, ჩამოართმევთ და მორჩა, არ ხართ ხელიხელჩაკიდებული, არ ეხვევით ერთმანეთს, გეშინიათ.
გაიხსენეთ: როდესმე მოგხვევიათ მამა? როდესმე მოგხვევიათ დედა, როცა სქესობრივ სიმწიფეს მიაღწიეთ? რატომ არ იყო ეს? ადამიანებს შიში შთააგონეს. ახალგაზრდა ბიჭი დედას ეხვევა? იქნებ, მათ შორის სექსი გაჩნდა ან კიდევ სხვა რამ, რაიმე ფანტაზია? ადამიანებს შიში შთააგონეს: მამა და ვაჟიშვილი, მამა და ქალიშვილი – არ შეიძლება, და-ძმა – არ შეიძლება, ძმა და ძმა – არ შეიძლება! ადამიანებს ამყოფებენ განცალკევებულ ბოქსებში სქელი კედლებით. ყველა დაახარისხეს, ათასი ზღუდე შექმნეს. დიახ, ბოლოს და ბოლოს, ოცდახუთწლიანი ასეთი წვრთნის შემდეგ ნებას გაძლევენ, რომ ცოლთან სექსით დაკავდეთ. მაგრამ, ამ დროისთვის საკმაოდ ხართ გაწვრთნილი და აღმოჩნდება, რომ არ იცით, რა უნდა აკეთოთ. როგორ უნდა გიყვარდეთ? სიყვარულის ენა თქვენ არ გისწავლიათ.
ეს იმას ჰგავს, ადამიანს რომ ოცდახუთ წელიწადს ლაპარაკის ნებას არ აძლევდენ. წარმოიდგინეთ: ოცდახუთი წლის განმავლობაში სიტყვის თქმის უფლებას არ აძლევდნენ, და აი, სცენაზე გამოჰყავთ და სთხოვენ მას: „ლექცია წაგვიკითხე“. რა მოხდება? მას ენა დაებმება! მან შეიძლება გრძნობა დაკარგოს, მოკვდეს... ოცდახუთწლიანი სიჩუმე – და უცებ, მისგან ლექციის წაკითხვას ითხოვენ. სწორედ ასე ხდება: ოცდახუთწლიანი ანტისიყვარული, შიში – და უცებ, კანონიერ უფლებას იღებთ, ლიცენზიას გაძლევენ და ახლა, შეგიძლიათ, გიყვარდეთ ეს ქალი. ის თქვენი ცოლია, თქვენ მისი ქმარი ხართ, და ნება გეძლევათ, რომ ერთმანეთი გიყვარდეთ. მაგრამ, სად უნდა წაიღოთ წვრთნის ეს ოცდახუთი წელი? ის თქვენთან დარჩება.
დიახ, თქვენ გეყვარებათ... იქნება მცდელობები, ჟესტები. მაგრამ ეს სიყვარული არ გახდება ფეთქებადი, ორგაზმული, იგი სულ ერთი ციცქნა იქნება. აი, რატომ ხართ გულგატეხილი სექსით დაკავების შემდეგ. ადამიანთა ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი სექსის შემდეგ გულგატეხილობას განიცდის – უფრო ძლიერს, ვიდრე მანამდე. და ისინი ფიქრობენ: „რა არის ეს?.. ეს ხომ არაფერი არ არის! ყველაფერი ტყუილია!“.
თავიდან, მღვდელმა და პოლიტიკოსმა ისე ქნეს, რომ სიყვარული არ შეგეძლოთ, მერე კი ისინი ქადაგებას დაგიწყებენ, რომ სიყვარულში არაფერი არ არის. და, ბუნებრივია, გეჩვენებათ, რომ მათი ქადაგებები სიმართლეს ჰგავს, ისინი ზუსტად ასახავენ თქვენს საკუთარ გამოცდილებას. თავიდან, ისინი ადამიანში სიცარიელისა და სასოწარკვეთილების შეგრძნებას ბადებენ, ამის შემდეგ კი... ქადაგებებს უკითხავენ და ყველაფერი ლოგიკურად გამოიყურება, ყველაფერი ერთ სურათში თავსდება.
ეს დიდი მოტყუებაა, უდიდესი მოტყუებაა, რაც კი ოდესმე ყოფილა ადამიანის წინააღმდეგ მიმართული. ეს ხუთი საიდუმლო შეიძლება შეთავსებულ იქნეს ერთში, ეს იქნება – ტაბუ სიყვარულზე. შეიძლება, ყველა ამ ხუთი მიზნის ერთიანად მიღწევა, თუკი რაიმე სახით ადამიანებს საშუალებას არ მისცემთ, რომ ერთმანეთი უყვარდეთ. და ეს ტაბუ ასეთი მეცნიერული ხერხით იქნა დამუშავებული... ეს ტაბუ ნამდვილი ხელოვნების ნაწარმოებია; მასში ამდენი ოსტატობა და ცბიერება იქნა ჩადებული, ეს ნამდვილი შედევრია. უნდა გესმოდეთ რას წარმოადგენს ის.
ჯერ ერთი, ეს ტაბუ დაფარულია და ის თანდათან მოქმედებს. ის შეუმჩნეველია იმიტომ, რომ თუ ტაბუს მეტისმეტად აშკარას გახდიან, ეფექტი არ ექნება. ტაბუ დაფარული უნდა იყოს, იმისათვის, რომ არ იცოდეთ როგორ მოქმედებს და ის იმდენად კარგად არის დაფარული, აზრიც კი არ გაგიჩნდეთ, რომ მისი დარღვევა შეიძლება. ტაბუმ უნდა შეაღწიოს არა ცნობიერებაში, არამედ ქვეცნობიერებაში. როგორ უნდა დაფარონ და შეუმჩნეველი გახადონ ის? მათი ხრიკი შემდეგში მდგომარეობს: თავიდან, ისინი ქადაგებებს კითხულობენ სიყვარულის სიდიადეზე, იმაზე, რომ ის უცილობლად უნდა იყოს – შემდეგ კი, უბრალოდ, არ უშვებენ სიტუაციებს, რომლებშიაც სიყვარული შეიძლება მომხდარიყო, არ აძლევენ მას იმის საშუალებას, რომ გამოვლინდეს. ეს იგივეა, რომ არ იძლეოდნენ ჭამის შესაძლებლობას და ქადაგებებს აგრძელებდნენ იმაზე, რომ საჭმელი შესანიშნავი რამ არის, უდიდესი სიტკბოებაა. იძახდნენ: „ჭამეთ, რამდენიც ჩაგივათ!“, მაგრამ ამასთან ადამიანებს საჭმელს არ აძლევდნენ. ადამიანებს მშივრებს ამყოფებდნენ და სიყვარულზე საუბარს განაგრძნობდნენ. ამიტომ, ყველა მღვდელი მუდამ სიყვარულზე ლაპარაკობს. მათ სიყვარული ცამდე აჰყავთ, მაგრამ გამოვლინების შესაძლებლობას არ აძლევენ მას. ერთი შეხედვით, ისინი ახალისებენ, სინამდვილეში კი ფესვებს უთხრიან მას. ეს უდიდესი ოსტატობაა.
მღვდლები არ ლაპარაკობენ იმაზე, რომ ისინი ადამიანებს ბოროტებას აყენებენ. ეს იგივეა, ხეს რომ უმეორებდეთ: – „იყავი მწვანე! გაყვავდი! დატკბი!“ თქვენ კი ფესვებს უთხრიდეთ, რომ არ გამწვანდეს. მერე კი, როცა დაინახავდით, რომ ხე არ არის მწვანე, მასზე შეხტებოდით და იტყოდით: „არა, შენ არ გვისმენ! ისე არ აკეთებ, როგორც საჭიროა. ჩვენ მუდამ გეუბნებით: იყავი მწვანე! გაყვავდი! დატკბი! იცეკვე!..“ თქვენ კი, ამ დროს, ფესვების მოთხრას განაგრძობდეთ.
სიყვარულს მთელი ძალით უქმნიან დაბრკოლებებს... სიყვარული ხომ ყველაზე იშვიათი მოვლენაა მსოფლიოში და არ შეიძლება მისთვის დაბრკოლების შექმნა. თუ ვინმეს შეუძლია, რომ ხუთი ადამიანი უყვარდეს, დაე, უყვარდეს ხუთი; თუ ვინმეს შეუძლია, რომ ორმოცდაათი ადამიანი უყვარდეს, დაე, უყვარდეს ორმოცდაათი; თუ ვინმეს შეუძლია, რომ ხუთასი ადამიანი უყვარდეს, დაე, უყვარდეს ხუთასი. სიყვარული ისეთი იშვიათია, რომ რაც უფრო მეტად ავრცელებ მას, მით უკეთესი.
მაგრამ, არსებობს ეშმაკური ხრიკები. თქვენ ძალიან ვიწრო კუთხეში შეგაგდებენ: შეიძლება, გიყვარდეს მხოლოდ შენი ცოლი, შეიძლება, გიყვარდეს მხოლოდ შენი ქმარი, შეიძლება, გიყვარდეს მხოლოდ ეს თუ ის – პირობები მეტისმეტად ბევრია. ეს იგივეა, გამოიცეს კანონი, რომელიც სუნთქვის ნებას მოგცემდათ, როცა მხოლოდ ცოლთან ხართ ან როცა მხოლოდ ქმართან ხართ. მაშინ, სუნთქვა შეუძლებელი იქნება – თქვენ მოკვდებით! და ვერ ისუნთქებთ ცოლის ან ქმრის თანდასწრებითაც კი.
დღე-ღამეში აუცილებლად ოცდაოთხი საათი უნდა ისუნთქოთ. რაც უფრო მეტს სუნთქავთ, მით უფრო უკეთესად შეძლებთ სუნთქვას, როდესაც ქმართან ან ცოლთან ერთად იქნებით. იყავით მოსიყვარულენი.
არის კიდევ ერთი ხრიკი: როდესაც „მაღალ“ სიყვარულზე ამბობენ, სპობენ დაბალს. და იძახიან, რომ დაბალი სიყვარული უნდა აიკრძალოს: ხორციელი სიყვარული ცუდია, სულიერი კი – კარგი. ოდესმე გინახავთ სული სხეულის გარეშე? ოდესმე გინახავთ სახლი საძირკვლის გარეშე? ქვედი2 მაღლის საძირკველია. სხეული თქვენი სავანეა: სხეულის შიგნით, სხეულთან ერთად, სული ცხოვრობს. თქვენ ხართ განსხეულებული სული და გასულიერებული სხეული. თქვენ ერთიანი ხართ. მაღალი და დაბალი განუყოფელია, ისინი ერთიანობაშია, ერთი კიბის საფეხურებია.
სწორედ ამის ახსნას ცდილობს ტანტრა: არ შეიძლება აიკრძალოს დაბალი, დაბლის მაღალში ტრანსფორმირებაა საჭირო. დაბალი კარგია! თუ დაბალში ჩარჩით, მაშინ პრობლემა თქვენშია და არა იმაში, რომ ეს ქვედია. კიბის ქვედა საფეხური არაფერშია დამნაშავე, თუ მასზე დარჩით, მაშინ პრობლემა თქვენშია. იმოძრავეთ! სექსში ცუდი არაფერია – ცუდია, თუ ამ დონეზე დარჩით. იმოძრავეთ ზევითკენ. მაღალი არ უარყოფს დაბალს, დაბლის გარეშე ვერავითარი მაღალი იქნება.
ასევე, ამ ხრიკების გამო, უამრავი სხვა პრობლემა გაჩნდა. ყოველ ჯერზე, როცა შეყვარებული ხართ, თითქოს დამნაშავედ გრძნობთ თავს, ჩნდება დანაშაულის გრძნობა. ხოლო, როცა არის დანაშაულის გრძნობა, არ შეგიძლიათ სიყვარულში მთლიანად ჩაშვება, ბრალი გიშლით ხელს, ამის გაკეთების საშუალებას არ გაძლევთ. მაშინაც კი, როდესაც სექსით ხართ დაკავებული თქვენს ცოლთან ან ქმართან, დამნაშავედ გრძნობთ თავს: იცით, რომ ეს ცოდვაა, რომ ცუდ რამეს შვრებით. წმინდანები ამას არ აკეთებენ, თქვენ ცოდვილი ხართ... ამიტომ, არ შეგიძლიათ, რომ მთლიანად მისცეთ თავი სიყვარულს, მაშინაც კი, როცა ცოლთან სექსის ნება მოგცეს. თქვენი დანაშაულის გრძნობის უკან მღვდელი იფარება, იგი უკან გექაჩებათ, ძაფებს ეწევა. როდესაც დანაშაულის გრძნობა ჩნდება, გეჩვენებათ, რომ ცუდ რამეს აკეთებთ, თქვენი თვითშეფასება დაბლა ეცემა, საკუთარი თავის პატივისცემას კარგავთ.
არის კიდევ ერთი პრობლემა: როცა არის დანაშაულის გრძნობა, თავის მოკატუნებას იწყებთ. დედები და მამები შვილებისგან მალავენ იმას, რომ ისინი სექსით არიან დაკავებული, თავს იკატუნებენ, თავს ისე აჩვენებენ, რომ სექსი არ არსებობს. მაგრამ, ადრე თუ გვიან, შვილები ყველაფერს ხვდებიან. და, როცა მშობლების თვალთმაქცობის შესახებ იგებენ, მათ მიმართ ყოველგვარ ნდობას კარგავენ – გრძნობენ, რომ თითქოს მშობლებმა მოატყუეს. დედები და მამები კი ამბობენ, რომ შვილები მათ პატივს არ სცემენ. მაგრამ, თქვენ თვითონ ხართ დამნაშავე – როგორ უნდა გცენ მათ პატივი?! თქვენ ხომ მათ ყოველთვის ატყუებდით. არაპატიოსნად, არაღირსეულად იქცეოდით. ეუბნებოდით, რომ არ ყოფილიყვნენ შეყვარებული – „ფრთხილად იყავით!“, – თქვენ კი მთელი ამ დროის განმავლობაში სექსით იყავით დაკავებული. ერთხელაც, ადრე თუ გვიან, შვილები მიხვდებიან, რომ მშობლები ატყუებდნენ – მაშ, როგორ უნდა გცემდნენ პატივს?
თავიდან დანაშაული თვალთმაქცობას ბადებს, შემდეგ თვალთმაქცობას ადამიანებს შორის დაშორება მოაქვს და შვილიც კი, თქვენი საკუთარი შვილი, არ იქნება თქვენთან „ერთ ტალღაზე“. არსებობს დაბრკოლება – თქვენი თვალთმაქცობა. ხოლო, როდესაც იცით, რომ გარშემო ყველა თვალთმაქცობს... ერთხელაც აცნობიერებთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ თვალთმაქცობთ, როგორც ყველა დანარჩენი. და თუ ყველა თვალთმაქცობს, როგორ უნდა დაამყაროთ ურთიერთობები? როგორ უნდა დაამყაროთ ურთიერთობები, როცა ყველა იტყუება? როგორ უნდა იმეგობროთ ადამიანებთან, როცა ყველგან სიცრუე და მოტყუებაა? თქვენ ტკივილს და სიმწარეს გრძნობთ იმისგან, რომ ასეთია რეალობა. ამ რეალობას „ეშმაკის სახელოსნოდ“ თვლით.
ყველას არაგულწრფელი სახე აქვს, ყველა არანამდვილია; ყველა ნიღაბს ატარებს, არავინ აჩვენებს თავის ჭეშმარიტ სახეს; თავს დამნაშავედ გრძნობთ, გრძნობთ, რომ თვალთმაქცობთ; და იცით, რომ დანარჩენებიც თვალთმაქცობენ, ისინიც დამნაშავედ თვლიან თავს – და ყველა თითქოს საზიზღარ წყლულად იქცა. ასეთი ადამიანებისგან ძალიან ადვილია მონების შექმნა: მომსახურეების, სადგურის უფროსების, სკოლის დირექტორების, ადმინისტრაციის უფროსების, მინისტრების, გუბერნატორების, პრეზიდენტების. ძალიან ადვილია მათი განრიდება, ფესვებიდან მოწყვეტა. სექსი ფესვია, დასახელებაც აქედან არის: მულადჰარ, რაც „თვით ფესვების ენერგიას“ ნიშნავს.
ასეთი ანეკდოტი გამიგონია:
ქორწინების პირველი ღამე. მეტისმეტად თავდაჭერილი ლედი ჯეინი პირველად ასრულებს ცოლ-ქმრულ მოვალეობას.
– მილორდ, – მიმართავს ის ქმარს, – ეს ის არის, რასაც უბრალო ადამიანები „სექსით დაკავებას“ უწოდებენ?
– დიახ, მილედი, – პასუხობს ლორდი რეჯინალდი, და აგრძელებს სხეულის მოძრაობას.
პაუზა – და ლედი ჯეინი აღშფოთებით წამოიძახებს:
– მაგრამ, უბრალო მოკვდავთათვის ეს მეტისმეტად კარგია!
უბრალო ადამიანებისთვის არ არის ნებადართული სექსით დაკავება: მათთვის ეს მეტისმეტად კარგია. მაგრამ, პრობლემა იმაშია, რომ, როდესაც უბრალო მოკვდავთა სამყაროს წამლავთ, თქვენივე თავს წამლავთ. თუ მოწამლეს ჰაერი, რომლითაც უბრალო მოკვდავები სუნთქავენ, მაშინ ის ჰაერიც იქნება მოწამლული, რომლითაც მეფე სუნთქავს. არ შეიძლება ჰაერის გაყოფა – ის ერთია. და, როცა მღვდელი უბრალო მოკვდავებს წამლავს, საბოლოო ჯამში, თავის თავსაც წამლავს. პოლიტიკოსი, რომელიც უბრალო მოკვდავების ჰაერს წამლავს, ბოლოს და ბოლოს ამ ჰაერს თვითონაც შეისუნთქავს, სხვა ჰაერი არ არსებობს.
მატარებელი... კუპეში შედის ეპისკოპოსი და იქ მჯდომი ვიკარი3 გვერდზე გადადებს „ფლეიბოის“ და საეკლესიო გაზეთის კითხვას იწყებს. ეპისკოპოსი მას ყურადღებას არ აქცევს და „თაიმსში“ კროსვორდის ამოხსნას იწყებს. კუპეში სიჩუმეა.
გადის დრო... ვიკარის საუბარი სურს. და როცა ეპისკოპოსი იწყებს თავის მოფხანას და სიტყვის დაყოლებას „ასე-ასე“, ის ეკითხება:
– სერ, შემიძლია რამით დაგეხმაროთ?
– ვერაფრით ამომიხსნია ერთი სიტყვა. რა არის ეს: დაკავშირებულია შინაგან ორგანოებთან, ექვსი ასო, ბოლოში – გინა?
– ნება მომეცით, სერ, – მოკლე პაუზის შემდეგ ამბობს ვიკარი. – ალბათ, „ანგინა“.
– რა თქმა უნდა! – წამოიძახებს ეპისკოპოსი. – მითხარით, ახალგაზრდა, საშლელი ხომ არ გაქვთ?
როდესაც რაღაცას ახშობთ, იგი ქვეცნობიერებაში ღრმად აღწევს. ის იქ არის; სექსი არ არის მოსპობილი. საბედნიეროდ, იგი არ არის მოსპობილი – მხოლოდ მოწამლულია. მისი მოსპობა არ შეიძლება, ეს არის ცხოვრების ენერგია. ის გასვარეს, მაგრამ მისი გასუფთავება შეიძლება. ამისთვის არის ტანტრა – გასუფთავების დიადი პროცესი.
თქვენი ცხოვრებისეული პრობლემები შეიძლება, მთლიანობაში, სექსუალურ პრობლემებამდე მიიყვანოთ. შეიძლება ცდილობდეთ, რომ დანარჩენი პრობლემები გადაჭრათ, მაგრამ ვერასოდეს გამოგივათ ეს იმიტომ, რომ ისინი არ არის ნამდვილი. ხოლო, თუ სექსის პრობლემას გადაწყვეტთ, ყველა დანარჩენი პრობლემა გაქრება იმიტომ, რომ ყველაზე მთავარი უკვე გადაიჭრება. მაგრამ, ამ პრობლემების არსში ჩახედვისაც კი გეშინიათ. ეს ხომ უბრალოა: თუ თქვენი განპირობებულობის მოცილებას შეძლებთ, მაშინ ყველაფერი უბრალო გახდება, როგორც იმ ანეკდოტში...
ერთი, მუდამ უკმაყოფილო შინაბერა, პოლიციას თავს აბეზრებდა: მუდამ ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ მისი საწოლის ქვეშ მამაკაცია. ბოლოს და ბოლოს, იგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ ის იქაც შესჩიოდა ექიმებს, რომ მისი საწოლის ქვეშ მამაკაცია. მას უახლესი პრეპარატებით მკურნალობდნენ და ერთხელაც, მან უცებ განაცხადა, რომ ჯანმრთელია.
– ანუ, მის რასტიფან, თქვენი საწოლის ქვეშ აღარ არის მამაკაცი?
– არა, ახლა იქ ორია.
ერთმა ექიმმა მეორეს უთხრა, რომ არის დაავადებისგან მისი განკურნების მხოლოდ ერთ ხერხი, რომელ დაავადებასაც მან უწოდა „ავთვისებიანი ქალწულობა“:
– მოდი, მივაგზავნოთ მასთან საძინებელ ოთახში დიდი დენი, საავადმყოფოს ხურო.
მოიყვანეს დიდი დენი. მას მოუყვნენ მოხუცი ქალის ჩივილების შესახებ და გააფრთხილეს, რომ მასთან ერთად ერთი საათით ჩაკეტავდნენ. მან უპასუხა, რომ ამდენი დრო არ დასჭირდებოდა.
დერეფანში მყოფ აღელვებულ ექიმებს ესმოდათ:
– არა, დენ, შეწყვიტე! დედა ამას არასოდეს მაპატიებს!
– გეყოფა ყვირილი, ამის გაკეთება მაინც მომიწევს. ამის გაკეთება დიდი ხნის წინ იყო საჭირო!
– მაშინ, ძალის გამოყენება დაგჭირდება, ცხოველო!
– თქვენი ქმარი იმავეს იზამდა – რომ გყოლოდათ.
ექიმებს ლოდინი აღარ შეეძლოთ და ისინი პალატაში შეცვივდნენ.
– მე ის მოვარჩინე! – თქვა ხურომ.
– მომარჩინა! – თქვა მის რასტიფანმა. – მან საწოლის ფეხები მოხერხა.
ზოგჯერ განკურნება ძალიან ადვილია, თქვენ კი ათასნაირ ხერხს იყენებთ... ხურომ შესანიშნავად გაართვა თავი: უბრალოდ საწოლს ფეხები მოახერხა – და მორჩა! სად უნდა დაიმალოს ახლა მამაკაცი?! თქვენი თითქმის ყველა პრობლემის ძირი სექსია. სხვანაირად ვერც იქნება, თქვენ ხომ ათას წელიწადს გწამლავდნენ. აუცილებელია ღრმა გაწმენდა. თქვენი სექსუალური ენერგიის გაწმენდა ტანტრას შეუძლია. ყური მიუგდეთ ტანტრას გზავნილს, ეცადეთ, რომ გაიგით ის. ეს დიადი რევოლუციური გზავნილია; იგი ყველა მღვდლის და პოლიტიკოსის წინააღმდეგ არის მიმართული. იგი მიმართულია იმათ წინააღმდეგ, ვინც წამლავდა, კლავდა მთელ სიხარულს დედამიწაზე მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანი მონამდე დაეყვანათ.
დაიბრუნეთ თავისუფლება! დაიბრუნეთ იმის თავისუფლება, რომ გიყვარდეთ! დაიბრუნეთ იმის თავისუფლება, რომ იყოთ – და მაშინ, ცხოვრება პრობლემად ყოფნას შეწყვეტს; იგი საიდუმლოება, ექსტაზი გახდება; იგი კურთხევა გახდება.
შენიშვნები:
1. სახარება, იოანეს პირველი წერილი 4:18.
2. ქვედი – ძირი, ქვედა ნაწილი.
3. ვიკარი – კათოლიკურ ეკლესიაში: ადრე – ეპისკოპოსის თანაშემწე, შემდგომში – მღვდლის თანაშემწე.
კომენტარები