საკუთარი თავის საფუძვლიანი გარდაქმნა

საკუთარი თავის საფუძვლიანი გარდაქმნა

ჯიდუ კრიშნამურტი – ინდოელი ფილოსოფოსი. წერდა და საუბრობდა ისეთ თემებზე როგორებიცაა, ფსიქოლოგიური (შინაგანი) რევოლუცია, მედიტაცია, გონება და მისი ბუნება, ადამიანური ურთიერთობები, ადამიანის და ზოგადად საზოგადოების რადიკალური ცვლილება.

 

ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი ჯიდუ კრიშნამურტის წიგნიდან „პირველი და უკანასკნელი თავისუფლება“.

 

წიგნს დათვალიერება: წიგნი

სხვებთან ურთიერთობა, მაშინაც კი, თუ ჩვენ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, ძალიან ძნელია. მე შეიძლება გამოვიყენო სიტყვები, რომელთაც შესაძლოა თქვენთვის და ჩემთვის სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდეს. გაგება მაშინ მოდის, როცა ჩვენ, თქვენ და მე ვხვდებით ერთსადაიმავე დონეზე და ერთსადაიმავე დროს. ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა, ადამიანებს შორის ნამდვილი მიზიდულობა არსებობს – ცოლსა და ქმარს შორის, ახლობელ ადამიანებს შორის. აი, ეს არის ნამდვილი ურთიერთობა. მყისიერი გაგება მაშინ ჩნდება, როცა ჩვენ ვხვდებით ერთსადაიმავე დონეზე ერთსადაიმავე დროს.

ძალიან ძნელია სხვებთან ურთიერთობა, ურთიერთობა – ადვილი, ნაყოფიერი, ქმედითი. მე უბრალო სიტყვებს ვიყენებ და არა ტექნიკურ ტერმინებს, იმიტომ, რომ არ ვფიქრობ თითქოს რაღაც ტექნიკური შინაარსის გამოთქმას შეუძლია დაგვეხმაროს ჩვენი ძნელი პრობლემების გადაჭრაში. ასე რომ, მე არ გამოვიყენებ ტექნიკურ, ფსიქოლოგიურ და სამეცნიერო ტერმინებს. საბედნიეროდ, არასოდეს მიკითხავს წიგნები არც ფსიქოლოგიაზე და არც რელიგიაზე. მე მინდა ყველაზე მარტივი სიტყვებით, რომლითაც ვსარგებლობთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, გამოვხატო უფრო ღრმა აზრი, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან ძნელია, თუ თქვენ მოსმენა არ შეგიძლიათ.

მოსმენა – ხელოვნებაა – იმისათვის, რომ შეგეძლოს მართლა მოუსმინო, უნდა მიატოვო ან გვერდზე გადადო ყველა ცრურწმენა, ყველა წინასწარ მიღებული ფორმულირება, ყოველდღიური საქმიანობა. როცა თქვენი გონება აღქმისუნარიანი იქნება, ყველაფრის გაგებას ადვილად შეძლებთ. თქვენ უსმენთ მაშინ, როცა მთელი თქვენი ყურადღება რაღაცისკენაა მიმართული, მაგრამ, სამწუხაროდ ადამიანების უმრავლესობა წინააღმდეგობის შირმის მიღმიდან უსმენს. ჩვენ ვიმალებით ჩვენი ცრურწმენების, რელიგიურის თუ სულიერის, ფსიქოლოგიურის თუ სამეცნიეროს, ან ჩვენი ყოველდღიური საზრუნავების, სურვილების და შიშის შირმის მიღმა. და ამ შირმებით გარშემორტყმულნი ვუსმენთ. სინამდვილეში კი ჩვენს საკუთარ ხმებს ვუსმენთ, ჩვენს საკუთარ ჟღერადობას და არა იმას, თუ რას გვეუბნებიან. უკიდურესად ძნელია მოიშორო შენი აღზრდა, ცრურწმენები, აზრები, მიდრეკილებები, წინააღმდეგობა და ვერბალური გამოთქმის საზღვრებს მიღმა უსმინო ისე, რომ მყისიერად გაიგო. აი ერთ-ერთი ის სიძნელე, რომლის დაძლევა მოგვიწევს.

თუ ჩვენი საუბრების განმავლობაში რამე ისეთი იქნება ნათქვამი, რაც თქვენს აზრებს და რწმენას ეწინააღმდეგება, უბრალოდ უსმინეთ. ნუ შეეწინააღმდეგებით. შეიძლება თქვენ მართალი ხართ და მე ვცდები, მაგრამ როცა ერთად მოვუსმენთ და ერთად ვიმსჯელებთ, ჩვენ ჭეშმარიტებას მივაგნებთ. ჭეშმარიტება შეუძლებელია ვინმესგან მოგეცეთ. თქვენ უნდა აღმოაჩინოთ ის, იმისთვის კი, რომ აღმოაჩინოთ, გონება მუდმივი აღქმის მდგომარეობაში უნდა იყოს. უშუალო აღქმა შეუძლებელია, როცა არსებობს წინააღმდეგობა, უსაფრთხოების და თავდაცვის წყურვილი. გაგება მოდის იმის გაცნობიერებით, რაც არის. ზუსტად იცოდე ის, რაც არის – რეალობა – მისი ინტერპრეტაციის, განსჯის თუ გამართლების გარეშე. სინამდვილე. აი, სიბრძნის უდავო საწყისი. და თუ ჩვენ ვიწყებთ მის ინტერპრეტაციას, ჩვენი განპირობებულობის, ჩვენი ცრურწმენების ენაზე გადაყვანას, სწორედ მაშინ გვისხლტება ხელიდან ჭეშმარიტება. ბოლოს და ბოლოს, ეს სამეცნიერო კვლევას ჰგავს. რომ იცოდე, რა არის რაღაც, რა არის ის ზუსტად, საჭიროა მისი გამოკვლევა. არ შეიძლება მისი ინტერპრეტაცია თქვენი განწყობილების მიხედვით. ანალოგიურად, თუ ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ, დავაკვირდეთ, მოვუსმინოთ, გავაცნობიეროთ ის, რაც არის – ზუსტად ის, რაც არის – მაშინ პრობლემა გადაწყვეტილია. აი, სწორედ ამის გაკეთებას შევეცდებით ჩვენი საუბრების განმავლობაში. მე თქვენ მიგითითებთ იმაზე, რაც არის და არ გადავიყვან მას ჩემი ფანტაზიის ენაზე, მაგრამ არც თქვენ უნდა გადაიყვანოთ ის და არ უნდა გააკეთოთ მისი ინტერპრეტაცია თქვენი გამოცდილების თუ აღზრდის შესაბამისად.

განა შეუძლებელია გააცნობიერო ყველაფერი ისე, როგორიც ის არის? თუ ასეთი გაცნობიერებით დავიწყებთ, ჩვენ უეჭველად მივალთ გაგებამდე. აღიარება, გაცნობიერება, გაგება იმისა, რაც არის – აი, რა დაასრულებს ბრძოლას. თუ მე ვიცი რომ მატყუარა ვარ და ამ ფაქტს ვაღიარებ, მაშინ ბრძოლა დამთავრებულია. აღიარება, გაცნობიერება იმისა, ვინც ხართ, ეს უკვე დასაწყისია სიბრძნის, დასაწყისია გაგების, რომელიც თქვენ განთავისუფლებთ დროისაგან. დროის მახასიათებლის შემოტანა – დროისა არა ქრონოლოგიური აზრით, არამედ როგორც მედიუმის, ფსიქოლოგიური, გონებრივი პროცესი დესტრუქციულია და დაბნეულობას ქმნის.

ამრიგად, ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ის, რაც არის, როცა მას განსჯის, გამართლების, იდენტიფიცირების გარეშე ვაცნობიერებთ.  იმის ცოდნა, რომ ხარ გარკვეულ პირობებში, გარკვეულ მდგომარეობაში, უკვე განთავისუფლების პროცესია, მაგრამ ადამიანი, რომელიც ვერ აცნობიერებს თავის მდგომარეობას, თავის ბრძოლას, ცდილობს იყოს რაღაც სხვა და არა ის, რაც არის და მას ეს ჩვევად ექცევა. ჰოდა, მოდით გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვინდა განვიხილოთ ის, რაც არის, დავაკვირდეთ და გავაცნობიეროთ ის, რაც არის – ზუსტად არის სინამდვილეში – ყოველგვარი თვალსაზრისების და ინტერპრეტაციების გარეშე. რომ გავაცნობიეროთ ის, რაც არის და მივყვეთ მას, ამისათვის საჭიროა გონების არაჩვეულებრივი გამჭრიახობა, გულის არაჩვეულებრივი მოქნილობა, რამეთუ ის, რაც არის, მუდმივ მოძრაობაშია, მუდმივ ცვლილებას ექვემდებარება და თუ გონება დაკავშირებულია რწმენასთან, ცოდნასთან, ის წყვეტს დევნას, წყვეტს მიყოლას იმის სწრაფი დინებისა, რაც არის. ის, რაც არის, სრულიად უეჭველია, რომ სტატიკური არ არის. ის გამუდმებით მოძრაობს, როგორც თქვენც დაინახავთ, თუ მას ძალიან ყურადღებით დააკვირდებით. მას რომ მიჰყვეთ, თქვენ გჭირდებათ ძალიან სწრაფი გონება და მოქნილი გული – თვისებები, რომლებიც უარყოფილია, როცა გონება სტატიკურია, ფიქსირებულია რწმენაზე, ცრურწმენაზე, იდენტიფიცირებაზე. მშრალ გონებას და გულს არ შეუძლიათ ადვილად და სწრაფად მიჰყვნენ იმას, რაც არის.

მე ვფიქრობ, ზედმეტი დავებისა და საუბრების გარეშე ხდება გაცნობიერება, როგორც კოლექტიურ, ისე ინდივიდუალურ დონეზე, ჩვენს გარშემო გამეფებული ქაოსის, არეულ-დარეულობისა და ტანჯვის. და ასეთი მდგომარეობაა არა მხოლოდ ინდოეთში, არამედ მთელ მსოფლიოში, ჩინეთში, ამერიკაში, ინგლისში, გერმანიაში – მთელ სამყაროში გამეფებულია უწესრიგობა და სულ უფრო მზარდი მწუხარება. ეს არა მხოლოდ ინდოეთის ნაციონალური პრობლემაა. ეს ხდება მთელ მსოფლიოში. ყველგან უკიდურესი ტანჯვაა და არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ – კოლექტიური. ესე იგი, ჩვენ საქმე გვაქვს მსოფლიო კატასტროფასთან და აბსურდი იქნება ის ამა თუ იმ გეოგრაფიული არეალით შემოვფარგლოთ, რუკაზე რაღაც გაფერადებული სეგმენტით. მაშინ ხომ ჩვენ ბოლომდე ვერ გავიგებთ როგორც მსოფლიო, ისე ინდივიდუალურ ტანჯვას. ვაცნობიერებთ რა ჩვენს გარშემო არსებულ უწესრიგობას, როგორია ჩვენი პასუხი დღეს? როგორია ჩვენი რეაქცია?

ტანჯვაა გამეფებული მთელ მსოფლიოში – პოლიტიკური, სოციალური, რელიგიური. მთელი ჩვენი ფსიქოლოგიური ცხოვრება უიმედოდ ჩაიხლართა და ვერცერთმა ლიდერმა, ვერც პოლიტიკურმა და ვერც რელიგიურმა, ვერ გაამართლა ჩვენი იმედები, ყველა წიგნმა დაკარგა აზრი. თუ თქვენ ხელში აიღებთ ბჰაგავად-გიტას, ან ბიბლიას ან ერთ-ერთ უკანასკნელ პოლიტიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტრაქტატს, დარწმუნდებით, რომ ჟღერადობა, ჭეშმარიტების ხმა, უკვე აღარ ისმის მათში. ისინი უბრალოდ სიტყვებად იქცნენ. თქვენ კი, ვინც ამ სიტყვებს იმეორებთ, თქვენ უკვე დაიბენით და საკუთარ თავში დარწმუნებული აღარ ხართ და სიტყვების მხოლოდ გამეორებას არაფერი არ მოაქვს. სიტყვებმა და წიგნებმა თავიანთი ღირებულება დაკარგეს. გააკეთეთ ციტირება თუნდაც ბიბლიიდან, თუნდაც მარქსიდან, თუნდაც ბჰაგავად-გიტადან – რამდენადაც თქვენ, ვინც ციტირებას ახდენთ და იმეორებთ მათ თვითონაც არ ხართ დარწმუნებული საკუთარ თავში და დაბნეული ხართ, თქვენი გამეორება სიცრუედ იქცევა. წიგნში დაწერილი მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდა ხდება, პროპაგანდა კი ჭეშმარიტება არ არის. და იმეორებთ რა სხვების ნათქვამს, თქვენ საკუთარ მდგომარეობას ვეღარ აცნობიერებთ. თქვენ უბრალოდ ავტორიტეტის სიტყვებით ფარავთ თქვენს საკუთარ დაბნეულობას. 

ჩვენ კი შევეცდებით გავერკვეთ ამ დაბნეულობაში და არა ციტატებით გადავფაროთ ის. რა არის თქვენი პასუხი ამაზე? რით პასუხობთ თქვენ ამ უკიდურეს ქაოსს? ამ არეულ-დარეულობას, არსებობის ამ გაუგებრობას? გააცნობიერეთ ეს ამ საკითხზე ჩემი მსჯელობისას, ყურადღება მიადევნეთ ჩემს სიტყვებს კი არა, არამედ მათ აზრს, აზრს, რომელიც თქვენშიც აქტიურია. თქვენგან უმრავლესობა მიჩვეულია იყოს მაყურებელი და თამაშში მონაწილეობა არ მიიღოს. ჩვენ ვკითხულობთ წიგნებს – ჩვენ არასდროს ვწერთ წიგნებს. ჩვენთან ჩვევად იქცა, ნაციონალურ, საყოველთაო ჩვევად, ვუყუროთ ფეხბურთის თამაშს, თვალი ვადევნოთ პოლიტიკურ მოღვაწეებს და ორატორებს. ჩვენ მხოლოდ გარედან მაყურებლები ვართ და  დაკარგული გვაქვს ჩვენი შემოქმედებითი უნარები. აქედან მოდის ჩვენი სურვილი გავიზიაროთ და შევითვისოთ სხვების მოსაზრებები.

მაგრამ თუ თქვენ მხოლოდ დამკვირვებელი იქნებით, თუ თქვენ მხოლოდ მაყურებელი იქნებით, ამ საუბრების აზრი სრულიად გაუგებარი დარჩება თქვენთვის, იმიტომ, რომ ეს ლექცია არ არის, რომელსაც უნდა მოუსმინოთ, როგორც მიჩვეული ხართ. მე არ ვაპირებ მოგაწოდოთ ინფორმაციები, რომლებიც თქვენ შეგიძლიათ ენციკლოპედიაში ნახოთ. რის გაკეთებასაც ჩვენ შევეცდებით, ის არის, რომ მივყვეთ ერთმანეთის აზრების მდინარებას, გამოვიკვლიოთ იმდენად შორს და ღრმად, რამდენადაც კი შესაძლებელია ჩვენი საკუთარი გრძნობების მინიშნებები და რეაქციები. ასე რომ, გთხოვთ გაარკვიოთ როგორი იქნება თქვენი პასუხი არსებული ტანჯვის მიზეზებზე. არა ის, თუ როგორ სიტყვებში გახვევს მას ვიღაც სხვა, არამედ როგორ უპასუხებთ თქვენ თვითონ. თქვენი პასუხი გულგრილი პასუხი იქნება, თუ ტანჯვას და ქაოსს თქვენთვის სარგებლობა მოაქვს, თუ მათგან მოგებას იღებთ – ეკონომიკურს, პოლიტიკურს, სოციალურს თუ ფსიქოლოგიურს. ამიტომ თქვენ წინააღმდეგი არ ხართ, რომ ქაოსი გაგრძელდეს. უდავოა, რომ რაც უფრო მეტია შფოთვა მსოფლიოში, რაც უფრო მეტია ქაოსი, მით უფრო მონდომებით ეძებთ უსაფრთხოებას. ნუთუ არ შეგიმჩნევიათ? როცა მსოფლიოში არეულ-დარეულობაა ფსიქოლოგიური და ყველა სხვა თვალსაზრისით, თქვენ რომელიმე უსაფრთხო ნიშას აფარებთ თავს, იქნება ეს საბანკო ანგარიში თუ იდეოლოგია. ან ლოცვას იწყებთ, მიდიხართ ტაძარში, რაც სინამდვილეში გაქცევაა იმისგან, რაც მსოფლიოში ხდება. იქმნება სულ უფრო და უფრო მეტი სექტა, ჩნდება სულ უფრო და უფრო მეტი `იზმი~ მთელ მსოფლიოში. სულ უფრო მზარდი ქაოსის გამო, რომელიც ჩვენს გარშემოა გამეფებული, თქვენ სულ უფრო და უფრო მეტად გჭირდებათ ლიდერი, ვინმე ისეთი, ვინც ამ არეულ-დარეულობიდან გაგიყვანთ. და აი, თქვენ რელიგიურ წიგნებს ეძებთ, ან ერთ-ერთ ახალ მასწავლებელს, ან მოქმედებთ და რეაგირებთ რაღაც სისტემის შესაბამისად, რომელიც მოწოდებულია გადაჭრას ყველა პრობლემა – მარცხენა ან მარჯვენა სისტემის. სწორედ ეს არის რაც ხდება.

როგორც კი თქვენ გააცნობიერებთ ამ ქაოსს, – სწორედ იმას, რაც არის – ცდილობთ გაიქცეთ მისგან. ყველაზე უარესია ის სექტები, რომლებიც თქვენ გთავაზობენ სისტემას ტანჯვის პრობლემის გადაწყვეტისათვის – ეკონომიკურს, სოციალურს თუ რელიგიურს, რადგან მაშინ მნიშვნელოვანი ხდება სისტემა და არა ადამიანი. რელიგიური სისტემა – მარცხენა თუ მარჯვენა სისტემა. სისტემა ხდება მნიშვნელოვანი, ფილოსოფია, იდეა ხდება მნიშვნელოვანი და არა ადამიანი, იდეის, იდეოლოგიის გულისთვის კი თქვენ მზად ხართ ადამიანთა მთელი მოდგმა გაიღოთ მსხვერპლად, სწორედ ეს არის ის, რაც ხდება მსოფლიოში. ეს არა მხოლოდ ჩემი ინტერპრეტაციაა. თუ თქვენ დაუკვირდებით, მიხვდებით, რომ სწორედ ეს არის ის, რაც ხდება. სისტემა გახდა მნიშვნელოვანი და რადგან სისტემა გახდა მნიშვნელოვანი, ადამიანები, თქვენ და მე, ვკარგავთ მნიშვნელობას. ისინი კი, ვინც სისტემას აკონტროლებენ, რელიგიურს თუ სოციალურს, მარცხენას თუ მარჯვენას, ავტორიტეტს იქმნიან, ძალაუფლებას ითვისებენ და ამდენად მსხვერპლად გაქცევენ თქვენ, პიროვნებას. სწორედ ეს ხდება.

რა არის მიზეზი ამ ქაოსის და ტანჯვის? როგორ ჩნდება ეს უბედურება, ეს ტანჯვა? არა მხოლოდ შინაგანი, არამედ გარეგანი, ეს შიში და ომის მოლოდინი – მესამე მსოფლიო ომის დაწყების? რა არის ამის მიზეზი? რა თქმა უნდა, ეს არის მაჩვენებელი ყველა ზნეობრივი, სულიერი ფასეულობის დაცემისა და განდიდება ყველა ხორციელი ფასეულობის, ხელით და გონებით შექმნილი ფასეულობების. რა ხდება, როცა თქვენ არ გაქვთ სხვა ფასეულობა ხორციელი ფასეულობების გარდა, ფასეულობებისა, რომლებიც წარმოადგენენ  გონების, ხელების და მანქანების პროდუქტს? რაც უფრო მეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ ხორციელ ფასეულობებს, მით უფრო მეტია ქაოსი. განა ასე არ არის? და ესეც არ არის ჩემი თეორია. თქვენ არ გჭირდებათ ციტატების მოყვანა წიგნებიდან რათა გაარკვიოთ – თქვენი ფასეულობები, თქვენი სიმდიდრე, თქვენი ეკონომიკური და სოციალური არსებობა ეფუძნება ისეთ რამეებს, რაც ხელით ან გონებით არის შექმნილი. ჩვენ ვცხოვრობთ და ვმოქმედებთ მთელი ჩვენი არსებით ჩაფლულები ხორციელ ფასეულობებში. რაც იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი გახდა საგნები, ხელით და მანქანით შექმნილი საგნები, და როცა მნიშვნელოვანი ხდება საგნები, გაბატონებულ მნიშვნელობას იძენს რწმენა. და ეს არის ის, რაც ხდება დღეს მთელ მსოფლიოში. ასე არ არის?

ამრიგად, სულ უფრო და უფრო მეტი მნიშვნელობის მინიჭება ხორციელი ფასეულობებისათვის – აი, რა იწვევს არეულ-დარეულობას და ამ უწესრიგობაში ჩაძირულები, ჩვენ ვცდილობთ თავი დავაღწიოთ მას, რისთვისაც გაქცევის სხვადასხვა ფორმებს ვიყენებთ: რელიგიურს, ეკონომიკურს ან სოციალურს. თავს ვაფარებთ ამბიციებს, ძალაუფლებას, რეალობის ძებნას. მაგრამ რეალობა გვერდითაა. თქვენ არ გჭირდებათ მისი ძებნა. ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტებას ეძებს, ვერასოდეს იპოვის მას. ჭეშმარიტება არის იმაში, რაც არის. აი, მისი სილამაზე. მაგრამ როგორც კი შეეცდებით ჩასწვდეთ მას, როგორც კი მის ძებნას იწყებთ, მაშინვე ბრძოლა იწყება, ადამიანი კი, რომელიც იბრძვის, გაგების უნარს ჰკარგავს. აი რატომ უნდა ვიყოთ მშვიდად, ვაკვირდებოდეთ, პასიურად ვაცნობიერებდეთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ცხოვრება და ჩვენი ქმედებები არ გადიან ნგრევის და უბედურების არეალიდან. არეულობის და ქაოსის ტალღა გვითრევს ყოველთვის. ეს არის ქაოსური არსებობა შუალედების გარეშე.  

ყველაფერს, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ ახლა, როგორც ჩანს, მწუხარებისა და უბედურებისაკენ მივყავართ. შეხედეთ თქვენს საკუთარ ცხოვრებას და დაინახავთ, რომ თქვენი ყოფა ძალიან ახლოს არის უბედურებასთან. ჩვენი სამუშაო, საზოგადოებრივი საქმიანობა, პოლიტიკა, სხვადასხვა სახალხო შეხვედრები ომების აღსაკვეთად – ეს ყველაფერი მომდევნო ომებს იწვევს. ნგრევა თან სდევს ცხოვრებას. რასაც კი ვაკეთებთ, ყველაფერს სიკვდილისკენ მივყავართ. აი, ეს ხდება სინამდვილეში.

შეგვიძლია ჩვენ ეს ტანჯვა ერთბაშად შევაჩეროთ ისე, რომ ვეღარ ჩაგვითრიოს ქაოსის და უბედურების ტალღამ? ჩვენთან იყვნენ დიდი მასწავლებლები, ბუდა თუ ქრისტე, მიიღეს რწმენა, შესაძლოა განთავისუფლდნენ ქაოსისა და უბედურებებისაგან. მაგრამ მათ ვერ შეძლეს უბედურების აღკვეთა, არეულობის დასრულება. არეულობა გრძელდება. უბედურება გრძელდება. თუ თქვენ, ხედავთ რა ამ სოციალურ და ეკონომიკურ არეულობას, ამ ქაოსს, ამ ტანჯვას, ეგრეთ წოდებულ რელიგიურ ცხოვრებაში მიდიხართ და საერო ცხოვრებას ტოვებთ, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ იმ დიად მასწავლებლებს შეუერთდით, მაგრამ მსოფლიო ხომ ისევ იმ ქაოსში, უბედურებასა და ნგრევაშია, მუდმივ ტანჯვაშია მისი მდიდრებით თუ ღარიბებით. ასე რომ ჩვენი პრობლემა, თქვენი და ჩემი, ის არის შევძლებთ თუ ვერ შევძლებთ ახლავე გავიდეთ ამ ტანჯვიდან. თუ, ცხოვრობთ რა ამ სამყაროში, უარს ამბობთ იყოთ მისი ნაწილი, ამით სხვებსაც ეხმარებით თავი დააღწიონ ამ ქაოსს – არა მომავალში, არა ხვალ, არამედ ახლა. აი ეს არის სინამდვილეში ჩვენი პრობლემა. ალბათ ახლოვდება ომი, კიდევ უფრო დამანგრეველი, კიდევ უფრო შემაძრწუნებელი თავისი ფორმებით. მისი აღკვეთა ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია – მეტისმეტად გამწვავდა და ზედაპირზე ამოვიდა ყველა სადავო საკითხი. მაგრამ განა თქვენ და მე არ შეგვიძლია ამავე წამს გავაცნობიეროთ ქაოსი და ტანჯვა ჩვენს გარშემო რომ არის გამეფებული? ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ის და მაშინ იმასაც შევძლებთ ჭეშმარიტების გაგება სხვებშიც გავაღვიძოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეგიძლიათ თქვენ მყისიერად განთავისუფლდეთ? რამეთუ ეს არის ერთადერთი გამოსავალი ჩვენი ტანჯვიდან. გაცნობიერება მხოლოდ აწმყოში შეიძლება მოხდეს, მაგრამ თუ თქვენ იტყვით: „მე ამას ხვალ გავაცნობიერებ“, დაბნეულობის ტალღა წაგიღებთ და თქვენ სამუდამოდ აღმოჩნდებით ჩაფლული ქაოსში.

და შესაძლებელია თუ არა მისვლა იმ მდგომარეობამდე, როცა თქვენ თვითონ, მყისიერად გააცნობიერებთ ჭეშმარიტებას და შესაბამისად, ბოლოს მოუღებთ ქაოსს? მე ვამბობ, რომ ჰო, და რომ ეს არის ერთადერთი შესაძლო გზა. მე ვამბობ, რომ ეს შეიძლება გაკეთდეს და უნდა გაკეთდეს ისე, რომ არ ეფუძნებოდეს ვარაუდებს თუ რწმენას. გამოიწვიო (ეს კი ის რევოლუცია არ არის კაპიტალისტებისგან რომ ანთავისუფლებს და მის ადგილზე ადამიანების სხვა ჯგუფს აყენებს), გამოიწვიო ეს გასაკვირი ცვლილება, რომელიც არის ერთადერთი ნამდვილი რევოლუცია – აი, ეს არის პრობლემა. ის, რასაც ჩვეულებრივ რევოლუციას უწოდებენ, არის მხოლოდ სახეცვლილება ან გაგრძელება მემარჯვენე იდეებისა მემარცხენე იდეების შესაბამისად. მემარცხენე  იდეები კი, ბოლოს და ბოლოს, მემარჯვენეს გაგრძელებაა მოდიფიცირებული ფორმით. თუ მემარჯვენე იდეები ხორციელ ფასეულობებს ეფუძნება, მემარცხენე სხვა არაფერია, თუ არა გაგრძელება იმავე ხორციელი ფასეულობებისა მხოლოდ გამოხატვის ხარისხით და საშუალებით რომ გამოირჩევიან. შესაბამისად ნამდვილი რევოლუცია შეიძლება მოხდეს მხოლოდ მაშინ, როცა თქვენ, პიროვნება, აცნობიერებთ საკუთარ თავს სხვებთან თქვენს ურთიერთდამოკიდებულებაში.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ როგორიც ხართ თქვენს ურთიერთობაში სხვებთან – ცოლთან, შვილთან, უფროსთან, მეზობელთან – ისეთია საზოგადოებაც. თავისთავად, საზოგადოება არ არსებობს. საზოგადოება არის ის, რაც შევქმენით ურთიერთობით ჩვენ – თქვენ და მე. საზოგადოება არის გარე პროექცია მთელი ჩვენი საკუთარი შინაგანი ფსიქოლოგიური მდგომარეობის. ასე რომ, თუ თქვენ და მე საკუთარი თავის არ გვესმის, უბრალოდ გარეგანის გარდაქმნას, რომელიც შინაგანის პროექციას წარმოადგენს, არავითარი აზრი არ აქვს. არსებითი ცვლილებები ან მოდიფიკაცია საზოგადოებაში შეუძლებელია მანამ, სანამ მე საკუთარ თავს არ ჩავწვდები თქვენთან ურთიერთობაში. როცა ჩახლართული ურთიერთობები მაქვს, მე ვქმნი საზოგადოებას, რომელიც არის ზუსტი ასლი, გარე გამოხატულება იმისა, რასაც წარმოვადგენ მე. აი, აშკარა ფაქტი, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე საზოგადოებამ – ჩემმა გარე გამოხატულებამ – შემქმნა მე – თუ, ეს მე შევქმენი სამყარო.

ამდენად, ხომ ნათელი ფაქტია, რომ ის, რაც ვარ მე ჩემს ურთიერთობებში სხვებთან, სწორედ ეს ქმნის საზოგადოებას და რომ საკუთარი თავის საფუძვლიანი გარდაქმნის გარეშე შეუძლებელია საზოგადოების ძირითადი ფუნქციების გარდაქმნა? როცა ჩვენ ვეძებთ სისტემას საზოგადოების გარდაქმნისათვის, ჩვენ უბრალოდ საკითხს გავურბივართ, რადგან სისტემას არ შეუძლია ადამიანის გარდაქმნა. როგორც ისტორია გვიჩვენებს, ყოველთვის ადამიანი გარდაქმნის სისტემას. მანამ, სანამ თქვენთან ურთიერთობაში საკუთარ თავს არ ჩავწვდები, მე ვრჩები ქაოსის, ტანჯვის, ნგრევის, შიშის, სისასტიკის მიზეზად. საკუთარი თავის გაგება დროის საკითხი არ არის. მე შემიძლია ამავე წამს ჩავწვდე საკუთარ თავს. და თუ მე ვამბობ: „ხვალ ჩავწვდები საკუთარ თავს“, ქაოსსა და ტანჯვაში ვეშვები, ჩემი მოქმედება დესტრუქციულია. როგორც კი ვიტყვი „ჩავწვდები“, ამით დროის ელემენტი შემომაქვს და უკვე არეულობის და ნგრევის ტალღების ნებას მივენდობი. გაგება, წვდომა, არის ახლა და არა ხვალ. ხვალ – ზარმაცი გონების საქმეა, ზოზინა გონების, ისეთი გონების, რომელიც არაფრით არ ინტერესდება.  თუ რამეთი ინტერესდებით, თქვენ ინტერესდებით მაშინვე და მაშინვე ხდება წვდომა, მაშინვე ხდება ცვლილება. თუ თქვენ ახლავე არ შეიცვლებით, თქვენ არ შეიცვლებით არასდროს. ცვლილება, რომელიც ხვალ მოხდება, არის მხოლოდ მოდიფიკაცია და არა ცვლილება. ცვლილება შეიძლება მოხდეს მხოლოდ ნელა. რევოლუცია ხდება დღეს და არა ხვალ.

როცა ასეთი რამ ხდება, თქვენ სრულიად თავისუფალი ხართ პრობლემებისაგან, რადგან მაშინ თქვენი „მე“ უკვე საკუთარ თავზე არ წუხს: დამანგრეველი ტალღა თქვენამდე უკვე ვეღარ მოაღწევს.

 

 

 

 

 


კომენტარები