ალექსანდრე ბერკმანი (1870-1936) – XX საუკუნის დასაწყისში ანარქისტული მოძრაობის წამყვანი წევრი, ცნობილი როგორც მისი პოლიტიკური აქტივიზმით, ანარქისტული იდეებითა და მწერლობით.
ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი ალექსანდრე ბერკმანის წიგნიდან: „ანარქიზმის ანბანი“.
წიგნის დათვალიერება: http://akti.ge/ka/book-read/1092
თქვენ ალბათ გაგიგონიათ, რომ ანარქისტები აფეთქებენ ბომბებს, რომ მათ სჯერათ ძალადობის და რომ ანარქია უწესრიგობას და ქაოსს ნიშნავს.
გასაკვირი არ არის, რომ ასე ფიქრობთ. პრესა, ეკლესია და ყველა სხვა ავტორიტეტი ხომ სწორედ ამას შთაგაგონებენ. მაგრამ მათმა უმრავლესობამ კარგად იცის, რასაც აკეთებს და მათ აქვთ საიმისო მიზეზები, რომ სიმართლე არ გითხრან. დადგა დრო, რომ თქვენ ეს სიმართლე გაიგოთ.
მე ვაპირებ ღიად და პატიოსნად გელაპარაკოთ და თქვენ შეგიძლიათ სიტყვაზე დამიჭიროთ, რადგან შემთხვევით ისე გამოვიდა, რომ მე სწორედ ერთ-ერთი ის ანარქისტი ვარ, ვინც მოძალადედ და დამანგრევლად მიაჩნიათ.24 მე მევალება ვიცოდე რაზეც ვლაპარაკობ და არა მაქვს არავითარი მიზეზი რაიმე დავმალო.
„სიმართლეა თუ არა, რომ ანარქიზმი უწესრიგობასა და ძალადობას ნიშნავს?“ – მკითხავთ თქვენ.
არა, ჩემო მეგობარო. უწესრიგობასა და ძალადობას კაპიტალიზმი და მთავრობა ქმნის. ანარქიზმი კი პირიქით – ის წესრიგის მომხრეა მთავრობის გარეშე და მშვიდობისა ძალადობის გარეშე.
„მაგრამ შესაძლებელია კი ეს?“ – იკითხავთ თქვენ.
სწორედ ამის შესახებ ვილაპარაკებთ ახლა. მაგრამ მანამდე თქვენმა მეგობარმა შეიძლება ამის გაგება მოისურვოს: განა ანარქისტებს არასდროს არ აუფეთქებიათ ბომბები და არ მიუმართავთ ძალადობისთვის?
დიახ, ანარქისტები აფეთქებდნენ ბომბებს და ხანდახან ძალადობასაც მიმართავდნენ.
„აი, ხომ ხედავთ? – წამოიძახებს თქვენი მეგობარი, – ასეც ვიცოდი“.
მაგრამ მოდით ნუ ვიჩქარებთ. თუ ანარქისტები ხანდახან ძალადობას მიმართავდნენ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ანარქიზმი ძალადობაა?
დავუსვათ საკუთარ თავს ეს შეკითხვა და ვეცადოთ მას პატიოსნად ვუპასუხოთ.
როცა მოქალაქე ჯარისკაცის ფორმას იცვამს, მას შეიძლება მოუწიოს ბომბების სროლა და ძალადობის გამოყენება. იტყვით თუ არა თქვენ, რომ მოქალაქეები მხარს უჭერენ ბომბებსა და ძალადობას?
თქვენ გაბრაზებით უარყოფთ ასეთ ვარაუდს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თქვენ იტყვით, რომ ადამიანი, გარკვეულ გარემოებებში, იძულებულია ძალადობას მიმართოს. ეს ადამიანი შეიძლება იყოს დემოკრატი, მონარქისტი, სოციალისტი, ბოლშევიკი, ანარქისტი.
თქვენ მიხვალთ დასკვნამდე, რომ ეს ყველა დროის ყველა ადამიანს ეხება.
ბრუტუსმა კეისარი მოკლა, რადგან ეშინოდა, რომ მისი მეგობარი აპირებდა ეღალატა რესპუბლიკისთვის და მეფე გამხდარიყო. არა იმიტომ, რომ ბრუტუსს „კეისარი არ უყვარდა“, არამედ იმიტომ, რომ მას „რომი უფრო მეტად უყვარდა“. ბრუტუსი ანარქისტი არ იყო. ის პატიოსანი რესპუბლიკელი გახლდათ.
ვილჰელმ ტელმა, როგორც ხალხური თქმულება გადმოგვცემს, ტირანი მოკლა იმისთვის, რომ თავისი ქვეყანა ჩაგვრისაგან გაეთავისუფლებინა. ტელს ანარქიზმის შესახებ გაგონილიც კი არ ჰქონდა.
მე ეს მაგალითები იმიტომ მოვიყვანე, რათა ხაზი გამესვა იმისთვის, რომ უხსოვარი დროიდან მოყოლებული ტირანებს ბედისწერის მსახვრალი25 ხელი ელოდათ მათზე იმ ადამიანების თავდასხმის სახით, რომელთაც თავისუფლება უყვარდათ და ტირანიას უმხედრდებოდნენ. თავდამსხმელები, ჩვეულებრივ, პატრიოტები, დემოკრატები ან სოციალისტები იყვნენ; ხანდახან სოციალისტები ან ანარქისტები. მათი მოქმედება ინდივიდუალური ამბოხი იყო უუფლებობისა და უსამართლობის წინააღმდეგ. ანარქიზმს, როგორც ასეთს, ამასთან არავითარი საერთო არ აქვს.
ძველ საბერძნეთში იყო დრო, როცა დესპოტის მკლელობა უდიდეს სიკეთედ ითვლებოდა. თანამედროვე სამართალი ასეთ ქმედებას გმობს, თუმცა ადამიანური გრძნობები ამასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, არ შეცვლილა და იგივე დარჩა, რაც ძველ დროში იყო. სამყაროს სინდისს ტირანების მკვლელობა არ აშფოთებს. თუმცა ხმამაღლა მას არ იწონებენ, მაგრამ თავიანთ გულებში ადამიანები მსგავს საქციელს პატიობენ და ხანდახან მალულად უხარიათ კიდეც. განა ამერიკაში არ იყო ათასობით პატრიოტულად განწყობილი ახალგაზრდა, რომლებიც მზად იყვნენ გერმანიის კაიზერი მოეკლათ, იმიტომ, რომ მას დამნაშავედ თვლიდნენ მსოფლიო ომის დაწყებაში? განა საფრანგეთის სასამართლომ არ გაათავისუფლა ადამიანი, რომელმაც პეტლიურა26 მოკლა, რათა შური ეძია ათასობით კაცის, ქალისა და ბავშვის დაღუპვისათვის სამხრეთ რუსეთში პეტლიურას მიერ მოწყობილი ებრაელების погром-ის27 დროს.
ტირანებს ყველა ქვეყანასა და ყველა დროში კლავდნენ. ადამიანებს ისე ძლიერ უყვარდათ თავიანთი სამშობლო, რომ მზად იყვნენ სიცოცხლე გაეწირათ მისთვის. უმეტესად ეს ხალხი არ მიეკუთვნებოდა არცერთ პოლიტიკურ პარტიას და არცერთი იდეის მიმდევარი არ იყო. მათ უბრალოდ ტირანია ეზიზღებოდათ. ხანდახან ისინი ისეთივე რელიგიური ფანატიკოსები იყვნენ, როგორც თავდადებული კათოლიკე კულმანი, რომელიც ბისმარკის მოკვლას შეეცადა, ან თავგზააბნეული მეოცნებე შარლოტა კორდე საფრანგეთის რევოლუციის დროს მარატი რომ მოკლა. ამერიკის შეერთებულ შტატებში სამი პრეზიდენტი იქნა მოკლული ინდივიდუალური აქტით. 1965 წელს ლინკოლნი მოკლა ჯონ უილკს ბუტსმა, დემოკრატმა სამხრეთ შტატებიდან. 1888 წელს რესპუბლიკელმა ჩარლზ გიტომ პრეზიდენტი ჰარფილდი მოკლა, 1901 წელს კი ლეონ ჩოლგოშმა პრეზიდენტი მაკ-კინლი გამოასალმა სიცოცხლეს. სამი მკვლელიდან ანარქისტი28 მხოლოდ ერთი იყო.
ბუნებრივია, რომ ქვეყნებში, სადაც ადამიანები განსაკუთრებით სასტიკად იტანჯებიან, მეტ ტირანს კლავენ. მაგალითად რუსეთი რომ ავიღოთ. სიტყვისა და პრესის თავისუფლების ტოტალური დათრგუნვის გამო, მეფის დროს შეუძლებელი იყო დესპოტური რეჟიმის შერბილება, თუ ტირანს „ღვთიური სასჯელით“ არ დაემუქრებოდი.
ეს შურისმაძიებლები ძირითადად არისტოკრატების ვაჟიშვილები და ქალიშვილები იყვნენ, იდეალისტურად განწყობილი ახალგაზრდები, რომელთაც უყვარდათ თავისუფლება და ადამიანები. რამდენადაც ყველა სხვა გზა გადაკეტილი ჰქონდათ, ისინი თავს იძულებულად თვლიდნენ პისტოლეტისთვის და დინამიტისთვის მიემართათ იმის იმედით, რომ თავიანთი ქვეყნის საშინელ მდგომარეობას შეამსუბუქებდნენ. ისინი ცნობილი ნიჰილისტები და ტერორისტები იყვნენ, მაგრამ არა ანარქისტები.
თანამედროვე ეპოქაში პოლიტიკური ძალადობის აქტები კიდევ უფრო ხშირია, ვიდრე წარსულში. სუფრაჟისტები29 ხშირად მიმართავდნენ ძალადობას ქალთა თანასწორობის მოთხოვნის პროპაგანდისათვის და მისი განხორციელების მიღწევისათვის. გერმანიაში მსოფლიო ომის შემდეგ, კონსერვატიული შეხედულების მამაკაცებს იმედი ჰქონდათ, რომ მსგავსი მეთოდების საშუალებით მონარქიას აღადგენდნენ. მონარქისტმა მოკლა პრუსიის ფინანსთა მინისტრი კარლ ერცბერგერი და იმავე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი გაუსწორდა საგარეო საქმეთა მინისტრს ალტერ რატენაუს.
სერბი პატრიოტის მიერ, რომელსაც ანარქიზმი არასოდეს გაეგონა, ავსტრიის ტახტის მემკვიდრის მოკვლა იქცა მსოფლიო ომის დაწყების პირველმიზეზად, ან, ყოველ შემთხვევაში, საბაბად მაინც. გერმანიაში, უნგრეთში, ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, პორტუგალიასა და ევროპის მრავალ სხვა ქვეყანაში, სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციის ადამიანები მიმართავდნენ ძალადობას, რომ აღარაფერი ვთქვათ მასობრივ პოლიტიკურ ტერორზე, რაც ფაშისტების ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო იტალიაში, კუ-კლუქს-კლანის – ამერიკაში და კათოლიკური ეკლესიისა მექსიკაში.
თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ, რომ ანარქისტებს არ აქვთ მონოპოლია პოლიტიკურ ძალადობაზე. ანარქისტების მიერ ჩადენილი ძალმომრეობითი აქტების წილი უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რასაც სჩადიოდნენ სხვა პოლიტიკური ორიენტაციის ადამიანები.
სიმართლე კი ის გახლავთ, რომ უძველესი დროიდან მოყოლებული, ყველა ქვეყანაში, ყველა საზოგადოებრივი მოძრაობის დროს, ძალადობა ბრძოლის შემადგენელი ნაწილი იყო. ქრისტეც კი, რომელიც იმისთვის მოვიდა, რომ მშვიდობის სახარება ექადაგა, იძულებული გახდა ფულის დამხურდავებლები ტაძრიდან ძალით გაეყარა.
როგორც უკვე ვთქვი, ანარქისტებს არ აქვთ მონოპოლია ძალადობაზე, პირიქით, ისინი ქადაგებენ მშვიდობასა და ჰარმონიას, ჩაურევლობას, ცხოვრებისა და თავისუფლების ხელშეუხებლობას. ანარქისტები ისეთივე ადამიანურები არიან, როგორც დანარჩენი კაცობრიობა და შეიძლება უფრო მეტადაც კი. ისინი უფრო ღრმად გრძნობენ უსამართლობას, უფრო მალე აღაშფოთებთ ჩაგვრა და ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ პროტესტი ძალადობრივი აქტით გამოხატონ. მაგრამ ასეთი ქმედებები მათი ინდივიდუალური ტემპერამენტის გამოხატულებაა და არა ამა თუ იმ თეორიისა.
თქვენ შეიძლება დასვათ შეკითხვა: რევოლუციური იდეებისადმი ერთგულებას გარდაუვალად ხომ არ მივყავართ ძალადობრივი ქმედებებისაკენ? მე ვფიქრობ, რომ არა. ჩვენ ხომ ვნახეთ, რომ ძალადობრივ მეთოდებს ის ადამიანებიც კი მიმართავენ, რომელთაც უკიდურესად კონსერვატიული შეხედულებები აქვთ. თუ სრულიად ურთიერთსაპირისპირო პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები ერთნაირად იქცევიან, მაშინ გონივრული არ იქნება იმის თქმა, რომ ამ აქტებისთვის პასუხისმგებლობა მათ იდეებს უნდა დაეკისროს.
ერთნაირი შედეგები ერთნაირი მიზეზებიდან გამომდინარეობს, მაგრამ ეს მიზეზები, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ შეხედულებებში კი არ უნდა ვეძიოთ, არამედ ინდივიდუალურ ტემპერამენტსა და ძალმომრეობისადმი ზოგად დამოკიდებულებაში.
„შესაძლოა ტემპერამენტთან დაკავშირებით მართალი ხართ, – იტყვით თქვენ, – რევოლუციური იდეები ალბათ არ უნდა ჩაითვალოს პოლიტიკური ძალადობის აქტების მიზეზებად. წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ ასეთ აქტს ყველა რევოლუციონერი ჩაიდენდა. მაგრამ განა ასეთი შეხედულებები გარკვეულწილად არ ამართლებს მათ, ვინც ამას სჩადის?“.
ერთი შეხედვით შეიძლება ეს ასეც ჩანდეს, მაგრამ თუ კარგად დაფიქრდებით, იმ დასკვნამდე მიხვალთ, რომ ეს სრულიად მცდარი იდეაა. ამის საუკეთესო მტკიცებულება ის გახლავთ, რომ ანარქისტები, რომელთაც ერთი და იგივე შეხედულება აქვთ სახელმწიფოსა და მისი ლიკვიდაციის აუცილებლობასთან დაკავშირებით, სრულიად განსხვავებულად უყურებენ ძალადობის გამოყენების საკითხს. ტოლსტოის მიმდევარი ანარქისტები და ბევრი ინდივიდუალისტი ანარქისტი გმობს პოლიტიკურ ძალადობას, სხვა ანარქისტები კი მას იწონებენ ან, სულ ცოტა, ამართლებენ მაინც.
ამასთან ერთად ბევრმა ანარქისტმა, რომლებიც ოდესღაც ძალადობას უყურებდა როგორ პროპაგანდის საშუალებას, შეიცვალა აზრი და ახლა ასეთი მეთოდები მიუღებელია მათთვის. მაგალითად, იყო დრო, როდესაც ისინი მხარს უჭერდნენ ძალადობის ინდივიდუალურ აქტებს, ცნობილს, როგორც „პროპაგანდა მოქმედებით“. ამ მოქმედებით ისინი არ ფიქრობდნენ, რომ მთავრობა და კაპიტალიზმი ანარქიზმისკენ გადაიხრებოდა და არ მიაჩნდათ, რომ ერთი დესპოტის მოკვლა დესპოტიზმს გაანადგურებდა. არა, ისინი უყურებდნენ ტერორს, როგორც შურისძიების საშუალებას საყოველთაო უსამართლობის წინააღმდეგ. მათ სურდათ შიში ჩაენერგათ მტრებისთვის და მათი ყურადღება მიეპყროთ იმ უბედურებების მიმართ, რომელთა წინააღმდეგ იყო ჩადენილი ტერორისტული აქტი. მაგრამ ანარქისტების უმრავლესობას ახლა აღარ სჯერა „მოქმედებით პროპაგანდის“ და მხარს არ უჭერს ასეთ აქტებს.
გამოცდილებამ მათ ასწავლა, რომ მაშინაც კი, თუ წარსულში ასეთი მეთოდები შესაძლოა გამართლებული და სასარგებლო იყო, ცხოვრების თანამედროვე პირობებში ისინი უსარგებლო და მავნებელიც კია მათი იდეების პროპაგანდისათვის. მაგრამ რამდენადაც მათ იგივე იდეები აქვთ, ნათელია, რომ ანარქიზმი არ არის ის, რამაც ჩამოაყალიბა მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ. ეს ამტკიცებს, რომ ძალადობასთან ამა თუ იმ იდეას, თუ „თეორიას“ კი არ მივყავართ, არამედ მას სხვა პროცესები წარმოშობს.
ასე რომ, თუ გვინდა სწორი ახსნა ვიპოვოთ, პასუხი სადმე სხვაგან უნდა ვეძიოთ.
როგორც ვნახეთ, პოლიტიკური ძალადობის აქტს მიმართავდნენ არა მხოლოდ სხვადასხვა ყაიდის ანარქისტები, სოციალისტები და რევოლუციონერები, არამედ ასევე პატრიოტები და ნაციონალისტები, დემოკრატები და რესპუბლიკელები, სუფრაჟისტები და კონსერვატორები და რეაქციონერები, მონარქისტები და როიალისტები,30 გარდა ამისა რელიგიური ადამიანები და თავგადადებული ქრისტიანები.
ჩვენ ვიცით, რომ ასეთი საქციელისკენ მათ უბიძგებდა არა რაღაც იდეები და „იზმები“, რამდენადაც ერთი და იგივე ქმედება გამოწვეული იყო სხვადასხვა იდეით და „იზმით“. მიზეზად მე დავასახელებდი ინდივიდუალურ ტემპერამენტს და საზოგადოების დამოკიდებულებას ძალადობისადმი.
სწორედ აქაა ძაღლის თავი დამარხული. როგორია საზოგადოების დამოკიდებულება ძალადობისადმი? თუ ჩვენ ამ შეკითხვას სწორ პასუხს გავცემთ, ყველაფერი ნათელი გახდება.
პატიოსნად რომ ვთქვათ, უნდა ვაღიაროთ, რომ ყველას სჯერა ძალადობის და მიმართავს მას, თუმცა გმობს, როცა ამას სხვები აკეთებენ. სინამდვილეში ყველა ჩვენი სოციალური ინსტიტუტი და თანამედროვე საზოგადოების მთელი ცხოვრება ძალადობაზეა დაფუძნებული.
რას წარმოადგენს ის, რასაც ჩვენ სახელმწიფოს ვეძახით? განა ეს ორგანიზებული ძალადობა არ არის? კანონი გიბრძანებთ თქვენ, რა უნდა გააკეთოთ და რა არ უნდა გააკეთოთ და თუ მას არ დაემორჩილებით, მაშინ იძულების მეთოდს მიმართავენ. ჩვენ ახლა იმის შესახებ არ ვლაპარაკობთ სწორია თუ არა ეს, უნდა იყოს თუ არა ასე. მოცემულ მომენტში ჩვენ მხოლოდ ის ფაქტი გვაინტერესებს, რომ ეს სწორედ ასეა და არა სხვაგვარად და რომ ნებისმიერი სახელმწიფო, ყველა კანონი, ყველა ხელისუფლება ემყარება იძულებასა და ძალადობას, სასჯელს, ან სასჯელის შიშს.
სულიერი ავტორიტეტიც კი, მაგალითად საეკლესიო სასამართლოების, ღმერთის ავტორიტეტიც კი, იძულებასა და ძალადობაზეა დამყარებული, რამდენადაც სწორედ ღვთის მრისხანებისა და ღვთიური სასჯელის შიშით ვართ ჩვენ შეპყრობილი, რაც გვაიძულებს დავემორჩილოთ მას და გვწამდეს ის, რაშიც ეჭვი გვეპარება.
საითაც არ უნდა გაიხედოთ, აღმოაჩენთ, რომ მთელი თქვენი ცხოვრება ძალადობასა და მის წინაშე შიშზეა აგებული. უკვე ადრეული ბავშვობიდან თქვენ განიცდით ძალადობას მშობლების ან უფროსების მხრიდან. სახლში, სკოლაში, ოფისში, ფაბრიკაში, მინდორსა თუ სახელოსნოში, თქვენ ყოველთვის გიწევთ ვინმეს დაემორჩილოთ, ვიღაცის ავტორიტეტი გაიძულებთ მისი ნება შეასრულოთ.
უფლებას, რომელიც გაიძულებთ, ავტორიტეტი ეწოდება. დასჯის წინაშე შიში მოვალეობად იქცა და მას მორჩილება დაერქვა.
იძულებისა და ძალადობის, ავტორიტეტისა და მორჩილების, მოვალეობის, შიშის და დასჯის ამ ატმოსფეროში ვიზრდებით ჩვენ, ამას ვსუნთქავთ მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში და იმდენად ვართ გაჟღენთილი ძალადობის ულით, რომ არასოდეს ვფიქრობთ იმაზე, სწორია თუ არა ეს. ჩვენ მხოლოდ იმას ვფიქრობთ კანონიერია თუ არა ეს ძალადობა, ნებადართულია თუ არა ის კანონით.
თქვენ სადავოდ არ მიგაჩნიათ სახელმწიფოს უფლება მოკლას, ჩაატაროს კონფისკაცია, დააპატიმროს. თუ ამაში სახელმწიფო კი არ არის დამნაშავე, არამედ კერძო პირები, თქვენ მათ უწოდებთ მკვლელებს, ქურდებსა და არამზადებს. მაგრამ სანამ ძალადობა „კანონიერად“ რჩება, თქვენ მას იწონებთ და ემორჩილებით. ანუ სინამდვილეში თქვენ პროტესტს გამოთქვამთ არა თვით ძალმომრეობის მიმართ, არამედ ასევე იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მას „უკანონოდ“ იყენებენ.
ეს დაკანონებული ძალმომრეობა და მის წინაშე შიში მსჭვალავს მთელ ჩვენს ინდივიდუალურ და კოლექტიურ არსებობას. ავტორიტეტი აკონტროლებს მთელ ჩვენს ცხოვრებას აკვნიდან მოყოლებული კუბოს კარამდე. ავტორიტეტი მშობლების, ეკლესიის, ღვთიური, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და მორალური. მაგრამ, როგორიც არ უნდა იყოს ავტორიტეტი, ის ყოველთვის ძალაუფლებას ამჟღავნებს ჩვენ მიმართ, გვემუქრება რა სასჯელის ამა თუ იმ ფორმით. თქვენ გეშინიათ ღმერთის ან ეშმაკის, მღვდლისა და მეზობლის, თქვენი დამქირავებლისა და ბოსის. პოლიტიკოსისა და პოლიციელის, მოსამართლისა და ციხის მცველის, კანონისა და მთავრობის. მთელი ჩვენი ცხოვრება შიშის გრძელი ჯაჭვია, შიში, რომელიც თქვენს სხეულს ტანჯავს და სულს გიღრღნით. ამ შიშზეა დაფუძნებული ღმერთის, ეკლესიის, მშობლების, კაპიტალისტებისა და მმართველების ავტორიტეტი.
ჩაიხედეთ საკუთარ თავში და შეამოწმეთ სიმართლეს ვამბობ თუ არა. თუ ასე არ არის, რატომ ხდება, რომ ათი წლის ბიჭი, ვთქვათ ჯონი, ეუფროსება თავის პატარა და-ძმებს მათზე აღმატებული ფიზიკური ძალის წყალობით? ზუსტად ისევე, როგორც მამა ეუფროსება ჯონს რადგან ფიზიკურად მასზე ძლიერია და, გარდა ამისა, ვაჟიშვილი მატერიალურად მასზეა დამოკიდებული. თქვენ მღვდლისა და მქადაგებლის ავტორიტეტს აღიარებთ, რადგან გჯერათ, რომ მათ შეუძლიათ „ღვთის რისხვა დაგატეხონ თავს“. თქვენ ემორჩილებით უფროსის, მოსამართლის, სახელმწიფოს ნებას, რადგან ფიქრობთ, რომ მათ გააჩნიათ ძალაუფლება წაგართვან სამუშაო, დახურონ თქვენი საქმე, დაგამწყვდიონ ციხეში. მაგრამ ეს ძალაუფლება თქვენ თვითონ ჩაუგდეთ მათ ხელში!
ასე რომ, ავტორიტეტი მართავს მთელ თქვენს ცხოვრებას, ავტორიტეტი წარსულისა და აწმყოსი, მკვდრებისა და ცოცხლების. და თქვენი ცხოვრება შედგება განუწყვეტელი თავდასხმებისგან თქვენზე და უფლებების შელახვისაგან, სხვების აზრების მუდმივი დამორჩილებისაგან.
და რადგან თავს გესხმიან და ძალადობენ, თქვენ ქვეცნობიერად შურს იძიებთ მათ ცხოვრებაში შეჭრითა და ძალადობით, ვისთანაც ავტორიტეტი გაქვთ და ფიზიკურ ან მორალურ ზეწოლას ახორციელებთ მათზე. ამდენად, ცხოვრება – ეს არის ამაზრზენი ნაზავი ავტორიტეტისა, ბატონობისა და დამორჩილებისა, ბრძანებისა და დაქვემდებარებისა, ძალმომრეობისა და ძალაუფლებისა ათას ერთი სახით.
და განა გასაკვირია, რომ იდეალისტებიც კი ავტორიტეტისა და ძალადობის ბადეში ფართხალებენ, რომ გრძნობები და გარემომცველი სამყარო ხშირად წააქეზებს მათ მტრული ქმედებებისაკენ, მათსავე იდეებს რომ ეწინააღმდეგება.
ჩვენ ჯერ კიდევ ვრჩებით ბარბაროსებად, რომლებიც ძალაუფლებასა და ძალადობას ვიყენებთ იმისთვის, რომ საკუთარი ცოდვებისაგან, სიძნელეებისა და პრობლემებისგან გავთავისუფლდეთ. ძალადობა – ეს უმეცართა მეთოდია, სუსტების იარაღი. ვისაც ადამიანური სიკეთე და გონება აქვს, მას ძალადობა არ სჭირდება, იმიტომ, რომ ის ბუნებრივად იქცევა, თავისი შეხედულებების შესაბამისად. და რაც უფრო დავშორდებით პირველყოფილ მდგომარეობას და ქვის ნაჯახების ეპოქას, მით უფრო ნაკლებად დავეყრდნობით ძალაუფლებასა და ძალადობას. რაც უფრო განათლებულია ადამიანი, მით უფრო ნაკლებად იყენებს ის ზეწოლასა და იძულებას. ის მტვრიდან წამოდგება და გაიმართება. ის ქედს არ მოიხრის არცერთი მეფის წინაშე, არც ზეციერის და არც მიწიერის. ის მართლა ადამიანური მხოლოდ მაშინ გახდება, როცა შერცხვება იმის, რომ იბატონოს და უარს იტყვის დაემორჩილოს სხვის ბატონობას. ის მართლა თავისუფალი მხოლოდ მაშინ გახდება, როცა ბატონები აღარ იქნებიან.
ანარქიზმი ასეთი მდგომარეობის იდეალია – საზოგადოებისა ძალადობისა და იძულების გარეშე, რომელშიც ყველა ადამიანი თანაბარი იქნება და თავისუფლებაში, სიმშვიდესა და ჰარმონიაში იცხოვრებს.
ანარქია ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს ძალაუფლების გარეშე, ძალადობის გარეშე და სახელმწიფოს გარეშე, რამდენადაც სახელმწიფო, ეს არის წყარო ძალადობისა, შეზღუდვისა და იძულებისა.
აი რატომ არის, რომ ანარქია არ ნიშნავს უწესრიგობასა და ქაოსს, როგორც თქვენ თავიდან გეგონათ. ის დიამეტრალურად მისი საპირისპიროა და ნიშნავს სახელმწიფოს არარსებობას, ანუ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. უწესრიგობა – ეს არის ავტორიტეტისა და იძულების პროდუქტი. წესრიგის წყარო კი თავისუფლებაა.
„მშვენიერი იდეაა, – იტყვით თქვენ, – მაგრამ მხოლოდ ანგელოზებს თუ გამოადგებათ“.
ჰოდა, მოდი, ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა, მოვიზარდოთ ფრთები, რომლებიც ასეთ იდეალურ საზოგადოებაში საცხოვრებლად გვჭირდება.
შენიშვნები:
24. 1892 წელს ალექსანდრე ბერკმანმა ესროლა კონცერნ კარნეგის ხელმძღვანელს ჰენრი ფრიკს, იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა ბრძანება გასცა მუშების ხელფასი შეემცირებინათ და საწარმოებში ჩაეყენებინათ პოლიცია, რომელსაც გაფიცულებისთვის უნდა ესროლა.
25. მსახვრალი (მსახვრელი) – მომჯადოებელი, მომსპობი, გამანადგურებელი.
26. სიმონ ვასილის ძე პეტლიურა (უკრ. Си́мон Васи́льович Петлю́ра დ. 1879 – გ. 1926, პარიზი) – უკრაინელი სამხედრო მოღვაწე, უკრაინის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი, უკრაინის სახალხო რესპუბლიკის მეთაური (1919-20). სწავლობდა პოლტავის სასულიერო სემინარიაში. 1900 წლიდან იყო უკრაინის რევოლუციური პარტიის წევრი, მემარცხენე ნაციონალისტი.
27. погром – ორგანიზებული თავდასხმა მოსახლეობის მიმართ, ხასიათდება ძარცვით, ქონების განადგურებით, გაუპატიურებით, მკვლელობებით.
28. ლეონ ჩოლგოში, რომელმაც 1901 წელს პრეზიდენტი მაკ-კინლი მოკლა, არცერთი ანარქისტული ორგანიზაციის წევრი არ იყო, მაგრამ სასამართლოზე მან საკუთარ თავს ანარქისტი უწოდა.
29. სუფრაჟისტები – (ფრანგ. suffragettes, ფრანგ. suffrage-დან – საარჩევნო უფლება) – ქალთა ბურჟუაზიული მოძრაობის მონაწილენი, რომლებიც მოითხოვდნენ ქალებისათვის საარჩევნო უფლების მინიჭებას.
30. როიალისტი – ფართო გაგებით როიალისტი არის პიროვნება რომელიც მხარს უჭერს მონარქს და მონარქიას.
კომენტარები