ყველა ადამიანი, რაღაც გაგებით ღმერთის არსებობას აღიარებს

ყველა ადამიანი, რაღაც გაგებით ღმერთის არსებობას აღიარებს

ბაქარ ქავთარაძე – სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი თეოლოგიაში.

 

საიტზე ასევე შეგიძლიათ იხილოთ ავტორის წიგნი „თომა აქვინელის 5 არგუმენტი თეისტური ფილოსოფიის სასარგებლოდ“.

 

იხ. წიგნი

ამ სტატიის სათაური, ბევრ ადამიანს უცნაურად მოეჩვენება. ამიტომ, სანამ სტატიის სათაურში არსებული დებულების ჭეშმარიტების დასაბუთებაზე გადავალთ, მანამდე მოკლედ დავაზუსტოთ ის, თუ რას ვგულისხმობთ დასასაბუთებელ თეზისში, რომ ყველა ადამიანი, რაღაც გაგებით ღმერთის არსებობას აღიარებს.

 

სიტყვა ღმერთი არის ერთი სიტყვა, როგორც სიტყვა ატომი, მაგიდა, სკამი, მზე და ა.შ. მაგრამ, ეს სიტყვა არ არის მარტივი სიტყვა, არამედ რთული, რადგან მასში შეიძლება ჩაიდოს სხვადასხვა (თეისტური, დეისტური, პანთეისტური, პანეთეისტური, მითოლოგიური და აშ.) შინაარსი. ამისდა მიუხედავად, ამ სტატიის ფარგლებში, ვისაუბრებ თეისტურ ღმერთზე, რადგან ღმერთის სწორედ ეს გაგებაა ყველაზე სტანდარტული დღეს მსოფლიოში, რის გამოც, პირველად დონეზე, მოკლედ განვმარტავთ იმას, თუ როგორც ესმის თეიზმს ღმერთის იდეა. თეიზმის მიხედვით (იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი, არის თეიზმის 3 ვარიაცია), ღმერთი არის ერთი, მარადიული, შეუქმნელი, სული, უსხეულო, არამატერიალური, ფიზიკურად და მეტაფიზიკურად მარტივი, კოსმოსის ტრანსცედენტური, ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე, ყოვლადკეთილი, პოზიტიური თვისებების მაქსიმუმი და მათი მარადიული მფლობელი საკუთარი თავიდან, კოსმოსის შემოქმედი, მისი შემნარჩუნებელი მიზეზი, კოსმოსში არსებული იერარქიულობის დასასრული, უსრულყოფილესი, პიროვნული,  და სხვა. სწორედ ასე ესმის ღმერთი კლასიკურ თეიზმს, რომლის  წარმომადგენლებიც არიან ავგუსტინე (354-430), ანსელმ კენტერბერიელი (1033-1109), თომა აკვინელი (1225-1274), რეჯინალდ გარიგუ-ლაგრანჟი (1877-1964), ნორმან გეიზლიერი (1932-2019)  და მრავალი სხვა. ამ საკითხის მოკლე დაზუსტების შემდეგ, განვმარტავთ დასასაბუთებელ დებულებას, რომელშიც ვგულისხმობთ შემდეგს: რაღაც გაგებით ღმერთის არსებობას, ყველა ის ადამიანი აღიარებს, რომელიც ცდილობს, კოსმოსში არსებული ყველა ფენომენის, საგნის და მთლიანად კოსმოსის არსებობის ახსნას საბოლოო დონეზე. ეს კი თავის მხრივ ნიშნავს შემდეგს: კოსმოსში არსებული ყველა საგნის, ფენომენის, ისევე როგორც კოსმოსის მთლიანობის არსებობის საბოლოო დონეზე ახსნისას,  იძულებული ხარ, გარკვეულ რეალობას, ან რეალობებს, მიაწერო რამდენიმე ის ღვთაებრივი ატრიბუტი (წარმოუდგენელი სიძლიერე, შეუქმნელობა, არარსებობის შეუძლებლობა და სხვა), რომელიც ღმერთს მიეწერება კლასიკურ თეიზმში. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ სწორია დებულება, რომ ყველა ადამიანი რაღაც გაგებით ღმერთის არსებობას აღიარებს, ანუ ყველა ადამიანი აღიარებს რაღაც რეალობას, ან რეალობებს, რომელსაც ის ღმერთის (თეისტური ღმერთის) რამდენიმე ღვთაებრივ თვისებას მიაწერს. ამ სტატიის მიზანი, სწორედ იმის დასაბუთებაა, რომ ასეთი რეალობის, ან რეალობების არსებობას, ყველა ის ადამიანი აღიარებს, რომელიც რეალობის ბაზისური ასპექტების საბოლოო დონეზე ახსნას ცდილობს.

 

პირველი ფაქტი, რომელიც ჩვენ გამოცდილებაში გვეძლევა არის ის, რომ კოსმოსი არსებობს. ასევე ჩვენ ვიცით, რომ კოსმოსი არის დრო, სივრცე, ენერგია და მატერიის განსხვავებული ფორმების ჯამი. თუ ჩვენ კოსმოსის არსებობას, ისევე როგორც მის ასეთ განსაზღვრებას ვაღიარებთ, მაშინ დროა დავსვათ შემდეგი კითხვა: რა არის კოსმოსის არსებობის საბოლოო როგორც შემქნელი, ასევე შემნარჩუნებელი მიზეზი, ანუ თუ კოსმოსმა დაიწყო არსებობა, რა იყო ამის მიზეზი, ხოლო თუ ის მარადიულია, რისი დახმარებით არის მარადიული? სანამ ამ კითხვას ვუპასუხებთ, მანამდე ვისაუბრებთ იმ დებულებაზე, რომლის ჭეშმარიტებაც უნდა დავასაბუთოთ. კოსმოსი ან მარადიულია, ან არა. ჩვენი თეზისი კი ისაა, რომ რომელი ვარიანტიც არ უნდა იყოს სწორი, ჩვენ სხვა გზა არ გვექნება, რომ რაღაც რეალობას, ან რეალობებს, ღმერთის რამდენიმე თვისება, ან სულ მცირე 2 თვისება მაინც მივაწეოთ და ამ გაგებით ღმერთის არსებობა ვაღიაროთ. კერძოდ, დავუშვათ, რომ კოსმოსმა დაიწყო არსებობა, ანუ გადმოვიდა არარსებობიდან არსებობაში. ასევე დავუშვათ, რომ ამის მიზეზი არ იყო თეისტური ღმერთი, არამედ რაღაც სხვა. თუ ამ ლოგიკას გავყვებით, მაშინ კოსმოსის დასაბამი, საბოლოო დონეზე, შემდეგი 4 თეორიით შეგვიძლია ავხსნათ: 1. კოსმოსი შექმნა არაფრობამ. 2. კოსმოსი შექმნა კვანტურმა ვაკუუმმა. 3. კოსმოსმა თვითონ შექმნა თავისი თავი. 4. კოსმოსი შექმნა სხვა სამყაროებმა, რომელიც მარადიულნი არიან. თუ ჩვენი სამყაროს დასაბამის ღმერთის გარეშე ახსნას ვეცდებით, მაშინ სწორედ ამ 4 თეორიით არის ეს შესაძლებელი. მაგრამ, მთავარი აქ სწორედ ისაა, რომ ამ 4 თეორიიდან, რომელი მათგანიც არ უნდა ავირჩიოთ, ჩვენ მაინც მოგვიწევს გარკვეულ რეალობას, ან რეალობებს, მივაწეროთ რამდენიმე ღვთაებრივი ატრიბუტები. კერძოდ, დავიწყოთ პირველი თეორიით, რომელიც ამბობს, რომ სამყარო შექმნა არაფრობამ, ანუ არაფერმა არსებულმა. ჩვენ თუ ამ ვარიანტის სისწორეს ვაღიარებთ, მაშინ ჩვენ ამით რაღაც გაგებით ღმერთის არსებობასაც ვაღიარებთ, თუნდაც რომ თეისტური ღმერთის არსებობას უარვყოფდეთ და ამის მიზეზი არის შემდეგი გარემოება: ჩვენ ზემოთ ვთქვით, რომ თეისტური ღმერთს, მიეწერება მრავალი ღვთაებრივი ატრიბუტი, რომელთა შორისაც ამ ეტაპზე გვაინტერესებს ორი მათგანი: 1 წარმოუდგენელი სიძლიერე. 2. კოსმოსის შემოქმედის სტატუსი. პირველი თეორიის აღიარების შემთხვევაში, ღმერთის ეს ორი ატრიბუტი, მიეწერება არაფრობას და ამ გაგებით ის ხდება  ღმერთი. მეორე საკითხია ის, თუ რამდენად სწორია, არაფრობას, ანუ არაფერ არსებულს რაიმე თვისება მიაწერო. კი, ნამდვილად აბსურდია არაფერ არსებულს რაიმე თვისება მიაწერო, რადგან თვისებას მხოლოდ რაიმე არსებული ფლობს და არა არაფერი არსებული. მაგრამ, მიუხედავად ამისა, შენ თუ ასეთ აბსურდს დაუშვებ, ამ შემთხვევაშიც, არაფრობას აწერ სულ მცირე 2 ღმერთის თვისებას, რის გამოც ის ხდება შენთვის სულ მცირე ნაწილობრივ ღმერთი და სწორედ ამ გაგებით, შენ მაინც ღმერთის არსებობას აღიარებ, მიუხედავად იმისა, რომ რასაც შენ ღმერთის 2 თვისებას მიაწერ, მას, არ უწოდებ ღმერთს. იგივე სიტუაციაა, სხვა 3 თეორიის შემთხვევაში, რომელიც ცდილობს კოსმოსის დასაბამის საბოლოო დონეზე ახსნას. კერძოდ, კოსმოსი თუ შექმნა კვანტურმა ვაკუუმა, სხვა სამყაროებმა, ან თავად ჩვენმა სამყარომ, ნებისმიერ შემთხვევაში, კვანტურ ვაკუუმს, სხვა სამყაროებს, ან თავად ჩვენ სამყაროს, მიეწერება წარმოუდგენელი სიძლიერე და კოსმოსის შემქნელობა, როგორც ღმერთის ორი თვისება, რის გამოც ისინიც ღმერთი ხდება სულ მცირე ნაწილობრივ. იგივე მდგომარეობაა, ჩვენ თუ დავუშვებთ, რომ კოსმოსი მარადიული და შეუქმნელია. კერძოდ, თეიზმში ღმერთი მოაზრებულია რეალობად, რომელიც არის მარადიული, შეუქმნელი, მასში არსი და არსებობა ერთმანეთს ემთხვევა, ის არსებობს ისე, რომ მისთვის შეუძლებელია არარსებობა  და სხვა. მაგრამ, საოცარი სწორედ ისაა, რომ ყველა ეს ღმერთის თვისება, სწორედ კოსმოსს მიეწერება მაშინ, როცა მისი მარადიულობაა აღიარებული. ამ დროს კი ღმერთად, სულ მცირე ნაწილობრივ, აღიარებულია თავად კოსმოსი.1 იგივენაირი სიტუაციაა, მაშინ როდესაც ჩვენ კოსმოსში არსებული წესრიგის, კოსმოსის მიერ არსებობის გაგრძელების, დედამიწაზე არსებული სიცოცხლის წარმოშობის და რეალობის სხვა ბაზისური ასპექტების საბოლოო დონეზე ახსნას ვცდილობთ. სხვა სიტყვებით, ამ ფენომენების საბოლოო დონეზე არათეისტური ახსნების დროსაც, დაშვებულია გარკვეული რეალობა (ან რეალობები), რომელიც მართალია არ მოიხსენიება ღმერთის სახელით, მაგრამ მას, მაინც ღმერთის რამდენიმე ღვთაებრივი თვისება მიეწერება, რის გამოც, თავად ის ხდება ნაწილობრივი ღმერთი. ეს ყოველივე კი ადასტურებს, რომ რეალობის ბაზისური ასპექტების საბოლოო დონეზე ახსნა ისე, რომ რაღაც გაგებით ღმერთის არსებობა არ დაუშვა,  შეუძლებელია. ეს კი თავის მხრივ, ადასტურებს, სტატიის სათაურში არსებული დებულების ჭეშმარიტებას, რომ რაღაც გაგებით ღმერთს, ყველა ადამიანი აღიარებს, თუნდაც რომ ის, იმ რეალობას (ან რეალობებს), რომლითაც ყველაფრის საბოლოო დონეზე ახსნას ცდილობს, არ უწოდებდეს ღმერთს.2  

 

 

 

 

 

 

 

 

 

[1] სწორედ ამიტომ, სწორია დებულება, რომ ყველა ის ათეისტი, რომელიც რეალობის საბოლოო დონეზე ახსნას ცდილობს, არის პანთეისტი ისე, რომ ამას, თავადაც ვერ აცნობიერებს (ამას რომ აცნობიერებდეს, მაშინ არც უწოდებდა მის თავს ათეისტს).

[2] ამ სტატიის წერის დროს, ვეყრდნობოდი შემდეგ წყაროებს. იხ: ქავთარაძე ბ, კაუზალობის პრინციპი, თბილისი, 2021, ბრუნერი ა, ფილოსოფიის ძირითადი საკითხების სისტემატური აგებულება, მთ. ვიქტორ რცხილაძე, თბილისი, 2010, Turek F,  Stealing from god,  USA, 2014, Craig WL, Five argument for god, London, 2016, Horn T, Answering Atheism: How to Make the Case for God with Logic and Charity, USA, Craig WL, The Kalām Cosmological Argument, Oregon, 2000, Craig W.L, Reasonable Faith: Christian Truth and Apologetics, USA, 2008, Swinburne R, The Existence of God 2nd Edition, 2004, Feser E, Five Proof For The Existence of God, USA, 2017, Feser E, Scholastic Metaphysics: A Contemporary Introduction, Germany, 2014, 97–171. Feser E, The Last Superstition: A Refutation of the New Atheism, USA, 2008, Geisler N, Christian Apologetics 2nd Edition, USA, 2013, McGrath A, Science and Religion: An Introduction, USA, 1999, Barron R, Vibrant Paradoxes: The Both/And of Catholicism, USA, 2016, St. Thomas Aquinas's Works in English, These texts were originally compiled by Fr. Joseph Kenny, O.P. (1936-2013). If you find errors in the texts, broken links, or would like to share other concerns, please submit a pull request at github.com/Geremia/AquinasOperaOmnia, of which this page is a mirror. To consult the complete works of St. Thomas in Latin, see the Corpus Thomisticum. For a continually updated bibliography of St. Thomas in English, see Thérèse Bonin's Thomas Aquinas in English: A Bibliography. Cf. also the Aquinas Institute's online Latin-English editions; get a random St. Thomas quote, https://isidore.co/aquinas/,


კომენტარები