ზეკაცი და ქარიზმატული აღორძინების ჰერმენევტიკა

ზეკაცი და ქარიზმატული აღორძინების ჰერმენევტიკა

ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი ირაკლი ბრაჭულის წიგნიდან – „ზეკაცის ჰერმენევტიკა: ჰიეროფანიები და ენერგეტიკული პარადიგმები“.

 

წიგნის დათვალიერება: http://akti.ge/ka/book-read/1076

„გასწავით ზეკაცს, ადამიანი რაობაა, რომლის
დაძლევა ხამს. რა ჰქმენით მის დასაძლევად?“.
ფრიდრიჰ ნიცშე

 


რომაული მითოლოგიიდან, ნიცშემ აიღო მისი უმაღლესი ფორმულა „ღმერთი მოკვდა“, რომელიც წარმართული რელიგიური პანთეონის მხილებას ანუ კერპების მსხვრევას გამოთქვამს. კერპების მსხვრევა არის დაწყებითი საფეხური ახალ რჯულზე მოქცევისა; „ახალ რჯულზე მოქცევა“, რადიკალური მენტალური შემობრუნება, გადატრიალება რეფლექსიაში, ადამიანის არსების განახლებას, ქარიზმატულ აღორძინებასა და სამყაროს ახალი განზომილების გახსნას მოასწავებს. ნიცშემ დაინახა, რომ ადამიანი „ევოლუციის შუაგზაზე“ შეჩერდა, რამაც შეაფერხა და შეაჭირვა ადამიანური ყოფნის არსებითი სტრუქტურები.

 

„პოსტ-ფილოსოფიური“ მიმდინარეობანი ნაკლებად არიან დაჯილდოვებულნი XIX საუკუნის პათეტიკურ-ტრაგიკული ტემპერამენტით. ისინი აღარ სვამენ კითხვებს: ღმერთი თუ არსებობსო?, უკვე აღარ არის თუ ჯერ არ არსებობსო? ამის გასაგებად ძალზედ ადრე ხომ არ არის ან უკვე დაგვიანებული ხომ არ არისო? მათ თითქოს უკან მოიტოვეს საკითხთა ეს ძველი წრე და ახლა უკვე კითხულობენ: პრეადამიანურიდან გამოსული ისტორია პოსტადამიანურ ფაზაში ხომ არ შევიდაო.

 

ყველა ვინც ცდილობს შეიცნოს დროის თავისებურებანი და ადამიანურ შესაძლებლობათა ზღვარი, იძულებული ხდება გამოიყენოს მოარული სინტაგმა „პოსტ“. ამ ნიშნის მიხედვით, ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით კაცობრიობის ცხოვრების ისეთ პერიოდში, რომელშიც წარმოიშობა რაღაც უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, რასაც ეწოდება „ადამიანი“. ფინალისტური რედუქციონიზმის ტენდენციამ გამოიწვია მასიური შემოტანა „პოსტ-“ის აკადემიური ორეულებისა, განსაკუთრებით კი პრედიკატისა „მეტა“. აქტიურად ფორმირდებიან „მეტაენის“, „მეტატექსტის“, „მეტამეცნიერების“, „მეტაფსიქოლოგიის“, „მეტაფილოსოფიის“, „მეტარელიგიისა“ და „მეტაპოლიტიკის“ დისციპლინები, როგორც „არატრადიციული“ ან „ალტერნატიული“ პერსპექტივები ადამიანური განზომილებისა.

 

ინგმარ ბერგმანის ფილმში „ზიარება“, ხშირად მეორდება ფრაზა: „ღმერთი სდუმს, ღმერთი სდუმს, ღმერთი სდუმს“. ამის შემდეგ „ეკრანი გამოსცემს“ რაღაც კოსმიურ დისჰარმონიულ ექოს, პასუხგაუცემლობის შემატყობინებელ რაღაც ენთროპულ ინფორმაციას, რომელიც ისეთი კომპიუტერიზებული ეთერიდან მოედინება, რომელშიც გადაცემები ჯერ არ დაწყებულა, ან უკვე დამთავრებულია. ეს ხმები ფილმის პერსონაჟებს კი არ ესმით, არამედ მათ თავებში გაისმის; აზროვნებისაგან ამ უკიდურესად დაძაბული თავებიდან გამოდის, იღვრება და ვრცელდება ჯერ ეკრანულ და შემდეგ მთელს ეკრანსგარეთა სამყაროში. მით უფრო აუტანლად ძლიერი და გაუსაძლისად აწეულია ეს ხმა, რაც უფრო ძლიერი და ღრმაა ჩაფიქრება წმინდასა და ჭეშმარიტზე; ყოველთვის ასე ხდება, როცა მღვდელი და მრევლი ზიარებას ატარებენ, ან აზრობრივად დაუძახებენ და გულით მიმართავენ „ღმერთს“. დაძახილზე მოდის არეული, ენთროპიული „პოსტ“.-ხმები, არსებობამდელი და არსებობის შემდგომი შორეთის ხმები, და სრულიად მკაფიო და მკაცრად გასაგები პასუხი: „უფალი სდუმს, უფალი სდუმს, უფალი სდუმს“. ამ სამგზის გამეორებულ ორსიტყვიან ცნობას მღვდელი გადმოგვცემს როგორც მედიუმი, როგორც ქადაგი, როგორც ჰერმესი კაცთა და ღმერთთა შორის ამბების მიმომტანი შიკრიკი და ინფორმატორი. ამ შემთხვევაში მღვდელი ჰერმენევტიკოსია, ხოლო ჰერმენევტიკა დისკურსის გარკვეული სახის გამოვლინებაცაა და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მიმართულებაც თანამედროვე ფილოსოფიასა და თეოლოგიაში.

 

რატომ აქვს სიტყვა „ჰერმენევტიკას“ ასეთი ძლიერი პოზიტიური დატვირთვა? ვცადოთ, გავიგოთ თუ რას გულისხმობენ ამ სპეციალურ ტერმინში; და არა მარტო იმიტომ, რომ მკითხველს ჩვენი წიგნის შინაარსის გაგება გავუადვილოთ; უფრო იმისათვის, რათა შეძლებისდაგვარად ნათლად გავერკვეთ ამ ერთობ რთულ ფილოსოფიურ მოვლენაში.1

 

აზროვნების ისტორიით დაინტერესებულმა ადამიანებმა კარგად იციან, რომ აღმავალი ეპოქები ყოველთვის „რაღაცას ამბობენ“, ხოლო კრიზისულნი მხოლოდ „რაღაცის შესახებ“ ბჭობენ. მაგალითად, ნიცშეს თვლიან დიდ მოაზროვნედ, რამდენადაც მან დაარღვია კრიზისული ეპოქის მენტალური ეტიკეტი და „რაღაცის თქმა“ გაბედა. მასში თვით „სიცოცხლის სიღრმეთა ყვირილი“ გაიგონეს.

 

„შესახებ თქმა“ სტანდარტული უნარია; ხოლო „რაღაცის თქმა“ საჭიროებს შემოქმედებით ნიჭს. ხშირად სვამენ კითხვას: „რატომაა, რომ ჩვენს ეპოქაში აღარ ჩანან პლატონები, ნეტარი ავგუსტინეები და ეკჰარტები?“. ამის მიზეზი არ შეიძლება იყოს გენიალობის ფსიქოლოგიური უნარის ნაკლებობა. ზოგიერთი ფილოსოფისის დაკვირვებით, ტექნიკის საუკუნეში ბატონობს ნება უნიჭობისადმი (არამადლისმიერი აზროვნება), მაგრამ თითოეულ ადამიანში ძევს გენიალური საწყისი და მისი სიტუაციური რეალიზების უნარი. უნდა მოხდეს შემობრუნება აზრთაწყობაში; უნდა განახლდეს ნება გენიალურობისადმი. ადამიანის უღრმეს წიაღში უნდა ამუშავდეს ქარიზმატული (მადლისმიერი) აზროვნება. ესაა ჰერმენევტიკის სახელით ცნობილი დისციპლინის დანიშნულება.

 

ჩავთვალოთ, რომ ვიცით რა არის ჰერმენევტიკა. ახლა ვცადოთ, ასევე ზოგადი წარმოდგენა შევიქმნათ ზეკაცის ჰერმენევტიკაზე.

 

ჩვენ ყველანი „ჩვენი დროის შვილები“ ვართ; დრო გაგების ჰორიზონტია. ყოველ ადამიანს ახასიათებს ის, რასაც „ეპოქალური კონტექსტი“ ეწოდება. გენიოსად ის ითვლება, ვინც „თავის დროს“ გაუსწრო. შპენგლერი თვლიდა, რომ დროები ორგანისტულ-ფაზური ბუნებისანი არიან. „ჩვენ დროს“ იგი სიბერის ფაზაში ათავსებდა. შესაბამისად „ჩვენი დროის“ ადამიანის სპეციფიკას დაბერების და „მიხრწნილობაში გადადგომის“ ასპექტში განიხილავდა. მაქს შელერთან კი ამგვარი სიმბოლოა „მორბენალი ჭაბუკი“, რომელიც თავისი საკუთარი ძალებით გარბის უკვდავებაში. ადამიანის არსებას ახასიათებს კონკრეტულსიტუაციური თავისებურებანიც. ჰერმენევტიკული ანთროპოლოგია ეპოქის თვითრეფლექსიის მცდელობაა, მისი საგანია ადამიანის სპეციფიკა „ჩვენი დროის“ ჰორიზონტში. ნიცშე გვიამბობს იმის შესახებ თუ აღნიშნული სპეციფიკის ძიებაში როგორ იპოვა შესაბამისი სიტყვა Übermensch, ზეკაცი: „იქვე ვიპოვე მე სიტყვა „ზეკაცი“ და რომ ადამიანი რაობაა, რომლის დაძლევა ხამს“ (ნიცშე 1982:164). „არათანადროულ ფიქრებში“ ნიცშე შენატრის თავის ეპოქაზე მაღლა მდგომ ინდივიდს, გამორჩეულს, გენიოსს, რომელიც სათავეს დაუდებს საკუთარი ნების კარნახით მოქმედი არსებების „კაცობრიობის უმაღლესი ეგზემპლარების“ შექმნას. ნიცშე მახარებლის სტილში წერს: „გაფიცებთ ძმებო!.. გასწავლით ზეკაცს!“. ვინ არის ის ზეკაცი, რომელიც ადამიანის შემდეგ მოვა, სიკეთესა და ბოროტების მიღმა დადგება და ამიტომ „ქრისტეზე უფრო ჭკვიანი“ იქნება? როგორ შეიძლება იგივე მიმართებაში იყო ადამიანთან, როგორც ადამიანია მაიმუნთან? ყოველი არსის არსებობის აზრია შექმნას თავისი „ზე-რამ“. ამ აზრით უნდა გადალახოს ადამიანი ზეკაცმა; ცხოველი ხომ დაძლია ადამიანმა?! მაგრამ ამ „დაძლევამ“ სიცოცხლის დაავადმყოფება გამოიწვია. ზეკაცის ქადაგი მიმართავს ადამიანებს: „ამჯობინებთ ცხოველებად უკუიქცეთ, ვიდრე სძლევდეთ ადამიანსა?“. „ადამიანი თოკია ცხოველსა და ზეკაცს შორის“, „თოკი უფსკრულსა ზედა“... „იგი ხიდია და არა მიზანი“, „გვექმენ ჩვენ უკანასკნელ ადამიანებად და ჩვენ გაჩუქებთ ზეკაცს“ (ნიცშე 1983:3-4). 

 

როგორც შენიშნულია, ზეკაცი არ არის ახალი ეტაპი ბიოლოგიური ევოლუციის გზაზე (თუმცა ასეთი ინტერპრეტაციის მომხრეც ბევრია), ან ახალი სოციოლოგიური სახეობა (ასეც განმარტავენ ხოლმე), არამედ ესაა უმაღლესი ტიპის სრულყოფილი არსება, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიკვდილით დეტერმინირებულ სწრაფდაცლად სიცოცხლესთან, „მცენარისა და მოჩვენების ნაზავთან“, სიცოცხლის პროლეტართან, უკვე დაძველებულ ადამიანთან. რითაა ის სრულყოფილი? უპირველეს ყოვლისა „ბატონობის ცოდნით“. „მან იხილა ახალი ჭეშმარიტება“. ზეკაცი ახალი ეტაპია ცოდნის ევოლუციის გზაზე. „უკანასკნელი ადამიანი“ ისაა, ვინც იცის, რომ იგი უნდა გადაილახოს. ამის ცოდნაა „დიონისური სიბრძნის“ ანუ „გადალახვის სიბრძნის“ დასაწყისი. 

 


ყველა დიდი ჰერმენევტიკოსის ფილოსოფიური საქმიანობა მჭიდროდ უკავშირდება პირადი გამოცდილების მომენტებს. ძნელია ნიცშეს აფორიზმების გაგება, თუ არ გავითვალისწინებთ ავტორის სულიერ ავადმყოფობას. 1878 წლიდან მას აწუხებს სულიერი სნეულება, რომლის თანმხლებია თავის ტკივილები, „ზოგადი დაქანცულობა“. რაც არ იყო გამოწვეული მხოლოდ სამედიცინო ფაქტორებით. ის შეპყრობილი იყო ევროპული კულტურის „კრეატიული ვიბრაციების“ კლების შეგრძნებით. ეს ტენდენცია აზროვნებას აქცევს აუტანლად მძიმე ტვირთად. ადამიანი უარს ამბობს ამ სიმძიმის ტარებაზე, „აზრის სისწრაფით მოძრაობაზე“; გადადის უფრო „შენელებულ ფორმებზე“, ეგუება მზა მოსაზრება-კლიშეებს. სწორედ ამგვარი დაქანცულობიდან გამოჯანმრთელების ქადაგია ნიცშე. მისმა სუპერმენის კონცეპტმა უნდა გვასწავლოს, თუ როგორ მოვიპოვოთ ულევი სასიცოცხლო ენერგიები. „სიცოცხლის ფილოსოფიის“ ნიცშესეული ტრადიციის გამგრძელებლებმა (დილთაიმ, ბერგსონმა და სხვ.) სიცოცხლის სარეზერვო ენერგორესურსების ამუშავების მთელი სტრატეგია შეიმუშავეს, ამას უწოდეს „ჰერმენევტიკა“.

 


პოსტსაზოგადოების იდეოლოგიაში ანუ „ცნობიერების სუპერსტრუქტურაში“ (როგორც თანამედროვე სოციოლოგები უწოდებენ) გადამწყვეტი როლი მოიპოვა სუპერმენთა („სუპერვარსკვლავების“, ზემოდელების) ინდუსტრიამ. „ჰერმენევტიკულია“ თანამედროვე ადამიანის არაჩვეულებრივი გატაცება მედიტაციით და ბიოენერგეტიკით. სხვადასხვა მეთოდებით ხდება კულტურის ინდუსტრიიდან და ადამიანის სულის სიღრმიდან გამოხმობა ისეთი ინფორმაციებისა, რომელიც (გაცნობიერებული იქნება თუ გაუცნობიერებელი) თავის თავში ატარებს დიდ ენერგეტიკულ მუხტს. შექმნილია ფსიქოტექნოლოგიების ინდუსტრია, რომელსაც ჰყავს თავისი მწარმოებელი და მომხმარებელი. სულ უფრო ფართოვდება ფსიქოანალიტიკური და მედიტაციური რეაბილიტაციის დიაპაზონი. როგორც გასაჯაროვდა თვით რომის მოქმედი პაპიც იყენებდა ფსიქოანალიზის სერვისს. ათიათასობით ფსიქოანალიტიკოსი და მედიტატორი ემსახურება მილიონობით „უკანასკნელი ადამიანის“ პიროვნული პოტენციალის აქტუალიზაციის საქმეს.

 


ნიცშეს „უკანასკნელი ადამიანი“ სწავლულია; „ნასწავლი“ აქვს, რომ საკუთარი გაგების ჰორიზონტს მიღმა სხვა, უსასრულოდ მრავალი ჰორიზონტია, და არც ერთი არ არის მეორეზე უპირატესი. ყველა ცხოვრების წესი ერთნაირად ღირებულია. პინგვინების უფლებები ადამიანის უფლებებს უთანაბრდება. ადამიანური კონდიცია არაფერს შეიცავს ისეთს, რაც არსებითად განსხვავდება არადამიანურისაგან. ფუკუიამას დამოწმებით: „აი რატომაა თანამედროვე ადამიანი უკანასკნელი ადამიანი: ის დაქანცა ისტორიის გამოცდილებამ, გაუქრო ფასეულობათა მუდმივობისა და სამყაროს ილუზია“ (ფუკუიამა 1999: 112). 

 


ზეკაცის კონცეპტს ახასიათებს თანშობილი და მოუცილებელი ორაზროვნება: ერთი მხრივ, ის წარმატება, აღიარება, ძალაუფლების გაფართოებაა, ანუ წარმოდგენის მოდელია, რომელიც იდეალში ყველასათვის ერთნაირად სასურველია და ყველა განცდის საზრისის საზომია. მეორე მხრივ, მასში სულ სხვა შესაძლებლობებია, რამაც განაპირობა უმარტივესი საზრისების „აციმციმება“ XX საუკუნის ბოლო მეოთხედის ზოგიერთ ნაწარმოებში. კამიუ ლაპარაკობდა აბსურდის უმარტივეს უცხადესობებზე (évidencess), რაც მეტია, ვიდრე წარმოსახვის ზემოდელებისა და წარმოდგენის ნიმუშების პრეზენტაციები.

 


ამბობენ, ნიცშეს ყველა წინასწარმეტყველება ახდაო. თუ ასეა, მაშ უკვე მოგვცემია იმის შესაძლებლობა, რომ ზეკაცის შესახებ პროგნოზი რეალობას შევუდაროთ. ჩვენთვის არსებითია ამოსავალი წერტილის არჩევანი: ზეკაცი ადამიანის არსის გადალახვა. ამაზეა დამოკიდებული მსჯელობის შემდგომი გაშლა ჰერმენევტიკის ადგილისა და როლის შესახებ ჩვენი დროის ცოდნის ზოგად კონცეფციაში.

 

 

 

 

 

შენიშვნა: 

 

1. ფილოსოფიური ჰერმენევტიკის როგორც თანამედროვე აკადემიური დისციპლინის გამოწვევებზე ვრცელი ლიტერატურა არსებობს. ამ დარგისათვის ფუძემდებლური მნიშვნელობა XX საუკუნის სამი დიდი ჰერმენევტიკოსის მარტინ ჰაიდეგერის, ჰანს-გეორგ გადამერის და პოლ რიკიორის თხზულებებს აქვთ. 80-იან 90-იან წლებში მნიშვნელოვანი ასპექტები გამოავლინეს „პოსტმოდერნის“ თეორეტიკოსებმა დელიოზმა, ფუკომ, დერიდამ და სხვებმა. მათი შრომების ზედმიწევნითი ანალიზი ჩვენი კვლევის გეზს შეცვლიდა და თემას აგვაცდენდა.


კომენტარები