ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი ირაკლი ბრაჭულის წიგნიდან – „ზეკაცის ჰერმენევტიკა: ჰიეროფანიები და ენერგეტიკული პარადიგმები“.
წიგნის დათვალიერება: http://akti.ge/ka/book-read/1076
ვინ არის ჰუმანოიდი? ესაა ადამიანი, რომელიც საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მეცნიერება უძლურია დაუკმაყოფილოს უმთავრესი ინტერესი: სად იყო შობამდე და სად წავა სიკვდილის შემდეგ; უძლურია მოუხსნას დისკომფორტი, რაც მას სულის უკვდავებისა და ხსნის პრობლემების მოუგვარებლობის შედეგად ექმნება.
ამ დასკვნამდე მივიდნენ სულიერ დაავადებათა მკვლევარები: ზ. ფროიდი და კ. იასპერსი; აგრეთვე დიდი ფიზიკოსები: ა. აინშტაინი, ვ. ჰაიზენბერგი, ბ. რასელი და სხვები. ამან ისინი ჰუმანოიდის ქადაგებად აქცია.
ჰუმანოიდი არის არა უბრალოდ ადამიანი, არამედ „ადამიანური ადამიანი“ („ჰომო ჰუმანუს“). რატომ არის აუცილებელი, რომ „ადამიანი“ გადალახოს „ადამიანურმა ადამიანმა“?
„ადამიანის“ ძირითადი ნიშანი ისაა, რომ იგი გადაიქცა მანქანის ფუნქციად და ამიტომ მანქანის ნაწილივით შეცვლადია. მანქანად ქცევის სიმპტომი კი ყველა სფეროში შეიჭრა. აპარატიზირებულსა და ტექნოკრატიულ ინსტანციას დამორჩილებულ არსებას გაუჩნდა სიცოცხლის ტემპერატურის დაწევისა და განელების განცდა. დღის წესრიგში დადგა „განცდათა ველის“ ენერგეტიკული უზრუნველყოფის საკითხი.
სიცოცხლის ენერგია სხვადასხვა ძალითა და ხარისხით ვლინდება სხვადასხვა დონეზე. სიცოცხლე უმაღლესი დოზითა და ხარისხით ვლინდება სულიერი შემოქმედის ანუ „ჰუმანოიდის“ სიცოცხლის სახით.
ჰუმანოიდს ესაჭიროება შემოქმედებითი აქტივობის განცდა. ამიტომ მან უარყო ფიზიკურ-ქიმიური მეცნიერების უნივერსალიზმი და შეიმუშავა გონების გაფართოვებული ცნება. პოზიტივისტურ-ნატურალისტურ მსოფლმხედველობას შეებრძოლა ჰუმანიტარული მსოფლმხედველობა. მთელ მსოფლიოში აღიძრა მძლავრი ანტიტექნიცისტური მოძრაობა.: „ფიზიკოსებისა“ და „ლირიკოსების“ კონფრონტაცია იყო ჰუმანოიდის ბრძოლა ადამიან-მანქანასთან. მეცნიერების რეჰუმანიზების ფორმულად შეიძლება ჩაითვალოს აინშტაინის განაცხადი: „მე დოსტოევსკიმ მეტი მომცა, ვიდრე გაუსმა“. ამით გამოითქვა ეთიკურის პრიმატი ცოდნის სისტემაში. ეს ფორმულა განავრცო ვ. ჰაიზენბერგმაც: „წმინდა აზროვნება ცდილობს შეიცნოს სამყაროს ფარული ჰარმონია... სადაც მეცნიერება და ხელოვნება აღარც კი განირჩევიან ერთმანეთისაგან“. ჰუმანოიდის მსოფლმხედველობამ ეთიკურ-ესთეტიკური ანთროპოლოგიის სახე მიიღო; სამყაროს, როგორც მექანიზმს, დაუპირისპირდა სამყარო, როგორც ორგანიზმი. ეს იყო ტრადიციული მეცნიერების დასასრული და ენერგეტიკული ბრუნი სულიერი პრაქსისისკენ, არატრადიციული რელიგიური რაციონალიზმისაკენ, რომელსაც მაქს ვებერმა უწოდა „ხსნის უნივერსალური კოსმიური პრაგმატიკა“. კაცმა განავითარა მატერიალური მეცნიერება და დაიპყრო ბუნება; ხოლო ჰუმანოიდ-ზეკაცმა განავითარა სულიერი მეცნიერება და გახდა სულთბატონი, სულიერი ენერგიების მეწარმე. ჰუმანოიდმა შეაჩერა „ევროპელი ადამიანის ბიოლოგიური რასის გადაშენება“. (ნიცშე). მან თავი დააღწია ავტომატურ და მონოტონურ-მექანიკურ რიტმს და განცდით ველში შეიმუშავა შეგრძნებათა და შთაბეჭდილებათა სულ უფრო მზარდი და ახალ-ახალი ნაკადები.
კომენტარები