ინტელექტუალური სადჰანა

ინტელექტუალური სადჰანა

ამონარიდი გახლავთ პირველი თავი მაჰათმა განდის წიგნიდან: „გზა ღმერთისაკენ“.

 

წიგნის დეტალური დათვალიერება.

ომ
უზენაესი იდეალი
ადამიანის საბოლოო მიზანია ღმერთის შეცნობა.
ღმერთი არის სატ-ჩიტ-ანანდა
არსებობა, ცოდნა, ძალა და ნეტარება.
ის არის ყოვლისმომცველი, ყოვლისმცოდნე,
ყოვლისშემძლე, ყოვლადნეტარი იდუმალი ძალა.

ჩვენი სული არის ღვთიური ცეცხლის ნაპერწკალი,
ერთი წვეთი ღვთიურ ოკეანეში.

სამყარო სავსეა სიხარულითა და ტანჯვით
სიხარული ღმერთთან და ტანჯვა მის გარეშე.
ადამიანის მოვალეობა არის ღმერთის შეცნობა,
კაცობრიობის მსახურება, და მისი
მარადიული ნეტარებით ტკბობა.

 

პირველი თავი
ღმერთი

 

(1) ღმერთი ერთადერთია.
ღმერთი, რა თქმა უნდა, ერთია. მას მეორე არ ჰყავს. ის არის მიუწვდომელი, შეუცნობელი, და კაცობრიობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის უცნობი. ის ყველგან მყოფობს. ის ხედავს თვალების გარეშე და ისმენს ყურების გარეშე. ის უფორმო და განუყოფელია.


ის მარად არსებულია, არა ჰყავს მამა, დედა და ან შვილი; და მაინც, ის თავს უფლებას აძლევს, რომ მას თაყვანს სცემდნენ, როგორც მამას, დედას, ცოლს და შვილს. ის თავს იმის უფლებასაც აძლევს, რომ მას თაყვანს სცემდენ როგორც კვერთხსა და ქვას, თუმცა ის არცერთი მათგანი არ არის. ის ყველაზე მოუხელთებელია. ის ყველაზე ახლობელია ჩვენთვის, თუკი ამ ფაქტის ცოდნა გვინდა. მაგრამ ის ყველაზე შორს არის ჩვენგან, როდესაც არ გვსურს მისი ყველგანმყოფობის შეცნობა.


მე არ ვეთანხმები იმ აზრს, თითქოს ინდუსებს მრავალი ღმერთის სწამთ და კერპთაყვანისმცემლები არიან.


ისინი მართლაც ამბობენ, რომ ბევრი ღმერთი არსებობს, მაგრამ უდავოდ იმასაც აცხადებენ, რომ არსებობს ერთი ღმერთი, უფალი ღმერთი. ამიტომ არ არის მიზანშეწონილი ვარაუდი, რომ ინდუისტებს მრავალი ღმერთის სწამთ. მათ, რა თქმა უნდა, სჯერათ მრავალი სამყაროს არსებობისა; ისევე, როგორც არსებობს ერთი სამყარო, ადამიანებით დასახლებული, და მეორე, რომელშიც ცხოვრობენ მხეცები; ასევე არსებობს სამყარო, დასახლებული უმაღლესი არსებებით, ჩვენ რომ ღმერთებს ვუწოდებთ; მათ ვერ ვხედავთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი მაინც არსებობენ.


ცდომილება იქმნება მაშინ, როდესაც ინგლისურ ენაზე თარგმნით სიტყვას देव ან देवता (დევა ან დევატა), რომლისთვისაც ვერ იპოვნეთ იმაზე უკეთესი ტერმინი, ვიდრე „ღმერთი“. მაგრამ ღმერთი არის იშვარა, დევადჰიდევა, ღმერთების ღმერთი.


როგორც ხედავთ, სიტყვა „ღმერთი“, რომელმაც წარმოშვა ასეთი დაბნეულობა, სხვადასხვა ღვთაებრივ არსებებს აღწერდა. მე მჯერა, რომ ურყევი ინდუსი ვარ, მაგრამ არასოდეს მწამდა ბევრი ღმერთისა. ბავშვობაშიც კი არ მქონია ასეთი რწმენა და ეს არც არავის უსწავლებია ჩემთვის.

 

(2) ის არის ყველგანმყოფი, ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე.
ღმერთი არ არის ვიღაც პიროვნება ჩვენს გარეთ ან სამყაროსგან მოშორებით. ის მოიცავს ყველაფერს და არის ყოვლისმცოდნე და ასევე ყოვლისშემძლე. მას არ სჭირდება რამენაირი განდიდება ან მუდარა. ის იმანენტურია ყველა არსებაში და მას ესმის ყველაფერი და კითხულობს ჩვენს აზრებს გულისგულში. ის ჩვენს გულებში რჩება და უფრო ახლოსაა, ვიდრე ფრჩხილები ჩვენს თითებზე. ასე რომ, ღმერთი უპიროვნოა. ის არის ყოვლისმომცველი, ყოვლისშემძლე სული. ნებისმიერს, ვისაც მისი ხმა ესმის გულში, აქვს საოცარი ძალა ან ენერგია, რომელიც თავისი შედეგებით შეიძლება შევადაროთ ისეთ ფიზიკურ ძალებს, როგორიცაა ორთქლი ან ელექტროობა, მაგრამ ბევრად უფრო დახვეწილია.

 

(3) ის არის იდუმალი ძალა.
არსებობს განუსაზღვრელი იდუმალი ძალა, რომელიც ყველაფერში აღწევს. ამას ვგრძნობ, თუმცა ვერ ვხედავ. სწორედ ეს უხილავი ძალა მაგრძნობინებს თავს, თუმცა არ ეპუება მტკიცებულებებს, რადგან ძლიერ განსხვავდება ყველაფრისგან, რასაც ჩემი გრძნობებით აღვიქვამ. ის აღემატება გრძნობებს. ბუნდოვნად აღვიქვამ, რომ როდესაც ყველაფერი ჩემს ირგვლივ მუდმივად იცვლება და კვდება, მთელი ამ ცვალებადობის საფუძველში არის ცოცხალი ძალა, რომელიც უცვლელია, ყველაფერს აერთიანებს, ქმნის, აქრობს და ხელახლა ქმნის. ეს უცვლელი ძალა ან სული არის ღმერთი.


ჭეშმარიტებაა, რომ ღმერთი არის ძალა. ის არის ცხოვრების არსი. ის არის წმინდა, სპეტაკი ცნობიერება. ის მარადიულია. და მაინც, რაც არ უნდა უცნაურად ჩანდეს, ყველას არ ძალუძს სარგებელი ან თავშესაფარი ჰპოვოს ამ ყოვლისმომცველ, ცოცხალ თანა-ყოფნაში.


ელექტროენერგია მძლავრი ძალაა. ყველას არ შეუძლია ამით სარგებლობა.


მისი წარმოება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული კანონების დამორჩილებით. ეს უსიცოცხლო ძალაა. ადამიანს შეუძლია მისი გამოყენება, თუ იგი ისეთი ძალისხმევით გაირჯება, რომ მისი კანონები გაიგოს. ასევე შეიძლება დავემორჩილოთ ცოცხალ ძალასაც, რომელსაც ღმერთს ვუწოდებთ, თუ გვეცოდინება და დავიცავთ მის კანონს, მას რომ აღმოგვაჩენინებს საკუთარ თავში.
ღმერთი არის უხილავი ძალა, რომელიც ჩვენში მყოფობს. ბევრი ძალა იმალება ჩვენში და მათ მუდმივი ბრძოლით აღმოვაჩენთ. თუმცა შესაძლოა, აღმოვაჩინოთ ეს უზენაესი ძალა, თუ მტკიცედ გადავწყვეტთ მის პოვნას და გონივრულად მოვძებნით.


ჩემი ღმერთი არ ცხოვრობს ზეცაში. ის უნდა შეიცნო დედამიწაზე. ის აქ არის, შენში, ჩემში. ის არის ყოვლისშემძლე და ყველგანმყოფი. თქვენ არ უნდა იფიქროთ მიღმიერ სამყაროზე. თუ ამ სამყაროში შევასრულებთ ჩვენს მოვალეობას, მიღმიერი თვითონ იზრუნებს თავის თავზე.

 

(4) უზენაესი სიკეთე.
ეს ძალა კეთილგანწყობილია თუ მტრული? მე მას მხოლოდ კეთილგანწყობილად აღვიქვამ. რადგან ვხვდები, რომ სიკვდილის შუაგულში სიცოცხლე გრძელდება; სიცრუეში სიმართლე ძლებს; სიბნელეში რჩება სინათლე. აქედან გამომდინარე, ვასკვნი, რომ ღმერთი არის სიცოცხლე, ჭეშმარიტება, სინათლე. ის არის სიყვარული. ის უზენაესი სიკეთეა.


ღმერთი მთლიანად კეთილია. მასში არ არსებობს ბოროტება. ღმერთმა თავის ხატად შექმნა ადამიანი. ჩვენდა სამწუხაროდ, ადამიანმა ის თავისებურად ჩამოაყალიბა. ამ ქედმაღლობამ კაცობრიობა პრობლემების ზღვაში ჩაძირა. ღმერთი არის უზენაესი ალქიმიკოსი. მისი თანდასწრებით მთელი რკინა და ნაყარ-ნუყარი ხალას ოქროდ გადაიქცევა. ზუსტად ასევე, ყველანაირი ბოროტება სიკეთე ხდება. ვიმეორებ, ღმერთი ცოცხლობს, მაგრამ არა ისე, როგორც ჩვენ. მისი ქმნილებები ცოცხლობენ, მაგრამ იღუპებიან.


მაგრამ ღმერთი არის სიცოცხლე. მაშასადამე, სიკეთე და ყველაფერი, რასაც იგი გულისხმობს, არ არის მისი არსებითი თვისება. სიკეთე არის ღმერთი.


მისგან დამოუკიდებლად ჩაფიქრებული სიკეთე უსიცოცხლოა და არსებობს, სანამ ის ფასიანი პოლიტიკაა. ასეა ყველანაირი ზნეობაც. თუ მათ ჩვენში უნდა იცხოვრონ, ისინი აუცილებლად უნდა განიხილოთ და განავითაროთ ღმერთთან დაკავშირებით.


ჩვენ ვცდილობთ გავხდეთ კარგი, იმიტომ, რომ გვინდა, ღმერთთან მივაღწიოთ და შევიცნოთ იგი. მსოფლიოს ყველა მშრალი ეთიკა მტვრად იქცევა, რადგან ღმერთისგან განცალკევებით ისინი უსიცოცხლოა. როდესაც ისინი ღვთისგან მოდიან, მათში სიცოცხლეა. ისინი ჩვენს ნაწილად იქცევიან და გვაკეთილშობილებენ.

 

(5) ღმერთი არის ჭეშმარიტება და სიყვარული.
აბსოლუტური ჭეშმარიტება, მარადიული პრინციპი არის ღმერთი. არსებობს ღმერთის უთვალავი განმარტება, რადგან მას უთვალავი გამოვლინება აქვს. ისინი აღმაფრთოვანებენ, მოწიწებით აღმავსებენ და წუთით მაოგნებენ. მე ვეთაყვანები ღმერთს მხოლოდ როგორც ჭეშმარიტებას. ჩემთვის ღმერთი არის ჭეშმარიტება და სიყვარული. ღმერთი არის ეთიკა და ზნეობა; ღმერთი არის უშიშარი. ღმერთი არის სინათლისა და სიცოცხლის წყარო, მაგრამ ის ამ ყველაფერზე მაღლა დგას. ღმერთი სინდისია. ის ათეისტის ათეიზმიც კი არის. რადგან თავისი უსაზღვრო სიყვარულით, ღმერთი ათეისტს აძლევს სიცოცხლის უფლებას. ის გულთა მხილველია.


ის უკეთ გვიცნობს ჩვენ და ჩვენს გულებს, ვიდრე ჩვენ – საკუთარ თავს. ... ის არის პირადი ღმერთი ყველასთვის, ვისაც მისი თანა-ყოფნა სჭირდება. ის განსახიერებულია მათთვის, ვისაც მისი შეხება სჭირდება. ის უწმინდესი არსია. ის არსებობს მათთვის, ვისაც რწმენა აქვს. ის ყველაფერია ყველა ადამიანისთვის.

 

(6) ღმერთი არის სატ-ჩიტ-ანანდა.
სიტყვა სატია (ჭეშმარიტება) მომდინარეობს Sat-ისგან,4 რაც ნიშნავს „ყოფნას“. და სინამდვილეში არაფერი არ არის ან არ არსებობს ჭეშმარიტების გარდა. ამიტომ Sat ანუ ჭეშმარიტება, ალბათ, ღვთის უმნიშვნელოვანესი სახელია. მართლაც, უფრო მართებულია, ვთქვათ: ჭეშმარიტება არის ღმერთი, ვიდრე – ღმერთი არის ჭეშმარიტება. და სადაც ჭეშმარიტებაა, იქვეა ცოდნაც, რომელიც ჭეშმარიტია. სადაც არ არის ჭეშმარიტება, იქ არ შეიძლება არსებობდეს ჭეშმარიტი ცოდნა. ამიტომ არის სიტყვა ჩიტ ანუ ცოდნა დაკავშირებული ღმერთის სახელთან. და სადაც არის ჭეშმარიტი ცოდნა, იქ ყოველთვის არის ნეტარება (ანანდა). მწუხარებას იქ ადგილი არა აქვს. და როგორც ჭეშმარიტებაა მარადიული, ასევე ნეტარება გამომდინარეობს მისგან. ამგვარად, ჩვენ ვიცნობთ ღმერთს, როგორც სატ-ჩიტ-ანანდას, – რომელიც აერთიანებს საკუთარ თავში ჭეშმარიტებას, ცოდნას და ნეტარებას.

 

(7) ის არის მარადიული კანონი.
ღმერთი არის იდეა, თვით კანონი. ...ის და მისი კანონი ყველგან სუფევს და ყველაფერს განაგებს. ამიტომ, თუმცა არა მგონია, რომ ის ზედმიწევნით პასუხობს ჩვენს ყოველ თხოვნას, მაგრამ უეჭველად, ის განაგებს ჩვენს ქმედებებს და მე მართლაც მწამს, რომ ბალახის ღეროც არ იზრდება და არ მოძრაობს მისი ნების გარეშე.


მე ვგრძნობ, რომ სამყაროში არის წესრიგი, არსებობს უცვლელი კანონი, და ის განაგებს ყველაფერს და ყველა არსებას, რომელიც ცხოვრობს და მოძრაობს. ეს არ არის ბრმა კანონი, რადგან ვერცერთი ბრმა კანონი ვერ მართავს ცოცხალი არსებების ქცევას… კანონიც არის და კანონმდებელიც. შესაძლოა, არ უარვყო კანონი ან კანონმდებელი, რადგან ორივეზე მცირედი ვიცი. როგორც მიწიერი ძალის არსებობის უარყოფა ან არცოდნა არად მარგებს, ისე ღმერთისა და მისი კანონის ურჩობა არ გამათავისუფლებს მისი მოქმედებისგან; ღვთიური ავტორიტეტის მორჩილად და უსიტყვოდ მიღება კი ამარტივებს ცხოვრებისეულ მოგზაურობას ისევე, როგორც მიწიერი წესების მორჩილება ამარტივებს მასზე დაქვემდებარებულ ცხოვრებას.

 

(8) მისი უსასრულო წყალობა.
ღმერთი არსებობს მიუხედავად იმისა, რომ მას მთელი მსოფლიო უარყოფს. ღმერთი მოიცავს არა მხოლოდ ამ ჩვენს პაწაწინა სფეროს, არამედ მილიონობით და მილიარდობით ასეთივე სფეროებს. როგორ ძალგვიძს მის მიერ შემნილ პატარა, მცოცავ, უმწეო არსებებს მისი სიდიადის, მისი უსაზღვრო სიყვარულის, მისი უსაზღვრო თანაგრძნობის გაზომვა? იმდენად დიდებულია მისი უსასრულო სიყვარული და გულმოწყალება, რომ იგი უფლებას აძლევს ადამიანს, თავხედურად უარყოს იგი, იკამათოს მის შესახებ და სხვა ადამიანებს ყელი გამოსჭრას. როგორ შეგვიძლია გავზომოთ სიდიადე ღმერთისა, რომელიც ასე მიმტევებელი და ღვთიურია? ის გვაძლევს თავისუფლებას, მაგრამ მისი თანაგრძნობა მოითხოვს, დავემორჩილოთ მის ნებას. მაგრამ თუ რომელიმე ჩვენგანი არ ინებებს მისი ნების დამორჩილებას, ის ამბობს: „დე, ასე იყოს. ჩემი მზე ნაკლებად არ იბრწყინებს შენთვის, ჩემი ღრუბლები ნაკლებად არ იწვიმებს შენთვის. მე არ მჭირდება შენი დაძალება, რომ ჩემს ძალაუფლებას დამორჩილდე“. დაე, ასეთი ღმერთის არსებობაზე უმეცრებმა იდავონ. მილიონობით ბრძენკაცს შორის მე ვარ ერთ-ერთი, ვისაც სწამს მისი, და მე არასოდეს ვიღლები მისი თაყვანისცემით და მისი ხოტბა-დიდებით. ღმერთი უმკაცრესი ზედამხედველია მათ შორის, ვინც მე ვიცი დედამიწაზე. ის მუდმივად გცდით. და როდესაც აღმოაჩენ, რომ შენი რწმენა მარცხდება, ან შენი სხეული გღალატობს და იძირები, ის რამენაირად გეხმარება, და გიმტკიცებს, რომ არ უნდა დაკარგო რწმენა და ის ყოველთვის შენს სამსახურშია, როგორც კი დაუძახებ, – მაგრამ თავისი პირობებით. ასე აღმოვაჩინე. ვერ ვიხსენებ ვერცერთ შემთხვევას, რომ მას ბოლო წუთს მივეტოვებინე.

 

(9) მას მრავალი სახელი აქვს.
არსებობს მხოლოდ ერთი ყოვლისშემძლე და ყოვლისმომცველი ღმერთი. მას სხვადასხვაგვარად ასახელებენ და ის გვახსოვს სახელით, რომელიც ჩვენთვის უფრო ნაცნობია. თითოეულ ადამიანს შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი სახელი, ყველაზე მეტად რომ მოსწონს. იშვარა, ალაჰი, ხუდა,5 ღმერთი ერთსა და იმავეს გულისხმობს.


ღმერთს ათასი სახელი აქვს, ან უფრო სწორად, ის უსახელოა. ჩვენ შეიძლება მას ვეთაყვანოთ ან ლოცვები აღვუვლინოთ იმ სახელით, რომელიც გვსიამოვნებს. ყველა ერთ სულს სცემს თაყვანს, მაგრამ როგორც ყველა საკვები არ შეეფერება ერთმანეთს, ისე ეს სახელები არ მოსწონს ყველას. თითოეული ირჩევს სახელს მასზე თავისი წარმოდგენის მიხედვით და ის, როგორც ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე სული, სწვდება ჩვენს იდუმალ გრძნობებს გულისგულში და დამსახურებისებრ მოგვიზღავს.


ჩემი აზრით, რამა, რაჰამანი, აჰურამაზდა, ღმერთი ან კრიშნა, – ყველა მათგანი ადამიანის მცდელობაა, დაასახელოს ეს უხილავი ძალა… ადამიანს მხოლოდ ის შეუძლია, რომ ღმერთი წარმოიდგინოს საკუთარი გონების საზღვრებში. მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, რომ ერთი ადამიანი თაყვანს სცემს ღმერთს, როგორც პიროვნებას, სხვა კი – როგორც ძალას? ორივე სწორად იქცევა თავისი განათლების შესაბამისად. მხოლოდ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი ყველაზე ძლიერი ძალაა სხვათა შორის. ყველა სხვა ძალა მატერიალურია. მაგრამ ღმერთი არის სასიცოცხლო ძალა ან სული, რომელიც ყველგან აღწევს, ყოვლისმომცველია და, შესაბამისად, ადამიანის აღქმის მიღმაა.

 

დარიდრანარაიანი ერთ-ერთია მილიონობით სახელიდან, რომლითაც კაცობრიობა იცნობს ღმერთს, რომელიც ადამიანის გაგებით ენითაუწერელი და მიუწვდომელია, და ნიშნავს ღარიბი ადამიანების ღმერთს, ღატაკთა გულებში გაჩენილ ღმერთს.

 

(10) მისი ინკარნაციები.
ღმერთი არ არის პიროვნება. იმის მტკიცება, რომ ის დროდადრო დედამიწაზე ჩამოდის ადამიანის სახით, – არის ნაწილობრივი ჭეშმარიტება, რაც მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ასეთი პიროვნება ღმერთთან ახლოს არის. რამდენადაც ღმერთი ყველგანმყოფია, ის ბინადრობს ყოველ ადამიანში და შესაბამისად, ყოველი მათგანი შეიძლება, მის განსახიერებად მივიჩნიოთ. მაგრამ ეს ვერაფერში გვარწმუნებს. რამას, კრიშნას და ა.შ. ღმერთის ინკარნაციებს უწოდებენ, რადგან მათ ღვთიურ თვისებებს მივაწერთ. მათ წარმოდგენაზე ადამიანის გონებაში გავლენას არ ახდენს, ისინი სინამდვილეში ცხოვრობდნენ თუ არა.

 

 

 

 

 

 

შენიშვნები და განმარტებები:

4. Sat (სკტ. सत्) – სანსკრიტული ტერმინი, მნიშვნელოვანი ფილოსოფიური ცნება ინდუიზმსა და სხვა ინდურ რელიგიებში. როგორც ზედსართავი სახელი, სატ შეიძლება ითარგმნოს როგორც „რეალური“, „არსებული“ ან „მარადიული“, ასევე „ნამდვილი“, „პატიოსანი“, „სწორი“. როგორც ნეიტრალური არსებითი სახელი, ეს ტერმინი ნიშნავს „ყოფნას“ ან „არსებობას“, „მარადისობას“, „არსს“ ან „ჭეშმარიტ არსს“, რაც არის რეალური, „რეალობა“, „ჭეშმარიტება“; ასევე ვედანტაში – „თვითმყოფადი“ ან „უნივერსალური სული“, ბრაჰმანი. – მთარგმნელის შენიშვნა.

5. Khuda or Khoda (სპარსული ادخ ) არის „უფალი“ ან „ღმერთი“.
თავდაპირველად, იგი გამოიყენებოდა აჰურა მაზდასთან (ღმერთის სახელი ზოროასტრიზმში) დაკავშირებით. ირანულ, თურქულ და მრავალ ინდო-არიული ენებში ხშირად გამოყენებადი სიტყვა. – მთარგმნელის შენიშვნა.


კომენტარები